Sunday, March 20, 2011

ახალი წიგნები – 2011 – თებერვალი

შოთა იათაშვილი, შრამი, ლექსები, რედაქტორი თამრი ფხაკაძე, თბ, პეგასი, 2010
"პირველად იყო შრამი,
და შრამი იყო ღმერთთან,
და ღმერთი იყო შრამი."
ასე იწყება შოთა იათაშვილის ლექსი "შრამი," რომელიც ავტორის ახალი პოეტური კრებულის სახელწოდებაცაა. სამყაროს შექმნა უფალს სახეზე დამჩნეულ შრამებად დაუჯდა. ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მტკივნეული შრამი ადამიანია, რომელიც დღემდე ცდილობს შემოქმედის არსში გარკვევას და საკუთარი თავის ძიებასაც. ასეთია უხეშად ამ ლექსის არსი, რომელიც რეფრენივით გასდევს მთელს კრებულს. წიგნში 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები შევიდა, რომლებიც თემატურადაა დალაგებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია რელიგიური მოტივი, თუმცა ეს არ არის ხოტბა და ქება-დიდება, უფრო პოეტის საუბარია უფალთან, განსჯა მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ამას გარდა, ბევრია კონცეპტუალური ლექსი, როგორიცაა "ხორცის არითმეტიკა," "წარსული," "რეკვიემი". საინტერესოა ლექსები - "ოდა ცრემლსადენ გაზს" და "ბრაკონიერი". პირველი - მწერალ ზაზა თვარაძის ხსოვნას ეძღვნება და თავისი პიროვნულ-სამოქალაქო ტრაგიზმითაა გამორჩეული, მეორე კი, უბრალოდ, ორიგინალურია, ორიგინალური თხრობის ექსპრესიულობით, თემატიკითა და სათქმელის გადმოცემის მანერით. მთლიანობაში, კრებული საინტერესოა და ალბათ, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს შოთა იათაშვილის მდიდარ შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

ნიკა ჯორჯანელი, სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის, თბ. საუნჯე, 2010
"ბოლო რამდენიმე წელია
ლექსებს კომპიუტერში ვწერ
და პოეზია კაქტუსის მაგივრობას სწევს". ("წიაღსვლები")
ქართული პოეზიის მოყვარულები ამ ავტორს მაინცდამაინც კარგად არ იცნობენ. წერა 90-იან წლებში დაიწყო და ორი პოეტური კრებულის - "განცდა ხავერდისაგან" (2003) და "სუნთქვა ხუთვისას" (2008)
ავტორია. ეს მისი მესამე წიგნია, სადაც მისი პოეტური "მე" ყველაზე უკეთ გაიხსნა. სხვათა შორის, ნიკა ჯორჯანელის პოეზიას თავიდანვე ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდა ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც პოეტს "ქართველ რილკედ" მოიხსენიებდა. თუ შემოქმედებითი გზის დასაწყისში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის პოეზიას, დღეს უკვეKაღიარებენ ამ ავტორის უდავო ნიჭიერებას. ამის დასტური უპირველესად ნიკა ჯორჯანელის ახალი ლექსებია, ბოლო 3-4 წლის ნამუშევარი, რომელთაც ახალ კრებულში მოუყარა თავი. პირველი, რაც მის ბოლოდროინდელ ლექსებს ძველებისგან განასხვავებს, უჩუმრად, ფეხაკრეფით "შემოპარული" ვერლიბრია, რომელიც ავტორს სათქმელის კიდევ უფრო ლაღად და შთამბეჭდავად გადმოცემაში ეხმარება, თუმცა არც ტრადიციულ ლექსში უჩივის გრძნობათა შებოჭილობას. "კავშირებითი კილო," "ორიოდე სიტყვა აეროპორტების შესახებ," "გადარჩენილთა გოდება," "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის," "ჰაერზე, სანამ კვამლში" - კარგი პოეზიის მოყვარულნი ნიკა ჯორჯანელის ამ და სხვა ლექსებს სიამოვნებით "დააგემოვნებენ."

ლია სტურუა, ბედნიერი სიჩუმე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010
ქართველი ვერლიბრის "დედას," მშვენიერ პოეტ ლია სტურუას მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მისი ლექსები დიდი ხანია ჟანრის კლასიკადაა აღიარებული. ამჯერად ლია სტურუას პროზას წარმოგიდგენთ, თუმცა ეს არ არის პროზა მისი კლასიკური გაგებით. ეს უფრო ლიტერატურული ჩანახატებია რამდენიმე ქართველ კლასიკოსზე და ერთიც შედარებით ვრცელი ტექსტი სახელწოდებით - "ბედნიერი სიჩუმე." იგი 1993-2006 წლებითაა დათარიღებული და პარიზული ვოიაჟების შესახებ მოგვითხრობს. ამ ქალაქთან ავტორს თავისი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რომელიც, მისი თქმით, "ლაპარაკზე მაღლა დგას. ეს არის, ფლობერის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბედნიერი სიჩუმე..." რომელიც ლია სტურუას ცხოვრებაში დიდხანს გაგრძელდა და არაერთი ლამაზი მოგონება დაუტოვა. რაც შეეხება დანარჩენ ტექსტებს, ეს გახლავთ რამდენიმე ლიტერატურული წერილი რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონის, ასევე სვანური ზეპირსიტყვიერებისა და პოეზიის შესახებ. წიგნში შესული ტექსტებიდან მკითხველი ზოგიერთს უკვე იცნობს, ზოგიც შედარებით ახალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი საინტერესო იქნება მკითხველისთვის, მით უფრო, რომ ლია სტურუას პროზაული ტექსტებიც პოეზიის ნიმუშებია.

Pen მარათონი-2010, მგზავრის წერილები, ლიტერატურული კრებული, რედაქტორები: ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე, თბ. "დიოგენე," 2010.
სამწლიანი პაუზის შემდეგ Pen მარათონი ისევ გაიმართა. ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ექსტრემალურ პირობებში მუშაობას ითვალისწინებს, ერთნაირად პოპულარულია როგორც დამწყებ, ასევე უკვე "სტაჟიან" ავტორებში. მიზეზი ბევრია: ზოგს ექსტრიმი აინტერესებს, ზოგს საკუთარი თავის გამოცდა არაორდინარულ გარემოში, ზოგს ფულადი პრემია და ზოგსაც, უბრალოდ, ახალი ნაცნობობა და შთაბეჭდილებები. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის სასიამოვნოა, ამიტომ კონკურსის მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. Pen მარათონი-2010 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. თემაც შესაბამისი იყო: კონკურსტანტებს 30 საათის განმავლობაში "მგზავრის წერილები" უნდა დაეწერათ. მარათონის გამარჯვებული და "ვერცხლის დიოგენეს" მფლობელი ნინო გუგეშაშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები ბესო სოლომანაშვილმა და ირმა არჩუაშვილმა გაინაწილეს. გამოვლინდა 10 საუკეთესო მოთხრობაც, რომელიც გამომცემლობა "დიოგენემ", ტრადიციულად, ერთ წიგნად გააერთიანა. ჯანო ჯიქიძე, თამუნა ნადარეიშვილი, პაატა ბერიკაშვილი, მაკა ლდოკონენი, თამაზ დევიძე, სოფო ვარდიაშვილი, ლევან ლორია - აი, ის ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.

უილიამ ბატლერ იეიტსი, კელტური მიმწუხრი, თარგმნა მედეა ზაალიშვილმა, როსტომ ჩხეიძის რედაქციით და წინასიტყვაობით. თბ, ინტელექტი, 2010.
დაახლოებით 30-35 წლის წინათ, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, პოეტმა კოლაუ ნადირაძემ საერთაშორისო ფოსტით ამანათი მიიღო: ყდამოგლეჯილი, ერთიანად დაშლილ-დაფურცლული მოზრდილი წიგნი, რომელსაც ინგლისურ ენაზე ეწერა ავტორის სახელი – უილიამ ბატლერ იეიტსი. წიგნიც ინგლისურენოვანი იყო. გაოცებული პოეტი დიდხანს შლიდა ხელებს და ამოწმებდა საფოსტო ბარათზე მითითებულ მისამართს, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო – წიგნი ნამდვილად მის სახელზე იყო გამოგზავნილი. ქართველმა პოეტმა იმ პერიოდში გამოცემული ყველა ინგლისურენოვანი პოეტის შესახებ მოიძია ინფორმაცია, ყველა ლექსიკონი და ენციკლოპედია გადაქექა, მაგრამ ასეთ ავტორს ვერსად წააწყდა. არც მის ირგვლივ გაეგო ვინმეს. ბოლოს საქართველოში ჩამოსულმა ჯონ სტაინბეკმა უთხრა, ეგ ჩვენი უდიდესი პოეტია, ძალიან დიდი პოეტიო. ასე უცნაურად შემოვიდა იეიტსი ქართულ სინამდვილეში. ირლანდიელი პოეტი, ირლანდიური აღორძინების ერთ-ერთი ბელადი და უკანასკნელი მოჰიკანი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1923) უილიამ ბატლერ იეიტსი XIX საუკუნი ბოლოსა და XX-ს დასაწყისში მოღვაწეობდა. საკუთარი ქვეყნის უბედობით შეწუხებული მთელი ცხოვრების განმავლობაში ირლანდიის გამოფხიზლებისა და აღორძინებისთვის იბრძოდა – ეს ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობდა ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც. ვიდრე პირველ წიგნს გამოუშვებდა, ირლანდიური ხალხური ზღაპრები შეკრიბა და 1888 წელს შესავალი წერილითურთ გამოუშვა. სწორედ ფოლკლორიდან გამოიხმო საბრალო დედაბრის სახე, უცხოები რომ შეჭრიან და სახლიდან გამოუგდიათ, შემდეგ მის შემოქმედებაში დაპყრობილი ირლანდიის სიმბოლოდ რომ იქცა. ფოლკლორი დაედო საფუძვლად მის მრავალფეროვან შემოქმედებასაც, რომელიც დღეს კულტურული კაცობრიობის ერთ-ერთ შემადგენლად მოიზარება. წინამდებარე კრებული იეიტსის ლექსებს, პიესებს და ირლანდიურ ფოლკლორზე დაწერილ სტატიების კრებულს აერთიანებს. ასევე სიტყვას, რომელიც სტოკჰოლმში ნობელის პრემიის მიღების შემდეგ წარმოთქვა.

მარტენ პაჟი, როგორ გავხდი იდიოტი, რომანი, მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი, თბ, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2010.
ახალგაზრდა ფრანგი მწერალი (1975 წ.), მარტენ პაჟი რამდენიმე რომანის ავტორია, თუმცა პოპულარობა ერთმა მათგანმა - "როგორ გავხდი იდიოტი" მოუტანა. წიგნი 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. იგი რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ამიერიდან მისი მშობლიურ ენაზე გაცნობა ქართველ მკითხველსაც შეეძლება. ანტუანს "ვაი ჭკუისგან" სჭირს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თავად ფიქრობს, რომ ავადაა და ამის მიზეზი ჭკუაა, თუმცა ამას არავინ აღიარებს, არც ავადმყოფად მიიჩნევენ. "ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას... ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ექსპერიმენტი. ანტუანი ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რომელიც ცხოვრებაში ჭკუის სახით ერგო." როგორ განხორციელდა და რით დასრულდა ეს ექსპერიმენტი, წიგნიდან შეიტყობთ.

აკაკი წერეთელი, უცნობი პუბლიცისტიკა, რედაქტორები: ირმა რატიანი, მაკა ელბაქიძე, შემდგენლები: ნანა ფრუიძე, ჯულიეტა გაბოძე, ელისაბედ ზარდიაშვილი, თბ, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010.
აკაკი წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალზედ მდიდარია. ქართველების საყვარელი პოეტი ნაყოფიერად წერდა, თუმცა სიცოცხლეში საკუთარი ნაწერების სრულად გამოცემას ვერ ეღირსა. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმეგზის დაიბეჭდა აკაკის თხზულებათა სრული კრებულები, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა წყაროებში აღმოჩენილი ახალი მასალები ამ გამოცემათა განახლებას საჭიროებდა. შარშან ლიტერატურის მუზეუმმა დაიწყო აკაკი თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის ბეჭდვა, რომელიც ბოლო წლებში მიკვლეული მასალებითააPგამდიდრებული. მათ შორისაა აკაკის უცნობი პუბლიცისტური წერილები, რომელთაც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სხვადასხვა კერძო წყაროსა და არქივში მიაგნეს. ისინი ამ კრებულში პირველად იბეჭდება. წარმოდგენილი მასალა მკითხველის ყურადღებას თემატური მრავალფეროვნებითა და სიმწვავით იპყრობს. მკითხველი გაეცნობა აკაკის მოსაზრებებს ლიტერატურისა და ხელოვნების, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. "მათში პოეტი საგულიხმო შეხედულებებს გვთავაზობს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის, მეზობელ ხალხებთან მიმართების, ე.წ. ოსმალოს საქართველოს შესახებ. ამ დღემდე უცნობ თუ უკვე მივიწყებულ წერილებში აკაკი ეხება ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და კულტურის გენეზისის საკითხებს; საგულისხმო დაკვირვებებს გვთავაზობს "დასელებთან" დაკავშირებით; ასევე, აქტიურად განიხილავს ქალთა ემანსიპაციის საკითხს, მსჯელობს ქალის როლისა და დანიშნულების შესახებ ქართულ რეალობაში და ა.შ." - ვკითხულობთ შესავალში. მნიშვნელოვანია ქართულ-სომხურ ურთიერთობათა შესახებ გამოქვეყნებული წერილებიც, ასევე პეტერბურგში ყოფნისას "ნოვოე ობოზრენიეში"-ში გამოქვეყნებული სტატიებიც, რომლებიც ბანკების საკითხს ეხება და დღემდე არსად გამოქვეყნებულა. კრებულში სულ 57 წერილი შევიდა, წერილები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აკაკის პიროვნების უკეთ გაცნობასა და შესწავლაში დაეხმარება.

ნუგზარ მუზაშვილი, გაქცევა ისტორიიდან, ლიტერატურული ესეები, რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი, თბ, დიოგენე, 2010
არსებობს თუ არა საქართველოში კრიტიკა? ქართულ სინამდვილეში ღრმად ფესვგადგმულ ამ მარადმწვანე შეკითხვას ვერც ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა, ნუგზარ მუზაშვილმა აუარა გვერდი. ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხი რომ არც ისე ადვილია, ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ავტორის ლიტერატურულ ესეს გაეცნობით. ერთნი მიიჩნევენ, რომ ჩვენთან კრიტიკა არსებობს, მეორენი – რომ არ არსებობს, მესამენი საერთოდ გაურკვეველ ვითარებაში არიან. "არსებობს, მაგრამ... არ არსებობს, ანუ არ არსებობს, მაგრამ... არსებობს" ასეთია პარადოქსული დასკვნა, რომელიც მსჯელობის ლოგიკური ჯაჭვის შედეგად იკვეთება. თუმცა, დასავლეთის გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოში მთავარი კრიტიკის არსებობა-არარსებობა კი არა, ის არის, თუ რისი განსჯა შეიძლება და რისი – არა. ეს ერთ-ერთი საინტერესო წერილია ნუგზარ მუზაშვილის ახალი კრებულიდან, რომელსაც იგი მკითხველს სთავაზობს. წიგნში ძირითადად თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებაა მიმოხილული, მათ შორის არიან: ნუგზარ შატაიძე, ირაკლი სამსონაძე, ბესო ხვედელიძე, ოთარ და როსტომ ჩხეიძეები, ირაკლი ჯავახაძე, გივი მარგველაშვილი და სხვები. საინტერესო დაკვირვებები, ზუსტი აქცენტები და კონკრეტულ მწერალთა შემოქმედების სიღრმისეული ანალიზი ამ წიგნის მთავარი ღირსებაა, ამიტომ ავტორის მიერ შესავალში გამოთქმული ეჭვი, "როდის მიაგნებს მკითხველი ლიტერატურული ესეებისგან შემდგარ წინამდებარე კრებულს ან საერთოდ, მიაგნებს თუ არა", უსაფუძვლოდ მეჩვენება.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: