Monday, January 5, 2009

აკა მორჩილაძე












ტიფლისი, გრანტის საგრაფო



(საშობაო საკითხავი)


ქალბატონი ენ ოლსონი დაიარება ამერიკის პატარა ქალაქებში და ძველ სასაფლაოებს აღწერს.
შეიძლება მთელი ამერიკის პატარა ქალაქებს ვერ გასწვდეს, რადგან ამერიკა ძალიან დიდია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთი, თუნდაც თავგადაკლული ქალი ამხელა ქვეყნის პატარა ქალაქების მოზრდილ ოდენობას გასწვდეს, მაგრამ ერთ შტატში რომ შინაურულად გრძნობს თავს, ნამდვილია.
მისის ოლსონი მარტო არ არის. მას ქმარი, მისტერ ოლსონი ეხმარება. მისტერ ოლსონს ტერი ჰქვია. ენისა და ტერის საქმიანობა მცირე ნაწილია იმ უზარმაზარი საინტერესო საიტისა, რომელიც მოიცავს ნებისმიერი ამერიკული ქალაქის ძველ სასაფლაოთა, სააღაპე წიგნთა, საქორწინო დავთარსა და სხვა ასეთ საქმეთა შეძლებისდაგვარად სრულ აღწერილობას. საიტი ნებისმიერ ამერიკელს დაუდგენს წარმომავლობას, წინაპართა ცხოვრების დროებასა და ადგილმდებარეობას და ათას სხვა ამნაირ წარსულში დატოტვილ რამეებს.
არ ვიცი, სხვას რას საქმიანობენ ცხოვრებაში ბატონი და ქალბატონი ოლსონები, რომლებიც ერთი არცთუ ყველაზე განთქმული შტატის პატარა ქალაქების კიდე-კიდე დადიან და საფლავის ქვებიდან გვარ-სახელებსა და თარიღებს იწერენ, მაგრამ ეს ინტერნეტში მოხვედრილი ხელობა ერთგვარ სევდას რომ შეიცავს, ნაღდია.
სევდისას კიდევ მოგახსენებთ.
ჩემი ძმაბიჭი ამ თვის ბოლოს ამერიკაში მიემგზავრება, როგორც მგონია, სამუდამოდ, თვითონ კი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით. საერთოდ, როცა მიემგზავრებიან ხოლმე, მგონია, რომ სამუდამოდ. ძველ ზღაპრებში რომაა, წასული ბევრი მინახავს, დაბრუნებული არავინო. თუმცა, ეს სხვა საკითხია და თუ ჩაუღრმავდი, სევდა განზე დაგრჩება და ბრაზი და ერთი-მეორე დაგრევს ხელს. ძმაბიჭი კი მიემგზავრება, ქურთუკი იყიდა იქაური სიცივეების გასაძლებად და სიგარეტსაც იმარაგებს, იქ რომ მთელი გროშები ნუგბარი პაპიროსების წევაში არ წაუვიდეს. მივათვალ-მოვათვალიერებო, ავხედ-დავხედავო, ამდენს ლანძღავენ და აქებენ და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაიგო რაღაცაო. თანაც იქ ცარიელ-ტარიელზე კი არ მიდის, რომელ კაროლინაში აღარ მახსოვს და მეგობარი ჰყავს, იქაური მოქალაქე, ძველი წასული ბიჭია. თუმცა, რაღა ბიჭი, ბიჭი, რომ მიდიოდა, მაშინ იყო.
ამას ნუღარ გამოვედევნებით და სულ სხვა თხრობას მივყვეთ სევდისათვის.
ორი წლის წინათ, ამ ჩემს ძმაბიჭთან რომ მივედი, სინკლერ ლუისის წიგნით ხელში დამიხვდა. იმ ზამთარს ბევრს კითხულობდა ძველ დიდოსტატთა რომანებს. საერთოდ, სახლში ბევრი ჰქონდა ტომეულები, ყველაფერი, რაც ძველი მწერლებისა გამოუციათ კომუნისტების დროში. დიდებული გამოცემებია, მე თუ მკითხავთ. ხრუშჩოვის დროში უკეთესი არაფერი გაუკეთებიათ. დავიფიცებ, რომ იმ ზამთარს ჩემი ძმაბიჭის გარდა, მთელს თბილისში არავინ კითხულობდა სინკლერ ლუისის რომანებს. სინკლერ ლუისი ხომ ძალიან მაგარია, ოღონდ ისეთი მაგარი, რომ მიივიწყებენ ხოლმე: მოსაწყენიაო და კიდევ რას არ იტყვიან. აღარ კითხულობენ, მოკლედ. თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ სტალინის სიკვდილიდან დღემდე სინკლერ ლუისის თუნდაც ორი რომანი თბილისში ათ კაცზე მეტს წაეკითხოს. ეს კი არა და, სამწუხარო უფრო სხვაა: თვით სინკლერ ლუისის მიერ აღწერილი ამერიკაც აღარ არსებობს. დაახლოებით ისე, როგორც აღარ არსებობს დიდი ამერიკული კინო თავის ბილი ვაილდერებით და ჰოვარდ ჰოუქსებით. აი, ისევეა გამქრალი. ჰოდა, თბილისში რომ კაცი ზის ზამთარში და სინკლერ ლუისის რომანს კითხულობს, უნდა იფიქრო, რომ თუ ამერიკაში წავა, უკან აღარაფრით დაბრუნდება.
ახლა კი აღარ მახსოვს, რომელი რომანი იყო. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი იმათგანი, მე რომ წამეკითხა. თუ არა ვცდები. "დოდსვორთი" უნდა ყოფილიყო. ახლა გამახსენდა სრულიად შემთხვევით. ჰოდა, ამ ჩემმა ძმაბიჭმა ხალისით მომახსენა, ამ რომანში მავანი გმირი გაზეთს კითხულობს და უცებ იტყვის: აი, ტიფლისში, ვაშინგტონის შტატი, ძალიან დიდი თოვლი მოსულა. მოსულა და მოსულა. ვინაც ოდნავ მაინც იცის ამერიკა, იმან იცის, რომ თუ ქალაქს ალბუკერკი, სასკაჩევანი ან ლოს ანჯელესი, ან სანანტონიო არ ჰქვია, იმას ჰქვია ან ნიუ-იორკი, ან ვაშინგტონი, ან ნიუ ორლიანი, ანაც პირდაპირ ჟენევა, მოსკოვი, ლონდონი, ოდესა, პარიზი და ასეთი რამეები. ამას შეიტყობს ნებისმიერი ჩვენებური ბავშვი, თუკი გარისკავს და "ტომ სოიერის თავგადასავლის" პირველ გვერდებს გადაფურცლავს. წიგნის ერთადერთი სქოლიო გვამცნობს, რომ სანკტ-პეტერბურგი, რომელშიც ტომი იზრდებოდა, არ უნდა აგერიოს ნამდვილ სანკტ-პეტერბუტრგში, რომელიც რუსეთში დააარსა პეტრე პირველმა; უბრალოდ, ამერიკელებს წესად ჰქონდათ ახლად დაარსებული ქალაქებისთვის განთქმულ ქალაქთა სახელები დაენათლებინათ.
ეს ამბავი ორი წლის წინათ იყო და არც გამახსენდებოდა, ჩემს ძმაბიჭს ამერიკაში წასვლა რომ არ გადაეწყვიტა. ისე კი, დიახაც გამეხარდა, რომ იქ ქალაქი ტიფლისი აღმოჩნდა. ხო იცი ქართველის ამბავი, აგე თუ არაო.
ძალიან სევდიანი ამბავია, თითქმის ისეთივე, როგორი იერიც დასდებია თავად სინკლერ ლუისს იმ ძველ ფოტოებზე.
შუადღით ამ ჩემს ძმაბიჭს შევუარე და შინ არ დამიხვდა, ერთხანს ვიყურყუტე მის ოთახში და სულ იოლად გამახსენდა, რომ ამერიკაში ტიფლისიც არსებობს. ასეა, ამერიკაში ყველაფერი არსებობს და ტიფლისიც გამოერია. ძმაბიჭი დაბრუნებას არ აპირებდა და მოვბრუნდი სამსახურში, სადაც საქმე აღარაფერი მქონდა და დიდხანს ვერც დავჯდებოდი, რადგან წინა დღით ელექტროღუმელი ამიფეთქდა და ოთახშიაც გვარიანად ციოდა. თანაც, ამ ოხერ დღეს დილიდანვე თოვლი არ წამოვიდა? მე პირადად, დეკემბერში თოვლი ამ ქალაქში არ მახსოვს, თუმცა ბიჭებმა შემარცხვინეს, ორი წლის წინათაც ასე წამოთოვაო.
თოვლი თქვენ იმ ტიფლისში გენახათ, მე რომ ვიცი. ამის შემდეგ ბევრი აღარ მიფიქრია და მივუჯექი "ჟიგულის", "ალტავისტასა" და "იაჰუს", ჩარჩოში "ტიფლის" ავკრიფე და უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. ჩვენი მშობლიური ქალაქი "ტიფლისად" ასგზის უფრო საინტერესოდაა ცნობილი, ვიდრე "თბილისად". "თბილისი" მერეღა მოვიძიე, როცა გავგიჟდი და გადავირიე, თუ რამდენი რამ სცოდნიათ "ტიფლისზე", "თბილისისა" კი აი, რაც არი ამ დეკემბრის დღეს გარეთ, ზუსტად ის გამოვიდა. ეს "ტიფლისი" იწყება და არა თავდება. ვინ აღარ ყოფილა დაბადებული აქა, ჰა თუ ებრაელი, ქართველი, სომეხი, თათარი და სხვაც. რუსთა ნამდვილად განთქმული უბედური გენერალი ბრუსილოვიც კი აქ დაბადებულა. საქმიანობისას ხომ ნუღარ იკითხავთ - იმნაირი სიჭრელე და სინამდვილე ხალხისა, რომ ყველაზე გაცვეთილ ამბად გურჯიევის ხსენება ჩანს. აი, ასეთი ამბავი დამიხვდა, როცა მივქარე და "ტიფლისი" ვთხოვე www-სა. ამის გზადაგზა გაცნობამ და აღტაცებამ კი წაიღო ორი საათი მაინც და მერეღა გამოვარკვიე, რომ ეს ჩემი ტიფლისი სულაც არ მინდოდა და მსოფლიო ქსელის საწყობებში ამერიკის ტიფლისს დავეძებდი.
ქსელმა ცხადია არ გამწირა: სადღაც მეათე თუ მეთერთმეტე გვერდზე გაკრთა ამგვარი სიტყვათწყობა: "ტიფლისი, გრანტის საგრაფო, ვაშინგტონი". დავკარ ისარი საჭირო ადგილს და ჩემს წინაშე გადაიშალა მთელი ამერიკის რაგინდარა ტოპონიმებით გამოვსებული საიტი. ყოველ ტოპონიმს ქვეშ ხაზი აქვს და ასოები ლურჯი ფერისაა, ანუ დაჰკარ და გამოსწიე უჯრა, შეიტყვე საჭირო ამბავი. აქავ უნდაგამოვტყდე, რომ იმ სინკლერ ლუისიდან შტატის სახელი არ მახსოვდა, ტენესის ვაწვებოდი და მხოლოდ მერეღა ვუთხარ ტფილისი, რამაც შედეგიც გამოიღო.
მე ასე წარმომედგინა, რომ ტიფლისი იქნებოდა ერთი ფართე გზის პირად მდებარე პაწაწინა ქალაქი, როგორებიც ათასებია ამერიკაში, მაგრამ მალევე დავატყვე, რომ ამ საიტში ტოპონიმთა დასახელებები არა მხოლოდ ლურჯადაა შეღებილი, არამედ შავადაც. ამ შავებს კი, რაც არ უნდა უწკაპუნო, ვეღარაფერს შეიტყობ. ბევრი რომ არ მეწვალა, ვუთხარ F8 და "ტიფლისი".
რა გასაკვირია, რომ ტიფლისი შავით ნაწერი აღმოჩნდა. ჩვენი ბედის ამბავი ხომ მოგეხსენებათ. ანუ, მხოლოდ სახელი გეყოფა, რომ ამერიკაშიაც გახმიანდაო.
რაღა უნდა მექნა, ტიფლისის არსებობა შევიტყვე და ხომ არ გავჩერდებოდი?
ავდექ და დავიწყე ძიება ვაშინგტონის შტატისა, რომლიდანაც არა ერთი საქართველო გამოიჭრება. სულაც არ ვიტრაბახებ: მე ჩავითვლები ამ შტატის მთავარ სპეციალისტად მთელს ტრანსკავკასიაში, ვინაიდან, უკვე ვიცი ამ შტატში სად რომელი ინდიელთა რეზერვაციაა, ზუსტად ვიცი და სად რა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია გადაშლილი, იმასაც იოლად მოგახსენებთ. ვაშინგტონი გახლავთ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში და მთავარ ქალაქად უდგას სიეტლი. საკუთრივ სიეტლი მე არაფერში მჭირდებოდა და იმაზე, რაც ვიცოდი, ახლაც ის ვიცი: ნავსადგური გახლავთ და ჰყავს კალათბურთის გუნდი "სუპერსონიკსი", სადაც ორიოდ წლის წინათ თამაშობდა ვლადიმერ სტეფანია. ვაშინგტონის შტატი გახლავთ უფრო გლეხური ამერიკის ალაგი, არცთუ სასიამოვნო ამინდებით. აქვე გამოვტყდები, რომ მის ქალაქთა სრულ სიაში არ მოიხსენიება ტიფლისი. ყოველი ძველი და ახალი რუკა ამ შტატისა ნანახი მაქვს. მაგრამ მე, ვითარცა გულანთებული გულშემატკივარი ტიფლისისა, ვასკვნი, რომ ტიფლისი იმდენად პატარა და მივარდნილი ადგილია, რომ იმას არც ერთ უფასო რუკაზე არ გახარჯავენ. ამიტომ, მეტი სიწვრილისათვის ვიწევ გრანიტის საგრაფოსაკენ, რომელიც სულაც არ არის მოწინავე საგრაფო ვაშინგტონის შტატში. პირდაპირ მოგახსენებთ, რომ გრანიტის საგრაფოს მოსახლეობა 1995 წლის აღწერით სულ 64,500 მცხოვრებია. არ ვიცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მთაწმინდაზე.
მაგრამ, სანამ ამას შევიტყობდი, აღმოვაჩინე, რომ "გრანტის საგრაფოს" ძიებისას აუცილებლად უნდა მოიხსენიო ვაშინგტონის შტატი. ასეთია გულუბრყვილო და ჰაიჰარა კაცის ბედი. გრანტის საგრაფო ამერიკის ლამის ყველა შტატში მოიპოვება. თითო გრანტის საგრაფო ყველგანაა თავისი ისტორიით და მთელი აზრით, ვაშინგტონის მეზობელ ორეგონშიც კი. დიახაც, აგრე უყვარდათ ამერიკელებს თავიანთი გენერალი და პრეზიდენტი ულის გრანტი, რომ ყველგან მისი სახელობა დაამკვიდრეს. ვაშინგტონის შტატის გრანტის საგრაფო კი ასევე ვერ დაიკვეხნის მთელი ამერიკის გრანტის საგრაფოთა შორის პირველობით. თუ კარგად გამოვიკვლევთ, აღმოვაჩენთ, რომ ის არის ყველაზე ახალგაზრდა გრანტის საგრაფო მთელს ამერიკაში. შტატის ლეგისლატურას მხოლოდ 1904 წლის 24 თებერვალს მოუზომია ეს მიწა საგრაფოდ და დიდი ამერიკელის სახელიც მიუნიჭებია.
გრანტის საგრაფო გლეხთა მიწაა, იქ ყოველი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ; აქ დათვლილია 19,400 ხარი და 10,400 ძროხა, ცხენი და ჰონი კი 3, 972 ერთეული. გრანტ ქაუნთი ერთიციდა ქალაქების და ტბების მიწაცაა. ტბების და ქალაქების სახელები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა: ფოთლის ტბა, მოსეს ტბა (ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე დიდი ტბაა და ქალაქიც დიდია), საპნის ტბა. სხვაფრივ კი ქალაქებს ჰქვიათ ტრინიდადი, ვარდენი და სმირნა. ამიტომ, გასაკვირიც არ არის, რომ ტიფლისიც იყოს. და არის ტიფლისი. არის! მოიხსენიება! ოღონდ კი ამის მეტი არაფერი. არის და არც არის, მეტი სევდა რაღა გინდა?
ეგებ არც არის?
თუმცა, როგორ არ არის? არის. წერია არისო და სინკლერ ლუისიც გვეუბნება.
ახლა ცოტა რომ ამოვისუნთქოთ, ერთი შემონახული ამბისაც გითხრათ:
ინდონეზიაში, კუნძულ ბალის ტერაქტი რომ მოხდა, ინტერნეტში ამ ბალის ამბებს დავეძებდი.


















ბევრს საინტერესო რამეს გადავაწყდი და ამათ შორის საიტ iudo.com-ს, რომელსაც ერთი ასეთი სამსახურიცა აქვს: ჩაწერ სამყაროს ორ ქალაქს ორ სხვადასხვა ჩარჩოში და მანქანა კი ამათ შორის მანძილს გამოგითვლის. მეც მივედი და ვუთხარ: "თბილისი, ჯორჯია, ტიფლისი, აშშ" და მომახსენა: ამ ტიფლისიდან იმ ტიფლისამდე 6 239 მილია, ანუ 5 422 საზღვაო მილი, ანუ 10 041 კილომეტრი.
არსებობს, როგორ არ არსებობს, გრძედები და განედებიც წერია, ოღონდ კი ხელსაწყო ვერ მოვიგდე ისეთი, რომ რუკას დავადო და გავზომო. არაფერი ვიცი ამ ზომებისა. ტიფლისი, გრანტის საგრაფო, ვაშინგტონის შტატი, აშშ მდებარეობს ჩრ.გრ. 47 0: 04 1:10 11-სა და დას.გან. 119 0:03 1:27 11-ის გადაკვეთაზე. კვეთე და იყავი. დანამდვილებით არსადა ჩანს.
იგივსამსახურით დავადგინე: მოუზეს ლეიქიდან (მოსეს ტბიდან) ტიფლისამდე 18 კილომეტრია, მოუზეს ლეიქიდან 15 კილომეტრზე არის ქალაქი ვარდენი, თუ უარდენი, სადაც 1600 კაცი თუ ცხოვრობს. აქედან ტიფლისამდე მხოლოდ 11 კილომეტრია, ანუ თხუთმეტ წუთში იქა ხარ. მაგრამ არ არის. ტიფლისი არის და არ არის, ჩვენი ქართული ბედისა რა ვთქვი.
ჩემს წინაშე გადაშლილია გრანტის საგრაფოს რამდენიმე რუკა. ამათ შორის დაწვრილებითიც და საუკეთესოც, ყველაზე ძველიც: იმ 1904 წლისა, როცა საგრაფო დააარსდა. აგერ, სამხრეთ-დასავლეთი მოუზეს ლეიკი და სულ ახლოს ვარდენი. ტიფლისი არ არის. ქალაქი არ არის. არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება. იმაზე მეტი, რამდენსაც გრანტის საგრაფოს მეწველი ძროხები გამოიმუშავებენ წლიურად.
სახელი იყო და გაჰქრა. მხოლოდ სიტყვა დარჩა ნაირგვარ ელექტროგვერდებზე. ამ სიტყვას ჩვენებურად აქვს ძალიან დიდი აზრი და იმის ქვეშ მთელი ცხოვრება იგულისხმება. ახლა არ მოვყვები, რას ნიშნავს ჩვენთვის "ტიფლისი". ამერიკისთვის კი ეს ცარიელა, დარჩენილი სიტყვაა, არაფერია, ცარიელა ადგილია. იქაურულად ეს სახელი ნიშნავს იმას, რაც არ არის. მთელს იმოდენა ამერიკაში ორად-ორი ადამიანია, რომელსაც ახსოვს ეს სიტყვა-სახელი. ერთი სწუხს ამ "ტიფლისის" გამო, მეორე კი სევდიანობს.
ერთ-ერთ გრანტულ სიტში, საგრაფოს ქალაქთა ჩამონათვალის გასწვრივ სწერია სიტყვები "მოსახლეობა" და "უმოსახლო". ტიფლისის გასწვრივ ეს შემზარავი "უმოსახლო" ჩაუბეჭდიათ. ალბათ, რუკიდანაც ამიტომ გამქრალა, თორემ სახელად ჯერ კიდევ დარჩენილია.
ყოფილა, იქ რაღაც ყოფილა. იქ ხალხს უცხოვრია. და ვინ იცის ახლა ნანგრევებია. ისე დანგრეულია, რომ ასი წლისაც არ მოყრილა. პატარა ქალაქი. ტიფლისი. ის პაწაწუნა, ერთი ბეწო. ამერიკელები ეძიებენ თავიანთ წარსულს. ეძიებენ წინაპრებს. ეძიებენ თავიანთ დიდპაპა-ბებიათა სხვა შთამომავლებს, გარე-ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, ეძიებენ სამი, ოთხი, ხუთი თაობის შემდეგ. განიცდიან, რომ არაფერი იციან სისხლისა და ხორცისა. და ისინი წერენ ყველგან, სადამდიც კი მისწვდებიან კალმით, თუ ნაბეჭდით. და არის ასეთი ნაღვლიანი საიტი, ისევ და ისევ გრანტის საგრაფოში, სადაც ადამიანები ეძიებენ ნათესავებს, იკვლევენ გენეოლოგიური ხის უცნობ შტოებს.
ამ სიტში ჩაუწერია სამი წლის წინათ (კვლავაც თებერვალში, რომელიც სასიკვდილო თვეა ჩვენი "ტიფლისისა") ქალბატონს ლინდა მ. როკეტსს მოკლე, მაგრამ ტევადი შეტყობინება: "ჩემს დიდ ბაბუას და ბებიას ერქვათ პიტერ და ელიზაბეთ (ლიზი) დირკსები. მათ ფერმა ჰქონდათ ვ(უ)არდენის ახლოს. იქაურობა უნდა ყოფილიყო ტიფლისი. ბევრი შვილები ჰყავდათ, იმათ შორის კი ბებიაჩემი მერი, რომელიც ცოლად გაჰყვა ლესლი პარკერს..."
1977 წელს, კოსმოსიდან გადაღებულ სურათზე ჩანს უკიდეგანო მინდვრები, ნახნავები და ერთიციდა ქალაქი ვ(უ)არდენი. თბილისი კი არ არის და საერთოდ, საიდან ვიცით, რომ თბილისი ქალაქი იყო? არსად წერია, რომ ასეთი ქალაქი არსებობდა. ადგილი, კი ბატონო. ალბათ იყო ასეთი ადგილი. ქალბატონი როკეტსიც ამას ამბობს, იქაურობა უნდა ყოფილიყო ტიფლისიო. ფერმა, თუ რაღაც ამგვარიო. რა ფერმა, კაცო, ქალაქი მქონდა და ფერმაც აღარ შემრჩა. "იქაურობა" შემრჩა. აბა, სინკლერ ლუისი რომ ამბობს, ტიფლისში თოვლიაო? იმ დღეს, იმ მისმა გმირმა რომ გაზეთი გაშალა, რამდენ ამერიკულ ალაგას იქნებოდა თოვლი? ბევრგან, სერ. და რაღა ეს ტიფლისი მოუვიდა თავში ცხონებულ დიდ მწერალს? ქალაქად ჰყავს ნაგულისხმევი, აშკარაა, იმიტომ, რომ იქ ბევრ ქალაქს ერთნაირი სახელი აქვს და ამიტომ დაურთავენ ხოლმე შტატის სახელსაც. ტიფლისი კი სხვაგან არსად არის ამერიკაში, მაგრამ მაინც, წყალწაღებულის და ხავსის ამბავია.
მოკლედ, ეს ტიფლისი არ არსებობს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთხანს არსებობდა და ტიფლისი დაარქვეს. ქალაქს თუ არა, რაღაც ადგილს ხომ მაინც დაარქვეს და საქმეც ესაა, ვინ გადაწყვიტა, რომ ტიფლისი დარქმეოდა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში პარტყაპურტყით არსდებოდა ქალაქები და თბილისს კი ტიფლისი რუსებმა თუ დაარქვეს, რომლებსაც თავის მხრივ გერმანელთაგან გაეგონებოდათ ეს სახელი. ამ აზრის გამო თავს ვერ დავდებ, მაგრამ უცხოელები უფრო ხშირად ტიფლისს ეძახიან ჩვენს ქალაქს და გერმანიაში კი საერთოდაც ტიფლისი ჰქვია.
ამ ბუნდოვან შეხედულებას თუ წავაბამთ იმას, რომ ვ(უ)არდენში, გრანტის საგრაფოში გერმანელებს დიახაც უცხოვრიათ, მე მგონია, რომ ეს სახელი მათგან წამოტივტივდებოდა. "ტიფლისი" სხვას ვის უნდა გახსენებოდა?
აი, ახლა კი მოვიდა მისის ენ ოლსონის დრო. მის ნაღვაწ-მოძიებულ საფლავთა შორის ეჰ, რამდენი გერმანული საფლავია ჩანიშნული.
"მე არასოდეს მინახავს ასეთი სევდიანი სასაფლაო. ეს არის ყველაზე სევდიანი სასაფლაო, რომელიც კი ოდესმე მინახავს. ძალიან პატარა საფლავის ქვებია, მხოლოდ სახელებით და გვარებით და დაბადების და გარდაცვალების თარიღებით. ზოგს ესეც არა აქვს. ბევრგან სახელები გადაშლილია. ეს არის, რაც დარჩა!" - წერს მისის ოლსონი და იცით სად არის ეს სევდიანი სასაფლაო?
ტიფლისი, გრანტის საგრაფო, ვაშინგტონის შტატი.
სასაფლაოღა დარჩენილა. ისიც, ისეთი სევდიანი, რომ შტატის სასაფლაოთა მთავარი სპეციალისტიც კი დაუთრგუნავს.
ოცდაერთი საფლავია. ამ ოცდაერთიდან ცამეტი ქალია, რვა ქალი. ამ ოცდაერთიდან მხოლოდ ხუთი ჩანს ისეთი ამერიკელი, გერმანული წარმომავლობისა რომ არ იყოს. პრინციპში, ტიფლისში სამი გერმანული ოჯახი მარხია და ერთიც შოტლანდიური. მეტად მძიმეა ჩვილთა საფლავების გამო ცქერა. გერჰარ და ელენ ფოგტ ენცებს ბევრი შვილი გარდაცვლიათ. უკანასკნელად ტიფლისის სასაფლაოზე დაუმარხავთ პეტერ ენცი. ეს ყოფილა 1940 წელს და ცხონებული 45 წლისა ყოფილა. ის ალბათ ერთადერთი ზრდასრული შვილი იყო ენცების ოჯახისა. 1940 - ბოლო თარიღია ტიფლისისათვის. იმის მერე იქ აღარაფერი ჩანს. ფერმერები იყვნენ, უდავოა.
ქალაქს ვეძებდით, ხოლო სასაფლაო კი დაგვიხვდა. არ არი საჩვენო რამე. მიტოვებული სასაფლაო ვიპოვეთ, ქალბატონ და ბატონ ოლსონების გარჯით.
სევდის ამბავია. სხვის არაფრის.
აქავე მაქვს ქალბატონ რიკეტსის ელექტრომისამართიც: Rickells@uswest.net. ოღონდ კი წერილის მიწერა გადავიფიქრე. ერთი, რომ სამი წლის წინანდელი მისამართია და მეორეც, მხოლოდ ის თუ იცის, რომ ბებიამისი დაბადებულა ადგილას, რომელიც მგონი იყო ტიფლისი.
დასასრულ, ერთიც რომ ამოვიოხროთ ტიფლისის გამო, იქ დაკრძალულთა სიასაც ჩამოვწერ. ვის გაახსენდება ჩვენს მეტს?:
არლტი, ჰენრი - დ. 1905 წ. - გ. 1905 წ. ჩვილი.
არლტი, ჰერმან - დ. 1908 წ. - გ. 1908 წ. ჩვილი.
არლტი, უილიამ - უთარიღო.
ბარგენი, იაკობ - უთარიღო.
ბერგმანი, დანიელ - დ. 1902 წ. - გ. 1905 წ.
ემერ, მისის - უთარიღო.
ენცი, ენდრიუ - დ. 1892 წ. - გ. 1905 წ.
ენცი, კრისტინა - დ. 1912 წ. - გ. 1912 წ. ჩვილი.
ენცი, გერჰარდ - დ. 1867 წ. - გ. 1917 წ.
ენცი, ელენ ფოგტ - დ. 1868 წ. - გ. 1904 წ.
ენცი, იაკობ - დ. 1902 წ. - გ. 1902 წ. ჩვილი.
ენცი, პეტერ - დ. 1895 წ. - გ. 1940 წ.
ფრანცი, ალისა ლინდა - დ. 1914 წ. - გ. 1915 წ.
მაკკორმიკი, ბილი - უთარიღო.
მაკკორმიკი, ჩარლზი - უთარიღო.
მაკკორმიკი, სარა - უთარიღო.
მუსელმანი, კრის - უთარიღო.
რენიკი, მერი - დ. 1846 წ. - გ. 1914 წ.
შმილატი, კატერინე - უთარიღო.
შმიდტი, ჯორჯ - უთარიღო, ჩვილი.
შტოლცი, სარა - უთარიღო.

P.S. ისიც მინდა ვთქვა, რომ სინკლერ ლუისი დიდი მწერალია. დიდი მწერლის ერთ-ერთი ჯადო ის არის, რომ მისი ჩაწერილი უბრალო სიტყვაც კი უცებ ერთ ამბავს გამოიწვევს. ჩემი ძმაბიჭი ალბათ მაინც არ დაბრუნდება ამერიკიდან. ისეთი ქვეყანაა, რომ მიდიან და რჩებიან. ტიფლისი კი არის და არც არის. ისევე, როგორც თბილისი. ოღონდ იქ უფრო გამოკვეთილია ყველაფერი.

© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

5 comments:

Kate said...

ვგიჟდები ამ ადამიანზე...

არილი said...

თან ეს მოთხრობა ერთ–ერთი საუკეთესოა ჩემი აზრით. ყველაზე სევდიანი...

rusa said...

me ese gvian wamikitxavs da chamosulia is zmabichi mgoni ukve))

Anonymous said...

Tbilisi Cveni sasaflao xom ar xdeba? mTa-bari mivatoveT, Seviwrovebuli gonebis gamo mama-papeul sivrces Cven TviTonve viviWrovebT (da ara mxolod rusuli bombebis gamo - es xom didi xania... gvibombavs sauketeso adamianebs).evrograntebit goneba xom ar agveria? us-grantebi TiTqos Sanss gvazleven... albaT xedvan rom TiTqmis ar gvaqvs.zirzvelebs.aborigenebs 21 saukunesi (search "information technologies").geo-qali

Geo Qali said...

Tbilisi Cveni sasaflao xom ar xdeba sabWoTa kapitalistebis wYalobiT? warsulSi darCenilebi+demokratia-tvinaereulebi barSi viWmuWnebit - upiratesad Tavkombala-nacmetropoliaSi, mama-papisgan datovebul sivrces Cven TviTonve viviWrovebT (ara mxolod rusuli bombebis gamo - es xom didi xania xdeba... sauketeso adamianebis mospoba).evrograntebi xom ar gvirevs gonebas qarTul "elitas" us-grantebi TiTqos Sanss gvazleven, ara?... albaT xedavan rom TiTqmis ar dagvrCenia (arc Sansi. anu arc dro...msoflio REGULIREBULI!(ara, Bendu? Tu "Tavisufali"???) vaWrobis_da regional navTobmafiis msxverplebs).zirzvelebs.21 saukunis evroaborigenebs (search "information technologies").geo-qali