Tuesday, September 7, 2010

გიო ახვლედიანი - სოკრატესი გახსოვთ?


ახლა ბრაზილიის დრო მოდის დიდ სპორტულ შეჯიბრებათა ამბავში. ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სწორედ იქ გაიმართება, ხოლო კიდევ ორი წლის თავზე რიო დე ჟანეირო ოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლებს.
ეს ძალიან დიდი საქმეა საოცარი ქვეყნისთვის, რომლის სიღარიბე და იმავდროულად სიმდიდრე ყოველთვის სალაპარაკოა.
ამ დღეებში ლონდონს ბრაზილიელი მწერალი, სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა ეწვია. საუს ბენქის ლიტერატურული ფესტივალის და იმავდროულად ბრაზილიის ფესტივალის დღეების მონაწილე, 56 წლის თეთრწვერა კაცი მსოფლიოსთვის უფრო თავისი ოდინდელი ფეხბურთელობით არის ცნობილი, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობით 80-იან წლებში და მაშინ ახალგაზრდა კაცის დაუვიწყარი გარეგნობით.
იმ დროში სოკრატესის შესახებ ის ვიცოდით, რომ მარტო ფეხბურთელი კი არა, ექიმიცაა და სანამ დიპლომი არ აიღო, ნაკრებში არაფრით ითამაშა, მერე კი პირდაპირ მისი კაპიტანი გახდა.
მაშინ ჩვენ არ მოგვეხსენებოდა, რომ სოკრატესი თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ხუნტის შემდგომ ბრაზილიაში და სან-პაულუს "კორინთიანსი", რომელშიც ის თამაშობდა, დემოკრატიის ერთ-ერთ შუქურას წარმოადგენდა, რადგან ისე იმართებოდა, როგორც თავისუფალი თემი: პრეზიდენტს, ფეხბურთელს და მრეცხავ დეიდას, ყველას თითო ხმა ჰქონდა.
ისიც უცნაური იყო, რომ მაშინ სოკრატესი ამბობდა, _ ჩემი გმირები პელე და გარინჩა კი არა, ლენონი და ჩე გევარა არიანო.
ფეხბურთს რომ გამოეთხოვა, სოკრატესმა ფილოსოფიის დოქტორობაც მოიპოვა და ექვსი შვილის მამა კვლავაც ექიმად მუშაობს ქალაქ რიბეირაუ პრეტუში. ის ერთნაირი წარმატებით ლაპარაკობს ფეხბურთსა და კულტურაზე და საერთოდ, ძალიან გამორჩეული კაცია, თავისი იშვიათი იდეალიზმითა და სილამაზისადმი ერთგულებით.
"ჩემო კარგო, ბრაზილიაში არავის სწყენია, რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგო, _ თქვა სოკრატესმა, როცა წლევანდელი მსოფლიო თასის გამო ჰკითხეს, _ დუნგას ნაკრებში ხელოვნება საკმარისი არ იყო. თქვენთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ წაგება მაშინ გვწყინს, როცა ჩვენი ხელოვნება აგებს. სირბილში წაგება რა საწყენია. დღეს ბავშვებს უნერგავენ, რომ ფეხბურთით ფულს იშოვიან. ამიტომ, ფეხბურთის სახელოვნებო სული იჩაგრება. ვან გოგს და დეგას რომ ეფიქრათ, _ მაინცდამაინც ფულისთვის ვხატავთო, _ მათი ტილოები ხომ სულ სხვანაირი იქნებოდა. ასევეა ფეხბურთშიც. იქ მთავარი მოგება არ არის. იქ მოგება მაშინაა კარგი, როცა ხელოვნების გამარჯვებას ემთხვევა".
ვინ დაეთანხმება ამაში სოკრატესს, ძნელი სათქმელია. დღევანდელი ფეხბურთი მართლა გადაირია ფულზე და სირბილზე. ხელოვნებისა მას იმდენად სცხია, რამდენადაც სჭირდება, რომ ხანდახან რომანტიკულადაც წარმოაჩინოს თავი.
სოკრატესი ახლა რომანს წერს, თუმცა რაზეა რომანი, არ ამხელს. ლიტერატურულ ფესტივალზე მისი გამოჩენაც ამ ამბავს უკავშირდება. მაღალი, თეთრწვერა ექიმი ინგლისელ პოლიტიკოსებს ლაღად ესაუბრება, და თავისი გმირების შესახებ ლაპარაკს სულაც არ ერიდება.
"ჩემს შვილს ფიდელი რომ დავარქვი, დედაჩემმა მითხრა, _ არ უნდა გექნა, ბავშვს ამხელა სახელით ზედმეტ ტვირთს ადებო, _ იხსენებს ის, _ გამეცინა და ვკითხე, _ შენ თვითონ ვისი სახელი დამარქვი-მეთქი. მამაჩემს ძველი საბერძნეთი ძალიან უყვარდა".
მართალია, სახელი ტვირთია, მაგრამ სოკრატესისთვის, მგონი, ის არასდროს ყოფილა ტვირთი. ასეთი კაცები, ფეხბურთში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათია.
პირდაპირ შეგშურდება კაცს, სადღაც შენკენ რომ გინდა იპოვო ამ გაქანებისა და სიმართლის ადამიანი.
"თუ ხალხს რაღაცის თქმა უნდა და უჭირს, მე ვიტყვი მათ წილ სათქმელს. თუ ჩემი ნათქვამი ყალბია, მას უბრალოდ არ მოუსმენენ", _ აი, სოკრატესი.
ხომ გახსოვთ, როგორც თამაშობდა? ისევე ცხოვრობს.


© ლიბერალი

No comments: