Monday, January 26, 2009

ლელა სამნიაშვილი

”მარტოდენ მარილი”


ბესიკ ხარანაული, ასი ლექსი. შემდგენელი ნინო ყუროშვილი. თბ. “ინტელექტი”, 2007.


“ინტელექტის” მიერ 100 ლექსის სერიით გამოცემული ქართველი პოეტების კრებულებს შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანამედროვე წიგნია – არა მხოლოდ ლოკალურ სივრცეში, არამედ ზოგადად, პოეზიის სივრცეში - ენებისა და საზღვრების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერია ძირითადად გასული საუკუნის, შეიძლება ითქვას ქართული კლასიკური პოეზიის წარმომადგენლებს აერთიანებს, ძნელად თუ მოიძებნება უფრო გვიანი პერიოდის ავტორი საქართველოში, რომლის ლექსებიც ბესიკ ხარანაულის პოეზიაზე მეტად ქმნის “ახლის” განწყობას. ხარანაულის პოეზიის ამ საიდუმლოს გასაღები ერთი შეხედვით შეიძლება მისი ლექსის თავისუფალ ფორმაში ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, რომ 70-იან წლებში იგივე ბესიკ ხარანაულის მიერ თავისუფალი ლექსის შემოტანა რევოლუციური მოვლენა იყო ქართულ, ტკბილხმოვანებაზე ორიენტირებულ პოეზიაში, კონვენციური ლექსის დომინირება განსაკუთრებით ქართველი მკითხველისა და მეტ-ნაკლებად, თანამედროვე ავტორების გემოვნებასა თუ ხელწერაში დღესაც შესამჩნევია. Aამიტომ, პოეზიის ისტორიის რეტროსპექტივის ფონზე, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ლექსის თავისუფალი ფორმა 21-ე საუკუნის საქართველოშიც კი სიახლის გარეგნულ ნიშნად ითვლება. თუმცა, ფორმის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ისეთივე მეორეხარისხოვანია, როგორ მნიშვნელობასაც მას თავად ავტორი ანიჭებდა თუნდაც ნოვაციების შემოტანის პერიოდში.
დღევანდელი თვალსაწიერიდან 70-იანი წლების საბჭოთა საქართველოში თავისუფალი ლექსის დაბადება როგორღაც, სარკის მიშვერას გავს იმ პერიოდის დასავლეთის ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებისაკენ. თუ ბიტ-თაობის პოეზია შიშველია თავისი ემოციური ინტონაციებით, ბესიკ ხარანაულის პოეზია შიშველია თავისი მართალი ფორმითა და შინაარსით. უფრო სწორედ, ფორმა ხარანაულთან შინაარსის ნაწილია, ნარატივის ბუნებრივი კალაპოტი - თავისი ღორღიანი ნიადაგით და არა – წინდაწინ გაჭრილ-განსაზღვრული ჯებირებითა და მასშტაბებით. ამ გაგებით ხარანაულის პოეზია ბევრად უფრო ნოვატორულია საბჭოთა საქართველოსთვის, ვიდრე იგივე ბიტ-თაობის წარმომადგენლების პოეზია შეიძლება ჩაითვალოს ამერიკისათვის, რადგან ემოციური პროტესტის იმპერატივი პოეზიის გარეგანი მახასიათებელია თითქმის ყველა ეპოქაში, ფორმაზე - აზრის იმპერატივი კი ამა თუ იმ ენაზე, და განსაკუთრებით, ქართული ენაზე შექმნილი პოეზიის შინაგან ბუნებაში ეპოქალური - ღრმა ცვლილებებისა და კატაკლიზმების ნიშანია. ამ კონკრეტული თვალსაზრისით, მეოცე საუკუნის ქართული პოეზია სიმბოლურად სულ ორ ეპოქად – გალაკტიონის და ბესიკ ხარანაულის ლექსის ეპოქად შეიძლება დაიყოს.
მიუხედავად მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში თვითმყოფადი ხმების სიმრავლისა, ზოგადად გალაკტიონის ლექსი, როგორც ფორმისა და ტკბილხმოვანების ყველაზე უფრო წარმატებული ნაზავი, ბევრი მომდევნო ავტორის შემოქმედების ტრაექტორიას განაპირობებდა. თუმცა საქართველოში “verse libre”-ს შემოტანა ბესიკ ხარანაულთან ერთად სხვა სახელებსაც უკავშირდება, ამ პერიოდის არც ერთი სხვა ავტორის ნაწარმოები არ შორდება აღნიშნულ ტრაექტორიას ისე მკვეთრად, როგორც ხარანაულის ლექსები. მაგალითად, ლია სტურუას თავისუფალი ლექსი ენობრივი თავისებურებით გალაკტიონისეულ ტრადიციასთან ბევრად უფრო მეტ კავშირშია იგივე ტკბილხმოვანებითა და ემოციაზე აქცენტით, ვიდრე ბესიკ ხარანაულის ლექსი, რომელიც აზრის მარილითაა სავსე. ხარანაულის გულგრილობა ფორმის მიმართ და აზრსა და განწყობაზე კონცენტრაცია იმდენად არ ვლინდება მის პოეზიაში დომინირებად თავისუფალ ლექსში, როგორც მის მიერ ხალხური ინტონაციებითა და ფსევდოკონვენციური ფორმით შექმნილ ლექსებში. ბესიკ ხარანაულის ვრცელი შემოქმედების თავისებურებების 100 ლექსის მაგალითში ჩატევის მცდელობა წინამდებარე გამოცემის სახით ამ მხრივაც წარმატებულია. სხვადასხვა დროის, ფორმისა და განწყობის ლექსებს მკითხველთან აზრის ეგზისტენციალისტური ნაკადი და სევდის მოტივის განუწყვეტელი, განსხვავებული ინტერპრეტაციები მოაქვს; მათში ადვილია ახალი თაობის მრავალი ავტორის შემოქმედებისათვის მიცემული ძლიერი ინერციის წყაროს ამოცნობა.
რაც შეეხება ბესიკ ხარანაულის პოეზიის თვალსაწიერს, აქაც ყველაფერს სიმართლის რადიუსი საზღვრავს. ავტორისეული ეგოცენტრიზმი არა სოლარისტულია, არამედ სამყაროს მიკროსკოპულობამდე მომცველი. ზოგადად ქართული პოეტური დიაპაზონის ერთგვარი სივიწროვის პირობებშიც კი, სიმართლიდან, უშუალო განცდიდან თუ გამოცდილებიდან ამოსვლა ბევრად უფრო მასშტაბურს ხდის ლექსის სათქმელს, ვიდრე ნებისმიერი მცდელობა - იყო ყოვლისმომცველი. ეს კომენტარი არა მხოლოდ სივრცულ, არამედ დროით დიაპაზონსაც გულისხმობს.
“ლოგინზე / პირქვე რომ დავეგდები / და სახეს რომ / ბალიშში ჩავრგავ / და ხელებს რომ / გვერდით დავიყრი, / იცი, / ვის ვბაძავ? / ყარყატსა ვბაძავ...”
ასეთი სიზუსტითა და სისადავით ასახული სევდის მოტივი, რომელიც უკიდურესად მშობლიურია ეგზისტენციალისტური ხედვისათვის, ამ მოტივის მიმართ ყოვლად დეკონსტრუქციული პოსტ-მოდერნიზმის ეპოქაშიც კი თანამედროვეობის განცდას ტოვებს. სწორედ ეს ორი კომპონენტი – სევდა და სიმართლე აჩენს მარილის საჭირო კრისტალებს ხარანაულის ვრცელი შემოქმედების 100 ლექსიან რეტროსპექტივაში, აქ წარმოდგენილ სამიჯნურო თუ პატრიოტული განწყობის, ავტობიოგრაფიული მეხსიერებიდან, საგნების წვდომის მცდელობიდან თუ ცოდვის განცდიდან ამოტანილ თითოეულ ლექსში.

© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

No comments: