Friday, March 25, 2011

ნუგზარ ზაზანაშვილი - ლექსები


* * *
“2010 წელს დაფიქსირდა 156
თვთმკვლელობის შემთხვევა”
ოფიციალური ქართული სტატისტიკა

156 თვითმკვლელობის შემთხვევა
156-ს შეემთხვა თვითმკვლელობა...
ყოველ შემთხვევაში
ასე დაფიქსირდა

* * *
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის
მატჩის რეპორტაჟი
თბილისის ტელესტუდიიდან

სამხრეთ აფრიკიდან მომავალი ხმა
წუთით წყდება

კომენტატორი:
“იმედია, სტადიონის ხმაური მალე დაბრუნდება...
მადლობა, დაბრუნდა ხმაური...”

ყოველდღიური მეტაფორები

ძნელია უხმაუროდ
ძალიან ძნელია

* * *
ინტერნეტი

სიმარტოვე
ნანატრი სიმარტოვე
სულ უფრო იკუმშება

ურთიერთობა
ნანატრი ურთიერთობა
სულ უფრო ფართოვდება

* * *
ზემელზე
მელიკ-აზარიანცის სახლში
პანტომიმის თეატრის პატარა სათავსოში -
სილამაზის სალონი “მიმი”
ბებერი თბილისელი დალაქით
ჟორათი
ძველი სავარძლით და “მაშინკით”
“სტილნი” ფეხბურთელის ფოტოსურათით

ძველ ქალაქელ დალაქებს სიდარბაისლე სჩვევიათ
ჟორა არასდროს ჩქარობს
ჟორა არასდროს ღელავს
მიმისავით სახე ნიღაბს დამსგავსებია

- მადლობა ჟორა
ორ კვირაში გომოვივლი

ქუჩაში კი ივლისია
ცხელა
ლღვება წებო
ჩამოკონწიალებულ პოლიტპლაკატებზე
სახეებს ვეღარ გაარჩევ

* * *
ჩემზე იტყვიან ლოთები -
შეძლებისდაგვარად ლოთობდაო
შეძლებისდაგვარად ლექსებს წერდაო -
იტყვიან სხვები
ვის უნდა ედავო
რად უნდა ედავო
ყველას დრო გაგვყავს შეძლებისდაგვარად
და ყველა ვოცნებობთ შეუძლებლისდაგვარზე

ვის შევეკითხო -
რად ვერ ვჩერდები
ვერ ვიხედები სიტყვების მიღმა
რად ვერ ვივიწყებ რიტმსა და რითმას

მთელი ქალაქი მოკლეს წაიღესო
მთელი ქალაქი მოკლეს წაიღესო
მთელი ქალაქი მოკლეს წაიღესო
მახსოვს რამდენჯერმე გაიმეორა
სოლოლაკელმა გიჟმა

ალბათ მეც იმ ქალაქის მოქალაქე ვარ
რომ მოკლეს და წაიღეს

თუმცა
ვინ რას გაიგებს

* * *
ეჰ, გვერდი ისევ ვერ ავუარე
ლუდხანას -
დარდი მომაწვა ძველი...
ცუდია, როცა ელი უარესს,
კარგია, როცა უკეთესს ელი...

თოვს, მიყვარს თოვლი, მიყვარს ფიფქები,
რომ აცრემლებენ ლუდხანის ფანჯრებს...
ხვალ სად ვიქნები, ან რა ვიქნები,
ანდა დღეს რა ვარ, რა ვიყავ ადრე?..

- თქვენს თავს ამას როგორ ჰკადრებთ?
- წადი, მაინც უნდა დავთვრე!

* * *
მილანში ანუ ნოსტალგიის
ანტიმათემატიკური ფორმულა

მე მომწონს სტილი გოთური,
დროდადრო - ქცევა ლოთური:
ხანდახან ჩართული ვარ და
ხანდახან ვარ გამორთული.

ცისკენ მიიწევს შპილი,
მაგრამ... შორია ცამდე...
ვივლი, სადამდეც ვივლი -
კიდევ შემხვდება რამე.

ვიცი რაც მიწერია -
გზაზეა პიცერია!

ნოსტალგიის წამალი,
იმედია, მიშველის:
ერთი ლიტრი ოჯახური,
ტოსკანური, წითელი!..

ვზირავ, ვწრუპავ. ფანჯარასთან
ოლეანდრი თეთრად ყვავის...
მაინც სხვაა ჩვენი დეკა
და სულ სხვაა საფერავი...

ვერა, ღვინოც ვეღარ მშველის,
თუმცა ჩემთვის ვის სცალია:
თავს იწონებს მშვენიერი,
გაპრანჭული იტალია.

ოფიციანტს - Grazie და
Arrive - პიცერიას.
ისევ - უსასრულო ქუჩა:
აწი რა მიწერია?..


სულ აღარა ჩანს შპილი,
რომ მიიწევდა ცისკენ...
ვივლი მანამდე, სანამ
გამომეცლება სიქა...

ალბათ, სჯობია - აქა,
მაგრამ
მე მირჩევნია - იქა.

* * *
სასიმღერო

როცა არ ვსვამ
განა არ ვსვამ
და როცა ვსვამ
განა ვსვამ
როგორ შემიწუხეს გული
ამ მიწამ და
ცამ და
გზამ

რაა მაინც არსმის არსი
ან სმა რისი არსი არს
გზაა ეს თუ არის ფარსი
ფარსია თუ თარსია

და ხუჭუჭა ღრუბელს ვუმზერ
ცაზე კვალს რომ არ ამჩნევს
მეტი აღარ ვზრუნავ სულზე
აღარ ველი განაჩენს
კრავია თუ ღრუბელია
თუ მელიან
ნუ მელიან
სული სულ მთლად
სული სულ მთლად
სული სულ მთლად
დავხარჯე

ჰოდა მორჩა კითხვის დასმა
გადმოსმა და
გადასმა
როცა არ ვსვამ
განა არ ვსვამ
და როცა ვსვამ
განა ვსვამ

* * *
ვჩხირკედელაობ, რამდენს ვჩხირკედელაობ...
“ჩხირკედელაობა”... “ჩხირ-კედელ...” ისე, რატომ, საიდან - მაინცდამაინც “ჩხირი” და “კედელი”? არა, “ჩხირი” მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ “კედელი”... რა შუაშია კედელი, გინდაც - ხის?

მოდი, ქართული ენის გამარტებით ლექსიკონში ჩავიხედოთ... ახალს არაფერს გვეუბნება - ცუდ-უბრალო საქმიანობააო...

აბა, ერთი, სულხან-საბასაც მოვუსმინოთ... ვერ მოვუსმენთ - არ მოიძებნება... ბგერწერით კი “ჩხირკედელთან” ყველაზე ახლოა “ჩხრინკელი” ანუ...
“სკორე (5, 25 ესაია) განავალი.
სკორე ზოგადი სახელი არს განავალთა ცხოველისათა.
ხოლო ფრინველთასა ეწოდებიან ს კ ი ნ ტ ლ ი,
თევზთასა - ტ უ რ ტ ლ ი,
მძრომთასა - ც უ რ ც ლ ი,
ცხოვართასა - დ ე ნ გ რ ა,
თხათა და გარეთხათასა - კ უ რ კ ლ ი,
კამბეშთასა - ნ ე ხ ვ ი და კ ე ლ ი,
ღორთასა - ჩ ხ რ ი ნ კ ე ლ ი,
ცხენთა და ვირთასა - ჩ ო ნ ჩ ო რ ი კ ი,
ძაღლთა და მხეცთასა - მ ჩ ო რ ე,
კაცთასა - მ ძ ღ ნ ე რ ი,
ხმელსა ნეხვსა - წ ი ვ ა და ფ უ ნ ე,
თხელსა სკორესა - ტ რ ა წ ი,
ტრედის სკინტლსა - ნ ა ე დ ო მ ი.”

დააკვირდით: კაცთა იგი სხვაზე ნაკლებად პოეტურად ჟღერს - 7 ასო-ბგერაში - ოთხი თანხმოვანი მიყოლებით! ტრედისა კი - სხვაზე მეტად პოეტურია - 7 ასო-ბგერაში - თანხმოვნების განმაცალკევებელი - ოთხი ხმოვანი! ტრედისა იგი ჩვეულებრივი სკინტლი არ არის... ნაედომია... ენაზე გადგება - ედემი... ნაედემარი... გზავნილი ედემის ბაღიდან... ამასაც დააკვირდით: “კაცთა” - “მხეცთა და ძაღლთა” და “ხმელ ნეხვს” შორისაა მოქცეული, ტრედისას კი - ბოლოს, სულ ბოლოს, კიდეზე აქვს მიჩენილი ალაგი - თითქოსდა ცის არსებობის შესახსენებლად...

საკმარისია - თორემ ასე კიდევ უფრო შორს წავალთ...

და თუმცა თავში დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ მოვაკვლიე, გამოაშკარავდა, რომ სჯობს: ზოგი ანდაზა დავივიწყო (მაგალითად, ღორის ჩვეულების შესახებ) და ჩხირკედელაობას თუ ჩხრინკელაობას (რის მაგალითად ეს ლექსიმაგვარი ტექსტიც გამოდგება) გადავეჩვიო...

ისე კი... მაინც საინტერესოა “ჩხირისა და კედლის” გამოცანა... ეტიმოლოგებს უნდა დავუკავშირდე... ან - ეთნოგრაფებს... სანდო პასუხის მიგნებამდე - ვერ მოვისვენებ...

* * *

ჩიტი ასწრებს განთიადს,
მოასწავებს -
გალობს,
გალობს - მგოსანს შუქი
ეგულება ახლო...

პოეტსაც ხომ მგოსანს ვეტყვით,
პოეტიც ხომ გალობს...
გალობს და გალობს და გალობს და
გალობს და გალობს და გალობს და
გალობს და გალობს და გალობს და

* * *
მეცხრე საავადმყოფოს წინ
ავტობუსის გაჩერებაზე
ჭადრების ჩრდილში
დგას ცხრა სიცოცხლე
და ელოდება

* * *
ამინდის პროგნოზი 2010 წლის 2 მაისს:
“10-მდე ისევ წვიმებია მოსალოდნელი -
უმნიშვნელო გამოდარებებით”

ასე გადის ცხოვრებაც
უმნიშვნელო გამოდარებებით

* * *
“სიბერის ნიშნებიდან”

შუაღამეს
31 დეკემბერსაც,
13 იანვარსაც,
როცა ცდილობენ
ბათქა-ბუთქით,
ცოტა ხნით მაინც
გააფერადონ ღამეული ცა, -
თვალები მიცრემლიანდება
ხოლმე...


* * *
ხევის “ოთარაანთ ქვრივის”
85 წლის თამარა ვალიშვილის
ნათქვამი

წუთისოფლის კანონები
ჩვენ არ დაგვიწესებია -
ხოდა, ამდენს ნუ ბაჰბახებ:
ბალღო, ეგ სულ ლექსებია.
მოგვსწრებია უკეთესიც,
უარესიც მოგვსწრებია -
ხოდა, ამდენს ნუღა ჩმახავ:
ბალღო, ეგ სულ ლექსებია.
ყურს ნუ უგდებ ყარტა-ყურტას:
ეგე - პური,
ეგე - წყალი,
ეგე - როგორ ლამაზია
ჩვენი ხევის პატარძალი...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: