საფეხური
/ოქტომბრის ეპისტოლე/
..რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად
ღამის მტევნები -
ხელისგული გრძნობდა სისავსეს...
რაც შენ წახვედი, სიტყვები გაქრნენ,
ჩემს სათქმელს შორისდებული ჰყოფნის
და ბოლთას ვცემ მეს და მეს შორის.
ახლაც გული ამიჩუყდა,
მაგრამ უცრემლოდ;
ცრემლს სიტყვა იწოვს და აკრისტალებს
იმ დღისთვის, ჟამი რომ დაუდგება.
ის მიყურებს
ალმაცერ სხივით,
მე ხომ ყველაფერს ვიმახსოვრებ დასავიწყებლად.
თვითონ მე ვარ ის საფეხური,
რომელიც უნდა გამოვტოვო
რომ საკუთარ სისუსტეს გავცდე...
9. 10. 2010 წ.
ჩანახატი შენთვის
გაამზეურებ გარდასულ ზამთრებს,
ერთად ყოფნით რომ გადავაგორეთ...
ეგ თვალებია,
აჩქროლებულ გულს რომ მაჩვენებს
და ამავე დროს,
ცას რომ მაგონებს...
რა გულწრფელია ეს ზედაპირი -
ღიმილის კლიშე
და ჩავარდნილ კლავიშის ბგერა,
გულში რომ ჩაწყდა -
სმენით ვპოულობ
და შეხებისას ძარღვებიც ჟღერენ.
ცრუა ეს კარი,
ღიაობით დაკეტილია,
დგას შოუმენი
და საკუთარ თავს აფიარებს,
შეფუთვის სტილი -
მოსაწყენად ინფანტილური,
ესეც პაფსაა და იაფზე იაფი არი...
.....
გამოვრთავ ეკრანს
და ვგრძნობ სინანულს,
შესაბამისი სიტყვის მიგნებით,
ალბათ, დღეიდან შენთვის ვიცოცხლებ
და შენი ნატვრის ჩრდილში ვიქნები.
20. 10. 2010 წ.
ერთ სიტყვაში..
/ოქტომბრის მეორე ეპისტოლე/
...ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში -
ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი
და მოგვანატრა ერთმანეთი
და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, -
უწყვეტელ დროში
და გვაუღლა იმ დღესთან ერთად,
თითქოს რომ იყო,
თითქოს რომ არის...
შენ ხარ ჩემი - შინ,
არ მეშინია,
გაშინაურდა, მგონი, სულეთი
და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ,
ის აჩრდილი თუ
ეს სილუეტი...
მოგეფერები,
მიწა მიწას რომ ეფერება -
სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი,
რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა,
შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.
30. 10. 2010 წ.
© kalmasoba.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment