Monday, November 16, 2009

ვარლამ შალამოვი - ამბავი ალექსანდრე ღოღობერიძისა


ორნი გულაგში

დათო ქარდავა

ვარლამ შალამოვი. „ამბავი ალექსანდრე ღოღობერიძისა“. (მოთხრობები, რუსულიდან თარგმნა თამაზ ნატროშვილმა) თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007

გამომცემლობა „ინტელექტმა“ კრებულის გამოცემა მწერლის ასი წლის იუბილეს დაამთხვია. ვარლამ შალამოვი, რომელსაც გულაგის ჯოჯოხეთში გატარებული ჩვიდმეტი წლის გამო, მეოცე საუკუნის დანტეს უწოდებენ, ალექსანდრე სოლჟენიცინთან ერთად სტალინური რეპრესიების ყველაზე მნიშვნელოვან მოწმედ ითვლება. კრებულში შესული მოთხრობების დიდი ნაწილიც კოლიმის ნახევაკუნძულზე ნანახისა და საკუთარ ტყავზე გამოცდილის მხატვრული გააზრებაა, თუმცა გამომცემელი კახმეგ კუდავა ამბობს, რომ შალამოვის შემოქმედებით საკმაოდ გვიან და შემთხვევის წყალობით დაინტერესდა.
კახმეგ კუდავა: „სოლჟენიცინის პირველი თაგრმანის გამოცემის შემდეგ, რეზი თვარაძეს დავურეკე, მას უკვე ჰქონდა თარგმნილი „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“. ვკითხე, ბატონო რეზი, სხვა მოთხრობებიც ხომ არ გაქვთ, გვინდა ნობელიანტების სერიით ქართულად გამოვცეთ–მეთქი. არაო, მიპასუხა, ესეც მამაჩემის ხათრით ვთარგმნე, გადასახლებიდან რომ დაბურნდა, მაშინ მთხოვა სოლჟენიცინის მოთხრობების თარგმნა, თორემ არ ვთარგმნიდი, ეგ ხომ მწერალი არ არისო. რატომ-მეთქი, ვკითხე, ქართველები რომ არ უყვარდა? არაო, მიპასუხა, მრავალი შეფასებით ის არ არის ისეთი დიდი მწერალი, როგორადაც წარმოჩინდა, დიდი მწერალია ვარლამ შალამოვიო. მაშინ შალამოვი არ მქონდა წაკითხული... მერე მოვიდა გამომცემლობაში თამაზ ნატროშვილი და რუსულიდან თარგმნილი მოთხრობები მოიტანა“.
მთარგმნელი თამაზ ნატროშვილი კი იხსენებს თავად ალექსანდრე სოლჟენიცინის მიერ გახმაურებულ ფაქტს, რომლის თანახმადაც, შალამოვმა ნობელის პრემიის ლაურეატს უარი უთხრა „გულაგის არქიპელაგის“ თანაავტრობაზე.
„ალექსანდრე ღოღობერიძე“ – ესაა სათაური კრებულში შესული ცამეტიდან ერთი მოთხრობისა, რომელიც ასე იწყება:
„დახეთ, რა დამემართა: სულ რაღაც თხუთმეტი წელი გავიდა, მე კი ლაგერის ფერშლის ალექსანდრე ღოღობერიძის მამის სახელი დამავიწყდა. სკლეროზია, მა რა არი! თითქოსდა მისი ვინაობა სამუდამოდ უნდა აღბეჭდილიყო ტვინის უჯრედებში – ღოღობერიძე ხომ იმ ადამიანთაგან იყო, ვინც ამშვენებს ცხოვრებას.“
მთარგმნელიც და გამომცემელიც ამბობენ, რომ ლიტერატურული ღირებულების გარდა, ამ მოთხრობაზე ყურადღება მარკეტინგული გთვლების გამოც გამახვილდა.
მაინც ვინ არის ალექსანდრე ღოღობერიძე?
მოთხრობის მიხედვით, სამოცს კარგა გადაცილებულმა ფზიკურად ძლიერმა, შეუპოვარმა და სამართლიანმა ალექსანდრე ღოღობერიძემ, რომელიც გასამართლებამდე საქართველოში „ფარმაკოლოგიის მსხვილ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა“, არაერთ ტუსაღს უპატრონა. მოთხრობის ავტორიც სწორედ მისი ძალისხმევით გახდა ფერშალი და ამით გადარჩენის შანსი მიეცა.
„როდესაც გავიცანი, 1946 წელს, მაგადანის მახლობლად, მგონი სამოცს კარგა გადაცილებული იქნებოდა. დიდრონი და ფუნთუშა მტევნები ხელისა ბებრულად შელურჯებული ჰქონდა. დინჯად დააბიჯებდა, თითქმის ყოველთვის ჯოხი ეჭირა ხელში. შორსმხედველთა სათვალეს, „ბებრულ“ სათვალეს ჩვეული მოძრაობით მოირგებდა ხოლმე. ჩვენ მალე დავრწმუნდით, რომ მის გიგანტურ სხეულს ჯერ კიდევ შერჩენოდა მოქნილობა და მთელი თავისი მრისხანე ძალ–ღონე“, – ამბობს ავტორი მოთხრობის მთავარ პერსონაჟზე, რომელიც თავის „მრისხანე ძალ–ღონეს“ რიგითი პატიმრების დაცვას ახმარდა: „ერთხელაც შეიტყო, რომ ერთ–ერთ ტუსაღს ღოღობერიძის უშუალო უფროსმა ექიმმა კროლმა მოსთხოვა ქრომის ჩექმები იმის საფასურად, რომ დააწვენდა სამკურნალოდ თავის განყოფილებაში და ისიც შეიტყო, რომ ქრთამი უკვე მიართვეს. ჰოდა, დაუყოვნებლივ დაიძრა, მთელი განყოფილება გაიარა და კროლის კარს მიადგა. კროლი უკვე შინ იყო, კარი ჩარაზული ჰქონდა მძიმე ურდულით, რომელიღაც პატიმარის ოსტატური ნახელავი რომ იყო. ღოღობერიძემ ჩამოგლიჯა კარი და შეალაჯა კროლის ოთახში, პირისახე წამოჭარხლოდა, ხელები უცახცახებდა. ღოღობერიძე სპილოსავით ბღაოდა, ბრდღვინავდა. ხელი სტაცა ჩექმებს და ამ ქრომის ჩექმებით გაშოლტა კროლი სანიტრებისა და ავადმყოფთა თვალწინ, მერე პატრონს დაუბრუნა ჩექმები. ღოღობერიძემ დაუწყო ლოდინი ზედამხედველისა ან კომენდანტის ვიზიტს.“
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ამ სისხლსავსე პერსონაჟის, ალექსანდრე ღოღობერიძის პროტოტიპით დაინტერესდა მოთხრობის მთარგმნელი. თამაზ ნატროშვილის თქმით, დოკუმენტური პროზის ადეპტის, შალამოვის ეს პერსონაჟი გამოგონილი არ უნდა იყოს.
„მოთხრობაში ვარლამ შალამოვი ამბობს, რომ ალექსანდრე ღოღობერიძე ფარმაკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყოო... მივედი ამ ინსტიტუტში, რომელიც პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარეობდა. 10 წელიწადზე მეტი გავიდა მას შედმეგ და ზუსტად არ მახსოვს რა მიპასუხეს... ვერ მომცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი, სამედიცინო ინსტიტუტში გამგზავნეს. იქაც ვერ მივაღწიე წარმატებას“, ამბობს თამაზ ნატროშვილი.
თუმცა, მოთხრობაში ალექსანდრე ღოღობერიძის პროფესიული კუთვნილების გარდა, ასევე ლაპარაკია მის ნათესაურ კავშირზე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანთან, 1937 წელს დახვრეტილ ლევან ღოღობერიძესთან. მოთხრობის მიხედვით, „ალექსანდრე ღოღობერიძე მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ ლევან ღოღობერიძის ძმა იყო“, მაგრამ ახლო ნათესაობის ფაქტს უარყოფს გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივნის ლევან ღოღობერიძის ქალიშვილი, ცნობილი კინორეჟისორი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლანა ღოღობერიძე.
„კი, მოთხრობაში ღოღობერიძეა ნახსენები, მაგრამ ჩემთან არ აქვს კავშირი... ყოველ შემთხვევაში, მე დავინტერესედი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. არ ვიცი, რაშია საქმე. ძმა ნამდვილად არ ჰყავდა მამაჩემს“, ამბობს ლანა ღოღობერიძე.
მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობისა, მთარგმნელი თამაზ ნატროშვილი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ღოღობიერიძე არ არის ფანტაზიის ნაყოფი. შესაძლოა, მწერალს მეხსიერებამ უღალატა, შესაძლოა მოთხრობის გმირი ლევან ღოღობერიძის ძმა კი არა, უბრალოდ ნათესავი იყო. ილამაზ მიწიშვილი, საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელი და 1937 წელს დახვრეტილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლო მიწიშვილის ვაჟი ამბობს, რომ ოცდაათიან წლებში რეპრესირებულთან უმნიშვნელო კავშირიც კი საკმარისი იყო „ხალხის მტრის“ იარლიყის მისაკერებლად.
ილამაზ მიწიშვილი: „არ იყო საჭირო არანაირი ოფიციალური მოტივი. მოეწონებოდა მეზობლის ბინა, დაწერდა განცხადებას და ამის საფუძველზე მოსპობდნენ. მოეწონებოდა თანამდებობა, დაუწერდა რაც უნდოდა და მოიშორებდნენ... ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო პოლიტიკური მოტივით რეპრესირებული, დანარჩენებისთვის შემოღებული იყო ასეთი სტატია, რომელსაც შემოკლებით ერქვა „ჩე–სე–ირ“, ანუ ჩლენ სემი იზმენნიკა როდინი“.
სულ ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, საბჭოთა კავშირში კონტრევოლუციური საქმიანობისთვის ოთხ მილიონამდე ადამიანი გასამართლდა, მათ შორის შვიდასი ათასს კი სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა, თუმცა ალექსანდრე ღოღობერიძე არ დაუხვრეტიათ. მოთხრობიდან ირკვევა, რომ თხუთმეტწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ის სამუდამოდ გადაასახლეს იაკუტიაში, სადაც დასახლება იაგოდნოეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ, ბერიასგან განსხვავებით, ადამიანის სახე ბოლომდე შეინარჩუნა.
ლაგერებში გატარებულმა წლებმა მძიმე დაღი დაასვა ვარლამ შალამოვის ცხოვრებასაც. დაბრამავებულ-დაყრუებული მწერალი 1982 წელს მოხუცებულთა თავშესაფარში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში თავისი პროზის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო. არადა, ახლა ვარლამ შალამოვი მეოცე საუკუნის რუსულის პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად მიიჩნევა, მისი მოთხრობებისა და ლექსების მიხედვით კი იღებენ ფილმებს („უკანასკნელი ბრძოლა მაიორ პუგაჩოვისა“) და წერენ სიმღერებს („თეთრი ცა“, „ბროლის სასახლეები“ და სხვა), რომლებშიც ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში, სტალინური რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი ადამიანების ყოფა და სულიერი სამყაროა ასახული.
ერთხელ ვარლამ შალამოვს ჰკითხეს, როგორ არ გატყდით, რაში მდგომარეობს საიდუმლოო. მწერალმა ბევრისთვის მოულოდნელად თქვა, რომ საიდუმლო არ არსებობს, რომ ყოველი შეიძლება გატყდესო. თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისი ყველა შემთხვევაში არსებობს. ალექსანდრე ღოღობერიძე, უგზო–უკვლოდ დაკარგული ადამიანი, რომელსაც დიდმა მწერალმა „ხელთუქმნელი ძეგლი“ დაუდგა, ალბათ, ამის დასტურია...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: