Tuesday, October 23, 2012

თემურ ჩხეტიანი – ახალი ლექსები















მთქნარება

მთქნარება ძილის წინ,
მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.
და ყველაფერი, რაც კი არის - მთქნარებებს შორის.

როგორც სიზმარი დღისა და ღამისა
თავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;
თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით...
მთქნარება გვიან საღამოს,
მთქნარება დილაადრიან.

ჰო,  ყველაფერი სიზმარია:
სიზმარი დღისა,
სიზმარი ღამისა -
ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,
თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;
ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;
მეტამორფოზებით
 და კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით...

ყველაფერი სიზმარია -
დაამთქნარე და დაიძინე;
გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.
მთქნარებისას კი დახუჭე თვალები
და წაუყრუე.

და მაინც... ერთხელ,
როცა დილით გაგეღვიძება,
დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,
შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,
გაგეფიქროს და გაგეღიმოს:
ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?
და ნუთუ ისიც ამთქნარებდა
 თვალმოხუჭული, წაყრუებული,
როდესაც ქმნიდა ?..

 25 იანვარი, 2012 წელი

ყანა, ვენახი, ძროხა...

ყანა, ვენახი, ძროხა...
და კიდევ - ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.

და უამრავი ხელი - ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.

ჩემთვის - ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
 შეყურებს იანვრის მზეს და  ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..

ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო  სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
29 იანვარი, 2012 წელი

კითხვა

როდესაც  ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი  ასაკის ადამიანები;

როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
 როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;

როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;

როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
 ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;

და, როცა სრულიად ბავშვი - გოგონა -  მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,

არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ - როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“

2011 წელი

გაცილება

დამემშვიდობნენ...
ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ.
დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი,
სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა.

მერე სუფრა ავალაგე,
ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი;
ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი,
ვრეცხავდი და  ისევ ისე მეღიმებოდა...

თეთრ ნიჟარაში
ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით
ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი
ჩამომიგორდა მარგალიტივით.

ქოთნის ყვავილი

ორი დღის შემდეგ
დედას დაბადების დღეა,
თერთმეტი დღის შემდეგ -
მისი გარდაცვალების...

ეს ქოთნის ყვავილი კი
ისევ ისე ჰყვავის,
როგორც მაშინ,
როგორც ათი წლის წინათ.
...

5 სექტემბერი, 2012 წელი

მამას  დაბადების  დღე

სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას -
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი...

როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ !..

და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას - შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.

18. 10. 2012 წელი


გარდაცვლილთა მოხსენიების დღე

ხალხმრავალია სასაფლაო -
თითქმის ყველა საფლავთან დღეს ვიღაცა მიდის.

რაოდენობა - რიცხვი მომსვლელ ჭირისუფალთა
ლამის კიდეც უტოლდება
მათ რიცხვს, ვინც აქ მიწისქვეშ წვანან.

წონასწორობა დროებითი, თუნდაც ერთი დღით
და თითქოს ამის აღსანიშნავად
სახელდახელოდ გაშლილი სუფრა -

საერთო სუფრა
ნაღვლიანი ტრაპეზისათვის.

17 აპრილი, 2012 წელი


მსხმოიარენი

სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.
დაისხა და როგორ დაისხა! - ვეღარ გაუძლო -
ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,
ჩამოეხლიჩა.
ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო,
არ იჭმებოდა -
მეზობელმა გამოკრიფა - ღორისთვის წავიღებო.

ცოტა ხნის მერე
თითქმის ასე მოუვიდა
ახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს:
მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა.
ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამ
საჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა -
 ბევრი არ ვარგოდა...

მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ -
მსუბუქად ვარ
და ალბათ ბევრიც გაიფიქრებს:
არაფერი არ ამძიმებსო.
ჰო, მსუბუქად ვარ -
იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება -
წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.

17 ივლისი, 2012 წელი.

წყურვილი

რადგან  ღამეა,
სიბნელეა
და ცაზე  მხოლოდ ვარსკვლავები ჩანან,
მზე  გაქრა?

რადგან ვერ გხედავ,
ვერ გეხვევი,
ვერ  გეფერები,
აღარ  მიყვარხარ ?..

გრაფინიდან  ჭიქაში ვისხამ
წყალს  და  ვეწაფები,
ნაკადული კი
სადღაც  სხვაგან  მიედინება.

დაუმთავრებელი  ამბავი

როცა ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს
და ერთმანეთი გვიხაროდა,
შენ მიამბობდი ხოლმე ერთ საინტერესო ამბავს,
მიამბობდი ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად,
მიამბობდი ჩვენსავით ორი ადამიანის შესახებ
და მეც გულისყურით გისმენდი.

ის ამბავი ჩვენი ამბავივით უფრო და უფრო
საინტერესოდ ვითარდებოდა
და მე ყურადღებთ ვიყავი ორივეგან:
იმ ორი უცნობი ადამიანის თავგადასავალშიც
და, რა თქმა უნდა, იმ ამბავშიც,
რაც ჩვენს შორის იყო და ხდებოდა.

მთლად ათასერთი ღამე არა,
მაგრამ ჩვენი და მათი ამბავიც
კარგა ხანს გრძელდებოდა;
გრძელდებოდა და დასასრული
თითქოს არც მას ჰქონდა და არც ჩვენსას უჩანდა.

მაგრამ მოხდა და, ჩვენი ამბავი უეცრად შეწყდა.
შეწყდა, თუმცა არანაირად არ დასრულებულა.
თავისთავად შეწყდა იმ ორის ამბავიც,
რომელსაც ასე ხატოვნად მიამბობდი;
მიამბობდი და მე გისმენდი;
გისმენდი და ერთად ვიყავით.

ერთბაშად შეწყდა ორი ამბავი -
ჩვენიც და მათიც.
ჩემთვის ეს ამბები არ დასრულებულა.
ჩვენი ამბავი ალბათ შენთვისაც არ დამთავრებულა,
თუმცა იმ ორის ამბის ბოლო,
ცხადია იცოდი;
იცოდი, მაგრამ ისე მოხდა,
რომ ვეღარ მიამბე.

მეოთხე  ღამის  ტანკა

როცა გრიგალმა
ლამის ყველაფერი თან გაიყოლა,
აქა-იქ
და უფოთლებოდ დარჩენილმა ხეებმა
ვარსკვლავები გამოისხეს.

სამი  ჰაიკუ

* * *
შენთან რომ მოვიდე,
გზად ჭაობი უნდა გავტოპო,
ალუბლის ყვავილო.

****
ღამით - ხმები რბილად დაცემის,
დილით კი მწიფე გულაბები -
მწვანე ბალახზე.


შემოდგომა

ცის ლურჯ დაფაზე
უკვე  წაშლილია
მერცხლებით  ნაწერი.

სამი მინიმა
***
ბევრი არაფერი,
სულ სამი რამ გამიტყდა
მთელი წლის მანძილზე:
ჭიქა, საფერფლე, გული.

* * *
მეც ვცადე
სინამდვილისთვის თვალის გასწორება,
მაგრამ უმალ
თვალები დამთხარეს.

***
"Nescafe Gold"-
ის მწვანე გემო,
ფანჯრის მიღმა კი
ნირწამხდარი ვარდი...
შემოდგომაა.

© “არილი

No comments: