Thursday, December 31, 2009

ბესიკ ხარანაული - და, აი, მე ვიყიდე ქვეყანა...


და, აი, მე ვიყიდე ქვეყანა
და აღარაფერია ამ მიწაზე, ჩემი რომ არ იყოს.

ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი,
რომ არცაა გასაკვირი, ასე რომ მოხდა:
რომ გავიხედე და... კარს მომდგომოდა ჯოხის რაკუნით
ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი
და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:
- “სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე!” - ასეა, არა?
ნაღარიბალო!
და დაიწყო, ამის მერე, რაც რომ დაიწყო:
დამცხო და დამცხო ჯოხად ქმნულმა ჩემმავ სტრიქონმა,
ამჩეჩ-დამჩეჩა და წინ გამიგდო:
შიშველმა ტანზე გრძელი ლაბადის შემოხვევა ძლივს მოვასწარი
და კიდევ კარგი გზაზე თოკის ნაგლეჯიც ეგდო...

მტერი იყოს ამათ იმედად:
გავრბოდი და თავს იმ კაცის სახედა ვგრძნობდი,
ჟამიანობას რომ გამოექცა თავის სოფლიდან, ტანსაცმელი რომ დაყარა და გამოვარდა,
შიშველ ყვერებს რომ მიიქნევდა და გარბოდა თავდავიწყებით,
რადგანაც ჟამი მოჰყიოდა უკან მუქარით...

მეც, როგორც გლეხმა თავის ყანაში შესულ მოზვერს დაჰკრას ჯოხი
და შხამ-ვახშმად ამოადინოს, რაც გაიხარა, სულ ძუნძულით დამატარა
ქუჩები და ქუჩაბანდები,
ერთის შეხედვით, - ერთ სურათად დამანახა მთელი ქალაქი,
რის შემდეგაც ერთი წამით ამომასუნთქა, და, შევნელდით დიდ ბაზრობასთან
(მხოლოდ ცოტად წამკრა სტრიქონმა წვერი, შიგ რომ შევეგდე).

და, აი, მაშინვე:
ბაზრობების კიდეებზე მოსიარულე მარგინალი,
სკამუკების გამყიდველი მოხუცი კაცი:
თითო ხელში თითო სკამი დაეჭირა და
მოცოცავდა, გეგონება კლდეებს შორის გაბმულ ბაგირზე.
სიბერემ ისე არ შემაწუხა ამ კაცისამ, როგორც სიბრიყვემ:
- დალოცვილო, მარაოსავით რომ დაგიჭერია ეგ სკამები და დალაყლაყობ, ადექი და, ერთზე დაჯექ და მეორე გვერდით მოიდგი,
რომ ნახავენ რომ ჯდომაც არის მაგ სკამებზე შესაძლებელი,
უფრო იყიდიან,
აქ არავინ არის ისეთი, სიარულს ჯდომა რომ არ ერჩიოს.

მშიერი ხარ, ნიკაპი ყრონჭზე ჩამოგცოცებია,
თან, ეტყობა თავის თავის მეაბუჩეც ხარ, თორემ იყიდდი რასმეს მოსალოღნს,
აგერ, ფუნთუშებს იხვეწება ჯანსაღი ქალი:
სამარშრუტო ავტობუსშიც შერგო თავი, - ფუნთუშაო! - შეახსენა მთელ ავტობუსს, რომელსაც სულ არ სჭირდებოდა ეს შეხსენება, სუნიც კმაროდა,
მით უფრო, რომ შემოდგომის გამჭვირვალე დილის ჰაერში ორმაგი ძალით მუშაობს ყნოსვა.
ამან კი სამჯერ უფრო ჯიბრით გაუმეორა, - ფუნთუშებიო!
მაგრამ მთლიანად გაჭედილმა ავტობუსმა ცხვირები რომ სხვა მხრით მიმართა,
ჩაიქირქილა:
- დავიჯერო, სუყველა ასე გაბესკნილები გამოხვედით ამუთენია?..
და, ჰაჰაჰაჰაო, გაიფიქრა, თქვენი კარგიცო... და შემებრალა ავტობუსი თავის შიგთავსით, რადგან, როგორც საძაგლობით გავსილ რამეს, ისე გაშორდა.

მე და ჩემს სტრიქონს არ მოგვეწონა ფუნთუშების ეს გამყიდველი,
მაგრამ გავჩუმდით.

- მიდი, იმ მოხუცს ხელი დაუცალე, იყიდე სკამები!
მიბიძგა სტრიქონმა.
მეც ვიყიდე
და ორი სკამით მეტი გახდა ჩემი ქონება.

და ეს სურვილი რომ შევასრულე, ამ სტრიქონისა,
გამახსენდა, საკუთარიც რომ მქონდა ერთი,
ძალიან ძველი,
და გავიჭერ რუსთაველისკენ.

ეს ქუჩა თუმც ყველაზე ლამაზია და კეთილქმნული,
წამდაუწუმ მათხოვარზე შეიძლება დაგიცდეს ფეხი
და შეიქნე სწორედ იმის ასაყენები, ვისაც გაურბი.

გამიმართლა. მოდიოდა:
ძველი კაცი, ცხოვრებისგან და ამინდებისგან
გამოცდილი და დამუნჯებული,
ერთიდაიგივე იყო თვითონ, აგერ უკვე წელი რამდენი
და გულზეც ერთიდაიგივე რაოდენობის ფეხსაცმელის თასმა ეკიდა.

ვისთვის დააქვს ეს თასმები, ვერ გამიგია:
წარმოუდგენელია, რუსთაველზე ვინმე შედგეს, თასმა აიღოს,
ფეხი შეიმაღლოს და თასმების გაყრა დაიწყოს.
ამას, სჩანს, რომ თავი ისევ ძველ დროში ახსოვს,
ეხლა თასმები ფეხსაცმელებს თვითონ ცვეთავენ.

ან სპექტაკლს ხომ არ გვიდგამს რაიმეს და ჩვენ არ ვიცით?
რაკი აღარც მკითხავები ბუდობენ სადმე
და აღარც მტვერში სხედან გულგადაღეღილი წინასწარმეტყველნი.
ამას კი იქნებ მოთმინების ქადაგება აქვს ჩაფიქრებული -
ქარავნისგან ჩამორჩენილ აქლემის სახით
და ყელიდან ჩამოშვებული ჭრელი თასმებით,
მკერდსა და შარვლის წინ-შესაკრავს რომ უფარავენ,
ვითომ ფაფარში შეფარული ეჟვნები და ზანზალაკები
ჟღარუნობენ მარტოდ მოარული აქლემის ყელზე, -
უდაბნოში, - რომელმაც მარტო მთვარე და მზე იცის.


კაცს რომ უბრძანო, თავისი ნაწერი თვითონ ითამაშოს,
დიდი სასჯელია.
არც ისაა იოლი საქმე,
რომ მავანმა თავისი თავი სცენად აქციოს.
ორ რამეს ეჭირა:
შიგნიდან თავის თავს, - გარედან ჰაერს,
ამას კი უნდოდა, რომ ორივეს გაეშვა ხელი, თვითონ უნდოდა,
არ უწყოდა, მოკვდებოდა, ერთ-ერთი თუ გაეყრებოდა.

არც ერთი ადამიანი არაა ღმერთი, რომ მცნებებით ილაპარაკოს
და ადამიანების ყური მიაპყროს,
იმისკენ, რაც მათ არ უწყიან და არ შეუძლიათ.
ამიტომაც ყველა კაცი მოვალეა, ისე მოიქცეს,
რომ სხვები გაართოს და სიხარული მოუტანოს -
რაც ასევე არ უწყიან ადამიანებმა და არ შეუძლიათ...

რაც მე თამაშზე და ნაწერებზე მიღელვია და მიტირია,
რაც მე გავრთულვარ და მიხარია,
რაც მე მყვარებია მოთამაშეები...
აი, ახლაც, ამას რომ ვწერ, ისე ვღელავ, რომ ლამის არის, ლამის არის...
მაგრამ არა!
იმიტომ, რომ საწერად რომ ავიძრები,
მარტო კალამს კი არ მოვიკითხავ, - ღამის ქოთანსაც...

ყოველი წუთი კონსერვატიულია.
ადამიანი კი მომავლისგან არის მიხმობილი.

ის ცხონდება, ვინც სხვას გაართობს, -
იციან ეს მოხუცებმა
და თავისი ცხონებისთვის უყვართ ბავშვები.
იმათაც წინ ცხონება ელით, ვინც დიდებს ართობს.

მე თვითონ აქეთ მაკვირვებენ, ვინც მე მიკვირვებს:
- რა ძალითო, შენ ერთმა კაცმა?
ორად და ათად იმიტომ ვარ გაყოფილი, რომ გავნადგურდე...
თუ არ გესმით, მაშინ გეტყვით:
შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო?

ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს... ამიტომაც მაეჭვებენ
“გარეთ-მოვაჭრენი”, მგონია, რომ გზას რისხვით იწყებენ...

რისხვა ისეთი სამოსია, კაცს უთუოდ უნდა უხდებოდეს,
მაგალითად, მოხუცს რისხვა არ შეშვენის,
მის ხელში რისხვა ემსგავსება სასოწარკვეთას.

თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენი არის - გლოვის ასაკი,
თქვენი არის ტყებისა და ვაების ჟამი.
ნუ დააგდებთ ქალაქებს,
ნუ დაყრით სოფლებს,
თქვენ უნდა იაროთ
სტვირით და საყვირით - ჟამიანობაში.
თქვენმა სისხლმა უნდა თქვას,
თქვენმა პირმა იძახოს...
თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენია - რისხვა!

კაცმა მარტო წვიმას კი არ უნდა დაუცალოს ხელი...

ამასობაში ჩემმა სტრიქონმა კვალვ წინ გამიგდო:
რაკი მეთასმეს ხელი დავუცალეთ, მთელ ქალაქს მოვედეთ,
თან მიმახტუნებდა და თან მაქეზებდა:

“ანთა გამორბის ველთაო, შიშველს მიიქნევს ყვერთაო”...

ყველა მთავარი სიტყვა უხერხული წარმოსათქმელია.

მახსოვს, ამ სტრიქონის ბოლო სიტყვა “ყვ...თა”-დ ეწერა.
მე გამოვკუჭე ის სამი წერტილი და “ყვერთად” მივიღე.
და კმაყოფილი ვარ, რომ აღვადგინე.

სტრიქონი კი ისევა მმართავს, თუმც დღესავით ნათელია
რომ ვიყიდე მთელი ქვეყანა:
სიმდიდრისთვის არ მიყიდია, გულუბრყვილობით დამემართა ეს ყველაფერი,
იმ წვეტიანი სტრიქონის ძალით ვქმენ,
რამეთუ მრქენდა:

- გაიხედე, შენი არის ყველაფერი, რასაცა ხედავ!
შენი არის ფულიც, - სიტყვა, რომელიც ითქმის ადვილად
და საქმედ ძნელად...
ნუ ჩამომათვლევინებ, სადაც არის, - ცოტად ენას მეც ვუფრთხილდები,
ის არის იქ, სადაც მისი ფუთები და ყუთები და ანგარებია.
ფულს ფრიალი უყვარს,
ამიტომაც იქ ინახავენ, სადაც ნესტი და სიგრილეა...
შენი არის ქვეყნის მთელი შემოსავალი,
შემოზიდული გაქვს ზურგით და გაცრეცილ ლარებით თვლილი,
ამიტომაც, ყორანივით ერთი თეთრიც არ გირევია - არაქართული.

აბა, თუ მეტყვი, მაინც რამდენი რესტორანია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?
??????..
ან მარცხენაზე?
??????..
რას მეტყვი, როცა არც ერთში არ შეგიდგამს ფეხი.
ლეგიონია მათი რიცხვი, დაიმახსოვრე!

ჯერ მარჯვენა სანაპიროს უწყეს შენება
და როცა ისე დამძიმდა, რომ მტკვარი მარჯვნივ გადაიხარა,
მარცხენა სანაპიროს დამძიმებაც საჭირო შეექნათ.
და დაამძიმეს სათანადოდ... და შეივსო ორივ ნაპირი
და გაწონასწორდა.

ვისიც მატყლია, ჯარაც მან უნდა ატრიალოს.
შენ გიჭირავს ჯარა-ტარი, შენ კი არ იცი.
სამაგიეროდ სხვებმა იციან:
ახლად შექმნილი კლასი გარე-მოვაჭრეთა შენ გელოდება,
სასწორ-სალაროები მუხლებზე უწყვიათ... დაუცალე სუყველას ხელი...

მეცემენტეებს, მეშუშეებს, მეჭურჭლეებს, პურის გარეთ გამყიდველებსაც:
ჯერ ცხელოდა, კვლავ აცივდება... თითო პურში რამდენს იგებენ,
ან რამდენი უნდა გაყიდონ?
თანაც ეს პურის გამყიდველები სულ ქალებია და ბაზრობებზე მათი ადგილიც თონის ფერია...
საიდანაც გინდა იყვნენ ჩამოსულები, შინ სახლები ელოდებიან:
დაუცალე სუყველას ხელი,
სახლში დააბერე.

და ამ სახით მრავალი სასწაული ჩამადენინა.
ვყიდულობდი სუყველაფერს, რაც შემხვდებოდა,
ფულს ვაძლევდი, გასაყიდს კი სახლში ვატანდი,
შინდაბრუნების თამასუქებზე უარს არ იყვნენ,
- დაიღალნენ მთლად ქალაქის ნოტარიუსნი.

მშრალი ხიდიდან, ელიავა-ისან-სამგორი, ავჭალისა და ლილოს ჩათვლით, საერთოდ კი - ცხვარიჭამიიდან ვიდრე ლოჭინამდე (პეტრე რომ გაქურდეს), ყველას ხელი დავუცალე და ვათავისუფლე... და, ასე შემდეგ...
დაიარეთ ის ადგილები, - შეიცვალა მთელი ქვეყანა,
გარდა იმ ჯვარ-სიწმინდეებისა,
რითაც სამშობლოს იცნობს სახლში დაბრუნებული.
ნახეთ, როგორ მოკრიალდა სუყველაფერი:
ვახუშტის ხიდთან, დიდუბისკენ რომ აუხვევდი და ბეღურებივით რომ აფრთხიალდებოდნენ დღიურ საქმის მაძიებელნი
და შემოგეფრქვეოდნენ მანქანის შუშებზე,
- არა, ჩვენ ვიცით უკეთ თხრა და უკეთ ლესვა, არა ჩვენაო...
საით გაფრინდნენ, რად არ იკითხავთ?
მით უმეტეს რომ ბეღურები სხვა ქვეყნებში არ მიფრინავენ,
თვინიერ თავის ხის ტოტებისა.
სად წავიდნენ და, - ყველა თავის ეზოში ბარავს.
სულები ჩაედგათ, რომ გვეგონენ ცარიელები...

ჩემი პირობაც არ იყო ძნელი: - წადით, სვით, ჭამეთ,
აშენეთ, აშენდით...
ხალხად იქეცით, როდემდის უნდა იყოთ ასე, ბუზებივით საძულველები.

შორი მთებიდან და კლდეებიდან ჩამოსულთა
უკან მიქცევა კვლავაც ძნელი საქმე შეიქნა,
მაგრამ ცალკე ხელფასები დავუნიშნე “ადგილის საჭერი”,
ოდნავად სტრიქონის წვერიც წავკარი
და მთებში შევლალე: გამრავლდნენ და იჭირონ ადგილი.

არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში,
ვიცხოვრე სასჯელში.
სხვანი მის პატიმრებს შორს ერეკებიან, რომ არ დაინახონ.
ჩვენთან ყველაფერი გზის გადაღმა და ფანჯრის წინაა,
ამიტომაც დავკარ ლახტი საპატიმროებს და დავანგრიე,
წამოვასხი ნახირივით პატიმრებიც და იმათ მცველებიც:
- არ არის წესი ქართველისთვის დანაშაული
და სასჯელი - სიყვარულია...

და, აი, ასე, მასხარას სახით,
მარბენინა და მაყიდინა, რაც კი რამ იყო სიღარიბე
და თამასუქი ჩამომართვა, რომ სიღარიბის ნოსტალგია აღარ მეწვევა,
და თუ მეწვევა, დაბრალდება ისევ ჩემსავ უვარგისობას...

ღმერთო, გვაშორე, ასეთი რამ კიდევ სადმე რომ განმეორდეს:
ყველა სტრიქონი ჯოხად რომ იქცეს
და დაერიოს თავის მთქმელებს,
ლექსის წერას ვინღა გაბედავს...
გადაშენდებიან პოეტები და დავიღუპებით.
ამიტომაც, სჯობს სტრიქონი რომ - დევს, ჯოხიც - ასევე...

გამომეთხოვა ჩემი სტრიქონი
გამომიშვა შინ ცარიელი და გულარხეინი.
და ვლოცავდი ყველას, ვისაც ეძინა იმ დროს, იმ წუთში,
იმ ერთ წუთში, იმ ათ წუთში, იმ ერთ საათში...
განსაკუთრებით ვლოცავდი ქალებს:
აბა, ანთა ვინ დაინახა თუ არა ქალმა?
ვინ მოიცალა ლექსობისთვის ჟამიანობაში?


ანთა გამორბის ველთაო,
შიშველს მაიქნევს ყვერთაო...

მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს ქუჩა იყო, მინდორი იყო?
ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა...
და პირველად ავხედე ზეცას:
სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი...
ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს,
თვითონ გაძინებს,
გალობა კი შენიდან გესმის.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, December 30, 2009

იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსი"


აღმოსავლური პოეზია ქალაქური ფოლკლორით

იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსის" შესახებ


თამარ კიკნაველიძე


გამომცემლობა "ინტელექტის" სერიას, სახელწოდებით "100 ლექსი", კიდევ ერთი პოეტის - იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული შეემატა. ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ავტორის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, რომელიც, სტუმრებთან ერთად, ისტორიულმა არღანმა და კინტოებმაც გამოაცოცხლეს.როგორია წიგნი, რომელიც კახმეგ კუდავას საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა? მასში თავმოყრილი ლექსების უმრავლესობა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია. კრებული შეადგინა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც პოეტის შთამომავალი და მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელია."იოსებ გრიშაშვილმა უნიკალური გამოცემების შეგროვება 4 წლიდან დაიწყო და 1963 წლამდე არ შეუწყვეტია. აქ დაცულია მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურა, მათ შორის, მხატვრული, ისტორიული და ეთნოგრაფიული. ასევე, გამოცემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიაზეა, XVIII-XIX საუკუნეების წიგნები, რომლებიც ავტორთა (ალექსანდრე პუშკინის, გავრილ დერჟავინის, ივანე ტურგენევის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და ა.შ.) სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. მათ ავტოგრაფებიც ახლავს. აქ ინახება 1910-იანი წლების უიშვიათესი პრესა, ძირითადად სატირულ-იუმორისტული, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ჩვენთან არის ის, რაც ცენზურამ გაანადგურა, ან აკრძალა, მაგალითად: 1907-08 წლებში გამოცემული ალმანახი "ნიანგი", 1913 წლის აკაკი წერეთლის "ჩემი ნაწერები", რომლის პირველ გამოცემაშიც ერთი თაბახი დაეთმო პოემას, სახელწოდებით "ვირონცოვი", რომელიც ამოიღეს და ხელმეორედ გამოსცეს. ბიბლიოთეკაში სამასამდე წიგნია ისეთი, რომლებიც ბიბლიოგრაფიაში არ არის შეტანილი. ისინი 1629-1920 წლებშია დაბეჭდილი", - გვითხრა ნოდარ გრიგორაშვილმა (იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი), რომელმაც ბიბლიოთეკა-მუზეუმში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ეს კულტურული კერა ოფიციალურად 1969 წელს, ნიკო მუსხელიშვილმა გახსნა. ახლანდელი ექსპოზიციის ავტორია ავთანდილ ვარაზი. იქ დაცული მასალებით, ქართველების გარდა, სარგებლობდნენ და სარგებლობენ მკვლევარები გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან და ა.შ.
- რას გვეტყვით კრებულზე, რომელიც თავად შეადგინეთ?
ნოდარ გრიგორაშვილი: - ბიბლიოთეკა-მუზეუმში ცალკე ინახებოდა იოსებ გრიშაშვილის დაუბეჭდავი ლექსები, რომლებიც წლების განმავლობაში არავის უნახავს და წაუკითხვას. მათ შორის 50 ლექსი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა. ამ ორმოცდაათიდან დაახლოებით 40 შესულია კრებულში "100 ლექსი", რომელშიც ლირიკულის გარდა, მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შექმნილ ლექსებსაც აღმოაჩენთ. ამ ყოველივეს კი სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. მე რაც შემეძლო ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემს ძალებს აღემატება, მაგალითად ის, რომ შენობაში ჩამოდის წყალი, არ მუშაობს სიგნალიზაცია, დაზიანებულია ფასადი…
- ვის დაქვემდებარებაშია მუზეუმი?
- ერთ დროს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, მაგრამ აკადემია გაუქმდა და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი ბიბლიოთეკა-მუზეუმს ვერც უვლის და ვერც ეხმარება, ამიტომაც გვინდა მისი დაქვემდებარებისგან გავთავისუფლდეთ. ამ საქმეში გვერდით გვიდგას მერია, სხვებიც, რომლებსაც სურთ გადავარჩინოთ ის, რაც მართლაც უნიკალურია. უიშვიათესი გამოცემების გარდა, ჩვენთან დაცულია XIX საუკუნის ძველი თბილისის ფოტოები, აფიშები, პროგრამები, ნოტები, გრამფირფიტები, მუსიკალური საკრავების კოლექცია, მემორიალური ნივთები, ხელნაწერი წიგნები და ა.შ.
ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს სახლ-მუზეუმების უმრავლესობა. თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულ მასალას, რომ განსაკუთრებული დაცვა და გარფთხილება სჭირდება, ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერია მის გადარჩენაზე სათანადოდ იზრუნებს.
ცალკე განხილვის თემაა პაატა ნაცვლიშვილის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ლექსებს ერთვის. ეს წერილი ვრცელია და საინტერესოდ წარმოაჩენს ამ პოეტის შემოქმედებასა და დამსახურებას.
რატომ იყო იოსებ გრიშაშვილი განსაკუთრებული მოვლენა ქართულ პოეზიაში? ამ კითხვას დასვამს ყველა, ვისაც არ წაუკითხვას მისი "მაჯამა", "რა კარგი ხარ, რა კარგი!", "ყურთბალიში", "ტრიოლეტი შეითანბაზარში", "ქორწილი ჩემს უბანში", "წერილები ბოთლში", "გამოთხოვება ძველ თბილისთან", "გაბზარული გული", "გენიოსსების ბედი თბილისის ბაზარზე", "უცხოეთისკენ", "მაგიდა", "ჟამი განხდა", ""ნარინჯიანო , "ჩემი აღმართი", "ეპიტაფია", "თბილისი იყო ჩემი ლექსის მასწავლებელი"და ა.შ. მის პოეზიაც ისეთივე გზასაყარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც ჩვენი სამშობლო - საქართველო. ამასთან დაკავშირებით პაატა ნაცვლიშვილი აღნიშნავს: "გრიშაშვილის პოეზია სავსეა აღმოსავლური სახეებით, აღმოსავლური სიმბოლოებით, მეტაფორებითა და შედარებებით - ვარდებითა და ნარგიზებით, სუმბულებითა და ზამბახებით, მიხაკებითა და სოსნებით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ზურნითა და ქამანჩით, ხავერდითა და აბრეშუმით, გვირისტითა და ბადახშეულით, ბულბულებითა და იადონებით, პეპლებითა და ფარვანებით, მარჯნებითა და სპილოებით, ხოხბებითა და ფარშევანგებით, ლეილებით, გულნარებით, ზეინაბებითა და ხათუნებით... აი, აღმოსავლური გავლენის ერთი მკაფიო ნიმუში გრიშაშვილის პოეზიიდან:

რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა,
ზღვისფერთვალება,
თმებზე ღამე გიცინის, პირზე -
დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა
და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად
გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც
გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი
ააბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშხვნა
რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს
ბორკილად..."

აღმოსავლეთის პარალელურად, პოეტს, როგორც ჩანს, დასავლეთიც იზიდავდა და "ევროპაში გაჭრას" ცდილობდა. ამის სამაგალითოა ბარათი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს 1923 წლის 24 მაისს დაუწერია. ეს წერილი ერთ დროს ინახებოდა თამარ და აკაკი პაპავების არქივში, რომელიც 1997 წელს პაატა ნაცვლიშვილმა არგენტინიდან ჩამოიტანა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. აი, რას წერს იოსებ გრიშაშვილი: ,
,ძვირფასო აკაკი!
როგორა ხარ? მე კი ძაან ქესატად ვარ ორივმხრივ. მოკლედ: მინდა გერმანეთში მოვიდე - თვალს გავაღებ და ამასთანავე ჩემს პოეზიას უფრო მეტი კიდეგანობა ექმნება.
აქ ვერც ერთ გაზეთში ლექსი ვერ მივიტანე. ხომ იცი, ჩემი ლექსი უფრო ქალებს დასტრიალებს, ზექვეყნიურია და შეკვეთით ვერ დავწერე ვერაფერი: "ლომოსი" აღარ გამოდის...
მომწერე საჩქაროდ:
1. შეიძლება თუ არა ჩამოვიდე შენთან? (ბინას დავიდებ სამსონთან ან ჭიაურელთან).
2. საგზაო ფულს თან წამოვიღებ.
3. ხოლო ერთ ლუკმა პურს ნუ დამაყვედრებ და დროებით დამაოკე.
4. ვიზა, არ ვიცი, საიდან სჯობია...
აქ ძალიან ძნელია ვიზის მიღება - ისევ მანდედან მომიხერხე - რომ როგორც სტუდენტი, ენები მინდა ვისწავლო სრ. საქ. მწერალთა კავშირის დადგენილებით.
5. თამარი ისე წავიდა, ისე ქაფურივით გაჰქრა მისი ბრგემოსილობა, რომ ვერაფერი ვერ გამოვატანე: ახალი წიგნები კი (მაგ.აბაშელისა, სანდრო ეულისა და სხვ.) ბევრი გამოვიდა.
6. აკაკი!.. იცოდე ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული: მართალია, ბევრს გაწუხებ მაგრამ მე უფრო მინდა განვითარება: მწყურია ჰორიზონტი. თუ უარს მეტყვი, მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება.
ველი წერილს, მარშრუტის ავანჩავანს (დარიგებას) და ვიზას უსათუოდ. მოელაპარაკე სხვებსაც. შენი სოსო".
იოსებ გრიშაშვილი ევროპაში ვერ წავიდა, მაგრამ პოპულარული გახდა სამშობლოში. "სხვათა შორის, ეს ლექსი ("რომანსი" - თ.კ.) აკაკი წერეთელს საკუთარი ხელით გადაუწერია და იოსებ გრიშაშვილის საღამოზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ჩაურთავს 1914 წლის 23 აპრილს. თავისთავად მრავალმნიშვნელოვანი ჟესტია პოპულარობის ზენიტში მყოფი მხცოვანი პოეტისაგან 25 წლის ყმაწვილის საიუბილეო (!) საღამოზე მოხსენებით გამოსვლა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკაკის ამის შემდეგ ერთი წელიც აღარ უცოცხლია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გრიშაშვილს, პოპულარობის ესტაფეტა, თუმცა გრიშაშვილი აკაკის სიცოცხლეშიც საკმაოდ პოპულარული იყო. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1910 წელს ქუთაისში გამართულ ილიას ხსოვნის საღამოზე თბილისიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და 21 წლის გრიშაშვილი მიუწვევიათ; აკაკის სიკვდილის შემდეგ კი არცერთ პოეტს არ ღირსებია საქართველოში ისეთი პოპულარობა, როგორიც იოსებ გრიშაშვილმა მოიხვეჭა. იყო პერიოდი, როცა მას კვირაში ორ-სამ საღამოს უმართავდნენ, რომელთაც უამრავი ხალხი ესწრებოდა", - წერს პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც საუბრობს მის წარმომავლობაზე, აღმოსავლურ პოეზიასა და ქალაქურ ფოლკლორზე ამოზრდილ პოეტზე, კრიტიკოსებზე, რომლებმაც მისი შემოქმედება განიხილეს და კიდევ იმაზე, რაც, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. "... ბევრმა როდი იცის, რომ ძველი თბილისის ფენომენი და თავად ეს სიტყვაშეთანხმება "ძველი თბილისი" სწორედ იოსებ გრიშაშვილმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ აზროვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გაუხუნარი წიგნი "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა" ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიცა - ქართულად თბილისში და ერთხელ - გერმანულად ბერლინში. ბევრმა არ იცის, რომ გრიშაშვილმა შეადგინა "ქალაქური ლექსიკონი", რომელშიც მრავალი ისეთი სიტყვაა, თითქმის ყოველდღე რომ ვხმარობთ და სხვა არც ერთ ლექსიკონში არ არის. ბევრმა უკვე არ იცის, რომ გრიშაშვილის ლექსიდანაა დღეს ასე ხშირად ციტირებული ფრაზა: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო / და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში. ...დღევანდელმა თაობამ ისიც ნაკლებად იცის, რომ იოსებ გრიშაშვილმა საქართველოს თავისი მრავალმხრივი და მდიდარი შემოქმედების გარდა დიდი მატერიალური განძიც დაუტოვა - ეს გახლავთ მისი უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის მრავალტომიანი კატალოგი მოცულობით უფრო მეტია, ვიდრე გრიშაშვილის დღემდე გამოცემული ორივე ხუთტომეული ერთად აღებული და რომელიც იოსებ გრიშაშვილის სხვა კოლექციებთან ერთად მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცული ძველ თბილისში, პოეტის მშობლიურ უბანში -ხარფუხში", - წერს იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსის" წინასიტყვაობის ავტორი და მოგვიწოდებს ამ წიგნით ძველი პოეტი თავიდან აღმოაჩინოთ!


მომგებიანი "ბოროტების ყვავილები"


შარლ ბოდლერის ლექსების კრებულის პირველი გამოცემა, რომელსაც თან პოეტის ავტოგრაფიც ახლდა, პარიზში ორგანიზებულ აუქციონზე 755 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Agence France-Presse-მა გაავრცელა.
ეს ლოტი რეკორდული აღმოჩნდა კრებულისთვის, რომელიც 1857 წელს გამოიცა და მისი ტირაჟი 1100 იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს Sotheby-ს საუქციონზე წიგნი პირველი ტირაჟიდან მინაწერით მხატვარ ეჟენ დელაკრუასადმი 560 ათას ევროდ შეიძინეს.
1845 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ბოდლერმა მისი ნდობით აღჭურვილ იურიდიულ პირს, ნარსის ანსელიუს მიწერა და სადაც პოეტი აცხადებს, რომ თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, 225 ათას ევროდ გაიყიდა. ეს ლოტიც რეკორდული აღმოჩნდა ცნობილი პოეტების მიერ დაწერილ წერილებს შორის ღირებულების თვალსაზრისით.
აუქციონზე სულ 180 ლოტი იყო გამოტანილი. მათ შორის ბოდლერის წერილები, წიგნები და ნოვთები, რომელბიც მას ეკუთვნოდა, ან უკავშირდებოდა. ორგანიზატორებმა მოიგეს დაახლოებით 4,05 მილიონი ევრო, რაც მოსალოდნელს ორჯერ აღემატება.
"ბოროტების ყვავილები" (Fleurs du mal) 1857-1868 წლებში სამ გამოცემად დაიბეჭდა. 1857 წელს კრებულის გამოცემამ სკანდალი გამოიწვია - ბოდლერი საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ტირაჟის ნაწილი აღარ გაავრცელეს, პოეტი კი 300 ათასი ფრანკით დააჯარიმეს. მისი ლექსების გამოცემაზე აკრძალვა ფორმალურად მხოლოდ 1949 წელს გაუქმდა.
პარიზში დააბდებული პოეტის მამა, ფრანსუა ბოდლერი, მხატვარი იყო და შვილს ელოვნების სიყვარულს ადრეული ასაკიდან უნერგავდა. შარლმა მამა 6 წლის ასაკსი დაკარგა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დედამისი სხვას გაჯყვა ცოლად და ბიჭს მამინაცვალთან უერთიერთობა არ აეწყო. 1
11 წლის იყო შარლი, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ლიონში გადავიდა. ის პანსიონს მიაბარეს. 1836 წელს ბოდლერი დაბრუნდა პარიზში და სწავლა განაგრძო წმინდა ლუდოვიკოს სახელობის კოლეჯში, საიდანაც გამოაგდეს. 1841 წელს ის სამოგზაუროდ გაუშვეს, რათა "ცუდი გავლენებისგან დაეცვათ". ცოტა ხანში მას მამის მეკვიდრეობა ერგო, მაგრამ მისი გაფლანგვა დაიწყო და 1844 წელს მემკვიდრეობის მართვა სასამართლომ შარლის დედას გადასცა. როდის დაიწყო წერა? ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც მამის მემკვიდრეობა მიიღო და უდარდელ ცხოვრებას ეწეოდა. "ბოროტების ყვავიების" გაკრიტიკებისა და აკრძალვის შემდეგ, ის პოეზიას 1860 წელს მიუბრუნდა და გამოაქვეყნა კრებული, რომელშიც პროზად მოცემული ლექსები გაერთიანდა. 1864 წელს გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ორ წელზე მეტი დაჰყო. იქ მან გონება დაკარგა და ქვის კიბეზე დაეცა. ის პარიზში გადაიყვანეს და მოატავსეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ის მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

© “24 საათი”

მარადიული – ერთი წიგნის ისტორია


ია ვეკუა

...ბარონესა პარიზის კაფე “დე ლა კოლომბოს” ღია ვერანდაზე ავიდა, ერთი ჭიქა რძიანი ყავა და სრული სიმშვიდე შეუკვეთა, რამდენიმე წუთის წინ სასაფლაოზე გადმოცემული ქაღალდის შეკვრა გახსნა, შეყვითლებული ფურცლები ამოალაგა, ხელნაწერ სწრიქონებს თვალი გადაავლო და პირველ გვერდზე გამოყვანილი ხელით დაწერილი ერთადერთი სიტყვა “მარადიული” ამოკითხა.

შემდეგ მეორე გვერდს დააკვირდა, სადაც მარჯვენა კუთხეში მიწერილი ფრაზა დახვდა: “მას, ვინც ერთხელ დავკარგე, რათა სამუდამოდ მეპოვა”. ეს ფრაზა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოხუცი ქალბატონი მრავალი წლის წინანდელ ისტორიას კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა. მასთან ერთად დროში ახლა უკვე ქართველი მკითხველიც იმოგზაურებს - ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობი ავტორის, ნიკოლოზ ჩხოტუას ერთადერთი დასრულებული ნაწარმოები “მარადიული” მის მშობლიურ ენაზე გამოიცა.
რამდენიმე წლის წინ ქართველმა მკითხველმა კიდევ ერთი ათეულობით წლების წინ დაწერილი და ასევე უცნობი ნაწარმოები, ყურბან საიდის “ალი და ნინო” გაიცნო. აზერბაიჯანელი და ქართველი გოგონას სასიყვარულო ისტორია, რომელმაც შემდგომში მკითხველში პოპულარობა მოიპოვა, თავის დროზე საქართველოში მცხოვრებმა ინგლისელმა ლიტერატორმა პიტერ ნეისმიტმა აღმოაჩინა. მისი აღმოჩენაა ნიკოლოზ ჩხოტუას “მარადიულიც”. 1949 წელს გამოცემულ წიგნს მან ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში მიაგნო და როგორც თავადვე იხსენებს, ამ აღმოჩენით გაოცებული და აღფრთოვანებული იყო - ქართველი ავტორების ნაწარმოებების ინგლისური ვერსიების, მით უმეტეს, ამავე ენაზე დაწერილის აღმოჩენა ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. პიტერ ნეისმიტმა წიგნი შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა, რამდენიმე დღის წინ კი “მარადიული” კიდევ ერთხელ გამოიცა. ამჯერად ორიგინალი, ანუ ინგლისური ვერსიის გარდა ნაწარმოების ქართული ვარიანტიც გამოსცეს, თარგმანის ავტორები კი ირაკლი თოფურია და კახა ჯამბურია არიან.
“მარადიული” სასიყვარულო რომანია. მისი მოქმედების ძირითადი ხაზი 1897-1899 წლებში ვითარდება და ორი ახალგაზრდას, შოთა იბერიელისა და ტაია რურიკოვას რომანტიკულ ურთიერთობას ასახავს. მათ შეხვედრას ავტორი თითქოს ბავშვური გულუბრყვილობითა და გულწრფელობით აღწერს. გულწრფელია მკითხველთანაც, რომელსაც უბრალოდ მოუთხრობს: “შემიყვარდა თბილისში, 1897 წელს, გვიანი აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ტაია მიყვარდა მაშინაც, როდესაც დედამიწას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფორმა და სავსებით უკაცრიელი, უკუნეთ სიბნელეში ბრუნავდა. და მაშინაც მეყვარება, როდესაც დედამიწა იქცევა უწყლო და უჰაერო ბურთად, რომელიც უაზროდ იტრიალებს ბნელ და მკვდარ უსასრულობაში”.
როგორც ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას სხვა ნაწარმოებების დაწერის მცდელობაც ჰქონია, თუმცა მხოლოდ მეუღლისადმი მიძღვნილი “მარადიულის” დასრულება შეძლო. შესაძლოა სწორედ მწერლის გამოუცდელობის გამო ნაწარმოები მარტივი, ძალიან უშუალო ენითაა დაწერილი. თუმცა ამ უშუალობის მიღმა ნიკოლოზ ჩხოტუას არა მხოლოდ ქალისადმი, არამედ მონატრებული სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის ამოკითხვა შეიძლება. იგი მთელი არსებით აღწერს საქართველოს ბუნების სილამაზეს, კავკასიონის მთების დიდებულებას, ზღვისპირა პეიზაჟებსა და ლანდშაფტის სხვა თავისებურებებს. ნაწარმოებში რამდენჯერმე უსვამს ხაზს თავის წარმომავლობას, საკუთარ ქართველობას და ამით დაუფარავ სიამაყეს.
ნიკოლოზ ჩხოტუამ კარგად იცოდა, რომ “მარადიულს” ინგლუსურენოვანი მკითხველისთვის წერდა, ვისთვისაც საქართველო პრაქტიკულად უცნობ ქვეყანას, უცხო კულტურას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ნაწარმოებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციაც შესძინა. ბუნების აღწერის გარდა, იგი არც საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპიზოდების თხრობას იზარებს, ყვება თბილისის დაარსების ლეგენდას, იხსენებს ქალაქის ყველა დამპყრობელსა და ამაოხრებელს, ქალაქისას, რომელიც “საქართველოს დედაქალაქად და კულტურულ ცენტრად რჩებოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ რუსეთის მეფეები საბოლოოდ არ დაეპატრონენ ამ პატარა ქრისტიანულ ქვეყანას, იმ დროს სისხლისგან რომ იცლებოდა ისლამური ქვეყნების შემოტევებისგან”. ავტორი ქართულ ადათ-წესებსაც აღწერს და განმარტავს სიტყვა “გამარჯობის” მნიშვნელობას, ვაჟების აღზრდის ტრადიციას: “როგორც კი ბიჭი ისე წამოიზრდება, რომ თოფის ტარებას შეძლებს, მისი გაწვრთნა იწყება: აძლევენ სამ ტყვიას და უშვებენ ტყეში. თუ დაბრუნდა სამი მოკლული ნადირით, ის უკვე კაცია და ყანწით ღვინოს მიართმევენ”... განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს შოთა რუსთაველის მიმართ, ხშირად მოჰყავს ციტატები “ვეფხისტყაოსნიდან” და ხაზს უსვამს მის გენიალობას.
საინტერესოა თავად ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფია, რაც “მარადიულშიც” იკითხება. იგი შალვა ჭყონიასა და თავადიშვილ პელაგია ჩხოტუას ვაჟი გახლდათ (მწერალი მოგვიანებით დედის გვარზე გადავიდა). 1921 წელს, 16 წლის ასაკში სხვა ქართველი თავადიშვილების მსგავსად ევროპაში გაემგზავრა. განათლება პარიზსა და ბერლინში მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, მრავალი წელი შვეიცარიის ალპებში გაეტარებინა. 30-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც ინგლისური ენა შეისწავლა, 1933 წელს კი ამერიკაში გაემგზავრა. მომავალი მეუღლე, კეროლ მარმონი, მარმონების საავტომობოლო კომპანიის დამაარსებლის ქალიშვილი, ჰოლივუდში გაიცნო და მალევე დაქორწინდა. იგი წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. მალტის ორდენის სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ კოსტა-რიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში, სადაც თავადვე აარსებდა საელჩოებს.
ნიკოლოზ ჩხოტუა 1984 წელს ლოზანაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ექვს შვილს ერთადერთი სურვილის შესრულება სთხოვა - მისი გული საქართველოში დაემარხათ. ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო, ცხადია ემიგრანტის თუნდაც სხეულის ნაწილის ფერფლის ჩამოტანა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მამის ანდერძის შესრულება შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ შეძლეს - 1988 წლის მაისში ნიკოლოზ ჩხოტუას გულის ფერფლი თბილისის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სასაფლაოზე ჩუმად დაკრძალეს. ასე აუსრულდა უკანასკნელი ოცნება სამშობლოსგან შორს, მაგრამ მაინც მასთან ასე ახლოს მყოფ, დღემდე ყველასთვის უცნობ ნიკოლოზ ჩხოტუას.
© “24 საათი”

Sunday, December 27, 2009

ზვიად რატიანი – ნეგატივი. 20 წლის შემდეგ


ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ;
განსაკუთრებით თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.

– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.

– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.


– შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით,
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი,
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით, ენა, მამული,
სარწმუნოება…
შავლეგ, შენი…
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა… პირველს… მეასეს…
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება; საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოისურვა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ყვითელი ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქოს ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი –
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.


– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს,
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2009 – იანვარი


ნიკოლოზ ჩხოტუა, "მარადიული", ინგლისურიდან თარგმნეს: ირაკლი თოფურიამ და კახა ჯამბურიამ, რედაქტორი: თამაზ ჯოლოგუა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

"ეს რომანი ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე აღმოჩნდა. აღმოჩენას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა. დღესაც კი იშვიათად თუ მოიძიებთ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ინგლისურად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ საერთაშორისო პოპულარობაზე. საბჭოთა პერიოდისდროინდელი რამდენიმე იშვიათი თარგმანისა და თითო-ოროლა თანამედროვე ნაწარმოების გარდა, გაგიჭირდებათ მოიძიოთ გამორჩეულად "ქართული" ხასიათის, მისი შინაგანი ემოციებისა და ნააზრევის ამსახველი სხვა ქართული ნაწარმოები" - წერს ამ წიგნის წინასიტყვაობაში პიტერ ნეისმიტი. ასეთი შეფასების მიუხედავად, ქართველ მკითხველს ნიკოლოზ ჩხოტუას სახელი ბევრს არაფერს ეუბნება. ვინ იყო იგი?
ნიკოლოზ ჩხოტუა იმ თაობას ეკუთვნის, რომელთაც 1921 წელს, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველო დატოვეს. 16 წლის ბიჭმა ჯერ ევროპას მიაშურა, შემდეგ ამერიკას, საბოლოოდ კი შვეიცარიაში ჩავიდა და 1984 წელს იქვე გარდაიცვალა. საქართველოში დაბრუნებაზე უკანასკნელ წუთებამდე ოცნებობდა, თუმცა, ნატვრა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აუხდა. 1988 წელს, მისი სურვილის თანახმად, ოჯახის წევრებმა მწერლის ფერფლადქცეული გული სამშობლოში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე დამარხეს.
"მარადიული" ავტორის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია, რომელიც 1940-იან წლებში ინგლისურ ენაზე დაიწერა. რომანი, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და როგორც მიიჩნევენ, ავტობიოგრაფიულია.

ირაკლი კობახიძე, "დაბრუნება ტერანუოვაში". თბ. 2009.

ტერანუოვა ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს ალპების ერთ მიუდგომელ კუთხეში, მდინარე ოლიოს მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. სწორედ იქ ხარობს ჯადოსნური ედელვაისი, უკვდავების ყვავილი, რომლის საძებნელად ერთ დროს ჯოაკინო სარტი გაემგზავრა, თუმცა, ოქროს საბადოების აღმოჩენამ ჯადოსნური ყვავილის ისტორია მასაც და მის თანამოაზრეებსაც მალე გადაავიწყა. იმ ადგილას აშენდა ქალაქი, რომელსაც ტერანუოვა, ანუ "ახალი მიწა" უწოდეს.
ჯოაკინოს შემდეგ ჯადოსნურ ედელვაისს არაერთი ტერანოუველი ეძებდა, მათ შორის, პაოლო სარტორი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყვავილი კარგა ხნის ნაპოვნია.
ჯადოსნური ედელვაისი თითოეული ჩვენგანის სულში ხარობს, თუმცა, სანამ ამას მივხვდებით, ბევრი წყალი ჩაივლის. ჩვენ კი მაინც ვეძებთ, ვეძებთ, რათა მკაცრმა სინამდვილემ არ მოგვკლას - ასეთია ახალგაზრდა მწერლის კონცეფცია.
ზღაპარში ცხოვრება ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, მნიშვნელობა არა აქვს, პირველყოფილ წყობაში ცხოვრობს თუ ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში. ამიტომ იწერება დღესაც ჯადოსნური ამბები. "დაბრუნება ტერანუოვაში" ერთ-ერთი ასეთი წიგნია, ზღაპარი პატარა დიდებისთვის, რომელიც ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრის წაშლას ცდილობს და ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების არსის გარკვევაში ეხმარება.

ერნესტ ჰემინგუეი, "იქ, მიჩიგანში", იგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ანა რატიანმა. თბ. "ინტელექტი", 2009.

სერიით "ნობელის პრემიის ლაურეატები" გამომცემლობა "იტელექტი" ამჯერად ჰემინგუეის გვთავაზობს. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საყვარელი ავტორის მოთხრობებს. "იქ, მიჩიგანში," "ვაიომინგის ღვინო," "ბატონი და ქალბატონი ელიოტები," "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და, რასაკვირველია, ლეგენდარული "მოხუცი და ზღვა," ნაწარმოები, რომლისთვისაც 1954წელს ავტორს ნობელის პრემია მიანიჭეს.
გასული საუკუნის ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა თავისი ეპოქის ლიტერატურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გახსოვთ, ალბათ, ყელიან სვიტერში გამოწყობილი მწერლის ცნობილი ფოტო - როგორი უბრალო და ამავე დროს, შთამბეჭდავია; მისი ჩაცმულობა, ცხოვრების სტილი, წერის მანერა ხშირად ხდებოდა თანამედროვეთა მიბაძვის საგანი, თუმცა, ჰემინგუეი იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში ახალი ეპოქა შექმნა.
"ჰემინგუეიმ მწერლობაში გამოსვლისთანავე იგრძნო, რომ საჭირო იყო ახლებურად წერა, გატკეპნილი გზით სიარული აღარ შეიძლებოდა" - წერს მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. და მართლაც, მან გაკვალა ბილიკი, რომელსაც დღემდე მიჰყვებიან მისი შემოქმედების მოყვარულები. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი ეს წიგნი.

მიშელ უელბეკი, "პლატფორმა", ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ქართულად ითარგმნა სკანდალური ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის კიდევ ერთი რომანი. 2001 წელს დაწერილ "პლატფორმას," ისევე, როგორც მის ნებისმიერ ნაწარმოებს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ავტორს ადანაშაულებდნენ რასიზმში, შოვინიზმსა და პორნოგრაფიაში, თუმცა, თავად მიიჩნევდა, რომ ეს რომანი ნამდვილ და ამაღელვებელ სიყვარულზეა, როგორსაც თანამედროვე დასავლურ სამყაროში ვეღარ შეხვდები.
რა ხდება რომანში? მისი მთავარი გმირი, 40 წლის მიშელი ტაილანდში მოგზაურობისას მომხიბლავ ვალერის გაიცნობს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში მოღვაწეობს. მათ შორის ვნება იფეთქებს. საკურორტო დასვენების სრულიად ახალი ფორმა, რომლის იდეაც წყვილს ამ მოგზაურობის დროს უჩნდება, ლეგალურ სექს-ტურიზმს ეფუძნება. წარმატებით განხორციელებულ ჩანაფიქრს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს. დამსაქმებლები ტურისტების ნაკადს მკვდარ სეზონზეც კი ვერ აუდიან, თუმცა, მოულოდნელად, იდილია მთავრდება. ერთ-ერთ დისკოტეკაზე ფანატიკოსი მუსულმანები ბომბს აფეთქებენ და "გალანტური გართობის" მონაწილეებს ტყვიებით უმასპინძლდებიან. იღუპება ვალერიც. შემთხვევით გადარჩენილი მიშელი კი ცხოვრების მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავს.
წიგნი დახუნძლულია უელბეკისათვის ესოდენ დამახასიათებელი სექსუალური სცენებით, თუმცა, აურზაურის მიზეზი ეს არ გამხდარა. სკანდალი ისლამის მიმართ გამოქმულმა ავტორის პოზიციამ გამოიწვია, რომელიც ამ რელიგიას განწირულად მიიჩნევდა. უელბეკი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსაც. რომანის მთავარ გმირს ეზიზღება ეს სამყარო, რომელიც დაცლილია გრძნობებისგან, ირგვლივ სიყალბე და ტყუილი სუფევს. ერთადერთი ხსნა სიკვდილშია, რომელსაც პატაიაზე გადახვეწილი მიშელი მოთმინებით ელოდება.

მერაბ ღაღანიძე, "გზავნილი "არილის" მკითხველს", რედაქტორი: მალხაზ ხარბედია. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.

წინამდებარე წერილები იმ პერიოდისაა, როდესაც ქართულ ყოფაში მობილური ოპერატორებისა და შესაბამისად, ელექტრონული გზავნილების ეპოქა დაიწყო. ბევრისთვის ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ფეხის შედგმას ნიშნავდა, ლიტერატურის მოყვარულთათვის კი, რომელთა უმეტესობა მაშინ "არილის" მკითხველი გახლდათ, მერაბ ღაღანიძის ლიტერატურული გზავნილებით გახდა მნიშვნელოვანი.
ამ წერილების ავტორი 1997-98 წლებში პრაჰაში ცხოვრობდა და როგორც თავადვე აღნიშნავს, "ახალი ცოდნის მოპოვებისა და ახალი უწყების წვდომის სიხარული" ამოძრავებდა. მაშინდელი გლობალური ქსელი საკმაოდ მწირი გახლდათ და დასავლეთში მიმდინარე უახლესი ლიტერატურული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც ჭირდა, ამიტომ მოვლენების ეპიცენტრიდან ჩამოსულ გზავნილებს სიახლეებს მოწყურებული ქართველი მკითხველი ღრუბელივით ისრუტავდა. როჟე გაროდისა და ტიმოთი ლირის, მირჩა ელიადეს, აიზაია ბერლინისა და სხვათა შესახებ დაწერილი ესეები დიდი ინტერესით იკითხებოდა. იმ პერიოდში "არილს" მერაბ ღაღანიძის წერილებმა უამრავი მკითხველი შემატა.
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 27 ესეი, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს საფოსტო გზავნილების სახით ჩამოდიოდა საქართველოში და ევროპული სამყაროდან შემოსული თავისუფლების სურნელით იყო გაჟღენთილი.

რევაზ გაჩეჩილაძე "ჩემი XX საუკუნე", ტომი 1, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის წინამდებარე ნაშრომი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მოყვარულთ დააინტერესებთ, ასევე, მათაც, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი მნიშვნელოვანია.
წიგნის ავტორი გლობალურ ხედვას გვთავაზობს. მისთვის საკმარისი არ არის საქართველოს, როგორც ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიის ანალიზი. დასკვნების გამოსატანად აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების გათვალისწინებაც. "არცერთი ისტორიული მოვლენა არ შეიძლება ამოიგლიჯოს დროითი კონტექსტიდან: ის გასაგები ხდება მხოლოდ თავისსავე ეპოქასთან კავშირში" - წერს რევაზ გაჩეჩილაძე.
წინამდებარე ტომში XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტებია წარმოჩენილი. ავტორი აანალიზებს საბჭოთა სისტემას და შეფასებას აძლევს სტალინიზმს. ვფიქრობთ, მისი მოსაზრებები ამ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის საყურადღებო იქნება.

"წახნაგი, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული", მერაბ ღაღანიძის რედაქციით. თბ. "მემკვიდრეობა", 2009.

"წახნაგი": ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული" ჩაფიქრებულია პერიოდულ სამეცნიერო გამოცემად, რომლის გამოქვეყნება, ბუნებრივია, ყოველწლიურად ივარაუდება და რომელიც შეძლებისდაგვარად ეცდება, წარმოაჩინოს ის საუკეთესო, რაც ქართველი მკვლევარების უახლეს ფილოლოგიურ ძიებათა ნაყოფს ასახავს" - წერს გამოცემის წინათქმაში ლიტერატორი მერაბ ღაღანიძე.
ამ გამოცემის იდეა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგ პროფესორებს შორის გაჩნდა და თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალის სახე უნდა ჰქონოდა, თუმცა, მოგვიანებით თანამოაზრეთა რიცხვი გაიზარდა და წელიწდეულიც გაცდა საუნივერსიტეტო ჟურნალის ფარგლებს.
გამოცემის მიზანია გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, ნარკვევები, ლექციები, საარქივო-დოკუმენტური, მემუარული თუ სხვა ტიპის საინტერესო მასალები ფილოლოგიურ კვლევათა ყველა სფეროში.
პირველ ნომერში შევიდა შუქია აფრიდონიძის, იუზა ევგენიძის, მაკა ელბაქიძის, ზურაბ კიკნაძის, გაგა ლომიძის, ირმა რატიანისა და სხვათა ნაშრომები, სამომავლოდ კი "წახნაგის" ფურცლები არა მხოლოდ ღვაწლმოსილ და დაფასებულ მეცნიერებს, საინტერესოდ მოაზროვნე ახალბედა ფილოლოგებსაც დაეთმობა. დღეს, როდესაც ამ სფეროში სამეცნიერო გამოცემათა რიცხვი ძალზე მწირია, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეულის გამოჩენა ქართული ფილოლოგიური სკოლის შემდგომი განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მერი ინაძე, "ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები", სერიის მთავარი რედაქტორი: ბუბა კუდავა. თბ. "არტანუჯი," 2009.

გამომცემლობა "არტანუჯი" "კოლხური სერიის" მორიგ წიგნს გვთავაზობს. თეა კალანდიას, აკაკი ჭანტურიასა, დანიელ ფიფიასა და ანა ჩიქვანაიას შემდეგ დაინტერესებული მკითხველი მერი ინაძის "ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხებს" გაეცნობა. წიგნში განხილულია ძველი კოლხეთის მიწა-წყალზე მცხოვრები საზოგადოების ისტორია და გენეზისი, სატაძრო-საქალაქო ცენტრების წარმოქმნა-განვითარება, მისი კავშირი ეგეოსურ-მცირეაზიურ, ბერძნულ და ელინისტურ სამყაროსთან... ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები ისტორიულ ფაქტებს, მდიდარ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. ნაშრომში წარმოდგენილი მასალები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში, ერთად თავმოყრილს კი მკითხველი პირველად იხილავს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ეროვნული ენა, ეროვნული კულტურა, ეროვნული სული



თამარ ბერეკაშვილი
ეროვნული ენა, ეროვნული კულტურა, ეროვნული სული
© სემიოტიკა

ანტიკური რიტორიკის თეორიის ცნებათა რეინტერპრეტაციისათვის...



ქეთევან ბეზარაშვილი

ანტიკური რიტორიკის თეორიის ცნებათა რეინტერპრეტაციისათვის ბიზანტიურ და ქართულ ლიტერატურაში
© სემიოტიკა

ფერხულ "ძაბრას" მნიშვნელობისათვის



ქეთევან ალავერდაშვილი

ფერხულ "ძაბრას" მნიშვნელობისათვის
© სემიოტიკა

Friday, December 25, 2009

სნეული პოლიტიკოსი


პატრიცია ბლეიკი
სნეული პოლიტიკოსი

თუ კირკეგორის სიტყვებს ვერწმუნებით, დიდი ხელოვანისა და დიადი თემის ერთიანობა ის ღვთაებრივი ალიანსია, იღბლიანად რომ წარმართავს ისტორიულ პროცესს და აჩქარებს დროის ისედაც მძლავრ მდინარებას.
და მართლაც, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და საკონცენტრაციო ბანაკის თემის ერთიანობამ "გამოიწვია" მეოცე საუკუნის პროზის შედევრი, "ივან დენისოვიჩის ერთი დღე". "ერთ დღესა" და მისსავე "პირველ წრეში" მიღწეულია ის, რაც კამიუს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია: ორივე ნაწარმოები აიძულებს ჩვენი საუკუნის მკითხველს, გაითავისოს მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება და პასუხი აგოს თითოეულ მკვლელობაზე. სტალინიზმისა და ნაციზმის ისტორიული კატაკლიზმების შემდეგ "განმწმენდელ ფუნქციას" მხოლოდ ლიტერატურა თუ შეასრულებს!
სოლჟენიცინის ბოლო რომანი "კიბოს კორპუსი" უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე და მზად არის ამერიკაში გამოსაცემად. აქ ავტორი ტრადიციას არ ღალატობს და წერს იმაზე, რაც საკუთარი თვალით იხილა და გამოსცადა; შეუბრალებლად მოგვისვრის განწირულთა სამყაროში და არც კარის გამოჯახუნება ავიწყდება. საკონცენტრაციო ბანაკისა და ონკოლოგიური განყოფილების თემებს შორის დიდი განსხვავებაა: მწერალი ჯერაც არ არის დაზღვეული იმ წყეული ბანაკისაგან, სნეულებამ კი, საბედნიეროდ, გვერდით ჩაუარა. გარდა ამისა, საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანის ხელითა და ნებითაა შექმნილი, ჩვენი საუკუნის საზარელი პროდუქტია, სნეულება კი ღვთის ნებაა, გარდაუვალი და მარადიული. "ნეტავ ვიცოდე, როდის წავიკითხავთ რაიმეს ჩვენს შესახებ, ალბათ ასი წლის შემდეგ, არა?" კითხულობს მწერლის ერთ-ერთი პერსონაჟი - ყოფილი პატიმარი და თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოძულე.
"ერთი დღით", რომელიც რუსეთში 1962 წელს გამოიცა, სოლჟენიცინმა იმის შანსი მაინც მისცა მილიონობით თანამემამულეს, თავის შესახებ რომ წაეკითხა. ეს არის ამბავი ყოვლად უდანაშაულო დურგლისა, დაუმსახურებელი ტანჯვა-წამების მსხვერპლის! "პირველ წრეში", რომელიც რუსეთში აკრძალული გახლავთ, მწერალმა დეტალურად შეგვასწავლა სტალინიზმის ანატომია; გვიჩვენა, როგორ ამახინჯებს ის სულსა და გონებას, რა საშინლად აცამტვერებს ადამიანურ ურთიერთობებს. გულუბრყვილოდ სჯერა სოლჟენიცინს, რომ ხელოვნებას სტალინიზმის განდევნა და აღმოფხვრაც შეუძლია. მართალია, ამაოა ეს იმედი, მაგრამ მან მოიმედე შემოქმედი საბედისწეროდ და სამუდამოდ მიაჯაჭვა ამ თემას.
იგივე მეთოდი მიუსადაგა სოლჟენიცინმა "კიბოს კორპუსს". აქ იგი კლინიკური სიზუსტით შეისწავლის ავადმყოფობის ყველა სიმპტომს და მიჰყვება იმ პროცესს, რომლის წყალობითაც ავადმყოფი, ისევე როგორც პატიმარი - "განძარცული და გასარანდავად განმზადებული" - საბოლოოდ შეიცნობს საკუთარ თავს და გარკვეულ ტრანსფორმაციასაც კი განიცდის სიკვდილთან დაპირისპირების მოლოდინში. უდავოდ საინტერესო თემაა, თუმც არც ისე ძნელი ჩასაწვდომი. აქ არ ვაწყდებით დაჟინებულ, გარდაუვალ მოთხოვნას "ბევრის ცოდნისა", როგორც ამას სოლჟენიცინის ადრეული რომანები გვიბრძანებენ. ტოლსტოიმ ერთხელ უკვე გვიჩვენა - მე ვიტყოდი ერთხელ და სამუდამოდ - თუ როგორ სწვდება საკუთარ არსს ავადმყოფობით საწოლს მიჯაჭვული ადამიანი ("Смерть Ивана Ильича"). პირადად მე, ეს ნაწარმოები "კიბოს კორპუსის" მოდელად მიმაჩნია, მის მასაზრდოებელ და წარმომშობ ლიტერატურად. იმასაც ვიტყვი, რომ სნეულება, როგორც საგანი და სიმბოლო თანამედროვე ხელოვნებისა, სოლჟენიცინზე უფრო "ღრმააზროვან" მწერალს მოითხოვს.
ავტორი სულ იმას იმეორებს, რომ ეს რომანი მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნეზე, ავადმყოფობაზეა დაწერილი და განსაკუთრებულს არაფერს ისახავს მიზნად. 1967 წლის 22 სექტემბერს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, ამავე კავშირის თავმჯდომარის, კონსტანტინ ფედინის მიერ ნაწარმოების აკრძალვამდე ოთხი თვით ადრე, კრიტიკოსებს, რომლებმაც სოლჟენიცინს სიმბოლური რომანის შექმნაში დასდეს ბრალი, მწერალმა გულწრფელად უპასუხა: "კი მაგრამ, აქ ხომ უამრავი სამედიცინო დეტალია... რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი!"
რომანის შესახებ იგი ასეთ რამესაც ამბობს: "მე ის ცნობილ ონკოლოგებს წავაკითხე, ძალიან მაინტერესებდა მათი აზრი. გამოირკვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ქმნილება უტყუარია და დროის მოთხოვნასაც კარგად პასუხობს. მერწმუნეთ, იგი სიმსივნის შესახებაა დაწერილი, მხოლოდ სიმსივნის. ეს არ არის გასართობი ლიტერატურა, აქ განწირულთა განცდებია ასახული".
რომანში, მართლაც, საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა აღწერილი, თუ რა დღეშია მედიცინა 1955 წლის ცენტრალურ აზიაში. რვა მძიმე წელი გაატარა სოლჟენიცინმა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში, და ბოლოს, სიმსივნით დაავადებული, ტაშკენტში "გადაასახლეს", 1957 წლამდე არ ღირსებია რეაბილიტაცია. ტაშკენტში იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი სიმსივნე, რომლის ავთვისებიანობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული... მოულოდნელად გაქრა. ვინაიდან სოლჟენიცინი მაქსიმალურად რეალისტი მწერალია, რომლის ცხოვრების ისტორიაც მისივე შემოქმედების განუყოფელ ნაწილად ქცეულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომანში აღწერილი საავადმყოფოს პალატა არ განსხვავდება სინამდვილეში არსებულისგან.
მიუხედავად მწერლის "კლინიკური აღმაფრენისა", მკითხველმა დიდი ჯაფა უნდა იტვირთოს, რათა ეს წიგნი სიმსივნის შესახებ დაწერილ ამბად აღიქვას. გავიხსენოთ მის მიერ დასმული კითხვა: "ადამიანი თავის სხეულში აღმოაცენებს სიმსივნეს და ... კვდება. ერთი მითხარით, რა აცოცხლებს ისეთ ქვეყანას, ამდენი ბანაკი და საპყრობილე რომ აღმოაცენა?" იგი კვლავ, შეიძლება თავისდა უნებურადაც, საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას უბრუნდება. ვინ არიან ეს განწირული ავადმყოფები? ერთი ყოფილი პატიმარია, მეორე ბანაკის ზედამხედველი; აქვე არიან გადასახლებული "დამნაშავენი" და უშიშროების ურცხვი მუშაკი, რომლის სინდისზეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა! თუკი "ერთი დღე" სტალინის დროინდელი რუსეთის აგონიას წარმოაჩენს, "კიბოს კორპუსი" პოსტ-სტალინური პერიოდის ასახვაა, იმ პერიოდის, როცა ორივე, ჯალათიცა და მისი მსხვერპლიც, ერთნაირი პატიმარია, აქ ყველა თანაბრად არის დასახიჩრებული და სასჯელს "საერო ონკოლოგიურში" იხდის.
ყოფილი პატიმრის, კოსტოგლოტოვისა და სასიკვდილოდ გადადებული შულუბინის დიალოგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, თუ რა საბედისწეროა ეს სულიერი ხეიბრობა. და, აი, შულუბინი წამოჭრის საკითხს, ნაწარმოების ამოსავალ წერტილად რომ გვევლინება: თითოეული რუსის პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისათვის! გულწრფელად შურს შულუბინს კოსტოგლოტოვის, რომელმაც ბანაკის ყველა საშინელება გამოიარა: "შენ სხვებზე ნაკლებად მაინც ტყუოდი, არც ჩვენისთანა ნაძირალა ხარ... და მერე რა, რომ დაგაპატიმრეს, ჩვენ უფრო მძიმე დღეებიც გამოგვივლია, გვაიძულებდნენ ტაში დაგვეკრა მათ მიერ გამოტანილი განაჩენისთვის... ტაშს ვიღა ჩივის, ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთხოვა ადამიანის დასჯა და გადასახლება".
შულუბინს იმის გაგონებაც არ სურს, რომ ხალხს სჯეროდა სტალინიზმის: "მოულოდნელად ყველა პროფესორი და ინჟინერი მავნებლად იქცა... და მათ ეს სჯეროდათ? ლენინის ყველა ძველი თანამებრძოლი საზიზღარი რენეგატი აღმოჩნდა ბოლოს... და მათ ეს სჯეროდათ? უეცრად მათი ნაცნობ-მეგობრები ხალხის მტრებად გამოაცხადეს... და მათ ეს სჯეროდათ? დასაშვებია, რომ მთელი ერი იდიოტებისაგან შედგებოდეს? როდესაც ისტორია დაგვისვამს კითხვას: "ვინ იყო იგი?" ჩვენ, ალბათ, პუშკინის ლექსით ვუპასუხებთ:
ჩვენს სამარცხვინო საუკუნეში
უნდა იყო ტირანი, მოღალატე, ანდა მლიქვნელი.
სხვა არჩევანი შენ აღარა გაქვს,
სხვა ვერაფერი ვეღარ იქნები!"
სტალინის სიკვდილის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკების მძლავრი სისტემის ლიკვიდაციამ და სახალხო ტერორის შენელებამ ბევრი ვერაფერი უშველა იმ შიშის გრძნობას, ყოველ საბჭოთა მოქალაქეში რომ ჩაებუდა. უშიშროების მუშაკს ზარავს იმის გაფიქრება, რომ ბანაკიდან დაბრუნებული უდანაშაულო შურს იძიებს, თავად ბანაკიდან დაბრუნებულს კი თავისუფლება ბოჭავს და თრგუნავს. შესანიშნავი პასაჟია რომანის ბოლოს: ონკოლოგიური განყოფილებიდან "გათავისუფლებული" ოლეგ კოსტოგლოტოვი, გულისფანცქალით მომლოდინე ამ "სამუდამო გადასახლების" დასასრულისა, რატომღაც ტაშკენტის ზოოპარკს მიაშურებს. "მაიმუნები თავგადახოტრილ პატიმრებს წააგავდნენ. ეს საცოდავი, თავიანთ პრიმიტიულ სიხარულსა თუ საწუხარში ჩაძირული, ფართო ნარებზე ჩამომსხდარი არსებები, ისე ძალიან აგონებდნენ ყოფილ ნაცნობებს, რომ... ზოგიერთი მათგანის ცნობაც კი არ გასჭირვებია. იმ ადამიანთა უმეტესობა ჯერ ხომ კიდევ იხდიდა სასჯელს... მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ოლეგს არ შეეძლო დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება... მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეამტვრევდა გალიის კარებს... გინდაც შეემტვრია, მაინც ვერაფერს გახდებოდა. ამ მაიმუნებს თავიანთი სამშობლო აღარ ახსოვდათ, თავისუფლების შეგრძნებაც უცხო იყო მათთვის! მოულოდნელი თავისუფლება უფრო საზარელ შედეგს გამოიღებდა".
მსგავსი პასაჟებით სოლჟენიცინი სავსებით ამართლებს იმ მოლოდინს, მისი ორი ადრეული რომანი და შესანიშნავი მოთხრობა "მატრონას სახლი" რომ აღძრავს. მაგრამ ზოგიერთი ის ხარვეზი, რომელიც "პირველ წრეში" შეიმჩნევა - ზომიერების გრძნობის ღალატი, მასალაზე კონტროლის შესუსტება, მიდრეკილება არაფრისმომცემი დამოძღვრისაკენ - კვლავ იჩენს თავს "კიბოს კორპუსში". არც ამ ნაწარმოებს და არც "პირველ წრეს" ცოტაოდენი დახვეწა არ აწყენდა. აი, "ერთი დღე" კი სულ სხვაა! იგი სამჯერ გადაწერა სოლჟენიცინმა და ბოლოს ისეთ ლაკონიურობას მიაღწია, მხოლოდ ბაბელი და კამიუ თუ გაუწევენ მეტოქეობას.
როგორც კრიტიკოსმა, "კიბოს კორპუსი" გაორებული და მღელვარე გრძნობით ჩავიკითხე. ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, რომ გავეცანი ნაწარმოებს, რომელიც მიუხედავად ბევრი ნაკლისა, გაცილებით სჯობს იმ რომანებს, ჩვენი წიგნის ბაზარს წალეკვით რომ ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ამ წიგნს რუსეთში ვერ წაიკითხავენ და თავით ნაწარმოებთა აკრძალვაზე სოლჟენიცინის ნაადრევი პროგნოზიც მაღიზიანებს. მწერალმა რამდენჯერმე აღნიშნა "საფრთხე" თავისი აკრძალული ნაწერების უცხოეთში გამოჩენისა და მათ ფართო გავრცელებაში საბჭოთა აგენტურა დაადანაშაულა, ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისათვის კეთდებაო... გასული წლის 21 აპრილს მან განაცხადა, რომ არც ერთ უცხოელ გამომცემელს არ მიუღია მისგან "კიბოს კორპუსის" ხელნაწერი და არც ნებართვა მისი გამოქვეყნებისა. გარდა ამისა, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქიშპე გამომცემლობებს შორის ატეხილი დავა ამ წიგნის გამო და უცხო ენაზე მისი ნაჩქარევი გამოცემა თარგმანს კარგ დღეს არ დააყრიდა. "ლიტერატურა ფულზე მეტია", შეგვახსენა სოლჟენიცინმა.
უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ეს რომანი, ამიტომ ვეჭვობ, ამერიკაში "დაიალ პრესის" მიერ მისმა გამოცემამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ავტორს, მით უმეტეს, რომ თავად მას ეს არ უთხოვია. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მწერლის წუხილი ნაწარმოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რებეკა ფრანკმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ სამუშაოს, ბრწყინვალედ გადაიტანა სხვა ენაზე სოლჟენიცინის არაორდინარული სიტყვები თუ გამოთქმები, მისი ინტონაციისა და დიქციის მოულოდნელი ვარირება.

The New York Times Book Review
27 ოქტომბერი, 1968
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”


მხატვრულ–დისკურსული სივრცის კატეგორიათა თეზაურუსი


DOWNLOAD

დავით ანდრიაძე

მხატვრულ–დისკურსული სივრცის კატეგორიათა თეზაურუსი
© სემიოტიკა


საგანთა ფუნქციონირებისათვის სამყაროს მოდელში



ნინო აბაკელია

საგანთა ფუნქციონირებისათვის სამყაროს მოდელში
© სემიოტიკა

Thursday, December 24, 2009

"ზევსური" აკაკის პოეზიაში



მერაბ ღაღანიძე

"ზევსური" აკაკის პოეზიაში
© სემიოტიკა

Monday, December 14, 2009

მალხაზ ხარბედია - ბიტ-საუკუნის დასასრული


ალბათ არ მოიძებნება მეოცე საუკუნეში თაობა, შემოქმედ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ბიტნიკებზე უფრო მეტად "შეძრა სამყარო", შეძრა შემოქმედებითაც, საქციელითაც და რაც მთავარია, თავისი ხვედრით. შედარებითი პრიმიტიულობის მიუხედავად, ხსენებული გენერაცია მაინც ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად აღიქმება და თავისი მას-კულტურული, შეიძლება ითქვას, უკიდურესად საჯარო ხასიათის საპირისპიროდ, დღემდე ინარჩუნებს ელიტარულ-სნობურ აურასაც (არადა, დღეს, ქრესტომათიულ ბიტად მხოლოდ მასობრივი ჟანრები აღიქმებიან, MTV-დან დაწყებული - ოლივერ სტოუნის უკანასკნელი კინო-პროექტებით დამთავრებული). ამ თაობის ადამიანები ჩვენი საუკუნის ყველაზე გზააბნეულ ტიპებად მიიჩნევიან და მათი დროის ერთ მონაკვეთში, მითუმეტეს კი გარკვეულ სივრცეში განთავსება-დაბინავება თითქმის შეუძლებელი ხდება... თუმცა, მაინც შეიძლება მეტ-ნაკლები სიზუსტით ითქვას, რომ ამ ადამიანებმა 1948 წელს, ნიუ-იორკში მოიყარეს თავი. ამ დროისთვის მუსიკით, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწრთობილ ახალგაზრდებს უკვე ყველა ამჩნევდა, მანამდე კი ისინი ჯერ კიდევ "აზრზე მოდიოდნენ" (თუ პირიქით, კარგავდნენ მას), სინჯავდნენ ყვლაფერს, რაც მათ სიამოვნებას მოჰგვრიდა და მიეხეტებოდნენ ყველგან, სადაც კი გული გაუწევდათ; მათთვის საკუთარი უბნის საზღვარი უკვე აღარ არსებობდა... შეიძლება ითქვას, ეს ამბავი სწორედ ამ დროიდან, 1948-მდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო... ერთ მშვენიერ დღეს სეიმურ უაისმა ჯეკ კერუაკი ჰარლემში წაიყვანა ჯაზის მოსასმენად.

...დაბადება მუსიკის სულიდან

1946-48 წლებში ჯაზი კრიზისს განიცდიდა, ფირფიტებს იშვიათად იწერდნენ, იშლებოდა ორკესტრები, ერთი სიტყვით, "სვინგის" ეპოქა იწურებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკში მაინც არსებობდა რამდენიმე ჯაზ-კლუბი, სადაც შეიძლებოდა კარგი მუსიკა მოგესმინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველგან ტენორ-საქსოფონის გულისგამაწვრილებელი ხმა ისმოდა, ყოვლისმომცველი, ექსტატიური მუსიკა, რომელიც ტრადიციული რიტმებითაც ახერხებდა ახალი ტიპის მსმენელთა მონუსხვას (ნახეთ, ჯეკ კერუაკიც საყვარელი ჯაზმენებიდან მხოლოდ საქსოფონისტებს ასახელებს: ლესტერ იანგი, ბენ უებსტერი, ჩუ ბერი, დონ ბაეზი), მაგრამ გარდა ამისა, არსებობდნენ "ბოპერებიც", ე.წ. პროგრესული ჯაზის, ბოპის მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ინსტრუმენტის ჟღერადობის ვოკალური თვისებები, ხმაბაძვითობა, რიტმი და მხოლოდ შინაგან რიტმს, უფრო სწორად კი ანტირიტმს დამორჩილდნენ. ძველი მუსიკოსები არაფრად აგდებდნენ მათ შემოქმედებას, სამაგიეროდ ბოპზე ჭკუას კარგავდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ყელში ჰქონდათ ამოსული "სვინგი" და ახლის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდნენ.
თუკი ნამდვილი ჯაზი ადამიანის ხმას ბაძავდა და ადამიანისვე გულისცემას მიჰყვებოდა, ბოპი საერთოდ რიტმისა (ტრადიციული გაგებით) და ვოკალის გარეშე რჩებოდა, თუმცა სწორედ ეს უცნაური ბგერები და არითმია გახდა ამოსავალი ახალი პოეტური ენისათვის, რომელიც ყოველგვარი ვიბრატოსა და გლისანდოს - ანუ "ჩვენებურად", ტრადიციული პოეტური მეტაფორებისა და ტექნიკის გარეშე ახერხებდა სათქმელის გადმოცემას. ეს იყო ახალი პოეზია, რომელიც, როგორც თავის დროზე ტრაგედია, მუსიკის სულიდან იშვა.
ალენ გინსბერგი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "შავკანიანთა მუსიკა ემყარებოდა ქუჩაში მოსმენილი საუბრის სხვადასხვა კილოს საკრავის ენით ამეტყველებას, რაც კლასიკური მეტრონომული რიტმის უამრავ სახესხვაობას ბადებდა. კერუაკმა კი პირიქით, მუსიკოსთაგან გაგონილი ჰანგები საუბარში გადმოიტანა და ამიტომ შეეწყო ასე კარგად ჯაზური მუსიკა და მისი პოეზია ერთმანეთს - მათ საერთო ჟღერადი საფუძველი გააჩნდათ". ამ თვისებით არამხოლოდ კერუაკის პოეზია ხასიათდება, ამგვარ სპონტანურ "მეთოდს" თაობის თითქმის ყველა პოეტი მიმართავდა, მათთვის არ არსებობდა ფურცელზე დატანილი "ცნობიერების ნაკადის" მხატვრული სრულყოფა, ჩასწორება, ჩხირკედელობა; ისინი მხოლოდ "გონებაში მიმდინარე პროცესების ქაღალდზე გადმოტანის უნარს სრულყოფდნენ", ესწრაფოდნენ სრულეყოთ აზრის გადმოტანის უნარი და არა უკვე გადმოტანილის სრულყოფის უნარი. ეს იყო არაცნობიერი ნაკადი, სადაც ყველაფერი კალმის წვერზე, ან საბეჭდი მანქანების კლავიშებზე იყო დამოკიდებული. გინსბერგი ამ სტილს "სპონტანურ ბოპ-პროსოდიას" უწოდებდა, ჯაზს კი, როგორც ცნობილია, არ სჭირდება რედაქტირება.
იგივე გინსბერგი წერდა: "97-ე ქორალში" არის ადგილი, სადაც კერუაკი უცებ ვერ იხსენებს ნეპტუნის სახელს, მაგრამ აგრძელებს წერას შინაგანი იმპულსის გაუწყვეტლად. იგი არ აფერხებს მოძებნილ რიტმს და ამავე დროს ინტერესდება იმით, თუ რა გზით მიდის მისი ფიქრი საჭირო სიტყვის მოსაძიებლად. ამ პროცესში იბადება ნეპტუნთან დაკავშირებული არაჩვეულებრივი ასოციაციები, რაც შესანიშნავად აღწერს ზღვის ღვთაებას და ამავე დროს წარმოადგენს ავტორის შიდაბუნების საინტერესო პანორამას". ამ თაობის პოეტები არასდროს წყვეტდნენ შინაგან იმპულსს და მისი შენარჩუნებისთვის ყველანაირ რისკზე მიდიოდნენ, უსახელოდ ტოვებდნენ არა თუ რომელიმე ანტიკურ ღვთაებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან განცდებსაც კი. არადა, მართლაც ძნელია, სახელი დაარქვა საქსოფონისტის მონდომებას, რომელიც ძარღვების დასკდომამდე ინარჩუნებს უთავბოლო რიტმს თუ კიდევ სხვა რაღაცას (კერუაკის პერსონაჟი დინ მორიართი - რომანიდან "გზად" - ამ გრძნობას ნაცვალსახელით აღნიშნავს), ანდა სიტყვით გაუზიარო მეგობარს ნარკოტიკით მიღებული "გამოცდილება", დაახასიათო კესიდის გაქანებული ავტომანქანიდან დანახული პეიზაჟებით მოგვრილი გრძნობები და ა.შ.. ხშირად რომელიმე სიტყვა ზუსტად ერგებოდა ამა თუ იმ განცდას, მაგრამ მრავალმნიშვნელობის გამო იგი თითქმის გაუგებარი რჩებოდა ხოლმე სხვა სოციალური წრეების წარმომადგენელთათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანების შესახებ. ასეთი ბედი ეწია სიტყვა Beat-საც, რომელიც თავის დროზე იმდენად შთანთქა კონოტატებმა, რომ მისი მნიშვნელობა თითქმის მოუხელთებელი შეიქნა... მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მითუმეტეს, რომ შემოთავაზებულ ნაწყვეტებში Beat-ის სემანტიკურ ველზე საკმაოდაა საუბარი და მხოლოდ ერთს დავძენ: თაობის ზედსართავად Beat-ი ჯეკ კერუაკმა აქცია; 1950 წელს, თავის რომანში "ქალაქი და დაბა" მან პირველმა ახსენა ტერმინი "Beat generation" და იგი არამხოლოდ თავისი მეგობრების ვიწრო წრეს დაუკავშირა, არამედ მისი მეშვეობით ამერიკელ ახალგაზრდათა დიდი ნაწილის ასოციალური და მეამბოხე ბუნება დაახასიათა.

უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები

ამ თაობის იდეოლოგიის განსაზღვრა ბევრმა სცადა; ზოგი მას მეორე მსოფლიო ომს უკავშირებდა, ზოგი ატომურ ბომბს, ზოგიც მესამე მსოფლიო ომის მოლოდინს. 1958 წელს ნიუ-იორკში გამოვიდა ანთოლოგია სახელწოდებით "ბიტნიკები და განრისხებულნი", სადაც გამომცემლებმა ერთად მოუყარეს თავი ამერიკული ბიტის ლიტერატურასა და ინგლისური "განრისხებული ახალგაზრდების" ნაწარმოებებს (ოსბორნი, უეინი, ემისი) და ამით თითქოს ათწლიანი ლიტერატურული "ამბოხის" შედეგებიც შეაჯამეს.
თავდაპირველად ბიტნიკების მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსიტყვაობად მიიჩნიეს - ისევე, როგორც თავის დროზე, პირველი მსოფლიო ომის ლიტერატურულ გამოძახილად ჩათვალეს ე.წ. "დაკარგული თაობის" (ჰემინგუეი, ფიცჯერალდი, ვულფი) ნაწარმოებები - პირველწყაროები მოუძებნეს ბიტის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ბაზას, ჰიპსტერიზმსაც. ამ მკვლევართა აზრით, ჰიპები ამერიკული ლიტერატურის ჰუმანისტური ტრადიციებიდან ამოიზარდნენ, ტრადიციიდან, რომელიც ყველაზე ნათლად ჰემინგუეისა და ფოლკნერის მხატვრულ-ფილოსოფიურ იდეებში ჩანდა.
რა თქმა უნდა, ბიტ-მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ლიტერატურულმა ტრადიციამ და ჯაზ-მუსიკამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ მაინც ის ე.წ. "ბიტ-უცნაურობები" იყო, რომლებმაც საბოლოო სახე მისცეს თაობას. ამ უცნაურობებში, უპირველეს ყოვლისა, ბიტნიკების "ორბუნებოვნებას" ვგულისხმობ - მაგალითად, მათ შეეძლოთ ძალიან მხიარულებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ ხშირად, როცა საუბარი საკუთარ შემოქმედებას ეხებოდა, ეს ხალისი სადღაც ქრებოდა, სარტრის ყაიდაზე გაწყობილ რაღაც ბუტბუტში გადაიზრდებოდა, რაბლეზიანურ ენამზეობას კი ეგზისტენციალური მოთქმა-ვაება ცვლიდა ხოლმე. როგორც ჩანს, მათ ბოლომდე ვერ გაიგეს ირონიის ფასი (ისევე, როგორც თანამედროვე ქართველმა თინეიჯერებმა, ვისი ყველაზე "თავიანი" წარმომადგენლებიც სარტრის გულისამრევი "აფორიზმებითა" და ტერენტი გრანელის "დამკრძალავი მეტაფორებით" იწონებენ თავს).
ჩემი აზრით, მათი ტრიუმფი არა იმდენად ლიტერატურული მოვლენა იყო, რამდენადაც კულტურული ფენომენი; იგი უფრო მეტაფორას წარმოადგენდა, ვიდრე მეტაფორების განფენას და ხშირად ამ ტიპებში ჩვენი თაყვანისცემის საგნად უფრო არტეფაქტები იქცევიან ხოლმე, ვიდრე რაღაც კონკრეტული ნაწარმოებები, ან უფრო ფართოდ, პოეტური ხერხები. თანაც, ამ არანორმალურ პოპულარობას თავად ბიტნიკები ესწრაფოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, თავი გამოეყოთ კლუბებიდან (მიუხედავად იმ მითოლოგიური წარმოდგენებისა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ბიტნიკი ზეპირმესიტყვე რაფსოდს ემსგავსებოდა, უზრუნველ ტიპს, რომელსაც ოცნებადაც კი არ ჰქონდა თავისი ნაწარმოების გამოქვეყნება): ბეროუზი, მაგალითად, ნაიკის რეკლამებში "იჩითებოდა" ხოლმე, გინსბერგმა კი სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე თავისი არქივი, წვერის ნაპარსი და ძველი ჩოგბურთის კედები სტენფორდის უნივერსიტეტს მიჰყიდა 1 მილიონ დოლარად. ბიტნიკები პირველი თაობა იყო, რომლებმაც საკუთარი იმიჯის ფორმირებისთვის და მითოლოგიზირებისთვის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გამოიყენეს და ამით მსოფლიო გენერაციის სტატუსიც შეიძინეს.
მართლაც, ბიტნიკებზე ამბობდნენ, რომ ისინი არც ერთ ქვეყანას არ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ნუთუ შეიძლებოდა ამერიკის ფარგლებს გარეთ წარმოგვედგინა ეს მოძრაობა? ამბობდნენ, რომ ისინი არც ერთ სოციალურ ფენას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ ხომ ახალი სოციალური ფენომენი შექმნეს, რომელიც ლამის რელიგიურში გადაიზარდა; ერთი კია, სიმბოლოებისა და ლიტერატურული სქემების დრო უკვე აღარავის ახსოვდა და იდეებსაც ნელ-ნელა ხორცი ესხმებოდა, იწყებოდა პროცესები, რომელიც ბევრს ორი ათასი წლის წინანდელ მოვლენებს ახსენებდა (მათი მეხსიერება უფრო შორსაც წვდება): "თავდაპირველად ქრისტიანობაც ხომ მარგინალური მოძრაობა იყო, არანორმატიული და ასოციალური... და ამ ერთმა ბეწო მარგინალებმა ბოლოს და ბოლოს ანტიკური კულტურის ყველა სფეროში შეაღწიეს", - ამბობდნენ ისინი.
მაგრამ ბიტნიკებს მსოფლიო რელიგიის დღე არ ეწერათ, ისინი არც ისეთი ერთსულოვანნი ყოფილან, როგორც თავის დროზე პირველი ქრისტიანები და ეკლესიურობასაც (ერთიანობას) კაიფის ინდივიდუალურ ჯოჯოხეთს თუ სამოთხეს არჩევდნენ. მათ არც რაიმე ძლიერი დასაყრდენი ჰქონიათ და სამომავლო გეგმების დასახვითაც არ იკლავდნენ თავს. ჯინ ფელდმანმა და მაქს გარტენბერგმა (სწორედ მათ შეადგინეს ზემოხსენებული ანთოლოგია) ბიტნიკებს "უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები" უწოდეს და ეს გარკვეულწილად მართალიც იყო, რადგან საზოგადოებისგან ისინი მხოლოდ ერთს ითხოვდნენ, თავი დაენებებინათ მათთვის, ნუ ჩააცივდებოდნენ და საშუალება მიეცათ, ეცხოვრათ ისე, როგორც სურდათ.
50-იანების შუა წლებში ამერიკელმა პოეტმა და კრიტიკოსმა კენეტ რექსროტმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "განცალკევება: ბიტნიკების ხელოვნება", სადაც იგი თაობის შემოქმედებას სწორედ განცალკევებულობის ნიშნით განიხილავდა; გამოთავისუფლების, გათიშვის, გაუცხოების ცნებებით ახასიათებდა ბიტნიკების "პროგრამას" და ამით თითქოს ეგზისტენციალურ ელფერსაც ანიჭებდა განსახილველ პრობლემას; მაგრამ ბიტნიკები არ უცხადებდნენ ბრძოლას საზოგადოებას, გაურბოდნენ კონფრონტაციას; უარყოფდნენ ყველაფერს, თუმცა მათთვის უცხო იყო შეტევაზე გადასვლაც, პყრობა, ძალადობა, გამარჯვების სიხარული და ა.შ. ისინი, უბრალოდ, ცხოვრების ფსიქოპატიური წესით უპირისპირდებოდნენ არსებულს, სიშლეგეს სიწმინდესთან აიგივებდნენ, ჰომოსექსუალიზმს კი ანგელოსურ ბუნებათან.

შიშველი ანგელოსები

მათი "უცნაური" სექსუალური ცხოვრება შორს იდგა ევროპული, არისტოკრატული პედერასტიისგან (პრუსტისა და უაილდის სტილში); იგი რევოლუციურ, შეიძლება ითქვას, დემოკრატიულ მოვლენად იქცა და შემდეგ ლამის კოშმარულ ლოზუნგშიც გადაიზარდა: "ჰომოსექსუალიზმი მილიონებისთვის". ისინი არამხოლოდ საუბრობდნენ ამ თემებზე, არამედ გაჰკიოდნეენ, ღრიალებდნენ, ღმუოდნენ, ცდილობდნენ ბოლომდე გაეშიშვლებინათ თავიანთი სამყარო. სიშიშვლე ნორმად იქცა, ექსჰიბიციონიზმმა ჰომოსექსუალური კულტურის (თუ სუბკულტურის) ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის სტატუსი შეიძინა. ბიტ-თაობისადმი მიძღვნილ ყველაზე ცნობილ წიგნსაც ასევე ერქვა, "შიშველი ანგელოზები" (1976) და მისი ავტორის ჯონ ტაიტელის აზრით, ეს სიშიშვლე (სხეულის, ფიქრის, გრძნობათა სიშიშვლე) ერთადერთი იყო, ხელოვნებისა და ცხოვრების გამთლიანების საშუალებას რომ იძლეოდა. ბიტნიკები ხშირად იხსენებდნენ, რომ გაშიშვლებული ბლეიკი (ასევე შიშველ მეუღლესთან ერთად) თურმე მილტონის "დაკარგული სამოთხეს" კითხულობდა ხოლმე ხმამაღლა... მაგრამ ყველაფერი ეს ხომ პოეტის ბაღში ხდებოდა, ბიტნიკები კი, როგორც ჩანს, მთელი ამერიკის პოეტურ ბაღნარად გადაქცევას ესწრაფოდნენ.
ამ ქვეყანამ კი მალე მოინელა თავისი ყველაზე ერთგული შვილები, ახალი უიტმენები, ხელოვნური სამოთხის უსასრულო სივრცეებში მიმოფანტული მოგზაურები; სიწმინდის, სიშლეგის, სიყვარულისა და ლაყბობის გზაზე შემდგარი ყარიბები.
დღეს მათგან მხოლოდ ლორენს ფერლინგეტია ცოცხალი; რამდენიმე წლის წინ ტიმოთი ლირი გარდაიცვალა. 1997-ში კი უკანასკნელი მოჰიკანები, ბეროუზი და გინსბერგი შეუერთდნენ ზეციურ საძმოს.
ალენ გინსბერგმა გარდაცვალებამდე წელიწადით ადრე იუბილე აღნიშნა, მოკრძალებულ სუფრას შამპანური ამშვენებდა, პოეტს 70-ე წლისთავს პიჯაკში გამოწყობილი ჰალსტუხიანი ბიძები და უნივერსიტეტის პროფესორები ულოცავდნენ. იყვნენ უცხოელი სტუმრებიც, მაგრამ არ იყვნენ მეგობრები, სუფრაზე არც მოსაწვევი "იჩითებოდა" და იუბილარიც ისე ვეღარ "ღმუოდა", როგორც ოდესღაც.

1998

© "არილი"

Sunday, December 13, 2009

აკა მორჩილაძე – მარია კუზნეცოვას რვეული (1)


ამ წიგნაკის დასაწერად ბარე ექვსი წელიწადი დამჭირდა. მგონი იმიტომ, რომ სხვა ნაწერებს ეწირებოდა და რიგში უკანუკან გადადიოდა.
თავიდან, ეს ამბავი მეგობრებისთვის მოვიფიქრე: ამნაირი რამეების კრებულის გამოცემას აპირებდნენ და პირველი გვერდებიც მაშინ დავწერე და მივაწოდე, ასეთი რამ თუ გამოდგებათქო.
გამოდგებაო.
მაგრამ მერე აღმა-დაღმა წავედი და ეს ამბავიც გულს გადამვარდა. არც მეგობრებს დავუჩქარებივარ დიდად. ცხოვრება, ხომ იცით?!
მერე, ერთხელ ეს წიგნი რუსულადაც დავწერე, ერთი პეტერბურგელი რედაქტორის თხოვნით, რამე დაგვიწერეო. მერე, ისიც ვეღარ გავუგზავნე და ბოლოს ინგლისურადაც ვჯახირობდი რაღაც დიალოგებს.
მოკლედ, ამ მხრივ ნაწვალები წიგნაკია. ბევრგანართობი და ასეთი, თავში რომ გაქვს ჩარჩენილი.
ამ ზაფხულს წიგნი ჩემს გამომცემელს მოვუყევი და დაწერე, დაწერეო. ვიფიქრე, შემოდგომამდე დავწერთქო. ივლისის ბოლოს დრო გამომაჩნდა და უცებ დავწერე. რაღა დაწერა ამას უნდოდა, სულ ზეპირად ვიცოდი.
რაც გამოვიდა, გამოვიდა. ალტერნატიული ისტორიაა, მგონი პაროდიაც და ასეთი რაღაცეები.


აკა მორჩილაძე

მარია კუზნეცოვას რვეული

პროლოგი

პირველად თბილისში


(ინგლისელი მზვერავის, სერ ნიკოლას მიდოუს ოლდინგტონ ფეარის წიგნიდან “დედამიწის სამ მეოთხედზე”, ლონდონი, 1991)

<. . .>ბევრი რამ იყო საინტერესო და მოულოდნელი თბილისში ჩვენი ჩასვლისას: ჯერ იყო და ბაქანზე ვიღაცეებში ავერიეთ და იტალიური კომედიის სამოსში გამოწყობილმა მსახიობემა ყვავილები მოგვართვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაგნო ინსპექტორმა მასხულიამ. მერე კი ზედ ბაქანზე ბომბიც აფეთქდა, რომელიც ყალბი გამოდგა და როცა მე და ჰასტინგი მიწას გავეკარით, გარშემომყოფთ სიცილი დაგვაყარეს, რადგანაც თვითონ მშვენივრად არჩევენ ყალბი და ნამდვილი ყუმბარების ხმას და ნაყინის ლოკვა არც კი შეუწყვეტიათ.
მსახიობებისგან შემთხვევით მოძღვნილ ყავილებს ზღვის გასაოცარი სუნი ასდიოდა, რის გამოც ჰასტინგსმა თქვა, ნეტავ ჩემი ნომრის ფანჯარა ზღვის მხარეს გადიოდესო, მგონი ამ ოცნებისკენ სადგურის თეთრი ფილაქანიც უბიძგებდა, წარმოუდგენლად რბილი და თბილი. მერე გავიარეთ ოცდაოთხხმლიანი საპატიო ყარაული სადგურის მთავარ შესავლელში, რომელიც თურმე ჩვენთვის ყოფილიყო მოწყობილი ადგილობრივი კონტრდაზვერვის მიერ, თუმცა, მწკრივებს შუა თავისუფლად მიმოდიოდა ხელბარგიანი ხალხი. შემდეგ, იქედან საგანგებო მანქანით წამოყვანილნი მზით გაჩახჩახებულ მოედანზე შევესწარით კინოფილმის გადაღებას: სცენაში ასამდე რუხ კოსტუმში გამოწყობილი სტატისიტი მონაწილეობდა: როგორც აგვიხსნეს, ისინი საგანგებო სამსახურის გადაცმულ მუშაკებს განასახიერებდნენ და რუსთა ჯაშუშის დაჭერას ცდილობდნენ, რაც მგონი გამოუვიდათ კიდეც. ჩვენი მანქანა კინაღამ გადაღებაში მოჰყვა.
თურმე, კინოსტუდია დეკორაციებს კი აშენებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კადრში ძეგლი უნდა გამოჩენილიყო და მისი ბუტაფორია ვერ გააკეთეს, რადგან მოქანდაკე გარდაცვლილიყო.
ინსპექტორი მასხულია ისეთი მუშაკი ჩანდა, რომ მისი სმენა ძალიან სასარგებლო იყო. ინგლისური საგანგებოდ, კონტრდაზვერვაში შესვლის შემდეგ ესწავლა. როდესაც შეამჩნია, რომ ჰასტინგს მანქანის სარკმლიდან თვალი მიურბის კოხტად ჩაცმული ქალებისკენ, გვირჩია:
- ჩვენს ქვეყანაში კაცს ყოველთვის უნდა გაუღიმოთ, ქალებს კი არასდროს, ვინაიდან მერე კაცებს ვეღარ გაუღიმებთ.
ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით სასტუმრო გრანდ ლონდონში.
მეგონა, რომ ის წყნარ ადგილას, მიმალულად მდებარეობდა, ვინაიდან, ყოველთვის ასეთ ადგილას ვჩერდებით ხოლმე. სინადვილეში, სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ ფართო და ხალხმრავალ ავენიუზე აღმოჩნდა და კარგა დიდიც გამოდგა. ძველებური შენობა იყო და კარში მთლად იასამნისფერ, მოოქროვილ სამოსში გამოწყობილი პრიალაკოკარდიანი თეთრწვერა შვეიცარი იდგა.
შიგ რომ შევედით, მაღალი კლასი კიდევ უფრო თვალში საცემი შეიქნა, რამაც ჰასტინგსი გაახარა, მაგრამ გაირკვა, რომ სასტუმრო ლონდონი სულაც არ არის სასტუმრო, არამედ აქაური კონტრდაზვერვის ერთ-ერთი შენობაა და სასტუმროს იერი ბუტაფორიულად აქვს. სასტუმროდ მხოლოდ ორი სართული გამოიყენება, ხოლო ზედა ოთხ სართულზე, შენიღბულად მუშაობს აქაური კონტრდაზვერვა, მაცხოვრებლები კი ძირითადად ჩვენ ვართ, ანდა სხვა ჩვენნაირი აგენტები.
სასტუმროს რესტორანი თურმე საღამოობით ყოველთვის სავსეა, თუმცა ჩვენ იქ საღამოს შესვლა არ გვირჩიეს და მოგვცეს საერთო ნომერი, რამაც ჰასტინგსი ჩამოღრუბლა, ინსპექტორმა მასხულიამ კი აგივხსნა, რომ ეს კონსპირაციისთვის კეთდება.
საწოლი კი განიერი და კარგი ჩანდა, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ ჰასტინგსთან ერთად წოლა მომიხდებოდა. რას ვიზამდით, ინსტრუქცია ინსტრუქციაა.
მოგვართვეს საუზმე და მასხულიამ, რომელიც იქვე, მეოთხე სართულზე მუშაობდა, დაგვიტოვა ბარათი: საღამოს ცხრა საათზე კაფე თუთებში უნდა მივსულიყავი და იქ პირველად უნდა შევხვედროდით ოფიცერს, რომელიც საქმის არსს უფრო წვრილად გაგვაცნობდა.
საერთოდ, ამ მივლინების მოსურნე არ ვიყავი, მაგრამ ჩვენისთანა ხალხის გადაადგილების ამბავს მოგეხსენებათ, ვინცა წყვეტს. ჯგუფი თავიდანვე ორკაციანი იგულისხმებოდა: მე, როგორც წამყვანი და ჰასტინგსი, როგორც მკვლელობის ლიცენზიის მქონე მუშაკი.
თბილისისკენ კარგახანს მოვდიოდით, ომის დროს მისი უდიდებულესობის მზვერავების გადაადგილება იოლი არ არის. მთელი ევროპის გადმოკვეთვა ოდნავ შემოვლით მოგვიხდა, მაგრამ სტამბოლში ტრანსინდურ ექსპრესს დავაჯექით, რომელმაც ჩვენი ჩამოსვლიდან ოცდახუთ წუთში გეზი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით აიღო.
- შეიძლება ქალაქში გავიდეთ? - ჰკითხა ჰასტინგსმა მასხულიას.
- რა თქმა უნდა. თქვენ რა იარაღი გაქვთ? იარაღი იქონიეთ, თორემ ეს გადაჭარბებულ ინტერესს გამოიწვევს, - თქვა ინსპეტორმა.
- გამოსაჩენ ადგილას?
- არა, - ფერდი გვაჩვენა მასხულიამ - აი,ასე.. სადმე რომ ჩამოსხდებით, რომ იგრძნობოდეს, რომ აქ იარაღია.
- რატომ?
- ტრადიცაა ასეთი. უიაღარო კაცი შეიძლება ჰომოსექსუალისტი იყოს. ანდა ხელოვანი. ხელოვანთ ეპატიებათ... სხვა შემთხვევაში, არ შემოგხედავენ კარგად. ჩვენთან იარაღის ტარების უფლება ყველას აქვს.
- ომის დროსაც?
- განსაკუთრებით ომის დროს. პრეზიდენტის განაკარგულებით, თხუთმეტი წლიდან ყველას შეუძლია იარაღის ტარება. როგორ აგიხსნათ... თუ კაცს სამსახური აქვს, თუ ოჯახს ინახავს, მას იარაღიც აქვს... გეცოდინებათ, აქ ყოველ საათს შეიძლება ომი დაიწყოს. ჩვენ ჰიტლერს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ სტალინი ჩვენი პირველი მტერია.
- სიმპატიური კაცია, - თქვა ჰასტინგსმა.
მასხულიამ კი მოგვიგო:
- ის აქ დაიბადა და გაიზრდა.
ეს კი მართლა მოულოდნელი იყო.
- ჩვენ ქალები არა ვართ, რომ მის სიმპატიურობაზე ვიჩურჩულოთ, - მასხულიამ თავი დაგვიკრა და გამოგვეთხოვა.
- სიერა მადრეს საგნაძური, - თქვა ჰასტინგსმა-ეს სად მოვხვდით?
მოსასმენი ხელსაწყო დავანახე ლოგინის თავზე, სანათურიდან რომ გამოიცქირებოდა.
- ხმალი ალესე, ჰასტინგს. საქმე უნდა გავაკეთოთ.
- ვფიქრობ, ტახტი დამიფასებს, - ჩაიცინა ჰასტინგსმა და თავისი კავენდიშური თამბაქო გააბოლა.
- აი, უკვე ნაცნობი სუნია. აი, უკვე შინ ვართ.
მერე ქუჩებში ვსეირნობდით, დროს ვკლავდით სადილობამდე და ქალაქს ვსწავლობდით. პისტოლეტები მართლაც მორგებული გვქონდა. მართლაც, ამდენი პისტოლეტიანი კაცი არსად მენახა.
სამხედროებს აქ ორგვარად ეცვათ:
ან მომწვანო ფორმა, ან ეროვნული სამოსი, რომელიც ხმალ-ხანჯლის წელზე შებმასაც გულისხმობს. თუმცა, ეს სამოსი იმდენს ეცვა, რომ სამხედროს და ჩვეუელებრივი კაცის გარჩევა ძალიან ჭირდა, ვინაიდან ამ სამოსს სამხრეები არა აქვს. საერთოდ კიდევ, ძალიან ბევრი სიმღერა მოვისმინეთ. შვიდ ადგილას იდგა ნაირგვაირ ოდენობის მამაკაცთა სასიმღერო გუნდები და მღეროდნენ. ხალხი გადიგამოდიოდა და მათ ვერც ამჩნევდა. მზე იყო ძალიან თბილი და ჰასტინგსმა ისევ ზღვა მოითხოვა.
- აქ არ არის ზღვა. ზღვა დასავლეთით დავტოვეთ.
- სისულელეა. აქ არის ზღვა. - თქვა ჰასტინგსმა - გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა იმ ინსპექტორმა ჩვენს მძღოლს, დამელოდე, მერე ნავსადგურში უნდა წავიდეთო...
- რა ენაზე უთხრა ეს სიტყვები? - გამეცინა მე.
- გერმანულად უთხრა, - მომიგო ჰასტინგსმა - საერთოდ, მე ამათ არ ვენდობი. როგორ გამოდის, რომ რუსებთანაც მტრულად იყო და გერმანიასთანაც? ესენი წითლებთან არიან მტრულად...< . . .>
<. . .>ამ ისტორიაში ქალი რომ უნდა გამოჩენილიყო, ადრიდანვე ვიცოდი. პირველი ადამიანი კი, რომელსაც გამოველაპარაკეთ, სწორედ ქალი გახლდათ და სრულიად საოცარიც. მინდა ვთქვა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა, თუმც კი არცთუ თვალშისაცემად ეცვა, ოღონდ სპილენძისფერი თმის ბოლოები იმგვარად ჩაეხვია და პირბადიანი ქუდიც ისე კოხტად მოერგო თავზე, რომ როგორ არ შევამჩნევდი.
მე და ჰასტინგსი თამბაქოს მაღაზიაში შევედით.
ჰასტინგსს ყოველთვის მარაგად ჰქონდა თამბაქო და ჩიბუხებიც მწკრივად ელაგა ყუთში, მე კი, რაც ჩიბუხი მივატოვე და სიგარეტებზე გადავედი, ეგრეც ვერ მივჩვევოდი მათ დამარაგებას.
დახლი აჭრელებული კი იყო, მაგრამ მოდი და ამოირჩიე:
ჩვენებური იქ არაფერი იყდებოდა. დახლიდარი შემოგვცინოდა, მაგრამ არ მგონია, რაიმე გაეგო ჩემი სიტყვებისა. აბა რა იცოდა, რომ იმხანად ოდნავ თაფლიანი სიგარეტი მიყვარდა? ისეთი, ბოლოსკენ რომ სიმაგრეს ტოვებს ყელში. მოდი და აუხსენი.
ამიტომ ბედს უნდა მივნდობოდი და სათითაოდ ვადებდი თითს კოლოფებს, თუმცა, ის ულვაშგადაგრეხილი დროული კაცი, ყველაფერზე ცერს მიჩვენედა.
ქალი თავიდან არც შემიმჩნევია, თუმცა ჰასტინგსმა თქვა, რომ თავიდანვე შეამჩნია, შირმის იქეთ მდგომი, თუმცა, არ შეუთვალიერებია.
- აიღე რამე და წავიდეთ, - ჰასტინგსი უცებ იწყენდა ხოლმე.
- ვერ აირჩიეთ,არა? - ეს ქალი სულაც არ გამოდგა აქაური. ფრანგი იყო, რაც, რა თქმა უნდა, მერე შევიტყვეთ.
- ვერა, - ვუპასუხე ფრანგულად.
- ინგლისელი ხართ, - ქალი მაღალი იყო, ფრჩხილებიც კი მარჯნისფრად შეეღება და თითებში გრძელი მუნდშტუკი ეჭირა, რომელსაც ტუჩებზე იზომებდა. შირმის იქეთ სარკე ყოფილიყო და იმ სარკეში იხდენდა მუნდშტუკს.
- საღამოს მიღებაზე მივდივარ და მუნდშტუკი საჭიროა, - თქვა ისეთი ღიმილით, რომ მაღაზია დაპატარავდა. მერე ჩვენთვის აღარც შემოუხედავს - ინგლისელი, ორმოცი წლისა... ალბათ დიდხანს არც გაჩერდება ამ ქალაქში... მარტოხელა... რთული, მაგრამ ჭკვიანური სამუშაო... აი, ეს უნდა იყიდოთ... აი ეს. ამას პირველი რესპუბლიკა ჰქვია... დაიმახსოვრეთ. პირველ რესპუბლიკა...
მისი მონოლოგი შთამბეჭდავი იყო: სხვა ხელობის კაცს ეგებ ყბაც ჩამოვარდნოდა, მაგრამ მე უკვე კარგახნის გადაჩველი ვიყავი სასიამოვნო საუბრებში იმგვარად შებიჯებას, რომ ჩემგან რაიმე განცდა საგრძნობი ყოფილიყო.
პირველი რესპუბლიკის შავი, თეთრწარწერიანი კოლოფი კი ვიყიდე, თანაც ორი.
- აი, ასე, ეს საქმეც მოვაგვარეთ, - თქვა ქალმა და ხელი გამომიწოდა - ბლო, ჟენვიევ ბლო...
- ჯონი, - ვუთხარი ღიმილით.
- ღმერთო, რა ჩვეუელებრივია ყველაფერი... ჯონი... - გაიცინა ქალმა და მუნდშტუკების ყუთი მოჩხრიკა თავისი გრძელი თითებით. დახლიდარი იღიმოდა და თავს აქნევდა.
- გამოგეთხოვებით, თქვენის ნებართვით, - შლაპაზე ორი თითი მივიდე.
- ინგლისელი ყველგან ჯარისკაცია. ბენგალში ხართ ნაომარი? –გაიღიმა მან.
- ავღანისტანში მემ, ორი ტყვია აქვს მხარში, - თქვა უცებ ჰასტნგსმა და ჩვენ წამოვედით, თავის დაკვრებითა და ღიმილებით.
- რა ჯანდაბაა? - ჰასტინგსი აშკარად აღელვებულ იყო - შლაპის მოზომება გამიგია, მაგრამ მუნდშტუკის მოზომება რაღაა?
- ფრანგია, - ვთქვი მე.
- ეგ ქალი ჯაშუშია, - გაიცინა ჰასტინგსმა.
- ჰო, მუნდშტუკიანი ჯაშუში...
- შეამჩნიე, რა ფერის თვალები ჰქონდა? ნამდვილი ეშმაკეული.
- მთელი ცხოვრება ქალებს დასდევ და მე მეგონა, ეს ქალი აღგაფრთოვანებდა, - ვუთხარი მე და პირველი რესპუბლიკის ღერი მოვსრისე თითებში - რა გეტაკა?
აკი მგოახსენეთ, ძნელია ლიცენზირებულ მკვლელებთან ლაპარაკი.
- შენ არ უნდა დაგლაპარაკებოდა. მე უნდა დამლაპარაკებოდა, - თქვა მან.
ჰასტინგსი მართალი იყო: ის, რაც ადამიანებისთვის სრულიად უფერული და ჩვეულებრივი რამაა, ჩვენთვის სულ სხვანაირად წასაკითხი საქმეა. უბრალოდ, ჩვენი ხელობის უცნაურობა ის არის, რომ ზოგჯერ ჩვეულებრივ და უბრალოდ რაღაც ვითარების მიღება არ შეგიძლია და შიგ გამუდმებით რაღაცას ეძებ. ჰასტინგსაც ეს დაემართა.
- სიგარეტს მე ვარჩევდი და მეც ამიტომ დამელაპარაკა, - განა ვცდებოდი?
- კი, ასეა... - თქვა ჰასტინგსმა - მაგრამ მაინც არ მომეწონა. მირჩევნია, რომ ჩვენ თვითონ დაველაპრაკოთ ვიღაცეებს. ...თან ფრანგი.
- ფრანგი იყო? - მე ეს მეეჭვებოდა, მაგრამ ამ შემთხვევით შეხვედრაზე არ გადავრეულვარ - ნეტავ რა ჰქვია ამ ქუჩას?
რუკა ჩემოდანში მქონდა. რუკით სიარული აკრძალული იყო, ქალაქის ქუჩები უკვე ნასწავლი მქონდა, მაგრამ სახელები...
- აი, იქეთ რომ ჩავუყვეთ მდინარის პირას ჩავალთ.
- ჰოდა, ეგ მდინარე უერთდება ზღვას, - თქვა ჰასტინგსმა მტკიცედ. <...>


პირველი თავი - აპოლონ ქვლივიძის გმირები

ამბავი მოკავშირეთა პროსპექტის ერთ მკვეთ ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია კოლაელთა ქუჩა. მთვარის შუქი, რესტორნის ვიტრინიდან გამომავალი რბილი შუქი, რომელიც კოლაელთა ქუჩის ერთ ნაწილს ეცემა. მთვარის შუქი კოლაელთა ქუჩაზე. შლაპა და ქვრივი. შლაპა ძველი, მუქი ლურჯი, ხავერდის, შავი ლენტით, ყვითელი, გამოცვეთილი სარჩულით. სატინის სარჩული, ოდნავ გამორღვეული. ქვრივი, მოხდენილი, კარგად ჩასაბღუჯი. მოწადინებული შავებში. მთვარის შუქი, და ნაგანის უღალატო რევოლვერი. სუნთქვა და ქვრივი. ქვრივი და არჩევანი. ქვრივთან თუ პირდაპირ სადმე, რომ დაიმალო. იმ დილით ქურდი მურდალო ციხიდან გაიქცა, ოთხ სხვასთან ერთად. ქვრივი. როცა გაზაფხულზე წამოწვიმს ხოლმე შეღამებულზე, ალბათ მაინც ქვრივი. საიდუმლო ამბავი, საიდუმლო ნივთი. ქვის კიბეები ორ სართულზე, მერე ხის კიბე. ჩექმების ხმა. ქვრივის სახლი. საიდუმლო ამბავი, ვარცლი ცხელი წყლით, საიდუმლო ნივთი. ისინი მოვლენ, მაგრამ მაინც ქვრივი. ჩასაბღუჯი ფერდები, მორბილებული გავა და ქურდი. ძველი შლაპა. გაქცეული, ლტოლვილი. გემრიელი წვიმა მეჩნიკოვის ქუჩაზე. რესტორანი და ეს საფეხურები, ბრაგუნი. მორიგეები სახანძრო კიბესთან. შაშხანებით. სამართებელი.
ძველ ცხვირსახოცში გამონასკვული ქვრივის ბეჭდები. საყურეები, სამაჯური და საბურნუთე. გარდაცვლილის უსარჩულო პალტო, ღამის მგზავრის საგაზაფხულო სამხილი. ზანდუკი, ფსკერი, იქ ჩაკეცილი ქვეთეთრეული. კიდეებზე ამოქარგული ნომრებით სამრეცხაოსთვის. ქვრივი. მთვარის შუქი. მორიგეები სახანძრო კიბესთან. არაფერი. საერთოდ არაფერი. მეტი არაფერი.
თუთის ხე უკანა ფანჯარასთან. თუთის ხის შრიალი.
მეტი არაფერი, საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი.
- ჩემი სახელია ინგა ლალიაშვილი. ქვრივი.
ცუდი დასაწყისი. ბუნდოვანი. საბურნუთე. მთვარის შუქი. მთვრალები რესტორნის კართან.
-შენთან გამეხარდებოდა, კააარგო!... შენთააან, გამეეეე-ხარდებოდა, კარგო...
ცუდი დასაწყისი. უვარგისი. იმიტომ რომ უკვე დასასრული. დასაწყისი დასასრული. სად არის დასაწყისი. სადაც დასასრულია. აქ მთავრდება. აქ მთავრდება. მთვრალები. სიმღერა. მეჩნიკოვის ქუჩა, ჩასახვევი პლეხანოვის პროსპექტიდან. გასროლა. გასროლა. გასროლა. ფანჯრის ხმა. გასროლა. აქ მთავრდება. მთვარის შუქი. თუთის ხე. კაცი მის ძირას. პირქვე. ზედ ონკანთან. კიბე. ბრაგუნი. ორი სართული. ფარანი. მეზობლები. ქვრივი. ასეთი გემრიელი, შავებში. სველი იატაკი.
მოწმენდილი. ზედვე აფერფლებენ. ცხვირსახოცი. იქ გამონასკვული ნივთები. ფურგონიანი მანქანა. შავი. მთვარის შუქზე მბზინავი. საკაცე. გაჩუმებული მთვრალები. ჩურჩული ღია ფანჯრებს იქით. ფარდებს იქით.


საიდუმლო. საშინელი საიდუმლო. წვიმა. დასასრული. ქაღალდები. სამელნე, კალამი. წვეთი მაგიდაზე. საშრობი. ქვრივი. პოლიციელები. მანქანის ბღუილი. რესტორნის კარი. აკაციასთან მდგომი მთვრალები. თითქოს ფხიზლები. წვიმა. სიჩუმე მეჩნიკოვის ქუჩაზე, რომელსაც კარგახანია აღარ ჰქვია მეჩნიკოვის ქუჩა. დასასრული.
ასე ინთება სინათლე. არც წვიმა. არც არაფერი. კვამლი. მხოლოდ თამბაქოს კვამლი. კინოდარბაზი. სულ სავსე. სხვა ქვეყანა. საქართველო. ჰმ... საქართველო. 40-იანი წლები. მსოფლიო ომი. საქართველო არ მონაწილეობს ამ ომში. ინგლისის ჯარი. კინოფაბრიკა. იაფი ქართული ფილმები. კრიმინალური დრამები. შავ-თეთრი ფილმები. შლაპები. ცისფერი შლაპა რუხი შლაპაა. საქართველო ცალკე ქვეყანა. ცალკე ამბავი. არ მინაწილეობს მსოფლიო ომში. ქუჩაში ხვრეტენ კომუნისტების აგენტებს. იატაკქვეშა მებრძოლებს. საბჭოთა აგრესიას დაუხვდნენ. 1942 წელი. საქართველო. ტფილისი. კოლაელთა ქუჩა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. არ მინაწილეობს. გენერლის დიქტატურა. ორმხრივი თამაში თურქეთთან და სტალინთან. დიქტატურა. კინოდარბაზი "აპოლო". იქედან ახლო, სადაც ჩაწოლილა კოლაელთა ქუჩა. სწორედ იქ გადაიღეს ფილმი "ქურდის სიყვარული”. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორი აპოლონ ქვლივიძე. ახალგაზრდა. მწარე რეცენზია გაზეთში. ფილმი მოპარულია! ფილმი მოპარულია! შინააარსი მოპარულია! ესპანურიდან გადმოღებული. თამბაქოს კვამლი. ბოლო რიგიდან დაგორებული ბოთლები. ღვინის ბოთლები, ჭიქები ჯიბეებში.
სისულელე, რა გადმოღებული! სისულელე! რობერტო არლტის ხსენება რეცენზიაში. გაზეთის მესამე გვერდზე. ვინ იცის რობერტო არლტი! ვინ არის რობერტო არლტი. იმისგან გადმოუღიაო. ესპანეთი მაინც იყოს. არგენტინა. ვინ იცის არგენტინა. კავკასია. საქართველო. ტფილისი. თავისუფალი საქართველოს ოცწლიანი ისტორია. რუსებს გავსთხარეთ თავიანთი ხიშტები უკან ნაწილში. ოცდაერთი წლის წინათ. თან გვიხარია, რუსეთის ხელმწიფე ქართველია. თვალები ჩაუსისხლიანდება, როცა ესმის სიტყვები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
აპოლონ ქვლივიძე, ახალგაზრდა სცენარისტი. სამ ქალში გარეული. ვინ იცის რობერტო არლტი? საიდან მოიპარავდა?
- მე არ ვიცი ესპანური. სრულიად.
ჭიაურელი ხითხითებს.
- აქ ყველა ქურდი ჰგონიათ.
გაჭედილი თორმეტი კინოდარბაზი. სამი კვირის მანძილზე. აპოლონ ქვლივიძე და სამი ქალი. დიქტატორს შინ წაუღეს ფილმი. ჭიუარელი მიიწვიეს. შესთავაზა ანტიკომუნისტური ფილმის გადაღება, რომელსაც ყველგან ნახავენ. არ ესმის. ომია. ინგლისი და ამერიკა არ მოიწონებს ანტიკომუნისტურ ფილმს. არა, უბრალოდ ადამიანებზე. ოღონდ ანტიკომუნისტური. დიქტატორი. თხელი ულვაში.
- მას ჩემი მოკვლა უნდა.
- ვის? - ჩურჩულებს ჭიაურელი. ხელში ჭიქა, ქინძმარაული. ფრანგული ბოკალი. ძველი ბანტი. უპრეტენზიო სმოკინგი. მხნე კაცი, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.
- იმას. იმ გორელ ნაბიჭვარს... ვერ მივართვი. საქართველოა. იმ ნაბიჭვარს... დიქტატორს მეძახიან. საქართველოს ვმართავ. რას იტყვით?
- კომუნისტები უნდა...
გაჭედილი დარბაზები.
სულისშემძვრელი ისტორია. საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი. ნივთი სახელად საბურნუთე. ბურნუთი. ცხვირის ცემინება. გარეუბნების კინოდარბაზები. ჩვენ მუშები ვართ. კონტრაბანდისტები ვართ. გარეუბნის დარბაზები, ღვინის ბოთლები ბოლო რიგებში. ჩუმად შეტანილი.
- გაგვიმარჯოს...
- ეს თევზი გამისინჯე...
კინოდარბაზში. სვამენ და უყურებენ. ბოლო რიგში, მარცხნივ. ალერსს დათანხმებული გოგო. კინოფილმი "ქურდის სიყვარული." მტკიცედ დაბღუჯული ცხელი ბარძაყი სულ ახლოს. უცხო ბარძაყი. ეკრანზე გრძნობები. შავთეთრად, მიმზიდველად. ვნებები ბნელში, ეკრანის ციმციმგადავლილ დარბაზში. ციმციმში ავარდნილი კვამლის რიგები. საპაპიროსე კინო. პაპიროსები. სინათლე ინთება. ცხელი ხელები. გაგრძელება. ალბათ სადმე, პარკში. გარეუბნის პარკი. გაბედვა. ქალი მზად. კინო. ქვრივი. მონტეკარლოს ვარცხნილობით. კინოდან. ეს ვარცხნა ხვალიდან სალონებში იქნება. სამოცი ათასი მაინც დაჯდება. თავიდან. მერე გაეჩვევიან.
რობერტო არლტი. ვინ იცის აქ რობერტო არლტი?
დუქანი "ბუენოს აირესი", პლაცს დაღმა. რაჭველი. გიორგაძე რაჟდენ. მედუქნე, მოხუცი. რუსების მმართველობა ახსოვს.
- მე აპოლონ ქვლივიძე ვარ.
- კი, ჩემო ბატონო... კი შენი ჭირიმე...
- თქვენზე გამიგია, რომ ყოფილა ბუენოს აირესში.
- მიცხოვრია, შვილო, კი, ბატონო. ოცდაათი წლის უკან. ჩამოვედი და მიტომ გავხსენი ბუენოს აირეს.
-რობერტო არლტი გაგიონიათ?
- არა, ბატონო. რობერტო... რა ხელობის კაცი ყოფილა?
- მწერალი.
- არა, ბატონო, ჩვენ პატარა ხალხი ვართ... მწერალი სად გვინახია.
- მადლობა.
- ეს კაცი გაზეთში იყო.
- ალბათ. მწერალი უნდოდა.
აფიშა: "ქურდის სიყვარული" - სულისშემძვრელობა და სიყვარული, ახალგადაღებულ კინოფაბრიკის ნაწარმში. საქართველო კინოებით ამარაგებს ოსმალეთს, ინდოეთს, სპარსეთს. თამარა მელაძის ფოტოები ქვრივის როლში, მონტეკარლოს თმით. პირველ დღეს, 7654 ცალი გაიყიდა. ბეჭდავენ. ტრამვაის ვაგონი. დიქტატორის სურათი. ხმლით. თამარა მელაძე. ვინც დაწერა, იმის ცოლია. ტყუილია.
აპოლონ ქვლივიძე და სამი ქალი. სამი თავგადასავალი. ერთი: რესტორან "სიმპატიას" უკანა კაბინეტი. სხვა გემო. შავი ღვინის გემო ტუჩებზე. სამხედროების ბანკეტი გარეთ. გადაკეტილი ურდული. დივანი ორკაციან მაგიდის გვერდით. ამ კაბინეტს ჰქვია რომეო და ჯულიეტა. საბურნუთე, მე მინახავს ასეთი საბურნუთე.
- მე მეჩვენება, რომ თქვენ ყველაფერს აიოლებთ.
- პარიზში არ ვყოფილვარ.
- რატომ აიოლებთ?
- მე სულ ქვემოდან დავიწყე. მამაჩემი მუშათა სკოლების უფასო მასწავლებელი იყო. მე იქედან დავიწყე. მაღალი საზოგადოება უცხოა ჩემთვის.
- ჰო, მაგრამ ნუ აიოლებთ.
- ეს ამბავი ასე იყო.
ქალი დივანზე. თითქოს მაინც შებოჭილად.
როდესაც ქურდი და ქვრივი ერთმანეთს კოცნიან, დაცვის რაზმელთა მოსვლის წინ ასე ჩანს: იმათი ფეხები კიბეზე. იმათი ჩექმები და ესენი ოთახში, ფანჯრის ახლოს. ერთმანეთს კოცნიან. ამ დროს დარბაზებში ათასები კოცნიან ერთმანეთს. თვით უცხოეთშიც. მთვარე. შუქი რესტორნის კარიდან გამომავალი. "სიმპატიის" წინ ტაქსები. "ფორდები".
- ავეჯიანი ოთახები მიჭირავს.
- მე ჩემით წავალ... თქვენ შეცდით. რესტორანში, სადაც ოფიცრები ქეიფობენ. კაბინეტში... არ უნდა მიგეწვიეთ.
- ეს კარგი რესტორანია.
ოფიცრები.
ვინ იცის რობერტო არლტი. ვინ იყო არგენტინაში. ვინ იცის ესპანური. სამი ქალი. ერთმანეთში გადაბურდული. მთვარე. მთაწმინდა. ეკლესიის კიდეზე. შავი თმა, საგაზაფხულო მოსასხამი. კვლავ მუხლისთავი.
- მე არა ვარ ქალების მდევარი. მე...
სამი არეული თავგადასავალი.
ბორდელების ქუჩა. უიღბლო რომანები. პოლონელი ქალი ოცდაცამეტ ათასად. აპოლონ ქვლივიძე, დამარცხებული. აპოლონ ქვლივიძე. თიატრი. არა. მთვარის შუქი. არა. ქალები არა. მხოლოდ ფული. დიდი ცხვირი, დაბალი ტანი, მოკლე ხელები. თმა. თმა ყორნისფერი. წარბები და უიმედო გამოხედვა. მსახიობს ყველა ცნობს. დამწერს ვერავინ. მათთვის შეუხედავი. ვიღაც დამწერი. კინოფაბრიკის დამწერი. სიტყვებს მთელი ქვეყანა იმეორებს. ხმიანი კინოს გენიოსი. უბრალო კოსტუმი. საბეჭდი მანქანა. პოლონელი ქალი. ბიდე. ბორდელი. მთვარე. ეს მთვარე მე მივიტანე კინოში. აპოლონ ქვლივიძე. აპოლონ. აპოლონ. რატომ არა??? მე ვინ ვარ? ერთი ოთახი. აპოლონ ქვლივიძე. ქალები. სამი თავგადასავალი. სამი ჭრილობა. სამი ერთდროული თავგადასავალი. მხოლოდ ფულათ. ბორდელში. საათის წიკწიკი. უარი რომანებზე. მხოლოდ ფულათ. მთვარე. დასასრული. მიზეზი თვითმკვლელობისა? ქურდი მურდალო. მურდალო იყო ერთი კაცი ჩვენს ძველ უბანში. რა შუაშია რობერტო... არლტი? ძირის გამოთხრა. პოლონელი ქალის კვნესა და საათის წიკწიკი. ზუსტად საათზე მონიშნული კვნესა. საათი ბორდელში, დაცინვა. დაცინვა! აპოლონ ქვლივიძე. ყველაფერი დავწერე. სკოლის მოწაფეც იმეორებს ჩემს სიტყვებს. აპოლონ ქვლივიძე. დასასრული. აი, ამ ხიდიდან. აი, ამ გადასასვლელიდან. საათი. ქვეყნიერების კიდე. სულ უკანა ჯიბე. ტფილისის. მეტეხი. ეს წყეული ციხე. დიქტატურა. ძირს დიქტატურა. მე ვწერ. ჩემს სიტყვებს ყველა იმეორებს. მათი სურათები იყიდება. მე სიყვარულს მყიდიან. არავინ მჩუქნის. საბურნუთე. ის საბურნუთე. საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო თხრობა. ჩაკეტილი ოთახი. ტელეფონი 19-21. კინოფაბრიკა. ყველას ვჯობივარ.
ყველას, ყველას, ყველას. ქალები ფრანებს სდევენ, ჰაერის გველებს. არა რომანებს ჩემთან. ყველას, ყველას. მოვძებნი, მოვიპოვებ, დავამარცხებ. მთვარის შუქი. ამ ბორცვს გადაღმა ნამდვილი ტფილისი: კინო შავ-თეთრი, გერმანული, ამერიკული. არა, ტფილისის. საუცხოო ამერიკული. მგზნებარე გერმანული. რა რობერტო არლტი?
ამოისუნთქე. ამოისუნთქე აპოლონ ქვლივიძე. ამოისუნთქე.
პაპიროსი ხიდიდან მდინარეში. ანთებული პაპიროსი მდინარეში.
- 19-21-ია? კინოფაბრიკიდან გაწუხებთ. შეგაწუხებთ, თუ შეიძლება...
- შეიძლება. მე აპოლონ ქვლივიძე ვარ.
- დიახ, ბატონო აპოლონ... არის ინტერესი თქვენს სცენარზე, "პირველი სიყვარულის ნაბიჯი"... უნდა შეხვდეთ აგენტს, მერე კიდევ რეჟისორს... მე ვერ მიცანი? გენძეხაძე ვარ. გახსოვს ის დღეები. სარფი იქნება... "ვარსკვლავის" სტუდიის ხალხია. აგენტს შეხვდი... სარფია. კარგი ამბავი გითხარი, როდის დადგამ ბოთლს?
- არ მინდა...
- ჰა?
- არ შევხვდები... აღარ მინდა.
- რა აღარ?
- ეგ ამბავი. კინოფაბრიკა. სხვამ დაუწეროს. პრინც ვინმე მაჩაბელმა დაუწეროს...
- პრინცი მხოლოდ ჯუნგლებზე სწერს.
- იმაზეც დაუწეროს. . .
- ალო, ალო... 19-21! შემაერთე ცხრამეტ ოცდაერთთან. დიახაც ოთახი... დიახ... არ გვპასუხობს... დიახაც... დიახ... ქვლივიძე. დიახ... სწორედ ის ქვლივიძე.

მეორე თავი - პრეზიდენტი

მთვარის შუქი. ისევ მთვარე მახათას მთის თავზე. მთაწმინდის თავზე. პოეტები. დაცვეთილი მთვარეები. მწერლები. დასუქებული სიამის კატები. მთვარე ამ დილით. მორჩა. გათავდა. ის დღე. კინო? ჰმ... ჰმ... კინოს კრეტინიც გადაიღებს. კინო კრეტინების ხელოვნებაა. კინოში ეს არ გამოვა. მსახიობი მონა უნდა იყოს შენი. ვინ არის მსახიობი. იდიოტი, რომელმაც თავის როლიც კი არ იცის და მექანიკის წყალობით ამოძრავებს ხელებს და ფეხებს. არ გამიგია. ქართული ლიტერეტურა ღატაკია. ცივი ტრაკების შესაფარი ღატაკი გონების. ტრაკი ცხელი მაინც უნდა იყოს. და ამის სიღატაკის გამოხატულება შენა ბრძანდები. ნუ იწყენ. თუ გინდა იწყინე. მე ასე ვლაპარაკობ. შენ ნაწერს მე სცენაზე არასდროს შეუშვებ. თუ მე არ გიკარნახე. ისაც, თუ შეძელი. კარგი ბიჭი ხარ. პატიოსანი. ოღონდაც თაღლითის ხელობაში ხარ. მთავარი თეატრია. თეატრში მთავარი მე ვარ. - ეს შარშანწინდელი ლაპარაკი სანდრო ახმეტელთან. სანდრო ახმეტელი. თიატრის რეჟისორი. საოცრება. გიჟი. ნადირსავით მეფე. ნადირის მეფე. ახლა სად არის? პარიზი გერმანიას უჭერია. ამერიკაში. სწორედ ამერიკაშია. იქ დგამს. მაინც მობრუნდება ევროპაში. როგორ დასცინოდა ქართულ ნაწერს.
"გონებით ღატაკები. არავითარი სინტეზი. ერთს დაისწავლიან და მისდევენ," -გიყურებს და დაგცინის. ამერიკაში გაბედავს? ალბათ. დასცინოდა ო’ნილის პიესებს. ო’ნილი არავის გაეგონა იმ საღამოზე. მისამართი. ახმეტელს მივწეროთ. მისამართი. მივწეროთ, რა მოვიპარეთ რობერტო არლტისგან? ვინ არის რობერტო არლტი? მორჩა და გათავდა. ასე შეიძლება გაგიჟდე.
კვლავაც წვრილი აღწერა გონებაში სამი თავგადასავლისა. სამი ჩაშლილი რომანისა. ერთმანეთზე მიყოლებით. ერთდროულად სამი ქალი. სამი საღამო. ხაზგადასმული. მომავალ შეხვედრისას სამი შემოხედვა: გულცივი ერთისგან, დამცინავი მეორესგან, ბრაზიანი მესამესგან. აპოლონ ქვლივიძე სცენარების მწერალი. "ქურდი და ქვრივი." ანთებული შუქები კინოდარბაზში. და არავინ. უარი. ყველაფერზე უარი გარდა იმ სიტყვების წერისა, რასაც იმეორებენ გოგონები სკოლაში, ოჯახის ქალები სამზარეულოში, კაცები ლაზღანდარობაში და ბიჭები ძიძგილაობაში.
დასასრული. წინ არაფერი. საღამო ჟამი. უკანა ეზო. შვიდი ბიჭი აქეთ ამერიკულ კოკარდიან ქუდებით, შვიდი ბიჭი იქით. ორივე გუნდს გამოეყოფა თითო ყოჩი. ერთმანეთს უახლოვდებიან გამოზომილი ნაბიჯით. მათს შუაში ჩნდება ერთი ფეხის დადგმა. ჯერ ერთის სახე ჩანს, მერე მეორის. ჯერ ერთის, მერე მეორის. თბილისის ქუჩა. გარეუბანი. დანა მუჭში. სიტყვები. ამბობს ერთი: დღეს გამოირკვეს.
მეორე ამბობს: გამოირკვევა.
და იმეორებენ. თავადაც უნახავს. იმეორებენ. ბიჭები ჩხუბის წინ. დღეს გამოირკვეს. 1938 წლის ფილმი "გაფრინდი შავო მერცხალო." იმეორებენ.
და რა?
კონვერტი. ოქროსფერი ბაფთა კონვერტზე. ხელით ნაწერი, ძველებურად: აპოლონ ქვლივიძეს. არავითარი მოდერნი, ძველებურად. ოცდაჩვიდმეტი წლისა ვარ. არავითარი მოდერნი. ყველაფერი მიდის როგორც ქვეყნიერების პროვინციაში. თავისუფალი საქართველო. აი, დიდი წარწერა რუსთაველის პროსპექტზე. ოცდაერთი წლის თავისუფალი საქართველო. ხმა რადიოში. მარად თავისუფალი საქართველო. მოდერნი. მოდერნი დარჩა მხოლოდ დიქტატორის ლამპასებში. მის საპარადო ფოჩებში. ჭიაურელის ნათქვამი: უშენოდ ვერ გავაკეთებ. შენ საუკეთესო ხარ. ჭიაურელი თავად არის საუკეთესო. მაგრამ რა გვიქნეს? ორასოცდაერთი წლის საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკა. მე მკვდარი. სასაფლაო. დავიწყებული. არავითარი მოდერნი. გვამი სიყვარულების გარეშე. ამაზე ვფიქრობდი. არც ქერა, არც ყორანა, არც ჟღალთმიანი. რატომ? დაბალი და სიმსუქნისკენ მიდრეკილი. თუ რომანები, მხოლოდ მპყრობელ სახეებს. თავგადასავლები მხოლოდ სახალხო სახეებს? ჩვენ: პოლონელი ქალი, საათს დაზომილი კვნესით. ის ვერ მცნობს. ის ქალი ვერ მცნობს. უკვე მეშვიდედ მივედი მასთან. მეექვსედ დავუმატე ორიათასი. ვიტომ კარგი სამსახურისთვის. სულერთია. ნუ დაუმატებ. მოგონილი, რომ პატივი იმაზე მეტად მცა. იმაზე მეტად იკვნესა, ვიდრე სხვასთან.
- დიდი ბოდიში, ეს არის "ცნობის ფურცელის" რედაქცია? მე ვარ აპოლონ ქვლივიძე. კინოფაბრიკიდან, დიახ. მე მინდა თქვენი კინოს რეცენზენტი. დიახ. ვიცი დიახ, მისი ნამდვილი გვარი. ვიცი. მე მინდა ვკითხო. ვინ ჯანდაბაა რობერტო არლტი? ვინ არის რობერტო არლტი, არგენტინელი? 19-21 დამირეკოს და მითხრას ვინ არის რობერტო არლტი. მეტი არაფერი მინდა. ჭიაურელი საერთოდ არ მაინტერესებს და არც ქება, თუ მეტყვით ვინ ეშმაკია რობერტო არლტი. ყოველგვარი უბედურობის გარეშე. ადამიანურად მინდა ვიცოდე, ვინ არის რობერტო არლტი, რომ ამიერიდან აღარ გადავიწერო მისგან სცენარები.
ბაფთა კონვერტზე.
ქურდი სახელად მურდალო. ძველი ნაგანი, ქვრივთან შენახული. დასასრული. მდარე. კონვერტი. ფოსტალიონი. რუხი უნიფორმა. საქართველო დიქტატურაა. სულ უნიფორმა. სამხედრო დიდება. ყვირილის შემტევი ბატალიონი. გაზეთის პირველ გვერდზე ყოველთვის სამხედრო ბატალიონი. ომი შორს, ძალიან შორს. არავითარი მოდერნი. ქართველი კაცის საბრძოლო დიდება. მეტი არაფერი? ახმეტელი ამერიკაში და ოფიცრები. დიდი ქართველი ოფიცრები. ოცდაერთი წლის წინათ. ეს დროშა. შეინარჩუნე საქართველო თავისუფალი. ძირს ბოლშევიკების აგრესია. ფილმი. ფილმები. ეს უნდათ. "უკანასკნელი მეციხოვნე”. რუსი ჯარისკაცები ყველაფერს ააცილებენ, ის კი ყველაფერს მოარტყამს. ბარათი კონვერტში.
"ძვირფასო ბატონო აპოლონ,
დაგვდეთ პატივი და გვეწვიეთ დღეს სამშობლოს დიდი გამარჯვების ოცდაერთი წლისთავისადმი მიძღვნილ მეჯლისზე, რომელიც გაიმართება ქალაქის თავის სადარბაზოში, საღამოს მეშვიდე საათიდან.
ჩაცმულობა სავალდებულოდ სამიღებო. სმოკინგი, ან ფრაკი.
წინასწარი მადლიერებით, ქალაქის თავი."
წადი შენი...
- აუცილებლად უნდა მოხვიდე... რატომ და იმიტომ... თავად ის იქნება. თავად მეთაური. ამას უყურე... შესაძლებელია მოითხოვოს ჩვენთან გაბაასება. მე უშენოდ არ მინდა. თუ ეს იქნა სახელმწიფო დაკვეთა, მოგეხსენება, პროდიუსერი არაფერში დაგვჭირდება... დღეს კიდევ რეები დაგიტრიალებია ფაბრიკასთან ლაპარაკში. აღარ მათქმევინო...
ჭიაურელი. ბობოქარი და მოუსვენარი. დიქტატორი. ალბათ კეთილი კაცია. როგორც ყველა დიქტატორი. ეჰ... თბილისის ხალხო!... მაშინ ასე ამბობდა აივნიდან. თფილისის ხალხო!... მე თქვენთვის მინდა ყველაფერი.
ასეც გამოდის. ორი მხარე. სიბრიყვე. სიკეთე. არავითარი მოდერნი.
ამოისუნთქე, ამოისუნთქე აპოლონ ქვლივიძე. ასეთი სახელით ჰოლივუდში. აპოლონ ქვლივიძე. რუდოლფო ვალენტინო. სელზნიკი. კლარკ გებლი. დინა დურბინი. აპოლონ ქვლივიძე. ჯონ ფორდი. აპოლონ ქვლივიძე. გრიფიტი. ერის ჩამოყალიბება.
ამოისუნთქე, დასასრული. ტჰე ენდ. ქართველთა ლაშქარი. ტჰე ენდ. საუცხოო სიტყვა. კლავს კინოს მაყურებელს. ფიქრს უკლავს. უცებ აბრუნებს სინამდვილეში. ის ფიქრობს: რა მოხდა შემდეგ? და ტჰე ენდ. და აინთო შუქი. უცებ გამოგიყვანა კინოს სამყაროდან. თაროდან გამოვარდნილი წიგნები. ერნესტ ჰემინგვეი. "კაცები უქალებოდ." რობერტ ვინ? ეს მაინც ეთქვა. არცერთ ნოველას ბოლოს არ აწერია ტჰე ენდ. იფიქრე, რამდენიც გენებოს. ტაქსი. მოტორი. ქვაფენილი. თბილისის მთვარე. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო ამბავი.
შავი ჩოხები. ჩოხები. ხანჯლები. ვერცხლი. ეპოლეტი ვერცხლი. მთვარის მხედრობა. ვერცხლის მხედრობა. თქვენი ულვაშები. გვარდია. პირადი გვარდია. თიატრის გმირი. თიატრი საგუშაგოზე, ჩოხა და ვერცხლი. შავი ახალოხი. ჩოხები ახმეტელის. ძველი ჩოხა. ფართხუნა. ახმეტელი. დადგმა "შენაბრძოლი." ჩოხები, თითქოს ბალეტის სამოსი. სკანდალი. შეგინებული ჩოხა. კაცის ბარძაყსაც აღარ ფარავს. მოტმასნილია. ტრაკს აჩვენებს. სკანდალი. ახმეტელი მეტეხში. ერთი ღამით. ნაშუაღამევს დიქტატორის ბრძანება. ყველა გადაყენებულია: პროკურორი, მოსამართლე, თბილისის რაზმის უფროსი. სისხამზე, ახმეტელი გამოდის. პიჯაკმოხურული. პერანგის ღილები ჩახსნილი. აჩეჩილი. მეტეხის ალაყაფთან შავი მანქანა. იღება კარი, თვითონ გადმოდის. ახმეტელი ხარხარებს. ისიც. აყვება ხარხარში. პირადი გვარდია ვიწრო ჩოხებში. ჩვენ ერთნი ვართ. მე მომეწონა. შენ? ბიჭი ხარ, დაწერე. მეტეხი დაგავიწყდება. ოკრიბის ციხეებში.
- რას გავხარ? არ გიძინია? წვერი ვერ გაიპარსე?
- სმოკინგი ვიქირავე. სუდის ქუჩაზე.
- ნუ ეძახი სუდის ქუჩას.
- არც ეს ყოფილა მაღალი.
- რა გჭირს?
ადიუტანტი. გაჩახჩახებული დარბაზი. ზრიალი. წკრიალი. მკერდები, ლამის ძუძუები. ადიუტანტი.
- ჰო, დიახ... ახლავე.
განზე იწევიან. ატაშეები, სიგარები. თხელი ულვაში. ადრე აპრეხილი იყო. დრომ დაათხელა. მოდამ.
- აჰ, მიხა, მიხა. რატომ მემალები?
- აი, თქვენო... აქ ვართ.
- ეს არის?
- ეს არის.
- აპოლონი? კაი ბიჭი ჩანს. კაი ბიჭია. ხო კაი ბიჭია...
ხელი მხარზე. ხელი მძიმე. უბრალო კაცია. არც ცუდი. შავი ჩოხა. შავი ახალოხი. ზუსტად ისე, როგორც გვარდიას. ოღონდ ეპოლეტი ოქროსი. მზის მხედარი. მთვარის მხედართა მეთაური.
- შავი ქართველისთვის გლოვის ფერია. დღეს უამრავი ხალხი იხოცება მსოფლიოში. თეთრი როგორ ჩავიცვა? აგრე უთარგმნე... ხო, აპოლონ... მიხა... მიხა ამბობს აპოლონის გარეშე არ ვიზამო. აპოლონ. რას იტყვი? მე გთხოვთ. ძალიან მინდა. ქვეყანას ჭირდება. საქართველოს უნდა. გმირი მინდა. რამე მოიფიქრეთ? შეხედე როგორ სვამენ მუქთა ღვინოს. მე მოვიფიქრე. ასეთ ხმაურს, ღრიალი ჯობია. შრიალს და წკრიალს. გონებას მიშლის. აპოლონ, მიხა... აპოლონ. მე მოვიფიქრე. მოიგონეთ ისტორია, რუსებს რო ვეომეთ, მაგარი ისტორია. ხალხმა თვალი ვერ მოწყვიტოს. ფულს მე ვიშოვი. სინემა მინდა, გმირზე. ოღონდ არ დამიმარცხოთ ბოლოს. სამშობლო. აი, რა მინდა. ხო გესმის, მიხა? კინოფაბრიკა საქართველოს სიამაყეა. ამ ომში გვინდა ომზე. ნამდვილი ისტორია არ მინდა. გმირი მინდა. ვაი, ჩვენი საქართველო, მიხა. სულ ომში. ომის მეტი არაფერი. აპოლონ! რას იტყვი?
- ჩვენ...
- კაი ბიჭია. სროლა იცი? ახლა დათვრებიან და ვუცეკვებ რევოლვერებით. ვინ სად გარბოდეს. ქართველი იარაღია. ეს ვაჩვენოთ. ორ კვირაში მომიყევით. მიხა. ხო ხარ პირველი? აპოლონ! მოდი. ფოტოგრაფ! მოდი აქ... გადამიღე კინოფაბრიკასთან. უკეთესი ვინ არი აქა?
ნათება. ფოტო. სამი კაცი: ერთი სიმაღლის. მარცხნივ - მიხეილ ჭიაურელი. იცინის. მარჯვნივ - აპოლონ ქვლივიძე. ჭიქით. დაბნეული. ოდნავ ელამი. შუაში- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური. გენერალი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ხალხისთვის ქაქუცა. მეჯლისი ქალაქის თავის სასახლეში. გასროლები გარეთ. პროვოკაცია. კომუნისტებმა პროკლამაციები გადმოყარეს. მშრომელი ხალხის სახელით! მშრომელი ხალხი! ერთი დაჭრილი. ერთი დაჭერილი, ერთი მოკლული. სიმღერის ცდა ფურგონში შეტენვის წინ: ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა გაიშალა! ღამე. მუხრუჭი. რესტორანი. მიხა, ოთხი ქალი. დიპლომატთა წრეებიდან. მაღალი საზოგადოების ბოზები. სანთლები. გულისრევა. ვინ? საბეჭდი მანქანა? ვინ? რობერტო არლტი? ჰმ... ქართველი არ არის. ეს ქალიც არ არის ქართველი. ძნელი არ არის. კარგად გამოგივიდათ "ქვრივი და ქურდი". არა, არა, არა.
სახელი? ფსევდონიმი? ფსევდონიმი. ჰმ... მაღალი საზოგადოების მელოგინეს. კურტუაზ. კურტიზან. ფსევდონიმი. ალბათ სწორია. ფსევდონიმი. ხითხითი. დაძაბულობა. ბოკალი გადმოიქცა. "ოტელ ორიანტში" - მხოლოდ აქ არის დარჩენილი მოდერნის ბოკალები.
კარგით, ფსევდონიმი.
ჟენვიევ ბლო.
თუ სახელი?
ჟენვიევ ბლო.

მესამე თავი – ის, სწორედ ისა...

აი, რაც ჩანს სანთლის შუქზე.
მოციმციმე მხრები. თვალები - მარჯნისფერი. სანთელმა იცის. იტყუება.
კვლავ ტაქსი. ყვითელი კვადრატების მწკრივი შავ ფერდზე. საიდუმლო. იდუმალება. საიდუმლო ნივთი. ძველი საბურნუთე.
- მოგწონთ თბილისი?
- ადრე მომწონდა.
- ახლა აღარ?
- ადრე. ძველ დროს.
ჰმ... ადრე. როდის?
გაქრება. წავა. ასე ყოფილა. სამი ნაბიჯი. სამი ნაბიჯი და სუნთქვის გემო. დღეს არ იწვიმა. რატომ? დღესასწაულის გამო? თუთა ფანჯარასთან. სწორედ ის თუთა. რტოები.
- რაც მიყვარს, იმას ვწერ. მთვარე, მაგალითად...
მთვარე. თუთის ხე. ქვრივი. გაიქცა ქურდი, სახელად მურდალო.
- როგორ იგონებთ ასეთ რამეებს?
- ვიპარავ. რობერტო არლტისგან მოვიპარე.
- თუთაც?
- თუთა... აი, ამ ფანჯრიდან.
- მთვარეც?
- მთვარეც.
და უცნაურობა. წეღან დამავიწყდა მეთქვა. რობერტო არლტი ორი კვირის წინათ გარდაიცვალა ბუენოს აირესში. ორმოცდაორი წლისა. საუცხოო მწერალი.
- თქვენ... რა იცით?
- გაზეთში ეწერა. მატარებელში წავიკითხე. აღმოსავლეთის ექსპრესს კარგი პრესა აქვს.
- ჰმ... გაზეთში. და რაებს წერს?
- წიგნებს.
- და...
სისულელე. თემები. რობერტო არლტი. მისი ოთახი. შუშაბანდი. თუთა ღია ფანჯარაში. თბილისის მთავარი გემო, ღია ფანჯრები და რტოები, ტოტები, ფოთლები გაზაფხულის ღამეს. ღამის წვიმა. გაჩერებული საათი. წიგნები. კი, ექსპრესიონისტები. განჯინა. ღვინო. ლიკიორი მუცლიან ბოთლში. ჭიაურელის მოტანილი შოკოლადი. ერთი თვის წინათ. ჭიაურელი და პაოლო იაშვილი, პოეტი. იაშვილი მთვრალი, მაგრამ უთრობი. ალალად ეფერებოდა, ბრგე კაცების ფერებით. "ვერლენი" ამბობდა, "ვერლენი". ჯო ლუისი. ჯო ლუისი? დიახ? ბოქსი. ზანგი. მეზობლის კატა, სახელად წრუწუნა. ყავით მოთხვრილი ბალიშის ყური. ლაქა თითქოს საავადმყოფოდან. ქალი. სისულელე. სულელური თემები. მთავარი იყო ტაქსის შეთავაზება. ის ჩაჯდა.. აქ არის, ამ ქუჩაზე. "ქვრივი და ქურდი". ყოველი კურტიზანი იტყვის რომ ის ქვრივია. აპოლონ ქვლივიძე კი ქურდია. გაზეთში წერია. რობერტო არლტი. სალუტის დრო. სალუტებს აფეთქებენ მთიდან. ოცდაერთი წლისთავი. ცაზე ოცდაერთი დაიწერება ფეთქებით. რუსთა ძლევის ოცდაერთი წლისთავი. "ქვრივი და ქურდი" . სულელური თემები. ნაბიჯი. შუქი. ღამის ლამპა. დაბალი, სასაცილო. წარბები. ქალი. რამე. თბილისი. გაზაფხული. 21-ე წლისთავი. თავისუფლება. გამარჯვება. სამი თავგადასავალი. სამი დამწუნებელი. ოფლი. ალბათ ოფლი. კბილის ჯაგრისი. ქალი. ეს ქალი.
- ამ მანქანაზე ბეჭდავთ სცენარებს? ჩქარა გამოგდით? მე ვერ ვპოულობ ასოებს.
სულელური ხმა. სულელური ხმა დედამიწის ზურგზე. ასე იბადება სიტყვები. უსიტყვოდ. ჩხაკ. ჩხაკ. ჩხაკ. ფხრრრრწ... გაიხა. ცუდად იდო. მას არაფერი გაეგებოდა საბეჭდი მანქანის.
- აი, გამოვიდა.
"ჟენვიევ ბლო".
- პირველი ჯერისთვის არაუშავს. ჰო.
ფითრი. ფოლადისფერი სახე. მწვანე, ლურჯი ანარეკლი. ასეც იქნება.
- რა გჭირთ? ალბათ დაიღალეთ.
წავა. ყველა მიდის. ტელეფონი. ტაქსის გამოძახება. სასაცილო შარვალი. ღვინო. ლიკიორი. ღვინო.
- გეყოფათ.
"ქვრივი და ქურდი."
დასასრული.
და ფიქრი საჭირო არ არის. უცბათ მთავრდება. კარის ხმა. იმპოტენცია. ვითარების მიხედვით.
სამთა ფოტო. ზეგ. ჩარჩოში. კედელზე. აი, აქ.
- კარგი კაცია... რა ვიცი. დღეს პირველად ვნახე.
ჟენვიევ ბლო. არ მიდის. გავლით თბილისში. ისპაჰანისკენ. იქედან, ინდოეთში.
არ მიდის. ჰო, თუ არა? ნაბიჯი. ხელი. ეს ხელი, ამ ხელზე. თვალები. ხმა კიბეზე. ხმა კიბეზე? ის არ მიდის. ის არ მიდის?
ჟენვიევ ბლო?
- ესიგი, კარგი კაცია? მეც დღეს ვნახე პირველად. მოსაწვევი საკონსულოში ვიშოვე. შემთხვევით. ატაშეს ცოლი შეუძლოდ გახდა. ეს ვინ დახატა?
- ქიქოძემ. ჩემი ამხანაგი იყო. პარიზში მოკვდა.
მეტეხის ციხე. მთვრალები რესტორნის კართან. ის არ მიდის. არ წავა.
ალბათ.
"ქვრივი და ქურდი."
ვინ იყო რობერტო არლტი?
…. . .

იმ ღამის ეროტიკული ცხრილი აპოლონის მხრიდან, გემოსა და სურნელზე დაფუძნებული:
კოცნა ყელზე. (თითები გახლართული მარჯნის მძივებში. მძივები სპარსული იყო, მეიდანში ნაყიდი): გემო ოდნავ მწარე. აპოლონს ეგონა, რომ ეს იყო სუნამო პარიზიდან. ეს არ იყო სუნამო. ეს იყო სხეულის ზეთი. პარიზიდან. huile parfumee. კოკო მანჟი. e.coudray. 1822 წლიდან. მთელი 120 წელი.
კოცნა ტუჩებში. (ფერუმარილი. ალბათ, ისიც პარიზული) გემო უგემური, თუმცა სასურველი. უფრო კი იმ თეთრი ღვინის, განჯინაში ნაპოვნის. ტუჩის კიდეებზე დარჩენილი ალუბლის ლიკიორი. ცარიელი შაქარი. შაქრის გემო. ალუბალი სადღაც შორს.
კოცნა მკლავისა და მკერდის გასაყარზე. ისევ ის ფრანგული ზეთი. ალბათ. ოღონდაც, სხეულს მაინც რაღაც გემო ჰქინდა. სხვანაირი. რატომ ჩრდილოური? ჩრდილოური იყო.
კოცნა თმებში. იყო რაღაც დამწვრის სურნელის. გემოთი უგემო. დამწვრის სურნელი ვერ გაიგო აპოლონ ქვლივიძემ. აპოლონ ქვლივიძემ არ იცოდა, რომ თმებს ახვევენ გაცხელებული რკინებით. აქამდე არც უგრძვნია, რომ დამწვარი თმის სუნი ქალს ჰქონდეს თმაზე. პოლონელ ქალს ბორდელში არ ჰქონდა.
უამრავი საინტერესო. უამრავი რამ ამ გრძელ სიაში, სრულიად მოულოდნელი. სიგიჟე. ოჰ. დიდოსტატობა. ბლობლბობლობობლობოლობოლობლობოლოსდაბოლოსბოლოოოოოოსსავსებითი აღვირთა დაკარგულობა. ოღონდაც სია შეწყვეტილია. ყველაზე დასაწყებ ადგილას. ცენზურა. ზნეობის კომიტეტი. კომიტეტი ქართველობის. გუშაგი ქალ-კაცის ღამეობის გადმოცემის სურვილთან. დამწვარი ვარდის სურნელი. ლექსიკონი ქართული. კომიტეტი მის ფურცლებთან. უხილავი კომიტეტი. ქუქუნი. ქუქუნის აკრძალვები, თავისუფლად გამოსახატად. სია, საუცხოო, იმედი ხვალის. დაცლილობა მსუბუქობის. ოდნავი ცახცახი მხრების, ხელები. სასახსრეებიდან ამოხტომის მსურველი სახსრები მთრთოლავი. სია იწყება ზემოდან და მიდის ქვემოთ. ლიკიორი. ნატრუსი თმა.
ჟენვიევ ბლო.
"ქვრივი და ქურდი".
გურჯიევი. კვლავ თბილისშია ამდენი წლის შემდეგ. ომში. ყავისფერ პალტოთი. ბეწვის ქუდი. თავი, კვერცხი. საიდუმლო ჩამოსვლაა. ულვაში მთლად თეთრი. უკვე აპრეხილი. მადლიან ადლიანი. გურჯიევი. თვალებით მგმირავი. თვალები ქორებულნი. სიღრმიანი. ერთ ფოტოზე ნახული. გურჯიევი თბილისშია. საიდუმლოდ იღებს მსურველთ. დახურულ კარში. ჩამოფარებულ ფარდაში. ლამპის შუქი ეცემა ატვლეპილ კვერცხზე. თავზე. სიყვითლეს აძლევს. იდუმალებას. საიდუმლოდ. გასაუბრება - ორასიათასი ნახევარ საათს. ჰმ... რა დროს გურჯიევია? ჟენვიევ ბლო. ჟენვიევ ბლო არ არის მიმდევარი გურჯიევის. უბრალოდ იცის. დიპლომატიის წრეებში ნაჭორავები. გურჯიევი თბილისშია. ინკოგნიტოთ. დიდი ყავისფერი პალტოთი. ტიბეტური ქუდებით. ნახაზები მწვანე წითელი, მონიშნული. მთლად საიდუმლო: გურჯიევი დიქტატორს უნდა დაეხმაროს. საიდუმლოდ დგას ავლაბარში. ღამით გამოდის და მიდის სოლოლაკებში. ეს კიდევ კულული. კულული ჟენვიევ ბლოს თმისა.
აპოლონ ქვლივიძე: ეს მირჩევნია ყოველგვარ გურჯიევს. აი, ეს.
ჟენვიევ ბლო: საინტერესოა. გურჯიევი ხომ... მე მოგიხერხებ მიღებას. ძვირი კია.
აპოლონ ქვლივიძე: აქეთ მივიღებ ნახევარ ფასად.
წვიმის შხაპუნი. სველი ტოტები თუთის შემოჭრილი შუშაბანდში. ზედ თავის საოცარ ზურგით ეკვრის ჟენვიევ ბლო. წვეთები ზურგზე. წითელ ღვინის სურნელება.
აპოლონ ქვლივიძე: კაცი, ამიერიდან აეროპლანი. ზუსტად ორი ნაბიჯით მაღლა სიარული მიწაზე. ფარფატი და მოქნილი მოხვევა აეროპლანისა. რობერტო არლტ? ვინ? რომელი გაზეთი? სად არის გაზეთი? ჟენვიევ ბლო. აი, ყველაზე უფრო გაზეთი. სამი უარი. ერთი თანხმობა. თანხმობა? არსთშეთანხმება. თანხვედრილობა, თითქოს თბილისში არა ხდებოდეს. აეროპლანი თეთრი. ზედ ორი ზოლით, წითელი და ლურჯი. საფრანგეთი. პარიზი. ბულვრები: რომელიც გნებავთ. ქალები. მოპპასანი. გიუი დე მოპასსან. გამოუვალობა და გამოსავალობა. ეროტიკო. მეტრ დ’ ეღოტიკ. მაჟი დ’ეღოტიკ. მან გამოაღვიძა და გააახლა აპოლონ ქვლივიძე. შეჰღება მთვარის ანარეკლებით და მზის ათინათებით. ჟენვიევ ბლო.
დიდი საიდუმლო. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო თავგადასავალი. ეს მიანიშნა ქალმა გამთენიას. როცა ოთახი და შუშაბანდი გაჰყო ფარდამ, სქელმა და მძიმემ. მათ არ იისურვეს ნამდვილ სინათლის შემოსვლა.
ჟენვიევ ბლო უფრო ლამაზი იყო დღის სინათლეზე, ვიდრე ლამპების დამჯდარ შუქზე. ეს მერე შეიტყო. ეს არ იცოდა. დაკვირვება იყო ნაკუწები, გემონი, შეგრძნებანი, ყნოსვა. მარჯანი. ქერცლი. ტელეფონი. 19-21? "ჰემონდის" აპარატი, ჩასუქებული. შავად მოლაპლაპე. ყოველი ნივთი პატრონს ჰგავს: ჟენვიევ ბლო. დიპლომატიას მოდევნებული კურტიზანის ქალი.
- მართლა არ ვიცი, როდის, - სთქვა ჟენვიევ ბლომ რედიკულში ქექვისას. იქ იდო სავარცხელი, საჩეჩელი, მოწყობილობანი კიდევ უფრო ქალად ქცევისა. - მართლა არ ვიცი. – როდის დამინიშნავენ წასვლას. ეგებ ზეგაც. ტელეფონი? ოტელ "ნოტრ დამი."
ვორონცოვის ადგილზეა. დიახ.
- ოტელ "ნოტრ დამი". სხვათა შორის ,კარგი სამსახურია. ცხელი წყალი ოთახებში მოაქვთ. ტელეფონი არ მახსოვს. წიგნში იქნება. ოღონდაც ეს პატარა საიდუმლო. დარეკვისას ეტყვი: არც მადამ, არც მადმუაზელ, არც მსიე, არცა სხვა. პირდაპირ პიუტუა მინდა.
- პიტუა?
- პიუტუა. კავკიასიელი ძნელად წარმოსტქვამს. პიუტუა. შემოგაერთებენ ჩემთან. ანუ, არ ეტყვი, მეშვიდე ოთახი, მეცხრე ოთახი. პიუტუა. ეს პატარა საიდუმლო შესანახია. მოგეხსენება.
- ათიათას ამის მეტ საიდუმლოსაც... ყოველ საიდუმლოს.
ღიმილი, ჩანთა, შლაპა ხელოვნურ ყვავილებით, კენკროვან მტევნით, ჩალის ღეროებით და ჩაღიმება:
- რაც შენ ნახე, ის საიდუმლო სულაც არ არის... ალბათ, მიხვდი...
ყოველი მიხვდება.
აპოლონ ქვლივიძე: საიდუმლო... ამ მხრით. ეს არის სიერა მადრეს საგანძურის აღმოჩენა. რომელიც, გინდა ითქვას, მანამდე სხვასაც აღმოუჩენია? ეს არ არის საფიქრალი. ყოველი კაცი საგანძურს გრძნობს. და...
კარის ხმა.
დასასრული ამ ამბისა.

მეოთხე თავი - პატარა, განცდით

თფილისის ქუჩა. პაპიროსები. "ძველი სამეფო" - ოქროსზოლდაყოლებული პაპიროსები, ოქროსკანტიან კოლოფში. გვირგვინი. ბიზანტიური. გემო, სრულიად მოულოდნელი, უზმოზე. ჩანს, სხვა გემოთა შემდეგ. კაფე "25 მაისი", რუსთველის გამზირი. ზოგ მაგიდაზე წინაღამის ნაშთები. ალბად. დაღლილი კაცი. ყავა ვარშავულათ. გაზეთი. ჰე, გაზეთი. გაზეთი. ფოტო. ჰეე. ფოტო. გაზეთი "საქართველო." მეთაური, თვითონ და მიხა. მეთაურის ადრესი მეჯლისზე. პოლიტიკური სიფრთხილეები. პირველი გვერდი, დაუნანებელი ასოები. შავად გადასრიალებული, ვითომ რკინიგზის ლიანდაგი. გულის აჩქარება. არა გაზეთის, წუხელის. წუხილის. დამარცხების. წუხელის. ჟენვიევ ბლო. ნაპოვნი. ნაპოვნი. მარჯანი. მარჯნის... ეს მერე იყო. მანამდე მარჯანი არ ჩანდა. მარჯანი გურჯიევისა. ნათქვამნი გურჯიევის. გურჯიევი. ქართველიშვილი. კაფეს საათი. აი, მოდერნი. ოცი წუთით უკან. მას, რამდენით? საათი მოდერნის, თუნუქის თეფშზე. თუნუქის თეფში, ლათინური ციფრები. ისრები. კეთილი ცისრები. არა ბასრი. ოცი წუთით უკან?
- დაღლილი ჩანხარ, - ამბობს ჭიაურელი - პერანგი ახალი. ბანტი ახალი. კოსტუმი მუქი ლურჯი, რუხზოლებდაყოლებული. თვალები ცოცხალი, თითქოს არასდროს სძინავს. სულ ცინცხლად მაცქერალი - დაღლილი ჩანხარ.
კაფეს რადიო.
"გერმანიის ჯარების კიევის მიმართულების სარდლობამ..."
"ბრიტანეთის პრემიერი ლორდი ჩერჩილი აცხადებს".
"მოსალოდნელია გართულებანი ეგვიპტეში."
"ოსმალეთის მეთაურმა..."
მუსიკა. მარშები.
- მართლა აპირებ რადიოსთვის დაწერას?
- საიდან მოიტანე.
- რადიოში მითხრეს... აბა, როგორ გათავდა თავგადასავალი?
პაპიროსები.
ამერიკული პაპიროსი.
- გუშინ მისაგზლეს, - ამბობს ჭიაურელი. დამრჩა - რას ფიქრობ იმაზე? თეიმურაზზე. წაიმუშავე. რაღაცა ვუთხრათ, იქ გამოჩნდება.
ჭიაურელის პორდფელი. პორდფელში წიგნები.
- ეს თბილისი რა ქალაქია ასეთი? რა უნდათ აქ ფრანგის ჯადოქალებს?
ხითხითი.
- ჰა, ჰკარი ნიშანში? გასტეხე ცხრაკლიტული?
- უმალ ჩემი ცხრაკლიტული გატყდა.
- ისევ ყავა. ერთი ყავა. რა იყო ასეთი?
- მაჟინოს ხაზის შემოვლა. გერმანია პარიზშია.
ტრაბახი.
ბროწეულის წვენი დიდი ჭიქით.
- გურჯიევი თბილისში ყოფილა.
- სულელობა.
- ყოფილა. საიდუმლოდ. იმას მოუწვევია. ეკითხება.
- სულელობა. როგორ სწერ ასეთ ადამიანურ ამბებს, როცა ადამიანების არაფერი იცი? რა უნდა ჰკიტხოს ქაქუცამ გურჯიევს?
- რა ვიცი?
- ზღაპარია. ეს ქალი ვინ იყო?
- მადმაზელ ბლო.
- ბლო, ბლო, ბლო. ბლო... ბლო? დიპლომატიის ძუ ვეფხი? ადე წავიდეთ.
- რატომ?
- ადე, ადე... წავიდეთ... გახედე ვიტრინას იქეთ. რობაქიძე მოდის.
- ვინ?
- ადე. ვითომ მივდიოდით...
თეატრის კაფე.
- ახმეტელი როცა იყო, ჯობდა.
- ფრთხილათ იყავი. ქალმა არ წაგიტანოს.
- პიტუა ვინ არის?
- ვინ?
- პიუტუა? ოტელ "ნოტრ დამში."
- მე რა ვიცი. საგანგებო რაზმი ვარ?
- პიუტუა. ასე იკითხეო. ბლომ.
- ბლო. ფრთხილათ იყავი. საქმეში ვართ. ფრთხილათ.
- რა... ძლივს.
- არა. სიხარულით. პირი არ მოაღო.
- ამ გაზეთს რაღა ვუყო?
- ამოჭერი და გამოაკარი. ისედაც გამოგვიგზავნიან. წაიღე ეს წიგნები.
- პიუტუა. ავლაბარში. ჰმ...
კინოფაბრიკა. დერეფანი რეზინის სუნით. კედლის ტელეფონი. მერი პიკფორდის სურათით. არაფერი. იქეთ "ქვრივი და ქურდი." აფიშები.
- სთხოვეთ თუ შეიძლება პიუტუას. თქვენი მცხოვრებია.
- პუტუა?... პუტუა, პუტუა, პუტუა... არა გვყავს ასეთი მცხოვრები.


მეხუთე თავი - გურჯიევი და ღმერთი

მაგიდის ლამპიდან გადმოღვრილი ყვითელი სინათლე მართლაც ეცემოდა კვერცხივით თავს გიორგი გურჯიევის და ამ თავს შუქის მეშვეობით ეფინებოდა იდუმალება მხოლოდ ლამპის შუქით განათებულ ოთახში.
გურჯიევს ეცვა შავი ჩინური პერანგი, გარდიგარდმო გადაბნეული და ჰქონდა ძალიან მოვლილი, აფუებული ულვაშები. ეს ულვაშები იყო ისეთი, როგორიც გენერლებს ჰქონდათ. 40-იან წლებში მათი მოდა აღარ იყო. ალბათ გურჯიევი შავგვრემანი იყო, შუქქვეშ კი ყვითელი. მაგიდაზე, ლამპის გვერდით იდო ქოთანი, რომელშიც ფული ჩადო აპოლონ ქვლივიძემ. გურჯიევმა არ შეხედა ქოთანს და ფულის ჩადებას.
გურჯიევი თუ უკან გადაიხრებოდა, მისი კვერცხივით თავი აერიდებოდა შუქს და ბნელში გავიდოდა, თუ წინ გადმოიხრებოდა, კარგად აირეკლავდა შუქს და დიდ მოაზროვნის ღონიერ ძალას აჩვენებდა.
-რა გაინტერესებს? - ჰკითხა გურჯიევმა აპოლონს.
- ჟენვიევ ბლო. ასეთი ქალი. შვიდი დღის წინათ ვნახე. მერე დავინახე და ვერსად ვიპოვე.
- ამისთვის პოლიცია არსებობს, - თქვა გურჯიევმა - საიდან გაიგე რომ თბილისში ვარ?
- მან მითხრა, იმ ქალმა. და მომცა მისამართი. მითხრა, რომ ჩემ მაგივრათ დანიშნა შეხვედრა...
გურჯიევი დადუმდა. თვალებით აპირებდა გაენადგურებინა აპოლონ ქვლივიძე. ჩააჯინდა და გამომცდელად უყურებდა. რას უპირებდა, აპოლონ ქვლივიძე ვერ მიხვდა.
გურჯიევის ჩაჯინებით შემოხედვა თითქოსდა ნიშნავდა მისი იდუმალი და ბრძნული ძალის ჩვენებას და შემდეგი ლაპარაკის ამ ძალის ფონზე წარმართვას. ოღონდ, აპოლონ ქვლივიძე არ ფიქრობდა, რომ გურჯიევისგან უნდა რაიმე სულიერება. მას აინტერესებდა, იცოდა თუ არა, გურჯიევმა, თუ ვინ არის ჟენვიევ ბლო და ამისთვის იხდიდა ორასიათასს და არა იმიტომ, რომ გურჯიევის მეცნიერებათა ზემოქმედება მიეღო და ეფიქრა აღმოსავლეთის დამალულ მოძღვრებებზე. ეტყობა, ეს არ იცოდა გურჯიევმა და აპოლონ ქვლივიძე თავისი სეანსის კლიენტი ეგონა.
აპოლონ ქვლივიძემ არ იცოდა, თუკი რაიმე იცოდა გურჯიევმა მის შესახებ. და ვერც იმას მიხვდა, მიხვდა თუ არა გურჯიევი, რომ მისმა დაჟინებითმა შეხედვამ იმოქმედა, თუ არა აპოლონ ქვლივიძეზე.
- ჯენვიავ... ბლო, - თქვა გურჯიევმა.
- დიახ... ჟენვიევ ბლო. ვფიქრობ, საფრანგეთის საელჩოსთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვიშის წარმომადგენლობასთან.
გურჯიევმა გაიღიმა. მთლად გადაუყვითლდა კვერცხივით თავი, გლუვი, როგორც ნათალი ქვა ორნამენტების გარეშე.
- ჟენვიევ ბლო, - თქვა ჩაფიქრებით - რაში დაგჭირდა?
- მე ის ვნახე და...
გურჯიევმა წარბები აზიდა, თუმცა, არ ეტყობოდა წარბების აზიდვა, იმიტომ რომ უწარბო იყო.
- ესეიგი, შენ ნახე ჟენვიევ ბლო, - სთქვა რბილად - ჟენვიევ ბლო... უცნაურია. მე ის ბოლოს ვნახე ოცდახუთი წლის წინათ. მე თბილისში ვცხოვრობდი ორმოცდაათი წლის წინათ და მერე ოცდახუთი წლის წინათ. მე ორივეჯერ ვნახე ჯენვიევ ბლო, მაგრამ ახლა არ მინახია.

ჟენვიევ ბლო ისე უხდებოდა ტიფლისს, რომ ოთახიდან არც გამოდიოდა. მას რომ ქუჩაში იმდენი ევლო, რამდენსაც უბრალონი დადიან, ტიფლისი დაინგრეოდა.
მგონია, რომ ჟენვიევ ბლო ოკეანის ქარბორბალამ აიტაცა შორეული მარჯნის რიფიდან და თან ააყოლა კორალის ქერცლი, მისი ტანის ხენდროსფერი ციმციმი. რატომ ჩამოვარდა ის ტიფლისში, ტიფლისმა იფიქროს. ეს საიდუმლოა, რომლის პასუხიც მე მაქვს, მაგრამ საიდუმლოს თქვენ გიტოვებთ. ეს საიდუმლო ისეთივეა, როგორც მისი გაუხდელი კორსეტის საიდუმლოება. თუმცა, ის რაც ამოსკდებოდა ამ გაუხდელი კორსეტიდან, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ფეხშიშველ კაცს მთელ ღამეს ევლო თოვლზე და მიეღწია ორი ლამპით განათებულ ოთახამდე, სადაც წვრილკანჭებიან სავარძელში იჯდა ჟენვიევ ბლო.
ჟენვიევ ბლო დღის სინათლეზე უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ნაშუაღამევს. ეს კი შეუძლებელია. მე არ მჭირდება შენი დათანხმება. ეს ასე იყო. ჟენვიევ ბლო. კარგად ვიცნობდი ამ სახელსა და გვარს. სახელი და გვარი. განა ეს ნიშნავს რაიმეს? ჩინეთში ასი მილიონი ჩანია. შვეციაში უამრავი სვენ ანდერსონი. ერთხელ ამერიკაში მიმიწვიეს ჯონ სმიტთა საზოგადოების სხდომაზე, საპატიო წევრად. იქ იყვნენ მთელი ამერიკის ჯონ სმიტთა საზოგადოების დელეგატები. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ისინი არავინ არიან, იმიტომ რომ ვერ განიცდიან თავიანთ სახელსა და გვარს. ამიტომ ისინი არ არსებობენ როგორც სახელები და გვარები. ისინი არსებობენ როგორც ჭიანჭველები. სხვას არავის რქმევია ჟენვიევ ბლო.
თფილისი არის ნავთსადგური შავი წვიმების. აქ არ არის ზღვა, და არის პორტი. ყველა ვერ შეამჩნევს. თუ იგი გაქრა აქედან, მაშინ გასცურა გემით, რომელსაც ჰქვია, ფერენ ჟოზეფ მირილა.
ჟენვიევ ბლო და ორი ათასი ულვაშიანი კაცი. და ყოველ შემდეგ ჯერზე ის უფრო ლამაზი იყო და უფრო ცინცხალი. ლამპის ყვითელი შუქი მხოლოდ მალავდა მას. ეს შუქი იყო მისი ჩადრი.
აპოლონ ქვლივიძე უსმენდა.
- მომისმინე...თ... და ის ვინ არის, მერე რომ ვნახე?
- შენ არ გინახავს. შენ შეიცანი - თქვა გურჯიევმა მოჭრილად - ეს იყო ჟენვიევ ბლო და მან შენ ამოგარჩია. ის ყოველთვის თვითონ ირჩევდა. ოთახიდან გამოუსვლელი, საკერავ მანქანასთან მჯდომარე. რატომ ამოგირჩია მან შენ მისთვის ნაცნობ ქალაქ თფილისში? აი კითხვა. რატომ მობრუნდა ის კვლავ ტფილისში? ეგება არც წასულა სადმე და სულ აქ იყო? აი, კითხვა და ისინი კი არა, შენ რომ ჩამოამწკრივე. სად არის?... ის ყოველთვის ტიფლისშია, თუნდაც აქედან გასცუროს.
ეს უპირვლესი თაღლითია დედამიწის ზურგზე. ორასი ათასი ლამაზ ზღაპრისთვის. და არაფერი. ზღაპარი გასულ საუკუნის მეძავ ქალზე. აღმიწერს ტულუზ-ლოტრეკის ნახატებს. შტერი.
- როგორ მოაწყო მან ჩემი შეხვედრა თქვენთან?
გურჯიევი უკვე აღარ უცქერდა მას. თითქოს კითხულობდა უხილავ გაზეთს.
სასაცილო კითხვა. შეკითხვა.
შენ ვინა ხარ, საგანგებო რაზმის უმცროსი ოფიცერი?
მეოთხე გზის კაცი არ გასცემს პასუხს ასეთ კითხვას.
- გმადლობ...თ...
მან საფულე ამოიღო. ძველი, შავი საფულე.
- ამ სეანსისა გადახდილია, - სთქვა უცებ გურჯიევმა.
- ვის მიერ?
დაბნეულობა. ოღონდ, ყველაფერი მისახვედრია.
ჰო, მაგრამ მე უკვე გადავიხადე. ორმაგი აიღო.
- მან შენ ამოგირჩია - გურჯიევის თავი ისევ შეიმალა სინათლის საზღვარს იქეთ. ულვაში. მხოლოდ თეთრთოვლა ულვაში.
- ეს, რას ნიშნავს? - აპოლონ ქვლივიძე შლაპას ჭმუჭნიდა.
- არ ვიცი... - სთქვა გურჯიევმა - ყველანი მოკვდნენ. ის კი ცოცხალია. რატომ დაბრუნდა თფილისში? თუ, არც წასულა...
შლაპა. ფიქრნი მის ქვეშე. რამდენი ჩაეტევა შლაპის ქვეშ? მთელი მსოფლიო.
საღამო. და უფრო, ღამე.
ათასობით ადამიანი ოცნებობს გურჯიევთან ლაპარაკს. მე კიდევ... ასე უბრალოთ. გურჯიევი. ერთგვარი ხელოვნურობა. ნაყინი კრემით, ოღონდ პლასტმასის კოვზი. გინახავს პლასტმასის კოვზები? ამერიკულები. რაღაც ამგვარი. ზღაპარი, თქმულება, იგავარაკი, მითი, ლეგენდა... ანეკდოტი. მოვძებნოთ საბურნუთე. ნავთსადგური თფილისში. თაღლითი. ან ეგებ მხოლოდ თავის ფულებს გამოიმუშავებს? პრეზიდენტი. გურჯიევი.
შეუძლებელია. და ვინ იცის? გიჟები არიან. ეს მეთაურნი. წინამძღოლნი და წინამბრძოლნი. საჭიროა სიმტკიცე. და ეძებენ. გაზაფხული. დიაღ, გაზაფხული. ნამდვილი. თფილისმა იცის გაზაფხულის მოტანა როგორც ლანგარზე, შემოწოდება ლამაზი კერძივით. ორიოდ კვირით. მეტი, არაფრით. როგორც ხენდროს სეზონი.
- თქვენ ხართ აპოლონ ქვლივიძე?
ჰმ, სადარბაზოსთან მელოდა.
კაცი შავ სამღვდელოში ლანდოდან გადმოხტა.
- მე ვარ მდივანი მისი უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსის ელიასი. მეუფეს სურდა თქვენთან ლაპარაკი...
- ჩემთან?
რა საღამოა. რა ხუმრობაა. უფრო კი, ღამე. სად წავიღე პაპიროსები? ძველი სამეფო.
- დიაღ, თქვენთან.
- დაუყოვნებლივ?
- რასა ბრძანებთ. ხვალე. დილიდან. მეათე საათიდან... ჩვენ ავტოს გამოგიგზავნით.
- და რა...
ბორბლების მსუბუქი ჩახრიგინება. სადარბაზო. უკაცო ქუჩა. გაზაფხულის ღამე. მეუფე ელია. ფოტოზე მინახავს. წვერი. არა ბიბლიური. უფრო, ძველ ფოტოების.
- ჩემთან? აპოლონ ქვლივიძესთან?
- დიაღ, თქვენთან.
ჰმ.
- 11 13. შემაერთეთ მეშვიდე ბინას... ე, მიხა... მე ვარ. მომაკითხეს... მეუფე ელიას კაცმა... რას დამცინი?
სად არის? სად? რამე უფრო მაგარი.
არა, არა.
სულ სიცრუეა. დიდი სიცრუე. გადავკრათ. ილლიუზია. ილლუჟენ. იქნებ პირქუში, იქნებ ნათელი. ილლუზიონ. ბლო. მოვძებნოთ. გურჯიევი. ცრუობს. შავი წვიმები. უხილავი. უჩინარი. ნავთსადგური? რას ამბობს ეს მეტაფორა? აღმოსავლური დაგრეხილობა. იმიტაცია. სად არის ახმეტელი? აი, ხელოვნება. გურჯიევი უნიჭო. დამბნევი, კაცის წამშლელი, რომ მოიჯეჯილოს თვითონ. მე ვარ ევროპა, მე ანგარიში ვარ. მე ვარ სუფთა გონება. ორი ხელი. ორი ფეხი. ტვინი. მე მისტიკა არ ვარ. მე ვარ პარიზი და ლონდონი. მე ვარ ანტვერპენი თავის გემებით. ენერგია და მოძრაობა... მე ვარ ნიუ იორკ. მე ვარ დარვინი და ბოკლი... მე ვარ ედისონი. არა ბრაჰმანი და დერვიში.
- უნდა შევხვდეთ... ასეთ რამეზე ტელფონში... აჰ, ვიწექი უკვე. ვკითხულობდი ნოველებს. აპოლინერის. წაგიკითხავს? ნამდვილი უმაღლესი ნაწერი. ოქროზე ვითომ... მოდი ქიმერაში ნახევარ საათში. იქ ღია იქნება. არ კეტავენ... რა? გეზარება? მაშ ნუღარ რეკავ შენი ეფისკოპოზებით შუაღამის კიდეზე. ეს უბრალო საქმე არ არის. ცოტა გესმის...
ჭიაურელმა ყოველთვის ყველაფერი იცის. მან იცის პოლიტიკა.
ბლო.
- შენ მაგაზე ფიქრობ? წვერცანცარებზე ლაპარაკობ და მაგაზე ფიქრობ...
კარგი რამეა. სავსეა ტერასა ქიმერას კაფეში. ინგლისელი ოფიცრები. ჩვენები.
- აგე ის ქალი ჰგავს იმ ბლოს? არც მახსოვს, როგორია. ერთხელ მინახავს, -ხითხითებს ჭაიურელი - ვერ გაძეხი. ერთი ჯერი არ გეყო. გულუბრყვილო ხარ. ასეთები ერთი ჯერის გამოვა. მეტი არა... შეგიყვარდა? ტი ამო? ჩვენ ხო არ გვიყვარდება. ჩვენ რაღაცაზე მივდივართ. ღმერთო ჩემო, აპოლონ ქვლივიძე შეყვარებული. ერთი თვით, თუ მეტ ხანს? ერთი თვე დიდი დროა. არ არის აქ არანაირი გურჯიევი. მივიკთხ-მოვიკითხე... არ ვიცი, არა. დაგსიზმრებია, მაშ რა. საით იყურები?
თითო ჭიქა თეთრი ღვინისა. პაპიროსები. გაღიმება კვამლის იქედან.
- შენ არ გესმის ასეთები. არც იცი. მე ადრეც ვაპირებდი. ეხლა უკვე მეგობარი ხარ იმისი. ხალხი ასე ხედავს. სურათი ნახეს... მეგობარი ხარ შენა... ეგ იოლი ვერ არის. მეც მეგობარი ვარ. ჩვენი ფოტო. პირველი გვერდი. ეხლა მისმინე, ჭკვიანო... სანამ. სანამ მიხვალ იმ წვერბიანთან, უნდა შეატყობინო საგანგებო რაზმს... როგორ, როდის? დღე ღამის ნებისმიერ წამს. ეგ მეუფე შინიდან ვერ გამოდის. აკრძალული აქვს. თითქმის ტუსაღია. მეხუთე წელიწადია. აკრძალული აქვს ქადაგება. იცი, სად არის პატრიარქი? აააა... გამარჯობა. წმინდა გიორგის მონასტერში. მთებში. ცხოვრობს, როგორც ბერი. უკვე მეშვიდე წელიწადია. მართლა არ იცი? კინაღამ ტუსაღია ისიც... მართლა არ იცოდი? მთავრობა მარტო ელაპარაკება ნიჩბელ ეპისკოფოზს. და კიდევ ვიღაცას. დამავიწყდა ეგეც... შენა. შენ სად ცხოვრობ? რას ნიშნავს, არ ვიცი?... ან უნდა დარეკო, ან არ მიხვიდე. ან მიხვიდე და მერე დარეკო...
- ვის, როგორ?
ჭიაურელი ჩაფირებულია.
- გაეხვიე, რაღა... რა ჯანდაბათ დასჭირდი? იმასთან არავინ დადის.
- ეკლესიებში ხალხი სავსეა.
- ეგ სხვა არი... აქ კიდევ პოლიტიკა...
- პოლიტიკა ხარ თუ, კინო?
ლამაზად ეწეოდნენ. ორი ვარსკვლავი კინოფაბრიკის. ომი. ინგლისური ნაწილები. აგე, სქოთლანდელები.
- ცხვირსახოცები მიყვარს, რომლებიც ჰგავს სქოთის მსრორელთა კაბებს... –აქვს კონტრაბანდისტებს...
- დასარეკია...
- შიგნით არის ტელფონი. სად რეკავ?
- საგანგებო რაზმში.
- არასდროს ცხოვრებაში...
- როგორც იტყვი... ოღონდ არ ჩააგდო ჩვენი შეკვეთა... ძალიან მიყვარხარ ქვლივიძე. ძალიან. ვხედავ, რომ ყველას ჯობიხარ. მაგრამ არ მინდა რომელიმე ქვედურეთში წავიდე კინოდარბაზის დირექტორად. მე ჭიაურელი ვარ. დიდ კინოს გადავიღებ, ერთი დღე მოვა. მსოფლიო კინოს. და ერთათ ვიქნებით... ნუ იცინი ასე დაჯღანული სიმწარით... ფრთხილათ იყავი, გეხვეწები. იტალიაში გადავიღებთ. აგერ ნახავ. ამერიკაში გადავიღებთ... ოღონდ ფრთხილათ იყავი... მაცადე, გავაღწიოთ აქედან.

ოხუნჯები უფსკრულის პირზე

ინგლისელი მზვერავის, სერ ნიკოლას მიდოუს ოლდინგტონ ფეარის წიგნიდან “დედამიწის სამ მეოთხედზე”, ლონდონი, 1991

ეგებ ვინმეს უცნაურადაც კი მოეჩვენოს, რომ კაცი, რომელმაც ცხოვრების ორმოცდახუთი წელიწადი მიუძღვნა საგარეო დაზვერვასა და საიდუმლო ოპერაციებს, თავისი წიგნის მთელს თავს უძღვნის ამბებს, რომლებიც მოხდა თბილისში: მეორე მსოფლიო პოლიტიკისთვის არცთუ დიდმნიშვნელოვან ქალაქში.
ნიკოლას, განა უკეთესი არ იქნებოდა, ეს გვერდები პოლიტიკის შესახებ უფრო ღრმა ფიქრებისა და ამა ქვეყნის ძლიერთა რაობის შესახებ საუბრისათვის დაგეთმო? ნებისმიერ თქვენგანს შეეძლო ეთქვა ეს სიტყვები, რომლებიც პირველმა ჩემმა ცოლმა თქვა.
მე კი ვფიქრობ, რომ მემუარები ავტობიოგრაფია არ არის და არც გაწეული სამსახურის ანგარიში, რაც ასე აინტერესებს ხოლმე ჩვენი დროის მკითხველს. არამედ, უფრო ისაა, რაც გულში დარჩება ხოლმე და ათწლეულებს გადასწვდება და ამიტომ, თბილისი და მისი მოუხელთებელი მელანქოლია, შეზავებული ალალი ღიმილითა და ერთგვარი მარად ცოცხალი სიმძიმით წარსულისა, ჩემში იმგვარად დარჩა, რომ იქაურობას ტურისტადაც რამდენჯერმე ვწვევივარ, ბოლოს კი გასულ გაზაფხულზე ვიმოგზაურე.
დიახ, მოხუცებს უყვართ მზე და მელანქოლია. მაშინაც კი, როცა მთელი მათი ცხოვრება მათივე გულიდან სინაზის გამოჭყლეტას ცდილობდა.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა არც თბილისი და არც ეს პატარა ქვეყანა, რომელიც საკმაოდ უცნაურ გეოპოლიტიკურ გზებზე ძევს.
ეს ადგილები ვერ შეცვალა, ვერც ნახევარმა დუჟინმა პრიმიტიულმა დიქტატორმა, რომლებიც აქ ხელმწიფობდნენ, ვერც ნაირგვარი იერის ოკუპაციებმა, ვერც თანამედროვე დემოკრატიულმა მმართველობამ.
ამ ადგილების უცნაურობა ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ ექვემდებარება პოლიტიკას. ეგებ ამიტომაც მიუწევთ გული იქეთ ჩემი ყაიდის ადამიანებს, იმათ, ვინც შიგნიდან იციან უხილავ საქმეთა მთელი სიბინძურე და ასე ენატრებათ ურთიერთობათა სისადავე.
ჩემი პირველი მივლინება თბილისში 1943 წლის გაზაფხულზე იყო და სირთულის მიხედვით ყველაზე დასამახსოვრებელიც გამოვიდა.
იქ კარგ ამხანაგთან ერთად ჩავედი. მას ჩემს წიგნში ჰასტინგსს ვუწოდებ, რადგან იმათგანი არ იყო, ვინც მემუარებს წერს და რაიმეს მოყოლა უყვარს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ის... განყოფილებაში მუშაობდა და ჩვენს წრეებში აღიარებული იყო განსაკუთრებულ ხასიათად.
მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე ჩვენი ჯარი იდგა, თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა, რომ იქ გერმანული დივიზია მდგარიყო.
აღმოსავლეთის ფრონტის მთელი მრავალმხრივობა და უკიდეგანობა, ისევე როგორც სიხლისღვრა, საკმაოდ შორს იყო ამ ადგილებიდან, მაგრამ სტალინის მძლავრი და საშინელი ფიგურა მარადიული ჩრდილივით წამოსდგომოდა თავს ამ ქვეყანას, რაც საკვირველი სულაც არ არის. ერთიც, რომ სტალინი აქაური იყო და მეორეც, ეს იყო ყოფილი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი იშვიათი ტერიტორია, რომელიც ვეღარ შეიერთა წითელმა რუსეთმა.
როგორ მოხერხდა ეს, მაშინ არ ვიცოდი. ომის პირველივე დღეებიდან, პოლონეთის ვერაგული განაწილების, ბალტიის და დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდგომ, სტალინისა და ჰიტლერის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ტრანსთბილისის რკინიგზის თაობაზე ჩიხში შევიდა. ქვეყნის გაყოფა ძნელი იყო. ჰიტლერს მთელი რკინგიზა უნდოდა. ასევე სტალინსაც.Aაღმოსავლური ნავთობის ახალი საბადოებისკენ სავალ გზაზე იყო ლაპარაკი.
არ ვიცი როგორ გაიღვიძეს იმ დილით ჰიტლერმა და სტალინმა, მაგრამ ალბათ ორივეს მსწრაფლ შეტყობინეს, რომ მთელი ტრანსთბილისური რკინიგზის გასწვრივ ინგლისელი ჯარისკაცები იდგნენ.
მე თუ მკითხავთ, ეს ოპერაცია დღემდე რჩება ჩვენი სამხედრო უწყების ყველაზე დახვეწილ ნამოქმედარად. ერთ ღამეში მთლიანდ დავიკავეთ და უსაფრთხოება ვაჩუქეთ პატარა ქვეყანას, რომელიც უკვე გრძნობდა ორი მხეცის სისხლიან სუნთქვას.
ახლა ასეთი ოპერაციები ლამის ჩვეულებრივ საქმედ ითველება და ამას ტექნიკურ საკითხს უწოდებენ ხოლმე. მაშინ კი, ეს პირველად მოხდა.
თანდათანობით თბილისი საერთაშორისო შპიონაჟის ერთ-ერთ გადასასვლელ პუნქტად იქცა. ამაში რაღაცით სტამბოლს დამსგავსებული, ის უფრო წყნარი და თვალში ნაკლებსაცემი იყო. ჩვენი რეზიდენტურა იქ საუცხოოდ მუშაობდა, თუმცა, ჩვენი პირველი ჩასვლისას, მეც და ჰასტინგსსაც მიგვითითეს, რომ რეზიდენტურისთვის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიგვემართა. ანუ ჩვენ კონტაქტი რეზიდენტთან არავის უნდა შეემჩნია და მისი ანალიზი არ უნდა მოეხდინა.
ჩვენ ინგლსელების იერი უნდა გვქონოდა, ოღონდ ისეთი ინგლისელებისა, რომლებიც ეგებ სულაც არ მუშაობენ ტახტისთვის, არამედ, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. სასურველია, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის.
ამ ქვეყანას მაშინ მართავდა გენერალი ჩოლოყაშვილი. პრეზიდენტი, რომელსაც შვიდ წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ და გამუდმებით ირჩევდნენ, სრულიად განსაკუთრებული პიროვნება იყო იმ დროისთვის. სრულიად ერგებოდა ეპოქის დიქტატორულ მოდელს.
ახალგაზრდობაში რუსეთის სამეფო არმიის ოფიცერი იყო და პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ფრონტზე იბრძოდა. დაიჭრა, დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და ორდენებით.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად დაშალა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი და ქვეყანას აურჩეველი დიქტატორივით მართავდა. 1922 წელს, წითელმა რუსეთმა, რომელიც ჩოლოყაშვილის ქვეყანას რუსეთის განუყოფელ ნაწილად თვლიდა და თან მისი რეჟიმი სძულდა, როგორც მკვეთრად ანტიკომუნსიტური, ინტერვენცია წამოიწყო.
მრავალმხრივ, ეს ინტერვენცია წითლებისთვის წარმატებით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მომენტის თავისებურება ის გახლდათ, რომ ჩოლოყაშვილს და მის ერს ცხრა დღეს უნდა გაეძლოთ, მანამდე, სანამ ერთა ლიგის ის კრება არ გაიმართებოდა, სადაც საქართველოს ამ თანამეგობრობაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.
გენერალი მზად იყო: მთელი ქვეყანა უზარმაზარ პარტიზანულ ბანაკად გადაექცია. როგორც თავად ამბობდა, მისი ერის წარსულის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით. თავის მხრივ ლენინი, ტროცკი და სტალინი, რომლებსაც დამარცხების მწარე გაკვეთილი მიეღოთ პოლონეთში, ფიქრობდნენ, რომ კვირა ეყოფოდათ.
ერთა ლიგამ ქვეყანა თავის რიგებში მიიღო, წითელი ინტერვენცია დაეხმარა კიდეც გენერალს. ტროცკის ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, პროპაგანდამ კი ეს ამბავი უზარმაზარი წითელი კაციჭამიას პატარა ერთან დამარცხებად დასახა.
1924 წელს იყო კომუნისტური გადატრიალების მცდელობა, მაგრამ გენერალი მოერია მას. ის ქვეყანაში სამხედროთა კულტს ამკვიდრებდა: ეყრდნობოდა თავისი ქვეყნის ლეგენდარულ ისტორიას და ტრადიციონალიზმს, რაც თავისი ქვეყნის მისეული აღქმა უფრო იყო, ვიდრე სინამდვილე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ცოტა არ იყოს სხვაგვარი ტრადიციები მიგრძვნია, ვიდრე მას წარმოესახა.
თუმცაღა, მე ამ ქვეყნის მმართველი არ ვიყავი და არც კაბინეტი მქონდა თბილისის სასახლეში. მე უბრალოდ, ბრიტანელი მზვერავი გახლდით, რომლის დახმარებაც გენერლის სამსახურს დასჭირდა. ოცდაათი წლის განმავლობაში, გენერალი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი მსოფლიოში, რომელიც ღიად გამოხატავდა უპატივცემულობას სტალინის მიმართ და ევროპელი პოლიტიკოსების ვერანაირი თხოვნა, ოდნავ შეერბილებინა ტონი დიადი ძია ჯოს მიმართ, უშედეგო იყო.
ხელისუფლების დერეფნებში გაიგონებდით, რომ ამ ორს შორის, სუფთა ემოციური პრობლემა არსებობს და სტალინი, რომელიც ასე მოხერხებულად მართავდა ნახევარ მსოფლიოს, რამდენჯერმე, სრულიად შეშლილი და გონებაარეული ითხოვდა ექვსასი ბომბდამშენის ცაში აშვებას და ამ ქვეყნის რუკიდან გაქრობას. მხოლოდ მისიანების ცივი გონება და საბოლოო ჯამში, მისივე პრაქტიკული ტვინი გადაარჩენდა ხოლმე ქვეყანას, რომელსაც სულ რვა ჰარიკენის თვითმფრინავი ჰყავდა. ქვეყანა, რომელსაც გენერალი მართავდა, სტალინის სამშობლო იყო. ეს ყველამ იცოდა.
ჩემი მივლინების დროისთვის, გენერალი კარგად ერკვეოდა და მოქმედებდა რთულ პოლიტიკურ ვითარებაში და თავიც ყოჩაღად ეჭირა. ისე, რომ ჩვენი ჯარისკაცების ზურგსუკან მდგომს, სისულელე ნამდვილად არ ჩაუდენია. ჩვენი მივლინების მიზანი კი მისი საგნაგებო სამსახურების დახმარება იყო. მათ ბოლომდე უნდა მიეყვანათ მრავლასაფეხურიანი ოპერაცია, რომელიც წითელი დაზვერვის წინააღმდეგ წამოეწყოთ.
წითლების საბოლოო მიზანი გენერლის ლიკვიდაცია იყო.
როგორც ლონდონში ამიხსნეს, ჩვენ მეორე პლანის მსახიობებად ვჭირდებოდით. სცენის ერთგვარი, ახალი გმირები უნდა შევქნილიყავით, რომლებიც ახალ ხაზს შეიტანენ ხოლმე წარმოდგენაში.
დეტალებზე არაფერი უთქვამთ, რაც მიღებული ამბავი იყო ასეთ შემთხვევაში, მაგრაამ რახან ჩემი მეწყვილე მერვე განყოფილებიდან იყო, ცხადი შეიქნა, რომ საქმე სუფთა ვერ იქნებოდა. მაშინდელი მერვე განყოფილების ბიჭებს სროლის უფლება ჰქონდათ. უფრო ზუსტად, ისინი იქ მიდიოდნენ, სადაც სროლა მოუწევდათ.
ჯაშუშური რომანების მკითხველებს ჰგონიათ ხოლმე, რომ მზვერავებს ხშირად უწევთ სროლა. მინდა ვამცნო მათ, რომ მზვერავებს თითქმის არასდროს უწევთ სროლა: იმ შემთხვევების გარდა, როცა რაღაც დიდი აურზაური ხდება. მერვე განყოფილების ბიჭები კი ჩემს დროს სწორედ იმ ოპერაციებზე იგზავნებოდნენ, რომელთა შედეგებიც თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც სასიკვდილო. ან, თუ განსაზღვრული არ იყო, იგულისხმებოდა, რომ შედეგი, შესაძლოა ასეთი იყოს. ისინი არ ისროდნენ ავტომატებიდან. ჰასტინგსს საერთოდ არ უყვარდა იარაღი. დანა, ან ზონარი. ფხვნილი ან ლურსმანი... ჩამონათვალს ბოლო არ ექნება.
ბევრი რამ იყო საინტერსო თბილისში ჩვენი ჩამოსვლის დღეს <...>
<...> იმ ძალიან მყუდრო კაფესი ჩვენ შევხვდით პოლკოვნიკ ლავრენტ ბერიას.
- ბერი? - ჩაეკითხა ჰასტინგსი.
- ბერია, - უპასუხა მან, ეშმაკური ჩაცინებით და თან მელოტ თავზე გადაისვა ხელი.
- ეს გვარია, თუ სახელი? - ჰასტინგსს უყვარდა სერიოზული ლაპარაკისას სახელოდან ერთგვარი ქედმაღლობის და ირონიის გამოცურება.
- წოდებაა. სამხედრო წოდება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, - ახლაც მახსოვს სიავის ის ძლივს შესამჩნევი ნაპერწკალი, რომელმაც ამ კაცის სათვალის შუშებზე გაირბინა, თუმცაღა პასუხს ერთი შეხედვით ალალი სიცილი ახლდა.
პოლკოვნიკი ბერია ხისტი და არანაკლებ დამცინავი კაცი გამოდგა, ვიდრე ჩვენი ჰასტინგსი. თუმცაღა, ძალიან სწრაფად და გასაგებად შეგვიყვანა საქმეში. ინგლისურად თითქმის გამართულად ლაპარაკობდა, მაგრამ მე იმ დროს ჯერ მიჩვეული არ ვიყავი ადგილობრივთა აქცენტს. თუმცა, პოლკოვნიკის სიტყვების მარაგი საკმარისი იყო.
ჩვენ ცოტა არ იყოს უკამყოფილონი დავჩით იმით, რომ აქეთ ჩრდილოეთ აფრიკის და სტამბოლის გავლით წამოვჩანჩალდით, ამხელა გზა გამოვიარეთ და ის, რასაც პოლკოვნიკი გვთხოვდა, იმდენად უბრალო რამ იყო, რომ ამხელა გზის გამოვლა არც კი ღირდა. ამას ყოველი უცნობი გარეგნობის ადამიანი შეასრულებდა, თუკი რამდენიმე საგნაგებო ქცევას და მოქმედების წესს შეასწავლიდნენ. მოკლედ, გზის აბნევის ოპერაციაში ვმონაწილეობდით.
გვევალებოდა რუსული ქსელის ყურადღება მიგვექცია ჩვენი მოქმედებებით, რომელთაც არანირი რეალური მიზანი არ ექნებოდა, მაგრამ რაღაც სერიოზულის იერი კი ედებოდა. ამით სივრცეს გამოვუთავისუფლებდით ადგილობრივებს, რომლებიც თავიანთი ოპერაციის გადამწყვეტ ფაზას ამზადებდნენ და მიზნად რუსული დივერსიული ქსელის განადგურებას ისახავდნენ. ამ ქსელის მიზანი კი, როგორც აღვნიშნე, გენერლის ლიკვიდაცია იყო.
ჩვენ გაგვიკვირდა, რომ პოლკოვნიკმა ბერიამ შეხვედრა სახალხო ადგილას დაგვინიშნა და ჩვენთან საიდუმლო საქმეზე ლაპარაკისას ყოველწუთს სალამს ისროდა მარცხნივ და მარჯვნივ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს სრულიად გასაიდუმლოებული ფიგურა იყო და მთელს ამ უზარმაზარ ომს რუსულ ქსელთან, სწრედ ის ხელმძღვანელობდა.
მითუმეტეს საკვირველი იყო, რომ ასეთი კაცი, ყოველგვარი დაცვის გარეშე კაფეში ზის და ესაუბრება იმ ქვეყნის უხილავი სამყაროსთვის სრულიად უცნობ ადამიანებს თავისი ქვეყნის უმთავრესი ხიფათის, პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ. მაგრამ სწორედ ეს გახლავთ ამ ქვეყნის ერთ-ერთი თავისებურება. შემდგომში, როცა ჩვენ კარგი ნაცნობები შევიქენით, მე ვკითხე კიდეც პოლკოვნიკ ბერიას, რატომ შეგვხდა კაფეში და არა თავის დაცულ კაბინეტში.
პასუხი სრულიად მოულოდენლი იყო:
- ერთი, რომ დრო არ მქონდა, და თქვენსა და ვახშამზე ცალ-ცაკე ვერაფრით გავანაწილებდი. ამიტომ, გავაერთიანე ეს ორი საქმე. თანაც, ჩემი კაბინეტი სრულიად გამოუსადეგარი იყო ისეთ დიდოსტატებთან შეხვედრისთვის, როგორებიც თქვენ იყავით. მაშინდელი ჩემი ოფიციალური თანამდებობა იყო, თბილისის პარკების მთავარი მებაღე და კაბინეტიც შესაბამისი მქონდა... ბუჩქები, ბოლქვები, ნახაზები...
მაშინ არ ვიცოდი, რომ იქაური კონტრდაზვერვის სამსახურის სრული უმრავლესობა შენიღბულად მუშაობდა საკუთარ ქვეყანაშიც კი. მკითხველი იოლად წარმოიდგენს, რარიგ რთული იყო უხილავი ომი წითლებთან.
რაც შეეხებოდა რუსულ ქსელს, პოლკოვნიკმა იქვე წარმოგვიდგინა მისი სქემა. ის ორსართულიანი იყო. ზედა სართულზე რეზიდენტურა მუშაობდა. სწორედ მისი თვალთახედვის არეში უნდა მოვქცეულიყავით ჰასტინგისი და მე. რეზიდენტურა შეგვისწავლიდა, რამდენადაც კი შეეძლო და ყოველივეს, რასაც ღირებულად ჩათვლიდა, სარდაფში ჩააწოდებდა, იმ განყოფილებას, რომელიც გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციას ახორციელებდა. რახან საბჭოებს საელჩო კი არა, წარმომადგენლობაც არ ჰქონდათ თბილისში, ყველაფერი იტკაქვეშეთში მიმდინარეობდა. უფრო სოწრად, კი ჩრდილოეთ-სამხრეთის ორმხრივი კრედიტის საზოგადოების ნიღაბქვეშ. ეს დაწესებულება ოფიციალურად წარმოადგენდა თბილისში რამდენიმე კონცესიას, რომლებშიც ჩაბმულიყვნენ ვითომდა საბჭოთა რუსეთიდან გაქცეული ემიგრანტები, ანდა მათი შთამომავლები. ჯგუფების შემადგენლობა საინტერესო იყო. თუმცა, პოლკოვნიკმა ბერიამ გაგვაფრთხილა, რომ მათ არა აქვთ სრული ინფორმაცია სარდაფის მკვიდრთა შესახებ. ანუ, დივერსიული ჯგუფისა თითქმის არაფერი იციან. თუმცა, ჰყავთ ცნობილი პერსონაჟებიც <. . . >.

დასასრული იქნება

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“