Wednesday, September 10, 2008

ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

პერ პეტერსონი
”გაქცეული ცხენები”
Per Petterson
OUT STEALING HORSES
258გვ Graywolf Press



ტრონდ სანდერი მარტო დარჩა - მას მეუღლე და და დაეღუპა, ახლა კი ამ ტკივილის განკურნებას სწორედ მარტოობით ცდილობს. არავითარი დრამატიზირება - უბრალოდ, სურს, სახელმწიფო სუბსიდიაზე იცხოვროს და ძველი ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამასობაში საინტერესო დასკვნამდეც მიდის - თურმე იღბლიანი ადამიანი ყოფილა - მისი ცხოვრებისეული მისწრაფება ხომ ყოველთვის მარტოობა იყო?.. ვითომ, მეუღლის დაღუპვამ ის უბრალოდ გაათავისუფლა? საინტერესოა სკანდინავიელის თვალით დანახული განსხვავება მარტოობასა და გარიყულობას შორის... ნორვეგიელი მწერლის, პერ პეტერსონის ახალი რომანი სულ ცოტა ხნის წინ IMPAC-ის ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.


ნაიალ გრიფიტსი
”ლილიპუტი”
Runt
Niall Griffiths
149გვ Jonathan Cape



ნაიალ გრიფიტსის ახალი რომანის პერსონაჟი ეპილეფსიით დაავადებული პატარა ბიჭი - ლილიპუტია. იგი 16 წლის ასაკში სიხარულით ტოვებს სკოლას და ბიძამისის ჯოჯოხეთურ ფერმას. მამა არ ჰყავს. დედა კი ცდილობს, შეინარჩუნოს შეურაცხმყოფელი ურთიერთობა მამინაცვალთან... ბიჭის ერთადერთი მეგობარი მისივე ძაღლია, რომელთან ერთადაც სახლის წინ მიგდებულ, მიტოვებულ ჟანგიან მანქანაზე წვიმის წვეთების ხმას უსმენს ხოლმე. მორიგი წვიმისას ბიჭს იდეა მოსდის - გადაწყვეტს, ძაღლთან ერთად შეთქმულება მოაწყოს მამინაცვლის წინააღმდეგ და, არც მეტი, არც ნაკლები - მოკლას იგი, ისე, როგორც მტაცებელი ფრინველები ხოცავენ თაგვებს. ”ჩვენ ვქმნით მონსტრებს, იმისთვის, რომ ხანდახან სწორედ მათმა არსებობამ შეგვახსენოს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში,”- ამბობს გრიფიტსი თავისი ახალი რომანის შესახებ.


ინგო შულცე
”მობილური ტელეფონი”
Ingo Schulze
Handy
280გვ Berlin Verlag



1999 წლის დეკემბერი, საახალწლო ღამე - ბერლინი ათასწლეულის დასასრულს ხვდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, ფრანკ რეიხერხტი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მუშობს, საშობაო არდადეგებზე შინ ბრუნდება, და სწორედ ათასწლეულის მიჯნაზე ხვდება იულიას, თავის ძველ, დაკარგულ შეყვარებულს. არადა, დაშორებიდან მთელი წლის მანძილზე არაამქვეყნიურივით დაბოდიალობდა აქეთ-იქით, არც კარიერული წარმატების გემო გაუგია და ვერც ახალ ნაცნობებთან მოძებნა საერთო ენა. ყველგან იულიას აჩრდილი დაჰყვებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. ახლა კი, როცა მისთვის ახალი ათასწლეული სასწაულებითა და ბედნიერებით იწყება, ცოტა არ იყოს, დაბნეულია...
ეპოქალური რომანის ”ახალი ცხოვრების” (Neues Leben) შემდეგ ეს წიგნი თანამედროვე გერმანელი მწერლის, ინგო შულცეს, მეორე სერიოზული ნაშრომია.


ფრედერიკ ბეგდებერი
”მიტევებაში დახმარება”
Au secours pardon
Frédéric Beigbeder
318გვ Grasset & Fasquelle



99-ფრანკიანი სარეკლამო განცხადების ავტორი ოქტავი კვლავ ბრუნდება. ამჯერად ის დიდი ჩრდილოეთის დედაქალაქში, მოსკოვში, დახეტიალობს - არც მეტი, არც ნაკლები, ახალი პროფესია შეიძინა. ეს სწორედ ის არის, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა - სამოდელო სააგენტომ მას ქვეყნის ულამაზეს გოგონებს შორის საუკეთესოების არჩევა დაავალა. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყველა გოგო გაუცნობიერებლად ცდილობს, ერთსა და იმავე მითიურ არსებას დაემგვანოს, და მეტ-ნაკლებად გამოუდით კიდეც ეს... აი, სანკტ-პეტერბურგელი მოზარდი ლენა კი სულაც არ გავს სხვებს, რაც ოქტავის ყურადღებას მიღმა არ რჩება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - გოგონა ოქტავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდება...


“დივისადერო”
Mმაიკლ ონდაჩე
“Dივისადერო”
Mიცჰაელ Oნდაატჯე
273გვ. Aლფრედ A. Kნოპფ



ქუჩას, სადაც ანა ცხოვრობს, “დივისადერო” ჰქვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური სიტყვის ”დივისიონ”-ის (”გაყოფა”) მიხედვით ეს ქუჩა გამყოფი ხაზი უნდა ყოფილიყო სან-ფრანცისკოსა და პრესიდიოს ველებს შორის, ან კიდევ, ეტიმოლოგიას უფრო თუ ჩავუღრმავდბით, ისიც დასაშვები იქნება, რომ რომანს იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც შორი დისტანციიდან აკვირდება რაღაცას. ასეა თუ ისე, ანას თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ მკითხველს სრული თავისუფლება ექნება, თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაარქვას რომანს სახელი. ახალი წიგნის პერსონაჟი ონდაჩეს ერთგულ მკითხველს რაღაცით იმავე ავტორის ”ინგლისელი პაციენტის” ჰანას მოაგონებს. ”დივისადერო” მწერლის მეხუთე რომანია.


ტენესი უილიამსი
”უბის წიგნაკები”
Tennessee Williams
Notebooks
784გვ Yale


ინგმარ ბერგმანის პირველი საღამო ნაციონალურ თეატრში (1970) კინაღამ ჩაიშალა საშუალო ასაკის წვერებიანი მამაკაცის გამოხდომის გამო, რომელიც პარტერში თავის მშვენიერ კომპანიონთან ერთად იჯდა და მეგი სმიტის ყოველ წარმოთქმულ ფრაზასა თუ მიხრა-მოხრაზე ხმამაღლა ხარხარებდა. აბეზარი მაყურებლის საქციელმა საღამო კომედიად აქცია. ღონისძიების მსვლელობისას მას რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც, დაეტოვებინა დარბაზი. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები - ტენესი უილიამსი იყო, 20-ე საუკუნის ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. მისი ცხოვრება ბოჰემური თავგადასავლებით, ალკოჰოლიზმითა და ეპატაჟური გამოხდომებითაა დატვირთული, შესაბამისად, წიგნში თავმოყრილი მისი მოღვაწეობის ისტორიებიც სხვადასხვა საინტერესო და დღემდე უცნობი ფაქტების მომცველია.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: