Sunday, June 26, 2011

მალხაზ ხარბედია - მალტე ლაურიდს ბრიგე – 100


AUDIO

წელს შესრულდა 100 წელი რაინერ მარია რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოცემიდან.

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში პრაღამ ორი დიდი მწერალი აჩუქა მსოფლიოს, რილკე და კაფკა, ორი განდეგილი, რომელთა ლექსები და პროზა განმსაზღვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ სიტყვიერების, არამედ აზროვნების ისტორიისთვისაც. მათი ცხოვრება დღევანდელი გადმოსახედიდან მსოფლმხედველობრივ გმირობად მოჩანს, შემოქმედება კი ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რაშიც ბევრი დარწმუნდა წლების მანძილზე.

რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოსვლიდან წელს 100 წელი გავიდა, რომანი კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წესით ყველა თაობის ადამიანს უნდა აკითხებდეს თავს. უფრო მეტიც, იგი შეიძლება ახალი, ყველაზე თანამედროვე იმპულსების მომცემიც კი გახდეს. ეს მომავალში. მანამდე კი მოდით ვნახოთ, რა ადგილი უკავია “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებს” გასული საუკუნის კონტექსტში. რომანის მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის აზრით, “ჩანაწერები” ბევრი რამისთვის აღმოჩნდა განმსაზღვრელი:

“ეს რომანი წინ უსწრებს ქრონოლოგიურად XX საუკუნის რომანს და ჩანასახობრივად მოიცავს ყველა არსებით ნიშანსა და შტრიხს, რაც შემდეგ ჩვენ უკვე ვნახეთ განვითარებული XX საუკუნის რომანების უზარმაზარ მასაში. რილკეს ეს რომანი სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს, რომელიც რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ტრადიციული რომანის მსხვრევა, რეალისტურ თხრობას ჩვენ აქ ვეღარ ვხედავთ და მთლიანად, თავისი სტრუქტურით, განწყობილებითა და პრობლემებით, ეს ნამდვილად XX საუკუნის რომანია და აქ წამოჭრილი პრობლემები გახდა შემდეგ ძირითადი, წამყვანი ფილოსოფიური მიმართულებების საფუძველი, როგორც მაგალითად, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და ა.შ. და საოცარი ეს რომანი სწორედ იმით არის, რომ რა პრობლემებიც შემდეგ უზარმაზარ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ნაშრომებად და დიდ რომანებად გაიშალა, ამ შედარებით პატარა მოცულობის რომანშია წარმოდგენილი ძალიან კომპაქტურად”.

რილკეს ეს რომანი 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხე. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, აფხაზეთის ომი კი ალბათ სულ ახალი დაწყებული. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი “მალტე” 1992 წელს გამოვიდა: არსებობდა ასეთი სერია, “საზღვარგარეთული რომანი”, პრიალა უსახური ყდები, ე.წ. “სკრეპებით” დაკერებული გვერდები, მოყვითალო ქაღალდი... რომანის გამოსვლა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, პერიოდს, როცა ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე გავლილი გვქონდა, ნახევარზე მეტი კი – გასავლელი. მახსოვს როგორ დავეწაფეთ მაშინ ახალ საკითხავებს, პირველად გამოიცა აკრძალული წიგნები, ქართველები, რუსები, უცხოელები, ჰაერში გაიელვებდნენ ხოლმე ფილოსოფიური მიმდინარეობები, სახელები, წიგნის სათაურები, ცნებები. ყველას პირზე ეკერა სიტყვა – “გაუცხოება”. რილკეს ეს რომანიც ამ გაუცხოების პიკზე გამოვიდა საქართველოში, რაც ნაირა გელაშვილის ძველ წინასიტყვაობაშიც ჩანს, თუმცა დღეს ამ გაუცხოების კიდევ ერთი სახე გამოვიდა წინა პლანზე:

“აი ასეთი შეკითხვა ისმება თვითონ რომანში: ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანის მთელი სულიერი მუშაობის, მთელი გამოცდილების, მთელი ცოდნისა თუ მიღწევების მიუხედავად, ის მაინც ზედაპირზე დარჩეს. აი ეს არის შესაძლებელი და ეს არის დაშვებული რომანში, რომ დიახ, ეს ასეა, და რომ საუკუნეები სასკოლო შესვენებასავით გაუშვეს ხელიდან, რომლის დროსაც ვაშლსა და ბუტერბროდს მიირთმევდნენ. ამით შეძრული იყო რილკე, და მასთან ერთად ყველა დიდი მოაზროვნე. ანუ ამდენი საუკუნე კაცობრიობამ იმისთვის იმუშავა, იღვაწა და იბრძოლა, რომ დღეს ასეთი ადამიანი მიგვეღო, როგორიც მივიღეთ? აი ეს არის რილკესთვის უდიდესი სასოწარკვეთის საფუძველი. იგი ამბობს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. მან დაინახა XX საუკუნის დასაწყისში, რომ ადამიანი იმდენად დაშორდა თავის არსს და შესაბამისად სამყაროს და სამყაროს შემოქმედ ძალას, რომ შეუძლებელია ამან უბედურება არ მოიტანოს”.

ამ თვალსაზრისით რილკე ერთ-ერთი პირველი ეკო-რომანის ავტორიცაა, რომანი წინასწარმეტყველებისა, სადაც მსოფლიო ომების გარდა თანამედროვე ადამიანის დამანგრეველი ბუნებაცაა განჭვრეტილი.

რილკე რომანის წერას 1904 წელს შეუდგა რომში, მასზე 6 წლის მანძილზე იმუშავა და ამ დროის მანძილზე იმხელა ენერგია შეალია ამ ნაწარმოებს, რომ შემდგომმა რამდენიმე წელმა, შეიძლება ითქვას, დუმილში ჩაიარა:

“რომანის დაწერის შემდეგ 12 წლის მანძილზე ის იყო ნერვიული უმოქმედობისა და სიჩუმის მდგომარეობაში. არაფერი არ დაუწერია, მხოლოდ “მარიამის ცხოვრება” გამოაქვეყნა, ლექსების კრებული, მაგრამ ესეც იყო ძველი ლექსების გადამუშავება. ფაქტობრივად, 12 წელიწადი ეს იყო გარინდებული მდგომარეობა და საკუთარ თავში, საკუთარ სულში უკან მიქცევის, ანუ ძალიან ღრმა შინაგანი მუშაობის პერიოდი”.

ეს განდეგილობისა და “უკან მიქცევის” წლები ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოეტური ციკლით დაგვირგვინდა, რომელიც თითქმის ერთდროულად დაიწერა. “დუინური ელეგიები” და “სონეტები ორფევსისადმი”, შეიძლება ითქვას, “მალტე ლაურიდს ბრიგეს” ნაბახუსევზე შექმნილი შედევრებია, დასავლური პოეზიის გვირგვინი, მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალი. და ეს ყველაფერი მოჰყვა რომანს, რომელმაც გაფრთხილებასავით გაიჟღერა თავის დროზე:

“ეს არის რომანი განგაში, ალარმისტული რომანი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ უნდა მოხდეს ადამიანის სასწრაფოდ გარდაქმნა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტოპიად დარჩა, იმიტომ, რომ რეალურად მართალია კი წარმოიშვა ახალი ღირებულებები და ძალიან დადებითი რამ ევროპაში, როგორიცაა ეკოლოგიური მოძრაობები, ბუნების დაცვითი მოძრაობები, იგივე ქალის უფლებების დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა... სწორედ რილკე ამბობდა, რომ XX საუკუნე უნდა იქცეს ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლის საუკუნედო, რადგან ქალის უფლებები უკვე დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ბავშვზე არავინ ლაპარაკობსო. და რილკესთან სწორედ ამ ევროპას ვხედავთ, რომლის სულშიც იკვეთება ეს ღირებულებები და რომელიც იწყებს ბრძოლას სამართლიანობის ყველა ფორმისთვის”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რილკეს ამ რომანში, ყველაფრის ახლიდან დაწყებაა. უფრო სწორად, ეს დეტალი კი არა, თემაა, რომანის მთავარი თემა:

“ის ამბობს, რომ დღევანდელი ადამიანი არის ის, ვისაც ყველაფერი თავიდან აქვს სასწავლი. მან ყველაფერი მცდარად იცის: სიყვარული, თხრობა, ბუნებასთან მიმართება და ისეთი პროზაული რაღაცაც კი, როგორიცაა ძილი, ჭამა, დასვენება. ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა არაფერი სწორად არ იცის”.

ასერომ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისევ თავიდან გვაქვს დასაწყები და დროზე დავიწყოთ, დავიწყოთ, თუნდაც რილკედან.

© radiotavisupleba.ge

No comments: