Wednesday, December 30, 2009

იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსი"


აღმოსავლური პოეზია ქალაქური ფოლკლორით

იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსის" შესახებ


თამარ კიკნაველიძე


გამომცემლობა "ინტელექტის" სერიას, სახელწოდებით "100 ლექსი", კიდევ ერთი პოეტის - იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული შეემატა. ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ავტორის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, რომელიც, სტუმრებთან ერთად, ისტორიულმა არღანმა და კინტოებმაც გამოაცოცხლეს.როგორია წიგნი, რომელიც კახმეგ კუდავას საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა? მასში თავმოყრილი ლექსების უმრავლესობა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია. კრებული შეადგინა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც პოეტის შთამომავალი და მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელია."იოსებ გრიშაშვილმა უნიკალური გამოცემების შეგროვება 4 წლიდან დაიწყო და 1963 წლამდე არ შეუწყვეტია. აქ დაცულია მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურა, მათ შორის, მხატვრული, ისტორიული და ეთნოგრაფიული. ასევე, გამოცემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიაზეა, XVIII-XIX საუკუნეების წიგნები, რომლებიც ავტორთა (ალექსანდრე პუშკინის, გავრილ დერჟავინის, ივანე ტურგენევის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და ა.შ.) სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. მათ ავტოგრაფებიც ახლავს. აქ ინახება 1910-იანი წლების უიშვიათესი პრესა, ძირითადად სატირულ-იუმორისტული, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ჩვენთან არის ის, რაც ცენზურამ გაანადგურა, ან აკრძალა, მაგალითად: 1907-08 წლებში გამოცემული ალმანახი "ნიანგი", 1913 წლის აკაკი წერეთლის "ჩემი ნაწერები", რომლის პირველ გამოცემაშიც ერთი თაბახი დაეთმო პოემას, სახელწოდებით "ვირონცოვი", რომელიც ამოიღეს და ხელმეორედ გამოსცეს. ბიბლიოთეკაში სამასამდე წიგნია ისეთი, რომლებიც ბიბლიოგრაფიაში არ არის შეტანილი. ისინი 1629-1920 წლებშია დაბეჭდილი", - გვითხრა ნოდარ გრიგორაშვილმა (იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი), რომელმაც ბიბლიოთეკა-მუზეუმში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ეს კულტურული კერა ოფიციალურად 1969 წელს, ნიკო მუსხელიშვილმა გახსნა. ახლანდელი ექსპოზიციის ავტორია ავთანდილ ვარაზი. იქ დაცული მასალებით, ქართველების გარდა, სარგებლობდნენ და სარგებლობენ მკვლევარები გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან და ა.შ.
- რას გვეტყვით კრებულზე, რომელიც თავად შეადგინეთ?
ნოდარ გრიგორაშვილი: - ბიბლიოთეკა-მუზეუმში ცალკე ინახებოდა იოსებ გრიშაშვილის დაუბეჭდავი ლექსები, რომლებიც წლების განმავლობაში არავის უნახავს და წაუკითხვას. მათ შორის 50 ლექსი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა. ამ ორმოცდაათიდან დაახლოებით 40 შესულია კრებულში "100 ლექსი", რომელშიც ლირიკულის გარდა, მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შექმნილ ლექსებსაც აღმოაჩენთ. ამ ყოველივეს კი სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. მე რაც შემეძლო ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემს ძალებს აღემატება, მაგალითად ის, რომ შენობაში ჩამოდის წყალი, არ მუშაობს სიგნალიზაცია, დაზიანებულია ფასადი…
- ვის დაქვემდებარებაშია მუზეუმი?
- ერთ დროს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, მაგრამ აკადემია გაუქმდა და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი ბიბლიოთეკა-მუზეუმს ვერც უვლის და ვერც ეხმარება, ამიტომაც გვინდა მისი დაქვემდებარებისგან გავთავისუფლდეთ. ამ საქმეში გვერდით გვიდგას მერია, სხვებიც, რომლებსაც სურთ გადავარჩინოთ ის, რაც მართლაც უნიკალურია. უიშვიათესი გამოცემების გარდა, ჩვენთან დაცულია XIX საუკუნის ძველი თბილისის ფოტოები, აფიშები, პროგრამები, ნოტები, გრამფირფიტები, მუსიკალური საკრავების კოლექცია, მემორიალური ნივთები, ხელნაწერი წიგნები და ა.შ.
ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს სახლ-მუზეუმების უმრავლესობა. თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულ მასალას, რომ განსაკუთრებული დაცვა და გარფთხილება სჭირდება, ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერია მის გადარჩენაზე სათანადოდ იზრუნებს.
ცალკე განხილვის თემაა პაატა ნაცვლიშვილის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ლექსებს ერთვის. ეს წერილი ვრცელია და საინტერესოდ წარმოაჩენს ამ პოეტის შემოქმედებასა და დამსახურებას.
რატომ იყო იოსებ გრიშაშვილი განსაკუთრებული მოვლენა ქართულ პოეზიაში? ამ კითხვას დასვამს ყველა, ვისაც არ წაუკითხვას მისი "მაჯამა", "რა კარგი ხარ, რა კარგი!", "ყურთბალიში", "ტრიოლეტი შეითანბაზარში", "ქორწილი ჩემს უბანში", "წერილები ბოთლში", "გამოთხოვება ძველ თბილისთან", "გაბზარული გული", "გენიოსსების ბედი თბილისის ბაზარზე", "უცხოეთისკენ", "მაგიდა", "ჟამი განხდა", ""ნარინჯიანო , "ჩემი აღმართი", "ეპიტაფია", "თბილისი იყო ჩემი ლექსის მასწავლებელი"და ა.შ. მის პოეზიაც ისეთივე გზასაყარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც ჩვენი სამშობლო - საქართველო. ამასთან დაკავშირებით პაატა ნაცვლიშვილი აღნიშნავს: "გრიშაშვილის პოეზია სავსეა აღმოსავლური სახეებით, აღმოსავლური სიმბოლოებით, მეტაფორებითა და შედარებებით - ვარდებითა და ნარგიზებით, სუმბულებითა და ზამბახებით, მიხაკებითა და სოსნებით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ზურნითა და ქამანჩით, ხავერდითა და აბრეშუმით, გვირისტითა და ბადახშეულით, ბულბულებითა და იადონებით, პეპლებითა და ფარვანებით, მარჯნებითა და სპილოებით, ხოხბებითა და ფარშევანგებით, ლეილებით, გულნარებით, ზეინაბებითა და ხათუნებით... აი, აღმოსავლური გავლენის ერთი მკაფიო ნიმუში გრიშაშვილის პოეზიიდან:

რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა,
ზღვისფერთვალება,
თმებზე ღამე გიცინის, პირზე -
დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა
და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად
გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც
გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი
ააბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშხვნა
რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს
ბორკილად..."

აღმოსავლეთის პარალელურად, პოეტს, როგორც ჩანს, დასავლეთიც იზიდავდა და "ევროპაში გაჭრას" ცდილობდა. ამის სამაგალითოა ბარათი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს 1923 წლის 24 მაისს დაუწერია. ეს წერილი ერთ დროს ინახებოდა თამარ და აკაკი პაპავების არქივში, რომელიც 1997 წელს პაატა ნაცვლიშვილმა არგენტინიდან ჩამოიტანა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. აი, რას წერს იოსებ გრიშაშვილი: ,
,ძვირფასო აკაკი!
როგორა ხარ? მე კი ძაან ქესატად ვარ ორივმხრივ. მოკლედ: მინდა გერმანეთში მოვიდე - თვალს გავაღებ და ამასთანავე ჩემს პოეზიას უფრო მეტი კიდეგანობა ექმნება.
აქ ვერც ერთ გაზეთში ლექსი ვერ მივიტანე. ხომ იცი, ჩემი ლექსი უფრო ქალებს დასტრიალებს, ზექვეყნიურია და შეკვეთით ვერ დავწერე ვერაფერი: "ლომოსი" აღარ გამოდის...
მომწერე საჩქაროდ:
1. შეიძლება თუ არა ჩამოვიდე შენთან? (ბინას დავიდებ სამსონთან ან ჭიაურელთან).
2. საგზაო ფულს თან წამოვიღებ.
3. ხოლო ერთ ლუკმა პურს ნუ დამაყვედრებ და დროებით დამაოკე.
4. ვიზა, არ ვიცი, საიდან სჯობია...
აქ ძალიან ძნელია ვიზის მიღება - ისევ მანდედან მომიხერხე - რომ როგორც სტუდენტი, ენები მინდა ვისწავლო სრ. საქ. მწერალთა კავშირის დადგენილებით.
5. თამარი ისე წავიდა, ისე ქაფურივით გაჰქრა მისი ბრგემოსილობა, რომ ვერაფერი ვერ გამოვატანე: ახალი წიგნები კი (მაგ.აბაშელისა, სანდრო ეულისა და სხვ.) ბევრი გამოვიდა.
6. აკაკი!.. იცოდე ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული: მართალია, ბევრს გაწუხებ მაგრამ მე უფრო მინდა განვითარება: მწყურია ჰორიზონტი. თუ უარს მეტყვი, მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება.
ველი წერილს, მარშრუტის ავანჩავანს (დარიგებას) და ვიზას უსათუოდ. მოელაპარაკე სხვებსაც. შენი სოსო".
იოსებ გრიშაშვილი ევროპაში ვერ წავიდა, მაგრამ პოპულარული გახდა სამშობლოში. "სხვათა შორის, ეს ლექსი ("რომანსი" - თ.კ.) აკაკი წერეთელს საკუთარი ხელით გადაუწერია და იოსებ გრიშაშვილის საღამოზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ჩაურთავს 1914 წლის 23 აპრილს. თავისთავად მრავალმნიშვნელოვანი ჟესტია პოპულარობის ზენიტში მყოფი მხცოვანი პოეტისაგან 25 წლის ყმაწვილის საიუბილეო (!) საღამოზე მოხსენებით გამოსვლა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკაკის ამის შემდეგ ერთი წელიც აღარ უცოცხლია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გრიშაშვილს, პოპულარობის ესტაფეტა, თუმცა გრიშაშვილი აკაკის სიცოცხლეშიც საკმაოდ პოპულარული იყო. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1910 წელს ქუთაისში გამართულ ილიას ხსოვნის საღამოზე თბილისიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და 21 წლის გრიშაშვილი მიუწვევიათ; აკაკის სიკვდილის შემდეგ კი არცერთ პოეტს არ ღირსებია საქართველოში ისეთი პოპულარობა, როგორიც იოსებ გრიშაშვილმა მოიხვეჭა. იყო პერიოდი, როცა მას კვირაში ორ-სამ საღამოს უმართავდნენ, რომელთაც უამრავი ხალხი ესწრებოდა", - წერს პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც საუბრობს მის წარმომავლობაზე, აღმოსავლურ პოეზიასა და ქალაქურ ფოლკლორზე ამოზრდილ პოეტზე, კრიტიკოსებზე, რომლებმაც მისი შემოქმედება განიხილეს და კიდევ იმაზე, რაც, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. "... ბევრმა როდი იცის, რომ ძველი თბილისის ფენომენი და თავად ეს სიტყვაშეთანხმება "ძველი თბილისი" სწორედ იოსებ გრიშაშვილმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ აზროვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გაუხუნარი წიგნი "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა" ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიცა - ქართულად თბილისში და ერთხელ - გერმანულად ბერლინში. ბევრმა არ იცის, რომ გრიშაშვილმა შეადგინა "ქალაქური ლექსიკონი", რომელშიც მრავალი ისეთი სიტყვაა, თითქმის ყოველდღე რომ ვხმარობთ და სხვა არც ერთ ლექსიკონში არ არის. ბევრმა უკვე არ იცის, რომ გრიშაშვილის ლექსიდანაა დღეს ასე ხშირად ციტირებული ფრაზა: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო / და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში. ...დღევანდელმა თაობამ ისიც ნაკლებად იცის, რომ იოსებ გრიშაშვილმა საქართველოს თავისი მრავალმხრივი და მდიდარი შემოქმედების გარდა დიდი მატერიალური განძიც დაუტოვა - ეს გახლავთ მისი უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის მრავალტომიანი კატალოგი მოცულობით უფრო მეტია, ვიდრე გრიშაშვილის დღემდე გამოცემული ორივე ხუთტომეული ერთად აღებული და რომელიც იოსებ გრიშაშვილის სხვა კოლექციებთან ერთად მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცული ძველ თბილისში, პოეტის მშობლიურ უბანში -ხარფუხში", - წერს იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსის" წინასიტყვაობის ავტორი და მოგვიწოდებს ამ წიგნით ძველი პოეტი თავიდან აღმოაჩინოთ!


No comments: