ია ვეკუა
...ბარონესა პარიზის კაფე “დე ლა კოლომბოს” ღია ვერანდაზე ავიდა, ერთი ჭიქა რძიანი ყავა და სრული სიმშვიდე შეუკვეთა, რამდენიმე წუთის წინ სასაფლაოზე გადმოცემული ქაღალდის შეკვრა გახსნა, შეყვითლებული ფურცლები ამოალაგა, ხელნაწერ სწრიქონებს თვალი გადაავლო და პირველ გვერდზე გამოყვანილი ხელით დაწერილი ერთადერთი სიტყვა “მარადიული” ამოკითხა.
შემდეგ მეორე გვერდს დააკვირდა, სადაც მარჯვენა კუთხეში მიწერილი ფრაზა დახვდა: “მას, ვინც ერთხელ დავკარგე, რათა სამუდამოდ მეპოვა”. ეს ფრაზა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოხუცი ქალბატონი მრავალი წლის წინანდელ ისტორიას კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა. მასთან ერთად დროში ახლა უკვე ქართველი მკითხველიც იმოგზაურებს - ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობი ავტორის, ნიკოლოზ ჩხოტუას ერთადერთი დასრულებული ნაწარმოები “მარადიული” მის მშობლიურ ენაზე გამოიცა.
რამდენიმე წლის წინ ქართველმა მკითხველმა კიდევ ერთი ათეულობით წლების წინ დაწერილი და ასევე უცნობი ნაწარმოები, ყურბან საიდის “ალი და ნინო” გაიცნო. აზერბაიჯანელი და ქართველი გოგონას სასიყვარულო ისტორია, რომელმაც შემდგომში მკითხველში პოპულარობა მოიპოვა, თავის დროზე საქართველოში მცხოვრებმა ინგლისელმა ლიტერატორმა პიტერ ნეისმიტმა აღმოაჩინა. მისი აღმოჩენაა ნიკოლოზ ჩხოტუას “მარადიულიც”. 1949 წელს გამოცემულ წიგნს მან ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში მიაგნო და როგორც თავადვე იხსენებს, ამ აღმოჩენით გაოცებული და აღფრთოვანებული იყო - ქართველი ავტორების ნაწარმოებების ინგლისური ვერსიების, მით უმეტეს, ამავე ენაზე დაწერილის აღმოჩენა ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. პიტერ ნეისმიტმა წიგნი შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა, რამდენიმე დღის წინ კი “მარადიული” კიდევ ერთხელ გამოიცა. ამჯერად ორიგინალი, ანუ ინგლისური ვერსიის გარდა ნაწარმოების ქართული ვარიანტიც გამოსცეს, თარგმანის ავტორები კი ირაკლი თოფურია და კახა ჯამბურია არიან.
“მარადიული” სასიყვარულო რომანია. მისი მოქმედების ძირითადი ხაზი 1897-1899 წლებში ვითარდება და ორი ახალგაზრდას, შოთა იბერიელისა და ტაია რურიკოვას რომანტიკულ ურთიერთობას ასახავს. მათ შეხვედრას ავტორი თითქოს ბავშვური გულუბრყვილობითა და გულწრფელობით აღწერს. გულწრფელია მკითხველთანაც, რომელსაც უბრალოდ მოუთხრობს: “შემიყვარდა თბილისში, 1897 წელს, გვიანი აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ტაია მიყვარდა მაშინაც, როდესაც დედამიწას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფორმა და სავსებით უკაცრიელი, უკუნეთ სიბნელეში ბრუნავდა. და მაშინაც მეყვარება, როდესაც დედამიწა იქცევა უწყლო და უჰაერო ბურთად, რომელიც უაზროდ იტრიალებს ბნელ და მკვდარ უსასრულობაში”.
როგორც ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას სხვა ნაწარმოებების დაწერის მცდელობაც ჰქონია, თუმცა მხოლოდ მეუღლისადმი მიძღვნილი “მარადიულის” დასრულება შეძლო. შესაძლოა სწორედ მწერლის გამოუცდელობის გამო ნაწარმოები მარტივი, ძალიან უშუალო ენითაა დაწერილი. თუმცა ამ უშუალობის მიღმა ნიკოლოზ ჩხოტუას არა მხოლოდ ქალისადმი, არამედ მონატრებული სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის ამოკითხვა შეიძლება. იგი მთელი არსებით აღწერს საქართველოს ბუნების სილამაზეს, კავკასიონის მთების დიდებულებას, ზღვისპირა პეიზაჟებსა და ლანდშაფტის სხვა თავისებურებებს. ნაწარმოებში რამდენჯერმე უსვამს ხაზს თავის წარმომავლობას, საკუთარ ქართველობას და ამით დაუფარავ სიამაყეს.
ნიკოლოზ ჩხოტუამ კარგად იცოდა, რომ “მარადიულს” ინგლუსურენოვანი მკითხველისთვის წერდა, ვისთვისაც საქართველო პრაქტიკულად უცნობ ქვეყანას, უცხო კულტურას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ნაწარმოებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციაც შესძინა. ბუნების აღწერის გარდა, იგი არც საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპიზოდების თხრობას იზარებს, ყვება თბილისის დაარსების ლეგენდას, იხსენებს ქალაქის ყველა დამპყრობელსა და ამაოხრებელს, ქალაქისას, რომელიც “საქართველოს დედაქალაქად და კულტურულ ცენტრად რჩებოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ რუსეთის მეფეები საბოლოოდ არ დაეპატრონენ ამ პატარა ქრისტიანულ ქვეყანას, იმ დროს სისხლისგან რომ იცლებოდა ისლამური ქვეყნების შემოტევებისგან”. ავტორი ქართულ ადათ-წესებსაც აღწერს და განმარტავს სიტყვა “გამარჯობის” მნიშვნელობას, ვაჟების აღზრდის ტრადიციას: “როგორც კი ბიჭი ისე წამოიზრდება, რომ თოფის ტარებას შეძლებს, მისი გაწვრთნა იწყება: აძლევენ სამ ტყვიას და უშვებენ ტყეში. თუ დაბრუნდა სამი მოკლული ნადირით, ის უკვე კაცია და ყანწით ღვინოს მიართმევენ”... განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს შოთა რუსთაველის მიმართ, ხშირად მოჰყავს ციტატები “ვეფხისტყაოსნიდან” და ხაზს უსვამს მის გენიალობას.
საინტერესოა თავად ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფია, რაც “მარადიულშიც” იკითხება. იგი შალვა ჭყონიასა და თავადიშვილ პელაგია ჩხოტუას ვაჟი გახლდათ (მწერალი მოგვიანებით დედის გვარზე გადავიდა). 1921 წელს, 16 წლის ასაკში სხვა ქართველი თავადიშვილების მსგავსად ევროპაში გაემგზავრა. განათლება პარიზსა და ბერლინში მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, მრავალი წელი შვეიცარიის ალპებში გაეტარებინა. 30-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც ინგლისური ენა შეისწავლა, 1933 წელს კი ამერიკაში გაემგზავრა. მომავალი მეუღლე, კეროლ მარმონი, მარმონების საავტომობოლო კომპანიის დამაარსებლის ქალიშვილი, ჰოლივუდში გაიცნო და მალევე დაქორწინდა. იგი წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. მალტის ორდენის სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ კოსტა-რიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში, სადაც თავადვე აარსებდა საელჩოებს.
ნიკოლოზ ჩხოტუა 1984 წელს ლოზანაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ექვს შვილს ერთადერთი სურვილის შესრულება სთხოვა - მისი გული საქართველოში დაემარხათ. ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო, ცხადია ემიგრანტის თუნდაც სხეულის ნაწილის ფერფლის ჩამოტანა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მამის ანდერძის შესრულება შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ შეძლეს - 1988 წლის მაისში ნიკოლოზ ჩხოტუას გულის ფერფლი თბილისის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სასაფლაოზე ჩუმად დაკრძალეს. ასე აუსრულდა უკანასკნელი ოცნება სამშობლოსგან შორს, მაგრამ მაინც მასთან ასე ახლოს მყოფ, დღემდე ყველასთვის უცნობ ნიკოლოზ ჩხოტუას.
© “24 საათი”
No comments:
Post a Comment