Monday, November 9, 2009

გივი ალხაზიშვილი: "გამომცემლები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ წიგნს გაყიდის"

იგი არ გამორიცხავს, რომ ბაზარმა შესაძლოა სერიოზული გამომცემლობა "ჩაძიროს"

ნანა კობაიძე

აი, გივი ალხაზიშვილამდეც მივედით. თუ იმ გამომცემლებს, რომელთა შესახებაც ჩვენს რუბრიკაში აქამდე მოგითხრობდით, საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობდა, გივი ალხაზიშვილი იმ სასიამოვნო გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელთაც ყველა იცნობს. იცნობს, პირველ რიგში, მის პოეზიას, ბოლო წლებში - პროზასაც, დღეს კი გამომცემლის ამპლუაში წარმოგიდგენთ. ამ საქმიანობას მან თითქმის 25 წელი შეალია, ანუ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, "სტაჟიანი" გამომცემელია. შეესწრო ავადსახსენებელი კომუნისტების პერიოდსაც, რომელიც გამომცემლობებისთვის არცთუ ავადსახსენებელი იყო, და საქმიანობას აგრძელებს ნანატრი თავისუფლების ეპოქაშიც, რომელმაც ამ სფეროს წარმომადგენლებს ძალზე ბევრი ცვლილება მოუტანა. გარდა ამისა, იგი პოეტი-გამომცემელია, ამიტომ ორმაგად საინტერესოა მისი თვალით დანახული გამომცემლის საქმიანობის საკმაოდ არაპოეტური პერიპეტიები. და ბოლოს, ეს წერილი პირადად ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გივი ალხაზიშვილი ჩემთვის უბრალოდ, გივი ბიძიაა, ჩემი მეგობრის მამა. იმ მართლაც საშინელ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ყველას ძალიან უჭირდა, მათ ოჯახში ხშირად მიწევდა ყოფნა. და თუ რამე კარგად მახსენდება იმ არარომანტიული წლებიდან, მათ შორის გივი ბიძიას საუბრებიც ლიტერატურაზე. ეს მცირე ლირიკული გადახვევა, ახლა კი, საქმეზე გადავიდეთ.

გივი ალხაზიშვილი გამომცემლობა "მერანში" 1988 წელს მივიდა. როგორც აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთი დიდი გამომცემლობის მთავარ რედაქტორად უპარტიო და აპოლიტიკური პიროვნება დანიშნეს. თავიდან შეშინებია, რადგან პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდი იყო. მას ისეთი პროექტები უნდა განეხორციელებინა, რომელნიც უკვე საკმაოდ ცნობილ გამომცემლობას სახელსაც მოუტანდა და შემოსავალსაც. გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა არ გასჭირვებია, რადგან მთელი სტუდენტობა აკრძალულ წიგნებს კითხულობდა - ისეთებს, რომელთა გამოც აპატიმრებდნენ და საკმაოდ დაუგროვდა იმ ავტორთა სია, რომელთა გამოცემაც უკვე შეიძლებოდა.
და მართლაც, "მერანმა" უამრავი გამოცემა განახორციელა, რომელთაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. გამოსცეს ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ლექსები - არა საბჭოური ცვლილებებით, არამედ დედნისეული ტექსტებით. გამოვიდა შალვა დადიანის "უბედური რუსი," რომელსაც მანამდე "გიორგი რუსის" სახელით იცნობდნენ. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ასეთი გამოცემები საკმაოდ ბევრი იყო, თუმცა, პარალელურად, გამოდიოდა ცუდი წიგნებიც. "სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში გეგმიური სისტემა მოქმედებდა და მწერალთა კავშირის თითქმის ყველა წევრს გარკვეული ინტენსივობით უნდა გამოეშვა წიგნი. ამდენად, საინტერესოსთან ერთად იყო სავალდებულო და ნაცრისფერი გამოცემებიც" - იხსენებს გამომცემელი.
საბჭოთა კავშირის დასასრულთან ერთად დასრულდა ცენტრალიზებული დაფინანსებაც, რამაც მაშინდელი გამომცემლები აიძულა დამოუკიდებლად ეძებნათ სახსრები. ზოგმა ალღო ვერ აუღო ახალ დროს და დაიხურა, ზოგიერთმა, მათ შორის, "მერანმაც," თავის გადარჩენა შეძლო. დღეს იგი პრივატიზებული, დამოუკიდებელი გამომცემლობაა, თუმცა გივი ალხაზიშვილის თქმით, მაინც ძველი ინერციით მიდის, რადგან მწერალთა უმეტესობას, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, ჰგონია, რომ სწორედ "მერანია" ვალდებული უფასოდ გამოუცეს მათ წიგნები. "ევროპის, ანდა, შესაძლოა, ყველა კონტინენტზე ერთად არ არსებობს 400 მწერალი, საქართველოში, და კერძოდ, თბილისში კი - არის და ყველა მიიჩნევს, რომ მისი წიგნი, ისევე, როგორც ადრე, აუცილებლად "მერანში", თანაც, უფასოდ უნდა გამოვიდეს. პირობას გაძლევთ, ამისგან მალე გავთავისუფლდებით. უკვე განვუცხადე კიდეც ჩემს თანადამფუძნებლებს, რომ ვიმუშავებთ თანამედროვე დასავლური სტანდარტებით" - დაგვპირდა გივი ალხაზიშვილი.
რას ნიშნავს მუშაობა თანამედროვე დასავლური სტანდარტებით? "ეს ნიშნავს, როგორმე შეათავსო კომერციული და კარგი წიგნი, რაც ხშირად არ ხერხდება. ძალიან ცნობილი გამომცემლობები დასავლეთში მასკულტურას მიმართავენ, თუმცა, აქაც არსებობს გამორჩეულად საინტერესო წიგნები. ამით შოულობენ ფულს და მოგებული თანხის 30-40 პროცენტს წამგებიან ლიტერატურას, ანუ პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობას ახმარენ. ერთი ფრანგი გამომცემელი წერდა, როგორც კი ამ ტიპის ლიტერატურის გამოცემას თავს დავანებებ, აკადემიურობის ხარისხი, რითაც ჩემი გამომცემლობა სახელს ინარჩუნებს – გაქრებაო. ამიტომ იგი მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდა სერიოზულ ლიტერატურას. საქართველოში ამას ცდილობენ "დიოგენე," "ლოგოს-პრესი" და ნაწილობრივ, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თუმცა, მას ძირითადი აქცენტი კომერციულ წიგნებზე აქვს გადატანილი. "მერანი" მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი, რასაც გამართლება არა აქვს: ჩვენ გამოვცემთ აბსოლუტურად ყველა წამგებიან წიგნს. ეს შესანიშნავად ვიცი. ვიცი, რომ უნდა დავბეჭდოთ ისეთი წიგნები, რომლებიც კარგად გაიყიდება და წამგებიან ლიტერატურას გამოგვაცემინებს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. მიზეზი სწორედ ზემოთხსენებული ინერციაა" - ამბობს გამომცემელი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გივი ალხაზიშვილს საბჭოთა პერიოდში მუშაობის "ბედნიერებაც" ხვდა წილად, ამიტომ საინტერესოა ამ ორი პერიოდის მისეული შეფასება. მისი აზრით, პირველი, რაც მაშინდელ გამომცემლობებს დღევანდელისგან განასხვავებდა, არის რედაქტორის, თარგმანისა და კორექტორის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში, დღევანდელისგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. მხოლოდ ნოდარ ებრალიძისა და გიორგი ბაქანიძის დასახელებაა საკმარისი იმისათვის, რომ მივხვდეთ, რა რანგის პროფესიონალებზეა საუბარი. ეს იყო ხალხი, რომელთაც ავტორები ჭკუას ეკითხებოდნენ. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რედაქტორები თითო-ოროლაა – მიიჩნევს ბატონი გივი.
"დღევანდელისგან განსხვავებით, იმ პერიოდში გამომცემლობებს ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ ჰქონდა. გაყიდული წიგნების რაოდენობაზე არ იყვნენ დამოკიდებული, ამიტომ თამამად შეეძლოთ გამოეცათ ის, რაც უნდოდათ. ახლა ეს ცოტა ძნელია, რადგან წიგნი ძნელად იყიდება. გამომცემელი იძულებულია საგამომცემლო პოლიტიკაზე იზრუნოს. იმ დროს კი მსგავსი პრობლემა არ ჰქონდათ. ეს იყო აბსურდულად საინტერესო პერიოდი, როდესაც ჯოისის "ულისეს" 80 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს მაშინ, როდესაც მისი მკითხველი საქართველოში შეიძლება 80 კაციც არ იყოს. საბაზრო ეკონომიკამ მოიტანა ისიც, რომ რეკლამირებული სისულელე შეიძლება გაიყიდოს, გენიალური, მაგრამ არარეკლამირებული გამოცემა კი, თუნდაც, ეს იყოს "ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანი" - არა. დღეს ბაზარს რეკლამა, პრეზენტაციები და მასმედია განაპირობებს. ადრე წიგნი არ იყო ბიზნესის საგანი, მაშინ ეს ცნება არც არსებობდა, რადგან იმ პერიოდში სხვა სტრუქტურა მუშაობდა, ახლა კი გამომცემლები იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო გაყიდის წიგნს" - ასე ფიქრობს გივი ალხაზიშვილი.
კიდევ ერთი განსხვავება, რომელზეც გამომცემელმა ისაუბრა, არის იდეოლოგიური წნეხი, რომელიც საბჭოთა სივრცეში მძლავრად მოქმედებდა. ბატონი გივის თქმით, ეს წნეხი, ანუ ცენზურა გარკვეულწილად, ეშმაკობის საშუალებას იძლეოდა. ბევრი რამ იგავურად, მინიშნებით ითქმებოდა. დღეს ამის აუცილებლობა აღარ არის. შეგიძლია თავისუფლად დაწერო და თქვა ყველაფერი. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო ის, რასაც შინაგან ცენზორს უწოდებენ. მწერალმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმასაც, რომ ლიტერატურა არ არის გამოყენებითი ხელოვნება გარკვეული მიზნის მისაღწევად. "სლენგის გამოყენება თავის დროზე ფრანგულ ლიტერატურაში სელინმა დაიწყო. აკადემიური წრეები მას დღემდე არ იღებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ანატოლ ფრანსისეული ლიტერატურული ფრანგული შერყვნა. თუმცა, ესეც უკიდურესობაა. ძალზე ბუნებრივია, როდესაც პროზასა და პოეზიაში სლენგი და ეპატაჟი გარკვეული დოზით შემოდის, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მხატვრული გამართლება" - მიიჩნევს იგი.
დღეს სლენგიცა და ეპატაჟიც ძირითადად იმიჯის შესაქმნელად სჭირდებათ. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა ყალიბდება და ის, რაც დღეს შედევრი გვგონია, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ნაბიჯები იყო სულ სხვა ლიტერატურულ სივრცეში გადასასვლელად. გივი ალხაზიშვილმა, ბევრისგან განსახვავებით, თავისი ლიტერატურული სივრცე უკვე აღმოაჩინა და ცდილობს, სხვებსაც, განსაკუთრებით კი ნიჭიერ ახალგაზრდებს გაუკვალოს გზა ამ სამყაროში. გამომცემლობა "მერანი" ერთადერთია, რომელიც წლების განმავლობაში გამოსცემდა ახალგაზრდა, ხშირად ყველასათვის უცნობ ავტორთა წიგნებს. მათი უმეტესობა დღეს საზოგადოება კარგად იცნობს. რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: ირინე ბაქანიძე, ზაზა თვარაძე, ზაზა ბურჭულაძე, ბესო ხვედელიძე, ალეკო შუღლაძე, ლაშა იმედაშვილი, ეკა ღაღანიძე, გიორგი ლობჟანიძე, ანდრო ბუაჩიძე, თეონა ბექიშვილი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, შალვა ბაკურაძე, დათო ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე და კიდევ სხვები. მათი უმეტესობა პოეტებია. ეს ის ჟანრია, რომლის გამოცემასაც დღეს ბევრი გამომცემლობა ერიდება, გივი ალხაზიშვილს კი ახალგაზრდა პოეტების ხელშეწყობა თავის უპირველეს მოვალეობად მიაჩნია და ღიად აცხადებს, სანამ "მერანში" ვიმუშავებ, მათ ყოველთვის დავეხმარებიო. წელს შედგება კიდევ ერთი ავტორის, ალეკო ცქიტიშვილს პოეტური დებიუტი, გამოვა სპარსი პოეტის, სოჰრაბ სეფეჰრის გიორგი ლობჟანიძისეული თარგმანი, გამოსაცემად მზადდება ელა გოჩიაშვილის, ანდრო ბუაჩიძის ლექსებისა და ირაკლი ლომოურის მოთხრობების კრებული. გამოვიდა ჯემალ თოფურიძის მოთხრობების შედარებით სრული კრებული – ეს მნიშვნელოვანი გამოცემაა. მთავრდება საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ოთხტომეულის მეოთხე ტომის გამოცემა, რომელიც მეუფე ანანია ჯაფარიძემ დაწერა. მალე გამოვა გიგი ხორნაულის მიერ შედგენილი - "კიდევაც დაიზრდებიან." ეს არის ქართული ხალხური საბავშვო ფოლკლორი, ანუ, ენის გასატეხები, სხარტულები, იგავები, ზღაპრები, ლექსები, შეძლებისდაგვარად კარგად დასურათებული და ილუსტრირებული. ნოდარ დუმბაძის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა მისი ორი რომანი. აპირებენ დალი ფანჯიკიძის მოთხრობებისა და გულაგელი ქალბატონის, მარი აბრამიშვილის ლესების კრებულის გამოცემასაც. ერთი სიტყვით, გეგმები ბევრია.
და ბოლოს, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საკმაოდ ბევრი გამომცემლობა გაიხსნა. როგორ აფასებს გივი ალხაზიშვილი ამ პროცესს? "ამ კითხვაზე მარტივად პასუხობენ: ბაზარი განაპირობებს, ვინ იარსებოს – ვინ არა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ბაზარმა შეიძლება სერიოზული გამომცემლობა გააუქმოს და კომერციული დაამკვიდროს, ამიტომ, ვისურვებდი, რაც შეიძლება განათლებული და გემოვნებიანი ადამიანები იყვნენ გამომცემლები, რომელთაც კომერციასთან ერთად აუცილებლად ეცოდინებათ სერიოზული ლიტერატურის მნიშვნელობა და დანიშნულება" - ასეთია მისი პოზიცია. ძნელია, არ დაეთანხმო.

2003

© “წიგნები – 24 საათი”


No comments: