Sunday, March 30, 2008

კურტ ვონეგუტი



უაზრო სიცილი


ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ



ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და, აი, მეც ხელოვნებით ვცხოვრობ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ამბოხი. ისე გამოვიდა, თითქოს ბენზინგასამართი სადგური მივიღე მემკვიდრეობით. ყველა ჩემი წინაპარი ხელოვანი იყო, ასე რომ, დღიურ ლუკმას ოჯახური ტრადიციის გზით ვშოულობ. თუმცა მამაჩემი, მხატვარი და არქიტექტორი, იმდენად გააწამა დეპრესიამ, როცა ოჯახის რჩენა არ შეეძლო, რომ ერთხანს იმასაც ფიქრობდა, თითქოს ხელოვნებასთან არაფერი მესაქმებოდა. მაფრთხილებდა და მთხოვდა, ამ ყველაფრისგან შორს ვყოფილიყავი, რადგან ხელოვნება ფულის შოვნის ცუდ საშუალებად მიაჩნდა. მეუბნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებ კოლეჯში, თუ რაიმე სერიოზულს და პრაქტიკულს ისწავლიო.

ე. წ. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი მაშინ გავხდი, როცა ვიღაცამ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლად გამომაცხადა. არ მინდოდა ამ კატეგორიაში მოხვედრა და დავინტერესდი, განა რა დავაშავე ამისთანა, სერიოზული მწერლის რეპუტაციას რომ ვერ ვეღირსები-მეთქი. მივხვდი – ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ტექნოლოგიის შესახებ ვწერდი და გამორჩეული ამერიკელი მწერლების უმრავლესობამ ტექნოლოგიის შესახებ არაფერი იცის.

* * *

1968 წელს, როცა “სასაკლაო №5” დავწერე, უკვე საკმაოდ მომწიფებული ვიყავი იმისთვის, რომ დრეზდენის დაბომბვის შესახებ მომეთხრო. ეს უდიდესი ჟლეტა იყო ევროპის ისტორიაში. რა თქმა უნდა, აუშვიცის ამბებიც ვიცი, მაგრამ ჟლეტა რაღაც ისეთია, რაც უცებ ხდება და ძალიან მოკლე დროში უამრავი ადამიანი იღუპება. დრეზდენში, 1945 წლის 13 თებერვალს, ბრიტანელების მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ დაახლოებით 135 ათასი ადამიანი შეიწირა ერთ ღამეში.

ეს სრული სისულელე, უაზრო ნგრევა იყო. მთელი ქალაქი დაიწვა და ამერიკელები კი არა, ბრიტანელები მოიქცნენ ასე მხეცურად.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სამხედრო ტყვეები, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით, როცა მკვდარი გერმანელებისთვის ადგილის გამონახვა ხდებოდა საჭირო. გვამები სარდაფებიდან ამოგვქონდა: ადამიანები იქ იგუდებოდნენ, მერე კი ჩვენ უზარმაზარ კოცონთან მივათრევდით.

მე და ჩემთან ერთად მყოფი სხვა სამხედრო ტყვეები რატომ არ დაგვხოცეს, დღემდე ვერ ვხვდები.

1968 წელს უკვე მწერალი ვიყავი - ნამდვილი ყალთაბანდი. ფულის გულისთვის რას არ დავწერდი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ეს ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე გადავიტანე. ჰოდა, ვაპირებდი, ერთი მიფუჩეჩებული წიგნი დრეზედენის შესახებაც დამეწერა. დაახლოებით ისეთი, მერე ფილმად რომ გადაიღებდენ, სადაც დინ მარტინი, ფრენკ სინატრა და სხვები ჩვენს როლებს შეასრულებდნენ. ამის დაწერა ვცადე, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. უაზროდ ვცოდვილობდი.

წავედი და ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბერნი ო’ ჰარას მივადექი. იმ პერიოდის სასაცილო ამბებს ვიხსენებდით, როცა დრეზდენში სამხედრო ტყვეები ვიყავით, მაშინდელ დაძაბულ საუბრებს და ასეთ რამეებს, მოკლედ, მასალას, რისგანაც შესანიშნავი ფილმი გამოვიდოდა ომზე. მისი ცოლი კი, მერი ო’ ჰარა, უცებ გაცხარდა და გვითხრა: “იმ დროს თქვენ მთლად ბავშვები იყავით”.

ეს არის სიმართლე ჯარისკაცებზე. სინამდვილეში, ისინი ბავშვები არიან და არა კინო-ვარსკვლავები. არცერთი არ არის დიუკ ვეინი. ამის გააზრებამ გზა გამიხსნა და სიმართლის სათქმელად საბოლოოდ გამათავისუფლა. ჩვენ ბავშვები ვიყავით, “სასაკლაო №5”-ს კი ქვესათაურად “ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა” შევურჩიე.

რატომ დამჭირდა 23 წელი იმისათვის, რომ დამეწრა, რაც დრეზდენში გამოვცადე? ყველანი საკუთარი ისტორიებით დავბრუნდით სამშობლოში და, ასე თუ ისე, ყველას გვინდოდა მათი გამოყენება. რასაც მერი ო’ ჰარა ამბობდა, სინამდვილეში ამას ნიშნავდა: “რატომ არ ამბობთ სიმართლეს, თუნდაც მრავალფეროვნებისთვის?”

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერნესტ ჰემინგუეიმ მოთხრობა “მშვიდობით, იარაღო!” დაწერა იმის შესახებ, თუ როგორი სიბრიყვეა, როცა შინ მობრუნებულ ჯარისკაცს ეკითხები, ომში რა ნახა. ძალიან ბევრი ადამიანი - მათ შორის, მეც – პირში წყალს ვიგუბებდით, როცა ბრძოლების, ომის შესახებ რამეს გვეკითხებოდნენ. მაშინ ეს მოდაში იყო. არადა, ომის ამბების თხრობის ყველაზე შთამბეჭდავი ფორმაა, როცა მათ მოყოლაზე საერთოდ უარს ამბობ. მაშინ მოქალაქეები ყველანაირ გმირობას თვითონ წარმოიდგენენ.

და მაინც, ვთვლი, რომ მე და სხვა მწერლები ვიეტნამის ომმა საბოლოოდ გაგვათავისუფლა, რადგან ჩვენი ლიდერობაც და მოტივაციაც მთლიანად ყალბი და უაზრო გახადა. როგორც იქნა, ჩვენც შევძელით იმ ცუდზე გვესაუბრა, წარმოუდგენლად ზნედაცემულ ადამიანებს, ნაცისტებს რომ გავუკეთეთ.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ომზე ლაპარაკს გაურბიან, ის არის, რომ მის შესახებ საუბარი შეუძლებელია.

* * *

ახლა კი წერის გაკვეთილს ჩაგიტარებთ.

პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილ-მძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით.

ვხვდები, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება იმის გამოცნობა გაუჭირდეს, ვხუმრობ თუ არა. ასე რომ, ამის მერე გეტყვით, როცა ვიხუმრებ.

მაგალითად, შედით ეროვნულ გვარდიაში ან საზღვაო ფლოტში და ასწავლეთ დემოკრატია. ვხუმრობ.

სადაცაა ალ-ქაიდას მორიგი შეტევა დაიწყება. აქნიეთ დროშები, თუ კი გაქვთ. ეს მათ ყოველთვის აფრთხობთ. ვხუმრობ.

თუ გინდათ, მშობლებს ნამდვილად მოუკლათ გული და არც გამბედაობა გყოფნით იმისათვის, რომ ჰომოსექსუალისტი იყოთ, შეგიძლიათ, ხელოვნებაში თავით გადაეშვათ. არ ვხუმრობ. ხელოვნება ფულის შოვნის საშუალება არ არის. ეს ყველაზე ჰუმანური გზაა, რომელიც ცხოვრებას ოდნავ ასატანს ხდის. თუ ხელოვნებას მიჰყვებით - მნიშვნელობა არა აქვს, ცუდად გამოგივათ თუ კარგად – ღმერთო ჩემო, სულიერად ხომ მაინც გაიზრდებით! იმღერეთ შხაპის ქვეშ. იცეკვეთ რადიოს ხმაზე. მოყევით სხვადასხვა ამბები. მისწერეთ მეგობარს წერილი, თუნდაც ერთი ქეციანი ლექსი. გააკეთეთ ეს ისე, როგორც შეგიძლიათ. უზარმაზარ ჯილდოს მიიღებთ – უკვე რაღაც გექნებათ შექმნილი.

სულაც არ მინდა, რომ დაგაფრთხოთ, მაგრამ კორნელის უნივერსიტეტში სტუდენტ-ქიმიკოსად ნამყოფმა ომის შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ანთროპოლოგია შევისწავლე და ბოლოს, მაგისტრის ხარისხიც მივიღე ამ სფეროში. სოლ ბელოუ იმავე კათედრაზე იყო. არცერთი ჩვენგანი მასალის შესაგროვებლად არასდროს გამგზავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ, წარმოსახვაში ამას უდავოდ ვახორციელებდით. მე ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული ეთნოგრაფების, მისიონერებისა და მკვლევარების – ამ იმპერიალისტების - მოხსენებების მოსაძებნად და იმის გასაგებად, თუ რა სახის ისტორიები შეაგროვეს პრიმიტიულ ხალხში. ანთროპოლოგიაში ხარისხის დაცვა მაინც ჩემი დიდი შეცდომა იყო, რადგან პრიმიტიულ ხალხს ვერ ვიტან – შტერები და სულელები არიან. პრიმიტიული ხალხი, იმ თავისი ქეციანი ამბებით, გადაშენებას იმსახურებს. ისინი ნამდვილად ჩამორჩენილები არიან.

* * *

მასაჩუსეტის შტატში, უესტ ბარნსტეიბლში, იმ საავტომობილო სააგენტოს მფლობელი და მენეჯერი ვიყავი, რომელსაც “სააბ კეიპ კოდი” ერქვა. მეც და ეს სააგენტოც ბიზნესს 33 წლის წინ შევეშვით. ისევე, როგორც ახლა, “სააბი” მაშინაც შვედური მანქანა იყო და, მჯერა, რომ ამ პროფესიაში ჩემი წლებისწინანდელი წარუმატებლობა იოლად ხსნის იმას, რაც სხვა შემთხვევაში ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩებოდა: რატომ არ მომცეს შვედებმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია. ძველი ნორვეგიული ანდაზაა: “შვედებს პატარა სირები აქვთ, მაგრამ დიდი მეხსიერება”.

მომისმინეთ: მაშინ “სააბს” მხოლოდ ერთი მოდელი ჰქონდა, “ფოლკსვაგენის” მსგავსი დეფექტით - ორკარიანი სედანი, რომლის ძრავაც წინ იყო მოთავსებული. ჰაერის ნაკადის ზემოქმედების შედეგად ორივე კარი ისე იოლად იღებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში სასიკვდილო ნახტომისთვის მზად უნდა ყოფილიყავით. ყველა სხვა ავტომობილისგან განსხვავებით, მაგრამ თქვენი გაზონის საკრეჭი მანქანისა და მოტორიანი ნავის მსგავსად, ორტაქტიანი ძრავა ჰქონდა და არა ოთხტაქტიანი. ასე რომ, როცა ავზს ბენზინით ავსებდით, ერთი ბიდონი მანქანის ზეთიც უნდა მიგეყოლებინათ. არცერთ შემთხვევაში წესიერი ქალი ამის გაკეთებას არ მოისურვებდა.

მთავარი, რის გამოც “სააბს” ყიდულობდნენ, ის იყო, რომ მას “ფოლკსვაგენისთვის” ოდნავ გასწრება შეეძლო – მხოლოდ წითელ შუქზე. მაგრამ თქვენ ან თქვენთვის მნიშვნელოვან არსებას ბენზინის ავზში ზეთის ჩამატება თუ დაგავიწყდებოდათ, მაშინ თქვენ და თქვენი მანქანა ნამდვილ ფეიერვერკს მოაწყობდით.

ბევრი ცუდი ვილაპარაკე შვედური მანქანათმშენებლობის შესახებ და ამიტომ ვერ ვეღირსე ნობელის პრემიას.

* * *

ძნელია, ნამდვილად ენამოსწრებულად იხუმროთ.

რადიოში კომედიებს დღესაც ვუსმენ და უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში არც ისე ბევრი კარგი კომედიაა. ამ ჟანრთან ყველაზე ახლოს მაინც გრუჩო მარქსის ვიქტორინა “ფსონად - შენი სიცოცხლე” რჩება. მე ბევრ მხიარულ მწერალს ვიცნობ, რომლებიც აღარ ხუმრობენ და დასერიოზულდნენ, რის გამოც რაიმე სასაცილოს მოფიქრებას ვეღარ ახერხებენ. მახსენდება ბრიტანელი ავტორი, მაიკლ ფრეინი, “კალის ადამიანი” რომ დაწერა. ის ძალიან სერიოზული გახდა. მის თავში ნამდვილად რაღაც მოხდა.

როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ცხოვრება, იუმორი თავდაცვის კარგი საშუალებაა. საბოლოოდ, მაინც იღლებით, უფრო და უფრო თავზარდამცემი ამბები გესმით და იუმორი ვეღარ გშველით. მარკ ტვენს ემსგავსებით, რომელიც ფიქრობდა, რომ ცხოვრება საშინელი იყო, მაგრამ ხუმრობის და ასეთი რამეების დახმარებით ამ საშინელებას გულთან ახლოს არ უშვებდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო. მისი ცოლი, საუკეთესო მეგობარი და ორი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ, ბევრი თქვენი ახლობელი მოკვდება.

სავსებით შესაძლებელია, რომ მეც ვეღარ ვხუმრობდე – დღეს იუმორი თავდაცვის საიმედო მექანიზმად აღარ ჩაითვლება. ზოგიერთი ადამიანი მხიარულია, ზოგი – არა. მეც მხიარული ვიყავი, მაგრამ ალბათ აღარ ვარ. იმდენი დარტყმა და იმედგაცრუება გვხვდება ცხოვრებაში, რომ იუმორის თავდაცვითი ფუნქცია ვერაფერს ხდება. შეიძლება პირქუში გავხდი, რადგან ბევრი ისეთი რამ ვნახე, რამაც შეურაცხყოფა მომაყენა და რასაც სასაცილო სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

იქნებ ასეც მოხდა. ნამდვილად არ ვიცი, ამის შემდეგ როგორი ვიქნები. უბრალოდ, დინებას მივყვები და ვნახავ, ჩემს სხეულსა და ტვინს რაც მოუვა. თავზარს მცემს ის ფაქტი, რომ მწერალი გავხდი. არა მგონია, ჩემი ცხოვრების ან ჩემი ნაწერის კონტროლი შემეძლოს. ნებისმიერი სხვა მწერალი, ვისაც ვიცნობ, გრძნობს, რომ საკუთარ თავს კარგად მართავს. მე კი ეს შეგრძნება არა მაქვს. ასე ვერაფერს ვაკონტროლებ. უბრალოდ, ვბერდები.

ერთადერთი, რაც ნამდვილად მინდოდა, ხალხისთვის სიცილით შვების მოგვრა იყო. ასპირინის აბის მსგავსად, იუმორიც შეიძლება შვებისმომგვრელი აღმოჩნდეს. რომ ვიცოდე, ასი წლის შემდეგ ადამიანები ისევ იცინებენ, ამ ამბით ნამდვილად კმაყოფილი ვიქნებოდი.

* * *

ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ჩემი შვილიშვილების თანატოლები ხართ. ბევრი თქვენგანი ამ სტრიქონების კითხვისას ალბათ სწორედ მათი ასაკის იქნება.

როცა ბავშვი ვიყავი, ოჯახის უმცროს წევრად ვითვლებოდი, ყველაზე უმცროსი კი ნებისმიერ ოჯახში მასხარაა, რადგან ხუმრობა და მასხრობა ერთადერთი გზაა, რომლითაც მას უფროსთა საუბარში ჩართვა შეუძლია. და ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ძმა – ცხრა წლით, ხოლო მშობლები, ერთიც და მეორეც, ენაწყლიანი მოსაუბრეები იყვნენ. პატარაობისას ყველა ამ ადამიანისთვის მომაბეზრებელი ვიყავი, განსაკუთრებით სადილობის დროს. არ უნდოდათ ჩემი სულელური, ბავშვური ამბების მოსმენა. მათ ნამდვილად მნიშვნელოვან თემებზე სურდათ საუბარი - იმაზე, რაც სკოლაში, კოლეჯში ან სამსახურში ხდებოდა. ასე რომ, ერთადერთი გზა, რომლითაც საუბარში ჩართვა შემეძლო, რაიმე სასაცილოს თქმა იყო.

მე იმ დროს ვიზრდებოდი, როცა ამერიკაში ბრწყინვალე კომედიებს დგამდნენ – ეს დიდი დეპრესიის ხანა იყო. რადიოში საკმაოდ მაღალი დონის კომიკოსები მოღვაწეობდნენ და ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მათგან ბევრს ვსწავლობდი. მოზარდობის პერიოდში, სულ ცოტა, ღამეში ერთი საათის განმავლობაში მაინც ვუსმენდი კომედიებს და ძალიან დავინტერესდი, რა იყო ხუმრობა და როგორ უნდა მეხუმრა.

როცა ვხუმრობ, ვცდილობ, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო. არა მგონია, მართლაც საშინელ გემოვნებაზე მიუთითებდეს ის, რაც აქამდე ჩავიდინე. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში არც ისე ბევრი ადამიანი შემიწუხებია ან ნაწყენი დამიტოვებია. ერთადერთი შოკი, რომელსაც მივმართავ, იშვიათად გამოყენებული უხამსი სიტყვებია. ზოგიერთი რამ კი ნამდვილად არ არის სასაცილო. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია იუმორისტული წიგნი ან სკეტჩი აუშვიცის შესახებ. ასევე შეუძლებელია, ჯონ კენედის ან მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილზე ვიხუმრო. სხვა შემთხვევებში, საერთოდ არ ვფიქრობ იმ თემაზე, რომელსაც ყოველთვის თავს ავარიდებდი იმის გამო, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა. როგორც ვოლტერმა გვიჩვენა, ტოტალური კატასტროფები საშინლად თავშესაქცევი რამაა. ლისაბონის მიწისძვრაც ხომ სასაცილოდ ჩანს!

მე დრეზდენის ნგრევას შევესწარი. ქალაქი მანამდეც ვნახე და საჰაერო დაბომბვის შემდეგაც, როცა თავშესაფრიდან გამოვედი. რა თქმა უნდა, სიცილი ერთადერთი პასუხი იყო ამ ყველაფრისადმი. უფალმა უწყის, რომ სული მუდამ შვებას ეძებს.

ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს სიცილის საგნად და სავარაუდოდ, საშინლად შემზარავი სიცილი აუშვიცის მსხვერპლთა შორისაც გაისმოდა.

იუმორი შიშით გამოწვეული ფიზიოლოგიური საპასუხო რეაქციაა. ფროიდი ამბობდა, რომ იმედგაცრუებისას იუმორი ერთ-ერთი შესაძლო პასუხია. მისი თქმით, ჭიშკართან მყოფი ძაღლი, რომელიც გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, მიწის ფხოჭნას, თხრას, უაზრო მოქმედებების შესრულებას დაიწყებს, ალბათ, ღრენას ან რამე ასეთსაც წამოიწყებს, რათა იმედგაცრუებას, გაკვირვებას ან შიშს გაუმკლავდეს.

უმეტესწილად, სიცილს შიში იწვევს. წლების წინ ერთ იუმორისტულ სატელევიზიო სერიალზე ვმუშაობდი. მაშინ ვცდილობდით, შოუ ისე გაგვეკეთებინა, რომ თითოეულ ეპიზოდში სიკვდილის ხსენება ძირითად პრინციპად დარჩენილიყო. ეს კომპონენტი სიცილს უფრო გააღრმავებდა, მაყურებელი კი ვერც მიხვდებოდა, მის გადაბჟირებას როგორ ვახერხებდით.

არსებობს ზედაპირული სიცილიც. ამის მაგალითი ბობ ჰოუპია, რომელიც ნამდვილი იუმორისტი არც ყოფილა. ის უბრალო კომიკოსი იყო, საკმაოდ მწირი მასალა ჰქონდა და რაიმე შემაძრწუნებელს არასდროს ახსენებდა. სამაგიეროდ, გიჟივით ვიცინოდი “ლორელი და ჰარდი”-ს ყურებისას. რაც არ უნდა ვთქვათ, იქ მაინც ჩანს ტრაგედია. ეს ადამიანები საკმაოდ სათუთები არიან იმისთვის, რომ ამ სამყაროში გადარჩნენ და ამის გამო მუდამ საშინელ საფრთხეში არიან. ისინი ძალიან იოლად შეიძლება მოკლან.

* * *

უმარტივესი ხუმრობებიც კი შიშის და ტკივილის უმცირეს ელემენტებს შეიცავს. ასეთია შეკითხვა: “რა მოჩანს თეთრად ჩიტის უკანალში?” სკოლის მოსწავლესავით დამფრთხალი მსმენელი მაშინვე იბნევა და ეშინია, რაიმე სისულელე არ თქვას. როცა ის პასუხს გაიგებს: “რა თქმა უნდა, ჩიტის უკანალი,” – ავტომატურ შიშს სიცილით გაფანტავს. ბოლოს და ბოლოს, გამოცდაზე ხომ არ იყო!

“რატომ იკეთებენ მეხანძრეები წითელ აჭიმებს?” ან “რატომ დამარხეს ჯორჯ ვაშინგტონი მთის ფერდობზე?” და ასე შემდეგ.

ნაკლებად მხიარული ხუმრობებიც არსებობს, რასაც ფროიდი სახრჩობელას იუმორს უწოდებდა. ისეთი უიმედო ცხოვრებისეული სიტუაციებიც გვხვდება, როცა ნებისმიერი სახის შვება წარმოუდგენლად მოჩანს.

დრეზდენს რომ ბომბავდნენ, სარდაფში ვისხედით და თავზე ხელებს ვიფარებდით – გვეშინოდა, ჭერი არ ჩამოქცეულიყო. ამ დროს, თითქოს ცივ და წვიმიან ღამით დიდ სახლში გამოკეტილი ჰერცოგის ასული გახლდათ, ერთმა ჯარისკაცმა თქვა: “ნეტა ამაღამ ღარიბები რას აკეთებენ?” არავის გასცინებია, მაგრამ ამის მოსმენა ყველას გაგვიხარდა. ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით! მან კი ეს დაამტკიცა.



ნაწყვეტი წიგნიდან “უსამშობლო კაცი: ჯორჯ ბუშის ამერიკაში ცხოვრების მემუარები”, 2005

© ”ცხელი შოკოლადი”

Saturday, March 29, 2008

ჯუანშერ ტიკარიძე



***


როცა 16 წლის ასაკში გულს უსახელო სევდა შემოგაწვება,

როცა გრძნობ,

რომ არ გეყოფა მარტო ერთი სიცოცხლე,

რადგან მთელი სამყარო შენთვის შექმნილი გგონია,

როცა გინდა, სადღაც გაიქცე

და წარმოდგენაც არ გაქვს სად,

როცა გინდა, ყველაფერი დალეწო

და არ გესმის რატომ,

როცა გინდა, ამოთქვა უთქმელი

და არ არსებობს მისთვის სიტყვები

და როცა მარტოს ან სხვებში,

ქუჩაში ან სახლში,

მზეში ან ლოგინში

სულ ერთი წამით

(როგორც სიყვარულით გამოწვდილი საწამლავი)

მტკივნეული ჟრუანტელით დაგივლის ასასრულებელი ბედისწერა

და სასოწარკვეთაც გეშს აუღებს შენს შიშს

და ამიერიდან ვეღარსად ვეღარ დაემალები...

40 წლისამ კი უკვე იცი:

სულაც არ არის ეს სევდა უსახელო.

მას საკმაოდ გრძელი,

ჩახლართული

და პროზაული სახელი ჰქვია.

დაახლოებით ასეთი:

"სევდა იმის გამო,

რომ არ ვართ ღმერთები,

რათა მარად ვიცოცხლოთ

ან არ ვართ ცხოველები,

რათა არ ვიცოდეთ,

რომ აუცილებლად დავმარცხდებით."



***


მე დამესიზმრა,

რომ ვითომ ვიყავი დიდი ხნის მკვდარი,

ოღონდ კი არ ვიწექი საფლავში,

ან კი არ ვიხრუკებოდი ჯოჯოხეთის ცეცხლში,

ან დავფარფატებდი აჩრდილივით,

უბრალოდ, ჩემი გადიდებული ფოტოპორტრეტი ეკიდა კედელზე,

ჩემი ბავშვობის სახლში

და მე ვითომ იქიდან ვუყურებდი,

როგორ მეძინა,

როგორ ვიღვიძებდი,

როგორ ვთამაშობდი,

ვცელქობდი,

ვსწავლობდი,

ვმხიარულობდი

თუ ვდარდობდი,

მოკლედ, ვიზრდებოდი,

რათა ოდესმე ამოდენა მოვყრილიყავი

და ჯერ ეს სიზმარი დამსიზმრებოდა,

მერე კი ეს ლექსი დამეწერა.


***


ბავშვებმა ბაღში ააშენეს ქვიშის ციხე-კოშკი,

ქვის გალავანი შემოავლეს გარშემო

და თხრილშიც წყალი გაუშვეს.

მაგრამ მას ღამით დაეპატრონა ბოროტი ჯადოქარი,

დახოცილი მეციხოვნეები თხრილში ჩაყარა,

ციხის კომენდანტი გასვა ძელზე,

ქალები და მათი შვილები შეამწყვდია ბნელ დილეგში

და მე კიდევ მომივლინა შეჩვენება

ილაჯგამწყვეტი, როგორც სიცოცხლე

და ფრთამსუბუქი, როგორც სიკვდილი:

შევიგრძნო და ვერ გამოვთქვა,

ვიხილო და ვერ დავეუფლო,

ვიპოვო და უმალ დავკარგო.


ქალის სიმარტოვე



აღარ მოვიდა...

კორპუსის ფანჯრიდან გადაცქერი,

შენგან მომდურებული ქალაქი

როგორ იცლება მზის სისხლისგან

და სავარძელში ჯდები სერიალის საყურებლად.

მაგრამ ვეღარ გაფორიაქებს სხვისი ვნებები

ვეღარც წიგნებში წაკითხული,

ვეღარც ტელევიზორში ნანახი...

სულ ბოლოს ძილის წამალს სვამ

და სანამ ჩაგეძინება,

საკუთარ მკლავებს ისე ფრთხილად ეფერები,

თითქოს შეშინებულ ბავშვებს ამშვიდებდე...

კედელზე დაკიდებულ ნატურმორტზეც დაჭკნა ვარდები.


* * *


...ავადმყოფი დროდადრო ბრუნდებოდა არყოფნიდან

და ახელდა თვალებს

და ვერ არკვევდა,

ჰაერი უფრო ტკიოდა

თუ საავადმყოფოს ბინძური, დახეთქილი ჭერი.

ჭერზე დაბზარული იეროგლიფებით ეწერა:

შენ მოკვდები.

მაგრამ ავადმყოფი ვერ ხედავდა ამ წარწერას.

ის ვერც პალატაში უსაქმოდ მობორიალე მოწყენილ ანგელოზებს ხედავდა

და ვეღარც ჭირისუფლების მოსვენებამოწყურებულ სახეებს.

ცოტა ხანში ავადმყოფს ისევ ეხუჭებოდა თვალები

და გრძნობდა,

ყოფნიდან კვლავ არყოფნაში როგორ ექაჩებოდა

ვიღაცის ჭაობივით ჩამთრევი ხელი

და მისი გონებაც ნელა-ნელა ქრებოდა,

როგორც თეატრის დიდი ჭაღი სპექტაკლის დაწყების წინ.



***


მამაჩემო,

აღარ დაიღალე საფლავში წოლით?

ადრე ამდენი ხანი

ერთ ადგილას რა გაგაჩერებდა.


***


...ღმერთო, ღმერთო,

კი არ უნდა მეოცნება,

ყოველდღე თითო მძიმე ლოდი დამედო ლოდზე

იქნება ზეცას შევწვდომოდი.




© “ცხელი შოკოლადი”

Friday, March 28, 2008

ახალი წიგნები (მაისი, 2007)



აკა მორჩილაძე, “ქაღალდის ტყვია” (მცირე რომანი, მოთხრობები); თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

ვერავაკური ხალხური ზღაპარი, თბილისი - სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში: ოკეანის გაღმა თუ გამოღმა, ურალის ქედს აქეთ თუ იქით, შავი ზღვის ჩრდილო თუ სამხრეთ, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ სანაპიროზე; ამ სამყაროს ცენტრი კი - საბურთალოელი თემო, იგივე აჰმედ კაიაა. “ქაღალდის ტყვია” სტამბოლში მცხოვრები ქართველი ოინბაზის ახალ თავგადასავლებზე გვიამბობს. მცირე რომანის გარდა წიგნში შესულია მოთხრობების ციკლი “მოგონებები ჩემი მეგობარი კაი ბიჭის ცხოვრებიდან”, რომელიც პირველად ჟურნალ “არილში” დაიბეჭდა.

ლელა სამნიაშვილი, “მუდმივი ტატუ” (ლექსები); თბ. “სიესტა”, 2006.

ჯიბით წაღებული როიალის კლავიშები, კოლბაში ნაგროვები ოკეანე, ფრჩხილებში დამალული იასამნის მარცვლები და კოცნა-ტკივილის ცვალებადი დოზები - მთელი ეს პოეტური ეშმაკობა ლელა სამნიაშვილმა ახალ წიგნად შეკრა და მკთხველს მიაბარა. წიგნში 2005-2006 წლებში დაწერილი ლექსებია შესული და მისი სახელიც გამართლებულია - მათ, ვისაც პოეზია უყვართ, ახალი კრებული “მუდმივ ტატუდ” დარჩებათ. “მუდმივი ტატუ” ლელასთვის პირველი წიგნი არ არის. აქამდე გამოვიდა მისი ორი პოეტური კრებული - “ფოტო-აბები(2000)” და “გველის წელიწადი (2004)”.

ირაკლი ბერიაშვილი, “თომა” (რომანი); თბ. “სიესტა”, 2006.

სამყარო, რომელიც სათამაშო მაგიდის გარშემო იწყება და მთავრდება; საგნების და მოძრაობების ესთეტიკა, რომელსაც მხოლოდ ბანქოს მოთამაშეები აღიქვამენ, ფერადი ჩიპები, აჭრელებული მართკუთხა ქაღალდები, სავსე საფერფლეები - სიმბოლოები, რომლებთან ერთადაც პოკერის თამაში ცხოვრება ხდება - თავისი ტკივილებით, სიხარულებით, იმედგაცრუებით, გამართლებით;

თომა ამ ცხოვრების ერთ-ერთი პერსონაჟია, აქტიური მოთამაშე - მოლოდინებით, წუხილებით, სილაღეებით და გამართლება-არგამართლებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბანქოს მოთამაშეებისთვისაც კი მაგიდის მიღმა არსებობს ცხოვრება, რომელიც ხშირად გაცილებით უფრო რთული და სარისკო თამაშია, ვიდრე პოკერი. ირაკლი ბერიაშვილის “თომა” ერთი ადამიანის ორ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

არჩილ სულაკაური, “სალამურას თავგადასავალი”, ზღაპარი, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007, საიუბილეო გამოცემა.

ციცინათელების მწყემსი ბაია განსაცდელში აღმოჩნდა - ქონდარეთის ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ სათნო მზეთუნახავთან თამაში მოინდომა, შიკრიკებმაც ჭირვეულ უფლისწულს სურვილი შეუსრულეს - გოგონა მოიტაცეს და ქონდარეთის ტახტის მემკვიდრეს მიჰგვარეს. თუმცა, ბაია გასაჭირში მარტო არ დარჩენილა - მეგობარი სალამურა ციცინათელების მზეთუნახავის გადასარჩენად შორეულ მოგზაურობაში გაემართა, ქვეყნიერება მოიარა და თვითონაც არაერთხელ ჩაიგდო თავი განსაცდელში. პატარა ბიჭუნას თავგადასავალი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია. ზღაპარი სიკეთესა და მეგობრობაზე უამბობს პატარებს, მხიარული ილუსტრაციები კი ბავშვებს წიგნის გმირების უკეთ გაცნობაში დაეხმარებათ.

პატრიკ ზიუსკინდი, “სამი ამბავი და ერთი დაკვირვება”, მთარგმნელი რუსუდან ბეჟაშვილი, თბ, “ლოგოს პრესი”, 2007.

როგორ გავხადოთ ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები “ღრმა”; დგება თუ არა დრო, როცა უნდა დავტოვოთ სათამაშო მოედანი, მოუხედავად იმისა, რომ მოგება გარანტირებული გვაქვს; ვეძებოთ თუ არა სამყაროს საწყისი არც მეტი, არც ნაკლები - ნიჟარაში? კითხვები, რომლებზეც პასუხს პატრიკ ზიუსკინდის “სამ ამბავში” იპოვით, ან, ვერ იპოვით. და თუ ისე მოხდა, რომ “ბიძგი სიღრმისკენ”, “ბრძოლა” და “მეტრ მუსარის ანდერძი” აქამდეც წაკითხული გქონიათ და ეს მხოლოდ ახლა, ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეთ, ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, იქვე “ერთ დაკვირვებასაც” გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ თქვენ არაფერი განსაკუთრებული არ გჭირთ - ეს მხოლოდ ლიტერატურული ამნეზიაა. არ გამოვრიცხავ, ეს ერთი დაკვირვებაც ოდესღაც წაკითხული გქონდეთ.

მიხეილ ჭაბაშვილი, “მოგონებები”, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ, “დიოგენე”, 2006.

მოგონებებად აკინძული მთელი საუკუნე, საინეტერსო ადამიანები, თავგადასავლები, ამბები უახლესი ისტორიის ასწლეულიდან; ეპიზოდები და ფრაგმენტები, რომლებიც ისტორიის ნაწილია და მათი მოყოლა თავისთავად ქმნის ისტორიას. მიხეილ ჭაბაშვილის “მოგონებები” 1990-1991 წლებშია დაწერილი. როგორც თავად ენათმეცნიერის ჩანაწერებში ვკითხულობთ, თავიდან იგი ზეპირსიტყვიერად ჰყვებოდა ამ ამბებს, შემდეგ, მეგობრის თხოვნით და წაქეზებით, ფურცელზეც გადაიტანა, ოღონდ, თავისი ოჯახისთვის და არა - გამოსაქვეყნებლად. დღეს უკვე მისი “მოგონებების” წაკითხვით ყველას გვაქვს საშუალება, დროებით მაინც დიდი ენათმეცნიერის ოჯახის წევრები გავხდეთ. მიხეილ ჭაბაშვილის სახელს ქართულ ენაზე გამოცემული არაერთი ლექსიკონი უკავშირდება და დღეს ეს სახელი ისტორიის კუთვნილებაა.

© “ცხელი შოკოლადი”

უმ­ბერ­ტო ეკო

ხეობა


(ნაწილი III)


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა



სახლში შვიდ საათზე დავბრუნდი, სადილის დროისთვის. გრანიოლას თორმეტ საათზე უნდა შევხვედროდი, მადონას პატარა სამლოცველოსთან. სწრაფად რომ მეარა, ორმოცდახუთ წუთში იქ ვიქნებოდი. ჰო, მართლა, იქ, ორატორიოში, გრანიოლამ მკითხა, მაჯის საათი თუ გაქვსო. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა, მაგრამ თერთმეტზე, როცა ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, სასადილო ოთახში გავიდოდი, რადგან იქ კედლის საათი იყო.

სადილზე მაგიდას რომ მივუჯექი, ტვინი მქონდა არეული, ოჯახს თავი მოვაჩვენე, ვითომ დიდის ინტერესით ვუსმენდი რადიოს, მერე ჩემი მარკების ალბომიც "გულისყურით" დავათვალიერე. თერთმეტ საათზე ჩემებმა შუქი ჩააქრეს და ბინაში სიჩუმემ დაისადგურა, მე კი ისევ სასადილო ოთახში ვიჯექი. წარამარა ვანთებდი ასანთის ღერებს, საათი რომ შემემოწმებინა. თორმეტის თხუთმეტ წუთზე სახლიდან გამოვიპარე და სამლოცველოს გზას დავადექი.

გრანიოლა იქ დამხვდა და დაგვიანებისთვის მისაყვედურა. ის ცახცახებდა, მე - არა. მე ჩემს სტიქიაში ვიყავი. გრანიოლამ თოკი გამომიწოდა, მე მის ბოლოს მოვეჭიდე და ასვლას შევუდექით.

პირადად მე ჩვენი მარშრუტის რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, გრანიოლა კი სულ იმას გაიძახოდა, ვაიმე, ვვარდებიო. მე ისე ავუყევი ფერდობს, თითქოს მუსიკის თანხლებით მივდიოდი და მტკიცედაც მივაბიჯებდი. გრანიოლას, მიუხედავად იმისა, რომ მე მომყვებოდა, წარამარა უცდებოდა ფეხი. ხველაც აუტყდა. ხშირად მიხდებოდა უკან მიბრუნება, რათა ხელზე მომექაჩა. ნისლი კი იყო, მაგრამ ნახევარ მეტრში მაინც შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა. მე თოკს ვეწეოდი და გრანიოლაც ჩნდებოდა ნისლის საფარველიდან, რომელიც თითქოს იმწამსვე იფანტებოდა. ერთი სიტყვით, სუდარაშემოძარცულ ლაზარესავით მეცხადებოდა.

მთელი საათი მივიწევდით წინ და მანძილის ნახევარი თუ გვექნებოდა დაფარული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ მოვუწოდე გრანიოლას სიფრთხილისკენ - როდესაც კაჭარს მივუახლოვდით. მისთვის უნდა შემოგეარა და ბილიკზე გასულიყავი. ვაი შენ, თუკი გაბრიყვდებოდი და რახან ფეხქვეშ კენჭებს შეიგრძნობდი, მარცხნივ არჩევდი გადახვევას: მაშინ უთუოდ უფსკრულში მოგიწევდა სიცოცხლის დამთავრება.

როგორც იქნა ავედით, გალავნის ღიობსაც მივაღწიეთ. ნისლში შეუძლებელი იყო სან-მარტინოს დალანდვა. გრანიოლას ვუთხარი, ახლა უკვე ორღობეში ვართ, ოცი ნაბიჯი გადათვალე და მღვდლის სახლთან გავჩნდებით-მეთქი.

კარზე სამჯერ დავაკაკუნეთ, მერე დავახანეთ და იგივე გავიმეორეთ, სწორედ ისე, როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული. მღვდელმა სახლში შეგვიშვა. სახეზე ქაღალდის ფერი ედო. ყაჩაღებივით კბილებამდე შეიარაღებული და ბავშვივით დაშინებული კაზაკებიც იქ დაგვხვდნენ. გრანიოლა ერთ-ერთ მათგანს გამოელაპარაკა - იმას, რომელმაც იტალიური იცოდა. კაზაკი გვარიანად ლაპარაკობდა ჩვენს ენაზე, მაგრამ უზადო აქცენტით ვერ დაიკვეხნიდა. გრანიოლა კი, ისე როგორც კაცს უცხოელთან საუბრისას სჩვევია, ძირითად ზმნის საწყის ფორმას აწვებოდა.

"შენ შენი ამხანაგების გაძღოლა და მე და ბავშვს უკან გამოყოლა. შენ თქმა შენს ამხანაგებს, რასაც მე გეუბნები და მათ, იმის გაკეთება, რასაც მე ვიტყვი. გასაგებია?"

"გასაგებია, გასაგები. ჩვენ მზად ვართ."

მღვდელმა, რომელმაც კინაღამ შიშისაგან საჯაროდ ჩაისველა, კარი გაგვიღო და ჩვენც ორღობეში გავედით. სოფლის ბოლოდან მაშინვე შემოგვესმა ტევტონური ღავღავი და ძაღლების ყეფა.

"ღმერთმა დასწყევლოს," წამოიძახა გრანიოლამ, მღვდელს კი ამაზე წარბიც არ შეუხრია. "ის უკეთურები აქ არიან, ძაღლებიც ჰყავთ, და ძაღლებს, ხო იცით, სუ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ჩვენი ნისლი, ყნოსვით მოგვაგნებენ. ახლა რაღა ვქნათ?"

"ვიცი მაგათი ამბავი. ხუთ კაცზე - ერთი ძაღლი. ჩვენი გზით წავიდეთ, იქნებ უძაღლოებს შევხვდეთ," უთხრა კაზაკების მეთაურმა.

“Rien ne va plus. ჩვენ ნელა ვივლით. ვიდრე არ გეტყვით, არ გაისროლოთ. მზად გქონდეთ ცხვირსახოცები, ჩვრები და თოკები", დაარიგა კაზაკები გრანიოლამ და მერე მე მომიბრუნდა: "აბა ახლა სწრაფად ჩავიაროთ ეს ორღობე და მოსახვევთან შევჩერდეთ. იქ თუ არავინ დაგვხვდა, ავშენებულვართ, გალავნის ღიობში გავძვრებით და მეყოლონ კარგად. მაგრამ თუ იმათ გადავეყარეთ, თანაც "ძაღლიანებს," მაშინ კი გვეტირა დედა და ეგ არის. ასე თუ მოხდა, ძაღლებიანად უნდა მივაცხრილოთ... თუმცა, გააჩნია, რამდენი იქნებიან. გავიხედე და ძაღლები არ ჰყავთ... ჯერ გავატარებთ, მერე მივეპარებით, ხელებს გავუკრავთ და პირში ჩვრებს ჩავტენით. მერეც იყვირონ, თუ ყოჩაღი ბიჭები არიან."

"იქვე დავტოვოთ?"

"კარგი კითხვაა. არა, თან წავათრევთ. სხვა გზას ვერ ვხედავ."

მერე გრანიოლამ ეს ყველაფერი მეთაურს აუხსნა და იმანაც თავის რაზმს "მოუთარგმნა."

მღვდელმა რაღაც ჩვრები მოგვცა და ასე გასინჯეთ, საეკლესიო სამოსელის ზონრებსაც შეელია. თან გვაჩქარებდა, წადით, წადით, ღმერთი შეგეწიოთო.

ორღობეს ჩავუყევით. მოსახვევთან კვლავ ღავღავებდნენ გერმანელები, მაგრამ ძაღლების ხმა აღარ ისმოდა.

ჩვენ კედელს ავეკარით. მალე ვიღაცები მოგვიახლოვდნენ, გერმანულად ლაპარაკობდნენ, ალბათ გაჩენის დღეს იწყევლიდნენ, რადგან ვერაფერს ხედავდნენ და არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. გრანიოლამ ხელებით გვანიშნა, ორნი არიან, ჯერ ჩაიარონ და მერეო...

ის ორი გერმანელი აშკარად იქაურობის დასაზვერად გამოეგზავნათ დანარჩენებს, ვიდრე თვითონ ძაღლებთან ერთად მოედანს შემოუვლიდნენ. იარაღმომარჯვებული მზვერავები ფეხაკრეფით მიდიოდნენ; ორღობე ვერ შენიშნეს იმ სულელებმა და ჩაგვიარეს. კაზაკებიც მაშინვე ეცნენ და იქვე გვიჩვენეს, თავიანთი საქმის ოსტატები რომ იყვნენ. ელვის სისწრაფით დასცეს ბეჭებზე ორი კაცი და პირი ჩვრებით გამოუტენეს. თითო გერმანელი ორ კაცს ჰყავდა გაკავებული, მესამე კი ზურგსუკან უკრავდა ხელებს. თავაწყვეტილი ჯეელები იყვნენ ის კაზაკები!

"გათავდა და მორჩა", თქვა გრანიოლამ. "აბა, იამბო, მაგათი ავტომატები გალავანს იქით მოისროლე, თქვენ კი ბიჭებო, ეგ გერმანელები წინ გაიგდეთ და მე და იამბოს მოგვყევით უკან."

მე თავზარდაცემული ვიყავი და ახლა უკვე გრანიოლა იღებდა გადაწყვეტილებას. ღიობში ადვილად გავძვერით და გრანიოლამ თოკები დაგვირიგა. ერთი ეგ იყო, ჩვენი ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცის გარდა, ორივე ხელი ყველას დაკავებული ჰქონდა და ამიტომ, ძალიან გაჭირდა იმ გერმანელების ტყემდე მითრევა. აი, იქ კი გრანიოლამ ჩვენი მსვლელობის რეორგანიზაცია მოხდინა: ვინც გერმანელის წინ მიდიოდა, თავისი თოკი მისი ავტომატის ღვედს გამოაბა, ვინც უკან - მარჯვენა ხელით საყელოში ჩააფრინდა ტყვეს, მარცხენით კი უკანმომავალი კაცის თოკს ჩაეჭიდა. მაგრამ, ის-ის იყო ადგილიდან უნდა დავძრულიყავით, რომ ერთ-ერთ გერმანელს ფეხი დაუცდა, ზედ გადაემხო იმას, ვინც მის წინ მიდიოდა, უკანა კაციც წააქცია და ჩვენი ჯაჭვიც გაწყდა. კაზაკებმა რაღაც წაისისინეს (ალბათ თავიანთ ენაზე შეიგინეს), მაგრამ ჭკუა იხმარეს და არ აყვირებულან.

ამასობაში ერთმა გერმანელმა დრო იხელთა და გაპარვა სცადა. ორი კაზაკი ბორძიკ-ბორძიკით მიჰყვა უკან. ადვილი შესაძლებელი იყო, ხელიდან დაგვძრომოდა, მაგრამ იცოდა კი საით მიდიოდა? რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაუსხლტა, იქვე გაიშოტა და კაზაკებმაც ხელი სტაცეს. გაწევ-გამოწევაში გერმანელს თავიდან ჩაჩქანი გადაუვარდა. კაზაკების მეთაურმა გვითხრა, ახლა ეგ კასკა აქ თუ დავტოვეთ, ძაღლები კვალს აიღებენ და ადვილად მოგვაგნებენო... და აი, პირველად მაშინ შევნიშნეთ, რომ მეორე გერმანელი თავშიშველი იყო. "წყეული ნაბიჭვრები," წაისისინა გრანიოლამ. "მაგას ჩაჩქანი ალბათ იქვე გადასძვრა, ორღობეში. ძაღლებმა თუ მიაგნეს, დავიღუპეთ."

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! სულ რამდენიმე მეტრით წინწასულებს რაღაც ხმები და ძაღლების ყეფა შემოგვესმა.

"აი, ხომ ხედავთ! ორღობეს მიაღწიეს, ძაღლებმაც მაშინვე მიაგნეს ჩაჩქანს და ახლა მოგვდევენ. სმენა იყოს და გაგონება! ნუ შეშინდებით. ჯერ ის ღიობი უნდა იპოვონ, ეს კი არც ისე ადვილია; მერე Qქვემოთკენ უნდა წამოვიდნენ. თუ ფრთხილი ძაღლები ჰყავთ, ისინიც ალბათ ნელა ივლიან, და თუ ძაღლები აჩქარდებიან, ვეღარც ისინი შეიკავებენ თავს და უკანალით დაებერტყებიან. ვერ დაგვეწევიან, იამბო! რაც შეგიძლია, სწრაფად იარე. აბა, წავედით!"

"ვეცდები, გრანიოლა, მაგრამ ძალიან მეშინია."

"კი არ გეშინია, ღელავ. ღრმად ჩაისუნთქე და წინისაკენ!"

იმ მღვდლისა არ იყოს, ახლა კინაღამ მე ჩავისველე, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. კბილები მიკაწკაწებდა, იმ წუთას მერჩივნა ჟირაფონე ვყოფილიყავი და არა რომაელი ლეგიონერი; ცხენი ჰორასი ან ძროხა კლარაბელი - და არა მიკი მაუსი შვიდი მოჩვენების სამფლობელოში; სინიორ პამპურიო - და არა ფლეშ გორდონი არბორიას ჭაობებში, მაგრამ როცა კაცი საცეკვაო მოედანზე ხარ, სხვა გზა არა გაქვს, უნდა იცეკვო. რაც შემეძლო სწრაფად დავეშვი ქვემოთ, თან ვცდილობდი, ფეხი არ შემშლოდა.

ის ჩვენი ტყვეები ძალიან გვაფერხებდნენ; ძონძებით პირგამოტენილები ძლივსღა სუნთქავდნენ და წარამარა ჩერდებოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში კაჭართან მივედით; იმდენად კარგად ვიცოდი, სადაც იყო, რომ იქამდე შევახე ხელი, ვიდრე საკუთარი თვალით დავინახავდი. მისთვის ძალიან ფრთხილად უნდა შემოგვეარა: ვინმე რომ განზე გადაქანებულიყო, შვერილთან აღმოჩნდებოდა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვებოდა. ზემოდან ჯერ კიდევ კარგად გვესმოდა ხმები, მაგრამ ვერ გაგვეგო, გერმანელები თავიანთი ურჩი ძაღლების გასამხნევებლად ყვიროდნენ ასე ხმამაღლა, თუ უკვე გალავანს გასცდენოდნენ და ახლა ჩვენკენ მოდიოდნენ.

ამ ხმების გაგონებაზე ორივე ტყვე გამოცოცხლდა. მაშინაც კი, როცა ფეხზე მყარად იდგნენ, დაცემასა და განზე გადაგორებას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სითამამე ძვირად დასჯდომოდათ და დამტვრეულიყვნენ. ალბათ იფიქრეს, ახლა ესენი ვეღარ გვესრიან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ძაღლები მაინც გვიპოვიანო. მათ უკვე აღარაფერი ჰქონდათ დასაკარგავი და თქვენც ხომ იცით, რაზეა წამსვლელი თავზეხელაღებული კაცი!

უეცრად სროლის ხმა გავიგონეთ. რადგან ქვემოთ ჩამოსვლა გაუჭირდათ, გერმანელებმა ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ მთელი ასოთხმოცი ნაბიჯის სავალი გზა ედოთ წინ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ჩვენ სად ვიყავით, ამიტომ უმისამართოდ ისროდნენ, თანაც თითქმის ჰოტიზონტალურად, რახან არც ის იცოდნენ, რამდენად დამრეცი იყო ფერდობი. როცა ჩვენი მიმართულებით ისროდნენ, ტყვიები თავზემოთ დაგვზუზუნებდა.

"ვიაროთ, ვიაროთ," გვიბრძანა გრანიოლამ. "ვერ გვიპოვიან."

მაგრამ, ბოლოს გერმანელები გაერკვნენ ადგილ-მდებარეობაში და რამდენიმე მათგანი ქვემოთ დაეშვა. ძაღლებიც უკვე ჩვენკენ მოიწევდნენ. ახლა გერმანელები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ და რამდენიმე ტყვიამ მახლობელ ბუჩქნარში გაისისინა.

"ნუ შიშობთ," გაგვამხნევა კაზაკების მეთაურმა. "ვიცი, მაგათი ავტომატების Reichweite."

"იცის, რა მანძილიდან აღწევს მიზანს მაგათი ტყვია," აგვიხსნა გრანიოლამ.

"ჰო, მაგის თქმა მინდოდა. მეტად თუ აღარ მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ცოტა მოვუჩქარეთ, ტყვია ვერ მოგვწვდება. ნუღარ ვაყოვნებთ."

"მე კი ვივლი სწრაფად, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? მაგ ორი გერმანელის წამოთრევაც გაგიჭირდებათ. რა აზრი აქვს თავ-პირის მტვრევით ჩემს ჩარბენას? მოდი, აქ დავტოვოთ ტყვეები, თუ არადა, შემეშვით, მე ჩემი გზით წავალ," თვალცრემლიანმა ვუთხარი გრანიოლას.

"რას ამბობ? აქ რომ დავტოვოთ, წამში შეიხსნიან თოკებს და დანარჩენებს შეეხმიანებიან," შეიცხადა გრანიოლამ.

"კონდახს ვხეთქავ თავში და ისე მოვკლავ, უხმაუროდ," ჩაისისინა მეთაურმა.

ამის გაგონებაზე გამაცია. როგორ, ის ორი უბედური უნდა მოეკლათ? მაგრამ გრანიოლას სიტყვებმა დამამშვიდა: "ეგ არ ივარგებს. თუ დავხოცავთ და აქ დავტოვებთ, ძაღლები მოაგნებენ და გერმანელები ჩვენც ადვილად გვიპოვიან. ერთი გზაღა დაგვრჩენია: აქედან შორს უნდა გადავყაროთ, ძაღლებიც მათკენ აიღებენ გეზს და ამასობაში ათ წუთს და ალბათ ცოტა მეტსაც მოვიგებთ. იამბო, ჩვენგან მარჯვნივ განა ის მატყუარა ბილიკი არ არის, პირდაპირ უფსკრულისკენ რომ მიემართება? იქითკენ გადავყაროთ. შენ ხომ თქვი, იმ გზით ვინც წავა, შვერილს ვერ შენიშნავს და გადაიჩეხებაო? ძაღლებიც იქითკენ წავლენ და გერმანელებსაც თან გაიყოლებენ. ვიდრე ისინი გონზე მოვლენ, ჩვენ გავივაკებთ კიდეც. იქიდან თუ გადაიჩეხა კაცი, ნაღდად მოკვდება, არა?"

"არა, მე არ მითქვამს, რომ ნაღდად მოკვდება. ისე, ალბათ დაიმტვრევა... და თუ თავიც ხეთქა რამეს..."

"ჯანდაბა შენ თავს. ხან ერთს ამბობ და ხან მეორეს! თუ ჩავარდნისას თოკები შეეხსნათ და დაყვირება მოასწრეს, სხვები გაფრთხილდებიან."

"მაშინ ჯერ უნდა დაიხოცონ და მერე ჩაცვივდნენ," განაცხადა ბევრის მომსწრე და ომის მუხანათურ კანონებში გარკვეულმა მეთაურმა.

მე გრანიოლას გვერდით ვიდექი და მის სახეს კარგად ვხედავდი. ადრეც უფერული ვინმე ბრძანდებოდა, ახლა კი აჩრდილივით გაფითრებულიყო. ცას აჰყურებდა, თითქოს მაღლიდან ელოდა ნიშანს. ამასობაში ტყვიებმა თავზემოთ გადაგვიზუზუნა. ერთ-ერთმა გერმანელმა თავის მცველს უბიძგა და ორივე ძირს დაებერტყა. გერმანელი კაზაკს კბილებში უბრაგუნებდა თავს და ყველანაირად ცდილობდა ხმაურის ატეხას. გრაინოლამაც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება: "ან ჩვენ, ან ისინი, იამბო. მარჯვნისაკენ რომ წავიდე, რამდენი ნაბიჯი დამჭირდება იმ შვერილამდე?"

"ათი. მე ათი მჭირდება, შენ კი ალბათ რვა უნდა გადაგა.. მაგრამ თუ დიდი ნაბიჯით წახვალ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება. ასე რომ, ოთხის გადადგმა გიჯობს... არა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა - სამის."

"კარგი," თქვა გრანიოლამ და მეთაურს მიუბრუნდა. "თქვენ მე მომყევით. ამ ორ ლაქიას მხრებში მაგრად ჩასჭიდეთ ხელი და წინ გაიგდეთ. დანარჩენები აქ დაიცდიან."

"რას აპირებ, გრანიოლა?" ვკითხე გაპარული ხმით.

"მოკეტე. ომია. ამათთან ერთად აქ დაიცადე. ეს ბრძანებაა, იამბო."

ისინი ნისლში გაუჩინარდნენ, კაჭარს იქით. ცოტა ხანში ქვების ჩხრიალი და რაღაც ყრუ ბრაგვანი მოგვესმა. მერე გრანიოლა და ორი კზაკი გამოჩნდნენ, გერმანელები - არა! "აბა, ჩქარა. ახლა უფრო სწრაფად ვივლით," გვითხრა გრანიოლამ. ხელი მხარზე დამადო. ერთიანად ცახცახებდა. რადგან ჩემს გვერდით იდგა, ისევ კარგად ვხედავდი: საყელომომდგარი სვიტერი ეცვა და ლანცეტის ბუდე ეკიდა გულზე. ალბათ ლანცეტი ამოიღო-მეთქი, გავიფიქრე. "რა უქენით იმ ორს?" ვკითხე ატირებულმა.

"შეეშვი მაგაზე ფიქრს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ახლა ძაღლები სისხლის სუნს აიღებენ და გერმანელებს იქითკენ წაიყვანენ. მგონი, გადავრჩით. აბა, წავედით."

დაახლოებით ნახევარ საათში ხეობა ჩავიარეთ და გზაზე გავედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოდან ყვირილი და ყეფა გვესმოდა, მაგრამ ეს ხმები თანდათანობით სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. ჯიჯიოს საბარგო იქვე გველოდა, კორომში. გრანიოლამ კაზაკებს უთხრა, მანქანაზე ადითო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა: "მე ამათ გავყვები, ბარემ ბადოგლისტებს ჩავაბარებ." ცდილობდა, ჩემთვის თვალი აერიდებინა; ერთი სული ჰქონდა, იქიდან დროზე წავსულიყავი. "წადი, წადი, იამბო. სახლში წადი. მაგარი ხარ, ჯილდო დაიმსახურე! სხვაზე ნუღარაფერზე იფიქრებ. შენ შენი ვალი აღასრულე. თუკი ვინმეა რამეში დამნაშავე - მხოლოდ და მხოლოდ მე."

სიცივის მიუხედავად, შინ ოფლში გაწურული დავბრუნდი - ოფლში გაწურული და არაქათგამოცლილი. მგონი, სიცხემაც ამიწია. უნდა მოვინანიო, უნდა მოვინანიო, ვიმეორებდი გულში.

დილა კი უარესი გამითენდა: ჯერ ერთი, დროზე უნდა ავმდგარიყავი და მეორეც, დედაჩემი გამიგიჟდა, ასეთი ჭკუაარეული ჯერ არ მინახიხარო. რამდენიმე საათში ჩვენს სახლთან ჯიჯიო გამოჩნდა. ვანიშნე, ვენახში დამლოდებოდა. ვიცოდი, ის არაფერს დამიმალავდა. მანაც ყველაფერი მიამბო...

გრანიოლამ და ჯიჯიომ ის კაზაკები ბადოგლისტებს ჩააბარეს და უკან გამობრუნდნენ. ბადოგლისტებმა გააფრთხილეს, ღამე უირაღოდ სიარული საშიშია, რადგან "შავხალათიანები" დაძრულან სოლარასაკენ თავიანთი ხალხის დასახმარებლადო და გრანიოლას მუშკეტი მისცეს.

მთელ სამ საათს მოუნდნენ ვინიოლეტას გზაჯვარედინების გადაკვეთას. მანქანა პატრონს დაუბრუნეს და ფეხით წამოვიდნენ სოლარასაკენ. იმდენი ნერვიულობის შემდეგ გაილაღეს, აღგზნებულები ყვიროდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ზურგზე ხელებს უტყაპუნებდნენ... და ვერ შენიშნეს თხრილში მიყუჩებული "შავხალათიანები." ისინი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით შეიპყრეს. იარაღი ჰქონდათ და თავს ვერ გაიმართლებდნენ. ავტოფურგონში შეყარეს. იქ მხოლოდ ხუთი ფაშისტი იყო: ორი წინ იჯდა, ორიც უკან - მათ პირისპირ, ერთი კი ძარაზე იდგა და გზას გაჰყურებდა, რადგან ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო.

მათთვის ხელ-ფეხი არ შეუკრავთ, რადგან ორ მცველს ავტომატები ჰქონდა მომარჯვებული, გრანიოლა და ჯიჯიო კი ტომრებივით ეყარნენ მათ ფერხთით. მერე ჯიჯიოს რაღაც უცნაური ხმა ჩაესმა, თითქოს ქსოვილი გაიფხრიწაო და სახეზე ბლანტი სითხე დაედინა. ერთ-ერთ ფაშისტს ხროტინი მოესმა, ფარანი აანთო და ყელგამოღადრული გრანიოლაც დაინახეს.... თავისი განუყრელი ლანცეტით ხელში. მანქანა გააჩერეს და ორმა ფაშისტმა ლანძღვა-გინებით გადაათრია გრანიოლა გზაზე. მათ ჯიჯიოც ეხმარებოდა. გრანიოლა სულსა ღაფავდა, იქაურობა სისხლით იყო მორწყული. დანარჩენი სამი ფაშისტიც გადმოვიდა მანქანიდან. ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თვალები სად გქონდათ, უფროსობას ეგ ცოცხალი სჭირდებოდა, ახლა რაღა ვქნათ, ციხე გველის, ტყვეები რომ არ გავკოჭეთო.

ვიდრე ისინი გრანიოლას ცხედარს "დასტიროდნენ", ჯიჯიოს არსებობა გადაავიწყდათ, და მანაც იფიქრა, ან ახლა და ან არასდროსო. იცოდა, იქ ციცაბო ფერდობი იყო და თხრილს გადაახტა. ფაშისტებმა ერთი-ორი კი გაისროლეს, მაგრამ ჯიჯიო ბურთივით ჩაგორდა ქვემოთ და ხეებში მიიმალა. ნისლში ისევე გაჭირდებოდა მისი პოვნა, როგორც თივის ზვინში ჩაკარგული ნემსის, თანაც ფაშისტებს დიდი აურზაური ხელს არ აძლევდა: გრანიოლას ცხედარი უნდა გადაემალათ და რისხვის თავიდან ასაცილებლად უნდა ეთქვათ, რომ იმ ღამით ვერავინ დაიჭირეს.

იმ დილას, მას შემდეგ, რაც "შავხალათიანები" გერმანელებთან შესახვედრად გაემართნენ, ჯიჯიო თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ტრაგედიის ადგილზე მივიდა. არხები გადაჩხრიკეს და გრანიოლას ცხედარს მიაგნეს. სოლარელმა მღვდელმა უარი განაცხადა ეკლესიაში მის დასვენებაზე, რადგან გრანიოლა ანარქისტი იყო და გარდა ამისა, უკვე ყველამ იცოდა, საკუთარი ხელით რომ გამოეჭრა ყელი, მაგრამ დონ კონიასომ ნება დართო ბიჭებს გრანიოლა ორატორიოს პატარა სამლოცველოში დაესვენებინათ, ღმერთმა მოწყალეა და მღვდლებზე უკეთ უწყის ყოველივეო.

გრანიოლა მოკვდა. მან გადაარჩინა კაზაკები, მე მშვიდობით დამაბრუნა სახლში და მერე მოკვდა. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცოდი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი; მას ხომ არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ტყვედჩავარდნილი როგორ მოიქცეოდა. აკი ამბობდა, მხდალი ვარ, წამებას ვერ გავუძლებ, ყველას გავცემ და მეგობრებს სასაკლაოზე გავისტუმრებო. მან მეგობრებისთვის დათმო სიცოცხლე. ლანცეტის ერთი გამოსმა და... იმ გერმანელებსაც ალბათ ასევე მოუღო ბოლო. ეს ყველაფერი რაღაც დანტესეულ სამსჯავროს ჰგავდა. მხდალის მამაცური აღსასრული. მან პასუხი აგო თავის ცხოვრებაში ჩადენილი ერთადერთი სისასტიკისთვის და ასე გამოისყიდა ცოდვა, რომლის ზიდვასაც ვერ შესძლებდა ცოცხლად დარჩენილი. ერთი ხელის მოსმით გააცურა ყველა: ფაშისტები, გერმანელები, ღმერთი...

ახლა ჩემს მოგონებებსაც კი შემოეძარცა ნისლის საბურველი. თვალწინ მიდგას სოლარაში ტრიუმფით შემოსული პარტიზანები. 25 აპრილს მილანი გათავისუფლდა. ხალხი ქუჩებს მოსდებია, პარტიზანები ქალაქში საბარგო მანქანებით შემოდიან, ჰაერში ისვრიან.NNრამდენიმე დღის შემდეგ კი ჯარისკაცს ვხვდები: ზეთისხილისფერი ფორმა აცვია, ველოსიპედს მიაქროლებს ცხენისწაბლას ხეებს შორის. ბრაზილიელი ვარო, მომაყვირებს და გზას აგრძელებს. ნუთუ ბრაზილიელებიც ამერიკელების და ინგლისელების მხარდამხარ იბრძოდნენ? ჩემთვის ეს არავის უთქვამს. არასდროს. Drôle de guerre.

გერმანია მარცხდება. ჰიტლერი თავს იკლავს. ომი დამთავრდა. ზეიმობს სოლარა, ყველა ერთმანეთს ეხვევა, ხალხი აკორდეონის ჰანგებზე ცეკვავს.

მე კი ამ ბედნიერ სამყაროში ტრაგედიიდან ვარ მოხვედრილი, ტრაგედიიდან, სადაც ორი მოკლული გერმანელი დარჩა და გრანიოლაც - ქალუნახავი და წამებული - შიშის, სიყვარულის და სიკერპის გამო.

ვერ გამიბედავს დონ კონიასოსთან მისვლა, ვერ გამიბედავს მონანიება. კი მაგრამ, რა უნდა მოვინანიო? ის რაც არ გამიკეთებია, არც კი დამინახავს და რაზეც მხოლოდ ვეჭვობ? და თუკი შესანდობი არაფერი ჩამიდენია, როგორ ვითხოვო შენდობა და მიტევება? ამიტომ ვიქნები საუკუნოდ შერისხული.



© ”ცხელი შოკოლადი”

Thursday, March 27, 2008

უმ­ბერ­ტო ეკო

ხეობა


(ნაწილი II)


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა


როდის წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ის "დიდი თამაში?" სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს ესროდა, ჩვენც გვჭირდებოდა მტერი და ასეთად სან-მარტინოში, მთის მწვერვალზე გაშენებულ სოფელში მცხოვრები ბიჭები დავისახეთ.

იქაურები მართლაც იდეალური მტრები იქნებოდნენ, ვინაიდან უკლებლივ ყველა ფაშისტად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი აი, როგორ იყო საქმე: ერთი ოჯახიდან ორმა ძმამ "შავხალათიანებს" მიაშურა, დანარჩენი ორი კი სოფელში დარჩა; ამბობდნენ, იქაური დაჯგუფების მეთაურები არიანო. სოლარელებს უყვარდათ ომში წასული ბიჭები და ამიტომაც ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, სან-მარტინოელებს ვერ ენდობა კაციო.

არ ვიცი, ფაშისტები იყვნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ იქაური ბიჭები ნამდვილ ცხოველებად მიგვაჩნდა. როცა ისეთ წყეულ ადგილას ცხოვრობ, როგორიც სან-მარტინოა, ძალაუნებურად ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა ჩაიდინო, მხოლოდ იმიტომ, თავი რომ დაირწმუნო, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. იქაური ბიჭები სოლარას სკოლაში სწავლობდნენ და ჩვენ, ქალაქელები, ისე ვუყურებდით, როგორც ბოშებს. ჩვენ ათასი "ნუგბარი" დაგვქონდა სკოლაში - პური, ფორთოხლის ჯემი - მათ კი ისიც ახარებდათ, ვინმე თუ ჭიან ვაშლს გადაუგდებდა. მოკლედ, რაღაც უნდა ჩაედინათ და ისინიც ზოგჯერ ქვებს გვიშენდნენ, როცა ჩვენ ორატორიოს ჭიშკარს ვუახლოვდებოდით. ცხადია, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, სან-მარტინოში ავსულიყავით და სწორედ მაშინ დავსხმოდით თავს, ეკლესიის მოედანზე ბურთს როცა დასდევდნენ.

მაგრამ სან-მარტინოსკენ მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა, არც მოსახვევი იყო და არც არაფერი და ეკლესიის მოედნიდან მშვენივრად ჩანდა ყველა მიმსვლელი. ასე რომ, მოულოდნელად ვერ დავატყდებოდით თავს. მერე კი დურანტემ, ჩვენებური ფერმერის შვილმა, რომელიც ისეთი შავტუხა და დიდთავა იყო, ნებისმიერ აბისინიელს შეარცხვენდა, განაცხადა, დიახაც რომ დავატყდებით, თუკი მთის ხეობით ავალთო.

მაშინ არავის მოუვიდოდა თავში იმ ციცაბოზე აბობღება (და, შესაბამისად, ჩამობობღება); იქ ხომ ბუჩქებიც არ იყო, რომ მოსჭიდებოდი, მიწა კი, შეიძლება, ყოველ წუთას გამოგცლოდა ფეხქვეშ. კი შენიშნავდი მოშორებით აკაციისა და მაყვლის ბუჩქების კორომს, შუაგულში ბილიკისმაგვარი გასასვლელით, მაგრამ სინამდვილეში იქ გზა არ იყო, მხოლოდ ერთი უსწორმასწორო ქვიანი მონაკვეთი. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაგისხლტებოდა, დავარდებოდი და ერთი ოცი მეტრი მაინც სულ კოტრიალით წახვიდოდი თავქვე. გინდაც დამტვრევას გადარჩენოდი, ეკალი უთუოდ ამოგთხრიდა თვალს. ყველა სიკეთესთან ერთად, იქ თურმე გველხოკერებიც ოხრად ბუდობდნენ.

ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერ ავიდოდით, წინასწარ უნდა გვევარჯიშა. მთელი სეზონი მოვუნდით ამას: პირველ დღეს ათი მეტრი ავიარეთ, თითოეულ ნაბიჯსა და ნაპრალს ვიმახსოვრებდით, ვცდილობდით, ზუსტად ისევე დაგვედგა ფეხი ჩამოსვლისას, როგორც ამას ზემოთ ასვლის დროს ვაკეთებდით. მეორე დღეს კიდევ ათი მეტრით წავიწიეთ წინ. დრო საკმარისი გვქონდა, რადგან სან-მარტინოდან ვერავინ დაგვინახავდა. სხვათა შორის, სასტიკად გვეკრძალებოდა იმპროვიზაცია: ზუსტად იმ ქვეწარმავლებისთვის უნდა მიგვებაძა, იქაურ ფერდობზე რომ იწყობდნენ თავშესაფარს - ბალახის გველებს, ხვლიკებს.

ამასობაში ჩვენმა ორმა მეგობარმა ხელ-ფეხი იღრძო, ერთი კი კინაღამ დაიღუპა და წაქცევისას იმ ხელის გული, რომელსაც დაეყრდნო, მთლიანად გადაიქლიშა, მაგრამ მალე ჩვენ ვიყავით ერთადერთი "რაზმი" მთელ დედამიწაზე, იქ აბობღების ხელოვნებას რომ დაეუფლა. ერთ დღესაც გავბედეთ და საათზე მეტ ხანს მივიწევდით წინ, არაქათგამოცლილებმა გამოვაღწიეთ დაბურული კორომიდან და სან-მარტინოს სახლებსა და უფსკრულს შორის გამავალ გზას მივადექით. ამ გზას გალავანი მიუყვებოდა, რათა იქაურები ღამით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ბილიკმა გალავანთან მიგვიყვანა და იქ საკმაოდ განიერი ღიობი დაგვხვდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მშვენივრად გავეტიეთ. მერე პატარა ორღობეში გავედით და მღვდლის სახლს ჩავუარეთ. მალე ეკლესიის მოედანზე აღმოვჩნდით.

სან-მარტინოს ბიჭები იქ დაჭერობანას გაუმჯობესებულ, აშკარად გონივრეულ სახესხვაობას თამაშობდნენ: ერთ მათგანს თვალები ჰქონდა ახვეული და ვერაფერს ხედავდა, დანარჩენები კი წინ და უკან დახტოდნენ, "ბრმას" ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ. ჩვენ სასწრაფოდ დავუშინეთ ქვები, ერთ ბიჭს შიგ შუბლში მოვახვედრეთ, სხვები კი ეკლესიაში შეცვივდნენ, რათა მღვდლისთვის ეთხოვათ დახმარება. ჩვენც დრო ვიხელთეთ, ორღობე ჩავირბინეთ, ღიობში გავძვერით და ფერდობზე დავეშვით. მღვდელი რომ გამოვიდა, მხოლოდ ჩვენს თავებსღა მოჰკრა თვალი და ჩვენც ბუჩქებში გავუჩინარდით. მან საშინელი მუქარა შემოგვითვალა, დურანტემ კი ერთი შესძახა, "ეგეც თქვენო" და გამარჯვების ნიშნად მარცხენა ხელი მარჯვენა მკლავზე დაიტყაპუნა.

ამის შემდეგ სან-მარტინოს ბიჭებმა ჭკუა ისწავლეს: რადგან ნახეს, რომ ჩვენ იქ მთის ხეობით ავედით, გალავნის ღიობთან გუშაგები დააყენეს. კი შეგვეძლო იმ გალავნამდე დროზე მივსულიყავით, მაგრამ ეს მაინც სათუო იყო; ბოლო რამდენიმე მეტრი ეკალ-ბარდს დაეფარა და ვიდრე იქიდან გავაღწევდით, ისინი განგაშის ატეხას ასწრებდნენ. ორღობის ბოლოს ჩასაფრებული ბიჭები მზეზე გამომშრალი ტალახის გუნდებით გვიმასპინძლდებოდნენ და გზაზე გასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გვისპობდნენ.

სამარცხვინო დღეში ჩავცვივდით; განა იმიტომ ვისწავლეთ ზემოთ ასვლა, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა? ბოლოს ისევ დურანტემ გვიხსნა. "ახლა ნისლიან ამინდშიც უნდა ვცადოთ აბობღება."

ადრიანი შემოდგომა იყო და ზოგჯერ ისეთი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე, ცხვირს იქით ვერაფერს დაინახავდი. ნისლიან დღეს ქალაქი საერთოდ არ ჩანდა და ერთადერთი რამ, რაც ნაცრისფერი საფარველიდან ამოზიდულიყო, სან-მარტინოს სამრეკლო გახლდათ. იმ სამრეკლოში მოხვედრილს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს დირიჟაბლში იჯექი და ზემოდან დაჰყურებდი ღრუბლებს.

ცხადია, ნისლში უფრო ძნელი იყო ასვლა, ვიდრე მზიან დღეს. მთელი გზა ხელისგულივით უნდა შეგესწავლა, ისიც უნდა გცოდნოდა, სად რომელი ქვა ეგდო; ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, რათა დროზე შეგენიშნა ხშირი ეკალნარი. იქიდან ხუთ ნაბიჯში (დიახ, ზუსტად ხუთში და არა ოთხში ან ექვსში) ხომ გზა აღარ იყო: იქვე, დიდ კაჭართან, შენგან მარცხნივ ბილიკი მოგეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში იქ არავითარი გზა არ იყო და თუ იქითკენ წახვიდოდი, კლდიდან გადაჩეხას ვერ ასცდებოდი. და კიდევ, რომელი ერთი უბედურება ჩამოგითვალოთ.

ჯერ ნათელ დღეებში ვვარჯიშობდით, მერე მთელი კვირის მანძილზე გონებაში ვიმეორებდით თითოეულ ნაბიჯს. რუკის შედგენაც კი ვცადე, ზუსტად ისე, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია აღწერილი, მაგრამ, რად გინდა? ჩემი მეგობრების ნახევარს მაინც არაფერი გაეგებოდა რუკებისა. მით უარესი მათთვის. მე რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, თვალდახუჭულსაც შემეძლო ასვლა და განა ეს იგივე არ იყო, ნისლიან ღამეში რომ დავდგომოდი გზას?

მთელი რიგი საცდელი ექსპედიციების შემდეგ სან-მარტინოსკენ ავიღეთ გეზი. არც კი ვიცი, როგორ მივადექით მწვერვალს, მაგრამ, ფაქტია, რომ ავედით. მტრებიც იქ დაგვხვდნენ, მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ არ მიეღწია ნისლს. ერთად შეყრილიყვნენ და ყბედობდნენ. არც იყო გასაკვირი: სან-მარტინოს მსგავს ადგილას ან მოედანზე უნდა იყურყუტო, ანდა რძეში ჩამბალი გამხმარი პურის ჩახეთქვის შემდეგ საწოლს მიაშურო.

ჰოდა, ჩვენც მივეჭერით, ერთი გემოზე დავბომბეთ, სიცილიც დავაყარეთ, სახლებისკენ რომ მოკურცხლეს და გამარჯვების ყიჟინით დავეშვით ქვემოთ.

მერე კიდევ რამდენჯერმე დავესხით თავს. ისინი სიბნელეში გუშაგებს ვეღარ აყენებდნენ, რადგან მათ უმეტესობას სიბნელის ეშინოდა, უფრო სწორად, სიბნელეში მობორიალე ჯადოქრების. ჩვენც, ორატორიოს ბიჭებსაც, გვაფიქრებდა ეგ ამბავი და ასვლისას "ავე მარიას" ვმღეროდით ავი სულების დასაფრთხობად. რამდენიმე თვეს კიდევ ვლაშქრავდით სან-მარტინოს, მერე კი მოგვბეზრდა: ნისლიან ამინდში თუ მზიან დღეს, იქ აბობღება ვაჟკაცობაში აღარ ჩაგვეთვლებოდა.

კვირადღის თორმეტი საათი იყო. რაღაც ხდებოდა. სოლარაში გერმანელი ჯარისკაცებით გადაჭედილი ორი საბარგო მანქანა გამოჩნდა. გერმანელებმა ქალაქი გადაჩხრიკეს და სან-მარტინოს გზას დაადგნენ.

დილას ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ბეღურების ჟღურტულიც კი თითქოს ცხრა მთის იქიდან ჩაგვესმოდა. იმ დღეს მიცვალებული უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ხალხმა ვეღარ გაბედა სასაფლაოზე ასვლა და მესაფლავესაც შემოეთვალა, ახლა ვერავის დავასაფლავებ, ერთიც ვნახოთ და კუბოს მიწაში ჩაშვებისას, ვინმემ მე თვითონ ჩამიძახოს სამარეშიო.

ქალაქიდან ორი კაცი ჩაუდგა კვალში გერმანელებს, იქნებ შევიტყოთ, რას აპირებენო. მანქანები თურმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, შუქფარები ჩართული იყო, მაგრამ მათი სინათლე ერთ მეტრსაც ძლივს სწვდებოდა. მერე სან-მარტინოსკენ ამავალ აღმართთან შეჩერებულან. ვერც მანქანით ბედავდნენ გზის გაგრძელებას და ვერც ფეხით. მანქანები, შესაძლო იყო, ქვემოთ, უფსკრულში ჩაგორებულიყო და ფეხით თუ წავიდოდნენ, მაინც გაუჭირდებოდათ გზის გაგნება. ალბათ უთხრეს, რომ ის სან-მარტინოსკენ მიმავალი ერთადერთი შედარებით უსაფრთხო გზა იყო, და მათაც იფიქრეს, იქიდან წამოსულს მაინც დავინახავთ, ასეთ ამინდში ვერავინ გაბედავს სხვა გზით ჩამოსვლასო. ამიტომ იქვე გაჩერდნენ, მაგრამ შუქფარები არ გამოურთავთ და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც მომარჯვებული ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი თურმე რაღაცას ჩაჰყვიროდა საველე ტელეფონს, ალბათ დამხმარე ძალას ითხოვდა. იმ ჩვენმა კაცებმა გვითხრეს, სულ "ვოლსუნდე, ვოლსუნდეს" გაიძახოდაო. გრანიოლა მაშინვე მიხვდა, რომ ლაპარაკი "ვოლფსჰუნდებზე", ანუ ნაგაზებზე იყო.

გერმანელები იქ იცდიდნენ და ასე დაახლოებით ოთხი საათისთვის, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე, ნისლის ფარდიდან დაინახეს, რომ ვიღაც ველოსიპედით ეშვებოდა ქვემოთ. ის იქაური მღვდელი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გზას ადგა და თვალდახუჭულსაც შეეძლო ჩამოსვლა. მის დანახვაზე გერმანელებმა იარაღი დაუშვეს, რადგან სასულიერო პირს კი არა, კაზაკებს ეძებდნენ. მღვდელმა აუხსნა (უფრო ჟესტ-მიმიკით, ვიდრე სიტყვიერად), რომ სოლარას მახლობელ ფერმაში კაცი კვდებოდა და მის საზიარებლად მიიჩქაროდა. მან გერმაელებს ზიარებისთვის საჭირო ატრიბუტებიც აჩვენა, ველოსიპედის საჭეზე მიმაგრებულ აბგაში რომ ჩაელაგებინა. ისინიც სიტყვაზე ენდნენ და გაუშვეს. მღვდელი ორატორიოში მივიდა და დონ კონიასოს ჩურჩულით აუწყა რაღაც.

მართალია, დონ კონიასო პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ამქვეყნისა მასაც გაეგებოდა რაღაც და ერთი-ორი სიტყვით აუხსნა მღვდელს, თუ რა უნდა ეთქვა გრანიოლასა და მისი მეგობრებისთვის. თავად კი არ სურდა და არც შეეძლო ასეთ საქმეში გარევა.

ახალგაზრდა კაცები მაშინვე მაგიდას შემოუსხდნენ. მეც მათთან მივედი, მაგრამ ვცდილობდი, თვალში არავის მოვხვედროდი.

მღვდელმა უთხრა, რომ ზემოთ კაზაკების პატარა რაზმი იმალებოდა. ისინი რუსეთის ფრონტზე დაეტყვევებინათ გერმანელებს. კაზაკებს ნამდვილად ჰქონდათ საიმისო მიზეზი, სტალინი რომ არ ჰყვარებოდათ. ბევრი მათგანი იოლად დაიყოლიეს გერმანელებმა, ისინიც მათ მხარეზე გადავიდნენ და სათადარიგო რაზმში ჩაეწერნენ (ეს ფულის გამოც გააკეთეს და საბჭოთა კავშირის სიძულვილითაც; თანაც არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, დარჩენილი სიცოცხლე საბჭოთა ბანაკებში გაეტარებინათ. ახლა მათ საშუალება ეძლეოდათ, დაეტოვებინათ საბჭოთა სამოთხე და თავიანთი ოჯახებითა და ავლა-დიდებიანად იქიდან აბარგებულიყვნენ). მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ რეგიონებში იბრძოდა და იქ (მაგალითად კარნიაში) სისასტიკითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. პავიაში თურქული დივიზიაც იბრძოდა. ხალხი მათ მონღოლებს ეძახდა. ყოფილი რუსი პატიმრებიც დაძრწოდნენ პიემონტში.

იმ დროისთვის უკვე ყველამ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ომი, გარდა ამისა, ის რვა კაზაკი მორწმუნეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ გადაწვეს რამდენიმე ქალაქი და რა უმოწყალოდ ჩამოახრჩეს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მას შემდეგ, რაც მათი ორი ამხანაგი სიკვდილით დაისაჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცებისა და ბავშვების დახვრეტაზე თქვა უარი, ამ კაზაკებს ესესელებთან დარჩენა აღარ შეეძლოთ. "მარტო ამიტომ არა," აგვიხსნა გრანიოლამ, "თუ გერმანელები ომში დამარცხდებიან (და ფაქტიურად, უკვე დამარცხდნენ კიდეც), როგორ მოიქცევა ინგლისი და ამერიკა? ცხადია, კაზაკებს შეიპყრობს და თავის მოკავშირე რუსეთს გადასცემს, რუსეთში კი ეს ჯეელები - კაპუტ! ახლა ისინი ცდილობენ, ომის დამთავრების შემდეგ ისეთ ადგილას ჰპოვონ თავშესაფარი, სადაც იმ ფაშისტი სტალინის კლანჭები ვეღარ მისწვდება.

"მართალია," ჩაურთო მღვდელმა, "ამ რვა კაზაკს შეუტყვია პარტიზანებზე, რომლებიც ინგლისელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ იბრძვიან და ახლა მათთან მიღწევას ცდილობენ. მათ საკუთარი მრწამსი აქვთ: არ უნდათ გარიბალდისტების მხარეზე ბრძოლა, ბადოგლისტებთან კავშირს ამჯობინებენ."

ისინი გამოქცეულან და სოლარასკენ წამოსულან, რადგან ვიღაცას მიესწავლებინა, რომ ბადოგლისტები იმ არე-მარეში იმყოფობოდნენ. მათ მრავალი კილომეტრი გაეარათ, ისე რომ გზებს გვერდს უქცევდნენ და მხოლოდ ღამით მიდიოდნენ, ამიტომ ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ესესელები კვალში ედგნენ და მართლაც სასწაულია, ჩვენამდე რომ მოაღწიეს. ფერმებთან ჩერდებოდნენ და საჭმელს ითხოვდნენ (ყველა მათგანი გერმანულს ამტვრევდა, მხოლოდ ერთმა იცოდა იტალიური). იმ საბრალოებს დიდი საფრთხე ემუქრებოდა: შესაძლო იყო ამასობაში ჯაშუშებსაც გადაყროდნენ.

იმის შიშით, რომ ესესელები წამოეწეოდნენ, სან-მარტინოში ავიდნენ; იფიქრეს, რამდენიმე დღეში იქიდან ბატალიონს განვდევნით და სხვა თუ არაფერი, ვაჟკაცურად მაინც დავიხოცებითო. თანაც ვიღაცას ეთქვა, რომ იქ ვინმე ტალინო ცხოვრობდა, ის კი ისეთ ადამიანთან დააკავშირებდა, რომელსაც მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. იმ დროისთვის კაზაკების რაზმი უკვე თავაწყვეტილ ხროვად ქცეულიყო. ღამით მართლაც მიაღწიეს სან-მარტინოს და ტალინოსაც მიაგნეს. მან გააფრთხილა, რომ იქ ფაშისტების ოჯახი ცხოვრობდა და რადგან ისეთ პატარა სოფელში არაფერი დაიმალებოდა, გადაწყვიტა ლტოლვილები იქაური მღვდლის სახლში დაებინავებინა. მღვდელმა მიიღო ისინი საკუთარ ჭერქვეშ, ცხადია, არა პოლიტიკური სოლიდარობისა თუ დიდი გულკეთილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, თუ რას მოუტანდა სოფელს მათი წინ და უკან ბორიალი; ამას მათი დამალვა სჯობდა, მაგრამ რვა კაცის სამყოფ საჭმელს ვერსად იშოვიდა, თანაც შიშისგან გული ეპარებოდა, რადგან, შესაძლო იყო, გერმანელებს ყველა სახლი გაეჩხრიკათ, მათ შორის - მისიც.

"მისმინეთ, ბიჭებო. ხომ წაიკითხეთ ფელდმარშალ კესელრინგის მანიფესტი - აკი ყველგან გამოაკრეს. თუ იმ კაზაკებს ჩვენთან მიაგნეს, მთელ ქალაქს ნაცარტუტად აქცევენ, და კიდევ უარესი, ვინმემ ცეცხლი რომ გაუხსნას... მაშინ ხომ დედაბუდიანად ამოგვწყვეტენ."

საუბედუროდ, ის მანიფესტი ყველას წაკითხული გვქონდა და ისედაც მშვენივრად ვიცოდით, რომ ესესელები გულჩვილობით არ გამოირჩეოდნენ და კიდეც გადაეწვათ უკვე რამდენიმე ქალაქი.

"მაშ როგორ მოვიქცეთ?" ჰკითხა გრანიოლამ.

"რადგან მოწყალე ღმერთმა ნისლი გამოგვიგზავნა და გერმანელებიც არ იცნობენ ამ მხარეს, სოლარადან ვინმე უნდა ამოვიდეს სოფელში და ის დალოცვილი კაზაკები ქვემოთ ჩაიყვანოს, ბადოგლისტებთან."

"რატომ მაიცდამაინც სოლარადან?"

"ჯერ ერთი იმიტომ, რომ სან-მარტინოში არ ღირს ამ ამბის გახმაურება და მერე კიდევ, გერმანელებმა გზა გადაკეტეს და ერთადერთ იმედად მთის ხეობაღა გვრჩება."

სიტყვა "ხეობის" გაგონებაზე კაცები ერთხმად აყაყანდნენ: "ჯერ კი არ გავგიჟებულვართ! ასეთ ნისლში? ის ტალინო რაღას გვიკეთებს, თვითონ ვერ მიხედავს საქმეს?" და ა. შ. მაგრამ მღვდელმა სასწრაფოდ შეახსენა მათ, რომ ტალინო ოთხმოცი წლის იყო, სან-მარტინოდან მზით გაჩახჩახებულ დღესაც ვერ ჩამოვიდოდა და დასძინა (დარწმუნებული ვარ, ამით ჩვენზე, ორატორიოს ბიჭებზე, იძია შური): "მხოლოდ თქვენს ბიჭებს შეუძლიათ იმ გზით ასვლა, ნისლშიაც კი. ადრე თუ თავიანთ სიმარჯვეს ბოროტი ზრახვებისთვის იყენებდნენ, ახლა, კეთილი ინებონ, და ცხოვრებაში ერთხელ კარგი საქმეც გააკეთონ. რომელიმე ბიჭი დაიხმარეთ და ისე ჩამოიყვანეთ ის კაზაკები."

"უფალო იესო," წამოიყვირა გრანიოლამ, "ასეც რომ მოვიქცეთ, მერე რაღა ვქნათ? ორშაბათ დილას მათ, უბრალოდ, სან-მარტინოს ნაცვლად სოლარაში იპოვიან და თქვენ კი არა, ჩვენ გადაგვბუგავენ!"

ორ ყმაწვილს - სტივულუსა და ჯიჯიოს - პარტიზანებთან ჰქონდა კავშირი. "დაწყნარდით," თქვა სტივულუმ, ამ ორიდან შედარებით გამჭრიახმა, "ახლა ბადოგლისტები ორბენიოში იმყოფებიან და აქამდე არც ესესელებს ჩავარდნიან ხელში და არც "შავხალათიანებს." ისინი ძალიან მაღლა, მთებში არიან დაბანაკებული და მთელ დაბლობს აკონტროლებენ, თანაც შესანიშნავი ინგლისური ავტომატები აქვთ. აქედან ორბენიომდე, ასეთ ნისლშიც კი, იმას, ვინც გზა კარგად იცის, მაგალითად ჯიჯიოს, მხოლოდ ორი საათი დასჭირდება ასავლელად, თუკი ბილიკს დაადგება... იქ ხომ შუქნიშნებია დაყენებული. კარგი, სამი საათი იყოს, რადგან უკვე ბნელდება. ახლა ხუთია. ჯიჯიო იქ რვა საათისთვის ააღწევს, გააფრთხილებს იმ კაზაკებს, ისინიც ჩამოვლენ და ვინიოლეტას გზაჯვარედინთან დაიცდიან. ჩვენ იქ ათი საათისთვის, კარგი, თერთმეტისთვის, საბარგო მანქანას მივიყვანთ და კორომში დავმალავთ, ხეობის ბოლოს, მადონას პატარა სამლოცველოსთან. ერთ-ერთი ჩვენგანი თერთმეტის შემდეგ ავა სოფელში, კაზაკებს წამოიყვანს, მანქანაში შეტენის და ის ჯიგრები გათენებამდე ბადოგლისტებთან იქნებიან."

"ხალხო, ამაზე ვყბედობთ ამდენ ხანს? ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უნდა შევაგდოთ სასწორზე, რომ ვიღაც რვა მამელუქი თუ ყალმუხი თუ მონღოლი და რა ვიცი, ათასი ჯანდაბა და დოზანა გადავარჩინოთ? ისინი, ვინც გუშინდელ დღემდე ესესელებს ეტმასნებოდნენ?" იკითხა წითურმა ჯეელმა, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიგლიავაჩა ერქვა.

"მოიცა, ძმაო," შეაწყვეტინა გრანიოლამ, "იმ ბიჭებს ტვინი გადმოუბრუნდათ და ეს უკვე კარგი რამეა. თანაც რვა მამაცი მებრძოლი, ტყვიას ტყვიაში რომ სვამს ისეთი, ბევრ რამეში გამოგვადგება. დანარჩენის დედაც..."

"ისინი ბადოგლისტებს გამოადგებიან," აღშფოთდა მიგლიავაჩა.

"ბადოგლისტებიც და გარიბალდისტებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და როგორც უკვე ითქვა, ანგარიშს მერე გავასწორებთ. ახლა ის კაზაკები უნდა გადავარჩინოთ."

"ჰო, მასეა, გრანიოლა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ საბჭოთა მოქალაქეები არიან და სოციალზმის დიადი სამშობლოს შვილები," დაეთანხმა მარტინენგო, კაცი, რომელსაც დეზერტირ-მოღალატეები მაინცდამაინც არ უყვარდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, იმ დომხალში ვერ გაარჩევდი, ვინ რას აკეთებდა. აი, თუნდაც ჯინო ავიღოთ. ჯერ "შავხალათიანებთან" იყო, თანაც ძალიან ერთგულებდა, მერე გაიქცა, პარტიზანებს მიეკედლა და სოლარაში წითელი ყელსახვევით გამოგვეცხადა. მაგრამ ერთობ იმპულსური ყმაწვილი გახლდათ და სწორედ მაშინ დაბრუნდა თავისი გოგოს სანახავად, როცა არ უნდა გამოჩენილიყო. "შავხალათიანებმა" შეიპყრეს და ერთ დილას წირვაც გამოუყვანეს ასტიში.

"მოკლედ, ასე უნდა ვქნათ," თქვა გრანიოლამ.

"მოიცა, მოიცა," კვლავ აღელდა მიგლიავაჩა, "აკი მღვდელმაც გვითხრა, რომ იქ აბობღება მარტო ბავშვებს შეუძლიათ, მაგრამ ბავშვს ასეთ საქმეში ხომ ვერ გავრევთ? გინდაც გავგიჟდეთ და გავრიოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ენას კბილს დააჭერს?"

"რატომ?" შეეპასუხა სტივულუ, "აგერ ჩვენი იამბო. თქვენ არ შეგინიშნავთ, ის კი აქ არის და გვისმენს. ხეობა მას თავისი ხუთი თითივით აქვს შესწავლილი, ჭკვიანი ბიჭუნაა და რაც მთავარია, ენა წინ არ უსწრებს. ამაზე, ძმებო, თავს დავდებ. თანაც მთელი მისი ოჯახი ჩვენს მხარეზეა და მგონი, კარგი ვარიანტი უნდა იყოს..."

ცივმა ოფლმა დამასხა და ჩავიბურდღუნე, უკვე გვიანია და სახლში მელოდებიან-მეთქი.

გრანიოლამ განზე გამიყვანა და შებმა დამიწყო: "ეს ხომ თავისუფლებისთვის ხდება... იმ საბრალო რვა ჯეელის გადასარჩენად. განა შენი ხნის ბიჭს არ შეუძლია გმირობის ჩადენა? სხვა თუ არაფერი, რამდენჯერ აბობღებულხარ იქ და ახლა რაღა ღმერთი გაგიწყრება? ერთი ეგ არის, სიფრთხილე გმართებს, რადგან რვა კაზაკს უნდა წაუძღვე. ის გერმანელები ნუ გადარდებს, გზის ბოლოს დგანან გაქირ ვირებივით და აზრზეც არ არიან, სად არის მთის ხეობა. ავად კი ვარ, მაგრამ მაინც წამოგყვები, მოვალეობას ვერ ვუღალატებ. თერთმეტი საათისთვის კი არა, თუ გინდა უფრო გვიან, შუაღამით წავიდეთ, როცა შენებს ეძინებათ და შეუმჩნევლად გამოიპარები. დილას კი საწოლში გნახავენ... ვითომც არაფერი."

ასე ამირია ტვინი და მეც დავთანხმდი. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ ნამდვილი სატრაბახო, პარტიზანული თავგადასავალი იქნებოდა, მართლაც ნამდვილი, ისეთი კი არა, ფლეშ გორდონს არბორიას ტყეში და თრემალ-ნაიქს შავ ჯუნგლებში რომ გადახდათ თავს. ახლა მე იდუმალ გამოქვაბულში მობორიალე ტომ სოიერსაც ვაჯობებდი.

მაგრამ რადგან მეც მება მხრებზე თავი, გრანიოლას გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევატანინე. ის ამბობდა, ემანდ გზაში რომ არ დაგვეკარგონ ჩვენი კაზაკები, ერთი კარგი თოკი უნდა ვიშოვოთ და მთასვლელებივით ერთმანეთს გადავებათო, მაგრამ მე შევედავე: "ასე რომ ვქნათ და წინ მიმავალი გადავარდეს, ჩვენც თან გაგვიყოლებს, ამიტომ გვიჯობს თოკის ათი ნაჭერი გამოვიყენოთ, თითოეული ჩვენგანი როგორც წინ, ისე უკან მიმავალის თოკს მოეჭიდება. თუ ვინმე გადავარდა, მაშინვე გავუშვებთ ხელს თოკის ბოლოს. ყველას დაღუპვას ერთის სიკვდილი სჯობია."

გრანიოლამ შემაქო, მაგარი ხარო.

მე ვკითხე, იარაღი ხომ არ მოგაქვს თან-მეთქი და მან მიპასუხა, არავითარ შემთხვევაში, რადგან ბუზის მომკვლელიც არა ვარ, გარდა ამისა, ღმერთმა დაგვიფაროს და შეტაკება რომ მოხდეს, კაზაკები ისედაც შეიარაღებული არიან, თანაც, გავიხედე და ესესელებს ჩავუვარდი ხელში... რომ ნახავენ უირაღო ვარ, შეიძლება კედელთან აღარ მიმაყენონო.

მერე გრანიოლამ მღვდელს უთხრა, კარგი, თანახმა ვართ და კაზაკებს პირველი საათისთვის მოვაკითხავთო.


© “ცხელი შოკოლადი”