Saturday, January 31, 2009

თემურ კობახიძე





















რადიარდ კიპლინგის დილემა:
ოფიციოზი და მხატვრული შემოქმედება

ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865 - 1936) ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაც იყო და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულიც. საუცხოო პროზაიკოსი, ზედმიწევნით ორიგინალური სტილისტი და ცხოვრებაშივე საქვეყნოდ ცნობილი პოეტი თავისი რანგის შემოქმედთაგან ალბათ ერთადერთი იყო, ვინც არსებული წეს-წყობილების მეხოტბეობა იკისრა და მაინც დიდ მწერლად დარჩა (ლიტერატურის ისტორიას მხოლოდ "ურჩები", "მეამბოხენი" ან მართლაც ჭეშმარიტი “ოლიმპიელები” შემორჩებიან ხოლმე). ბომბეიში დაბადებულმა "ანგლო-ინდოელმა", რომელმაც ჰინდუსტანიზე ამოიდგა ენა, ინდოეთის დიდმა მცოდნემ და თაყვანისმცემელმა, ინგლისის დიდმპყრობელურ პოლიტიკას დაუჭირა მხარი და ამავე დროს, სწორედ ინდოეთის თემატიკაზე შექმნილი ზღაპრებით, მოთხრობებით, ლექსებითა და რომანებით დაიმკვიდრა ადგილი ლიტერატურაში. პარადოქსია ისიც, რომ კიპლინგს გულწრფელად უყვარდა ინდოეთი (სამშობლოდაც კი სთვლიდა მას) და თან გულწრფელად სწამდა, რომ ინგლისის ბატონობა ამ ქვეყნისათვის დიდი სიკეთე იყო (თუმცა თვით ინგლისი მას წლების მანძილზე "საზღვარგარეთად" მიაჩნდა).

დიდი და ორიგინალური ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვანს საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უბოძა ღმერთმა, მაგრამ არავინ უწყის, წყალობა იყო ეს თუ რისხვა. განგებამ კიპლინგი ორი შვილის გარდაცვალებასა და ხანგრძლივ შემოქმედებით სიბერწეს მოასწრო: მას მერე, რაც თითქმის აღარაფერი ჰქონდა დასაწერი, "ჯუნგლების წიგნის” ავტორმა კიდევ მრავალი წელი იცოცხლა. დიდ ლიტერატურაში ეს არც თუ ისე ხშირად ხდება: ჭეშმარიტი ხელოვანისათვის შემოქმედებითი თვითრეალიზაცია ამქვეყნად არსებობის ფორმაა და არა უბრალოდ, კაპრიზი. როდესაც ეს ფორმა საკუთარ თავს ამოსწურავს, ჩვეულებრივ, თვით პიროვნებაც სწყვეტს ხოლმე ფიზიკურ არსებობას. როდესაც ჰემინგუეი მიხვდა, რომ გაუთავებლად იმეორებდა მრავალგზის უკვე ნათქვამს, ამქვეყნად ყოფნას სიკვდილი არჩია; ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს შემოქმედებითმა სიბერწემ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სახით ამოხადა სული და ამგვარი შემთხვევები გამონაკლისი როდია. მათგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნეს თითქოს "შემთხვევით" გადარჩენილმა კიპლინგმა მეოცე საუკუნეში ვეღარაფერი ფასეული ვერ შექმნა, თუმცა მაინც განაგრძობდა წერას და ცხოვრებას.

მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი, წყალგამყოფივით შეჭრილი თარიღი. ესაა საუკუნეთა მიჯნა, საკუთრივ 1901 - 1902 წლები, როდესაც მან თავისი უკანასკნელი საუკეთესო ნაწარმოებები - რომანი "კიმი" და ზღაპრების კრებული "აი, როგორ და რატომ..." გამოაქვეყნა. დროის ამ ერთწლიან ინტერვალს დაემთხვა "მაუგლის" ავტორის საბოლოო ტრიუმფი; ამ დროისათვის მან უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ინგლისურ ლიტერატურაში, თუმცა მომდევნო წლებში არც პროზაულ და არც პოეტურ ნაწარმოებთა გამოქვეყნებას მისთვის საგრძნობი წარმატება აღარ მოუტანია. დასრულდა სიახლეთა დამკვიდრების პერიოდი და თუმცა კიპლინგს არც ამის შემდეგ კლებია პოპულარობა (მასობრივი მკითხველი მის ლექსებსა და მოთხრობებს ყოველთვის ხარბად ეტანებოდა, მისი წიგნები გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგაც "ბესტსელერებად" ირიცხებოდნენ და ა. შ.) - ეს სახელი და დიდება უფრო წარსულის მხატვრულ მიგნებათა დაფასებას წააგავდა, ვიდრე მოქმედი მწერლის აღიარებას. მეტად ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დროს (1901 წელს) გარდაიცვალა დედოფალი ვიქტორია და ინგლისის ისტორიაში დასრულდა სამოცდახუთწლიანი ვიქტორიანული "ოქროს ხანა": ინგლისური კულტურისათვის მეოცე საუკუნე არა მხოლოდ ქრონოლოგიურად, არამედ არსებითადაც 1901 წელს დაიწყო.

უკვე იმჟამად მყარ და საფუძვლიან დავიწყებას ეძლეოდა ოთხმოციან-ოთხმოცდაათიან წლების ლიტერატურული ბატალიები, ფენ-დე-სიეკლის მოდეკადენტო ესთეტთა მანიფესტები და ლოზუნგი "ხელოვნება ხელოვნებისათვის". მიმზიდველობას ჰკარგავდა "პრერაფაელიტთა ძმობის" მხატვრულ-წამოსახვითი სამყარო და ოსკარ უაილდის სკანდალური რეპუტაცია, მისი თეორიული თუ პრაქტიკული ესთეტიზმი. აღარავის ახსენდებოდა რობერტ და ელიზაბეთ ბრაუნინგების გულისამაჩუყებელი რომანი და აღარავის სურდა ლორდ ტენისონისა თუ ელჯირნონ ჩარლზ სუინბერნის დეკორატიული პოეტური სახეებით ტკბობა. თანდათანობით სულ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევდა ვიქტორიანული პოეზიის ნეო-რომანტიკული ვნებათაღელვა, მაღალფარდოვანი და ხელოვნური სტილი - როგორც ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ისე ყოველდღიურ ყოფაში. სრულდებოდა კლასიკური ინგლისური ლიბერალიზმის, საზოგადოების მოჩვენებითი ჰარმონიისა და მეშჩანური კდემამოსილების, ბურჟუაზიული მორალის აპოთეოზის ხანა - ერთი სიტყვით, დედოფალ ვიქტორიას ეპოქა. ახალი დრო ახალ შინაარსს სძენდა მხატვრული სრულყოფილების ცნებას და ძირფესვიანად ცვლიდა მოძველებულ ესთეტიკურ იდეალს.

განახლებული ეპოქალური მხოფლაღქმის პოზიციებიდან რადიარდ კიპლინგი თუმც ორიგინალური მხატვრული სამყაროს შემქმნელად, მაგრამ მაინც უპირატესად ვიქტორიანელ მწერლად აღიქმებოდა. უფრო მეტიც, ათიან-ოციან წლებში მომძლავრებული მოდერნისტული მწერლობა ოდესღაც ტენისონისა და ჩესტერტონის უმცროს თანამოკალმეს, ახლა კი თავის უფროს და ბევრად უფრო გამოცდილ კოლეგას ისე უმზერდა, როგორც მუზეუმში შემონახული პრეისტორიული ცხოველის ჩონჩხს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ლიტერატურაში ახლად მოსული თაობა ხშირად ემიჯნება ხოლმე უშუალო წინამორბედებს და საკუთარი თავის დამკვიდრებას ესწრაფვის. ლიტერატურის ისტორიის პერსპექტივაში "მაუგლის" ავტორის იმჟამინდელ შეფასებას საბოლოო და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ერთი კია - კიპლინგის ამგვარი პერცეფცია მხოლოდ იმით არ იყო გამოწვეული, რომ მისი შემოქმედება იმჟამად წარსულის კუთვნილებად აღიქმებოდა. მნიშვნელოვანწილად ამგვარი დამოკიდებულება განპირობებული იყო თვით კიპლინგის პოლიტიკური მრწამსით, მისი შეხედულებებით, რომელთაც ის არასოდეს არ ფარავდა.

კიპლინგის ცხოვრება მკაფიო მაგალითია იმისა, რომ დიდმა მწერალმა ოფიციალური იდეოლოგიის მქადაგებლობა არ უნდა იტვირთოს და არც "შეთავსებით" პოლიტიკოსობას არ უნდა მიჰყოს ხელი, თუ ის პოლიტიკოსის კიდევ ერთი, "დამატებითი" ნიჭით არ არის დაჯილდოებული. კიპლინგის იმპერიული მრწამსი, იმჟამინდელი ოფიციოზის გამომხატველი მისი შეხედულებანი, ახლო მეგობრობა ისეთ პიროვნებებთან, როგორიც იყო სესილ როდსი და კოლონიალური პოლიტიკის სვა ოფიციალური გამტარებლები, ფართოდ იყო ცნობილი ინგლისის საზოგადოებისთვის. ბრიტანეთის იმპერია მისთვის კერპი იყო; ოფიციალურ კოლონიალურ პოლიტიკას ის აღიქვამდა, როგორც თეთრკანიანი ადამიანის კეთილშობილ მისიას და მის საპატიო ვალს თავის ინდოელ, აფრიკელ და სხვა აბორიგენ თანამოძმეთა წინაშე. კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ კიპლინგის იმპერიალიზმი სრულიად თავისუფალი იყო ყოველგვარი თვალთმაქცობის, პირადი ანგარებისა თუ ფარული აზრებისაგან: მას გულწრფელად სწამდა, რომ უბრალო ინგლისელს, კოლონიალური არმიის რიგით ჯარისკაცს, "იმპერიის მშენებელს" სამშობლომ, მონარქმა და ისტორიამ მაღალზნეობრივი მისია დააკისრა. ცხადია, ყოველივე ეს იმჯამინდელი ინგლისის ლიბერალურად განწყობილ წრეებში არაერთნიშნად რეაქციას იწვევდა - შემოქმედებითი ინტელიგეცია მკვეთრად გამოხატულ იმპერიალისტად მიიჩნევდა კიპლინგს და მის მიმართ ხან აშკარა გაღიზიანებას იჩენდა, ხან კი უბრალოდ, დუმილს არჩევდა. წლების მანძილზე, ამგვარმა განწყობლებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ინგლისის მეფეთა და პოეტთა ცნობილ განსასვენებელში - უესტმინსტერის სააბატოში კიპლინგის დაკრძალვას არც ერთი იმ დროის თვალსაჩინო მწერალი არ დაესწრო. რაღა თქმა უნდა, ესეც მდუმარე პროტესტი გახლდათ; ან უფრო - აშკარა დემარში: თანამოკალმე ლიტერატორთა საძმო და ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენცია თითქოს ზედმეტად მიიჩნევდა იმ დიდ პატივს, რომელიც კიპლინგს ოფიციალური ხელისუფლება მიაგებდა...

ცხადია, დღეს, როდესაც კიპლინგის გარდაცვალებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი გვაშორებს და შეფასების კრიტერიუმებიც ძირფესვიანად შეცვლილია, მის პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა სხვაგვარად წარმოჩინდება. ლიტერატურის ისტორიის პერსპექტივაში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კიპლინგის ნაღვაწის შეფასებისას მისი პოლიტიკური შეხედულებანი კი არაა მთავარი, არამედ მისი ხელოვნება. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისს ჯერ კიდევ ორმოციან წლებში დაუჭირა მხარი დიდმა კრიტიკოსმა ენგუს უილსონმა, ხოლო შემდეგ თვით ტომას ელიოტმა, რომლებმაც კიპლინგის შემოქმედებას მეტად მნიშვნელოვანი გამოკვლევები უძღვნეს. ამ ცნობილ მოღვაწეებს უკვე იმჟამად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ხელოვანის პოლიტიკური მრწამსი (თუ კი მას ეს მრწამსი გააჩნია) კონკრეტული ისტორიული სიტუაციის პირმშოა და მის შეცვლასთან ერთად დავიწყებას ეძლევა, ხოლო ის, რაც ამის შემდეგ რჩება (თუ რჩება!) - უეჭველად ხელოვნებაა. მართლაც, დღეს ვიღას ააღელვებს ის, თუ ვის მხარეს იჭერდა დანტე იტალიის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში - გველფების თუ გიბელინებისა, ან ის, თუ რამდენად მოიგო შექსპირმა ტიუდორების მმართველი დინასტიის წარმომადგენელთა გული, როდესაც მათი ისტორიული მოქიშპე რიჩარდ მესამე ურჩხულად წარმოსახა. ჩვენი დროიდან ამის მკაფიო მაგალითია მოდერნისტული მწერლობის პატრიარქის - ეზრა პაუნდის ტრაგიკული ფიგურაც, მუსოლინის მეგობარი რომ იყო და პროფაშისტურ რადიოპროპაგანდას რომ ეწეოდა ამერიკული ჯარის ნაწილებში. როგორც "სამხედრო დამნაშავემ", პაუნდმა მრავალწლიანი ციხე დაიმსახურა, როგორც დიდმა პოეტმა - ის, რომ მის გარეშე ჩვენი დროის დასავლური ლიტერატურა საერთოდ წარმოუდგენელია. კიპლინგისათვის, რომელიც წმინდა ყოფითი თვალსაზრისითაც არასოდეს ყოფილა "დიპლომატი", ყოველთვის გამოუცნობი რჩებოდა მიმდინარე პოლიტიკის რეალური მოტივები. მისი, ისევე, როგორც პაუნდის ტრაგიკული შეუსაბამობათა თავი და თავი ხელოვანისათვის ხშირად დამახასიათებელი სპეციფიკური გულუბრყვილობა, ცხოვრებისეულ კონიუნქტურაში გაურკვევლობა იყო, რაც მძლავრ კომპენსაციას ოძლეოდა მათსავე ხელოვნებაში, ანუ სწორედ იმაში, რაშიც ხდება შემოქმედებითი პიროვნების ჭეშმარიტი თვითრეალიზაცია. ამდენად, კიპლინგი-ადამიანი თავისი დროის კუთვნილება იყო, კიპლინგი-ხელოვანი კი მნიშვნელოვანწილად ჩვენი დროის კუთვნილებაა: შემოქმედებითი ინტუიციის, პოეტური ალღოს ძალით მან თავის საუკეთესო ნაწარმოებებში დაატყვევა ის ეფემერული, პრაქტიკული განსჯისათვის ძნელად მისაწვდომი სუბსტანცია, რომელსაც ჭეშმარიტი ხელოვნება ჰქვია.

კიპლინგის შემოქმედება როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად ძალზე მრაფალფეროვანია. როგორც ჩანს, ეს მრაფალფეროვნება მისი მოხეტიალე ცხოვრებითაც იყო განპირობებული - ის ბევრს მოგზაურობდა თვით ინდოეთში, რომელსაც შესანიშნავად იცნობდა. წლების მანძილზე ჩადიოდა და თვეობით რჩებოდა აფრიკაში, სადაც სესილ როდსმა მას საგანგებოდ აშენებული სახლი აჩუქა. არც თუ ცოტა ხანი - დაახლოებით ხუთი წელი - კიპლინგმა შეერთებული შტატების ქალაქ ბრატლბოროში (ვერმონტი) იცხოვრა, სადაც მის ამერიკელ მეუღლეს საკმაოდ კეთილმოწყობილი მამული ჰქონდა. ამ, ასე ვთქვათ, ძირითადი მარშრუტების გარდა, კიპლინგმა თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო მოიარა - სხვადასხვა დროს ის ეწვია კანადას, ჩინეთს, იაპონიას, ეგვიპტეს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ვესტ-ინდოეთს, ბრაზილიას... დაგროვილი შთაბეჭდილებებიდან ზოგი ლექსად რეალიზაციას "ითხოვდა", ზოგი ზღაპრად, ზოგიც - მოთხრობად ან რომანად. ლუის კეროლთან და ოსკარ უაილდთან ერთად, კიპლინგი ახალი ტიპის ლიტერატურული ზღაპრის შემქმნელია; თანაც მისი ზღაპრები არაფრით არ წააგავს არც კეროლისას, არც უაილდისას. თავისი "ჯუნგლების მეორე წიგნით" მან ფაქტიურად შექმნა ანიმალისტური ეპოსი ინგლისურ ლიტერატურაში, რომლის გამოძახილი შემდგომ გაისმა როგორც ინგლისელი დ. ჰ. ლორენსის, ისე ამერიკელი ჯეკ ლონდონის შემოქმედებაში. ინგლისური ნოველისტიკა და სათავგადასავლო ჟანრი კიპლინგის გარეშე იმჟამად ისევე წარმოუდგენელი იყო, როგორც დღესაა წარმოუდგენელი საუკუნეთა მიჯნის ინგლისური პროზა მისი საუცხოო რომანის - "კიმის" გარეშე, ან იმ დროის პოეზია - მისი პოეზიის გარეშე. მთლიანად, კიპლინგის ცოვრებაშივე გამოცემული მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ხუთ რომანს, ორასორმოცდაათამდე ნოველას, მოთხრობასა და ზღაპარს, ათასამდე პოეტურ ნაწარმოებს და ორ ტომ ე. წ. "შერეულ ნაწერებს" - უმთავრესად, რეპორტაჟებსა და საგაზეთო წერილებს ითვლის (სხვა ყველაფერთან ერთად, კიპლინგი შესანიშნავი რეპორტიორი და ჟურნალისტიც იყო). თემატურად - მხატვრული მასალისა და "ადგილობრივი კოლორიტის" თვალსაზრისით - კიპლინგის შემოქმედება როგორც ინდოეთს, ისე, რაღა თქმა უნდა, ინგლისს, აფრიკასა და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება, თუმცა ყველაზე ძლიერი გავლენა მასზე მაინც ინდოეთმა მოახდინა - ფაქტიურად ის სიცოცხლის ბოლომდე "ანგლო-ინდოელ" მწერლად დარჩა.

კიპლინგის ბიოგრაფები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ ნოსტალგიური ტიპი იყო, რომ არც თუ იშვიათად მას სენტიმენტალური განწყობილება უეფლებოდა. ალბათ ამიტომაა, რომ ინდოეთთან დაკავშირებული სიყრმისა და ყმაწვილკაცობის მოგონებანი მის პროზასა თუ პოეზიაში ესოდენ საგრძნობია. ჯერ კიდევ ვერმონტში, "ნაუახას" მამულში ცხოვრებისას, კიპლინგმა შექმნა საერთო თემატიკით გაერთიანებული ორი "ჯუნგლების წიგნი", რომელთაც დღესაც გატაცებით კითხულობენ მთელ მსოფლიოში. მათ საქვეყნოდ ცნობილ მთავარ გმირთან - მაუგლისთან დღესდღეობით ძირითადადაა დაკავშირებული მისი შემქმნელის სახელი. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ "ჯუნგლების წიგნში" წარმოსახული ეგზოტიკური სამყარო, ან მძაფრი სიუჟეტი, ან სახეთა ძერწვის რელიეფურობა სულაც არ არის. მთავარი ისაა, რომ კიპლინგის პროზაულსა თუ პოეტურ ნაწარმოებებში არასოდეს არ იგრძნობა წარმოსახული სიტუაციისაგან მწერლის განზე დგომა, თეთრკანიანი ბატონის - "საჰიბის" პოზიცია; ის არასოდეს არ წერს, როგორც უცხო დამკვირვებელი, ან ევროპელი მოგზაური. თავის სამყაროს ის ყოველთვის "შიგნიდან" წარმოაჩენს, როგორც თანამონაწილე და გულშემატკივარი - ნდობითა და სიყვარულით. მისი ინდოეთი ინგლისელი ტურისტის თვალით დანახული ინდოეთი კი არ არის, არამედ ინდოეთის მკვიდრის ინდოეთია; მისი ცხოველები - განურჩევლად იმისა, ინდოეთს აღწერს ის, თუ აფრიკას, - ცხოველებად წარმოსახული ადამიანები კი არ არიან, არამედ ადამიანის ენით ამეტყველებული ცხოველები, რომლებიც მთელ დანარჩენ სამყაროსთან ორგანულად არიან დაკავშირებულნი და მისი მრავალფეროვნების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. ქცევის დაუწერელი კოდექსი - "ჯუნგლების კანონი" ისევე აწესრიგებს მათ შორის ურთიერთობას, როგორც ზნეობის კანონი უნდა აწესრიგებდეს ადამიანთა ყოფას. საერთოდ, კიპლინგი მთლიანობისა და ჰარმონიის, საყოველთაო წესრიგის იდეით გატაცებული მწერალი იყო, თუმცა თავის ნაწარმოებთა პოეტიკას ის ძირითადად კონტრასტებზე აგებდა. ეს კონტრასტები უშუალო პოეტური ან პროზაული "ეფექტებით" კი არ შემოიფარგლება, არამედ ადამიანური ყოფის უზოგადესსა და მარადიულ წინააღმდეგობებს - სიცოცხლესა და სიკვდილს, სიყვარულსა და სიძულვილს, მოქმედებასა და პასიურობას, წესრიგსა და ქაოსს გამოხატავს. ადამიანის არსებობის ამ უზოგადეს კატეგორიათა შეპირისპირება იმ მითოსური პოეტიკის ჩანასახად აღიქმება, რომელიც მოგვიანებით ესოდენ მტკიცედ მოიკიდებს ფეხს მეოცე საუკუნის ევროპულ მწერლობაში. ცხადია, კიპლინგის ნაწარმოებებში ეს კონტრასტები ჯერ კიდევ არ ატარებენ გაცნობიერებული მითოსური პოეტიკის ხასიათსა და უფრო "ზედაპირზე" არიან გადმოტანილი - ამბის თხრობასა თუ ცალკეულ სახეთა შეპირისპირებაში წარმოჩინდებიან. გარდა ამისა, წესრიგი და დისციპლინა მის ზოგიერთ ნაწარმოებში იმპერიის მიერ თავსმოხვეულსა და მის მიერ დამკვიდრებულ წესრიგთან ასოცირდება. თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მწერლის თავდაპირველი (ხშირად ბოლომდე გაუცნობიერებელი) მოტივები, თვით იდეა წესრიგისა და ჰარმონიისა, მისი დაპირისპირება ანარქიასთან და ქაოსთან ობიექტურად კეთილშობილი, ესთეტიკურად მიზანშეწონილი და ყველა დროისთვის აქტუალურია.

მით უმეტეს, რომ როგორც ერთი ინგლისელი კრიტიკოსი აღნიშნავს, "კიპლინგს იმპერიის ნამდვილი არსი არასდროს არ ესმოდა და არც ოდესმე უგრძვნია მისდამი ნამდვილი ინტერესი, თუმცა თავისი რეპუტაციის შექმნაში მასაც გარკვეულწილად მიუძღვის ბრალი..."

ინდოეთისა თუ აფრიკის თემაზე შექმნილი კიპლინგის ნაწარმოებები ამ ქვეყნების მკვიდრთა მიმართ გულწრფელი სიყვარულითაა გამთბარი. ზემოთ "ადგილობრივი კოლორიტი" ვახსენე და კიპლინგის შემოქმედება ამ კოლორიტით მართლაც მდიდარია, თუმცა ის არასოდეს ყოფილა მკითხველისათვის ეგზოტიკური ხილის მომწოდებელი, საოცნებო და არარეალური სამყაროს შემქმნელი მწერალი. პირიქით, როდესაც საქმე ეგზოტიკას ეხება, ის ყოველთვის გაურბის ნეორომანტიკოსებისათვის ესოდენ დამახასიათებელ, ფანტასტიკურ, ან უჩვეულო ამბავთა თხრობას და ცდილობს ეს ეგზოტიკა მეტად დამაჯერებელ, ხშირად ყოველდღიურ, ყოფით დეტალებს დააფუძნოს.

ფაქტოგრაფიული მასალით, რეალურად მომხდარის, დანახულისა თუ გაგონილის მხატვრული გააზრება-განზოგადებით მისი შემოქმედება უაღრესად მდიდარია და ცხადია. აქ თავისი როლი შეასრულა კიპლინგის, როგორც ჟურნალისტის, გამოცდილებამ. განსაკუთრებით ეს ეხება "კიმს", სადაც მწერალი ისეთსავე ინდოეთში დაბადებული და ინდოეთს შეზრდილი ინგლისელის ამბავს ჰყვება, როგორიც ის თვითონ იყო. ეს მოტივი უცხო გარემოში მოხვედრილი და შემდგომ ამ გარემოსთან ორგანულად შეზრდილი ადამიანისა კიპლინგის ორ უმნიშვნელოვანეს პროზაულ ნაწარმოებს აერთიანებს - ერთგან ეს გარემო ჯუნგლებია და ცხოველთა სამყარო, მეორეგან ("კიმში") - ინდოეთის უსასრულოდ მრავალფეროვანი ყოფა, მისი ადამიანები, კულტურა, ტარდიციები, რელიგია. ძალზე საინტერესოა ისიც, რომ "კიმი", რომელსაც ტომას ელიოტმა "კიპლინგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები" უწოდა, ევროპული რომანის განვითარების ერთგვარ შედეგს, მანამდე არსებულ სარომანო ჟანრთა სინთეზს წარმოადგენს. მოკლე მიმოხილვაში შეუძლებელია ამ ნაწარმოების ყველა ასპექტის ხსენება, მაგრამ სარომანო პოეტიკის თვალსაზრისით ძალზე საინტერესოდ მესახება ის, რომ "კიმში" ერთმანეთს ერწყმის სარაინდო რომანის, პიკარესკის ("შარაგზის რომანისა" და "თაღლითური რომანის"), სათავგადასავლო ჟანრისა და დიკენსის რეალისტური რომანის ტრადიციები. მის თანამედროვე ევროპელ მწერალთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, კიპლინგი არ იყო დიდად ნაკითხი ინტელექტუალი, ან ლიტერატურის ისტორიაში მაინცდამაინც ღრმად განსწავლული კაცი. ამისდა მიუხედავად მან, მხატვრული ინტუიციის ძალით, თავისი რომანი იმ უმდიდრეს მწერლურ ტრადიციას დააფუძნა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ბრეტონული ციკლის სარაინდო თქმულებებში იღებს და რომლის განვითარების პირველსავე დიდ ეტაპს სერვანტესის უკვდავი ქმნილება აგვირგვინებს.

პროზისაგან განსხვავებით, კიპლინგის პოეზია თითქოს "ამოვარდნილია" ინგლისური პოეტური ტრადიციის "ძირითადი ნაკადიდან" - მისი ლიტერატურულ წინაპართა მიგნება თითქმის ისევე ძნელია, როგორც უშუალო მემკვიდრეებისა. გზად მიმავალმა კიპლინგმა თითქოს თვალი ჩაუკრა ტენისონს, მაგრამ ტენისონს მისთვის საპასუხოდ თვალი ნამდვილად არ ჩაუკრავსო, ხუმრობით შენიშნავდა ელიოტი, გულისხმობდა რა, რომ "ტომი ეტკინსის" ავტორზე არც მის თანამედროვე პოეზიას მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა. კიპლინგის ლექსის ძირითადი მახასიათებელია საგანგებო, სტილიზებული უბრალოება, ზოგჯერ - მდაბიოთა ლექსიკის მიბაძვა, ხშირად - პირწმინდად სასაუბრო ინტონაციები. საკმაოდ მარტივი პოეტიკით გამართული მისი ბალადების სამღერისებრი წყობა და, ამავე დროს, მისი ლექსების რიტმულ-ინტონაციური მრავალფეროვნება, ზოგჯერ - დიდაქტიკურ-დამრიგებლური თემატიკა, სხვა დროს - სამხედრო ჟარგონი და მკაცრი, "მამაკაცური" სტილი კიპლინგის პოეტური სამყაროს მხატვრულ სპეციფიკას წარმოქმნის.

პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ლექსთა დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული, "იმპერიული" თემატიკისა, კიპლინგის პოეზია საოცრად დემოკრატიულია და ფართო მკითხველისათვის გულმისაწვდომი. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ მისი პოეზიის წარმოსახვითი ლირიკული გმირი როგორც წესი, უბრალო ადამიანთა წრიდანაა გამოსული - ეს ან ჯარისკაცი ტომი ეტკინსია, ან რომელიმე რიგითი კლერკი - კოლონიალური ადმინისტრაციის მოხელე, ან უბრალო მეზღვაური, რომელიც თავისი შრომითა და გარჯით გამდიდრებულა, ან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი. კიპლინგის პოეზიაში "მკაცრი" და "საომარი" განწყობილება ხშირად იცვლება "სიტყვაძუნწი", მაგრამ ქვეტექსტით დატვირთული პოეტური მეტყველებით, ნატიფი ლირიკული განცდით ან ამაღლებული განწყობილებით. როგორც ჩანს, ყველა ამ თვისებამ განაპირობა მკითხველთა ფართო წრეში კიპლინგის პოპულარობა, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე კრიტიკოსთა ინტერესის უკუპროპორციულად იზრდებოდა. სერიოზული კრიტიკის დუმილი ამ შემთხვევაში არც თუ ისე უსაფუძვლო იყო, როგორც ეს დღეს შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს: კიპლინგის დროინდელი ლიტერატურული ცხოვრება მართლაც აღსავსე იყო უდიდესი ძვრებით, რომელთაგან მისი შემოქმედება როგორც თემატურად, ისე პოეტიკის თვალსაზრისითაც განზე გარიყულად ჩანდა. ლიტერატურა სულ უფრო რთული, აზრობრივ-ემოციური ქვეტექსტებით დახუნძლული, ინტელექტუალური და ელიტარული ხდებოდა. მის ძირითად ნაკადს იეიტსი, ჯოისი, ელიოტი და მოდერნისტული მწერლობის სხვა წამყვანი ავტორები განასახიერებდნენ. ამგვარ ლიტერატურაზე იყო ორიენტირებული კრიტიკაც, რომელსაც პრინციპულად არ სურდა "ბესტსელერების" ავტორი მწერლისა და პოეტის შემჩნევა: მანამდე, სანამ უილსონი და ელიოტი "კრიტიკული დუმილის" ნავსს გატეხავდნენ კიპლინგის ნაწარმოებები არც ერთ სოლიდურ პოეტურსა თუ პროზაულ ანთოლოგიაშიც კი არ შესულა.

კრიტიკის გულგრილობის მიუხედავად, კიპლინგი ძალზე პოპულარული იყო არა მხოლოდ მკითხველთა ფართო საზოგადოებაში, არამედ იმჟამინდელი ინგლისის მმართველ წრეებშიც, რომლებიც შესაშური გულმოდგინებით სთავაზობდნენ მას სხვადასხვა სახის საპატიო წოდებებსა თუ პრესტიჟულ თანამდებობებს როგორც თვით ინგლისში, ისე კილონიალურ ადმინისტრაციაშიც. მას ორჯერ შესთავაზეს კონსერვატიული პარტიისგან პარლამენტის წევრობის კანდიდატობა, რაზეც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ როგორც თავისუფალი მწერალი, პარლამენტის კედლებს გარეთ უკეთ ემსახურებოდა კონსერვატიული პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს. ორჯერვე კიპლინგმა უარი თქვა მისთვის შემოთავაზებულ სარაინდო ღირსებაზე, რომელიც ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) დიდ პატივად ითვლება. ალფრედ ტენისონის გარდაცვალების შემდეგ, მან აგრეთვე უარი განაცხადა ოფიციალური საკარო პოეტის - ე. წ. "პოეტ-ლაურეატის" წოდებაზე და სხვა მრავალ პრესტიჟულ ჯილდოსა თუ სამეფო წყალობის ნიშანზე. კიპლინგის ამ უჩვეულო მოკრძალებასთან დაკავშირებით მის პირად მეგობარს, ინგლისის მეფე ჯორჯ მეხუთეს უთქვამს კიდეც: კიპლინგი, რომელიც უარს ამბობს პატივზე, ბევრად უფრო საჭიროა ჩვენთვის, ვიდრე კიპლინგი, რომელიც ამ პატივს იღებსო. ერთადერთი, რაზეც უარის თქმა კიპლინგმა მთელი თავისი მოკრძალების მიუხედავად ვერ შესძლო, 1907 წელს შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ მინიჭებული დიდი ჯილდო - ნობელის პრემია იყო. Aამ წელს კიპლინგი პირველი ბრიტანელი მწერალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გელა ოდიკაძე

ავანგარდული ძიებანიც

ზურაბ რთველიაშვილი, ანარქი (ლექსები). დიზაინერი გურამ

წიბახაშვილი. თბ. “სიესტა”, 2006.

ზურაბ რთველიაშვილის “ანარქი” ლექსების ყველაზე უფრო სრული და მრავალწახნაგოვანი კრებულია. ეს მრავალწახნაგოვნება მის პოეტურ პროფილს, წარმომავლობას, ავანგარდულ ტრადიციასთან შეხებას გულისხმობს. პოეტმა თავის ნეოავანგარდულ ნააზრევში ტრადიციის საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი აღბეჭდა. მისი შემოქმედება ევროპული და რუსული ავანგარდული დინებების კონტექსტში გაიშალა და ეს ეგზოტიკური სიმბიოზი სუბტროპიკული მცენარესავით წარმოიშვა.

ზურაბ რთველიაშვილის ეპატაჟური განწყობა მთელ მის კრებულს მოიცავს. მისი ლექსებისთვის ყველაზე ბუნებრივი ფორმა მიმართვა და მოწოდებაა. და თუ არ არის მოწოდება, არის საგნების და მოვლენების ირიბი ხაზებით ხატვა. ზურაბ რთველიაშვილისთვის უცხო არ არის სკაბრეზული სიტყვები ან გამონათქვამები, ოღონდ მან იცის რა კონტექსტში უნდა ჩასვას “ხმამაღალი” ფრაზები. ვრცელი, ტეხილი პოეტური პერიოდები ინტონაციური რემინისცენციებით, თამაშით, ბასრი ენამახვილობით არის გაჯერებული.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზურაბ რთველიაშვილის ლირიკა 30-იანი წლების ქართული ავანგარდიდან იღებს დასაბამს. მაგრამ ეს მთლად ზუსტი “მისამართი” არ იქნება. როგორც უკვე ვთქვით, პოეტმა შექმნა ერთგვარი სტილური კონგლომერატი, სიმბიოზი, რომელიც უბრალო დანაწევრებას არ ექვემდებარება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ამ სიმბიოზით მან თავისი პოეტური ინდივიდუალობა გამოხატა.

წიგნს პოეტის ფოტოპორტრეტთან ერთად ორი ავტორის წინათქმაც უძღვის. პირველში რთველიაშვილი “ნეოექსპრესიონისტად” არის მოხსენიებული და “მასთან პოლემიკისა და სკანდალის გზით კავშირის დამყარების სურვილია” აღნიშნული. მეორე წინათქმის ავტორი ხაზს უსვამს პოეტის მიერ “სოციალისტური დისკურსის დეციტაციას” და ლექსების “კვაზილირიულ ინტონაციას”, “პოსტმოდერნული დისკურსის ჩარჩოებს”. ეს ორი შეფასება ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ორივეს გააჩნია მკვიდრი საფუძველი. უმთავრესი სხვა რამ არის: საკმაოდ ხანგრძლივი ძიების შემდეგ (რთველიაშვილი რამოდენიმე კრებულის ავტორია) რამდენად მოახერხა პოეტმა თავისი ინდივიდუალობის კონტურები გამოემჟღავნებინა. ვთქვათ, ლექსი “ელექტრომაგნიტური სიყვარული” “სოცრეალისტური დისკურსით” და “ექსპრესიონისტული სტილიზაციით” არის აღბეჭდილი. აქ, თუ შეიძლება ითქვას, ერთი მეორეს არამცთუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს და ამთლიანებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტორმა მიაგნო იმ საერთო კონტექსტს, რომელშიც შეიძლება ორივე დინება თანაარსებობდეს.

ზურაბ რთველიაშვილი ხელოვნურად არ ქმნის ფორმას. ის ძალდაუტანებლად ამბობს სათქმელს და მისი იმწამიერი განწყობა სხვადასხვაგვარი თემატურ-შინაარსობრივი და შესაბამისად ფორმალური ნიშნით აღიბეჭდება. მე ვფიქრობ, ის უკვე ენდობა თავის შინაგან პოეტურ “მეს” და თვითდინებით ამოძრავებს მას. პოეტი ენდობა, აგრეთვე, თავის უკვე მიღწეული ლექსის სტრუქტურულ დონეს და ამიტომაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდაისახება, რაც მრავალფეროვანი პოეტური ციკლის შექმნის საწინდარია. მე ვფიქრობ, ზურაბ რთველიაშვილი შთაგონებას ელოდება და შთაგონებით წერს.

დღევანდელ ქართულ პოეზიაში არსებობს ე.წ. “ცარიელი სივრცე”, რომელიც შეიძლება შეივსოს ექსპერიმენტებით და საკმაოდ თამამი ძიებებით. რა თქმა უნდა, ყოველგვარი მცდელობა პოეზიის სფეროში იმდენად იქნება საინტერესო, რამდენადაც სიახლეს მოიტანს. ნოვაციის ხარისხი დროთა განმავლობაში შეფასდება და აქაც მთავარი ერთი რამ არის, რისი დავიწყებაც არ ეგების: სერიოზული ნოვაცია ტრადიციის ათვისების ხარჯზე ხორციელდება. ანუ სიცარიელეში არაფერი არ იბადება.

ზურაბ რთველიაშვილის ლექსების წიგნს ბოლოში დართული აქვს რამდენიმე მწერლის თვალსაზრისი. ეს თვალსაზრისები ცხადია, უშუალოდ ამ კრებულს ეხება. აქაც ხშირად ურთიერთსაპირისპირო შტრიხებია მოწვდილი: “ამ ლექსებში ხშირად ჩანს დადაისტური ტიპის ექსპერიმენტები”, ან ასეთი: “ზ. რთველიაშვილის ლექსების ღაღადის ინტონაცია უფრო მოდერნიზმის დეპრესიული დისკურსიდან იღებს სათავეს, ვიდრე პოსტმოდერნიზმიდან.” ან კიდევ ასეთი: “ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში ისევე მაღალია აბსტრაქცია, როგორც ამას ადრე აღვნიშნავდით, ბუნტის მითოლოგია, იგივე ამბოხების ეს აბსტრაქცია რთველიაშვილის პოეზიის ღერძია. ეს პოეტიკა მთლიანად აჯანყების არისტოკრატულობაზე მიგვანიშნებს.”

თავისთავად ცხადია, რომ კრებულის გამო წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობა ლექსების ღირსებაზე მეტყველებს. ოღონდ აქ სხვა რამ არის საინტერესო: რადგან ეს ლექსები რომელიმე ერთი დეფინიციური ნიშნით არ არის შემოწერილი, ამიტომ არსებულ დეფინიციებს შორის უნდა მოიძებნოს შეხების წერტილები. მწერალთა და კრიტიკოსთა ნააზრევს შეუძლებელია რაღაც ერთი კალაპოტი არ ჰქონდეს. მოდერნული და ავანგარდული მხატვრული აზროვნების ზოგადი ნიშნები თანდათან დაკონკრეტდება და კრებულის მხატვრული თვისობრიობაც უფრო ნათლად წარმოჩნდება. ზურაბ რთველიაშვილის კრებულის გამოცემა ახალი განსჯების საწინდარია.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თომა ამირანაშვილი

ბრძოლა ჰაკისთვის


ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2007.


ალბათ, გამომცემლობას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აფხაზი გლეხის თავგადასავალი პოლიტიკურადაც აქტუალური გაეხადა, ამიტომ წინასიტყვაობაში ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობამ იჩინა თავი. ტექსტს ამ კონფლიქტში დიპლომატიური მისიის შესრულება დაევალა.

ჰაკიც ხომ ცდილობდა გული მოელბო მრისხანე კუზმასთვის. არწმუნებდა, ძმასავით ვიტირე შენი მეზღვაურიო. თუმცა კაპიტანი ეშმაკობას მიუხვდა და ჰაკის თავგანწირვაზე მეტად ეს “სასტიკად დაფარული პირფერობა” აშფოთებდა.

წელს აბიტურიენტებს ეს ნაწყვეტი შესთავაზეს საანალიზოდ. გამომცდელთა ვარაუდი ალბათ არ გამართლდა, როდესაც ზოგიერთმა ამ ეპიზოდში კუზმა უფრო მართალ ადამიანად ჩათვალა, ხოლო ჰაკი ფარისევლობაში ამხილა.

ახალგაზრდებმა ვერც ის გაიგეს, რა აიძულებდა გლეხს თავადისთვის თავი გაეწირა, დამხმარე ლიტერატურას მიმართეს და უფრო დააბნია განმარტებამ, რომ თურმე, ძიძიშვილობა “რაღაც მაგიური ძალით აკავშირებდა ადამიანებს.”

ალბათ, უკეთესად ვერც კუზმას აუხსნეს მორდუობის წესი, ამიტომ მისთვის გაუგებარი დარჩა ჰაკის თავგანწირვის მიზეზი, კაპიტანმა მისი ერთგულება კლასობრივ შეუგნებლობად ჩათვალა.

Kკრიტიკოსების აზრით, ნაწარმოებში ორი ერის ფსიქიკა უპირისპირდება ერთმანეთს. ვერც ამ შეხედულებამ გაუძლო დროის გამოცდას, ტექსტში მოცემული დრო და გარემო განზოგადდა, პერსონაჟებმა (უჯუში, ჰაკი), ზოგადადამიანური ხასიათი შეიძინეს, ხოლო კუზმა ყოველთვის განზოგადებულ ტიპად ითვლებოდა ქართულ ლიტერატურაში.

ღირებულებათა ამგვარი გადაფასების შემდეგ ტექსტის ხელახალი გამოცემის და წაკითხვის აუცილებლობა დადგა.

ყველა შეთანხმებულია, რომ კრეისერ “შმიდტის” გამოჩენამ ქალაქს თავზარი დასცა, ხალხი პანიკამ მოიცვა, მოქალაქეთა შორის თავი იჩინა შიშმა, სიმხდალემ და გაუტანლობამ.

ყოველთვის ასე ხდება, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებულ მომხვდურთან უწევს ურთიერთობის გარკვევა.

ამ ფონზე ვითარდება ღია კონფლიქტი რუსეთის ორ, ძველი და ახალი არმიის წარმომადგენელს შორის, სადაც ძლიერი იმარჯვებს.

ავტორის სიკეთეა, რომ თითოეულ მხარეს თავისი სიმართლე შეუნარჩუნა. ამ მხრივ უჯუში და კუზმა ტოლი მეტოქენი არიან.

ანალიზისთვის იმ ადგილებს ამოვკრეფ, რომელიც ამ საკამათო მოსაზრებას დაადასტურებს:

ამხანაგი კუზმა კილგა, მრისხანედ წოდებული. კრეისერ “შმიდტის” წითელი კაპიტანი, რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, 1905 წლის მეამბოხე, მისჯილი ჰქონდა კატორღა.

კუზმა საკმაოდ კორექტული და სამართლიანია ქალაქის დეპუტატებთან შეხვედრის დროს. არ ამცირებს უჯუშს, ისე როგორც ვასკა-პირატი. მან იხსნა თეთრი ოფიცერი, როდესაც ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდნენ. კუზმამ გაათავისუფლა ჰაკი, რადგან მის უდანაშაულობაში დარწმუნდა. შეასრულა პირობა, როდესაც უჯუშ ემხა გადასცეს და მძევალი გაათავისუფლა. კუზმამ კრეისერი დაატოვებინა მეზღვაურს, რომელმაც ამხანაგები გასაჭირში მიატოვა.

თავადი უჯუშ ემხა. Mმეფის ოფიცერი. ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულის შტაბს-როტმისტრი. წმიდა გიორგის ორდენის კავალერი.

უჯუშმა ვაჟკაცურად დაიცვა საკუთარი ღირსება, ასე ადვილად ხელწამოსაკრავი რომ აღმოჩნდა ვასკა-პირატისთვის. ჩაბარდა მტერს და ბექირბი ჩაჩბა გადაარჩინა. უჯუშმა არ დაუშვა, რომ ჰაკის საკუთარ თავზე აეღო მისი დანაშაული და ამით ძიძიშვილისადმი სიყვარული დაამტკიცა. უჯუში ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს, როგორც ამას პიროვნული ღირსება და კეთილშობილება ავალებდა.

ვფიქრობ, გარემოებას რომ ხელი შეეწყო და როლები შეცვლილიყო, თეთრი ოფიცერიც დახვრეტდა წითელ კაპიტანს.

ტექსტის მოცემულობას არ დავარღვევ, თუ ჰაკის დღევანდელი შეხედულებების შესაბამისად პირად მცველად მოვიხსენიებ.

ჰაკი უჯუშის პირადი მცველია. Mმის საკონტრაქტო პირობებს მორდუობის წესი განსაზღვრავს. Aამას ახსენებს მამის ანდერძი: “უჯუში შენი მზე არის, სიცოცხლე იმისთვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო.” ამოწმებს ხალხი: “ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გაწიროს.” ამ ვალდებულებას იზიარებს ჰაკის ბიძა კაც და მთელი მისი სახლეული: “ჩვენი გაზრდილი ხარ უჯუშ, ვალდებულნი ვართ, შენს მაგიერ ჩვენ მოვკვდეთ ყველა.”

ჩვენ ვთქვით, რომ კუზმას ვერ აუხსნეს ძიძიშვილობის ნამდვილი არსი, სამსონ დავანაძეს სიტყვები არ ეყო იმ გრძნობის გამოსახატავად, რომელიც თვითონ არ გააჩნდა. Aარადა, საკმარისი იყო ეთქვათ, რომ ჰაკი უჯუშის პირადი მცველია და კილგა ყველაფერს მიხვდებოდა. პირადმა მცველმა დიახაც თავი უნდა გაწიროს პატრონისთვის, მთავარია, როგორ გადაიხდის ამისთვის პატრონი. ჩვენ კი არ ვიცით თუ რა ვალდებულება ეკისრებოდა თავადს გლეხის თავგანწირვის სანაცვლოდ, ისე კი “ბატონ-ყმობას შორის რომ სიყვარულის ხიდი არ გაიდება” (ილია ჭავჭავაძე) ეს კუზმამაც იცოდა.

ნოველის ფარული კონფლიქტი უჯუშსა და კუზმას შორის პირადი მცველის, ჰაკის დასაკუთრებისთვის გაჩაღდა. უჯუში პასიურია ამ ბრძოლაში, მის პოზიციას საუკუნეებით განმტკიცებული ცხოვრების წესი ამაგრებს.Kკუზმა ცდილობს ჰაკის “დამუშავებას” რევოლუციური იდეის შესათვისებლად. კარგად იცის, რომ ჰაკისნაირი ერთგულები (ერთგულება მისი ადამიანური თვისებაა) ყველა ხელისუფლებას სჭირდება.Aამიტომ მოეფერა, დაიახლოვა და ჰაკიც თითქოს თანახმა იყო ებრძოლა რევოლუციისთვის, ოღონდ უჯუშთან ერთად ან მის გადასარჩენად.

კუზმამ ვერ შეძლო ჰაკის ნდობის მოპოვება, რადგან ის, მამის ანდერძით, როგორც ფიცით, იყო შეკრული, რაც ყოფნა-არყოფნის არჩევანს არ უტოვებდა.

ჰაკი უჯუშთან ერთად დაიღუპა. საკუთარი ნებით გაყვა ძიძიშვილს, როგორც ეგვიპტელი მონები მიყვებოდნენ ფარაონებს აკლდამებში, რათა იმქვეყნადაც გაეწიათ სამსახური პატრონისათვის.


© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გელა ჩქვანავა

ჭიანჭველები

ცრიდა.

- ცრის! - თქვა გაზიანი წყლის გამყიდველმა, შუახანს მიღწეულმა, გამხდარმა და ულვაშა ამირანმა და მზერა სველ ქუჩას ჯერ ხელმარცხნივ გააყოლა, კინოთეატრისკენ, შემდეგ ხელმარჯვნივ, ბოტანიკური ბაღის შესასვლელისკენ. - ბავშვობისას, მე და თამარა, აცხონოს ღმერთმა...

- ისეთი ლაპარაკი იცი, ვერავინ ვერაფერს გაგიგებს. აუხსენი მაინც კაცს თამარა ვინ არის! - უთხრა ამირანს მისთვის ჩვეული წკრიალა ხმითა და დამყვავებლური ტონით ცოლმა, მანერულად მოწყენილმა, ჩასუქებულმა ქალმა და ქმრის ჯიხურში სტუმრად მოსულ მეწაღეს გადახედა.

- ჩემი ბიძაშვილი იყო თამარა. თორმეტი წლისა გარდაიცვალა! - ქვებივით მძიმედ გადმოყარა სიტყვები ამირანმა და გაჩუმდა - ისევ ქუჩას გასცქეროდა, ერთხელ საზარდულიც მოიქავა.

- რაღაცას ამბობდი! - ისე გაინაზა ხმა ცოლმა, რომ ამირანი კი არა, მეწაღეც მიხვდა, რომ ეს შეხსენებაზე უფრო თავდაჭერილი ქცევისკენ მოწოდება იყო.

- დიდი მუხის ხე იდგა ჩვენს ეზოში, დიდი ფუღურო ჰქონდა, იქ მიყვარდა წვიმის დროს ჯდომა. თამარაც მოდიოდა ხშირად. ერთი ლექსი ჰქონდა ამოჩემებული: "ჰიტლერი და შოშია სხედან ფუღუროშია, წამოუხტა შოშია, ჩასცხო კინკრიხოშია. ეგ რა მიქენ შოშია? რა და, ჩემი ხოშია!"... ორი წლით იყო ჩემზე უფროსი. ლექსს რომ მორჩებოდა, ზოგჯერ მართლა ჩამავლებდა ქეჩოში ხელს და ძირს მომადენინებდა ტყაპანს... ახტაჯანა იყო, იმის სულს ვენაცვალე!

ნაბახუსევზე მყოფი მეწაღე ამ სევდიანმა ისტორიამ კიდევ უფრო დათრგუნა.

- არა, დღეს ნამდვილად ვერ ვიმუშავებ. ფეხებს გავფშიკავ, რომ ვიმუშავო. ვკვდები მგონია, თვალებში მიბნელდება! - თქვა მეწაღემ.

- გკლავთ სასმელი და მაინც სვამთ. ყველა ერთნაირები ხართ კაცები! - შენიშნა ამირანის ცოლმა. - ასეთი წვრილი წვიმა ერთდღიანი არ არისო, იტყვიან. ხვალაც იწვიმებს. ხვალ კიდევ დღევანდელ ფუნთუშებს არავინ იყიდის!

- გუშინ "არაუშავს" მუშაობა მქონდა. დღეს კიდევ ერთი ჭიქა გაზიანი წყალი გავყიდე და ისიც გულისპირზე გადაისხა იმ ოხერმა. მთვრალი იყო ვიღაცა... ჰო, მართლა, შენ გიკითხა, საპოჟნიკი სად არისო, მეზღვაურის მაისური ეცვა. სად ეგდე მაინც?

- მეძინა. დავკეტე ბუტკა და მეძინა, - გამოტყდა მეწაღე.

- რა თარსი დღეა, მე ამის დედა კი ვატირე!.. ის ახალი ბუფეტჩიცა მოვიდა კინოთეატრიდან გუშინ, შენ რა კარგი მუშაობა გაქვს, მე ეკლერებიც კი არ მეყიდებაო, იწუწუნა... იმან გამთარსა! - თქვა ამირანმა და ასანთის კოლოფი გააჩხაკუნა, როგორც გაბრაზებისას სჩვეოდა ხოლმე.

- ხომ არ მოეწონე? - ჰკითხა ცოლმა.

- ერთი მაგისიც!.. - ისე გადახედა ცოლს ამირანმა, თითქოს ის დაამადლა, მისი თანდასწრებით უწმაწური სიტყვების კორიანტელი რომ არ დააყენა და ულვაშებზე გადაისვა ხელი. - ბიჭი რას შვრება, რეპეტიტორთან არ უნდა წასულიყო დღეს?

- მე არ გავუშვი, არ გაცივდეს-მეთქი! - ამჯერად ნაღვლიანი მზერას ტონიც შესაფერისი მიუსადაგა ცოლმა.

- არაფერიც არ მოუვა!.. ტყუილად ვიხდი მაგის მომზადებაში ფულს?! - იფეთქა ამირანმა. - არ უსწავლია გაკვეთილი და იმიტომ არ წავიდა!.. თქვენ მე რამეს გამომაპარებთ?!.. კაპიკს კაპიკზე ვაწებებ, ამის დედა ვატირე! დახეული ფეხსაცმელებით დავდივარ, წყალი შლიგინით შედის და გამოდის, თაგვები დამდიან მგონია შიგ, ოღონდ შვილს არ მოაკლდეს-მეთქი!.. ორჯერ შემიკეთა კაცმა ნისიად!

- არ გრცხვენია?! - საწყალი ხმით წამოიძახა მეწაღემ და წყენისაგან კიდევ უფრო მოიბუზა. - მეც გადაგიხადო ის ფული, რაც შენთან პახმელიაზე გაზიანი წყალი მიყლაპია?

- სიტყვას მოჰყვა! - თავი იმართლა ამირანმა.

მეწაღე წამოდგა და ტაბურეტი კუთხეში მიდგა.

- წავალ მე!

- დაეტიე მანდ, თუ კაცი ხარ! - ახლა მეწაღეს გაუბრაზდა ამირანი. - სახლში რა უნდა აკეთო, ცოლ-შვილს აშლევინო ნერვები?.. აიშლი ნერვებს - აგტკივდება გული და შეიძლება გაგისკდეს. თუ გგონია მოკვდები და თან გადაგყვებიან?!.. აი! - აქ ამირანმა სამი თითის კომბინაცია გააკეთა. - მიდი, დომინო გადმოიღე!

- არ დალიოთ! - თქვა ამირანის ცოლმა, ქმარს ხალათის საყელო გადმოუტრიალა და თვალწაჭუტულად შეათვალიერა. - ბორში რომ გაგიკეთო, შეჭამ?

- სტრიხნინასაც დავაყოლებ! - უპასუხა ამირანმა. - წადი ახლა, თუ მიდიხარ, ბაზარში, დროზე მიდი სახლში და იმ უსაქმურს უთხარი, რეპეტიტორთან წაეთრეს, თუ არადა, შინ არ დამხვდეს - სადაც უნდა იქ წაბრძანდეს. ქუჩაში გაათიოს ღამე!.. აგერ კიდევ შენ ფული და ბაზრიდან ტაქსით გადი სახლში.

ამირანმა შარვლის ჯიბიდან ორი ცალი მანეთიანი ამოიღო, ცოლს მისცა, შემდეგ სატურატორის გვერდით რკინის ყუთში ჩაყრილ ხურდასაც გადახედა, მაგრამ დამატება გადაიფიქრა.

ცოლმა ქმარს სიყვარულით შეხედა.

- ყველს ვიყიდი ამით, - თქვა მან.

- ტაქსით წადი-მეთქი! - ესროლა ამირანმა.

- არ დალიოთ! - გაიმეორა ცოლმა, კუთხეში აყუდებული ქოლგა სანახევროდ გაშალა და კარში გვერდულად გავიდა.

ამირანმა ასანთის კოლოფი გააჩხაკუნა და ქუჩაში მიმავალ ცოლს მზერა გააყოლა.

- ბედნიერი კაცი ხარ შენ! - უთხრა მან მეწაღეს კარგა ხნის დუმილის შემდეგ.

- რატომ ვითომ? - ლამის იწყინა მეწაღემ.

- შვილები გზაზე დააყენე, თავის თავს ხედავენ უკვე და იმიტომ. ყოჩაღი შვილები გყავს!

- სანამ მოყოჩაღდებოდნენ და გზაზე დადგებოდნენ, მე ჩემი დამემართა. ახლა შვილიშვილების დრო მოდის... და მერე კიდევ, მოყოჩაღების შემდეგაც კარგად მაყაჩაღებენ, ნუ გეშინია - კაპიკს არ შემარჩენენ თუ ფული დასჭირდათ... ღმერთო, რა ცუდადა ვარ!

- ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება.

- აუ, ჩემი!.. ვკვდები მგონია!..

- ამ ხნის კაცი ხარ და ქუჩის ბიჭივით საკუთარ თავს აგინებ, შე კაცო?! - შეუწყრა ამირანი.

- ეგ ქალაქური პონტია, შე გოიმო, შენა... შენი ბიძაშვილი რისგან მოკვდა?

- თამარა?.. ვერავინ ვერაფერი გაიგო - შუაღამეს გამოიღვიძა, მაჭარი დამალევინეთო, ითხოვა. არადა, მაჭარი მანამდე არასოდეს მონდომებია. დალია მაჭარი, დახუჭა თვალები და მოკვდა. შემოდგომა იყო მაშინაც. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემს ფუღუროს გველები შემოეჩვივნენ. დაგორგლილები იწვენენ შიგ... ფუჰ!.. გვაგინებს ვიღაცა!

- მეც მომიკვდა შვილი, - თქვა მეწაღემ. - სამი წლის შვილი მომიკვდა, ისეთი ლამაზი, ისეთი...

- რას ამბობ, კაცო!.. არ ვიცოდი!

მეწაღემ ამოიოხრა.

- რა არის მაინც ეს ცხოვრება! წამია ყველაფერი, ერთი გადაფურთხება... ჭიანჭველები ბუდობდნენ იმ ფუღუროში გველების მოსვლამდე. სიკვდილის წინ ფრთებს გამოისხამდნენ, იფრენდნენ ცოტა ხანი და პრდაპირ ჰაერში კვდებოდნენ. ცალ ფრთას მოვაგლეჯდი ხოლმე და საკუთარი ღერძის გარშემო დატრიალდებოდნენ. არ ვყავართ ღმერთს სიამტკბილობისთვის გაჩენილი - დაგადგამს უღელს რაიმე სადარდებელის სახით და გათრევინებს, არ გაპატიებს კარგად ყოფნას. თუ გაამაყდი და ფრთები გამოისხი, გაგაფრენს ერთ-ორ წრეზე და გაგამგზავრებს იქიდან პირდაპირ იმქვეყნად!..

- ჭიანჭველის ფრთები არ გამიგია!

- ქალაქელი ხარ და იმიტომ!.. ხომ არ გავხურებულიყავით?

მეწაღემ კითხვა უპასუხოდ დატოვა - არც იმისთვის ეყო გამბედაობა, რომ დალევაზე უარი ეთქვა და არც იმისთვის, რომ დაელია.

- თუ იცი, რისთვის გაგვაჩინა ღმერთმა? - მეწაღის გაუბედაობამ გამოარკვია დროზე ადრე თავისი სევდიანი ფიქრებიდან ამირანი.

- დარდიან გულზე დალევისათვის!

- ...და ვინ გასწავლა ეს გამოთქმა?

- შენ, შე სოფლელო, შენა!

- რა გეშველებოდათ სირისტიან ქალაქელებს უჩვენოდ!

- ტლუ ხარ, ტლუ... გაგრია! - თქვა მეწაღემ.

***

სახანძროს შენობაში, სახანძრო მანქანების ფარეხის განყოფილებაში, ერთ-ერთი მანქანის უკან, გადაბრუნებულ ყუთზე სახელდახელოდ გაშლილ პურ-მარილს ორი მეხანძრე უჯდა: დაბალ სკამზე, ახალგაზრდა, ხმელ-ხმელი, მოძველბიჭო ღიმილიანი, მეზღვაურის მაისურში გამოწყობილი ბიჭი წამოსკუპებულიყო, მაღალ სკამზე კი შუახანს მიღწეული, ჩასუქებული, ულვაშებიანი იაშა წამოკოსებულიყო.

არაყს სვამდნენ. იაშა არაყს რომ გადაკრავდა, ძეხვს დასუნავდა და მჟავე კიტრს დააყოლებდა უპუროდ, მეზღვაურისმაისურიანი კი პირიქით - მჟავე კიტრს დასუნავდა და ძეხვს დააყოლებდა პურთან ერთად.

- აგერ, კიდევ მოძვრებიან, ეგ ჩათლახები! - წამოიძახა მეზღვაურისმაისურიანმა ბიჭმა, არყიანი რკინის ტოლჩა ყუთზე ჩამოდო და გულისპირზე შებობღებული ორი ჭიანჭველ წკიპურტებით მოიშორა სათითაოდ, სიმთვრალის მიუხედავად ზუსტად გამოუვიდა. - ყველაზე მეტად ფეიჰოა ყვარებიათ ჭიანჭველებს!

- საიდან მოიტანე? - გაეცინა იაშას და ახალი ხოხმის მოსასმენად მოემზადა, მაგრამ მეზღვაურისმაისურიანის გაფანტულ ღიმილზე მიხვდა, რომ იმედი გაუცრუვდებოდა.

- ფეიჰოასი იყო ის გაზიანი წყალი, გულისპირზე გადამესხა-მეთქი, რომ გითხარი. თან სიროფი ორმაგი დოზით მივაცემინე, - თქვა მეზღვაურისმაისურიანმა. - მოდი რა, ერთი გაკოცო!

- რატომ, კაცო? - არყისგან მხოლოდ ოდნავ შეხურებლი იაშა, უკვე საკმაოდ მთვრალი თანამესუფრისაგან განსხვავებით, კოცნის ხასიათზე ჯერ კიდევ ვერ იყო.

- იმიტომ, რომ კაცური კაცი ხარ!.. სხვებს ჩემთან დალევის შეეშინდათ და ოთახში ჩაიკეტნენ, უფროსობამ არ გვნახოსო... შენ იმ კურდღლებში არ წერიხარ, შენ ლომი ხარ, ლომი!.. შენ გამისწორე მარტო და ამიტომ უნდა გაკოცო... იმ კურდღლების კიდე...

- ჰო, კარგი, არ გინდა, რა! - დაუყვავა იაშამ.

- აი, ისევ მოძვრებიან, მე ამათი!.. - კიდევ ერთი ჭიანჭველა ჩამოიფერთხა გულისპირიდან ბიჭმა. - ერთ ბიჭს, თუ იცი, იაშა ბიძია, რა უქნია, იმ ბიჭის შეყვარებული სხვას რომ მისთხოვდა?.. რა უქნია, და, ის მანქანა უქირავებია, ბოდიში სუფრასთან და, თურქული ტუალეტებიდან უწმინდურობა რომ ამოაქვს, რომ წმენდს ერთი სიტყვით. სავსე ყოფილა ის მანქანა, მიუყენებია საქორწილო სუფრისთვის და შუა ქეიფში რომ იყვნენ...

- ეგ ვიცი, კაცო. ლეგენდაა ეს ამბავი, მეტი არაფერი!

- არ არის ლეგენდა! - იწყინა მეზღვაურისმაისურიანმა. - რვა წელი მიუციათ იმ ბიჭისთვის.

- ლეგენდაა-მეთქი! - გაჯიუტდა იაშა.

- არ არის-მეთქი, ჩემი კარგი!..

- მე ხომ გითხარი!.. - გააწყვეტინა იაშამ.

- წამომცდა... კარგი რა, იაშა ბიძია, ქალაქური პონტია, მოსული პონტი, მე ამის დედა ვატირე... აუ, ჩემი, რა ბედი ჰქონია იმ ნაბიჭვარ საპოჟნიკს, მე მაგის დედა!.. რომ დამხვედროდა ადგილზე, ერთს მაგარს მოვსდებდი... მე ვეტყოდი, გოგო არ გამაყოლე და სხვას მიათხოვე, შე ახვარო, ეგეც არ იკმარე და ჯარში მიკარი თავი!..

- მერედა, რაღა დღეს მოგაგონდა ეგ ამბავი?

- ამ დილით გავიგე-მეთქი, ხომ გითხარი?

- ეგ არ გითქვამს.

- ეგრე იყო... წუხელ ხომ მორიგე ვიყავი?.. ამ დილით კიდევ, სანამ სმენას მოვრჩებოდი, მამაჩემმა დამირეკა, მე და დედაშენი სოფელში მივდივართ გასვენებაზე, შენ რომ სამსახურს მორჩები, დაჩაზე ადი და ვაზი და კიტრები მორწყეო. მე ვეუბნები, რაღა მორწყვა უნდა, ისედაც იწვიმებს-მეთქი. არ იწვიმებს, ამინდის გამოცნობა მე არ მესწავლება, წადი და მორწყეო. ამის ღმერთი არ იყოს, უფროსობა რა ჩემს ფეხებს გაიგებს, მაგათ მოსვლამდე დავბრუნდები-მეთქი, ვიფიქრე, მოვაჯექი მანქანას და თხუთმეტ წუთში იქ ვიყავი... მანქანით რომ არ წავსულიყავი, იქ უნდა მეჩალიჩა, სახლიდან ნასოსი უნდა გამომეტანა, ჭაში ჩამედგა... სახლში ვინახავთ, რომ არ მოიპარონ... მოკლედ, მივაყენე მანქანა...

- რომელი, ესა? - იკითხა იაშამ, სახანძრო მანქანას საბურავები შეუთვალიერა.

- მაშინ არ წვიმდა-მეთქი, კაცო, გაიგე და, არც ტალახი იყო გზაზე... ჰოდა, მივუშვი წყალი და ამ დროს მეზობელი სახლიდან ვიღაც ქალი გამოვარდა, ნახევრადშიშველი, რა ხდება, პაჟარიაო?..

- შენი ყოფილი შეყვარებული, არა?.. იმ საპოჟნიკის გოგო?

- არა-მეთქი, კაცო... მფრინავის დაჩაა ის სახლი, ორი წელი არ ყოფილიყო აქეთ, მე სამი წელი არ მენახა, რაც ჯარში ვეგდე. მანამდე კარგად ვიყავით ერთმანეთში... ქალთან ერთად ჩამოსულიყო შვებულებით... ქალთან რა, ნაშასთან ერთად და სახლში ხომ ვერ მიიყვანდა, ორი და ყავს. დაჩაზე ყავდა პადპოლნა... ჰოდა, მფრინავიც მოვიდა, ტუალეტში მჯდარა მაგ დროს, თურქული ტუალეტები გვაქვს იქ. მოვიკითხეთ ერთმანეთი და რას მეუბნება, თუ იცი?

- საიდან უნდა ვიცოდე?

- ხომ მიგიყევი?

- შეიძლება ჟორას მოუყევი ჩემს მოსვლამდე და გეშლება.

- ერთი ჟორასიც!.. გაგვექცა ეგ ჩათლახი!

- ჰო, მე კი შემატოვა...

- მოკლედ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის მეუბნება, რა გიქნა იმ ჩათლახმა საპოჟნიკმა, შენი შეყვარებულის მამამ... შეყვარებულის რა, საცოლე იყო უკვე, პრინციპში... მოკლედ, რა გიქნა იმ ჩათლახმა, ჯარში რომ გიკრა თავიო... წამოცდა, აზრზე ხარ?!.. თურმე ყველას ცოდნია, მამაჩემსაც და დედაჩემსაც...

- საპოჟნიკმა როგორ გიკრა თავი?

- საბუთები გავაკეთეთ, თითქოს მამაჩემი და დედაჩემი რაზვოდში იყვნენ და დედაჩემი მარტოხელა იყო. იმ მფრინავის ძმაკაცის მამა იყო მაშინ კომისარი. მფრინავმა ჩაგვიწყო საქმე. ჰოდა, ვიღაცამ გვიჩივლა, გაყრილები არ არიანო, თურმე იმ ჩათლახს უჩივლია! - მეზღვაურისმაისურიანს ყუთზე მუშტის დაბრახუნება უნდოდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, მიხვდა, ყუთი ბოღმიან გულზე მოქნეულ მუშტს რომ ვერ გაუძლებდა და ბაყვზე შემოირტყა გაშლილი ხელი.

- მერე? - ეცოდებოდა და არც ეცოდებოდა მეზღვაურისმაისურიანი იაშას.

- რის მორწყვა, რა მორწყვა, დავაწექი სახლისკენ...

- მოიცა და, ამ მანქანაში წყალი არ ასხია?

- ცარიელია, აბა ნახევრად ცარიელით ხომ ვერ წამოვიდოდი მაგ თავდაღმართებში, პავაროტებში შტორმი დადგებოდა ცისტერნაში და მომისროდა ხრამში... გზა და გზა დავცალე, სანამ დიდი თავდაღმართები დაიწყებოდა. ატალახდებოდა გზა, აუ, რას მაგინებდნენ შოფრები, ჩემი!.. მაგრამ, მერე ხომ წვიმა წამოვიდა და მაინც ატალახდა?!.. ვინც მაგინა, თვითონ მიუვიდეს!.. ჰოდა, მამაჩემს ვეკითხები, იცოდი ვინ მიჩივლა მაშინ-მეთქი და, ვიცოდიო. მიმალავდნენ თურმე, ემანდ არაფერი მოსწიოს საპოჟნიკს და თავი არ დაიღუპოსო... მადლობა უნდა ეთქვა იმ ჩათლახს, საპოჟნიკის ქალიშვილი რომ ვიკადრე და ცოლად დასმას ვუპირებდი. კიდევ კარგი ჯარში მიკრეს თავი და ვერ მოვიყვანე. ბავშვი ვიყავი მაშინ. ახლა ვხვდები, რომ მომეყვანა, ვინანებდი!.. - კიდევ უნდოდა ხელის ბაყვზე შემორტყმა მეზღვაურისმაისურიანს, მაგრამ უცებ ელდანაკრავივით წამოხტა, ხელი გულზე წაივლო, მაისური ჩაბღუჯა და მარცხენა ძუძუსთავი თან მწარედ მოიფხანა და თან მოისრისა. - აქაც შემომიძვრნენ, მაიკის ქვემოდან, ამათი დედაც!.. რა მწარედ იკბინებიან ეს ახვრები ძუძუსთავზე, გეგონება ძუძუს მთხოვენო!..

- ესე იგი, შენ ამბობ, რომ კარგი ქენი, რომ არ მოიყვანე? - იკითხა იაშამ, მშვიდად რომ მიადევნებდა თვალს მეზღვაურისმაისურიანის გამწარებას.

- ვინანებდი! - მოსხიპა მეზღვაურისმაისურიანმა და გულ-მკერდის ფხანა-სრესით დაეშვა სკამზე.

- აბა რა გაწუხებს?

- ის მაწუხებს, რომ მიჩივლა და სამი წელი წყალქვეშა ნავზე ვიყავი, დღის შუქი არ მინახავს. რომ არ ეჩივლა, ჯარში არ წამიყვანდნენ! - იაშასთვის მოულოდნელად მშვიდად ახსნა მეზღვაურისმაისურიანმა.

- რომ არ წაეყვანეთ, ხომ შეირთავდი იმ ქალს?

- ჰო, ალბათ... შევირთავდი...

- რომ შეგერთო, ხომ ინანებდი?

- ამაში არ არის საქმე!.. - უცებ გაგულისდა მეზღვაურისმაისურიანი. - ტუალეტის მანქანა უნდა ვიქირავო, იმ ახვარს თავზე დავადგე და მთელი ბუტკა ავუვსო... ანდა თუ იცი რას ვიზამ? ვიქირავებ, მივაყენებ მანქანას ღამით, შევუყოფ შლანგს ბუტკის შიგნით და მივუშვებ. დილით მაგარი სიურპრიზი დახვდება. ფეხები არავინ მომჭამოს, ერთბაშად ვერ მიხვდნენ, ვინ იყო. მოფარებულში, ძალიან სკუჩნი ადგილასაა ის ბუტკა...

- მერე ფეხსაცმელებს რას უშვები?.. სხვამ რა დააშავა?.. - ბრძნულად შენიშნა აუღელვებელმა იაშამ.

- რომელ ფეხსაცმელებს? - დაიბნა მეზღვაიურისმაისურიანი.

- გასარემონტებლად რომ დატოვა ხალხმა ბუტკაში, იმას!

- ამ ჩემს ფეხებს!.. ან, აგერ, ამ მანქანას ავიყვან, კანალიზაციასთან გავაჩერებ, ავხდი ლუკს, ჩავდებ შიგ შლანგს... მთლად ისეთი ჟიჟა ვერ იქნება, როგორიც თურქულებშია, ქალაქის კანალიზაციაში წყალი უფრო მეტია... ამ მანქანისთვის კი სულერთია, რა სუფთა წყალი ამოუქაჩია და რა...

- მოდი რა, თითოც დავლიოთ, მერე შენ აქ დაიძინე, ან თუ გინდა მე წაგიყვან სახლში... ეგერ, კიდევ მიხოხავს ერთი.

მეზღვაურისმაისურიანმა გულისპირიდან ობოლი ჭიანჭველა წკიპურტით მოიშორა და გადააპურჭყა, თითქოს ჭიანჭველას მიაყოლაო.

- ამ ზოლიან მაიკაზე რომ დაძვრებიან, თვალები არ უჭრელდებათ? - გახუმრება სცადა მან. - ამ დილით დაჩიდან რომ ვბრუნდებოდი, კინაღამ ხრამში გადავიჩეხე, გზის გაყოლებაზე ზოლიანი ბეტონის ბორდიურები რომაა, იმან ამიჭრელა თვალი. ტორმუზი მივეცი, კიდევ კარგი, მაშინ არ წვიმდა...

- მთვრალი იქნებოდი, - ივარაუდა იაშამ.

- არა, გაბრაზებული ვიყავი. როცა გაბრაზებული ვარ, თვალებში მიჭრელდება და შეიძლება დამიბნელდეს კიდეც...

* * *

- აუ, ჩემი!.. - წამოიძახა სასმელისაგან სასიამოვნოდ მზერადაბინდულმა მეწაღემ.

- რას ყმუი, მგელი ხომ არა ხარ, შე კაცო და ტყეში ხომ არა ხარ?! - შეუწყრა ამირანი.

მეწაღემ გამომშრალი ტუჩები ენისწვერით აილოკა.

- შენ რა გიჭირს, ზიხარ აქ ცენტრალური ქუჩის პირას, მოვლენების ეპიცენტრში ხარ, როგორც რადიოში იტყვიან ხოლმე. მე კიდევ ვაგდივარ ჩემთვის იქ, იმ მოფარებულში, კოჭლი ძაღლების მეტი არავინ დადის! - დაიწუწუნა მან. - ან კიდევ, ტურისტ ქალებს რომ გამოიჭერენ ბიჭბუჭები, სასრესად მოყავთ... გუშინ პირდაპირ ჩემს ბუტკას ააყუდა უკნიდან ერთმა, გამოვუვარდი და აქეთ დამიწყო ჩხუბი...

- ქალის ტუფლით თუ დაგილევია შამპანური, საპოჟნიკო? - ჰკითხა ამირანმა.

- ტლუ ხარ!.. ქალის ჭუჭყიანი ტუფლებით სოფლელი ქაჯები სვამენ შამპანურს. შენ ლიფითაც გექნება დალეული, ასე არ არის?

- ჭიანჭველები ვართ ჩვენ და თავი ანგელოზები გვგონია. ზურგზე ღიტინს არ გრძნობ?

- წავალ მე! - თქვა მეწაღემ და ტაბურეტიდან ბანცალით წამოდგა. - წავალ თორემ მერე უფრო მომეკიდება. წავიმუშავებ ცოტას, ორი სასწრაფო შეკვეთა მაქვს.

- არსადაც არ წახვალ! ან რისი გამკეთებელი ხარ, თვალები აქეთ-იქით გაგირბის. ყვერებში თუ გაიყრი მახათს არ ვიცი...

- მაშინ სახლში წავალ. შენც წადი, მოისვენე!

- არ მინდა სახლში, ფუღუროში მინდა. ჩემი ბავშვობის მუხის ფუღუროში. ბაბუაჩემის ბაბუის ბაბუის მამის დარგულ მუხის ფუღუროში მინდა ჩემს თამარასთან ერთად. შენ არ იცი რა კარგად მღეროდა თამარა. ისე კარგად მღეროდა, რომ ტირილი მინდებოდა. მოდი რა, კიდევ მოვიტანოთ ერთი ბოთლი, თამარა მინდა ვაცხონო.

- ხომ ვაცხონეთ?

- გაკვრით ვაცხონეთ. ახლა პერსონალურად მინდა ვაცხონო. შენი შვილიც ვაცხონოთ!

- მე მეტს ვერ დავლევ! - გადაჭრით განაცხადა მეწაღემ.

- შვილების გეშინია, არა?.. ასეა - ცუდად გაზრდი და უნდა გეშინოდეს, რამე არ მიქარონ და არ შემარცხვინონო; კარგად გაზრდი და მაინც უნდა გეშინოდეს, საყვედურებით არ ამიკლონ, თუ რამეში შევცდიო. საშინელებაა ეს ცხოვრება!

- მეფსია!

- ბუტკის უკან ქენი, კაციშვილი არ ჭაჭანებს ქუჩაში.

- კორპუსიდან დამინახავენ. კინოთეატრში შევალ! - თქვა მეწაღემ, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

- დაიკარგა თამარას საფლავი. აღარ არის თამარას საფლავი. მოდი რა, ვიმღეროთ თამარას რომ უყვარდა ის სიმღერა!

- მთვრალი ხარ შენ! - თქვა მეწაღემ.

- ბიძია! - მოისმა ქუჩიდან.

ჯიხურს თორმეტიოდ წლის ბიჭი მოსდგომოდა და მორცხვი და სერიოზული თვალებით იყურებოდა - აშკარად მეწაღე ეგონა წყლის გამყიდველი.

- გისმენ, ბიძია! - გამოეპასუხა ბიჭს ამირანი და მეწაღე გვერდზე მიწია. - მე ვმუშაობ აქ, ეს სტუმარია.

- ერთი ჭიქა წყალი, ფეიჰოასი თუ შეიძლება, - თქვა ბიჭმა და დახლზე ოცკაპიკიანი დადო.

მეწაღემ დააბოყინა და კარი გამოაღო.

- არსად გამექცე, თორემ... - დაადევნა ამირანმა.

- კინოთეატრში შევალ.

- აქვე ქენი! - ლამის სთხოვა ამირანმა და შეკვეთილი წყლის ჩამოსხმას უჩვეულო ხალისით შეუდგა.

მეწაღემ ხელი ჩაიქნია და კინოთეატრისკენ წაცუნცულდა. ამირანმა წყალი ჩამოასხა და ბიჭს გაუწოდა.

- სიფთა ხარ შენ... თუმცა არა, იყო ამდილით ერთი, გულისპირზე გადაისხა ორმაგსიროფიანი... გაცივებული ხომ არა ხარ, ბიძია, ამ წვიმაში წყალს რომ სვამ?

- გზაჯვარედინზე, ეგერ, შუქნიშანთან, მანქანამ კაცი გაიტანა თვენახევრის წინ... მამაჩემი იყო ის კაცი! - თქვა ბიჭმა და გაწითლდა.

ამირანს მოულოდნელობისაგან მეწაღესავით დააბოყინა.

ბიჭი ჭიქას დასწვდა და ორი დიდი ყლუპი მოსვა.

- უკან გადავარცხნილი თმები ჰქონდა მამაჩემს, - თქვა ბიჭმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.

- ვიცი ვიზეც მეუბნები, მაგრამ მე არ მინახავს. დარტყმის ხმა რომ გავიგონე, მერე მივიხედე. რომ მივედი, გათავებული იყო უკვე, აცხონოს ღმერთმა. გამომძიებელიც იყო ჩემთან, - თქვა ამირანმა.

- ვიცი რომ იყო, - თქვა ბიჭმა. - მამაჩემის ორმოცი გადავიხადეთ გუშინწინ.

ამირანმა ბიჭს სველი პიჯაკი შეუთვალიერა.

- შიგნით შემოდი.

- არა, აქ ვიდგები, გმადლობთ, - უპასუხა ბიჭმა და პაუზა დაიჭირა. - დედა თუ მოვიდა, არ უთხრათ, რომ ვიყავი. ამიკრძალა აქ მოსვლა.

- ხომ დაჭერილია ის, ვინც მამაშენს დაარტყა?

- დედამ თქვა, მალე გამოუშვებენ, ფული ჩაყარაო. მამაჩემიც ნასვამი ყოფილა. არ სვამდა, მაგრამ იმ დღეს დაულევია კოლექტივთან ერთად. დაბადების დღე აღუნიშნავს ერთ თანამშრომელს რესტორანში.

- შემოდი-მეთქი! - თქვა ამირანმა, კარი გამოაღო, ქუჩაში გაყო თავი და ბიჭს ხელით ანიშნა ჯიხურში შემოსულიყო.

ბიჭმა ჯიხურში შემოსვლის წინ ფეხები ასფალტზე დაუსვა, თითქო ტილოზე იწმენდსო, შეთავაზებულ ტაბურეტზე დაჯდა, სასკოლო ჩანთა მუხლებზე დაიდო და ხის ყუთზე გადაფარებულ გაზეთზე დაყრილ პურისა და ძეხვის ნარჩენებს ცუდად შენიღბული ზიზღით შეხედა.

- ორმაგსიროფიან წყალს სვამდა მამაჩემი. კუჭი აწუხებდა. შეიძლება სიკვდილის წინ ამ ბუტკაში დალია-მეთქი წყალი, გავიფიქრე.

- არა, არ მოსულა ჩემთან.

- ამ უბანში იშვიათად გამოდიოდა. იმ დღეს რესტორნიდან ადრე წამოსულა - არ მინდა დათრობაო.

- და ან ძმა გყავს?

- და მყავს, უმცროსია ჩემზე ორი წლით. წავალ მე, თუ შეიძლება.

- მოიცა, - თქვა ამირანმა, ბიჭს ნაკლული ჭიქა გამოართვა, სიროფით შეავსო და მიაწოდა.

- არ მინდა, - თქვა ბიჭმა და გაწითლდა. - ხუთი კაპიკი დამიბრუნეთ თუ შეიძლება, ავტობუსით უნდა წავიდე სახლში.

- ჯერ ეს დალიე.

ბიჭმა წყალი მოსვა.

- დედაჩემს არ უთხრათ რომ ვიყავი. შეიძლება გამოიაროს და თქვენთანაც მოვიდეს.

- არ ვეტყვი, - თქვა ამირანმა და გზაჯვარედინს გახედა.

კინოთეატრიდან ათიოდ კაცი გამოვიდა. ამირანმა რეფლექსურად მათზე შეაჩერა მზერა - ჩემი ჯიხურისკენ ხომ არ წამოვლენ წყლის დასალევადო.

- არ ვარ მე ის კაცი, ვინმესი ან რამესი შემეშინდეს. მართლა არ მინახავს როგორ მოხდა. კლიენტები მყავდა, ოთხი თუ ხუთი კაცი იდგა რიგში, - თქვა ამირანმა. - რამდენი წლის იყო მამაშენი?

- ორმოცდაორის... უნდა წავიდე, თორემ დედა ინერვიულებს.

ამირანი თავის მაღალ სკამზე ჩამოჯდა.

- ჭიანჭველები ვართ! - თქვა მან. - ვის სად და როგორ მიგვასრისავს ბედი არავინ იცის!

- სიროფზე მოდიან ალბათ, - ნათქვამს ვერ მიუხვდა ბიჭი. - ჩვენი სკოლის წინაც ყიდიან გაზიან წყალს. იქაური გამყიდველი ბებერია და ჭიანჭველებს ვერ ერევა. გოშა ქვია, ხომ იცნობთ?

- არა, არ ვიცნობ, თუმცა გამიგია!

- მამაჩემი, სკოლაში რომ მაკითხავდა, სულ გოშასთან სვამდა სიროფიან წყალს... წავალ მე, თორემ დედა ინერვიულებს.

ბიჭი წამოდგა და უხერხულად გაიღიმა - ვერ გადაეწყვიტა დაედო თუ არა წყლიანი ჭიქა ნასუფრალზე.

ამირანმა თუნუქის კოლოფიდან ცოტა ოდენი ხურდა ფული ამოიღო და მოულოდნელად ბიჭს პიჯაკის ჯიბეში ჩაუჩხრიალა.

- არ მინდა! - ლამის იყვირა ბიჭმა.

- აიღე! - დაუყვავა ამირანმა. - კანფეტები უყიდე შენს დას. დედაშენს დაუჯერე, არ ანერვიულო... რა ნიშნებზე სწავლობ?

- ოთხებზე და ხუთებზე. უფრო ხუთებზე.

- მართლა?

- მართლა! - თქვა ბიჭმა.

- უნდა გაკოცო! - თქვა ამირანმა და ბიჭს შუბლზე აკოცა. - მე ის კაცი არა ვარ, რამე მენახა და არ მეთქვა!

- მჯერა! - თქვა ბიჭმა.

- მამას უფრო გავხარ თუ დედას?

- მამას.

- მაშინ უფრო გაგიჭირდება ამ ამბის გადატანა.

- კარგად ბრძანდებოდეთ! - თქვა ბიჭმა.

ბიჭის წასვლის შემდეგ ამირანი ჯიხურიდან გამოვიდა და აჩქარებული ნაბიჯებით მიმავალ უცნაურ სტუმარს დაჟინებული მზერა გააყოლა - აინტერესებდა გზაჯვარედინისკენ თუ გაიხედავდა. ბიჭმა მზერა იგრძნო და უკან მოიხედა. ამირანმა ხელი დაუქნია. ბიჭს, თითქოს ამირანის შერცხვაო, გზაჯვარედინისკენ არ გაუხედავს. ამირანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მას აეკრძალოს ბიჭისთვის გზაჯვარედინისკენ გახედვა, ჯიხურში შევიდა და სიგარეტს მოუკიდა.

ჯიხურში მეწაღე შემოვიდა და ტაბურეტზე დაჯდა. რაღაცით კმაყოფილი ჩანდა.

- ბუფეტჩიცასგან დიდი მოკითხვა! - თქვა მან. - არ ყოფილა კაპასი. ასეა ძმაო, თუ ცოლი სამსახურში არ გაკითხავს, ნებისმიერ ქალთან გამონახავ საერთო ენას.

- შენ ვინ მოგცემს, ცოლი კი არა, ლიმუზინი რომ გაკითხავდეს მაინც!

- ვნახოთ! - თქვა მეწაღემ. - ქალს სოფლურად კი არ უნდა ელაპარაკო, ქალს ქალაქურად უნდა ელაპარაკო.

- ჰოდა, თუ ასეა, მიდი და გამოართვი არაყი ნისიად.

- იქ მაგარ სასმელებს არ ყიდიან.

- ყიდიან ჩუმად. მიდი და გამოართვი.

- მე მეტს ვერ დავლევ.

- წამო და ბუფეტში დავლიოთ, ქალაქურად.

- წავიდეთ, - მცირე ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა მეწაღე. - კულტურულად დავლევთ და წამოვალთ.

- აქ რომ ბიჭი იყო, იცი რისთვის მოსულა?.. მამამისის ხსოვნასთან მოსულა, კაცურად მოვიდა ის თითისტოლა ბავშვი! გაიგე?.. თვენახევრის წინ მანქანამ კაცი რომ გიატანა, იმის შვილი ყოფილა.

- გატანილის თუ გამტანის?

- გატანილის. გამტანის რომ ყოფილიყო, ხსოვნასთან მოვიდა-მეთქი, ვიტყოდი?

- კიდევ კარგი, თორემ კინაღამ ცუდად გავხდი!

- გამტანის ბიჭი რატომ უნდა მოსულიყო?

- რა ვიცი... გაივსო ქალაქი ათასნაირი მანიაკებით. ახლა არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.

- მამამისის სიკვდილის ადგილის სანახავად მოვიდა. შენ აზრზე ხარ რას შევესწარი ახლახან?.. ეშინოდა ბავშვს და მაინც მოვიდა!

- აქედან ხომ ძაფით წაიყვანეს მაგის სული? - მოაგონდა მეწაღეს.

- რომ მოკვდები მერე გინდა ძაფი გაუბიათ და გინდა ოქროს სიმი... მიგასრისავს ეს ცხოვრება სადმე და მორჩა, საფლავიც აღარ დარჩება ცოტა ხანში, როგორც თამარას არ დარჩა საფლავი. ჭიანჭველები ვართ ჩვენ... გამტანს კიდევ ფული ჩაუყრია და შეიძლება გამოუშვანო.

- მთლად მაგის ბრალიც არ იყოო. თანაც შუქნიშანი გაფუჭებული ყოფილა. როცა შუქნიშანი გაფუჭებულია, მძღოლის გამართლება შეიძლება თურმე. ასეა, ძმაო, მე მხოლოდ ხალხის ნალაპარაკევს ვჯერდები, შენ კიდევ წამოჭიმულხარ აქ, ცენტრალურ ქუჩაზე, შენკენ უფრო საინტერესო რაღაცეები ხდება. მე კი ვზივარ იქ, იმ მოფარებულში... ისე, შუქნიშანი გაფუჭებული რომ ყოფილა, ეს მაგარ შეღავათს აძლევს თურმე გამტანს.

- არ ვიცი, - თქვა ამირანმა. - აზრზე არა ხარ რა ქნა იმ თითისტოლა ბიჭმა! ჟრუანტელი მივლის ტანში. უმამოდ ცხოვრება ცალი ფრთა რომ მოგაგლიჯონ და, მიდი ახლა იფრინეო, გითხრან, ისეა... ჩემი კრეტინი ბიჭი კიდევ რეპეტიტორთან არ კადრულობს სიარულს. გადავიდეთ კინოთეატრში, იქიდან უნდა დავურეკო - თუ რეპეტიტორთან არ წავიდა და გაკვეთილი არ ჩააბარა, ურჩევნია სახლში არ დამხვდეს!..

- იცოდე, ბუფეტჩიცასთან არ შემარცხვინო, - გააფრთხილა მეწაღემ. - რამე შენებური არ დაუბრეხვო. დამა ქალია, ქალაქელი, ტონკი ლაპარაკი უყვარს და არა პლაჟური.

- რა დროს შენი მანდავოშკებიანი ბუფეტჩიცაა! - გაბრაზდა ამირანი. - რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც ვერაფერს გაიგებ, რამოდენა ამბავს შევესწარი დღეს!

- შენ რა უნდა მელაპარაკო და რა უნდა ამიხსნა ქალაქელ კაცს, შე სოფლელო, შენა! - გაბრაზება ხუმრობაში გადაუტანა ამირანს მეწაღემ.

- ახლაც ჟრუანტელი მივლის! - თქვა ამირანმა და ულვაშებზე ხელი გადაისვა. - შენ კიდევ ჭიანჭველა ხარ, ისეთი ჭიანჭველა, ფრთასაც რომ არ ეღირსება სიკვდილის წინ!

* * *

ამირანი და მეწაღე ჯიხურიდან გამოვიდნენ.

ისევ ცრიდა.

ამირანმა ჯიხურის გასაღები ხელში შეათამაშა და მისი საკეტში მორგება სცადა, მაგრამ პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

- ხურდა ფულს შიგ ტოვებ, კაცო? - ჰკითხა მეწაღემ და დაასლოკინა.

- სახლში წასვლის წინ გამოვივლი, - უპასუხა ამირანმა.

- კარგი ერთი, რისი გამომვლელი შენ იქნები. წამოიღე ეგ ფული, იქნებ ტაქსისთვის მაინც გეყოს სახლამდე, - ურჩია მეწაღემ.

ამირანმა ამოიოხრა და გასაღები მეორეჯერაც ააცილა საკეტს.

- იქ როგორ ახვედრებ, აი იქ, ჩვენ რომ ვიცით?! - იანგლა მეწაღემ და გადასახარხარებლად მოემზადა, თვალებიც მოწკურა ეშმაკურად, მაგრამ ისევ დაასლოკინა, ამჯერად უფრო მწარედ და ხასიათი წაუხდა.

ამირანმა გასაღები საკეტს მოარგო და მეწაღეს ნიშნისმოგებით გადახედა.

- რა უნდა გელაპარაკო ქალაქელს! - მძიმედ თქვა ამირანმა, გასაღები საკეტს შეატოვა და ჯიხურის კარი გამოაღო.

- აგერ ის ბავშვიც! - თქვა უცებ მეწაღემ და ხელი კონოთეატრის მიმართულებით გაიშვირა.

გზაჯვარედინზე ცარიელ ქუჩას ჯიხურის წეღანდელი სტუმარი ბავშვი გადადიოდა.

- ვა-ა! - გაოცება ვერ დამალა ამირანმა.

- აქ რას დასეირნობს, ამ წვიმაში? - გულგრილად გაოცდა მეწაღე და ბავშვს ხელი დაუქნია, მაგრამ ის გაზიანი წყლების ჯიხურისკენ არ იყურებოდა. რაღაცნაირი დაძაბული და თან დემონსტრაციული ნაბიჯებით მიემართებოდა ფართო ქუჩის მეორე ნაპირისკენ.

- რა მთვრალივით მიდის? - შენიშნა მეწაღემ.

- ნახე, რამდენს ბედავს?!.. მამამისის ნაკვალევზე მიდის, ეშინია და მაინც მიდის!.. მამამისის უკანასკნელ ნაბიჯებს უნდა გადააბიჯოს... მამამისისი სიკვდილს უნდა აჯობოს!.. - დაიწყო ამირანმა, მაგრამ ნიავმა წამოუბერა, ჯიხურის კარი მიხურა, საკეტიდან გასაღები გამოვარდა, ასფალტზე დაეცა და ამირანსაც სიტყვა გაუწყდა.

- ე-ე, შვილო! - დაუძახა მეწაღემ ბავშვს. - წადი, შვილო, სახლში წადი!

გზის შუა ზოლს მიახლოებული ბავშვი ძახილზე შედგა და ჯიხურისკენ მოიხედა.

ამირანმა ძირს დავარდნილი გასაღები აიღო. გასაღებს გამობმული მინიატურული სათამაშო სპილო გაბზარულიყო. ამირანს სიბრაზისგან სახე მოექცა და მწარედ შეიგინა.

- ჩემი ბიჭის პატარაობისდროინდელი სათამაშოა, თილისმად მქონდა. არადა, წუხელ მესიზმრა, თითქოს ეს სპილო მართლა სპილოს ძვლის იყო და გაყიდვა მინდოდა რეპეტიტორის ფულის გასასტუმრებლად... რა თარსი დღეა, მე ამისი დედაც!.. - კიდევ ერთხელ შეიგინა ამირანმა. - ბავშვს გასძახე, არსად წავიდეს, ფულს ავიღებ და სახლში ტაქსით გავუშვებ, თუ ძალიან შორს არ ცხოვრობს!

- არსად წავიდესო!.. - ბავშვს გასძახა მეწაღემ.

ბავშვმა სასკოლო ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. შორიდანაც კი ჩანდა როგორც გაიღიმა, - თითქოს დანაშაულზე წაასწრესო ისე.

- ვაჟკაცი ბავშვია! - თქვა ამირანმა და ჯიხურში შევიდა.

- ვაჟკაცი ხარ! - დაუძახა მეწაღემ ბავშვს, თითქოს ამხნევებსო და ისევ ამირანისკენ გაიხედა, მაგრამ ადგილზე რომ არ დაუხვდა, რის თქმასაც ხმამაღლა აპირებდა, მხოლოდ თავისთვის ჩაიბურდღუნა: - ქალაქელია და იმიტომ!

ნიავმა ჯიხურის მოღიავებული კარი ისევ მიკეტა, ამჯერად უფრო ძლიერად. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარიც ჩაიკეტა. ჯიხურს შიგნით ამირანს მოულოდნელობისაგან თუნუქის კოლოფი გაუვარდა ხელიდან და ხურდა ფული იატაკზე ჩხრიალით გაიშალა.

ამირანმა შეიგინა და ამ დროს საბურავების ღჭრიალის ხმა მოისმა. კინოთეატრის წინ სახანძრო მანქანა მიქროდა. მანქანა გზაჯვარედინს უახლოვდებოდა.

- წვიმს და მაინც რაღაცა იწვის! - გულგრილად შენიშნა მეწაღემ. - პაჟარნია მოდის!

- პაჟარნიაც მესიზმრა წუხელ!.. ვიკლუჩატელსაც ვერ მივაგენი მე ამის დედა და გასაღებიც დამეკარგა!.. - იყვირა ამირანმა ჯიხურიდან.

გზაჯვარედინზე სახანძრო მანქანამ მოულოდნელად მარჯვნივ მოხვევა დაიწყო, ბოტანიკური ბაღის შესასვლელსა და გაზიანი წყლების ჯიხურისკენ მომავალი ქუჩის მიმართულებით. მეზღვაურისმაისურიანმა მძღოლმა საჭე გაჭირვებით დაიმორჩილა, უცებ ელდანაკარივით ადგილზევე შეხტა, ცალი ხელი გულზე წაივლო და გამწარებით მოიფხან-მოისრისა. ამასობაში მანქანა, მკვეთრი მოხვევისას სანახევროდ სავსე ავზში აყანყალებულმა წყალმა შეატრორტმანა, ჯერ მარჯვნივ გადახარა, მერე ისევ მარცხნივ.

ბავშვი მთელი ტანით შეტრიალებულიყო მანქანისკენ, არ იცოდა რომელ მხარეს ეგანა მისთვის, ერთხელ ხელები ჩანთიანად ზევით აიშვირა, თითქოს ტყვედ დანებებას აპირებსო.

- რა ხდება მანდ?! - განწირულის ხმით იყვირა ჯიხურსშიგნიდან ამირანმა.

ბავშვი მისკენ გამოქროლილ მანქანას მონუსხულივით შესჩერებოდა.

- გაიწიე, გაიწიე-მეთქი! - აბღავლდა ამირანის ყვირილზე გონს მოსული მეწაღე.

სახანძროს მძღოლმა, ბავშვისთვის გვერდი რომ აევლო, კიდევ ერთხელ აიღო მარჯვნივ. საბურავები სველ ასფალტზე მოცურდნენ. მძღოლი მუხრუჭს მთელი ტანით დააწვა - ფეხზე წამომდგარიყო და თავით მანქანის კაბინას ებჯინებოდა. მანქანა უკვე სერიოზულად შექანდა. მძღოლმა მუხრუჭებს აუშვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მანქანა ცალი გვერდით ყალყზე შედგა და სანამ ბავშვს გადაემხობოდა თავზე, ერთი წამით ჰაერში გაშეშდა.

- რა ხდება-მეთქი?! - ისევ იყვირა ამირანმა და ჩამოვარდნილ სიჩუმეში მისმა ხმამ ბავშვამდეც მიაღწია. მან თითქოს ჯიხურისკენ მოხედვა მოინდომა, მაგრამ ვერ მოასწრო: მანქანა მძიმედ და უხმაუროდ გადაემხო თავზე.

- აუ, ჩემი, გასრისა, ჭიანჭველასავით გასრისა! - მანქანის ასფალტზე დანარცხებამდე მოასწრო ეთქვა მეწაღეს და თვალები დახუჭა...

ცრიდა...

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“