Thursday, March 5, 2009

ირმა ტაველიძე - კონფლიქტის ზონა


თავი პირველი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის კითხვა, რომელიც ირაკლი ტ. – მ საკუთარი მანქანის სარკეს დაუსვა (თანმიმდევრობა დაცულია)

რატომ გაუღიმა ცისფერმაისურიანმა ქალმა, სანამ პირზე ხელს ააფარებდნენ?

რატომ არ გამოიყენა დარჩენილი წამები კივილისთვის, რომელიც ამ სიტუაციაში ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა?

რატომ არ გაუწია მცირე წინააღმდეგობაც კი თავდამსხმელებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეიარაღებულები არ ჩანდნენ?

როგორ ვერ შენიშნეს გამტაცებლებმა იქვე, ორ ნაბიჯში, ასკილის ბუჩქს ამოფარებული შიშველი კაცი?

საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს ფოტოაპარატიანი ქალი?

რა დროს ჩამოვარდა ციდან?

რას აკეთებდა იმ მივარდნილ ადგილას, სადაც ერთ მენახირესაც
ვერ ნახავ და ვერც მაწანწალა ძაღლებს?

თუ მდინარეში ბანაობას აპირებდა და უცნობი კაცის დანახვამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, რატომ მაშინვე არ გაბრუნდა?

სურათების გადაღებას მოასწრებდა?

წესიერი ქალი შიშველი უცნობის შემჩნევისთანავე იქიდან გაქრებოდა, მაგრამ ასეთი მსჯელობა საით მიდის – ეს უწესო იყო?

არც თავზეხელაღებულ ჟურნალისტს ჰგავდა და თანაც, მდინარეში თუ მდინარის ნაპირზე საინტერესო რომ არაფერი ხდებოდა?

როგორ მოხვდა მისი ჩანთა ასკილის ბუჩქთან?

როდის შეინახა სათვალე და ფოტოაპარატი, რომელიც კისერზე ეკიდა?

რა დააშავა, რის გამო ეძებდნენ?

იქნებ გამტაცებლები სულაც არ იცნობდნენ და უბრალოდ, ვინმეს მძევლად აყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი? თუ ასეა...

მაინც რატომ არ იკივლა?

პირადობის მოწმობა და სხვა საბუთები ხომ ექნება ჩანთაში? იქნებ სიგარეტიც... იქნებ კარგი სიგარეტი...

თავი მეორე, სადაც დასახელებულია ყველა ის ნივთი, რომელიც ირაკლი ტ.-მ უცნობი ქალის ჩანთაში იპოვა

შავი ფერის კალამი.

ქაღალდის ერთჯერადი ცხვირსახოცები, შვიდი ცალი. მარწყვის მძაფრი სუნით.

ორი ჰიგიენური პაკეტი (ცნობილი ფირმის, რომლის სარეკლამო რგოლის ნაწყვეტებს ხანდახან სიზმარში ხედავს ხოლმე).

ტყავის საფულე, რომელშიც მხოლოდ ოცი ლარი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აქვე დევს ვერცხლისფერი პაწაწინა ვარსკვლავი, რომელიც საყურის დეტალი უნდა იყოს.

უბის წიგნაკი, პირველ გვერდზე 2005 წლის იანვრით დათარიღებული ჩანაწერით.

რამდენიმე ქსეროასლი რუსული ტექსტით (ვიღაც მარინას წერილები ბორისისადმი).

გამჭვირვალე სითხით სავსე დეოდორანტი (რომლის რეკლამაშიც ყირაზე გადადის ის გოგო, აი, ის, ხომ იცით...)

რომელიღაც წამლის ფლაკონი ფრანგული წარწერით (სავარაუდოდ, საძილე საშუალება). გაუხსნელი.

წიგნი – ორაასორმოცდაათგვერდიანი, თხელყდიანი, ინგლისურ ენაზე. გარეკანზე გამოსახულია ქალი, რომელსაც შავი ცრემლები ჩამოსდის.

მუქჩარჩოიანი სათვალე.

ციფრული ფოტოაპარატი, კარგ მდგომარეობაში.

რგოლზე აცმული გასაღები – ბინის, სტანდარტული. იმავე რგოლზე ჰკიდია მინიატურული სათამაშო კრავი.

ავტობუსის ბილეთი – თბილისი – გორი. ფასი 3 ლარი. გასვლის დრო 13.00

თავი მესამე, სადაც აღწერილია ყველა ის კადრი, რომელიც ცისფერმაისურიანი ქალის ციფრულმა ფოტოაპარატმა შემოინახა

დახლზე დაყრდნობილ კაცს ხელში ნახევრად გაფცქვნილი ბანანი უჭირავს, ყურადღებით აკვირდება. მრგვალ სახეზე სიხარულის ღიმილი აფენია. იქვე ლურჯწინსაფრიანი გამყიდველი დგას და ყვავილოვან კომბოსტოს წონის.

ხანშიშესულ ქალს შავად შეღებილი თმიდან სარჭები მოუჩანს, მომჭკნარ ტუჩებზე მყვირალა ალისფერი წაუსვამს. უკმაყოფილოა. გამყიდველი ბრიყვული იერით უყურებს, ცალ ხელს მოწითალო კარტოფილისკენ იშვერს.

დახლის სიახლოვეს პატარა ბიჭი დახრილა, რომლის ფეხებთანაც ყვავილივით გადაშლილი ბანანის ქერქი გდია.

სრულიად მოულოდნელად შემდეგი კადრი ქალის მკერდს წარმოგვიდგენს. მას მუქი მწვანე პულოვერი აცვია, მსხვილი თვლებით ნაქსოვი, სადა.

ჩანთაწამოკიდებული ბიჭი მის ფეხებთან მოსეირნე მტრედებს დაჰყურებს, მარცხენა ხელში ფენოვანი ხაჭაპური უჭირავს. იჭყანება.

ეს შედარებით ბუნდოვანი კადრია, დაკვირვებას ითხოვს. ხილ-ბოსტნეულის დახლთან მდგარ უცნობს თვალებზე ხელები აუფარებია. ირგვლივ სრული სიბნელეა.

რომელიღაც ცნობისმოყვარე გამვლელი ტროტუარზე დაგდებულ, ვაფლმოციცქნილ, გამლღვალ ნაყინს ათვალიერებს. დამდნარი მასის სიახლოვეს კრაზანების გუნდი ირევა.

მხოლოდ თვალები, ალბათ იმავე ქალის. უცნაური, უსახელო ფერი – ერთმანეთში გარდამავალი თაფლისფერის და ჭაობისფერის რამდენიმე ტონი.

დახლზე მომცრო გორაკებად წამომართული ხილი – მსხალი, ატამი, რამდენიმე ჯიშის ვაშლი, შავი ქლიავი.

აქ ცარიელი ქუჩაა, ალვის ხეებით და ძირს მოფენილი ფოთლებით.

შენობის ახლადშეღებილი ფასადი და წარწერა მსხვილი ასოებით: "გორის ცენტრალური ბაზარი".

თეთრი მიკროავტობუსები, საქარე მინაზე აბრებით "ერედვი", "აჩაბეთი", "ქურთა", "ქვეში", "არბო", "ავნევი", "ნიქოზი", "დიცი", "კეხვი", "ერგნეთი".

მინდვრის ყვავილები.

მინდვრის ყვავილები.

მინდვრის ყვავილები.

თავი მეოთხე, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ამოიკითხა ირაკლი ტ.-მ უბის წიგნაკში, სანამ საფეთქლებს დაიზელდა და ნაპოვნ ნივთს ჩანთაში ჩააბრუნებდა

პირველ გვერდზე:

ოთხი იანვრით დათარიღებული ჩანაწერი - "ყველაფრის თავიდან დაწყების მეშინია. დაბნეულობისგან შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ და ყველაფერი უსაშველოდ რთულდება. გავუძლებ. ცხვრებს დავითვლი და ტკივილის ხსოვნა ნელ-ნელა გაქრება. შიში ჩემთან ერთად დაიძინებს."

მესამე გვერდზე:

ელ-ფოსტის მისამართი: tavelix@yahoo.fr

მეშვიდე გვერდზე:

"ცხვრის ნეკნები ბრეტონულად" – მასალად საჭიროა: 4 ნეკნი, 1 კგ თეთრი ლობიო, 2 თავი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 75 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი... (ირაკლი ტ.-ს კერძის მომზადების წესის წაკითხვის სურვილი აღარ გაუჩნდა).

მერვე და მეცხრე გვერდებზე:

რამდენიმე ლექსი, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყო ლექსები ან სულაც არ იყო ამ ქალის.

მეცამეტე გვერდზე:

შესაძენი ნივთების სია: სურათების ალბომი, ჰიგიენური პაკეტები, გასაღების რგოლზე ჩამოსაკიდი სათამაშო, კალამი, დასაკეცი ქოლგა, საღეჭი რეზინა მარწყვის არომატით, იოდი და ბამბა.

მეჩვიდმეტე გვერდზე:

ივლისის შუა რიცხვებით დათარიღებული ჩანაწერი – "მეშინია მომდევნო რეპორტაჟის მომზადების, უხარისხო სურათების გადაღების, ჩემი შიშის, დაბნეულობის, არასწორად გადადგმული ნაბიჯების, შეცდომით არჩეული მიმართულების, უცხო ენების რთული გრამატიკის, აგრესიული უცნობების, თვითმკვლელობის, "ჰო"-ს ნაცვლად "არა"-ს თქმის, საკუთარი წინდაუხედაობის, დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანების, მდინარეების, სიზმრებიდან ამომხტარი თევზების..." ("ცოტას წაიპოეტებს", გაიფიქრა ირაკლი ტ.-მ და მოულოდნელად იგრძნო, რომ ამ ყველაფერმა საკმაოდ დაღალა).

მეთვრამეტე - ოცდამერვე გვერდებზე:

ნოველა "კონფლიქტის ზონა" (დაუმთავრებელი).

ოცდამეათე გვერდზე:

ბოლოსწინა ჩანაწერი: "დამესიზმრა, რომ ჩემს სოფელში მდინარე დაშრა და ქვიან ფსკერზე ის ბოთლი აღმოაჩინეს, ბავშვობისას რომ გავუშვი წყალში. შორს არ წასულა, იქვე ჩაძირულა. არ მახსოვდა, წერილში რა დავწერე, სანამ დავკეცავდი და ბოთლის ყელში ჩავაცურებდი. სირცხვილით ვიწვოდი – ნეტა ისეთი ხომ არაფერი წერია, რის გამოც მკაცრად დამსჯიან-მეთქი. თვალებს ვხუჭავდი და ყურებზე ხელებს ვიფარებდი, როგორც მაშინ, ათი წლის რომ ვიყავი და საკუთარი ჩრდილიც მაშინებდა... ამ შიშის გადალახვა როგორმე უნდა მოვახერხო. ხვალ სოფელში მივდივარ".

თავი მეხუთე, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის კითხვა, რომელიც ირაკლი ტ.-მ უბის წიგნაკის ოცდამეთერთმეტე გვერდზე ამოიკითხა (თანმიმდევრობა ამ შემთხვევაშიც დაცულია)

რამდენი წელია, რაც ეს მდინარე არ მინახავს?

ყოველთვის ასეთი მშვენიერი იყო თუ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მეჩვენება ასეთი?

როდიდან დაიწყეს კაცებმა მდინარეში ბანაობის წინ ტრუსების გახდა?

რატომ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ?

შეიძლება, რომ მანიაკი ასე მომხიბვლელად გამოიყურებოდეს და ასეთი დამაბნეველი ღიმილი ჰქონდეს?

რატომ აქამდე ვერ მივხვდი, რომ ვერასდროს გავხდებოდი კარგი ჟურნალისტი და პროფესია დროზე უნდა შემეცვალა?

იქნებ ჯობდა, ისევ იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც დავიწყე – ჩემს სიზმრებთან?

მათი ენა ხომ არ მესწავლა?

რა ვუყო ამ გაცნობიერებულ და გულმოდგინედ გაანალიზებულ შიშს?

ამ კაცს რომ შევუყვარდე, ნეტა თავის მეგობრებს და ახლობლებს თუ მოუყვება, რა ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი?

საინტერესოა, თუ მიხვდა, რომ თვითმკვლელობას ვაპირებ და მდინარიდან მის ამოსვლას ველოდები?

გამუდმებით რატომ ვატყუებ საკუთარ თავს?

იქნებ ამ სოფელში დავსახლდე და რომანების წერა დავიწყო?

წყლიდან ამოსვლას რატომ არ ჩქარობს – ჩემი ერიდება? სასაცილოა, ჩვენ ხომ სხვადასხვა განზომილებებში ვცხოვრობთ...

კონფლიქტის მთავარი მიზეზიც ეს არის – განა მინიმალური კომუნიკაციის ფონზე გაუგებრობების ხე მრავალმხრივ არ იტოტება და ყვავილობის შემდეგ უამრავ ცრუ ნაყოფს არ გამოიბამს?

სხვას რომ დაეწერა წინა სტრიქონები, ხომ ვიტყოდი, წაიპოეტებს-მეთქი?

ნეტა ცხვრის ხორცს თუ ჭამს?

ვინ იცის, იქნებ ჩემსავით თავგზააბნეული ჟურნალისტია?

ყვავილები ხომ არ დამეკრიფა, სანამ ბანაობას მორჩება და გამომელაპარაკება?

ჩემი შიში რითი იკვებება – ცუდი წინათგრძნობით თუ ცრურწმენით?

არ გადამარჩენს?

გადამარჩენს?

თავი მეექვსე, რომელიც არასრულად გვთავაზობს იმ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია "ქართლი 2"-ის ეთერში მოისმინა იმავე დღეს რეგიონის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა

"დღეს დაახლოებით ცამეტ საათზე... კონფლიქტის ზონის ერთ-ერთი ქართული სოფლიდან... ჟურნალისტი, რომლის ვინაობა ამ დროისთვის დგინდება.... უცნობია იმ დაჯგუფების.... უშუალოდ მონაწილეობდა ამ გატაცებაში.... სამწუხაროდ, ვერც იმ თვითმხილველის... რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო... სამართალდამცავების ცნობით... დევნა ამ წუთებში მიმდინარეობს... ოპერაციის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა... გვესაუბრება შიდა ქართლის პოლიციის... თქვენი ინფორმაციით რომელ საათზე... მოგვიანებით... რა იცით გატაცებული ჟურნალისტის... მოგვიანებით... მართალია რომ ბავშვობა იმავე სოფელში... მოგვიანებით... როგორც დიდი ლიახვის ხეობის ამ სოფლის მოსახლეობა... მოგვიანებით... დიდი მადლობა... ინტერვიუ შიდა ქართლის... უახლესი ინფორმაციით გვერთვება ჩვენი კორესპონდენტი... პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ერთადერთი თვითმხილველი... უკაცრავად აღელვებისგან ენა... ეს სწორედ ტელეკომპანია "ქართლი 2"-ის კორესპონდენტი ირაკლი ტ.... სენსაციური განცხადებით... უამრავი ახალი ფაქტი აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით... გამტაცებლების მანქანის ნომერი "VAT 987” რომლის დამახსოვრებაც თვითმხილველს... მაყურებელი უშუალოდ... და აი შესაძლებლობა გვაქვს... როგორც კადრში ხედავთ... გათავისუფლებული მძევალი იღიმება... "ქართლი 2"-ის კორესპონდენტს რომლის დროული დახმარების გარეშე... დაჯგუფების წევრებმა მიმალვა მოასწრეს... სავარაუდოდ მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით... უკაცრავად ეს ოპერატორის შეცდომაა... ყოფილი მძევალი ისევ იღიმება... წინა კადრში მხოლოდ მისი თვალები... მარცხენა ხელი... საღამოს ეთერში შემოგთავაზებთ ინტერვიუს... ირაკლი ტ. ამ ამაღელვებელი ამბის დეტალებზე... დროებით გემშვიდობებით და სარეკლამო პაუზის შემდეგ..."


თავი მეშვიდე, სადაც წაიკითხავდით იმ ინტერვიუს ჩანაწერს, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა "ქართლი 2"-ის პირდაპირ ეთერში, მაგრამ ამ ნოველის ავტორმა არჩია, დაუმთავრებელი ტექსტი შეეთავაზებინა მკითხველისთვის – ღიად დარჩენილი კითხვებით, შეუკრავი წრით და გაწყვეტილი ჯაჭვით.

P.S. კონფლიქტის ზონას საზღვრები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მათი გადალახვა მაინც შეიძლება.

© "წიგნები - 24 საათი"

No comments: