Monday, January 26, 2009

ტარიელ ჭანტურია

აბა-აბა!

ვითვლი წუთებს.
ვითვლი წამებს.
ვითვლი წვეთებს-
ვყლაპავ წამლებს!
ვეფერები,
გულში, ჩემთვის,
ღმერთს და ყველა დიდმოწამეს!

ვებრძვი ფიქრებს-
მაწანწალებს:
,,ჩვენ წავალთ და
სხვებიც წავლენ!”
ეს სიცოცხლე-
თითქო ვიცი!
ეს სიკივდილი-
ვერ ვისწავლე...


* * *

დღეებს ვემდური, ღამეებს-არა! -
გული დღეებით გამებზარა...
დღეებს მაინც მამადლიან.
ღამეებსაც. წამებს-არა!
ამიტომ იყო გული-ორჯერ,
დღისით და ღამით გამებზარა.
ყველა ტვირთი მე ამკიდეს,
თითქო მანქანის ვიყო ძარა!
ტვირთზე ტვირთს რომ მიმატებენ,
ჯერ არვისთვის მითქვამს ,,არა!”
ასნაირი ხარახურით
გადაავსეს ძარა, მარა
ტვირთზე კვლავ ტვირთს მიმატებენ,
წამდაუწუმ, წარამარა...

დღეებს ვემდური, წამებს არა,
დღეებს ვუჩივი, ღამეებს არა...
გული დღისით,
გული დღისით,
გული ღამითაც გამებზარა...

/გამოთხოვება/

ჩემი თაობა - ფოთოლცვენა...


თბილისი. რომი. ბარსელონა.
მოსკოვი. პრაღა. ნიცა. ვენა.
რიონი. მტკვარი. დნეპრი. ტემზა.
პო. მისისიპი. განგი. სენა...
აურაცხელი სიხარული.
აურაცხელი გულში წყენა.
მაინც - ლამაზი ყველაფერი.
ჩემი თაობა - ფოთოლცვენა...

ვიცოდით ჩვენაც - წინანდლის და
ოჯალეშის და ბორდოს ენა.
იყო გრიალი, და გრიალშიც
იყო დროდადრო... ფოთოლცვენა...
გვყავდა ჩვენ, გვყავს ჩვენ სახელები –
სილვიასხელა, ოლდოსხელა...
გარდაუვალი... სასურველიც –
იქაც და აქაც – ფოთოლცვენა...

შუქი თანდათან მიილია.
ლამის ჩაუწყდეს მოტორს ენა...
ათასჯერ ნახეს, მაინც უკვირთ –
ლამაზი, მკაცრი – ფოთოლცვენა...

გულდამწყვეტია, მაგრამ ახლაც
მშვენიერია ბოლო სცენა!
დრამა, საცაა, დასრულდება!

ჩვენი თაობა – ფოთოლცვენა...


ტიციანი /ვარიანტი/

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
და თითო ლექსი მაკლებს თითო წელს...
ვწუხვარ და ვფიქრობ პოეტისა და
უჟამო ჟამის ბოლო, დიდ ომზე...

ვწუხვარ... ათასერთღამენათევი,
მაგრამ მამშვიდებს ტალღა რიონის –
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე გალაკტიონი...

/გატუნია მახსოვს ბავშვი.../

ყველაფერი ლამაზი და
ყველაფერი ქართულია! –
როგორც ბიჭი – დედას ბიჭი,
ნაღდი ბიჭი – გატუნია!

გეგონება, ოპიზრების
ხელით გადახატულია!
გატუნია – სიმღერაა!
ცრემლიცაა გატუნია!

სულ სიცოცხლით, სულ თამაშით,
სულ სიკვდილით გართულია!
გატუნიას დედა უყვარს!
დედას უყვარს გატუნია!

შექსპირია, გოეთეა,
ესქილეა, კატულია –
იცის, მაგრამ სად ისწავლა,
ეს არ იცის გატუნიამ!

პატარაა, მაგრამ უკვე
სამშობლოს სიქადულია!
საქართველოს დიდებაა
დედას ბიჭი - გატუნია!

* * *

ყოველდღე ათას ავადმყოფს,
ყოველდღე ვტირი ას მკვდარს!
დღეში ასჯერ და ათასჯერ
გული მიტომაც გასკდა...
დამღვრელი ამდენ ცრემლის და
დამლევი ამდენ წამლის –
ყველაფრიდან ჩანს – მე სიკვდილს
ვერაფრით ვერ ვისწავლი...

* * *

ბევრი მლანძღეს, ბევრი მთათხეს,
ბევრი მჟეჟეს, ბევრჯერ მომცხეს –
არაფერი დაკლებია
ერთიბეწო ჩემს სიცოცხლეს!
აქ რა მომყვა, იქ რა მიმაქვს!
ვის რა მივცე, ვინ რას მომცემს!
ვერც რაიმე გამახარებს,
ვერც ვერაფერს გავიოცებ...

გული სინანულმა დახრა,
სული მწუხარებამ შეძრა...
ვინმე მესხი... ვინმე დივნოს...
ვინმე შოთა... ვინმე ეზრა...
ვაი იმას, ბრმა მუცელში
ვისაც დღეს ნაყოფი ეძრა...
ამას ჯობდა, მდინარეზე
ძუის საცრით წყალი ეცრა...

* * *

ეცადე და საუკუნეს
წუთი მაინც გამოსძალე! –
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

ბრძენიც იყო, რას გაუგებ
წუთისოფლის გამოცანებს!
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

შენი შესაძლებლობები
კიდევ ერთხელ გამოსცადე! –
გაავსე და გამოსცალე!
გამოსცალე!

* * *

მთელი ქვეყნის ლოყა
ოთხმა ცრემლმა ლოკა:
იოანემ, მათემ,
მარკოზმა და ლუკამ!

ცრემლის ოკეანეს
ცრემლად მიემატეთ –
იოანე, ლუკა,
მარკოზი და მათე...

სხვაზე მეტად უნდა
თქვენმა ლოცვამ მარგოს,
იოანე, ლუკა,
მათე, მამა მარკოზ!

სხვა არ ვიცი, უფრო
წმინდა რამ სავანე –
მხოლოდ ლუკა, მარკოზ,
მათე, იოანე...

* * *

ახლა იქნებ შვიდია ანდა იქნებ რვაც არი
არ ვკითხულობ რა დროა სულ ერთია რაც არი
ვერ ვცნობ უმრავლესობას ზოგი ვინმე ვიცანი
სულ არ მაინტერესებს რა ვქნა იყოს ვინც არი
როგორც იყო ისეა მიწაც არი ცაც არი
არ ვკითხულობ ცეცხლია თუ იმ ცეცხლის ნაცარი
იქნებ სინაგოგაა მეჩეთია ტაძარი
რაში მაინტერესებს რა ვქნა იყოს რაც არი
მასპინძელმა რა დაკლა ხბო იყო თუ ქაცარი
დაკლულს რაღა აზრი აქვს სულ ერთია რაც არი
მძევალია ის ტიპი თუ მძევლების ამყვანი
ის რაც აღმოაჩინეს კუბოა თუ აკვანი
პალტოა თუ შინელი ფრანგია თუ ჩინელი
კეტრინ ზეტა ჯონსია თუ ლაიზა მინელი
პოეტური ცეცხლია თუ იმ ცეცხლის ნაცარი

რა ვქნა ვიყო ვინცა ვარ
ისიც იყოს რაც არი

* * *

ვერ შველიან ჩემს ტკივილს
ვერც ძმები და ვერც დები...
ჩემს თავს თვითონ მივხედავ –
ამას ნაღდად ვეცდები.
ორდენებზე არ ვფიქრობ
და არც დაფნებს ვეწვდები.
ფესვებს ჩავწვდე როგორმე –
ამ ერთს მაინც ვეცდები.
ვიცი, ბევრჯერ შევმცდარვარ,
ალბათ ახლაც შევცდები!
თვითონ გამოვასწორო
ეს სიცოცხლე – ვეცდები...

* * *

ორჯერ ორი რომ – ოთხია,
ხუთი თითივით ვიცი!
ექვსჯერ ხომ მაინც მსმენია
იმ შვიდი მკვლელის ფიცი!
დღეს – არც მეშვიდე გაკვირვებს,
არც საოცნებო მერვე...
დასრულდეს ეს ცრუ ცხოვრება! –
ნამდვილს ვიცხოვრებ მერმე –
ცა რო-ცა გაილანდება-
მაღალი, რიგით – მეცხრე...
.......
კარგია, თვალს რომ შეასწრებ
ახალმოფრენილ მერცხლებს...

* * *

დუმილის უფლებას იყენებდა კლდე
დუმილის უფლებას იყენებდა მთა
დუმილის უფლებას იყენებდა ხმელი წიფელი
დუმილის უფლებას იყენებდა ია
დუმილის უფლებას იყენებდა შვლის ნუკრი
დუმილის უფლებას იყენებდა ჩხიკვი ზაქარა
დუმილის უფლებას იყენებდა მგელი ტოტია
დუმილის უფლებას იყენებდა არწივი
მაგრამ ვაჟამ
ყველაზე დიდმა ფსიქოლოგმა
ყველაზე დიდმა მოძღვარმა
ყველაძე დიდმა მწერალმა
ყველას ყველაფერი ათქმევინა
ყველას ყველა საიდუმლო გაანდობინა
/სხვათა შორის, დისნეიმდე ბევრად ადრე/
და მთელი კაცობრიობა გაახარა
ათასი ლამაზი საიდუმლოთი

გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოსცეთ
გთხოვთ კიდევ არაერთხელ გამოსცეთ
გთხოვთ ყველა ენაზე გამოსცეთ
გენიალური გამომძიებლისა და პოეტის
მრავალტომეული

© ”ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

No comments: