Saturday, November 21, 2009

23 აპრილი – წიგნის და საავტორო უფლებების დღე

მაშ, "საბა"?
ნატო თორთლაძე


"მრავალი სამყაროდან, რომელიც ადამიანმა ბუნებისგან საჩუქრად კი არ მიიღო, არამედ თავად შექმნა, ყველაზე დიდი წიგნის სამყაროა."

ჰერმან ჰესე


ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, - და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.
თავის ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა! მოკლედ, წმინდა გიორგის კლასიკოსებიც შეუერთდნენ, და მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა.
1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავის შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა, და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – "წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად". იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: "ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება".
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს "თეთრი წიგნის კვირეულით" აღნიშნავენ, და დიდი ბრიტანეთი, სადაც "წიგნის მსოფლიო დღე" დიდ დღესასწაულად იქცა. წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა... წელს კი "წიგნიერ" ქვეყნებს საქართველოც შეუერთდა.
არადა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თურმე საერთოდ არ კითხულობს. თურმე, ჩვენს ქვეყანაში უწიგნურებიც არსებობენ. მიუხედავად ამისა, წიგნის საქმე აშკარად ვითარდება – საბჭოთა დროსთან შედარებით, ცხადია, ნაკლები ტირაჟით გამოსცემენ, სამაგიეროდ, რამდენი ახალი დასახელების წიგნი გამოდის! მკითხველი ბუზღუნებს, ძვირიაო, და ავტორები, გამომცემლები და წიგნით მოვაჭრენი ჩივიან, მკითხველი დაბალი დონისა გვყავსო, მაგრამ ფაქტია, რომ წიგნები ისტამბება და იყიდება, - თუნდაც გაზეთ "24 საათის" კულტურის გვერდებს რომ გადახედოთ, კვირაში ოთხჯერ მაინც ამოიკითხავთ ახალი წიგნის პრეზენტაციის ან დამატებითი ტირაჟის გამოშვების ამბავს.
საქართველოში წიგნის საქმის განვითარებას – სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია – დღემდე უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო უწყობდნენ ხელს, ვიდრე ის ხალხი, "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისთვის საკმარის თანხას რომ სამორინეში ტოვებს ხოლმე. მაგრამ წელს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ წიგნის საქმე საერო საქმედაა აღიარებული, და ავტორებს საქართველოშიც პატრონი გამოუჩნდათ.
ასე რომ, წიგნის დღეს ჩვენც ვიზეიმებთ. თან შესანიშნავად: საჯარო კითხვებით, ლიტერატურულ-კულინარული საღამოებით, და, რაც მთავარია, ჯილდოების გადაცემებით. ქართული წიგნის უდიდესი საცავი, ეროვნული ბიბლიოთეკა, "ღია კარის" დღეს მოაწყობს და გამოფენასაც გამართავს, "წიგნის მხატვრობა". ქუჩაში წიგნები დიდი ფასდაკლებით გაიყიდება, მათ, ვისი ჯიბე ამასაც ვერ გაწვდება, ასევე საბავშვო სახლებს და ციხეებს, წიგნებს საჩუქრად გადასცემენ. ამ დღისთვის ათასგვარი ლამაზი ნივთი დამზადდება: მაისურები, დროშები, საფოსტო ბარათები, პლაკატები... "პარნასსა" და "სარდაფში" დისკუსიები გაიმართება, და გვპირდებიან, ამ დღეს მაინც დაიჯერებთ, რომ წიგნის მაღაზია კულტურის ლოკალური ცენტრიაო.
ამ დღესასწაულის კულმინაცია კი "საბა"-თი დაჯილდოება იქნება. ავტორების, კრიტიკოსების და მთარგმნელების მორალური და მატერიალური მხარდაჭერა "თი-ბი-სი" ბანკმა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა, გაზეთმა "24 საათმა" და "ქართულმა პენ-კლუბმა" გადაწყვიტეს.
რატომ "საბა"? (ერთ-ერთ ორგანიზატორს ამ სახელის იდეა, პირველმა, ბიძინა მაყაშვილმა მიაწოდა, შემდეგ კი ე.წ. ფოკუს-ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიკრიბა საკითხის გადასაწყვეტად, დამოუკიდებლად მივიდა ამ სახელწოდებამდე.) იმიტომ, რომ სულხან-საბა ორბელიანი არაჩვეულებრივი მწერალია და, სხვა თუ არაფერი, სიტყვის კონა აქვს შედგენილი – ამაზე უკეთესი განმარტებითი ლექსიკონი ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, თავად სახელი ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის იოლი წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია – ბიძინამ იაპონელების "სონის" პრიციპი გაიხსენა; თან – ეს უკვე ჩემი ეჭვია – ადამიანის სახელი, თავისთავად, ყველა სხვა სახელწოდებას სჯობს, იმიტომ რომ ადამიანურია. ასე "მოინათლა" "ქართული ბუკერი", და, ვფიქრობ, ამ სახელით ყველა კმაყოფილი დარჩა.
მატერიალური, მარმარილოსა და მოვერცხლილი ლითონისგან დამზადებული "საბას" ავტორი ალეკო კასრაძე გახლავთ - ამ ფიგურას ჩვენი გაზეთის მკითხველები უკვე იცნობენ.
პრემიის მიზანი გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენაა. დაჯილდოების ცერემონიალს "რუსთავი-2" პირდაპირ ეთერში გადასცემს, ასე რომ, საზღვარგარეთაც რომ ვიყოთ გადახვეწილი, მაინც ყველანი დავესწრებით.
ჟიური შვიდი ადამიანისგან შედგება. მათი ვინაობა უცნობია, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ძირითადად კრიტიკოსები და ლიტერატორები არიან, და მათი ნაწარმოებები, ცხადია, კონკურსში არ მონაწილეობს. ჟიური გასულ წელს საქართველოში გამოქვეყნებულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს, უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ასევე პრესაში გამოქვეყნებული ან წიგნად დაბეჭდილი ლიტერატურული კრიტიკის ნიმუშებსა და პიესებს განიხილავს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო, ვისაც გასული წლის განმავლობაში რომელიმე გამომცემლობაში ქართულ ენაზე ერთი რომანი, პოეტური კრებული, პროზაული ნაწარმოები, პიესა, კრიტიკული წერილი და თარგმანი მაინც ჰქონდა გამოქვეყნებული, და ნომინანტები, რომელთა ვინაობაც გაზეთის პირველი გვერდიდან შეიტყვეთ, 300-მდე ავტორიდან იქნენ არჩეული.
ნომინაციებში გამარჯვებულები "საბას" და ორ-ორ ათას ლარს მიიღებენ. საგანგებო პრემია - "ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - 5000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, გამარჯვებულ ავტორებს მთელი წლის განმავლობაში – მომავალ "საბამდე" – "რუსთავი 2"-ში უფასო საეთერო დრო და გაზეთ "24 საათის" გვერდებიც დაეთმობათ, რაც – ამაში ნებისმიერი ლიტერატორი დამეთანხმება – არანაკლებ ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ფულადი ჯილდო.
ვინ გახდება ყველაზე წარმატებული ლიტერატორი? ვის ერგება "საბა"? აზრი მრავალი არსებობს, მაგრამ ზუსტ პასუხს მხოლოდ 23 აპრილს შევიტყობთ, როდესაც პირველად ქართული წიგნის არსებობის ისტორიაში, წიგნის საერთაშორისო დღეს, გამარჯვებულებს ჯილდოები გადაეცემათ.

სტატია დაიწერა 2003 წელს

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: