Monday, June 22, 2009

დავით წერედიანი - ლექსები

დავით წერედიანი

ციკლიდან: ამინდთა სათვალავი

აპრილი


იმღვრევა ბროლი: გაზაფხულსაც დაეტყო ხანი.
მაინც გულდაგულ იმოსება სამეფო მწვანით,
არაფერს იმჩნევს, ყველა ეჭვი აქვს განდევნილი,
და ისე მოდის, თითქოს, რა და, შარშანდელივით
ლამაზი იყოს. ლანქერებად, ლეღმებად მოდის.
ხმა იგივეა...
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

უკუმიდგება და, ხელახლა, ფესვთა ჟრიალით,
ამ ეკლის ბარდით, ამ ბებერი ხით ნუჟრიანით
წუხანდელ ქუხილს, გადავლილი წვიმების ხასხასს
მიწიდან წვეთ-წვეთ ამოჟურავს, ფოთლებად გასხამს.
ზედ სარკმლის პირზე ალისფერი ასხლტება ტოტი,
დამეჟრჟოლება...
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

ორიონი

აქ ლაჟვარდია, სამერცხლური, ლურჯად მწვეთარი.
რაც დილას მოაქვს საზრუნავი, საღამოს მიაქვს.
მოწყენა ჩემი დობილია, ვცხოვრობ ნეტარი,
იმედებისგან თავდახსნილი ვაგროვებ ციაგს.

მოწყენა ჩემი დობილია საღამოს გზამდე,
და როცა მწუხრში, ბოლო ნიმბი, ჩაქრება შხარა,
ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს,
მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს.

მიარწევს ცხედრებს ვარსკვლავეთის შორი დინება.
რომელ მეჩეჩზე უნდა გავრჩეთ? რა ზღვრამდე ივლის?
ვცვლი მოკიაფე სახელებზე დღის მოთმინებას
და ფსკერისაკენ დავეხრები დანისლულ ბივრილს.

თოვლი

სარკმელში თეთრი გარიჟრაჟი,
პირველი თოვლი.
- შეხედე, თოვლი! სიხარულზე ვილაპარაკოთ!
- ნახე, თოვლია! თავსასთუმალს თითქმის ეხება!

სად მიდის ჩვენი ჟამიერი? სუნთქვისმიერი?
არა ის, რასაც მიწას მივცემთ, ცაში წავიტანთ,
არამედ სევდის ნაფერთალი, ელდის ნამსხვრევი,
რასაც ვღელავდით, ვუკრთებოდით, ვეკრთოლებოდით,
ღიმილში ვრევდით, გაოცებულ სიტყვებს ვარქმევდით.
- შეხედე, თოვლი! თავსასთუმალს თითქმის ეხება!

ციკლიდან: სულთა თანა

მიძღვნა

მამის ხსოვნას


მსუბუქი იყოს ფერფლი თქვენი, წლები გადიან,
ეონი გადის, ცა დაშაშრეს, მიწა დაშრიტეს...
საყდრის კედლიდან კენჭები და კირი მოცვივა
და მერცხლის ძველი ბუდეები. კვლავ გაზაფხულდა.
ვზივარ სიპ ლოდზე.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

დედა ევდოტი,
ჩემი ბავშვობის ერთადეთი მონაზონი,
თხას აძოვებდა ჯაგნარებში, ლანდადღა მახსოვს,
აქ, გაუქმებულ ამ საყდართან, ხუხულა ედგა,
დედაკაცები აკითხავდნენ შებინდებულზე
კაბა-ჯუბებში შემალული ჯამ-ტომსიკებით.
ერთხელაც გაქრა. თხა რატომღაც ტყვიით დაცხრილეს,
ხუხულა დაწვეს და მას აქეთ - ხმა, ჩამიჩუმი.
სად ხარ საწყალო, ვიშვიშებდნენ დედაკაცები.

ყველა მათ - ვისაც საფლავები არ დარჩენიათ,
ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს
ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა...
"აჰა, უფალო, კმა არს ჩვენდა! განსრულდა გვემა!
აწ აღარ გვინდა,
აწ აღარ გვინდა ხორციელი აღდგომა მკვდრეთით"!

ცად გაშვებული ბაბილონის ვეება ჩრდილი
ეცემა გუმბათს.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

წმინდაო დედა ევდოკია, ხარ ცათა შინა,
სასძლო უფლისა საუკუნო ნათელში ბრწყინავ,
ზიხარ ნეტარი, სიხარულის ცრემლებით სველი,
ხუხულა ყვავის, თხა კიკინებს, ხასხასებს ჯაგი...
უთხარი უფალს, სანატრელო, უხრწნელი ბაგით,
უთხარი უფალს,
აღარავინ აქ აღარ ელის.

მთაში მძაფრია გაზაფხული, დიდხანს მოიბრძვის,
სანამ თესლიდან დაიძრება პირველი ღივი
და სამზეოზე გაოცებით მიმოიხედავს.
კვლავ ორთქლავს მიწა.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.


უდიდმეფონი

უფლის ხმად მეცნო, მოყმენო, დაგვდევს, მძვინვარებს.
ის, რასაც გაასწარ, აღარმცა ჰგონებდი ნახვას,
წლებს მხარზე გაიხვევს, ბნელში წაგადგება მძინარეს,
ზედ შიშველ გულზე, თვისტომნო, დაგაბჯენს ლახვარს.

რას არ ხედავდა
კედელში ჩატოვებული ბზარი,
აზიურ მაიდნებს, ჩადრებს, ტანკენარ მინარეთებს.
ტყვეებს ვყიდდით, ფასი, სამწუხაროდ, არ იყო მყარი,
ცხენებს ვყიდულობდით,
ფრთხილად გადმოგვყავდა მდინარეზე.

რა კაცად იცხოვრე, სეფედავლე? მგზავრად.
ამყოლს ავყევი, დრო დგება სულთა ამოსვლის.
შემოიცვი სხვისთვის გამოთარგული სტავრა,
აფართხუნე ტანზე მოურგებელი სამოსი.

არადა, ელვანი გვფერობდნენ, დღესასწაულნი ხრმალთა,
შუბ-შიმშერთ სეფანი - რამ? რისმა სახმილმა მოგვაგზნო? -
შუბ-შიმშერთ სეფანი, სამეფო კარვების კვალთვა.
ვინ მიგვიწვევდა ჩვენ ამ ნადიმზე, მოყვასნო?


პირმზითი

რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს...

წამიღე, რაც-რა მემართა, ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე, ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი...

ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ...

ზღვაოსნობა

ქაღალდის ნავი მაღალ წყალში შევაცურეთ, ძველი ტრირემი,
ხოფებს ვუსვამდით, სამხრეთისკენ მივყვებოდით შებინდულ ცისპირს,
მიმოვიხილეთ კუნძულები, ბეჭდის თვლებზე უფრო მცირენი,
სადაც სპეკალში შორეული ცრემლი ისმის, ვარსკვლავი ისმის.

სამშობლო მხრიდან ქარიშხალი დაგვეწია, შავად მღუარი,
შავი ხანძრებით, შავი, შავი ეონებით, ფერფლის ღრუბლებით.
დადექ, ილოცე! რა მერედა, ნავი იგი სიზმრის თუ არი,
თეთრი ფურცლისა! ქარიშხალი ნამდვილია - და ვიღუპებით...


ფრაგმენტი პოემისათვის

I
გზა ნაგზაურსა, შაბაშ, დასძარი,
მიმოვიმგზავროთ ძველი ქარგები.
არც - მოფარგლული წრე წინასწარი,
არც - სახვალზეგოდ მოსაფარგლელი.
ბნელდაბნელ მივალ, ჟიჟმატი მზუზავს,
თრთოლავს სანთური, კრთოლავს სანათი.
ვარ მინდობილი კლასიკურ მუზას
მცირეოდენი განდაგანათი.

II
ეპოსის ხანა აგრემც დამთავრდა,
მაგრამ, რა კაცი კუნაპეტს გარჩეს
და ღამით ღამე ჯდეს კელაპტართან,
ვერ ნახავს უფრო სამეფო სარჯელს.
შაბაშ, დასძარი, ბინდი გვეხუროს,
ამოვიფერთხოთ გულის ბუხარი,
გავმუხლოთ, ჩემო ბატიფეხურო,
ნურც მოგვცემია სხვა საწუხარი.

III
არადა, საით? - ნუ ხელებს დაყრი,
სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს,
გინდ სამიჯნუროდ გაიჭრას მაღრიბს,
გინდ ოდიშური ტალახი ზეპოს.
...არ ვიცი, რომელს გავასწარ ბეწვზე,
ბნელში საჩემოდ გასროლილ ტყვიას,
თუ ბროლის დარბაზს, ალისფერ ბეჭდებს,
მიმოშლილ ტევრთა ოქროვან წყვდიადს...

IV
მთავარი ქარგა ტრიალებს წრეზე,
მზეს ელტვის, მაგრამ უფრო მთვარე ჩანს,
დადის, დაკარგულ საბედოს ეძებს,
გრაალს, ითაკას, ნესტან-დარეჯანს.
ჟამიდან ჟამზე ღვთაებრივ ყარიბს
აჟღერებინებს ქნარსა თუ ლერწამს,
მულღაზანზარზე მიელავს ბწკარი
და შვიდი ცრემლით სამყაროს ძერწავს.
გადაჭრი საბელს, გაივლი ღვართქაფს,
წინ ველებია ვრცელზე უვრცენი
და ამა ქვეყნის გლოვა და ზართქმა
მოცვივა როგორც ვარდის ფურცელი.

V
აქ შევდგეთ, ცოტა დავწიოთ ტონი.
ჩადებულია პირველი ფსონი...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ჯეკ კერუაკის რომანი "გზად"


ფება ლუ ადამსი
გზა ნირვანისაკენ
ჯეკ კერუაკის რომანი "გზად"


ჯეკ კერუაკის რიგით მეორე რომანში - "გზად" - გადმოცემულია მთხრობლის, სოლ პარადაისის თავგადასავალი. პარადაისი ომის ვეტერანია, რომელსაც, დემობილიზებულ ჯარისკაცთათვის დაწესებული შეღავათის წყალობით, უნივერსიტეტში სწავლის საშუალება მიეცა. ის ლოთობს და, სიფხიზლის მომენტებში, ლიტერატურული შემოქმედებითაა გატაცებული. პარადაისის ახალგაზრდა მეგობარი, დინ მორიარტი, დისციპლინარული სკოლის კურსდამთავრებულია. ჭაბუკებს არ ძალუძთ ერთ ადგილას ცხოვრება. ისინი დაძრწიან ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის, ქეიფობენ, ესწრებიან ჯაზის კონცერტებს და, ამასთან, დინი ირთულებს ცხოვრებას ხშირი ქორწინებებით. თავისუფალ დროს მეგობრები უთმობენ დინის მამის (ქრონიკული ლოთის, რომელიც, სავარაუდოდ, სადღაც, მისისიპის დასავლეთით დაყიალობს) ძებნას.
დინი უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟია. კერუაკი დეტალურად აღწერს გმირის უწესრიგო ბავშვობას, დისციპლინარულ სკოლაში სწავლის ეპიზოდებს და, საერთოდ, მის უთვისტომო ცხოვრებას. დინი არ ეძიებს სტაბილურობას, მაგრამ ჯიუტად ისწრაფვის ეიფორიისკენ. ნარკოტიკები, სპირტიანი სასმელები, ქალები, ჯაზი, სწრაფმავალი მანქანები მას წარმოუდგება ნირვანის მისაღწევ საშუალებებად. მათზე იმდენი დრო იხარჯება, რომ ცხოვრებისგან გაქცევის ამ საშუალებათა მიღმა არსებული რეალობა შეუცნობელი რჩება.
საზოგადოდ, განმეორება მოსაბეზრებელია. ამასთან, ყოველივე, რისი თქმაც სურს კერუაკს დინის შესახებ, გადმოცემულია წიგნის პირველ მესამედში, რომანის დანარჩენი ნაწილი კი იმავე თემის ვარიაციებს წარმოადგენს. მოზღვავებული ენერგიისა და მნიშვნელოვანი ინტელექტის მქონე ჭაბუკის უუნარობა, იპოვოს თავისი ადგილი ორგანიზებულ საზოგადოებაში, საკმაოდ მომგებიანი თემაა, მაგრამ ერთგვაროვანი ვარიაციები აქარწყლებენ მოსალოდნელ ეფექტს.
აღსანიშნავია, რომ რომანი უხვად შეიცავს შესანიშნავ პასაჟებს. კერუაკისთვის დამახასიათებელია საგანგებო სტილი, ნაწილობრივ - ძალზე სადა, ნაწილობრივ - ჟარგონული, ნაწილობრივ - უჩვეულოდ ბრწყინვალე. მწერალი თითოეულ მათგანს უტყუარი ალღოთი იყენებს. ნაწარმოებში გვხვდება მათი ურიცხვი კომბინაცია და კონტრასტული შეპირისპირება. თხრობის ტემპი ისე ვითარდება, თითქოს მის საჭეს დინი მართავდეს, საათში 110 მილის თანაბარი სიჩქარით.
კერუაკის რომანი უაღრესად საინტერესოა. ის გვიცრუებს იმედებს, რადგან გამუდმებით გვპირდება ჭეშმარიტი მნიშვნელობის ან ძირითადი არსის გაცხადებას, მაგრამ არ გვაწვდის არავითარ დასკვნებს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან დიდი უფრო დამაჯერებელია, როგორც ექსცენტრიული პერსონაჟი, ვიდრე - როგორც სოციუმის რომელიმე ნაწილის ტიპიური წარმომადგენელი.

The Atlantic Monthly, 1957, ოქტომბერი.

© “წიგნები – 24 საათი”

გივი ალხაზიშვილი. რკინის კარს აქეთ და იქით.

ანდრო ბუაჩიძე
რკინის კარს შიგნით
გივი ალხაზიშვილი. რკინის კარს აქეთ და იქით. რომანი. დიზაინერი: გოგი წერეთელი, რედაქტორი: ლია შარვაშიძე. თბ. "მერანი", 2002.


გივი ალხაზიშვილის რომანის "რკინის კარს აქეთ და იქით" მთავარი გმირი დანიელი ერთ მშვენიერ დღეს ყაზარმაში დაბრუნებამდე, აბანოდან გამოსულ შუააზიელ ჯარისკაცებს შეასწრებს თვალს აზერბაიჯანელებისგან როგორ ყიდულობენ "საძერწივით დაგორგლილ, მორუხო-მომწვანო ფერის, ქაღალდში გახვეულ ბურთულებს. ეს "პლანია", "რომელიც კიროვაბადში ანუ განჯაში, ძალზე იაფი ღირდა, ბაში - ათი შაური".
მაშ ასე, შუააზიელი ჯარისკაცები საბჭოთა ჯარში კაიფობენ, აზერბაიჯანელები, ქართველები და რუსები "ალშარაფს", ღვინოს და არაყს სვამენ... არც "სამავოლკაში" სიარული აკლდათ და "ნაშებში გრიალი". მაგრამ იმდენად მძიმე იყო ჯარისკაცული ყოფა, ყოველ განვლილ დღეს "სალდათური" ფოლკლორიდან ნასესხები გინებით აცილებდნენ. დანიელი იხსენებს: "ჩვენი დივიზიონი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ღვინისტები, არყისტები, პლანისტები და სხვები, რომლებიც წესიერ და ფხიზელ სამსახურს ამჯობინებდნენ. ჩამშვებები ამ წესიერ ხალხში იყვნენ ჩამალულები.
თუმცა, პირველი სამი კატეგორიის ხალხი მკვეთრად არ იყო ერთმანეთისგან გამიჯნული და ღვინოსაც, არაყსაც და "პლანსაც" იმის მიხედვით, თუ როდის რა გააჩნდათ, სიამოვნებით ეტანებოდნენ".
ესე იგი ჯარისკაცი საბჭოთა ჯარში დროდადრო თავდავიწყებას ეძლეოდა. საამისო საშუალებები კი, როგორც ვხედავთ, მრავლად იყო.
გივი ალხაზიშვილის რომანის გმირი იხსენებს ჯარში გადახდენილ ამბებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გახსენება არ არის. ეს საკუთარი ცხოვრების ყველაზე "საკვანძო" მონაკვეთის ანალიზია, რეფლექსიაა, "ექსისტენციური გამონათება".
რომანის თვითმყოფადობის ნიშნად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ავტორმა შეძლო საკუთარი გამოცდილებით მიკვლეული და გათავისებული მასალა, სერიოზული სათქმელის კონტექსტში მოექცია, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია "რეალობიდან გაქცევის", ცრუფილოსოფოსობის, მოსაწყენი ზოგადთეორიული და აღწერითი ეპიზოდების ხარჯზე. მწერალს ამ თემაზე იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ ლამის უკვე მხატვრულ ნაწარმოებად ჩამოსხმულს ატარებდა თავის თავში. და ეს სათქმელი ირონიით იყო გაზავებული. მას იმთავითვე (ე.ი. საბჭოთა ეპოქაში) გააჩნდა ირონია ანუ დისტანცია "ჯარისკაცული გამოცდილების" მიმართ. რეფლექსია კი უფრო გვიან მოვიდა, ე.წ. პოსტსაბჭოთა პერიოდში. შეიძლება ვინმემ იფიქროს, თუ ეს გამოცდილება არსებობდა, რატომ მაშინვე არ იქცა მხატვრულ ნაწარმოებად და არ მოთავსდა აკრძალული ლიტერატურის უჯრაშიო. მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ გამოცდილების არსებობა ერთია და მისი გასაგნება მეორე. გივი ალხაზიშვილმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, რომ ამ ნაწარმოებამდე მისულიყო. აქ მე არა მხოლოდ ცხოვრებისეულ, არამედ სიტყვის პროფესიული ხვეწის და ლიტერატურული თვითცნობიერების ჩამოყალიბების გზას ვგულისხმობ, რომელიც საერთო გამოცდილების ორგანულ ნაწილად იქცა.
იგივე გზა გაიარა მისი რომანის მთავარმა გმირმა დანიელმაც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერალმა ამ პერსონაჟში გაასაგნა თავის სათქმელი. მთავარი კი ისაა, რომ მას მიანიჭა ირონიული ხედვის რაკურსი. შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა პერსონაჟში სწორედ რეფლექსიის ნიჭი ჩადო და ირონიაც ამ რეფლექსიის განუყოფელი ნაწილია. და აი აქ მინდა უმთავრესი რამ ვთქვა: ეს ნაწარმოები საბჭოთა პერიოდში ვერ დაიწერებოდა, ვინაიდან ის ტოტალიტარული რეჟიმის უკვე გარედან, პოსტსაბჭოთა პრიზმიდან ხედვაა. დანიელი ორი ეპოქის, ორი საუკუნის, ორი მსოფლმხედველობის გზაგასაყარიდან უყურებს ცხოვრებას. აქ არის ღირებულებათა ათვლის მისი წერტილი. ისევ ნარკომანების ჟარგონული ლექსიკიდან უნდა ვისესხო ერთი სიტყვა - "ლომკა", დანიელისთვის პოსტსაბჭოთა პერიოდი სრული ფრუსტრაციის, "ლომკის" პერიოდია. და ეს წარსულისადმი ნოსტალგიის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ დანიელი მუდმივი ანალიზისა და ჩხრეკის შემდეგ აცნობიერებს, თუ რა ნაგავში იყო ჩაფლული მთელი ცხოვრება.
ძალზე ნიშანდობლივია ეპილოგი. ხანგრძლივი თვითრეფლექსიის შემდეგ (რომანი დამთავრდა, ე.ი. დამთავრდა წარსულის ანალიზი) დანიელს სარკეში საკუთარი თავის დანახვა აღარ უნდა. რეფლექსია წყდება, რადგან უკვე გულისრევის გრძნობას იწვევს, "დანიელმა ჩაიცვა, სარკეში აღარ შეუთვალიერებია სახე; აღარ უნდოდა დაენახა ის, ვინც ისეთივე იყო, როგორიც გუშინ".
გავიდა დრო, შეიცვალა ეპოქა, არ შეცვლილა თვითონ დანიელი. არ შეცვლილა, რადგან მისი ორიენტირი ზნეობრივი ნიშანია. დანიელი ადის სამარშრუტო ტაქსში და, როგორც ავტორი გვეუბნება, "პარადოქსული განცდა ეუფლება". მას ოცდათხუთმეტი წლის წინ მიტოვებული ყაზარმა ენატრება. განცდა მართლაც პარადოქსულია, რადგან წარსულთან ზიარება მისთვის უკვე მომქანცველ ტვირთად იქცა. მას უბრალოდ აინტერესებს, იყო ყოველივე ეს თუ არა? იქნებ ყველაფერი კოშმარული სიზმარია?
დანიელი სამარშრუტო ტაქსში ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეულ ქალს ხვდება. ქალი ეკითხება: - "უკაცრავად, ხომ არ იცით, "მარშრუტკა" იქით მიდის, მე სადაც მინდა?!" ეპილოგი სიმბოლურ ასპექტს იძენს. ავტორი წერს: "გაღიზიანებული ჩანდა, ყაზარმის საკვირველი მონატრებიდან რომ გამოაძევა უცნობი ქალის ისტერიულმა ხმამ". ეს ხმა რეალობაში აბრუნებს დანიელს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეშლილი ქალი დანიელში აღძრული წარსულის უშუალო პირმშოა, ეს ფეხშიშველი, უპოვარი, გზადაკარგული არსება სწორედ იმ წარსულმა შვა, რომელსაც დანიელი აცნობიერებს. ეს ქალი თითქოს უჩინარი, მაგრამ ყველაზე უფრო რეალურად არსებული ძალადობის მსხვერპლია. ძალადობა პოსტსაბჭოთა პერიოდშიც გრძელდება. მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები - "ბოსხის რამდენიმე პერსონაჟი" ფაქტობრივად აბუჩად იგდებენ ქალს, ვინაიდან "მსხვერპლი არ უყვართ, უყვართ მოძალადე". "მცირე კალიბრის" მოძალადენი კი თვითონვე არიან.
დანიელი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ ქალის მიმართ თანაგრძნობა ამოძრავებს, რადგან თვითონაც მსხვერპლია, რომელსაც წარსულის გაცნობიერების უნარი აღმოაჩნდა და ამით გადაურჩა შეშლილობას. ქალი ამაყობს: "სულერთია, სახლში არ მინდა, სახლში არ მინდა, შინ - ფსიქიატრიულში დავბრუნდები, იქ სუპი და მაკარონი მაინც არის, ცოტა თბილა კიდეც, გული მემალება, იქ არ მაწუხებს, წამლებიც არის, პურიც, იქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს".
იმ სოციუმში, რომელშიც ქალს ყოფნა უწევდა, მისი ადგილი უკვე აღარ არის. მას ფსიქიატრიულში ურჩევნია დაბრუნება, სადაც იარსებებს, როგორც "მსგავსი მსგავსთა შორის".
როგორია დანიელის ხვედრი? მას კი აქვს სახლი? და საერთოდ ვინ არის ეს თავისებურად უცნაური კაცი?
მე ვფიქრობ, რომ ის, გარკვეული აზრით, ძე-ცთომილიცაა. არა იმიტომ, რომ ჯარში მოუწია წასვლა. ერთი ძალიან საინტერესო პასაჟის გამო. ვფიქრობ, ასეთი ფსიქოლოგიურად ზუსტი პასაჟები სძენს ამ რომანს მნიშვნელობას.
ჯარის ნაწილიდან რამდენიმე დღით შინ დაბრუნებული დანიელი საშინელ მარტოობას იგრძნობს. "ორიოდ დღეში აღტაცების ეიფორია ჩაცხრა და არასოდეს ისე მარტოდ არ მიგრძვნია თავი, როგორც მაშინ".
დანიელს არ მოელოდნენ, ის მოულოდნელად დაბრუნდა შინ და აღმოაჩინა, რომ იქ ყველაფერი ძველებურად მიედინებოდა. მისთვის არავის ეცალა. გარემომცველი, მისდამი, რა თქმა უნდა, კეთილად განწყობილი ადამიანების ცნობიერებაში დანიელი ჯარისკაცი იყო და სანამ არ გაასრულებდა თავის ჯარისკაცულ სამსახურს, შინ თითქოს ადგილი არც მოეძებნებოდა. რეალურად ასე იყო თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასეთია დანიელისეული მოვლენათა აღქმა. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კაცი ძე-ცთომილია. მას არ დაედგომება შინ. ის ეძებს სახლს ყველგან. დანიელი მაძიებელია. კონკრეტული ექსტრემალური გარემო, ისევე როგორც მუზილის ტიორლესისთვის, მისთვისაც ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. მასში მძაფრად იღვიძებს სულიერი მოთხოვნილებები და შინ ჩამოსული სიუცხოვეს რომ წააწყდება, სეტიდანთან მიდის. სეტიდანი დანის სულიერი ძმაა.
საერთოდ დანიელი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად არის ჩართული ჯარისკაცების პიკანტურ თავგადასავლებში, მაინც მხედველი, მჭვრეტელი, მოვლენათა უტყუარი შემფასებელია. მწერალი მისი თვალით დანახულს გადმოგვცემს, მისი პიროვნებისეული ტემპერამენტი, თხრობის რიტმი და რეგისტრი განსაზღვრავს რომანის ტონალობას. გივი ალხაზიშვილი თითქოს უერთდება თავის მთავარ პერსონაჟს. ალიაშვილი, ბუთიკო, კაკულია, რუსი ოფიცრები, - ყველანი დანიელის ირონიული და ზოგჯერ სარკასტული ხედვის პრიზმაში გადატყდებიან.
გივი ალხაზიშვილი თავისებურად აგებს რომანის კომპოზიციურ სტრუქტურას. მართალია ყველაფერი ერთი მთავარი გმირის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ეს პერსონაჟიც სხვადასხვა თავებში სხვადასხვანაირი წახნაგით მჟღავნდება, ეპოქის სხვადასხვა ნიშანდობლივ მომენტებს ირეკლავს: "დანს მშვენივრად ახსოვდა 1953 წლის 5 მარტი, აქვითინებული მშობლები, ცხარე ცრემლით მტირალი ბებია და ბაბუა, მეზობლები, მთელი უბანი... საყოველთაო ფსიქოზი, საბჭოთა სამშობლოსთან გაიგივებული ბელადი, ყველას მამა და პატრონი, რომლის სიკვდილის შემდეგაც მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას ვერ წარმოედგინა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება".
ეს დანიელის აღქმული სინამდვილეა. მას, როგორც სულიერების მქონე, ზნეობრივად მრთელ ადამიანს, ამ საყოველთაო გლოვიდან ერთი მომენტი აღებეჭდება ღრმად: მიქელაძის სახლი ბელადის სიკვდილს არ გლოვობდა, იქ თითქოს რაღაცნაირმა სიმშვიდემ თუ სასურველმა მყუდროებამ დაისადგურა. ამ სახლში მხოლოდ ოთხმოც წელს მიტანებული დედაბერი ცხოვრობდა, რომლისთვისაც 37 წელს ქმარი და ორი მაზლი დაეხვრიტათ. ხუთ მარტს დედაბერი ეზოში გამოვიდა და სასხლავით ვარდებს ტოტებს აჭრიდა. მწერალს მახვილი დეტალი მოაქვს: "დანს არ დაავიწყდება დედაბრის სახე და მკაცრ მზერაში ჩამალული გამარჯვებისა თუ სიხარულის ძლივს შესამჩნევი ნაპერწკალი".
დანიელს მოვლენათა "სწორი ხედვა" სიყმაწვილიდანვე "მოსდგამდა" და ძე-ცთომილობის პერიოდში ისეთი გამოცდილება შეიძინა, რომ საბჭოთა ტოტალიტარული ეპოქის "სატანურ სიღრმეთა" მჭვრეტელიც კი გახდა.
ფაქტობრივად ამაზეა დაწერილი გივი ალხაზიშვილის რომანი. ეს არის იმპერიის ვეებერთელა, ბნელ სტომაქში ყოფნის ხანა. ტანჯვის საზღაურად დანიელი სიბრძნეს იძენს და დაბრძენებული ბრუნდება, მაგრამ... აქაც თომას ვულფისეული შინ ვერდაბრუნების პრობლემა იჩენს თავს: "სად არის ეს ნაოცნებარი "შინ"?! არსებობს ბიოლოგიური "შინ", არსებობს ოჯახური "შინ", არსებობს სამშობლო - "შინ", მაგრამ "შინ", რომელზეც დანიელი სამწლიან ჯარში ოცნებობდა, ამ ცხოვრებაში არ ყოფილა, არ არსებულა".
ეს სკეპსისი დანიელის არსებაში პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა აღძრა.
იმპერიის ვეებერთელა, ბნელ სტომაქში "მოგზაურობის" აღსაწერად მწერალს კარგად უნდა სცოდნოდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის ის "შიდა სივრცე", რომელიც ყველას მზერისთვის არ იყო მისაწვდომი. და უნდა ითქვას: მან მართლაც კარგად იცის რა ხდებოდა "რკინის კარს იქით". ფაქტობრივ მასალას ფანტაზია ერწყმის და ჩვენს წინაშეა, როგორც უკვე ვთქვით, ჯარისკაცული ისტორიების მთელი წყება, რომელთა სერიული მონაცვლეობა მრავალფეროვნებას ანიჭებს მონათხრობს.
ზემოთ კომპოზიციური სტრუქტურის თავისებურებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა. გივი ალხაზიშვილმა დასათაურებულ თავებად დაჰყო რომანი. ეს თავები ყოველთვის არ აგრძელებს ერთმანეთს, ე.ი. ფაბულა თანმიმდევრულად არ ვითარდება, მაგრამ ისეთ ერთიან კომპოზიციურ მოზაიკას ქმნის, რომელიც ამ ფაბულის და გამიჯნული მოტივების ძაფებითაა დაქსელილი.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გივი ალხაზიშვილი ამ წიგნში სავსებით განიძარცვა პოეტური სამკაულებისგან და მთელი არსებით პროზაიკოსად იქცა. პოეტის გამოცდილება პროზაულ ნაწარმოებში მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო ნიშნებით გამოვლინდა: ესაა მოკლე, ტევადი, ექსპრესიით აღბეჭდილი ფრაზის ფლობა, ზუსტი ეპითეტის შერჩევა, უჩინარი ლირიკული ქვედინებების განფენა "პროზაულ" ფონზე. ეს უკანასკნელი ნიშანი თვალნათლივ წარმოჩნდა თავში, რომლის სათაურიცაა "ქისა". ეს არის ჯარისკაც კოსტენკოს ამბავი. ამ ამბავს სწორედაც რომ პროზაული ელფერი დაჰკრავს, ვინაიდან კოსტენკო ყველაზე უფრო არაპოეტური გზით აპირებდა ოქროთი ქისის გავსებას, მაგრამ თავისებურად პოეტურია ჯარისკაცის ხეტიალი ტრამალებში. აქ ასეთი პასაჟია: "ეკლიან ბუჩქთან შეჩერდა, ჩაჯდა, ზურგჩანთა და ავტომატი მოიხსნა, ჩამავალ მზეზე დაგრძელებული ბუჩქის ჩრდილს შეუერთდა. ჩრდილი თანდათან პატარავდებოდა და კოსტენკოს შეეშინდა, საკუთარ ჩრდილთან ერთად არ გამქრალიყო ამ თვალუწვდენელ სამყაროში..." ეს პოეტური წიაღსვლა არ აღიქმება მკითხველის მიერ "უცხო სხეულად", რადგან მთელი რომანის მანძილზე იჩენს თავს ლირიკული მუხტი, იჩენს და ითქვიფება პროზაულ სუბსტანციაში. მწერალი მთელი არსებით ცდილობს ამ მუხტის, ხმის, რეგისტრის ფლობას და ფლობს კიდეც, ზოგჯერ უმატებს, ზოგჯერ კი უკლებს, იმისდა მიხედვით, თუ სად რისი თქმა სურს. კოსტენკოს ფრაგმენტში, მთელ თავში ჭარბადაა პოეტური მუხტი და აქ აზრობრივი ელფერიც იცვლება. ეს თავი თითქოს რომანის მჭიდრო, ტევად ტექსტში გაჭრილი ფანჯარაა, საიდანაც მზის სინათლე იღვრება. ამ სინათლეზე მკაფიოდ ჩანს ყოფიერების ტრამალებში მოხეტიალე კაცის ბედისწერა.
სწორედ ბედისწერაზე "საუბარი" იყო გივი ალხაზიშვილის მიზანი. საბედისწერო გამოდგა საბჭოთა ტოტალიტარიზმი ყველა ჩვენგანისთვის. მწერალმა თავისი მიზანი განახორციელა - კონკრეტულ ჭრილში წარმოგვისახა ეპოქა.

© “წიგნები – 24 საათი”

ვახუშტი კოტეტიშვილი - ჩემი წუთისოფელი


ანდრო ბუაჩიძე


"მეგობარო, ეს არ არის წიგნი..."

ვახუშტი კოტეტიშვილი. ჩემი წუთისოფელი (წიგნი პირველი). ხალხური ხელოვნებისა და აღორძინების ცენტრი, თბ. 2001


ვახუშტი კოტეტიშვილის ავტობიოგრაფიულ რომანს "ჩემი წუთისოფელი" ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს უოტ უიტმენის სიტყვები: "მეგობარო, ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე და კაცს შეეხები". მე ვფიქრობ, რომანი სათაურთან ერთად სწორედ ამ სიტყვებით იწყება. იშვიათად მინახავს ეპიგრაფი ასე ზუსტად მორგებოდეს ნაწარმოებს. ეს მართლაც არ არის წიგნი, ვინაიდან ადამიანივით სიცოცხლის მძაფრი ნიშნითაა აღბეჭდილი, და ამავე დროს, წიგნია, უფრო კონკრეტულად, ასეთი უნდა იყოს წიგნი - ცხოვრებაზე მღელვარედ მოსაუბრე.
შეუძლებელია გატაცებით არ წაიკითხო ეს წიგნი. და გახსენდება: ყველა სხვა ღირსებასთან ერთად მხატვრულ ნაწარმოებს ერთი ღირსებაც უნდა ჰქონდეს - სულმოუთქმელად წაგაკითხოს თავი. XX საუკუნის ბევრი, უკვე კლასიკადქცეული რომანი ამ ღირსებას მოკლებულია. არადა, "ჩემი წუთისოფელი" ვრცელი რომანია, ეპიკური ტილო. ერთ მწერალს უთქვამს, რომანში ეპოქა, დროის მსვლელობა უნდა ჩანდესო. ამ წიგნში ნამდვილად ჩანს გარდასული ეპოქის ლანდი, ჩანს მკაფიოდ, ცხადად, ხელშესახებად; ჩანან ამავე დროს ის ადამიანები, რომლებმაც, რილკეს სიტყვით რომ ვთქვათ (ეს პოეტური ფრაზა რომანის ტექსტშიცაა), დედამიწაზე დააფინეს თავიანთი ჩრდილი.
და მაინც, რაზეა ეს წიგნი - ვახუშტი კოტეტიშვილის "ჩემი წუთისოფელი"?
წიგნი ეხება იმას, რაზეც ყველაზე მეტად უნდა ფიქრობდეს დღეს ქართველი კაცი - რატომ გამოდგა თავისუფლება ასეთი მწარე და გაუსაძლისი? ხომ არ ვგავართ იმ ფრთებმოკვეცილ ფრინველს, რომელსაც გალიაში ხანგრძლივმა ჯდომამ ფრენა დაავიწყა? დაავიწყა ის, რაც მისი დანიშნულებაა. ადამიანს მხოლოდ თავისუფლების პირობებში შეუძლია საკუთარი თავის რეალიზაცია - არჩევანის გაკეთება, პიროვნული შესაძლებლობების გამომჟღავნება. მართალია, საამისოდ ის უპირველეს ყოვლისა შინაგანად უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ შეუძლია "ჰომო სოვეტიკუსს" თუნდაც ეს, რაც თავისთავად არცთუ ისე ცოტაა? რა თქმა უნდა, არა. მას დაავიწყეს და დაავიწყდა კიდეც, რომ თავისუფლება მისი დანიშნულების წინაპირობაა. "ტყავისპალტოიანებმა" თავისუფლების აღსაკვეთად უმოკლეს გზას მიმართეს - ფიზიკურად გაანადგურეს ის ადამიანები, რომელთა გადაკეთებაც ვერ შეძლეს. ამით არა მარტო ჩაკლეს თავისუფლების სული, - მისი არსებობის შესაძლებლობაც ამოძირკვეს.
ვახუშტი კოტეტიშვილი მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისუფლებას აფრქვევენ და იმ ატმოსფეროზე, რომელშიც ჯერ კიდევ ფეთქავდა თავისუფლება. და ყველაზე შემზარავი ის არის, რომ ეს ცხოვრების საზრისის მქონე, მრავალფეროვანი სამყარო გაქრა, მიწისპირისგან აღიგავა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, - მზაკვრული ძალადობის გზით გააქრეს. ვახუშტი კოტეტიშვილის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ, რელიეფურად, ფერადოვნად აღწეროს, გააცოცხლოს და ჩვენს თვალწინ წარმოაჩინოს ეს გამქრალი სამყარო.
წინასწარვე უნდა ითქვას - ამ რომანის ავტობიოგრაფიულობა პირობითობის ელემენტის შემცველია და სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტურ მასალაზე აგებული ნაწარმოები, წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენას იყოს მოკლებული. რა თქმა უნდა, მთავარი ის არის, ვინ წერს მხატვრულ ნაწარმოებს, ვახუშტი კოტეტიშვილის ხელში მასალის დოკუმენტურობა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ მხატვრულობის საფუძველი და წინაპირობაა. ავტორმა შესანიშნავად იცის ის მასალა, რომელზეც აგებს თხრობას, მოვლენათა და ცალკეულ ეპიზოდთა კონკრეტიკა განზოგადებულ ხასიათს იძენს, მწერლის წარმოსახვა ვერ თავსდება მზამზარეული ფაქტობრივი მასალის ჩარჩოებში და მოუსვენრად მოძრაობს გაუკვალავ სივრცეში.
ვახუშტი კოტეტიშვილმა გადაწყვიტა, თავისი ცხოვრების წიგნი დაეწერა, გამოემზეურებინა ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე ატარებდა საკუთარ თავში. მან იმდენად კარგად იცის, რა უნდა თქვას, რომ არ ეშინია უბრალოების, თხრობის ავტორისეული მანერა დაზღვეულია ყოველგვარი ზეწოლისგან, მანერულობისგან, პირიქით, სათქმელი არაჩვეულებრივად ლაღად იკვრება. რომანის ტექსტი "ღიაა", "გახსნილია" მკითხველისთვის. კითხულობ და ისეთი განცდა გაქვს, თითქოს იგი უშუალო თანამონაწილე იყო რომანში მომხდარი ამბების.
დღეს, როდესაც პროზის "ენა" გართულდა, როცა ყველა ცდილობს "სხვანაირად" წეროს, დავიწყებას ეძლევა ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ყოველგვარი ნაწერი პიროვნების პროექციაა, თუ შენ თვითონ არა ხარ საინტერესო, საინტერესოს ვერ დაწერ. "სხვანაირად წერის" მოსურნენი სათქმელის უკმარისობას ქვეცნობიერად "ტექნიკური სამშვენისებით" ფარავენ და არა მხოლოდ ამით, - მათივე უნებლიე ნიღაბია პირქუში სერიოზულობა, პომპეზურობა, ექსტრავაგანტურობა, უადგილო სკაბრეზულობა და ათასი სხვა რამ ან ყოველივე ეს ერთად თავმოყრილი.
ვახუშტი კოტეტიშვილმა თავიდანვე განსხვავებული გზა აირჩია. მან გამორიცხა ყოველგვარი მანერულობა იმით, რომ მართლაც ფაქტობრივი მასალის ტრადიციულ მთხრობელად მოგვევლინა. ის თავიდანვე ჩადგა ტრადიციული მთხრობელის პოზაში, რაც, ჩემი აზრით, წინასწარგამიზნული და ბუნებრივად გათვლილი მხატვრული ხერხი იყო. ამით მან თავიდანვე მიანიჭა მნიშვნელობა თავის მდგომარეობას და მიმართა იმ ბუნებრივ ინტონაციას, რომლითაც ამბავი უნდა გადმოეცა. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: პირველი გვერდებიდანვე (ვგულისხმობ წინათქმას და წარმომავლობას) ეს ინტონაცია ძლიერი წარმოსახვის წნეხქვეშ მოექცა. სრული გასაქანი მიეცა ფანტაზიას, ვრცელ, ვიზუალური ხატებით დახუნძლულ განსჯებს, მეტაფორულ ფრაზებს, მოვლენათა და საგანთა ხატვას, თხრობის ექსპრესიას. მწერალმა თითქოს ტრადიციულობით თამაში გადაწყვიტა. ჩვეულებრივი თხრობის ფარგლებში უჩვეულო ნაკადს მისცა გასაქანი. ისეთი ვითარება შექმნა, როცა ფორმას სპონტანურად ქმნის შინაარსი.
"ჩემი წუთისოფელი" იწყება ძალზე შთამბეჭდავი ვიზუალური პანორამით. ეს თითქოს ფერადი კინოკადრია, მოქმედება აწმყოში მიმდინარეობს - კოტეტიშვილების სახლს ირგვლივ ცეცხლის ენები შემოვლებია. მსხვილი პლანით ჩანს თვითონ მწერლის ფიგურა, მისი სახე, რომელიც რაღაც უცნაურ შინაგან მდგომარეობას ასხივებს: "ვდგავარ ჩემი აფეთქებული სახლის აბოლებულ ნანგრევებთან ყოვლად უაზროდ. ამ მდგომარეობას არ შეიძლება დაერქვას არც "უსაშველობა" და არც "სასოწარკვეთა". ეს უაზრობა ჩემი ახალი ყოფიერების ფორმაა". ცოტა უფრო ქვემოთ ასეთი პასაჟია: "და უცებ გაცხადდება ჩემთვის იობისა და ეკლესიასტეს წიგნების ღვთაებრივი სიბრძნე და ღვთის მიმართ საყვედურის ნაცვლად მადლიერების ჩუმი ღაღადისი ამომეთქმის: - დიდება შენდა, ღმერთო, რომ ამ გამოცდის ღირსადაც მცან და ჭეშმარიტებას მაზიარე. ვგრძნობ, რომ მეღიმება, მაგრამ უცებ იმასაც ვგრძნობ, რომ აქ ეს ღიმილი მკრეხელობაა. აქ ხომ მიცვალებულები ასვენია: ჩემი სახლი, მამას ნახატები, ქანდაკებები..."
უცნაურია ეს სიმწრის ღიმილი, საკვირველია ეს შინაგანი მდგომარეობა, რომელიც არანაირი შტრიხით არ შეიძლება გადმოიცეს; სასოწარკვეთის მიჯნასაც გასცდა უაზრობაში, უწონადობაში, ფაქტობრივად უგრძნობელობაში გადავიდა. ეს უკვე ყოფიერების ზღვარია. და მაინც ღიმილი, მკრეხელური, მწარე, იქნებ არაფრისმთქმელიც...
"1937 წელსა უეროვნებო ჩეკისტებმა დახვრიტეს 44 წლის ვახტანგ კოტეტიშვილი, ხოლო 55 წლის შემდეგ, 1992 წლის 2 იანვარს (ხალხის რწმენით, ბედობის დღეს!!!) "ეროვნულობისათვის მებრძოლებმა" სამჯერ გაძარცვეს ვახტანგ კოტეტიშვილის სახლი და, ვინაიდან თვით ვახტანგ კოტეტიშვილი აღარ იყო ცოცხალი, საგულდაგულოდ დაცხრილეს მისი პორტრეტები. სახლს თურმე სამჯერ გაუჩინეს ხანძარი, სამჯერვე ჩააქრეს მეზობლებმა, რომლებსაც ბოლოს ავტომატები მიუშვირეს და უბრძანეს: - შეეშვით, ეს სახლი უნდა დაიწვასო".
მაშასადამე, ძალადობა განმეორდა, თითქოს სიმბოლური თუ მართლაც ბიბლიური განწირულობის ნოტამ გაიჟღერა და თხრობაც დაიწყო. ჩვენს წინაშე წამოჩნდა კოტეტიშვილების "გენეალოგიური ხე, შესრულებული საკმაოდ დიდი ზომის, დაახლოებით 80 სმX60 სმ სქელ მოყვითალო ფერის მუყაოზე, თავში ამოტვიფრული სამეფო გვირგვინით". გვირგვინი ტახტის აზნაურობას ნიშნავდა, ხოლო ეს უკანასკნელნი რომელიმე თავადს კი არა, უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ. კოტეტიშვილები, ბიძინაშვილები, დილევსკები, ქართველიშვილები - ავტორი გულმოდგინედ იკვლევს თავის ფესვებს, მხოლოდ ისიც უნდა ითქვას - ეს თავები ოდნავად კი არ არის მოსაწყენი, ვინაიდან ფაქიზი ინტუიციით და დახვეწილი იუმორით გაზავებული თხრობა მოლოდინის გრძნობით ავსებს მკითხველს. მოსახდენი ძალზე ბევრია, თანმიყოლებით ვეცნობით კონკრეტულ პერსონაჟებს, ავტორი გვაწვდის ყველაზე უფრო საგულისხმო დეტალებს ამ ადამიანების ბავშვობაზე და ყრმობაზე, მათ ახალგაზრდობაზე, ქორწინებაზე.
ალბათ დადგება დრო და სკოლის მოსწავლეები დაწერენ თემას: "ფოფოდიას სახე რომანიდან "ჩემი წუთისოფელი". ავტორის ბებია, ვახტანგ კოტეტიშვილის დედა, ფოფოდია ეკატერინე ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე უფრო კოლორიტული პერსონაჟია. პირველივე შტრიხებიდანვე თვალშისაცემია მისი ხასიათის სიმძაფრე, პირდაპირობა და პირშიმთქმელობა, გონიერება და გულისხმიერება, სითბო და სინანული. აი, მოკლე კატოს (იგივე ფოფოდიას) თანატოლები კითხულობენ აკაკის, ილიას, ბარათაშვილის ნაწარმოებებს და "თავშლის ბოლოებით იმშრალებენ მოწყლიანებულ თვალებს". "ნეტავი, არ იწირპლებოდეთ! - შეუტევდა კატო - მთავარი მარტო ის კი არ არის, რა მოხდა, ვის ვინ შეუყვარდა, მთავარი სხვა რამეა, ნიჭიერი მწერალი ამას როგორ ამბობსო.
ეჰ, ნეტავი კატოსოდენი მაინც ესმოდეს ზოგიერთ ჩვენს დღევანდელ ლიტერატორსო, უნებლიეთ გაიფიქრებს კაცი, მაგრამ ვაგლახ!"
ეს ეპიზოდი ავტორისეულ კომენტართან ერთად (ასეთი კომენტარები უხვადაა გაბნეული რომანში) ძალდაუტანებელი თხრობის ნიმუშს წარმოადგენს. ძალდაუტანებლობა, მომხიბლავი სიმსუბუქე, ვერცხლისწყალივით მოძრავი ფანტაზიის სიჭარბეზე მეტყველებს. ფოფოდიას, ისევე, როგორც სხვა პერსონაჟების ხასიათები, "გეგმაზომიერად" სწორხაზოვნად, ერთ რომელიმე თავში კი არ არის გახსნილი, არამედ ცალკეულ თავებშია, აქა-იქაა გაფანტული მეტყველი შტრიხები და მკითხველი ვერც კი ამჩნევს, ისე იძერწება მის ცნობიერებაში ამა თუ იმ პერსონაჟის სახე. იგივე ფოფოდიას მიმართ ავტორს სხვადასხვა რაკურსი აქვს მომარჯვებული - მისი დამოკიდებულება მეუღლესთან, მამა ილია კოტეტიშვილთან, შვილებთან, რძალთან და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი შესანიშნავი თავი რომანიდან, რომელიც, ჩემი აზრით, ნიშანდობლივია ამ ნაწარმოებისთვის. ამავე თავში არაჩვეულებრივად მეტყველი შტრიხებია მოწვდილი არა მარტო ფოფოდიასი, არამედ თვით ვახტანგ კოტეტიშვილისაც. ამ თავს ჰქვია "ვახტანგი, იეზიდები, ახალი წელი და სხვა". ვახტანგ კოტეტიშვილი საახალწლოდ იეზიდებს შეიპატიჟებს სახლში, გულუხვად უმასპინძლდება და მერე შეზარხოშებული სტუმრები თავიანთი წესისამებრ ხელიხელჩაკიდებულები ნაძვისხეს უვლიან ირგვლივ. სწორედ ამ დროს შემოდის ოთახში ფოფოდია ეკატერინე და მეტისმეტი სიკეთეც არ ვარგაო, ტუქსავს შვილს. მათი დიალოგი ნამდვილად საგულისხმოა და ძნელად დასავიწყებელი. ნუსია ვახტანგს გამოექომაგება. ვახტანგი კი ამბობს, "მსოფლიო ფოლკლორი სულ ზეპირად ვიცი, მაგრამ ასეთი "რძალ-დედამთილიანი" არსად შემხვედრია - დედამთილი თავის შვილს ლანძღავდეს და რძალი კი იცავდესო. შთამბეჭდავია, აგრეთვე, მინაწერი, რომელშიც მცირე ამბავია ჩაქსოვილი. პატარა ვახუშტის უცნობი ბიჭები ახლად ნაყიდ ბურთს წაართმევენ და ქუჩაზე თავქვე დაეშვებიან. ამ დროს იეზიდი კურტნის მუშები "ბირჟაზე" დგანან. ისინი ბიჭებს იჭერენ და ბურთს ვახუშტის უბრუნებენ. ვახტანგ კოტეტიშვილი უკვე აღარ არის ამ ქვეყანაზე. და ამიტომაც ამბობს მინაწერის ბოლოს ავტორი: "ქოშინით მივრბოდი სახლისკენ, უმწეობის განცდა უცებ გამიქრა. ვგრძნობდი, რომ ბურთი ულვაშას ხელით მამამ დამიბრუნა".
ცალკეული წერილები და მინაწერები არა მხოლოდ ორგანულად ერწყმის, არამედ სრულიად თავისებურ სახეს სძენს ნაწარმოებს. გავიხსენოთ თუნდაც ვახტანგისადმი მიწერილი გალაკტიონის და ნიკო სამადაშვილის წერილები.
ერთ-ერთ თავში თავის ბავშვობისდროინდელ ვნებებს ვახუშტი კოტეტიშვილმა "ბერგმანული" უწოდა. თუ მაინცდამაინც ამგვარ შედარებებზე მიდგა საქმე, მთელი ეს ნაწარმოები მე ფედერიკო ფელინის "ამარკორდს" მაგონებს. იუმორისკენ გადახრილი ირონია, ავტობიოგრაფიულობა, სახოვანება, ფანტაზიის და წარმოსახვის ქროლვა, ფერადოვნება, მსუყე საღებავები და ყოველივე ამის ფონზე შემზარავი ოცდაჩვიდმეტი წელი, რომელმაც ერთი ეპოქა დაასრულა. ყოველივე ეს გახსენებს "ამარკორდს", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ბოლშევიზმის ნაცვლად ფაშიზმია ნაჩვენები. არსებითი განსხვავება, ცხადია, არც ამაში არ უნდა იყოს.
ვახტანგ კოტეტიშვილის სახე და მისი მოძრავი ფიგურა უჩვეულო ექსპრესიას ანიჭებს ნაწარმოებს. ერუდიტი და მოქეიფე, მოქანდაკე და სიტყვის ოსტატი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი, მეუღლე და მეგობარი, და ყველაფერთან ერთად სიცოცხლის თავდავიწყებამდე ტრფიალი. მისი მოწაფე ელენე ვირსალაძე ასე იხსენებს ვახტანგის პირველ ლექციას: "ვინც დასწრებია 1927 წლის ოქტომბერში ვახტანგ კოტეტიშვილის შესავალ ლექციას, რომლითაც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის კურსი დაიწყო, მას მუდამ ემახსოვრება მგზნებარე ტემპერამენტით, ფართე ერუდიციით და მაღალი პოეტური გემოვნებით აღბეჭდილი მისი სიტყვა, რომელმაც სწრაფად დაიპყრო და დაიმორჩილა მრავალრიცხოვანი და მაღალკვალიფიციური აუდიტორია.
უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი (მაშინ ¹1) აუდიტორია გაჭედილი იყო ხალხით. ლექციას ესწრებოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ქართველ მეცნიერთა ბრწყინვალე პლეადა, რომელიც უნივერსიტეტისათვის ახალი, ნიჭიერი ძალის შემატებას ხარობდა.
ყველასათვის ცხადი გახდა, რომ იმ დღიდან ქართული კულტურის დიდმა და მნიშვნელოვანმა უბანმა, ქართულმა ხალხურმა სიტყვიერებამ, კვლავ ჰპოვა თავის სანდო პატრონი და ჭირისუფალი".
ასე და ამგვარად, პირველი გამოჩენისთანავე მოხიბლა მაღალპროფესიული აუდიტორია ვახტანგ კოტეტიშვილმა. დროთა მანძილზე კი არტისტული ნატურის წყალობით იმდენი თაყვანისმცემელი მოიზიდა, რომ მის ლექციაზე მოხვედრა არცთუ იოლ საქმეს წარმოადგენდა. სწორედ ასეთი კაცის ხასიათს ძერწავს ვახუშტი კოტეტიშვილი სხვადასხვა სიტუაციებში, დროისა და სივრცის სხვადასხვა მონაკვეთებზე.
"მეგობარო ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე და კაცს შეეხები". ეს მართლაც არ არის წიგნი, ისე ცხოველმყოფლად იგრძნობა გარდასულ ჟამთა სუნთქვა, ცოცხალ ადამიანთა აჩრდილები, მათი მოძრაობა და ლაპარაკი. ყოველივე ამას თითქოს მართლაც ხელით ეხები და საკუთარ არსებობასაც უფრო მძაფრად განიცდი.

© “წიგნები – 24 საათი”


Wednesday, June 17, 2009

არჩილ ქიქოძე - ლოთები

ნომერი ერთი - ლივლივი და სევდა

ნომერ ერთს ქალის სილამაზის ერთი, კარგად ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ჰქონდა მონატრება, უფრო კი - ხატება, რომელსაც სათუთად, სხვისთვის გაუმხელად ინახავდა გულში - ჯინსისკურტკიანი გიმნაზისტკები, თხელი ქვედაკაბებით, შიშველ, კოხტა ფეხებზე მუხლებამდე აცოცებული რომბებიანი გეტრებით და კუდრაჭებით თაფლისფერ თვალებში, უწმაწური ანეგდოტების ხმამაღლა მოყოლით იმკვიდრებდნენ თავს, რომ უფროსი ბიჭების თვალში უფრო გამოცდილები, საყვარლად გარყვნილები გამოჩენილიყვნენ. ჩანდნენ კიდეც...
ოდესღაც ნომერი ერთი თვითონ იყო ის უფროსი ბიჭი და, შეიძლება, სულაც პატარა და შტერი გოგოები კი არ ენატრებოდა, არამედ საკუთარი თავი - იმდროინდელი, უცხო უბანში, მტრულ სკოლაში ასული, დაბოღმილი, ჯერ ზრდადაუსრულებელი კლასელი ბიჭების თვალწინ ყველაზე ლამაზი გოგოების ჯოგს რომ ერეკებოდა გარეთ, მამისთვის (მაშინ ჯერ მამასაც კარგად მისდიოდა საქმე) მოპარულ მანქანაში ყველას ატევდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდა. მუდამ ხელუხლებლებს აბრუნებდა უკან და დღემდე უცოლო იყო.
მაგრამ მხოლოდ გარდასულ დღეთა მონატრებაში არ უნდა ყოფილიყო საქმე, რომბებიანი ქალწულები ხომ ხანდახან ძილშიც ეცხადებოდნენ. მაინც რა იყო ადამიანის სიზმარი? შიშები და სურვილები, ჩასაფრებული შიშები და მიჩქმალური სურვილები, ოღონდ, სიზმარში შიშს ზოგჯერ ამარცხებდა, სურვილს - ვერასოდეს...
ზოგჯერ კი სიზმრების მსგავსი ფერადი და ლამაზი დღეები უთენდებოდა. დღევანდელიც სიზმარს ჰგავდა და კიდევ - კინოს... იაპონურ კინოს.
მზიურში ხარაკირის ამინდი იდგა.
ნომერ ერთს ეს შედარება მაშინვე არ მოსვლია თავში, მაგრამ გაყინულ სკამზე კარგა ხნის ჯდომის და ცოტა ფიქრის შემდეგ აქაურობა ყველაზე მეტად მაინც იაპონურ კინოს შეადარა. კინო უყვარდა.
ამ დილას არ ეთქმოდა ჩვეულებრივი. ერთ ღამეში გატყდა შემოდგომა. უცებ, მოულოდნელად მოყინა, მაგრადაც მოყინა და ყველა ხეს ერთბაშად საცვივდა ყვითელი ფოთოლი. ქარი არ იძვროდა, ოდნავი ნიავიც კი არ იყო და ფოთლები თოვლივით მსუბუქად, ნელი ბზრიალით ეშვებოდნენ ციდან, დამზრალ, თრთვილით დაფარულ მიწას ედებოდნენ. სიჩუმეში ხიდან მათი მოწყვეტის ხმაც კი ისმოდა. ლამაზი იყო იქაურობა. თვითონ გაყუჩებული იჯდა ამ ყვითელ თოვაში და თუმცა ისეთ პახმელიაზე იყო, რომ სიგარეტის ამოსაღებადაც კი ეზარებოდა ჯიბეში ხელის ჩაცურება, სტილი მაინც დაცული ჰქონდა. მოულოდნელად დამთავრებული შემოდგომის ამ დილას კი მისი სტილი, როგორც ყოველთვის, დახვეწილი იყო - ველვეტის ქუდი და ველვეტისავე შარვალი, თბილი ქურთუკი და კაშნე, სუფთად გაპარსული პირსახე და სევდა თვალებში, ოღონდ ამის დამნახავი და დამფასებელი არავინ ჩანდა დროებით გალამაზებულ და იაპონიად ქცეულ მზიურში. ან რა იაპონია იყო აქაურობა? ბინძურ და ბეტონის კალაპოტში მოქცეულ ვერეში, სულ რომ თვალები დაგთხროდა, ფერად თევზებს კი არა, ერთ ჭიჭყინასაც ვერ დაინახავდი, არც მზიურის მურყნები ჰგავდა იაპონურ ხეებს და ჭრელ კიმანოებში გამოწყობილი, კალმით დახატული, ქოლგიანი ქალების ნაცვლად, მის გარშემო მხოლოდ რამდენიმე პენსიონერი აკეთებდა ვარჯიშის იმიტაციას. ვითომ დაძუნძულებდნენ, უნიათოდ თუ გაიქნევდნენ ხელს, უფრო იშვიათად კი - ფეხს და ამ ყვითელ ხალიჩაზე კანტი-კუნტად გამოძუნძულებულ ამდენ დაჩამიჩებულ ფიზკულტურელში წამლად ერთი კოხტა და მაღალი, ლეგა ელასტიკში გამოჭერილი უკანალიც კი არ ჩამოირბენდა...
მაინც ლამაზი იყო ეს ფოთოლცვენა და ნომერმა ერთმა გაიფიქრა, რომ კიდევ დიდხანს იჯდებოდა ასე, თავისთვის, პუბლიკის და მაყურებლის გარეშე, კიდევ იფიქრა, რომ შემთხვევით არაფერი ხდებოდა ამ ქვეყანაზე და ისიც, პახმელიისგან დატანჯული და უფულო (თუმცა სტილი ბოლომდე ჰქონდა დაცული), შემთხვევით არ შემოხეტებულა ამ დილით პარკში, რომელშიც არც კი ახსოვდა, როდის შემოიხედა უკანასკნელად. ამ ყველაფრის ნახვა ნამდვილად ღირდა...
ნომერი ერთი ბოღმა არ იყო. ამ თვისების არქონას ერთ-ერთ მთავარ ღირსებად უთვლიდა საკუთარ თავს და სადღეგრძელოშიც ხშირად ამბობდა: ამ ცხოვრებაში მთავარია არ გაბოროტდეო... ერთხელ "დისქავერიზე" უყურებდა ფრინველებზე ფილმს და იქ თქვეს, რომ დიდი მტაცებლები იშვიათად თუ მოიქნევენ ფრთებს, ძალას ზოგავენ და ფრთაგაშლილები ჰაერის აღმავალ და დაღმავალ დინებებს მიუყვებიანო. ეს შედარება ძალიან მოეწონა. თვითონ მტაცებელი არ იყო, მაგრამ ფრთებს მაინც იშვიათად იქნევდა. აი, გუშინ კი მოუნდა, როგორც წელიწადში ერთხელ უნდებოდა ხოლმე ამ დღეს.
წელიწადში ერთხელ ხვდებოდა ხოლმე ძველებურად ბარაქიან, დღეს უკვე არანორმალურად დიდ დაბადების დღეზე, სადაც მრავალ ნაცნობსა და მეგობარს შორის აუცილებლად ხვდებოდა ორ გამაღიზიანებელს: ქალს, რომელიც წელიწადში ერთხელ ძალიან უნდებოდა და ბიჭს, რომელიც ახსენდებოდა, რომ საცემი ჰყავდა. მიზეზი უკვე აღარ ახსოვდა, აკი, ბოღმა არ იყო, მაგრამ ის კი აგონდებოდა, რომ უნდა გაელახა.
წელს ქალი შარშანწინდელზე ლამაზი ეჩვენა, მაგრამ შარშანდელთან ახლოსაც ვერ მოდიოდა. შარშან უბრალოდ ძალიან მაგარი იყო - განუმეორებელი. ბიჭი კი ერთ წელიწადში დაკაცებულიყო. უკვე გახისტებული ჰქონდა ის ბავშვური ნაკვთები, რომელიც ასე აღიზიანება და ეზიზღებოდა ადრე. ეტყობა ამ ერთ წელიწადში ძალები ვერ დაზოგა და ხშირ-ხშირად მოუწია ფრთების ქნევა. - კაცს გავხარ უკვე და ეხლა შენი ცემაც შეიძლებაო, - თუ მიზეზს უპოვიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ასე ეთქვა, სანამ წაუთაქებდა, წაუთაქებდა კი არა, გაასილაქებდა - წინა წლებში მისი არცემაც გამართლებული იქნებოდა და სტილიც, სტილიც ბოლომდე იქნებოდა დაცული. მაგრამ გაასწრო - გადაურჩა, ძალიან მალე წავიდა, გასვლისას სულ ახლოს ჩაუარა და მხრით ოდნავ შეეხო კიდეც, ისე, რომ ვერც კი მიხვდა, მერამდენედ იყო გადარჩენილი.
ქალი კიდევ? ის კიდევ უფრო ადრე წავიდა. მიდიოდა დიდხანს და ლამაზად, ბევრს ემშვიდობებოდა, შეიძლება მის გარდა სხვებსაც წყვეტდა გულს, - არა, ვერ დავრჩები, მომაკითხესო. - წყვეტდა კი არა, უკლავდა. მიდიოდა და, ვინ იცის, იქნებ თან მიჰქონდა ვიღაცეების მხრებს ზევიდან ანდაც იღლიის ქვევიდან ნასროლი რამდენიმე სევდიანი მზერა - მეტი ვერაფერი, პლაცდარმი, რომელსაც ნომერი ერთი უკვე შემდეგი წლისთვის ამზადებდა, რადგან სჯეროდა, ყველაფერი იქნება თავის დროზე, ყველა ოცნება ახდება, მთავარია არ გაბოროტდე ადამიანი... თანაც წლების მანძილზე ქალი იმდენად პრინციპულად არ ამჩნევდა, იმდენად ვერ ხედავდა, რომ უეჭველად მაგრა ევასებოდა. მისი ასეთი გადაჭრით იგნორირების სხვა მიზეზს ნომერი ერთი ვერ პოულობდა.
- კარგია არა სუფთა ჰაერზე? მაგრად მიდის, არა? - მოხუცი ფიზკულტურელი თავზე ადგა და მის თითებში მხრჩოლავ, ვინ იცის, როდის ანთებულ სიგარეტზე მიუთითებდა.
ნომერმა ერთმა მარტო თავი დაუქნია, ლაპარაკის თავი არ ჰქონდა ან რა იყო სათქმელი?
- მე ოცდახუთი წელია დავანებე. ერთ დღეს გადავწყვიტე ჩემს დაბადების დღეზე და დავანებე. საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი.
ნომერმა ერთმა თავი მოწიწებით დაუქნია, მაგარი ხარო - აგრძნობინა.
- ბიჭები მეუბნებოდნენ: ვერ დაანებებო. ორ პაჩკას ვეწეოდი დღეში, მე კიდევ ავიღე და გადავაგდე. შენც გირჩევ, ახალგაზრდა კაცი ხარ, მაგას როგორ უნდა მოაკვლევინო თავი?!
ისევ დაუქნია თავი, კიდევ უფრო მდაბლად, კიდევ უფრო დიდი მოწიწებით, თქვენი ნებისყოფით აღფრთოვანებული ვარო - აგრძნობინა.
ფიზკულტურელმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა დანანებით, მიხვდა მისგან ხეირი არ იქნებოდა, ხელი ჩაიქნია, რაღაც ღრმა ამოოხვრასავით სუნთქვითი ვარჯიში გააკეთა და გასცილდა, ფოთლების თოვაში დაიკარგა, ვითომ არცა ყოფილა.
ნომერმა ერთმა გუშინ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარსაც კი გადააბიჯა. თითქმის მარტომ ჩაცალა თაროზე აღმოჩენილი ვისკის ბოთლი და ზედ ღვინოც დააყოლა. მაგრად დათვრა, მაგრამ ჩვეულებისამებრ სახე მაინც არ დაუკარგავს და მხოლოდ ახლა იმკიდა გუშინდელის შედეგს - ძალიან ცუდად იყო. მაინც უბოროტო სევდით ფიქრობდა ქალზე, რომელიც წელიწადში ერთხელ სრულად ეპატრონებოდა მის გონებას. ქალზე, რომელსაც ახლა ალბათ ჯერ კიდევ ეძინა და მისი ტანჯვის ვერც მნახველი, ვერც მოზიარე და, სულ ცოტა, კიდევ ერთი წელი, ვერც წამალი გახდებოდა, მაგრამ ნომერი ერთი ცოტა ხნით მაინც ჩაიძირა სიზმარივით ნახევრადბუნდოვან ფანტაზიებში, სადაც ის და ნამდვილი ქალი ისეთ ტკბილ ტურბულენტობაში იყვნენ მოხვედრილები, რომლის საჰაერო ორმოებიდან და ნეტარი რყევებიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო...
პახმელიაზე მაინც სულ სხვანაირად გინდება ეგ ყველაფერი... რომელიღაც რუსული კინოდან თავში ჩარჩენილი ფრაზა გაახსენდა: ნაბახუსევს მამაკაცის ორგანიზმი ინფაქტის წინა მდგომარეობაში იმყოფება, სიკვდილის სიახლოვეს გრძნობს და მასში გამრავლების ინსტინქტი იღვიძებსო. ნუთუ სულ ეგ იყო? არა, ნომერი ერთისთვის პახმელია სრულიად ამაღელვებელი სულიერი მდგომარეობა იყო, ხოლო პახმელიიდან გამოსვლა - ამ მდგომარეებასთან კავშირის ნებაყოფლობით გაწყვეტა და სხვა, ახალ, უფრო სრულყოფილ საფეხურზე გადასვლა (სიკვდილი და რეინკარნაცია) - დიდი ხელოვნება, რომელზეც თვითონაც მშვენივრად შეეძლო ვრცელი ტრაქტატის დაწერა. მოფიქრებულიც ჰქონდა - მამაპაპური და ტრივიალური (თუმცაღა უებარი და უნივერსალური) ხაშით და ჭაჭით დაიწყებდა და სირჩა კონიაკზე დაყოლებული ახლადმოწყვეტილი, ზაფხულის ღამის ცვარ-ნამით გაგრილებული ლეღვით დაამთავრებდა. რომ დაეწერა, მართლა მაგარი გამოუვიდოდა, ოღონდ საამისოდ ვერ იცლიდა. დღევანდელ რეალობაში კი სწორედ ის იყო ყველაზე დამაფიქრებელი, თუ არა საწყენი, რომ ამხელა თეორიული ცოდნის მფლობელი პრაქტიკულად მთლად ჯიბეგამოფხეკილი იჯდა და ფოთოლცვენის ცქერით და ფიქრებით გამოდიოდა. პახმელიის ფიქრები კი არცერთ სხვა ფიქრს არ ჰგავს: იზმენა და სევდა, სევდა და იზმენა, ხანდახან ცოტა ხალისიც, თუკი გაგახსენდა, რომ წინა დღეს შენ ან ვინმე შენიანმა რამე განსაკუთრებული სიბრიყვე ჩაიდინეთ, სურვილიც, მიუწვდომელი ნამდვილი ქალის სურვილიც, მაგრამ ისიც სევდიანი... და იზმენა - საიდღანაც მაჯლაჯუნასავით გამომტყვრალი და გულზე მძიმედ ახორხებული...
ქურთუკში უფრო მაგრა შეიფუთნა და საკუთარ ინსტინქტებს და იზმენებს დაპირისპირებულმა, გადაწყვიტა სხვა რამეზე ეფიქრა. შორს მაინც ვერ წავიდა, ფრთებგაშლილი ისევ გუშინდელ დღეს დასტრიალებდა.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ნომერმა ერთმა გუშინ მაგრად მოილხინა, გამაღიზიანებლების წასვლისთანავე მშვენიერ ხასიათზე დადგა. მართლა ყველას ჩაეხუტა და მოეფერა. თითოჯერ მაინც ყველას მიუჭახუნა...
მიუჭახუნა გოგოს, რომელიც მანამდე არასოდეს ენახა, რაც ამ დაბადების დღეზე იშვიათობა იყო. გარეგნობითაც და ლაპარაკითაც აქაურობისთვის რაღაცნაირად უცხო სხეულად ჩანდა. ნომერმა ერთმა მიუჭახუნდა და იმან კიდევ: ქართველი ხალხის დადებითი თვისებები დამისახელეო! შენ მაინც გამეცი ამაზე პასუხიო! - ჯიუტად მოსთხოვა, ეტყობა, სხვა გაექცა მასთან კამათს და ეხლა ნომერი ერთი გამოიჭირა. ოღონდ შენც ცეკვა და სიმღერა არ გამაგონოო! - წინასწარ დაემუქრა. - დღევანდელ თვისებებზე გეკითხებიო! აღმოჩნდა, რომ უცხო სხეული ან საჭიროზე დიდხანს ან ძალიან მცირე დროით იყო ევროპაში ნაცხოვრები და ახლა, იქიდან მობრუნებულს, ჩვენებური რაღაც-რაღაცეები აღარ მოსწონდა, გრძელ სიგარეტს ნერვიულად ქაჩავდა და მისგან ქართველი ერის დადებით თვისებებს ითხოვდა. არ იყო იოლი შემთხვევა.
"მე მაგ შეკითხვაზე პასუხს ზუსტად ას ორმოცდაათ გრამში გაგცემ." - დაპირდა ნომერი ერთი და დიდი ჭიქა ვისკით შეივსო. გოგომ კი დღევანდელი ფისკულტურელივით ჩაიქნია ხელი და გასცილდა - ვითომ დააზამასკა...
ნომერი ერთი კი უკვე დიდ ირაოზე მიდიოდა, სიყვარულის და პაჩი-პუჩის დამღლელ და სასიამოვნო წრეზე. საკუთარი თავის იმედად იყო. თავის ვისკიან ჭიქას დოღრიალების ბროლის თასებს უჭახუნებდა, მათთან ერთად ადიდებდა ტრადიციებს და დედმაშვილობას... ყველას მრავალი წელია იცნობდა და ისეთები უყვარდა, როგორებიც იყვნენ.
უჭახუნებდა მარტინის მაღალფეხა ფუჟერსაც, რომლის პატრონიც უხსნიდა, რომ კონფორმიზმს ვერ იტანდა, ხოლო ყოველგვარ ფანატიზმს ინდიფერენტულობა ერჩია და საკუთარ თავს ოკეანის რომელიღაც ბნელ ღრმულს შეფარებულ პატარა ზღვის ცხენს ადარებდა. სიღრმეში, სიბნელეში ერჩია - იქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. ნომერი ერთიც თავს უქნევდა. ქართველი ერისა არ იყოს, მასაც მრავალი ღირსება ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ქალების გულისყურით სმენა იყო. მარტინი ლაპარაკისას ორივე ზედა კიდურს და სხეულის ყველა წახნაგსა და შვერილს იხმარებდა. ზღვის ცხენს ნაკლებად, მაგრამ შერეული სისხლის ფაშატს კი წააგავდა და მიმცემიც იყო, ოღონდ ნომერი ერთი უკვე ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ, ადამიანებშემოძარცულ პათოლოგებს უჭახუნებდა არყიან ჭიქებზე...
თვითონ მათ არასოდეს უფრთხოდა - შიშისთვის ის მეტისმეტად თავისუფლად ლივლივებდა. თითოეულს იცნობდა და თითოეულის ფიქრის გამოცნობა და ზოგჯერ მათი დაშოშმინებაც კი შეეძლო. უფრო ხშირად კი ეს მის ძალებსაც აღემატებოდა და მაშინ სხვები ებრალებოდა, სხვები, რომელთა უტვინობით, მეტიჩრობით და, უფრო იშვიათად, გოთვერნობით გადმოგდებული ერთადერთი დაუფიქრებელი სიტყვა წამში ძალიან შორს იტაცებდა პათოლოგებს, წამში მოატარებდა დამარცხებული ბრძოლის ველებს, სევდისა და გლოვის ადგილებს და იმავე წამს ღვარძლიანებს და მრისხანეებს დააბრუნებდა უკან. არაყმა იცოდა ეგეთი რამეები. ვერც მეტიჩარას შველოდა აგრესიის მართვის თემაზე გავლილი ტრენინგი და ვერც გოთვერანს - თავის წლობით ნაგროვები გოთვერული ბაგაჟი... უკვე გარეთ მიათრევდნენ და თუმცა ნომერი ერთიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, წინასწარ იცოდა, ვეღარაფერს შეცვლიდა, რადგან, მხრიდან დაწყებული და ჯერ მუშტად არშეკრული მტევნით დამთავრებული, პათოლოგის მარჯვენა ან ცაცია უკვე ტოკავდა, მოუსვენრად ქანაობდა და მხოლოდ მისი გაწაფული თვალისთვის შესამჩნევ ცეკვას ცეკვავდა საკუთარ პატრონზე კიდევ უფრო მოუთმენელი...
ეფემერული რომბებიანი გეტრებიც აქვე ისხდნენ, ისევ ერთ კუტოკად, სხვებში გაუთქვეფავები და ძველებურად სხვებზე მოჭორავეები. აბა, როგორ არ მისულიყო და ამათთვისაც არ მიეჭახუნებინა. უჭახუნებდა და ისევ "კრასავიცებს" ეძახდა, ოღონდ როგორი წარმავალი იყო მათი სიქორფე?! სინანულით ხედავდა, რომ ზოგი მშობიარობას გაეფუჭებინა, ზოგი ყოფიერებისგან იყო გასაწყლებული, ზოგის ერთ დროს საყვარელი ქარაფშუტობა კი ძალიან თვალისმომჭრელ და ჭყეტელა სიბრიყვედ იყო ქცეული და უკვე მაგრა ყვიროდა. ძველებური მარტო ხმები ჰქონდათ - შემპარავი, თბილისურად დათაფლული, ნაღდი სატელეფონო...
ნომერ ერთს ცხოვრება უყვარდა და ამიტომაც ეს ხალხიც უყვარდა, ესენი იყვნენი მისი ცხოვრება და მისი ქალაქი, სხვებს - ან უკეთესებს და ან უარესებს, უბრალოდ, არ იცნობდა...
და როცა ჩათვალა, რომ საკმარისად კარგად ვერ მოეფერა თვითოეულს და უკვე ოდნავ უფრო მძიმედ გადაწყვიტა მეორე წრეზე წასვლა, დააპირა კვლავ წამოეწყო ირაო, რომელსაც ფაშატ ზღვის ცხენზე სასიკვდილო პიკირებით დაასრულებდა, ისევ იმ უცხო სხეულს გადაეყარა, ქართველთა ღირსებების ჩამოთვლას რომ სთხოვდა.
- მეგობრობა! - დაუფიქრებლად აჯახა. დაპირებულ ასორმოცდაათ გრამზე ბევრად მეტი ჰქონდა დალეული.
- ააა? - იმას ვითომ აღარაფერი ახსოვდა.
- მაგარი მეგობრობა ვიცით. რა, ცუდი თვისებაა?
- იცი, მართალი ხარ, - დაინტერესდა უცხო სხეული, უკვე სხვანაირად შეათვალიერა და ისევ თავის სიფრიფანა სიგარეტი დაქაჩა. - ეგ ერთი... მეგობრობა მართლა ვიცით... გინდა, მე მეორე კარგ თვისებასაც გეტყვი...
- დავაი! - მოემზადა. აკი, ქალების გულისყურით სმენა საუკეთესოდ გამოსდიოდა.
- აი, შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, აი, ძალიან დებილობას და არ დამცინო, მაგრამ მგონი... ოჯახიც..."
- ესე იგი, ოჯახი, - ნომერმა ერთმა ძალიან სერიოზულად, შუბლშეჭმუხვნით დაუქნია თავი. მაგრა გამოუვიდა.
- აი, ხო როგორი შემაწუხებელია ჩვენი ქართული ოჯახი, აი, რაღაც მომენტებში გალიაა, ციხეა, იმიტომ რომ არის რაღაცეები, რასაც ოჯახის ხათრით ვერ გააკეთებ, მაგრამ კარგია, რაღაც მომენტებში ძალიან მაგარია... თავშესაფარია, რაა... არ ფიქრობ ეგრე?
აი, ეგეთი იყო გუშინდელი უცხო სხეული - ეტყობა, მართლა ჰქონდა მაგეებზე ნაფიქრი, თან კიდეც ვერ ბედავდა ოჯახზე ლაპარაკს, ეშინოდა გოიმურად არ გამოსვლოდა, მის თვალში ნაკლებ დამოუკიდებელი, ნაკლებ ემანსიპირებული და ნაკლებ პრინციპული არ გამოჩენილიყო... სადღაც განათლებულ ევროპასა და ბნელ კავკასიას შორის იყო გახიდული და როგორ არ ეთმობოდა არცერთი? იმ მომენტში მართლა საყვარელი იყო და პირველ ევროპელ ქალ მზიაზე ბევრად ლამაზი... არა, მართლა კარგი გოგო იყო.
და იაპონურ კინოში შემთხვევით შემოხეტებულ, ყვითელ ფოთლების თოვაში თუ წვიმაში ჩაძირულ ნომერ ერთს გაეღიმა, ზუსტად წამით ადრე, სანამ მის ჯიბეში მასავით მშვიდად გაყუჩებული მობილური ათრთოლდებოდა და პრინციპში მოსალოდნელ, მაგრამ მაინც ამაღელვებელ მესიჯს მოუტანდა. პახმელიისგან თითქმის მკვდარს, მაგრამ იმ წუთას მაინც კარგის მომლოდინეს (ინტუიციაში, წინათგრძნობებში და ეგეთ რაღაცეებშიც ხომ მაგარი იყო) გაეღიმა და ტელეფონით მოსული სიკეთე სულაც არ გაჰკვირვებია, საქმიანად, წარბშეუხრელად დახედა ეკრანს და იქ ამოკითხულიც ღირსეულ ჯილდოდ მიიღო, სტილის აბსოლუტური დაცვით.
“Xinkali ginda?” - ეკითხებოდა მობილური და ეს კიდევ ერთი უტყვი დასტური იყო მეგობრობისა, ქართველთა საუკეთესო თვისებისა, რომელსაც მუდამ ეთაყვანებოდა.
ნელა აიწია სკამიდან და აღმართს აუყვა. ხელში ტელეფონი ეკავა და პასუხს გზადაგზა წერდა. სიარული ისე აღარ უჭირდა - ჰაერის აღმავალი დინება ჰქონდა დაჭერილი, "პალასაზე იჯდა." სევდასა და იზმენას ზურგს უკან სტოვებდა მახინჯი კორპუსებით შემოჯარულ პარკში, რომლისკენაც, თბილის-იაპონიის საზღვარზე მისულს, ერთხელ მაინც მოუნდა თავის მობრუნება. ზევიდან გადმოხედა უკვე თითქმის უფოთლოდ დარჩენილ ხეებს, ჩაყვითლებულად ცოდვილ დედამიწას, ბებერი ფიზკულტურელების დაპატარავებულ ფიგურებს და სიტყვების ახალი თამაში "ხარაკირი - ხინკალი, ხინკალი - ხარაკირი" აღმოაჩინა. სიმღერასავით გამოვიდა, რაღაც "დუმბაძე - მახარაძე, მახარაძე - დუმბაძის" მსგავსი.
მაგარი იყო - დღე ჯერ მხოლოდ იწყებოდა...


ნომერი ორი - ურვა და კაეშანი

როდესაც ნომერ ორს იმავე შინაარსის მესიჯი მოუვიდა, კაფეში იჯდა, წინ რიტუალური ასი გრამი კონიაკი ედგა და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ კონიაკიანი ჭიქის გვერდით მაგიდაზე დადებულ ტელეფონზე ჰქონდა მზერა გაშტერებული.
მთელს შემოგარენში ეს ერთადერთი კაფე იყო, რომელიც დილის ცხრა საათზე იღებოდა, ამიტომ შვილის სკოლაში მიყვანისთანავე აქეთ მოეშურებოდა ხოლმე. პატარა კაფეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, რომლიც ალბათ ყველა სხვა თბილისური კაფესგან განასხვავებდა. აქ არასოდეს შემოდიოდნენ ლამაზი ქალები. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ეგრე იყო. ბევრჯერ უფიქრია, მწერალი რომ ყოფილიყო, ასე დაიწყებდა თავის მოთხრობას, ან იქნებ რომანსაც:
"ის იჯდა კაფეში, სადაც არასოდეს შემოდიოდნენ ლამაზი ქალები..."
დასაწყისი მოსწონდა, მაგრამ მეტი ვერაფერი მოეფიქრა. მწერალი არ იყო, სხვათა მკითხველი იყო მხოლოდ და ბეჯითი მკითხველიც - მეტი არაფერი, მაგრამ სინამდვილეში იმის წარმოდგენაც უჭირდა, რომ რომელიმე გამოცდილ მოკალმეს (როგორც ძველი წრთობის ოდნავ გვერდებშეწითლებული მწერლები ეძახდნენ საკუთარ თავს) რაიმე ღირებული ტექსტი (როგორც ლიბერალიზმს ნაზიარები კუჭებშეკრული ახლები იხსენიებდნენ საკუთარ ნამოქმედარს) გამოედნო ამ ყველაფრიდან. მოსაწყენი და სტაბილური იყო აქაურობა და ეს მოსწონდა ყველაზე მეტად.
"ლამაზ ქალებს აქ ვერასოდეს ნახავდი..."
შეიძლება ეს დასაწყისი სჯობდა, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო. ნომერ ორს მართლა მიაჩნდა, რომ კონიაკის ყლურწვა კაფეში, "რომელსაც ლამაზი ქალები მუდამ გვერდს უვლიდნენ", საკუთარი ცოლისადმი დიდი სიყვარულის და მადლიერების დასტური და მისდამი უსაზღვრო ერთგულების უეჭველი საბუთი იყო. რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არავის ეტყოდა და მით უფრო - ცოლს. საერთოდ ნომერი ორი იშვიათად ამბობდა ხმამაღლა იმას, რაც მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. რამდენჯერმე სცადა და არ გამოუვიდა. მას ხომ, წიგნების კითხვის გარდა, ფიქრიც უყვარდა, ზოგიერთი თავისი ნაფიქრალი და დაკვირვება მნიშვნელოვნადაც მიაჩნდა, მაგრამ მათი ხმამაღლა გაჟღერება (როგორც ბითური პოლიტიკოსები და იმბეცილი ჟურნალისტები იტყოდნენ) დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ნომერ ორს იშვიათად, მაგრამ მაინც ემართებოდა გულახდილობის აფეთქებები და, როგორც წესი, ყოვლად შეუფერებელ ადგილას, უფრო იშვიათად კი საკუთარი თეორიების "გაჟღერებასაც" იწყებდა და ხმამაღლა გამოთქმული მისი აზრები, როგორღაც სრულიად არადამაჯერებელად ჟღერდნენ. ჭკუა ისწავლა და დღეს არადამაჯერებლობას ისევ დუმილი ერჩია. ძალიან იშვიათად თუ გადაეყრებოდა ისეთ ადამიანს, რომელსაც თავის ნაფიქრალის გამხელით არ დააფრთხობდა. მოეჩვენა, რომ წუხელ ზუსტად ეგეთ კაცს შეხვდა სუფრაზე და თუმცა მისთვის მთავარის თქმა ვერ მოასწრო, მაინც არ ნანობდა. ვინ იცის, იქნებ, ასე სჯობდა კიდეც...
ნეტავ, რამდენი წლით იყო ის კაცი მასზე უფროსი. ალბათ თხუთმეტით მაინც, თუ მეტით არა. წიგნები მასაც ნომერ ორივით უყვარდა. ტექსტები კი არა - წიგნები. სუფრაზე შემთხვევით ერთმანეთის პირისპირ მოხვედრილებმა ერთმანეთი ამოიცნეს - ერთი წიგნებიდან მოდიოდნენ და ამიტომ, მათ შორის აღარ იყო უფროს-უმცროსი. უცნობს ბავშვობის წიგნები თავის ნახატებიანად უყვარდა და ახსოვდა, ნომერი ორიც მაგრად დაუხვდა. ამ ნახატებით დაიწყეს და გაუბერეს...
ნეტა ვინ აფორმებდა იმ სქელ სათავგადასავლო წიგნებს ლამაზი ნახატებით, რომელთა თვალიერებას ბევრად ადრე იწყებდი, ვიდრე თავად სიყვარულის, ერთგულების, თავდადების და სიმამაცის რომელიმე გრძელი და დაუვიწყარი ამბის კითხვას შეუდგებოდი. ამ ნახატებს ქვეშ კიდევ პატარა წარწერები, ციტატები ჰქონდა ტექსტიდან (ფუ, შენი, წიგნიდან!). ამ წარწერებით დაიწყეს. ჯერ ციტატას იხნებდნენ და მერე თვითონ ნახატს. მგონი იმან დაიწყო - უფროსმა, უცნობმა, იმ ძველი წიგნებივით კეთილმა და სანდომ.
- "წუხელ მილედი ვნახე..." - უცნაური მოყვანილობის ნაოჭებით დაღარულ შუბლს ქვევიდან ამოხედა ეშმაკურად. შეამოწმა, "ტოპკა" აუწია, კბილი მოუსინჯა...
ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა, ნომერ ორს ყველაფერი ახსოვდა: თათარიახლა პურმარილი სენ-ჟერვეს ციხესიმაგრეში, ჭიქააწეული ათოსი, დარტანიანი პროფილში, გრიმოს შეშინებული სახე, პორთოსი ზურგიდან, არამისი ვეღარ დაინახა, მაგრამ ახსოვდა...
- "დარტანიანმა იგრძნო, რომ ათოსი შესამჩნევად ბარბაცებდა..." - უკან დაუბრუნა სხვა ნახატი, ხმალზე დაყრდნობილი, ლოთობისგან გადათიშული, თმაგაჩეჩილი, მაგრამ მაინც ლამაზი ათოსი და მის მხარში ყავარჯენივით შეყუდებული დარტანიანი, პეწენიკი იმერული ულვაშით...
და წავიდაა... გარშემო კი სადღეგრძელოები, ყაყანი და კამათი იყო. ესინი კიდევ უბერავდნენ ერთმანეთის პოვნით გახარებულები. შიგადაშიგ ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ და სულმოუთქმელად სვამდნენ, თითქოს უეცრად ფასდადებული დრო სადღეგრძელოსთვის არ ემეტებოდათ.
- ის თუ გახსოვს? "ბილიკზე თეთრად შესუდრულმა კაცმა გამოაბიჯა..."
რა თქმა უნდა, უცნობს ახსოვდა ჩათლახი ინგლისელი ლენდ-ლორდი, ბრძოლის ველიდან კეთროვნის ტანსაცმელში გადაცმული რომ იპარებოდა და არბალეტით ხელში გაქვავებული ორი შეშინებული ყმაწვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბიჭად გადაცმული მზეთუნახავი იყო.
- ჯოანა?
- ჯოანა სედლი.
- მე მეშინოდა მაგ ნახატის.
- მეც მეშინოდა, მაგრა მეშინოდა, სანამ წავიკითხავდი, - და ხელი ხელს ჩაარტყეს.
კიდევ დალიეს.
- "მუსტანგერის განრისხებულ სახეზე კაისიუს კოლჰაუნმა ამოიკითხა, რომ რევორველი უეჭველად გავარდებოდა." მგონი ეგრე იყო, არა?
- ექვსვაზნიანი - კოლტის სისტემის!
შეივსეს.
- "ჰეი, შენ ნუ ეკურკურები ჩემს გოგონა ლულუს, თორემ ჩემებურად გაგისწორდები"...
ჰე, ჰე, ჰეი.
დალიეს.
გარშემო კიდევ მარტო პოლიტიკაზე იყო ყაყანი, ლოკალურზე და მსოფლიოზეც, ოღონდ ილიკოს და ილარიონის მერე ქართული პოლიტიკური ანალიზი დიდად შორს ვერ იყო წასული. ამერიკა რუსეთს რაღაცას თხოვდა, რუსეთი ევროპას აწვებოდა, გერმანია რუსეთს უწვებოდა, საფრანგეთი ტრაკს ათამაშებდა, ჩინეთი ჩასაფრებული ვეფხვივით ნახტომისთვის ემზადებოდა, ირანი ბომბას აკეთებდა, ოღონდ შუაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფებული პაწაწინა მარგალიტი იჭყლიტებოდა... და მთელი ამ ბითურობისგან ეს ორნი დაცულები და გარიყულები იყვნენ, თითქოს პირისპირ კი არ ისხდნენ, ზურგი ზურგზე ჰქონდათ მიბჯენილი და ისე იგერიებდნენ მომხდურს, გამოცდილები და ყველაფრის მნახველები. თავ-თავის დროზე კუზიანი და პატივმოყვარე უფლისწულის ხელიდან ორივეს მიღებული ჰქონდა რაინდის წოდება, ბებერ სპილოს მათთვის ჯუნგლის წყალობა ჰქონდა ბოძებული და ადამიანთა კამათის მთელ უაზრობასაც ხომ ბოლომდე იყვნენ ჩამწვდარი - უაიდეპურის სამეფო გალიაში ტყვეობისას ორივეს საკმაოდ კარგად ჰყავდა გაცნობილი ადამიანი...
მაუგლი, მაუგლი... მანდ გაჩერდნენ ყველაზე დიდხანს, მანდ გაილაღეს, კიპლინგმა მაგარი პატივი სცათ. და როდესაც პოლიტიკური ვითარება მთლად დაიძაბა და სუფრა კრიზისში შევიდა, რადგან მისმა ყველაზე დოღრიალა წევრებმა, ყველაზე ჩუმები და გასუსულები მთავრობის შეფარულ მომხრეობაში ამხილეს და კინაღამ ჩხუბამდე მივიდა საქმე, უცნობმა: ხორცი ძალიან ახლოა ძვალთანო! - უთხრა და თვალი ჩაუკრა.
კიდევ დალიეს. მთავრობის მომხრეები კი მაგრად დაიჩაგრნენ (ძვალი გატყდა) და როგორც სჩვეოდათ (ვალლა, აუა, ასე ვიცით ჯუნგლელებმა!), ათიოდე წლით გაიბუტნენ. ეგრეა, ძმაო - როცა ფიელი გაისმის, სუსტ არსებებს გარეთ აღარ ედგომებათ...
და როცა მთელი ანგაჟირებული (რა მურდალი სიტყვაა!) სუფრა, უცებ გაიხვეტა ტელევიზორთან, მორიგი გულის გასახეთქი თუ გულის მოსაფხანი ამბის მოსასმენად, რომ მერე უფრო განრისხებულები დაბრუნებულიყვნენ უკან, ამათ ლამის შუბლი-შუბლზე მიდებულებმა, მოგუდულად დააღიღინეს მოხუცი მეკობრის სევდიანი სიმღერა:
"მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა,
სხვანი სმას ეშმაკს ვერ გადაურჩნენ,
იოჰო ჰო ჰოი და ბოთლი რომი..."
შეივსეს:
"ზღვაში სამოცდათხუთმეტი გადის
უკან კი მხოლოდ ერთი ბრუნდებაა,
იოჰო ჰო ჰოი და ბოთლი რომი..."
დალიეს.
და ამ დროს ცოლმა დაურეკა (ეგეც შავი ნიშანი!). ავად გამხდარიყო, დილიდან სამსახურში მიმავალს შეპარვოდა სიცივე და ახლა უკვე ტანშიც ტეხდა. შვილის დაბადების დღიდან წამოყვანას სთხოვდა ("მე აქ გამაბეს, დარტანიან!") და ნომერი ორიც სასწრაფოდ გაფხიზლდა. შემოსასვლელში ქურთუკების და პალტოების გორის ქვეშ საკუთარს დაუწყო ძებნა.
- საით მიდის შენი კვალი, პატარა ძმობილო? - სევდიანად ჰკითხა უცნობმა, როდესაც ჩაცმული დაინახა და ნომერმა ორმაც ვერ მოითმინა, მაგრად ჩაეხუტა და ცოტა ხნით მისი დიდი ტორი გაიჩერა საკუთარ ხელში.
- იქნებ, ისევ გიწვავს ტუჩებს ისიდორა კავარუბია დე ლოს ლანოსის მხურვალე კოცნა?... - იტყუებოდა, შვილთან და ცოლთან მიდიოდა და როდესაც გარეთ გამოვიდა, ერთი ცრემლიც გადმოუგორდა თვალიდან. ჰო, რამდენიმე კვირის გადაბმული სმის მერე ნომერი ორი გულჩვილი ხდებოდა. როგორც აუხსნეს, ნერვების ამბავი იყო.
ტაქსიში ავთანდილის ანდერძზე და ჟან ვალჟანის შანდლებზე ფიქრობდა - არც მეტი, არც ნაკლები. კიდევ ფიქრობდა მასავით ხორციელი ადამიანების ხელით შექმნილ სამეფოებზე, მაგარი, შეუვალი გალავანები რომ ერტყა გარს და მის მკვიდრ ნახევარღმერთებს ზესიყვარული და ზესიძულვილი რომ შეეძლოთ. არათუ ქვეყნები, მთელი ხალხები ქრებოდნენ, ითქვიფებოდნენ და იკარგებოდნენ, ეს სამეფოები კი დღემდე მაგრად იდგნენ: ჰომეროსის საბერძნეთი იდგა, დოსტოევსკის რუსეთი იდგა, დიკენსის ინგლისი იდგა, ჰამსუნის ჩრდილოეთი იდგა, ფოლკნერის სამხრეთი ჰო, ჰო, ჰო, როგორ იდგა?! ვაჟკაცი თეთრი საჰიბის კოლონისტური აღმოსავლეთი ბოლო-ბოლო... დღევანდელი, დამხრჩვალივით გაბერილი, ადამიანის ფიზიოლოგიით გაბევრებული ტექსტები ამათ ვერაფერს დააკლებდა. ამის კი სწამდა.
ჰო, ახალი სახელმწიფოები იბადებოდნენ და ახლადდაბადებული მაშინ მართლა თავისუფალი ქვეყნის ყველაზე თავისუფალი მოქალაქე დღემდე ტივით დაცურავდა უზარმაზარ მდინარეზე და ყველგან მისი სახლი იყო, რომელ ნაპირსაც არ უნდა მისდგომოდა. მსოფლიოს მეორე ბოლოში კი უზარმაზარი იმპერია იღუპებოდა და საკუთარ სახლში, უკანასკნელ და მყიფე თავშესაფარში შეკეტილი შეშინებული, მორფისგან გაბრუებული ექიმი, თავისივე ხელით შექმნილ ოფიცრებთან ერთად დაგმანული ფანჯრიდან უყურადებდა უაზრო და სისხლიან ამბოხს...
ჰო, გაჩნდა შიში... და რამდენი მაგარი რამე გააჩინა ამ შიშმა და დაკარგული ღმერთის მუდამ ფუჭმა და თავგანწირულმა ძიებამ. ალჟირის სანაპიროზე ვიღაც მზით გათანგული უმიზეზოდ ცხრილავდა არაბს, მეოცნებე მფრინავი კი იგივე ალჟირულ ქვიშას და ომით გატანჯულ დედამიწას თავის მზვერავი თვითმფრინავიდან დასცქეროდა და ზედ უფლისწულის პატარა ფიგურას დაეძებდა, ვიღაცა, ნავით კარიბის ზღვაში ჩაკარგული, უზარმაზარ თევზს ეჭიდებოდა, ვიღაც ყირგიზეთის ტრამალზე თავის ვნებისგან გახელებულ აქლემს დაეძებდა, სამყაროს მეორე ბოლოში კი კეთრით დასნეულებული ქურდი, კონტრაბანდისტი და მკვლელი მარინიონის ნელ ტალღებს მინდობილი მიცურავდა საკუთარი აღსასრულისკენ, საფიქრალად და უკვე ჩავლილი სიცოცხლის შესაჯამებლად საკმარისზე მეტი დროც ჰქონდა და მაინც ვერ ურიგდებოდა თავის უკუღმართ ბედს...
მივიდა, ავიდა, შევიდა დაბადების დღეზე, სადაც ბავშვები და ბუშტები ერთმანეთში ირეოდნენ. ქალები ისე შეხვდნენ, ისე გამოჰკითხეს ცოლის ჯანმრთელობა და ისე დანანებით იქნიეს თავები, თითქოს თვითონ ყოფილიყო ის ბაცილა, დიდი ხნის წინ ვერაგულად რომ შეუძვრა მათ დაქალს და ახლა უკვე ლოგინადაც ჩააგდო. იმათმა ქმრებმა სამზარეულოში გაშლილ პატარა სუფრაზე მიიპატიჟეს. ესენიც ჩართულ ტელევიზორთან ისხდნენ და აქაურ ბიურგერულ კეთილდღეობასაც მთელ ხმაზე აღრიალებული ახალი ამბები ემუქრებოდა. ნომერმა ორმა მხოლოდ ერთი ჭიქა დალია ფეხზედამდგარმა. აღარ გაჩერდა. არც შვილს დაანება დარჩენა, ბოღმიანად ჩააცვა ქურთუკი, თავზე ქუდი ჩამოაფხტა და ლამის ძალით გამოიყვანა გარეთ.
ქუჩაში მოაბიჯებდნენ და მათ სახლამდე არც შორი იყო და არც ახლო. ოდნავ უკან მომავალი ბავშვი დროზე ადრე სახლში წასვლის გამო უღრენდა და ებუტებოდა. ბედად ცოლმა დაურეკა და გამაყუჩებლის ყიდვა სთხოვა. უკვე თავიც სტკიოდა და ხმაზეც ეტყობოდა, ვერ იყო კარგად.
აფთიაქიდან რომ გამოვიდნენ, უკვე დაწყნარებულმა ბავშვს აუხსნა, რომ დედა ავად იყო, რომ სასწრაფოდ წამალი სჭირდებოდა, რომ სწორედ ამისთვის დააჩქარა და დაბადების დღიდან სხვებზე ადრე წამოიყვანა.
- მაშინ, მე მომეცი, მე მივცემ, - ეს უკვე შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რიტუალი იყო - ბავშვს თვითონ უყვარდა დედისთვის მამის ნაყიდი იშვიათი საჩუქრების გადაცემა და წამალიც, ეტყობა, საჩუქრებს მიათვალა. მანაც ულაპარაკოდ დაუთმო, ოღონდ: ჯიბეში კარგად ჩაიდე, არ ამოგივარდესო, - სთხოვა.
გაბუტული შვილი წამოეწია და ხელიც ჩასჭიდა. ისევ ჩუმად მიაბიჯებდნენ, მაგრამ ახლა თითქოს წესრიგში იყო ყველაფერი. ყმაწვილს ავადმყოფობით დატანჯული დედისთვის წამალი მიჰქონდა, კეთილი ხალხის გამოტანებული ქინა-ქინა. რატომაც არა? აი, რამდენი იფიქრა ნომერმა ორმა, ვინ აღარ მოიგონა და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა თავის ნუგეში - ყველაზე საყვარელი ქართლელი კაცის, პატარა ქართველების განმანათლებლის შედგენილი ყველაზე კეთილი წიგნი. მაშინ ხომ საქართველო ისეთივე პატარა იყო, როგორც დღეს, მაგრამ მაინც უფრო დიდი, მსოფლიო ხომ დიდზე დიდი იყო, უფრო საინტერესო და ამოუცნობი. და განმანათლებელიც უკვე წერა-კითხვა ნასწავლ ქართველებს თავის და თანამოაზრეთა დაწერილ პატარ-პატარა და ძალიან კეთილ ამბებს აპარებდა, თითქოს მძივზე სათითაოდ ასხამდა მარგალიტებს. კიდევ საკუთარ ქვეყანას და უზრამაზარ მსოფლიოს აცნობდა, მოუთხრობდა სახელმწიფოებზე და კონტინენტებზე, სადაც თვითონ ნამყოფი არ იყო და ალბათ, ვერც ვერასოდეს მოხვდებოდა, მაგრამ მაინც უამბობდა, რომ საფრანგეთში, რომლის სატახტო ქალაქიც სამმილიონიანი პარიჟია, საჭირნახულო მცენარეებიდან პირველი ადგილი პურს უჭირავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რიცხვი ორმოც-და-ათამდინ ადის, ხოლო აფრიკა უმეტესად შავ-კანა ზანგებითაა დასახლებული და რომ ბრიტანელთა გარეგნულ ამპარტავნებას, რომლის საშუალებითაც ინგლისელი სულის ღირსებას ინარჩუნებს, დჟენტლემენობა ჰქვიან...
რა ხალხი იყო?! როგორი საუკუნე?! ხალხის წიაღიდან გამოსული, ხალხის ენაზე მოლაპარაკე და ხალხში გასული განმანათლებლებით, რომელთაც იგივე ხალხი ბერდენკის ტყვიას უმზადებდა თურმე. განა იმ ნამდვილ განმანათლებლებს არ უნდოდათ, რო დასავლეთს ვმგვანებოდით, თუმცა წესიერად არც იცოდნენ, როგორ იყო ეს დასავლეთი, მაგრამ მაინც ეწადათ, რომ თუნდაც ამპარტავნად შერაცხული, მაგრამ გარეგნულად რიგიანი და შინაგანად ფაქიზი დჟენტლემენი საკუთარ მამულშიც ბევრი ჰყოლოდათ...
ერთადერთი ლამპიონით განათებულ ქუჩაზე, შვილთან ერთად სახლისკენ მიმავალმა ნომერმა ორმა იგრძნო, რომ მთვრალი და დაღლილი იყო და კიდევ, რომ ძალიან ენატრებოდა ის ბავშვობის წიგნებივით კეთილი და სანდო შუბლდაღარული უცნობი, რომლის სახელიც არ იცოდა და რომელსაც ალბათ ვეღარასოდეს ნახავდა.
- მეშინია, - თითქოს საკუთარი ფიქრების პასუხად ამოხედა შვილმა.
ნომერი ორი გაჩერდა. მათ თავთან სულ ახლოს ჩაფრენილი, მერე მოწმენდილი ცის ფონზე ისევ მათკენ გამოტრიალებული ღამურის დანახვამ გააკვირვა.
აკი, მეორე დილასაც ულამაზო, უქალო კაფეში მოკალათებულს, გუშინდელი ღამურა გაახსენდა და გადაწყვიტა, ნაცნობი ზოოლოგისთვის დაერეკა, ეკითხა, ზამთარში ღამურები იძინებდნენ თუ არა. თუ სულაც თბილ ქვეყნებში მიეშურებოდნენ და მხოლოდ ის წუხანდელი იყო გზააბნეული და მიუსაფარი? ჯერ ადრე იყო და ზოოლოგს, ვინ იცის, ეძინა. დარეკვა ვერ გადაეწყვიტა და მაგიდაზე კონიაკიან ჭიქის გვერდით დადებულ ტელეფონზე გაშტერებოდა მზერა...
ჩაიმუხლა, ბავშვის სიმაღლე გახდა და აუხსნა, რომ ღამურა სულ არ იყო საშიში და რომ, როცა თვითონ პატარა იყო, მასაც სჯეროდა, რომ ღამურა თმებში აფრინდება ბავშვებს და მსგავსი სისულელეების, მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაც ძალიან მშიშარის და უმეცრის გამონაგონი იყო...
გზა გააგრძელეს. შვილის ხელი უკვე მაგრად ეჭირა.
- მაინც რო მეშინია... ღამურის აღარ მეშინია, ოღონდ რაღაცის მეშინია მაინც...
ისევ გაჩერდნენ და ნომერმა ორმა იგრძნო, რომ თვითონაც ეშინოდა, რადგან ესე შვილზე, თავის ხორცი ხორცთაგანზე და სისხლი სიხლთაგანზე ხელჩავლებული, ყველაზე უკეთ გრძნობდა, რომ ამ დროის, ამ მიწის და ამ ქვეყნის შვილი იყო, ქვეყნისა, სადაც საშინელი ზიზღი და მძიმე, შემაწუხებელი სიყვარული იცოდნენ, სადაც რწმენა და ტრადიციები ვაჭრობის საგნად იყო ქცეული და რომლის ცრუ განმანათლებლებს უღიმღამობა რელიგიად ჰქონდათ გამოცხადებული, უცხო ტერმინები კი - განათლებად. უსისხლო განმანათლებლები წითელი აბაჟურის ქვეშ იყვნენ მოკალათებული და ქვეყნის ინტერესებისთვის ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდნენ, თუმცა თვითონ ერთი წესიერი მუშტიც არ მოხვედროდათ არასოდეს, მათი მტრები კი ქუჩაში დამდგარ ადუღებულ ხალხს ღირსებაზე ელაპარაკებოდნენ და ტყუილი დაპირებებით ბერავდნენ. დოღრიალობა უსამართლობის პირისპირ იდგა, კანონიერებით შენიღბული უზნეობის წინააღმდეგ ცრუზნეობა ლესავდა ხმალს და ყველა, აბსოლუტურად ყველა, საუკუნის წინ საკუთარი გლეხების მიერ ბერდენის შაშხანით მოკლული განმანათლებლის სახელს ფიცულობდა, მისი გზის გამგრძელებლობას იჩემებდა...
ეშინოდა იმიტომ, რომ ცარიელ ქუჩაზე ეული ლამპიონის ქვეშ გაჩერებული მამა-შვილი, მხოლოდ ამ ქვეყნის კი არა, ამ დაპატარავებული და პოლარიზებული პლანეტის შვილებიც იყვნენ, პლანეტისა, რომლის ერთი ნაწილის გაჭირვებას, შიმშილსა და სისხლისღვრას ბოლო არ უჩანდა, ხოლო მეორე ნაწილში ჟამივით ჩამოვარდნილი სიმშვიდე, გაზულუქება და უღიმღამობა ისეთი მყიფე იყო, ისეთი მყიფე..., რომ შემოდგომის ამ მშვიდ საღამოს მათ პლანეტას თავის არცერთი შვილი, არცერთი სულიერი, არცერთი ბავშვი არ ჰყავდა სამშვიდობოს დაგულებული...
- მეშინია, დღეები არ დამთავრდეს...
და როცა შვილი მაგრად ჩაიხუტა, სახე დაუკოცნა, მერე ხელებიც და მუჭში მაგრად ჩაბღუჯული დედისთვის ნაყიდი თავის ტკივილის წამალი უნახა, მაშინ კი უკუნში ნაპოვნი ძაფის მხსნელი გორგალივით უკან გაჰყვა შვილის ლოგიკას, არა, ლოგიკას არა - ამ ნათრევი სიტყვისთვის ბავშვი ჯერ ძალიან თოთო, ჯერ ძალიან კარგი იყო. უბრალოდ მიუხვდა, გაუგო პატარა ადამიანს, თავის სისხლსა და ხორცს, რომელსაც დედის ავადმყოფობამ, შემოდგომის საღამოს მოწმენდილმა ცამ, გაწითლებულმა დაისმა, ეულმა ლამპიონმა და მათ თავზე ჩაფრენილმა გზააბნეულმა ღამურამ უცაბედად დაატეხა წარმავალობის შიში - კაცობრიობასავით ძველი და პირველყოფილი, შიში, რომელიც დაბადებიდან თან სდევდა ადამიანებს და რომელთან მშვიდობიანი თანაცხოვრებაც მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო, დანარჩენები კი ომებს იწყებდნენ, ხოცავდნენ სხვებს და თვითონ იღუპებოდნენ, ქმნიდნენ, სხვის შექმნილს ანგრევდნენ, იყვარებდნენ და ღალატობდნენ, ოღონდ ამ შიშზე კრინტსაც არ სძრავდნენ, ამის გამბედაობა არავის ჰყოფნიდა ბავშვების გარდა...
მერე სახლისკენ დაიძრნენ და შვილს უთხრა, რომ არაფრის არ უნდა შეშინებოდა, სანამ მამა ჰყავდა გვერდით და რომ მათი დღეები არასოდეს დამთავრდებოდა - არ ატყუებდა. კიდევ ეუბნებოდა, რომ არც თვითონ ეშინოდა არაფრის, როცა მისი ხელი ეჭირა და ესე გვერდი-გვერდ მოდიოდნენ და არც ახლა ტყუოდა, პირიქით - არც კი ახსოვდა, ოდესმე ასეთი მართალი თუ იყო... და კიდევ ფიქრობდა იმაზე, რომ, კაცმა რომ თქვას, რითი არ იყვნენ ახლა წიგნის ნაწილი? წიგნისა, რომელიც უკვე მრავალჯერ იყო დაწერილი და კიდევ მრავალჯერ დაიწერებოდა... მერე რა?! ვინ იცის, რამდენ ხელჩაკიდებულ მამა-შვილს უკვე ჩაევლო და კიდევ რამდენი ჩაუვლიდა ერთ-ერთი მათგანისთვის დაუვიწყარ წამს, რომელსაც მრავალი წლის მერე კიდევ ერთხელ მოუბრუნდებოდა - შეჯამების და დაზავებისთვის დრომოწეული და ბავშვივით გამბედაობამოკრებილი შეეცდებოდა მეორესთვის მოეგონებინა, მაგრამ ვერაფრით გაახსენებდა...
ეგეც არაფერი... ახლა ხომ ერთად იყვნენ, სახლს უახლოვდებოდნენ და ბოლო-ბოლო დედასთვის წამალი მიჰქონდათ...
გაეხარდა კი ნომერ ორს მაგიდაზე ჯერ მოუსვენრად აწრიალებული და მერე მთელ ხმაზე აბღავლებული ტელეფონით მოსული მესიჯი? ტელეფონზე ფართოდ გახელილი თვალი ჰქონდა გაშტერებული, ასეთ მდგომარეობაში მყოფი უკეთ აკავებდა ზედ წამწამებთან მომდგარ ცრემლს. ნერვების ამბავი იყო ეგ ყველაფერი...
კი, გაეხარდა, თუმცა დილით უკვე მერამდენედ დაპირდა ოდნავ უკეთესობისკენ მობრუნებულ ცოლს, რომ დღეს მაინც აღარ დალევდა და თვითონაც კინაღამ დაიჯერა ეს დაპირება, მაგრამ მაინც გაეხარდა.
სწრაფად ჩაცალა კონიაკიანი ჭიქა, კეთილგანწყობილ მომტან გოგონას ხელით უხმო და საჩქაროდ დატოვა იქაურობა. კაფესკენ, სადაც ლამაზი ქალების სურათები მხოლოდ კედლებზე ეკიდა, ერთხელაც აღარ მოუხედავს.


ნომერი სამი - ეჭვი და ამაოება

ბუზი ზუილით ტრიალებს გარშემო. მუდამ ჩვენ დაგვტრიალებს ბედისწერასავით. ცოცხალ არსებათაგან ყველაზე მეტად სწორედ ისაა ჩვენი თანამდევი. ჩვენ კი გვძულს საქმიანად მოფუსფუსე ბუზი იმიტომ, რომ არ ვიცით, საიდან მოფრინავს, რომელ სიბინძურეს აჯდა მანამდე, სანამ ხელების კმაყოფილი ფშვნეტით ჩვენს საჭმელს დააჯდებოდა...
ის კი - ჩვენი მადის გასაფუჭებლად გაჩენილი ხარბად აფრინდება ჩვენს მწვადს და ხაჭაპურს, ქაბაბსა და მჟავეს, ყველსა და პურს და მხოლოდ ოხშივარადენილ ხინკალზე ვერ ბედავს დაჯდომას, ან ცომის ნაოჭებით გამოსახული საკრალური ბორჯღალი აფრთხობს, ან ხინკლის ჯადოსნური ინგალაცია. ხინკალი წმინდაა, ისევე როგორც ნამდვილი მამაკაცური მეგობრობა და როცა შეგიპყრობს ამაოება და ეჭვი, ყველაფერს სჯობს დიდი ხნის უნახავი ძმები დაპატიჟო ხინკალზე. დაბუჟებულ კიდურებზე უპწკინოთ ერთმანეთს და დარწმუნდეთ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ, რომ ჯერ კიდევ გიყვართ ერთმანეთი, რომ ჯერ კიდევ გაქვთ საერთო და სალაპარაკო რამე. ყოველთვის სჯობია, ბავშვობის ძმაკაცი ხინკალზე იხმო, ვიდრე შემთხვევით შეგხვდეს ქუჩაში და რამდენიმე თვის მერე ისევ შემთხვევით შეგხვდეს... თანაც ვინ იცის, რას გეტყვიან ან როგორ განუგეშებენ ბიჭები?
აღარაფერი მსგავსის დღეს აღარ სჯეროდა. მაინც იჯდა და ელოდა. ფანჯარასთან იჯდა და ძმაკაცებს ელოდა. ხინკლის შეკვეთა უკვე მიცემული ჰქონდა. ასი გრამი ნაგლეჯი ჰქონდა უკვე.
როდესაც ბიჭების დაძახება გადაწყვიტა, ჯერ კიდევ ლოგინში იწყვა და ყური ახლადგაჯახუნებული კარის ხმით ჰქოდა დაგუბებული. სიცარიელეს მიყურადებული, ჯერაც გაბურებული ვერაფერს გრძნობდა, ვერ გადაეწყვიტა, როგორ დახვედროდა უძღები შვილივით ისევ სახლში მობრუნებულ სიმარტოვეს.
აი, როგორ დახვდა! ჩაიცვა და ფართხა-ფურთხით გამოექცა. მთელი დილა ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლებით სავსე ქუჩებში იხეტიალა. როცა სახინკლე გაიღო, შემოვიდა და დაამესიჯა. მას მერე იჯდა და ელოდა...
ნომერმა სამმა გუშინ საკუთარი ცოლი დაინახა...
ერთხელ, რამდენიმე წლით ადრე ბუნების სასწაული იხილა. მაშინ ტრუბა გაჰყავდა. ასე იხსენიებდა საკუთარი ცხოვრების ამ ნაწილს, რომელზე საინტერესოც არაფერი გადახდენოდა თავს, იმიტომ არა, რომ საუკუნის პროექტის მონაწილე იყო. ხალხის დასაბოლებლად მოგონილი ლეგენდების - ევრაზიის დერეფნის, აბრეშუმის გზის და მსგავსი სისულელეების არასოდეს სჯეროდა. თუ სჭირდებოდა, აქეთ შეეძლო სხვისი დაბოლება. - ტრუბა რომ გამყავდაო, - იტყოდა და თავის ცხოვრების ყველაზე სისხლსავსე, ყველაზე მოსანატრებელ პერიოდს გულისხმობდა...
იმ ღამეს სადღაც ტაბაწყურსა და ბაკურიანს შორის გაუტყდათ მანქანა უღელტეხილზე, რომელიც ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულ პატარა კუნძულს ჰგავდა. მათ დაბლა ტყეები იყო, კიდევ უფრო დაბლა დაბების და სოფლების შუქები ბჟუტავდა, თვითონ კი ტრიალი, დაცემული ველის კიდეზე იყვნენ გაჩერებული და თავზე მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ადგათ. მოუცლელობის გამო სხვა დროს ამ ყველაფერს ვერც შეამჩნევდა. იმ ღამეს კი დრო საკმარისზე ბევრი ჰქონდა. უსაფრთხოების წესების დარღვევით მოძრაობდნენ. ნავთობკომპანიის ჯიპით ღამე გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ, ამიტომ დილამდე ვერც მაშველს გამოიძახებდნენ.
მძღოლმა, რომელიც სათავისოდ ჰყავდა გაწვრთნილი, თავისი ეზოს ჭანჭურის ორნახადი არაყი და ერთჯერადი ჭიქები დააძრო, მისაყოლებელიც აღმოაჩნდათ რაღაც... გარეთ მაგრა ციოდა და დროდადრო მანქანას ახურებდნენ. მალე მობეზრდათ. მძღოლმა დაიძინა, თვითონ - ვერაფრით და მანქანის მინაზე შუბლმიდებული და ცაში მაცქერალი არნახული ვარსკვლავთცვენის მოწმე გახდა.
რადგან ცაში არასდროს იყურებოდა, ვერაფრით იტყოდა, წელიწადის ამ დროითვის ჩვეულებრივ მოვლენას ადევნებდა თვალს თუ მის დასანახად გაიგიჟეს ციურმა სხეულებმა თავი. ვარსკვლავები კი ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდნენ და თან ისე სწრაფად, რომ ნომერი სამი სურვილის ჩაფიქრებას ვერ ასწრებდა. ვერცერთხელ ვერ მოასწრო და გაწბილებულმა გადაწყვიტა, სტრატეგია შეეცვალა. წინასწარ იფიქრებდა ადამიანის სახელს, რომელსაც ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ფულსა და ბედნიერებას უსურვებდა და ვარსკვლავის ჩამოვარდნისთანავე ამბობდა. ამას კი ასწრებდა. ვარსკვლავები კი ისევ ცვიოდნენ...
ოჯახის წევრები რომ მოილია, ძმაკაცებზე გადავიდა, მერე რამდენიმე ქალის სახელიც ახსენა ჩუმად, ბოლოს ყველაზე შორეული ნათესავებიც გაიხსენა და ერთი ვარსკვლავი არც გვერდით მხვრინავი მძღოლისთვის დანანებია. ჯადოსნური ღამე იყო, რომლის გახსენებისას ყოველთვის რწმუნდებოდა, რომ ცუდი კაცი არ იყო. სხვანაირად ასე უცებ ვერაფრით გაიხსნებებდა ამდენ ადამიანს და ვარსკვლავურ წყალობასაც ასე დაუნანებლად არ გაიღებდა. უბრალოდ, ძალიან მოუცლელი იყო, უზარმაზარი და ჯერ გაუყვანელი მილსადენის - ადამიანისგან დედამიწისთვის მიყენებული კიდევ ერთი ძალიან გრძელი და გველივით კლაკნილი ჭრილობის მთელ სიგრძეზე დარბოდა უკვე უვარგისობაში მოსული ჯიპით და საქმე ყველგან თავზესაყრელი ჰქონდა. ნავთობსადენის გასწვრივ მაცხოვრებელ მოსახლეობასთან აგვარებდა ურთიერთობას. არ იყო ადვილი საქმე - ნავთობსადენი ერთი იყო და საქართველო თურმე ძალიან ბევრი და თითოეულ საქართველოს თავისებური მიდგომა უნდოდა. ხანდახან აჯანყებულ გარდაბნელ თათრებთან უწევდა ჭიდაობა და რამდენჯერმე პირდაპირ იმათ მოღერებულ ფიწლებზეც კი წასულა (ჭრიდა ხოლმე), ხან თათრების მეზობლად ხრიოკში ჩასახლებული, საეჭვოდ გაჩუმებული და მტრულად მაცქერალი სვანების ფარული ზრახვების ამოცნობას და ამ ზრახვების წინასწარ აღკვეთას ცდილობდა (ხანდახან გამოსდიოდა). მერე, ზევით და ზევით აღმართში მიჰყვებოდა მილსადენს და მუდამ ეჭვიანი სომხებისთვის ცდილობდა ეჭვების გაქარწყლებას (მუდამ ფუჭად), გაბეჩავებულ წალკელ ბერძნებს ანუგეშებდა და, თუ საჭირო იყო, ატყუებდა კიდეც... თარგმნიდა ქართულიდან ინგლისურად, რუსულიდან ქართულად, ინგლისურიდან რუსულად. რამდენიმე აზერბაიჯანული და სომხური ფრაზაც ისწავლა, იღლებოდა, მაინც დარბოდა და მაინც საინტერესო იყო ესე ცხოვრება. ოღონდ აღმოჩდა, რომ ამდენ სირბილში და დავი-დარაბაში თურმე დავიწყებოდა, რომ ამდენი ადამიანი უყვარდა, რომ თურმე თვითონაც კარგი ადამიანი იყო...
და როდესაც ცამ გაფერმკრთალება იწყო, მანქანაში კი უკვე მაგრად აცივდა, მძღოლმა გამოიღვიძა, გაიზმორა და მობუზულმა, მაგრამ ნასიამოვნებმა მოუყვა, რომ თავის სოფლელი ბოზი "ოქროს კამეჩი" ესიზმრა. ვარსკვლავთცვენის მერე ნომერი სამი მძღოლს მეტი სითბოთი უყურებდა, უკვე თავისიანად თვლიდა და ამიტომ ოქროს კამეჩის აღწერა სთხოვა. - მაგარი ქალია, ძაან დიდია და "ტრიტცატ ადინის" პორშინებივით ძუძუები ააქვსო, - სოფლელი ტურფის პორტრეტი შორს იყო სრულყოფილებისგან და თუმცა ნომერი სამი აღარასოდეს ჩაძიებულა, თუ როგორი პორშინები ჰქონდა "ტრიცატ ადინს," ახლა სახინკლეში მჯდომი ძალიან კარგად ხედავდა ოქროს კამეჩს - დიდს კი არა, უზარმაზარს, ევადან დაწყებული, ქალთა მთელი მოდგმის ცოდვათა მატარებელს და მთელი მსოფლიოს ბიწიერების დამტევს...
გუშინ საკუთარი ცოლი დაინახა. მათ წინ შუქნიშანთან გადასასვლელზე გადადიოდა და "მიდი, ამას დაუსიგნალეო!" საჭესთან მჯდომ თანამშრომელს უთხრა. უცებ გადაწყვიტა, თუ წაყვებოდა, ისიც თან წაეყვანა. იქნებ გამოსულიყო რამე... მცხეთაში მიდიოდნენ საქეიფოდ.
თანამშრომელი ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე და გრძელი გაბმული სიგნალი მისცა. ქალი (ჰო, როგორც აღმოჩნდა სულ სხვა, მისთვის უცხო ქალი) მათი მანქანიდან ორიოდე ნაბიჯში იყო. გამოხედა და, ეტყობა, დაბურულ მინებს მიღმა საკუთარი ქმარი ვერ იცნო. გაიპრანჭა და პატარა გოგოსავით კეკლუცად გადაურბინათ წინ. საჭესთან მჯდომი თანამშრომელი პირველი იყო, ვინც ნომერმა სამმა შეიძულა როგორც მოწმე იმ დიდი სირცხვილისა, რომელიც უცებ დაატყდა თავს და რომლის მიზეზებში ჯერ ბოლომდე ვერ გარკვეულიყო.
რიგით მეორე ვარსკვლავისგან (კარგად ახსოვდა, რომ თავის მაშინ ახლადფეხადგმული გოგოს შემდეგ ვარსკვლავთცვენის ღამეს სწორედ ცოლის სახელი წარმოთქვა) ასეთ რამეს ნაღდად არ ელოდა, თუმცა უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ, რაც ერთ დღესაც მოჰკიდა ბავშვს ხელი და თავისიანებთან წავიდა. ყველაფერი დათმო, ყველაფერი წყალში ჩაყარა. მეც მინდა ადამიანად ვიგრძნო თავიო, - გამოაცხადა და წავიდა...
თავიდან ნომერ სამს არ სჯეროდა. ერთი, ჰა-ჰა ორკვირიანი ხუშტური ეგონა, რამდენჯერმე რომ მიაკითხა და ვერ წამოიყვანა, მერე ნელ-ნელა დაეჭვდა. კარგა ხანი მაინც ვერ იჯერებდა. მერე დაიჯერა და ვინმეს მოკვლა მოუნდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, ვინ უნდა მოეკლა. თვრებოდა და მთელ ღამეებს სავარძელში მბორგავი ატარებდა. დიახაც, საშიში იყო და ხელში თავისზე კიდევ უფრო საშიშ და პირქუშ პისტოლეტს ბღუჯავდა. მერე ნელ-ნელა შეეჩვია უმისობას და მარტო ცხოვრების ტკბილი ნაყოფიც მოიმკა, მაგრამ მის სახლში გამეფებულ მარტოობას, ვერც მთელი კვირებით (ვინც ზედმეტ შეკითხვებს არ იძლეოდა) და ვერც ერთი ღამით მოყვანილი და დილით გინებით გაგდებული (ცოლზე და შვილზე შეკითხვებით გამაბეზრებელი) სხვა ქალები ვერაფრით ავსებდნენ. ის კი... თურმე აქამდე უცნობი, ისე მსუბუქად და ეშხიანად გადადიოდა გადასასვლელს, ისეთი უცხო იყო, ისეთი ბიწიერი და ხელმისაწვდომი, რომ ნომერ სამს ლამის ხმაურით ჩაეშალა ფეხქვეშიდან ყველაფერი, რაზეც აქამდე იდგა... ხელმისაწვდომი ჩანდა და მისთვის ყველაზე მიუწვდომელი იყო. ეგონა, ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. გუშინდლამდე ხომ გულში მაინც არ კარგავდა მისი დაბრუნების იმედს. ვინმესთან ერთად რომ დაენახა, შეიძლება, მაშინაც კი არ მოშხამულიყო ასე, მაგრამ მარტო იყო, ლამაზი იყო და ისეთი თავისუფალი...
- მაგარი ვიღაცა იყო, არა? - ჰკითხა თანამშრომელმა საკუთარ ცოლზე, და ნომერმა სამმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომელს უეჭველად მოკლავდა. ქუჩის მეორე მხარეს გადასული ქალი კი ხალხს შეერია უკვე...
არავინაც არ მოუკლავს გუშინ. არც რამე განსაკუთრებული ჩაუდენია. დაბნეული იყო და ავტომატივით მოქმედებდა: ისევ დათვრა, ისევ ერთი ღამით მოიყვანა ქალი, დილით ისევ გააგდო, ახლა აქ იჯდა და ბავშვობის ძმაკაცებს ელოდა, თითქოს მათთვის იყო ამის მომყოლი, ან თითქოს ორი ლოთი სანუგეშოს ან საქმიანს ეტყოდა რამეს...
რაღაც უნდოდა. დანგრევაზე, ცემაზე, დალეწვაზე არა, ზუსტად რომ მკვლელობაზე ფიქრობდა. მარტო ეს ფიქრი ანუგეშებდა და ართობდა და, რა გასაკვირი იყო, რომ დღესაც, როგორც მუდამ, როცა მკვლელობაზე დაფიქრდებოდა, ისევ იმ კაცის სახე მოაგონდა. სახე, რომელიც ყველაფერს აშხამებდა და საკუთარ უძლურებას აგონებდა. არა, მხოლოდ სახის დანახვა არა კმაროდა. ეს კაცი მთლიანად უნდა გენახა, მის წინ უნდა მდგარიყავი და მისთვის ქვევიდან ზევით გეცქირა, რომ საკუთარი უძლურება და უნიათობა ბოლომდე გეგრძნო. მკვლელი იყო, რომელსაც ბორჯომთან ახლოს სოფელში ერთ თოვლიან ზამთარს შეხვდა.... მაშინაც ჯერ კიდევ ტრუბა გაჰყავდა... და სახლში კიდევ ერთგული და სანდომიანი პენელოპე ეგულებოდა.
პენელოპე, რომელიც მუდამ ახსენებდა საკუთარი ძმაკაცების დაბადების დღეებს ან იმავე ძმაკაცებს ახსენებდა მის არსებობას და ნავთობსადენიდან შაბათ-კვირით ჩამოსულს მეგობრებსა და ლამაზად გაფორმებულ სუფრებს ახვედრებდა. პენელოპე - კარგი დედა, სათნო ცოლი და საყვარელი რძალი, რომელზეც დედამისი სიამაყით ამბობდა: "კატასავით არის, ისეთი ჩუმი და საყვარელია, სახლში მაგის ყოფნასაც ვერ გაიგებო." პენელოპე, რომელიც მაშინ გაიქცა, როცა უკვე საკუთარი სახლიც ჰქონდათ, ოჯახური დაზღვევაც და ყველა პირობა ადამიანიური ცხოვრებისთვის, მან კი სწორედ მაშინ მოინდომა გაადამიანება - ეტყობა, ქუჩებში ტრაკის ქნევას ეძახდა ადამიანობას...
მაგაზე ფიქრს ისევ თავის სხვა სირცხვილზე ფიქრი, ისევ იმ კაცის გახსენება ერჩია. თანაც საკუთარი თავიც კარგა ხნის წინ ჰყავდა გამოჭერილი, რომ იმ ბორჯომელ ახმახსაც, როგორც ყველაფერს, რაც "ტრუბის გაყვანასთან" იყო დაკავშირებული, უკვე მხოლოდ სითბოთი და მონატრებით იხსნებდა. ნავთობსადენის გასწვრივ გატარებული ორი წელი უკვე შორეული წარსული იყო, ხოლო ხუთი წუთით ნანახი მკვლელი ძველზე ძველი მითის ნაწილი. ვინ იცის, ცოცხალიც აღარ იყო, ბოლო-ბოლო ხომ რომელიმე უსახურ თავზე ნიღაბჩამოცმული ჩუბინი სპეცრაზმელის წერა უნდა გამხდარიყო, თუმცა ამის დაჯერებაც ძალიან ჭირდა...
მაშინ სასმელი შემოაკლდათ და სოფელში არყის კითხვა-კითხვით ძებნამ მიიყვანა იმ კაცის კარზე. მაგას ნაღდად აქვს არაყიცა და ღვინოც - თუ მოგყიდა, ეგაა საქმეო... - გლეხები ეუბნებოდნენ.
რას ქვია, არ მიჰყიდდა? ნომერი სამი ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარებაში, მათ დაშინება, მოფერება, დაბოლება, დაშოშმინებაში იღებდა ხელფასს და თავის საქმეში შეუცვლელი იყო. გაბედულად დააბრახუნა მისწავლებულ რკინის ჭიშკარზე, ეზოდან ძაღლების ღრიანცელმა მისცა ბანი, შიგნიდან კარს ღრჭიალით გამოაძრეს რკინის დირე და არყის ვაჭარი გლეხუჭის ("ბიძაჩემო, შენზე ამბობენ, მაგარი არაყი აქვსო. მართალია?") ნაცვლად შარაგზის ყაჩაღი ("ან ფული, ან სული!") შერჩა ხელში.
როგორი იყო? წვერიანი და თმიანი. ასაკი ალბათ ჰქონდა, ოღონდ შავ წვერში ერთი ჭაღარაც არსად უჩანდა. უზარმაზარს და გაბანჯგვლულს ანაფორაც მოუხდებოდა და მაუზერიც, ან სულაც ორივე ერთად. თვალებით გჭამდა და თვალებითვე გინელებდა. არა, ეს მარტო ფულს არ წაიღებდა - სულსაც გაგაცხობინებდა დაუფიქრებლად და სადმე თავის ეზოშივე დაგფლავდა.
ნომერი სამი მკვლელებს ცნობდა. ისეთ ქალაქში იყო დაბადებული, სადაც მკვლელი სანთლით საძებარი ნამდვილად არ იყო. უფრო მეტიც, გარშემო არ ეგულებოდა ადამიანი, ერთხელ მაინც სხვისი მოკვლა რომ არ სდებოდა გულში. ამაზე მაშინაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და ეგონა, ყველაფრისთვის მზად იყო. თვლიდა, რომ თუკი დაუდგებოდა წამი, როცა მისი აწონილ-დაწონილი სიტყვა-პასუხი, თუ საჭირო იყო მიწოლა, საჭიროების შემთხვევაში კი ოდნავ დათმობა და ფრთხილი უკან დახევა აღარ გაჭრიდა, იმის ძალა მაინც ეყოფოდა, რომ მისკენ მოშვერილ ლულას ღირსეულად დახვედროდა ან თვითონ გამოეკრა მშვიდად ჩახმახი. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება? ამ მზადყოფნაზე ეტყობა სხვებსაც ბევრი ეფიქრათ და ბევრი ლამაზი სიტყვაც შეედგინათ. ამ სიტყვების ნაწილი ნომერმა სამმა ზეპირადაც იცოდა: "მშვიდობა გინდა - ომისთვის უნდა ემზადო" (წარწერა ტროფეულ გერმანულ "პარაბელუმზე"), "ესროლეთ, ოღონდ სიძულვილის გარეშე!" (ესპანელი გენერლის მიმართვა თავის ჯარისკაცებისადმი), "მზადყოფნა ყველაფერია" (შექსპირი), "თუ სიყვარული არ გაქვს, კაცსაც ვერ მოკლავ" (კლასიკა)... ოღონდ ეს ყველაფერი, ყველა ლამაზი სიტყვა გაფერმკრთალდა და ვითომ არცა ყოფილა, ისე საპნის ბუშტივით გაქრა იმ ახმახის წინაშე, რომელსაც ამ სიტყვების არსებობის შესახებ ეჭვიც არ ჰქონდა და მათ ჭკვიან შემდგენელთა ვინაობა ხომ სულაც არ აინტერესებდა.
არაყს არ მოგყიდი, მონადირე ვარ და თვითონ მჭირდება ტყეშიო, - ეგრე უთხრა. "ვერ მოგყიდი" კი არა, "არ მოგყიდიო!" - ღვინოს კი გაგატან, რამდენი გინდაო?
ტყის სული იყო ნამდვილი - შავბნელი და უღრანი. მისთვის უარის თქმა ვერ გაბედა, თუმცა კარგად იცოდა, აქაური ღვინო რომ არაფრად ივარგებდა. ახმახმა ჭიშკართან დატოვა და დათოვლილ ეზოში გაუჩინარდა. ბნელი ეზოდან მხოლოდ ჯაჭვების ღრჭიალი და ძაღლების ავი ღრენა ისმოდა. მერე ნომერ სამს ღვინით სავსე მტვრიანი პლასტმასის ჭურჭელი შეაჩეჩეს, ფული გამოართვეს და გამოისტუმრეს... იმ თოვლიან ღამესაც თავის ნაქირავები ბინისკენ ფეხით მომავლიც და მერეც ფიქრობდა ხოლმე ყაჩაღზე, რომელმაც არაყი არ მიჰყიდა. ფრთხილად გაიკითხა კიდეც სოფელში და მართლა მკვლელი აღმოჩნდა, მრავალი ცოდვით დამძიმებული. ზოგზე სასჯელი მოხდილი ჰქონდა, ზოგი კი ეგრეც არ დაუმტკიცდა, მაგრამ ყველამ იცოდა, მისი გაკეთებული რომ იყო...
ხშირად იხსენებდა ბორჯომელ ახმახს და ყოველთვის ზამთარში, ყოველთვის დიდ თოვლში წარმოიდგენდა ხოლმე, თავის ავ ძაღლებთან ერთად ტყის სიღრმეში შესულს. ახმახი მარტო იყო. კოცონს ანთებდა, საკუთარი ჩექმის ყელს დიდი ბებუთით აჭრიდა რეზინას და მოსანთებად იმას ხმარობდა, აუჩქარებლად ირჯებოდა, ხმელ ტოტებს ლეწავდა და ახლადგაღვივებულ ცეცხლს აყრიდა. მერე აბგიდან თავის არაყს იღებდა და პატარა ყანწით სვამდა. ვინ უნდა ედღეგრძელებინა ან ვინ უნდა ედიდებინა? ამის წარმოდგენა უჭირდა. ისევ ოჩოპინტრეს ან ტყის რომელიმე ბოროტ სულს - თავის წინაპარს თუ ადღეგრძელებდა. კოცონის გარშემო დაბმული ძაღლები კი გაფაციცებით შესცქეროდნენ პატრონს, მისგან გადმოგდებულ პურის ყუას ელოდნენ და კანკალებდნენ. სიცივისგან არა - ეს შიშის და აზარტის კანკალი იყო. პატრონის წინაშე ძრწოდნენ და იმ შვებისა და თავისუფლების წამს ელოდნენ, როცა იგივე პატრონი საბლებს ახსნიდა და ირმის ან ტახის კვალზე დააყენებდა. შიშთან და ძრწოლასთან ერთად ძაღლებს იმ დროის ძახილი აკანკალებდათ, როცა ჯერ კიდევ მგლები იყვნენ და სანადირო ყმუილით უხმობდნენ ერთმანეთს. ისევ ავები და ისევ დაუნდობლები, მაგრამ მაინც უკვე ნახევრადმტაცებლები - მხოლოდ მონები იყვნენ ყველაზე სახიფათო და ყველაზე დაუნდობელი მტაცებლისა, რომელიც თავის ბებუთით სულ ნაჭერ-ნაჭერ აქნიდა ნებისმიერ ნანადირევს, ოთხფეხს და ორფეხს, და, თუკი ხაფანგში გააბამდნენ, საკუთარ კიდურსაც დაუფიქრებლად გადაიღრღნიდა.
ნომერ სამს ის კაცი ყოველთვის მარტოდმარტო, მუდამ თოვლიან ტყეში წარმოედგინა და დღეს პირველად იფიქრა, ნეტავ, მასაც თუ ჰყავდა ცოლი? ნეტავ, იმ რკინის ჭიშკრის მიღმა ჩაბნელებულ ბუნაგში მისი დამშეული ლეკვები თუ ელოდებოდნენ მამის ნანადირევს? თუ არა, ნეტა, რა გამოვიდოდა, ტყის სული და ოქროს კამეჩი რომ შეჯვარებულიყვნენ? ნეტავ, რა არნახული ჯიშის არსებებს ჩასახავდნენ და მოუვლენდნენ ამ ძნელად გასაოცებელ ქვეყანას?
ამ დროს ფანჯრიდან ბიჭები დაინახა. ნომერი ერთი და ნომერი ორი გზაში სადღაც გადაჰყროდნენ ერთმანეთს და ახლა ხელგაყრილები გადმოდიოდნენ ქუჩაზე. გაეღიმა - ნაღდი "ბრადიაგები" იყვნენ. გაპარსული და მოწესრიგებული ბრადიაგა გაუპარსავს და ჩანჩურას რაღაცას უყვებოდა გზადაგზა. ესეც შენი მოწყვეტილი ვარსკვლავები - მრავალი წლის წინ მის უღელტეხილზე ციდან ჩამოვარდნილები. ორივეს გადაბიჟვინებული სახე ჰქონდა და ნომერ სამს გაეხარდა, რომ ვიღაცას მაინც მიუსწრო დროზე, ვიღაცას მაინც გამოადგა...
ნეტა, რას ეტყოდნენ ერთმანეთს, როცა ერთ-ორ ჭიქას გადაკრავდნენ და ცოტას გამოიხედავდნენ თვალებში. თვითონ ალბათ ვარსკვლავთცვენაზე და "ოქროს კამეჩზე" უამბობდა. უკვე აღარც ბორჯომელი ტყის კაცის ხსენებისა შერცხვებოდა. ამათთან შეიძლებოდა... მთავარზე ხმას არ ამოიღებდა, არ დაგრუზავდა, შეარგებდა ხინკალს... ან რა უნდა ეთქვა საკუთარ ცოლზე? ქალზე რომელიც ახლა ისე უყვარდა და ისე უნდოდა, როგორც არასდროს... იქნებ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ყველაფრის გამოსწორება?
იმათაც შეამჩნიეს ქუჩიდან და ხელი აუწიეს. ისეთ დღეში იყვნენ, გაღიმების თავიც არა ჰქონდათ. ალბათ, ესენიც მოუყვებოდნენ რამეს. მთავარზე ესენიც გაჩუმდებობდნენ, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოჰყვებოდნენ და ეგეც ხომ საქმე იყო?
და ხინკალიც როგორ ზუსტად მოვიდა?! წამით ადრე, სანამ ბიჭები შემოაღებდნენ კარს. მაგარი სანახავი იყო, ოხშივარადენილი, სრულყოფილი ფორმის - ჩაბრუნებული ჭიპით და უზადო, სიმეტრიული ნაოჭებით...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

რა განსხვავებაა წიგნსა და ქათმის ბარკალს შორის


ნანა კობაიძე


რა განსხვავებაა წიგნსა და ქათმის ბარკალს შორის


ანუ საგადასახადო ინსპექტორების ლიტერატურული გასაჭირი


ამ წერილის დაწერისკენ ჩემმა ყოფილმა ლექტორმა, დამანა მელიქიშვილმა, უფრო სწორად, მასთან შეხვედრამ მიბიძგა. წიგნის ბაზრობაზე რამდენიმე მისთვის საინტერესო გამოცემა შეეძინა და კმაყოფილი ჩანდა. ვთხოვე, ბაზრობის შესახებ თავისი შთაბეჭდილება გაეზიარებინა. ქვეყანაში არსებულ საერთო ფონთან შედარებით გაოცებული ვარ საგამომცემლო საქმიანობაში მომხდარი ძვრებითო, – მითხრა მან. წინა დღეს ფესტივალის საპატიო სტუმრებს, აზერბაიჯანელ გამომცემელთა ასოციაცია "ნაშირის" წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შედარებით საგამომცემლო საქმე საქართველოში გაცილებით უკეთ არის განვითარებული. ჩვენთან ძალზე მცირეა მკითხველთა რაოდენობა, რომ არაფერი ვთქვათ მყიდველებზეო. ფაქტია, რომ წლევანდელი ბაზრობა აშკარად სჯობდა შარშანდელს - გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა, გაუმჯობესდა წიგნების ხარისხი, იმატა მყიდველთა რიცხვმა. და ბუნებრივად დაიბადა შეკითხვა – რა ხდება დღეს საგამომცემლო საქმეში, მართლა ასე კარგად არის ყველაფერი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით რამდენიმე ქართველ გამომცემელს მივმართე.
თამრიკო ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენე": - ¨პროგრესი მხოლოდ საგამომცემლო საქმეში კი არა, ნებისმიერ სფეროში იგრძნობა. როგორც ჩანს, ქვეყანა დაიღალა ხანგრძლივი დეპრესიებით და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს.
საგამომცემლო საქმისადმი ინტერესი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალზე კეთილშობილური პროფესიაა. ეს არის ბიზნესიც და ხელოვნებაც. საგამომცემლო საქმიანობას ხშირად რეჟისორისა და დირიჟორის პროფესიას ვადარებ, რადგან ბევრ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და მათთან ერთად ერთობლივი პროდუქციის შექმნა¨.
შეუძლია თუ არა ნებისმიერ ადამიანს გახდეს გამომცემელი? შეუძლია, თუ მას უყვარს წიგნი. მართალია, ეს არის ბიზნესი თავისი მკაცრი კანონებით, მაგრამ თუ წიგნი გიყვარს, ამ ყველაფერს ისწავლი – მიიჩნევს თამრიკო ლებანიძე. ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მას ის ხიბლავს, რომ გამომცემელი არ ბერდება. ანუ, დარწმუნებულია, რომ 40 წლის შემდეგაც ისეთსავე საინტერესო წიგნებს გამოსცემს, როგორსაც დღეს.
არის კიდევ ერთი მომენტი, რაც ამ სფეროსადმი ინტერესს იწვევს. კერძოდ, ფინანსური ინტერესი. ის, რომ საქართველოში გაიხსნა წლების განმავლობაში მონოპოლიზებული სახელმძღვანელოების ბაზარი და ნებისმიერ გამომცემელს შეუძლია ტენდერში მონაწილეობა და გამარჯვება, საკმაოდ დიდი ფინანსური სტიმულია. საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას ხელს უწყობს ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობა, რასაც ასე უჩიოდნენ წლების მანძილზე ქართველი გამომცემლები. ერთი სიტყვით, მიზეზთა ზემოთჩამოთვლილი გამა საბოლოოდ აუმჯობესებს საგამომცემლო სფეროში არსებულ ვითარებას.
გამომცემელ ბაკურ სულაკაურს ჩემი შეკითხვა ცოტა არ იყოს, გაუკვირდა – ვინ გითხრა, რომ საქართველოში საგამომცემლო საქმე კარგ მდგომარეობაშიაო. შევახსენე ქვეყანაში არსებული საერთო ფონი და აზერბაიჯანელ გამომცემელთა შეფასებაც მოვიშველიე.¨ჰო, ეგ არის, რომ ცუდი ფონია¨ - დამეთანხმა. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, თურმე ისინი სულ ცოტა, 5-6 წლით ჩამოგვრჩებიან.
"იმისათვის, რომ განსაზღვრო, რამდენად კარგია თუ ცუდი საგანი, მეორეს უნდა შეადარო. რა თქმა უნდა, გასულ წლებთან შედარებით წინსვლა საგრძნობია და ამ თვალსაზრისით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ საქართველოს ჩვენხელა, თუნდაც არცთუ ისე განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ, ჩამორჩენა საგრძნობია. ასე მაგალითად, საქართველოში არსებული გამომცემლობებისა და ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც რაღაცას გამოსცემენ, 70-ს არ აღემატება, მაშინ როცა, შორს რომ არ წავიდეთ,
ლიტვაში მათი რაოდენობა 1400-ია. გარდა ამისა, ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი წიგნი გამოდის წელიწადში. ეს არის წიგნის ბაზრის არარსებობისა და განუვითარებლობის პირველი ნიშანი.
1995 წელს საქართველოში წელიწადში 400 დასახელების წიგნი გამოდიოდა, დღესდღეობით ეს ციფრი 1000-1200-ია, ე.ი. გვაქვს სამმაგი ზრდა. 1995 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკის ზრდა სამმაგი არ ყოფილა. ეს უკვე ნიშნავს, რომ საგამომცემლო საქმემ განვითარებით ყველა დარგს გაუსწრო. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩვენ ვამბობთ – გამოდის 1000-1200 წიგნი, მაშინ, როცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ციფრი ერთეულის სიზუსტით არის ცნობილი. იქ ნებისმიერმა დისტრიბუტორმა იცის გამოცემული წიგნების ზუსტი რაოდენობა, ჩვენთან კი ვერ გეუბნებიან, იმდენად ქაოტურია ბაზარი და იცით, რა უშლის ამას ხელს? ეგრეთ წოდებული თვითგამოცემები. მაგალითად, გამოსცემს რომელიმე პროფესორი საკუთარ წიგნს და მერე მიჰყიდის თავის სტუდენტებს, ან რომელიმე გრაფომანი დაწერს 30 ლექსს და წიგნად გამოსცემს. მიდი და ითვალე. ეს ხომ აღურიცხავი "საქონელია".
საგამომცემლო საქმიანობას საგრძნობ პრობლემებს უქმნის ის ფაქტორიც, რომ საქართველო არ არის მიერთებული "ფლორენციის შეთანხმებისა" და "შეთანხმების პროტოკოლის" ქვეყნებს. ძალზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს აქტები გულისხმობს წიგნის შესაქმნელად საჭირო ნედლეულზე გარკვეული სახის გადასახადების გაუქმებას. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ქაღალდი, რომელიც სანამ წიგნის სახეს მიიღებს, სამჯერ იბეგრება – საბაჟოზე, ყიდვის დროს და უშუალოდ გამოცემისას. "თუ გვინდა, რომ აღარ იყოს შავი ბაზარი და წიგნის წარმოება საქართველოში პრიორიტეტული გახდეს, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. როდესაც ვითხოვთ ქაღალდის დაბეგვრის გაუქმებას, გვეუბნებიან – ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და შემოსავლის საკმაოდ დიდი წყარო. რატომ უნდა გავათავისუფლოთ ბეგარისგან ქაღალდი და არა მაგალითად, ქათმის ბარკალიო" - ამბობს გამომცემელი ლევან თითმერია და დასძენს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ წიგნის ფასზე აისახება, რომელიც იმის მიუხედავად, რომ გამომცემლები მაქსიმალურად დაბლა სწევენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, წიგნი არ გაიყიდება), მოსახლეობისთვის მაინც მაღალია. ეს პრობლემა, ანუ ქაღალდზე გადასახადის გაუქმება პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხის მოგვარება ძალზე არარეალურია. როგორც ჩანს, იქაც მრავლად სხედან ადამიანები (რასაკვირველია, ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ), რომლებიც წიგნსა და ქათმის ბარკალს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, თუმცა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი (როგორც თავად ამბობს) თამრიკო ლებანიძე იმედს არ კარგავს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ამ დოკუმენტებს მიუერთდება, რადგან ევროპული სტრუქტურები მაქსიმალურად ცდილობენ აიძულონ ადგილობრივი ხელისუფლება მიუერთდეს თანამედროვე "კარგ" დოკუმენტებს. თამრიკოს პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში წიგნის ფასი დაიწევს, თუმცა მკვეთრად არა. ასე მაგალითად, თუ ქაღალდი 20 პროცენტით გაიაფდა, წიგნი 20 პროცენტით არ გაიაფდება. უბრალოდ, გამომცემლები გამდიდრდებიან, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მათ აღარ მოუწევთ ეძებონ მხოლოდ კომერციულად მომგებიანი გამოცემები და მეტი საშუალება ექნებათ ნაკლებმომგებიანი, მაგრამ მაღალმხატვრული ლიტერატურის გამოსაცემად.
დღეს საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის უფლებას ადამიანს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს და ეს უფლება 100 პროცენტით გარანტირებულია. ანუ ნებისმიერს, ვინც წიგნის გამოცემას მოისურვებს და ექნება გარკვეული თანხა, შეუძლია დაბეჭდოს ის, რაც მას სურს (სომხეთსა და აზერბაიჯანში საგამომცემლო საქმიანობის დაწყებას ლიცენზია სჭირდება) და ქართველი გამომცემლებიც მაქსიმალურად იყენებენ ამ უფლებას, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც. ვგულისხმობ საავტორო უფლებებს, რომელთან მიმართებაში დღეს ჩვენთან სრული განუკითხაობაა. განსაკუთრებით ეს ნათარგმნ სტატიებსა და უცხოურ წიგნებს შეეხება. გამომცემელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს არც ისე კარგია, თუმცა, პირატული გამოცემები ამის მიუხედავად არ მცირდება. ისევე, როგორც საქართველოს ტელეარხებზე პირატული ფილმების ჩვენება. ეს, ალბათ, დროის ნიშანია და იმიტომ არის ასე ფესვგადგმული, რომ დაზარალებული მხარე არ არის დაინტერესებული საკუთარი უფლებების დაცვით. რა თქმა უნდა, არცერთი უცხოელი ავტორი არ დაიწყებს სასამართლოში ჩივილს იმის გამო, რომ სადღაც საქართველოში საავტორო უფლებების სრული დარღვევით გამოიცა მისი რომელიმე რომანი. ეს საკითხი არ მოგვარდება მანამ, სანამ არ შეიქმნება ერთი პრეცედენტი მაინც. ასეთი პრეცედენტისთვის იბრძვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. იგი სასამართლოში უჩივის ჟურნალ "დილას", რომელმაც ახალგამოცემულ საბავშვო ენციკლოპედიაში ბაკურ სულაკაურის მიერ ნაყიდი ფოტოები გადაბეჭდა. გამომცემლისთვის, როგორც თავად გვითხრა, ის კი არ არის მთავარი, რომ სასამართლო ჟურნალს არ გაამართლებს (ეს ისედაც ცხადია), არამედ ის, რა ჯარიმას დაადებს მას. თუ საჯარიმო თანხა იქნება, დავუშვათ, 200 ლარი, საავტორო უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში კარგა ხანს არ უნდა ვიოცნებოთ, რადგან ყველასთვის ცხადი გახდება, რომ რომ აზრი არა აქვს საავტორო უფლებაში 1000 დოლარის გადახდას, როცა შეგიძლია, სასამართლოზე ჯარიმის სახით 200 ლარი გადაიხადო.
საავტორო უფლებების შესახებ ბაკურ სულაკაურთან საუბრისას ერთ თავშესაქცევ საკითხს შევეხეთ, რომელიც არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. საქმე ის არის, რომ საგამომცემლო საქმეს საქართველოში საქართველოს კონსტიტუცია, კანონი საავტორო უფლებათა შესახებ და საგადასახადო კოდექსის რამდენიმე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლების თანახმად საბავშვო, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. მაგრამ არის ერთი სახალისო მომენტი – ვინ უნდა გადაწყვიტოს, მხატვრულია თუ არა ლიტერატურა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ლიტერატურათმცოდნემ. თუმცა, გადაჭრით არც მას შეუძლია ჟანრებს შორის ზუსტი ზღვარის გავლება. საგადასახადო კოდექსი კი ამ რთული პრობლემის მოგვარებას საგადასახადო ინსპექტორს ავალებს. დღეს არსებული კანონის თანახმად, სულხან საბას "სიტყვის კონა" უნდა დაიბეგროს, რადგან იგი არც მხატვრული ლიტერატურის ჩარჩოებში ჯდება, არც საბავშვო და არც სამეცნიერო. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, იგი სამივე ჟანრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ახლა წარმოიდგინეთ საგადასახადო ინსპექტორის გაჭირვება: თუ ერთხელ მაინც ჩაუხედავს "სიტყვის კონაში" და იცის, რასთანაც აქვს საქმე, ფინანსური დაინტერესება არ მისცემს ნებას აღიაროს, რომ "სიტყვის კონა" საბავშვოცაა, მხატვრულიც და სამეცნიეროც. თუ არც ცოდნა აქვს და არც სინდისი, მაშინ მთლად წასულია საქმე. ნაკლები სატანჯველი რომ მიეცათ საგადასახადო ინსპექტორებისთვის და მათი სინდისიც სუფთა დაეტოვებინათ, ქართველმა გამომცემლებმა პარლამენტს "მხატვრული, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურის" ნაცვლად შესთავაზეს ჩაისვას უბრალოდ "წიგნი." ამით გამომცემლებსაც ეშველებათ და ინსპექტორების ლიტერატურული ინტუიციაც დაისვენებს. ჰოდა, ვნახოთ, რას გადაწყვეტს პარლამენტი, ქართველი გამომცემლები გაიმარჯვებენ თუ ისევ საგადასახადო ინსპექტორებს მოუწევთ კონსულტაციები ლიტერატურათმცოდნეობაში.

© “წიგნები – 24 საათი”

თამაზ ვასაძე - "ორგვარი ცნობიერება"

ზაზა კვერცხიშვილი

თამაზ ვასაძე, "ორგვარი ცნობიერება", თბილისი, "საარი", 2001.

წიგნი, პირობითად მაინც, ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ: ერთ მხარეს აღმოჩნდება "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილი ორი სტატია, სადაც ავტორი დინჯად და საფუძვლიანად განმარტავს პოემის ცალკეულ მოტივებსა თუ სიუჟეტურ სვლებს, მეორე მხარეს - დანარჩენი უფრო მოკლე და ზოგადი ხასიათის წერილები.
თავდაპირველად ამ უკანასკნელთა შესახებ: ძირითადი საკითხი, რომელსაც თ. ვასაძე უტრიალებს, არის ქართული მენტალიტეტის ჩამოყალიბება, მისი სახეცვალება ისტორიულ რეალობათა გავლენით, მისი ავ-კარგი. რამდენიმე სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი მოკლედ (მაგრამ საკმაო სისრულით) ასე შეიძლება გადმოიცეს: ქრისტიანობის გავლენით ქართულ ნაციონალურ ხასიათში ჩამოყალიბდა ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ინდივიდუალიზმი - უაღრესად განვითარებული თვითშეგნება საკუთარი ღირსებისა და პიროვნული ფასეულობისა და, ამასთან ერთად, სხვა პიროვნების ფასეულობის, მისი ღირსების ასეთივე ზომით აღიარება-დაფასება. ამგვარმა მსოფლმხედველობამ ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება "ვეფხისტყაოსანში" ჰპოვა, სადაც სხვისი ბედნიერებისთვის თავგანწირვა, სხვისი ინტერესების დასაცავად ბრძოლა, სხვისი სატკივრის გაზიარება და სხვისი სიხარულით გახარება დასახულია როგორც საუკეთესო საშუალება საკუთარი ბედნიერების მოპოვებისა და საკუთარი პიროვნების რეალიზების გზაზე.
ამ რენესანსული მსოფლმხედველობის განვითარებამ ევროპაში ლიბერალური ცნობიერება ჩამოაყალიბა, რამაც, საბოლოო ჯამში, დასავლეთის ქვეყნები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძალმოსილებამდე მიიყვანა.
სხვაგვარად განვითარდა პროცესი საქართველოში: XIII საუკუნიდან მოყოლებული, ქვეყანა გამუდმებული თავდასხმების, ნგრევადი სახელმწიფოებრიობის პირობებში ცხოვრობდა, რასაც ეკონომიკური გაპარტახებისა და მოსახლეობის საშინელი მატერიალური სიდუხჭირის გარდა, შედეგად მოჰყვა ქართულ მენტალიტეტში სამართლებრივი ნიჰილიზმის დამკვიდრება და რელიგიური ცნობიერების გადაგვარება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი აყვავებულიყო ისეთი სიმახინჯე, როგორიც ადამიანებით ვაჭრობაა. ჯანსაღი და კაცთმოყვარე ინდივიდუალიზმი გადაგვარდა შმაგ ეგოიზმად და თვითნებობად, რაც, როგორც პოტენციური საფრთხე, უკვე "ვეფხისტყაოსანში" შეიძლება იქნას ამოკითხული.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეოდალური საქართველოს ნგრევა-გაპარტახება, უბრალოდ, ისტორიის ჩავლილი ეტაპი და წარსულში ჩარჩენილი უბედურება არ ყოფილა: დღევანდელი ქართველობის მენტალიტეტი სწორედ იმ საუკუნეების განმავლობაში არის ფორმირებული. სახელმწიფოებრივი ცნობიერების არარსებობამ და კანონებისადმი უპატივცემულობამ კი პატივსაცემი (თუ თაყვანსაცემი) ობიექტის ნიშაში მყარად დაამკვიდრა ორი ერთმანეთის მსგავსი პერსონაჟი, რომლებიც გამარჯვებულ და გალაღებულ ეგოცენტრიზმს, ყოველგვარი ზნეობრივ-სამართლებრივი პრინციპების ფეხებზე დაკიდებას განასახიერებენ: ერთი მხრივ დიქტატორი და, მეორე მხრივ, ბანდიტი. სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან მასისთვის ღირსეულობის ეტალონებად.
ამ თვალსაზრისის ილუსტრირებას ავტორი ქართული მწერლობიდან (კერძოდ, ნიკო ლორთქიფანიძის და ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიდან) ძუნწად მოხმობილი, მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითებით ახდენს.
ილია ჭავჭავაძის პროზაშიც მან ოსტატურად გამოყო სწორედ ის პლასტები, რომლებიც ეროვნული მენტალიტეტის სადღეისოდაც აქტუალურ ღირსება-მანკიერებებს შეეხება. მაგალითად, მკაფიოდ გამოკვეთა, რომ უტიპიურესი ნიმუში რაციონალიზმის ეპოქაში "მითურ-პოეტური" აზროვნებისა, რომელიც დღესაც ერთგვარ ინტელექტუალურ ეპიდემიად აქვს მოდებული ქართულ სააზროვნო სივრცეს, არის ლუარსაბ თათქარიძის ლოგიკა (საუბედუროდ, ამის გაცნობიერება არ აღმოჩნდა ადვილი საქმე - ზოგ ჭკვიან ადამიანსაც კი დღემდე აქვს ილუზია, რომ მითოლოგემებით აზროვნება რაღაც იდუმალი მისტიკურ-სიმბოლური ღირსებების მატარებელია).
თ. ვასაძემ უახლესი ევროპული აზროვნების "ოპტიკიდან შეხედა" ილიას მოთხრობებს და ზოგი რამ მეტად საინტერესო დაინახა. აი, ამის ორი ნიმუში:
"თათქარიძეების არსებობის ერთ-ერთი ბურჯია ცრურწმენა, რომ უხეში ძალადობა აუცილებელია წესრიგისთვის… (ამის დასასაბუთებლად ნახსენებია "ყმების დაწიოკების" ეპიზოდი და ლუარსაბის და დარეჯანის შეგონებები, რომ ყმები მუდმივ შიშში უნდა ამყოფო - ზ.კ.) ერთი თანამედროვე მოაზროვნის მტკიცებით, ძალადობის აბსოლუტური ეფექტიანობის ურყევი აღიარება, დარწმუნების პრინციპთან შედარებით ძალადობისთვის უპირატესობის მინიჭებაც იყო აღმოსავლური სამყაროს ჩამორჩენის, გახევების მიზეზი. და თათქარიძეებიც ხომ არსებითად აღმოსავლელები, აზიელები არიან…"
ახლა, "ოთარაანთ ქვრივის" შესახებ: "მოთხრობის მთავარი პერსონაჟები, არსებითად, იმავე ეთიკის განმახორციელებლები არიან, რასაც მაქს ვებერი "პროტესტანტულ შრომის ეთიკას" უწოდებს და "კაპიტალიზმის სულის" გაჩენის და დამკვიდრების მძლავრ ფაქტორად მიიჩნევს… ვებერი პროტესტანტული შრომის ეთიკის დაცვას განსაზღვრავს როგორც "საერო ასკეტიზმს". ილიას გმირიც პირქუში პურიტანი ქალია, ცხოვრების სიმძიმესთან ბრძოლაში და ტანჯვის მოთმენაში ასკეტივით გამკაცრებული…"
ვაჟა-ფშაველას მდგომარეობის გააზრებისთვის საინტერესო ნიუანსია, რომ "გველისმჭამელის" მსოფლმხედველობრივი საფუძველი (შეიძლება ითქვას, საერთოდ, ვაჟას დამოკიდებულება ბუნებისადმი და, უფრო ფართოდ, სიცოცხლისადმი) ბევრი ნიშნით ემთხვევა XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ჰუმანისტის, ალბერტ შვაიცერის ეთიკურ პოზიციას, რომელიც "სიცოცხლისადმი მოკრძალების" სახელით არის ცნობილი.

* * *
თამაზ ვასაძემ ძირითადად მაინც "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილი სტატიებით მიიპყრო მკითხველი საზოგადოების ყურადღება (წიგნში მხოლოდ ორი მათგანია დაბეჭდილი. დღეისთვის ავტორს კიდევ რამდენიმე ესე აქვს გამოქვეყნებული).
საოცარია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც რუსთველოლოგიაში მხოლოდ 1960-იან წლებამდე შექმნილი ლიტერატურის ანოტირებულმა ბიბლიოგრაფიამაც კი უზარმაზარი ტომი შეადგინა (არადა რუსთველოლოგიური შრომების "წარღვნა" სწორედ 60-იან წლებში დაიწყო), მკვლევარმა შეძლო, უბრალოდ, ახლებურად კი არ განემარტა პოემის ეპიზოდები, არამედ შეემუშავებინა ახალი მიდგომა "ვეფხისტყაოსნის" განმარტებისადმი, რაც ძალიან იშვიათად ხდება.
პოემის მსოფლმხედველობაში ჩასაწვდომად თ. ვასაძეს არ გამოუყენებია ნაცადი ინსტრუმენტები რუსთველოლოგიის არსენალიდან: არც ცალკეული რთული გამოთქმების ახსნა უცდია, არც ისტორიული რეალიების ძიება, არც შოთას წინამორბედ ან თანამედროვე აღმოსავლელ თუ დასავლელ ავტორებთან პარალელების გავლება, არც ნაწარმოებში კაცმა არ იცის რა ხერხებით კოდირებული მისტიკურ-ეზოტერული ინფორმაციის ამოშიფვრა, არც პოემაში ათასგვარი რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების აღმოჩენა, არც მისი სტრუქტურის გაშიშვლება, არც ცალკეულ დეტალებზე დაყრდნობით შორსმიმავალი ჰიპოთეზების შეთხზვა…
თ. ვასაძემ პოემას შეხედა, უბრალოდ… დაინტერესებული მკითხველის თვალით, რომელიც ცდილობს თვითონაც გაიგოს და სხვასაც აუხსნას, მაინც რა წერია მისთვის უსაზღვროდ საინტერესო თხზულებაში. და ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რათა ავტორს ბევრად უფრო ფასეული შედეგები მიეღო, ვიდრე "ვეფხისტყაოსანში" რაღაც არნახულ საიდუმლოთა მრავალრიცხოვან მაძიებლებს. თ. ვასაძე გამოყოფს სიუჟეტის ამა თუ იმ მონაკვეთს და შემდეგ დინჯად განმარტავს, რა მსოფლმხედველობის გამომხატველია იგი და პერსონაჟთა რა თვისებებს ავლენს. მისი დასკვნები, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია და, თითქოს, "ხელის გულზე დევს". მიუხედავად ამისა, იგი ახერხებს დაინახოს ბევრი რამ სხვათა მიერ შეუნიშნავი, "დღევანდელობის ენაზე თარგმნოს", გასაგები გახადოს პერსონაჟთა ქმედების მსოფლმხედველობრივი საფუძვლები.
ვფიქრობ, ასეთი შედეგის მიღწევაში ავტორს ლიტერატურის მასწავლებლის გამოცდილება დაეხმარა: როცა რაღაც რთულს საგულდაგულოდ უხსნი ბავშვებს, ზოგჯერ სიცხადის ახალ ხარისხს, შესაშურ სისადავეს აღწევ.
ბოლოს კი სტილის შესახებ: წიგნი კარგად არის დაწერილი. იმ აზრით, რომ სათქმელი მკაფიოდ და გასაგებად არის გამოხატული.
და მაინც… თუ რამ არის ორგანულად უცხო "ორგვარი ცნობიერების" აზროვნების ტიპისთვის, ესაა შაბლონურობა. მით უფრო უსიამოვნო დისონანსს ქმნის ალაგ-ალაგ (არცთუ იშვიათად) თითქოსდა თვისობრივად სხვა ტექსტიდან შემოჩხერილი შაბლონური გამოთქმები - კანცელარიული სტილის მკვდარი ნაფლეთები. წიგნი იმდენად ცოცხალი და საინტერესოა, რომ ხშირად კანცელარიზმებსაც იტანს. ყოველ შემთხვევაში, ენობრივ ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების სურვილი არ გიჩნდება, მაგრამ როცა, "ვეფხისტყაოსნის" იდეალური და რეალური პლასტებისადმი მიძღვნილ ძალიან კარგ სტატიაში, ტარიელისა და ნესტანის თავგადასავალი ასეა დახასიათებული: "მთავარ გმირთა ამაღლებული გრძნობების და მისწრაფებების ხორცშესხმა"; ან კიდევ, ნათქვამია: "გულანშაროშიც ავთანდილის მამოძრავებელი ეს მაღალი გრძნობები და ფასეულობებია"; ან თუნდაც (ფატმანის შესახებ): "კურტიზანი ქალი, რომლის ცხოვრებაშიც ამდენი ჭუჭყია" (ეს სტილური ბანალობები საგანგებოდ ნამდვილად არ შემირჩევია) - შეუსაბამობა იმდენად მყვირალა და მკაფიო ხდება, რომ ძნელია იგი არადჩასაგდებ წვრილმანად ჩათვალო.
არადა, "ორგვარი ცნობიერება" იმ ძალიან იშვიათ წიგნთაგანია, რომლებიც სწორედ შაბლონურ მიდგომებზე უარის თქმით გაქვავებული თაყვანისცემის მკვდარ შრეებს აცლიან კლასიკურ მემკვიდრეობას და გვარწმუნებენ, რომ მისი ნამდვილი ადგილი, მუზეუმების აკლდამურ ატმოსფეროში კი არა, ცოცხალი ლიტერატურული პროცესის ავანგარდშია.

© “წიგნები – 24 საათი”