Sunday, February 28, 2010

რუსთაველი, ბიბლია და ფაშიზმი


მარსიანი

მოგეხსენებათ, რა უხვად იღვრება სისხლი “ვეფხისტყაოსანში”: ტარიელმა, იმპერიული ინდოეთის გმირმა მთავარსარდალმა კოლონიურ ხატაეთს რომ ბდღვირი აადინა ნესტან-დარეჯანის ჩაგონებით (“წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე”), ავთანდილი რომ ვაჭრების დასაცავად მეკობრეებს შეება და “მათს ლაშქარსა გულუშიშრად აგრე ხოცდა, ვითა თხასა”, ან ბიძაშვილთაგან შევიწროებულ ფრიდონს რომ ტარიელი მიეშველა და გაერთიანებული ძალით იმ ბიძაშვილებს ღვთის რისხვა დაატეხეს, მერე კიდევ ჩვენმა სამმა გმირმა გამოქვაბულის დევები გაჟლიტა, ბოლოს ქაჯეთის ციხეც აიღეს და “ველი მკვდართა ვერ იტევდის, გადიადდა ჯარი მკვდრისა”…. ეს ტარიელი სადაც კი გამოჩნდება, პირდაპირ სისხლის მდინარეები მოსდევს უკან: როსტევან მეფის მონანი და მოლაშქრენი ხომ სულ ერთმანეთს შემოსტყორცნა და მათრახით მკერდამდის გააპო ზოგი მათგანი, სხვაგანაც, მისი შეპყრობის მოსურნეთ ხან ხოცავდა, ხანაც, უკეთეს შემთხვევაში, მათრახით “შეამწიფებდა” (ახი კია მათზე, ვერ დააყენეს თავისთვის?)... საწყალ ცხოველებსაც ხომ მოსვენება არა აქვთ რუსთაველის გმირთაგან – როსტევანმა და ავთანდილმა ერთმანეთის ჯიბრით ათჯერ ოცი “ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი” დახოცეს, ტარიელი ხომ სინსილას უწყვეტს სრულიად უდანაშაულო ლომ-ვეფხვებს, სადაც კი წაეწევა (რომელი ჰემინგუეი, ან თუნდაც ჯონ ჰანტერი შეედრება)...
ტარიელის მიერ უდანაშაულო ხმარაზმშას ძის მიპარვით, “ლაჩრულად” მოკვლა განსაკუთრებით უარყოფით რეაქციას იწვევს თანამედროვე მკითხველში: ერთ ევროპელს უთქვამს – “სანამ ქართველები იმით იქნებიან აღტაცებულნი, მძინარე პრინცი მიპარვით რომ მოჰკლეს, მანამ არაფერი ეშველებათ და კიდევ არაერთი პრინცის თავი გაგორდება საქართველოშიო”. არ ვიცი, სად ნახა იმ ევროპელმა იმგვარი ქართველები, მძინარე პრინცის მოკვლით აღფრთოვანებულნი რომ არიან, მაგრამ “ვეფხისტყაოსნის” (და არამარტო ამ ნაწარმოების) გმირები, თუნდაც “იდეალურ გმირებად” იყონ შერაცხულნი, ყოველთვის “იდეალურად” არ იქცევიან და ამდენად, მათდამი აბსოლუტურად უკრიტიკო დამოკიდებულების მოთხოვნა კერპთაყვანისმცემლობას ჰგავს.
ჰოდა, ვინ იცის, რამდენჯერ დაგვბადებია კითხვა: მაინც რატომ ჩაიდინა ტარიელმა ეს საძრახისი და თანაც ყოვლად არაგონივრული საქციელი? Aმას ხომ კატასტროფა მოჰყვა – ნესტანი უკვალოდ დაკარგეს, ინდოეთის სამეფო მტერთაგან მიმძლავრებამ დააკნინა, თვითონ ტარიელი კი ათი წელი ეწამა ნესტანის ძებნაში!
Mმხოლოდ ერთი გარემოება ამართლებს ტარიელს ცოტაოდენად – მან იძულებით ჩაიდინა ეს მკვლელობა, აიძულეს! ცხადია, მას არ უნდოდა, მიპარვით მოეკლა მეტოქე, ერჩივნა, პირისპირ შებმოდა და თავის ამალიანად გაეგზავნა მიუსავლეთში: ვერ შეძლებდა თუ რა – “შიგან ისრე გაერეოდა, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი”. მაგრამ ქალი რომ შეგიჩნდება, რაღას გააწყობ: ნესტანმა დაიჟინა – “თუ სასიძო არ მოუშვა, ვა, თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდესო” (ვითომ მისი რჩევის აღსრულების შემდეგ არ წაიკიდნენ და არ გარდაქარდა ინდოეთი?!). თანაც – “სპა უბრალოა, ნუ დახოცო”: ხატაელთა ლაშქარი რომ გააჟლეტინა რამაზ მეფის “ურჩობის” გამო, მაშინ არ იყო სპა “უბრალო”?
მგონი ამასობაში იმის აღიარებაც მოგვიწევს, ტარიელზე დიდი დამნაშავე ნესტანი რომაა ამ ვერაგულ მკვლელობაში: ნესტანმა დაავალა, აიძულა! თან ისეთი შეურაცხმყოფელი დამუნათებითა თუ ბრალდებებით, რომ მოთმინებადაკარგულმა ტარიელმა, სანამ დავალების შესასრულებლად გაიჭრებოდა, აგრე შემოჰყივლა: “ქალი ომსა რაგვარ მაწევს, ისე ვითა დავძაბუნდიო!”
მაგრამ ცოტას თუ დავფიქრდებით, ნესტანზე დიდი დამნაშავეც შეიძლება მოვიძიოთ ამ საქმეში: აბა ვინ?
ვინ და მეფე ფარსადანი! რომ შეურჩია საქმრო თავის ასულს, ერთხელ მაინც ეკითხა მისთვის, თანახმა თუ იყო ამ არჩევანზე? იქნებ სხვა უყვარდა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტარიელი გვერდით რომ ჰყავდა, რაღა გადამთიელი ხვარაზმშას ძე მოინდომა სიძედ, თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას რაღად ეძებდა? ალბათ ფიქრობდა, ამ დამოყვრების შედეგად ხვარაზმის ძლიერებაც შეემატებოდა ინდოეთის სამეფოს, ანუ, სხვაგვარად, ხვარაზმიც ინდოეთის პოლიტიკური გავლენის არეალში მოექცეოდა; ნესტანი და ტარიელი კი პირიქით ფიქრობდნენ – ამ ქორწინების შედეგად შესაძლოა ხვარაზმელები არასასურველად აღზევებულიყვნენ ინდოეთის სამეფო კარზე ("რომე სპარსნი გაგვიხასდნენ”) და ამას, როგორც ჩანს, სწორადაც ფიქრობდნენ. მაგრამ რა – ისეთი გზა აირჩიეს პრობლემის მოსაგვარებლად, რომ უარესს თვით ეშმაკიც ვერ ურჩევდათ!
რა მოხდებოდა, ტარიელს რომ იმ თათბირზე, სადაც ნესტანის გათხოვების საკითხი წყდებოდა, პირდაპირ განეცხადებინა – ნესტანი მე მიყვარს და არავის დავუთმობო? და ბარემ ისიც დაემატებინა (რაც, უკვე საბედისწერო დაგვიანებით, მართლა შეუთვალა მეფეს) – “ინდოეთი ჩემი არის, არვის მივცემ ჩემგან კიდეო”!
მაგრამ ეს ჩვენ, თანამედროვე დემოკრატიული ცნობიერების მიღმა ვერგახედულთ, გვგონია, რომ ტარიელის სიტყვას იმ თათბირზე თუნდაც კიტრის ფასი ექნებოდა: თუკი მეფე თავისი ასულის ბედს ამ ასულის დაუკითხავად წყვეტდა, ვითომ თავისი ვასალის რჩევას და მითუმეტეს პრეტენზიებს რაიმე ანგარიშს გაუწევდა? Aაკი ამბობს ტარიელი: “დამეშალა, არ დაშლიდნენ, დამრჩებოდა უმეცრობა”. აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული: იცით, რას ნიშნავს ეს “უმეცრობა”, რომლის წარმოდგენამაც ასე დააფრთხო და უმწეო გახადა თვით ლომგული ტარიელი? რას ნიშნავს და სამეფო კარის ეტიკეტის დარღვევას, იმის არცოდნას, თუ როგორ უნდა მოიქცე უმაღლეს საზოგადოებაში! და როგორ შეეძლო ტარიელს, თვითონაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, იმ თათბირზე ჩვენებური პარლამენტარივით მოქცეულიყო – მეფის თათბირი დაეწუნებინა და საკუთარი პრეტენზიები წამოეყენებინა! Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ვეფხისტყაოსანში” როგორც ინდოეთის, ასევე არაბეთის სამეფო კარი აღმოსავლური დესპოტიის კლასიკურ ნიმუშებად წარმოგვიდგება და რუსთაველმა თავის მჭევრი ენით რაგინდ აქოს და ადიდოს პოემის პერსონაჟი–მეფეები, სიმართლე მაინც მამლის კუდივით აჩენს თავს გადამწყვეტ მომენტებში: მაგალითად, როსტევანზე რომ წერს ავტორი – “მოსამართლე და მოწყალე” იყოო, განა სწორედ როსტევანმა არ გამოიჩინა ელემენტარული ეგოიზმი და თავკერძობა, სხვისი გასაჭირისადმი გულგრილობა, როცა შეიტყო, რომ ავთანდილი ტარიელის მისაშველებლად წასვლას აპირებდა? მას არაფრით არ უნდოდა ავთანდილის გაშვება და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ჩუმად გაპარულიყო, რათა ტარიელისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა. რაც შეეხება ფარსადან მეფეს, პოემაში ძალიან გამჭვირვალედ ჩანს, რომ იგი სავსებით ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ტარიელსა თუ სხვა კარისკაცებს მხოლოდ ფორმალობისათვის თუ ჰკითხავს რაიმე რჩევას. ტარიელის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “მეფური იმიჯი” საპნის ბუშტივით დასკდებოდა ინდოეთის სამეფო კარზე, ნესტანის გათხოვებასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული აზრი რომ გამოეთქვა და ფარსადან მეფის თათბირს მოწონებით არ შეხვედროდა. საერთოდ, მეფეებს მუდამ ამგვარი რამ უნდა ჰკადრო – “თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია”-თქო, თორემ აბა განსხვავებულ აზრს, კრიტიკულ შენიშნვასა და პირადულ პრეტენზიებს მეთორმეტე საუკუნის აღმოსავლელი დესპოტი კი არა, აგერ, ჩვენს დღევანდელობაში, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატი ხელმძღვანელიც არ გაპატიებს!
ასე, რომ, სჯობს მთელი სახელმწიფო არივ-დარიო და დაღუპვის პირას მიიყვანო, ვიდრე მეფის კარზე არაჯეროვნად, ეტიკეტის არაშესაბამისად მოიქცე!
საწყალი ტარიელი! ნესტანის გათხოვების განზრახვა რომ ამცნეს, დაბნედილიყო მაინც (როგორც პირველად დაემართა ნესტანის დანახვისას), იქნებ ის გულით ბრმა ფარსადანი რაღაცას მიმხვდარიყო და დროულად ეთქვა უარი თავის უგუნურ არჩევანზე!
“ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გიყვარდა, რად არა შემაგებინე?” უთვლის ფარსადანი ტარიელს და ამაში მართალიცაა: არ უნდა სცოდნოდა მეფის ამირბარს, რომ მისი სიუზერენი სხვა სახელმწიფოსთან დამოყვრებას და ამდენად (მისი ჭკუით) ინდოეთის იმპერიული ძლიერების განვრცობას მოიწადინებდა თავისი მზეთუნახავი ასულის მეშვეობით? მეფეს თუ აკლდა გამჭრიახობა საიმისოდ, რომ ამგვარ ფანტაზიებს არ გამოდევნებოდა, ტარიელს ხომ წინასწარ უნდა ჰქონოდა თადარიგი დაჭერილი, რათა ნესტანი და სამეფო ტახტი არ დაეკარგა მოხუცი მეფის ახირებათა გამო!
აი, რა მოსდევს მიჯნურობის მეტისმეტ მალვას!
“ვეფხისტყაოსანი” ქრისტიანული პოეზიის ნიმუშად მიაჩნიათ მისი ეზოთერული პლანის სიღრმეებში ჩახედულ მკვლევართ. ხოლო ვინც ამ პოემის ემპირიულ პლანს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ისინი არაქრისტიანულ ნაწარმოებად თვლიან მას. თავისებურად, ნაწილობრივ ალბათ ორივე მხარე მართალია; დანტეს “ღვთაებრივი კომედია” ცალსახად არის მიჩნეული ქრისტიანულ (თუმცა მაინც გარკვეულწილად ერეტიკულ) ნაწარმოებად: დანტესთან ეზოთერული და ემპირიული პლანები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება: “ღვთაებრივი კომედიის” თითქმის მთელი მოქმედება მთლიანად ქრისტიანული (კათოლიკური) საიქიოს სამ სკნელში (ჯოჯოხეთში, სალხინებელსა და სამოთხეში) ხდება. “ვეფხისტყაოსნის” ემპირიულ პლანში კი მოქმედება არაქრისტიანულ ქვეყნებში ხდება, გმირებიც მუსულმანები არიან. თანაც “ვეფხისტყაოსნის” ეზოთერული პლანი იმდენად ჰერმეტიზებულ-დაშიფრულია, რომ მკვლევართა ერთ ნაწილს და, მითუმეტეს, მკითხველთა უმრავლესობას, მისი არსებობა არც კი სჯერა. ხოლო უშუალოდ, ზედაპირზე რაც ხდება “ვეფხისტყაოსანში” (ეს ამდენი ხმლის ტრიალი და სისხლის მდინარეები) ალბათ ძნელია ქრისტიანულ სათნოებასთან, “არა კაც ჰკლა”-ს მცნებასთან, ცოდვების გაცნობიერებასა და მონანიებასთან და ა.შ. დააკავშირო. თუმცა, “ვეფხისტყაოსანი” მხატვრული წარმოსახვის ნაყოფია და სიმბოლურ-ალეგორიული თვალსაზრისით რატომაც არ შეიძლება ქრისტიანულ ნაწარმოებად ჩაითვალოს, მითუმეტეს, რომ ჯვაროსნული ომები, ინკვიზიციის კოცონები, ბართლომეს ღამე და მისთანები რეალური ისტორიის კუთვნილებაა, თანაც პირწმინდად, ცალსახად ქრისტიანული ისტორიისა!
“არა კაც ჰკლა” და სხვა მცნებანი ქრისტიანობამ ხომ იუდაიზმისგან მიიღო მემკვიდრეობად და ძველი აღთქმა ქრისტიანთათვისაც წმინდა წიგნია თავისი უკვდავი პერსონაჟებით; ძველი აღთქმისეული წმინდანები ქრისტიანობის მიერაც წმინდანებად არიან აღიარებული. ბიბლიაში ისეთი საშინელებანი ხდება (და არაიშვიათად სწორედ იმ წმინდანების ხელით), რომ ტარიელის მიერ ხვარაზმშას ძის მოკვლა იმასთან შედარებით ლამის ჰუმანურ აქტად ჩანს. საერთოდ, ბიბლიის მცოდნეებს თუ უბრალოდ, მორწმუნეებს თავი ისე უჭირავთ, ანდერსენის “შიშველი მეფის” ზღაპარი გაგახსენდებათ: თითქოს ვერავინ ამჩნევს, რა საზარელ ბოროტმოქმედებებს სჩადიან ამ წმინდა წიგნის პერსონაჟები (რომლებიც, თუ ავტორიტეტულ აზრს ვერწმუნებით, რეალური ისტორიული პიროვნებანი არიან). თანაც ბიბლიური ებრაელები (და განსაკუთრებით ამ რჩეული ერის რჩეული წარმომადგენლები) ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმით უმეტესწილად სჭარბობენ იმ წარმართებს, რომელთაც ებრძვიან, მე ვიტყოდი, შეუდარებლადაც სჭარბობენ!
გავიხსენოთ რამდენიმე მომენტი ბიბლიიდან:
როცა ებრაელები მტრის ლაშქარს ამარცხებენ და მათ საცხოვრისს ხელთ იგდებენ, სხვა მეომარი ხალხებისგან განსხვავებით, მტრის ქონებას თვითონ როდი მოიხმარენ, არამედ ყველაფერს წვავენ და ანადგურებენ, პირუტყვსაც კი: ეს ყველაფერი მათი რწმენით უწმინდურებაა და დაპყრობილი მიწა ამ უწმინდურებისაგან უნდა სრულიად განიწმინდოს; ხოლო როცა ტყვეებს იგდებენ ხელთ, მოსე ბრძანებს, რომ დატყვევებული ჩვილი ბავშვებიდან ბიჭები დახოცონ, გოგონები კი სათავისოდ გაზარდონ. ახლა ვიკითხოთ, ამაზე საშინელი რა ჩაიდინა ჰეროდემ, როცა განკაცებული უფალი იესო მოევლინა (იშვა) ურიასტანს? ჰეროდემ ხუთიათასი მცირეწლოვანი ბიჭუნა იმისათვის გააჟლეტინა, რომ მათ შორის “ურიათა მეუფედ” ნაწინასწარმეტყველები ჩვილი ეგულებოდა. ჰეროდეს საქციელის გამართლება არა, მაგრამ გაგება მაინც შეიძლება: მან მომავალი მეტოქისადმი პანიკური შიშით შეპყრობილმა გასცა ეს არაადამიანური ბრძანება. ამგვარი მოტივირებით აღმოსავლელი დესპოტები ზოგჯერ საკუთარ შვილებსაც კი არ ზოგავდნენ (გავიხსენოთ შაჰ აბასისა და მისი ძის, სეფი მირზას ისტორია). Mმოსეს საზარელი განკარგულბანი კი მხოლოდ და მხოლოდ ბნელი, ფანტასტიკურ-რასისტული მსოფლმხედველობისა თუ რწმენის გამოხატულებაა: უცხო ტომის გოგონების გაებრაელება შესაძლებლად მიაჩნდა, ბიჭები კი უნდა დახოცილიყვნენ, რათა უცხო თესლს არ შეემღვრია ღვთის რჩეული ერის, ისრაელის პატრიარქალური “სიწმინდე”.
როცა კი ამ თემაზე სიტყვა ჩამომიგდია და მიკითხავს, რატომ არღვევდა მოსე ასე ჰიპერტროფიული მასშტაბით საკუთარსავე მცნებას “არა კაც ჰკლა”, ყოველთვის მპასუხობდნენ, რომ მოსე არა თავისი ნებით, არამედ ღვთის ბრძანებით იქმოდა ყოველივე ამას. კი მაგრამ, სადაა ლოგიკა? Gანდა, ღმერთმა არ უკარნახა მოსეს ზემოხსენებული მცნება? როცა ღმერთს ვინმეს დასჯა სურდა, კიდევაც სჯიდა “მჭამელი ცეცხლითა” თუ სხვა სასჯელებით და რაღა იმ საცოდავი, დაუცველი, უმანკო ჩვილების დასჯას ისურვებდა მაინცდამაინც თავისი რჩეულის, მოსეს ხელით? ვთქვათ, ამგვარი ბრძანება მართლა ჩაესმა მოსეს, ისევე, როგორც აბრაამს ჩაესმა ბრძანება თავისი ვაჟის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის შესახებ: მაგრამ ხომ ცნობილია, რომ სატანა ხშირად ღმერთის სახეს იღებს, მას ემსგავსება, რათა ადამიანები აცდუნოს და თავისი უწმინდური ნება აღასრულებინოს: ნუთუ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, მითუმეტეს, ხალხის წინამძღოლად და ღვთისკაცად შერაცხული, არ უნდა დაეჭვდეს, როცა ასეთი შემაძრწუნებელი ბრძანება ისმის! თუკი უფლის მორჩილება ბრმა, ფანატიკურ, ზომბურ ქმედებებად რეალიზდება, რა მადლი ექნება ამგვარ ქმედებებს?
ახლა გავიხსენოთ, უფლის მიერ, ცად აყვანილი ელია წინასწარმეტყველის მოწაფემ, ელისემ როგორ “ჰუმანურად” გამოიყენა მოძღვრისგან მასზე გადმოსული მისტიკური, ზებუნებრივი ძალა: ელისეს ბავშვების ბრბო შემოეყარა გზად და ამ ბავშვებმა დაცინვა და მასხრად აგდება დაუწყეს მას, ნაცვლად იმისა, რომ მოთმინებითა და კეთილშობილურობით, ან თუნდაც იმ ზებუნებრივი ძალის გამოყენებით გაერწმუნებინა ბავშვები, რომ უკადრისად იქცეოდნენ, განრისხებულმა წინასწარმეტყველმა დაწყევლა ისინი, ტყიდან ორი დათვი გამოვიდა და ორმოცი ბავშვი დაგლიჯა!
კიდევ ერთი მაგალითი: როცა იაკობი და მისი ჯალაბობა მგზავრობისას დროებით ერთ ქალაქში შეჩერდა, მისი ასული დინა ქალაქის თავს მოეწონა და შეაცდინა. შემდეგ მან ინანა თავისი საქციელი, იაკობს განუცხადა, ცოლად შევირთავ შენს ასულს და რაკი სხვა რჯულის ხარ, მეცა და ჩემი ქალაქიც შენს რჯულზე მოვიქცევითო. მართლაც, მთელი ქალაქის მამაკაცებმა ებრაული წინადაცვეთის წესი აღასრულეს. იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ ისარგებლეს იმით, რომ ქალაქის ყველა მამაკაცი წინადაცვეთის გამო დროებით დასუსტებული იყო ფიზიკურად, ღამით ჩუმად შეიჭრნენ მათ სახლებში და ყველანი გაჟლიტეს. ასე დარჩა მათი დაი ნამუსახდილი და გაუთხოვარი. რა არის ეს, თუ არა ბნელი ფანატიზმი და რასიზმი?
მართალია, იაკობის ეს ორი ვაჟი წმინდანებად შერაცხულნი არ გახლავან, მაგრამ “რჩეულ ერს” ხომ ეკუთვნიან! მათ მიერ გაჟლეტილნი კი ალბათ წარმართები იყვნენ, ამდენად “უწმინდურნი” და ამოსაძირკვნი!
ბიბლიურ ებრაელებს, საერთოდ, ძალიან უყვართ კვლა. თანაც მათ მიერ ჩადენილი მკვლელობები, განსხვავებით “ვეფხისტყაოსნის” გმირთა ზეკაცურ (იუბერმენშულ, სუპერმენულ) დანაშაულთაგან, გამოირჩევა რაღაც უაზრო სისასტიკით (ამერიკელი ინდიელები მოგაგონდებათ, მოკლულებს რომ ასახიჩრებენ და სკალპებს აძრობენ). “ვეფხისტყაოსნის” გმირებს წესად აქვთ დამარცხებული მტრის შეწყალება, ბიბლიური ებრაელები კი სწორედ მაშინ ხდებიან განსაკუთრებით დაუნდობელნი და უმოწყალონი მოწინააღმდეგის მიმართ, როცა ამ უკანასკნელს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია; სხვათაშორის, გერმანელი ფაშისტები, თუმცა კი ნიცშესეულ ზეკაცის თეორიას იყენებდნენ იდეოლოგიურ იარაღად, თავიანთი დანაშაულებრივი პრაქტიკით უმალ ძველი აღთქმის ებრაელებს მოგვაგონებენ, ვიდრე რუსთაველის პოემის ძალამოჭარბებულ, ლაღ ზეკაცებს: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი უფრო “ნიცშეანელებად” გამოიყურებიან, ვიდრე ჰიტლერელი რასისტი ოფიცრები, თავიანთი თავი “ნორდული რასის” რჩეულ შვილებად რომ წარმოედგინათ.
ხშირად დავფიქრებულვარ, მაინც რა იყო გერმანელ ფაშისტთა ტოტალური ანტისემიტიზმის მიზეზთა მიზეზი? იქნება იმ ხალხთაგან, ვისაც ბიბლიური ებრაელები ებრძოდნენ, ზოგნი წინარე არიული მოდგმისანი იყვნენ და როგორც ძველ ებრაელებს მიაჩნდათ “საღვთო საქმედ” ამ წარმართთა დედაბუდიანად ამოწყვეტა და ამოძირკვა, ასევე მიიჩნიეს თანამედროვე არიელებმა სემიტთა მოდგმის სრული იავარქმნა კაციბრიობის რასობრივი განწმენდის აუცილებელ წინაპირობად?
ნიცშეს რომ რუსთაველი ჰქონოდა წაკითხული, ალბათ ტარიელს, ამ ჭეშმარიტ არიელს, თავისი ზეკაცის წინარესახედ აღიარებდა; ნიცშეანელი გერმანელი ფაშისტები კი თავიანთი უაზრო სისასტიკითა და ფანატიზმით მეტისმეტად განემსგავსნენ ნიცშესეული ზეკაცის იდეალს და, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ იმ ბიბლიურ იუდეველებს დაემსგავსნენ, რომელთა შთამომავალთაც ასე ნაგვიანევად აზღვევინეს წინაპართა ცოდვები...
ჰოდა, თუ კარგად დავფიქრდებით, გერმანული ფაშიზმის ფესვები იქნებ ბიბლიაში უფროა საძიებელი, ვიდრე ნიცშეს ფილოსოფიაში: ძველი აღთქმა ხომ რასისტული სულით ისეა გაჟღენთილი, მასთან შედარებით ნიცშეს არისტოკრატიული იდეოლოგია ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ!
და ბოლოს: ყოველივე ზემოთქმულის ფონზე რაღას ვერჩით ამ ჩვენს ტარიელს, ის ხომ, ბოლოსდაბოლოს, ნაწარმოების გმირია და არა რეალური ისტორიული პიროვნება!

7 მაისი, 2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ასი უძველესი იაპონური ლექსი


გივი ალხაზიშვილი
სიღრმე და გულისცემა

ასი უძველესი იაპონური ლექსი, თარგმანი იაპონურიდან ირმა რატიანისა. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, რეცენზენტები ჯემალ აჯიაშვილი, იასუჰირო კოჯიმა, დავით წერედიანი. თბ. “სიესტა”, 2008.


კანონიზებული სალექსო ფორმები, როგორიცაა შუასაუკუნეების იტალიასა და საფრანგეთში სონეტი, ბალადა, სპარსეთში ღაზელი და რობაი, იაპონიაში ტანკა და ჰაიკუ, დღესაც იზიდავს დახვეწილი გემოვნების მკითხველს. პოეტი შეგნებულად ირჩევს ასეთ მკაცრ ფორმებს გამოხატვის საშუალებად. სირთულეს განაპირობებს ფორმის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაზღვრული თემატიკაც კი, საუკუნეების განმავლობაში რომ დამკვიდრდა, თუმცა სალექსო ფორმის უცვლელობა ხელს არ უშლიდა ინდივიდუალური ნიჭით გამორჩეულ ავტორებს შეეცვალათ და გაემდიდრებინათ შინაარსობრივი, ნიუანსური, მეტაფორული, ინტონაციური /ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი/ შრეები და ახალი სინამდვილის შექმნით კიდეც გაგრძელებინათ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. გასაოცარია იაპონური ტანკა, ეს უცვლელი ცვალებადობა, როცა ფორმა ხელუხლებელია, იგივეა, მაგრამ მთლიანად იცვლება ტექსტი, ჩნდება სრულიად განსხვავებული სულიერი რხევები, ახალი განწყობილება, მგრძნობელობა, ინტონაცია, სათქმელი.
ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ხელახლა მივუბრუნდი იაპონური პოეზიის კითხვას, უცნაურმა შეგრძნებამ შემიპყრო, მომეჩვენა რომ აღვივსე იმ განცდებით, პეიზაჟებითა და სულის უფაქიზესი რხევებით, მოლოდინით და განშორებებით, ადამიანური ნაღველით, გასაოცარი უბრალოებით, ჩვენში რომ ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ თუ უკვე არ გადაგვავიწყდა. დღევანდელმა რეალობამ, თითქმის არ დატოვა სივრცე მსგავსი სიღრმეების შეცნობისა და წვდომისათვის, სულიერი წონასწორობისთვის, რაც თავისთავად მეტად მნიშვნელოვანია ჭვრეტისა და შემეცნებისას.
ზედაპირზე დევს სრულიად ლოგიკური შეკითხვა: რატომ ეზედმეტება თანამედროეობას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლიბერალურ ეკონომიკას, გლობალისტურ თარგზე მოჭრილ ყოველდღიურობას და მის პრაგმატულ პერსონაჟებს – პოეზია?
მკაცრი სალექსო ფორმები, მათ შორის ტანკა, თავის უმთავრესი არსით, ჭვრეტითა და მედიტაციით, ლაკონურობით მიბმულია ადამიანის სულზე და სულის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს უხილავი ტრანსცენდენტის მონაწილეობას და ჩემთვის სრულიად გასაგებია, რატომ წერდნენ მსგავსი ხასიათის ლექსებს უაღრესად განსწავლული ადამიანები - მეფეები, მინისტრები, სხვა წარჩინებული პირები, ჟამსა მოცალეობისასა.
ასე, რომ ძალიან კარგად მესმის, რატომ არ არის და არ უნდა იყოს ზოგადად პოეზია, და მეტადრე კანონიკურ სალექო ფორმებში არსებული პოეზია, - საყოველთაო მოხმარების “პროდუქტი.”
შეუძლებელია ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხსაც არ შევეხო. ფორმალისტური ძიებებით აღსავსე ლიტერატურულმა პროცესმა ლამის ჩამოწერა კანონიკური სალექსო ფორმები, სადაც გარეგნული სიახლის ნაცვლად მახვილი დასმულია არსობრივ სიახლეზე, რისი მოპოვება და მიგნებაც უფრო ძნელია და რაც ტალანტის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს – წარმატებას ან მარცხს - თვალნათლივ წარმოაჩენს.
“შეზღუდულ ვითარებაში გამოავლენს თავს ოსტატი”, გოეთეს ეს სენტენცია, რომელიც ლევან ბრეგაძეს თარგმანიდან ამოვიწერე დიდი ხნის წინათ, ხშირად მახსენდება ლიტერატურული პროცესის თვალის მიდევნებისას, როცა ძალიან იშვიათად წააწყდება მკითხველი ავტორს, შეზღუდულ ვითრებაში რომ ავლენდეს საკუთარ შესაძლებლობებს. შეზღუდული ვითარება უპირველესად პოეზიას გულისხმობს - პროსოდიისა და კონვენციის თავისებურებისა და განსაკუთრებულობის გამო. უფრო მეტად არის შეზღუდული ავტორი კანონიკური ფორმის მინიმალისტური ლექსების წერისას და შესაბამისად მეტი ძალისხმევა სჭირდება გამოავლინოს თავის შესაძლებლობა. განსაკუთრებულად შეზღუდულია ავტორი ტანკას წერისას. იაპონიაში ასებობს ტანკას წერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. უცვლელი იყო ტანკას ფორმა, მაგრამ დროის შესაბამისად იცვლებოდა თემატიკა და ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობა, რაც განასხვავებდა კიდეც ტანკას ავტორებს ერთმანეთისგან და სადაც კონკრეტულ კომენტარს განსაკუთრებული მნიშველობა აქვს კონტექსტის გასაგებად, გასაკუთრებით კი ჩვენთვის, როცა თარგმნილ ტანკას ვეცნობით.
ახლა კი ჩვენში, ისე როგორც სხვაგან, ზედაპირული სიახლეა პატივში და ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, დაბეჯითებით რომ ამტკიცებენ: პოეზიის შექმნას არ სჭირდება არავითარი სულის განსაკუთრებული მდგომარეობა და რომ მთავარია სიახლის და არა პოეზიის დონე. კულტუროლოგიული თამაშების მამებმა /ერთ ნაწილს ვგულისხმობ/ საკუთარი ჩიხის კარი ფართოდ გაუღეს თანამოაზრეებს მთელ მსოფლიოში, ჩვენშიც, საიდანაც უკან დაბრუნება უმრავლესობას უჭირს, ან საპატიო მიზეზების გამო არ შეუძლია.
ტრადიციის უწყვეტობა ინახავს საკრალურ ცოდნას, სულიერ ატმოსფეროს - თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და სადაც საგრძნობია ათასწლეულის გულისცემაც და დღევანდელი დღის სიღრმეც.
მივუგდოთ ყური რას გვეუბნება ბერი კისენი:

დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ ეულად,
სამხრეთის ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,
“უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გურამ რჩეულიშვილი - თხზულებები ხუთ ტომად


თორნიკე მოდებაძე
ძნელი გზა მკითხველისაკენ
გურამ რჩეულიშვილი. თხზულებები ხუთ ტომად, ტ. 2 (მოთხრობები, 1957 წ.). რედაქტორი მარინე რჩეულიშვილი, მხატვარი ვახტანგ რურუა. თბ., "საარი", 2002.


გურამ რჩეულიშვილის მეორე ტომში 1957 წელს დაწერილი პროზა შევიდა. აქ არის ადრეულ გამოცემებში გამოქვეყნებული, მკითხველისთვის უკვე ცნობილი მოთხრობები: "ნადირობა", "უსახელო უფლისციხელი", "სადღაც ვიწროებში", "სიკვდილი მთებში", "ზღვა არცთუ ისე ღელავდა", "მუნჯი ახმედი და სიცოცხლე". სხვა მოთხრობების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. პირადად ჩემთვის საინტერესო იყო ცნობილი ნაწარმოებების დაწერის ისტორია. მარინე რჩეულიშვილი თავის კომენტარებში ცდილობს, რაც შეიძლება ობიექტურად, ზუსტად, მიუკერძოებლად აღწეროს ის ვითარება, რომლის წიაღშიც ხორციელდებოდა ესა თუ ის ჩანაფიქრი. აი, ვთქვათ, როგორ იქმნებოდა "უსახელო უფლისციხელი". ნაწარმოების დასრულების შემდეგ გურამი მიდის ბიძამისთან, ცნობილ ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილთან: "უფლისციხიდან ჩამოსვლის მეორე დღესვე გურამი მივიდა ძია ლეოსთან და უთხრა, ნარკვევი უკვე დავწერეო. ძია ლეოს ეწყინა თავის ძმისშვილის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, ასეთ სამუშაოს ის თვეებს და შეიძლება წლებსაც კი ანდომებდა. თურმე უთხრა კიდეც: "როგორ უნდა დაგეწერა გურამ, წესიერად არც კი დაგიმუშავებია ჯერ მასალა. ასე ნაჩქარევად და ქარქვეტულად ისტორიული წყაროების დამუშავება არ შეიძლება". გურამმა უსიტყვოდ დაუტოვა "უფლისციხელი" და წავიდა. ძია ლეომ თქვა: გურამის წასვლის შემდეგ მაშინვე წავიკითხე მოთხრობა, ძალიან მომეწონა, მივხვდი, რომ მას სულ სხვა გზა ჰქონდა ცხოვრებაში და არასწორი ვიყავი, საყვედურს რომ ვეუბნებოდიო".
ეს და სხვა კომენტარები ცხადყოფს მწერლის ერთ თავისებურებას: მას შინაგანად გააჩნდა საიმისო რწმენა, რომ მისი სათქმელი არა მარტო სერიოზული იყო, არამედ სასურველი მხატვრული ძალმოსილების მქონე. ამ რწმენას გურამის მუდმივი დაძაბულობა განაპირობებდა. ეს დაძაბულობა განუყრელი შთაგონების ნაწილი გახლდათ.
მოთხრობაში "ზღვა არცთუ ისე ღელავდა" ძალზე დრამატული ამბავია გადმოცემული. გამჭვირვალე ლირიზმთან ერთად აქ თვალსაჩინოა სიცოცხლისათვის ბრძოლა, პერსონაჟების ტრაგიზმამდე გამძაფრებული რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კომენტარებში მკითხველი გაეცნობა თემო ჯაფარიძის მონაყოლს: "1957 წლის სექტემბერში გურამი და მე ვიყავით ზღვაზე, ბათუმში. გურამმა შეცურა ადიდებულ ზღვაში ვიღაცის გადასარჩენად, თუმცა იქ შეკრებილი ხალხი არ უშვებდა. ნაპირიდან ჩანდა, როგორ ჩაავლო ხელი კაცს და ნელ-ნელა, ცურვა-ცურვით როგორ მოჰყავდა ნაპირისკენ, გადაარჩინა. აღმოჩნდა პროკურორი, თათარი, მოსულიერდა თუ არა, ატეხა ყვირილი: მახრჩობდაო. ხალხი გაბრაზებული მივარდა. გურამი იცინოდა".
ვფიქრობ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ის რეაქცია მწერალთა მხრიდან, რომელიც მოჰყვა მოთხრობის "სიკვდილი მთებში" გამოქვეყნებას. საერთოდ, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ იყო მკაცრი ცენზურა, თამამი ლიტერატურული ნაწარმოებების ტენდენციური შეფასებები, გარკვეული ზეწოლა იმდროინდელ ახალგაზრდა მწერლებზე და ა.შ. ეს ყველაფერი, ცხადია, იყო და არც არის გასაკვირი, მაგრამ საინტერესოა მეორე მხარეც: ვთქვათ, ცნობილი მწერლების მიერ იგივე გურამ რჩეულიშვილის პირუთვნელი აღიარება, რასაც წერილობითი ფაქტები მოწმობენ. აი, ვთქვათ, რას წერს მოსკოვში მყოფ გურამის დედა: "... მეორე დღისით გამოსულა სიმონ ჩიქოვანი, რომელსაც კარგად გაურჩევია შენი ნაწერები და დაუსაბუთებია, რა, რატომ არის კარგად დაწერილი. მთელი ხალხით აღტაცებით შეხვედრია, ჩიქოვანს მოსწონებია "სიკვდილი მთებში", უთქვამს ეს ფილოსოფიური ნაწარმოებიაო, ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე ამის დამწერი 23 წლისა ყოფილაო..."
ამ მცირე ციტირებებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ საინტერესოა არა მხოლოდ გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები, არამედ მთელი ის ატმოსფერო, რომელშიც ისახებოდა, იქმნებოდა და მკითხველ-შემფასებელთა თუ მწერალთა სამსჯავროზე იხილებოდა ეს ქმნილებები. უაღრესად საინტერესო თემაა: "საბჭოთა ტოტალიტარიზმი ქართულ გარემოში და თავისუფალი აზროვნების მქონე ქართველი მწერალი".
ქართველ მწერალთა გარკვეული წრე, რა თქმა უნდა, იმთავითვე მაღალ შეფასებას აძლევდა გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს. მაგრამ ის ფაქტი, რომ მწერლის გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგ ქვეყნდება ეს ტომეულები, თავისთავად მეტყველებს: მკითხველისაკენ გასაკვალავი გზა არცთუ იოლი გახლდათ.
მეორე ტომში წარმოდგენილი ჯერ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რა დიდი შინაგანი თავისუფლების მქონე პიროვნება იყო გურამ რჩეულიშვილი. არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ დაგვებადოს აზრი, რომ ნამდვილად საინტერესო მწერლად მხოლოდ უსაზღვროდ თავისუფალი ადამიანი შეიძლება იქცეს. მე პირადად ღრმად დარწმუნებული ვარ, მეორე ტომში შესული მრავალი მოთხრობა საბჭოთა პერიოდში ვერ იხილავდა დღის სინათლეს.

© “წიგნები – 24 საათი”

Thursday, February 25, 2010

ზაზა შათირიშვილი - Artყვავილების შემდეგ


რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის Artყვავილების (2004 წ.) შემდეგ ქართულ პოეზიაში სამი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - გამოვიდა გივი ალხაზიშვილის ქორონიკონი (2006 წ.), შალვა ბაკურაძემ დაწერა ანკეოსის არგონავტიკა (2008 წ.), ხოლო ახალგაზრდა პოეტმა გიორგი კეკელიძემ დაბეჭდა თავისი პირველი პოეტური კრებული - ოდები (2008).
ჩემი წერილი სწორედ ამ სამ მოვლენას ეხმაურება.


ქორონიკონის მოქცევა:


გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტიკა


მოდერნისტული პოეზია ქალაქის პოეზიაა. ეს აქსიომური დებულებაა. რაც რომანტიზმის პოეზიისათვის ბუნებაა, ისაა ქალაქი მოდერნისტული პოეზიისათვის. მნიშვნელობა არა აქვს, განადიდებს თუ არა ურბანიზმს პოეტი - როგორც ვერჰარნი თუ მარინეტი, თუ განაქიქებს - როგორც რილკე, ან ამბივალენტურია - როგორც გოტფრიდ ბენი. მთავარი ისაა, რომ “ბუნებრივ” - “პასტორალურ” ლექსიკასა და ხატწერას ურბანისტული პროზაული მეტყველება და აქედან ამოზრდილი ლიტერატურულ-პოეტური ენა ანაცვლებს.
მოდერნისტული პოეზია საქართველოში, ცხადია, ყანწელებიდან და გალაკტიონიდან იწყება. მაგრამ საოცარი ისაა, რომ ვერც გალაკტიონთან და ვერც სხვებთან ქალაქი მაინც ვერ იქცა პოეზიის წამყვან თემად. პირველი პოეტი, ვინც ეს სრულფასოვნად მოახერხა - გივი ალხაზიშვილია. შოთა ჩანტლაძე XX საუკუნის II ნახევარში შეეცადა ამას, მაგრამ მისმა უდროო სიკვდილმა ქართულ პოეტურ ენას ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოაცალა.
გივი ალხაზიშვილმა კი ეს მოახერხა სულ ახლახან გამოცემულ თავის პოეტურ კრეულში ქორონიკონი (2006 წ.). ასე ეწოდება წიგნს და ამ წიგნის პირველ - ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო.
ქორონიკონი სამ ღერძს ეყრდნობა - ესაა ქალაქი, დაქტილი და ქალაქურ მეტყველებათა მრავალფეროვნება. ჩემი აზრით, ესაა პირველი გააზრებული კრებული ქართულ პოეზიაში, სადაც ლექსები თხრობის - ნარატივის - იმიტაციას წარმოადგენს.
რას მოგვითხრობს ეს კრებული? - იმას, რომ XIX-XX საუკუნეების ქართული კულტურა და პოეტური ტრადიცია დამთავრდა. ქორონიკონი დასრულებული ეპოქის შემაძრწუნებლად “თანამედროვე”, ალაგ-ალაგ ვულგარულ ენაზეც კი გამოთქმული რეკვიემია - შესრულებული ქართული პოეზიის მთელი მეტრულ-პროსოდიული საუნჯის გამოყენებით. ამ უკანასკნელმა გარემოებამ შეიძლება შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს და ჩავთვალოთ, რომ გივი ალხაზიშვილი “აგრძელებს” ტრადიციას. მაგრამ ვინც ამ კრებულს დაკვირვებით წაიკითხავს, ის მიხვდება, რომ “ლირიკულმა მე”-მ ძალიან კარგად იცის, რომ ტრადიციის გაგრძელება შეუძლებელია - ამიტომაც, ის არაერთხელ ჩაუვლის ამ არაერთხელ სახელგამოცვლილ /სახეგამოცლილ/ ქუჩებსა და მოედნებს -
დროს მოაქვს, დრო ისევ მოიტანს,
თითქოსდა შეისწავლა გამოწვლილვით -
საკუთარ წრეხაზზე მბრუნავი მოედანი,
მგონი, არაერთხელ სახელგამოცვლილი.
ქორონიკონი
- სადაც პოეტი ჭავჭავაძე და ჭავჭავაძის ქუჩა ერთმანეთისგან აღარ განსხვავდება (იქ, სადაც რუსთაველს შეერთვის ჭავჭავაძე, / ამაყად შემომხედავს თეატრი საოპერო... - “... ქუჩების ზიზღნარევ თვალებში გათანგვა”; აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტონიმიური ხერხი პირველად ლადო ასათიანმა გამოიყენა თავის ლექსში “... რუსთველის პროსპექტზე სიარული”) ისევე, როგორც რეალური ეტლი (საიდანაც გადმოვარდა თავადი ჭავჭავაძე) - “ეტლის” იმ მნიშვნელობისაგან, რაც ძველ ქართულად ზოდიაქოსა და დროის ბრუნვას აღნიშნავს -
სად მივალ, საითკენ, ვის მივეკედლები?!
ვიცი, რად არ ვწერდი ამ ლექსს ადრე,
ოდესღაც ამ ქუჩით დაქროდნენ ეტლები
და ეტლმა იმსხვერპლა პოეტი ალექსანდრე.
... ...
წავალ და ვიპოვნი ვინმე თანამოძმეს,
შევალთ დუქანში და გამოვცლით ერთ ლიტრას,
ეს ჩემი სხეულია, ვიხსენებ, თან ვამოწმებ,
როდის ჩამოვვარდი საწუთროს ეტლიდან.
“... ქუჩების ზიზღნარევ თვალებში გათანგვა”
აქ გარეუბანი და ცენტრი ერთამენთს ერწყმის და შორდება - ქალაქი ისევე მონიშნავს თავის საზღვარს, როგორც პოეტი - პოეტური ტრადიციის საზღვარს - “მთების ასომთავრული” მეტაფორაც აღარაა -
მთების მონახაზი ასომთავრულია,
ქალაქს რომ გარს უვლის დღისით და ღამითაც,
მდინარის დინება გახსოვს მთვარეული,
რომელიც გამოდის გაბმული გამიდან.
“...და ეს დღე სიმია...”…
ესაა ქალაქი - დანახული საკუთარი პოეტური ტრადიციის მიღმიდან, რადგან ის კულტურა, სადაც ცხოვრება შეიძლებოდა ისევე, როგორც საკუთარ სახლში - აღარ არსებობს.
ჟამიანობისგან ანატირი ჟამი
აშთობს, მწუხარება ვინც არ დაითმინა,
დარდით აღსავსეა გული - დირიჟაბლი,
ქალაქს გადაუვლის მისი არითმია.
"ლაკმე" გაიხსენე, "ლაკმე", ჩემო პალტოვ,
და ბუტაფორიის ყრუ ამოოხვრამდე
იქნებ დეკემბერმა ბაღი ჩამობარდნოს,
ვიდრე ბითურები ერთურთს გამოხრავდნენ.
ჭორები ვრცელდება თურმე ჰაერითაც,
აღარ ჩერდებიან მოდიალოგენი.
თუნდაც მოუსვლელში წადი, გაერიდე
თვალებს, განათებულს ზიზღის ჰალოგენით.
ინტელეტუალეთი
გივი ალხაზიშვილის პოეზიას ყოველთვის ახასიათებდა მეტრონომული ნეიტრალური ხმა. აქ ეს ხმა იმდენად ნეიტრალურია, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ გადადის მედიტაციური მეტყველება რეკვიემისა და გლოვის ინტონაციაში. და სწორედ ესაა ამ ხმის ყველაზე დიდი ღირსება -
მთვარეა თავმდგომი, ავადმყოფს ფანჯრიდან
დაჰყურებს ნაღვლიან თვალების ლაქები,
მიწის სიბნელიდან ეხმიანებიან
მიმქრალ მაჯისცემას მკვდარი ქალაქები.
დუმილს მოყურადეს და მარად გასუსულს
ნემსივით გაუვლის სირენა 03-ის
და ხელი, ჰაერში სიტყვას რომ დაეძებს,
თვალწინ ჩამოჭკნება მოტეხილ რტოსავით.
თეთრი ხალათების გადაჩურჩულება,
გახსნილი საფულე - ძველი პრეამბულა,
ტუმბოზე გულგრილი მოჩანს ნატურმორტი -
ვაშლი მონაკბეჩი, შპრიცი და ამპულა.
“... დროში ჩაიმალე, სადაც აღმოაჩენ”
სრულიად ყოფითი ადგილებიდან - ქელეხის სუფრიდან, კაფედან, ლიფტიდან, მეტროდან, კიოსკიდან - ისმის ხმა, რომელიც გველაპარაკება, მოგვითხრობს, გვესაუბრება. ესაა ხმა, რომელიც მოწყდა საკუთარ კერას, ფესვებს, კულტურას, საკუთარ ტანსაც კი (“ეს ჩემი სხეულია, ვიხსენებ, თან ვამოწმებ...”) - მაგრამ, რომელიც არ წუწუნებს და რომელიც ამას უყურებს როგორც "ბუნებრივ" მდგომარეობას. ესაა ხმა, რომლსაც დარჩა მხოლოდ ერთადერთი ადგილი - ხსოვნა:
სკამების ჭრიალი, ჩხაკუნი დანა-ჩანგლის,
მწუხარე თვალებში ღიმილის ჩამალვა,
შევკრთები ამ სცენით მრავალჯერ დანაჩაგრი,
ღია სარკმელივით გავყურებ ამ ალვას,
რომელიც ირწევა ნიავის სუნთქვისას
და ყველა ჩვენთაგანს შეიგრძნობს ფესვებად
და აქ მყოფ მარადღეს - უხილავ გულთმისანს,
უცნობი თვალები ამ ხალხით ევსება,
... ... ...
ჭიქიდან ჭიქამდე ანარეკლს ქარვისფერს
გახედავს ხორბლისფერ თვალებით კოლიო
და იმ ხმას, რომელსაც არავინ არ ისმენს,
გულდასმით ინახავს ხსოვნათა სქოლიო.
“...ქელეხის სუფრისკენ ქაოსურ მსვლელობას”
იოსიფ ბროდსკი მუდამ აღნიშნავდა, რომ ნამდვილი პოეტი ენის იარაღია და არა - პირიქით. მეც ვიტყოდი, რომ ენა გივი ალხაზიშვილის მეშვეობით საუბრობს ამ ქალაქზე, ამ ქალაქის საბოლოო სადგურზე, რომელიც ენობრივ-დამწერლობითი მეტაფორით მოინიშნება - "მთების ასომთავრული".
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ გივი ალხაზიშვილმა გამოაცოცხლა დაქტილი და გაამრავალფეროვნა ქართული პროსოდია; ამათანავე, - ტიციან ტაბიძის “ორპირის ციკლის” შემდეგ, ალბათ, პირველად ქართველი პოეტი შეეცადა სილაბურ-ტონური ლექსი ტონური პროსოდიისკენ მიედრიკა; ამავე დროს, ქორონიკონმა დაძლია პოეტური ინერცია და გალაკტიონის შემდეგ დაქტილი სხვა უჩვეულო სემანტიკით დატვირთა; რა თქმა უნდა, შეიძლებოდა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენმა პოეტმა საოცრად შეუხამა 14-მარცვლიან ელეგიურ მეტრს პროზაული და “ვულგარული” მეტყველება - ამით ის რეზო გეთიაშვილის პარალელური აღმოჩნდა.
მაგრამ, რაც მთავარია, ქორონიკონი იმასაც გვეუბნება, რომ ამა თუ იმ კულტურის დასრულებასთან ერთად ყოველთვის იწყება რაღაც ახალი - ისეთი, რასაც ჯერ სახელი არა აქვს (უფრო ზუსტად, აქვს ყველა სახელზე აღმატებული სახელი). გივი ალხაზიშვილი ამის გამოხატვას საკუთარი ახალი პოეტიკით შეეცადა:
შენც დროს იხანგრძლივებ, ჩავლილი დღეების
გესმის რეკვიემი და ზოგჯერ კანტატა,
არ ფიქრობ ბავშვები თუ გაგიხსენებენ
და იმ წრეს შეერწყმი, რომელიც თანდათან
ჩერდება, თუმცაღა ბრუნავს ინერციით,
ჩურჩულებ: ყოველ დღეს, ყოველ წუთს გიმადლი!
რა გამჭვირვალეა შენი სინანული -
ნაყოფი პირვანდელ სინათლის.
“... უსმენ შემოდგომის ფოთლებს მოჩურჩულეს”
და სწორედ ამიტომ, ქორონიკონი დიდი პოეტური კრებულია.
2008 წლის დასაწისში გივი ალხაზიშვილმა კიდევ ერთი ახალი კრებული გამოსცა, რომელსაც ქორონიკონი - 2007 დაარქვა. სათაური უკვე იმას მიგვანიშნებს, რომ ავტორი აგრძელებს საკუთარი ახალი პოეტიკის გამოცდასა და დახვეწას. კრებულში გამეორებულია 2006 წლის კრებულის პირველი ციკლი (ამავე სახელწოდებით - ქორონიკონი), ხოლო მეორე ნაწილს ახალი ლექსები შეადგენს. განსაკუთრებლი აღნიშვნის ღირსია ელეგიების ციკლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სხვა, უფრო ხანგრძლივი საუბრის თემა უნდა გახდეს.


ქართული პოეზიის მთვრალი ხომალდი:


შალვა ბაკურაძის ანკეოსის არგონავტიკა


შალვა ბაკურაძის ბრწყინვალე ლექსი ანკეოსის არგონავტიკა, გარკვეული აზრით, გივი გეგეჭკორის მოსახსენიებელიცაა.
ალბათ, ყველას გახსოვთ “ფრანგი პოეტები” - რონსარიდან რენე შარამდე და ანრი მიშომდე. ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ “აწვიმს ქალაქს, / ანდა მის გარეუბნებს” (ვერლენი), ან - “ჟამის გუგაში ბროლია ქრისტე, / საუკუნეთა მეოცე ბროლი...…” (აპოლინერი)... რობერ დესნოსის ლექსის - “ან მუხის გულით...” - ჰიპნოტური თარგმანი...
ვერ ვიტყვი, რომ გივი გეგეჭკორისეული “მთვრალი ხომალდი” შედევრია (ჩემი აზრით, ამ ლექსის თარგმნა საერთოდ შეუძლებელია, თუ ახალი არაფრანგულენოვანი რემბო არ გამოჩდა...), მაგრამ მთავარი ეს როდია! მთავარი ისაა, რომ თვითონ კრებული (რომელშიც ბევრი სამაგალითო თარგმანია) XX საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისური კულტურის საკუთრებაა, ამ კულტურის მომხდარი თუ შემდგარი ფაქტია.
სწორედ ამ კრებულის სულისკვეთებიდან დაიბადა შალვა ბაკურაძის ეს შესანიშნავი ლექსი. არ მინდა არც ერთი ციტატის მოყვანა. დაე, მკითხველმა თვითონ მოძებნოს ეს ნაწარმოები და შეიგრძნოს შორეულ ოკეანეთა და მდინარეთა, ცხოველთა და მცენარეთა, გაუვალი ჯუნგლებისა თუ ლიანების ლინგვისტური სურნელი...
რადგანაც არაფერია უფრო მაგიური და ჰიპნოტური, ვიდრე სახელები, სახელთა ჩამონათვალი და განსაკუთრებით - უცხო ენაზე...
ჭეშმარიტ პოეზიას არაფერი საერთო სნობიზმთან არა აქვს – ის, რომ სახელებს მაგიური ზემოქმედება ახასიათებს - იცის ყველა პოეტმა - ჰომეროსიდან დაწყებული და ბროდსკით თუ დერეკ უოლკოტით დამთავრებული.
საქმე ისაა, რომ ჩამონათვალი უცხო ენაზე იმას გახაზავს, რომ პოეტური ენა თვითონ წარმოდგენს “უცხო ენას” მშობლიური სამეტყველო ენის წიაღში.
ეს შესანიშნავად იცის შალვა ბაკურაძემ, რომელმაც ანკეოსის არგონავტიკით გვიჩვენა, რომ ის ნამდვილი პოეტია.
ახლა მის ხელშია საკუთარი პოეტური ხმის ბედი.


ქართული ვერლიბრის ახალი გზა:
გიორგი კეკელიძის ოდები


ვერლიბრი, როგორც სალიტერატურო მოვლენა, ახალი დროის მონაპოვარია. როგორც ახალი დროის (მოდერნის) თითქმის ყველა ფენომენი, ისიც ისტორიის სიღრმეში ეძებს საკუთარ გენეალოგიას. ერთი მხრივ, ვერლიბრი იმას მიუთითებს, რომ ის აბსოლუტურად ახალია - რადიკალური გადახალისებაა დრომოჭმული პოეტიკისა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარ ძირებს ბიბლიასა და ბიბლიის ე.წ. "პოეტურ" წიგნებში ეძებს (ფსალმუნები, იობის წიგნი და ა.შ.).
ასეა თუ ისე, ვერლიბრი მაინც XIX საუკუნეში იწყება - ბოდლერის, ალოიზიუს ბერტრანის, ლოტრეამონის, მალარმეს და სხვათა ე.წ. პროზად დაწერილ ლექსებსა თუ პოემებში და უოტ უიტმენის პოეზიაში. მაგრამ რადიკალური პოეტიკის სიბრტყეზე გადამწყვეტი სიტყვა XX საუკუნის ორმა ამერიკული წარმოშობის გენიალურმა პოეტმა თქვა - ელიოტმა და პაუნდმა.
სრულიად აღიარებული აზრია, რომ ელიოტის Waste Land-ი მოდერნიზმის საკვანძო ქმნილებას წარმოადგენს. დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობისაა ეზრა პაუნდის პერსონა და ჩინური ვარიაციები (აღარაფერს ვამბობ კანტოებზე, რომლსაც პაუნდი მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა და თან - რამდენიმე ენაზე, მათ შორის იტალიურად, ჩინურად...). ფრანგულ პოეზიაში მსგავსი წონის ფიგურას სენ-ჟონ პერსი წარმოადგენს პოეტური კრებულებით - ქებანი, მეფეთა დიდება ანაბასისი, ექსორია დ ა.შ.
ეს ყველაფერი XX საუკუნის 10-20-იან წლებში იწერება და ხდება.
რაც შეეხება ქართულ ვერლიბრს, აქ გადამწყვეტი სიტყვა, როგორც ყველაფერში, ყანწელებმა, მათმა მასწავლებელმა გრიგოლ რობაქიძემ და გალაკტიონმა თქვეს (ცხადია, არც ქართველი ფუტურესტები და დადაისტები უნდა დავივიწყოთ). ცხადია, ბევრი მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ მსურს, დავასახელო ორი სიმბოლური მნიშვნელობის ტექსტი - გრიგოლ რობაქიძის ირრუბაქიძე და გალაკტიონის პოემა ჯონ რიდი.
ამ მცირე და ძალიან უხეში ისტორიული ექსკურსის შემდეგ, ორი სიტყვით უნდა შევეხოთ ვერლიბრის თეორიულ-პოეტიკურ მნიშვნელობასა და ფუნქციას. ვერლიბრი მოდერნიზმის “მესიჯია”. მოდერნიზმის მთავარი უწყება კი ლიტერატურის საზღვრების გადასინჯვა და დადგენაა. მოდერნიზმი რადიკალურად აყენებს საკითხს ლიტერატურის ადგილისა და სალიტერატურო ენის ფუნქციის შესახებ. ის რადიკალურად მოსინჯავს ფიქციურობის (გამონაგონის) ფენომენს და მეტატექსტუალობა შემოაქვს - როგორაა შესაძლებელი ლიტერატურული ტექსტი? როგორ იწერება ნაწარმოები? - აი, რა შეკითხვებს გვისვამს მოდერნიზმი. ამიტომაც, კაფკა მოსინჯავს რეალობის საზღვრებს, პრუსტი - ინდივიდუალური ცნობიერებისა და თხრობის საზღვრებს, ხოლო ანდრე ჟიდი წერს ყალბი ფულის მჭრელებს, სადაც ერთ-ერთი პროტაგონისტი წერს რომანს სათაურით - ყალბი ფულის მჭრელები.
სავსებით ბუნებრივია, რომ მოდერნიზმმა გადასინჯა საზღვარი პროზასა და პოეზიას შორის. პასტერნაკს, XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მოდერნისტს, მიაჩნდა, რომ პროზა პოეზიაა, ხოლო პოეზია - პროზა. ვერლიბრი სხვა არაფერია, თუ არა ხილული საზღვარი პროზასა და პოეზიას შორის. და როგორც თომას მანი იტყოდა, საზღვრის გავლება - მისი გადალახვაა. სწორედ ეს რეალური საზღვარი მოსინჯეს და გადალახეს ჩემს მიერ უკვე დასახელებულებმა - ელიოტმა, პაუნდმა, პერსმა, აგერეთვე, აპოლინერმა, სანდრარმა, ჯეფერსმა, ხლებნიკოვმა, ილიაზდმა, მონტალემ, გოტფრიდ ბენმა (თავისი სახელგანთქმული მორგით), სიურრეალისტებმა, დადაისტებმა და ა.შ. ხოლო XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ვერლიბრი თითქმის ყველა ევროპულენოვანი პოეზიის ლამის ერთადერთ სალექსო ფორმად იქცა.
XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული პოეზია ეპოქის თანადროული აღმოჩნდა - გრიგოლ რობაქიძემ, ტიციანმა, გალაკტიონმა, გრიგოლ ცეცლაძემ, ნიკოლოზ ჩაჩავამ და სხვ. დაახლობით იმავე პერიოდში დაიწყეს ვერლიბრის წერა და პროზისა და პოეზიის საზღვრის მოსინჯვა თუ გადალახვა.
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისათვის ქართულ პოეზიაში მოდერნისტული ძიებები საბჭოთა იდეოლოგიური ცენზურის კალაპოტში მოექცა. ექსპერიმენტების დრო შეჩერდა (შეაჩერეს!). ქართული ვერლიბრი ხელმეორედ XX საუკუნის 60-70-იან წლებში თითქმის არარადან და თავიდან იშვა. აქ უნდა დავასახელოთ ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ჯარჯი ფხოველი, მამუკა წიკლაური, გივი ალხაზიშვილი... - მათი მნიშვნელობა, ისტორიულ-ლიტერატურულ-სოციოლოგიური თვალსაზრისით, უდავოა.
მაგრამ თეორიულ-პოეტიკური კუთხით ქართული ვერლიბრის თავიდან დაბადებაში გადამწყვეტი სიტყვა თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის. გიტანჯალის თარგმნისას ის დაეყრდნო ქართული პროზის ე.წ. მეტრულ გამოცდილებას - ვასილ ბარნოვისა და კონსტანტინე გამსახურდიას მეტრულ ექსპერიმენტებს პროზაში. საინტერესოა, რომ ბარნოვმა პირველმა გამოიყენა ე.წ. 14-მარცვლიანი მეტრი, რომლითაც მან რიგი ნოველებისა შექმნა და რომანებშიც კი შეეცადა მის გამოყენებას. გამსახურდიას “დიონისოს ღიმილის” მთელი რიგი პასაჟებისა სწორედ ამ მეტრითაა შერულებული. უკვე ჩვენს პერიოდში ამ მეტრს პროზაში ხშირად მიმართავდა და მიმართავს გურამ დოჩანაშვილი.
მაგრამ ჩხენკელმა სერიოზული ინოვაცია განახორციელა - როგორც კარგადაა ცნობილი, მან 14-მარცვლიანი მეტრი გახლიჩა და შიგნით '"უსასრულოდ" ჩასვა 5-4-9- მარცვლიანი პერიოდები. ეს, ბესიკის შემდეგ, რომელმაც სწორედ 14-მარცვლიანი ლექსი პირველმა დანერგა ქართულ პოეზიაში, ერთ-ერთი უდიდესი გადატრიალება იყო.
მაგრამ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მთარგმნელის საქმიანობას ერთი თვისება აქვს - ყოველთვის შეიძლება თავის გამართლება ორიგინალზე დაყრდნობით. ამიტომაც, ჩხენკელის რევოლუცია რეალურად მხოლოდ სამამულო ორიგინალურ ვერლიბრში გამოჩნდა. აქ ორიგინალური ლექსის ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იდეოლოგიური დარტყმა სწორედ მათ იწვნიეს და ვაჟკაცურადაც გადაიტანეს. ამ მხრივ, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას და სხვათა წვლილი გადაუჭარბებლად უნდა შეფასდეს როგორც ისტორიულ-ლიტერატურული გმირობა.
XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის ქართულ ვერლიბრში სრულიად გარკვეულად ორი ტენდენცია გამოიკვეთა. პირობითად ამას ხარანაულისა და სტურუას ხაზები შეიძლება ვუწოდოთ. ბესიკ ხარანაულის ვერლიბრი "პროზისკენ" გადახრილი ინტონაციურ-სამეტყველო ხაზია, ხოლო სტურუასი - "ჩხენკელისული" ვერლიბრი - დახუნძლული არამოტივირებული ტოტალური მეტაფორიკით (ამ ტიპის პოეზიის საუკეთესო ანალიზი მოცემულია როლან ბარტის ადრეულ შესანიშნავ ესეში - სათაურით მინა დრუეს პოეზია).
ბესიკ ხარანაულმა რამდენიმე შედევრი შექმნა, რომელიც ნებისმიერენოვან პოეზიას დაამშვენებდა. კარტოფილის ამოღება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართული პოეზიისა და ქართული სალიტერატურო ენის თითქმის გენიალური გამოვლინებაა. მაგრამ გენიალურ ან თითქმის გენიალურ ლექსებზე სწავლა შეუძლებელია - ახალი ლიტერატურული თაობა ლიტერატურულ ენას "ნორმატიული" პოეტიკის წყალობით ითვისებს. გალაკტიონმა, რომელსაც არაერთი შედევრი ეკუთვნის, მოახერხა და შექმნა საკუთარი “ნორმატიული” პოეტიკა, რომლის მიბაძვაც შესაძლებელი იყო. ხარანაულმა ეს ვერ მოახერხა - ძალიან დიდი ზღვარი აღმოჩნდა მის შედევრებსა და მისსავე წყალ-წყალა რიტორიკულ "პროზა-ვერლიბრს”' შორის. ამას თავის მიზეზიც აქვს - საქმე ისაა, რომ 60-70-იანელებიდან ის ერთადერთი იყო, რომელიც არ ეყრდნობოდა "ჩხენკელისეულ" ვერლიბრს და საკუთარ "პროზაულ" არამეტრულ ვერლიბრს მიჰყვებოდა.
XX საუკუნის 90-იანელები - ანუ "იათაშვილისა და ჯინსების თაობა” - გარეგნულად გაჰყვა ხარანაულს, მაგრამ სინამდვილეში მათი ჭეშმარიტი მასწავლებელი და მეტრი ლია სტურუაა - ლია სტურუა და, გარკვეული აზრით, ალენ გინსბერგი. ცხადია, ეს უკანასკნელი არა იმდენად მასწავლებელია, რამდენადაც - კულტურული ტოტემი და სოციოლოგიური ნიშანი უცხოსი და ეპატაჟურისა. ამაში ცუდი არაფერია - ასევე იყენებდა გალაკტიონი ვერლენის, ედგარ პოს, შელისა თუ ვილიე დე-ლილ ადანის სახელებს ინგლისური თუ ფრანგული ენებისა და ამ ავტორთა პოეზიის სრულფასოვანი ცოდნის გარეშე.
მაგრამ, თუ ცნობილ გამონათქვამს დავესესხებით, პოეზიაში ისევე, როგორც ომსა და სიყვარულში, მთავარი შედეგია. ჩვენს შემთხვევაში კი შედეგი ისაა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა და პოეზიის ენა დაიტბორა უმოტივო მეტაფორებითა და სტერილური ქართულით.
სწორედ მაშინ, როცა გამოსავალი არ ჩანს, მოდის ნამდვილი პოეტი. გიორგი კეკელიძის ოდები ქართული ვერლიბრის ახალი გზაა. ესაა გზა ქარიბდასა და სცილას შორის - დაუსრულებელ წყალ-წყალა პროზაულ სალექსო რიტორიკასა და არამოტივირებულ ტოტალურ მეტაფორიკას შორის.
გიორგი კეკელიძის მთავარი დამსახურებაა ისაა, რომ მან საკუთარი ვერლიბრი “ფოლკლორს” შეუზავა და დაამყნო. “ფოლკლორში” ჩვენ ვგულისხმობთ არა მოტივებსა და თემებს, არამედ - პოეტური სინტაქსს - პოეტური ფრაზის წყობასა და სტრუქტურას.
საქმე ისაა, რომ ნამდვილ პოეზიაში არაფერი არსებობს შემთხვევით - ნამდვილი პოეტური ფრაზა ერთადერთი და უალტერნატივო გზით გამოითქმის. თუ მკითხველს უჩნდება განცდა, რომ ამის თქმა სხვაგვარადაც შეიძლებოდა, იქ პოეზია არ არის. ნებისმიერი მეტაფორა, ნებისმიერი პოეტური ფრაზა მხოლოდ მაშინაა “წარმატებული”, თუ ის ენის იმანენტურ - შინაგან კანონზომიერებებსა და სტრუქტურებს ეყრდნობა. და ამისათვის სულაც არაა საჭირო, რომ პოეტი ან მკითხველი სრულად ფლობდეს ამ კანონზომიერებებს ლინგვისტური რეფლექსიით სახით. პირიქით - როცა ნამდვილად პოეტური ტექსტი იბადება, ამას ან შთაგონებას, ან ინტუიციას ანდა მუზასა თუ არწივს მიაწერენ (და სავსებით სამართლიანადაც - აქვე შევნიშნავ, ჩემი მხრივ). როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოსიფ ბროდსკი მიიჩნევდა, რომ სწორედ პოეტია ენის იარაღი არა ენა - პოეტისა.
მოვიყვან შემდეგ მაგალითს. ყველას მოგვწონს გალაკტიონის ქრესტომათიული ხატი - “ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...”. რატომ მოქმედებს ჩვენზე ეს ფრაზა? რატომ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ აქ საუბარი, საბოლოო ანგარიშით, სიკვდილზეა (რაც ასე კარგად ჩანს ლექსის ფინალში - “... სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი”)? იმიტომ, რომ ამ ხატის უკან დგას ისეთი ფრაზეოლოგიურ-იდიომური გამოთქმები, როგორებიცაა - “დარდს გადაჰყვა”, “მშობიარობას გადაჰყვა” და ა.შ. ამის შესახებ არც გალაკტიონი ფიქრობს და არც - მკითხველი. მაგრამ - როგორც ენის მატარებელნი - ორივე (პოეტიცა და მკითხველიც) - მეყსეულად ხვდება, “სად არის ძაღლის თავი დამარხული”.
გიორგი კეკელიძე მუშაობს ენის შინაგან “ფოლკლორზე” - იმ პლასტზე, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ენის დაფარულ კარკასთან - იდიომებთან, ფრაზეოლოგიზმებთან, კილო-თქმებთან და ა.შ. ეს უკანასკნელნი ენის ე.წ. “გაქვავებულ” შრეს აყალიბებენ - ენის იმანენტურ რიტორიკას ქმნიან. თუკი რეზო გეთიაშვილი სწორედ ამ “პირველად” პლასტზე მუშაობს, გიორგი კეკელიძე აბრუნებს და ატრიალებს ენის იმ “მეორეულ” შრეს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ენის გაქვავებულ ლინგვისტურ მაგმასთან. სწორედ ასე უნდა გავიგოთ კეკელიძის “ფოლკლორი” და არა როგორც - ალუზიები, ციტაციები და თემატურ-მოტივური ნასესხობები (თუმცა, მის ლექსებში ეს ყოველივე, ცხადია გვხვდება).
მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:
ასი დედალ,
ასი მამალ,
ასი მისი მოჩხოროზი,
აჰა, მიწაო ქალი,
აჰა, ფეტვი მიწაო,
დაითესე და ამრავლე,
ასი დედალ,
ასი მამალ –
კეთილი იყოს ჩემი ფეხი
კეთილი და ხვავრიელი...
..ოცი წლისა რომ შესრულდი,
თავი გექცა უბედურად,
გულს დაიდე მწვანე ლოდი
და იქ წევხარ,
მე აღარ მიყურებ,
მიწისკენ გაგექცა თვალები,
მიწა ძლიერია ჩემზე,
ჩემზე დარდიანი,
ეჭვი მღრღნის
და სხვა ლოცვას ჩავძახი:
არცა დედალ,
არცა მამალ,
არცა მისი მოჩხოროზი,
აჰა, მიწაო ქალი,
აჰა, ფეტვი ხელუკუღმა შეყრილი
და უკან მოვძუნძულებ,
ეჭვი მღრღნის – რქები ამომივიდა.
-აქა შენი წასვლა-
ანდა კიდევ ასეთი მაგალითი (უფრო რთული):
…მაინც ვერ ავთვალე სხეულს წყევლა,
რელსებზე ხავსივით მოჭიდებულ,
ფარდით თვალდამუწულ გრძელ ვაგონზე
კოდალას ნისკარტით უკაკუნებს
წვიმა ცის ბუდიდან მოფრენილი,
სიზმრებს ჭიებივით ამომაცლის,
რომ თივაგათელილ ჯვალოსავით
დავიგო დამფრთხალი ძილი...
ქარი პირაქით მცემს,
გზებს კი ზურგის ჩრდილი
და მცემს ახდენილი ოცნებების
მოტკბო და უშენო სუნი.
წითელი ოდა
ლიტერატურათმდოდნე და კრიტიკოსი გაგა ლომიძე თავის შესანიშნავ სტატიაში ექსტაზის პოეტიკა, რომელიც გიორგი კეკელიძეს ეძღვნება, აღნიშნავს: «თუკი შევთანხმდებით, რომ პოეტური ენა მეტაფორულია, პოეზიის ღირსებაც მისი მეტაფორულობით და ენის გაცოცხლების შესაძლებლობით, ანუ თვით პოეტის სიტყვების პერიფრაზირებით რომ ვთქვათ, “სიტყვის ურდოებისთვის ფერადი სამოსის დართვით” განისაზღვრება. ამას კი ყველაზე უკეთ გიორგი კეკელიძის პოეტურ ფიგურებში, გრამატიკულ სტრუქტურებში, სხვადასხვა ტექსტს შორის ალუზიური პარალელების გავლების უნარში და, საერთოდ, მის ესთეტიზებულ პოეზიასა და მეტაფორებში ამოიკითხავთ.»
კრიტიკოსი აბსოლუტურად სწორია და ზუსტი. განსაკუთრებით ადეკვატურია “გრამატიკულ სტრუქტურებზე” აპელირება. სწორედ ისინი არ აძლევენ ნამდვილ პოეტს იმის უფლებას, რომ წეროს “ენის გარეშე” - უმოტივო ხატებისა და წყალ-წყალა ფრაზების მეშვეობით. პოეტს მხოლოდ მაშინ აქვს მიდებული “მკერდს ქნარი როგორც უნდა”, როცა ის უსმენს ენას და როცა მიჰყვება ენის შინაგან - ხშირად მისთვისაც კი დაფარულ - ლოგიკას.


P.S. ეპილოგის ნაცვლად


ქართული ლიტერატული სამყარო დღეს ღრმად ფრაგმენტირებულია. აქ მე ოდნავადაც არ ვგულისხმობ ლიტერატურული წრეების, სალონებისა თუ “ტუსოვკების” სიმრავლეს. ასეთი რამ ლიტერატურულ პროცესს თითქმის ყოველთვის ახასიათებდა და ახასიათებს. მე ვსაუბრობ მკითხველი აუდიტორიის იმგვარ ფრაგმენტაციაზე, როცა შეუძლებელი ხდება ნამდვილი პოეტური ნაწარმოებისა თუ ნამდვილი პოეტის ამოცნობა. ეს საკითხი ცდება სუბიექტური გემოვნების ფარგლებს და ბევრად უფრო სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს - ესაა ენის როგორც “ყოფიერების სახლის” კრიზისი. არავინ იფიქროს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ჩვენში ხდება - საუბარია გლობალურ ფენომენზე, რომელზეც ბევრი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი თუ ფილოსოფოსი დიდი ხანია, მიუთითებს.
ასეთ პირობებში უკვე შეუძლებელია საუბარი ერთიან სალიტერატურო კანონზე, სკოლაზე, - სადაც ეს კანონი ისწავლება და - უნივერსიტეტზე, სადაც მიმდინარეობს ამ კანონის გააზრება თუ გაანალიზება.
ცნობილი თანამდეროვე თეორიტიკოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ გამოკვლევაში მიუთითებს, რომ სალიტერატურო დისციპლინების ველი იმ სახით, რა სახითაც ის XX საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა - დამთავრდა. ჩვენ საქმე გვაქვს ახალ ფენომენებთან, რომელთა გააზრებაც საკმაოდ რთულია, რადგან ჩვენ ამ ცვლილებებში ვიმყოფებით.
ცხადია, რომ ეს მეთოდოლოგიური კაპიტულაციაა. მაგრამ გუმბრეხტი სულაც არაა გამონაკლისი. ესაა ჩვენი დროის ნიშანი - ჩვენ ვეღარ ვასხვავებთ ესთეტიკურად უკეთესაა და უარესს, რომლის უკანაც კიდევ უფრო დიდი - უკვე ეთიკური პრობლემაა - ჩვენ ვეღარ ვასხვავებთ კარგსა და ცუდს, კეთილსა და ბოროტს. იმას, რომ ესთეტიკური რელატივიზმი მორალურ რელატივზმთან კორელაციაში იმყოფება, - არავინ უარყოფს. მთავარია, ჩვენ თვითონ როგორ ვაფასებთ ამას - როგორც ემანსიპაციასა და გათავისუფლებას, თუ - როგორც ბანალურ განურჩევლობასა და ტრივიალურ გულგრილობას.
ამიტომაც, მე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის უისტან ჰიუ ოდენის კვალდაკვალ, მიმაჩნია, რომ ლექსების კარგად წერა ეთიკური აქტია. ეთიკური აქტია, აქვე დავძენ, კარგი ლექსების დანახვა და ნამდვილი პოეტის აღიარება.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ნოდარ ლადარია - დიდი პატარა ბოროტება

ნოდარ ლადარია
დიდი პატარა ბოროტება
ლევან სანიკიძე, როინ მეტრეველი. ჩვენი სამშობლოს მატიანე, სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მე-5 კლასისათვის, ცისარტყელა, თბილისი, 2002.


ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ერთ სტატიაში ასეთ ამბავს მოგვითხრობს: მადრიდის საჯარო ბიბლიოთეკაში ვინმე ჯუჯა დადიოდა. ერთხელაც ბიბლიოთეკარს ლექსიკონი სთხოვა. ბიბლიოთეკარი, ეტყობა, ახალი იყო და ჯუჯას ჰკითხა: "რომელი გნებავთ, ბატონო, გერმანული, ფრანგული, ლათინური?". "სულ ერთია, — მიუგო ჯუჯამ, — უბრალოდ, მაგიდას ვერ ვწვდები და ლექსიკონზე უნდა დავჯდე"...
არსებობს საქმე, რომლის გასაკეთებლად სურვილი კი არა, მოვალეობა მოგიწოდებს, ან საფრთხის თავიდან აცილების საჭიროება. სწორედ ამიტომ ვიტვირთე ამ რეცენზიის დაწერა, რადგან კარს მომდგარი საფრთხე შევიცანი უბრალო სასკოლო სახელმძღვანელოში.
განსახილველი წიგნი პირდაპირ ტყუილით იწყება: "წარსულის შემსწავლელ მეცნიერებას ჰქვია ისტორია, ანუ მატიანე; ისტორიის შემსწავლელ მეცნიერს — ისტორიკოსი ანუ მემატიანე".
ცხადია, ისტორია და მატიანე სინონიმები არაა, მაშ რატომ გააიგივეს ეს ორი ცნება ავტორებმა? იქნებ ჩვენში ისტორიკოსთა პროფესიული შეგნება ჯერაც იმ საფეხურზე იმყოფება, როცა ისტორია და მატიანე ერთსა და იმავეს ნიშნავდა? ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ჯერ ის ვიფიქროთ, რომ ავტორები ჩვენი შვილების ინტელექტუალურ რესურსებს უფრთხილდებიან და მათი ნაადრევად დაძაბვა არ სურთ. რა თქმა უნდა, ამით ვერ გავამართლებთ მცდარი დებულებების სახელმძღვანელოში შეტანას, მაგრამ მოსაწყენი მეცნიერული მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, რომელსაც, სხვათა შორის, განსახილველი ტექსტი არ იმსახურებს, შევეცადოთ, პასუხი გავცეთ ორ კითხვას: მიუხედავად ავტორთა ზრუნვისა, გაიგებენ თუ არა ბავშვები, რა წერია წიგნში? რა დასკვნები შეიძლება უკარნახოს მკითხველის ჩვილ გონებას სახელმძღვანელოს ტექსტმა? ოღონდ თავიდანვე ვთქვათ, რომ ჩვილი გონების პატრონად არა მხოლოდ მოსწავლეები მიგვაჩნია, არამედ მასწავლებელთა უმრავლესობაც.
მივყვეთ ავტორთა რჩევას: "დედაენა რომ გისწავლია, ახლა შეუდექ შენსავე დედაისტორიას, ანუ დედამატიანეს!" თავიდანვე ნუ ვიქნებით ბოროტები და ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რა ასოციაციები შეიძლება გაუჩნდეს რიგით ქართველს, როცა ეუბნებიან, შენს დედამატიანეს შეუდექო.
მაშ ასე, გადავფურცლოთ წიგნი და ალალბედზე ამოვიწეროთ, რაც მოგვეწონება. ისტორიასა და მატიანეს შორის განსხვავებას თურმე ჩვენი შვილები ვერ გაიგებენ, — ნეტა ამას თუ გაიგებენ:
"ქართული სამყარო დიდი ბერძნული ცივილიზაციის კვლავ ახლო მოკავშირე და მონაწილე შეიქნა" (გვ. 10) — ტერმინი "ცივილიზაცია" არაა განმარტებული.
"ქართველები პარტიზანულ ომზე გადავიდნენ" (გვ. 14) — I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე!
"გაჩაღდა და გაცხოველდა ქვეყნად ახალი მოძღვრების — ქრისტიანობის გავრცელების სამოციქულო მოღვაწეობა"
"კონსტანტინოპოლიდანაც მოატანეს მომნათლავმა მოწესეებმა და გაჩაღდა მონათვლა, ანუ "მოქცევაი ქართლისაი" (გვ. 21) — "მომნათლავი მოწესე" ნეტა რა არის? სად გაუგონიათ ამგვარი გამოთქმა ავტორებს, რომელთაგან ერთ-ერთი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი როინ მეტრეველი) წიგნის რედაქტორიცაა — ასეთი შეთავსება თუ შესაძლებელი იყო, არ მეგონა, მაგრამ სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ? ადრე, მახსოვს, საკოლმეურნეო შრომას აჩაღებდნენ, ახლა ქართლის მოქცევას — ვაჰ, დრონი, დრონი!
"ხელითა და ნივთით შენამოქმედს მატერიალური ანუ ნივთიერი კულტურა ჰქვია" (გვ. 29) — ძლივს ტერმინის ახსნა მოინდომეს და აი, რა გამოუვიდათ.
"საპასუხოდ ირანელმა ამირებმა ასიათასიანი არმია აფრინეს" (გვ. 33) — ალბათ მფრინავი ხალიჩებით, როგორც "ათასერთ ღამეში". ეს ირანელი ამირები კი ვინ არიან? ძნელი იყო განმარტება?
"დიდგვაროვანი — დიდი გვარისა, შთამომავლობით წარჩინებული" (გვ. 35) — პირველი განმარტება ტავტოლოგიურია: დიდგვაროვანი — დიდი გვარისა. მეორე კი მცდარი: შთამომავლობა შვილებსა და შვილიშვილებს ნიშნავს, არისტოკრატობას კი წინაპრები აპირობებენ.
"დავითმა ქმედითი ღონისძიებები გაატარა საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგების მიზნით" (გვ. 40) — ეს წინადადება, როგორც ეტყობა, ცეკას ბიუროს რომელიმე სხდომის ოქმიდან გაახსენდა ერთ-ერთ ავტორს (აბა, გამოიცანით, რომელს!).
"პოემა "ვეფხისტყაოსანი"... დღეს მსოფლიო ლიტერატურის ხელთუქმნელ ძეგლადაა მიჩნეული" (გვ. 46) — მე არც ის ვიცოდი, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მოიპოვება ნამდვილი წევრები, რომლებსაც არ ესმით, რას ნიშნავს ტერმინი (ეს ტერმინია!) "ხელთუქმნელი".
"მონღოლთა ბატონობა საქართველოს ეკონომიკური დაქვეითების საფუძველი გახდა" (გვ. 49) — "მიზეზი" მაინც დაგეწერათ, თქვე დალოცვილებო! თანაც, ბავშვები რას გაიგებენ, რას ნიშნავს ეკონომიკური დაქვეითება? მე კი რას ვჩივი, როცა წიგნში არსადაა განმარტებული, რას ნიშნავს ფეოდალი!
"მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში კახეთს "გაყიზილბაშების" აშკარა საფრთხე დაემუქრა" (გვ. 59) — აქ აკადემიკოსს, ეტყობა, გულმა რაღაც უკარნახა და ბრჭყალებში ჩაასმევინა "გაყიზილბაშება". ეჰ, რომელიმე ჭკვიანურ წიგნში ჩახედვა კი ისევ დაეზარა.
"მეფის რუსეთს უნდოდა საქართველო და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნები თავის კოლონიად გადაექცია" (გვ. 82) — რას ნიშნავს "უნდოდა"? ილიკოსა და ილარიონის პოლიტიკური დისკუსიები მოვიგონოთ, თუ კინოფილმი "ჩაპაევი"?
"მათ მძაფრი ბრძოლა გააჩაღეს ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული გათავისუფლებისათვის" (გვ. 85) — ერთხელ გააჩაღეს, ორჯერ გააჩაღეს, აღარა კმარა?! თანაც ეს სოციალური და ეროვნული რაღაა, არ უნდა განვუმარტოთ ბავშვებს? მხოლოდ ოთხი გვერდის შემდეგ წერია, რომ "ლათინური "სოციალური" იგივეა, რაც ქართული "საზოგადოებრივი". ბერძნული "დემოკრატიული" იგივეა, რაც ქართული "სახალხო" ანუ სრული თარგმანით — "ხალხის ძალაუფლებრივი". ღმერთო, რა უბადრუკობაა! აბა, სიმარტივეს ხომ არ დავარქმევ ამ იწილო-ბიწილოს. მეხუთეკლასელი ბავშვები პატარები და გამოუცდელები რომ არიან, ეს სულაც არაა საბაბი მათი მასხრად აგდებისათვის.
ვიკმაროთ ეს ზერელე და არასრული მიმოხილვა, რომელიც უკვე გვაძლევს საფუძველს შემდეგი დასკვნისათვის: წიგნი სავსეა ფაქტობრივი და ტერმინოლოგიური შეცდომებით, სტილისტური თვალსაზრისით კი სრულიად მიუღებელია. აქ მრავლადაა უცნაური არქაული ჟღერადობის ნეოლოგიზმები (სანიშანსვეტო, ერისუფალი, ამოკვართა, შენამოქმედი), განუმარტავი ტერმინები, საკანცელარიო გამოთქმები. ერთი სიტყვით, სახელმძღვანელოს ენა რაღაც საშუალოა დაქირავებული თამადის ღვლარჭნილ სადღეგრძელოსა და რიგითი საბჭოთა მეცნიერის წლიურ თემას შორის.
და მაინც, რა გაუგებარი ან უაზროც არ უნდა იყოს ტექსტი, სახელმძღვანელოს "ჟანრი" მკითხველს მაინც აიძულებს რაღაც დასკვნების გამოტანას. ახლა ზემოთ დასმულ მეორე კითხვასაც მივხედოთ და ვნახოთ, არის თუ არა ტექსტში რამე იდეოლოგიური ტენდენცია.
უპირველეს ყოვლისა, წიგნი ჩაგვაგონებს იდეას, რომ საქართველო მრავალტანჯული ქვეყანაა. რამდენად კონსტრუქციულია ეს იდეა, ამაზე მსჯელობა უადგილოდ მიმაჩნია. ახლა უფრო არგუმენტაციის სტრატეგია მაინტერესებს. ჯერ ერთი, მტრები: ისინი თითქმის ყოველთვის ეთნიკური ნიშნით მოიხსენებიან: ბერძნები, რომაელები, ირანელები, თურქები, მონღოლები, თათრები (!), რუსები. ამავე დროს, შიგადაშიგ უცნაურად წამოჰყოფენ ხოლმე თავს "დიდგვაროვანი ფეოდალები", "ურჩი თავადები", სხვადასხვა ჯურის ერის მოღალატეები, მებატონეები, კაპიტალისტები. ამათ რა უნდათ, გაუგებარია, მაგრამ აშკარაა, რომ შიგნიდან ჯიჯგნიან საქართველოს და შეძლებისდაგვარად წვლილი შეაქვთ მის მრავალტანჯულობაში. ყველა ამ მტერს ერთადერთი მოტივი ამოძრავებს: მათ საშინლად სძულთ საქართველო და მისი სულ მცირე წარმატების გამო დაუძლეველ შურს განიცდიან. ამიტომ მათ მიმართ უხვადაა დარიგებული ეპითეტები: "პირსისხლიანი", "მძვინვარე", "გულზვიადი", "გაცოფებული", "ბრიყვი" და მისთ. მათი მოქმედება საქართველოსა და ქართველების მიმართ სრულიად ირაციონალურია.
საერთოდ, სხვა ეროვნების მიმართ, თუმც მტრული არ იყოს, რამდენადმე ქედმაღლური დამოკიდებულება წიგნში აშკარად შეინიშნება. მაგალითად, მე-17 გვერდზე ვკითხულობთ: "პალესტინიდან გადმოხვეწილ ებრაელთა ნაშიერნი" — კიდევ კარგი, "ურიის ჭონტოლნი" არ წერია, როგორც 1930-იან წლებში შეიძლება დაწერილიყო.
წამდაუწუმ იყენებენ ავტორები ისტორიული მასალის ფსევდოლიტერატურულ გადმოცემას:
"მე რა კაცი ვარ, თუ ქართლ-კახეთი საბოლოოდ არ დავიპყარი! — განაცხადა მძვინვარე შაჰმა და 1625 წელს საქართველოში დიდი მხედრობა გამოგზავნა" (გვ. 57). რამდენიმე სტრიქონით ზემოთ კი წერია: "შაჰ-აბასს საქართველოს ძირფესვიანად ამოგდება სურდა". დავანებოთ თავი ამ ტექსტის აბსურდულობას, დავუშვათ, ეს მართლაც ასეა. საკვირველი სხვა რამეა: მთელი წიგნის მანძილზე არც ერთხელ არაა ახსნილი საქართველოს მტერთა ამგვარი სურვილებისა და მოქმედებების მოტივი. რატომ ჰგონიათ ავტორებს, რომ ჩვენი შვილები იმბეცილები არიან? იქნებ სურთ, ასეთებად აღზარდონ, რომ მომავალშიც უგანაჩენო ფარასავით მოადგნენ უმაღლესი სასწავლებლის კარებს და... აღარ გავაგრძელებ, უჩემოდაც ბევრს წერენ და ლაპარაკობენ ამაზე.
მტერთა ირაციონალიზმი და საქართველოსადმი ზიზღი კულმინაციას აღწევს XX საუკუნეში: "რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი თავგამოდებით ცდილობენ დააკნინონ სტალინის, როგორც ქართველის როლი მათი ქვეყნის მანამდე გაუგონარი აღზევების ისტორიაში და განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობიან მის მშობელ საქართველოს" (გვ. 96).
მანამდე კი წერია: "1945 წლის 9 მაისს სტალინი დიდი გამარჯვებით ამთავრებს "დიდ სამამულო ომს". ქართველი იყო, მაშ!
კიდევ უფრო ზემოთ კი აბსურდის ტრიუმფს ვხედავთ: "არავის არასოდეს რუსი ხალხი იმ სიმაღლეზე არ აუმაღლებია, როგორც იგი აამაღლა ქართველმა. სწორედ მისი სტალინიზმი იქნება მანამდე არნახული და არგაგონილი მოცულობა და სიმძლავრე რუსული იმპერიული მპყრობელობისა" (გვ. 95) — აააააუუუუ!!! Грузите апельсины бочками!
ერთი სიტყვით, სახელმძღვანელოს ტექსტი ეთნიკური მიკუთვნებულობის გარდა სხვა ღირებულებას არ იცნობს და მისი მთავარი, უფრო მეტიც, ერთადერთი მიზანი ქართველისა და არაქართველის დაპირისპირებაა.
თვით ქართველს კი რა მოვალეობას აკისრებენ ჩვენი ავტორები? ძალიან მარტივს: "ისწავლე ილია! იყავ ილიელი!" ეს ისე, ნორჩი ლენინელის პონტში. არა გჯერათ? აჰა, დატკბით: "ყოველი ქართველი ვალდებულია, ყოველ წელს, 30 აგვისტოს, ანუ ახალი სტილით 12 სექტემბერს, ილიას ვერაგული მკვლელობის დღეს, მივიდეს წიწამურზე და მუხლი მოიყაროს იმ ადგილზე". როგორც გენებოთ, ძმანო ქართველნო, ერთი რამე კი ჭეშმარიტია: რამდენიც არ უნდა იაროთ წიწამურზე მუხლის მოსაყრელად, იმ ადგილას არასოდეს შეგეყრებათ ამ წიგნის ავტორი და რედაქტორი.
ახლა კი დროა, მკითხველო, რომა მშვიდობა ვნახოთ ჩვენც და საქართველომაც. ოღონდ ჯერ დასაწყისში მოყვანილი ამბავი უნდა გავამართლო, — ხომ გახსოვთ მადრიდელი ჯუჯა. ჩვენი ავტორები საქართველოს მატიანეს კი არ წერენ, არც ეყრდნობიან — ისინი უბრალოდ ასხედან მას. დასკვნა ერთადერთია: ამგვარი წიგნის სკოლაში შეტანა მავნებლობაა, და თუ ვინმეს ამ სიტყვაში სტალინიზმის აჩრდილი მოელანდება, უბრალოდ, ვეტყვი: ნუთუ ტყუილისა და უგემოვნებობის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩა, სამშობლოს სიყვარულის ჩასანერგად?
ერთი პირობა გაკვირვების გამოთქმა მინდოდა იმის გამო, რომ მიუხედავად საერთო გულისრევისა, წიგნი მაინც დაამტკიცეს. სრულიად შემთხვევით და ძალიან კონფიდენციალურად გამანდეს, რომ კონკურსზე წარდგენილი ალტერნატიული სახელმძღვანელო ამაზე უარესი იყო. გიხაროდენ: ჩვენს თავზე ისეთი მადლი ტრიალებს, რომ პატარა ბოროტებაც დიდზე დიდია!

© “წიგნები – 24 საათი”

ჯუანშერ ტიკარაძე - ლექსები


ანდრო ბუაჩიძე
ილუზიების მსხვრევა
ჯუანშერ ტიკარაძე. ლექსები. რედაქტორი თინათინ ბოლქვაძე. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილისა. გარეკანზე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის ფოტო. თბ. "დიოგენე", 2002.


ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების წიგნმა პირადად მე მრავალი საფიქრალი აღმიძრა. ეს საფიქრალი პოეტური აზრის მოძრაობას და ზოგადად პოეზიის თანამედროვეობასთან მიმართებას შეეხება. იცვლება დრო, იცვლება გამოხატვის ხერხები და საშუალებები. ასე იყო და ასე იქნება მუდამ. მაგრამ საგულისხმოა სწორედ ცვალებადობის ხასიათი, ხარისხი, დიაპაზონი. საინტერესოა რა იცვლება გარემომცველი სინამდვილის კარნახით თუ ზემოქმედებით ადამიანში და აქედან გამომდინარე, პოეზიაში. უფრო სწორად, ისეთი რა ცვლილება მოხდა (იგულისხმება ჩვენი, ქართული გარემო) ადამიანში, რომ პოეტური აზრის მიმართულება რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა კი? როგორია საერთო სურათი?
არიან ჩვენში პოეტები, რომლებიც ჯიუტად ინარჩუნებენ ტრადიციულობის ელფერს და პოეზიის კლასიკური განსაზღვრების ჩარჩოებში თავსდებიან. არიან, მეორე მხრივ, ისეთებიც, რომლებიც ამ ჩარჩოებიდან ნებისმიერი გზით გათავისუფლებას ცდილობენ ან უკვე გათავისუფლდნენ. ერთი რამ კი ცხადია: ყოველმა მათგანმა დროის შესატყვისად სიახლისკენ მიზანმიმართული გეზი აიღო და თან ეცადა, "პოეზიის ენა" არ დაეკარგა. მიზანმიმართულიო, ვამბობთ, მაგრამ ეს ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს. "სიახლისკენ სწრაფვა" მოარული შტამპია. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად ხდება. პოეტი ინტუიტურადაც და ცნობიერადაც ეძებს განსხვავებულ ფორმას, განსხვავებულ ინტონაციას, რომელიც მის პიროვნულ ინდივიდუალობას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამ ძიების გზაზე მას არ შეიძლება რაღაცგვარი მიმართება არ ჰქონდეს უკვე არსებული ტრადიციისადმი. ტრადიციის ყველაზე რადიკალური უარყოფაც კი მის გარკვეულწილად გადააზრებას გულისხმობს.
ჯუანშერ ტიკარაძის ლექსებმა იმიტომ ამიშალა ფიქრის საღერღელი, რომ მან სწორედ ტრადიციის თავისებური გადაფასების საფუძველზე სიახლეთა ნიშნით აღბეჭდა თავისი ლირიკული ნააზრევი. ამავე დროს მან, ჩემი აზრით, შეძლო თავი დაეღწია "შემოქმედებითი ვაკუუმისთვის", სიცარიელისთვის, რომელშიც არაერთი ახალგაზრდა პოეტი მოხვდა. იქ მოხვდა ის, ვინც ქართულენოვანი პოეტური ტრადიცია ხელაღებით უარყო და ვერაფერი მოიხვეჭა მკვდარი სიტყვების გარდა. მკვდარი სიტყვების ანაბარა კი იგი შეიძლება დარჩეს, ვინც არ იცის ერთი რამ: არაფერს ისე არ ეშინია სიტყვიერი ქაოსისა, როგორც პოეზიას. პოეზია სწორედ სიტყვიერი სიზუსტის ხელოვნებაა. პოეტურ აზრს ცხოველმყოფლობას სხვა უნარებთან ერთად სიტყვის საჭირო კონტექსტში ჩასმის უნარი ანიჭებს.
ჯუანშერ ტიკარაძის ლექსები მეტწილად ვრცელია, მაგრამ აქ ძნელად თუ იპოვით უფუნქციო სიტყვებს. მისი აზროვნება კონკრეტულ და შეუნაცვლებელ სიტყვებზეა აგებული. აქ მეტწილად ამბის თხრობაა ან მედიტაციაა, ხშირად ერთი ენაცვლება მეორეს. თავისუფალ ლექსებში მეტაფორული აზროვნება მინიმუმამდეა დაყვანილი, კონვენციური ლექსის სტურქტურაში კი მეტაფორა თითქოს თავის "ჩვეულ ადგილს" იკავებს. ლექსის კონვენციურობაც სწორედ ამით არის განსაზღვრული, რომ ყველა ტრადიციული სალექსო კომპონენტი ერთად იყრის თავს. ამიტომ ჯუანშერ ტიკარაძის კონვენციური და თავისუფალი ლექსები მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია, რადგან ყველა პოეტთან ასე როდი ხდება. მოვიყვან ტრადიციული ლექსის ნიმუშს: "მზერადაღლილი ლანდები წვანან / შორს, ჩამავალ მზის ჩადრით ბურვილი / და თავს ვაოკებ ოცნებით, სანამ / ჩემში ჩაცხრება ნგრევის სურვილი, / მაგრამ ადრეა... ვერ ითმენს ამდენს, / თან უტეხია გონის ქმნილება; / მუშტებს არ უნდათ, თითები გახდნენ, / აღარც თითებს სურთ დამორჩილება. / დღე კი ილევა. ფერშეცვლილ კედლებს / მზე სისხლით აწერს რაღაც ასოებს. / სიმწრით ვაოკებ ატეხილ მხედრებს, / ცხენებს დეზები ეჭვებს ასობენ. / მაინც რად უნდა ბედს - მოხუც ყასაბს, / ნაჯახს ვიქნევდე. მეც გამეხებით / და ვხედავ, როგორ მეფშვნება, რასაც / ვიხსენებ, ანდა ფიქრით ვეხები. / ჩქარა ბნელდება, ქვეყანაც ჩაქრა / - დაუნდობელი ღამით ბურვილი. / მე თავს ვიტყუებ ოცნებით, მაგრამ / სულში არ ცხრება ნგრევის სურვილი".
ტრადიციის ინერცია, როგორც უკვე ვთქვი, თავს არ მალავს და იმდენად მძლავრია, რომ თითქმის მთლიანად იპყრობს ლექსის სააზროვნო სივრცეს. აქ არის ისეთი პაუზები, ისეთი ინტონაციური ინტერვალები, რომ თითქოს უკვე ნაცნობი მელოდია ჩაგესმის ყურში. მაგრამ ამავე დროს არის რაღაც ტიკარაძისეული, საკუთრივ მისი, რასაც ინდივიდუალობის მიმნიჭებელი შტრიხი შეაქვს ლექსში. რა არის ეს? ჩემი აზრით, ეს არის პათოსი, რომელიც კარგად გამოიხატა სიტყვებში "ნგრევის სურვილი". ჯუანშერ ტიკარაძის წიგნში ნათლად ჩანს ამ პათოსის, ამ ღრმა ინტუიციაზე დაფუძნებული სწრაფვის, "სტერეოტიპების ნგრევის" შედეგები, რაც უფრო მკაფიოდაა გამოვლენილი თავისუფალ ლექსებში. აქ თითქოს პოეტი თავის ბუნებრივ სტიქიაშია, თვითონვე ქმნის თავის საარსებო გარემოს.
ჯუანშერ ტიკარაძის თავისუფალი ლექსები თავისებურია: აქ თხრობა, ფაბულა, უჩვეულო ამბავი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს. კომპოზიციურ სტრუქტურას სწორედ ამ ამბის, ფაბულის გაშლა-განვითარება, მოულოდნელი მედიტაციური წიაღსვლები, ერთმანეთზე გადაბმული თხრობითი ელემენტები ქმნის. ჯუანშერ ტიკარაძე, როგორც თვითონ ამბობს, "ჰყვება ლექსს", და ამასთანავე ის თითქმის მთელ წიგნში ინარჩუნებს "პოეტურ სიმჭიდროვეს", მხატვრულ დაძაბულობას, ერთგვარ სიტყვიერ სიხისტესთან ერთად მოქნილობას, ელასტიურობას, მკაფიო ლირიკულ ფონს. აი, ვთქვათ, ლექსი "ერთხელ, პარასკევს": "მოდით ამნაირად მოვყვები ამ ლექსს: გამოიყვანეს დილის ცის ქვეშ და მოასხეს მეწამული მანტია მხრებზე და დაადგეს ეკლიანი გვირგვინი და ხელთ ლერწამი დააჭერინეს და ხარხარით მოიყარეს მუხლი იმის წინ და აბღავლდნენ მეფეო, მეფეო, მეფეო ურიათაო და გამოგლიჯეს მერე ლერწამი და წააქციეს რბილ მიწაზე და დაუწყეს ცემა იმ ლერწმით და წიხლებით და მუშტებით და აფურთხებდნენ და მანტია შემოაფლითეს და აჰკიდეს მერე ხის ჯვარი და გაიგდეს წინ სისხლიანი და მტვრიანი და ფერშემკრთალი და რამდენჯერმე წაიქცა გზად ჯვრის სიმძიმის ქვეშ და რბილ მიწაზე დაებჯინა მისი ტუჩები და ლოყები და წამწამები და მეომრებმა წამოაყენეს შუბების ჩხვლეტით და იმის უკან სუნთქავდა ხალხი ცხელ ნესტოებით და ხალხი ბორგავდა და გაჰყვიროდა ხალხი. და წამოაქციეს ბოლოს ჯვარზე და გამოვიდა კაცი მოუქნელი და თმაგადახოტრილი და მან ჯერ ჩხვლეტა იგრძნო მხოლოდ ხელისგულზე და მერე ლურსმანი ხორცის ნაფლეთებთან ერთად შესრიალდა ხეში და ჩაჯდა იქ და თვალები გადმოცვივდნენ ლამის გუგიდან ისე გადიდდნენ და კიდევ ერთხელ დაჰკრა ჩაქუჩი ისე ყოველი შემთხვევისათვის და მიაჭეჭყა ხელისგული ლურსმანსა და ჯვარს შორის მჭიდროდ და ნელ-ნელა აღმართეს ჯვარი და ლურსმანზეც ნელ-ნელა დაცურდა ხორცი და ნელ-ნელა ჩაიხა ხორცი ტანის სიმძიმით და აქეთ-იქით ამოუყენეს ორი ჯვარი ქურდის და ავაზაკის და ერთი მათგანი აგინებდა მას და აფურთხებდა სანამ პირი გაუშრებოდა და ბრბოც გარშემო გუგუნებდა მზით დანესტრილი და ბორგავდა ბრბო და ბრბო სუნთქავდა ცხელ ნესტოებით და გავიდა ერთი საათი და გავიდა სამი საათი და მან თვალები აახილა დასუსტებული და ტუჩები სისხლისაგან შეწებებული ძლივს აახლიჩა ერთიმეორეს და ცეცხლჩამქრალი სხეულიდან ამოიყვირა ღმერთო ღმერთო რატომ დამტოვე ღმერთოო ღმერთო და მას სანაცვლოდ ძმრიანი ღრუბელი მიუტანეს პირთან და მოუსვეს დამსკდარ ბაგეზე და მან ამოიოხრა უსასრულოდ და საბოლოოდ და დაინახა ცის სამყოფელი და მამის ხელი სიყვარულით გამოშვერილი - მაპატიე, ამნაირად მოვყევი ეს ლექსი, ქრისტე."
ეს ლირიკული აპოკრიფი მართლაც თვალნათლივი ნიმუშია იმისა, თუ როგორ იჭრება პოეზიაში პროზა, როგორ შეიძლება დაემთხვეს პოეტური და პროზაული რაკურსი ერთმანეთს. მე ზემოთ სტერეოტიპების ნგრევის სურვილზე და პათოსზე ვლაპარაკობდი და თვითონ პოეტს დავესესხე ეს სიტყვები. ამ ლექსის გაცნობის შემდეგ კი მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ჯუანშერ ტიკარაძე, უპირველეს ყოვლისა, იმ სტერეოტიპს, იმ წარმოდგენას ამსხვრევს პოეზიაზე, რომელიც ილუზიებით, ეგზალტაციით რეალობის დამთრგუნველი ფანტასმაგორიებით არის ნასაზრდოები. ჯუანშერ ტიკარაძეს "არაპოეტური", მაგრამ თურმე ნუ იტყვით, სწორედაც პოეტური ჟინი ამოძრავებს - ილუზიებისგან განძარცვოს სინამდვილე და ყოფიერების ყველაზე უფრო ღრმა ფსკერს მიაწვდინოს მზერა. მის პოეტურ იმპულსებს ცხოვრების ყველაზე უფრო პროზაული მომენტები აღძრავენ. ჯუანშერ ტიკარაძე, თუ შეიძლება ითქვას, პროზაიკოსია პოეზიაში, რაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში არცთუ უცხო ხილია, მაგრამ მისი ლექსები მაინც უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს. უჩვეულოა ყოველ ლექსში მისი დაუოკებელი სწრაფვა ტრადიციულ-პოეტური საფარველისგან განძარცვისა, ცხოვრების ყველაზე უხეშ სინამდვილესთან მიახლოებისა, პროზაული რეალობის ყველაზე უფრო "მსხვილი პლანით" წარმოჩენისა. ალბათ სახარების ყველაზე დრამატულ-პროზაული ფრაგმენტიც იმიტომ აქცია ლექსად, რომ ეჩვენებინა, რა მკვეთრი განაჩენი გამოუტანეს ქრისტეს ადამიანებმა და როგორ გაიღვიძა თვითონ მასში ადამიანურმა ბუნებამ. ღმერთო, ღმერთო, რატომ დამტოვე, ამბობს ქრისტე და ეს არის ლექსის დამაგვირგვინებელი აკორდი.
"მოდით, ერთ პატარა ამბავსაც მოგიყვებით", გვეუბნება პოეტი და უკვე ვგრძნობთ, რომ ამბავი არა მარტო უჩვეულო იქნება, არამედ "ილუზიების მსხვრეველი" და ცხოვრების ფსკერის მომხილველი. ამ ამბავს ანუ ლექსს ჰქვია "მაშინ ათი წლის ვიყავი".
ამ ლექსში ათი წლის ლირიკული გმირის ფროიდისეული ლიბიდო ჯერ გაუცნობიერებელი ინტერესის მეშვეობით იჩენს თავს. პაწაწინა ტყის მსგავს ხეივანში ბავშვები ტყემლის და ჭერმის ნაყოფებს აგროვებენ. ერთხელაც, როგორც ათი წლის ბიჭი გვამცნობს: "გაუკრეფავი ხის ძიებაში საკმაოდ ღრმად შევედი ტყეში და, ღმერთო ჩემო, რა დავინახე! ქალი და კაცი". ბიჭი ქალაქის განაპირა, მივარდნილ ადგილას უჩვეულო "სანახაობას" გადააწყდა, ვინაიდან ვერ მიხვდა მიწაზე გართხმული ქალი და ზედ გადაწოლილი კაცი რას აკეთებდნენ, სქესობრივი აქტი ძალადობად ჩათვალა და ნეტარების ბურუსში გახვეულებს ქვა დაუშინა. და შემდეგ ისეთი პასაჟი მოსდევს ქვის სროლას, რომელიც მთელ ლექსს პოეტურ დინამიზმს და ექსპრესიულობას ანიჭებს. ამ პასაჟის მეშვეობით ჯუანშერ ტიკარაძე წარმოდგება ჩვენს წინაშე, როგორც მხატვარი, როგორც დრამატული ვითარების ზუსტი შტრიხებით აღმწერი: "მე მივრბოდი ქალის კივილში, კაცის გინებაში, შემზარავი აჩრდილებით დასახლებულ ჰაერში. მე მივრბოდი თავდაღმართზე, დაგორებულ ქვებში, იმ ქვებიდან ადენილ მტვერში. მე მივშლიგინებდი მუხლებამდე ბალახში, სახით, მკლავებით, ტანით მივამტვრევდი ტოტებს, ტანსაცმლის ნაფლეთებს ვტოვებდი იმ ტოტებზე. მე მივრბოდი საკუთარ გულისცემაში, მე მესმოდა საკუთარი ნაბიჯების ხმა, მე მეშინოდა საკუთარი ნაბიჯების, მე მეჩვენებოდა გამოშვერილი ხელები, დანები, გუდიანი კაცი..."
ჩვენს წარმოდგენაში არსებული სამყაროს ტრადიციული სურათის რღვევა, ერთგვარი ეპატაჟური გამოწვევაც ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების ზოგადი შტრიხია. უკვე ვნახეთ, პოეტი როგორც თავისი მსოფლმხედველობით, ისე ლექსწერითაც უპირისპირდება რაც დრომოჭმულია, ზედაპირულია, და სამწუხაროდ, ფესვგადგმულია ჩვენს ე.წ. კულტურულ ატმოსფეროში. ჩემი აზრით, არსებობს უფრო კონკრეტული შტრიხიც, რომელიც უაღრესად თავისებურად წარმოაჩენს მის ლირიკულ სუბიექტს, მისი მკაცრი პოეტური ქვეყნიერების მთავარ პერსონაჟს. ეს ჩანს ჯუანშერ ტიკარაძის წიგნისთვის ნიშანდობლივ ლექსში "ბეკეტი, კამიუ და სხვანი მარტოხელა ზარმაცი ადამიანისათვის". შეუძლებელია არ გაგახსენდეს მერსო კამიუს "უცხოდან". ეს ლექსი სწორედ მერსოსეული განწყობილებით არის აღსავსე. ამავე დროს აქ არის ბეკეტი თავის "გოდოს მოლოდინით". რემინისცენცია ასე შეიძლება გაიშიფროს: "მერსო ელოდება გოდოს, გოდო არ ჩანს და არც გამოჩნდება; "დავუწყე ლოდინი იმას, რაც არ მოდის, რაც შეიძლება, საერთოდაც არ არსებობს, მაგრამ მე ეს არ მჯერა. მე მჯერა, რომ უნდა დაველოდო. ამიტომ წამოვწექი ლოგინზე და დავუწყე ლოდინი. თან დროდადრო სიგარეტს ვეწეოდი. შემდეგ სიგარეტი გამითავდა. ვაცალე, სანამ ძალიან არ მომინდა. შემდეგ ვაცალე, სანამ აუტანლად არ მომინდა. შემდეგ ავდექი, გამოვიცვალე ტანსაცმელი, გავიკეთე ლინზები, გარეთ გავედი, ვიყიდე, ამასობაში ვიგრძენი, რომ მომშივდა" და ა.შ.
"ბებერი ჭრიჭინას სენტენციები" ფილოსოფიური პოემაა. მე ვფიქრობ, ამ ნაწარმოებში ყველაზე უფრო სრულად გამოვლინდა ჯუანშერ ტიკარაძის მხატვრულ-მსოფლმხედველობრივი სამყაროს ნიშნები, ხელშესახებად გამოიკვეთა ლექსწერის თავისებურებაც და სათქმელის რაობაც. ჭრიჭინა ეპოქის განმასახიერებელია, ნიჰილიზმის ადეპტია. ჭრიჭინას სენტენციებში კარგად ჩანს ზნეობრივი ღირებულებების რღვევა. მისი პირით დღევანდელი ქვეყნიერების მრავალ სნეულებას ვიტყობთ. ვხედავთ როგორ გადაგვარდა ადამიანი, როგორ დაკარგა სულიერი სიმაღლე. ჭრიჭინა გვატყობინებს: "ღმერთი არსებობს, მაგრამ მკვდარია". ეს ჭრიჭინას მიერ ნათქვამი ერთადერთი სიბრძნე არ არის, სენტენციების მეშვეობით დაღმავლობის ეპოქის და იდეალების კვდომის მსოფლმხედველობაა გამჟღავნებული.
კიდევ მრავალგვარი აზრი შეიძლება გამოითქვას ჯუანშერ ტიკარაძის ლექსების არცთუ მომცრო კრებულზე. ამ ლექსების მხატვრულ-შინაარსობრივი დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მათივე რაოდენობა. პოეტი "ალალბედზე" არასოდეს არ ლაპარაკობს, ყოველი ლექსი შთაგონებით არის ნაკარნახევი. რითმიან ლექსებში გამოსჭვივის სიტყვის ძალდაუტანებელი ფლობა და აზრის ოსტატურად განფენის უნარი. რაც მთავარია, ამ ლექსების მიღმა ჩანს პიროვნება, რომელსაც თავისი მიუკერძოებელი იჭვი და ლოდინი, ტანჯვა და ტკივილი გააჩნია. მან შეძლო ყოველივე თავის ინდივიდუალობას მორგებული თამამი პროზაულ-პოეტური შტრიხებით გადმოეცა. ეს კი იოლი ნამდვილად არ არის.

© “წიგნები – 24 საათი”

სემიოტიკიდან ფილოსოფიისაკენ


გიორგი შავგულიძე
სემიოტიკიდან ფილოსოფიისაკენ
© სემიოტიკა

კონცეპტის ცნება ლინგვოკულტუროლოგიაში


სალომე ომიაძე
კონცეპტის ცნება ლინგვოკულტუროლოგიაში
© სემიოტიკა

ლუიჯი პირანდელო - მხარზე შემომჯდარი სიკვდილი

DOWNLOAD
ლუიჯი პირანდელო
მხარზე შემომჯდარი სიკვდილი
© ჩვენი მწერლობა

Tuesday, February 23, 2010

დავით ქართველიშვილი – ორმთავარკაციანი მოთხრობა


მებადური მღეროდა იმას, რასაც ფიქრობდა
დემნა შენგელაია


შესავალი

მოთხრობა შოთაზეა და ჩემზე. ძირითადნი ჩვენა ვართ, ჩვენა ვტრიალებთ. ჩვენ - შოთა იათაშვილი და დავით ქართველიშვილი. სხვადასხვა შვილები. ისე, ამჯერად მეორეხარისხოვანი ხალხიც არიან. ალაგ-ალაგ გაიჭაჭანებენ, ზოგჯერ ფართოდაც კი გამოჩნდებიან. პროზა ცხოვრებასა ჰგავს, მეორეხარისხოვანი ხალხის გარეშე, უამხალხოდ მოსაწყენია.
მოთხრობას მალე დავიწყებთ.
ოღონდ ჯერ კი იმათ მოგმართავთ, ვინც პროზას შინაარსისთვის კითხულობთ. იქნებ ისეც მოხდეს, რო ეს ჩვენი მოთხრობა ხელთჩაგივარდეთ თქვენა ძვირფასებო, და რადგანაც ჩვენ ჰუმანისტნი გახლავართ (ყოველ შემთხვევაში), ვცდილობთ. არა გვსურს თქვენი მოღლა და თვალისჩინის წარხდენა ამ ჩვენი მოთხრობის თავიდან ბოლომდის წაკითხვით. ამიტომაც მოკლე შინაარსი დავჰსწერეთ და ამ, ჩვენი მოთხრობის ბოლოში მოვათავსეთ. ნახეთ ძვირფასებო ჩვენი მოთხრობის კუდი - P.S.
ახლა კი უკვე იწყება ჩვენი მოთხრობა.
მიმოვიფანტებით ხოლმე აგვისტოში. სხვადასხვა სიმაღლეებზე ავდივართ ზღვის დონიდან, მთებში, ანდა სულაც უცნაურ სახელებიან ზღვებში ვუსვამთ ხელებს (ნიჩბებს). ზოგს უშნოდ შერითმულ მთა-ზღვას მრავალხეიანი ტყეები ურჩევნია და სოკოს კრეფა. ჩვენი ენა ქართული კერკეტი რამეა. მიდი და გარითმე აბა სოკო და დათვი. ვერა, ვერ იზამ. აი, ის ზოგი კი სოკოს მკრეფელი საერთოდაც უგულველყოფს მერითმეობას და თბილისში ჩამობრუნებული დათვზე ნადირობის ამბავს ჰყვება. ვერლიბრად ალაგებს.
ზღვებიდან დაბრუნებულები რასაც ჰყვებიან ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ რა თქმა უნდა, მამრებს ვგულისხმობთ, თორემ ზღვებზე ნამყოფი ქალთა კამპანიები მუდამაც საეჭვოდ სდუმან.
ახლა, მთები კიდევ რომანტიკაა.
აგვისტოურ თბილისში კი მათხოვრები არიან და ზამთარ-ზაფხულ გალსტუხიანი კაცები კანცელარიის.
ძირითადად ესენი.
ესე იგი: ბლომად ესენი და ცოტა საქმიანად დარჩენილი ოჯახისშვილები.
შოთა სხვა, მე სხვა საქმემ დაგვტოვა თბილისში.
ქვევით ოდნავ წავიფილოსოფოსებთ თქვენის ნებართვით.
მიწაზე მხოლოდ წყალია, ცაში კი სასუფეველი, პატარის. სხვა ყველაფერი უფროსებს ეკუთვნით, მოთხრობაში პირველი გამოჩენაც მათ შორის.
მაშ ასე, ჯერ

შოთა

როგორია: მაღალი, ხმელ-ხმელი. ოდნავ მოჩინურო თვალები აქვს, ვიწრო, და ძროხული მიდრეკილებები - ძროხა კომპლიმენტია, ქათინაურია, ძროხა კეთილია, ძროხა მარჩენალია - ბალახბულახს ეტანება - ათასერთნაირი ფხალი კი ვიცით ქართველებმა - და ახალგაზრდა, ქორფა ავტორებს ბეჭდავს ფართოდ თავის გაზეთში.
200 წლის წინ შოთას ერქვა აბატი ჟანი და მძლავრად ცნობილი იმპერატორის კარზედ გავრცელებული ანეკდოტის მთავარი პერსონა გახლდათ. ჯგიროდ იყო, კარგად. პური არ სჭირდებოდა და წყალი. ენისდორბლიანწვერებზე ეჯდა მუქთახორა არისტოკრატებს და იყო.
მერე ყავლი გაუვიდა და წავიდა. წაბრუნდა იქ, იმასთან, ვისთან შედარებითაც მძლავრი იმპერატორიც უფეხებო ტარაკანია. ის კეთილია, ყველას თავისთან იტოვებს. მთლად კარგად იყო იქ, უსახელოდ, უტიტულოდ. ბალახის ღეროზე ეძინა 1966 წლამდის. ჟამმა მოაწია. იმან უთხრა: ხარ შენ დღეიდან შოთა იათაშვილი, ქართველი პოეტი, საქართველოს მკვიდრი!
მიწაზე მოსულ, უკვე შოთას, ეს ამბავი მიავიწყდა. მთლად უარესი: იკლიკანტური წიგნების კითხვა დაიწყო და აერია ტვინი. ესე იგი: პროზის ამბებშიც გაერია და მცირედაც დაისაჯა - თმა გასცვივდა აქა-იქ.
ისე ერთი ღონიერი მოთხრობა კი აქვს - გულდასმითწამკითხველნი ტექსტის. მე ვფიქრობ.
აწმყოში კი შოთა ერთი ძალიან კარგი ვინმეა.
ეხლა

მე

ვღელავ მეგობრებო! საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია. სუ კარგი გინდა სთქვა ოხერი. ამიტომაც გადავწყვიტე მოვიყვანო ამონარიდი (ცუდი სიტყვაა) პროფესორ დავით ქართველიშვილი დიდებული წიგნიდან: "ძვირფასი სილუეტი. დავით ქართველიშვილი, მითი და რეალობა".
ამონარიდი: (ცუდი სიტყვაა)
საშუალოა და ვიწრო. ხშირად წვერს ატარებს, მაგრამ, მუდამ წვერული არაა. უფროსთანასექტელებივით. ჩამოთვლა სწარმოებს წვერის სიგრძის მიხედვით: ზაზა შათირიშვილი, გიო ახვლედიანი, ზურაბ ქარუმიძე, გრეგორ ზამზა. სამნი მეპროზე და ერთი თეორეტიკი.
მოსწონს სამი ადგილობრივი გოგო. ერთი კინომცოდნე, ერთი მსახიობი, ესენი ხანდახან. და ერთიც ჟურნალისტი სულ (ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად ჰხედავს).
წარსული ბნელი აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1905 წლის რევოლუციის მონაწილე უნდა იყოს (აქ სცდება ჩვენი პატივცემული პროფესორი).
კი, გადავშალოთ ენციკლოპედია ბრიტანიკა, მეთოთხმეტე ტომი:
ქართველიშვილი დავით - 1976 6.VII Èბილისი - 1900 6.V Èავრიზი. გადმოსვენებულ იქნა თბილისში 1860 წ. - ქართველი მწერალი, ავტორია რომანებისა "?" (1949, სტალინური პრემია 1948) "!" (1930, სახელმწიფო პრემია 1929) "?!" (1920, დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია 1919), "!?" (1907). 1904 წელს არჩეულ იქნა მეფის რუსეთის აკადემიის წევრად.
ქართველიშვილის პროზა გამოირჩევა სასვენი ნიშნების სიმრავლით.
გარდაიცვალა 1900 წელს ქალაქ თავრიზში მიგრენით. 1860 წელს ქართველმა ახალგაზრდებმა (ი.ჭავჭავაძე, აკ.წერეთელი და სხვები(1) ქართველიშვილის ნეშთი დიდის პატივით გადმოასვენეს ქ. ტფილისში.
ინგლისურიდან თარგმნა დ.ქართველიშვილმა

უფალ შოთას თბილისში დარჩენის მიზეზი

მოკლედ ვიტყვით, მტვერს და ბუქს არ დავაყენებთ.
ბარაქიანი რემონტი გამართა შოთამ სახლში. ხელოსნები ოღრაში ხალხია. თავზე უნდა დაადგე. მიუთითო რაღაცეები. ეგრე ქნა შოთამ. მანამდე კი ცოლ-შვილი (მაია და წყვილი გოგო მართლაცრო ცოდონი იყვნენ იმ უროების იმ რახარუხში) ქალაქსოდნავგარეთ მდგარ სახლში, ნუ გაპრანჭულად დაჩაზე, ხოლო მთლად ეჰელიტარულად აგარაკზე გახიზნა, ეკოლოგიურად წმინდა მუხათწყაროში.
ახლა შოთას ტვინში წავიფათუროთ. რას ჰფიქრობს რასა და ხალტურას. ხელოსნებს მივაგდებო, გარე-გარე ვივლიო. ჩემს ძველ ტრუხა ავანგარდისტ მეგობრებში ჩავჯდები, ესე იგი, ტუსოვკას გავაჩაღებო (ტუსოვკა - ტრუხა ავანგარდისტების(2) საყვარელი სიტყვა)
აჰანდე!
მიიღო შალაბანდი გადაპარსულ თავში. თბილისში მხოლოდ მე ვიყავი კაცი კაცო კაცური.

კაცური კაცის თბილისში დარჩენის მიზეზი ანუ სერიალა

ტელესერიალების სცენარებს ბევრი წერს. მოდი და უკვდავყოთ ზოგიერთი. ან-ბან-გან-დონ-ენ-ვინ-ზენ-თან-ინ-კან-ლას-მან-ნარ-ონ-პან-ჟან-რაე-ს მიხედვით: ბართაია თამარ (ტელეფონით გვისაუბრია), ბუღაძე ლაშა (ვარ!), გაგნიძე მარიკა (ქართველური გვარ-სახელია).
მეც მიმიწვიეს ამ საქმეზე. ჩამრთეს ქართველიშვილი დავით (sic)
ტელესერიალის ამბავი მარტივია. ვიღებთ ერთ ვიღაც პროლეტარ - კონკია გოგონას და იმის ამბავს ვყვებით. ესე იგი: როგორ გაისვრის მისთვის ავრორა, როგორ გამდიდრდება, როგორ გათხოვდება და ა.შ. მოკლედ ეს ჩვენი კონკია ტელესერიალის ბოლოსკენ ტიპიური, თბილისელი ჩათლაშკა ხდება და ამას ჰქვია Happy end-ი ცივილურს ენაზედ, ინგლისურად(3).
პროდიუსერებზე ჩემი შეხედულება მქონდა. ძირითადად უცხოური ფილმებიდან. ვფიქრობდი: აი, დამხვდება ეხლა ვიღაც გაბანტული პიჟონი, დადგამს სამოვარს და ვისაუბრებთ ხელოვნებაზე: ესე იგი: ტელესერიალებზე.
რას ერჩი - ნორმალური ვინმე გამოდგა პროდიუსერი, ნათლადმოსაუბრე. ჟარგონს იყენებდა ხშირად. მითხრა: დაგირეკავო. მე აბა, მობილური ტელეფონი საიდან, დავჯექი სახლში და დავიწყე ლოდინი.
ფული საჭირო რამეა აქ.

უფალ შოთას და კაცური კაცის შეხვედრა

ამაზე იტყვის საქართველო მატიანებით. წავეხმარებით.
მოკლედ ვზივარ სახლში, არც არავინ რეკავს (რეკს) და გზაზეც არავინა სჩანს. ფოსტალიონი, შიკრიკი, მალემსრბოლი, გზა და ესენი არაფერ შუაში არიან. ზარს ველოდები. ანდაზურად რო მოვუქციო: სანეხვეზე ვაგდივარ და ბედს ველი. მზე თავზე მადგას.
ერთი, ორი, სამი დღე. მომწყინდა.
შოთასთან დავრეკე. ასეთი ჩვევა მაქვს, ჯერ შოთასთან ვრეკავ (ვრეკ) და მერე სხვებთან.
ტელეფონში ცივად ჟღერს ნებისმიერი სიტყვა რამ. გამოგივლი-მეთქი ვუთხარი.
ჩვენ სახლებს შორის სუფთა ტრასაა, ასფალტიანი, ზედ ორი თეთრი ზოლით, სწრაფად მივედი.
იქ კი, რახარუხია, ცემენტის ბუთხუზა ტომრები აწყვია და ბუქი სდგას. ხელოსნები ირჯებიან, მცირე ამქარია - სამი კაცი.
ეხლა ჩემი ტვინის სიბილწე ვნახოთ. მოკლედ, ვფიქრობ, ჩემებურად ვხარშავ ამბავს. კაცს ძმაო რემონტი აქვს გაჩაღებული, ესე იგი ფული უჭყავის, ფულით კიდევ ყველაფერს იყიდი.
მე ლუდი მინდოდა.
შოთა იოლი შესახვევია ესეთ ამბებში, ლუდი კიდევ ჰეროინი არაა, თავისუფლად იღება. ჩამოსასხმელი, ბოთლის.
კიროვის (კიროვი რევოლუციონერი იყო, 1936 წელს მოჰკლეს) პარკში ჩავსხედით. აუზში გედები სცურავდნენ, ჩვენ კი - ცაში. უცებ დავასკვენით რო ტექნიკური პროგრესი ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ყველაზე ძლიერი არგუმენტია (ამას ჰქვია ოჩოფეხა ქართული).
მერე შოთამ ამაღამ ჩემთან დარჩიო, - მითხრა.
- პივას იყიდი?(4)
- ჰო.
სცენარების ვატირე დედაც.
უმანკო ღამე გვქონდა მორწმუნეთა.
შოთა ადრე ჩაწვა, თეთრი ზეწარი გადაიფარა და წათვლიმა, ცხონებულს ჰგავდა.
მე ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი და მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წერილებს ვკითხულობდი. ახლა ჩვენ ჟერარს როგორი აღნაგობა აქვს ვიცით. სუფთა ბეხლეწია, ჯანმრთელი ხელების ავად ქნევას კაცმა დაჯდომა და კალმის აღება ამჯობინა ჯანმრთელ მარჯვენაში... ბეხლეწებში ეს იშვიათი მოვლენაა, ამიტომაც ბატონებო უნდა დავაფასოთ ჟერარი ესე.
წერილების ადრესატნი სუ ნაცნობი ვინმეები იყვნენ: ბერტრან ბლიე, მარკო ფერერი, იზაბელა აჯან, კატრინ დენევ: (ოუ, როგორ მიყვარს! ბებიაჩემი: დედად გეკუთვნის, დედად, რას გადაეკიდე).
შუაღამეზე შოთა ადგა. ჩაი მოადუღა. ჩაისსმისას მე კარგა გრძლად ვილაპარაკე კატრინ დენევზე, ნუ, როგორ და რანაირად.
შოთამ კიდევ - ხვალ მუხათწყაროში ავიდეთო ერთი დღით.
კი ბატონო-მეთქი (სცენარების დედაც ვატირე).
შოთამ ჭიქები წყალს შეუდგა და საწოლისკენ წავიდა.
- ე, მართლა, მუშები? - მივაძახე.
- ხვალ ისვენებენ, - შოთა ჩაწვა, - დაიძინე, მიდი.
მოდიო რო ეთქვა, გაგრძელება მოგვიწევდა ამ თავის, ანუ ახსნა-განმარტებები და რაღაცეები.

10 ლარი

ბევრგვარი საქმის ქნა შეიძლება 10 ლარად. აი, თუნდაც რამოდენიმე კეთილი, დავნუმროდ:
1. 10 ლარად შეგვიძლია ბესო ხვედელიძესთან ერთად დავლიოთ 2 ბოთლი არაყი და ვჭამოთ პური და მაიონეზი (ბესო ჩემზე კარგი მწერალია (5)).
2. 10 ლარად შეგვიძლია შალვა ბაკურაძესთან ვქნათ რამე. (შაკო დიდი პოეტია (6)).
3. 10 ლარად შეგვიძლია მალხაზ ხარბედიას ვუყიდოთ 800 გრამი ბახტინი (მახო რედაქტორთრედაქტორია).
4. 10 ლარად შეგვიძლია ლაშა ბუღაძესთან ერთად წავიდეთ ოპერაში.
მოკლედ, ყველას სიყვარულში გიტყდებით ბიჭებო, მაგრამ იმის დედა ვატირე, ჩვენ - შოთას და მე ჩვენი კეთილი საქმე გვქონდა. 10 ლარად ვერიდან წითელი ტაქსი ადის მუხათწყაროში.

წითელ ტაქსში

წინ, რა თქმა უნდა, შოთა იჯდა.
ჩვენი მძღოლი ძველი ტრანსპორტნიკი იყო. მე ამათ რულის ჭერაზე ვცნობ - ძველ ტრანსპორტნიკებს. გულისდარდიც ვიცი მათი, ერთი გვაქვს. ვეუბნები: ეს ქალები როგორ მომრავლდნენ არა ტო, მანქანებზე?!
აქ ჩვენმა მძღოლმა რეჩი ჰკრა: თავის დედის ღრმა გინებებით და ოხვრა-კვნესებით. ჩასაწერი რა!
თბილის-ქალაქს გამოვცდით. სხვა საქართველო დაიწყო.
ქვევით პატრიოტული აბზაცია - სიმღერა სამშობლოზე - ნიჰილისტებმა თვალი მოარიდეთ.
ლენინს. სტალინს.
წყალუხვ მდინარეს ადარებენ ხშირად ჰისტორიას. თვალსადევნებენ მის დინებას და ცდილობენ სათავეები მოუძებნონ. საქართველოს ჰისტორია აბობოქრებული, მუდამ წყალსავსე მდინარეა. მისი სათავენი ჟამთა სრბოლის ჭაღარა შორეთში იკარგება. ძნელია თვალითა და აზრით გადასწვდე საქართველოს ათასწლეულებს. კიდევ უფრო ძნელია დახატო უკანასკნელი ათწლეულის ზუსტი და სრული სურათი - იმდენი შესანიშნავი მოვლენა დაუტევია ამ ათ წელიწადს, რთული საქმეა აღწერო ახალი საქართველოს ისტორია - ეროვნული ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების აყვავება. ძვირფასო მკითხველო, მოდი იყავი ჩვენი თანაავტორი.
სიმბოლოები, სიმბოლოები, რამდენი რამის თქმა შეუძლია თითოეულ მათგანს.
მთები. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ქართული პეიზაჟის ძირითადი დეტალია და ა.შ. და ა.შ. (შოთა: არ გინდა რა ესეთი ჩანართები - ბანალურია).
რა დავაშავეთ ჩვენ?
წითელი ტაქსი ჭიშკართან გაჩერდა.
გადმოვლაგდით.

კარ-მიდამო

შენ: სახლი რამდენსართულიანი იყო?
მე: ორი. ოღონდ ეგ კია, პირველ სართულს ჭერი დაბალი ჰქონდა.
შენ: რატომ ჰქონდა დაბალი ჭერი?
მე: ოჩანი კომუნისტების დროს ორსართულიანი სახლის აშენება აკრძალული იყო. ამიტომაც პირველი სართულის ჭერი დაბალი კეთდებოდა და როგორც სარდაფი, ისე ფორმდებოდა ქაღალდებში.
შენ: სახლში ტროიკა იდგა. პაბელკა გაკეთებული იყო? ტაფები, ქვაბები ჰქონდათ? ჭაღი?
მე: ხო იცი, ეგეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას. ერთადერთი, რაც შევნიშნე, პინგ-პონგის მაგიდა იყო.
შენ: სხვა არაფერი?
მე: კიდევ წიგნები. ქართული, რუსული.
შენ: ფეხსადგილი ალბათ გარეთ იყო?
მე: ჰო. აგარაკებზე საერთოდ ეგრეა. მე ამან გუნება გამიფუჭა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მოვითმენდი. მე ხომ ერთი დღით ვიყავი აქ ჩამოსული.
შენ: მოითმინე?
მე: თუ ძმა ხარ, თავი გამანებე! რა!

უზარმაზარი

მუხათწყაროში ორი მთავარმოსახლეა. ერთი მუდმივი - ექო პაპა, რომელიც ვერ ვნახე. მხოლოდღა მისი ხმა გავიგონე და მეორე ზაფხულობითაა აქაური. ესე იგი დამსვენებელი ბატონი, გურამ დოჩანაშვილი. მას კი ვესტუმრეთ.
შოთამ წარმადგინა: ბატონო გურამ, ეს არის დათო ქართველიშვილი, აი, თუ გახსოვთ, ზამთარში საშუალოთანხიანი პრემია რომ გადაეცით.
ბატონმა გურამმა გაიხსენა და დავსხედით.
მე საერთოდ ძუნწი არ ვარ ქათინაურების თქმაში, მაგრამ მართლა უკვე აღიარებული მწერლების (3-4 კაცი) ქება პირში ვერ გამომდის. კომპლექსი მაქვს. მგონია, რო ის, აღიარებული მწერალი თახსირ ოქროპირად ჩამთვლის. ნუ, მდაბიურად - პადხალიმიაო იტყვის. ამიტომაც ჩუმად ვიჯექი. სიგარეტს ფუჰ, ფუჰ, ვაფუილებდი.
ბატონ გურამს ცისფერი თვალები აქვს და გრძელი თითები. სიგარეტს მუნდშტუკით ეწევა. რათქმაუნდა, მისი მუნდშტუკი ვერაფრით შეედრება ბატონ ოტია იოსელიანის (8) ცნობილ მუნდშტუკს, ვერც სიგრძით, ვერც ნაკეთობით.
ერთხანს ჟურნალისტური თემები გვქონდა: ცხოვრება, პოლიტიკა.
მერედა ლიტერატურას მივადექით. ვისაუბრეთ ჩინუა აჩებეზე, ოტერო სილვაზე, ლიოსაზე.
ეგრეა რა ცხოვრება: გიზის ცხვირწინ დიდი მწერალი და ვითომც არაფერი, აქ არი, შენიანია. ის, სხვები კი, მათკენ იწევ. იმათ ეტენები. ეს შენიანი კი ვითომც არაფერი. არი და მორჩა.
ძველებური ფილოსოფიაა - ამიტომაც მართალი.
მაგრამ ამ მოთხრობის ძირითადი გმირები ჩვენ ვართ - შოთა და მე.
წამოვედით მერე. ბოლოს.
ნელა მოვდიოდით. ხელები ჯიბეებში გვეწყო.

პინგ-პონგი

პინგ-პონგი ყველაზე გრძელი თავი იქნებოდა ამ ჩვენი მოთხრობისა, მე რომ მომეგო. ნუ როგორ ლაღად, ნუ როგორ ჰაეროვნად აღვწერდი ყველაფერს. აი, ჩოგანი როგორ მეჭირა. ჩინურად თუ ევროპულად. როგორი ჩაწოდებები მეხერხება, სწორი და მძლავრი, თუ მიხვეულ-მოხვეული. როგორი დიდი არტისტი ვარ თამაშისას, როგორი პლასტიური, მოქნილი, შებერტყილი. მოკლედ, ბევრ რამეს ვიტყოდი, რჩევებს მივცემდი ახალგაზრდებს. ტრაქტატივით იქნებოდა ეს თავი.
ეჰ, არ არის ბედი!
ყველა პარტია შოთამ მოიგო. მიმამყნო.
ამიტომაც მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - მაგარი უაზრო თამაშია ეს პინგ-პონგი.
მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - კალკია აი-ია.
საღამო
საღამოს მეზობლებმა იწყეს მოდენა, ანუ, ქალებმა მოიტანეს კარტი, ფურცლები და ბატის ფრთა. მელანი და ყავა აქ დახვდათ და ჩასხდნენ. ჯერ კარტი მიმოშალეს, იმკითხავეს წარსულში, მოსულში, შენს გულში. ყველგან ხეირიანად იყო საქმე, ამბავი.
მერედა მოჯოკრეს.
ეს თამაში წმინდაწყლის ქალური რამეა. ორუჯრედიანი ტვინი სრულიად კმარა გენიალური მოთამაშისთვის. ქალებს კი, როგორც ვიცით, ტვინში უჯრედნახევარი უმუშავებთ საშუალოდ, ამიტომაც დიდად ფიქრიანად უჭირავთ კარტი და ჰაზარტშიც არიან ჩაცვენილები (რას ვერჩი ამ ქალებს?).
ჩვენ კი, შოთა და მე აივანზე ვისხედით. მუხათწყაროული საღამო გრილი რამ მოვლენაა.
ვისხედით ოდნავ მობუზულები და ვდუმდით.
რათქმაუნდა, მოგვწყინდა ერთმანეთი.

შიგნიტიკური ღამე

შიგნიტიკური - ფილოსოფიური (ი.გრიშაშვილი: ქალაქური ლექსიკონი).
ღამის ჩაის სუ სხვა გემო აქვს. სამზარეულოში ვჩაიობდით. პირველ სართულზე. სად ჩაი და სად სიკვდილი, მაგრამ მაინც.
მე: შოთა ე, სიკვდილზე ხშირად ფიქრობ?
შოთამ ჩაი მოსვა, გაიცინა:
- როცა ვწერ, მაშინ.
- ესე იგი პროფესიონალურად უდგები საკითხს.
- ეგრე გამოდის. და შენ?
- მე ხო მკვდარი ვარ.
ჩაისმა მოვათავეთ. მაღლა ავედით.
მაიას ნატა (უმცროსი შვილი) ეჭირა ხელში და მიმოდიოდა ოთახში.
მაია: არ იძინებს.
- ანგელოზებს არასდროს სძინავთ - ვთქვი მე და ტახტზე გავწექი. სტუმრად მუდამ ტანსაცმლიანად მძინავს.

წამოსვლა

ჩვეულებრივი დილა გათენდა. არაფერი ისეთი. აი. უბრალო.
ვისაუზმეთ და ავიბარგეთ.
- ნახვამდის, აბა ჰე, - ვთქვი მე.
- ნახვამდის, აბა ჰე, - მომაძახა ექო პაპამ, მუხათწყაროს მუდმივმა მკვიდრმა.
არსად სჩანდა.

მიძღვნა

ჩვენ შეგვეძლო ეს მოთხრობა მრავალი ვინმესთვის მიგვეძღვნა. ესე იგი, წერტილები ერთისთვის, მძიმეები სხვებისთვის, ორი წერტილი კი აუცილებლად კ.გამსახურდიასთვის (უყვარდა ცხონებულს) და ა.შ.
მაგრამ არ დავწვრილმანდებით.
შოთა იათაშვილს ეძღვნება ეს მოთხრობა სუმთლიანად.
P.S. თქვენთვის ძვირფასებო, ვინც პროზას შინაარსისთვის კითხულობთ,

მოკლე შინაარსი

შესავალი - შოთა - მე - უფალ შოთას თბილისში დარჩენის მიზეზი - კაცური კაცის თბილისში დარჩენის მიზეზი ანუ სერიალა - 10 ლარი - წითელ ტაქსში - კარ-მიდამო - უზარმაზარი - პინგ-პონგი - საღამო - შიგნიტიკური ღამე - წამოსვლა - მიძღვნა - P.S. თქვენთვის ძვირფასებო, ვინც პროზა შინაარსისთვის კითხულობთ, მოკლე შინაარსი.
ახლა კი ესე სთქვით: ვაიმე, ფანტასტიური მოთხრობაა, არა?

2001 წ.

უფალ შოთას შენიშვნები

(1) 1860 წელს არც ილია, არც აკაკი არ ყოფილან საქართველოში, პეტერბურგში სწავლობდნენ.
(2) ჩვენ არ მოგვწონს ეს სიტყვა თუ განსაზღვრება - ტრუხა ავანგარდისტები. ამ ხალხს (ე.წ. ტრუხა ავანგარდისტებს) დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული არტის განვითარებაში.
(3) ინგლისური ცივილური კი არა, საერთაშორისო ენაა.
(4) აქ აშკარად ჩანს როგორი მუქთაა დ.ქართველიშვილი.
(5) დარწმუნებულნი ვართ დ.ქართველიშვილი ასე არ ფიქრობს, უბრალოდ პოზიორობს. ეგოისტია.
(6) შალვა ბაკურაძის დიდი პოეტობა დ.ქართველიშვილის პირადი აზრია.
(7) სიგარეტი ბატონ გურამს ეკუთვნოდა. აქ მეორედ ვხედავთ, როგორი მუქთაა დ.ქართველიშვილი.
(8) ოტია იოსელიანი - ქართველი მწერალი, "დაჩის ზღაპრების" ავტორი.


2001 წ.

კაცურის კაცის შენიშვნები შენიშვნებზე


(1) 1860 წელს ილია და აკაკი მართლაც პეტერბურგში იყვნენ.
(2) უფალ შოთას შეიძლება მართლა არ მოსწონს ეს განსაზღვრება - ტრუხა ავანგარდისტები - მაგრამ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს.
(3) შევთანხმდეთ უფალო შოთა - ინგლისური ენაა.
(4) მართლაც მუქთა ვარ.
(5) მართლაც ვპოზიორობ. ეგოისტი ვარ.
(6) შალვა ბაკურაძე დიდი პოეტია.
(7) სიგარეტი მართლაც ბატონ გურამს ეკუთვნოდა.
(8) ოტია იოსელიანი - ქართველი მწერალი, "დაჩის ზღაპრების" ავტორი.


2001 წ.

ტომას ბერნჰარდი – ქუდი


წინასწარმეტყველება გამართლდა, ჩემმა ძმამ მართლაც ბრწყინვალე კარიერას გამოჰკრა ხელი. მისი მოხსენებები თუ გამოკვლევები ნუტაციის სფეროში წარმატებით იკითხებოდა არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ ევროპაშიც. მე კი ამ დროს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთათვის განკუთვნილ ინსტიტუტებში სირბილით გადავიღალე. დასვენება მჭირდებოდა. ვიცოდი ჩემს ძმას დაღუპული მეუღლისგან დარჩენილი, მიტოვებული სახლი ჰქონდა და ვთხოვე, თუ შეიძლება რამდენიმე ხნით ამ სახლში ვიცხოვრებ-მეთქი. უარი არ უთქვამს და მეც მადლიერი დავრჩი. ჩემი ძმის მეუღლე თვალით არასოდეს მინახავს, მაგრამ ახლა ამ ქალის გემოვნებითა და სიყვარულით გაწყობილი ოთახები ჩემთვის არეულ-დარეული ცხოვრებისაგან გაქცევამოწადინებულისთვის, ერთადერთი თავშესაფარი გახდა.
სახლი მდინარესთან სრულიად განმარტოებით იდგა. აქ გატარებულმა პირველმა ორმა კვირამ უკვე მაგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და სუნთქვა შემეძლო. თქვენ წარმოიდგინეთ, უჩვეულოდ გამახალისებელ აკრობატიკასაც კი მივყავი ხელი... თქვენ, ჯანსაღებს ეგებ სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი გონების პატრონისთვის, სწორედ რომ მისწრება იყო.
აქ, უნთერახში, ჩემი ძმის სახლში საშუალება მომეცა განვმარტოებულიყავი, გამეანალიზებინა უკვე ჩვეულებად ქცეული ყოფა და საკუთარი მიგნებებითა თუ წარმოსახვებით სათანადო დასკვნები გამომეტანა. თუმცა ერთი კია, აქ მეცნიერულ მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. აღარ შემეძლო განუწყვეტელი ქექვა ხაბულასის, დიპოლდის, ჰაიზენბერგის, ჰილფისა თუ ნიუტონის ნაშრომებში. ამათ გარეშე კი წარმოუდგენელი იყო მეტყევეობათმცოდნეობაში რაიმე წინსვლა. ჩემი სნებაშეყრილი გონება ვეღარ იტევდა ამდენ რამეს, უნარი აღარ შესწევდა ღრმად ჩასწვდომოდა მოვლენებსა თუ ფერთა ისტორიას და უმრავლესობიდან უმცირესობის გამორიცხვის მეთოდით რაიმე ღირებულს ჩაბღაუჭებოდა. ავადმყოფურმა გონებამ თვითკრიტიკისა და თვითდათრგუნვის აუტანელ ზღვრამდე მიმიყვანა. ვითომდა გამოსავალს ვეძებდი, არადა ამ გამოსავლის ძიებაში, თვით გამოსავალსაც კი ძირიძირობამდე ვუკირკიტებდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გადამღალა ამ ცხოველურმა არსებობამ, მთლიანად მატერიამ. ვლამობდი, როგორმე მოვშორებოდი, გავთავისუფლებულიყავი გარე სამყაროსგან და იქამდეც კი მივედი, რომ სახლიდან ყველა მოსამსახურე დავითხოვე. ვუბრძანე, ჩემი ძმის ჩამოსვლამდე აღარ დაბრუნებულიყვნენ. თან იმისაც მეშინოდა, თავი არ გამომემჟღავნებინა, ჩემს სულიერ წონასწორობაში არ შეპარვოდათ ეჭვი. ერთი სიტყვით, ყველას კარგად გადავუხადე და გავისტუმრე. უკვე შემეძლო თავისუფლად მემოქმედა, თავშეკავება აღარ მმართებდა. ვიგრძენი, ამ ორ კვირაში ჩემმა ავადმყოფობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. სახლის წინა მხარეს ყველა ჟალუზი თუ დარაბა დავგმანე, ვინმეს რომ არ შემოეხედა. უკანა მხარეს კი ფანჯრების დაგმანვას აზრი არ ჰქონდა. ამ მხრიდან უღრანი ტყე ერტყა სახლს და ფანჯრებში კიდევ უფრო მეტი წყვდიადი შემოდიოდა, ვიდრე იმ დარაბებჩარაზულ ოთახებში. მხოლოდ საძინებელში დავტოვე სარკმელი ღიად, რომ არ დავმხრჩვალიყავი. თავი დავიმარტოხელე თუ არა, შევეცადე, დოქტორ მანუელის მოძღვრებას ჩავჯდომოდი, თუმცა წინასწარვე ხომ ნათელი იყო, ჩემი ძალისხმევა რომ ფიასკოთი დასრულდებოდა. გონება ამდენს ვერ გაუძლებდა. კატასტროფამდე, უკვე თითქმის შეშლილობამდე ვიყავი მისული. ძმას არაფერს ვატყობინებდი, პირიქით ვწერდი: თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეცნიერულ მუშაობაშიც წარმატებები მაქვს, ძალიან მომწონს შენი სახლი-მეთქი. სინამდვილეში კი, უნთერახში ყოველი მოახლოებული მწუხრის ჟამი შიშის ზარს მცემდა. მეშინოდა ბინდის, აუტანელი წყვდიადი რომ მოჰქონდა. საქმე თვით სიბნელეს კი არ ეხება, არამედ შეგრძნებებს, რასაც ღამის წყვდიადი აღმიძრავდა. წყვდიადი, როგორც გადაულახავი გამოცანა მე სულაც არ მაინტერესებდა. ამისი არც უნარი შემწევდა, არც სურვილი გამაჩნდა და სხვათა შორის - არც დრო. მე მხოლოდ ჩემი თავით, ჩემი ავადმყოფობით ვიყავი მოცული. არ შემეძლო, მშვიდად ვმჯდარიყავი სახლში და დავლოდებოდი შებინდებას, იმ მუქარით აღვსილ წყვდიადს, შებინდებას რომ სდევდა თან. ამიტომაც შებინდდებოდა თუ არა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სახლიდან. სამი გზა მქონდა: ან პარშალენისკენ უნდა გავქცეულიყავი, ან ბურგაუსკენ, ან კიდევ მონდზეესკენ, თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის თავს ვარიდებდი. ძირითადად ბურგაუსკენ გავრბოდი (ოთხი წელია უკვე ამ ავადმყოფობით Cephalagie-თი ვიტანჯები), მაგრამ დღეს ჩვეულებას გადავუხვიე და ამ საზიზღარ პარშალენისკენ ავიღე გეზი. ეს მხარე სასაკლაოებით იყო სავსე, სულ ასამდე მოსახლე თუ იქნებოდა.
ძილი მომერია, მინდოდა დამეძინა, მაგრამ არა, რა დროს ძილია, ძილზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, აუცილებლად უნდა დავწერო რამე ამ დაუძლურებულ პარშალენელებზე და ბურგაუელებზე. ერთი სიტყვით, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, დღეს პარშალენისკენ გამოვიქეცი. აქ უნთერახში ჩემმა ავადმყოფობამ სიგიჟის ზღვარს მიაღწია. შიშები დამჩემდა, თავის მოკვლაც კი მინდოდა. საყვარელ ძმაზე აღარც ვფიქრობდი. ხან თავის ჩამოხრჩობა ვიფიქრე, ხან მდინარეში გადავარდები-მეთქი. ყინულის საფარველიც შეთხელებული იყო, საბედნიეროდ არც ცურვა ვიცოდი, უმალვე ჩავიძირებოდი. მაგრამ თვითმკვლელობაზე ფიქრი ერთია და განხორციელება მეორე. გამბედაობა არ მყოფნიდა. გაბედვა იქით იყოს და რატომღაც აკვიატებული მქონდა, რომ სიკვდილიც აუცილებლად გამიჯანჯლდებოდა და საშინლად გავწამდებოდი: ხეზეც კაი ხანს ვეკიდებოდი სულთმობრძავი, წყალშიც ან ჩავიძირებოდი, ან არა. ეს უსუსურობა და უძლურება სულ უფრო მაგიჟებდა. არა და თითქოს ხეებიც, მდინარეც მაცდურად მიხმობდნენო თავისკენ. მაგრამ მე გავრბოდი, უკანმოუხედავად, შეუჩერებლად გავრბოდი და ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ. არა, ხეების სურვილს ვერ დავემორჩილები. მე მეშინია მათი. მე ყველაფრის მეშინია. წარმოიდგინეთ, აუტანელი სიცივე იყო, მე კი უპალტოოდ, უჟილეტოდ, თხელი შარვლისა და პერანგის ამარა გავრბოდი. მაგრამ არ მციოდა, სულაც არ ვიყინებოდი, პირიქით, შიგნიდან ცეცხლი მეკიდა, სიცხისგან ვიწვოდი. გიჟივით მივქროდი პარშალენისკენ. უფრო სწორად სიგიჟეს გავურბოდი. რომ არ გავქცეულიყავი, მართლაც გავგიჟდებოდი. თუმცა, ვინ იცის, ეგებ გაგიჟება ჯობდა კიდეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვით გაგიჟების პროცესიც გამიჭიანურდებოდა. სიგიჟე შიშს მგვრის, მაგრამ მაინც გაგიჟება მერჩივნა. აკი ერთმა პროფესორმა მიწინასწარმეტყველა კიდეც, უახლოეს მომავალში ჭკუიდან გადახვალო. მას მერე ორმა წელმა განვლო და ჯერ კიდევ არ შევშლილვარ. მაგრამ წარმოვიდგენ თუ არა წყვდიადს, სახლში ვეღარ ვჩერდები. თვალთაც მიბნელდება, ყურებიც მეხშობა. ვერც ვეღარაფერს ვხედავ და არც აღარაფერი მესმის... ვერ ვიტან ჩემს ოთახში შემოჭრილ ამ აუტანელ სიბნელეს, უკუნს. და რომ არ გავიქცე, მართლა შევიშლები. სახლიდან გამოსვლისას, ჩემს უკან ყველა კარს ვრაზავ, გასაღებების მთელ ასხმას ნაჩქარევად ვიდებ ჯიბეში და ქუჩაში გავრბივარ. სირბილისას წვეტიანი გასაღებები ხან თეძოში მერჭობა, ხან ბარძაყში. არც ისაა გამორიცხული, ყინულზე დამისხლტეს ფეხი, და დავეცე. მთელი მუცელი სულ დაიარავებული მაქვს. ბურგაუსკენ მიმავალი გზა 100-ჯერ მაინც მაქვს გადათელილი, მაგრამ მაინც ვეცემი. ჯერ მარტო გუშინწინ ოთხჯერ წავიქეცი, მთელ კვირაში კი თოთხმეტჯერ. შინ დაბრუნებისას, სარკეში რომ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, შევნიშნე, რომ ნიკაპზეც მქონდა ჭრილობა, თანაც ღრმა. სხვა ჩემს ადგილზე ალბათ ექიმს მიმართავდა, მაგრამ მე არც მიფიქრია. საერთოდ ექიმების მეშინია. არც სისხლით დალაქავებული დედისერთა შარვლისთვის მიმიხედავს. მერე რა, რომ სისხლიანია, ეს მე ვიცი მხოლოდ. მაინც სულ სიბნელეში დავდივარ და ვინ დამინახავს. გადაღლილობისგან ისე მტკიოდა თავი, სხვა აღარაფერი მახსოვდა. სარკიდან სისხლით დადღაბნილი კომიკური სახე მიმზერდა, შარვალიც დამხეოდა - გამეცინა. ტკივილმა სულ დამიმანჭა სახე. მაგრამ არა უჭირს, მაინც უკანასკნელი კვირაა. თუმცა მთავარი ეს როდია, საქმე იმაშია, რომ სულ სხვა რამ მინდა გითხრათ: პარშალენისკენ მიმავალ გზაზე ქუდი ვიპოვე. ახლაც, როცა ამ ყველაფერს ვწერ, თავზე მახურავს. დიახ, მე ქუდი ვიპოვე, ნაცრისფერი ჭუჭყისგან გაპოხილი და გახევებული ქუდი. კაი ხანია რაც თავზე მახურავს, უკვე ჩემი სუნიც კი უდის. შინ დაბრუნებისთანავე შევეცადე ქუდი სადმე საგულდაგულოდ დამემალა, ხან ჩემს ოთახში შევვარდი, ხან წინკარში, ადგილი რომ ვერ მოვუნახე, თავზე დავიკოსე. ვიფიქრე, ასე თვალში მაინც აღარ გამომეჩხირება-მეთქი. გადაგდება არ შემეძლო; სულ რამდენიმე საათია, რაც თავზე მახურავს ეს ქუდი და ერთადერთი ფიქრიღა მაქვს: თავზე ქუდი მახურავს. ვშიშობ ჩემი მდგომარეობა ქუდით, თუ უქუდოდ, განუწყვეტელი ფიქრით მოვიხსნა თუ არა, ესეც ალბათ ჩემი ავადმყოფური გონებიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობიდან, რომლის ახსნაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. თითქმის რვა ექიმთან ვიყავი, წარმოუდგენლად ძვირიც დამიჯდა, ზოგიერთთან მოხვედრაც კი პრობლემა იყო, მაგრამ ყველა ერთნაირი არამზადა გამოდგა.

© “არილი”