Monday, June 21, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი – ჩვენი ცხოვრების მდინარე


ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩებში შავქუდიანი კაცები ირეოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. არც ერთი ქალი არ ჩანდა. მთელი წელი ბოგოტაში უნდა გაგვეტარებინა სწავლის საბაბით, სინამდვილეში კი სულმოუთქმელად ველოდით დეკემბერს, როდესაც მაგდალენაზე ხელახლა უნდა გვემგზავრა.
იმ დროს გემებს სამი გემბანი და ორი გრძელი საკვამლე მილი ჰქონდათ. ღამით ისინი გაჩირაღდნებულ პატარა ქალაქებს ემსგავსებოდნენ და სანაპიროს ჩაბნელებული სოფლების გასწვრივ მიცურავდნენ. მუსიკისა და ჯადოსნური ზმანებების შლეიფი არემარეს ეფინებოდა.
გემებს ჰქონდათ ადვილად დასამახსოვრებელი სახელწოდებები: "ატლანტიკო", "მედელინი", "კაპიტანი დე კარო", "დავიდ არანხო". კონრადის მოთხრობების პერსონაჟთა მსგავსად, კაპიტნები სიმკაცრით და, იმავდროულად, გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ხარბად, გარეული მხეცებივით ნთქავდნენ საჭმელს, მაგრამ თავიანთ პატარა კაიუტებში ღამღამობით მარტონი როდი იყვნენ. ეკიპაჟი კაპიტნებს "მეზღვაურებს" უწოდებდა, თუმცა ბრანკილიას ბარებსა და ბორდელებში, ნამდვილ მეზღვაურთა გარემოცვაში, მათ "მენავეების" სახელით იცნობდნენ.
მგზავრობისას დრო ნელა და საინტერესოდ გადიოდა. დღისით გემბანზე ვისხედით და ნაპირებს ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა გუნდებს. მეჩეჩებზე ლამანტინები შვილებს ძუძუს აწოვებდნენ და მათი გაბმული ყვირილი სიმღერასავით ჟღერდა.
ზოგჯერ დღის ძილს გვიკრთობდა ამაზრზენი სიმყრალე და ვხედავდით, როგორ მოჰქონდა დინებას ძროხის ვეება, გაბერილი ლეში, რომელზეც გრიფი დამჯდარიყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ძნელად თუ შეიძენ ნაცნობებს. მაგდალენაზე ცურვის დასრულებისას კი ერთ მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოვადგენდით. მომავალი შეხვედრებით ვხარობდით: ელიას ოჯახი კალამარში ამოვიდოდა გემზე, პენას და დელ ტოროს ჯალაბი - ლა-პლატაში; ესტორინოს და ვინას ცოლ-შვილი - მაგანგვაში, ვილაფანისა - ელ-ბანკოში.
ნავსადგურებში შეჩერებისას გემის არაერთი მგზავრის ბედი იცვლებოდა: ვინსენტ ესკუდერო, სტუდენტი-მედიკოსი, გამარაში დაუპატიჟებლად შეუერთდა მექორწილეებს, ნებართვის თხოვნის გარეშე იცეკვა ყველაზე ლამაზ ქალთან და ამ უკანასკნელის ქმრის ტყვიას შეეწირა. სამაგიეროდ, ბარანკაბერმეიაში მთვრალმა პედრო პაბლო გილიენმა ცოლად შეირთო პირველივე ქალიშვილი, რომელიც მოეწონა. ისინი ახლაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ცხრა შვილთან ერთად. შესანიშნავმა მუსიკოსმა ხოსე პალენსიამ ტენერიფეში მონაწილეობა მიიღო მედოლეთა კონკურსში და ჯილდოდ მიღებული ძროხა იქვე გაყიდა ორმოცდაათ პესოდ, რაც იმ დროს მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა.
ზოგჯერ გემი ორიოდ კვირით ქვიშიან მეჩეჩზე ჯდებოდა, მაგრამ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამდა: გართობა ხომ კვლავ გრძელდებოდა. კაპიტანი მაძლევდა წერილობით, ბეჭედდასმულ ახსნა-განმარტებას სკოლაში წარსადგენად.
ჩემი უკანასკნელი მგზავრობის დროს, 1948 წლის ერთ ღამეს გაგვაღვიძა შემზარავმა ყვირილმა, რომელიც ნაპირიდან გაისმოდა. თურმე დედალი ლამანტინი მეჩეჩთან ჩამოვარდნილი ხის ტოტებში გახლართულიყო. ჩვენმა კაპიტანმა კლიმაკო კონდე აბელომ (ერთ-ერთმა საუკეთესო კაპიტანმა) ეკიპაჟს უბრძანა, პროჟექტორებით გაენათებინათ მეჩეჩი. ეკიპაჟის წევრები წყალში ჩახტნენ და ლამანტინი გაათავისუფლეს. ეს იყო ოთხი მეტრი სიგრძის - ფანტასტური შესახედაობის არსება, რომელიც უცნაურად მოძრაობდა. გლუვი, ბაცი ფერის კანი ჰქონდა და დაბურული მკერდი ქალისას მიუგავდა. დიდრონი თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
სწორედ ამ კაპიტანმა განაცხადა ერთხელ, რომ მდინარის აუზში მცხოვრები ცხოველების დახოცვა ქვეყანას საშინელ საფრთხეს უქადდა. ის მგზავრებს ნადირობას უკრძალავდა და ყვიროდა, თუ ვინმეს მკვლელობის ჩადენა სურს, ეს თავის სახლში მოიმოქმედოს და არა ჩემს გემზეო.
სამწუხაროდ, მისი ნათქვამი არავინ შეისმინა.
ცამეტი წლის შემდეგ, 1961 წლის 19 ივლისს, მეხიკოში მეგობარმა დამირეკა და მაუწყა, რომ მაგანგუს ნავსადგურში გემ "დავიდ არანხოს" ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად ნაცრად იქცა. როდესაც ყურმილი დავკიდე, დამეუფლა საშინელი გრძნობა, თითქოს ჩემი ახალგაზრდობა საბოლოოდ დამთავრდა და ჩვენს მდინარესთან დაკავშირებული მოგონებები გემთან ერთად ჩაიფერფლა.
ეს მართლაც ასე მოხდა.
ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს. მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა (რასაც ბიძგი მისცეს ამ საკითხით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა) სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი. მაგდალენას აღდგენას დასჭირდებოდა, სულ ცოტა, ოთხი თაობის ენერგიული ძალისხმევა, ე.ი. მთელი საუკუნე.
ადამიანები ხალისით საუბრობენ ტყეებით მაგდალენას ნაპირების განაშენიანების შესახებ, რაც საჭიროებს 59.1100000 ხის დარგვას. უკეთ გააზრების მიზნით სიტყვიერად გამოვთქვათ: ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხე. ამასთან, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ხეების რაოდენობა, არამედ - ტერიტორია, სადაც ისინი უნდა დაირგოს. თითქმის მთელ ვარგისიან მიწებს კერძო მესაკუთრეები ფლობენ და ტყეებით სრული განაშენიანება ნიშნავს ამ მიწების 90 პროცენტის დაფარვას. ერთი ვიკითხოთ, რომელი ჭკუათმყოფელი მეპატრონე გვიბოძებს მისი მიწების 90 პროცენტს მხოლოდ ხეების დასარგავად და დათმობს თუ არა ის საკუთარი შემოსავლის 90 პროცენტს?
დაბინძურება მხოლოდ მდინარე მაგდალენას როდი ანადგურებს. მის შენაკადებს მოაქვს სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ცხოველური ნარჩენები ეროვნული ნარჩენების გიგანტურ რეზერვუარში - ბოკა დე კენიზას სრუტეში.
1980 წლის ნოემბერში ჯარიდან გამოპარული ორი დეზერტირი მდინარე ბოგოტაში ჩახდა. ისინი მდინარის წყლისგან დაინფიცირდნენ და კინაღამ დაიღუპნენ. მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის - რაც სკორეს ჭამა.
გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, რეალურია. საამისოდ საჭირო ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი ჰოლანდიელ და კოლუმბიელ მეცნიერთა ერთობლივ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასრულდა. გამოკვლევის ოცდაათი ტომი ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის არქივში იმტვერება. ამ მონუმენტური ნაშრომის დირექტორის მოადგილე გახლდათ ანტიოქიელი ახალგაზრდა ინჟინერი ხაირო მურილიო, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი შესწირა გამოკვლევას და სულიერი სიმშვიდე დაკარგა: ის თავისი ოცნებების მდინარეში ჩაიხრჩო.
თავისთავად ცხადია, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ დაუთმო დრო ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

People&The Planet, 1996


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გია მირზაშვილი - ლექსები



ირაკლი ჩარკვიანს

კაი ხანია ვერაზე არ გამივლია.
კინოს სახლი. რიგი ტაქსების.
დაცხა. ადი ჯავახიშვილზე.
ხე დაასრულე, მიეცი ფორმა ინტენსიური,
თვალისმომჭრელი შემაწუხებლად.
ასე მძიმედ. ასე იოლად.
ამობეჭდე ლექსი. ამოღერღე სიტყვა.
შარვალი ალისფერი. ქურთუკი ყვითელი.
დავინახე მჯდომი სკამზე ჩარკვიანი ირაკლი.
ინტერვიუ აიღო, დაწერა წერილი
რადიოგოგომ ლელა ჯიყაშვილმა კვირის პალიტრისთვის,
,,მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ”.
სად არ გვიხეტიალია.
ამდენი კამათი. ამდენი ემოცია.
რამდენი ბოთლი, რამდენი ოვაცია?
კეპი. ლაბადა. პორტრეტი პოეტის.
თავს გადახოტრილს დიდხანს ათოვდა,
წავიდა თვითონ, სინათლე დატოვა.

მზედაკრული

მაშხალა ჯოჯოხეთის, გარუჯული, ჯიბეგატენილი,
წარბშეტრუსული, გადმოიზლაზნა ჯიპიდან,
შეაშრა სიფათზე ღიმილი კრეტინის.
კილო შაბლონური, სიტყვა გაცვეთილი.
მტერი მოსაშთობი, დანა გალესილი.
შენ რომ ჭკუა არ დაგიშლის, მე ფეხები ვერ მომჭამო.
ვარ სამოთხეში, გარგარი გობზე აწყვია ჭიანი.
ქვას ააგდებს, თავს შეუშვერს დეპუტატი უდღეური.
მწვერვალი ფარისევლობის - მუტანტი, გალსტუკით დაბადებული.
ნაღდად მაქვს უზურში დაბრედვა თქვენი.
ქალი - აჯილღა, კაცი - დელიბაში.
გამოსავალი რაშია? - გაყრაში.

ცხრის ნახევარი


არსებამ ხრონცმა პორტფელის ქნევით
კომუნისტის რედაქციის თაღს ჩაუქროლა.
კისერი-მორგვი. ტანი-კომოდი. ოფლი შეიმშრალა.
ივნისი ვერაზე - მისწრებაა.
ქალი შავოსანი სიგარეტს აბოლებს.
კოლოფი ყვითელი საფირმო ნიშნით.
დამქაში გააწბილა. გაასწორა მიწასთან.
სიარულს ზემელზე ვინღა დამიშლის?
გლიჯა ნაფაზი, გადახალისდა.
თვალი მოჰკრა გოგონას საჭესთან.
სათხოვარი მაქვს, ერთი ტკივილგამაყუჩებელი.
პრერიები მშრალი. ორთქმავალი. იმღერა ღირსეულად.
არ აკლია მხნეობა. გაზრდილია ლაღად.
გავიდა სცენიდან ძველბიჭურად.
კულისებში არიფმა მოსაწევი უბოძა.
დარჩი ქესატად. დადგა სეზონი მკვდარი.
- არის სიახლე რამე?
- ცხრის ნახევარი.
ქალი შავოსანი ჟურნალ-გაზეთებს ჰყიდის, აფუილებს სიგარეტს.
კიროვის ბაღში ლოთმა ბიჭებმა ჭიქა მესამე ჩაცეცხლეს.

კენტი

შეავლე თვალი არეს.
თხემი. კონტური. კვამლი.
უშფოთველობა. ცხოვრება მშვიდი.
გამონაბოლქვი. სიმღერა წყნარი.
მოგყვება ჯანი.
მოგყვება ფიქრი.
მოგყვება ჯავრი.
კაპიკად არ ღირს მოთრეული ყურით
სტრიქონი უღიმღამო.
თხემი. კონტური. კვამლი.
უშფოთველობა. სიკვდილი მშვიდი.
გამონაბოლქვი. სიმღერა წყნარი.
კოლოფი კენტის, ხონჩა, ბანანი.


26 მაისი

ოცდაექვსი ვარდობისთვე,
შტრაიკბრეხერი მწყაზარი.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
შაითან ბაზარი.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
იწვიმებს უთუოდ.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
საქმე უსარფო.

* * *

სვეს ვისკი ჯიმ ბიმი, ბელენტაინსი.
მაისის თვეში, მაისაია მამუკამ,
ხათუნა კერესელიძემ, მირზაშვილმა ნატომ.
დაგვათენდა თავზე, ქეიფი ლეგალური,
ყველი შვეიცარული, პური თალხი.
ძველია ხალხი.

ზარი

დამყვა ურჩობა.
გაისმა ზარი.
მეყარა თავზე საქმე.
გაცრუვდა იმედი.
ოცნება ახდა.
ბედნიერი ვარ,
აქ რომ ხარ.


სიტყვა

დახამხამებაში თვალის
გამოტყვრება აზრი.
შემორტყმულია ალყა.
გარღვეულია გზები.
სეტყვა. რვეული. ივნისის ოთხი.
შემოვიარე ხოხვით
ქვეყანა ყვავილების.


პაუზა

კრიზისი ჟანრის. სათვალე. ჩაი აჰმადი.
მოსაღამოვდა. უჟანგბადობა. პაუზა.
ჟანგმოდებული. ლოდინი სტუმრის.
კაბინა ლიფტის. ბოყინი შახტის.
ითვლის სატრაპი წამებს.
იცვლის მტარვალი ქალებს.


მითი

შუილი მდინარის. შარიშური, დაჭკნება ვარდი.
ედემი. გოლგოთა. მუშმულა. ბალი.
მითი გაქრება. ჩიტის რძე. ნაფაზი.
კალამი უხმარი, ფიქრი ნახმარი.
გამოიდარა.
დრო გაგყავს. აგვარებ საკითხებს მწვავეს.
ციფერბლატს დავხედე. ნომერი ავკრიფე.
ბელეტრისტი იყო გინდა, მაგრამ პოეტი გახდი.


ლამბაქი

ლამბაქი. ნასუფრალი. მარმელადი შოკოლადში.
კიტრი გათლილი. ქაღალდი ვერცხლის.
ყველი დაჭრილი. კოლოფი კენტის.
მზერა გამჭოლი. ჩრდილი კედელზე.
ნატურმორტი. ყივილი მამლის. ელექტროხერხი.
რას ჩააშტერდი? - წარწერას გამაფრთხილებელს.
თამბაქოს შემადგენლობაში შედის ნიკოტინი…
ფინჯანი. ვარდები. საღამოვდება.
ნამცეცი. დანა პირგალესილი. ბინდი.
ანარეკლი ეკრანზე ტელევიზორის. გაწვიმდა.
მოვშალე ზღუდე, გავაშავე თეთრი, მწვანე გავალურჯე.
ქალი-მზესუმზირა დავიმარტოხელე.


მკათათვე


არაყი კაქტუსის. მარილი. ჟიტანი უფილტრო. იერი თარსი.
ბებუთს ქამარში გაიჩრის. დაამთქნარებს. ხელს ჩაიქნევს.
ქალაქელ ღლავებს უშვებს და იჭერს.
ჩათლახი ბედს ეწევა. ოღრაში ჩაიღიმებს.
ვეტერანი უკბილო აცმაცუნებს ტუჩებს,
უსტარი სატრფიალო ჯიბეში ჩაიკუჭა.
ტკაცუნი კასტანიეტების მიჰყვება საქსოფონს,
ბოგანო მთვრალი ასფალტზე ბუქნაობს.
ფეხებს შეაწყობს მაგიდაზე ყოფილი დიპლომატი.
ჩამოხსნა პორტრეტი, აბსტრაქციით ჩაანაცვლა.
თარგმნის ჩინებულად, თომარობს ინგლისურად,
გაურბის რეალობას, უჩივის ჯანმრთელობას,
ლირიკოსი გახდა…
დამწვრის სუნი. ქარი ორპირი.
ქალი ერთგული, დედაჩემი, სახელოსნოში შემოდის.


გოგი ჩარკვიანს

პაპიროსი ოცი ღერი კოლოფში აწყვია მიჯრით.
ყაზბეგის ფონზე ჯიგიტი ბედაურს მიაჯირითებს.
აყირავეს. დააყუდეს. წიგნი სატრფიალო. ბუშტი ვარდისფერი.
აგურს გახვეულს გაზეთში გლიჯა ფეხი.
პოეტი. დახლზე სასმელი მწარე, სირჩა.
ფრაზებს სახიერს დავთარში ვიწერ.
გამზირი მზიანი. ჭადრები. მტვერი.
გასტრონომი. სასადილო. ღვინო არც თუ ურიგო.
,,გახსოვს მთვრალი ყმაწვილი, შეუცვლელო ზემელო?”


ძილისპირული

თვითნება, მსუნაგი. კისკისებს, ბედს ემდურის.
მოხსნის პირს გუდას, წაიღებს ყურთასმენას.
იფარავს მეგობრებს, დიეტას ვერ იცავს.
ნესტარი ბზიკის, ქმნილება ჭორფლიანი.
ეშმაკი. უშუალო. ლამაზი. ჯიგრიანი.
ქათქათა თოვლივით, მარჯვე ქორივით.
ბრძენი მოგვივით, ზოგჯერ სევდიანი.
გოგონა ლეჩხუმელი - ნესტან ჩარკვიანი.


მოგზაურობა

ჟილეტი განუყრელი. ღვინისფერი.
ავდარი დროდადრო უჩმახებს სახსრებს.
ქალი ვერელი. ვულგარული.
რომანი ბულვარული. მიღწევა საწადელი.
შენ ძმაო, მაგრად გიცხოვრია.
შექცევა ზურგის. მოქცევა ურცხვის. სასაცილოა.
ნავი ერთადგილიანი. ჯამბაზი მრისხანე.
- წამოხვალ ლონდონში? - ჰაჯან?
უბანი მყუდრო, მიუსაფარი. შევუდგი ტაშტები წვეთებს.
სიგარა მონტეკრისტო. ჰავანა. კუბა.
ბრუნავს ბორბალი პობედის.
დაბრუნდა წარსულში.
გაუვიდა ლანდი, რახტი შერჩა. შეუღრინა, გადაიხარხარა.
ყვავი-მტრედი. სახელოსნო-კიდობანი.
მონაჭორი. მონაგონი. ინციდენტი სავალალო.
სათვალის გასაწმენდი ტილო, კალმები,
ზრახვები მრავალგვარი, ამყვები?
კაბინა ლიფტის ვიღაცამ გამოიძახა.
ავდარი დროდადრო ჩაგრავს ადამიანს.
დღეს მოსალოდნელია თავსხმა.


ჭექა-ქუხილი

მხვდა წილად გოგოგვირილა.
სურათებს დღის შუქზე ვფენ.
გაგვითამამდა წვიმა. შემომეჩვიე შენ.
ნესტი. ნესტარი ბზიკის.
სახურავიდან წვეთს.
ელჭექი.
გოგოგვირილამ ქილა შეუდგა ჭერს.

მოვარჯიშე

გოგოგვირილამ გეზი ვარკეთილისკენ აიღო.
ნაცნობთან ძველთან, პარიკმახერთან,
თმის გასაკრეჭად და შესაღებად.
- ნუ მზღუდავ! მეტრო. ჟურნალი.
ხმა ნაბიჯების სახურავიდან.
სტვენა ფრინველის - მორზეს ანბანი.
ჯიბგირი. ცბიერი. მატრაბაზი.
ვიღაცამ მითხრა, ციხეში მოკლესო,
გამოხდა ხანი, ვერაზე ვნახე.
გენიოსი. სათვალე ლურჯი, მრგვალი.
ბაკენბარდი. სიმღერა მძლავრი.
სახიფათო. მოვარჯიშე. აიწონა, დაიწონა. დაინახა.
დააკვირდა: გაზრდილი აზიზად. თომარი სიაფანდი.
დედის დედა მიაგინა. გაჯი ჩამოყრილი მოგავა.
მოიშალა ლოთობა. გაველურდა.
გოგოგვირილამ პირი ვერისკენ იბრუნა.


ნოტაბენე

სიგარეტი. ნამწვი ოთხი. ბოთლი შავი. გამილოთდი?
ჭიქა თეთრი. ბზინვა დანის. ანარეკლი. გავმელოტდი.
დაუღლელი. სიტყვაძუნწი. ენამარჯვე.
გარშემორტყმულს ფშატით სამით აკვირდები ქოხმახს წითელს.
ამოზიდავ კვიპაროსებს ცისფერ ფონზე მასტიხინით.
რა გაცინებს? დაწერ ლაქებს მწვანეს ფუნჯით.
მონახაზი. ფრაზა მკვეთრი. წვეთი ყავის.
ნოტაბენე, მიაქციე ყურადღება კაცს, რომ ობლად დადის.


დავიდარაბა

ჟამთააღმწერელი. ჟესტი ხულიგნური.
ზარს გაიგონებს. ყურმილს აიღებს.
ენას უკიდებს ამფსონი, მოლაპარაკე ხატოვნად.
რამდენი წელი გავიდა ლოთობა, დავიდარაბა.
ერთი ხანობა იღვაწა ჯეელმა გაბედულმა,
შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდა.
პირში სპირტი ჩაიგუბა. გადარაზა დარაბა.
იუმორი ყავლგასული. დრომოჭმული ანდაზა.
ამნეზია, დეპრესია…
ბრძოლა ყაიმით დამთავრდა.


ზორაყი

შარვალი კუბოკრული. კაცი-ზორაყი.
ძეგლი რუსთაველის. დღეა დარიანი.
გამვლელი უღიმღამო, ქედმაღალი.
წყარო. ლომები. პიედესტალი.
ბიტლზებს უსმინა. მოატყუა თვალი.
სუბტროპიკული ზონა. ქოლგები ზოლიანი.
სწორუპოვარი გუნდი. ეპოქა მიმზიდველი.
პერსონამ დამღიანმა თამბაქო დაიბევა.
გამზირი პლეხანოვის. საკონდიტრო.
სილაღე. ოპტიმიზმი. რომანტიკა.
მოტოციკლი სათადარიგო საბურავით.
მებუფეტემ დახლქვეშ თუმანი გადაღუნა.
როლინგ სტოუნზს უსმინა. მოიტყუა თავი.
ლიანდაგს მიღმა ტალღა, გლისერი.
სპიდოლა. ფლოსტები. მალაყს გადავიდა.
პერსონამ დამღიანმა სიგარეტს მოუკიდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თემურ კობახიძე - მოგვთა მოგზაურობა საკრალურ დროში



. . . ჩვენი მგზავრობის მიზანი, ეს ჩვენი არმოსავლეთის
ქვეყანა, არ იყო გეოგრაფიული ცნება. ის იყო სულის
სამშობლო. ის მდებარეობდა ყველგან და არსად და
ყველა დრო მასში ზედროულობას ერწყმოდა. ამის
ცოდნა მე მხოლოდ წამიერად მომეცა და იმჟამად ეს
ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.

ჰერმან ჰესე, “მოხილვა დილის ქვეყნისა”



როდესაც სახარების ტრადიციულ სიუჟეტზე ახალი, ორიგინალური განცდითი შინაარსის პოეტური ტილო იქმნება, როგორც წესი, მნიშვნელობა არა აქვს ხოლმე სიუჟეტურ დეტალთა დაცვას, ან სახარების ტექსტთან მათ ზუსტ თანხვედრას. ჩვეულებრივ, ასეთი დამთხვევა ჩანაფიქრშივე გამოირიცხება, რადგანაც საერო პოეზია არც ლიტურგიის ტექსტი და არც ხატწერა არ არის. ის არც უნდა მისდევდეს სიტყვასიტყვით საღმრთო წერილს, ან საეკლესიო კანონს. მითუმეტეს, რომ სწორედ დამკვიდრებული კანონიდან გადახვევაში ჩანს ხოლმე ავტორის შემოქმედებითი კრედო და მისი სათქმელის არსი.
ალბათ ამიტომაა, რომ “თავის” მოგვთა მგზავრობის მარშრუტს ტომას ელიოტი ძალიან სპეციფიკურ გარემოცვაში და ლამის წარმოუდგენელ პირობებში წარმოსახავს: ეს რთული და წვალებით აღსავსე მოგზაურობა ზამთრის სუსხიან დღეებში ხდება. მიუსაფარ მოგვებს თავზე ათოვთ, ისინი სიბნელეში, ჭუჭყსა და სიბინძურეში, ხან შარაგზით, ხან ვიწრო ბილიკებით მოგზაურობენ, “მტრულად განწყობილი” ქალაქებისა და “ვერაგი დაბების” გავლით. მგზავრობისაგან წელგაწყვეტილი აქლემები თოვლზე ეცემიან, მექარავნეები იგინებიან და სასმელს ითხოვენ, ან გარბიან. თვით მოგვები ლამის ნანობენ, რომ საერთოდ წამოვიდნენ ამსიშორეს. ღამ-ღამობით მათ ცეცხლი უქრებათ და სუსხიან სიბნელეში მარტო დარჩენილებს, ენატრებათ შინ დატოვებული სიმდიდრე, მთის ფერდობებზე აღმართული სასახლეები და “აბრეშუმისკანიანი” ქალწულების ხელით მორთმეული შარბათი.
საინტერესოა, რომ ლექსში მგზავრობის მთელი ამ შთამბეჭდავი სურათის გარეთაა დარჩენილი მოგვთა თაყვანისცემის რეალური სიუჟეტი – ნახსენები არ არის არც აღმოსავლეთის ვარსკვლავი, არც მოგვთა შეხვედრა ჰეროდესთან, არც მათ მიერ შეწირული ძღვენი, არც ძილში მიღებული უფლის შეგონება, სხვა გზით გასცლოდნენ იერუსალიმს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყრმათა ჟლეტაზე, როგორც ამ სიუჟეტის გაგრძელებაზე. “მოგვთა მგზავრობაში” ყურადღება გამახვილებულია თვით გზაზე და იმ მიზანზე, რომელიც მასზე მიმავალ მოგვებს ასულდგმულებს. თუმცა თვით შობაც ლექსში თითქოს გაკვრითაა ნახსენები: ჰო, რა თქმა უნდა, იყო იქ დაბადება, მისი მომსწრენი ვიყავით და ეჭვი არ გვეპარებაო, ამბობს ლექსის ლირიკული გმირი:
There was a Birth, certainly,
We had evidence and no doubt.
მაგრამ თვით სახარებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა უძღოდა წინ იერუსალიმში მოგვთა მოსვლას - მათე მხოლოდ მოგვთა გამოჩენის ამბავს მოგვითხრობს. (“აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა” (მათ. 2:1-2)). ამიტომაც არის, რომ მოგვთა მგზავრობის ნაცვლად, ტრადიციული ქრისტიანული მსოფლაღ-ქმისათვის უფრო სისხლხორცეულია მოგვთა თაყვანისცემის ზოგადკულტურული ხატი, თავისი დადგენილი იკონოგრაფიითა და რელიგიურ წარმოდგენაში მკაფიოდ დამკვიდრებული ადგილით.E
მოგვნი “აღმოსავლეთით”, ანუ გადმოცემის თანახმად, სპარსეთიდან და შუამდინარეთიდან მოემართებოდნენ ისრაელს და მათ უნდა გამოევლოთ ის გეოგრაფიული სივრცე, სადაც კლიმატური პირობები საკმაოდ რბილია. ქრისტესშობისას თბილი ამინდი იდგა ისრაელშიც, რადგან მწყემსები, რომელთაც ანგელოზმა ქრისტეს მოვლინება ახარა, ბეთლემის ახლომდებარე ველზე აძოვებდნენ ცხვარს და ღამითაც ამ ცხვართან ერთად ეძინათ (ლუკა, 2:8-20).Aადრექრისტიანულ ლიტერატურაში მოგვთა სამშობლოდ არაბეთის ნახევარკუნძულიც მოიხსენიება, რის საშუალებითაც ეს სიუჟეტი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას უკავშირდება: “არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება” (ფსალმ. 71(72):10-11).
ცხადია, ზამთარი არც სპარსეთ-მესოპოტამიის გეოგრაფიულ არეალში, არც არაბეთში და არც ისრაელში არასოდეს არ ყოფილა ცივი, ან თოვლიანი და ის, რომ შობა მაინცდამაინც სიცივესთან და თოვლთან არის ასოცირებული, არა საერთო-ქრისტიანული, არამედ ჩრდილოურ საშობაო ესთეტიკაში ჩამოყალიბებული ზოგადკულტურული ხატია. Aმას ვხვდებით, მაგალითად, პიტერ ბროიგელის ტილოებში, სადაც მოგვთა თაყვანისცემა იმჟამინდელი ნიდერლანდების ზამთრის პეიზაჟის ფონზეა წარმოსახული და სადაც ქრისტესშობისას, “ბიბლიურ” ბეთლემს უხვად ათოვს. დიდთოვლობაა ბროიგელის “ყრმათა ჟლეტაშიც”, რაც იმას მეტყველებს, რომ დიდ ჰოლანდიელს და მასთან ერთად ბევრ სხვა ჩრდილოელ ფერმწერს შობასთან დაკავშირებული სიუჟეტები თოვლისა და სიცივის გარეშე ვერ წარმოედგინათ. საზოგადოდ, ჩრდილოურ რელიგიურ ტრადიციაში სულიერი სიცივე და თოვლი ისევე წინ უძღვის ქრისტეს შობას, როგორც სამხრეთულში – მზისა და სიცხისგან გადამწვარი, ძველი აღთქმის სულიერი უდაბნო. მოგვთა მგზავრობის “საკუთარ” კლიმატურ ასოციაციად ელიოტი არ ირჩევს არც მათი მარშრუტის პირვანდელ, ბიბლიურ პირობებს და არც იტალიური რენესანსის მზით გამთბარ პეიზაჟებს. მას აშკარად უფრო იზიდავს მოგვთა მგზავრობის სწორედ ეს, ჩრდილოური ინტერპრეტაცია. ნიდერლანდური ფერწერისადმი ინტერესი ელიოტს ხშირად გამოუთქვამს, გამოუყენებია კიდეც ბოსხი და ბროიგელი თავისი ლექსების ასოციაციურ ფონად, მაგრამ “მოგვთა მგზავრობა” სულ სხვა ჩრდილოელის, მე-17 სუკუნის ინგლისელ საეკლესიო მოღვაწის, ეპისკოპოს ლენსლოთ ენდრიუსის ნააზრევს ეყრდნობა. შობასთან დაკავშირებულ “სიცივის ესთეტიკას”, ცხადია, რენესანსულ ინგლისშიც იზიარებდნენ და ენდრიუსიც, ჯეიმზ I-ის წინაშე 1622 წლის წარმოთქმულ საშობაო ქადაგებაში სწორედ ზამთრის სუსხზე ამახვილებს ყურადღებას: “…ის დრო, როცა მოვიდნენ, ის წელიწადის დრო ნამდვილად არ იყო შუაზაფხული. სციოდათ, როდესაც მოდიოდნენ. წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებით, შორს სამოგზაუროდ მართლაც ყველაზე ცუდ დროს.Gგზა იყო ულევი, ამინდი მკაცრი, დღეები მოკლე, მზე თითქმის არ ჩანდა, in solsitio brumali, ამ ზამთრის სიმყინვარეში”. ასე რომ, თავისი ქადაგების ხატოვანებით ენდრიუსი ფაქტობრივად ზოგადკულტურულ ხატს წარმოსახავს. წარმოსახვითი ხედვის სიახლოვე კი ლიტერატურის “ძირითადი ნაკადის” ერთ-ერთ ნიშანს შეადგენს და მწერალთა სხვადასხვა თაობებში ერთი შეხედვით, მოულოდნელად ვლინდება. ტყუილად როდი წერდა ნორთროპ ფრაი, რომ “ლექსები მხოლოდ სხვა ლექსებიდან იქმნება, რომანები – სხვა რომანებიდან. ლიტერატურა “გარედან” არ ყალიბდება, ის თვითვე აყალიბებს საკუთარ თავს”. მაგალითისათვის, საშობაო ამინდი ქრისტინა როსეტისაც ცივ და თოვლიან, „პირქუშ შუაზამთრად” წარმოედგინა (In the bleak midwinter, frost wind made moan… („In the Bleak Midwinter“, 1872)). როსეტიზე ორნახევარი საუკუნით ადრე, “ველურ ზამთრად” (the winter wild) წარმოსახავდა შობის ამინდს ჯონ მილტონიც თავის “ოდაში” (On the Morning of Christ's Nativity, 1629). როსეტის “პირქუში შუაზამთარი” (bleak midwinter) და მილტონის “ველური ზამთარი” (wild winter) აშკარად ენდრიუსის “ზამთრის გამყინვარების” (dead of winter) თანაჟღერადია, მითუმეტეს, რომ ყველა ეს სახე ერთი და იგივე თემატური კონტექსტის ნაწილს შეადგენს, ყველგან შობაზეა საუბარი. საინტერესოა, რომ ამავე სახეს იყენებს უისტან ჰიუ ოდენიც, 1936 წელს იეიტსის გარდაცვალებაზე დაწერილ ცნობილ ელეგიაში: He disappeared in the dead of winter: The brooks were frozen, the airports almost deserted…. იგივე სახის აშკარა გამოძახილი ისმის იოსიფ ბროდსკის ელეგიაშიც, რომელიც მან 1965 წელს, უკვე თვით ტომას ელიოტის გარდაცვალებაზე შექმნა: Он умер в январе, в начале года. Под фонарем стоял мороз у входа….
თუმცა ოდენისა და ბროდსკისაგან განსხვავებით, თვით ელიოტი ფარულ ასოციაციურ მინიშნებას არ მიმართავს. ოდნავ შეცვლილი სახით, მისი ლექსის პირველსავე სტროფში უშუალოდ არის ციტირებული ენდრიუსის ქადაგების სწორედ ის ნაწყვეტი, რომელიც „ზამთრის გამყინვარებაში“ მოგვთა მგზავრობის სირთულეებს ასახავს:
A cold coming we had of it,
Just the worst time of the year
For the journey, and such a long journey:
The ways deep and the weather sharp,
The very dead of winter.
ლექსში თხრობა პიველ პირში მიმდინარეობს. ენდრიუსის „ისინი“ შეცვლილია „ჩვენ“–ით და მთელი ნაწარმოები წარმოადგენს ერთ–ერთი მოგვის დრამატულ მონოლოგს იმ შინაგან გარდატეხაზე, რაც ამ მოგზაურობამ მისსა და მისი თანამგზავრების ცხოვრებაში მოახდინა. ელიოტმა “მგზავრობა” 1927 წელს, ანგლო-კათოლიკედ მოქცევის შემდეგ შექმნა და ლექსიც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას პოეტის რთულ განცდით მდგომარეობას ასახავს. ეს განწყობილება ფსევდობიბლიურ სიუჟეტზეა პროეცირებული: მოგვთა სულიერი ძიების ფათერაკები და მათი სიმბოლური მგზავრობის ფსიქოლოგიური დაძაბულობა ლამის ფიზიკური შეჭირვების ქარაგმული ხატოვანებით არის გადმოცემული. მეორე მხრივ, ლექსი არ წარმოადგენს არც მოგვთა მგზავრობის “თავიდან მოყოლას“ და არც, მითუმეტეს, პოეტის ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდის ემოციურ დასურათხატებას. “ესაა ლექსი მოგზაურობისა და ჩასვლის, ლექსი მოქცევის შესახებ,” წერს რონალდ ტრემპლინი. “მისი ემოციური ნაკადი მძლავრად მიედინება, მაგრამ ეს მიწისქვეშა ნაკადია, მისაგნები და აღმოსაჩენი”. ესეში “იეიტსი“ (1940) ელიოტი აღნიშნავდა, რომ პოეტმა უნდა შესძლოს ინტენსიური პირადი შთაბეჭდილებისგან განზოგადებული სიმბოლური ხატის შექმნა. ამიტომაა, რომ მთელი თავისი სიმბოლურ–ასოციაციური სირთულით და მითოსური განზოგადების ლამის უნივერსლური დონით, ლექსი გამოხატავს ღვთაებრივი იდეალისაკენ ინდივიდუალური სულის სწრაფვას, ამ სწრაფვის ფსიქოლოგიურ სირთულეს, სულიერ ძიებასთან დაკავშირებულ ტანჯვას და ბოლოს - გარდატეხას, რითაც ეს ძიება სრულდება.
წმინდა პოეტიკური თვალსაზრისით, “მოგვთა მგზავრობა” ყურადღებას იპყრობს, როგორც “უნაყოფო მიწისა” და ელიოტის ადრეული პოეზიის ასოციაციური პოლიფონიიდან ემოციურად დამუხტულ, დრამატულ ერთხმოვანებაზე გადასვლა. ესაა ერთგვარი ხიდი, რომელიც ელიოტის ადრეულ პოეზიას “ნაცრისყრის ოთხშაბათის” საოცრად პირადსა და დახვეწილ რეილიგურ განცდასთან აკავშირებს. Lლექსი დაწერილია ვერლიბრით. Lელიოტს ოდესღაც ნათქვამი ჰქონდა, რომ ვერავითარი ლექსი ვერ იქნება “თავისუფალი” პოეტისათვის, რომელიც კარგი ნაწარმოების შექმნას აპირებს. მეტრული საზომის ნაცვლად, “მოგვთა მგზავრობის” რიტმი თავიდანვე ენდრიუსის ციტატის მოხმობით იქმნება, რაც ნაწარმოების ესთეტიკურ მთლიანობად გარდასახვის ერთ-ერთ ხერხს შეადგენს. მთხრობელის დრამატული მონოლოგი აზრობრივად ძალზე უშუალოა. ლამის გულუბრყვილობამდე უშუალოა დასაწყისში გადმოცემული განცდაც - მოგვი ჩივის, სულ რაღაც ხმები ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ჩვენი მგზავრობა თავიდანვე სისულელე იყო და უგუნურობაო:
With the voices singing in our ears, saying
That this was all folly.
მეორე ეპიზოდში ლექსის განწყობილება მკვეთრად იცვლება: თოვლიდან და სიბნელიდან გამოსული მოგვნი გამთენიისას მიაღწევენ “ზომიერ მდელოს”, სადაც მიმდნარი თოვლის ქვეშ “მცენარეული სურნელი” იგრძნობა, იქვე წყალი ჩამოდის და აბრუნებს წისქვილის ქვას, რომელიც “ამარცხებს წყვდიადს”. სამი ხე დგას დაბალი ცის ქვეშ და თეთრი ცხენი ველად არის გაჭრილი:
Then at dawn we came down to a temperate valley,
Wet, below the snow line, smelling of vegetation;
ლექსის მთელი ეს ეპიზოდი დახუნძლულია სახარებისა და ბიბლიის მინიშნებებით: ცივი, გაყინული სიბნელიდან გამთენიისას ველზე გამოსვლა განახლების, შობის მანიშნებელია, ამასვე მოწმობს ველის “მცენარეული სურნელი”, რომელიც ელიოტის წარმოსახვაში, ქრისტეს მცენარეული სამყაროს უძველეს გაცოცხლებად ღმერთებთან და ვეგეტაციასთან, როგორც მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოსთან აკავშირებს. ტავერნის კარი, რომელშიც მოგვნი თავშესაფარს ეძიებენ, ვაზის ფოთლებითაა მორთული (ზამთარში!), ხოლო შიგ ტავერნაში კამათელს თამაშობენ ვერცხლზე და ღვინის ცარიელ ტიკს სიმთვრალეში ფეხსა ჰკრავენ:
Then we came to a tavern with vine-leaves over the lintel,
Six hands at an open door dicing for pieces of silver,
And feet kicking the empty wine-skins...
ზერელე მკითხველმა ყველა ამ სახეში შესაძლოა არც აღიქვას (ან “ვერ გამოიცნოს”) რელიგიური ქვეტექსტი, მაგრამ არსებითად, ლექსში ოსტატურად არის გამოყენებული ის, რასაც მოგვიანებით მირჩე ელიადე ჰიეროფანიას – ყოველდღიურ,P”პროფანულ” საგნებსა და მოვლენებში “საკრალური რეალობის მანიფესტაციას” უწოდებს. იმ განსხვავებით, რომ ელიოტის “ჰიეროფანიები” საგნის აბსტრაქტულ საკრალიზაციას კი არ გულისხმობს, არამედ ასოციაციურად (ცხადია, თუ ეს ასოციაცია გაცნობიერდა მკითხველის მიერ), კონკრეტულ ბიბლიურ და სახარებისეულ სიუჟეტურ დეტალებს უკავშირდება. მაგალითისათვის, ტავერნის კარი მკითხველმა შეიძლება ჩვეულებრივ კარად აღიქვას და არა მაცხოვრის სიმბოლოდ, თუ ის არ გაიაზრებს მას, როგორც სახარების რემინისცენციას (“მე ვარ კარი. ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე 10:9)). ზუსტად ასევე, გზის, ან მოგვთა მაძიებლობის მითოლოგემა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ჩვეულებრივი გზა, ანუ გეოგრაფიულ სივრცეში ფიზიკური გადაადგილება. დაახლოებით, ეს იგივეა, რომ “უძღები ძის დაბრუნების” მხილველმა რემბრანდტის ტილოში მხოლოდ გზააბნეული ჭაბუკის შინ დაბრუნება დაინახოს და ვერ აღიქვას ის დაცემის ქვესკნელიდან ღაღადისი და ის სულის ამაღლება ღმერთთან, რაც ამ ნაწარმოების კონცეპტუალურ საფუძველის შეადგენს.
“მოგვთა მგზავრობის” მეორე ეპიზოდის მთელი სიმბოლიკა, ანუ გოლგოთის სამ ჯვართან ასოცირებული სამი ხე; თოვლის საფარქვეშ გაჩენილი სისველე (წყალი, ანუ ხსნა); იქვე მომდინარე წყლის ნაკადი, “წყვდიადის დამთრგუნველი” წყლის წისქვილი; თვით თოვლი, რომელიც ამ ეპიზოდში უკვე ქალწულ მარიამის სისპეტაკეს განასახიერებს, “გამოცხადების” თეთრი ცხენი, რომელზედაც იოანეს გამოცხადებაში ქრისტეა ამხედრებული (აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოÁ და ჭეშმარიტი (19:11-12)), ტავერნა, რომელშიც მოგვნი შ ე დ ი ა ნ (“შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა” (ფსალმ. 42:4)); ვაზით მორთული ტავერნის კარი (“მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი” (იოანე, 15:1)), ისევე, როგორც იუდას გასამრსჯელოს (ვერცხლის) ხსენება, კამათლის თამაში (ჯვარცმული ქრისტეს ფერხთით ჯარისკაცების თამაში (მათე 27:35, მარკოზი 15:24, ლუკა 23:34 იოანე 19:.24)) და Gღვინისგან დაცლილი ძველი ტიკი, რომელიც ახალი ღვინისთვის უვარგისია (მარკოზი 2:22), წინ უსწრებს როგორც თვით ლექსის, ისე სახარების მთელ სიუჟეტს, რომელიც მოგვთა მგზავრობის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ყოველივე ეს, ქრისტეს ამქვეყნიური გზის მთელი ტრაგედია, მთელი მისი via dolorosa, ქრონოლოგიურად ჯერ კიდევ წინ არის. მოგვნი ჯერ მხოლოდ მიდიან, რომ თაყვანი სცენ ახალშობილ მაცხოვარს, მაგრამ ის, რაც მომავალში უნდა მოხდეს, მარადიულია, მარადიულს კი დასაბამი ისევე არა აქვს, როგორც ბოლო. პავლე მოციქული ცხადად და არაორაზროვნად განმარტავს, რომ ქრისტე თვით ქრისტესშობამდეც მარადიული იყო: ღმერთმა გვიხსნა ჩვენ… “თÂსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუუს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა, (II ტიმოთეს მიმრთ, 1:9). “პროფანულ” სამყაროში მცხოვრები მოგვნი ვერც კი აცნობიერებენ, რომ ჯერ კიდევ გზად მიმავალნი, ისინი უკვე ქრისტეს განსხეულების მოწმენი და მარადისობის თანაზიარნი ხდებიან. ნიშნები იმისა, თუ რა მ ო ხ დ ე ბ ა მომავალში, მათ აწმყოში ეძლევათ, ანუ იმ რეალობაში, რაც მათ თვალწინ ხ დ ე ბ ა და რის თვითმხილველნი ისინი თვითვე არიან. დროთა ამგვარი აღრევა მათი მგზავრობის საკრალური ბუნებიდანდან გამომდინარეობს: მოგვთა მოგზაურობა ხდება არა რეალურ დროში, არამედ მისტიკურ, მარადიულ კონტინუუმში, სადაც ის, რაც მომავალში მოხდება, მათი თანდასწრებითაც ხდება და მათ გაჩენამდეც უკვე მომხდარიც არის, “უპირატეს ჟამთა მათ საუკუნოთა”.
თაყვანისცემის, როგორც რიტუალის, საკრალური შინაარსი, მისი კავშირი დროსთან და სივრცესთან ალბათ ისეთივე მარადიულია, როგორც გზის მითოლოგემის კავშირი საკრალურთან. უშუალო, აღქმადი ფორმით საკრალური დრო იგივე რიტუალის დროა. ელიადე აღნიშნავს, რომ “რიტუალს შესწევს ძალა, რათა პროფანული დროის დინება შესცვალოს საკრალური, არაისტორიული დროის პერიოდებით და ეს პერიოდები არ განეკუთვნებიან დღევანდელი ისტორიული დროის აწმყოს. როგორც ეკლესის შენობაა “ამოვარდნილი” დიდი თანამედროვე ქალაქის პროფანული სივრციდან, ისე მასში მიმდინარე წირვაც “ამოვარდნილია” პროფანული დროის დინებიდან. დაEეს არ არის ისტორიული დროის აწმყო, აწმყო იმ დროისა, რომელიც, ვთქვათ, ეკლესიის მიმდებარე ქუჩებში მიედინება.Eეს იესო ქრისტეს ქვეყნად მოვლინების, მისი ქადაგებების, მისი ვნების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის დროა”. მოგვთა სულიერი ძიებაც სწორედ ამ დროში ხდება, თუმცა მათი მგზავრობა რეალურ დროშიც მიმდინარეობს - ესაა ყოველდღიურ საგანთა და მოვლენათა ქრონოლოგიური დრო, რომელშიც ისინი უბრალოდ, გზას ადგანან - აღმოსავლეთიდან ბეთლემს მიეგზავრებიან და ბოლოს შინ, თავ-თავიანთ სამეფოებში ბრუნდებიან. სწორედ ესაა ridiculous the waste sad time stretched before and after – საკრალურის “გარეთ” გაწელილი “სასაცილო, უაზრო და სამწუხარო დრო” (“ოთხი კვარტეტი”), ანუ “პროფანული” დროის ის მონაკვეთი, რომელიც მოგვებს სჭირდებათ თავიანთი გეოგრაფიული მგზავრობის გასახორციელებლად. Mლექსის ყველა გამომსახველობითი საშუალება იქითკენაა მიმართული, რომ გამოჩნდეს ამ დროის და მისი რეალიების ილუზორულობა, რომლებიც მოგვებმა თავიანთი სულიერი ძიების გზაზე უკან მოიტოვეს (სიმდიდრე, სასახლეები, შერბეთის მომრთმევი ქალწულები და ა.შ.). პოეტიკურად, ლექსი ისეა დალაგებული, რომ უშუალო აღქმაში მკითხველს მხოლოდ “პროფანულ” დროში მოგვთა მგზავრობის სიუჟეტი ეძლევა. წაკითხულის ჭეშმარიტ აზრსა და “ზედროულობის” ეფექტის აღქმას ის მხოლოდ ნაწარმოების მრავალგზის გააზრებისა და წარმოსახვაში მის სახე-სიმბოლოთა სინთეზირების შედეგად მოახერხებს. წარმოახვისა და აღქმის ერთიანობა, რომლის გარეშეც მხატვრული ნაწარმოები უბრალოდ, ვერ შედგება, აქ მკითხველისგან განცდით-ინტელექტუალურ სიმწიფესა და სახეთა ასოცირების სერიოზული უნარს ითხოვს.
Aამგვარად, მოგვთა რეალური გზა ესაა საკრალური გზა, გზა ღმერთთან ერთობისა, სადაც დრო ერთდროულად მყისიერი და მარადიულია, რადგან ამაღლებული, მისტიკური გაგებით, თვით ქრისტეც პერსონიფიცირებული გზაა: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე,” აუწყებს ის მოციქულ თომას (იოვ. 14:5). საკრალურ, მყისიერ-მარადიულ კონტინუუმში, რომელიც “ყოველთვის აწმყოა”, მოგვნი დასაბამიდანვე ქრისტესთან არიან, მათ სულიერ გზას ისევე არა აქვს განვლილი და გასავლელი მანძილი, როგორც საკრალურ დროს – წარსული და მომავალი. “საკრალური დრო”, წერდა ელიადე, “წარმოადგენს… მარადიულ მითოსურ აწმყოს, რომელიც რიტუალის მეშვეობით რეინტეგრირდება. მორწმუნე ადამიანი არ ცხოვრობს მხოლოდ იმ დროში, რომელსაც ჩვენ ისტორიულს ვუწოდებთ, ის ყოველთვის ესწრაფვის, რათა აღიდგინოს და გაითავისოს საკრალური დრო, რომელიც გარკვეულწილად, მარადისობის იდენტურია”. ეს დრო ყველა დროს შეიცავს, ის “ერთდროული” და, მაშასადამე, სივრცობრივია, ანუ სივრცედ ქცეული დროა. ამგვარი “დროის სივრცედ ქცევა” საუკუნეთა მიჯნის ევროპული მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ, მოდერნიზმის ლიტერატურულ ესთეტიკაში წარმოჩინდა: L”თანამედროვე ლიტერატურაში “ისტორიული წარმოსახვა გადაიქცა მითოსად, რომლისთვისაც ისტორიული დრო არ არსებობს,” წერდა 1946 წელს ჯოზეფ ფრანკი. “მითოსის ეს ზედროული სამყარო ქმნის თანამედროვე ლიტერატურის საერთო შინაარსს, რომელიც თავის ესთეტიკურ გამოხატვას სივრცობრივ ფორმაში ჰპოვებს”. დასაბამს დროის სპაციალიზაცია ჯერ კიდევ ვაგნერის მუსიკალურ დრამაში იღებს, არა მხოლოდ მუსიკალური ფორმის, არამედ სიტყვიერი დეკლარაციის სახითაც: “გაჰყევი ამ ბილიკს, აქ დრო იქცევა სივრცედ”-ო, აუწყებს გუნემრანცი გრაალის მაძიებელ რაინდს პარციფალს ცნობილ “სამნაწილიან საზეიმო სასცენო მისტერიაში”.
ამგვარად, ”მოგვთა მგზავრობაში” მკაფიოდ არის გამოკვეთილი სამი მითოპოეტიკური ელემენტი: გზა, დრო და სივრცე, რომელთა სინთეზი ლექსის შეკრულ მხატვრულ სამყაროს, მის მითოპოეტიკურ ქრონოტოპს წარმოქმნის. ამათგან გზის მითოლოგემა პოეტიკური თვალსაზრისით განმსაზღვრელია: ტოპოროვის თქმით, “არა მხოლოდ ტოპოგრაფიული, არამედ საკრალური ობიექტებით კონსტრუირებული… გზა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დროისმიერსა და სივრცობრივ კლასიფიკატორს, ანუ... დროის “სპაციალიზაციის” მოდელს”. მითოპოეტიკურ ქრონოტოპოსს, ამ ჰერმეტულად დახშულ მითოსურ სივრცეს, სადაც დრო ყოველთვის აწმყოა და მარადიული პროცესები უჩვეულო ინტენსიურობით მიმდინარეობს, ელიოტი სხვა ნაწარმოებებშიც იყენებს. ამის საუკეთესო მაგალითებია მისი 20-იანი წლების ლექსები, “უნაყოფო მიწის” მონუმენტური მითოსი და რაც მთავარია, “ოთხი კვარტეტი”, როგორც რიცხვისა და მუსიკის პოეტიკაზე დაფუძნებული ქვეყნიერების მხატვრული მოდელი.
“მოგვთა მგზავრობის” გმირის - “მთხრობელი” მოგვის ძირითადი მახასიათებელია მისი მაძიებლობა, რომელიც სწორედ ამ სპაციალიზებულ, საკრალურ დროში ხორციელდება. ძიებისა და მაძლიებელი გმირის მითოლოგემა, როდესაც ის ნაწარმოების ხატოვან სტრუქტურას უდევს საფუძვლად, ნათლად გამოხატავს მოგზაურობის მაგისტრალური სიუჟეტის ფასეულობით ასპექტს: ძიება ლიტერტატურაში ყოველთვის ზნეობრივ ფასეულობათა ძიებაა, ხოლო მაძიებელი გმირი ყოველთვის ზნეობრივ ფაულობათა მაძიებელი გმირია. საგულისხმოა, რომ მოგვი, როგორც “პროფანული” სამყაროს მკვიდრი, მთელ ამ მისტერიაში თითქმის გაუცნობიერებლად არის ჩართული, ღვთაებრივი საწყისის ძიება თითქოსდა მისდაუნებურად მიმდინარეობს. F ჰესეს მევიოლინეს მსგავსად, რომელიც აგრეთვე საკრალურ სივრცე-დროში მოგზაურობს და მხოლოდ მის “გარეთ” აღმოჩენისას აცნობიერებს, თუ რა გადახდენია თავს (“მოხილვა დილის ქვეყნისა”), მოგვს გზის დასასრულამდე აეჭვებს თავისი მისიის მიზანი. რამ გამოგვატარა მთელი ეს გზა, რა იყო ეს ბოლოს და ბოლოს, დაბადება თუ სიკვდილიო, კითხულობს ის ლექსის ბოლო ეპიზოდში:
…were we led all that way for
Birth or Death?
ერთგვარი გულუბრყვილობა, რომელიც აშკარად ჩანს მოგვის მონაყოლში, ჯერ კიდევ “უნაყოფო მიწაში” ასახული მაძიებლური ლიტერატურის (Quest Literature) ტრადიციის გამოძახილია. როგორც თომას მანი აღნიშნავდა “თავის” მაძიებელ ჰანს კასტორპზე საუბრისას, თვით ამ ტრადიციის ყველაზე ტიპიური გმირის, პარციფალის სახელიც ეტიმოლოგიურად “გულუბრყვილოს” ნიშნავს. თუ ძიების მითოლოგემას (Mythical Quest) ნაწარმოების გამომსახველობით საშუალებათა ღერძად აღვიქვამთ და არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკურ სქემად, წარმატებულ ძიებას ყოველთვის ზნეობრივ ფასეულობათა აღდგენა მოსდევს, ან საკრალურთან ზიარება, ან ის სულიერი ამაღლება და გასხივოსნება, რომელსაც ელიოტი “ოთხ კვარტეტში” Erhebung-ად მოიხსენიებს.
მოგვთა მიერ განხორციელებული ძიების მნიშვნელობა ლექსის გმირს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, უკვე პროფანულ დროში და თავისი სამეფოს პროფანულ სივრცეში დაბრუნებულს გაეხსნება. თუ “უნაყოფო მიწაში” ტირესიას (გრაალის პაროდიული რაინდის) ძიება თავიდანვე განწირულია და უშედეგოდ მთავრდება, “მოგვთა მგზავრობაში” გმირი აღწევს მიზანს და ეს გასხივოსნება მის ცნობიერებაში ისევ საკრალური სივრცე-დროის გაელვების სახით ხორციელდება. მოგვი ნამდვილად ხდება ეიპფანიის მოწმე, მაგრამ მომხდარის ჭეშმარიტობას ის მხოლოდ ემოციურ დონეზე აღიქვამს. მას არ ძალუძს ღვთის გამოცხადების ინტელექტუალური გაცნობიერება, რადგან ის თავისი დროის პირმშოა, ის „დროისმიერია”, ხოლო „გაცნობიერება დროში არყოფნას ნიშნავს” (“ოთხი კვარტეტი”). მოგვს ვერ გაუგია, თუ როგორ, რა გზით შეიცავს უზენაესი Causa Sui დაბადებისა და სიკვდილის იდენტურობას. ადრეც შევსწრებივარო, ამბობს ის, დაბადებას და სიკვდილს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ისინი სხვადასხვა იყო:
I had seen birth and death,
But had thought they were different...
მოგვი ვერ აცნობიერებს იმას, რომ საკრალურ დროში, ანუ სიტყვის ხორცად ქმნის დროში, იმ მარადიულად აწმყო მომენტში, რომელიც “დროშიც არის და მის გარეთაც”, დაბადება და სიკვდილი მისტიკური თვალსაზრისით იდენტურია. Aანგლიკანურ (და არა მხოლოდ ანგლიკანურ) თეოლოგიაში ისევე, როგორც ჯონ დონის გვიანდელ, სააღმსარებლო ლირიკაში, დაბადება-სიკვდილის დიქოტომია მარადისობით დაიძლევა. სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ცხოვრებისათვის დაბადება:
One short sleep past, we wake eternally,

And death shall be no more;

death, thou shalt die.
(Holy Sonnet X)
სწორედ ასეთ სიკვდილს (ანუ მარადიულ სიცოცხლეს) ნატრობს მრავალი წლის შემდეგ თავისი სამეფოს პროფანულ სივრცე-დროში დაბრუნებული მოგვი, სადაც მისთვის უკვე უცხოდ ქცეული ხალხი “თავიანთ ღმერთებს ებღაუჭება”. ის ისევ საკრალური დროისკენ, ისევ მარადისობისკენ მიილტვის, რადგან პროფანულ დროში დაბრუნებულს, ისევ ზეარსთან ერთობა ენატრება:
I should be glad of another death. .
თუმცა სიკვდილსაც მოხუცი მოგვი ისევ გაუცნობიერებელ, ემოციურ დონეზე ნატრობს. ის ბოლომდე ვერ გარკვეულა, თუ დიდი ხნის წინ, ვისი დაბადება-სიკვდილის მოწმედ ყოფნა არგუნა ღმერთმა. შობის თითქოს-და ჩევულებრივ ფაქტად მოხსენიება (“ჰო, რა თქმა უნდა, იყო იქ დაბადება...”) და იმის ხაზგასმა, რომ “ჩვენ ამის მტკიცებულება გვაქვს და ეჭვი არ გვეპარება” იქნებ დაეჭვებას არც შეიცავდეს, მაგრამ თვით მისტერიის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გააზრებას ნამდვილად გამორიცხავს. მოგვის ეს ორგვარი განწყობილბა, ერთი მხრივ, მგზავრობის დანიშნულებით გამოწვეული აღმაფრენა, ხოლო მეორე მხრივ, მომხდარის გულრწფელი ვერგაცნობიერება, გარკვეულწილად, თვით ელიოტის შინაგან მერყეობას ასახავს. როგორც ჩანს, თვით ელიოტმაც, როგორც ახლადმოქცეულმა ანგლოკათოლიკემ, ღვთის განკაცება იმჟამად ბოლომდე ვერ იწამა და ეს განცდა, როგორც ყოველთვის, ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილში უკიდურესად განაზოგადა. სათქმელის უნივერსალიზაციის მიზნით, ელიოტი წარმართული მითოლოგიის ასოციაციურ სახეებსაც იხმობს და ძიების ქრისტიანიზებულ მითოლოგემასთან ერთად, თავის ნაწარმოებს გარდაცვალება-მკვდრეთით აღდგომის არქაულ მითოსს აფუძნებს. ლექსში ხსნის თემატიკა სწორედ თოვლქვეშ აღმოცენებული მცენარეულობის სიმბოლური სახით იხსნება. თავისი შემოქმედების ამ რთულ, შინაგანი ეჭვებით აღსავსე, გარდამავალ პერიოდში ელიოტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ “მოგვთა მგზავრობის” მხატვრული სტრუქტურა, ზამთარში ქრისტეს შობისა და გაზაფხულზე მისი მვდრეთით აღდგომის თემა კიდევ ერთ “საბუთს” - მცენარეული სამყაროს მოკვდავი და გაცოცხლებადი ღმერთების არქაულ მითოლოგიას ეფუძნებოდეს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ერეკლე დეისაძე - 99


1.

ისინი ქალაქის ერთ-ერთ პროვინციულ კლუბში გავიცანი. მათი სახელებიც კი მახსოვს, ნუცა, თაკო და ნატა. პირველად ამ უკანასკნელს გამოველაპარაკე. საოცარი წვივები ჰქონდა. დავინახე თუ არა, სხეულის ყოველი უჯრედით ერექციაში ჩავიძირე. ეს არ იყო არც გადამეტებული სიმთვრალის და არც ექსტაზის დამსახურება, რომელმაც იმ დღეს ბოლო მომიღო.
ხშირად მიფიქრია, რომ არა ის სამი ალქაჯი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა სხვისი მოწყენილობა შენი მხიარულების მიზეზია. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჩაიდინოს რაიმე ამორალური, რათა საკუთარ ძალებში დარწმუნდეს.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად მოხდა. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით გადაწყვიტეს მილიარდობით მამაკაციდან მაინცდამაინც ჩემი ამორჩევა, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიურგერი, რომელიც ემის გაჟიმვაზე ოცნებობს. ემი ჩემი დის სახელია და იგი ბავშვობაში განგებამ ქვედა კიდურების ამპუტაციით დაასაჩუქრა. ემი ბალიშს ჰგავს, ინვალიდის ეტლზე დაგდებულ ბალიშს, ოღონდ ხელებიანს. მის ადგილას თავს უბედნიერეს ადამიანად ვიგრძნობდი, ვინაიდან იგი არ დგას ისეთი ყოველდღიური საფრთხის წინაშე, როგორიცაა ქუჩის გადაკვეთა. მას არ სჭირდება ფრჩხილების მოჭრა, ფეხსაცმლის მაღაზიებში წანწალი და სხვა უამრავი რამ, რაშიც ბევრი დრო და ფული იხარჯება. ემის არასოდეს გააყოლებენ თვალს ანანისტი ბიჭები და არასოდეს ინატრებენ მასთან ჟიმაობას. მისდამი ჩემი დამოკიდებულება კი თანაგრძნობაა, ყველაზე დიდი და გონივრული თანაგრძნობა. რაოდენ ამორალურიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს ჩანაფიქრი, მასში მაინც არსებობს სიკეთისა და ბედნიერების მარცვლები.
ის ახლა სახლშია, ინვალიდის ეტლზე დევს და შესაძლოა, თვითმკვლელობაზეც ფიქრობს.
სამაგიეროდ, არ ვიცი, რას ფიქრობს ნატა, თვალებში ჩაციებით რომ მიყურებს და თავის ორ მეგობართან ერთად ელის ჩემს პასუხს კითხვაზე:
,,მაქვს, თუ არა სპერმა?’’
- რაში გჭირდებათ?
- საინტერესო შეკითხვაა – ამბობს ნუცა და თაკოს თვალს უკრავს.
- მე ავუხსნი – ჩურჩულებს ნატა.
მსგავს სიტუაციებში ყოველთვის თავშეუკავებელი ვხდები. ამჯერად კი ცნობისმოყვარეობა ყველაფერზე წინ დგას. ადამიანებს ეს თვისება რომ არ ჰქონდეთ, სამყარო ბევრად სხვანაირი იქნებოდა.
- მოკლედ, ჩვენ უშვილო დედების არშემდგარი სექტა ვართ.
როგორც ჩანს, ისეთ სიფათს ვკერავ, თვითონვე ხვდება, რომ თხრობის ფორმა უნდა გაამარტივოს და უფრო გასაგებ ენაზე ამიხსნას მათი ინტერესის საფუძველი.
თაკო დახმარებას ცდილობს და სიტყვას ართმევს.
- აქ რელიგია არაფერ შუაშია, სექტას პირობითად ვგულისხმობთ, რადგან საუბარია იმ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტზე, რომლიდან გამომდინარეც ვერასოდეს დავფეხმძიმდებით და ვერც შვილს გავაჩენთ.
მინდა გული ამიჩუყდეს, თუმცა არ გამომდის. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება ტრაგიკული მომენტი. ასეთ დროს მარტოობა ორმაგად ამძაფრებს ტკივილს, მაგრამ როდესაც ხვდები მეორე ადამიანს, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას, აქ ხდება გაერთიანება და ტრაგედიის კომედიად ქცევის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე თვითმკვლელობაზე ფიქრი.
კარგი იქნებოდა, ინვალიდთა კავშირი რომ არსებობდეს, მაშინ ემი აღარ მოიწყენდა. წარმოიდგინეთ ათეულობით ინვალიდის ეტლი და მათზე დადებული ცოცხალი ბალიშები, რომლებსაც ხელები აქვთ და მეტყველება შეუძლიათ.
დღესდღეობით მსოფლიოს პრობლემა უნდობლობაა. გაერთიანება ნებისმიერ საკითხშია აუცილებელი, რათა ადამიანს ბევრი ფიქრის დრო არ ჰქონდეს, სწორედ ფიქრია თითოეული ჩვენგანის უბედურების საწყისი.
ჩემს შემთხვევაში კი, ჯობია ინსტიქტს მივყვე.
- მე რაში გჭირდებით?
ნუცა ჩუმად ზის. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. იგი გარემოს აკვირდება და შემდგომ მის გაანალიზებას ახდენს. აცვია შავი ელასტიკი, რომელიც ორმაგად მიმზიდველს ხდის, ჭკუას კარგავს ტინტო ბრასის ფილმებზე... ცხოვრების დევიზი: ,,დაიმონე მამაკაცი”.
- ჩვენ შენი სპერმა გვჭირდება – ამბობს ნატა – ერთი კვირის წინ, თაკოს მეტად უცნაური ხილვა ჰქონდა, უშვილო ქალების მფარველი ქალღმერთი გამოეცხადა. ეს არ იყო მოჩვენება ან სიზმარი, ეს იყო ხილვა, სადაც მან დავალება მიიღო.
- რა დავალება?
- მზის ამოსვლამდე, სამივემ ერთი და იგივე მამაკაცის სპერმით კბილები უნდა გამოვიხეხოთ.
გული არ მერევა. პირიქით, ყოველთვის მიზიდავდა მსგავსი რიტუალები, ამჯერადაც დაუოკებელი ინტერესი მკლავს და ნელ-ნელა ვხურდები.
- და შედეგი?
- არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ვიცით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება და ჩვენი ცხოვრების აზრიც გაორმაგდება...
- მე რატომ ამირჩიეთ?
- იმიტომ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო. როცა დაგინახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ შენ შეგიძლია დავალების შესრულებაში დაგვეხმარო.
- გამოდის, რომ ინტუიციას ეყრდნობით?
- ინტუიციას არა, უფრო რწმენას - ჩურჩულებს ნუცა.

2.

როცა თინეიჯერი ხდები, შეუძლებელია შურისძიების აუცილებლობაზე არ დაფიქრდე. სამყაროსთან ომის მოგება არცთუ ისე იოლია, მაგრამ შანსი გეძლევა, გამარჯვების კვარცხლბეკზე ერთხელ და სამუდამოდ ახვიდე და შუა თითი აწიო. ეს უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება. მთავარია გჯეროდეს, რომ ყველა ანდაზა მცდარია, ყველა მითი სიცრუეა, ყველა ზღაპარი, რომელსაც მშობლები ძილის წინ გვიკითხავდნენ, ნეხვის ჭამაა და სხვა არაფერი. ესაა მცდელობა, შევურიგდეთ სამყაროს, რომელსაც ისტორიისა და რელიგიის ბინძური ნიღაბი აქვს აფარებული, რათა მისი ნამდვილი სახე არ დავინახოთ. როცა ეჩვევი გვირაბს, რომელშიც მხოლოდ სიბნელეა, მოულოდნელი მზის შუქი თვალებს გტკენს და ასეთ დროს სახეზე ხელს იფარებ, ძილის წინ წაკითხული ყოველი ზღაპარი ბნელი გვირაბის გაგრძელების მცდელობაა, ეს კი საკმარისზე მეტი მიზეზია, შურისძიება მშობლებიდან დავიწყოთ...
არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში... აბაზანაში ბანაობისას, მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც შესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. იგივე საპნით კი, მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ინცესტია. და მაინც, ამ ყველაფერს მივესალმები, როგორც დაიკოს ფარულ მასტურბაციებს, რომლის წარმოდგენისას სიცილისგან შარვალში გამდის.
ალქაჯებს მომდევნო შეხვედრის დეტალებზე ვუთანხმდები, სანაცვლოდ სამივე მათგანი ჰაეროვან კოცნას მჩუქნის. შინ გამთენიისას ვბრუნდები. ემი ტელევიზორს უყურებს. ჩემს დანახვაზე ყვითელ კბილებს შუქნიშანივით ანთებს და ქრისტეს პოზას იღებს. ორჯერ მკოცნის. მე - არცერთხელ. ძალით ვუღიმი, რადგან ღიმილის მიზეზი არ მაქვს: წინ სამი არც თუ ისე მარტივი მისიის შესრულება მელის. სამი ონანიზმი, სამი ორგაზმი და სამი ალქაჯის ანთებული გული. ეს უკვე არ არის ხუმრობა საქმე.

3.

,,ჯობდა რამე სხვა ვყოფილიყავი, რამე ისეთი, რასაც ინსტინქტები არ აქვს, თუნდაც მსხვრევადი. ყველას სამაგიეროს და სიამოვნების სურვილი ამოძრავებს. ძალიან ზედაპირული და ბუტაფორიულია ეგ ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი” - ეს თაკოს სიტყვებია, ესემესით მონაწერი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რისი თქმა სურდა, თუმცა რა აუცილებელია, ყველაფერი დაზუსტებით ვიცოდეთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.
თაკო: დაბადების ადგილი - ევრაზია. აღმსარებლობა – გაურკვეველი. სიმაღლე – საშუალო. წონა – 50-ზე მეტი და 100 კგ.-ზე ნაკლები. აქვს მოკლედ შეჭრილი კარე, უყვარს სიგარეტი, ტომ იორკი და მშობლები, უსმენს pj Harvey-ს. უცნაური თვისება: ყოველ დილით იხეხავს კბილებს.
პირველი მისია მზის ამოსვლამდე შევასრულე, ზუსტად ერთი საათის წინ. საგულდაგულოდ ჩაკეტილ სააბაზანოში, ოცი წუთის განმავლობაში ვაწვალებდი საკუთარ სირს, რომელიც გენერალივით გაიმართა წელში და ამაყი იერით ჩახედა მინის პატარა ქილას. შემდეგ უზრდელი ბავშვივით ჩააფურთხა შიგნით და ისევ მოითენთა.
პროცესს თან ახლდა ძლიერი შთაგონება, ნატას წვივების სახით.
ეს საუკეთესო ონანიზმი იყო ჩემს ცხოვრებაში.

4.

რეალობა მხოლოდ თვალებიდან აღიქმება, შინაგანი სამყარო ხშირად ამისთვის მზად არ არის. ამას ავარია ჰქვია, ინდივიდსა და გარე სამყაროს შორის შეჯახება. აი, რატომ აქვთ ადამიანებს გახრილი წამწამები. ჩვენ ხშირად ვქოლავთ საკუთარ სურვილებს და ინსტინქტებით ვებრძვით თვალებიდან აღქმულ რეალობას.
მე ჩემი რეალობა მაქვს, რომლიდან გამომდინარეც დღეს ნატას უნდა შევხვდე და ძღვენი მივართვა. შეხვედრის ადგილი დიდი ქართველი მწერლის ძეგლია.
ტრანსპორტი გაჭედილია. ახლა დაიწყება რხევები და სექსის უხეში იმიტაციები. ასეთ დროს, საჭესთან მჯდომ ღმერთზე ვფიქრობ, რომელიც დიდი ხნის დაუბანელი და მოუწესრიგებელია. ღმერთს პირობითად ვგულისხმობ, რადგან ათეულობით სუბიექტის სიცოცხლე, მოცემულ მომენტში, ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ყოველი მგზავრისათვის უცნობია მისი სულიერი თუ ფსიქიკური მდგომარეობა. მას შეუძლია ერთი არასწორი მოძრაობით ყველანი ჩაგვაძაღლოს. ასეთ ფაქტს კი, უმალ ტერორისტულ აქტად ან მსგავს სისულელედ მონათლავენ მავანი თანადედამიწელები.
ღმერთმა შემიბრალა, უფრო მეტიც, იგი იმდენად კეთილი და გულთმისანი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მგზავრობის საფასურს დასჯერდა.
რაც შეეხება ნატას, ის უხეშად ლამაზად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, ნიუტონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მიზიდულობის ახალ კანონს აღმოაჩენდა, ვინაიდან იმ მომენტში მას დედამიწაზე მეტი ძალა ჰქონდა.

5.

ძღვენი მივართვი...
დიდხანს არ გვისაუბრია. შეხვედრა, ძირითადად, რამდენიმე კითხვა-პასუხით შემოიფარგლა. ამ მცირე დროის განმავლობაში, ოთხჯერ გამეპარა მზერა მისი ძუძუებისკენ და ოთხივეჯერ ამიდგა. ნატამ სამჯერ შეამჩნია უბეგამობურცული შარვალი და სამივეჯერ ხუთი კბილი გამოაჩინა.
ორივე ბედნიერი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბედნიერების ათვლის წერტილი ის ადგილია, საიდანაც სხვების უბედურება იწყება.
წასვლამდე ძეგლს უყურებს და მეკითხება, მომწონს თუ არა ჩვენს ზემოთ აღმართული მწერლის მოთხრობები. მე ვპასუხობ, რომ “99” ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა.
ნატა თვალს მიკრავს და ტაქსს აჩერებს.
“ღმერთთან პირისპირ” - ვეუბნები საკუთარ თავს და სიგარეტს ვუკიდებ.

6.

მცირე ლირიული გადახვევა

ეს არის ომი. ორ ტირანს შორის. ერთს იმდენად მოსწონს მეორეს სამყარო, რომ ყველა გზით ცდილობს მისი ინტეგრაცია მოახდინოს თავის სამყაროსთან, რათა ორივეზე გაბატონდეს - აი, რას ეძახიან სიყვარულს ინტელექტუალი სირები, რომელთა უმრავლესობა დღეს შავი სამოსითა და გამჭვირვალე ფერადი სათვალეებით დადის ელიტურ ტუსოვკებზე, კითხულობს ბესტსელერად ქცეულ წიგნებს, გადაჭარბებული დოზით ღებულობს ყავასა და სიგარეტს, თესავს ჭორებს, იმკის სტატუსს, ყოველდღიურად იბეჭდება ბულვარულ ჟურნალებში. სამყაროს კიდევ ერთხელ რომ შეახსენოს საკუთარი არსებობა, საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, ცხოვრების უსამართლობაზე და ღმერთზე. იხსენებს მძღნერში გათქვეფილ ვითომდა უმწიკვლო წარსულს, მონაწილეობს სატელევიზიო შოუ-გადაცემებში, წარბშეუხრელად გიკითხავს მორალს პირდაპირი ეთერით, გაძლევს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვრო და თუ მეხსიერებამ არ უღალატა, ორიოდე სიტყვას უცხო სიტყვათა ლექსიკონიდანაც მოიხმარს...
შეიძინეთ ყვითელი პრესა! უთხარით “არა” ტუალეტის ქაღალდს! დაიცავით ბუნება!

7.

ნუცა კოკაინთან მეგობრობს. მე - ქრისტესთან. ქრისტე ცაში ცხოვრობს, ნუცა - დედამიწაზე. ქრისტემ სისხლი ჩვენი ცოდვებისთვის დაღვარა. ნუცამაც დაღვარა სისხლი, ოღონდ ეს ასაკის გამო მოხდა, ვინაიდან ნუცას სხვისი ცოდვები არ აინტერესებს. სანაცვლოდ, აინტერესებს ახალი გზები ერთადერთი მიზნისთვის: რაც შეიძლება მეტი მამაკაცი ოცნებობდეს მის გაჟიმვაზე. ნუცას შემთხვევაში, ეს არც ისე რთულია, რადგან როცა ძუძუები ასაკს წინ უსწრებს, ყველაფერი თავისით ხდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ღამით (მხედველობაში მაქვს მეორე მისიის შესრულება) რამდენიმე საათით მეც დავუმეგობრდი კოკაინს. ეს ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მოხდა, სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო, თუ არ ჩავთვლით ჩართულ ტელევიზორს, რომელიც კუთხეში იდგა და ტექნოკრატიის ეპოქაში ადვილად იკისრა ახალი ადამიანის როლი.
სანამ მაგიდიდან ფხვნილს ვყნოსავდი, ნუცა ტელევიზორის შუქზე დაკვირვებით ათვალიერებდა სპერმას...
რამდენიმე წუთის შემდეგ, სხეულში ცვლილებები დაგვეწყო. ნუცას ხელი საცვალში ჩაეყო და თითებით ბოქვენის კანს ისრესდა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და კატის კნუტივით კრუტუნებდა. თითოეული მისი ამოსუნთქვა ჩემში თანდათან აღვიძებდა მიძინებულ ცხოველს. თითები თმებში შევუცურე და მთელი ტანით მოვზიდე. ნერწყვით შესველებული სირი თავისუფლად მოძრაობდა მის ღრძილებს შორის. გადავწყვიტე კლიტორი მომეწუწნა. ფეხები გავაშლევინე და თმის ხვეულებზე ენა ავუსვი. ეს ნუცასთვის ახალი განზომილება იყო, რადგან იგი მთელი სხეულით თრთოლდა, როცა ენის წვერი ღრმად შევუყვანე ვარდისფერ ჭრილში. ენის შემდეგ კი, მისივე ნერწყვით შემაგრებული ჩემი სირი გზასაცდენილი მატარებელივით მიემართებოდა ნუცას გვირაბში. ყოველი ბიძგის დროს მხურვალე ჰაერს სახეში მაორთქლებდა. დროდადრო პირის ღრუში ვეჭრებოდი და საკუთარი პენისის გემოს ვგრძნობდი.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი და ერთდროულად გავათავეთ...

8.

ბოლო დროს, კოვზებსა და ჩანგლებს ტარზე შარდის სუნი ასდით. ეს ხდება იმ პერიოდში, როცა შინ არ ვარ და ჩემი დაიკოს ფანტაზია უსაზღვროდ ფართოვდება, ისევე როგორც მისი სწორი ნაწლავი და მიმდებარე ორგანოები. ამ დილით ერთ-ერთი ჩანგლის ტარზე სისხლის კვალიც კი აღმოვაჩინე. შინ ვეღარ ვსადილობ. თითოეულ ნივთს ეჭვის თვალით ვუყურებ. ყველაფერს, რასაც მოგრძო ფორმა აქვს, ჯერ დეტალურად ვსწავლობ და შემდეგ დანიშნულებისამებრ ვიყენებ. ტელევიზორის პულტი, ტელეფონის ყურმილი, სახატავი მარკერი... საკვები პროდუქტებიდან: ძეხვი, კიტრი, სტაფილო და ა.შ. და ა.შ. მეტროთი მგზავრობის დროსაც კი, მხოლოდ ზემოხსენებულ პროცესზე ვფიქრობ. შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო. უფრო მეტიც, მომენტალურად სურვილიც კი მიჩნდება, ფეხზე გიჟივით წამოვხტე და თანამგზავრებს ვაუწყო: ,,მავანო თანაქალაქელნო, ეს გვირაბი სინამდვილეში ჩემი დის სწორი ნაწლავია, ხოლო ჩვენ მეტროს ვაგონში კი არა, ტელევიზორის პულტში, ტელეფონის ყურმილში ან სახატავ მარკერში ვიმყოფებით-მეთქი...”.
აი, როგორ მიდის თანამედროვე ადამიანი ფსიქიურ აშლილობამდე...

9.

დილის ათი საათია. მაღვიძარა ყურში ჩამწუის. საბნისგან ხელის ერთი მოქნევით ვთავისუფლდები. ჩაცმას არ ვჩქარობ. ფანჯარას ვაღებ. ოთახში ცივი ჰაერი შემოდის. როგორც ჩანს, ემიმ გაიღვიძა. მისი ოთახიდან შოპენი ისმის, სამზარეულოს იატაკი ნესტიანია. იძულებული ვხდები ჩავიცვა..
ყავა მზადაა...
დღის გეგმაც მზადაა...
მინის ცარიელი ქილაც და, რა თქმა უნდა, მეც.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შოპენის მუსიკაზე ოდესმე დაგინძრევიათ? ალბათ ასეთ დროს ამბობენ: “მაქსიმალური შედეგი, მინიმალურ დროში”.
დღეს ჩემი მისია იწურება, თაკოს მაკდონალდსში ვხვდები...
მაკდონალდსი არის დაწესებულება, სადაც ყველანაირი რჯულის ხალხს შეხვდებით. შესაძლოა არ გიყვარდეს ამერიკა, მაგრამ გიყვარდეს მაკდონალდსი. ამ დაწესებულებაში უმეტესად სქელტრაკა სუბიექტები იკვებებიან, კოხტაპრუწა გურუები, მეშჩანი მანდილოზავრები და შვილები მათი...

10.

ცა ვარსკვლავებით არის სავსე, მე და თაკო - იარაღის მჭიდებით. ორივეს გრძელი პალტოები გვაცვია და შავ სათვალეებში ტელევიზორიდან გადმოსულ “მატრიცას” გმირებს ვგავართ. ეს ვიზუალური თვალსაზრისით, თორემ თბილისური ღამისთვის - ჰოლივუდიდან გამოქცეული მისტერ და მისის სმიტები უფრო გვეთქმის.
- როგორ ფიქრობ, შოუს სრულყოფილებისთვის ოცდაოთხი მჭიდი საკმარისია? – მეკითხება თაკო.
- სავსებით – სრული თავდაჯერებულობით ვპასუხობ.
- მაშ, მოემზადე, სამ წუთში შევდივართ.
ეს არ იყო ძარცვა. ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, სადაც ბოროტებამ სიკეთის ნიღაბი მოიხსნა და გვამებს შორის გამარჯვების ცეკვა წამოიწყო. ჩვენ არავის ვინდობდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს და ასაკს. გართობის მიზნით, რამდენიმე მომსახურე პერსონალი ცოცხალი დავტოვეთ. შემდეგ ვაიძულეთ, გვამებისთვის ახალი მენიუ მოეფიქრებიათ. თამაშს “მკვდრების მენიუ” დავარქვით. გარდაცვლილთა უმრავლესობას ტყვია თვალში ვესროლეთ, კედლები და იატაკი ერთმანეთში ათქვეფილი ტვინითა და სისხლით შევღებეთ. უსარგებლო ნივთებივით მიყრილი მკვდრები და მათ საყლაპავ მილებში გაჩხერილი ლუკმები... ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, მსგავსი სანახაობა რეალურ ცხოვრებაში გვენახა.
პოლიცია და მასმედია ერთდროულად მოვიდა. შენობა ალყაში მოაქციეს და გვიბრძანეს, მორგად ქცეული სამოთხე თავზეხელებდაწყობილებს დაგვეტოვებინა. ასობით იარაღის ლულა და ტელეკამერა იყო ჩვენკენ მომართული. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ღმერთსაც ვინტოვკა ეჭირა იმ მომენტში და ღრუბლის მიღმა, ანგელოზებთან ერთად ჩასაფრებულიყო...
მეგონა დედამიწაც გაჩერდა თავისი ღერძის გარშემო და გადამწყვეტ მომენტს ელოდა. მდინარეებმა დინება შეწყვიტეს, ვულკანებმა ამოფრქვევა. სამყარო ერთ წერტილში გაიყინა. ხომ გახსოვთ, ბეთლემის ცაზე მანათობელი კაშკაშა ვარსკვლავი, ქრისტეს დაბადებას რომ იუწყებოდა. დაახლოებით მსგავსი ნათება გაჩერდა მაკდონალდსის თავზე.
განტვირთვის მიზნით, ამ ყველაფრის პარალელურად, მე და თაკომ შენობის საპირფარეშოში ვიჟიმავეთ ყველა მოკლულის სახელზე; ყველა ჟურნალისტისა და პოლიციელის სახელზე, რომლებიც გარეთ გველოდნენ. ვიჟიმავეთ ერთმანეთის სახელზე და ა.შ. და ა.შ.
სექსის შემდეგ, უკანასკნელად ვაკოცეთ ერთმანეთს და დანაღმული ჟილეტები მოქმედებაში მოვიყვანეთ... (ალილუია! 3-ჯერ)
მკლავზე ვიღაც მჩქმეტს, უაზრო ტკივილს ვგრძნობ და თვალებს ვახელ.
ბალიში იღრიჯება...
- გაიღვიძე, ვიღაც გოგო გესტუმრა, მოკლედ შეჭრილი კარე აქვს და ძალიან უხდება.


11.

მამა გვიან გარდაიცვალა. შესაბამისად, დედაც გვიან დაქვრივდა. მე თოთხმეტი წლის ვიყავი, ემი - ერთის, გარდაცვლილი - ოცდათხუთმეტის. მიუხედავად ამისა, მისთვის ოცდათხუთმეტი წელიც ძალიან ბევრი იყო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ჩემგან განსხვავებით კი, ემი უმამობას განიცდიდა. როცა წამოიზარდა, საფლავზე სიარული დაიწყო. მე ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც გასვენების დღეს. რატომღაც მეტჯერ მისვლის სურვილი არ გამჩენია.
დედამ სამოც წელს რომ მიაღწია, უმაქნის ხორცის მასად იქცა. სამსახურიდან გამოაგდეს და დაბალი პენსია დაუნიშნეს. მისი ყოველთვიური შენახვა კი, უფრო ძვირი მიჯდებოდა. გადავწყვიტე მოხუცებულთა თავშესაფარში ჩამებარებინა. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და იმ დღის შემდეგ, რაც ჩანაფიქრი განვახორციელე, ერთხელაც არ მიგრძვნია სინდისის ქენჯნა. პანსიონატში მისამართიც არასწორად მივუთითე, რადგან დედის გარდაცვალება (ადრე თუ გვიან) უამრავ პრობლემას შემიქმნიდა. ემი ამ საქციელს არ მპატიობდა, მაგრამ დედის შენახვა დამოუკიდებლად არც მას შეეძლო, მე კი არ ვაპირებდი, ჩემი შემოსავლების ნახევარი წყალში გადამეყარა. მშობლები მანამ უნდა დააფასო, სანამ შენზე ზრუნავენ და სურვილებს შეძლებისდაგვარად გისრულებენ, ხოლო როცა ისინი ამ შესაძლებლობას კარგავენ, თავიდან უნდა მოიშორო. დედამ არაფერი იცის იმ ვითომდა უბედურების შესახებ, რომელიც თავის ქალიშვილს შეემთხვა. არც ჩვენ ვიცით მოხუცი დედის ბედი. შესაძლოა მოკვდა კიდეც. ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემთვის დაიკოც ტვირთია, მაგრამ მას ერთი კარგი თვისება აქვს: როცა თავს ცუდად ვგრძნობ და დეპრესია მერევა, საკმარისია გავაშიშვლო და ყველაფერი თავის ადგილზე დგას. ემის ღირსება ამპუტირებული ქვედა კიდურებია. ის ჩემი ანტიდეპრესანტია.
თაკოს გუშინდელი სტუმრობა მოულოდნელი იყო. მოსალოდნელი იყო სტუმრობის მიზეზი, რაც პირდაპირ კავშირში აღმოჩდა მესამე მისიასთან.
ონანიზმმა რამდენიმე წუთით დამაბრუნა ღრმა ბავშვობაში და უამრავი მივიწყებული დეტალი ამოქექა არაცნობიერი ფოლდერიდან. მაგრამ ეს ახლა არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ მისია პირწმინდად შევასრულე და მოუთმენლად ველოდები რიტუალის ფინალს.
ღამით ცუდად მეძინა, თვალწინ მაკდონალდსის კადრები მედგა ნაცნობი სიზმრიდან. რაღაც დაჟინებული სურვილიც კი გამიჩნდა, ყოველივე რეალობად მექცია. ემი ამბობს, რომ თვალები შემიშუპდა, ღამით კი უცნაურ რამეებს ვბოდავ. ყველაზე მეტად კი რისიც მეშინოდა, ის მოხდა. მე ფიქრი დავიწყე.

12.

რამდენიმე დღეში, ნატას კბილების ცვენა დაეწყო. იგივე სიმპტომი ჰქონდათ ნუცას და თაკოს. მოკლე დროის განმავლობაში, სამივე მათგანს აღარცერთი კბილი აღარ შერჩათ, ხოლო ღრძილები უსაშველოდ დაუგრძელდათ და კბილების ადგილზე, კვერცხისებური მოგრძო ფორმის უცხო სხეულები ჩამოეზარდათ. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ერთ თვეში დასრულდა. პირველად ნატამ იმშობიარა, შემდეგ ნუცამ, სულ ბოლოს კი თაკომ.
ამ პროცესს მშობიარობა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ეს იყო ახალი ქართული რასის დაბადება. ათი სანტიმეტრის სიგრძის ლორწოვანი სხეულები, რომლებიც ღრძილებიდან იშვნენ. მათ ჰქონდათ ადამიანის აღნაგობა, მაგრამ არ ჰქონდათ სქესი.
ჩვენ ამჯერად ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და სამაგალითოდ ჰარმონიული ოჯახი ვართ დედამიწის ზურგზე. მათ შესახებ არავინ არაფერი იცის, ისინი იზრდებიან ყველასგან მივიწყებულ გეტოში, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ დატოვებენ და ამ საზიზღარი ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველასთვის არასასურველი და სისხლიანი დღე...
ისინი მეორე ბრძანებას ელიან.
პირველი ბრძანება პირწმინდად შეასრულეს. როცა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა და ახალ სამყაროში მყოფი, მივხვდი, რომ აქ ემის ადგილი არ იქნებოდა. ამიტომ როგორმე თავიდან უნდა მომეშორებია. შეგახსენებთ, რომ ახალშობილები მშობლების განავლით იკვებებიან, თუმცა მშივრებმა ინვალიდ გოგონაზეც არ თქვეს უარი.
ეს ყველაფერი საგანგებოდ ჩაკეტილ საკუჭნაოში მოხდა, სადაც ჩემს დაიკოს უკანასკნელად გამოვემშვიდობე და პირზეალიკაპაკრული დავტოვე ახალი ქართული რასის პირისპირ...

13.

შუადღის სამი საათი არის დრო, როდესაც ახალი რასა თვლემს, ხოლო ტელევიზორი არის ნივთი, რომელსაც ამ დროს ვიყენებთ. მე და ჩემი სამი ალქაჯი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხედვართ. ჩვენ ჩუმად ვართ, ტელევიზორი - არა. ეკრანზე ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი (მას ყველა “უწმინდესს” ეძახის) დინჯი იერით გვამცნობს აპოკალიფსის დადგომას და ანტიქრისტეს გარეგნობის სკრუპულოზურად აღწერით არის დაკავებული.
კარზე ზარია...
ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება ვინმეს. ჩვენი გაოცების მიზეზიც ეს არის. ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არავინ არაფერი იცის. ასეთ დროს სიჩუმე ყველაზე აუტანელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ კარები უნდა გავაღო და ასეც ვიქცევი.
იქ თეთრწვერიანის მიერ აღწერილი პიროვნება დგას. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- შეიძლება? - მეკითხება.
- სტუმარი ღვთისაა. - ვპასუხობ.

11 აპრილი 2009

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Saturday, June 19, 2010

ინა არჩუაშვილი – ორი ბაიყუში


მამები ორივეს ავარიით მოგვიკვდა. დათა ძიას ტრაქტორმა გადაუარა მთვრალს, ქვევითა უბანში, ჯვარედინასთან, თითქმის უკვე სახლთან მოსულს; მამაჩემს მანქანამ დაარტყა სისხამ დილით, ექვსსაათიანი ავტობუსიდან იმ წუთის ჩამოსულს, სახლიდან შორს, კახეთის ტრასაზე. ამათ შამხალამ მოუტანა ამბავი - თავიანთმა მაღალმა ნათესავმა კაცმა; ჩვენ გიგუშამ - ჩემი მათემატიკის მასწავლებლის ქმარმა.
"ვა-ი-მე, მა-მიიიიი..." - ზრიალით მოაწყდა იმ ღამით მისი გულისმომკვლელი ხმა ჩვენი სახლის ფანჯრებს და ახალი ჩაძინებული, ლოგინიდან წამომაგდო. დაახლოებით წელიწადნახევარში კი უკვე გამოცდილი, დიდი ადამიანივით მე მეჯდა გვერდით მამაჩემის პანაშვიდებზე. გაყინულ ხელებს თავისი ცხელი ორთქლით მითბობდა და ჩემთან ერთად აკანკალებდა მამიდაჩემის მოთქმაზე, - "ძმა-ვოოო, ჩემო მესამე მკვდარო ძმა-ვოოო..."
Mმამების სიკვდილზე ხმამაღლა არასოდეს ვლაპარაკობდით. მარტოები, ბავშვური სიჯიუტით ვცდილობდით ჩვენ-ჩვენი ტკივილის მორევას. შევიცვალეთ, გულგრილები გავხდით. სხვების მკვდარი მშობლები გვეცოდებოდა, მაგრამ აღარ გვეტირებოდა მათ დანახვაზე; თუ გვეტირებოდა, ისევ ჩვენები გვახსენდებოდა და იმიტომ. როდესაც ჩვენს უბანზე მიცვალებულს ამოატარებდნენ, შეთქმულებივით, მე აქეთ ვეცემოდი ჩემი ეზოს რკინის ცისფერ კარებს, ის იქით შევარდებოდა თავის მწვანე, დღე და ღამ გაღრიალებულ ქუჩის კარებში; ბრაგა-ბრუგით, თითქმის ერთდროულად ავირბენდით მეორე სართულის კიბეებს, გზისკენ გამავალი ფანჯრის შუშებზე მივაჭყლეტდით ცხვირებს და ცერებზე შემდგარები, მოღრეცილი კისრებით დიდხანს გავცქეროდით ჰაერში ატატებულ, რწევით მიმავალ კუბოს. პროცესია თვალს რომ მიეფარებოდა, მალევე ჩამოვიდოდით დაბლა. დაწითლებულ თვალებზე წყალს შევისხამდით, ჩვენზე ბევრად მაღალ ეზოს ცოცხებს მოვიმარჯვებდით და ქუჩაში დაყრილი, ფეხით გასრესილი ყვავილების ერთ ადგილზე მოგროვებას ვიწყებდით. ვგვიდით თავდახრილები, წყნარად, უსიტყვოდ; მე - ჩემს, ის - თავის მხარეს. თან ვფიქრობდით და ერთმანეთს ფიქრში ხელს არ ვუშლიდით. საქმეს რომ მოვრჩებოდით, ხელებს ქუჩაშივე, მუდმივად მოშვებულ წყაროს წყალზე გადავიბანდით; მერე წავიყვანდით მიტკლის ხილაბანდებში გამოკრულ თოჯინებს და ხან ჩვენს "საფარში" შეყუჟულები, ხანაც იმათ საჯინიბოში, პაპამისის დაყირავებული ურმის კოფოზე წამომსხდრები ვთამაშობდით "დედაშვილობანას". მეზობლის თანატოლ გოგოებს ადრინდელივით ხშირად აღარ ვეძახდით. ერთად უფრო კარგად ვიყავით. ერთმანეთი გვყოფნიდა. ისინიც ცხვირს გვიბზუებდნენ. მარტოებს მოგვიხელთებდნენ თუ არა, შიგ ყურში ჩაგვყვიროდნენ ბავშვური სიკაპასით: "ბაიყუშები... ორი ბაიყუში...", ენას გამოგვიყოფდნენ და ფლოსტების წკაპაწკუპით უკანმოუხედავად გარბოდნენ. ჩვენ არასოდეს მივდევდით უკან, მხოლოდ ადგილზე ვატყაპუნებდით ფეხებს, ვითომ, მოვდივართ და, თუ მაგრები ხართ, დაგვიდექითო. ხანაც, თითებითYმოვფხოჭნიდით მიწას და უცბათ მოფიქრებულ რაიმე გამოსაჯავრებელ სახელთან ერთად, ზურგში მივაყოლებდით ხოლმე გაქცეულებს. არ მახსოვს, ოდესმე პირველებს წამოგვეწყოს კინკლაობა; საბაბიც კი არასოდეს მიგვიცია გოგოებისთვის, მაგრამ, მიუხედავდ ამისა, მაინც ვცდილობდით მსგავს ამბებს ჩვენი დედებისა და ბებიების ყურამდე არ მიეღწია. სანერვიულო ისედაც არ აკლდათ; ერთიანად დათალხულები, ლანდებივით, ფეხაკრეფით დადიოდნენ ეზო-ყურეში, და ხან საგულდაგულოდ ჩაკეტილი მარნებიდან გვესმოდა მათი მოგუდული ტირილის ხმა, ხან ბაღჩების ბოლოდან, ხანაც, შუაღამისას, ჩაბნელებული საწოლი ოთახებიდან...


* * *
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ორი ახტაჯანა, სიცოცხლით სავსე და არც ისეთი "ბაიყუში" გოგოები ვიყავით, როგორც ჩვენი თანატოლები ფიქრობდნენ; სხვა ბავშვებივით, მკვდრებზე მეტად ჩვენც საქორწინო ტანსაცმელში გამოწყობილი ნეფე-პატარძლის დანახვა უფრო გვახარებდა (ვინ მოთვლის, უფროსების უჩუმრად, რამდენჯერ გავყოლილვართ მანქანების სიგნალებისა და დოლ-გარმონის ხმას სხვა უბანზე მოყვანილი პატარძლის სანახავად); ჩვენც ვთამაშობდით ასკინკილას, მურაბაობას და ხეზეჩიტაობას, როცა ამის სურვილი და განწყობა გვქონდა; გაზაფხულობით, ჩვენც ვიტენიდით ჯიბეებს მწვანე, კაკრა ალუჩით და ძუძუვაშლათი და სადმე, მოფარებულ ადგილას, მარილში ჩაწობილს ხარბად ვჭამდით კბილების მოჭრამდე; არც ტუხტის ფოთლებისგან შეკრული ბუჩქის აკენწვლაში ვუდებდით სხვა ბავშვებს ტოლს, არც გამოკიდაობაში და არც თუთისა და ბლის ხეებზე კენწერ-კენწერ სიარულში... მაგრამ მათნაირები მაინც აღარ ვიყავით. ცასა და დედამიწასავით დიდი იყო სხვაობა ჩვენს მოღუღულ, თავდახრილ სიარულსა და იმათ მტკიცე, ხალისიან ნაბიჯებში... ჩვენს ნაღვლიან, ჩამუქებულ თვალებსა და იმათ კაშკაშა, მოციმციმე მზერაში... ჩვენს ჩუმ, მოკრძალებულ ღიმილში და იმათ თამამ კისკისსა და სიცილ-ხარხარში...
ხომ სულ გვიმწვიტინებდნენ და გვაღიზიანებდნენ, მაინც გამუდმებით ჩვენსკენ ილტვოდნენ, ჩვენს სიახლოვეს უნდოდათ ყოფნა. ის, რაც იცოდნენ და რასაც ხედავდნენ, ბავშვურ ცნობისმოყვარეობას ვერ აკმაყოფილებდა, - მეტის გაგება უნდოდათ; თანაც, ჩვენი მამების ამ უეცარი გარდაცვალებით, თითქოს მათაც იგრძნეს რაღაც საფრთხე, საშიშროება; ჩვენსავით ისინიც პირველად შეეჩეხნენ ასე პირისპირ, მართალია, სხვისი, მაგრამ მაინც მათი თანატოლების მამების სიკვდილს და თითქოს ახლა, ჩვენსკენ დაუოკებელი სწრაფვით, პასუხს გვთხოვდნენ ყველა იმ კითხვაზე, რომელმაც ასე აუბნია თავგზა მათ პატარა ტვინებს.
ყველაზე მეტად გაზაფხულობით არ გვინდოდა თანატოლებთან ურთიერთობა; მაშინ, როცა შავი, ფრთებგაფარჩხული ნამგალები მოფრინდებოდნენ და ბუდეებიდან აძევებდნენ საწყალ ბეღურებს. სკოლიდან შინ დაბრუნებულებს, მეზობლის სახლის ყრუ კედლის გაყოლებაზე ბუდიდან გადმოვარდნილი უამრავი მკვდარი ან ფრთამოტეხილი ბარტყი გვხვდებოდა. ამ საცოდაობის მნახველებს გული ყელში გვებჯინებოდა, უარესად ვიჩაგრებოდით და ვნადგურდებოდით. ახლოს არავის ვიკარებდით. თამაშის გაგონებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. თანაც... საქმე გვქონდა. ჯერ დასახიჩრებულებისთვის უნდა მიგვეხედა, ჭრილობები შეგვეხვია, უსაფრთხო ადგილას დაგვესვა. მერე კი მკვდრები დაგვესაფლავებინა. ხშირად, ტანსაცმელსაც არ ვიცვლიდით. მხოლოდ თეთრ წინსაფრებს შევიხსნიდით და პირდაპირ ფორმისკაბებით ვიწყებდით შრომას. დამშრალი რუდან ამოკრეფილ სალა ქვებზე ციმციმ ვაწვენდით ჯერ კიდევ შეუბუმბლავ, ვარდისფერ ბარტყებს და ხან ჩვენს, ხან იმათ ბაღჩაში, თხილებქვეშ ამოთხრილ პატარა ორმოებში ვასაფლავებდით; მერე ბორცვებს წვრილ კენჭებს შემოვულაგებდით გარშემო და ზედ აყვავებული ჩიტის წიწმატის კონებს ვაწყობდით. ყველაფერს რომ მოვრჩებოდით, იქვე, საფლავებთან ჩავიკუნტებოდით. კაბის უკანა კალთას, მიწაზე რომ არ მოგვთრეოდა, უკნიდან მოხერხებულად ამოვიკეცავდით, წინას - მუხლებზე გადავიჭიმავდით, ზედ ნიკაპს დავაყრდნობდით, ხელებს შემოვხვევდით და ზოგჯერ საათობით გარინდულები, ფეხების დაბუჟებამდე ვრჩებოდით ამ მდგომარეობაში. ვერ გეტყვით, გარდა სიტყვებისა, "სიკვდილი", "დასაფლავება", რა საერთო ჰქონდათ მკვდარ ბარტყებს ჩვენს გარდაცვლილ მამებთან, მაგრამ ამ საქმიანობით, თითქოს ერთგვარ შვებას ვგრძნობდით; თითქოს, რაღაც უხილავი ძაფებით მათთან კონტაქტს ვამყარებდით. იქნებ ეს სულაც წიგნში ამოკითხული ლეგენდის ბრალი იყო, რომლის მიხედვითაც, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ჩიტებში სახლდება. ვინ იცის... მაგრამ ახლა, ამდენი წლის შემდეგ ამის გარკვევა აღარ მინდა, არ მინდა რადგან მეშინია, უნებურად შეურაცხყოფა არ მივაყენო იმ გულწრფელ განცდებს, რომლის გახსენებაზეც წარსულში გატყორცნილი მზერა ზოგჯერ წამიერად გადაკვეთს პაწია საფლავებთან ჩაცუცქული ორი პატარა, ფორმისკაბიანი გოგოს ნაღვლიან მზერას, და გულს მართლა ჩიტივით შემიფრთხიალებს ხოლმე.

* * *
ჩემთან შედარებით, ბუნებით მაინც უფრო ლაღი და თამამი იყო ("თავისნათქვამაც", - როგორც დედაჩემი ამბობდა, და ძლიერიც). ზოგჯერ მგონია, რომ მე არ მიმატოვა და ჩემს გამო გაიხანგრძლივა ის მძიმე წლებიც. თუმცა, ხასიათმა და ჩვენს შორის ორწლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ თავისი საქმე გააკეთა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში, იმ ჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, მოულოდნელად შეიცვალა. ჩემთან ხშირი თამაში და ყოველწუთიერი ურთიერთობა შეწყვიტა და "ახალი ცხოვრება" დაიწყო. ამას თითქმის მთელი დღე მარტო, ნებაზე მიშვებულმა ყოფნამ და თავისუფლების გემოს საკმაოდ ადრეულ ასაკში შეგრძნებამაც შეუწყო ხელი (დედამისი დილით რომ გავიდოდა სამსახურში, გვიან ღამით ბრუნდებოდა, მოხუცი პაპა-ბებია კი იქით იყვნენ მისახედები). პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ შუბლზე საკუთარი ხელით შეიჭრა თმა. ბაფთა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა და ულამაზესი ოქროსფერი, გაწეწილი თმით დაიწყო შინ და გარეთ სიარული. მეცადინეობას უკლო; მთელ დღეს ქუჩაში ზევით-ქვევით წანწალში ატარებდა. ხშირად ჭამითაც კი ქუჩაში ჭამდა; სკოლიდან დაბრუნებული, დემონსტრაციულად გამოიტანდა საჭმლით სავსე თეფშს და სახლის წინ მდგარ ხის გრძელ სკამზე ბიჭივით გადალაჯებული, გამოტენილი პირით არხეინად ათვალიერებდა ამვლელ-ჩამვლელებს; თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ასაკში ქცევა უფრო გამომწვევი გაუხდა, სიტყვა-პასუხი - თავხედური; ქუსლებზე შედგა, თვალების შეღებვა და პომადის წასმა დაიწყო (დღემდე მიკვირს, რატომ აძლევდა დედამისი ამის უფლებას. იქნებ იმიტომ, რომ ძალიან ყოჩაღი იყო? - სახლის დალაგებაში მართლაც არ ჰყავდა ბადალი; ჯამ-ჭურჭელი და ეზოც თითქმის ყოველთვის ერთნაირად ჰქონდა დაკრიალებული; თეთრეულსაც საკმაოდ პატარა ასაკიდან რეცხავდა და სამსახურიდან მოსულ დედას ცხელ სადილსაც ახვედრებდა. მასაც, მაშინ ალბათ სწორედ ეს სჭირდებოდა, - დამხმარე ხელი, გვერდში ამომდგომი; ალბათ, კრებაზე სასწავლო წლის ბოლოს გამოცხადებული "ნაჩუქარი" სამიანებიც ამიტომ აკმაყოფილებდა და ყველაფერ დანარჩენზე თვალებს ახუჭვინებდა).
მალე მისი ახალი მეგობრებიც გამოჩნდნენ, - თამამი და მხიარული გოგო-ბიჭები, რომელთა უმეტესობას მე საერთოდ არ ვიცნობდი. დამამთავრებელ კლასებში უკვე ბევრად უფროსი ბიჭებიც აკითხავდნენ სახლში მანქანებით, რომელთაც ხან საათობით ელაპარაკებოდა შუა გზაზე მანქანის ფანჯარაში თავშეყოფილი, ხან კი საგანგებოდ გამოპრანჭული, დაქალებთან ერთად სასეირნოდ მიჰყვებოდა.
გაკვეთილების ნაცვლად დიდი მონდომებით კითხულობდა სქელ, საერთო რვეულებში ხელით გადაწერილ უცნაურ სასიყვარულო რომანებს, რომელთა სახელწოდებებიც ძალიან ჩამოჰგავდა ახლანდელი საპნის ოპერების სათაურებს; სიუჟეტებიც დაახლოებით ერთნაირი ჰქონდა. ერთხელ მეც შემომთავაზა მათი წაკითხვა. უარი არ მითქვამს, მაინტერესებდა რა ეწერა შიგ, მაგრამ ჩემი დაუდევრობის გამო, დედაჩემმა ბალიშის ქვეშ მიპოვა; კინაღამ გული გაუსკდა. იტირა, ინერვიულა და მაშინ, პირველად და უკანასკნელად, კატეგორიულად მომთხოვა, რომ მისგანაც და მისი ამხანაგებისგანაც თავი შორს დამეჭირა. თუმცა, ჩვენ უკვე ისედაც ჩვეულებრივი მეზობლები ვიყავით, რომელთაც ბავშვობის რამდენიმე სათუთი და იშვიათი სიახლოვით გაჟღენთილი წლის გარდა, ბევრი აღარაფერი აკავშირებდა ერთმანეთთან.

* * *
სკოლა მშვიდობით დაამთავრა. მაშინვე თბილისში რომელიღაც ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ. სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. მოულოდნელად დაადგებოდა დედამისს თავზე და უკან მალევე ბრუნდებოდა. ორი წლის შემდეგ მეც წავედი. უნივერსიტეტში ჩავაბარე. წლები ისე გადიოდა, რომ საერთოდ ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ორჯერ გათხოვდა, ორივე ქმრისგან წამოვიდა და არ ვიცი, სირცხვილისა თუ სოფელში დაყრილი ათასნაირი ჭორის გამო (სასტიკია ასეთ დროს სოფელი. არ დაგინდობს, ხელს არ წაგაშველებს; პირიქით, ერთ ჭორს ათასს დაუმატებს და ტყუილ-მართლის ერთმანეთში არევით ცოტა ხნით გულს მოიფხანს, დუნედ მიმავალ ყოფას გაიხალისებს) საბოლოოდ ამოიკვეთა ფეხი საკუთარი სახლიდან. არავინ იცოდა სად იყო, როგორ იყო, რას საქმიანობდა...
თავიდან ძალიან განვიცდიდი მის ამბავს; მეცოდებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნელ-ნელა მეც ჩემს ცხოვრებაზე, სწავლაზე, ახალ მეგობრებზე გადავიტანე მთელი ყურადღება და მისი არსებობა თითქმის გადამავიწყდა. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ წლების შემდეგ ერთი სიზმარი არ ამეკვიატა. კვირაში რამდენჯერმე მაინც ვხედავდი ამ სიზმარს: ვითომ, ისევ პატარა იყო. სოფელში, ჩემი ქუჩის კარებთან, მამაჩემის დარგული ცაცხვის ძირში იდგა; ხელში, როგორც მაშინ, მიტკლის თავსაფარში გამოკრული თოჯინა ეჭირა და მეძახდა; მეძახდა ჩუმი, გაუბედავი ხმით, მანამდე, სანამ არ გამომეღვიძებოდა.
მოსვენება დავკარგე, მთელი დღეები მასზე ვფიქრობდი; იქნებ მართლა არსებობს რაღაც, იქნებ დახმარება სჭირდება და ჩემგან შველას ითხოვს-მეთქი?! - ვფიქრობდი და თან უკვე აქტიურ ქმედებაზეც გადავედი; ვცდილობდი, მომეძებნა და როგორმე მისამართი თუ არა, ტელეფონის ნომერი მაინც გამეგო. საცხოვრებელი ადგილის დადგენა გამიჭირდა, ტელეფონის ნომერი კი როგორღაც გავიგე დედაჩემის წყალობით, მაგრამ რად გინდა, სულ დაკავებული იყო. ის იყო საბოლოოდ გადავიწურე მისი პოვნის იმედი, რომ (ახლაც მიკვირს, როგორ მოხდა ასეთი დამთხვევა) ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მოულოდნელად, თვითონ დამადგა სახლში თავზე.
კარი რომ გავაღე, კინაღამ გავგიჟდი, - ენა ჩამივარდა, ცალკე სიხარულისგან, რომ ჯანმრთელი და საღსალამათი დავინახე, ცალკე კიდევ - გაოცებისგან. იდგა და მიღიმოდა. სქელი, ბუნებრივზე ახლა უფრო ღიად შეღებილი თმა სუსტ, დაშვებულ მხრებზე ლამაზად ეყარა. ღრმად სუნთქავდა. მარჯვენა ხელი მოზრდილ, საკმაოდ მოშიშვლებულ მკერდზე მიეჭირა და ასე ცდილობდა ამოვარდნილი გულის დამშვიდებას. უხმოდ გადავეხვიეთ ერთმანეთს.
დაჯდა თუ არა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. უამისოდ ერთი წუთიც აღარ შემიძლიაო, - ბოდიშივით მითხრა. მერე ჩემი ამბების გამოკითხვა დამიწყო. შიგადაშიგ მეც ვეკითხებოდი რაღაცებს, მაგრამ ძალიან ვფრთხილობდი. თვითონ ბევრად თავისუფლად გრძნობდა თავს, ლაქლაქებდა, ენას არ აჩერებდა. ისევ ის სოფლელი, გაუთლელი გოგო იყო კიდევ უფრო გაუხეშებული მანერებით, ვიდრე მე მახსოვდა; არც კილო ჰქონდა შეცვლილი, სიტყვებშიც უამრავ შეცდომას უშვებდა... ერთი ეგ იყო, რაღაც უცხო და ცოტა გამაღიზიანებელი აქცენტი დაჰკრავდა მის ლაპარაკს; სამაგიეროდ, ეცვა ძალიან თანამედროვედ და გემოვნებით, - ულამაზესი ღიასტაფილოსფერი კაბა შესაფერისი ფეხსაცმლით; ჩანთაც აშკარად ძვირადღირებული ეჭირა, რომელიც დაჯდომისთანავე იატაკზე დაიგდო ფეხებთან. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, სიგარეტი საფერფლეში უხეშად, კაცივით ჩაასრისა, ახალს სასწრაფოდ მოუკიდა და მითხრა:
"რატო მიყურებ ეგრე? - ძონძის დედაც მოვ...ან... - სახტად დავრჩი მისი მიხვედრილობისა და თამამი, უცერემონიო გინების გაგონებაზე, - მაგრამ გამოფხიზლება არ მაცალა, ისე გააგრძელა, - იცი ცხოვრება რა ყოფილა?! - თურმე ამით გცემენ პატივს, - კაბა ორი თითით ზიზღით გამოწელა, - ამით და მაყუთით... მერე დაახლოებით ორწუთიანი პაუზა გააკეთა, სიგარეტი ღრმად მოქაჩა და მითხრა: მივდივარ ნინი, ამის სათქმელად მოვედი შენთან, ამისთვის და გამოსამშვიდობებლად; საერთოდ მივდივარ... იმდენი დამცირება ავიტანე, რომ მეტს ვეღარ გავუძლებ; ყველაფერი მეძახეს, რაც ვარ და არა ვარ... უნდა წავიდე, თუმცა, ისედაც წასული ვარ უკვე დიდი ხანია; უფრო სწორედ, აქამდე მივდიოდი და მოვდიოდი, ახლა უკვე საბოლოოდ უნდა წავიდე... ჩემს შესახებ იმდენი კი გეცოდინება, რომ მიხვდები სადაც... - მე უხერხულად შევიშმუშნე. რა თქმა უნდა, ჩემს პასუხს არ დაელოდა და სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ორივემ ერთი და იგივე ვიგულისხმეთ, განაგრძო: - ჰო, თურქეთში, თურქეთში... აქამდე აქ ჩამომქონდა საქონელი, იაფად ვაბარებდი, ეგრევე, ოპტომ და მაშინვე ახალ პარტიაზე ვახვევდი. ზოგჯერ სხვას ვატანდი, მე არცა ვჩნდებოდი. რაღაცა თანხა დავაგროვე. ახლა იქვე ვივაჭრებ ერთი ქალაქიდან მეორეში. მოგება ბევრად მეტი რჩება. რამდენიმე კაი გოგოა იქ, ჩემნაირი ბოზები რა (ეს რომ თქვა, თვალი ჩამიკრა და ისე საწყლად გაიღიმა, გული მომიკვდა), და იმათთან ერთად ავაწყვე პატარა ბიზმესი... დედაჩემმა ჯერ არ მინდა გაიგოს, მე თითონ ვეტყვი, როცა საჭირო იქნება. თუ არადა, კაის დალევს, კაის შეჭამს, სიბერეში არაფერს მოვაკლებ და იმასაც მეტი რაღა უნდა, არა? - კარგი, მოვრჩეთ ამაზე, გვეყოფა. უკვე გითხარი, რისი თქმაც მინდოდა...
ახლა შენ თქვი, სოფელში რა ამბებია, ჩადიხარ ხოლმე? რა ხდება ახალი, ვინ მოკვდა, ვინ დარჩა? საფლავზე თუ მიდიხარ ხოლმე? - დამაყარა კითხვები. ვგრძნობდი, პასუხები მაინცდამაინც არ აინტერესებდა; უბრალოდ, ლაპარაკი უნდოდა, წლობით ნაგროვები დარდის, ნაფიქრის გულიდან ამოღება. - ეჰ, ნეტავ ოდესმე მე თუ მეღირსება კიდევ მამაჩემის საფლავზე წასვლა? - გააგრძელა ისე, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია. მეც ვიჯექი და ვუსმენდი. - გახსოვს, ნინი, ჩვენი ბავშვობა, როგო უაზროდ მოკვდნენ მამაჩვენები, როგო უაზროდ, გო... იქიდან დაიწყო ჩემი გაუბედურებაც, ნინი; ის რომ არ მომკვდარიყო... ეჰ, პროსტავ, შენ რა გითხარი მამი, - ახლა მამამისს მიმართა ისე, თითქოს ისიც აქვე ახლომახლო იყო სადმე, - თავი დაიღუპე სმით და მეც დამღუპე (პროსტა დათა ძიას ზედმეტსახელი იყო. ხშირად სვამდა და, სახლისკენ ბარბაცით მიმავალი, მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდა: რას მერჩით, ერთი საწყალი, პროსტა კაცი ვარო... ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი). ...შენ რაღას გერჩოდი ნინი, როგორ მიგატოვე, როგორ ცუდად მოგექეცი... მაგრამ მაშინ სხვანაირად არ შემეძლო, შურისძიება მინდოდა და შენ შემრჩი ხელში... ყველაფერი მახსოვს, სუყველაფერი... გულ-მუცელი მიღმუის ჩვენი ბავშვობა რო მახსენდება; ხო მძიმე იყო, მაინც იმ მოგონებებით მიდგა სული დღემდე. გარედან რო ამჩემფეხება და გიჟქალა ვჩანვარ, მთლად ეგრეც არ არი. ჩემთვინ მოიცალა ყველა უბედურებამ, მაგრამ, ეეე, ჩემო კარგო, - ჰაერში თვალი გაადევნა პირიდან გამოსროლილი კვამლის გრძელ ხაზს, - ვის რა ფეხებად უნდა შენი ბავშვობა, შენი წარსული, შენი მოგონებები... აგე ცხოვრება სად წავიდა... (ეს სიტყვები უკვე სრულიად სხვა ადამიანმა თქვა) იცი როგო ცხოვრობს თურქეთში ხალხი - სტამბულში, იზმირში, ართვინში, კაბადუკიაში... სამოთხეა იქ; მაიცა, ფეხზე დავდგე და შენც გამოგიგზავნი რაც გინდა, იქ იაფია ყველაფერი. ცოტა დამაცადე...
არც ახლა შემიწყვეტინებია ლაპარაკი. სანამ მე მაგიდას ვშლიდი, როლში შესული კიდევ კარგა ხანს მესაუბრებოდა თურქულ სიკეთეებზე... მერე კი, უბრალო, შინაურული სადილის შემდეგ, ერთიც გააბოლა, გულიანად ჩამკოცნა და როგორ უცნაურადაც მოვიდა, ისე უცნაურად გაქრა.
- თავს გაუფრთხილდი, ფული ყველაფერი არ არის... ესღა მოვიფიქრე და მივაძახე კიბეებზე კაკუნით მიმავალს. შინ შემობრუნებული კი ტახტზე მივეგდე და გემრიელად მოვიოხე გული ტირილით.


* * *
წავიდა და წავიდა... ისევ სოფელში თუ გავიგებდი მის შესახებ რამე ახალს; ისიც, ძირითადად, გესლიანი და, როგორც ერთმა ჩემმა მასწავლებელმა ახალი გაკვეთილის ახსნისას იცოდა თქმა, ზედმეტად "ხორციანი" ჭორის სახით. დედამისს მხოლოდ ზრდილობის გამო ვეკითხებოდი მის ამბავს, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ არც მან იცოდა ბევრი არაფერი. თუ იცოდა და არ ამბობდა კიდევ, დედა იყო და ამის უფლება ჰქონდა (ერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის იყო, რომ ზოგჯერ, როცა რამე ძალიან შეაწუხებდა, დედაჩემთან იქარვებდა გულს ლაპარაკით, მაგრამ არასოდეს მიკადრია, ოდესმე რამე მეკითხა ან მეთქმევინებინა დედაჩემისთვის).
რას აღარ ამბობდნენ... ჯერ ვითომ, საბერძნეთშია და იქ უვლის ვიღაც მოხუცს, როგორც ბევრი აქედან წასულიო; მერე, საბერძნეთში კი არა, ისრაელშიაო; ბოლოს, რა საბერძნეთი და ისრაელი, თურქეთშია, ბორდელში მუშაობს, აქედან მოტყუებით ჩაჰყავს ქართველი გოგოები და ფულს ამ გზით შოულობსო. პარალელურად იყო სხვა, ცოტა უკეთესი ვერსიაც: თითქოს, ვიღაც მდიდარი თურქი საყვარლისგან ბავშვი გააჩინა და ის კაცი ხელის გულზე ატარებსო... მერე ახალი ჭორი გავრცელდა, ვითომ, ამ თურქს უღალატა, იმან კიდევ სასიკვდილოდ სცემა, მთელი წელი საავადმყოფოში იწვა და ძლივს გადარჩაო. ამ ჭორებიდან მხოლოდ რამდენიმე გამართლდა: ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, თუ არ ვცდები, დაახლოებით ცამეტი წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა და შვილი მართლაც ჩამოიყვანა, - ოდნავ კუთხოვანი, თეთრი პირსახის მქონე, ჭორფლიანი (ბავშვობაში თვითონაც თეთრი და ჭორფლიანი იყო) ხუთი წლის ხატია, რომელიც დედის გვარს ატარებდა; მერე გოგონა აქ მონათლა და სკოლაშიც, გაუთხოვარი დეიდის იმედით, თბილისში აპირებდა მის მიყვანას. არავისთან დაუმალავს, რომ ბავშვს თურქი მამა ჰყავდა, რითაც საკმაოდ გაანაწყენა ჭორის მოყვარული მეზობლები; საავადმყოფოშიც მართლა წოლილა, ოღონდ სულ სხვა, - ხერხემლისა და თირკმელების მიზეზით (რომელიც მისი რთული ცხოვრების, ქალაქიდან ქალაქში მძიმე ტვირთის თრევის პირდაპირი შედეგი იყო), მაგრამ ამას მაინც აღარავინ დაუჯერებდა...


* * *
მაშინვე ვიცანი რომ დამირეკა. დედაჩემისთვის გამოურთმევია ჩემი მობილურის ნომერი. მასავით ხმამაღლა და გრძლად არავინ ამბობდა ჩემს სახელს. - ნინიიიიი.... მიცანი, გო, როგო მიცანი, როგორა ხარ... - ყვიროდა მთელი მონდომებით. - ჩამოვალ ორ დღეში ნინი მანდა, აქ რა გამაჩერებს, ამ გამოყრუებულ სოფელში (დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფელიც და საკუთარი სახლიც, მისთვის უკვე მართლა უცხო იქნებოდა), ისედაც მალე უნა დავბრუნდე უკან და უნა გნახო. მე თითონ დაგირეკავ; ისე, შენც იცოდე, ეს არის ჩემი ნომერი სანამ აქა ვარ. კაი აბა, ნინი, კარგად...
მეტრო რუსთაველთან დავთქვით შევხვედრა (სხვა ადგილები კარგად აღარ მახსოვსო). მეც მაწყობდა სამსახურთან ახლოს. ადრე მომივიდა მისვლა. უცნაურია, მაგრამ ცოტას ვნერვიულობდი, წინ და უკან დავდიოდი და აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. ზედ ტროტუართან, ზუსტად ჩემს პირდაპირ, წითელი ტაქსი გაჩერდა. იქიდან სახეში უშნოდ მზეჩამკვდარი, დაბალი, მსუქანი ქალი მოუქნელად გადმოვიდა. შავი, ყელიანი უსახელო ზედა ეცვა და რამდენიმეგან ჩაკეცილ მუცელზე ძლივს შეკრული ჯინსები; დიდი, წითელი ჩანთა ეჭირა. ფეხსაცმელი არ უჩანდა შლაქსის ტოტებში. სამაგიეროდ, გულზე დემონსტრაციულად უბრჭყვინავდა სქელი, უფრო სწორად, ძალიან სქელი ოქროს ჯაჭვი, რომელიც, მომეჩვენა, რომ კისერს ქვევით უქაჩავდა და უფრო ადაბლებდა.
ნამდვილად ის იყო. მხოლოდ თმა ჰქონდა ძველებურად ქარვისფერი და მბრწყინავი, უფრო გრძელიც, მაგრამ ახლა კუდად შეეკრა უკან. ადგილზე გავშეშდი, რომ დავინახე. ასეთს ნამდვილად არ ველოდი. თვითონაც მალევე შემამჩნია, ღიმილით მომიახლოვდა და თბილად და მჭიდროდ მომეხვია. უხერხულად ვიდექი, ფეხს ვეღარ ვიცვლიდი ადგილიდან.
- გაოცდი არა, ხო ხედავ რას ვგავარ, - მითხრა დარცხვენილმა. - არა, რას ამბობ, მშვენივრად ხარ, არაფერსაც არ გავხარ... როგორ ხარ? - დავიწყე ბლუყუნი. გამაჩერა. - არ გინდა, აქ ერთმანეთის მოსატყუებლად ხომ არ მოვედით, სახეზე გაწერია ყველაფერი, შეგიძლია პირდაპირ მითხრა, რასაც ფიქრობ, არ მეწყინება; სამაგიეროდ, - თვალი ჩამიკრა, - ახლა ფული მაქვს, ჩემი პირობა შევასრულე. ფულიც და ყველაფერი, რაც მინდოდა - სახლი, მანქანა... მოქალაქეობაც მივიღე და რომელ ქვეყანაშიც მინდა, თავისუფლად შევალ და გამოვალ, მაგრამ... - აქ უცებ სახე შეეცვალა, ახლა უკვე თვითონაც აღარ ვიცი კარგად, ვინა ვარ, რა ვარ, რისთვის ვარ... თუმცა, რა დროს ამაზე ლაპარაკია ახლა, - გამოხალისდა სასწრაფოდ იმ წამსვე, - ბევრი დრო არა მაქვს, დღეს მივდივარ, ერთი ახლობლის მანქანით ვბრუნდები უკან, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. უნდა მენახე, ისე ვერ წავიდოდი. - ეს რომ თქვა, ოდნავ განზე გადგა, შარვლის წინა ჯიბეებში ხელები ჩაიყო და იქიდან მუჭებით ერთმანეთში არეული დაჭმუჭნული ლარები და დოლარები ამოიღო. ცოტა გაწითლდა და უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა: მინდა ეს ფული აიღო და ჩემ სახელზე რამე იყიდო, ან რაშიც დაგჭირდება, იმაში გამოიყენო. გთხოვ, უარი არ მითხრა. - გაგიჟდი, რა სისულელეა, - ამოვიდგი უცებ ენა; ვიგრძენი, რომ სახეზე მეც წამოვწითლდი და ავილეწე. მაჯებში ჩავაფრინდი; ვცდილობდი, ფულით სავსე ხელები მისთვის უკან, ჯიბეებშივე ჩამეტენა. რომ ვერაფერს გავხდი, ახლა ხვეწნა-მუდარაზე გადავედი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. - არ ვიცი კიდევ როდის გნახავ, შენთვის სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ამიტომ, გთხოვ, ჩვენი ბავშვობის გამო, იმ დღეების გამო, უარს ნუ მეტყვი... - ამ სიტყვებმა ფარ-ხმალი საბოლოოდ დამაყრევინა. - კარგი, კარგი, ვუთხარი მორჩილად; ჩანთა გავხსენი და თავისივე მუჭებით ჩავაყრევინე შიგ ფული (რატომღაც ხელში ვერ გამოვართვი). ხელები გაითავისუფლა თუ არა, მადლობის ნიშნად მაგრად მომეხვია; მერე ლოყაზე მაკოცა, მოულოდნელად მომწყდა და ნელ-ნელა ისევ ტროტუარისკენ წავიდა. უკან აღარ მოუხედავს. ვიღაცისთვის გაჩერებულ ტაქსიში მოულოდნელად შეხტა და ასე გაოგნებული დამტოვა.

* * *
ფეხით დავუყევი რუსთაველს; სამსახურში ვბრუნდებოდი. ოთხი-ხუთი წუთის წასული იქნებოდა, რომ მობილურზე შეტყობინება გამომიგზავნა: "მაპატიე. შენი ამბავი ვიცი. დედაშენმა ყველაფერი მიამბო. არ შემეძლო მაგ თემაზე დალაპარაკება. არც ვიცოდი რა მეთქვა. იცოცხლე, გთხოვ!"
ნათო ერქვა...
რაც შეეხება ჩემს ამბავს, ეს სულ სხვა თემაა (ნათოსი არ იყოს, ალბათ მისი ფესვებიც ბავშვობაში უნდა ვეძებო) და ოდესმე იქნებ მისი მოყოლაც შევძლო.

24.05.09

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თამარ კოტრიკაძე – სოფლელი პოეტი ქრისტინე ლავანტი


მართლაც რომ თბილია მიწა...

სოფლელი პოეტი ქრისტინე ლავანტი

გასულ საუკუნეში ცხოვრობდა ერთი პოეტი ქალი - დიდი პოეტი - თავის ერთ გოჯ მშობლიურ მიწასთან სულითა და ხორცით ისე შეზრდილი, როგორც მცენარეა ფესვგადგმული თავის ნიადაგში. სამხრეთ ავსტრიაში, კარინტიის მიწაზე, გერმანულ, სლავურ და იტალიურ კულტურათა შესაყარზე, ალპიურ ქედებს შორის ლამაზი ხეობა მომყუდროებულა, სადაც ხეხილის ბაღების სიჭრელესა და საძოვრების სიმწვანეს აქა-იქ მურა ნახშირის საბადოები ენაცვლება. ხეობასაც და მასში ჩამომავალ მდინარეს ლავანტი ეწოდება. აქაური მაღაროელებისა და გლეხების ყოფაში ისეთივე მკვეთრი სხვაობაა, როგორც ლანდშაფტში: ერთნი მიწის უხვ და დამყოლ ზედაპირს ამუშავებენ, მისით საზრდოობენ და მასთან ჰარმონიულად თანაარსებობენ, ხოლო მეორენი მის პირქუშ და საშიშ სიღრმეში აღწევენ და მასთან უთანასწორო ბრძოლას ეწირებიან; ერთნი მიწას ფლობენ, მეორენი მასზე ქირით ცხოვრობენ და თავიანთი მასპინძლების მსუყე ლუკმა მუდამ სანატრელი აქვთ.
სწორედ მაღაროელის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა მომავალი პოეტი ქალი. გაჭირველისა და მუდმივი შიმშილის გამო მას იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ სკოლაში სამ წელიწაზე მეტხანს ვერ იარა. სამაგიეროდ, შინ, წიგნებიდან მიიღო განათლება. გაოცებას იწვევს წიგნისადმი სიყვარული მის სრულიად უბრალო ოჯახში: რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობდით, მეც, ჩემი მშობლებიც და და-ძმებიცო - იხსენებს მოგვიანებით. ლექსების წერა და გამოქვეყნება ოცდაათი წლის ასაკიდან დაიწყო. მაშინვე შეიცვალა ნამდვილი სახელი - ქრისტინე თონჰაუზერი - ფსევდონიმით - ქრისტინე ლავანტი: ამით თითქოს შეერწყა თავის მოწა-წყალს, გაიგივდა მასთან.
ფიზიკურმა ავადმყოფობამ და სულიერმა სიფაქიზემ მასა და სხვა ადამიანებს შორის უხილავი კედელი აღმართა და ერთ ადგილს მიაჯაჭვა: მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა არასოდეს დაუტოვებია პატარა დასახლება სანქტ-შტეფანი და თავისი ღარიბული ბინა, სადაც თავისზე ბევრად უფროს მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. რომ დავქორწინდით, იმდენად გვიჭირდა, არაერთხელ ჩავსულვარ ლავანტის პირას ბალახეულის მოსაკრეფად, რათა "გაზაფხულის სუფი" მაინც მომეხარშაო, - ჰყვებოდა შემდგომში ქრისტინე. უძილობა მისი მუდმივი თანამდევი იყო: მთვარიანი ღამით გამოვიდოდა ხოლმე სახლიდან და სოფლის შარაგზას გაუყვებოდა, ჩაუვლიდა ვერცხლისფრად გადაპენტილ მინდვრებს, გაყუჩებულ სახლებს... თავსაფრიანი ჩია ქალის დანახვაზე ვინ არ იტყოდა ასეთ დროს, კუდიანიაო? ვინ იცის, იქნებ, ამბობდნენ კიდეც. სწორედ მაგია იბადებოდა ამ უძილო ღამეებში - მისი ლექსების მაგია.
ქრისტინე ლავანტს გაუმართლა: მისი შემოქმედება დროულად შენიშნეს და დააფასეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს და სიცოცხლის ბოლო წლებში იმხელა ყოველთვიური ჰონორარი დაუნიშნეს, რომ თავადაც უდარდელად ცხოვრობდა და თავისი და-ძმების ოჯახებსაც ეხმარებოდა. ამასაც არ დასჯერებია ადგილობრივი ხელისუფლება: მძიმე კომუნალურ პირობებში მცხოვრები ავადმყოფი პოეტი კარინტიის დედაქალაქ კლაგენფურტში ახალაშენებულ ცათამბჯენში დაასახლეს, ისეთ ბინაში, 60-იანი წლების უახლეს სტანდარტებს რომ პასუხობდა. მაგრამ ქრისტინე ლავანტმა ეს პატივი ვერ შეიფერა: ყველაფერი უცხოდ ეჩვენებოდა და აშინებდა კიდეც: ტელეფონის მჭახე წკრიალი, ონკანიდან გამოსული ჭავლის შხუილი და სადარბაზოს კიბეზე უცნობი მეზობლების ფეხის ხმა. თანამედროვე კომფორტს ვერ გაუძლო და რამდენიმე თვეში კვლავ დაუბრუნდა თავის სარდაფის ოთახს, ეზოთი, ჭით, მამლის ყივილითა და ფრინველების მრავალხმიანობით...
ბუნებასთან, მცენარეებსა და ცხოველებთან ბევრად უადვილდებოდა საერთო ენის გამონახვა, ვიდრე ადამიანებთან, თუმცა მუდამ ეძებდა მათ შორის სულიერ მეგობარს. ჭეშმარიტი მეგობრობაც განიცადა და დიდი, ტრაგიკული სიყვარულიც, თავის საკანში დაყუდებულს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მრავალ ხელოვანსა და მოაზროვნესთან მიმოწერა ჰქონდა გაბმული, - და მაინც, ადამიანებთან უფრო სხვაგვარი კავშირი ჰქონდა, ისეთივე სიღრმისეული, როგორც მამამისს - მიწასთან: ხალხური შემოქმედება და მსოფლმხედველობა მისი პოეზიის მთავარი მასაზრდოებელი წყაროა. ის იცნობს ყოველი მცენარის სამკურნალო და მაგიურ თვისებებს, ბუნების თითოეული მოვლენა მის ლექსებში თქმულებებითა და მითებით იმოსება, პიროვნულ სახესა და ხასიათს იძენს. მისი პროზა ნამდვილი განძია ისტორიკოსთა და ეთნოგრაფთათვის: მასში ცოცხლობს ის მრავალეროვანი, თვითმყოფადად ტრადიციული ავსტრიული პროვინცია, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე ჩაბარდა წარსულს: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის თანამედროვე კულტურულმა ევროპამ გადაფარა. ქრისტინე ლავანტის ლიტერატურულ ენას ამდიდრებს ადგილობრივი გამოთქმები და არქაიზმები, თუმცა ის მკვეთრად განსხვავდება თავად პოეტის ყოველდღიური მეტყველებისგან: ის მაღალმხატვრულ გერმანულ ენაზე წერდა, მაგრამ კარინტიელების გარდა ყველასათვის სრულიად გაუგებარ დიალექტზე ლაპარაკობდა. ამ დიალექტს სიცოცხლის ბოლომდე ვერაფრით შეელია და იქნებ ამიტომაც ბევრი მასში მცდარად ხედავდა გულიბრყვილო სოფლელ ქალსა და ხალხურ მელექსეს.
რელიგიური მსოფლმხედველობაც ნებისმიერი ხალხის არქაულ მსოფლმხედველობასავით გაორებული ჰქონდა: კარინტია ხომ ის მიწაა, სადაც ყოველ ნაბიჯზე უძველესი წარმართული სალოცავების ნაშთებს პოულობენ, ყოველ გზაჯვარედინზე კი მგზავრს თითქოს მიწიდან ამოზრდილი, სტიქიისაგან დაღარულ-გაშავებული ხის ჯვარცმა ეგებება. ქრისტინე ლავანტის პოეზია ერთი გაბმული დიალოგია ღმერთთან, მაგრამ ულმობელი ზეციური მამის რისხვას ის ძალზე ხშირად თბილ და მოალერსე მიწას, დიად დედას, აფარებს თავს. ერთ-ერთ ცნობილ ლექსში ამბობს, ნეტავ ამ უცხო არსებათა, ადამიანთა სამყაროდან მალე დავბრუნდე შინ, თბილ მიწაში, ჩემს ფესვებსა და ბოლქვებთანო. აშკარაა, რომ ამის დამწერი დროისა და სივრცის მიღმა, ბუნების ცოცხალი, სახიერი სიღრმის უსასრულობიდან მოგვმართავს.
მეჩვენება, რომ ავსტრიელი პოეტი ქრისტინე ლავანტი ბევრი რამით ჰგავს ჩვენს დიდ პოეტს, ვაჟა-ფშაველას. სულაც არ მსურს გენიალობის ნიშნით მათი შედარება. ვაჟასა და ქრისტინეს ის აქვთ საერთო, რომ ორივეს შემოქმედება ბუნებისა და ხალხის სულიერი წიაღიდან მოდის და ბოლომდე არასოდეს სცილდება თავის ფესვებს, მაგრამ თავისი მწვერვალით ზედროულ და ზეეროვნულ სიმაღლეს სწვდება და ზოგადად ადამიანურ სათქმელს გამოთქვამს.
ლექსი, რომლითაც ქრისტინე ლავანტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი კრებული მთავრდება, სწორედ ამ კავშირს გამოხატავს:

დღეიდან, მაგრამ სამარადჟამოდ,
ვიცი, მართლაც რომ თბილია მიწა -
ჭინჭარს ვუბრუნებ მსუსხავ ბუსუსებს
და ზღარბს - საკუთარ წამახულ ეკლებს.

დღეიდან ყველა ჩემი შემწეა,
სამყარო მოჰგავს ტირიფის აკვანს,
სადაც დაგვარწევს ქარი ორივეს
და გადახლართავს ჩვენს სუნთქვას ერთად.
(თარგმანი ვასილ გულეურისა).


31. 03. 2009

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ერეკლე შველიძე – ლექსები


* * *
გულზე გადაგდის მოგონებათა ცხელი ჭავლები.
შენი ცხოვრება დღეს, არ გავს იმას, რაც იყო ადრე.
ან კიდევ მას, რაც წარმოგედგინა; უცბად გაები
სხვაგვარ მახეში, ყველასთან ერთად, ხშირად დარდიც ხომ ბარდნის.

უკიდურესად შეკუმშულია გარშემო სივრცე,
უკიდურესად დაძაბულია ყოველი ნერვი.
უფრო ოცნება აღარ შლის ფრთებს და კუშტად გიცქერს,
მკაცრი ნაკვთებით დაღარული ცხადის ნარევი.

და ფიქრობ ასე, ხშირად მოგდის თავში ბოლო დროს
აზრი, რომ მოწყდე ამ ყველაფერს, გამოეცალო
ამ ზედნაშენებს; დანამატებს, ხმაურს, მონოტონს
შენ რომ გიბზარავს ყურთასმენას; რამე შეცვალო.

წახვიდე სადმე, მიანებო და მიატოვო
ეს ყველა ზრუნვა ფუჭზე, მოიცილო ყალბი იერი.
შენს თავზე მეტი სხვა არავინ გააბატონო
და სიყვარულით ამოავსო სევდის თხრილები.

მზეზე წამოწვე, თბილ ბალახზე; ცას შეაჩერდე
ტყიდან მოგესმას კაჭკაჭის ხმა, თავი მიანდო
იმას რაც მხოლოდ გულით იძვრის, ასე არჩენდე
ჭრილობებს, მხოლოდ მას უსმენდე, შენში შიგნიდ, ყრუდ რაც ბინადრობს.


* * *

როცა კეთილი ხარ,
მაღალი ხარ;
ვითომ მწვერვალებზე
გადადიხარ.
არა ბორძიკით,
სულ თავისუფლად.
თითქოს ყველა ნატვრა
აგისრულდა.

როცა კეთილი ხარ,
აღარ გინდა
თუნდაც წარსულიდან,
ნანახიდან
რამეს ჩაეჭიდო
უსარგებლოს.
როცა, თუნდაც აწმყო
უარესობს.

როცა კეთილი ხარ,
რა კარგი ხარ.
ვითომ ნიავივით
გადარბიხარ
მწვანე მდელოებს
და იმართები.
უკვე აღარ გახსოვს,
მიათრევდი

ზურგით მთელს ხმელეთს
და დამძიმებულს,
როგორც თავი არის
სირაქლემის
სადღაც მიმალული,
გაწუხებდა
შენი თავი; ახლა
მარწუხებმა
თვითონ გაგიშვეს
და გააზატეს.

როცა კეთილი ხარ,
უბრალოა
მთელი სამყარო
და სადღაც ნატკენს,
ვით მწვერვალებს
ნისლი ადევთ, მაგ
შენს ტკივილებზე
მალამოა.

* * *

შენ პარკში შენთვის, ხეების ჩრდილში
გაშოტილი ხარ ძელსკამზე მარტო.
გულგრილად უცქერ დავარდნილ გირჩას.
გავიდა უკვე რამდენი მარტი,
რომ წაიყოლეს თან თავის დარდი,
უთხარი ნიავს, რომ იყოს მარდი
და უცოდველი და იქვე გვრიტიც
აჟივჟივდება და იტყვის კრინტი
არ დაძრა მეტი, არ დაძრა კრინტი.

ნაღველი მუდამ უსიტყვოდ დაგღრნის
და გულის ფიცარს შეგიჭამს, როგორც
ჩრჩილი ჭამს ქსოვილს და მაინც არ ღირს
ამაზე დავა, რადგან აქ ცხოვრობ,
სადაც არ არის სამოთხის ბაღი.
ხედავ? იქ დედას რომ მოჰყავს ბალღი
ხელჩაჭიდებით, რომელიც ანცობს.
არ მიამსგავსო ის არცერთ ნაცნობს,
თორე იქნება ზედმეტი ბარგი.

ჰოდა, მაშ ასე, ძალიან კარგი
ამინდი არის. ფოთლების ჭრილში
იცრება სხივი. შენც თავი ჩარგე
აგერ ფოთლების უშფოთველ ძილში
და გაარღვიე საზღვრები მავნე;
თქვი, რომ დღეები უკვალოდ გავლენ.
გავლენ, ან წავლენ, რომელიც გიჯობს.
არ დაგავიწყდეს წერტილიც გლიჯო,
სანამ ვიღაცა გიკურთხებს კარგებს.

თქვი, რომ მარტო ხარ პარკში და უცქერ
განრთხმულ პეიზაჟს, თავისთვის, ისე.
დრო სულ არაფერს აღარ გაუწყებს,
მოგაგონდება რაღაც და მყისვე
გადაინთქმება გარინდებაში
მთელი ალაგი, მთელი მიდამო,
გრძნობ გაუგებარ მიღმიერ კავშირს,
აბამს ბუნება შენთან, უდაოდ.

ნიავს კი მიაქვს სადღაც ტალღები
მტვრის და მიიწევს. რა გეეჭვება?
აღარაფერი გაწვება ბარგად.
და შენც ბალღდები და თან ლაღდები,
ყველა შეგრზნება სინანულს კარგავს.
აგერ ჰაერი სხივზე ციმციმებს.
გაგახსენდება? შენც გაიცინე,
გადატრიალდი და ჩაიძინე;
მხოლოდ ჭრიჭინა თუ ისიმსიმებს
და გამოგაცლის უცბათ სიმძიმეს,
როცა დუმილი შეგაჩერდება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თემურ ჩხეტიანი - ლექსები


ღია კარი და დახურული კარი

1. ღია კარი


სტუმართმოყვარე ქალაქია,
თუ სახლი კეთილი,
სულერთია–ორივეს კარი უნდა ებას
და ეს კარი
კიდეც უნდა იხურებოდეს...

დახურე გული,
დაასვენე და დაალაგე –
ამდენი ხნის აწეწილია.
დახურე გული.
ეს ამდენი მომსვლელ–წამსვლელი,
ეს ამდენი რია–რია და გადარევა,
ეს ამდენი ჭუჭყი, ნაგავი...

და რამდენი ძვირფასი ვინმე
გავიდა და აღარ დაბრუნდა.
და რამდენი ძვირფასი რამე
გაიტანეს და აღარ დააბრუნეს.
მათ ნაცვლად კი აქ ვინ აღარ შემოეხეტა,
ვინ იცის, რა არ შემოგითრიეს–
გადაავსეს და დაამძიმეს.

დახურე გული,
დაალაგე და დაასვენე.
გასატანი გაიტანე და რაც დარჩება,
მიუჩინე თავისი ადგილი.
დახურე გული –
ჭიშკარიც ხომ იკეტება,
მიცვალებულს რომ გაასვენებენ.

დაასვენე და უდარაჯე
მის დახურულ კარს – დაუკითხავად
არც არავინ შემოუშვა
და არც რამე გაიკარო
არასასურველი.
. . . . . .
დახურე გული?
დაალაგე? – მიმოიხედე,
მიმოიხედე და დაინახე – ისევ ღიაა!
ყოველმხრივ ღიაა,
თითქოს კარი არცა ჰქონოდეს!..

ღიაა გული
და ყოველმხრივ გახსნილია.
და არაფერი არ აკავებს
მომსვლელს თუ წამსვლელს.


2. დახურული კარი

„...ჯავრი შავაბი კარადა.“
ხალხური


რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
ვგდივარ არაქათგამოცლილი,
სასომიხდილი,
ვგდივარ ჩემივე სისხლითა და ცრემლით მოსვრილი
და იმ დროს ვიხსენებ
აქეთ რომ მოვდიოდი,
რომ მოვიჩქაროდი
და ამ კარს პირველად შუბლით რომ შევასკდი.

სად მივდიოდი?
მაინც საით მიმიჩქაროდა?
გასვლა მინდოდა საიდანმე,
თუ სადმე უნდა შევსულიყავი?
არ მახსოვს და, მგონი, მაშინ არც მიფიქრია.
არ მიფიქრია, რა მინდოდა,
ოღონდ ეს კარი უნდა გამევლო!..

იმდროინდელ შეცბუნებას ახლა ვიხსენებ.
ვიხსენებ ჩემს სიბრაზესაც:
– რას ჰქვია, არ იღები! – მეთქი...
მერე ხომ სულ სიგიჟე იყო:
ვეჯაჯგურე, წიხლებიც ვურტყი,
თავიც უკვე ჯიქურ ვახალე.

სიგიჟე იყო –
მხოლოდ ჩემი თავი დავშალე:
ოფლი ვღვარე, ძვალი ვიმტვრიე
და საკუთარ სისხლში და ცრემლში
ჩავიკრიფე, ჩავდნი, ჩავჩუმდი...

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
ვგდივარ არაქათგამოცლილი,
სასომიხდილი
და გაჭირვებით თუ ავახელ თვალს,
და თუ ავხედავ,
ისევ ეს კარია –
უძრავი, შეუვალი!..

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ
მე, ვინც ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდი;
გასვლა მსურდა, თუ სადმე შეღწევა,
მაგრამ ეს კარი უნდა გამევლო.

რა ხანია, ამ კართან ვგდივარ.
კიდევ რა დრო უნდა გავიდეს,
რომ აქ ვინმემ გამოიაროს,
თანაგრძნობით დამხედოს და წყნარი ხმით მითხრას:
„დააკაკუნეთ და გაგიღებენ“.


ტალღა

ჩემამდე უამრავი იყო,
ჩემს შემდეგაც მრავალნი მოდიან.

ეს წუთი კი ჩემია
და მოვრბივარ ხელებგაშლილი.

მინდა მოგეხვიო, ხმელეთო,
და შენთან ჩახუტებაში
გავქრე.


იმედგაცრუება

როცა ტელევიზორი გამეთიშა,
წიგნი გადავშალე.

როცა დავიღალე კითხვით,
შიმშილი ვიგრძენი.

კარტოფილი შევწვი
და ყავა მოვადუღე.

მერე გავიარე ბაღში
და ხელი შევაწოდე შეთვალულ ბალს.

მერე ეზოში ვიჯექი კუნძზე,
ვეწეოდი და საღამოვდებოდა.

და მთელი დღე ვგრძნობდი,
რომ მითვალთვალებდა ვიღაც.

მითვალთვალებდა დაჟინებით,
ალბათ ეგონა,
რამე განსაკუთრებულს ჩავიდენდი.


კალენდრის ფურცელი წიგნში

კალენდრის ფურცელი – „14 იანვარი“.
14 იანვარი,
ანუ ძველით ახალი წელი;
ფურცელი, რომელზეც
თვალებბრიალა ლადო ასათიანი ახატია.
კალენდრის ფურცელი წიგნში:
პაულ ცელანი, „სიმღერა უდაბნოში“.
და მაინცდამაინც ლექსთან
„სიკვდილის ფუგა“.

დაბრუნება


1. „ვინც დაიღალა, დაისვენოს“–ხმა იყო მისი.
ვისმინე და ვითაღლითე – განზე გავდექი.
გავიდა დრო,
დავიღალე უმოქმედობით.
გაფაციცებით ვაყურადებ – იქნებ მიმიხმოს....
მაგრამ მისი
ხმა აღარ ისმის.

2. არის შეცდომა, გადაცდენა, დანაშაული
და ყველაფერი ცოდვად კრისტალდება.
მრავალწახნაგა,
მრავალი სხივით –
თვალისმომჭრელით,
გულის დამკაწრავით...
და ცოდოა ადამიანი,
თუ სასჯელი დანაშაულს აღემატება.

3. მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ ადრეა.
ჯერ კიდევ ადრეა დაღამებამდე
და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს –
ის, ვინც სინანულში გვაგდებს,
არჩევანის უფლებასაც გვიტოვებს
და სამსალანაგემებთათვის
პეშვით თაფლიც არ ენანება.

4. ვხედავ, მაგრამ შორს არიან,
თანაც, ვიცი – ვერ მომიცდიან.
თავს ძალა უნდა დავატანო,
უნდა ვიარო.
უნდა ვიარო, რომ კიდევ ვნახო
მათი ღიმილი ჩემს დანახვაზე;
რომ მხარზე მათი ხელი ვიგრძნო
და გავიგონო:
„ისევ ჩვენი ხარ,
შენ ყოველთვის ჩვენი იყავი“.

* * *
რადგან არავის არ სცალია შენს მოსასმენად,
უამბე შენი ამბავი ღამეს;

უამბე მზის სხივს,
დილით ფანჯრიდან რომ შემოვა
და კართან რომ გაისუსება.

უამბე შენი ამბავი ფოთლებს,
რომლებიც ბევრნი კი არიან,
მაგრამ თუკი მოუყვები,
თუკი უამბობ,
მოგისმენენ და არ იხმაურებენ.

უამბე ამათ: ამ საღამოს, ლიკლიკა წყაროს;
უამბე და ისიც გჯეროდეს,
ყველაფერს გულთან მიიტანენ,
რასაც უამბობ.

ყველა გული ქვად არ ქცეულა,
ქვასავით არ დაყრუებულა–
უამბე ამათ, თუ რამე გაქვს საამბობელი.

უთხარი ჩუმად და უბრალოდ
და შენც უსმინე–
მათ სიჩუმეში,
მათ ჩურჩულში,
მათ სიმღერაში
სადღაც შორიდან დანაბარებ
პასუხს იპოვი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“