Sunday, June 26, 2011

მალხაზ ხარბედია – პირველი ქართული სამხედრო რომანი


AUDIO

გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის ახლხანს გამოსული რომანი irrata.ru მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება.

ბოლო დროს ძალიან ხშირად ისმის ჩივილი თანამედროვე ქართული რომანის ერთფეროვნების შესახებ. მკითხველის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი, ხარისხთან ერთად, არჩევანიცაა, რადგან დღეს შეუძლებელია ქართულ ბაზარზე შეიძინო კარგი ქართული დეტექტივი, პოლიტიკური რომანი, საყმაწვილო პროზა, და მრ. სხვ. ე.წ. სამხედრო რომანიც ამ ხარვეზთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, სანამ რამდენიმე თვის წინ, გამომცემლობა “ალიანსმა” გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი irrata.ru არ გამოსცა, წიგნი, რომელიც მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნა.

ეს არ არის დოკუმენტური რომანი, არამედ ალტერნატიული სიუჟეტის მქონე ნაწარმოებია, სადაც რეალობის საპირისპიროდ, მოვლენები გასხვავებულად ვითარდება. ეს არის რეალურ ფაქტებზე დამყარებული ე.წ. მოდელირებული რომანი, რომელიც ყველაზე ცნობილი ეროვნული მოდელირებისგან განსხვავებით, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ “იმედის” ეთერით, მომავალს კი არ ეწვალება, არამედ, წარსულის რეკონსტრუქცია-ცვლილებას ახდენს.

ამ რომანის შექმნის იდეა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა, ამერიკულ გამომცემლობა “ალიანსში”. გამომცემლობის მესვეურებმა მოისურვეს ერთ-ერთი რუსი ავტორის მიერ დაწერილი წიგნის საპირისპიროდ, რომელიც ამახინჯებდა რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტებს, შექმნილიყო წიგნი, სადაც მოვლენების ალტერნატიული განვითარება იქნებოდა წარმოდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ამ ალტერნატიული სიუჟეტის მიხედვით ომში იმარჯებს ქართული მხარე, რუსეთის ჯარები კი მთლიანად ტოვებენ საქართველოს ფარგლებს.

რუსეთ საქართველოს ომის შესახებ უკვე დაიწერა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც ასევე შეიძლება თვალი გავადევნოთ ალტერნატიულ სიუჟეტს, რის მაგალითადაც ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” გამოდგება, მაგრამ ბურჭულაძის აბსურდულ-კომიკური აქცენტებისგან განსხვავებით, irrata.ru-ში ყველაფერი სერიოზულად ხდება და იგი გარკვეულ ზემოქმედებაზეა გათვლილი. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, სამხედრო რომანის გარდა, ეს არის, პროპაგანდისტული რომანი, ჟანრი, რომელიც კარგადაა აპრობირებული დასავლეთში (განსაკუთრებით ჰოლივუდის პროდუქციაში) და რომელიც კონკრეტულ მიზნებზეა გათვლილი. იმას, რომ irrata.ru პროპაგანდისტული რომანია, არც ერთ-ერთი ავტორი გურამ მეგრელიშვილი უარყოფს:

“მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად ასეც არის. თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასე არ ყოფილიყო და ძალიან მკაცრი ვყოფილიყავი ჩვენი მოსახლეობის მიმართაც, მაგრამ წერის პროცესს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ავტორები. ასე ვთქვათ, თავისით ვითარდება მოვლენები და ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად არის კიდეც პროპაგანდისტული რომანი, ანუ ის ოდნავ სენტიმენტალური მომენტები, რომელიც გვხვდება წიგნში რამდენიმე ადგილას, ზუსტად იმას ემსახურება, რომ რაღაცნაირად იმოქმედოს ჩვენზე და წიგნის მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი თვითშეფასება რაღაცნაირად ამაღლებულიყო და გამოვსულიყავით საცოდავი მდგომარეობიდან”.

წიგნი ორი ნაკადისგან შედგება, ერთი ესაა მხატვრული ტექსტი, სადაც რამდენიმე მთავარი გმირი მოქმედებს და მეორე, ახალი ამბების რიგი, ანუ სამხედრო ოპერაციების მსვლელობის მშრალი აღწერა. ეს მეორე დისკურსი ხაზგასმით თანამიმდევრულია, ზუსტად ისეთი, როგორადაც აღწერს ხოლმე მოვლენებს ქართული სატელევიზიო მედია, და სავსეა კლიშეებითა და შემდეგნაირი გამოთქმებით: “გაკეთდა პირველი კომენტარები...”, “ვიდეომასალა გადაღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატებიდან...”, “ყველა გზა ქართული შენაერთების მიერ იყო კონტროლირებული...”, “საჰაერო თავდაცვის ძალებმა სრული კონტროლი დააწესეს...”, “ქვედანაყოფები სრულ მზადყოფნაში მოვიდნენ...” და ა.შ. ცხადია ავტორებმა ეს რეალობის ეფექტისთვის გააკეთეს, თუმცა საბოლოო ეფექტი მკითხველს მაინც რომანის ბოლოს ელის, სადაც ნათქვამია, რომ “რუსული მხარე აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდისთვის, რომლის თანახმადაც ის სრულად დატოვებდა სსაქართველოს ტერიტორიას და ეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო”.

გურამ მეგრელიშვილს უკვე იცნობს ქართველი მკითხველი, იგი თავიდან ზემხას ფსევდონიმითაც წერდა, თუმცა ამ რომანში ეს ავტორი მაინც ძნელი საცნობია, რადგან იგი ისეთ ამოცანას შეეჭიდა, რომელიც ალბათ გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც მოითხოვდა. კარგადაა დაწერილი რეტროსპექტივები, ე.წ. ანალეფსისები, როცა ავტორი ამათუიმ პერსონაჟის ამბავს ან ბიოგრაფიას გვიყვება და წარსულში გადავყავართ, ასევე ძლიერია ზოგიერთი სცენა, დახასიათებები, თუმცა რომანში კლიშეებსაც ვხვდებით. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი გმირი ცხინვალის დაბომბვის ამბავს გაიგებს, საქმეში მთხრობელი ერთვება: “მიშას შიგნით რაღაცამ გაიტკაცუნა”. იგივე პერსონაჟი უსუსურად გრძნობს თავს, რადგან არ შეუძლია ცხინვალში შესვლა და თავისი მცირეწლოვანი შვილის გადმოყვანა და “მის სხეულში, შიგნით, ვიღაც მოიკუნტა და გაისუსა”. მემგონი ასე წერის დრო წავიდა, განსაკუთრებით ომზე როცა ვწერთ.

რომანში ძალიან ბევრი მზეა. მზეა ქვესათაურებშიც, მზეს ემალებიან ჯარისკაცები, თბილისელები, თუმცა მეორეს მხრივ განუწყვეტლივ ღამეზეა საუბარი. და ეს დაპირისპირება გარკვეული დრამატურგიული ხერხის ფუნქციას იძენს. საქმე იმაშია, რომ ქართველ მეომრებს ღამის მოწყობილობა აქვთ, რუსებს კი არა, ქართველებს ხელს სიბნელე გვიწყობს, რადგან ღამის ხედვის ხელსაწყოებით ვართ აღჭურვილი და საბოლოოდაც რომანში ყველაფერს სწორედ ღამის ოპერაცია წყვეტს. ფინალური შეტევის წინ ისტორიული სიტყვები გაისმის. ოპერაციის ხელმძღვანელი ამბობს: “იმედია ღამის ხედვის ელემენტები ყველას დატენილი გაქვთ ბიჭებო...”.

ცხადია, მოდელირებისა და ჟანრის კანონების გამო რომანი კომპიუტერულ თამაშსაც ემსგავსება. ბევრი უცხოური კომიქსის, რომანისა თუ ფილმის მიხედვით გაკეთებული თამაშები გვინახავს, მაგრამ თამაში, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის შვილობილი ქართული კომპანია შემოგვთავაზებს მალე, იმით გამოირჩევა, რომ იგი ქართული პროდუქტის მიხედვით იქნება მომზადებული. მართალია ტექნიკური ბაზა თამაშს უცხოური ექნება, “სტალკერისა”, მაგრამ სამაგიეროდ სიუჟეტი და გმირები ადგილობრივები იქნებიან, პლიუს რა თქმა უნდა რუსები და ამერიკელები.

ავტორს რომანის, როგორც იტყვიან, მთავარი მესიჯის შესახებაც ვკითხე:

“ჩემი მხრიდან მთავარი მესიჯი შემდეგია. ჯერ ერთი როცა ვწერ, უფრო სწორად, როცა ვამთავრებ წიგნის წერას, ავტორიდან მკითხველად ვიქცევი და ის ტექსტი ჩემი საკუთრება ნამდვილად აღარ არის... შესაბამისად, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ამ ტექსტის მთავარი “მესიჯი” რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი იყო – პირველ რიგში ქოთანა, მიშა, სტალკერას რომ ეძახიან... და ეს ადამიანები ნაწარმოების ბოლოს რაღაცნაირად გარდაიქმნებიან. მხოლოდ ქოთანა რჩება ისევ ისეთად, ჰოდა მეც სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ არ უნდა დავრჩეთ ქოთანად. სხვათა შორის, ჩემს თავშივე ვეძებდი მის მანკიერებებს. მას პროტოტიპი არა ჰყავს, საკუთარი არაცნობიერიდან ამომყავდა ეს გმირი და ჩემს ქოთანას დავცინოდი და განვიკითხავდი, ასე ვთქვათ. ეს ქოთანობა უნდა მოვსპოთ, რომ ომის დროს ფანჯრის რაფაზე არ უნდა იჯდე და მეზობლის ოს ქალთან შევარდნაზე და გაუპატიურებაზე არ უნდა ფიქრობდე, მარტო იმიტომ, რომ გაგამართლებენ”.

მოკლედ, პირველი ქართული სამხედრო რომანი, მხნე პროპაგანდისტული ელფერით, უკვე სახეზეა, ბევრმა ინტერესით წაიკითხა წიგნი, სხვებმა აითვალწუნეს. მთავარი ერთია, ქართული რომანის მწირ შემადგენლობას, კიდევ ერთი წევრი შეემატა და როგორც გურამ მეგრელიშვილმა გვითხრა, სულ მალე იგი მეორე, ქართული პროზისთვის ასევე უცხო ჟანრის, ჰორორის ათვისებასაც შეეცდება.

© radiotavisupleba.ge

No comments: