ანტაგონიზმი
როცა რაღაცის მოლოდინი
სხვა რამეს აფერხებს,
გრძნობენ თუ არა ამას თითები,
მაგიდაზე რომ ნერვიულად აკაკუნებენ?
გრძნობენ თუ არა ამას თვალები,
მტვრიან გზას რომ გაჰყურებენ ღია ფანჯრიდან?..
გზაზე ზოზინით გაიარა ძველმა მანქანამ
და მანქანისგან აშლილ მტვერში
მისუნსულებს გამხდარი ძაღლი.
ისევ ჩვეული ხერხებით გიტევს
ალესილი ნაშუადღევი
და კიდეც სჯერა,
რომ თეთრ ალამს უფრიალებ.
იბზარება ციხე შიგნიდან
და შემინული კარადიდან
ყველა წიგნი ამრეზით გიმზერს...
რა იქნა ის კრაზანა,
ოთახში რომ შემობზუილდა?
თუ უკვე წავიდა,
რას დაუთმო მან ასპარეზი -
სიბრაზეს თუ მოწყენილობას?
* * *
ზაფხულს რაღაც აქვს ჩემთვის სათქმელი
და ეს "რაღაც" მე უნდა მითხრას.
მაგრამ არ ვიცი, რომელ დღეს მეტყვის,
არ ვიცი - დილით? იქნებ საღამოს?
არ ვიცი, ვისი პირით გამიმხელს
ზაფხული სათქმელს - ჩიტის ჭიკჭიკით?
ბროწეულის ყვავილით თუ მეზობლის გოგოს
ლამაზ ღიმილით? და... ველოდები -
ზაფხულს რაღაცა აქვს ჩემთვის სათქმელი;
არ მინდა, რომ გამომეპაროს.
მარცხნიდან მარჯვნივ
მარცხნიდან მარჯვნივ.
მიმართულება: მარცხნიდან მარჯვნივ
მიმართულება - ბედისწერა - მარცხნიდან მარჯვნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ:
ხელის ჟინნარევ მოძრაობით - მარცხნიდან მარჯვნივ.
და იგივე ხელი - Kალიასავით - მარჯვნიდან
მარცხნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ.
იმთავითვე მარცხნიდან მარჯვნივ.
ერთი და იგივე სხვადასხვანაირად,
მრავალჯერ განვლილი გაუვლელი გზით:
მარცხნიდან მარჯვნივ:
დღისით თუ ღამით - მარცხნიდან მარჯვნივ
და ამინდისდა მიუხედავად - მარცხნიდან მარჯვნივ,
ხელის დაძაბული მოძრაობით - მარცხნიდან მარჯვნივ
და იგივე ხელი - Kალიასავით - მარჯვნიდან
მარცხნივ.
ისევ და ისევ - მარცხნიდან მარჯვნივ.
ტკივილით, მაგრამ შვებისთვისაც - მარცხნიდან მარჯვნივ;
ზოგჯერ ამაო მონატრებით - მარცხნიდან მარჯვნივ,
უფრო კი შემდეგ, რაღაცის შემდეგ - მარცხნიდან მარჯვნივ.
დაცემის შემდეგ, დაკარგვის შემდეგ,
თუნდ სიყვარულის ცრემლების შემდეგ;
სასოწარკვეთის ჟამსაც ასე - მარცხნიდან მარჯვნივ
და გარდაცვლილისთვის დანთებული სანთლიდანაც - მარცხნიდან მარჯვნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ.
ხელის ნერვიული მოძრაობით - მარცხნიდან მარჯვნივ
და იგივე ხელი - Kალიასავით - მარჯვნიდან
მარცხნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ.
დღისით თუ ღამით - მარცხნიდან მარჯვნივ,
დარშიც, ავდარშიც - მარცხნიდან მარჯვნივ,
ისევ და ისევ, უთვალავჯერ - მარცხნიდან მარჯვნივ,
ერთი და იგივე ათასნაირად - მარცხნიდან მარჯვნივ,
მარცხნიდან მარჯვნივ
და არა პირიქით: მარჯვნიდან მარცხნივ,
ან სულ სხვანაირად - ზემოდან ქვემოთ,
არც თითების კაკუნით - აქეთ და იქით...
აქ არაფერ შუაშია სარწმუნოება, პოლიტიკა, გეოგრაფია,
თუმცა ესეც უძველესი რიტუალია,
რიტუალი თამაშისმაგვარი - მარცხნიდან მარჯვნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ:
ასოებად, სიტყვებად, სტრიქონებად.
მარცხნიდან მარჯვნივ:
სტროფებად თუ ანტისტროფებად,
წესით და რიგით, არეულ-დარეულად...
მარცხნიდან ანუ გულის მხრიდან - გულიდან - მარჯვნივ.
- გულიდან საით? გულიდან ვისკენ? -
უმისამართოდ?.. - მარცხნიდან მარჯვნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ და არც კი ფიქრად:
"მარცხიდან საით?" ან სულაც "რატომ"?
მარცხნიდან მარჯვნივ,
ახლაც, ამ წუთას - მარცხნიდან მარჯვნივ,
ხელის დაღლილი მოძრაობით - მარცხნიდან მარჯვნივ
და ეს ხელი - Kალიასავით - მარჯვნიდან
მარცხნივ.
მარცხნიდან მარჯვნივ,
მარცხნიდან ანუ გულის მხრიდან - გულიდან - მარჯვნივ.
- საით? ვისკენ? - უმისამართოდ?..
- მარცხნიდან მარჯვნივ!
* * *
დღეს დილით უნდა წამოსულიყვნენ,
გზად ჩემს სოფელზეც უნდა გაევლოთ.
ალბათ კიდევაც გამოემგზავრნენ
და იხალისეს, როგორც სჩვევიათ;
გაიარეს, უკვე ადგილზეც
მივიდნენ და დასცეს კარავი...
ჩემს კარს საღამოც არ აჭრიალებს.
მეგონა, ვინმე მომაკითხავდა.
ინტერესები
თამრიკო ლებანიძეს
რა ეკარება გულს და რა არა?
რომელ სიტყვას და ვის სახელს იტოვებს ხსოვნა
ჩვენგან ახლოს - ხელმისაწვდომზე
და რომელ სიტყვას ან შემთხვევას
მოისვრის ხოლმე დასაკარგავში,
"ქვეცნობიერად" რომ ითქმის და რომ იწოდება?
დავიწყებული კი არ ნიშნავს დაკარგულს -
არ იცი, თავს როდის შეგახსენებს,
სად და როგორ წამოგიტივტივდება
და რანაირ ფიქრს მოიყოლებს...
"ვისკონტი" ეკონომიკური ტერმინია
და არ მახსოვს, რას ნიშნავს და საიდან მოდის.
მაგრამ მახსოვს ვისკონტის ფილმი
"როკო და მისი ძმები". მახსოვს,
იმ ფილმის ანი ჟირარდო როგორ მიყვარდა.
მახსოვს "სიკვდილი ვენეციაში".
ფილმზე უკეთ მოთხრობა მახსოვს -
წაკითხული, გადაკითხული.
და წიგნებიდან მახსოვს ისიც,
თუ რენესანსის ეპოქაში
რას იქმოდა ვისკონტების საგვარეულო.
საგვარეულო, დინასტია -
სისასტიკით და სიმდიდრით გამორჩეულნი;
კაცთმოძულენი, ძაღლთმოყვარენი,
მაგრამ მაინც დაფასებულნი,
დაფასებულნი იმდენად, რომ მათ სტუმართ შორის
თვით პეტრარკაც იხსენიება.
რა ეკარგება გულს და რა არა?
რა გვახსოვს და რა გვავიწყდება?
ან მე რატომ წამომაგონდა
დავიწყებული ტერმინი "ვისკონტი",
ოღონდ სულ სხვა მნიშვნელობით და სახეებით?
. . . .
იაფფასიან სიგარეტის კვამლს მოსდევს ფიქრი
და ნაღვლიან ღიმილს მიტოვებს:
რა ტყუილად მისწავლია ეკონომიკა.
ცხოვრებისა ხომ
ვერც გავიგე ანი და ბანი.
დაგვიანებულები
დავიგვიანეთ.
ჩვენი მატარებელი უკვე წასულია, ბობ,
სხვა მატარებელი კი, მართალია, მალე გამოივლის,
მაგრამ ის ამ ბაქანზე აღარ გაჩერდება.უცბად გაიქროლებს ის მატარებელი
და ჩვენ მხოლოდ იმას თუ მოვასწრებთ,რომ ვაგონების ფანჯრებს მიღმა
დამცინავი სახეები წარმოვიდგინოთ.
უკან დაბრუნებაც არ გამოვა, ბობ,
ის გზა ხომ ჩვენს კვალდაკვალ წაიშალა;
ვერ აღვადგენთ, ვერ დავბრუნდებით.
მაგრამ, რომც მოხდეს სასწაული და დავბრუნდეთ,
იქ დარჩენილთა ქილიკს რა გაუძლებს,
ასე ცარიელ-ტარიელს და
ჩამოძონძილებს რომ დაგვინახავენ.
დავიგვიანეთ, ბობ, ძამიკო,
სამწუხაროდ, დავიგვიანეთ.
როგორ მოვიქცეთ? – აქ ხომ არ დავრჩებით,
ამ ხრიოკ ადგილას?
იქნებ ფეხით გავუყვეთ გზას
და სადმე უკეთეს ადგილას ქოხი ჩავდგათ,
წავიმუშავოთ და ფერმაც გავმართოთ?..
მაგრამ საქმეს რომ დაინახავენ,
ხომ მოგვდგებიან გაბღენძილი ჩინოვნიკები:
- “ვინ ხართ? ვინ ყრიხართ?
უკანონოდ გარჯილხართ და, კეთილ ინებეთ,
აიყარეთ
და აქედან დაახვიეთო!..”
დავიგვიანეთ, ბობ, ძამიკო,
ჩვენი მატარებელი კარგა ხნის წასულია.
დავიღალეთ. უკვე ბინდდება...
მოდი, ჩამოვსხდეთ;
ჩამოვსხდეთ და თითოც გადავკრათ –
აქამდე მოგვყვა ლუკმაც, სასმელიც.
გადავკრათ და ვიმუსაიფოთ.
მერე მივწვეთ აქეთ-იქით ლიანდაგებზე;
ერთ მხარეს მე ვიზამ თავს და მეორეზე – შენ.
ცუდი ბიჭები არ ვიყავით
და ცუდ ვალეტს არ დავხატავთ, ასე მგონია.
წამოვწვეთ, ბობ,
წავიოცნებოთ
და ვარსკვლავებს მაინც ვუყუროთ,
ვიდრე თვალს რული მოგვეკიდება.
დალტონიკები
ჩვენ ვსხედვართ იაფფასიან დუქანში,
ვსხედვართ ამოჩემებულ მაგიდასთან,
სხედვართ ერთად
ერთნაირი საფიქრალით შეპყრობილები
და სხვანაირად ვხედავთ სამყაროს.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ კონფესიას
და არცერთ რელიგიურ სექტას;
არ ვემხრობით არცერთ პარტიას,
რადგანაც ვართ რწმენადაკარგულნი
და ვართ აპოლიტიკურნი.
ნუ შეგაცბუნებთ ჩვენი იერი:
ჩვენი გაქუცული თავები
და ჩვენი დაღარული სახეები –
არავის ვერჩით,
ჩვენ მხოლოდ ჩვენს ჭიას ვახარებთ.
გაგვიუცხოვდა წითელი ფერი,
მძაფრი და სიმბოლური,
და სხვანაირად ვხედავთ სამყაროს:
ფოთლისფერია წითელი ავტობუსი,
მოლისფერია ქალის ბაგე, ძუძუსთავები,
ხოლო ღვინო ჩვენს სასმისებში,
წითელი ღვინო – ზღვისფერში გადადის.
ჩვენ ვსხედვართ გაქუცულ მაგიდასთან
და ვსვამთ ჩვენს ზღვისფერ ღვინოს,
ვსვამთ და თვითონაც ვხმაურობთ ზღვასავით;
ჩვენ ერთად ვტორტმანებთ ზღვასავით
და ერთად ვმღერივართ დაკარგულ სიყვარულზე,
რომელიც ოდესღაც
მუქი წითელი იყო.
ზღვის მაშვრალნი
ზღვა არის წყნარი,
ტოკავს ტივტივა...
მას ჩაეძინა ანკესით ხელში.
ჩაეძინა ზღვის მყუდრო ნაპირას,
სადაც ბოლო ხანს დადიოდა;
დადიოდა ანკესით და ვედროთი ხელში.
ზღვის მყუდრო ნაპირას –
ის მოხუცი მეზღვაური,
ქალაქისა და ხალხის თვალს მოშორებული,
თავისი ხანგრძლივი და მართლაცდა ქარიშხლიანი
ცხოვრების მიწურულს.
ზღვა არის წყნარი,
ტოკავს ტივტივა...
საათობით იჯდა ხოლმე ანკესით ხელში.
თევზაობდა, უფრო კი ფიქრობდა
და გარდასულს იხსენებდა;
იხსენებდა და დროდადრო ეღიმებოდა,
ეღიმებოდა დროის მიღმა და ამ ზღვის მიღმა.
ახლა მას სძინავს ანკესით ხელში,
მის ხელს მაგრად ჩაუბღუჯავს ანკესის ტარი.
სძინავს მოხუცს და, ვინ იცის, სადღაც სიზმარად
ხედავს იმას, რაც უნახავს,
რაც ახსოვდა, ან იხსენებდა:
გემებს, ზღვებსა და თავგადასავლებს;
პორტებს, ქალაქებს, ადამიანებს...
იქნებ, არც რამეს, არც არავის,
უბრალოდ – სძინავს.
ზღვა არის წყნარი,
ტოკავს ტივტივა –
ეს ნემსკავზე წამოგებული
თევზი ჭიმავს ანკესის ძუას,
ხრის და არხევს ანკესის წვეროს;
რა ხანია არხევს და ცდილობს
მიძინებული მეზღვაურის გამოღვიძებას.
ლოდი, ცხვარი და სახლიდან წასული
მე შინ ვბრუნდები.
შინ ვბრუნდები დიდი ხნის წასული.
ნახეტიალები
და იმედებგაცრუებული;
შინ ვბრუნდები ცარიელ-ტარიელი,
მშიერი და ჩამოძონძილი.
შინ ვბრუნდები
და წინ კიდევ დიდი გზა მაქვს მამის სახლამდე –
არ ვიცი, იქ ვინ დამხვდება, როგორ დამხვდება,
მაგრამ ვბრუნდები –
ჩემთვის ახლა ერთადერთი გზა
მამისეული სახლის გზა არის.
მე შინ ვბრუნდები –
ჟამი მიდგას დაბრუნებისა.
შინ ვბრუნდები და გრძელი გზაც გამოვიარე,
გრძელი გზა და უფრო ძნელი გზა –
თვითონ წავედი
და თვითონვე მივხვდი მისახვედრს:
დავმარცხდი და უნდა დავბრუნდე.
მე შინ ვბრუნდები
და ძნელი გზაც გამოვიარე.
ბევრი ვნახე,
ზოგმა თვალიც გამომაყოლა:
თანაგრძნობისაც,
ალმაცერიც
და ზიზღნარევიც –
მე ხომ მწირი და ბოგანო ვარ,
ჩამომხმარი, ფეხებდამსკდარი.
მე შინ ვბრუნდები
და დიდი გზაც გამოვიარე.
ბევრი ვნახე,
ზოგი კიდეც დამამახსოვრდა:
ვნახე მუშაკნი ვენახისა,
ვნახე ერთგან უქმად მდგომებიც;
ვნახე სახლის მაშენებელნი,
სასოებით რომ შეჰყურებდნენ მაღალ კედელზე
თავკიდურად შემოდებულ ლოდს;
და ისიც ვნახე,
როგორ ხარობდა მწყემსი ვინმე,
თავის ფარიდან დაკარგული ცხვარის მპოვნელი...
მე შინ ვბრუნდები
და წინ კიდევ სავალი მაქვს მამის სახლამდე –
გზა მტვრიანი, გზა უსწორმასწორო.
არ ვიცი, იქ ვინ დამხვდება, როგორ დამხვდება,
მაგრამ ვბრუნდები,
მივდივარ და წინ ვიყურები.
და მე ახლა ერთი სული მაქვს,
რომ დავინახო მამისეული სახლის კერიდან
ამომავალი კვამლი.
5 ივლისი
ყოველ წელიწადს იკვრება წრე
ამ დღე-წერტილში.
იკვრება და ვიწროვდება
უფრო და უფრო.
ვიწროვდება იმდენად, რომ
უკვე მიჭირს სიტყვა და სუნთქვა...
ალბათ წელსაც ასე იქნება -
მოვლენ და მეც გამაცინებენ;
მომეხვევიან, რომ ეს ყულფი
შემიმსუბუქონ.
მე კი ხმამაღლა თუ ვერ ვიტყვი,
ვიფიქრებ მაინც:
"ძვირფასებო,
მიყვარხართ და ამის მეტი
მოსალოცი
არაფერი მაქვს".
© “ცხელი შოკოლადი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment