გუნტერ გრასი, "კიბორჩხალას სვლა"
Crabwalkby Gunter GrassFaber J16.99, 234 გვ.
კაცმა არ იცის, რა ბედი ელის ადამიანს ომში? ბოლო პერიოდში ომის თემატიკა ხელოვნებაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა (თუმცა როდის არ იყო აქტუალური). რომან პოლანსკიმ გადაიღო "პიანისტი" - ვარშავის გეტოს მემუარი, გუნტერ გრასმა კი რომანი "კიბორჩხალას სვლა" დაწერა, ყველაზე საზარელი საზღვაო კატასტროფის ამბავს რომ მოგვითხრობს.
1945 წლის 30 იანვარს ლტოლვილებითა და დაჭრილი ჯარისკაცებით სავსე გერმანული გემის - ვილჰელმ გუსტლოფის დაღუპვა. ამ გემის ისტორია უფრო ტაბუირებული იყო, ვიდრე დრეზდენის დაბომბვა. გემზე სავარაუდოდ 6 ათასიდან 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ზუსტი ციფრი დღემდე არაა ცნობილი. გემი სამმა ტორპედომ ჩაძირა. 1200-ზე მეტი ადამიანი გადარჩა.
ეს ისტორია დღემდე ბნელით არის მოცული. გემი 30 იანვარს აიგო - ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წლისთავზე. მას იმ ფაშისტი აქტივისტის სახელი დაარქვეს, 1936 წელს ებრაელი ერის სახელით რომ მოკლა დევიდ ფრანკფურტერმა. გემი ფაშისტურ ორგანიზაციას ეკუთვნოდა და იაფ კრუიზებს აკეთებდა მუშახელის შესაგროვებლად.
რომანი პირველ პირშია დაწერილი, ამბავს პოლ პოკრიფკე გვიყვება. კატასტროფაში დაღუპულ გემზე მისი დედა იმყოფებოდა, რვა თვის ორსული ქალი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ცოტა ხანში პოლიც დაიბადა.
გუნტერ გრასს საკუთარი თავიც შეჰყავს ამ ისტორიის გმირად: გამოჩნდება ბებერი მწერალი, რომელიც ამ ამბის დაწერას სთავაზობს პოლს, პროფესიონალ ჟურნალისტს, რადგანაც ეს ისტორია მის მშობელთან და მის დაბადებასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ეს მწერალი პოლის მამაც იყოს. ყოველ შემთხვევაში პოლს ასეთი ეჭვი უჩნდება (მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოტენციური მამაც გამოუჩნდება), დედამისი ხომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახლდათ. სხვათა შორის, პოლის დედას გრასის მკითხველები ადვილად იცნობენ. "კატა და თაგვის" გმირი თინეიჯერი ტულა პოკრიფკე, ტრამვაის კონდუქტორად რომ მუშაობდა დანციგში, ახლა უკვე პოლის დედაა.
რომანი საოცარი ოსტატობით არის დაწერილი. სახელი "კიბორჩხალას სვლა" ნაწარმოების დახლართულ სიუჟეტზე მიანიშნებს, თანაც ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გრასი უსახურ არსებას იღებს ემბლემად: ვირთხას, ლოკოკინას... კიბორჩხალა უგვანო ცხოველია - "ქვეწარმავლები და მსგავსი გამონაზარდები ისტორიისა", - ამბობს პოლი და კიბორჩხალაც ცოცვას იწყებს. პოკრიფკე ერთმანეთის პარალელურად გვაიამბობს სხვადასხვა ამბებს: გუსტოფის ისტორია, მისი მკვლელობა, გემის კატასტროფა, რუსი კაპიტანი მარინესკი, რომელმაც ჩაძირა გემი, გუსტოფის მკვლელის დაპატიმრება, თანამედროვე ყოფა... აი ასეთია ნაწარმოების კიბორჩხალისებური ირიბი კონსტრუქცია, ხან ერთი ამბავი ამოტივტივდება, ხან - მეორე. და ბოლოს, გერმანიის ისტორიის საკმაოდ უხეში შეფასება: "გაფუჭებული ტუალეტია, რომელსაც, რამდენიც არ უნდა ჩამოუშვა წყალი, მაინც ვერ ჩარეცხავ."
რატომ ვიხსენებთ გუსტლოფს? – ის აქამდეც უნდა გაგვეხსენებინა, ეს ხომ ტიტანიკზე უფრო საზარელი ტრაგედია იყო. გუნტერ გრასი გუსტლოფის ამბავს გერმანიის იგავად ყვება, იგავის მორალი კი ასეთია: ქვეყანამ ვერ შეძლო კოშმარებიან წარსულს გაქცეოდა, იმიტომ რომ დღესაც ვერ უსწორებს ამ წარსულს თვალს.
უილიამ ბოიდი, "ნებისმიერი ადამიანური გული"
Any Human Heart
By William Boyd New York: Alfred A. Knopf, 498 გვ.
უილიამ ბოიდის რომანი ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს. საინტერესო ამბები, ინტრიგები, ისტორიული ფაქტები, მწერლის დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება. რომანის მთავარი გმირი ლოგან მონსტიუარტია. ლოგანი 1906 წელს დაიბადა. არცთუ ხელსაყრელი დროა იმისათვის, რომ დაიბადო, - წერს მწერალი. და მისი გმირიც იზიარებს ამ აზრს. თუმცა დარწმუნებით თვითონაც არ იცის, როდის ჯობდა დაბადებულიყო, იქნებ ოციოდე წლით ადრე, რომ ჭეშმარიტი ლიტერატურული ცხოვრებით ეცხოვრა, ან იქნებ საუკუნის ბოლოს, სექსუალური რევოლუციის აქტიური მონაწილე რომ გამხდარიყო.
მაგრამ როგორც არ უნდა იფიქროს მწერალმა თუ გმირმა, ლოგანი მაინც 1906 წელს დაიბადა ურუგვაიში, მონტევიდეოში. ჰყავდა ბრიტანელი მამა და ურუგვაელი დედა. მამა ღირსეული კაცი იყო, ზნეობრივი, ის ადრე გარდაიცვალა. დედა ლამაზი ქალი იყო, სიცოცხლით სავსე, მაგრამ საოცრად არაპრაქტიკული. იშვიათი შემთხვევაა -შვილი მშობლებს ყველაფერ კარგში დაემსგავსა. სწავლობდა კოლეჯში, კოლეჯში დაწერა პირველი წიგნი "შელის ბიოგრაფია" და კოლეჯშივე დაიწყო მისი პირველი სასიყვარულო ისტორიაც, მეგობრის შეყვარებულთან.
ლოგანი ხან პარიზში იყო, ხან – ლონდონში; მისი ოჯახური იდილია მეორე მსოფლიო ომმა დაარღვია; ლოგანი ომში წავიდა, ტყვედაც ჩავარდა. ომის შემდეგ მან ახალი ცხოვრება დაიწყო.
ლოგანის ცხოვრება შეიძლება აბსურდულიც მოგეჩვენოთ. განა აბსურდი არაა, 60 წლის კაცი რევოლუციურ ტერორისტულ ჯგუფში რომ გაერთიანდება; ძირითადი მიზეზი მოწყენილობაა. ლოგანი ქარიზმატული პერსონაჟია, რომლის ცხოვრების აღწერა რომანში კულტურის ისტორიის აღწერის პარალელურად მიდის. მთავარი გმირი ხელოვანთა წრეში ტრიალებს. რომანში რამდენჯერმე ვხვდებით, მაგალითად, მწერალ ვირჯინია ვულფს, რომელიც ლოგანის აზრით, "სულელი მწერალია" (ვულფისტების წყრომა გარდუვალია!). პარიზში ლოგანი პიკასოსთან ერთად სვამს, ჰემინგუეისთან სადილობს. "მშვიდობით იარაღოს" ავტორი მას ესპანეთის სამოქალაქო ომის წინა ხაზზეც კი გააცილებს…
რას გვეუბნება ლოგანის ცხოვრება საერთოდ ცხოვრებაზე – ან ხელოვნების არსებობაზე 20 საუკუნეში? საყურადღებო ფაქტია, ლოგანი მწერალია, არცთუ ურიგო მწერალი, მაგრამ თავს ნახატების ყიდვა-გაყიდვით ირჩენს. მწერლობა მას არაფერში გამოადგა. კარგად გაიყიდა მხოლოდ მისი ერთადერთი წიგნი, რუს მეძავთან შეხვედრაზე რომ გვიამბობს. მწერალი ხვდება, რომ წერას აზრი არა აქვს და აღარც კი ძალუძს კალმის ხელში აღება. საუკუნე მიდის და მწერლობა თავის ფასს კარგავს, თითქოს თავისი თავი ამოწურაო. "ყველაფერი შეიცვალა, - გულისტკივილით ეუბნება ლიტერატურული აგენტი ლოგანს 1969 წელს, - ხალხს მარტო ყიდვა-გაყიდვა და ავანსი აინტერესებს." ლოგანი თავის ადგილს ვეღარ იმკვიდრებს. თვითდამკვიდრების ადგილები გაქრა – აი, რა გამოიწვია სამყაროს დეცენტრალიზაციამ.
დაბოლოს, ვინ არის ლოგანი? წიგნის დასასრულს მისი გერი, ჭკვიანი ამერიკელი თინეიჯერი გეილი მას ასე ახასიათებს: "ინგლისელია, ხელოვნების სფეროში მუშაობს, ყველა მაგარ ხელოვანს იცნობს, სად აღარ უცხოვრია, რომანებს წერს, ციხეშიც იჯდა." ლოგანს ასეთი დახასიათება გადაჭარბებულადაც კი მიაჩნია: "კინაღამ ვიფიქრე, რა დიდებული ადამიანი ვარ-მეთქი", მაგრამ მკითხველი აცნობიერებს, რომ ყველა ეს ატრიბუტი გარემოებიდან გამომდინარე და ყალბია. არავინ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა კაცია სინამდვილეში ლოგანი, საუკუნის დასაწყისში დაბადებული მდიდარი, წარმოსადეგი და თვითკმაყოფილი კაცი, რომელიც მორიდებული, კეთილი და ბრძენი ტოვებს ამ ქვეყანას. ლოგანი ადამიანია, რომელიც დრომ და საუკუნემ გარდაქმნა.
ჩარლზ სიმიკი, "ხმა დღის 3 საათზე" (ძველი დ ახალი ლექსების რჩეული)
THE VOICE AT 3:00 A.M. Selected Late & New Poems.By Charles Simic.177 pp. Orlando, Fla.: Harcourt.
ცოტა თუ მოიპოვება ისეთი ამერიკელი პოეტი, რომლის ლექსებიც ისე ჟღერდეს, როგორც ჩარლზ სიმიკის პოეტური ქმნილებები. ნაწილობრივ ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ სიმიკმა უჩვეულო, მძიმე ცხოვრების გზა განვლო. ის 1938 წელს დაიბადა იუგოსლავიაში, სამი წლის იყო, როცა გერმანელების ჩამოგდებული ბომბი მისი სახლის სიახლოვეს აფეთქდა - საწოლიდან წამომხტარი ნახევრად მძინარე ბავშვი თავლებგაფართოებული უყურებდა ნანგრევებად ქცეულ ქუჩას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალადობას ხვდებოდა. 16 წლის იყო, როცა აშშ-ში ჩავიდა, სადაც მისი სამწერლობო მოღვაწეობა დაიწყო. ამერიკაში გამოსცა პირველი პოეტური კრებული.
სიმიკს ჩვეულებრივ სიურეალისტ პოეტად მოიხსენიებენ ხოლმე, მისი სიურეალიზმი ფანტასმაგორიიდან იღებს სათავეს: მუდმივი ცვალებადობა, ავისმომასწავებელი ზმანებანი. ეს პოეტური სახეები იმ ეგზისტენციალურ კითხვებზე გვაძლევს პასუხს, ნებისმიერ ადამიანს რომ აღელვებს – სიკვდილი და ბედისწერა, სულის უკვდავება, ეჭვი, ცხოვრების საზრისი...
ცხოვრების უაზრობაზე ორი მიმდინარეობის პოეტები წერდნენ: ცივი აბსურდისტები და სასოწარკვეთილი რომანტიკოსები. სიმიკი პოეტია რომანტიკოსის გულით და აბსურდისტის გონებით, - ასე ახასიათებენ ამერიკელ პოეტს კრიტიკოსები.
სიმიკი სკეპტიკოსია, ოღონდ სკეპტიკოსი ზომიერების გრძნობით; ის დასცინის, მაგრამ არ უარყოფს ფილოსოფიას, შესაძლოა თეორიების არ სწამს, მაგრამ სჯერა ადამიანებისა, და სწორედ ეს რწმენა ასაზრდოებს სიმიკის პოეზიას, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "სიყვარულის პოეტს". სიმიკის სამყაროში სიყვარული ძალიან რეალური, ყოველდღიური განცდაა. ყოველდღიური სიხარული კი ისეთივე ღირებულია, როგორც დიდი ვნებები.
თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ დროდადრო პოეტს მაინც ღალატობს რწმენის ერთგულების გრძნობა, ამიტომ ხშირად სიმიკის ლექსები წინააღმდეგობრივია, ირონიულიც, რომანტიკულიც, სენტიმენტალურიც. ახალი კრებული, რომელშიც ჩარლზ სიმიკის ძველი და ახალი რჩეული ლექსებია შესული, უთუოდ დააინტერესებს პოეზიის მოყვარულებს.
კურტის კეიტი, "ფრიდრიხ ნიცშე"
Friedrich Nietzscheby Curtis Cate
Hutchinson, 689 გვ.
ლოცვის მაგივრად ადამიანმა სჯობს ყოველი დღე ასე დაიწყოს: როცა გაიღვიძებ, იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მიანიჭო სიხარული ერთ ადამიანს მაინც, - ასე ფიქრობდა ფრიდრიხ ნიცშე.
კურტის კეიტის თხზულება ნიცშეს პირველი ბიოგრაფია არ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სრულყოფილი ბიოგრაფიული ნაშრომია, სადაც დიდი გერმანელი მოაზროვნის ცხოვრება და მოღვაწეობა შეძლებისდაგვარად მთელი სისრულით არის წარმოდგენილი. რაში მდგომარეობს ნიცშეს გენიალურობის არსი? რატომ იზიდავს მისი ნაწერები მკითხველს? ამ კითხვებზე კეიტი მარტივად უპასუხებს: ნიცშეს ნაშრომები მრავალფეროვანია და იმ კონფლიქტებითა და წინააღმდეგობებითაა სავსე, ნებისმიერი მრწამსის ადამიანს რომ დააინტერესებს.
თავის პირველ წიგნში – "ტრაგედიის დაბადება", რომელიც 1872 წელს გამოიცა, ავტორი ამტკიცებდა, რომ ბერძნული ტრაგედიის თავისებურებას მხოლოდ აპოლონიური თავშეკავება კი არ განაპირობებდა, არამედ, როგორც კეიტი ამბობს, "ძირითადი ადამიანური ინსტინქტების პრიმიტიული, პირველქმნილი ძალა, ამ ძალამ თავისუფალი გამოხატულება ჰპოვა დიონისეს მიმდევრების რიტუალებში, რომელთა მთავარ ელემენტებს სიმღერა და ცეკვა წარმოადგენდა."
"დიონისური ვულკანური ძალის აღმოჩენას, რომელიც ადამიანის "ფსიქეს" ბნელი, ინსტინქტური სიღრმეებიდან ამოიფრქვევა", ნიცშეს ფილოსოფიური აზრის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ეს აღმოჩენა ისე ცხადად ჩაებეჭდა გონებაში, რომ როდესაც განდეგილივით დაიწყო ცხოვრება, მარტოსული ზეკაცი საათობით დაბორიალობდა ხოლმე ოთახებში. ერთ ოთახში პატარა ღუმელი ჰქონდა. ამ ღუმელს ცეცხლის კერპს ეძახდა, ხტუნვა-ხტუნვით უვლიდა გარს კერპს წარმართობის იდეით ატაცებული, - გვიამბობს კეიტი. ეს იყო 1887 წელს. 1889 წლის დეკემბერში ტურინში შეესწრო, როგორ გამწარებით სცემდა ტაქსის მძღოლი ცხენს, ის ცხენს ჩაეხუტა და გონება დაუბნელდა. ამის მერე მძიმე სენისგან ვეღარასოდეს გათავისუფლდა. რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარმა მოინახულა ნიცშე და ასეთი სანახაობა დაუდგა თვალწინ. სრულიად გაშიშვლებული, დიონისური ექსტაზით შეპყრობილი უგზოუკვლოდ დარბოდა ოთახში. "ასეთი იყო კონტრასტი მისი აზრის გრანდიოზულობასა და მისი ცხოვრების სევდას შორის. ნიცშემ კიდევ 10 წელი იცოცხლა ჩამქრალი ვულკანივით..."
ტურინში ნიცშე სარკეს ეცა, შეხედა თავს, გატრიალდა, და ისევ სარკეში ჩაიხედა. ესეც 1889 წელს იყო. ნიცშემ აღარ იცოდა, ვინ იყო, შეჰყურებდა სარკეში საკუთარ თავს, მაგრამ სარკეში აღარ ჩანდა ზეკაცი.
კურტის კეიტი თავის ნაშრომში დეტალურად აღწერს მოაზროვნის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად მომენტებს. და ერთი წუთითაც არ აძლევს მკითხველს მოდუნების საშუალებას, ან კი როგორ უნდა მოდუნდე, მწერალი ხომ ფეხდაფეხ მიყვება ნიცშეს ცხოვრებას.
"კეტრინ მენსფილდის ჩანაწერები" (სრული გამოცემა)
The Katherine Mansfield Notebooks
Complete EditionEdited by Margaret ScottMinneapolis: University of Minnesota Press. Cloth, 708 გვ.
1923 წელს, როცა კეტრინ მენსფილდის სიკვდილის ამბავი გაიგო, ტომას ელიოტმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა მის მეუღლეს - კრიტიკოს ჯონ მიდლტონ მარის და ისიც მისწერა, რომ კეტრინის მოთხრობებზე კრიტიკული ნარკვევის დაწერას აპირებდა. მისი სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა, თუმცა ელიოტმა მოიძია და გადაიკითხა მენსფილდის ბოლო წიგნის ეგზემპლარი. "მე ვფიქრობ, რომ ამ მწერლის რეპუტაცია გაბერილია, და ეს უნდა ითქვას" - წერდა იგი თავის თანაშემწეს.
მარი ტყუილუბრალოდ ელოდა, რომ ელიოტი მის ცოლს უკვდავთა რიგებს მიაკუთვნებდა. თუმცა ეს საქმე თვითონვე ითავა. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ცოლის ლექსები გამოსცა, ეს პოეტური ნიმუშები 34 რვეულიდან და სხვადასხვა ჩანაწერებიდან აარჩია. ეს იყო 1927 წელს. 1928 წელს ამას მოჰყვა კეტრინ მენსფილდის წერილები. 1939 წელს გამოჩნდა კეტრინ მანსფილდის გადაყრილი ხელნაწერებიც.
მართალია, ფართო აუდიტორია დიდი ინტერესით ხვდებოდა ყველაფერს, რასაც მარი გამოსცემდა, პუბლიკას, რა თქმა უნდა, აინტერესებდა უდროოდ დაღუპული ლამაზი ხელოვანი ქალის ცხოვრების ყველა დეტალი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მარისა და მენსფილდის მეგობრებს აღელვებდათ ქვრივის საქციელი, ერთმა მათგანმა ასეთი ცოტა არ იყოს უხეში შედარებაც კი გააკეთა: "მარი კეტრინის ძვლებს ხარშავს და ამ ძვლებისგან ამზადებს სუპსო". დ.ჰ. ლორენსი, რომელიც ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდებოდა და მაღალ შეფასებას აძლევდა მენსფილდის ნაშრომებს, სერიოზულად შეშფოთდა კეტრინის მეუღლის საქციელით: მური პირდაპირ კეტრინის ნაგვის ყუთიდან იღებს ქაღალდებს და ამ გადაყრილ ნაწერებს აქვეყნებსო.
ასეა თუ ისე, მენსფილდის მიუსაფრობის განცდითა და სენტიმენტალობით გაჯერებული ნაწერები დღეს კრიტიკოსთათვის და მკითხველისთვისაც საინტერესოა. შეიძლება მენსფილდი საუკეთესო მწერალი ქალი არ ყოფილა, შესაძლოა ის არც ყველაზე ლამაზი იყო, მაგრამ კეტრინ მენსფილდი ნამდვილად იყო თავისი დროის ყველაზე სიმბოლური ქალი, რომელიც რომანტიკული, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა და რომელსაც ბაძავდა 20-იანელთა თაობა, ისევე როგორც ცოტა მოგვიანებით სილვია პლათს. ამ ორ მწერალს ნამდვილად ჰქონდა საერთო: დიდი ნიჭი, სილამაზე, პრეტენზია, მგრძნობიარობა და ტრაგიკული სიკვდილი...
კეტრინ მენსფილდი წუთების დღიურის გაკეთებაზე ოცნებობდა: "სულ ესაა. არც რომანები, არც პრობლემატური მოთხრობები, არ გვინდა არაფერი, რაც მარტივი არაა."
ჰქონდა კიდეც თავისი წუთების წიგნი: "მე მცივა, მოიტანეთ ქაღალდი, რომ ცეცხლი დავანთო… შეშა… ალი… ძალა… დაანთეთ ცეცხლი… აღარ გვინდა ცეცხლი." "დღიურების" ბოლო თავი ასე მთავრდება: "დღე იყო ისეთი ნათელი, ისეთი წყნარი, ისეთი მშვიდი, თითქოსდა ყველაფერი გაჩერდა საკუთარი სილამაზით გაოცებული."
ეს კეტრინ მენსფილდის სილამაზის უკანასკნელი გაელვება იყო.
ახალი წიგნი მწერლის ჩანაწერების სრულ კრებულს წარმოადგენს.
რობერტ ლუის უილკენი, "ადრექრისტიანული აზრის სული" (ეძიე სახე ღვთისა)
The Spirit Of Early Christian Thought
Seeking the Face of GodBy Robert Louis Wilken. New Haven: Yale University Press, 368 გვ.
ცნობილ გერმანელ კლასიკოსს - ედვარდ ფრენკელს უთქვამს: ლათინური პროზის უდიდესი წარმომადგენლები არიან ციცერონი, პეტრონიუსი და ტერტულიანეო. ამ სამ ადამიანს თითქმის არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, მაგრამ სამივე მათგანის შემოქმედებაში კლასიკური კულტურა ჩანს. აი, სწორედ ეს კლასიკური კულტურა აერთიანებს ამ სამ ავტორს.
ახალი წიგნი (მისი ავტორი რობერტ ლუის უილკენი ვირჯინიის უნივერსიტეტში ქრისტიანობის ისტორიას ასწავლის.) "ადრექრისტიანული აზრის სული" ამ სამი მოაზროვნედან მხოლოდ ერთს შეეხება - ნაშრომი ქრისტიანი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, იმ მამებისას, რომელთაც ავტორი ახლად ჩამოყალიბებული რელიგიის ინტელექტუალურ არისტოკრატიას უწოდებს. ზოგნი, მაგალითად, ტერტულიანე და ავგუსტინე ლათინურად წერდნენ, ზოგნი – ბერძნულად, ყველა მათგანი თავისი დროის ტრადიციული კლასიკური კულტურით საზრდოობდა. იცოდნენ პლატონი, ისევე როგორც პლატონის მიმდევართა ნააზრევი, საკუთარ მოძღვრებაში იყენებდნენ თანამედროვე რიტორიკის გამომსახველობით საშუალებებს, და დაუსრულებლად დავობდნენ თეოლოგიურ პრობლემატიკაზე.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წარმართი მოსახლეობა აღელვებდათ. თავიდან მამები უმცირესობაში იყვნენ, რადგან ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობა წარმართები იყვნენ, კონსტანტინეს მმართველობის დროს კი უკვე სახელმწიფო რელიგიის წარმომადგენლების პოზიციიდან საუბრობდნენ. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ შიდა ბრძოლები გაამძაფრა. ისტორიკოსი ამიანე მარცელინე წერს: "იმპერატორი იულიანე ქრისტიანად გაიზარდა, მაგრამ თავგამოდებული წარმართი გახდა, იცოდა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ არცერთი ველური მხეცი არ იყო ისეთი დაუნდობელი ადამიანის მიმართ, როგორც ქრისტიანების უმეტესობა ერთმანეთის მიმართ." თუმცა, ამ შემთხვევაში იულიანემ მამების მიმართ გადააჭარბა. ისინი თეოლოგიის საკითხებში ვერ თანხმდებოდნენ, თორემ ქრისტეს მოძღვრებას ერთად იცავდნენ.
ქრისტიანმა მამებმა უდიდესი განძი დაგვიტოვეს - ბერძნული და ლათინური პატროლოგია. მათ ნაწერებს საუკუნეების მანძილზე სწავლობდნენ. მამებმა წმინდა წიგნს ბერძნული ახალი აღთქმა და აპოკრიფული ტექსტები მიუმატეს. უილკენის ნაშრომში ქრისტიანი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან ერთად განხილულია ის მოძღვრებებიც (პლატონური ფილოსოფია, ნეოპლატონიზმი...), რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათი ნააზრევის ჩამოყალიბებაზე. თუმცა ავტორი ცდილობს მამების მოძღვრებაში ბიბლიის უწინარესობა დაამტკიცოს.
თხზულების ქვესათაური ფსალმუნიდან მოდის – "ეძიე მისი სახე." ნაშრომში განხილულია პატრისტიკის მნიშვნელოვანი საკითხები – ღვთის ხატება და მსგავსება, მიზეზისა და რწმენის ურთიერთდამოკიდებულება, ქრისტეს დუალიზმი... კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ აღნიშნული ნაშრომი უდავოდ ბრწყინვალეა, თანაც დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება დავინახოთ სამყარო ორიგენეს, გრიგორი ნაზიანზელის, ავგუსტინესა და სხვათა თვალით, დავინახოთ განსხვავება კლასიკურ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, რადგან, როგორც ავგუსტინე აღიარებდა, ერესს მარტო თეოლოგიური საფუძველი კი არ ჰქონდა, ის კულტურული კონტექსტიდან აღმოცენდა.
ბერნარდ ლუისი, "ისლამის კრიზისი" (საღვთო ომი და უღვთო ტერორი)
The Crisis Of IslamHoly War and Unholy Terror.By Bernard Lewis.New York: The Modern Library, 184 გვ.
მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, არაერთხელ დაისვა შეკითხვა: რატომ მოხდა ეს? რატომ დადგა 11 სექტემბერი? ეს კითხვას კი არა, რიტორიკულ გამოწვევას უფრო ჰგავს – რა არის ამის მიზეზი? –"არაფერი. არც იდეოლოგია, არც თეოლოგია, არც წარსული უსამართლობა და არც ძველი ტკივილი, ასეთ არაჰუმანურ შურისძიებას გამართლება არა აქვს", - ასეთი მრისხანე და უკომპრომისო განაცხადი გადმოისროლა მწერალმა ბერნარდ ლუისმა და მკითხველს თავისი ბესტსელერი დაუდო ცხვირწინ – "რა იყო არასწორი?" What Went Wrong?
ახლა კი, როცა მოვლენები მიზეზთა გამო ისევ ტრაგიკულად განვითარდა, დროა, სხვა კითხვაზეც გავცეთ პასუხი: რატომ იყო ეს არასწორი? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? სად არის გამოსავალი? და კიდევ ერთხელ მოექცა ბერნარდ ლუისი მკითხველის ცენტრში ახალი წიგნით: "ისლამის კრიზისი: საღვთო ომი და უღვთო ტერორი".
ყველა იმ სიტყვაში, რასაც ლუისი წერს, დიდი სიბრძნე დევს. ახალი წიგნიც არაა გამონაკლისი. მასში ახალ მასალებთან ერთად უკვე გამოქვეყნებული მასალებსაც შეხვდებით. ფაქტობრივად, თავის ახალ წიგნში ლუისმა ხორცი შეასხა იმ ჩონჩხს, რომელიც მოცემული იყო სტატიაში "ისლამის ამბოხი" (The Revolt of Islam), და რომელიც გასულ წელს ჟურნალ "ნიუ-იორკერში" დაიბეჭდა. სტატიამ იმთავითვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
ლუისის ახალ თხზულებაში ავტორისათვის დამახასიათებელი დიდი მჭევრმეტყველებითა და ერუდიციით (რასაც ყოველთვის აფასებენ მისი კრიტიკოსები) წარმოჩენილია ისლამური საზოგადოების ისტორია, წეს-ჩვეულებები, ისტორიოგრაფიისა და იურისპრუდენციის საკითხები. ნაწარმოების ერთი თავი მთლიანად ჯიჰადის თეოლოგიურ საფუძველს ეძღვნება. რაც მთავარია, ლუისის მოსაზრებათა უმრავლესობა საფუძვლიანად არის არგუმენტირებული. ლაპარაკია იმ თემაზეც, რომელიც დგას ალ ქაიდას ტერორიზმის ისლამური ფუნდამენტალიზმის უკან და აიათოლა ხომეინის ისლამური რესპუბლიკის მიღმა. ლუისი განმარტავს, რომ აღმოსავლური ტერორიზმის რიგი თავისებურებები, მაგალითად, ჯიჰადისკენ მოწოდება, ისლამური დოქტრინისგან იღებს სათავეს, მაგრამ ისეთ ძირითად ელემენტებს, როგორიცაა უმწეოთა ჩაგვრა, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა, თვითმკვლელობა - არავითარი კავშირი არა აქვთ ისლამის წმინდა წიგნთან. ლუისი ხმას იმაღლებს "ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის" წინააღმდეგაც, რომელსაც განუწყვეტლივ შეაქვს საჩივრები, როცა საქმე ქრისტიანთაგან მუსულმანთა ჩაგვრას ეხება და დუმს, როცა მუსულმანი ჩაგრავს მუსულმანს. მაგალითად, მან დაგმო ისრაელის ქმედება, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს ჰუსეინის მიერ ჩადენილ მკვლელობათა სერიის შესახებ.
ასე რომ, "ისლამის კრიზისი" დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თხზულებადაა მიჩნეული.
მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”

No comments:
Post a Comment