Monday, March 23, 2009

ზაალ დგებუაძე – მესამე მხეცი?


ზაალ დგებუაძე

მესამე მხეცი?

ვახტანგ გოგუაძე. ორი მხეცი (ლენინი და სტალინი), თბილისი, 25 დეკემბერი, 2002 წელი, საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირი, მეორე შევსებული გამოცემა.


ეს წიგნაკი დაწერილია ადამიანის ხელით, რომელიც თავს ქრისტიან მართლმადიდებლად თვლის. ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, მისივე აღიარებით. მე კი მგონია და ამას წიგნაკის ბევრი ადგილი, უფრო მეტიც, მთელი წიგნაკი, მოწმობს, რომ მის ავტორს შორეული წარმოდგენა აქვს ქრისტიანობაზე და მის ფუძემდებლურ წიგნებზე. შორეული და ზერელე, მეტისმეტად ზედაპირული, როგორც საბჭოთა "ფილოსოფიური" სკოლიდან გამოსული დოქტორისგან არის მოსალოდნელი.

ასეთი წიგნაკი მხოლოდ საღვთისმეტყველო კულტურის სიმწირისა, უფრო მეტიც, სრული გაველურების ფონზე თუ წარმოიშვებოდა. რა ძირითადი საღვთისმეტყველო პრობლემატიკა და თემები აწუხებთ, რა აღაფრთოვანებთ პეტრიწის მემკვიდრეებს ქვეყანაში, რომელსაც თავი მოაქვს ორიათასწლოვანი ქრისტიანული სარწმუნოებით, კულტურით? აღაფრთოვანებთ საქართველოს გაბრწყინების და ქართულ ენაზე მოლაპარაკე მესიის თემა და აწუხებთ ჯერეთ დაუბადებელ, დედის საშოშივე გარდაცვლილ ჩვილთა ან მკვდრადშობილთა ცხონება-წარწყმედის პრობლემა. აი, ამით არის, რამდენადაც ვიცნობ, დაკავებული ჩვენი საღვთისმეტყველო აზრი. ერთს საბჭოური პროპაგანდის ბანგის სუნი უდის (გაბრწყინება ერთი ქვეყნისა გარემომცველ სიბნელეში, როგორც კომუნიზმის დამყარება ერთ ქვეყანაში!), მეორე კი უსირცხვილო კაზუისტიკის სფეროს განეკუთვნება. ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი, პირდაპირ ვიტყვი, უწიგნური წიგნაკის გამოჩენა (როგორც გარეკანის წარწერა გვაუწყებს, იგი მეორედ გამოცემულა შევსებულ სახით).

"მე მრავალი წელია ვმუშაობ ამ უწმინდესს საკითხზე", - აცხადებს ავტორი. რა არის ეს "უწმინდესი (რატომ წმიდა არა?) საკითხი"? ეს არის გაშიფრვა იოანეს "გამოცხადებაში" ნახსენები სიმბოლური ფიგურებისა, რომლებიც ესქატოლოგიურ ჟამს, ანტიქრისტეს ხანის დადგომას და, ბოლოს, ქრისტეს მეორე მოსვლას მიანიშნებენ. ძირითადად ორ აპოკალიპსურ მხეცზეა ლაპარაკი - პირველ მხეცზე და მეორე მხეცზე. ფილოსოფიის დოქტორის აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობს: პირველი მხეცი (შვიდი თავითა და ათი რქით) ლენინია, მეორე მხეცი (კრავის ორი რქით) - სტალინი. პირველი მხეცი (ანუ ლენინი) ქრისტეს მგმობელია, ანტიქრისტეა; მეორე მხეცი (ანუ სტალინი) ქრისტეს მსგავსია, რაკი მას "კრავის მსგავსი ორი რქა" ამშვენებს... მეორე მხეცი, თუმცა ის ქრისტეს მსგავსია, გზას უხსნის პირველ მხეცს - ანტიქისტეს. რეალობაში: სტალინი ლაპარაკობს ლენინის სახელით, ქმნის მოძღვრებას და არქმევს სახელად ლენინიზმს. ანუ პირველ მხეცს მიაწერს თავის ნააზრევს სრულიად უანგაროდ, ის ხომ უვერცხლო იყო (იხ. 64-ე გვერდზე მისი პირადი ნივთების სია). ამ საიდუმლოს ამოხსნამდე, სიმბოლოთა ამგვარ გაშიფრვამდე, ცხადია, წარსულში ვერავინ მივიდოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლენინ-სტალინი მეოცე საუკუნის ფიგურები არიან, მაშინ დაბადებული არ იყვნენ, თუნდაც მაშინ, როცა ანდრია კესარია-კაპადოკიელი წერდა თავის განმარტებებს. ამრიგად, დღევანდელ ფილოსოფიის დოქტორს თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე, შეუძლია თქვას, რომ "ანდრია კესარიელის ინტერპრეტაციაც მოძველებული ჩანს" (გვ. 12). ასეთი დიდი უპირატესობა შესძინა ჩვენს დოქტორს დრომ. ოღონდ უნდა ვიკითხოთ, რომელი სულით არის შთაგონებული მისეული განმარტება? ეჭვი მაქვს, რომ მას სულიწმიდა არ უწევდა მეგზურობას აპოკალიფსის ლაბირინთებში.

იყო დრო, როცა იოანე მოციქულის (და ღვთისმეტყველის) სახელით ცნობილი წიგნი "გამოცხადება" (სხვაგვარად: "აპოკალიფსი") არ იყო შეტანილი ახალი აღთქმის კორპუსში კანონიკურ წიგნებს შორის. გადავშალოთ "დიდი რჯულის კანონი" და მოვძებნოთ ლაოდიკიის კრების განჩინებები, სადაც ძველი და ახალი აღთქმების წიგნებია ჩამოთვლილი. მათ შორის ვერ ვპოვებთ "გამოცხადებას". თავდაპირველი ეკლესია შიშობდა, რომ ამ წიგნის რთულ (როგორც ფიგურათა, ისე რიცხვთა) სიმბოლიკას ბიძგი არ მიეცა ამაო მარჩიელობისათვის. საცდურში არ ჩაეგდო მომავლის საიდუმლოთა ახსნის მოსურნე ადამიანის სული. მაინც, საბოლოოდ, "გამოცხადება" შეტანილ იქნა ახალ აღთქმაში. ეკლესიის შიში კი გამართლდა. ამ წიგნის თვითნებურმა განმარტებებმა ბევრი ფსევდოქრისტიანული სექტა წარმოშვა წარსულში და დღესაც (მაგ., იეღოვას მოწმეთა მოძღვრება, ძირითადად, "გამოცხადების" თვითნებურ გაგებაზეა დამყარებული). წინამდებარე წიგნაკი სექტანტური აზროვნების კიდევ ერთი ნიმუშია.

ამრიგად, ლენინიც და სტალინიც, ჩვენი ავტორის რწმენით, აპოკალიფსური მხეცები არიან. თუ ეს ნამდვილად ასეა, ქრისტიანული პოზიციებიდან მათ ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ დოქტორი, რომელი სულით შთაგონებული, არ ვიცი, მაინც ვერ მალავს თავის სიმპათიებს და აღფრთოვანებას ამ მხეცების პიროვნებათა და მათი შექმნილი წყობილების მიმართ. "იმ დემონსტრანტებს, წითელი დროშებით, ლენინისა და სტალინის პორტრეტებით რომ გამოდიოდნენ, მე დიდ პატივს ვცემ. საბჭოთა სახელმწიფოს მადლი არ უნდა დააკნინო" (გვ. 10). განსაკუთრებით დაუფარავია რწმენა, სასოება და სიყვარული მეორე მხეცისადმი, სტალინისადმი, რომელსაც, თუ ბოლომდე ჩავიკითხავთ ამ წიგნაკს, დავრწმუნდებით, რომ არცთუ შორეულ მომავალში წმიდანად შერაცხვა ელის. ასე სჯერა ჩვენს ავტორს. აი, რა აძლევს მას ამის იმედიან არგუმენტს: "სტალინი არ იყო წმინდანი, იგი სახელმწიფოს მეთაური გახლდათ. თუმცა ზოგიერთ მეფეს სიკვდილის შემდეგ წმინდანადაც შერაცხდნენ, იმ ადამიანებს, რომლებიც დემონიურთან იყვნენ წილნაყარნი და სისხლიც ბევრი ეცხოთ ხელზე, ყოველ შემთხვევაში, ისტორიოგრაფიას მაინც სჭირდება დროის დისტანცია" (გვ. 87). ანუ უნდა დაველოდოთ, როცა გამოაშკარავდება "საბჭოთა სახელმწიფოს მადლი", რომელიც ახლა უმადური ადამიანების მიერ დაკნინებულია (გვ. 10). როცა შინაგანი გარეთ გამოვა, როგორც ნათქვამია წმიდა წერილში, აი, მაშინ გაბრწყინდება საბჭოთა მადლი, დღეს მიჩქმალული და დაკნინებული. ნამდვილად, ეს სტალინის მეორედ მოსვლის დრო იქნება (გვ. 65). და იცით, ვინ არის ამ ნეოსაბჭოური ხანის წინამორბედი? თავად ვლადიმირ პუტინი! სტალინი, ასე ამოიცნო doctor sovieticus sive diabolicus-მა, "მისთვის (პუტინისთვის, ზ.დ.) გარკვეული ორიენტირია და ჩვენზე უკეთ იცის მისი ფასი" (გვ. 88). ხალხის მასებიც თურმე ატარებს ესქატოლოგიურ მოლოდინს: "დიდი ადამიანები ენატრება ახალგაზრდობას"; "სტალინის მაგალითი აღელვებს ახალგაზრდობასაც და ძველგაზრდობასაც" (გვ. 89). პუტინი - ძველგაზრდა, რომელიც ახლა მეორე მხეცის კაბინეტში ზის, "ოცნებობს, აღუდგინოს რუსეთს მსოფლიო დიდება" (გც. 89). თუ იცის ამ დოქტორმა, რას ამბობს ამ სიტყვებით? რას ნიშნავს პოლიტიკურ ასპარეზზე დიდება და, მით უმეტეს, მსოფლიო? ვის ხელშია დიდება ამა სოფლისა? ვის გულისხმობენ, როცა ამ ენით ლაპარაკობენ? მართალია, ჩვენი doctor propheticus -ი არ დემაგოგობს იბერიის გაბრწყინებით (ეს სხვათა საქმეა), სამაგიეროდ "დიდი რუსეთის" ამ დიაბოლურ დიდებაში თავის ქვეყანასაც, როგორც "გარკვეულ მეწილეს დიდ რუსეთთან ერთად", მიუჩენს ადგილს (გვ. 91).

კეთილი და პატიოსანი. მაინც რით შეიძლება დაიმსახუროს "მეორე მხეცმა" სტალინმა წმიდანობა? რას შეეძლო წარეხოცა მისი მხეცობა? აი პასუხი: "მეორე მხეცმა (სტალინმა) ამავე დროს გააკეთა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კეთილშობილი საქმე - მან გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია. ეს შეეძლო მხოლოდ ქრისტეს მიახლოებულ კაცს. სტალინი ღმერთზე ნაკლებია და კაცზე მეტია". ეს ღირსშესანიშნავი სიტყვები მეტი დამაჯერებლობისთვის შავი (აზრის ადექვატური ფერის) შრიფტით არის აწყობილი. მკრეხელობა ამაზე შორს ძნელად თუ წავა. ვისგან გადაარჩინა "ღმერთზე ნაკლებმა და კაცზე მეტმა" სტალინმა მართლმადიდებელი ეკლესია? თავისი მხეცობისგან? თუ ავტორი ფიქრობს, რომ მებრძოლი ათეისტური საბჭოეთის მშენებლობაში სტალინს არავითარი წვლილი არ მიუძღვის? არა, თურმე სტალინს დახვდა ათეისტური რუსეთი, სადაც მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. აი, ბატონო: "საბჭოთა ათეიზმს ოფიციალურად სტალინიც ვერ უპირისპირდებოდა" (გვ. 53). თუ ეს ასეა, მაშ, სადღაა სტალინის ზეკაცობა ("აი ეს იყო მართლა ზეკაცი", გვ.61), მისი რკინისკაცობა? მისი მონოლითურობა? და, ბოლოს, "ქრისტესთან მიახლოებულობა"? დავიჯეროთ, რომ სტალინი სახალხოდ, საკაცობრიოდ, ცეცხლითა და მახვილით ნერგავდა იმას, რაც არ სწამდა ანუ მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებს და საიდუმლოდ, შიშით ინახავდა იმას, რაც სწამდა - ქრისტეს სიყვარულს? ქრისტიანობის რომელ ისტორიაში მოძებნა ავტორმა ასეთი ზღაპრები? აი, ასეთ სტალინზე ამბობს ჩვენი ავტორი, რომ "სტალინის მაგალითი აღელვებს ახალგაზრდობასაც და ძველგაზრდობასაც"?

ჩვენი სპიკერყოფილის რწმენით, "ისტორიულად არსებულ ყველა სახელმწიფოს შორის, თუ ვიხელმძღვანელებთ პლატონის პრინციპით, საბჭოთა კავშირი უმცირესი ბოროტებაა" (გვ. 10). ამ უმცირესი ბოროტების შექმნა-განსრულება, როგორც ფიქრობს სპიკერყოფილი, ვერ მოასწრო პირველმა მხეცმა, მაგრამ მეორე მხეცმა-სტალინმა განასრულა (გვ. 17). როგორ გამოვხატოთ ეს განსრულება? ვერ გამოვხატავთ უკეთესად, თუ არა მისივე, აწ პროფეტის და ისტორიის მსჯავრმდებლის, სიტყვებით: "აი, ამ რუსეთიდან, კავის რუსეთიდან, სტალინმა ატომური ბომბის მფლობელი რუსეთი მისცა მსოფლიოს. ეს ატომური ცეცხლი სხვა რა შეიძლება ყოფილიყო, კითხულობს სპიკერყოფილი და პასუხობს "გამოცხადების" ტექსტით: თუ არა ის, რომ სტალინი "ახდენდა სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე". ამაოდ აწუხებს "გამოცხადებას". ყოველ შემთხვევაში, სტალინთან მიმართებაში ატომური ბომბი და "გამოცხადებისეული" ციური ცეცხლი სრულიად უადგილოა. თუ რაიმე ახდა ამ წინასწარმეტყველებაში, უფრო (თუმცა საეჭვოა) ამერიკის შეერთებულ შტატებზე ითქმის. რა ბომბი ჰქონდა, თუნდაც არა ციდან, ისევ მიწიდან მოპარული, სტალინს ხიროსიმამდე?

წმიდა წერილის შინაარსის ზედაპირული და ანტიქრისტული უზურპაციის შედეგია ასეთი დასკვნა სტალინის, როგორც ეკლესიის მხსნელის პიროვნებაზე. ის, მართალია, ანტიქრისტეა, მაგრამ ეკლესიის მხსნელია. სპიკერყოფილს ჰყოფნის კადნიერება (და გამბედაობაც, რასაც მხოლოდ მისი უმეცრება თუ გაამართლებს), რომ ამ კონტექსტში სავლე გაახსენდეს, რომელსაც ის "დიდ ანტიქრისტეს (?)" უწოდებს, რაკი ხოცავდა ქრისტიანებს. სავლე "უცბად ხდება დიდი, უმაღლესი მოციქული". სავლე-პავლეთი სპეკულაცია ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ მოიტანა. თავიდანვე ეს არასერიოზული, ზედაპირული, ფსევდოქრისტიანული აზროვნების ნაყოფი იყო. მან დაანაგვიანა ქართული საზოგადოების ცნობიერება. ჩვენ სპიკერყოფილს იგი კულმინაციამდე აჰყავს: როგორც პავლედ გარდაქმნილმა სავლემ იხსნა ეკლესია, ასევე თურმე სტალინს გადაურჩენია რუსეთის მართლმადიდებლობა: "ასე რომ, მეორე მხეცი, გველეშაპი, ცრუწინასწარმეტყველი (სტალინი) გახდა დიდი საიდუმლო ბურჯი ქრისტიანობისა" (გვ. 20). სპიკერყოფილს არ სურს იცოდეს, რომ პავლე ქრისტეს მოციქული შეიქნა და ცხადად, სახალხოდ, ქადაგებდა ქრისტეს და რომ ის საქვეყნო სვეტი იყო და არა "საიდუმლო ბურჯი". პავლემ თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტე, სტალინმა კი სხვისი, მათ შორის, ღვთისმსახურთა სისხლით დაამოწმა კომუნიზმის "ჭეშმარიტება". ან სად მოხდა "მეორე მხეცის" გარდაქმნა პავლედ - სად იყო მისი დამასკოს გზა? ან როდის - როცა გაუჭირდა?

ლენინ-სტალინი აპოკალიპსური მხეცები არიან, მიწიერი მხეცები მათთან ახლოსაც ვერ მივლენ. რატომ? რატომ და ლენინ-სტალინის მხეცობა ღვთის ნება იყო: "ჰიტლერი ან ტროცკი გაცილებით საშინელი ბოროტება გახლდათ, ვიდრე ლენინი, მაგრამ მათ "შვიდი თავი და ათი რქა" არ არგუნათ ღმერთმა". და კიდევ: "ღმერთის მგმობელს ერთი უცნაური ბედი სჭირს. იგი არა თავისი ნებით (როგორც ჩანს, უფლის ნებით), ფორმალური ნიშნებით უნდა ჰგავდეს ქრისტეს..."
"როგორც ჩანს, უფლის ნებით". საიდან ჩანს? აპოკალიფსის ვაიკომენტატორი დარწმუნებულია, რომ ანტიქრისტე ღვთის ნებით მოქმედებს. საიდან, რომელი თეოლოგიური ლექსიკონიდან ამოიკითხა ასეთი აბსურდი. doctor sovieticus sive satangelicus -ი აშკარად ურევს ერთმანეთისაგან ღვთის ნებას და ღვთის მიშვებას. ბოროტების ქმნას ღმერთი არ აიძულებს ადამიანს, ადამიანი თავისი ნებით სჩადის ბოროტებას. სატანაც თავისი ნებით განუდგა ღმერთს და დღემდე ამ ნებით განაგრძობს განდგომილებას. სპიკერყოფილი პატივს სცემს მათ, ვისაც ლენინ-სტალინის პორტრეტები მოჰქონდათ. დღემდე იგი ამ პორტრეტებს სიწმიდეებად თვლის და მათ პროტოტიპებსაც.

სრული ჭეშმარიტებაა, რომ ანტიქრისტე (როგორც ეს ბერძნული სიტყვა აჩვენებს) ქრისტეს მიმბაძველია ანუ ცრუქრისტეა და ქრისტეს სახით მოევლინება კაცობრიობას, რათა აცდუნოს. მაგრამ როგორ ავლენს ამ მსგავსებას ერთ-ერთი მხეცი-ანტიქრისტე ლენინი? აი, თურმე როგორ: "ქრისტე მოჰკლეს, ჯვარს აცვეს, მაგრამ აღსდგა. ლენინი სასიკვდილოდ დაჭრეს, მაგრამ როგორღაც "აღსდგა" იმის გამო, რომ სასწაულით განიკურნა". მკითხველო, გესმით, რას წერს ეს doctor sovieticus sive satangelicus -ი? მან ხომ თავისი კერპის ბიოგრაფიაც არ იცის (ქრისტეს ცოდნას რომ თავი დავანებოთ): განიკურნა კი ლენინი? სასწაული იყო, მამალივით რომ აყივლდა კრემლში? წავიდეთ უფრო შორს: ავტორი აგრძელებს პარალელს: ქრისტემ სახელი შეინარჩუნა, მაგრამ ეპითეტები მოიპოვა (მესია, კრავი, დავითი...); ლენინი-ანტიქრისტეც არ ჩამორჩა: ინარჩუნებს სახელს (ვლადიმერს), მაგრამ იცვლის გვარს. ძლიერი არგუმენტია, დამარწმუნებელია, წყალი არ გაუვა. კიდევ წავიდეთ წინ: "ანტიქრისტეს დედაც იუდეველი უნდა იყოს. ქრისტეს დედა მარიამია, ლენინის დედაც მარიამია (ბლანკი)". ეს ფრაზა, რომელმაც დაიტია ისტორიული აღმოჩენა, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ასევე შავი შრიფტით არის აწყობილი!

საგანგებოდ უნდა შეინიშნოს (არ მივჩქმალოთ) ავტორის დოგმატშემოქმედებითი ღვაწლი. ქრისტიანული დოგმატები მსოფლიო კრებებზე იქმნებოდა, მაგრამ doctor sovieticus -ს დღეს შეუძლია შექმნას დოგმატები. ის ქმნის ახალ-ახალ დოგმატებს, მაგალითად, ქრისტეს მეორედ მოსვლა, მისი შეხედულებით, მეორე ჯვარცმაა: "მე ამ ჟამს ქრისტეს მეორე ჯვარცმას ვუწოდებ" (გვ. 23).

საწინააღმდეგოდ, მთელს საქრისტიანოში (როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში) მიღებული დოქტრინისა ბოროტების უარსობის შესახებ, იგი გვთავაზობს: "რაც შეეხება ბოროტებას, დიალექტიკურად მას აქვს არამარტო უფლება არსებობისა, არამედ იგი სიკეთესთან თანაარსებობის აუცილებელი ელემენტია. რომ არ იყოს ბოროტება, არ იქნება სიკეთე" (გვ. 22). იგი ასე აზროვნებს: თანაფარდობა არ უნდა დაირღვეს, თორემ ბოროტების არსებობა აუცილებელია. უნდა არსებობდეს, ოღონდ მცირე დოზით!

ჩათვალა რა ჩვენმა დოქტორმა, რომ მისი თანადროული კაცობრიობა "ანტიქრისტეს ეპოქაში" იმყოფება, იქამდე მიდის, რომ აცხადებს: "პირველად კაცობრიობის ისტორიაში სიტყვა, ანტიქრისტეს ეპოქაში, არ არის ღმერთთან. იგი მიიტაცა სატანამ" (გვ. 37). ეს სიტყვები იოანეს სახარების პირველ მუხლის კომენტარია. როგორ წარმოიდგინა, რომ ლოგოსი (სამების მეორე წევრი) "არ არის ღმერთთან"? სატანამ მიიტაცა (horribile dictu!) სამების მეორე ჰიპოსტასი, "ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს საუკუნეთა"?

დოქტორს თავისი წვლილი შეაქვს ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში: "ამ ცოდვის გამო დაისაჯნენ პირველი "დისიდენტის", გველის მიერ შეცდენილი ადამიანები. მაგრამ ამ ცოდვის წყალობით იქცნენ ისინი ნამდვილ ადამიანებად. მანამდე, სამოთხეში, როგორც ჰეგელი ამბობს, ადამს და ევას ჰქონდათ პირუტყვული სიმშვიდე, სრულიად უშინაარსო" (გვ. 66-7). ჰეგელის დამოწმება არ შველის - აქ გამოთქმული აზრი არა მხოლოდ ყირამალა აყენებს ქრისტიანულ, კერძოდ, მართლმადიდებლურ მოძღვრებას, რის ერთგულ ადეპტადაც თვლის თავს ჩვენი დოქტორი, არამედ სატანურ-ანტიქრისტულია. doctor satangelicus -ი ნამდვილად იზიარებს ოფიტების გნოსტიკურ სწავლებას ბოროტი დემიურგის შესახებ, რომელიც ადამს უმალავდა ცოდნას, კეთილმა გველმა კი ამ არარაობას, როგორიც თითქოს დემიურგის მონა ადამი იყო, გაუმჟღავნა თავდაპირველი სიბრძნე. ეს კეთილისმყოფელი გველია სწორედ პირველი მხეცი და, იქნებ, მეორეც.

წავიდეთ წინ ახალ-ახალი ერესების სიღრმისაკენ. დოქტორი, რომელიც ქრისტიანობას იჩემებს, იმდენად გაიტაცა სიკვდილის დასჯის აღდგენის იდეამ, რომ წინასწარმეტყველებს კიდეც, რომ "ევროპა და რუსეთი მალე აიჩეჩავენ მხრებს და დაიწყებენ ბოდიშების (sic! ასეა!) თავიანთი პრინციპების წინააღმდეგ - იმის გამო რომ უნდა აღადგინონ სიკვდილით დასჯა". ეს კიდევ არაფერი, წმიდა წერილში ეძებს და პოულობს (!) მის გამართლებას: "ქრისტეს "მეორედ მოსვლის" განაჩენი სიკვდილით დასჯა არ არის? ქრისტე გულმოწყალეა უმწეოთა და სუსტების მიმართ, მაგრამ სასტიკია თავხედთა მიმართ. სიკვდილით დასჯა თვით ღმერთის მიერაა დაკანონებული" (გვ. 38). ეს აღმოჩენაც შავი შრიფტითაა აწყობილი! ვინ არიან ეს "უმწეონი და სუსტები", რომელთადმი ქრისტე გულმოწყალეა. უმწეო და სუსტი გამორიცხავს ცოდვას? რა კატეგორიაა "თავხედობა"? როდის დააკანონა ღმერთმა სიკვდილით დასჯა - კაენის ეპიზოდში? და, ბოლოს, უკანასკნელი აკორდი - თითქოს მობოდიშება, ასე ვფიქრობ, თავისი ოდიოზური აზრისთვის: "ქრისტე ღმერთი კი არ იწონებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მის მიერ ეს არმოსაწონი ნაბიჯი ქრისტეს მიხედვით აუცილებელია" (გვ. 38). აქ ის შემთხვევაა, როცა მახინჯი აზრი უკვე ენასაც ამახინჯებს. აშკარად უმტყუნა დოქტორს მშობლიურმა ენამ. თუ "ღმერთმა დააკანონა", ღმერთი როგორღა "არ იწონებს"? საკუთარ ტვინში გაჩენილ წინააღმდეგობას დოქტორი ღმერთს მიაწერს?

კიდევ ახალი "დოგმატი": "ქრისტე გაადამიანურდა..." (გვ. 55). და კიდევ: "თუმცა ქრისტეს მიერ ნაქადაგევი ასკეტიზმი ძალზე მკაცრი ასკეტიზმია, ძალზე იშვიათად განსახორციელებელი" (გვ. 55). და კიდევ: "ადამიანის ბუნება არ არის ისე იდეალური, ქრისტე რომ მოითხოვს". გვესმის დოქტორის გულმოწყალება საცოდავი ადამიანების მიმართ! არა, ძე ღვთისა ამაოდ განკაცებულა! მისამართი ხომ არ შეეშალა, ანგელოზებისთვის ხომ არ უნდა ექადაგა? ვის ვერწმუნოთ და მივსდიოთ - დოქტორს თუ ქრისტეს, რომელიც ამბობს: "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მ. 11:30).

კიდევ ახალი "დოგმატი" ქრისტოლოგიურ საიდუმლოებაში: "ჭეშმარიტ ღმერთად ქრისტე ჯვართამაღლების შემდეგ ხდება" (გვ. 58). რისი თქმა სურს დოქტორს? ქრისტე არ შობილა ღმერთად ანუ წმიდა მარიამი არ არის ღვთისმშობელი, არამედ მხოლოდ ნახევარღმერთის მშობელი. დოქტორი აღადგენს არიანულ მწვალებლობას, რომელიც საუკუნის მანძილზე არყევდა ეკლესიას. დღეს მას ერთგული ქომაგი გამოუჩნდა.

იუდას საკითხში ჩვენს ავტორს ვერ მივაწერთ ორიგინალობას, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ - მისი კილო მოწმობს, რომ იუდას პროვიდენციალობის პრობლემა საკუთარ აღმოჩენად მიაჩნია. კითხულობს თამამად და თამამსავე პასუხს იძლევა: რომ არ ყოფილიყო იუდა, როგორი იქნებოდა ქრისტეს ზეცად ამაღლების მთელი ეს პროცესი, რომელიც მამისგან იყო დაშვებული?" (გვ. 72). ჯერ ერთი, უნდა იყოს ლაპარაკი გამოსყიდვის პროცესზე - გამოსყიდვა ესაჭიროება დაცემულ კაცობრიობას, იუდა კი ამ დაცემის ნაყოფია. როცა იუდა, ქრისტეს მოციქულიც კი, სჩადის ასეთ საქციელს, აუცილებელი ხდება გამოსყიდვის პროცესი ღვთის განკაცებიდან დაწყებული მის მეორედ მოსვლამდე, რომელიც არ არის თვითმიზნური, რომ იუდას მისი პროვოცირება მოეხდინა. იუდა არავის დაუნიშნავს გამცემად - მან თავად აირჩია, საკუთარი ნებით გადადგა ეს ნაბიჯი, რითაც დაადასტურა, რომ "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" და მას ხსნა ესაჭიროება. ყოველი ლაპარაკი იუდას მისიაზე, თითქოს ის ცას დაენიშნოს, გაუგებრობაა.

კიდევ, ეს უკვე ანტიქრისტული ცინიზმია: სტალინმა "შექმნა ხალხის სახელმწიფო. ამ ქვეყანაში არ იყო დემოკრატიული სახალხო არჩევნები, მაგრამ არასოდეს ხალხს, უბრალო ადამიანს არ ღირსებია ისეთი უფლება ადამიანისა, რაც მშრომელ, გაჭირვებულ ადამიანს ჰქონდა...""(გვ. 63). დოქტორი ვერ ხვდება, რომ თუ სადმე ანტიქრისტეს დაუარსებია სახელმწიფო, ეს საბჭოეთი იყო თავისი ნიველირებული, გასაშუალებული მოსახლეობით, რომელთაც "მშრომელები" ეწოდათ. დემოკრატიულ არჩევნებს ვინ ჩივის, საერთოდ არჩევნების იდეის კარიკატურაზე იზრდებოდნენ თაობები, მათ შორის ჩვენი doctor sovieticus-ი, რომელიც მისტირის სტალინურ რეჟიმს.

და კვლავ იმეორებს დემაგოგიურად თავის საყვარელ სილოგიზმს, რომ რაკი სახელმწიფოს არსად სამოთხე არ დაუმყარებია, "ბოროტებათა ხარისხით - საბჭოთა კავშირი ყველაზე ნაკლები ბოროტება ყოფილა" და აგვირგვინებს მისთვის ჩვეული ენობრივი აბდაუბდით: "მეტი და უკეთესი არ არის მიწაზე აშენებული ქვეყანა" (გვ. 63). მაგრამ თუ რეპრესიების გამო ვინმე ანტისტალინელი ჩამოაგდებს სიტყვას, პასუხიც მზადა აქვს საღვთისმეტყველო სფეროდან: "რეპრესიების გამო ბრალდებას ვერ მოვუხსნი სტალინს, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, არც მეორედ მოსვლა უფლისა იქნება ურეპრესიო. სამწუხაროდო, გვაფრთხილებენ უფლის სახელით, უდანაშაულონიც არ აღმოჩნდებიან მთლად კაი დღეში" (გვ. 65). Doctor odiosus-ი, თავისდა უნებურად (მსურს, ასე ვიფიქრო) ქმნის ახალ, ჯერარნახულ მწვალებლობას - ქრისტეს მეორედ მოსვლა რეპრესიების კატეგორიაში გაჰყავს. კეთილი და პატიოსანი. ეს აზრი მის სადოქტორო სინდისზე იყოს, მაგრამ ამ "უდანაშაულოებმა" რაღა დააშავეს, ცოდვილთა შავი დღე რომ უნდა გაიზიარონ?

რაც მთავარია და სავალალო, სიბრალულის გარეშე ნამდვილად არ შემიძლია ამის აღიარება, რომ დოქტორი იმ დაბეჩავებული, ღირსებაწაშლილი "უბრალო ადამიანისა" და "მშრომელის" ფსიქოლოგიას არ გასცილებია, როცა სტალინის უბრალოებაზე და ასკეტობაზე ლაპარაკობს: "სტალინის მამა ფეხსაცმელს კერავდა, მისმა შვილმა მსოფლიო ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი სახელმწიფო შეკერა (sic! ასეა! ზ.დ.). თვითონ კი გაცვეთილი ფეხსაცმელით წავიდა ამა ქვეყნიდან" (გვ. 62). მოსაწყენი ბანალობა, როგორიც მხოლოდ მეშჩანურ-მდაბიურ ცნობიერებაში შეიძლება დაიბადოს! როგორ არ გავიხსენო ერთი პროლეტარი მწერლის გულწრფელი განცვიფრება, როცა დაინახა, რომ მილიონერი ფორდი საუზმედ ყავისა და ორცხობილას მეტს არაფერს მიირთმევდა. ნუთუ არ ესმის დოქტორს, რომ ასკეტიზმი თავისთავად არავითარ კავშირში არ არის არც მორალთან, არც სიკეთესთან, არც სიწმიდესთან, არც რელიგიურ რწმენასთან...? სატანაც მარხულობს, სატანაც ასკეტია და ასკეტი იქნება ანტიქრისტეც.

სტალინის ასკეტიზმზე, მის უანგარობაზე პირად ცხოვრებაში, მის უვერცხლობაზე რომ დიდის ამბით ლაპარაკობს, ჩვენს დოქტორს ის კი აღარ ახსენდება, რომ ამ ასკეტმა შეგნებული მიშვებით გააღმერთებინა თავი საბჭოეთის დაშინებულ-დაბეჩავებულ და გაუბედურებელ ხალხს. ამაზე მეტს რას ისურვებდა მეორე მხეცის პროტოტიპი? ანტიქრისტეს ხომ, გარდა მსოფლიო ბატონობისა და ადამიანთა მოხიბლვა-გადაბირებისა, სხვა ანგარება არ გააჩნია! ახლა დოქტორი გვასწავლის, რომ თურმე გაუცვეთელი ფეხსაცმელი კი არ არის მთავარი, არამედ, "მთავარია ის დიადი იდეა, რომელიც ღვთისაგან მოდის. რომელიც ღვთისაკენ მიდის" (გვ. 62). რომელი იდეა მიმოდის ღვთისგან და ღვთისაკენ - კომუნიზმის, ადამიანთა დაბეჩავების, ტერორის, მსოფლიო ბატონობის, ტყუილის, დემაგოგიის? რომელი ერთი? თურმე "რას არ აიტან სიტკბოების მოსაგერიებლად, რას არ აიტან ტანჯვით, წვალებით ემსახურო ღმერთს, ხალხს, ქვეყანას" (გვ. 62). რომელ ღმერთს, რომელ ხალხს, რომელ ქვეყანას? პირველი და მეორე მხეცის "ღმერთს", ღმერთწართმეულ ხალხს და უღმერთო ქვეყანას ხომ არა?

Doctor sovieticus-ი გვაწვდის სტალინის პირადი ნივთების ნუსხას - 5 ჩიბუხი, 10 შარვალი და ასე შემდეგ... სხვა ქონება აღწერაში შეტანილი არ არისო... რატომ არ შეიტანეს მისალმებათა ნაკადი ან დედამიწის ყოველი ქვეყნიდან გამოგზავნილი საჩუქრები - ვისი საკუთრება იყო ისინი? ან ის კაპიტალი, რომლითაც თავისი სახელობის ლაურეატებს აჯილდოვებდა? "ქრისტეს კვართი და სტალინის შინელი" (გვ. 60) - ასეთი სათაური აქვს კულმინაციურ თავს ამ ბროშურისა. მართლაც კულმინაციაა დემაგოგიის, გაუგებრობის, უმეცრების, პროფანაციის!.. რა სიმბოლური კავშირია, რა პარალელიზმია მათ შორის, გაურკვეველი რჩება. სემიოტურ დონეზე მაინც ყოფილიყო ცხადი! "ქრისტეს პერანგი მისი დიდებულების სიმბოლოა", გვამცნობს დოქტორი. სტალინის შინელიც მისი პატრონის დიდებულებას გამოხატავს? კვართზე წილი იყარეს, შინელზე არ უყრიათ... (გვ. 66).

და უკანასკნელად, დოქტორი გულისტკივილით, თითქოს აღშფოთებითაც წერს: "საბჭოთა კავშირი დაინგრა. მაგრამ ისტორიოგრაფია დგას დოყლაპიასავით და თითქოს უყურებს ცირკს - როგორ აორთქლდა საბჭოთა კავშირი..." (გვ. 90). ის მოითხოვს "საბჭოთა ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის ობიექტურ შეფასებას" (გვ. 91). მაგრამ რას მოელის ამ "ობიექტური შეფასებისგან"? არ არის ძნელი გამოსაცნობი: საბჭოეთის გამართლებას მოელის! რეპრესიების გამართლებას, რაკი "არც მეორედ მოსვლა უფლისა იქნება ურეპრესიო." ნუთუ ერთხელ მაინც, საბჭოეთის აორთქლებას რომ მისტირის, არ დაიბადა მის საბჭოურ ტვინში კითხვა, თუ სად აორთქლდა 60 მილიონი ადამიანი, საბჭოთა კავშირის არსებობას, მის არაადამიანურ რეჟიმის განმტკიცებას, კომუნიზმის გაუმაძღარ მოლოხს რომ შეეწირა?

"საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანებს დღეს მარტო მეტრიკა გვაშორებს მასთანო", ამბობს დანანებით doctor sovieticus -ი. უნდა ვანუგეშო - არც ისე ცუდად აქვს საქმე. მისი ტვინიც და ტვინის ნაყოფი ეს წიგნაკი იმის უტყუარი დასტურია, რომ ორივე მხეცის ნაშიერი მისი ავტორი მხოლოდ მეტრიკის იმედზე არ უნდა იყოს. მეორე მხეცის, კომუნიზმის ხუროთმოძღვრის, მოსაყდრე ხომ მალე "გაშიფრავს" (გვ. 91) ისტორიას.


© “წიგნები – 24 საათი”

No comments: