Saturday, January 31, 2009

გელა ოდიკაძე

ავანგარდული ძიებანიც

ზურაბ რთველიაშვილი, ანარქი (ლექსები). დიზაინერი გურამ

წიბახაშვილი. თბ. “სიესტა”, 2006.

ზურაბ რთველიაშვილის “ანარქი” ლექსების ყველაზე უფრო სრული და მრავალწახნაგოვანი კრებულია. ეს მრავალწახნაგოვნება მის პოეტურ პროფილს, წარმომავლობას, ავანგარდულ ტრადიციასთან შეხებას გულისხმობს. პოეტმა თავის ნეოავანგარდულ ნააზრევში ტრადიციის საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი აღბეჭდა. მისი შემოქმედება ევროპული და რუსული ავანგარდული დინებების კონტექსტში გაიშალა და ეს ეგზოტიკური სიმბიოზი სუბტროპიკული მცენარესავით წარმოიშვა.

ზურაბ რთველიაშვილის ეპატაჟური განწყობა მთელ მის კრებულს მოიცავს. მისი ლექსებისთვის ყველაზე ბუნებრივი ფორმა მიმართვა და მოწოდებაა. და თუ არ არის მოწოდება, არის საგნების და მოვლენების ირიბი ხაზებით ხატვა. ზურაბ რთველიაშვილისთვის უცხო არ არის სკაბრეზული სიტყვები ან გამონათქვამები, ოღონდ მან იცის რა კონტექსტში უნდა ჩასვას “ხმამაღალი” ფრაზები. ვრცელი, ტეხილი პოეტური პერიოდები ინტონაციური რემინისცენციებით, თამაშით, ბასრი ენამახვილობით არის გაჯერებული.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზურაბ რთველიაშვილის ლირიკა 30-იანი წლების ქართული ავანგარდიდან იღებს დასაბამს. მაგრამ ეს მთლად ზუსტი “მისამართი” არ იქნება. როგორც უკვე ვთქვით, პოეტმა შექმნა ერთგვარი სტილური კონგლომერატი, სიმბიოზი, რომელიც უბრალო დანაწევრებას არ ექვემდებარება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ამ სიმბიოზით მან თავისი პოეტური ინდივიდუალობა გამოხატა.

წიგნს პოეტის ფოტოპორტრეტთან ერთად ორი ავტორის წინათქმაც უძღვის. პირველში რთველიაშვილი “ნეოექსპრესიონისტად” არის მოხსენიებული და “მასთან პოლემიკისა და სკანდალის გზით კავშირის დამყარების სურვილია” აღნიშნული. მეორე წინათქმის ავტორი ხაზს უსვამს პოეტის მიერ “სოციალისტური დისკურსის დეციტაციას” და ლექსების “კვაზილირიულ ინტონაციას”, “პოსტმოდერნული დისკურსის ჩარჩოებს”. ეს ორი შეფასება ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ორივეს გააჩნია მკვიდრი საფუძველი. უმთავრესი სხვა რამ არის: საკმაოდ ხანგრძლივი ძიების შემდეგ (რთველიაშვილი რამოდენიმე კრებულის ავტორია) რამდენად მოახერხა პოეტმა თავისი ინდივიდუალობის კონტურები გამოემჟღავნებინა. ვთქვათ, ლექსი “ელექტრომაგნიტური სიყვარული” “სოცრეალისტური დისკურსით” და “ექსპრესიონისტული სტილიზაციით” არის აღბეჭდილი. აქ, თუ შეიძლება ითქვას, ერთი მეორეს არამცთუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს და ამთლიანებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტორმა მიაგნო იმ საერთო კონტექსტს, რომელშიც შეიძლება ორივე დინება თანაარსებობდეს.

ზურაბ რთველიაშვილი ხელოვნურად არ ქმნის ფორმას. ის ძალდაუტანებლად ამბობს სათქმელს და მისი იმწამიერი განწყობა სხვადასხვაგვარი თემატურ-შინაარსობრივი და შესაბამისად ფორმალური ნიშნით აღიბეჭდება. მე ვფიქრობ, ის უკვე ენდობა თავის შინაგან პოეტურ “მეს” და თვითდინებით ამოძრავებს მას. პოეტი ენდობა, აგრეთვე, თავის უკვე მიღწეული ლექსის სტრუქტურულ დონეს და ამიტომაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდაისახება, რაც მრავალფეროვანი პოეტური ციკლის შექმნის საწინდარია. მე ვფიქრობ, ზურაბ რთველიაშვილი შთაგონებას ელოდება და შთაგონებით წერს.

დღევანდელ ქართულ პოეზიაში არსებობს ე.წ. “ცარიელი სივრცე”, რომელიც შეიძლება შეივსოს ექსპერიმენტებით და საკმაოდ თამამი ძიებებით. რა თქმა უნდა, ყოველგვარი მცდელობა პოეზიის სფეროში იმდენად იქნება საინტერესო, რამდენადაც სიახლეს მოიტანს. ნოვაციის ხარისხი დროთა განმავლობაში შეფასდება და აქაც მთავარი ერთი რამ არის, რისი დავიწყებაც არ ეგების: სერიოზული ნოვაცია ტრადიციის ათვისების ხარჯზე ხორციელდება. ანუ სიცარიელეში არაფერი არ იბადება.

ზურაბ რთველიაშვილის ლექსების წიგნს ბოლოში დართული აქვს რამდენიმე მწერლის თვალსაზრისი. ეს თვალსაზრისები ცხადია, უშუალოდ ამ კრებულს ეხება. აქაც ხშირად ურთიერთსაპირისპირო შტრიხებია მოწვდილი: “ამ ლექსებში ხშირად ჩანს დადაისტური ტიპის ექსპერიმენტები”, ან ასეთი: “ზ. რთველიაშვილის ლექსების ღაღადის ინტონაცია უფრო მოდერნიზმის დეპრესიული დისკურსიდან იღებს სათავეს, ვიდრე პოსტმოდერნიზმიდან.” ან კიდევ ასეთი: “ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში ისევე მაღალია აბსტრაქცია, როგორც ამას ადრე აღვნიშნავდით, ბუნტის მითოლოგია, იგივე ამბოხების ეს აბსტრაქცია რთველიაშვილის პოეზიის ღერძია. ეს პოეტიკა მთლიანად აჯანყების არისტოკრატულობაზე მიგვანიშნებს.”

თავისთავად ცხადია, რომ კრებულის გამო წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობა ლექსების ღირსებაზე მეტყველებს. ოღონდ აქ სხვა რამ არის საინტერესო: რადგან ეს ლექსები რომელიმე ერთი დეფინიციური ნიშნით არ არის შემოწერილი, ამიტომ არსებულ დეფინიციებს შორის უნდა მოიძებნოს შეხების წერტილები. მწერალთა და კრიტიკოსთა ნააზრევს შეუძლებელია რაღაც ერთი კალაპოტი არ ჰქონდეს. მოდერნული და ავანგარდული მხატვრული აზროვნების ზოგადი ნიშნები თანდათან დაკონკრეტდება და კრებულის მხატვრული თვისობრიობაც უფრო ნათლად წარმოჩნდება. ზურაბ რთველიაშვილის კრებულის გამოცემა ახალი განსჯების საწინდარია.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: