რექვიემი დედას
სად გეჩქარებოდა,
ჩამომჯდარიყავ გზასთან ძელსკამზე
და დედის თხოვნა შეგესმინა,
დაგეცადა ცოტა ხნით მაინც.
ვისთან მიდიოდი, ვინ გელოდა ქალაქში,
სადაც ერთმანეთს ტკეპნიან ქუჩები და ადამიანები,
სადაც ათასი ხიფათი ჩასაფრებულა ყოველ ნაბიჯზე,
სადაც ხეებიც ისე იყურებიან ზემოდან ქვევით -
ყოვლისმხილველებივით
და არაფერი აღარ აოცებთ,
არც თვითმკვლელობა, არც მკვლელობა
და აღარც კვდომა თანდათანობით,
თანდათან ხომ ყველანი ვკვდებით.
აღარ აოცებთ, არც ისინი ნაგავში რომ იქექებიან
და აღარც წყვილთა მშიერ მკლავებზე
გადაწვენილი ღამეების ატორტმანება -
ცა რომ უკუღმა ამობრუნდება
და ვარსკვლავები როგორ ჩნდებიან
ისიც კი მოჩანს.
სად გეჩქარებოდა,
რა მაგნიტი გიზიდავდა იქითკენ,
სადაც ყოველდღიურად კლავენ ერთმანეთს
და მრავალსართულიანი სახლის ფანჯრები
ვეღარაფერს ამჩნევენ საკუთარი ჩარჩოების გარდა.
სად გეჩქარებოდა,
ჩამომჯდარიყავ გზასთან ძელსკამზე,
ანდა სულაც,
გზისპირას ამოსულ ნარშავის ყვავილივით გაგეღიმა,
კიდევ გეთქვა რამდენიმე სიტყვა
და ეკლები გადაგემალა,
რომელსაც დედა მუდამ ამჩნევდა,
რამდენიმე წუთით გაგეხანგრძლივებინა იქ ყოფნა -
დედის სიახლოვეს და გეყურა
დაკოჟრილ თითებში როგორ მალავდა
ჰაერს ვარდივით.
ცოტა ხნით დარჩი...
ეს სამი სიტყვა ჩაეჭედა მეხსიერებას
და ჩვეულებრივ სამკუთხედივით,
როგორც არ უნდა შეაბრუნო
ხომ სულერთია?!
ნეტავ, შენს კართან ღამე მეთია
და შორიახლოს, ხმაგაკმენდილს ჩემთვის მესმინა,
როგორ ამბობდა შებინდება თავის სათქმელს
შაშვის გალობით,
რა მოწყენილად მშვიდდებოდა პატარა ეზო,
რომელიც მარტო დარჩენილიყო შენთან ერთად
და ჩემს ჯიუტ და უდიერ ნაბიჯს ითვლიდა -
სადღაც, ქალაქისკენ
და ჩვენს შეხვედრას ერთი კვირით
სათუოს ხდიდა.
ხანმოკლე იყო ჩვენი შეხვედრა,
ნახევარი საუკუნე ისე გაგვიქრა,
რომ რიგიანად ერთმანეთს ვერ გავესაუბრეთ,
რადგან მთავარი იყო საქმე -
სიცოცხლეს რომ აღემატება -
ენერგიული ნაბიჯებით
და არაფრისკენ მუდმივი სწრაფვით.
ახლა ვფიქრობ -
ღობის ძირას ამოსული ნარშავი შენ ხარ
და სულს მიკაწრავს შენი ეკლები
და ის ყვავილი ეკლებიდან ამოშვერილი -
არის წერილი,
რომლის წაკითხვა ვერ მოვასწარი,
ხანმოკლე იყო ჩვენი შეხვედრა
და ყულფად იქცა დროის ბაწარი.
სად მეჩქარებოდა,
ჩამოვმჯდარიყავ ძელსკამზე და შენთვის მესმინა...
ახლა ჩავრგავ დაქანცულ თავს ჩემს ხელისგულში,
რომელიც თითქოს შენი კალთაა,
მერე კი გავშლი ხელებს, რომ სადმე გადავიკარგო,
ვიდრე უკან დაგიბრუნდები,
ამ წასვლა-მოსვლას რაღაც ჰქვია
და რატომღაც დიდხანს ვუნდებით.
P.S.
მე მიხარია, რომ შენს მზერაში
ზოგჯერ დედაჩემს წავაწყდები,
სწორედ ისეთს,
მე რომ ზღაპარს მიამბობდა
და შენსავით იღიმებოდა.
ზღვის მონატრება
1.
გაგრძელებაა ზღვა ჩემი სიზმრის
და მე არ ვიცი, სად დავმთავრდები,
დასაწყისივით ნაპირი ისმის
და ეზო იწვის ღობის ვარდებით.
ვწევარ, ვისრუტავ სივრცეს უძიროს,
ხან მეჩვენება სივრცე მისრუტავს,
თვალმინაბულმა უნდა ვუცქირო
ყველაფერს, რაც კი არ ამისრულდა.
გადაიფრენდეს ამ ცაზე ქორი
და გაბზარავდეს ცას გაუბზარავს,
გავრცელდეს, როგორც საშიში ჭორი
მავანმა მავანს რომ გაუგზავნა.
...და მიმზიდველად გაწვდილი ყელი
ვნებიან თვალის სურვილებს იკრობს,
ისე სწყურია სიცოცხლე ყველას,
რომ უნებლიეთ სიკვდილზე ფიქრობს.
2.
შებინდებისას შენს ლამაზ კისერს
მიეტმასნება ვნების ვარსკვლავი,
დაეძებს შენი თვალების გიშერს -
შენს ღამეებში გასანასკვავი.
შენ ამოდიხარ ტალღის ჩქამიდან,
მხოლოდ თვალებით დაგედევნები
და მზეს, რომელიც ზღვაში ჩავიდა,
აქ რჩება სითბო შენი მტევნების.
უძილობა
არსებობს. მიყვარს. პირჯვრით, ამ ხელით
შევიგრძნობ წუთებს გულში ჩათესილს
და ყველა სიტყვას ფიქრში გამხელილს
შემოუნახავს ხმა უმჩატესი.
ამ ხმას ველური სისხლი ხატავდა,
რომ წაერთმია ხმა სამუდამოდ
ხმისთვის, რომელიც თითქმის გათავდა
და თვალებისთვის იყო უდაო:
რომ ამ ბგერებში ფერთა სიმკვეთრე
ერთიმეორის დამამუნჯები,
სადღაც მალავენ ჩამქრალ სიკეთეს,
რითაც სავსეა ხსოვნის უჯრები.
აქ მუდამ არის ვიღაც მესამე
და იწელება ისევ ის ღამე,
წუთები ისევ ტკივილს კემსავენ
და გაურკვეველ ნაყოფს ისხამენ.
დაინაწილეთ ჩემი სხეული,
შემსვით, წუთებო და საათებო,
დროო, ღამეში გამოხვეულო,
გაუთევარო ან გასათევო.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment