Monday, January 5, 2009

დათო პაიჭაძე





















მიახლოება მკითხველთან


თუკიდიდე, ისტორია, ადაპტირებული თარგმანი ლევან გორდეზიანისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

ქართველები, ალბათ, არასოდეს ვიქნებით იმდენი, რომ ქართულის გარდა, სხვა ენა არ დაგვჭირდეს უცხო, დროითა თუ სივრცით დაშორებულ სამყაროთა აღქმისათვის. ქართულ ენაზე კარგად თარგმნილი თითოეული წიგნი თითო ნაბიჯია ამ აღქმის გასაიოლებლად, გზის შესამოკლებლად. მაგრამ რას ნიშნავს “კარგი თარგმანი”?
რეცენზიაში ვერაფრით გაიშლება მსჯელობა თარგმანის თეორიასა და კონცეფციებზე. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ თარგმანი ორგვარია: მთარგმნელი ან ავტორს აახლოვებს მკითხველის ენასთან ან პირიქით – მკითხველი “მიჰყავს” ავტორთან, მკითხველს უახლოვებს სხვა ენას. ამ უკანასკნელის, ანუ ავტორის ენასთან მკითხველის დაახლოების ნიმუში გახლავთ ასევე ძველი ბერძენი ავტორის, “ისტორიის მამის”, ჰეროდოტეს ქართული თარგმანი. ის თინა ყაუხჩიშვილმა შეასრულა და სრულად გამოსცა 1976 წელს. თუკიდიდე, რომელიც ასაკით შვილად ერგებოდა ჰეროდოტეს, თარგმნა ქალბატონი თინას შვილიშვილმა, ლევან გორდეზიანმა.
ჰეროდოტეს ქართული თარგმანი “მძიმე” საკითხავია. მთარგმნელის ხელში ქართულ ენას აღმოაჩნდა საკმარისი “გრამატიკული ტოლერანტობა” საიმისოდ, რომ თარგმანს მთლიანად გადმოეცა ის, რითაც ჰეროდოტეს ნაწერი არ ემსგავსება მანამდე არსებულ არც ერთ ქართულ ტექსტს – არც თარგმანს, არც ორიგინალს. ჰეროდოტეს ქართული თარგმანი გეხმარება, “გახვიდე” მშობლიური ენიდან და მიუახლოვდე სხვას, ამ შემთხვევაში, ძველ ბერძნულ ენას. თუკიდიდეს მთარგმნელი პირიქით იქცევა. ჰეროდოტეს დაგემოვნებით კითხვას ძალისხმევა, გნებავთ, თვითიძულება სჭირდება, სამაგიეროდ, გერგება ჯილდო - ეს არის სრულფასოვანი ექსკურსია ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში. შენ ხედავ, რა განგასხვავებს, შენსავე დროსთან ერთად, იმ დროისაგან. თუკიდიდეს თარგმანის კითხვისას კი პოულობ მსგავსებას, ავლებ პარალელებს, ადარებ ქცევებსა და სიტუაციებს.
ლევან გორდეზიანის თარგმანი იკითხება ისე, თითქოს თანამედროვე რეპორტაჟს ან პოლიტიკურ ანალიზს კითხულობდე. ეს არა მხოლოდ მთარგმნელის “ბრალია”, რომელმაც, ჩანს, განიზრახა, XXI საუკუნის ქართველს ისევე აღექვა “ისტორია”, როგორც ჩვენს ერამდე IV საუკუნის ბერძენს. თუკიდიდე წერს თავის თანამედროვეობაზე, წერს იმას, რისი ერთდროულად მონაწილეც იყო და დამკვირვებელიც. ის წერს ომზე, რომელმაც შემუსრა უმწვერვალესი დემოკრატია მსოფლიო ისტორიაში. თუმცა, ასეთი დემოკრატიის მომხრე არ ყოფილა: მკვლევართა აზრით, თუკიდიდე ზომიერი ოლიგარქიის (ან, თუ გნებავთ, ფრიად ზომიერი დემოკრატიის) ადეპტი გახლდათ.
თუკიდიდე პირველი ჟამთააღმწერელია, ვინც პოლიტიკის გასაგებად ყურადღება მხოლოდ ადამიანებს მიაპყრო. მასთან კვალიც აღარ რჩება ღვთაებრივი რისხვისა და შურისგების, ისტორიის ზებუნებრივი აგენტებისა, ასე ხშირად რომ შეხვდებით ჰეროდოტესთან. მითოსურ გადმოცემებსა და გმირებსაც თუკიდიდე პოლიტიკური ისტორიის ნაწილად მიიჩნევს ისე, რომ ისტორიის მითოლოგიზაციას კი არ ეწევა, პირიქით – მითოლოგიაში ჭვრეტს პოლიტიკურ მოტივებს. რაც შეეხება თანამედროვეობას, ომს ათენსა და სპარტას შორის, რომელსაც ის აღწერს, თუკიდიდეს არც მორალურ-სამართლებრივი მიზეზები აინტერესებს – ანუ არ ეძებს, ვინ არის დამნაშავე. თუკიდიდესთან ვერ ნახავთ სენსაციებსა და უტრირებას. ის ექიმივითაა (ტყუილად არ იყო ჰიპოკრატეს მოწაფე) – აკვირდება სიმპტომებს, ადგენს დიაგნოზს, ასხვავებს ომის ძირეულ მიზეზებსა და უშუალო საბაბებს.
ათენისა და სპარტის ომი 30 წელიწადს გაგრძელდა. ომმა აქცია თუკიდიდე ისტორიკოსად. სანამ ათენში ცხოვრობდა, პროცესების თვითმხილველი იყო. 36 წლის თუკიდიდე ათენმა ფლოტს ჩაუყენა სათავეში. დამარცხდა და ათენიდან გადაასახლეს, სადაც ოცწლიანი ექსორიის შემდეგ დაბრუნდა. დაბრუნდა საბოლოოდ დანგრეულ დემოკრატიაში. ეს 20 წელი თუკიდიდემ დაახარჯა არა მხოლოდ მასალებისა თუ წყაროების მოპოვებას, არამედ ისტორიული პროცესისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამომუშავებას. სისტემური მიდგომა, პოლიტიკისა და ისტორიის კვლევის მეთოდი უთუოდ იმ წლებშია ჩამოყალიბებული. თუკიდიდე აცხადებს, რომ მიზნად დაისახა მიაკვლიოს ჭეშმარიტებას და სასარგებლო იყოს მომავალში.
თუკიდიდესთან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნება და მასების ფსიქოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს ისტორიული ცვლილებებისა თუ განვითარების კანონს. ადამიანი ესწრაფის თავისუფლებას, ეგოისტია, სურს, იბატონოს სხვებზე და რაც შეიძლება, მეტი მოიხვეჭოს. გარემოებათა გავლენის კვალად, კაცი შეიძლება გამხეცდეს ან გადაგვარდეს და პირიქით – გაკეთილშობილდეს, თუ მასში იმძლავრებს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება – ადამიანის ეგოისტური ბუნებაა.
რა თქმა უნდა, თუკიდიდე არ არის ბოლომდე მიუკერძოებელი – ან ვის დაუწერია აბსოლუტურად მიუკერძოებელი ისტორია? გარკვეულ მიკერძოებას ის ავლენს ფაქტების შერჩევასა და შეფასებებში. გასაკვირია, მაგრამ თუკიდიდეს ნაწერში არ ჩანს მისი არაერთი თანამედროვე და თანამოქალაქე გენიოსი, ასევე არ ასახელებს ინფორმაციის წყაროებს.
თუკიდიდე “ისტორიაში” მხოლოდ მოვლენებს არ აღწერს. ასე რომ იყოს, მშრალი ქრონიკის ამარა დავრჩებოდით. თხრობაში ჩართულია პოლიტიკურ მოღვაწეთა სიტყვები, რომლებიც ავლენენ წარმომთქმელთა ხასიათს, ცხადყოფენ კავშირს სიტყვასა და საქმეს შორის, ამზადებენ და განაპირობებენ მოვლენათა შემდგომ განვითარებას, ამა თუ იმ საკითხს იაზრებენ დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციებიდან. თუკიდიდემ უკვდავყო პერიკლეს სიტყვა, რომელიც პოლიტიკური მჭევრმეტყველებისა და მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება (ქართულ თარგმანში გვ.81-გვ.86).
დაბოლოს, თუკიდიდეს წინამორბედის, ჰეროდოტეს ხსენებას ზემოთ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: “სამხედრო ბიბლიოთეკის” სერიით მისი “ისტორიაც” გამოიცა. ორივე ისტორიის თარგმანი შემოკლებული და ადაპტირებულია. ეტყობა, ეს არის დოზა, რომელსაც ქართველი მკითხველი (სამხედროც და სამოქალაქოც) აიტანს.

© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

No comments: