Thursday, November 26, 2009

გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება...


ძნელია განსაზღვრო “ნატვრის ხის” ჟანრი.
მაშინვე ვერ იტყვი, რა არის ეს: მოგონებები, ნოველების კრებული, თუ ამ ჟანრების საინტერესო სინთეზი.
ცხადია, რომ ნებისმიერი ბიოგრაფიული ჟანრი, მოგონება იქნება ეს, დღიური, მემუარი, აღსარება თუ სხვა, სრულიად განსხვავებული კუთხით აღწერს მოვლენებს. ასეთ ნაწარმოებებში მთხრობელი საკუთარ ცხოვრებაზე, განცდებზე, თუ ეპოქაზე გამორჩეული სუბიექტურობით მოგვითხრობს, რადგანაც ეს ავტორის პოზიციაა. იგი ყოველი მოვლენისა თუ ფაქტის მომსწრე და თვითმხილველია, ამიტომაც მკითხველს ტექსტის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.
მაგრამ როდესაც “ნატვრის ხის” პერსონაჟების შინაგან მონოლოგზე, ღვინჯუასა და ქარიშხლის დიალოგზე, ფორეს სიზმარზე, ან ქმრის სასთუმალთან მიყურადებული გურანას ეჭვებზე ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ ეს განცდები და მოქმედებები არ შეიძლებოდა ბავშვური მოგონებების ნაწილი ყოფილიყო, რადგან ისინი ავტორის თვალისათვის დაფარული გახლდათ. აქ გოგლა ლეონიძე ავტორის უფლებებით სარგებლობს და ყოვლისმხილველ და ყველგანმყოფ შემოქმედად გვევლინება.
სწორედ საავტორო პოზიციასა და ავტორის უფლებას შორის გაჩენილი განსხვავება გარდაქმნის ლიტერატურას სიტყვის ხელოვნებად, ანუ მხატვრულ ნაწარმოებად.
იმავდროულად წიგნი არც დამოუკიდებელი ნოველების კრებულს ჰგავს ამ ცნების ტრადიციული გაგებით, რადგან სხვადასხვა ნოველებში აღწერილი მოქმედი პირები ერთმანეთისაგან განცალკევებით კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთს ბედისწერით უკავშირდებიან. ძირითადი იდეის გაგება კი მთლიანი სურათის დანახვის შემდეგ შეიძლება. ნოველები, გარკვეული მოვლენებისა თუ პერსონაჟების საშუალებით, ერთმანეთის კონტექსტს განსაზღვრავენ და ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, რომ ტექსტი თავისი ხასიათით უკვე რომანშია გადაზრდილი.
რა თქმა უნდა, ეს რომანია, ორიგინალური კომპოზიციითა და რთული სიუჟეტით. რომანი, რომელშიც უარყოფილია დაკანონებული ფორმები. გოგლა ლეონიძე ცვლის ჩვენს წარმოდგენებს ტრადიციული რომანის შესახებ, იგი არღვევს დამკვიდრებულ არქიტექტონიკას, თხრობის ქრონოლოგიას და კომპოზიციის კანონებს. “ნატვრის ხეში” არ არსებობს ერთი რომელიმე აღიარებული ცენტრი. იგი მრავალპოლარული ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი თანაბარი ღირსებით ხასიათდება და ერთნაირ ყურადღებას იმსახურებს. ფორმის თვალსაზრისით იგი ყველაზე მეტად ფიროსმანის ტილოს - “კახეთის ეპოსს” ჰგავს, რომელშიც სხვადასხვა ჟანრულ სცენებს შორის ხილული კავშირი წაშლილია. აქ ყოველი სცენა ინდივიდუალურ ამბავს მოგვითხრობს და სხვა სცენების (ამბების) გვერდით თანაბარი მნიშვნელობითაა მოთავსებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, პერსონაჟებიცა და სცენებიც ერთმანეთისაგან განცალკევებით კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთის არსებობას გულისხმობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გმირებს მოქმედების ადგილსა და დროზე მეტად ავტორის ხედვა აერთიანებს, რომლის საშუალებითაც მთელი საზოგადოების მოდელს ცალკეული, ინდივიდუალური ეპიზოდების გამთლიანებით აღვიქვამთ.
ალბათ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე გოგლა ლეონიძის შემოქმედების ცენტრში სიცოცხლის პრობლემა მოექცა, ხოლო დამსხვრეული სამყარო და ავტორის კავშირი ამ სამყაროსთან მისი რეფლექსიის საფუძველი გახდა.
გოგლა ლეონიძეს სოფლის შეცნობა კი არ აინტერესებს, არამედ მისი არსის, თვითმყოფადობისა და იდენტურობის გამოვლენა, რათა ამ გზით შევძლოთ ჩვენი საზოგადოებისა და მასში საკუთარი თავის, საკუთარი საქციელის გაგება. ეს მხოლოდ გოგლა ლეონიძის სოფელი კი არა, ჩვენი ქვეყნის მოდელი და მისი ალეგორიული სახეა.
თუ დავუკვირდებით, იმ სამყაროში, რომელსაც ავტორი აღწერს, ყველაფერი ღვთივბოძებული იდეალურადაა მოწყობილი: ბუნებაც, გარემოცა და მიწის ნაყოფიც.
პირდაპირ საოცნებო ქვეყანაა.
ერთადერთი ადამიანი არაა აქ ბედნიერი. დღენიადაგ გარჯასა და ჯაფაში მყოფი თითქოს გახურებულ თონეში ჩამდგარა და მნიშვნელობა არა აქვს გასაგრილებლად რომელ ფეხს ამოიღებს, რადგან გაჭირვებისათვის თავი მაინც ვერ დაუღწევია. სწორედ ეს წარმოუდგენელი კონტრასტი ქმნის ნაწარმოების მთავარ ნერვს.
“ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც წასდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?”- ასე მოთქვამს წარსულზე მგლოვიარე ჩორეხი.
შეკითხვა, რომელსაც ჩორეხი სვამს, შუბის წვერზეა წამოგებული და ერთნაირად მტკივნეული, მძიმე და პასუხგაუცემელი “ნატვრის ხის” სხვა პერსონაჟებისთვისაც.
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ულუკმაპურობა და ძაღლუმადური ცხოვრება ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც ამ სოფელს დასწოლია. ზოგჯერ სიღარიბე გარკვეული წინაპირობაცაა, რომ ყოველგვარი ნივთიერისაგან გათავისუფლებულმა ადამიანმა მზერა თავისი შინაგანი სამყაროსაკენ მიმართოს, მაგრამ, როგორც თანდათან ირკვევა, ამ სოფლის მოსახლეობის სულიერი სიღატაკე ნივთიერზე გაცილებით დიდია. უმეცრება, სიხარბე, შური, ჭორი, და ცრუმორწმუნეობა სრული სია არ გახლავთ იმ მანკიერებისა, რომელსაც სოფელში ფეხი აუდგამს.
საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობა და მისი სულიერი ღირებულებები ხშირად იმითაც განისაზღვრება, თუ ვინაა მისი დაცინვის ობიექტი.
რა იწვევს ამ საზოგადოების სიცილს? რომელიმე უარყოფითი მოვლენა, რომელიც ცხოვრების მახინჯ მხარეებს ამხელს?
სანიმუშოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
მეწისქვილე რაჟდენას, რომელიც ერთგულად ემსახურა სოფელს, ჭლექი შეეყარა, მაგრამ ტაბარუკა მარტოკაცს აბასთუმანში წასასვლელი ფული არ გააჩნია. ამიტომ გადაწყვიტა ისევ თვითონ ეშველა საკუთარი თავისთვის. სხვა გამოსავალი რომ ვერ მოძებნა, წამლად რძისა და კვერცხის მიღება დაიწყო. მაგრამ სოფელში ეს რომ გაიგეს, თვალში არ მოუვიდათ. მეწისქვილეს ისე მწარედ დასცინეს, რომ რაჟდენამ საკუთარ ჯანმრთელობაზე ხელი ჩაიქნია.
მარიტასა და გედიას სიყვარულიც საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის, რადგან სოფელს ეს გრძნობა არ გამოპარვია.
“მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშავესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.
- რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი! - ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას (ლელაურმა. გ.კ.)
მარიტას პირველად დაეწვა გული...
მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე გედიას, - სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში ადამიანს და თავშისაცემი! გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო!”
სოფელი უწყლოდ გაიტანჯა, გამოფიტული და გამომშრალი მიწა ცუდ მოსავალს იძლევა. ერთადერთი კაცი, რომელიც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს და ბუნებას არ ეპუება ფორე თამარიძეა. იგი ხვდება, რომ ნიშარეულის წყლის ჩამოყვანა სოფლის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის:
“ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გადმოვლით დიდგვერდაზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გახდის, გამინდვრებულის მერე სოფელში შემოსრიალდება ნიშარეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; - აგიყვავდებათ, ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება - შავფეხა, შავთვალა, წითელი დიკა, დატაროებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, - წველა, რძე, ერბო, თაფლი! ...”
მაგალითის მიმცემიც თვითონაა, რაც კი ებადა: ცხენი, ფუტკარი, ვენახი, სამი თხა, ათი კოდი პური, გაყიდა და აღებული ფულით წყლის მილები იყიდა. თუმცა ამ საქმეს მარტო ვერ ერევა, ფორეს ხალხის დახმარება და გვერდში ამოდგომა სჭირდება. მაგრამ სოფელმა თითქოს პირი შეკრა, ისინი არა მხოლოდ ნიშარეულის წყალზე ლაპარაკს ერიდებიან, არამედ ფორეს საქციელსაც სასაცილოდ იგდებენ.
და ერთსაც დავამატებ.
სოფლის დალაქს, ბუნბულა ფარსმანიშვილს ზოგადსაკაცობრიო სატკივარი აწუხებს: შფოთს, შუღლს, ომსა და ავკაცობას ვერ იტანს. ყველას მეგობრობისა და სიამტკბილობისაკენ მოუწოდებს, ამიტომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მისი სულიერი წონსწორობა ირღვევა. იმდენად ძლიერია მასში კაცობრიობის გადარჩენის სურვილი, რომ ნაცნობსა თუ უცნობს ქუჩაში აჩერებს და ევედრება:
“თუ საქართველოს მირონი გიყვართ, შევერთდეთ, ერთმანეთს მხარი მოვაბათ, ხელმწიფესთან წავიდეთ, დავუჩოქოთ, შევეხვეწოთ - ომი არ გვინდა-თქო!”
მაგრამ სოფლისთვის ეს არაფრისმთქმელი სიტყვებია, ბუნბულა აქაც საზოგადოების ერთსულოვან გულგრილობას აწყდება. სოფელში გულშემატკივარსა და თანამოაზრეს რომ ვერ პოულობს, გულუბრყვილო მეოცნებე მარტოდმარტო მიადგება მთავარმართებლის სასახლეს. მაგრამ იქ დასცინებენ, აგინებენ და პანღურის კვრით გამოაგდებენ უკან.
ამას შედეგად რა მოჰყვა?
გოგლა ლეონიძე ასე აღწერს ცინიზმისაგან დამარცხებული ადამიანის მდგომარეობას:
“ბუნბულა გათავისდა, ხალხს აღარ ეკარებოდა. დადიოდა განაპირებული, განკვეთილი, გადაცოდინარებული, მისი გული სევდის სადგური გამხდარიყო... გულის ძარღვშივე ჩაუსრისეს რწმენაც და ჭეშმარიტებაც. რაღა დარჩენილიყო ბუნბულას არსებაში? მხოლოდ ჩენჩო, მხოლოდ ცარიელი ლენჯო, ეს იცოდა ბუნბულამ და მიწის ზურგზე სიარული ეზარებოდა. ჩამქრალ თვალებს აქეთ-იქით უიმედოდ აცეცებდა, იმ ორიოდ სიტყვასაც ზოზინით, უხალისოდ იტყოდა.”
ერთი შეხედვით, სოფელს წყენისა და გაბრაზების მიზეზი არ უნდა ჰქონდეს, რადგან არც ფორე, არც ბუნბულა, არც რაჟდენა, არც გედია და მარიტა საზოგადოების წინააღმდეგ არ წასულან, მათ მხოლოდ საკუთარი თავისუფალება გამოხატეს. მაგრამ ხალხმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და ჭკუის სასწავლებლად ამ ადამიანებში ყველაზე ფაქიზი გრძნობები გათელა.
რატომ მოხდა ასე?
საქმე ის გახლავთ, რომ ამ პიროვნებების დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათ ხასიათის ინდივიდუალური თვისებები გამოამზეურეს და საზოგადოებას თავიანთი ნამდვილი ბუნება აჩვენეს. სოფელი კი ასეთ რამეს არავის პატიობს.
საიდუმლო ისაა, რომ სოფელს ღარიბი, გაწამებული და დაბეჩავებული ადამიანები უყვარს, ისეთები, რომლებსაც შეიბრალებ, გაიკითხავ, რომლებიც მუდამ სხვისი ხელის შემყურენი და შესაბამისად ადვილად სამართავნი არიან. განა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები სასიამოვნო საყურებელია? არა! იმიტომ, რომ ასეთი საქციელი, საზოგადოებას საკუთარი კეთილშობილებისა და ძლევამოსილების განცდას უღვიძებს. არის კიდევ ერთი და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი. თუკი სოფელში ცხოვრობ, არ შეგიძლია საკუთარ თავს წარმოადგენდე, რადგან სოფლის საკუთრება ხდები და პირადი ცხოვრების, გრძნობებისა და მიზნების მართვის უფლება არ გაგაჩნია, ამ უფლებით მხოლოდ სოფელი სარგებლობს. მარიტას მიმართაც სოფელს თავისი გეგმები აქვს, ღატაკი და უმიწაწყლო გედიას ნაცვლად იგი მდიდარი მეჯოგის, შეთესთვის უნდათ. ფორე თამარიძემ კი მათ სულგრძელობით აჯობა, ამიტომაც მის ძალისხმევას პრინციპული გულგრილობით უპირისპირდებიან, მარცვალს ისევ გამომშრალ მიწაში ყრიან და როდესაც ეკითხებიან, ასე რატომ იქცევითო, პასუხს მოუსმინეთ:
“მაშ, რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილიაო”.
ამ ეპიზოდიდან ეს სამყარო სრულიად გაუგებარი ხდება თავისი აბსურდულობის გამო. ის, რისკენაც საზოგადოება მიისწრაფის, აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე, მაგრამ სოფელს მისი მიღება არ უნდა.
გამოდის, რომ აქ ხვნაცა და თესვაც მხოლოდ რიტუალი ყოფილა, იგი ცხოვრების გასაუმჯობესებლად კი არ სრულდება, არამედ იმისთვის, რომ ენაწაგდებული მეზობლების სალაპარაკო და დასაცინი არავინ გახდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რადგანაც ყველა, ვინც ასეთ ჭახრაკში მოყვება, სასურველი მასპინძლიდან მაშინვე უცხო და მიუღებელ სტუმრად გადაიქცევა.
თუ ამ ეპიზოდებს გვერდიგვერდ დავალაგებთ, აღმოჩნდება, რომ ამ საზოგადოების ღირებულებები საპირისპიროდაა შეცვლილი. უმეცრების, სიხარბისა და სხვა მანკიერებების ნაცვლად აბუჩად ასაგდები, დასამცირებელი და სათრევი, ყველა ნორმალური საზოგადოების საფუძველი: პატიოსნება, თავგანწირვა სიყვარული, სილამაზე, კაცთმოყვარეობა და სხვა თვისებები გამხდარა. თვისებები, რომელთაც მუდმივი ზრდა, ფერება და თუთიაობა სჭირდება.
გოგლა ლეონიძე თანმიმდევრობით გვიჩვენებს, რომ სოფლის ოდინდელი სახის შესანარჩუნებლად ადამიანებს საკუთარი საქმეები დავიწყებიათ, ერთმანეთის საქციელს აკვირდებიან, წონიან, ზომავენ, აკონტროლებენ. სოფელი იმ საიდუმლო ორგანიზაციად გადაქცეულა, რომელმაც ადამიანების ბედი უნდა გადაწყვიტოს. სიყვარულის ნიჭს მოკლებული ხალხი ცდილობს სხვაში სიხარულისა და ბედნიერების ყველა ნაპერწკალი ჩაკლას, იმედი მოუსპოს და სულის ზეიმი არავის აპატიოს, რადგანაც სოფელს სხვანაირად არსებობა არ შეუძლია.
XIX საუკუნიდან მოყოლებული სიტყვაკაზმულმა ქართულმა მწერლობამ შეამჩნია, რომ სოფელი (ქვეყანა, საზოგადოება) თანდათან დამსჯელ ძალად და ავსულად გადაიქცა. ძალად, რომელიც, ჯეიმს ჯოისის შედარება რომ მოვიშველიოთ, დედალი ღორივით საკუთარ შვილებს ჭამს.
ეს პროცესი ქართულმა სოფელმაც მშვენივრად იცის, ოღონდ აქ ამ მოვლენას სხვანაირად მოიხსენიებენ:
“მოიცა, შენც ნელ-ნელა შეგიწოვს ტვინის გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა მოიცადე, ჯერ ახალი ხილი ხარ” – ემუქრება მღვდელი იორამს.
მაგრამ XX საუკუნის ნიჭიერი ქართული მწერლობა ამის მიზეზსაც არკვევს, მისი დეფინიცია ასეთია: ამ საზოგადოებას, სულიერი ორიენტირები აღარ გააჩნია, რადგანაც აქ ღმერთის სიტყვა მოკვდა. ამ ქვეყანას, უკვე ზნეობრივი კანონები კი არა, ტრადიციები და შეხედულებები მართავს.
გოგლა ლეონიძე რამდენიმე სასულიერო პირს აღწერს, რომელთაც ეს მრევლი აბარიათ: დიაკვანი ელეფთერი, მამა თევდორე, ოხროხინე, მღვდელი ზირაქი, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან, რადგან უპირველეს ყოვლისა ამა სოფლის შვილები არიან და შემდეგ უკვე ღვთის მსახურნი. ნაწარმოებში მათი თანდასწრება არანაირად არ მოიაზრება როგორც ცალკეულ პიროვნებაში მოქცეული უხილავი სამყაროს გარანტი, საიდანაც ადამიანები საკუთარი არსებობისათვის ძალებს იკრებენ.
“ქვრივი ზირაქ მღვდელი მეტად მიწიერი კაცი იყო, თუმცა სულის მხედრობას ეკუთვნოდა. მას წირვა-ლოცვისთვის არ ეცალა, ერთგულად მუშაობდა თავის საოჯახო საქმეებზე და სხვასაც ამუშავებდა თავის გასამდიდრებლად ... ჰყავდა მოჯამაგირეები, მწყემსები, მეღორეები, მეჯოგეები. ჰქონდა საკუთარი წისქვილი, ჰყავდა ცხვრისა და ღორის ფარები; ვაჭრობდა ტყით, ჯონჯოლით, თაფლით, სანთლით, პურით, ღვინით, სინდისით; ჰქონდა საკუთარი ეტლი, ანუ “დილიჯანი”, თბილისში რომ დაჰყავდა მგზავრები, ჩუმად ჰყიდდა არაყს და ფულს ასესხებდა დიდი სარგებლით, ჰყავდა საყვარლები და ჩუმჩუმადვე კიდეც მაჭანკლობდა”.
მღვდელი ზირაქის ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისია:
“არც მეტის მეტი განტევება უნდა ცხოვრებისაგან. ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დადეო”
როგორც ჩანს, ამ საზოგადოებაში ეშმაკის სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და არაერთი მქადაგებელი ცდილობს მისთვის ბურჯების შეყენებას.
ავტორი რამდენიმე ასეთ პერსონაჟს გამოყოფს.
პირველი, რევოლუციურ იდეებს ჩამოკიდებული, ანარქისტი იორამია. მას საკუთარი მრევლი არ გააჩნია, ამიტომ გავლენის სფეროების გასაფართოებლად მღვდელ ზირაქს უპირისპირდება. სადაც კი მოიხელთებს, მის გმობასა და ლანძღვაშია. ამასთანავე, ხალხს ძველი სამყაროს დანგრევას მოუწოდებს და ახალ “რძითა და ერბოთი მჩქეფარე” სამშობლოს ჰპირდება. თუმცა, იორამის ჭეშმარიტი ბუნება მაშინ მჟღავნდება, როდესაც ადიდებული იორი მისი მეზობლების ბაღ-ვენახებს მიიტაცებს. სწორედ აქ ირკვევა, რომ სინამდვილეში იორამის რევოლუციონერობა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ხოლო დანაპირები, ლაყბობა ყოფილა, რადგან მას სინამდვილეში ხალხის გასაჭირი კი არა, საკუთარი მდგომარეობა ადარდებს. იგი იმ გარემოს ვერ იტანს, სადაც რეალურად არაფერს წარმოადგენს და პატივისცემას არ იმსახურებს, ამიტომაც ძირითადად არა პოლიტიკური, არამედ დანაშაულებრივი ინსტინქტების თავისუფლებას მოითხოვს. სოფლის მეამბოხეს სხვისი ხელით მორთმეული კეთილდღეობა სჭირდება, თორემ ზირაქთან იდეურ კონფლიქტში საერთოდ არ იმყოფება. უამინდობის დროს ეს მოწინააღმდეგე მხარეები ერთად სხდებიან, კარგად ქეიფობენ და გასაყოფიც არაფერი აქვთ.
მისგან საპირისპიროდ განსხვავებულია წარსულის მოტრფიალე და ნანგრევების ჭირისუფალი ჩორეხი. ისიც იორამივით ახალგაზრდების მოძღვარია. თავს ერთად უყრის და ლოცვასავით უკითხავს: საქართველოს ისტორიას, “ვეფხისტყაოსანს” და ვახუშტის გეოგრაფიას. ჩორეხს საქართველოს სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნია. მოუვლელი, თმაგაბურძგნული მტვრიანი და გაოფლილი დღენიადაგ ძველ ნანგრევებში და ნასაფლავარზე დაეხეტება და წარსული დიდების ნაშთებს, ძველ ქოთნებს, მძივებს, ჟანგიან ხანჯლებს და ათას ძველმანს აგროვებს. თუმცა უკაცრავად, ეს ჩვენთვისაა ჟანგიანი ხანჯალი და ტუჩმომტვრეული ქოთანი, თორემ ჩორეხისთვის ყველაფერს მისტიური და მაგიური მნიშვნელობა აქვს. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ერთხელ ძველი კოშკის ნანგრევებში უცნაურად მომრგვალებული ქვა იპოვა. მაშინ ჩორეხმა გადაწყვიტა, ეს ის ოქროს ბურთია, რომელსაც ვახტანგ გორგასალი ხელით ათამაშებდაო და იცით, როგორ მოიქცა?
“დიდი იმედების ნიშნად, პირდაპირ ეროვნების სამლოცველოდ გაიხადა ეს ქვა. ხან უჩოქებდა, ხან ემთხვეოდა, ხან გულში იკრავდა.”
გოგლა ლეონიძე ჩორეხის უბედურებას იმაში ხედავს, რომ იგი “წარსულის ღამეში ცხოვრობს და აწმყოს მხედაობა არ გააჩნია”. იგი ილუზიების ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანია, რომელსაც ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს. საქართველოს სიყვარული, უსაქმური და უშვილძირო ჩორეხისთვის პირველ რიგში საკუთარი უბადრუკი ცხოვრების გამართლებაა. ამიტომაც მის სიყვარულს მონობის ნებაყოფლობითი ფორმა უფრო ეწოდება ვიდრე გონიერი ადამიანის გააზრებული საქციელი. ყმაწვილებსაც საკუთარი ფეტიშის მსახურებად და მონებად ზრდის:
“- ემთხვიეთ ქართულ მიწას! - და ჩვენც ვემთხვეოდით.
- აკოცეთ წარსულის ნაშთებს! - ჩვენც ვასრულებდით ჩორეხის ბრძანებას და ძველი ტაძრის თუ კოშკის ხავსიან ქვებს დაჩოქილები ვეამბორებოდით.”
შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ, რომ იორამსაც და ჩორეხსაც ეს ქვეყანა სათავისოდ უნდათ. ორივე ნათლად ხედავს, რომ ის წყარო დაიშრიტა, რომლითაც ადამიანები საზრდოობდნენ, ამიტომ საზოგადოებას ახალ წყაროს სთავაზობენ და ღმერთის ვაკანტურ ადგილზე წარმოსახვითი სამშობლოს კანდიდატურას აყენებენ.
მათზე საუბრის წამოწყებაც არასწორი იქნებოდა, თუ არ ვიტყოდით, რომ ამ მიამიტი მეოცნებეების საქციელში რაღაც დაფარული და საშიში ენერგია იგრძნობა, ენერგია, რომელიც ძირითადად მათ მოწაფეებში აკუმულირდება და შესაფერის მომენტში დამანგრეველ ძალად გადაიქცევა. ავტორის მხრიდან ეს უკვე გაფრთხილებაა, რადგან დადგება დრო, როდესაც ეს ქვეყანა მათ მაწანწალა ძაღლის ერთგულებით აედევნება.
მესამე ასეთი გმირი ციციკორე ბაქრაძე გახლავთ. იგი იორამისა და ჩორეხისაგან განსაკუთრებული და ძლიერი ქარიზმით გამოირჩევა: დარბაისელი, ახოვანი, ბრგე, ჩოხაში გამოწყობილი ციციკორე სოფლის გამგებელი და პატრონია. მართალია ციციკორესათვის სოფელი არავის ჩაუბარებია, მაგრამ მის უფროსობას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი, მისი პიროვნული თვისებებია. ციციკორე სამართლიანი, უანგარო და სოფელზე მზრუნველი ადამიანია. ამასთანავე კერპი კაცია, თუ ავტორს დავუჯერებთ, “რკინა გადნებოდა მისი მზერის ქვეშ”. სახლოსნობა და სისხლიანი საქონელი მხოლოდ მისი ხელიდან გაიყოფოდა, რძალ-დედამთილის შემრიგებელიც ის იყო და ვაჭრებთან მებრძოლიც. ციციკორე ღამითაც არ ისვენებდა. დაბნელდებოდა თუ არა, სოფელს გარშემო უვლიდა და მტრის მოლოდინში ფხიზლობდა. როდესაც საშინელი ავდარი სოფელს წალეკვით დაემუქრა, ერთადერთი ციციკორე იყო, ვინც ეზო-ეზო დადიოდა და შინ გამოკეტილ მოსახლეობას აიმედებდა:
“ნუ გეშინიათ, გამაგრდით! გადაივლის ავდარი! ამისთანები უნახავს ჩვენს ხალხსა! ნუ გეშინიათ გამაგრდითო”.
მისმა სხვა საქციელმა კიდევ უფრო გააკვირვა სოფელი. როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს უვაჟკაცოდ დარჩენილი თუბალაურის ყანა ნახა, გული მოუკვდა. მეორე დღესვე მიაკითხა და ექვსი დღის მანძილზე მის ხორბალს მკიდა.
სოფელი მის ზებუნებრივ თვისებებზეც ალაპარაკდა. გულწრფელად სჯერათ, რომ მის შელოცვას ნადირის კბილის დაკეტვა და ქურდისთვის ხელ-ფეხის შეკვრა შეუძლია.
ნათელი ხდება მეორე მიზეზიც. ციციკორე საზოგადოების დაფარული სურვილების საუკეთესო გამომხატველია. ხალხს ყველაზე მეტად ძლიერი ხელი, სოფლის დამმწყემსავი, კეთილი მოსამართლე და სასწაულმოქმედი სჭირდება. რადგანაც უუნარო, ზარმაცი და სხვისი მოიმედე ერი თავს ასე უფრო უსაფრთხოდ, დაცულად და გულმაგრად გრძნობს.
გოგლა ლეონიძე ერთგან იმასაც აღნიშნავს, ციციკორე ბიბლიურ წინასწარმეტყველს ჰგავდაო და ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსება არ გახლდათ. ციციკორე ამ სოფლის ნამდვილი რჯულმდებელია. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს და თვითონვე წყვეტს: ქალმა როგორ გაიაროს, ვინ როდის დაისვენოს, ვინ სად იმხიარულოს და ა.შ.
თანდათან მისი ცხოვრების წესიც მისაბაძი და სამაგალითო ხდება. მაგალითად, სოფლის მოჭირნახულეს ავადმყოფობა სირცხვილად მიაჩნია:
“- ქალი ხომ არა ვარ ქვეშაგებში ჩავწვე და მტერი გავახარო?!“
უკვე გასაგებია, რომ მეწისქვილე რაჟდენას გაქიაქებაც ციციკორეს მიბაძვა ყოფილა. სოფელი მისი პირით ლაპარაკობს და ხალხიც ისევე იქცევა, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ციციკორე მოიქცეოდა.
გამოიკვეთა მორჩილი და დაძაბუნებული საზოგადოების სურათი, რომლის გვერდითაც გოგლა ლეონიძე სხვა საზოგადოებასაც გვიხატავს. ესაა სოფლის ძალადობისაგან გაჭყლეტილი პერსონაჟები: ბუნბულა, რაჟდენა, ფორე, მეეტლე იაგორა, ყადორი, გედია და სხვები, რომლებიც მიუხედავად დამარცხებისა, სულიერად არ გატეხილან და გამარჯვებულის მხარეს არ გადასულან. სამაგიეროდ ადამიანებისადმი რწმენა დაკარგეს და სოფლის ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ იღებენ. ასეთი ფორმით ისინი ძალადობრივ სამყაროს ემიჯნებიან. მართალია, ამგვარი ცხოვრება მხოლოდ დასასრულისაკენ მიმავალი ნაბიჯების აჩქარებაა, მაგრამ ესეც პროტესტის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საზოგადოებამ ადრე თუ გვიან თავისი უსაფრთხოებისთვის საზღაური უნდა გაიღოს და ეს საზღაური მათი თავისუფლებაა. იმ გატეხილი ღამეებისთვის, ექვსდღიანი კალოობისთვის თუ სხვა დამსახურებისთვის, რომელიც ციციკორეს სოფლის მიმართ მიუძღვის, იგი ერთხელ საპასუხო სამსახურსაც მოითხოვს და მაშინ უარს ვერავინ გაუბედავს. მართლაც ასე ხდება. სოფელი, რომელიც სიკეთის მოტივით ვერ გაერთიანდა, ციციკორემ ბოროტების ჩასადენად შეკრა და რაღაც დაუჯერებელი მონაჭორის გამო სოფელს ყველაზე ძვირფასი მსხვერპლი - მარიტას მიწასთან გასწორება მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ მარიტა სოფლისთვის სილამაზის, სიყვარულის, უმანკოებისა და პატიოსნების სიმბოლო გახლდათ.
ციციკორე საერო და სასულიერო პირის ფუნქციებს ითავსებს და ხალხს საკუთარი ფასეულობათა სისტემით აცხოვრებს. მაგრამ სწავლება, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს, არც სასულიეროა და არც საერო, ეს უფრო წინაპრების კოლექტიური ცნობიერებაა, სადაც ერთმანეთშია არეული ბუნებრივი მოვლენების საუკეთესო ცოდნა და წარმართული ცრურწმენები. მაგალითად, “თავთავს ფხაში რომ გახედავს” ციციკორემ ზედმიწევნით იცის, თუ როგორი ხვავი ექნება მოსავალს. იმავდროულად ყველას არწმუნებს, რომ ყორიანის ველზე დახოცილი მტრის სისხლი ადუღდა, ქართველებს ებრძვის და ამიტომ იქ საქონელი არ უნდა აძოვონ, თორემ დაეხოცებათ. ის დღეც იცის, როდესაც დარგული ხე თუ ხეხილი იხარებს, მაგრამ იმისიც სჯერა, რომ თუ დაგვალულ ბავშვს ბაგრატიონის გვარის კაცი სამ სილას გაულაწუნებს, ავადმყოფობა უკან დაიხევს. პირველის შემოწმება ადვილად შეიძლება, მეორესი არა და ვინაიდან ერთსაც და მეორესაც ციციკორეს ეკითხებიან, პირველის ჭეშმარიტება მეორეს სიბრიყვეს ვერ აბათილებს.
ცხოვრება წინ მიდის. ისტორიული პროცესების შედეგად ყველაფერი იცვლება, მასთან ერთად იცვლება სამყაროს შესახებ არსებული ფუნდამენტური შეხედულებებიც.
მაშ, რატომ შემორჩა ციციკორეს ეს ჟამგასული აზროვნება?
პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ იგი ყველანაირი სიახლის მტერია. მიწურში უკვე აღარავინ ცხოვრობს, ციციკორე კი ისევ ძველებურ ბნელ დარბაზში ბინადრობს. იმიტომ კი არა, რომ ქვითკირის სახლის აშენება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მას ახლებურად ცხოვრების სურვილი არ გააჩნია.
“აქ, ამ ბნელაში სიცოცხლე მირჩევნია თქვენს მზიურობას”-ო. ასეთია მისი პასუხი.
ციციკორე ერთნაირად ეწინააღმდეგება როგორც ახალი გზების გაყვანას, ისევე რკინის გუთანსა და კახეთის რკინიგზას.
“ღმერთო, შენ დაგვიფარე ამ ჯადოქრებისგან! ხომ გაგეგონებათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც.”
მისი დამოკიდებულება შრომასთან და საერთოდ სოფლის მოწყობასთან საუკეთესოდ მჟღავნდება ერთ ეპიზოდში, სადაც ამბობს:
“ვინც მორჩილია და გამგონი, ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს, ვისაც სახლისა, სოფლისა და მამულის უფროსი სწამს, იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის, იმას არც ვაზი უგდებს ყურს და არც თავთავი.”
ეს შტრიხი ციციკორეს პორტრეტის ლოგიკური დასასრულია.
ქართულ ლიტერატურაში ქართველი კაცის სიზარმაცეზეც ბევრი დაწერილა და გარჯილობაზეც უამრავი თქმულა. რომელი უფრო ჭარბობს, ძნელი დასათვლელია. არა მგონია სხვა ერებზე უვარგისები ვიყოთ, თუმცა დიდი ჯაფითაც თავს ნუ გამოვიდებთ. არა მგონია, ჩვენს გლეხზე ნაკლები ოფლი ჩამოსდიოდეს ვთქვათ მასაის ტომის მონადირეს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ცეცხლის დასანთებად ხანგრძლივი და დამღლელი შრომა უწევს იმ დროს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში ამ პროცესს რამდენიმე წამი ეთმობა. ფიქრობთ, მასაის ტომის მონადირეს ასანთის შეძენა არ შეუძლია? რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მისთვის კოცონის დანთებას საკრალური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ეს მისი კულტურის ნაწილია. ასე იქცეოდნენ მისი წინაპრები და ასევე მოიქცევა მისი შთამომავალიც. ეს მისი ცხოვრების ურღვევი ტრადიცია გახლავთ. მასაის ტომის მონადირემ ტრადიციების შენარჩუნების ფასად ცივილიზებულ სამყაროზე უარი განაცხადა. ინდოელმა მექოთნემ მშვენივრად იცის, რომ მექოთნეობა მისი წინაპრებისა და შთამომავლების მარადიული პროფესიაა, ეს მისი რელიგიური შეხედულებების ჯამია, ამიტომ საკუთარი კასტის წესებს დაიცავს, ცხოვრების შემოთავაზებას ბუნებრივად მიიღებს და საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად არასოდეს გაიბრძოლებს.
ის, რაც ოდესღაც წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებად გამოიყენებოდა, მათთვის განვითარებისა და არსებობის დამუხრუჭების საფუძველი გახდა.
შეიძლება ეს შედარება არც ისე სასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ თუკი ქართველი გლეხიც მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც ბაბუამისი აკეთებდა, ხოლო შვილიშვილიც იმასვე გაიმეორებს, შვილთაშვილს იმდენივე ექნება რამდენიც პაპის პაპას ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გვარს წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევია. ასეთი შრომა მხოლოდ არსებობის შენარჩუნება და ცხოვრების უსუსურ კალთაზე ჩამოკიდებაა. მასაის ტომის მონადირესა და ამ ქართველ გლეხს შორის ის მსგავსებაა, რომ მათ სატუსაღოდ გადაქცეული ტრადიციების დანგრევა არ უნდათ.
თუ კი ვინმეს სატუსაღოში ცხოვრება სიამოვნებს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ორი რამ უნდა გაითვალისწინოს 1)საკუთარ ბედზე აღარ უნდა იწუწუნოს და 2) ყოველთვის ახსოვდეს, რომ მისი ცხოვრების წესი სხვებისთვის სავალდებულო არაა.
კეთილდღეობა მხოლოდ პროგრესის გზით მიიღწევა და არა ველური შრომით. იგი მაშინაა შესამჩნევი და სასიამოვნო, როდესაც მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობ და ვთქვათ, მევენახე ბაბუას მეღვინე შვილი გაეზრდება, ხოლო შვილთაშვილი უკვე მეწარმე გახდება.
გოგლა ლეონიძე ბოროტების ბუნებაზე საკუთარ დაკვირვებას გვთავაზობს და დამაჯერებლად გვეუბნება, რომ ბოროტებას ის საზოგადოებრივი სისტემა ბადებს, რომელიც ადამიანებს გარკვეული იდეის საფუძველზე თრგუნავს, იმორჩილებს და იზოლაციაში აქცევს. სისტემა, რომლის თანახმადაც მას, ვინც სოციალური მმართველობის ფუნქციებითაა აღჭურვილი, უფლება აქვს სხვა ადამიანის ცხოვრება განსაზღვროს.
მუდამ სხვისი ზედამხედველობის ქვეშ თავჩაქინდრული, ღირსებააყრილი და მორჩილი ცხოვრება - ეს ის გზაა, რომლითაც ციციკორეს სოფელი მიჰყავს და სადაც ადამიანის ბედი და მისი კეთილდღეობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.
რაღა დარჩენიათ ამ საბრალო ადამიანებს?
ტანჯვით იბადებიან, წვალებით ცხოვრობენ და ავადმყოფობისაგან იხოცებიან. ასეთია ამ ხალხის ბედი. რისთვის მოვიდნენ? რისთვის იცხოვრეს? ნუთუ ცხოვრება ისეთი ბანალურია, რომ იგი სხვისი იდეების სამსხვერპლოზე უნდა მიიტანო? ან რა აზრი აქვს ისეთი ცხოვრებისთვის ბრძოლას, რომელიც მოკლებულია თავის ძირითად შინაარსს - სიყვარულს.
როგორც წესი, ასეთი ერი თავისი მდგომარეობის კომიზმს ვერ ამჩნევს, რადგანაც შეძლებულ და წარმატებულ სამყაროს მხოლოდ თავისი უნაყოფო ოცნებებით უპირისპირდება.
მაგალითად, დიაკვანი ელეფთერი, რომლსაც სულის უკვდავებაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ხორცის უკვდავებაზე ოცნებობს და დარწმუნებულია, რომ უკვდავების ვეშა-წყარო მას მარადიულ სიცოცხლეს აჩუქებს.
ბოგანო ელიოზს, რომლის მიწურის წინ ბუზებით სავსე მწვანე გუბე დგას და ცოლ-შვილი შიმშილით ეხოცება, ხელის განძრევა არ უნდა. ხან ოქროს კვერცხის მდებელ ქათამს დაეძებს, ხან ნათელთევზას და ხან ნატვრის ხეს, რომელიც მის გასაჭირს მოაგვარებს.
შვიდი დამშეული გოგოს პატრონი თაღრია დარწმუნებულია, რომ თუ მინდორში ოთხყურა ბალახს ოქროს ბეჭდით მოწყვეტს, ბედნიერებაც ეწვევა. მართალია ოქროს ბეჭედი არა აქვს, მაგრამ არც ესაა უბედურება. საკმარისია ჩაძინებულ მდინარეს მიეპაროს და რასაც შიგ ჩააგდებს, სულ ოქროდ გადაიქცევა.
ჩორეხი კი თვლის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა სულაც არაა საჭირო, რადგან ამ ქვეყანას თითის გაუნძრევლად, სასწაულის ძალით ეშველება.
“ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დადგეს და არწევენ ახლაც, ამწამს, შიგ ოქროს ხუჭუჭთმიანი ყრმა წევს, ჩვენი მომავალი, ის ყრმა გაიზრდება და გაათავისუფლებს საქართველოს.”
ძალაუნებურად გიჩნდება ტრაგიკული და ამასთანავე მტკივნეული განცდა საკუთარი სამშობლოს მიმართ, ვინაიდან ხვდები, რომ ამ ქვეყანას საოცნებო იმიტომ კი არ ჰქვია, თითქოს ვინმეს ოცნებები უსრულდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ აქ ოცნებების გარდა ადამიანს აღარაფერი დარჩენია.
საინტერესოა, სადაა თავად გოგლა ლეონიძის, როგორც ნაწარმოების ავტორისა და ამავე დროს ერთ-ერთი პერსონაჟის ადგილი ამ ტექსტში?
ალბათ გაგიკვირდებათ: ლოთ და მუქთამჭამელა ჭამპურასა და ქურდბაცაცა ქორიას გვერდით -
“ღვინო საყელოზე ჩამოგვესხა. ჩვენსა ქორიასა და ჭამპურას შორის ზღვარი წაშლილიყო.”
ყოველგვარი პათეტიკისა და ცრუ თავისქების გარეშე იგი საკუთარ ადგილს ლოთებსა და ქურდებს შორის განსაზღვრავს და არ მალავს, რომ ამ საზოგადოების ისეთივე წევრია, როგორც ჩამოთვლილი პერსონაჟები. თითქოს განაჩენივით ისმის, მაგრამ ეს ნაჩქარევი დასკვნაა, რადგანაც მხოლოდ მსგავი აღიარების შემდეგ შეიძლება როგორც ერთი პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების შეცვლა. გოგლა ლეონიძე თავისი სულიერი სამყაროსა და კანონების სპეციფიკას იკვლევს. ეს კი არა მხოლოდ თვითშეცნობის გულწრფელი აქტია, არამედ უზარმაზარი ბიძგიც, რომელიც ყველას საზოგადოებრივი მოვლენების შინაგანი ბუნების შეცნობისა და ჭეშმარიტების ძიებისაკენ უბიძგებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: