Tuesday, February 1, 2011

ზაზა შათირიშვილი - გოტიკური რომანის გენეალოგია


რა თქმა უნდა, “გოტიკური რომანი” სწორედ ინგლისში უნდა გაჩენილიყო _ ინგლისში, სადაც მოხდა სამონასტრო ცხოვრების ცენტრალიზებული რედუქცია (ფაქტობრივად, აკრძალვა) და არისტოკრატიის “თვით-გარდაქმნა” ბურჟუაზიად.
გოტიკურ ლიტერატურას დაბადების ძალიან ზუსტი თარიღი აქვს: 1764 წელს ინგლისელმა მწერალმა ჰორას უოლპოლმა გამოაქვეყნა თავისი მოთხრობა ოტრანტოს ციხე-კოშკი (The Castle of Otranto), ხოლო მომდევნო, 1765 წელს – ხელმეორე გამოცემისას – თავის ნაწარმოებს ამგვარი ქვესათაური დაურთო _ “გოტიკური ამბავი” (A Gothic Story). სწორედ ასე დაიბადა ეს ახალი ლიტერატურული (და _ არა მხოლოდ ლიტერატურული!) ჟანრი.
არადა, ერთი შეხედვით, ტერმინები _ “გოტიკური რომანი”, “გოტიკური ლიტერატურა” _ აშკარად საშუალო საუკუნეებზე მიანიშნებს. მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ, როგორც ვხედავთ, “გოტიკურ რომანსა” და “გოტიკურ ლიტერატურას” არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არათუ საშუალო საუკუნეებთან, არამედ _ რენესანსთან და ბაროკოსთანაც კი.
ულპოლისათვის, როგორც ეს კარგად ჩანს მის მიერვე დაწერილი ამ ორი გამოცემის წინასიტყვაობებიდან, მთავარი იყო თანამედროვე და საშუალო საუკუნეების რომანთა სინთეზი. უოლპოლს “თანამედროვეობა” ესმოდა, როგორც “ბუნების მოსმენა”, “ბუნებრივი წესრიგის” გაზიარება, “საღი აზრი”, ხოლო “საშუალო საუკუნეები” _ როგორც სასწაულებისა და ზებუნებრივი მოვლენების _ ჯადოსნურის _ რწმენა: მისთვის საშუალო საუკუნეების ლიტერატურა იყო ის, რასაც დღეს ჩვენ, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის კვალდაკვალ, “ფენტეზის” ვუწოდებთ. ოღონდ, ცხადია, ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით _ უოლპოლისათვის ფანტასტიკური ელმენტის არსებობას ლიტერატურულ ნაწარმოებში მხოლოდ ერთი გამართლება ჰქონდა _ წარსული. თანამედროვეობა მისთვის მხოლოდ ბუნებრივი კანონზომიერებისა და საღი აზრის სამეფო იყო.
XVIII საუკუნე განმანათლებლობისა და რაციონალიზმის საუკუნეა _ “რელიგია _ მხოლოდ გონების ფარგლებში” _ ასეთია არა მხოლოდ კანტის, არამედ მთელი ეპოქის სულისკვეთება. სადაც რელიგია მხოლოდ გონებისა და “რაციოს” ფარგლებში მოიაზრება, ცხადია, იქ ჯადოსნურისა და ფანტასტიკურისათვის ადგილი აღარ რჩება. მაგრამ ადამიანს, როგორც ჩანს, არ შეუძლია მითოსისა და ზებუნებრივის გარეშე არსებობა. ამიტომაც, გოტიკური ჟანრის დაბადება განმანათლებლობის სტერილურსა და რაციონალურ ატმოსფეროში ადამიანური ფსიქიკის კომპენსატორულ ფუნქციაზეც (ფროიდის ამ კონცეპტს თუ დავესესხებით) მიგვითითებს.
როდესაც “გოტიკურ ჟანრზე” ვსაუბრობთ, უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი: “ჟანრი” ამ შემთხვევაში პირობითი ტერმინია, რადგანაც “გოტიკურ ჟანრს” მხოლოდ თემატიკა განსაზღვრავს _ ესაა შემაძრწუნებლისა და ზებუნებრივის (თუ ფანტასტიკურის) ისეთი კავშირი, რომელიც მკითხველსა თუ მაყურებელში შიშისა და იდუმალების გრძობას აღძრავს. ამიტომაც, “გოტიკური” შეიძლება იყოს როგორც პროზა (რომანი, მოთხრობა, ნოველა..), ისე _ პოეზია, პიესა თუ ოპერა (მაგალითისათვის, კარლ მარია ვებერის ჯადოსნური მსროლელი, ჩაიკოვსკის პიკის ქალი, ენდრიუ ლოიდ უებერის ოპერის მოჩვენება), ფილმი და კომპიუტერულ თამაში...
განსაკუთრებით პოპულარული გოტიკა ჰოლივუდის ეპოქაში გახდა _ დრაკულასა და ფრანკენშტეინის უამრავი რიმეიქი, ჰიჩკოკის კინემატოგრაფი, ბოლო პერიოდში გაღებული სხვანი (The Others, 2001 წ.) თუ Twilight –ი თავისი გაგრძელებებითურთ _ აი, მცირე ნუსხა იმ ფილმებისა, რომელიც გოტიკის გლობალურ სამეფოს მიეკუთვნება...
საზოგადოდ, “გოტიკური რომანის” ორი ცენტრალური ქრონოტოპოსი სასახლე და მონასტერია. სწორედ ამ ორი ქრონოტოპოსის დემონიზაცია ხდება გოტიკურ რომანში _ გაუგებარი, შეუვსებელი მოცალეობა და “ფუჭი” მჭვრეტელობა გოტიკური ფანტაზმების ადგილი ხდება: “სიცარიელეს” ავსებს ძალადობა და სექსი. გოტიკურ რომანში მონასტერი ესაა ქრონოტოპოსი, სადაც “თარეშობს ინკვიზიცია” (მეთიუ გრეგორი ლუისის რომანი ბერი, ჩარლზ მეტიურინის მოხეტალე მელმოთი და სხვ.) _ ესაა დახვეწილ “წამებათა” ფანტაზმური ადგილი, ხოლო სასახლე პირდაპირი ან ალეგორიული ეროტიკული ორგიების ფონია.
საგულისხმოა, რომ ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების დემონიზაცია ჯერ მიტოვებული და მოშორებული სასახლის ხატის მეშვეობით ხდება _ ადრეულ გოტიკურ რომანს ტრადიციული არისტოკრატიული ცხოვრების წესი ჯერ “უბრალოდ” სივრცულ პერიფერიაზე გადააქვს _ ოღონდ ეს მაინც საკუთარ ლანდშაფტში, საკუთარ ტერიტორიაზე ხდება _ ეს ჯერ კიდევ ინგლისი, ან, საზოგადოდ, ევროპაა. თუმცა, სრულიად ცხადია, რომ პერიფერიაზე “გატანა” გაუცხოებასა და დროში დაცილებას გამოხატავს. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ამგვარი სასახლე ან მთლიანად წარსულის საკუთრებაა (მაგალითად, ულპოლის მოთხრობაში) ან, საერთოდ, მივარდნილი და დანგრეულია (მაგალითისათვის, ენ რედკლიფის რომანებში).
XIX საუკუნის ბოლოს გოტიკური რომანი უკვე სხვა _ უცხო _ დაცილებულ გეოგრაფიას ეძებს, რადგანაც “ჭეშმარიტად ევროპული” თანამედროვეობა უკვე მთლიანად გაჯერებულია შრომისა და დასვენების ინდუსტრიით (ჩვენი დასვენება ხომ სხვისი შრომის ნაწილია!). ამიტომაც, მაგალითად, ბრემ სტოკერის დრაკულაში მოცალეობის სამყარო უკვე აღმოსავლეთი (“არანამდვილი”) ევროპა _ ტრანსილვანიაა _ სწორედ აქაა გრაფი დრაკულას მივარდნილი სასახლე. ცივილიზაციისაგან თანადათანობითი დაშორება იმასაც მიგვანიშნებს, რომ მოცალეობა უკვე “ბარაბაროსების” ხვედრია, მაშინ როცა ცივილიზებული ადამიანი _ ესაა გეგმაზომიერი ყოველდღიური შრომის ადამიანი, რომლის ხვედრი სწორედ “მოცალეობის ბარაბაროსული ადგილების” მართვა და მათი ცივილიზაციაში ჩაწერაა.

© kalmasoba.com

No comments: