Wednesday, September 1, 2010

ოლესია თავაძე – გადამცდარნი


ფრაგმენტები წიგნიდან "სევდიანი ჩანაწერები”

ქრისტეფორე

ფარავანი დიდია, მშვიდი, ყველას განბანს, მონათლავს: ქართველს, სომეხს, დუხობორს - ცივია და განურჩეველი.
ქრისტეფორე! ხალხში დარბის, ირევა, პრინცად ქცეული მდაბიო. იფერებს, უხდება ტანზე შავები, თეთრი ფეხსაცმელი, თეთრი შლაპა. პლასტიური, გრაციოზული, გრძელი მკლავები, თხელი მტევნები, თლილი თითები, ნუშის თვალები შავი, წყვდიადი, და თეთრი ცხვირსახოცი.
ქრისტეფორე! ტრაპეზი: ჯური, ჰაცი, პანირი, გინი. ვაზის ფოთოლი და ტოლმა, ტოლმა. შია, ტოლმა მუშტში უჭირავს, მკლავებზე ცხიმი ჩამოსდის, ტოლმიანი თითით ცხვირს იწმენდს, ფრჩხილები შავი, სახე ცხიმიანი, თეთრ შლაპას იხდის, მრგვალი, არიული თავი, შავი თმა, ტოლმიანი ხელით თმას ისწორებს, სცივა, გალურჯდა, ვერ გრძნობს, მიჩვეულია, ფეხსაცმელს დახედა, თეთრი ცხვირსახოცით გაიწმინდა.
ქრისტეფორე! დღეს პრინცი, ხვალ მდაბიო! ისევ სანაგვე, ცარიელი ბოთლები, სიცივე, უღიმღამო ქალაქი, ლოთი დედა. არც თეთრი შლაპა, არც თეთრი ფეხსაცმელი, არცა ტრაპეზი, არც ვაზის ფოთოლი, არც თეთრი ცხვირსახოცი.
ქრისტეფორე!
ფარავანი დიდია, ცივი და განურჩეველი, ყველას განბანს, ყველას მონათლავს, ყველას დაიტევს.


ბეთლემის ვარსკვლავი

მოკლეა ჩვენი მეხსიერება. ერთი თაობის წყვეტაა საჭირო, რომ ყველაფერი დროს ჩაბარდეს. ტოპონიმები თუ შეგვინახავენ წარსულის კვალს: შახტსტროი, იმელი, ანდროპოვის ყურები, კიროვის პარკი – იმ დროის კვალია, როდესაც კიროვი ვინ იყო, ბავშვმაც კი იცოდა და იოანე ღვთისმეტყველი მაშინდელმა კი არა, ბევრმა დღევანდელმა მორწმუნემ ნათლად არ იცის.
სწორედ იმ დროს, იმელის შენობასთან ანდროპოვის ყურების მიმართულებით ქალი მიდიოდა, წელში მოხრილი, ზურგზე ჯვარმოკიდებულივით, პირველ შეხედვაზე ეგრეც იფიქრებდი, ჯვარი გეგონებოდა, და ჯვარიც იყო – დამბლადაცემული შვილი. ყველა დროის ნორმალური ობივატელი ზურგზე კაცმოკიდებული ქალის დანახვაზე, ავარიას, უბედურებას იფიქრებდა. ასეც ფიქრობდნენ და მანქანებს უჩერებდნენ. ქალი მანქანაში არაფრით არ ჯდებოდა. მადლიერებით უარს ამბობდა. რუსი იყო და რუსულად პასუხობდა:
- Спасибо, сынок! Недалеко иду, к Иоанну Богослову, Сказали, близко это.
რუსთაველიდან კიროვის პარკამდე რა გაუჭირვებდა (სადაც თურმე იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია ყოფილა), როდესაც შუა რუსეთიდან, ასე, ფეხით, შვილმოკიდებული მოდიოდა. მოდიოდა წმინდა ადგილებში, წმინდა ტაძრებში, ლოცვა-ვედრებით, რწმენით სასწაულქმედი ძალისა, იმედით შვილის ფეხზე დაყენებისა.
- Где придется сынок, спим на паперти. А хлебушек? Люди добрые везде есть. Христос за нас понёс и мы снесём. Храни вас Господи! ასე დაგლოცავდა, და გზას ადგებოდა, თავისი ცხოვრების გზას. ასეთი ტერტულიანესებური აბსურდი რწმენისა, თუ რწმენა აბსურდისა თუ შეგაძლებინებს შეუძლებელს, თუ დააყენებს ფეხზე დამბლადაცემულს. ჩვენ კი იმ დროშიც და ყველა დროს, შეგრძნება გვქონდა, რომ იქით, მთის გადაღმა არ გვახედებენ. და ეს "მთის გადაღმა" - ცა ყოფილა ჩვენს თავზე და ცაზე ბეთლემის ვარსკვლავი.


გიჟი მარინა

სოლოლაკის ქუჩების გზაჯვარედინზე, მანქანების სავალ გზაზე ზის ქალი, სახლიდან გამოტანილ ზურგიან სკამზე, მხედარივით ფეხგაშლით შემომჯდარი.
ცალი ხელი კვერთხივით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორე - ლარივით გასწორებული, მათხოვრობს, უფრო "მოთხოვრობს" ("მოთხოვნის" სემანტიკიდან გამომდინარე). გზისგასაყარის მესაზღვრეა, მეხარკე, ცნობიერი და ურცხვი. სირცხვილისაგან სახეწაფარებული მათხოვრობა, ფეხთ ბეჭდური ასოებით დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათით, მარინას არ ეკადრება, არც სჭირდება – ყველამ იცის ვინ არის "გიჟი მარინა". ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს კინოთეატრის სიბნელეში მისი გოეთესებური შეძახილი – შუქი აანთეთ! ანთებული შუქი და შუაგულ დარბაზში ქალი, ღვინით სავსე ჭიქით ხელაღმართული, ახსოვთ მისი დამლოცველი სადღეგრძელო, ისევ შეძახილი: ეხლა ჩააქრე! ჯერ კიდევ ახსოვთ მისი ბოზობაც. საზღაურისას კი თვითონ მოგიყვება გზაგამოვლილის დიდაქტიკური სიბრძნით.
მისი თანამდევი მის თანამოლხინეებს თუ ახსოვთ, თორემ ღერძული ფეხმოტეხილსაც არ გასტყდომია.
ამაყია, შეუვალი, თუ მართლა გიჟი?


რუსი

ვინმეზე თუ თვალი შეაჩერე, უკვე ურთიერთობები გილაგდება, და თუ ერთსა და იმავე ადგილზე გხვდება, იცი რომ დაგხვდება, უკვე ჩათვალე რომ იცნობ. აგერ რამდენი წელია, პეტრიაშვილის კუთხეში, სათნო უმოძრაო, თეთრი, რუსი ქალი ზის, კალთაში ჩახუტებული მშვიდი ბავშვი უზის და სცნობ, იცი რომ სამსახური არა აქვს, ფერი არ ადევს, საჭმელი უჭირს, წამალი, ბავშვს გამონაცვალი აცვია, ნაპოვნ სათამაშოს ათვალიერებს, იცი ან მარტოხელაა, ან კიდევ უარესი... შენს ფიქრს იკავებს, ზოგს ხვდები, ზოგს იგონებ. შეეგუები. და ერთბაშად – მეორე ბავშვიანად დაგხვდება. ეგეც თავისია თუ შეაჩეჩეს? რუსი დარდიანია, დარდს რაღას იმატებს. ღიზიანდები, მეორეს ჩააცქერდები, ესეც უფერო, ჩუმი. დრო გადის, თავისას შვრება. იცი, ორი ყავს, მაგრამ ცოტათი ღელავ, მესამეს ხომ არ ელოდება?


ქართველი

როგორ ვახსენო ამ მიმართებაში ქართული სიმღერის ღვთიური ჰანგები, როგორ წარმოვთქვა ქართული ნიჭის სახელი - ჰამლეტი?! მაგრამ მისი სახელიც ხომ ყოფნა-არყოფნას ეთამაშება და ბოლოს და ბოლოს ყველა ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ. არა სადმე სხვაგან, არამედ საქართველოს შუაგულში, რუსთაველის მოედანზე ქართველი ბიჭი ზის, ყველაფრით ნაკლული, სმენითაც ნაკლული, ჩონგურზე უკრავს, დოლზე ფეხს აყოლებს და ქართულს მღერის, თავდავიწყებით, თვალებდახუჭული. მისი შემოსავლისაა ეს სიმღერა, მისი გაჭირვების. მაგრამ ქართველის ცხოველმყოფელი, მზიური ბუნება თავს იჩენს, იმარჯვებს, და მღერის ქართველი, ემღერება, მოსწონს სიცოცხლე, ნამღერიც, ნათქვამიც. ბედნიერია! ხრჩობის ბურთი ყელში გებჯინება, და არ გესმის, ვის დარდობ, ვისზე გეტირება.


ნემო

ერთ დროს კარგად მოშვებული წვერ-ულვაში ეჭვს იწვევდა - რა იცი რაა... იშვიათად თუ ვინმე იზამდა, თავისებური გამოწვევა იყო, მიმიკრიული ბუნების კაცს შეაწუხებდა მტრულად ცნობისმოყვარე მზერები. დიდ ხანს ვერ გაუძლებდა. ამ წვეროსანსაც ასე დაემართა.
მაღაზიაში, მოლარესთან შელაპარაკებულს, უბნის პატენტიანი გიჟი გამოესარჩლა:
- ამას წვერი რო აქვს გიჟი არ გეგონოს, მანქანა ყავსო!
თითქოს აბსურდული მტკიცებულებაა, მაგრამ თუ ისევ დიაგნოზიანი გიჟი მიაგნებდა ასეთ უტყუარს! მეორე ის იყო, ავადმყოფს ექიმი რომ მიუყვანეს (არა ოჯახისა, ეხლა როა). ექიმი ავადმყოფის დანახვაზე აღფრთოვანდა და გამგებიანად ყურში ჩასჩურჩულა - მთელი ჩვენი პოლიკლინიკა თქვენთან არისო! იატაკქვეშეთში დამალული ნემო ბურჭულაძე ეგონა (მაგათი ფანი ყოფილა). ოჯახმა არ გაუტეხა, - კიო, ნემოაო, - პატრიოტული დაიჭირეს.
წვეროსანმა ეგეც აიტანა, მაგრამ საკუთარ ცოლზე რომ ჰკითხეს – თქვენი ქალიშვილიაო? მოთმინების ფიალა აევსო და წვერ-ულვაში ალაგდა.
ეხლა გიჟობას აღარავინ აბრალებს. გიჟობის პარამეტრებიც შეიცვალა და გიჟებით მომრავლდნენ.


კაი ბიჭები

ბიჭებმა სოფელს თავი შეაფარეს. შეშა დასჭირდათ, შესცივდათ. შეფარებულებს, იასნია, ლიმონკები ექნებოდათ. და აი, მაგ ლიმონკებს ხეებს ძირში უგდებდნენ და ფესვებიანად აყირავებდნენ. ამის გაგონებაზე, სხვას ვერ იტყვი – შთამბეჭდავია! დაჟე პოზიტიური ელფერით, ობრაზშია! (იასნია, ლიმონკები დაჟე, ობრაზშია – ასე ადრე ქართულად-რუსულად იტყოდნენ). აბა ამის გამკეთებლებს ბირდაბირებით ეხერხათ – იმენნა ობრაზში ვერ იქნებოდა.
ისე კი, გეგონება, ვაჟა Fფშაველა ჩვენსკენ არც გაჭაჭანებულა.


მისტიკოსები

ზამთარი, მოსკოვი, 40-გრადუსიანი ყინვა, ქალაქი გადარბენაზეა - მაღაზიიდან მაღაზიამდე, ტროლეუბუსიდან – მეტრომდე, ნებისმიერი სეირნობა – летом, летом.
და ამ სირბილში, უცებ, აუჩქარებელი ტრიო – ორი "ლეტნად" ჩაცმული ბებერი და ჯაჭვით გამობმული შავი კატა. ამისთანა სანახაობა ზაფხულშიც, "მუხის ირგვლივ ოქროს ჯაჭვზე მოსეირნე კატის" ქვეყანაშიც კი, საშვილიშვილოდ დაგამახსოვრდებოდა:
ბებრები, ორივე შავ ხავერდში თეთრი ჟაბოებით, კაცს ამასთან ფეხზე მოტმასნილი ტრიკო, დარტანიანისებური ჩექმებით, თავზე ცილინდრი, თვალში მონოკლი. ქალი ბოლეროში, ვუალიანი შლიაპით. დინჯად მიაბიჯებდნენ, ხელკავჩაკიდებულნი. უკან, სერიოზულ ჯაჭვზე, ასევე სერიოზული. ვერტიკალურად კუდაპრეხილი შავი კატა.
რას იფიქრებდი? დღესაც ვფიქრობ, ვინ იყვნენ და რატომ არ სციოდათ? ეგების იცოდნენ, რომ ასე, სხვის მესხსიერებაში წარუშლელები დარჩებოდნენ.


ოფელია

კარგა ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით. მაშინ თქვენხელებს გაგებაში არ ჰქონდათ ბევრი რამე, ეჭვი მაქვს, რომ არც ის იყო გაგებაში, რა სჭირდა.
კუს ტბის ფერდობზე, თბილისისკენ გადმოსახედზე, ახალგაზრდა კაცი იდგა, ქალის გამომწვევი ჩაცმულობითა და პარიკის ვარცხნილობით, მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე ბანჯგვლიანი ფეხით შემდგარი. ხელში სარკე ეკავა და ტუჩებს წითლად იღებავდა. მარტო იყო, ირგვლივ არავინ. ძაღლს მოვქაჩე, გავუჩერდი. ამაზრზენი მიზიდულობა მერე გავაცნობიერე, მაშინ კი სიტუაცია ჩემებურად დავალაგე:
- იგვიანებენ? – შევეკითხე.
- ჯერ არსად ჩანან, - მიპასუხა და გამომწვევად ჩულქი გაისწორა. მოძრაობა არტისტული იყო და დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვარ.
- ჯგუფი, გადამღები ჯგუფი იგვიანებს, არა? რა როლს თამაშობთ?
- ოფელიასი, - მითხრა და უწმაწურად ჩამიკრა თვალი.
ისეთი უცნაური დრო იყო – კაბუკის თეატრი ვიცოდი, ოფელია ორივეს გვცოდნია, ჰომოსექსუალიზმი კი არც ერთს.
დღეს, მგონი, პირიქით არის.


ქურთი

უნივერსიტეტის ეზოში ბიჭები ხორხოცებდნენ, ლუდმა ააქოთქოთა, თავისი მოყვნენ, სხვისას გადაუარეს, ნათესავ-ნაცნობებს მიწვდნენ:
- მაი გოგო, ქე რომ შენ მოგწონდა, გათხოვდა. მაი აფერი, მერე თქვი. ქორწილია, ქალოურს გადოუხადეს, ქუთაისში. ქვეყანაა, სიძეც იქინეა, ნეფე- დედოფალს თავი დაადგეს, სიძისას ყვებიან - თბილისელიაო, კაი ბიჭი, კაი დედმამიშვილი, ქურდიაო, გეიგე - სიტყვა ეთქმისო, აქოურსაც მიგვიხედავსო. კაი სვეს და კაიც ჭამეს. ჭამეს, მარა რა ჭამეს რო იცოდე - ქურდი კი არა, ქურთი ყოფილა მაი უბედური, კამაზის შოფერი. რო გეიგეს, რო ტკუცეს თავში, რო გეიგდეს ლაჯებში, საციხო არ ქნეს, თვარა... გამეეპარათ. ქალი ისევლე საშენო დარჩა თუ არ გააბახეს.
ამას მოყვნენ, იცინეს, ჩაბჟირდნენ, პლასტმასის ჭიქა-ბოთლები იქვე მიყარ-მოყარეს და უნივერსიტეტში ლექციაზე შელაგდნენ.
ნეტავ ეკონომისტები არ იყვნენ, ან საერთაშორისო ურთიერთობები, ან სამართალი... ისევ კბილის ექიმობა აჯობებდა.


წალკოტი

- რა წალკოტია! - იკივლა მანქანიდან გადმოსულმა ქალმა. ჩემი მეზობელი იყო, ათი წელი. თავის წალკოტს პირველად მოაკითხა.
- ეს რა წალკოტია! კიდევ ერთხელ დაიყვირა და მანქანიდან ორი თხა გადმოიყვანა.
ერთმანეთს გავეცანით. შიში ვერ დავმალე, მეგონა ეს ორი თხა ჩემს თვალწინ უნდა დაკლულიყო ფუძის ანგელოზის სახელზე. უცებ ვერაფერი შევბედე – თავისი სახლ-კარია ბოლოს და ბოლოს, და უფლებრივ შარის მოსადებს ვეძებდი. ამასობაში, მეზობელმა ორივე თხას ბაწარი შეაბა და მდელოზე სასეირნოდ წაიყვანა. საღამოსკენ, უკვე შიშის ზარი რომ მცემდა, ორივე თხა ისევ მანქანაში ჩასვა და ქალაქში დააბრუნა. მის მერე სააგარაკოდ, თავისი წალკოტის სანახავად ჩამოსული, არც თხებიანად, არც უთხებოდ, არავის უნახია.
ვაკის პარკში კი, ამბობდნენ, ხშირად ნახულობდნენ თავის თხებთან მოსეირნეს.


მშიერი

ქელეხი რუსთაველზე, ლაღიძის წყლების ერთ-ერთ დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი უქონელიც უკანასკნელს გაიჭირვებს და არ
შერცხვება. აქ კი მეტზე მეტიც იყო. სუფრაზე სართულებად ელაგა ყველაფერი, არამარხვაში რაც გვეჭმევა. კუჭი რომ დამძიმდება, ჟანგბადიც მაშინ გახსენდება. გარეთ გამოვედი, ქუჩაში. დარბაზის გვერდით ფანჯრები მიწის პირზეა, თუ გახსოვთ, და რა ძნელი გასახედი იყო იქით, როდესაც ფანჯარას მიკრული კაცის შიშნარევი მუდარიანი მზერა მძალავდა. შევხედე და ჩავიკეცე, მის გვერდზე, პირი-პირს.
- შნირი არა ვარ, детдомовский я!
ასაკს ვერ იტყოდი. ვერც ეროვნებას. ორივეს ქუჩურად ამტვრევდა - რუსულსაც და ქართულსაც.
- გშია? - შიშიან თვალებში იმედი გამოკრთა. თავი მორცხვად, ჩქარ-ჩქარა დამიქნია.
ჩემსას არ გეტყვით, უბრალოდ რაც ხელს გამოვაყოლე ის გამოუტანე.
როგორ ჭამდა, ორივე ხელით, ლუკმით პირს როგორ ილესავდა, მადლიერებით ამოხედვა როგორ არ ავიწყდებოდა!
რა გამოისყიდის ჩვენს სიმაძღრეს. უფალო?!

მოკლე ჩართვა

თბილისში, ზაფხულში, აგვისტოს სიცხეში, უნივერსიტეტის გაჩერებაზე კაცი იდგა.
ტანზე ეცვა: "სეტკა მაიკა", ზედ ქალის "დუბლიონკა", სპორტსმენის ლამპასებიანი "ადიდას"-ის შარვალი, შიშველ ფეხზე კალოშები, თავზე ფეტრის შლიაპა. ცალ ხელში საპროფესორო პორტფელი, მეორეში, ჯოხად - პლინტუსი. ყველაფერს ჰალსტუხის მაგიერი, ყელზე შებმული ელექტრო შნური აგვირგვინებდა, თავისი შტეპსელით, მეორე ბოლოთი შარვალში ჩატანებული. ტიპი, ასიანი, გათიშული იყო და თანაც ქსელიდან. თავის სამსახურში მიდიოდა. ოთხმოცი წელი შემისრულდა და იუბილე გადამიხადონო. გზად, კეთილმა ნაცნობმა უვნებელჰყო და მოტყუება-მოფერებით სახლში დააბრუნა.
მოკლე ჩართვის მსხვერპლი იყო.
იუბილე არ გადაუხადეს.

კვაზიმოდო

ახალგაზრდა კაცი - კაცი იყო, კაცობით, ძმაკაცობით, გაგებით, რომელიც საძმოს შეგძენს გამტანს და გამგებს, და რომელმაც შესძინა კიდევაც საძმო.
სხვა კი არა ინება ბუნებამ. რომელი ერთი, როდესაც ერთ-ერთიც გეყოფა მთელი ცხოვრების წასამწარებლად - პატარა, თეძოებამოგდებული, ხელფეხმოკლე...
კახეთის კვაზიმოდო, კახეთის პეტრუჩიანი, აბსოლუტურად, სრულიად უიმედო. მარტო გული. არცა დაკვრა, არცა სხვა რამე მუსიკობანი სიყვარულის საიმედოდ. ძმაკაცებს კი უყვარდათ, პატრონობდნენ და ეფერებოდნენ. ძმაკაცობაში ის წუთიც დადგა, როდესაც კახელმა ბიჭმა, - ქალი, როგორიაო? - იკითხა.
ბიჭებმა, კაცებმა, საძმომ, სამეგობრომ, ყველამ ფული ჩამოვიდა, შეაგროვეს და თბილისიდან ქალი, ლამაზი ქალი ჩამოუყვანეს.
რას გადაგვიწყვეტს სალხინობელი?


ენთუზიასტი

მოუსვენარი კაცი იყო, იდეები აწუხებდა – რახან დაიბადე, ჭამა და სიკვდილი არ აგცდებაო. ჭამა მიხედულია, სიკვდილს მე მივხედავო, პლასტმასის კუბოები მაგარი პროგრესულიაო. გეგმები დაალაგა, გაიკითხ- გამოიკითხა, აწონ-დაწონა, მიდგა-მოდგა. წამოწყებული სახლის რკინა-ბეტონი, კარ-ფანჯარა და ჭერ-იატაკი დააკონსერვა (გამდიდრებულზე უფრო დავამთავრებო). ამასობაში დრომ ფერი იცვალა. პლატსმასის წარმოება გაიყინა, ხე-ტყის ჭრა შეწყდა, იარაღი საქმეში გავიდა და სიკვდილმა იმატა. სიმწრის დღეები დადგა, უზომო სიმწრის. იყო ერთმანეთის კვლა და იყო გატანაც ერთი მეორის. კაცმა უბნის ნაცნობ-უცნობ ჭირისუფალს არავის უთრხა უარი. მისმა ჭერ-იატაკმა გაიტანა და მიაბარა ბევრნი - ძველებურად, ჩვენებურად.
ნაომარზე, ჩამცხრალზე, სიკვდილზე ფულის კეთებამ უზნეობის, ცოდვის ელფერი დაიდო, არც მერე გაჰქრობია. კაცმა საქმეზე ხელი აიღო.
სახლი დაუმთავრებელი დარჩა.
ქვეყნის ამბავი დალაგდა.
ხე-ტყის ჭრა აღსდგა.

ფეხსაცმლის მწენდავი

- მოდი გაგიწმინდავ! გაგიწმინდავ!
ფეხსაცმლის მწენდავი ბიჭი, თითქმის ბავშვი, ძონძები, ფეხშიშველი. მხარზე გადაკიდებული სალტიანი ყუთი, შიგ მისი ავლა-დიდება.
- გაგიწმინდავ! ეს არის მისი ლუკმა, გააწმენდინე, თავი რითი ირჩინოს. გააწმენდინე!
- გაგიწმინდავ, იაფად გაგიწმინდავ, გაგიწმინდავ! - ისტერიული, ჭლექიანი ღაწვები, ზეთოვანი, უძირო თვალები, მუდარა: - გაგიწმინდავ, ფული არა გაქვს? - არ გჭირდება, არ შეგიძლია, ფულს აძლევ, იცილებ. არ იღებს, არ კადრულობს.
- ისე გამაწმენდინე! ისე გაგიწმინდავ!
მოცლილები წრეს რკალავენ, თვალს ადევნებენ. ყუთიდან მეურნეობა ამოაქვს, გამოწვდილ ფეხს იკრავს, ჰაერში ქეჩები, ჯაგრისები დაფრინავენ, უჩქარებს. ნერვიული, ავადმყოფური ეგზალტაცია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. ოფლის წვეთები ამჩნევია.
ჩერდება. მოწყალებასავით მაყურებლის აღტაცებას უცდის.
ხელოვანია, ამ წუთისოფლის დღემოკლე შვილი.
ალაჰმა გადმოგხედოს შენც და შენს ქვეყანასაც!

ნეტარი

მამაკაცი ქალური, რბილი მოყვანილობით, სრული ჩასხმული მკლავებით, არააღმოსავლურად ღია, ნათელი, მუდმივი, უმისამართო, განბნეული ღიმილით – ალაჰის ნეტარი შვილი.
მუხლმოყრილი ირხევა, კავალების ლოცვა-გალობას მიყვება, ტანს აყოლებს, უჩქარებს, ანელებს, ჩერდება, ნეტარად უსმენს, იგებს, ეთანხმება, აღმამსვლელს გამკივანს – ალლა-ს - ფრთადაღმართულ ხელებს ახვედრებს, კმაყოფილია, ჩაფიქრდა, ოხვრა, ჩუმი ჩივილი, სმენა, წინ გასწრება, ლოდინი, ერთად სვლა, შერწყმა, ნეტარი მორჩილების ბედნიერი ცრემლები. მუსიკალური, მელოდიური, რიტმული, ნეტარი მუსლიმი, ლაჰორის ჯუმა მეჩეთის ხიზანი. ხუთმილიონიანი ქალაქის უბინაო ბინადარი, დაპურებული მშიერი, უსმენო გულმსმენი, ბედნიერი ნეტარი.


კვერცხის გული

ღარიბი ინდოეთის კუზიანს, ყურძნადასხმულს, ცხრაფრად დაკეცილს, სამსახური დაყვა – სიმახინჯე აჭმევს. უბრალოდ მშიერმა უნდა გაგაგებინოს, გთხოვოს. ეს ორნი, გოგო-ბიჭიც იმიტომ მოგიჯდნენ მაგიდის ფეხთან, ასფალტზე და თვალებში შემოგცქერიან. საუზმე – თოთოდ შემწვარი კვერცხი, ჩაპატის ნაჭერი და პაკეტის უხიფაო წყალი – ყელში არ გადაგდის. კვერცხიან თეფშს ბავშვებს უწვდი და სკამის ზურგზე მისვენდები. ბავშვები კარგად მოკალათდნენ, თეფში მუხლებზე დაიდეს და აჩურჩულდნენ. მერე ძახილი და ხელების ქნევა დაიწყეს. შორიდან, ქუჩის ბოლოდან პატარა მუხლუხო მოგორავდა – წვინტლიანი ტიტლიკანა, მოკლე პერანგის ამარა. მოირბინა, შუაში ჩაისვეს. გოგონამ პატარა გაშლილი მტევნის წიბოთი კვერცხის გული ზუსტ სამ ნაწილად გაჰყო და აუჩქარებლად ჩაყლაპეს.
ცხრა ძმის გაყოფილი კაკლის გული მეტაფორა არა ყოფილა. ინდოეთში, საჭმელს ხარბად დაწაფებული ინდოელი არ მინახავს.

მძივები

განგის ნაპირას ინდოელი ქალი ჩხარა-ჩხურებით ვაჭრობდა – მძივები, მძივის ქვები, ძეწკვები მიწაზე ჰქონდა გაშლილი, ჩითის ნაჭერზე. გვერდზე, სამი ერთიმეორეს მიყოლებული პატარა, მტრვიან ასფალტზე გორაობდა. თვალებით მანიშნა, ჩემებიაო, საშნოდ დატუქსა და გამიცინა. მძივებს კრიალოსანივით თითებში ვშლიდი, ვეფერებოდი, ზოგ ქვას შუქი გაუდიოდა. ქალის მხარზე შეხებამ ამ ფრიად ვნებიან საქმეს მომწყვიტა – აი კიდევ ერთიო – და სიამაყით სკოლიდან ახლადმოსული ბიჭი დამანახა, ესეც ჩემიაო. თვალები ბედნიერებით უბრწყინავდა, გეგონებოდა უშვილოს ნანატრი შვილი ეღირსაო. ნახევარ ფასში ნავაჭრი მძივები ლოდად დამეკიდა – მეოთხემ ნამუსში ჩამაგდო. ბიჭმა ზურგჩანთა მოიცილა, დედას ჩააბარა, მიწაზე გაშლილ დახლს საქმიანად ხელი გადაავლო. დედამ გულის ჯიბიდან ლობიანის გადანახული ნაჭერი ამოიღო და მიაწოდა.
ბედნიერება გაჭირვებაზე მეტია?

ყრუ

უფრო ლამაზ მამაკაცს თუ აიჩემებ, ისევ იქ, პაკისტანში, სუფიებთან, DDhol Master-თან, Gionga Saint-თან (ასე უწერია სავიზიტო ბარათზე) მიგიყვანს არჩევანი. მისი სრულყოფა იშვიათი კაპრიზია ბუნების, მისი აღწერა - ხატოვანება აღმოსავლური პოეზიის: ვარდნილი კაბა, შავ ვარდნილ თმებზე ოქრომკედით ნაქარგი ფესკა, ყელზე ხელთუქმნელი მოსასახამი, თითებზე ბაჯაღლოს ბეჭდები. და ეს ღვთაება, ეს მამაკაცი, სუფიების – განდობილთა მუსიკოსია, დოლის, დაფის მუსიკის გულისძგერა, სისხლის ფეთქვაა. Gionga-ს, დიდი დაფი მკერდზე აქვს მიბჯენილი, დასარტყამით ურტყამს, რიტმს ყვება, ირხევა, ტრიალებს, შინდისფერი თავბრუდამხვევი ქარბორბალა, უფრო და უფრო აღმატებული. სტიქიურ მოვლენას სასრული არა აქვს. სასრული გულის ბზარია. მისი რიტმი – მისი განაჩენია. მისი განაჩენი – მისი სიკვდილი.
GGionga Saint-ი ყრუ-მუნჯია, მისი ყური – მისი გულია. გულ-ღვიძლი, გულის ფიცარი დიდხანს ვერ იტანს, დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ რყევებს, ასეთ ვიბრირებას, ასეთ feroge-ს, ალაჰის სადიდებელსაც კი.
GGionga-მ ეს იცის, უთხრეს, აუხსნეს, მაგრამ მაინც უკრავს და... ელოდება.
და თუ უკვე წარსდგა ალაჰის ეს გულდაუზოგავი მსახური, რუმის მოვიხმობ მის მოსაგონარად:
წინარეხატი – უკვდავი არსი ყოველივესი, ჩვენს მიღმა არის,
აქ კი რაცაა – სიკვდილი გაცრის, ვერც კი მოასწრებ შევლებას თვალის.

ნუ დაღონდები, რომ ბგერა გაქრა, რომ ჩაქრა შუქი ნათლის,
ისინი დარჩნენ, და გაქრა აქ რაც – ანარეკლია მათი.

(ჯელალ-ედ-დინ რუმი – "შამს თებრიზის დივანიდან")

განგი

განგის ნაპირზე მოხუცი ქალი ზის და სიკვდილს ელოდება. განგი დიდია, დიდია ინდოეთი. შორიდან მოვიდა, ფეხით, ბებერი, მომაკვდავი და არ გაუმართლა – სიკვდილი იგვიანებს. ყველა ინდოელის ნატვრაა, წმინდა განგმა მიიბაროს. რჩეულთა ხვედრია განგის პირას სიკვდილი. რჩეულთა რჩეულებს განგს ფერფლად გაატანენ, მისნაირ ღარიბს – ცხედრად. ბედნიერია, ნატვრა აიხდინა, განგის ნაპირზე სარიში გახვეული, მუხლებში თავჩაღუნული ზის და ელოდება...
არც გეცოდება, არც გებრალება, ჯანმრთელს memento mori-თ მცხოვრებს, მოლოდინით კნინს. არ გებრალება, მაგრამ ლოდინს წამალი უნდა და ჩაპატის ნაჭერი, და რუპიებს ითვლი.

"მოსამართლე"

სუფრის კაცის ეგეთი Gგათიშვა საფიქრალია - ან ქვეყანა დაიქცა, ან თვითონ ვერ არის ამ ქვეყანას. ბოდვის აბსურდს კონტენტ-ანალიზით თუ გაშიფრავდი გამონათებების შეჯამებით.
- მამამისმა არა მცალიაო! გესმის, არა მცალიაო! - უცებ წამოიძახებდა და ისევ Lლობიოში ჩაუვარდებოდა თავი.
-არა, შამპანური რა შუაშია, - იყვირებდა და თან ჭიქაში ოხრახუშის ღერით გაზს აცლიდა, - ბიჭს გაექაჩაო, გაიგე, ბიჭს!
ისევ ლობიოს დაუბრუნდებოდა.
- რას ამბობ?! ბიჭს? გოგოცა ჰყავთ, გოგო იქნებოდა!
ისევ ლობიოს თავს ააცლიდა და გაცოფებული პასუხობდა: "ბიჭსა, ბიჭსა-მეთქი! ბიჭს გაექაჩა!" ახლა ბაჟეს მაგივრად, მდოგვში ამოვლებული ღომი წუთით გონზე მოიყვანდა: "გაექაჩაო! წამო-მეთქი, ეხლავე მიწასთან გავასწოროთ ეს გათახსირებული, ხომ იცი, ვინ არი-თქო? მამამისმა, - ვიციო, მაგრამ ახლა არა მცალიაო, საღამოს რეპეტიცია მაქვსო, ღამე უხერხულია, სძინავსო! აბა უქნია თავისი საქმე და ეგ არის". ახლა ისე გაითიშა, მდოგვი კი არა, ფხვნილი წიწაკა რომ აყარო ცხვირ-პირში, ვერ მოახედებ. სუფრის წკიპზე თავი უდევს და შფოთიანად თვლემს. მერე შეშინებული წამოიკივლებს: "გაექაჩაო, არა მცალიაო, მოვკლავ-მეთქი..." თლილი ჭიქით არაყს გადაკრავს და სუფრის წიბოს საფეთქლით თავს ურახუნებს.
ნეტავი ან არ გაგიჟდებოდეს, ან არ გალოთდებოდეს ეგ დალოცვილი ქვეყნის მოსამართლე რეგბისტი, ქვეყანა თუ სხვა მხარეს გადაიზნიქა.

სიტყვა

გარეთ ქვიშა, აქლემები ჭის ირგვლივ მოსიარულე, წყლით გაოფლილი ტიკები, ბორბლის ჭრიალი და მომთაბარის კარვები. შიგნით, კარავში რკალად, მუხლმორთხმულად მჯდომი უხუცესის რძლები - ხუთი ვაჟის ხუთი ცოლი და თვითG მისი პატივდებული მეუღლე. სხედან მდუმარედ, ჩვილებითა და მზარდებით გულჩაკრულები. ირგვლივ ქვიშა, კარავში იდუმალი სიჩუმე და ერთმანეთის თვალიერება. აქ, ამ სამყაროში მარტო ქალს შემოესვლება, მარტო მხატვარს შეუძლია ნაქსოვ-ნაქარგებითა და სამკაულებით დაუღალავი ტკბობა. აღტაცებას სიტყვა არ უხდება, არცა ხმაური. აქ არც მოუძებნავი სათქმელი დაგამძიმებს, არც უპასუხო სიცარიელე. აქ თარჯიმნის სიტყვა ყალბია, ბგერა კი ფუჭი. არის რაღაც ბიბლიური ამ მუსლიმანურ სივრცეში რაღაც შეუცნობადიც და მშობლიურიც. და, აი, ამ სრულ სიჩუმეში დედამთილის უსიტყვო ნებით, უფროსმა რძალმა კარვის საბჯენს უნატიფესი ფოჩებიანი ნოხი ჩამოხსნა, უმცროსმა პატარა შვილს ქვიშაში ნაწოლ-ნაპოვნი ბარბაროსულად მომაჯადოვებელი მძივი შეხსნა და ოჯახის მბრძანებელმა სტუმარს ფერხთ დაუდო.
ეს ყვერლაფერი, სრულ ურღვევ სიჩუმეში, მისნური წვდომით სტუმრის სურვილისა და არჩევანის.
სახლში სათუთად შენახული ეს ნივთები, მხატვარს იმასაც ახსენებენ, სიტყვა რომ განსაცდელად გვაქვს ნაბოძები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: