Sunday, November 9, 2008

სანდრო ნავერიანი

მამა


რომი მაგარი ქალაქია. ქალაქი ჯერ არ მინახავს, მარა მაინც. დიმა მასი ეგრე ამბობდა და დიმა მასი ხო იცი რა როჟაა!
რაც ჩამოვედით, იმის მერე აეროპორტში ვართ, გარეთ არ გვიშვებენ. ნაღდი ის პონტია, “ტერმინალი” როა კინო, ტიპი რო აეროპორტში ცხოვრობს.
კაროჩე.
თავიდან დავიწყებ.
თბილისიდან მოსკოვში რო ჩავფრინდით, იქ ვალერი დაგვხვდა, ლანას მამა. მაგარი კაცია, თან გაბერილი. ამ გაგანია ყინვაში, ხო იცი, მოსკოვში თუ დაიჭირა ყინვამ, იმის დედა ვატირე, ძვალში და რბილში ატანს - ხოდა უქუდოდ იყო ეს ლანას მამა. არადა რა ლისია ხო გახსოვს. ცხრა კაცი იმ ნივაში ჩაგვსვა, წითელ ნივაში, გუდაურში რო დადიოდა ხოლმე. დუგები არც ახლა მოუხსნია, ადევს და ადევს, მგონი ჩაჟანგდა. ზუსტად ისე ჩავსხედით, როგორც გუდაურში ვსხდებოდით – ექვსი სალონში, სამი – ბაგაჟნიკში, ფეხებგადმოყოფილი. მარა ახლა იმან გატეხა, რო კაპოტი გაფუჭებული იყო და ხელით გვეჭირა. მე რა, სალონში ვიჯექი, სულ მეკიდა. ეგაა რო ტვინი შეჭამეს, ვალერი ნელა, ნელაო. ვალერი მართლა მაგარი კაცია – აჭერდა და აჭერდა, თან სარკეში გახედავდა ხოლმე ხო არ გადავარდნენო. სადღაც სასტუმროში მიგვიყვანა. სასტუმროს წინ კამერუნის საელჩო თუ რაღაც ეგეთი იყო. მოკლედ, აფრიკული დროშა ფრიალებდა და ხალხიც აფრიკელი შედი-გამოდიოდა. სასტუმროს ფოიეში კიტოვანი შეგვხვდა. კიტოვანი იმის მერე არ მინახავს, რაც აი, ის რაღაცეები ხდებოდა, გაგრა-მაგრა, ტამიში-მამიში. სამხედრო ფორმის გარეშე რაღაც სხვანაირი იყო. წითელი დუტოვი ეცვა. შიგნით მაიკა რუსული წარწერით, “ია ლოხ”. ალბათ, მაიკის უკანა მხარეს “ტი ტოჟე” ეწერა. ხო იცი, ეგეთი ცხენური ღადაობები. ვალერის მიესალმა. მიესალმა კი არა მაგარი დაზასეს ერთმანეთი, რას შვები, შეჩემა, სად დაიკარგეო, კიტოვანმა. ვალერიმ, აბა მე რა ვიცი, ხან აქა ვარ, ხანაც – იქო. აქ რას შვებიო, კიტოვანმა. რას ვშვები და იუნიორ მოთხილამურეებს (არა, ეგრე არ უთქვამს, ლიჟნიკებიო, მარა მე ხო იცი როგორ არ მევასება სიტყვა “ლიჟნიკი”! არც ლიჟები...) იტალიაში ვაცილებ, უნდა გვასახელონო. ის სიტყვები მაგრა გამისწორდა. კიტოვანმა თავზე ხელი გადამისვა, ყველაზე ახლოს მე ვიდექი და, ალბათ, მაგიტო. კანდელაკმა თავი შემოყო, იქნებ მეც მომეფეროსო, მარა თენგიზამ დაიკიდა. აბა, თქვენ იცითო, შენ კი არ დაიკარგო შეჩემაო, უთხრა ვალერის. ბაზარი არააო, ვალერიმ და ნომრებში დავიშალეთ.
ეს კანდელაკი ვერ მოვიშორე, ყველგან ჩემ გვერდზე როგორ უნდა იწვეს. ჯერ გუდაურში ვერ მოვიშორე და აქაც ესაა. მარა ყველა გაანაწილეს და მე ლანასთან ხო არ დავწვებოდი, თან ვალერიც იქ იყო. არადა, შენთვის აქამდე არ მითქვამს, ლანასთან უკვე ვიწექი, ბობოყვათში რო ვიყავით, ზაფხულის ზბორზე, მაშინ. ფიცარივით არის. კანდელაკს იმდენი საგზალი გამოატანეს, ორი დღე ყველა მაგას ვჭამდით და მაინც ვერ შევჭამეთ. კირკაჟი ლობიო და ჩანახი დაგვრჩა, სამლიტრიან ქილებში თითქმის ნახევრამდე სავსე.
დასაძინებლად დავწექით და კანდელაკმა ჯერ არ დაწვე, ლანასთან შევიპაროთ და დავქეროთ, ხო იცი როგორ ევასება მაგას ეგეთი რაღაცეებიო. გულში კი ვიფიქრე, მაგას კი არა, შენ გევასება შე მნძრეველა-მეთქი, მარა არ ვუთხარი. მეძინება-მეთქი და გადავბრუნდი. ეს მართლა გავიდა და ხუთ წუთში უკმაყოფილო სახით შემობრუნდა. რა ხდება-მეთქი. ვალერია შესული და მგონი იქ იძინებსო. დაწვა და დაიძინა. მარა სანამ დაიძინებდა, ტუალეტში შევიდა. მაგარი ანანისტია. თან არც უტყდება: გუდაურში გვეუბნებოდა, კაფელი მამას მეძახისო.
დილით ეგრევე აეროპორტში წავედით. არც გვისაუზმია. კანდელაკმა ის ნახევარი ქილა ჩანახი წამოიღო და გზაში ჭამდა. კირკაჟი ლობიოც მოქონდა, მარა კოტე მასმა ისეთი აგინა, ეგრევე დატოვა.
აეროპორტის გზაზე ვალერის მანქანას საბურავი გაუსკდა და ზაპასკა არ ქონდა. მოკლედ, ვალერი დავტოვეთ და რაღაც ავტობუსს გავყევით. ავტობუსში ხანთაძეს ტუალეტში მოუნდა. ვერ მოითმინა და კანდელაკის ჩანახში ჩააფსა. კანდელაკმა ქილა უკან აღარ გამოართვა, რაღად მინდა შეჩემაო. ხანთაძემ ქილა ფანჯრიდან მოისროლა და უკან მომავალ მანქანას შიგ პარპრეზში ხია. ის მანქანა დაგვეწია და ავტობუსი გააჩერა. ხანთაძეს კინაღამ გაეპარა. მოკლედ, კანდელაკის ჩანახის და ხანთაძის შარდის ნარევი ხანთაძემ სულ ენით ტლიკა და გვარიანი სილაქებიც მიიღო მასებისგან. ეს რა არის, ჩავფრინდეთ იტალიაში და იქ განახებთ, რაც მოგივაო.
თვითმფრინავში სანამ ჩავსხდებოდით, ნიკოლაძემ და გენგიურმა ერთმანეთში იჩხუბეს, ფანჯარასთან არა მე ვჯდები, არა მეო. დალეწეს იქაურობა. ორივე დაიჭირეს, მარა კოტე მასის თხოვნით გამოუშვეს და ამათაც დაემუქრა კოტე მასი.
ჩავსხედით. აფრენის მერე სტიუარდესა გამოვიდა და საჭმელის ჩამოტარება დაიწყო. დასალევზე ყველას გვეკითხებოდა, თქვენ რას დალევთო. მასებმა წვენი არ დავინახო, ლუდი უთხარით და ჩვენ მოგვეცითო. კოკა მასმა იმდენი ლუდი დალია, ცუდად გახდა. რო დავეშვით, სასწრაფო მოვიდა და კოკა მასი საკაცით ჩაიყვანეს. სანამ ის არ ჩაიყვანეს, ჩვენც არ ჩაგვიშვეს. ვერ ვისვენებდით და რაღაც მომენტში შემთხვევით სავარძელს საზურგე მოვტეხე. ვერავინ ვერ დაინახა ეკიპაჟიდან. კოკა მასი იმის მერე არ მინახავს.
თვითმფრინავიდან რო ჩავედით, ავტობუსი მოვიდა ჩვენ წასაყვანად. იმასავით კი არ იყო, მოსკოვივით! ავტობუსში დიმა მასს ვიღაც კაცი გადაეხვია, ტარას, რავა ხარ ჩემი ძმაო. ტარასა არა, დიმა ვარო, უთხრა დიმა მასმა. იმ კაცმა არ დაუჯერა და დიმა მასი წაიყვანა. ჩვენი პასპორტებიც მაგას ქონდა. იმის მერე არც დიმა მასი მინახავს.
რომი მზიანი ქალაქიაო რო მეუბნებოდი, მზიანი არა ბოიზთუმენი. რაც ჩამოვედით წვიმს, მარა ჩვენ სულ არ გვკიდია! Aეროპორტიდან მაინც ვერ გავდივართ.
აეროპორტი მაგარი რამეა. ჩვენი აეროპორტისხელა მარტო ტუალეტი აქვს. კანდელაკი ამბობს, ბოლოში რო გავდივარ და ვანძრევ, ვერავინ მხედავს, მაგარიაო. მაგარი დასირებული კია, მაგრამ გაძრობილი მასტია: შენ რო თორმეტი ცალი ერთდოლარიანი გამომატანე ხო გახსოვს? ხოდა, თურმე ეგ ერთდოლარიანები უკვე ამოღებულია ხმარებიდან, ძალიან ძველიაო, ასე მეუბნებიან. ავტომატიც არ ახურდავებს. მაგარი ხარ, რა, სად იშოვე, ბაბუა აგროვებდა? გარეთ, დამიანის ქუჩაზე რაღაც ანტიკვარიატი ყოფილა და იქ შეიძლება ერთ დოლარში ორი მოგცენო, მარა გარეთ ვერ გავდივარ. კანდელაკმა, მაიტა, მე დავახურდავებო და მართლა არ დაახურდავა! კოკა-კოლა იყიდა და ხურდა თავისთვის დაიტოვა. კოკა-კოლა დიდი არაფერია, ჩვენი კვასი ჯობია. ვერც კვასი ვნახე ვერსად, მაგარი ბანძები არიან. ალბათ, გარეთ რო გავალთ, იქ მაინც იქნება, არადა, ხო იცი, როგორ მიყვარს კვასი. ეხა ერთი კლარა ცეტკინის და მარჯანიშვილის კუთხეში დამსვა, რა კვასს დავლევდი!Oოჰო-ჰო!
კოტე მასმა რაღაც რომის გზამკვლევი მოგვცა ყველას, ერთი ცალი. მაგარია. კოლიზეუმი რო დავინახე, ეგრევე გამახსენდა შენ რო მიყვებოდი, ნამყოფი ვარ და გლადიატორების ბრძოლები ნანახი მაქვსო. ამათაც ვუთხარი, მარა არ დამიჯერეს. ხანთაძემ მითხრა, უკვე მერამდენე საუკუნეა ეგეთები აღარ ხდებაო. გეშლება ბოზიშვილი ვიყო-მეთქი. შეგეწერაო. მაგრად დავცხე და ცხვირი გავუტეხე. აეროპორტის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გიფსში ჩაუსვეს. კარაბინერებმა (აუ, რა მაგარი ვარ, ჩემი თავის მეშინია. ხედავ, რა მაგრა მახსოვს!) რა მოუვიდაო, მაინცდამაინც მე მკითხეს. რა უნდა მოსვლოდა, ტუალეტში ფეხი აუსრიალდა და უნიტაზს ხია-მეთქი. დამიჯერეს ამ ჩემისებმა.
ხანთაძეს სანამ გიფსავდნენ, ჩვენ საბარგო ურიკებით ვთამაშობდით გასწრობანას. გასწრობანა რო მოგვბეზრდა, მერე ერთმანეთს დავსდევით და ვეჯახებოდით. ერთერთი ასეთი შეჯახებისას შუაში ვიღაც ესპანელი ჰილიპოიასი მოყვა და ფეხი მოიტეხა. კანდელაკი თავზე დაადგა და ქართულად ეუბნება, ადექი, ბიჭო, რა გაყვირებს, რას ბოზდები, ძაღლებთან არ დაგვწვაო. ჰილიპოიასი ტკივილისგან გადარეული და კანდელაკის ქართულისგან გაოცებული პირდაღებული ღრიალებდა. კანდელაკმა მანიშნა, მოვტყდეთო და მოვტყდით. ეს ყველაფერი ჰილიპოიასის მეგობარმა დაინახა და გამოგვეკიდა. რო დაგვეწია და გაგვაჩერა, კანდელაკს რაღაცა უთხრა. კანდელაკმა რა უბნელი ხარო, კითხა. იმან კიდე რაღაცაო, ვერ გავიგე. ჰოდა, კაი ბიჭებს პატივი ეციო, კანდელაკმა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა. როგორ არ დაგვიჭირეს მე და კანდელაკი, აზრზე ვერ მოვდივარ. მარა ეს ცხენი ბოლოს მაინც დაიჭირეს, მაღაზიიდან 12 კენგოლი მოიპარა. კენგოლი ხო იცი, რომელი ქუდია, აი თავზე რო გაზის და რაღაც დერსკი ვიდი რო აქ. ისეთი კი არა, შენ რო გაქ, რო დაიხურავ და სამოციანების განაბს გავხარ. მარა 12 ცალი რა ჩემ ფეხებად უნდოდა, ვერ გავიგე. ესეც წაიყვანეს და იმის მერე აღარ მინახავს.
ვიფიქრე რამე საჩუქარს გიყიდი-მეთქი, მარა ვერაფერი ვერ ვნახე. მაკარონს ხო არ წამოგიღებ? მახსოვს, ერთხელ მითხარი მთელი მსოფლიო “პალიოტს” ეწევაო. ჰოდა ვუყიდი ერთი მაგისიც-მეთქი, მარა “პალიოტი” არა... უფილტრო მარტო ის ვნახე, გიტანესი თუ რაღაც... მოკლედ, გარეთ ვნახავ რა.
ცხვირგატეხილი ხანთაძე ამბობს, სადღაც რომის შუაგულში რომის პაპი ზისო და რო გავალთ ვნახოთო და სურათები გადავიღოთო. რა პაპი, რის პაპი შეჩემა, შეხედე რას ვგავართ, რომის პაპთან მამაჩემს აქვს ფოტოები გადაღებული, მაგრად იცნობს, ჯარში ერთად იყვნენ, პაპის ფოტოებს თბილისში მოგცემ-მეთქი. შენ ბიჭო ხო არ უბერავო, რა ჯარში, კაცი ღმერთის კონკურენტია და იარაღს დაიჭერდა ხელში, თანაც სადღაც შუა აზიაში, მამაშენთან ერთადო? მამა, ბოზიშვილი ვიყო, ისეთი ვხიე შიგ თვალში, გუგაც კი გაულურჯდა. აბა რა მექნა? შენზე ამბობდა, აფერისტია, წავიდეს ერთი მაგისიცო. ისევ იმ საავადმყოფოში წაიყვანეს. კარაბინერებმა კიდე მე მკითხეს, რა მოუვიდაო. რა მოუვიდა და ტუალეტში ასრიალდა და უნიტაზს ხია-მეთქი. კიდე დამიჯერეს.
უკვე ერთი კვირაა აეროპორტში ვართ. დიმა მასი ისევ არ ჩანს. არც კანდელაკი. ხანთაძეს ცხვირი ისევ გატეხილი აქვს. ლანას მთელ აეროპორტში იცნობენ. განსაკუთრებით ბარგის მტვირთავები უღიმიან. ყველასთან იწვა. იწვა რა, ტუალეტში იდგა, ან უნიტაზზე იჯდა. ეს ჩემისა ფულს მაინც აკეთებს და ჩვენ ვართ ასე ცხენებივით. ერთი კვირაა, არ გვიბანავია არცერთს, ლანას გარდა. სუნი კი არ აგვდის, გვიჩანს. ერთხელ ტუალეტში ბანაობა გადავწყვიტეთ, მარა მაინცდამაინც მაშინ ხერხავდნენ ლანას. მამამისი ვალერი, ალბათ, ფიქრობს ჩემი შვილი ახლა სადმე აპენინებში სრიალებს და ტურნირისთვის ემზადებაო. ბებიამაგისამ! აპენინებში კი არა, მე ვიცი რაზეც სრიალების მაგის ლანკა.
ნიკოლაძემ და იმ იდიოტმა გენგიურმა დუთი ფრიში დუხი მოიპარეს. გამყიდველი ვერ მიხვდა, მარა ამ დეგენერატებმა ერთ დასხმაზე დაცალეს, სულ თვითონ დაისხეს და რო დადიოდნენ, შუბლზე ეწერათ, ის დუხი ჩვენ მოვიპარეთო. საბოლოოდ კი მიხვდნენ, ვინც იყო დუხის ქურდი, მარა ვინ რას ჩიოდა, მანამდე ისეთი ოფლის სუნიანები დადიოდნენ... მოკლედ, არაფერი არ უქნეს.
ან რომში გაგვიყვანე ან სახლში დავბრუნდეთ – გავუტრაკეთ კოტე მასს. ეხა ტრაკი დააყენეთ, თორე დიმა მასს ვეტყვი ყველაფერსო. რა დიმა, რის დიმა, ერთი კვირაა, არ გამოჩენილა და თუ იცი, სად არის, წამო ერთად ვნახოთ-მეთქი. შენ, ბიჭო, რამდენს ლაპარაკობო, გავიდეთ აქედან და ნახე რა გიქნაო, მემუქრებოდა. აი, გადაღუნავ-მეთქი, დავანახე. აბა რა უნდა მექნა?! დამცხო, მარა ბიჭებმა დამიმასტეს. ჩაიჯვა და მოტყდა. ცოტა ხანში დავინახეთ, ქუჩაში კარაბინერებს ყავდათ დაჭერილი. ეტყობა გასვლა უნდოდა და არ გაუშვეს. ისე, ყველას უშვებენ და ჩვენ რატო...
მამა!
სად გამომიშვი? შენ სულ სირზე არ გკიდია, გდიხარ მანდ ტელევიზორთან და ისევ იმ ენიმალ გრუპავუხა “ვ მირე ჟივოტნიხ”-ს უყურებ. მშია, დასაბანი ვარ, ფული (გაიკეთე უკან ის შენი ერთდოლარიანები) აღარ მაქვს, კაცმა არ იცის, აქედან როდის გავალ.
ყველა გზა რომში მიდისო, რო მეუბნებოდი. რომში არა, ჩემი ყლე!
რა გინდოდა, ხო ვიყავი ჩემთვის თბილისში! ამას ნახავ, იმას ნახავო. რას ვნახავ, ამ გამოსირებული ხანთაძის გატეხილ ცხვირს და ჩალურჯებულ თვალს ვუყურებ მთელი დღეები.
მამა, შენ შეგეცი, ეს სად გამომიშვი?!
შეგეცით შენც და მთელ იტალიას თავის ბერლუსკონებით, მაკიაველებით და ტინტორეტოებით!


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: