Thursday, September 16, 2010

ჰ. კ. არტმანი - ლექსი და მისი ავტორი


გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

ლანდშაფტი 8.

ნანატრი ავდარი ძროხას ჩაეხლართა რქებს შუა
ნელ-ნელა მიჩანჩალებს ეს ზანტი ძროხაა

შინაური პირუტყვი მუხათა ხეივნაში მის ჩრდილში რომელსაც
მშვიდი გარემო ირეკლავს ძროხა მოსეირნობს რქებს შუა

ქარიშხლით წამები ჩაივლის სწრაფი მატარებელი შხუილით
გაქროლდა თითოეული ელვა ჯერ კიდევ მყარად ზის თითბრის ჰილზაში

ოჰო მეცხვარე ბალახში ყვერებს იფხანს ვიცი გაავდრდება
ვგრძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვს

ჭაბუკი მონეტას ტბორში გადააგდებს ის თვალში
მოხვდება ჭექა-ქუხილები ფრაიას თეთრეულის

თოკებზე ფენია ჯერ გასაშრობია ორთქლმავლის საჭესთან მძღოლს
ხელი ეშვება რბილსა და დაბინდულზე ის ყვერებს იფხანს

ოჰო გაავდრდება ვგძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვს
მუხების ხეივნიდან ძროხა მოსეირნობს ჰილზები ჰკიდია

რქებშუა სარეცხის თოკი აქვს გაბმული
ზედ შრება ქუხილი ქარიშხლის სურნელში მუხათა კორომზე

იღვიძებს რომელიც ფარფატებს ფრაიას სიქათქათე ჭაბუკი
ყვერებს იფხანს ოჰო გაავდრდება ვგრძნობ ამას დღეს

საქმე საერთოდ არა მაქვს ეს მომწონს წვიმა ჩამოიქცა
ელვები ამოსკდა ჰილზებიდან მეხი

მარწუხებიდან განთავისუფლდა ძროხა დამფრთხალია მუხა
თავსა ხრის ჭაბუკი მას: ფრაიას ნებართვით ერთი კოცნა.

მე წაგიკითხეთ ლექსი "ლანდშატი 8", რომელიც ამავე სახელწოდების ოცლექსიან ციკლშია შესული. მსურს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, - რომლებსაც ესეისტიკასთან არცთუ ბევრი აქვთ საერთო, - განგიმარტოთ, თუ რა მნიშვნელობას იძენს ჩემთვის სიტყვა "ლანდშაფტი" და რა ადგილი უკავია მას ჩემს გრძნობისმიერ გამოცდილებათა "მეურნეობაში".
1961 წელს სტოკჰოლმში შემთხვევით მომხვდა ხელში კარლ ფონ ლინეს წიგნი "Iter Lapponicum". ლინე იმხანად, XVIII საუკუნის დამდეგს, სტუდენტი იყო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლიდა, მან მიიღო სტიპენია, რომელმაც საშუალება მისცა ლაპლანდიაში გამგზავრებულიყო და იქაურ ბუნებასა და მოსახლეობაზე ეწარმოებინა დაკვირვება. ამ მოგზაურობის შესახებ ლინემ ვრცელი სამეცნიერო ნარკვევი მოამზადა (მისი ნახვა სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი). მაგრამ პარალელურად მას უწარმოებია პირადი დღიური, რაც მეტწილად ურთულეს პირობებში, ხანმოკლე შესვენებებისას ან უნაგირზე ჯდომისას უწევდა. ეს დღიური ფრაგმენტურ ხასიათს ატარებს, არასრულყოფილი და დაუხვეწავია. მიუხედავად ამისა, როგორც კი ის წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანს მივაგენი. ის, რომ მოგვიანებით ეს წიგნი ვთარგმნე, მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტია. მომნუსხა იმან, რომ ნატურალისტის მედიდური და დისტანცირებული ანალიზის ნაცვლად აღმოვაჩინე წამიერი გაელვებით გაუკვდავებული წვრილმანები, სულ ერთია - ორგანული თუ არაორგანული, ბუნებრივი თუ სოციალური ხასიათისა: მთლიანიდან ამოღებული დეტალები, ჯერაც თავიანთი უტყუარი ფაქტობრიობის შუქით რომაა გაცისკროვნებული. აქ ვხვდებით მინიდახასიათებას ამა თუ იმ მცენარისა, ან კვირტისა, ეს-ესაა რომ გახსნილა, ან მზის შუქის განსაკუთრებული რაკურსისა, სრულიად ახალ მბზინვარებას რომ სძენს მცენარეს. აქ ნახავთ მინერალების, ხის ჯიშებისა და კულინარული რეცეპტების ჩამონათვალს, შუაცეცხლიანი ქოხმახებისა და აბანოების ინტერიერის აღწერილობას, აგრეთვე, უნებლიეთ "პოეტურ" ჩანაწერებს თვალის უცნაური დაავადების თუ შარდის ბუშტის ანთების და, რა ვიცი, კიდევ რის შესახებ, - ფრინველთა თუ ამფიბიათა სახეობები, მზეზე დაკვირვებები შუაღამით, - ყოველივე ეს ყოფიერების თავისუფალ ელემენტებად გვევლინება და ყოველივეს ერთნაირად დიდი ფასეულობა ენიჭება. მსურს ჩემი აღტაცების დასაბუთებად ერთი-ორი მაგალითი მოგიყვანოთ ამ წიგნიდან:
"ტოროლა მთელი გზა გვიმღერდა, ჰაერში ცახცახებდა:
Ecce suum tirile, tirile, suum tirile tractat.
ტყეში, ტბორის გადაღმა იზდება ყველანაირი სახეობის Lycopodia: sabinae, cupressi, abientis, bifurcati.
Nomina plantarum:
Botska. გამოიყენება საკვებად. alias Rasi. ანგელოზა.
Fatno. Angelica. Caulis. ანგელოზა.
(ღერო და ფოთლები)
Jerja. Sonchus purpur. ღიჭა.
Jert. გამოიყენება კოჭას მაგიერ.
Hótme. ლურჯი მოცვი. ჭაობის კენკრა.
Cheruna. თეთრი მწყერი, პატარა და ნაზი.
Lues. დიდი ზომის ორაგული.
Stabben. თევზი.
Ketke. სამურავი.
და ა. შ.
ჩასვლისთანავე დამაბინავეს და უკვე დაწოლას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ოთახის კედელზე კაშკაშა ნათებას მოვკარი თვალი. შევშინდი, ხანძარი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მალევე მოვხდი, რომ ეს ფანჯრის მიღმა ამომავალი მზის მეწამული ნათელი ყოფილა, რასაც ჯერ სრულებით არ მოველოდი. მამალმა ყივილი მორთო, ჩიტები აჭიკჭიკდნენ. ზაფხულს კი არა და არ ენება მობრძანება". სულ ასეთ სტილში გრძელდება.
ეს გახლავთ დაკვირვებები, - არა განგებ განატიფებული, ესთეტიზირებული, არამედ უზუსტესად ჩამოყალიბებული დაკვირვებები, რომელთაც საფუძვლად უდევს ის უხეში და მყარი ფაქტები, რასაც სიცოცხლე ემორჩილება ქვეყნიერების ამ კონკრეტულ კუნჭულში. ლინემ საკუთარი კვლევებისათვის შეადგინა დამხმარე ნუსხათა და ბგერათა ჯგუფების მთელი რიგი. ამ ყველაფერს სურეალიზმის ელფერი დაჰკრავს და, ამავე დროს, ყოველწამს გაიელვებს ძლიერი ნება და თვითდამკვიდრების წყურვილი, რაც თითოეულ სურათს თუ განცალკევებულ ბგერას ყოვლისმომცველი გამოცდილების ფარგლებში აქცევს. ჩვენთვის ცნობილია ავტომატური წერის ცნება. ის ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. მაგრამ ხელისშემშლელიფაქტორების ფონზე განსაკუთებული ძალისხმევისა და შთაბეჭდილებათა სწრაფი მოხელთების შედეგად წერას მსგავსი შედეგი მოსდევს. ესაა სიტყვათა და მოვლენათა ჯაჭვების ნახევარფაბრიკატები, წყვეტილი გამოცდილებანი, აღქმიდან სპონტანურად ამოკრებილი და სწორედ ამ სპონტანურობის ხიბლით განმსჭვალული, - ხიბლით, რომელსაც აუჩქარებელი და ნატიფი შესწავლის პროცესი მუდამ მოკლებულია.
უკვე ლინეს წიგნის თარგმანზე მუშაობისას დავიწყე წარმოსახვითი დღიურის წარმოება. მას სახელად დაერქვა "გუშინდელი დღის ძიება ანუ თოვლი ცხელ ფუნთუშებზე". ამ დღიურის მიზანს როდი შეადგენდა ჩემი ყოველდღიურობის თანმიმდევრული აღნუსხვა. მისი მეშვეობით მსურდა ჩემი აღქმა გამევარჯიშებინა ამ ყოველდღიურობის მასშტაბური დეტალების დასაფიქსირებლად. სიტყვა "მასშტაბურს" აქ ხარისხობრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. იმ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ხოლო მოგზაურობა ჩემთვის უბრალო გადაადგილებას კი არ ნიშნავს, არამედ გაშინაურებას ყველა იმ ადგილას, რომელსაც გავივლი, ნანახის აღქმასა და დაფიქსირებას და ამ ნანახის საფუძველზე საკუთარი ხედვის მუდმივ დახვეწას.
ლანდშაფტების თუ ზოგადად სამყაროს ნახვის წყურილი ჩემში როდი ეფუძნება პატივმოყვარეობას მავანი კარტოგრაფის თუ გეოგრაფისა, კარგად დასაბუთებულ ანდა სრულიად გაუგებარ დაკვირვებებსა და დასკვებს რომ გვთავაზობს; არც ჩემი პატივმოყარეობა ისახავს მიზნად კლასიკური რომანის ფორმით გადმოვცე დასაბუთებული და ყოვლად გაუგებარი არსებობის ხატი. ლანდშაფტის აღქმა ჩემთვის ნიშნავს კოლბოხს, რომელსაც ფეხი წამოვკარი, სურნელს, რომელიც ტრიალებს ქუჩაში ზუსტად თორმეტ საათზე და არც ერთი წუთით გვიან, ელექტრო-ხერხის სიმღერას, როდესაც დამტვერილი ფარის მიღმა ვზივარ სასტუმროს ნომერში, ანდა ამას: ველურად გაბარდული ჭინჭრის ინტიმურ სიმწვანეში ლუდის ნაბახუსები წყლების დაცლას.
მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის, თუ როგორ აღვიქვამ ლანდშაფტებს და რა სახით ილექება ისინი ჩემი სულის ფსკერზე. რაც აქ გიამბეთ, მხოლოდ წინაპირობებია, ძალზე პირადული დეტალები: ლექსის დაწერა კი სრულებით სხვა რამ გახლავთ. ის, რაც ახლახან მოისმინეთ და რასაც დღეს კიდევ მოისმენთ, გარკვეულწილად შემდეგი სიტყვისმიერი მასალითაა განპირობებული: ავდარი, ძროხა, ჩრდილი, მეცხვარე, ბალახი, ავდარი, ძროხა, თითბერი, თოკი, ჰილზა, ელვა, თითბერი, ჭაბუკი.
ამ სიტყვათა მიღმა დგას წარმოდგენები, რომლებიც, მეტნაკლებად, პირადად "მე" გამაჩნია, მაგრამ ეს წარმოდგენები თავისთავად ჯერ ვერ ქმნიან ლექსს. როცა ჩემს წარმოდგენებს ტექსტში ვათავსებ, ამით, გარკვეულწილად ვაღწევ მათგან გაუცხოებას: რაგდანაც სიტყვებს გარკვეული მაგნიტური ძალა გააჩნიათ, რომელიც მათ ერთმანეთს მიზიდულობის კანონით უკავშირებს. მათ შორის "სექსუალური" კავშირი მყარდება, ისინი იწყებენ ერთმანეთთან შეჯვარებას, მრუშობას, მაგიური მოქმედებებით მაჯადოებენ, მათ თვალები აქვთ, ხოჭოების ფასეტური თვალების მსგავსი, და ამ თვალებით ყველა კუთხიდან აშტერდებიან ერთი მეორეს. მე სიტყვათა მაჭანკალი და სუტენიორი ვარ, მე მათ სარეცელს ვთავაზობ; იმთავითვე ვგრძნობ, თუ რამსიგრძე უნდა იყოს პწკარი და როგორ უნდა დასრულდეს სტროფი. ელვა ანაყოფიერებს წამებს, ჰილზები უეცრად თითბერში ამოჰყოფენ თავს, ძროხა რქებშუა მოიქცევს ავდარს, ფრაიას სისპეტაკე ხიბლავს ჭაბუკს, მეცხვარე ყვერებს იფხანს, ჭაბუკი ყვერებს იფხანს, მემანქანე ყვერებს იფხანს და საჭიდან უსხლტება ხელი.
ხედავთ, ქალბატონებო და ბატონებო? საკუთარ შეგრძნებებზე როდი მოგითხრობთ: სიტყვები გამომყავს სცენაზე და ისინი თავად წარმოგიდგენენ თავიანთ ქორეოგრაფიას.
ლექსებს, რომლებსაც აქ გიკითხავთ, ლანდშაფტები ეწოდება. როგორც ხედავთ, ეს არ გახლავთ ლანდშაფტები ამ სიტყვის გავრცელებული მნიშვნელობით, - ეს უფრო შინაგანი სანახებია, წარმოსახვითი პეიზაჟები, რომლებსაც თავად სიტყვები ქმნიან, ან, უფრო სწორედ, რომლებიც სიტყვების მეშვეობით ხელახლა იქმნება.
(1967)

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: