Sunday, November 30, 2008

ელის ბ. ტოკლასი

გერტრუდ სტაინის ავტობიოგრაფია


(ფრაგმენტი)


"კანადიდან რომ დავბრუნდით... მაშინ წარმოთქვა მისს სტაინმა თავისი ცნობილი სიტყვები დაკარგული თაობის შესახებ. ძველებურ ფორდს, რითაც მაშინ მისს სტაინი დადიოდა, ძრავაში რაღაც გაუფუჭდა, და ახალგაზრდა მექანიკოსმა, რომელსაც მთელი ერთი წელი ფრონტზე გაეტარებინა, ახლა კი გარაჟში მუშაობდა, ვერაფერი გაუგო; ან იქნებ, არც ინდომა მისს სტაინის "ფორდის" შეკეთება, რადგან რიგში წინ სხვები იყვნენ. ასე იყო თუ ისე, serieux არ აღმოჩნდა ეს ყმაწვილი და გარაჟის პატრონისგან მაგრადაც მოხვდა, როცა მის სტაინმა მას პორტესტი გამოუცხადა. "თქვენ ყველანი generation perude ხართ", – უთხრა გარაჟის პატრონმა მექანიკოსს. – აი, რა ხართ თქვენ! აი, რა ხართ თქვენ ყველანი, – მითხრა მისს სტაინმა, – ომში ნამყოფი ახალგაზრდები. თქვენ დაკარგული თაობა ხართ". ესაა ამონარიდი ერნესტ ჰემინგუეის რომანიდან, "განუყრელი დღესასწაული" (ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ), სადაც ავტორი გვიამბობს, როგორ გაჩნდა ტერმინი "დაკარგული თაობა", ომისშემდგომი ხანის მწერლებს რომ აერთიანებს. გერტრუდ სტაინის სახელი საბჭოეთში ფართო საზოგადოებამ პირველად სწორედ ამ წიგნით შეიტყო. "განუყრელი დღესასწაულის" ფურცლებზე ცოცხლადაა აღწერილი მწერალი ქალის სახლი ფლერიუსის ქუჩაზე, თბილი, მყუდრო, ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, სადაც კედლებზე შედევრები ჰკიდია და საღამოობით გერტრუდ სტაინი და მისი მეგობარი ელის ტოკლასი მასპინძლობენ თითქმის ყველა გამორჩეულ მხატვარსა და მწერალს, ვინც იმხანად პარიზში ცხოვრობს. ამ სახლში ხშირი სტუმრები არიან სეზანი, პიკასო, მატისი, ბრაკი, გიიომ აპოლინერი, მარი ლორანსენი, შერვუდ ანდერსონი, სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი… გერტრუდ სტაინი (1874-1946) პენსილვანიაში დაიბადა. ბავშვობა ავსტრიასა და პარიზში გაატარა. შემდეგ მისი ოჯახი ამერიკაში დაბრუნდა და კალიფორნიაში დასახლდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ თვრამეტი წლის გერტრუდ სტაინი ბალტიმორში გადავიდა, სადაც ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლაში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე მიატოვა, რადგან "მოსწყინდა, აშკარად ძალიან მოსწყინდა". 1903 წლიდან გერტრუდ სტაინი ძმასთან ერთად პარიზში დამკვიდრდა. როგორც აღვნიშნეთ, აქ მის სახლში თავს იყრიდა იმ დროს ბევრი საინტერესო ადამიანი. სწორედ მათთან ურთიერთობა, მათი ცხოვრების ეპიზოდებია აღწერილი გერტრუდ სტაინის წიგნში "ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია". მანამდე გერტრუდ სტაინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები დაწერა - ნოველების კრებული "სამი სიცოცხლე", რომანი "ამერიკელების ჩამოყალიბება", "ნაზი კვირტები", პორტრეტები – "მატისი", "პიკასო", "სეზანი", "აპოლინერი"... სტაინის პროზა იმ დროისათვის ახალი, ექსპერიმენტული მწერლობა იყო, და ბევრი მიიჩნევს, რომ დიდი გავლენა იქონია ამერიკელ მწერალთა თაობებზე. თუმცა ერთი კრიტიკოსის თქმით, სტაინი საუკუნის ყველაზე რეკლამირებული მწერალია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად კითხულობენ. "ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფიაში" მკითხველს სრული შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამბავს გერტრუდ სტაინის მეგობარი, მის ტოკლასი ჰყვება. წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი თვით სტაინია. წიგნის ბოლოს ირკვევა, რომ მწერალს გადაუწყვეტია, თავის მეგობრის მაგივრად დაეწერა მისი ავტობიოგრაფია. „როგორც დეფომ დაწერა რობინზონ კრუზოს ავტობიოგრაფია". ამ წიგნის ფრაგმენტები დაბეჭდილია ჟურნალში "XX საუკუნე" (№10, 1999) და გაზეთში "ქომაგი" (№16, 2000). გთავაზობთ კიდევ ერთ მცირე ნაწყვეტს.


მთარგმნელი ნინო ქაჯაია


როგორც გითხარით, rue de Fleurus-ის ხშირი სტუმარი რომ გავხდი, პიკასოები – პაბლო და ფერნანდა – ისევ ერთად იყვნენ. იმ ზაფხულს ისევ ესპანეთში გაემგზავრნენ და იქიდან რამდენიმე ესპანური პეიზაჟი ჩამოიტანეს. ამ პეიზაჟებიდან ორი დღესაც rue de Fleurusზე შეიძლება ნახოს კაცმა, მესამე კი მოსკოვშია, შჩუკინის დაარსებულ კოლექციაში, რომელიც ახლა სახელმწიფოს საკუთრებაა. ამ სურათებით დაიწყო კუბიზმი. მაშინ აფრიკული ქანდაკების გავლენის ხსენებაც არ იყო, აშკარად იგრძნობოდა სეზანის ძლიერი გავლენა, კერძოდ, სეზანის გვიანდელი აკვარელებისა, სადაც ფონი იყოფოდა არა კუბებით, არამედ ინტერვალებით. თუმცა ძირითადად, სახლების აღქმის არსი ესპანური იყო და ამდენად, პიკასოსეული. ამ სურათებში მან პირველად გაამახვილა ყურადღება ესპანური სოფლების შენობებზე. სახლების ხაზი პეიზაჟს კი არ მიჰყვება, არამედ ჰკვეთს მას, შიგ იჭრება და ერწყმის. ეს იყო საომარი აღჭურვილობისა და გემების კამუფლიაჟის პრინციპი. ომის პირველ წელიწადს, ზამთრის ერთ ცივ საღამოს, სასპელის ბულვარს მივუყვებოდით მე, გერტრუდ სტაინი, პიკასო და ევა, ვისთანაც ცხოვრობდა მაშინ პაბლო. ქვეყნად არსად არ ცივა ისე, როგორც რასპელის ბულვარზე ზამთრის სუსხიან საღამოს. ამ ბულვარს მოსკოვის ქუჩას ვეძახდით. უეცრად ვეება ზარბაზანი გამოჩნდა. პირველად ვნახეთ მოხატული იარაღი, ანუ კამუფლიაჟი. პაბლო გაჩერდა. მონუსხული შესცქეროდა. C’est nous que avons fait ca, თქვა მან, ეს ჩვენი გაკეთებულია, ჩვენ შევქმენითო. მართალიც იყო, იმან შექმნა. აქამდე სეზანიდან მოვიდნენ პიკასოს გავლით. რაღაცები წინასწარ დაინახა და გამართლდა. მაგრამ მოდი, იმ სამ პეიზაჟს დავუბრუნდეთ. პირველად რომ ჩამოვკიდეთ კედელზე, ბუნებრივია, არავის მოეწონა. ისე მოხდა, რომ პიკასოსა და ფერნანდას გადაუღიათ დახატული სოფლების ფოტოები და პაბლოს ეს სურათები გერტრუდ სტაინისთვის მიუცია. როცა ამბობდნენ, ეს რა პეიზაჟია, რამდენიმე კუბი დაუხატია, კუბებია და სხვა არაფერიო, გერტრუდ სტაინი იცინოდა და ამბობდა, ამ პეიზაჟებს მეტისმეტი რეალისტურობით თუ იწუნებთ, საფუძველიც გაქვთო. მერე ფოტოსურათები გამოჰქონდა საჩვენებლად, და ყველა ხედავდა, რომ მართალი უთქვამს, ნახატები მართლაც ბუნების ფოტოგრაფიული ასლი იყო. გავიდა წლები და ელიოტ პოლმა, გერტრუდ სტაინის წინადადებით, ერთსა და იმავე გვერდზე მოათავსა პიკასოს ნახატის ფოტო და ამ ნახატზე გადატანილი სოფლის პეიზაჟის ფოტო. ძალიან საინტერესო გამოვიდა. კუბიზმი სწორედ მაშინ დაიწყო. ფერი თვისობრივად ესპანური იყო, მკრთალი, მოვერცხლისფრო ყვითელი, ოდნავ გადაჰკრავდა მწვანე ელფერი; ფერი, რომელიც შემდგომ პიკასოს კუბისტური სურათებისა და მისი მიმდევრების დამახასიათებელი გახდა. გერტრუდ სტაინი სულ იმას ამბობს, კუბიზმი წმინდა წყლის ესპანური კონცეფციაა, მხოლოდ ესპანელს შეუძლია კუბისტობა და ნამდვილი კუბიზმი მხოლოდ პიკასოსა და ხუან გრიზის ნახატებიაო. კუბიზმი პიკასომ შექმნა და ხუან გრიზმა გაამდიდრა თავისი სინათლითა და ეგზალტაციით. ამის გასაგებად გერტრუდ სტაინის „ხუან გრიზის სიცოცხლე და სიკვდილის“ წაკითხვაც კმარა, რომელიც სტაინმა თავისი ორი უძვირფასესი მეგობრის, პიკასოსა და ხუან გრიზის სიკვდილის შემდეგ დაწერა. ორივე ესპანელი იყო. გერტრუდ სტაინი სულ იმას ამბობს, ამერიკელებს შეუძლიათ ესპანელების გაგება; მხოლოდ ამ ორ ერს ესმის აბსტრაქციაო; ამერიკელებში აბსტრაქცია საკუთარ თავს გამოხატავს განსხეულების გარეშე, ლიტერატურასა და მექანიზმებში, ესპანეთში კი იმდენად აბსტრაქტული რიტუალებითაა წარმოდგენილი, რომ არაფერს არ უკავშირდება, გარდა რიტუალისაო. არ მავიწყდება, ერთხელ ვიღაც გერმანელებს უთქვამთ, ხართან ბრძოლა მოგვწონსო. მოეწონებათ, აბა რაო, – ამრეზით განაცხადა პიკასომ, – მაგათ სისხლისღვრა უყვართო. ესპანელისთვის კორიდა სისხლისღვრა არ არის. ესპანელისთვის ეს რიტუალია. ამერიკელები, გერტრუდ სტაინის თქმით, ესპანელებს ჰგვანან, აბსტრაქტულად აზროვნებენ და სასტიკები არიან, უხეშები ან ტლანქები კი არა, სასტიკები, მიწაზე ისე არ არიან მიბმულები, როგორც ევროპელთა უმეტესობა. მათი მატერიალიზმი არ არის არსებობის, საკუთრების მატერიალიზმი. ესაა მოქმედებისა და აბსტრაქციის მატერიალიზმი. ასე რომ, კუბიზმი ესპანურია. კუბიზმის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მე და გერტრუდ სტაინი პირველად რომ წავედით ესპანეთში, გაგვაოცა იმის ნახვამ, თუ როგორ ბუნებრივად ყალიბდებოდა კუბიზმი ამ ქვეყანაში. ბარსელონაში, მაღაზიებში, საფოსტო ბარათების მაგივრად იყიდებოდა პატარა ჩარჩოები, შიგ მოთავსებული იყო სიგარა, ნამდვილი სიგარა, ჩიბუხი, ცხვირსახოცის ნაკუწი და ა.შ. ყველაფერი ზუსტად ისე იყო განლაგებული, როგორც კუბისტურ სურათში, გაფორმებული ჰქონდათ დაჭრილი ქაღალდით, სხვა საგნებს რომ განასახიერებდა. ესაა თანამედროვე ნიშანი იმისა, რაც გაკეთდა ესპანეთში საუკუნეების განმავლობაში. ადრეულ კუბისტურ სურათებში პიკასო, ისევე როგორც ხუან გრიზი, ბეჭდურ ასოებს იყენებდა ნახატით დაფარული ზედაპირის გასამძაფრებლად და რამე მტკიცესა და მკვეთრთან გასათანაბრებლად. ასეთი მტკიცე რამ ბეჭდური ასო იყო. თანდათანობით ნაბეჭდის გამოყენების ნაცვლად ასოების ხატვა დაიწყეს და ყველაფერი დაიკარგა. მხოლოდ ხუან გრიზს გამოსდიოდა ისეთი სიმძაფრით ხატვა, რომ მკვეთრი კონტრასტი რჩებოდა. ერთი სიტყვით, კუბიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც მოვიდა. სწორედ იმ დღეებში დაუკავშირდნენ ერთმანეთს ბრაკი და პიკასო. სწორედ იმ დღეებში ჩამოვიდა მადრიდიდან პარიზში ხუან გრიზი, გამოუცდელი, საკმაოდ თავშეუკავებელი ახალგაზრდა. პიკასოს cher maitre-ს უძახდა, რაც პიკასოს არ სიამოვნებდა. სხვათა შორის, ამიტომაც მიმართავდა პიკასო ბრაkს – mon maitre-ით და ხუმრობად აქცევდა ამ სიტყვებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ სულელს ამ ხუმრობის გამო ეგონა, პიკასო ბრაკს ოსტატად მიიჩნევდა და ქვემოდან შეჰყურებდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვუსწრებ წინ იმ ადრეულ პარიზულ დღეებს, როცა ფერნანდა და პაბლო გავიცანი. იმ დღეებში მხოლოდ სამი პეიზაჟი იყო დახატული და პიკასო იწყებდა გაბრტყელებული თავებისა და დიდი პურების ხატვას. იმხანად მატისის სკოლა ისევ მუშაობდა. მატისი თანდათანობით ცნობილი ხდებოდა, იმდენად ცნობილი, რომ ერთმა საშუალო დონის ფირმამ „ბერნჰეიმმა“ შესთავაზა, ხელშეკრულების საფუძველზე კარგ ფასად შეესყიდა ყველა მისი ნამუშევარი. ამ ამბავმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ამაღელვებელი მომენტი იყო. ეს ხდებოდა ერთი კაცის გავლენით. იმ კაცს ფენეონი ერქვა. Il est tres fin, თქვა მატისმა, რომელზეც ფენეონმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ფენეონი ჟურნალისტი იყო, ფრანგი ჟურნალისტი, რომელმაც გამოიგონა ის, რასაც დაერქვა feuilleton en deux lignes, ესე იგი, ფენეონი იყო პირველი, ვინც დღის ახალი ამბების ორი სტრიქონით აღწერა დაიწყო. ძია სემის ფრანგულ კარიკატურას ჰგავდა. ეს კაცი ტულუზ-ლოტრეკის ცირკშია დახატული, სურათზე იგი ფარდის წინ დგას. ჰოდა, ბერნჰეიმებმა, არ ვიცი, როგორ და სად, ფენეონი თანამშრომლად აიყვანეს და გადაწყვიტეს მხატვრების ახალ თაობასთან დაკავშირება. მერე რაღაც მოხდა. ასეა თუ ისე, ეს ხელშეკრულება დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ამ ამბებმა მატისის ცხოვრება შეცვალა. ახლა მყარი მდგომარეობა ჰქონდა. იყიდა სახლი და პატარა მიწა კლამარში და გადაბარგვას შეუდგა. ნება მიბოძეთ, აღვწერო ის სახლი. სახლი კლამარში ძალიან კომფორტული იყო. აბაზანა, რომელსაც ამერიკელებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი დიდად აფასებდა (ისიც უნდა ითქვას, რომ მატისები ყოველთვის სიფაქიზითა და სისუფთავით გამოირჩეოდნენ) პირველ სართულზე ჰქონდათ, სასადილო ოთახის გვერდით, თუმცა, ურიგო არ ჩანდა. ეს იყო და არის ფრანგული წესი, ფრანგულ სახლებში ასეა. პირველ სართულზე აბაზანა უფრო განცალკევებულია და მყუდრო. არც ისე დიდი ხნის წინ ბრაკმა ახალი სახლი აიშენა. აბაზანა იქაც ქვემოთაა, ამჟამად სასტუმრო ოთახის ქვეშ – როცა ვიკითხეთ, რატომo, გვიპასუხეს, ღუმელთან ახლოს სჯობს, მეტი სითბო იქნებაო. კლამარში მიწები არ აკლდათ. ბაღს მატისი ხან ამაყად და ხან გულისტკივილით უძახდა uu petit Luxemburg. საყვავილე სათბურიც ჰქონდათ. იქ მოგვიანებით ბეგონიები გაახარეს, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო და უფრო პატარები იზრდებოდა. სათბურს იქით იასამნები იყო, კიდევ იქით – დიდი სახელოსნო. მატისებს ძალიან მოსწონდათ. მადამ მატისი ყოველდღე შეშლილივით გადიოდა თვალის შესავლებად და ყვავილების დასაკრეფად. გარეთ კი ტაქსი ელოდებოდა. იმხანად მხოლოდ მილიონერებს ელოდებოდათ სახლთან ტაქსი და ისიც ხანდახან.



© “ჩვენი მწერლობა”

Saturday, November 29, 2008

ახალი ამბები (ნოემბერი, 2008)

დ’არტანიანის საფლავი ჰოლანდიაში

ფრანგი გამომძიებელი ოდილ ბორდა ამტკიცებს, რომ მან ის ადგილი აღმოაჩინა, სადაც დ’არტანიანია დაკრძალული - ალექსანდრე დიუმას ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი. მისი მონაცემებით, მაასტრიხტის ციხე-სიმაგრესთან 1673 წელს დაღუპული დ’არტანიანი ჰოლანდიაში, ვოლდერის რაიონში, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიებიდან რამდენიმე კილომეტრში განისვენებს. ბორდა ჰოლანდიის ხელისუფლებასა და კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც აღნიშნულ მიწებს ფლობს, არწმუნებს, დართონ მას ნება ფრანგი გმირის საფლავს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს. შარლ დე ბა დე კასტელმორ დ’არტანიანი 1611 წელს დაიბადა და კარიერა კარდინალ მაზარინის კურიერობით დაიწყო. თუმცა პარალელურად მეფე ლუი XIV-ის დავალებებს ასრულებდა. ალექსანდრე დიუმას პერსონაჟად კი იგი გატიენომ დე კურტილ დე სანდრას 1700 წელს გამოცემული სამტომეულის, „დ’არტანიანის მემუარების“ წყალობით იქცა.


ვინი პუჰის ილუსტრაციები აუქციონზე


ლონდონის აუქციონ Bonhams-ზე ალან მილნის ზღაპრის, "The House at Pooh Corner" (“სახლი ვინის ტყეში”) ორიგინალური ილუსტრაცია 50 ათას დოლარად გაიყიდა. The New York Times-ის ცნობით, ნახატის - სახელწოდებით “ვეფხვებს თაფლი არ უყვართ” - ოპტიმალური ფასი 32 ათასი დოლარი იყო. მისი მყიდველი გერმანელი კოლექციონერი აღმოჩნდა, რომელმაც აუქციონზე შეძენილი ნივთი საჩუქრად მეუღლეს მიართვა. ილუსტრაციის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორი ერნსტ შეპარდია. აუქციონზე ნახატი მისი ქალიშვილის, მერი შეპარდის არქივიდან მოხვდა. 2008 წლის 17 დეკემბერს კი ლონდონის Sotheby's-ს დარბაზში ალან მილნის ნაწარმოებების ერნსტ შეპარდისეული ილუსტრაციების სრული გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი მოეწყობა. აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე ალან მილნის იშვიათი გამოცემები.


გამოიცა კერუაკისა და ბეროუზის ერთობლივი რომანი


ჯეკ კერუაკისა და უილიამ ბეროუზის წიგნი "And the Hippos Were Boiled In Their Tanks" (“ჰიპოპოტამები თავიანთ ჯავშანში მოიხარშნენ”), რომელიც ავტორებმა 1944-45 წლებში დაწერეს, პირველად გამოიცა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. როგორც The Independent-ის მიმომხილველი აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის გამო წიგნი აქამდე აკრძალული იყო. ბიტნიკების ყოფილმა ლიდერებმა რომანი მათ გარშემო მომხდარი ერთ-ერთი ბოროტმოქმედების მხედვთ დაწერეს - ლიუსენ კარმა, ალან გინზბერგის მეგობარმა, ჩხუბისას დანით მოკლა ბიტნიკების კიდევ ერთი წარმომადგენელი - დევიდ კამერერი. კერუაკი კარს სამხილებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა, თუმცა მკვლელმა დიდხანს ვერ გაუძლო სინდისის ქენჯნას და საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას. სანამ კარი ციხეში სასჯელს იხდიდა, ბეროუზმა და კერუაკმა მის შესახებ რომანი დაწერეს, რომლის გამოსაცემადაც 1945 წელს ამერიკაში გამომცემლობა ვერ მოიძებნა - წიგნში ზედმეტად დიდი დოზებით იყო საუბარი ნარკოტიკებზე, ჰომოსექსუალიზმსა და ძალადობაზე. ლიუსენ კარი ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა ლუ კარის სახელით ჟურნალისტურ კარიერას მიჰყო ხელი. იგი უფრთხილდებოდა საკუთარ რეპუტაციას და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია კერუაკის მცდელობას, გამოეცათ რომანი. კარი 2005 წელს გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბიტნიკების რომანის გამოსაცემად მზადება.


მზადება სალმან რუშდის რომანის ეკრანიზაციისათვის


მწერალმა სალმან რუშდიმ და კანადელმა კინორეჟისორმა დიპა მეტამ ახალი პროექტის შესახებ განუცხადეს პრესას - მალე ეკრანებზე სალმან რუშდის რომანის “შუაღამის ბავშვების” ("Midnight's Children") ეკრანიზაცია გამოვა. რომანმა ავტორს უკვე მოუტანა არაერთი ლიტერატურული პრემია (ბუკერი, სუპერ-ბუკერი...). ფილმს კი მაყურებელი 2010 წელს იხილავს. მოლაპარაკებები ჰოლივუდის სტუდიებთან უკვე მიმდინარეობს, სცენარზე კი მწერალი და რეჟისორი ერთად იმუშავებენ. სალმან რუშდის რომანი “შუაღამის ბავშვები” 1981 წელს გამოქვეყნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიპა მეტას კინემატოგრაფული კარიერა კი ტრილოგიით “სტიქიები” დაიწყო, რომელთაგან ერთერთი - “წყალი” 2005 წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული.


ავღანელი მწერალი - გუნკურის პრემიის ლაურეატი


ათიქ რაჰიმი, ავღანელი ავტორი, 2008 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა. პრემია მას რომანმა - “მოთმინების ქვა” (“Syngue Sabour : La pierre de patience”) _ მოუტანა. 46 წლის რაჰიმისათვის ეს პირველი წიგნია, რომელიც მან ფრანგულ ენაზე დაწერა. აქამდე მას ფრანგულენოვანი აუდიტორია მხოლოდ თარგმანებით იცნობდა. “მოთმინების ქვა” სპარსული მითოლოგიის მიხედვით ადამიანის ყველა სევდასა და დარდს იტევს, მას ანდობენ ისეთ საიდუმლოს, რომლის გამხელაც ადამიანებს ერთმანეთისთვის არ შეუძლიათ, ბოლოს კი ქვა სკდება. რომანის მთავარი გმირი ავღანელი ქალია, რომელიც პარალიზებულ მეუღლეს უვლის, და თავისი უბედურების შესახებ სწორედ ამ ქვას უყვება. გონკურის პრემიის პარალელურად პარიზში დასახელდა ასევე პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული ჯილდოს - რენოდოს ლაურეატის ვინაობაც: პრემია 61 წლის გვინეელ ავტორს, ტიერნო მონენემბოს ერგო.


ძარცვა ერნესტო საბატოს სახლში

ბოროტმოქმედებმა ცნობილი არგენტინელი მწერლის, ერნესტო საბატოს სახლი გაქურდეს. ორი არასრულწლოვანი მძარცველი ბუენოს აირესის გარეუბანში, „წმინდა ადგილებში“ მდებარე სახლს საღამოს ესტუმრნენ. ძარცვის დროს 97 წლის საბატო შინ იყო - მას ღრმად ეძინა. ქურდები მოსამსახურემ შენიშნა და პოლიციას გამოუძახა, თუმცა მძარცველებმა მოპარული ნივთებით მიმალვა მოასწრეს. მწერლის სახლიდან მისი მობილური ტელეფონი, 4300 არგენტინული პესო და 1998 წელს გამოქვეყნებული საბატოს ავტობიოგრაფიული წიგნის “დასასრულის პირისპირ” ("Antes del fin"), ყდის ფოტო გაიტანეს. ერნესტო საბატო ლათინოამერიკულ სამყაროში ხორხე ლუის ბორხესზე არანაკლებ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლება და მისი წიგნებიც ათეულობით ენაზეა თარგმნილი.


ფილიპ ჰენშერი - Amazon.com-ის ლიდერი


ბრიტანელი მწერლის, ფილიპ ჰენშერის რომანი “ჩრდილოეთური მოწყალება” ("Northern Clemency") ინტერნეტ მაღაზია Amazon.com-ის გაყიდვების წლის ლიდერი გახდა. ჰენშერის ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი ასევე ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაშიც მოხვდა. ტომ ნისლიმ, ამაზონის წიგნების განყოფილების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჰენშერი წამებში გახდა პოპულარული, მისი რომანის პირველი ეგზემპლარების მიღებისთანავე იყო შეკვეთები მკითხველებისგან. ბუკერზე ნომინირებული ავტორის შემდეგ ლიდერთა სიაშია მაიკლ გრინბერგის მემუარები ("Hurry Down Sunshine") და რიკ პერლშტეინის დოკუმენტური წიგნი “ნიქსონის მიწა” ("Nixonland").


დილან ტომასის სახელობის პრემია ვიეტნამელ ავტორს

დილან ტომასის სახელობის პრემია უელსის უნივერსიტეტმა საუკეთესო პროზაული, პოეტური ან დრამატული ნაწარმოებისთვის ახალგაზრდა ვიეტნამელ ავტორს, ნამ ლეს მიანიჭა მოთხრობების კრებულისათვის “ნავი”. პრემიის ფულადი ჯილდო 60 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 2008 წელს პრემია უკვე მეორედ გაიცა. ნამ ლე ვიეტნამში დაიბადა, გაიზარდა ავსტრალიაში, დღეს კი იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი სადებიუტო კრებული შვიდი მოთხრობისაგან შედგება, რომლებშიც მოქმედება ავსტრალიაში, მედელინსა და ვიეტნამში ხდება. წიგნმა კრიტიკოსებისგანაც საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო. დილან ტომასის სახელობის პრემია 30 წლამდე ავტორებისთვისაა განკუთვნილი და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. 2006 წელს პირველად იგი რეიჩელ ტრესაიზს გადასცეს მოთხრობების კრებულისათვის "Fresh Apples".


The Man Asian Literary Prize _ გამოვლინდა აზიური ბუკერის ლაურეატი

აზიური ბუკერის (The Man Asian Literary Prize) 2008 წლის ლაურეატი ფილიპინელი მწერალი მიგელ სიკუხო გახდა რომანით "Ilustrado". წიგნის ლირიკული გმირი - რეალურად არსებული ფილიპინელი პოეტის, კრისპინ სალვადორის, მოსწავლე თავისი მასწავლებლის ცხოვრებას იკვლევს. რომანი 32 წლის მწერლის სადებიუტო ნაწარმოებია. მიგელ სიკუხო აზიური ბუკერის მფლობელი მეორე ავტორია. პრემია ენიჭებათ აზიელ ავტორებს, რომელთა ნაწარმოებები უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე, თუმცა თარგმანი ჯერ გამოქვყნებული არაა. რომანის ავტორი ჯილდოდ 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებს, მთარგმნელი კი - 3 ათასს. აზიური ბუკერი პირველად 2007 წელს გაიცა, ლაურეატი ჩინელი ავტორი ძიან რონგი გახდა რომანით “მგლის ტოტემა”.


© “ცხელი შოკოლადი”

ახალი წიგნები (ნოემბერი, 2008)

”Gabriel Garcia Marquez. A Life ”
Gerald Martin
”გაბრიელ გარსია მარკესი. ცხოვრების გზა.”
ჯერალდ მარტინი
688გვ, Bloomsbury


ცხოვრება უსაზღვო პოპულარობისა და ლიტერატურული ღირებულებების შენარჩუნების ზღვარზე, პოლიტიკასა და შემოქმედებას შორის, მარტოობასა და სიყვარულთან ერთად, უცნაური კონტრასტები და მაგიური რეალიზმი _ ყველაფერ ამისთვის თავის მოყრა და აქედან თანმიმდევრული ბიოგრაფიის გამოდნობა გაბრიელ გარსია მარკესმა ჯერალდ მარტინს მიანდო. ნობელიანტი მწერლის ცხოვრებას მისი ბიოგრაფი 15 წელი იკვლევდა, ამ პერიოდის მანძლზე თავად მარკესის გარდა 300-მდე ადამიანისგან აიღო ინტერვიუ, რომელთა შორის იყვნენ ფიდელ კასტრო, ფილიპ გონსალესი, კარლოს ფუენტესი, მარიო ვარგას ლიოსა, მარკესის და-ძმები, მისი ლიტერატურული აგენტები, მთარგმნელები და საუკეთესო მეგობრები. ასე რომ, წიგნი საკმაოდ საინტერესო მოულოდნელობებს ჰპირდება მკითხველს და საყვარელი მწერლის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.


”John Milton: Life, Work, and Thought ”
Gordon Campbell, Thomas N. Corns
”ჯონ მილტონი: ცხოვრება, მოღვაწეობა და აზრები”
გორდონ ქემფბელი, თომას ნ. კორნსი
476 გვ, OUP Oxford



ბრიტანელი პოეტის, ჯონ მილტონის ბიოგრაფია მისი 400 წლის იუბილეს ეძღვნება. ავტორები, გორდონ ქემფელი და თომას ნ. კორნსი პოეტის შემოქმედებისა თუ ცხოვრების ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილს თომას ელვუდთან მის მეგობრობას უკავშირებენ, რომელსაც ასევე დიდი ადგილი აქვს დათმობილი წიგნში. მილტონი თავის ხელნაწერებს მეგობარს აკითხებდა, და ”დაკარგული სამოთხის” შესახებ ელვუდის კომენტარმა _”იქნებ სამოთხის აღმოჩენაზეც დაგეწერა რამე?” _ შთააგონა მილტონი თავისი მომდევნო პოეტური ნაწარმოები შეექმნა. წიგნი არაერთ ასეთ დეტალს შეიცავს, საინტერესო ამბებითა და ფაქტებითაა დამუხტული.


“Ritournelle de la faim”
Jean-Marie-Gustave Le Clézio
“ქალთა სიმღერა”
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
206გვ, Editions Gallimard


შეიძლება თუ არა, რომ მუსიკამ ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, გააჩნია თუ არა ბგერების ჰარმონიულ წყობას ამის ძალა, თუ, უბრალოდ, ეს სხვადასხვა მოვლენათა თანხვედრის გამო შექმნილი ილუზიაა და ცვლილებების მუსიკაზე გადაბრალებაც ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა... ლე კლეზიო ახალ რომანში გვიამბობს, როგორი გავლენა იქონია ”ბოლერომ” დედაზე, როდესაც მან იგი პირველად მოისმინა _ მუსიკა, რომელიც თან ატარებს შურის, ბოროტების, ღვარძლისა და შიმშილის ისტორიას. მისი დასასრული კი ძალადობისა და სისასტიკის მინელების შემდგომ სიჩუმეს ჰგავს, შემზარავ, სამარისებულ სიჩუმეს. ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატია.



“The Widows of Eastwick “
John Updike
“ისტვიკელი ქვრივები”
ჯონ აპდაიკი
320 გვ, Knopf



ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქმრებისგან მიტოვებულმა ალქაჯებმა ისტვიკში დაიდეს ბინა და თავიანთ მაგიურ შესაძლებლობებს ბოლომდე მისცეს გასაქანი. რაღა არ მოიმოქმედეს, რაში აღარ გამოავლინეს ჯადოქრობის ძალაუფლება, და ახლა კი, როცა აღარც ასაკი, აღარც გარეგნული მომხიბვლელობა და მიმზიდველობა აღარ უწყობთ ხელს, მონადირებულ ქალაქში დარჩენის არანაირი ხალისი აღარ აქვთ. სამი ალქაჯი მოგზაურობას იწყებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის ცნობილი რომანის, ”ისტვიკელი ალქაჯების” მეორე სერია მკითხველს კიდევ ერთ შესანიშნავ ისტორიას უამბობს უკვე კარგად ცნობილი პერსონაჟების შესახებ.


“Poe: A Life Cut Short “
Peter Ackroyd
“პო: შემოკლებული ცხოვრება”
პიტერ ეკროიდი
288გვ, Chatto & Windus

პიტერ ეკროიდი თავის ახალი ბიოგრაფიულ ნაშრომს ამჯერად ედგარ ალან პოს უძღვნის. თუმცა, მწერლის ეკროიდისეული პორტრეტი მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ახალს თითქმის არაფერს გვეუბნება - წიგნი ბალტიმორის ქუჩებში მომაკვდავი პოს გამოჩენით იწყება, მაგრამ ავტორი თავს არიდებს სენტიმენტებს და უბრალოდ აღნიშნავს, რომ დიდ დანაკარგთან გვაქვს საქმე. ეკროიდის მიზანი ამჯერად ედგარ პოს ბიოგრაფიის რამდენმე დეტალზე ყურადღების გამახვილებაა, მის რასისტულ ოჯახზე, სასმელის მიმართ არათუ მიდრეკილებაზე, არამედ დამოკიდებულებაზე, ახალგაზრდა ბიძაშვილთან ქორწინებაზე. სწორედ ეს დეტალები კიდევ უფრო საინტერესო შტრიხებს სძენს ამერიკელი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას.


“Syngué Sabour: La pierre de patience”
Atiq Rahimi
“Syngué Sabour: მოთმნების ქვა”
ათიქ რაჰიმი
154 გვ, POL



არსებობს მაგიური ქვა, რომელსაც ყველანაირი საიდუმლოს მოსმენა და შენახვა შეუძლია, რომელიც ყველანაირ უბედურებას, მწუხარებას, ტკივილსა და ავადმყოფობას იტევს, უძლებს და ითმენს... თუმცა, ითმენს მანამ, სანამ არ დაგდება დღე, როდესაც იგი გასკდება, ნაწილებად დაიშლება და ირგვლივ გაიფანტება ყველა ის ტკივილი და საიდუმლო, რომელსაც აქამდე ქვა ინახავდა. ყველაფერს ითმენს ავღანელი ქალიც, რომელიც თავის პარალიზებულ ქმარს უვლის, უძლებს ბოლომდე და დიდხანს _ სანამ რომანის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ქვა უნდა გასკდეს. ფრანგულენოვანი ავღანელი მწერლის, ათიქ აჰიმის ”მოთმინების ქვა” გონკურის პრემიის წლევანდელი ლაურეატია.


© “ცხელი შოკოლადი”

Wednesday, November 26, 2008

ლევან ბერძენიშვილი

პასირებული შეტევა


[ანტი]ლირიკული [ანტი]გმირის ანუ მთავარი პერსონაჟის ყოფილმა ცოლმა (ვუწოდოთ მთავარ პერსონაჟს ბინძური ჰარი, თუმცა მისმა ყოფილმა მეორე ნახევარმა სავარაუდოდ არც იცის მისი ეს კოდური სახელი) ეს კაცი “შეუკვეთა”, როგორც ახლა წამდაუწუმ ხდება ხოლმე და ქილერად (ყველა პატიოსან კაცს ერგება ერთი კარგი ქილერი ჩვენს დროში - ეს ამ მოთხრობის ლაიტმოტივია ან ლაით მოტივი, იმიტომ რომ სხვა უფრო ცუდი ამბები ხდება) ნინძა დაიქირავა. ქილერი ნინძა - ეს, როგორც ცნობილია, მხატვრული სახე არ გახლავთ, ეს, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, განაჩენია. ამ დროს ირკვევა მოტივიც, თუ რატომ გასწირა ყოფილმა მეუღლემ ყოფილივე მეუღლე: თურმე (ო ზევსო! ვაგლახ, ლახვარი სასიკვდილო გულს დამეძგერა!) მისი ნაწერები წაუკითხავს (ზოგი იტყოდა, მაგალითად, “საბას” მიმნიჭებელი კომისიიდან, როგორ გინდა არ გაუგო ამ ქალსო! მე ერთ ელლინისტს ვიცნობდი, მედეას ეროვნულად ყოვლად გამართლებულ გამართლებაში გაწაფულმა კლიტემნესტრაც გაამართლა). ქილერი ნინძა მთელი მოთხრობის განმავლობაში მოსაკლავად დასდევს თავის კლიენტს, მაგრამ მიუხედავად უმაღლესი პროფესიონალიზმისა, მოთხრობის ბოლო გვერდზეც კი ნინძა-სანი უსამართლოდ ხელმოცარულია. და ამ მცირე პერიოქის ან თუნდაც რომ ანოტაციის შემდეგ ამ მოთხრობას ვინღა არ წაიკითხავს?

ზაზა ბურჭულაძემ დაწერა შედევრი. რატომ ჩაიდინა ეს საქმე, არ ვიცი. შედევრების ეპოქა ისტორიას ჩაბარდა და ახლა მათი შექმნა ცოტა უხერხულიც კია. არა, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ძალიან ძველმოდურია ეს სიტყვა “შეფ დ’ევრ”, როგორც მ.გ. იტყოდა. ზაზა ბურჭულაძემ დაწერა [მხატვრული?] ტექსტი სათაურით passive attack ანუ, ერთი შეხედვით, “პასიური შეტევა”. როგორ უნდა გავიგოთ ეს სათაური?

ჯერ ერთი, passive attack რაღაცას ნიშნავს. თანაც რაღაცას ძალიან თანამედროვეს. Passive attack კრიპტოსისტემაში[1] არის ისეთი შეტევა, რომლითაც შემტევი, რომელსაც სათანადო ნებართვა (მაგალითად, რომელიმე კომპეტენტური ორგანოს სანქცია) არ გააჩნია, აკვირდება ან უსმენს ორი მხარის კომუნიკაციას[2].
ამ შემთხვევაში მას კომუნიკაციაში უშუალო მონაწილეობა არ შეუძლია. ბევრი თანამედროვე საიფერი[3] უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს ამგვარი შეტევის შესაძლებლობას და თავს იცავს მისგან.

მოკლედ რომ ვთქვა, ზაზა ბურჭულაძემ თავის მოთხრობას კომპიუტერული კრიპტოგრაფიის ტერმინი დაარქვა. ორიდან ერთიაო, ან მეო, მიგვანიშნა, ორი სუბიექტის კომუნიკაციას ვაყურადებო და თქვენს წინაშე გამომაქვსო, ან მეო, მიგვანიშნა, რაღაცას ვმალავო. მოკლედ, თქვენს წინაშე ღია ანუ თავდაპირველი ანუ ორიგინალური ტექსტი არ არისო, თქვენს წინაშე საიფერტექსტიაო. და თუ ბიჭები და გოგოები ხართ, გაშიფრეთო. და თუ არ გაშიფრავთ, ჩემი ტექსტი უფრო მოგეწონებათო. მოკლედ, ავტორი “გვაწვალებს” და რაღაც ჩვენში არსებული ღრმა ცოდნისკენ გვიბიძგებს, სოკრატეობს, ბებიაქალობს და მაიევტიკის გათანამედროვებას ცდილობს.


თქვენს წინაშეა პასიური შეტევის სქემატური წარმოჩენა. ევა (პასიური მოყურადე) აკვირდება ელისის (ტელნეტის კლიენტი) და ბობის (ტელნეტის სერვერი) კომუნიკაციას.

ესე იგი, ასეთი ტერმინი არსებობს. ეს ერთი. ახლა მეორე: არ ჩამოვრჩეთ ცხოვრებას და გავიხსენოთ, რომ 1988 წლიდან არსებობს Massive Attack (“მასირებული შეტევა”), ინგლისური მუსიკალური ჯგუფი ბრისტოლიდან, რომელსაც გამოშვებული აქვს რვა ალბომი (მათ შორის ოთხი ე.წ. “სრული სტუდიური ალბომი”) - ძირითადად ესაა ელექტრონული მუსიკა ჯაზის, ჰიპ ჰოპის, როკისა და კლასიკური მუსიკის ელემენტებით - ე.წ. ტრიპ ჰოპი. ამ ჯგუფის მუსიკა გამოყენებულია მრავალ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში, მათ შორის “მატრიცაში”. ალუზია ბოლომდე რომ გამოვიყენოთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 2003 წელს ჯგუფის ხელმძღვანელი, რობერტ დელ ნაჯა, დააკავეს საბავშვო პორნოგრაფიასთან კავშირის ბრალდებით და ექვსი საათის შემდეგ გაათავისუფლეს (ზაზა ბურჭულაძის მოცემულ თხზულებაში ლაპარაკია პედოფილიაზე). ბრალდება ზ.ბ.-ის ბრალდებებივით ცრუ, მაგრამ ზ.ბ.-ისგან განსხვავებით ბოროტად ცრუ აღმოჩნდა, და ბევრმა ჩათვალა, რომ ეს სინამდვილეში იყო. არადა, ეს იყო ხელისუფლების შურისძიება ერაყის ომის საწინააღმდეგო გამოსვლების გამო. ამავე დროს, ჯგუფს სახელი შეეცვალა და უბრალოდ Massive ეწოდა, რადგან Massive Attack სამხედრო ტერმინია და ომის დროს მისი “არადანიშნულებისამებრ” გამოყენება აკრძალულია.

და მესამე: ეპიგრაფად მოტანილია ფრანც კაფკას “ამერიკიდან”: “მე ნაცნობი მყავს ანელოზებს[4] შორის”. ეს გახლავთ კიდევ ერთი, ანუ ჭარბი მინიშნება Massive Attack-ზე. უყვარს ზ.ბ.-ს ბრისტოლური მუსიკა და კაფკა[5] ხსნადიც[6] და ნალექიანიც. სხვა მოყვარულები კი გონებაში აღადგენენ ამ ეპიზოდს: “საწყენია, - თქვა კარლმა; ეს იყო პირველი გაწბილება ახალ ადგილზე, მე [მდედრობითი სქესის] ნაცნობი მყავს ანგელოზებს შორის. - თქვენ მას ოკლაჰომაში ნახავთ, უპასუხა...”

ზ.ბ.-ის ანტილირიკული გმირი ამტკიცებს, ჰარი მქვია, ბინძური ჰარიო. Dirty Harry, ბინძური ჰარი კლინტ ისტვუდის მიერ შექმნილი სან-ფრანცისკოელი სასტიკი და დაუნდობელი პოლიციელის, ჰარი კალაჰანის დაუვიწყარი სახეა რეჟისორ დონ სიგელის 1971 წელს გადაღებულ ფილმში[7]. მას შემდეგ რაც “ნულოვანი ტოლერანტობა” ანუ Zero Tollerance[8] სამართალდამცველთა ოფიციალურ პოლიტიკად გამოცხადდა, ბინძური ჰარის მხატვრული სახე ჰაერივით სჭირდებოდა ქართულ სალიტერატურო სივრცეს. [ანტი]ლირიკული [ანტი]გმირისთვის ანას (ამ პერსონაჟზე სულ გვეუბნებიან, რაღაცას გეტყვითო და, გარდა იმისა, რომ ფსევდოუვიცი გენიოსია, კრეატივის ნიშნებით, არაფერს გვეუბნებიან) უთქვამს, ბინძურ ჰარის გავხარო.

ესაა ბინძური ჰარი კალაჰანი, მაგნუმ 44-ის ფანი. ქილერთა რისხვა. ამ კაცის მაგალითით ხშირად სარგებლობს საპატრულო პოლიცია, მაგრამ ეს თან “სიმპატიჩნია”.
ეს არაა Placebo-ს ფანი, ყურადღებას ამახვილებს ფართოდ გახელილ თვალზე, საიფერ-ხედვაზე (ვითომ ვაჟა ვარო), თუმცა მეორე თვალი საღი და ყურადღებიანი უჩანს.

რაო, ვითომ ჰგავს? ანას (და საერთოდ, ქალებს) რას გაუგებ?

ბინძურ ჰარის ანამ თვალი აუხილა. 30 წელი უყურა მთას და ვერ დაინახა, ანას შემდეგ კი დაინახა, თუმცა ანას პრუსტი და ჯოისი არ წაუკითხავს და “გრამი ჰაშიში ურჩევნია სკრიაბინის ყველა საფორტეპიანო სონატას ერთად აღებულს, სკრიაბინისვე შესრულებით ”. აი, ჰარის პრუსტი და ჯოისი (არისტოტელეს “მეტაფიზიკაც” კი[9]) წაკითხული ჰქონდა, სკრიაბინიც მოსმენილი ჰქონდა, მახინჯაურში რომ მახინჯები არ ცხოვრობდნენ[10], იცოდა, მაგრამ მთას (სიმაღლეს, სულიერებას, სუბლიმაციას და ა.შ.) ვერ ხედავდა.

როგორც ამბობდა ერთი ლათინოსური, კერძოდ ესპანურენოვანი (ესე იგი, “ძლიერივით”, მაგრამ მთლად ძლიერი არა, რადგან ფეხბურთი, ქათამი და სერიალი ბრაზილიური თქმულა მეფედ) საპნის ოპერა, “ეშმაკი ხუანი ჭკვიანია”. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვების მოყვარული ბინძური ჰარი ღია ტექსტში (“ცხოვრებაში”) ჰუმანისტია, ხოლო საიფერტექსტში (“კინოში”) იმდენად ბინძურია, რომ გლობალიზაციის რაღაც ახალგამოვლენილ მეტასტაზზე, ე.წ. “რელიგიურ მუტაციაზე” საუბრობს: “რახანია ქრისტე ლოტოსის პოზაში ჩაჯდა, ხოლო ბუდა ჯვარს ეცვა, მთა კი მოჰამედმა ლომბარდში ჩააბარა”.[11]

მოთხრობა თოთხმეტი სიმღერისგან შედგება. თოთხმეტივეში ცინიკოსი ბინძური ჰარი, ეპატაჟურ მეცნიერებათა დოქტორი, დასცინის უმაღლეს ღირებულებებს, ასეთია მისი კოდი. დეკოდირებისას კეთილშობილი და ამაღლებული ცინიზმის ნაცვლად ხელთ გრჩება ვულგარული, მაგრამ მაინც ვარგისი ჰუმანიზმი, ხოლო ბინძური და შეიარაღებული ჰარის ნაცვლად - სუფთა (მინარევების გარეშე, მაგრამ მინერალური და სინკოპირებული, როგორც ჯაზი) ზენა-ნიჭიერი მისტერ ზაზა ბ., უიარაღო II. ანუ არც ანა იყო უწიგნური და არც ჰარი ბინძური, ორივენი ბედკრული ჰუმანიზმისა და სხვისი შვილები იყვნენ.

ვერა, ვერ დაიმალება ცინიკოსის საპატიო, ძვირფას მეწამულ მანტიაში გაიძვერა და გაქნილი ჰუმანისტი[12]. პატიოსანი ცინიკოსი აღელდებოდა მკვლელობასა და, უკაცრავად პასუხია, თვითმკვლელობაზე? განა ძირგამომპალი და ამოუძირკვავი ჰუმანისტი არ ღელავს იმაზე, რომ ელიტური თვითმკვლელობა სართულებიდან მიწაზე დაეშვა, გაბანძდა და მასობრივი კულტურის საგანი გახდა, როგორც Elle (იკითხება “ელე”, ყოველ შემთხვევაში, ჯიხურებში ასე კითხულობენ[13]), განა კრიპტოჰუმანისტი არ ტირს, რომ ეს ტურფაც გაიაფდა და “შაჰიდის ქამრები აფთიაქში იყიდება უკვე”? რატომ დასცინა ზ.ბ.-მ თვითმკვლელობას, რატომაა ის მისთვის მიუღებელი (აკი ეკლესიისა არ მესმისო და შორიდან დანახულ მოკრძალებულ მოძღვარში ვიღაც-ვიღაცეები მელანდებაო?[14])? - “თვითმკვლელი შამპუნ-კონდენციონერივითაა, 2 ინ 1”. არა, არ უყვარს კომბინეზონები, კომბიკორმები, კომბაინები (მაგალითად, ერთ ყუთში დამწყვდეული “პრისტავკიანი” ტელევიზორი, თუ ინ უან), არ მოსწონს დიადი გლობალიზაცია, არ აღიარებს წმინდა ორებას, რომელიც ისტორიას შლის და აყენებს, ამიტომაცაა მოთხრობის ბოლო წინადადება კითხვითი და თანაც თემატური: “რა დროს შამპუნია?” მართლაცდა, როგორც ერთი დიდი თვითმკვლელი და ასევე კრიპტოჰუმანისტი იტყოდა (იცნობს, იცნობს მას “სახარება ვირისას” ავტორი), რა დროს რომანსეროა? ვისთვის ან რისთვის რომანსეროა? რაში გვჭირდებოდა ეს ზედმეტი მოთხრობა-შედევრი?
P.S. ძველი და ურცხვი ჰუმანისტების სახელით, გარეწარი ლიბერალების სახელით სიტყვასა ერთსა გაკადრებ(თ), მამაო ზაზა(ბ), კერძოდრე - გმადლობ(თ).


[1] კრიპტოსისტემა - ანუ კრიპტოგრაფიკული სისტემა არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მოიცავს კრიპტოგრაფიას.
[2] პოლიტიკური ოპოზიციის თვალით რომ შევხედოთ ზაზა ბურჭულაძის არაპოლიტიკურ ტექსტს, მისი სათაურის Passive Attack (თანამედროვე მუსიკის მსმენელთა მთავარი და პირველი თავისუფალი ასოციაცია Passive Attack => Massive Attack) დეშიფრირება ასე შეიძლება: პასიურმა შეტევამ ანუ უნებართვო დაყურადებამ და კონტროლმა ჩვენს ვითომდაც დემოკრატიულ სახელმწიფოში მასობრივი ხასიათი მიიღო.
[3] საიფერი (ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად იგივეა, რაც “ციფრი”) კრიპტოსისტემაში არის ალგორითმი, რომლითაც ენკრიფცია (დაშიფრვა და საწინააღმდეგოდ დეშიფრირება) ხდება. თავდაპირველი ანუ ორიგინალური ინფორმაცია ცნობილია როგორც ღია ტექსტი (plaintext), ხოლო დაშიფრული როგორც საიფერტექსტი (ciphertext).
[4] Massive Attack 1998 წლის ალბომი Mezzanine (“ანტრესოლი”) იხსნება სიმღერით Angel - ანგელოზი. (“შენ ხარ ჩემი ანგელოზი // ჩამოდი ზედა გზიდან // სიყვარული რომ ჩამომიტანო...).
[5] ძველი რომაული წესით, სადაც თავისუფალ და მამრობითი სქესის ადამიანს ჰქონდა სახელი, გვარი და საგვარეულო მეტსახელი-გამოსაჯავრებელი (Praenomen, Nomen et Cognomen), ვთქვათ, Marcus Tullius Cicero ან Publius Vergilius Maro, ზ.ბ. იქნებოდა Zaza Burchulazius Kafka ანუ ზაზა ბურძულაძე კაფკა ან ფრანც ბურჭულაძე ზაზა (სხვათა შორის, მე ვიცნობ კლავდიუს, ნერონ და იულიუს ბურჭულაძეებს - ძმები არ არიან).
[6] “ხსნადი კაფკა” - ზაზა ბურჭულაძის მცირე რომანი, რომელსაც “საბა” არ მიენიჭა, რადგან “ცუდი სიტყვებით” იყო დაწერილი (დიდი ლექსიკოლოგის სახელი არ შეიძლება უკავშირდებოდეს “ცუდ სიტყვებს” და ბარემ იქნებ გენიოსის მიერ განმარტებული ერთი-ორი სიტყვაც ამოგვეღო “სიტყვის კონიდან”) და, საერთოდ, ავტორს თუ “საბა” უნდა, სასაბაოდაც უნდა წეროს და ილაპარაკოს, განსაკუთრებით ეთერში.
[7] 2007 წელს გამოვა ახალი თამაში “ბინძური ჰარი”, რომელშიც მოთამაშე სან-ფრანცისკოს ქუჩებში იმოძრავებს, როგორც ისტვუდის მიერ განხორციელებული უხეში დეტექტივი ჰარი კალაჰანი.
[8] სხვათა შორის, სწორედ ამ სახელს Zero Tolerance ატარებს ერთი ცნობილი სტუდია, რომელიც პორნოგრაფიულ პროდუქიას უშვებს.
[9] ასეთი სისასტიკით თავის პერსონაჟებს ყველა მწერალი როდი მოექცეოდა.
[10] ანას როიალისტი როიალის ამწყობი ჰგონია და უფლისციხეში უფალი ჰგონია დამწყვდეული, ანუ ანა “ღია ტექსტის” ქალია (როგორც იწერება, ისე იკითხება, ან WYSIWYG what you see is what you get), ხოლო ჰარი - საიფერტექსტისა.
[11] ამავე სამეულზე ჯერ კიდევ 1996 წელს მღეროდა ბორის ბორისის ძე გრებენშჩიკოვი (ალბომი Снежный Лев, სიმღერა Великая Железнодорожная Симфония):

Молодым на небе нудно, да не влезешь, если стар.По Голгофе бродит Будда и кричит "Аллах Акбар".
[12] ანას ენაზე ჰუმანისტი არის ადამიანი, რომელიც ბავშვს “ჰუმანათი” ზრდის.
[13] კითხულობენ მყიდველები - customers ask, спрашивают покупатели და კითხულობენ გამყიდველები - salesmen are reading, читают продавцы.
[14] “რა ვიცი, იქნებ გადაუტრიალდა თავში რაღაც და საკუთარი დედა ცოლად დაისვა და ღვიძლი შვილისგან კატლეტი გააკეთა?”


© “ცხელი შოკოლადი”

Tuesday, November 25, 2008

მანანა კვაჭანტირაძე

სიმღერაში (გა)დარჩენილები


"მაგრამ მოვიდა უფრო სხვა მყობადი
და გვესმის ძველების მედგარი ძახილი:
ახალი, ახალი! მოგვეცით ახალი!"
გალაკტიონი

"მშვენიერი არის ის, რაც სასოწარმკვეთია".
პოლ ვალერი

რეკვიემი – სამგლოვიარო ხასიათის მრავალხმიანი ციკლური საგუნდო ნაწარმოები. ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის პოლიფონიურ მუსიკაში, როგორც სულის მოსახსენებელი მესა. XVIII-XIX სს-ის გამოჩენილი კომპოზიტორების რეკვიემებმა საკონცერტო ესტრადაზე გადაინაცვლეს და მიიღეს საერო ჟანრის ხასიათი, რომელსაც მხოლოდ ტრადიციული მოსახსენებელი ხასიათი შემორჩა.
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი


90-იანი წლების ნახევრის კულტურული ცხოვრება საქართველოში შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფრაგმენტული, დაქსაქსული და ქაოტური. შუა პერიოდიდან ლიტერატურაში თავს იჩენს ანომიური (კრიზისული) მოვლენების დაძლევის პროცესი. საზოგადოებრივი ცნობიერება მტკივნეულად რეაგირებს კულტურულ ღირებულებათა ჩანაცვლების ფაქტებზე: არცთუ იშვიათად მას აღიქვამს როგორც უცხოს, მიუღებელს, როგორც ფარულ იდეოლოგიურ დივერსიას, თუმცა იმავდროულად ცდილობს კულტურის მორღვეული ნაწილების განახლებას და ჩანაცვლებას – ითვისებს და გარდაქმნის მისთვის უფრო მისაღებ ნაკადებს, იხსენებს დავიწყებულ ძველს და სისტემის მოწესრიგებისათვის იღვწის.
პარალელური, ურთიერთგადამკვეთი, ზედმდები თუ აცდენილი ვექტორებით დასერილი, ნაირგვარი რხევებით მოცული კულტურის სივრცე ძალზე არაერთგვაროვანი და დაძაბულია, მოუწესრიგებელი და მღელვარე. იგი ჯერ კიდევ კარგავს მეტს, ვიდრე იძენს. კულტურის ფუნდამენტური სხეული ფხიზლად იცავს და ეწინააღმდეგება დაშლის პროცესის გაღრმავებას. სოციო-კულტურულ და შემოქმედებით სფეროებში მიმდინარე მოვლენების დახასიათება ბესიკ ხარანაულის ერთი ლექსის ფრაზით შეიძლება: "მომავალი მაშინ იბადება, / როცა აწმყო ეჭვებზე კრუხავს. / როცა პოეტი იტყვის მწარედ - / ასე წერა აღარ შეიძლება". "ასე" – ბუნდოვანი ცნებაა, არანაკლებ ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ შეიძლება წერა. ბესიკ ხარანაული ამბობს, მაგრამ არაფერს ამტკიცებს: "მე იმის თქმა კი არ მინდა, / თითქოს ყოველი ახალი დრო წინსვლა არის პოეზიაშიო - / რამის მტკიცება რომ მინდოდეს, / ვიტყოდი, რომ პირიქითაა"... ეს ფრაზა ჩიხის აღიარებას ჰგავს, რომელიც საპირისპირო პროცესში უნდა გადავიდეს და გადადის კიდეც. "მომავლის დაბადების" განმ-ცხად-ებლად ისევ და ისევ გამოდის პოეტი, პოეტური დისკურსი (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: თუკი შემოქმედებითი სიახლე, ჩვეულებრივ, ახალ თაობას შემოაქვს ხოლმე, "ლომის წილი" მის სრულყოფაში სწორედ ძველ თაობაზე მოდის). არაერთგვაროვანი, მყარ სემანტიკურ ცენტრს მოკლებული კულტურის სივრცის მიმართ აღძრული ეჭვი – საიდან ლაპარაკობენ – იფანტება პოეტური სიტყვის ძალით, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სტრუქტურული ღერძის აღდგენას და ძველი სისტემის იმ ფუნდამენტურ ღირებულებათა დაცვას, რომელიც ახალი წესრიგის საყრდენადაც უნდა იქცეს.
ბესიკ ხარანაული წერს "მკვდრების სიმღერას" – ძველი ეპოქის გამოსათხოვარ რეკვიემს.
კულტურულ გადაფასებათა დუღილში ენა წარმატებით იყენებს ქაოსის "კრეაციულ პოტენციალს" და სულიერ გამოცდილებათა იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ნორმატიულ ეთოსს მიღმა დარჩნენ, მაგრამ არსად გასულან სასიცოცხლო წრიდან, პოეზიაში ჰპოვეს ადგილი და ახლა თავიდან იღებენ მონაწილეობას ღირებულებათა ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში.
პირველივე პარადოქსით, რომელიც ლექსის სათაურშია გამოტანილი, ბესიკ ხარანაული სიკვდილ-სიცოცხლის ოპოზიციას მომღერალი მკვდრების პარალოგიზმად გარდაქმნის და ფიზიკური და მეტაფიზიკური სამყაროების ერთიანობას აღადგენს. ჩვეული აღქმის ავტომატიზმისაგან გათავისუფლებული ენა იბრუნებს პირველად სპონტანურობას და "მეხსიერების საშიში სიღრმეებიდან" ამოაქვს აზრის დაპირისპირებულ სტრუქტურათა თავდაპირველი ერთიანობის მარადიული სიბრძნე, რომელიც ახსოვს ენას და რომელსაც დავშორდით ჩვენ – ცხოვრების გზაზე აჩქარებით მავალნი. აქედან – ხელახალი და ირონიული შეფასება ცხოვრებისა: "ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება, / ესაა ცხოვრება იმათთვის, ვისაც აგვიანდება, / ვინც შეიყოლა დარდმა და მწუხარებამ"... და ა.შ.
თანამედროვეობის ფუნდამენტურ კითხვას – ვისთვისაა ეს ცხოვრება – ბესიკ ხარანაული "მწუხარებას შეყოლილთა" და "დაგვიანებულთა" სიბრძნით პასუხობს. სწორედ ინდივიდუალურ გამოცდილებათა ამ კორპუსს ანიჭებს იგი ჭეშმარიტებისა და ხსოვნის უფლებამოსილებას. როცა ტექსტს ბოლომდე ჩავიკითხავთ და მისი ამო-კითხვის პროცედურასაც გავივლით, მკვდრების სამყაროს უცნაური ხიბლის აღიარება მოგვიწევს. მისი არათანმიმდევრულობის სისტემურობა, ზედაპირულობის სიღრმე, მერყეობის გამძლეობა, მისი თამაშისა და სიცრუის ჭეშმარიტება გაგვაოცებს, ამ სიმღერისა და ამ ყოფნის დიდი პოეზია აგვაფორიაქებს.
მნიშვნელობათა სარეაბილიტაციო ველს ქმნიან ნონსენსი და პარადოქსი – აზრის არანორმატიული სტრუქტურები. ერთი მაგალითი: "ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი – პურზე"... ან: "ადამიანი ფასობს ცდუნებებით". იმ კულტურისათვის, რომელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ლიტერატურული ტრადიცია "ცდუნებას" კარგი / ცუდის ოპოზიციის მარჯვენა მხარეს აკუთვნებს, ცხადია, ასეთი შეფასება ნონსენსია. გავიხსენოთ: "პური გულის სათქუმელი არა სჭამო" ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება") და "რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა" ("ვეფხისტყაოსანი"). "ცდუნება" საბასთან განმარტებულია, როგორც "მართლის შეცდუნება". თანამედროვე ქართულში იგი სწორი (მართლის) გზიდან გადახვევას, ზნეობრივ შეცდომას ნიშნავს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე სოციალურ ეთიკაში სწორი/არასწორის, ზნეობრივი/არაზნეობრივის ოპოზიციებმა დაკარგეს სიმძაფრე, კონტრასტულობა, მისი წევრები კი დაშორდნენ თავდაპირველ მნიშვნელობებს. ბესიკ ხარანაულს შემოაქვს საკუთარი ათვლის წერტილი, რომელიც, ერთი შეხედვით, უპირისპირდება ნორმატიულ აზრს, სინამდვილეში კი სიცოცხლეს უბრუნებს დავიწყებულ (თუ გაძევებულ) მარადიულ ცოდნას. დავაკვირდეთ: "ტექსტის მნიშვნელობათა სივრცეში "ცდუნება" ინდივიდუალური გამოცდილების სასინჯი ქვაა, "გულისთქმას აყოლილთა" გან-საცდელი. იგი მოძრაობის, ლტოლვის, ცოცხალი ცდის მანიფესტაციაა. ცდუნებაზე უარის თქმით ადამიანი უარს ამბობს სიცოცხლის მაცდუნებელ ხიბლზე, იმ გზაზე, რომელზედაც მისი სულიერი სრულყოფა ხდება, "ძე შეცთომილის" თვით იდეაზე. ცდუნების აღიარება სისუსტეების აღიარებაა, ადამიანის იმ თავდაპირველი მნიშვნელობისაკენ მიბრუნება, რომელიც დაცემისა და აღდგომის, მონანიებისა და განახლების გზად მოიაზრებოდა და რომელსაც ასე ძალიან დაშორდა საკუთარ შეუმცდარობაში დარწმუნებული ადამის შთამომავლობა.
"მკვდრების სიმღერის" ტექსტი წარმოადგენს ფლუქტუაციათა ველს, ალტერნატიული კულტურული ორიენტაციების თანაარსებობის სივრცეს, sens-ის (აზრის) და non-sens-ის (უაზრობის) თამაშს, თანაც ნონსენსი გაიგება არა როგორც უაზრობა, არამედ როგორც უცვლელი, გაყინული, ერთმნიშვნელოვანი აზრის საპირწონე. ნონსენსითა და პარადოქსით ბესიკ ხარანაულს წამიერად გამოჰყავს ენა ჩვეული რეჟიმიდან და სამყაროსა და ადამიანზე ახალ ხედვას ამკვიდრებს. მაგალითად: "როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება, / ვგრძნობ, თუ როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი", ან: "მე ვტყუი, ესე იგი – ვარსებობ"...
ძველ ქართულში "მომატყუებელი" განიმარტებოდა, როგორც "მომცემი, მომნიჭებელი, შემქმნელი, შემოქმედი". სხვადასხვა დროს "ტყუილის" მნიშვნელობა უკავშირდებოდა სიბრძნეს ("სიბრძნე სიცრუისა"), წარმოსახვას (გამონაგონი, შეთხზული), ესთეტიკურს ("მშვენიერი მატყუვრობა"). ამდენად, "მომატყუებელი" უკავშირდება სიბრძნის გადამცემს, შემოქმედს, მომნიჭებელს, ხელშემწყობს. ამ მნიშვნელობათა ფონზე ძალზე ლოგიკურია (და პარალოგიკურიც!) დეკარტეს ცნობილი ფრაზის ირონიული პერიფრაზიც: "მე ვტყუი, ესე იგი, ვარსებობ". ტყუილის სიბრძნე, სიცოცხლისუნარიანობა და შემოქმედებითი ძალა უპირისპირდება რაციოცენტრიზმს, გამანადგურებელ კარტეზიანულ ეჭვს, ხოლო ქართული ნონსენსი – ევროპულ ნაციონალიზმს. როგორც ჩანს, ტყუილის ცნების ზემოხსენებული მნიშვნელობები ყველაზე ღრმა კონოტაციურ ფენებში დარჩნენ და მხოლოდ პოეზიაში შეინახეს ცოცხალ ენასთან კავშირი ერთი ასოციაციური მნიშვნელობის სახით მაინც. სწორედ ეს გახევებული მნიშვნელობა ამოტივტივდა ენის რხევისას აზრსა და ნონსენსს შორის, ანუ მაშინ, როცა ენა ფორმის მეხსიერების წყალობით თავისი უჩვეულო პოეტური უნარის პოსტულირებას ახდენდა. შესაბამისად, ტყუილი უკავშირდება სიცოცხლის ხალისს, შემოქმედებას, თხზვას, თამაშს, განახლებას, "ანცობას" (როცა პოეტი ისვენებს "ლექსისგან და სხვა ანცობისგან").
ლექსი სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც არა მხოლოდ ნარატივის ტიპით, არამედ სტრუქტურულად და გრაფიკულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ექსპოზიციისა და რეპრიზისაგან განსხვავებით (პირველი და მესამე ნაწილები), რომლებიც მყარ და უალტერნატივო აზრს აკანონებენ ("გაფრთხილებთ", "გახსოვდეთ", "არავინ მოგატყუოთ", "არ გადაახვნევინოთ" და ა.შ.), ტექსტის შუა ნაწილი აზრის თავისუფალი, ნაკლებად სტრუქტურირებული სივრცეა, აზრისა და ნონსენსის სათამაშო მოედანი. ნონსენსი საპირისპირო მიმართულებებად ჰყოფს არა მხოლოდ აზრს, არამედ დროსაც. ორივე დრო – წარსული და მომავალი – ისე თანაარსებობენ აწმყოში, როგორც აზრი და უ-აზრობა ნონსენსის პარალოგიკურ სტრუქტურაში. აწმყო უძრაობს და ამ უძრაობაში ("ვისვენებთ", "მიწაში ვართ") ერთდროულად იკითხება როგორც დროთა კრიზისი, ისე ორი სუპერსისტემის მიჯნაც. "ზედმეტობისაგან" თავისუფლება ნიშნავს განსხვავებათა წაშლას ოპოზიციის წევრებს შორის, ანუ სიცოცხლის ნიშნების გაქრობას, რადგან მეტობა არის სიცოცხლის ნიშანი. დავით გურამიშვილი: "თუ ხარ ღვიძილი, რაღა არს ძილი? / თუ ხარ სიმაძღრე, რა არს შიმშილი? / თუ ხარ სიცოცხლე, რა არს სიკვდილი? / იყავ ერთ-ერთი, იწამე ღმერთი!" ეს დასვენება და უძრაობა წინ უსწრებს "მკვდრების გალახვის დღეს" – კულტურის დროის უარყოფით ნიშნულს, "შავ ჯუჯას" – კოლაფსს. ესაა "ბოლო ჟამი", რომელიც სულიერების გარდაცვალების მერე დგება და რომელიც იქცევა მითად და ხსოვნად მომავალი თაობებისთვის.
მიუხედავად ფრაგმენტულობისა, ბესიკ ხარანაული დიდ ნარატივს ყვება. სიმღერის თითოეული ფრაზა თითქოს არყოფნიდან მოდის და უსასრულობაში იფანტება. ისინი ერთი მთლიანი, უხილავი აზრის ფრაგმენტებია, რომელთაც სწორედ ტკივილის ერთიანობა არ აძლევს შესაძლებლობას, ნაწილებად დაიშალონ. ამ ფრაზებს უკან დგას "ვინ"-ის პრეზუმპცია საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ("ვინც იცის...", "ვინც იხუმრა...", "ვინც სიკვდილის წინ დაიბარა..." და ა.შ.), საკუთარი "მწუხარე" და "შეყოვნებული" ცხოვრების ჭეშმარიტებაზე. დავაკვირდეთ: სიმღერის თითქმის ყველა ფრაზა იწყება ნაცვალსახელით "ვინც". ამ აქტით ენა "მოლაპარაკე ყოფიერების" (ჰაიდეგერი) მრავალწახნაგოვან "მე"-ობას აღნიშნავს, ანუ იმათ, ვინც არსებით ადამიანურ ქმედებებს ასრულებს. ეს – მომღერალი "მე"-ებია: სიმღერაში შეფიცულები, სიმღერაში შეთქმულნი, ცხოვრებაზე სიმართლით კი არა, სიმღერით ამაღლებულები ("და თუმცა ჩვენში არ ერია არც ერთი მართალი... ჩვენ მაინც ვმღეროდით"). შერეკილების, ონავრების, მატყუარების, არხეინებისა და დარდიანების სიბრძნე და თამაში, პარადოქსის ბურუსი და მჭვირვალება ერთდროულად, სიცოცხლის ხიბლით მოზელილი, უცნაური მატერია აზრისა. მისი ტალღების ხმაურში სიცოცხლის დედა წიაღის ის რიტმებიც ჩაგვესმის, სიცოცხლესთან სიკვდილის შეხება რომ ბადებს.
ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოქტავიო პასი ერთ უცნაურ მექსიკურ დღესასწაულზე გვიამბობს: ყოველი წლის 15 სექტემბერს, ღამის 12 საათზე უამრავი მექსიკელი გარეთ გამოდის და ერთად გაჰყვირის მთელი საათის განმავლობაში – ხმის ჩახლეჩამდე, გამწარებით და მონდომებით. ეს ყვირილის დღესასწაულია. მექსიკელი ყვირილით ზეიმობს, რათა უკეთ დადუმდეს მთელი დანარჩენი წელი. ქართველი წელიწადის ნებისმიერ დროს მღერის და ამ სიმღერის ნიშს უგებს ცხოვრებას. როცა მკვდარი მღერის, იგი სიკვდილის სივრციდან დროებით სადღესასწაულო მოედანზე გამოდის და იქიდან აძლევს ხმას ცოცხლების სამყაროს. სიმღერის წამი დიდი დროის ნაწილია. ჩვენი ერთიანი სიმღერა კი, შესაბამისად, საერთო დროის სადღესასწაულო ფრაგმენტი, თუმცა ამ სიმღერაში ყველაზე ნაკლებად ხალისიანი ბგერები ისმის. ეს ძველი და მარადიული სიმღერაა: შეუძლებელზე და განუხორციელებელზე, "ჰო"-სა და "არაში" დაკარგულებზე", ჯვრის მტვირთველებზე. ბესიკ ხარანაულის მკვდრები ცდუნების, სიცრუის, თამაშის სიბრძნეზე მღერიან,. "სიბრძნისთვის წაყრუებასა" და "სილამაზისთვის თითებშუა ცქერის" სიბრძნეზე, იმათზე, ვინც იცის, თუ რა მადლია წვიმისთვის ხელის შეშვერა (შეშველება); ვინც ხედავს, როგორ უწყვილდება ხოლმე სიხარული ბოროტებას, ნიჭიერება – ღალატს, შთაგონება – რაიმეს შებილწვას; ვინც გრძნობს: "კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება, სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას". ერთი სიტყვით, "მკვდრების სიმღერა" "არათანმიმდევრული გიჟების" სიბრძნეა, ახალი ქართული ეკლესიასტე, ის ყველაფერი, რითაც ეს ქვეყანა, ამათი ცხოვრება და ამათი სიმღერა მეტი იყო ყველა დანარჩენზე. ქართული ცხოვრების დიდი პარადოქსი იმათი გამოცდილება, ვინც დროს კი არ ეწევა, არამედ მისდევს, კი არ ჩქარობს, არამედ იგვიანებს და ცხოვრების გზას ოცნებითა და ღიღინით მიუყვება ხოლმე; იმათი ცოდნა, "ვინც ვერ...", "ვინც არ...", მაგრამ "ვინც მაინც"... შედგა ყველა მოლოდინის, ცუდი წინათგრძნობისა და შიშის მიუხედავად – სწორედ სიმღერის წყალობით, სწორედ სიტყვით და "ცრემლის მეხსიერებით" – თამაშში, ტყუილში, ცდუნებებში და სიმღერაში. ქართული სიმღერა და მარადიული ქართული "პოტსმოდერნი" უძველესი კულტურის შიგნით; უწყვეტი ქაოსი დიდ წესრიგში; სიცოცხლის მფეთქავი წერტილები და კოლაფსები ერთსა და იმავე სივრცეში!
"მკვდრების სიმღერა" – სიმღერაში დახარჯულ თაობათა გამოსათხოვარი რეკვიემია.
სიმღერა – კულტურის დრო-სივრცეთა გამაერთიანებელი, ქართული შემოქმედებითი ყოფიერების, ხასიათისა და ტემპერამენტის ფუნდამენტური ნიშანი; ერთიანი სულიერების გაბმული მელოდია, რომელიც შეიძლება წაიმღერო ან წაიღიღინო, იგალობო ან დაიტირო, ამოიოხრო ("მათი სიმღერა ერთი გრძელი ამოოხვრაა და მაინც სიმღერას ეძახიან") ან დააგუგუნო; "ლილეოდაც" თქვა და "მრავალჟამიერადაც", ურმულადაც და კაფიადაც, ავთანდილის სიმღერადაც და ვაჟას ვედრებადაც. პოეზიისა და სიმღერის "გვირისტით შეკრულთა", "ამაოებაზე მოქეიფეთა" და შერეკილთა მარადიული სიმღერა; სიმართლით კი არა, სიმღერით მართალთა მელოდია, იმათი სიმართლე, ვინც მღეროდა და ცხოვრებად აქცევდა ყველაფერს, რაც არ იყო ცხოვრება; ვინც წერდა, რათა სიტყვის ძალით ექცია ცხოვრებად და თამაშობადა, რათა ერთ მშვენიერ დღეს ეხილა ამ თამაშიდან დაბადებული საქმე და შე-საქმე.
არა სიმართლის, არამედ სიმღერის მძებნელთა სიბრძნის პარადოქსი. ქართული ცხოვრების ჭეშმარიტების, გაძლებისა და ხსოვნის პარადოქსი იმათ გასაგონად, ვინც თუნდაც მომავალში, თუნდაც ოდესმე – არ აღიარებს ამ ცხოვრების ნამდვილობას, ვინც არ სცნობს ამათ ცხოვრებას, ვინც ვერ შეიგრძნობს ამ სიმღერის ხიბლს.
მომღერალი მკვდრებიდან, ამ დიადი გვამიდან მოდის ახალი აზრი და სიცოცხლე, რათა ოდესმე "მკვდრის გამლახველთა" შთამომავლებს ასწავლოს წარსულის თითქმის დაუჯერებელი გამოცდილება: ცხოვრების გემო და სურვილი, დიდ-პატარა ეშმაკური სიბრძნეები შეუმდგარი ცხოვრების ("წვირიანი ცხოვრების") გასანამდვილებლად, ანუ გენეტიკურ-კულტურული კოდის საიდუმლო ნიშნები.
"მკვდრების სიმღერა" მაგიური ტექსტია – მიღმური ცოდნითა და ტრაგიკული პასუხისმგებლობით დატვირთული მომავალი სიცოცხლის მიმართ. ამიტომ იგი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც სასტიკი გაფრთხილება წინაპრისა შთამომავლისადმი – არ დავიწყებაზე; როგორც დაფიცება ფიცის ფორმულის გარეშე; როგორც ძველი კულტურისა და ტრადიციის სიტყვა და ანდერძი მომავალი საქართველოსათვის:
"მანამდის - / ვიდრე ძალა შესწევს ჩვენს ლანდებს, / გაფრთხილებთ: / არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ, / არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები, / გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო! / და უფრო მეტიც... / რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი, / რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც, / რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა, / თუმცა კი ჩვენში არ ერია არც ერთი მართალი, / ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში, / ჩვენ მაინც ვმღეროდით!.."
ბესიკ ხარანაულის ტექსტი გარდაცვლილი ეპოქის ქართული პანორამაა: "ხან ჯოჯოხეთი და ხან ლურჯი ქედები", დაუსრულებელი ქანქარისებური რხევა საპირისპირო პოლუსებს შორის ("ხან... ნან"); ქვეყანა, რომელიც შეიძლება "ჩოქვითაც შემოიარო" და "უფრთხის ღირსიც" უწოდო; "ვინ"-ების უნიკალურ გამოცდილებათა ერთობლიობა კონტრაპუნქტში, სადაც "საკუთარი სიმღერა ყველას საფლავში მიაქვს".
ის, რასაც პოეტი დარაჯად უდგას და სახარებისეული კატეგორიულობით სამჯერ იმეორებს, ეს ხსოვნაა: "არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ, / არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები. / გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო". ასეთი გაფრთხილება სჭირდებათ ძლიერად დაეჭვებულებს, საკუთარი თავის მიუგნებლობით გაავებულებს, გულ-მავიწყობით გულ-ამოჭმულებს; იმათ, ვინც "მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან"... და იმათაც, ვინც მკვდრების გალახვით აპირებს წარსულის ჭეშმარიტებაზე პასუხის მიღებას. ეს ყველაფერი დროთა კონფლიქტია, ახალი დროის, სიმულაკრული ცივილიზაციის შურისძიება ტრადიციულ კულტურებზე – შეუმდგართა, ეჭვიანთა, "გამოგონილთა" შურისძიება იმათზე, ვინც "ნამდვილად იყო" სიმღერის ძალით მაინც.
საგანგებოდ ბოლოსთვის შემოვინახეთ ლექსის ერთი ფრაზა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც კონტექსტის გარეშე, ისე ლექსის საერთო სულისკვეთების ასახსნელად: "ბრძენი არასდროს არ დაიცავს თავის სიმართლეს, / ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, / როდესაც მას დაუჯერებენ". ბესიკ ხარანაული ჭეშმარიტ აზრს ("სიბრძნეს") განიხილავს არა აუცილებლობის, არამედ შემთხვევითობის სივრცეში ("არ დაიცავს" ნიშნავს – არ შეურაცხყოფს, ეჭვს არ შეიტანს). შემთხვევითობის სტატუსი სწორედ აზრისა და ნონსენსის შეპირისპირებით დგინდება. ნონსენსი ის აზრია, რომელიც არამყარი, შემთხვევითი ადგილიდან, ქაოსიდან დაიმზირება. აზრი მონოსემანტიკურია, ჩაკეტილი, "ფინალური"; ნონსენსი პირიქით – ღიაა და მრავალმნიშვნელოვანი. მოულოდნელი და საეჭვო, იგი სიცოცხლის იმპულსს გადასცემს გახევებულ აზრსა და ენას. ენა ამოძრავებას იწყებს სწორედ ალოგიკური ელემენტის წყალობით და სწორედ მაშინ, როცა მნიშვნელობა თავისთვის უჩვეულო, თითქოს შემთხვევით ადგილას აღმოჩნდება. მეტაფორის ალოგიკურობისაგან განსხვავებით, რომელიც ხატწარმომქმნელ პოტენციალს ატარებს, ნონსენსი აზრს წარმოქმნის, რადგან შინაგანად, უღრმესი შესაბამისობით (თითქოს იძულებითაც კი!) დაკავშირებულია აზრის ყველაზე იდუმალ წიაღთან. შემთხვევითობა დეტერმინაციის თავისჩენაა ისევე, როგორც ნონსენსია ცნობიერების უხილავი სიღრმეების თავისჩენა. შემთხვევითობის ეფექტი ენაში სხვა არაფერია, თუ არა სიტყვათა უჩვეულო შეწყვილებები და ენისათვისვე მოულოდნელი მნიშვნელობების აღმოცენება, როცა დეტერმინაცია ფლუქტუაციტაში გადადის და ენა სიცოცხლის შემთხვევითი, სპონტანური "ულუფებით" ივსება.
შენიშნულია, რომ აზრი და ნონსენსი ერთდროულად ურთიერთგამომრიცხველნიც არიან და ურთიერთშემავსებელნიც. ის, რაც ერთ კულტურაში, ევოლუციასა და დინამიკაში აზრითა და სტრუქტურითაა დაჯილდოებული, მეორეში ნონსენსად შეიძლება მოგვევლინოს. ბესიკ ხარანაულთან ისინი ერთად მიუყვებიან პოეზიის გზას – ძველი და ახალი ცოდნა, აზრი და ნონსენსი. ეს მიქსია – ახალი სიმღერა, რომელსაც კარგად ახსოვს ძველი სიმღერის მელოდია.

© “წიგნები - 24 საათი”

Monday, November 24, 2008

კოტე ჯანდიერი

კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე - იდიოტიზმის ანატომია

სიმონ ჯანაშია - ზოგადი განათლების სისტემის ექს-”რეფორმატორებს”

ნინო გოგუაძე - ”ბინდის გვარია სოფელი”

ლობიო


გაზეთ "რეზონანსის" …2008 წლის 12 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი და ნინო გოგუაძის წერილი "იდიოტიზმის ანატომია", რომელსაც მოჰყვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის, ბატონ სიმონ ჯანაშიას, გამოხმაურება (ზოგადი განათლების სისტემის ექს-"რეფორმატორებს", "რეზონანსი", 25 ივლისი, 2008, №200). კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ს. ჯანაშიას ეს საპასუხო წერილი, მიუხედავად კურიოზული ენობრივი შეცდომებისა და მიუტევებელი სტილური ხარვეზებისა, არ არის დაწერილი "პროექტების ენით". მეტიც, ალაგ-ალაგ ტექსტს კაზმულსიტყვაობაში გაწაფული ადამიანის ხელიც კი ეტყობა. არ ვიცი, ეს ბატონი სიკოს სიბეჯითეს უნდა მივაწერო, თუ წერილის ნამდვილ ავტორთა (რაზედაც, სხვათა შორის, აშკარად მეტყველებს წერილის სტილური არაერთგვაროვნება) წარმატებულ მცდელობას, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვათა შორის, ჩვენი წერილის Dერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო. ვისურვებდი, რომ მომავალში მაინც ყველა კანონი, სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტი, მეთოდური თუ სასწავლო სახელმძღვანელო და ა.შ. სწორედ ასეთი ადამიანური ენით იწერებოდეს. მაშინ კი საზოგადოებას აღარ გაუჭირდება "რეფორმატორების" ჭეშმარიტ მიზნებში, მათ მოსაზრებებსა თუ შეხედულებებში გარკვევა და ადეკვატური რეაგირება.
რაც შეეხება საპასუხო წერილის შინაარსს, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ მიერ ეროვნული სასწავლო გეგმებიდან და სახელმძღვანელოებიდან დამოწმებული მაგალითები, რეფორმატორთა მიერ ზოგადი და უმაღლესი განათლების, აგრეთვე, მეცნიერების სფეროში გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები ს. ჯანაშიამ უმნიშვნელო ხარვეზებად, მეორეხარისხოვან დეტალებად გამოაცხადა, ხოლო მთავარი აქცენტი ჩვენს (ანუ წერილის ავტორთა) დისკრედიტაციაზეა გადატანილი.
ბატონი სიკო შეტევას სამი მიმართულებით ავითარებს:
1. წერილის ავტორები არ არიან კომპეტენტურნი განათლების საკითხებში, ვინაიდან ერთ დროს თვითონ მუშაობდნენ განათლების სამინისტროში და არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ; პირიქით, ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ (არ ვიცი, ვის) კორუფციული სქემების შემუშავებაში, სახელმწიფო ხარჯზე დასეირნობდნენ ჩილეში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სამსახურებრივი სტატუსის მეშვეობით საკუთარ ახლობლებს აწყობდნენ პრესტიჟულ თანამდებობებზე და ა.შ.
2. წერილის ავტორები არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რადგან ყურადღებას დეტალებზე ამახვილებენ, არღვევენ "ციტირების პროცედურებს", დამახინჯებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იმოწმებენ ცალკეულ ფრაზებს და ა.შ.
3. წერილის ავტორები განაწყენებულნი არიან სტატუსის დაკარგვით და სწორედ ეს განაწყენება უბიძგებთ, ასეთი უსამართლო და უსინდისო თავდასხმები განახორციელონ ჭეშმარიტ რეფორმატორებზე.
სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი: როდესაც ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოში და, კონკრეტულად, მაშინდელ განათლების სამინისტროში არ არსებობდა რეფორმის გატარების პოლიტიკური ნება, ხოლო ჩვენი შეხედულებები რეფორმის მიზნების, მისი შინაარსისა და განხორციელების გზების შესახებ მკვეთრად დაშორდა სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვას, მე და ნინო გოგუაძემ საკუთარი ნებით დავწერეთ განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. მაშინ არც ე. წ. "ვარდების რევოლუცია" იყო მომხდარი და არც ახალი ჯიშის "რეფორმატორთა" გუნდს ეპყრა ხელთ ძალაუფლება. ჩვენ ეს გავაკეთეთ უყოყმანოდ, ვინაიდან პირადად ჩვენი სოციალური, - გნებავთ, მორალური, - სტატუსი, ზოგ-ზოგებისაგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული სამსახურებრივ მდგომარეობასა და ხელფასის ოდენობაზე.
რაც შეეხება ჩემი და ნინო გოგუაძის მიერ კორუფციული სქემების შემუშავებას, ჩილესა თუ სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში უფასო ექსკურსიებსა და პრესტიჟულ სამსახურებში ახლობლების მოწყობას, ბატონ სიკოს ვურჩევ, ამ ჩამონათვალს დამაჯერებლობისათვის რაიხსტაგის დაწვა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების მცდელობაც დაუმატოს. აქვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემი ხანმოკლე (პრაქტიკულად, ორთვე-ნახევრიანი) მუშაობის პერიოდში განათლების სამინისტროს შენობაში ლობიოს ხარშვას არ შევსწრებივარ და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იქნებ მომავალი თაობებისათვის ნაკლებსაზიანო იყოს, თუკი სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავს დაანებებს ლოტოტრონებს, საგნებისა და ფაკულტეტების უაზრო გაერთიანებას, პათოლოგიური მოთხოვნებითა და სულისკვეთებით გაჟღენთილი ეროვნული სასწავლო გეგმების ფაბრიკაციას, მაღალმთიან და სასაზღვრო რეგიონებში სკოლების დახურვას, სკოლებში ყოვლად ანტიჰუმანური და ანტისახელმწიფოებრივი "მოსწავლის ქცევის კოდექსის" დანერგვას და ისევ ლობიოს ხარშვას მიჰყოფს ხელს.
სხვათა შორის, ბატონი სიკო იმასაც გვსაყვედურობს, რატომ გადადიხართ ზოგადი განათლების პრობლემატიკიდან სკოლების დაფინანსების, უნივერსიტეტის "რეფორმირების", მეცნიერების მართვისა და სხვა საკითხებზე, ეს ხომ იმდენად ალოგიკურია, რომ მსგავს შეცდომას სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებდაო. ლოგოსის მაძიებელ "რეფორმატორებსა" და პირადად ბატონ სიკოს კიდევ ერთხელ ვუხსნი: თქვენი საკანონმდებლო "შემოქმედება", თქვენ მიერ დაწერილი ეროვნული სასწავლო გეგმები, ამ სასწავლო გეგმების მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები, თქვენ მიერ შემუშავებული და დამკვიდრებული სახელმძღვანელოთა შეფასების კრიტერიუმები და გრიფის მინიჭების პროცედურები, სკოლების დაფინანსების თქვენ მიერ შემოღებული წესი, რომელმაც უკვე რამდენიმე ასეული სკოლის დახურვა გამოიწვია, უნივერსიტეტში პოლიციური რბევებით გატარებული "რეფორმა", რომელმაც მოსპო სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, ხოლო ფაკულტეტების მექანიკური გაერთიანებით შექმნა დაუძლეველი ქაოსი სასწავლო პროცესში, ყველაფერი ეს, ბოლოს და ბოლოს, გვაფიქრებინებს, რომ "რეფორმის საჭეთმპყრობელ" ადამიანებს სწორედაც რომ საღ აზრთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
კარგი, ვთქვათ, ჩვენ ყოვლად არაკომპეტენტური და ზნედაცემული ადამიანები ვართ. განა ეს შველის საქმეს? განა ჩვენ მიერ საილუსტრაციოდ დამოწმებული მრავალი ენობრივი და აზრობრივი კურიოზი გაქრება ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონიდან, ეროვნული სასწავლო გეგმებიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან?
წიგნის ავტორს, გამომცემლობასა და გამოცემის წელს არ ასახელებთ, რითაც "ციტირების პროცედურას" არღვევთო - გვსაყვედურობს ოპონენტი. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რათა ყურადღება წიგნის ავტორსა და გამომცემლობაზე კი არ გაგვემახვილებინა, არამედ იმაზე, ვინც გრიფის მიმნიჭებელია. უვარგისი სახელმძღვანელოები იწერება ახლაც და დაიწერება მომავალშიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, გვაქვს თუ არა გონივრული და პატიოსანი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ავისა და კარგის გარჩევას შევძლებთ და მოსწავლეებს დავიცავთ სიბრიყვის მოძალებისაგან? ასეთი მექანიზმების შექნა შესაბამის სახელმწიფო უწყებას ევალება. როდესაც განათლების სამინისტროს გრიფს იღებს მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო, რომელშიც პრაქტიკულად ვერ ნახავთ ვერც ერთ ქიმიურ ფორმულას, ხოლო ქიმიური რეაქციებისადმი მიძღვნილ თავში ვერ აღმოაჩენთ ქიმიური რეაქციის ვერც ერთი მაგალითს, ამის ნაცვლად კი წააწყდებით ყოვლად უადგილო მსჯელობებს ქიმიური პროდუქციის რეალიზაციის, კინოფილმ "ჯარისკაცის მამის", ქართული ღვინისა და კონიაკის შესახებ, რა ჰქვია ამას? ამის შემდეგ გვაქვს თუ არა სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბატონი სიკოსა და მისი კოლეგების მიერ გამოგონილი გრიფის მინიჭების პროცედურა ყოვლად უვარგისი და იდიოტურია? "ციტირების პროცედურის დარღვევა" და სამინისტროში მოხარშულ ლობიოზე მსჯელობა ვერ შენიღბავს იმ კატასტროფულ შედეგებს, რომლებსაც თითოეული მასწავლებელი ყოველდღიურად გრძნობს, ხედავს, განიცდის, მაგრამ "პროექტების ენაზე" მოტლიკინე ხელმძღვანელობის შიშით ხმამაღლა ვერაფერს ამბობს. თუკი ვითარების გამოსწორებას იმის გარკვევა უშველის, ჩემი პირადი ნივთებიდან რა დავტოვე სამინისტროს იმ ავადსახსენებელ კაბინეტში და რა წამოვიღე შინ - კი, ბატონო, ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ ამით რა ეშველება ჩვენი შვილების ცნობიერებაში ჩაბეჭდილ მახინჯ ენობრივ კონსტრუქციებსა და გაუმართავ, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, მცდარ აზრებს, რა ეშველება ასეულობით დახურულ სკოლას, დასაცლელად გაწირულ სოფელს, რა ეშველება იავარქმნილ კვლევით ინსტიტუტებს, ფიზიკის, მათემატიკის, აღმოსავლეთმცოდნეობის, კლასიკური ფილოლოგიისა და სხვა, მსოფლიოში ცნობილ და "რეფორმატორების" მიერ გაუქმებულ, ფაკულტეტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენდნენ და ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს სახელით თვალსაჩინო წვლილი შეჰქონდათ? და, ბოლოს, რა ეშველება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტოტალურ დეჰუმანიზაციას, თუკი საჯარო სკოლებში დროზე არ შეჩერდა სამარცხვინო "მოსწავლის ქცევის კოდექსის" მოქმედება, კოდექსისა, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ძნელად აღსაზრდელი ბავშვების მიმართ "ნულოვან ტოლერანტობასა" და ასეთი მოსწავლეების განსაკუთრებული რეჟიმის სპეცსკოლებში გადაყვანას ავალდებულებს?
ჩემი აზრით, "ინტელექტუალ-რეფორმატორებისაგან" საზოგადოება სწორედ ამგვარ საჭირბოროტო კითხვებზე მოითხოვს პასუხს. ამის სანაცვლოდ კი იმავე საზოგადოებამ მდარე ბელეტრისტიკა და უნამუსო ცილისწამება მიიღო. ამით კი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი წერილის სათაური "იდიოტიზმის ანატომია" ზუსტად და ზედმიწევნით გამოხატავს განათლების სფეროში შექმნილ ვითარებას. "რეფორმატორთა" საპასუხო წერილში კი პირადად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და ნიშანდობლივი მაინც ლობიოს ხარშვის ეპიზოდია...
დანარჩენი ჩვენმა საზოგადოებამ განსაჯოს.

P.S. ბატონო სიკო! თქვენ მიერ ხელმოწერილ პუბლიკაციაში ჩვენი მისამართით როყიოდ წამოსროლილი იმდენი ცილისწამება, ტყუილი და ბინძური ინსინუაცია ამოვიკითხე, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა ასე მარტივად არ დამთავრდებოდა. მოგეხსენებათ, ერთ დროს ამისათვის დუელში იწვევდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირადად თქვენს მიმართ არავითარი გაღიზიანება არ დამრჩენია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი, ვინც რეალურად განაგებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვინც დაგავალათ საპასუხო ტექსტის (ან თუნდაც მისი ნაწილის) შედგენა და ხელმოწერა, ახლა შეეცდებიან ჯოხი მხოლოდ თქვენზე გადატეხონ. როგორი აზრისაც არ უნდა ვიყო თქვენზე, დარწმუნებული ვარ, რომ სხვის დაუხმარებლად თქვენ ვერაფრით ვერ შეძლებდით ასეთი დახვეწილი და მიზანმიმართული ცილისმწამების შეთხზვას.
მე იმის დაშვებაც კი შემიძლია, რომ თავდაპირველად თქვენ მართლა გულწრფელად გინდოდათ რაიმე სასიკეთო გაგეკეთებინათ განათლების სისტემაში, მაგრამ იმათ, ვისი დაკვეთის შემსრულებლადაც ახლა გამოდიხართ, ძალიან ოსტატურად გამოიყენეს თქვენი ენთუზიაზმი, ქაოტური და ერთმანეთთან დაუკავშირებელი იდეები და სწორედ თქვენ გამოგიყვანეს ავანსცენაზე - ათასი სისულელე, ხშირად კი დანაშაულის ტოლფასი საქმეები გაკეთებინეს, გალაპარაკეს, გაწერინეს და თქვენც ნელ-ნელა ეშხში შეხვედით. ახლა კი მათ აღშფოთებეული საზოგადოების პირისპირ დაგტოვეს. გაავებულ ხალხს დროდადრო ვიღაც უნდა გადაუგდო გასაგლეჯად და დასამშვიდებლად, თვითონ კი მოასწრო ჩრდილში გადგომა. რას იზამ, ეს მათი სტილია.
არ იფიქროთ, რომ ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ერთი წუთით მაინც გათავისუფლებთ იმ უმძიმესი პასუხისმგებლობისაგან, რომელსაც განათლების სფეროში პირადად თქვენი ნამოქმედარი ან, თუნდაც, ამ სამარცხვინო ცილისწამებასა და ტყუილზე ხელის მოწერა გაკისრებთ. უბრალოდ, გულწრფელად გეტყვით: გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, ზემოხსენებული პასკვილის ქვეშ მთელი ამ საგანმანათლებლო კოშმარის ნამდვილ არქიტექტორთა და სულის ჩამდგმელთა ხელმოწერები მენახა.


© “რეზონანსი”

ნინო გოგუაძე

კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე - იდიოტიზმის ანატომია

სიმონ ჯანაშია - ზოგადი განათლების სისტემის ექს-”რეფორმატორებს”

"ბინდის გვარია სოფელი..."



12 ივლისის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ჩემი და კოტე ჯანდიერის წერილი "იდიოტიზმის ანატომია". მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტებიდან, სასწავლო გეგმებიდან და სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოკრეფილი რამდენიმე მაგალითის მოშველიებით ჩვენ შევეცადეთ თვალნათლივ გვეჩვენებინა, რომ განათლების რეფორმას გამართულად წერა-კითხვის არმცოდნე ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომ მათ არამარტო უვარგისი სასწავლო გეგმები, სწავლების გაუაზრებელი პრინციპები მოახვიეს თავს სკოლებს, არამედ შემოიღეს ცუდი სახელმძღვანელობი, სკოლების დაფინანსების ისეთი წესი, რომელიც არათანაბარ პირობებში აგდებს დიდ და პატარა სკოლებს და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლების მიგრაციას. ამასთანავე, სკოლის რეფომატორებმა სხვა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში განადგურების პირას მიიყვანეს უმაღლესი განათლება და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები.
ჩვენს ამ პუბლიკაციას "რეზონანსის" 25 ივლისის ნომერში პასუხად მოჰყვა "პუბლიცისტური" წერილი, სათაურით - "ზოგადი განათლების ექს "რეფორმატორებს", რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცენტრის ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია აწერს ხელს. თუმცა. პასუხიც არის და პასუხიც: წერილის ავტორი ძირითადად ტყუილებითა და ცილისწამებით ცდილობს შეეპასუხოს მარტივსა და თვალსაჩინო სიმართლეს, თანაც გვსაყვედურობს, რომ ჩვენი კრიტიკა კონსტრუქციული არ არის. ამ რჩევასა თუ ჩივილს მართლაც გავითვალისწინებთ, თუმცა მანამდე უნდა ვუთხრა ბატონ ავტორს, რომ თქვენს „რეფორმატორთა“ გუნდში ტექსტის დაკვირვებით წაკითხვა და აზრის ამოკითხვა, როგორც ჩანს, მართლაც, დაუძლეველი ამოცანაა: ის, რაც თქვენ კრიტიკა გგონიათ, სინამდვილეში უბრალო და ცხადზე ცხადი დ ი ა გ ნ ო- ზ ი ა. დიაგნოზი კი არც კონსტრუქციული და არც არაკონსტრუქციული შეიძლება იყოს. ის ან სწორია ან არასწორი.
ავტორი ერთგან სოფიზმის ზედმეტად მარტივ გაგებას გვსაყვედურობს, თვითონ კი ვეჭვობ სოფიზმი და სუფიზმი ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან და ხან ერთს ეკედლება, ხან მეორეს - ხან ფრთხილად შერჩეული სიტყვებითა და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი ტყუილისა და ცილისწამების სიმართლეში, ხან კი მისტიკოსივით ცდილობს შეერწყას ჭეშმარიტებას, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ იგივე, მისთვის თუ მათთვის, ხელსაყრელი ტყუილია და სხვა არაფერი.
მე მაინც შევეცდები ვიყო შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული. ამისათვის დავუშვებ, რომ წერილის ავტორი ახლახან მოსული ადამიანია განათლების სისტემაში და ზოგიერთი ტყუილი, რაც მას უკარნახეს, სიმართლე ჰგონია.
პირველი და მთავარი ტყუილი კი ისაა, რომ ^”ვარდების რევოლუციამდე” ზოგადი განათლების რეფორმა არ მიმდინარეობდა და რომ რეფორმა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ დაიწყეს ახალმა რეფორმატორებმა. მოგახსენებთ განათლების რეფორმა 2004 წლამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომ მასში პირადად მე 2001 წლის იანვრიდან ვიღებდი მონაწილეობას, ხოლო კოტე ჯანდიერი 2003 წლის გაზაფხულზე შემოგვიერთდა. ხოლო 2003 წლის ზაფხულში ჩვენ საკუთარი სურვილით დავტოვეთ სამინისტრო, როდესაც ჯერ ჰაერში "ვარდების რევოლუციის" სურნელიც კი არ ტრიალებდა. თუნდაც მხოლოდ ამიტომ არის უბადრუკი ტყუილი და ცილის წამება, როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩვენ სტატუსის დაკარგვით ვართ გაბრაზებულები. სტატუსის თაყვანისცემა სჯობს იმათკენ მოიკითხონ, ვისი არსებობის ერთადერთი საყრდენი და გამართლება, სტატუსი და თანამდებობაა. მე და კოტე ჯანდიერი განათლების რეფორმიდან იმის გამო წამოვედით, რომ იმდროინდელ სამინისტროში საქმის კარგად კეთების საშუალებას არ იძლეოდნენ. სამსახურიდან წასვლის შესახებ მინისტრის სახელზე დაწერილი ჩვენი განცხადებების ტექსტი, სწორედ ამისი დასტურია. მსურველებს შეუძლიათ გადაამოწმონ. მაგრამ, თუ იმ დროს საქმის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა საქმის ცუდად კეთება და გაფუჭება გახდა სავალდებულო. თუ ადრე ყველაფერი მიშვებული იყო და განათლების სისტემა ჭაობში ეფლობოდა, ახლანდელმა რეფორმატორებმა ჭაობის მაგივრად მეწყერი დაატეხეს თავს სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს.
აქვე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ განცხადების გარდა ჩემს მიერ განათლების რეფორმისათვის შექმნილი არაერთი დოკუმეტი შეგიძლიათ მოიძიოთ განათლების სამინისტროში. ამ დოკუმენტების საჯარო განხილვებში მასწავლებლების, მეცნიერების და ფართო საზოგადოების გარდა მათი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მხედველობაში მყავს მაშინდელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ლევან რამიშვილი, გიგი უგულავა და სხვანი. სხვათა შორის ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტები და პროექტები, მრავალმხივ განხილვასთან ერთად, პრესაშიც ქვეყნდებოდა და საქართველოს ყოველ სკოლას მიეწოდებოდა.
ჩვენ წერილში ყასიდად ვიკითხეთ - ნეტა ამ ჩვენს ახალ სახელდახელოდ განათლებულ ელიტაში მაგისტრის ხარისხი თუ აქვს თუ არა ვინმესო? ისინი კი ტრაბახს დახარბდნენ და ლამის მთელი მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები და ხარისხები ჩამოთვალეს. აი, როგორი განათლებული ხალხი ვართო, მაგრამ ნათქვამია “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”... თუმცა ან ფიცი როგორ უნდა ვირწმუნოთ იმათი, ვინც ამდენ ტყუილს ამბობს ერთ საგაზეთო წერილში. რომელი ერთი ვთქვა. აი, თუნდაც ეს, სახელმძღვანელოებს რომ ეხება: თურმე განათლების რეფორმაში ჩვენი საქმიანობის დროს სამინისტროს თანამშრომლების და უნივერსიტეტის რექტორების წიგნებს უალტერნატივოდ ვამტკიცებდით. ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება და “აღარ არის ნათესაობა, ახლობლობა და გავლენა სახელმწიფო ეშელონებში”. სინამდვილეში კი, 2001-2003 წლებში განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების კომისიაში ვმუშაობდი, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამავე კომისის წევრი გახლდათ კ. ჯანდიერი, რომელიც მაშინ არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა. ჩვენმა კომისიამ არ დაამტკიცა მრავალი უვარგისი სახელმძღვანელო, მათ შორის მრავალი უსიამოვნებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, უნივერსიტეტის იმ დროინდელი ყოვლისშემძლე რექტორის სახელმძღვანელოც. ეს 2003 წლის დასაწყისში მოხდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ 2004 წელს, მაშინ როდესაც პროექტ "ილია ჭავჭავაძის" დირექტორი გიგი თევზაძე გახდა, ჩვენი კომისიის მიერ დაწუნებული სახელმძღვანელოები, განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალში ისევ შეიტანეს. მათ შორის, ზემოხსენებული რექტორის ზემოხსენებული სახელმძღვანელოც.
ჩვენი კომისიის მუშაობის შესახებ, სიმართლე ვისაც აინტერესებს, შეუძლია მიმართოს ბ-ნ გოკა გაბაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო სოროსის ფონდის მხრიდან. ეს კომისია არც სახელმძღვანელოების ჩამონათვალს ადგენდა და არც წიგნებს აფასებდა. შეფასებისთვის ის დამოუკიდებელ საგნობრივ ექსპერტებს იწვევდა. ერთი ამ ექსპერტთაგანი, მისივე აღიარებით, სიმონ ჯანაშიაც ყოფილა, რომელსაც იმის გახსენება აღარ აწყობს, რადგან კარგად მოეხსენაბა, რომ კომისიის მიერ დადგენილი ექსპერტთა შერჩევის წესი ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავდა. შემდეგი პროცედურა კი ექსპერტებისა და დაწუნებული სახელმძღვანელოების ავტორთა შეხვედრას ითვალისწინებდა, რომელზეც ორივე მხარეს თავ-თავისი სიმართლე უნდა დაეცვა. უმეტეს შემთხვევაში კომისია საკითხს ექსპერტების სასარგებლოდ წყვეტდა.
ახლა კი რა ხდება? სახელმძღვანელოებს დამოუკიდებელი ექსპერტები კი არ აფასებენ, არამედ სიმონ ჯანაშიას ჯგუფის წევრები, რომლებიც, ამასთანავე, სასწავლო გეგმებსაც ადგენენ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც საკუთარ სახელმძღვანელოებს სათაური შეუცვალეს, ავტორებად ნათესავები გააფორმეს და "განახლებულ" წიგნებს სამინისტროს გრიფი თვითონვე მიანიჭეს. ამისი ნათელი მაგალითია 2003 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში გამოსული წიგნის - "მე და გარემოს" მეტამორფოზები. wignis ყდაზე, თავდაპირველად 5 ავტორი იყო მითითებული. 2004 წელს იმავე გამომცემლობაში დაბეჭდილ იმავე სახელმძღვანელოს ავტორად იმ ხუთეულიდან, რატომღაც მხოლოდ ერთი შემორჩა. ამ ორი გამოცემის ყველა ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების საკითხს და, ცხადია, უფლება არა აქვთ თავად იყვნენ ავტორები. როგორც ჩანს, ამიტომაც 2005 წელს გამომცემლობა "ბუნება პრინტში" იბეჭდება სულ სხვა ორი ავტორის სახელმძღვანელო - "ბუნებისმცოდნეობა", რომლის კონცეფცია, მეთოდოლოგია, ძირითადი თემები და მათი თანამიმდევრობაც კი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" ორგზის დაბეჭდილი წიგნის ანალოგიურია, აქ უბრალოდ, რამდენიმე პარაგრაფია დამატებული. ორივე სახელმძღვანელოში ფიგურირებს მოგზაურობა მატარებლით, უცნაური კაცუნები, ერთი და იგივე გასაფერადებელი და გამოსაჭრელი მასალა და სხვ. ამ წიგნების თვალსაჩინო მსგავსება მათ სრულ იდენტურობაზე თუ არა, მათ შორის ახლონათესაურ კავშირზე მაინც მეტყველებს. საქმე ისაა, რომ "ბუნებისმცოდნეობის" ორი ავტორიდან ერთი, პირველი წიგნის ერთერთი ავტორის ნათესავია.
ვფიქრობ, სქემა ნათელია: გრიფის მიმნიჭებელი ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც პირველი წიგნის ავტორებად გვევლინებიან, ერთის გარდა უკვალოდ ქრებიან მეორე წიგნის ყდიდან, შემდეგ კი ის ერთიც ქრება და მის ადგილს გრიფის მიმნიჭებლის ნათესავი იკავებს. თავად წიგნში კი მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შედის ისე, რoმ არ იცვლება კონცეფცია და მეთოდიკა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითი, ვფიქრობთ, საკმარისია სახელმძღვანელოების ახალი, "არაკორუფციული" სქემის დასახასიათებლად.
განათლების რეფორმის იმ კომპონენტს, რომელსაც მე 2002-2003 წლის ზაფხულამდე ვხელმძღვანელობდი, მანამდე 2 წლის მანძილზე ბ-ნი გიგი თევზაძე ედგა სათავეში. აი, მისი მოღვაწეობის განმავლობაში კი მართლაც არც ერთი კონცეპტუალური დოკუმენტი არ შექმნილა, თუმცა კი ევალებოდა. სამსახურიდან მისი წასვლაც სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ სასკოლო განათლების მიზნების დოკუმენტის მაგივრად მან 2001 წლის მაისში “პროექტების ენაზე” შექმნილი "შედევრი" წარუდგინა სამინისტროს ხელმძღვანელობას, როგორც თავისი ორწლიანი მუშაობის შედეგი. ეს გაუგებარი ჟანრისა და შინაარსის ოპუსი, ცხადია, დოკუმენტად ვერ იქცა და მხოლოდ ამის გამო ვიკავებდი თავს მისი გამოქვეყნებისაგან. მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მზადა ვარ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო "მაღალი" ინტელექტის ეს ფასდაუდებელი პროდუქტი.
ასევე, გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ჩვენთან საპასუხო წერილში ნახსენებ უფასო ექსკურსიას ჩილეში, ახლობლების შვილების დაუმსახურებლად აყვანას სამსახურში, საკუთარი შვილების ავიაბილეთების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტით და ა.შ. არც ერთი ჩვენთაგანი არც ჩილეში არ ყოფილა, არც შვილების ავიაბილეთებს აფინანსებდა სახელმწიფო კრედიტის ხარჯზე და არც ახლობლების შვილები აგვიყვანია სამსახურში. ერთი შეხედვით, წერილის ავტორები ამ ბრალდებებს თითქოს ზოგადად გამოთქვამენ, მაგრამ ცდილობენ, რომ მკითხველმა, კონტექსტისდან გამომდინარე, ჩვენ გვიგულისხმოს.
ჩვენი მისამართით გამოთქმული ერთადერთი პირდაპირი ბრალდება კი განათლების სამინისტროს კორუფციული სქემების ინტელექტუალური მხარდაჭერაა. დანაშაულებრივი საქმიანობის ინტელექტუალური მხარდაჭერა კი - ყველამ კარგად იცის - საციხო საქმეა და თანაც ისეთი, რომ ნებისმიერ უდანაშაულო ადამიანს შეგიძლია წაუყენო ბრალი, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს.
საპასუხო წერილის ავტორები ჩივიან, თითქოს ჩვენ გამოვიყენეთ "ისეთი პრინციპები, როგორიცაა შეგნებული დამახინჯება, ჰიპერბოლიზაცია, არ არსებული წყაროების განხილვა, წყაროებში იმის განხილვა, რაც იქ არ გვხვდება, მარტივი ლოგიკური კონსტრუქციების ვერ დაძლევა და სხვა" (ხაზგასმა ჩემია, სტილი დაცულია, ნ.გ.). ამ ბრალდებათა დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც რომ ჰქონოდათ, რა თქმა უნდა მოიტანდნენ და ხალხის თვალში თავის გამართლებას არგუმენტირებულად შეეცდებოდნენ.
ავტორები მოგვიწოდებენ, რომ "დაკვირვებული მკითხველი ვიყოთ" და დეტალების მიღმა მთავარი და არსებითი დავინახოთ. ხოდა, მთავარი და არსებითი, რაც მათს საპასუხო ტექსტში ჩვენც და ყველა სხვა მკითხველმაც ამოვიკითხეთ, ისაა რომ: ინტელექტუალ-რეფორმატორებს უაღრესად უჭირთ გამართულად აზროვნება, მეტყველება თუ წერა; ისინი ვერ უარყოფენ და არც კი ახსენებენ იმას, რომ სკოლების დაფინანსების არადემოკრატიული და დამღუპველი სისტემა შემოიღეს, არც დირექტორების დანიშვნის აბსურდულ წესს ეხებიან, არც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის გაუქმების გეგმას ახსენებენ და დუმილს ამჯობინებენ. დუმილი კი თანხმობის ნიშანია და ეს მშვენივრად ესმის მკითხველს.
ბოლოს ერთ შენიშვნას მოგცემთ ბატონო სიმონ: წერილი ნამდვილად უკეთესი ქართულით არის დაწერილი, მაგრამ სტილისა და ტონის ერთიანობა, სამწუხაროდ მაინც ვერ არის დაცული. ან იქნებ ვინმე სხვა ენთუაზიასტი იჭრება ტექსტში, მაღალფარდოვანი ენთუზიასტი, ვინც ასეთი რამ დაგაწერინათ - "სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავს ინტელექტუალებად თვლიან, ასეთ სიმდაბლემდე დაეცემიან საკუთარი არაკომპეტენტურობისა და სიბრაზის გამო". რა დაცემაზე ლაპარაკობთ? ვის სიმდაბლეზე საუბრობთ?! თუ ასე გაგრძელდა, მალე ალბათ თქვენდამი კრიტიკულად განწყობილ ყოველ მოქალაქეს ფუნდამენტალიზმისა და ინკვიზიციის სამსჯავროზე გაიყვანთ.
მხოლოდ გარეგანი ფორმა - ვთქვათ, ტექსტის დასათაურებულ ნაწილებად დაყოფა, ვერასდროს შენიღბავს მის შინაგან უღიმღამობას და თუ მაინც შენიღბა - ისიც მხოლოდ უაღრესად ზერელე მკითხველის თვალში. თუმცა ვაი, რომ სწორედ ასეთი ადამიანის აღზრდას ისახავთ მიზნად თქვენ მიერ რეფორმირებულ სკოლებში, ზერელე და ზედაპირული ადამიანისა, რომელიც ისევ თქვენსავით წარა-მარა "წარმატებული" იქნება და სხვა არაფერი.

(c) ”რეზონანსი”

პაატა ბერიკაშვილი

არა იპარო!


სახლიკაცი სადა გყავსო, როცა ჰკითხეს, მოიღუშა ბექაური. მერე ახლადგაღვიძებულ, აივანზე ნიფხვისამარა გადმოყუდებულ ბიძაშვილს გახედა, თითქოს ეხვეწებოდა - თუ გინდა, შენ უთხარ, სადაცა მყავს, მე თავი გამანებონო, და სახლსუკან, ცეცხლთან მოფუსფუსე ქალებისკენ გასწია.
ვებერთელა ტაფაზე წუხანდელ ხინკალს ხუხავდნენ ქალები. ერთ ქვაბში ცხვრის ხორცი თუხთუხებდა, მეორიდან კი საამოდ იწელებოდა გუშინ ხელუხლებელი ყაურმის სუნი.
"ე რამოდენა ცოცხალი მოუზიდნიათ!" - ვერცხლისფრად თავმობმულ კალათას დახედა, და კისერთან ვიღაცის ნაღვინევი სუნთქვა იგრძნო. მოტრიალდა. სტუმართაგან ყველაზე აბეზარი უკან გამოჰყოლოდა, ისიც იმ კალათას დასცქეროდა. მერე დაამთქნარა, თვალებში ჭკვიანურად ჩახედა და ზმორებით უთხრა - ხო იცი, ძიაკაცო, სანამ თევზს კეცებზე დააწყობდე, კაკლის ფოთოლი უნდა დაუფინო, ჩვენში ესე იციან და ძალიან უხდებაო.
მარჯვენა მტევანი ხელუკუღმა აექავა ბექაურს. წკაპანი ხო არ გავადენინოო, გაიფიქრა და მაშინვე თვალიც აუთამაშდა. თვალის თამაში ცუდად ჰქონდა დაცდილი, სუ ამ თვალის თამაშის ბრალი იყო ხოლმე ყველაფერი... მაგრამ ეჰ... სტუმარი იყო, თან ნათესავადაც ერგებოდა თურმე და... რა უნდა ექნა.
"ბიძაშვილს რო ჰკითხო, მთელი ქვეყანა ჩვენი ნათესავია... ეს იმერელიც და ის მეგრელიც, ზევით რო ჰყავ... თუმცა ის კიდევ ქვისლი ყოფილა, კაცო... ქვისლი კიდე ჰო, მაგრამ ესა? მამიდაჩვენის მეორე ქმარი რო იყოო, ესტატეო, იმის პირველი ცოლის ის არიო... გიჟია, მამაშეღონებული... კეცი საიდან მოუტანო? კაკალი კი აგე, გზაზე დგას... დაკრიფოს და, უნდა კალმახისთვის დაუფენია, უნდა ხინკლისათვის და უნდა ჯანში გაუკეთე... ეჰეე, უკვე ზეიდანაც წამოსულან..."
ბილიკზე გუშინდელი სტუმრები გამოჩნდნენ. ბექაურმა თევზიან ხელებზე წყალი გადაივლო, ქალებს დაუბარა ხორცს ამოურიეთო და სტუმრების დასახვედრად ნელა, ტაატით გასწია.
გაჯავრებული იყო ბექაური. ყველაზე უფრო ბიძაშვილზე ბრაზობდა - ეს ამოდენა ხალხი საღამოს პირზე გაუფრთხილებლად მიაყენა სახლში. ცოცხალი წამოგიღეთო, მხარზე ხელის ტყაპუნით მიახარა. რა ენაღვლებოდა - მაღაროსკარში ქვესადგურის უფროსი იყო, ჩაჰკიდებდნენ არაგვში ბადეებს, დენს ჩაუშვებდნენ და რა... თევზით თუ გინდა ორ "ვილისს" გაავსებდნენ ნახევარ საათში. ნაცნობი ან შინაური მაინც წამოეყვანა ვინმე. ეგრე აღარ მოერიდებოდა. ქვისლი კიდევ ჯანდაბას, მეგრელი... აი, რო რულზე ეჯდა. მაგრამ, ეს მამიდაჩვენის ესტატეს პირველი ცოლისაო, ესა კიდევ მწერალია, ჩემი ძმაკაცი, აი, სუ ტელევიზორში როაო, ეს კიდევ პოეტიო, რადიოში რო ციკლი აქსო... ესეც ძმაკაცი-გინეკოლოგიო, ამაზე მაგარი ერთი-ორი თუ დადის ქვეყანაზე, ბავშვებს ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაბრებსაც კი აჩენინებს (რაო?! - თვალები გადმოკარკლა ბექაურმა), გაგიჟდები კაციო... აი, ეს კიდენ მუსიკოსია, მაგრა უკრავსო, აგე, გიტარით რო მოდის, სათვალიანი, იმაზე თქვა... გარმონი გამოუტანა ბექაურმა... არაო, სათვალიანმა, ფორტეპიანოზე ვუკრავო. ბიძაშვილს შეაჩერდა ბექაური. იმანაც დაამშვიდა - ნუ გეშინია, ფორტეპიანო იგივე პიანინოაო. "პიანინოს კლუბიდან ამოვუტანდი თუ რა?" ორი ქალიც ახლდათ. ერთი ახალგაზრდა, ერთიც ისე რა, ბებერი არ ეთქმოდა... ქალები სულ ერთხელ გამოელაპარაკნენ ბექაურს - შეიძლება თუ არა თქვენს ცუგას მოვეფეროთო, ჰკითხეს. ბექაურმა პირი დააღო - ხუთი წლის, თვალებჩასისხლიანებულ ნაგაზზე ეუბნებოდნენ. ეს არის, ქალო, ცუგა?! - კინაღამ მართლა გაწყრა, "ხელუკუღმა" მაშინ პირველად აექავა, - მაგას დედამისიც არ მოჰფერებია, გულშიაც არ გაივლოთ, ლეკვები რო დაყარა, ძლივს გავარიდეთ, ლუკმად არ ეყოფითო.
"ცუგა" ავი და უზნეო ძუკნა იყო, მაგრამ კაცური სახელი - არხეინა ერქვა. ბექაურის ძმამ დაარქვა თავის მეტსახელი. ისეთ დროს ამოუყვანა ბიძაშვილმა, რომ ბექაურს იმის გაზრდა-მოვლის დრო არა ჰქონდა - ხან ცხვარში იყო, ხან კიდევ, ეს მერამდენე წელი გადიოდა, სახლს აშენებდა. სახლიკაცი კი უსაქმური ჰყავდა, ლოთი და დოღრიალა. არხეინა იმან გაზარდა. ახლაც მის გარდა არავის იკარებს, მაგრამ რად გინდა - გაზარდა არხეინა, მერე ცხვარი მოიპარა, გამოდევნებული ცხვრის პატრონი სცემა, თავი გაუტეხა და ციხეში ჩასვეს. ზნითაც როგორ დაიმსგავსაო, უკვირდა ბექაურს და ძალიან რცხვენოდა. მეცხვარის ოჯახში გაზრდილი რო ცხვარს მოიპარავს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდესო - ყოველთვის გაურბოდა ძმაზე ლაპარაკს.
ჭამის და ახლო-მახლო გამვლელის დაგლეჯის მეტი საქმე არა ჰქონდა არხეინას. ბექაურსაც ნაწვნევი ჰქონდა იმის ეშვები. ლეკვები რო დაყარა, მაინც დაჰგუდავსო, და მაშინვე ერთი გოდერძას გაატანა, მეორე ზელიმხანას.
ცალი თვალით გამოხედა ქოფაკმა, თითქოს ეუბნებოდა - არხეინად იყავ, ამოგყრი მაგათ ჯავრსაო. ეს ცალი თვალით გამოხედვაც ცუდად ჰქონდა დაცდილი ბექაურს. იცოდა, ხალხი არ უყვარდა ქოფაკს, სტუმრები ხო სულ არ ეხატებოდნენ გულზე.
იმ ქალებიდან მეორე, აი, არც ისე ახალგაზრდა რო იყო, მაინც და მაინც, მთლად ქალსაც არ ჰგავდა. ბოხი ხმა ჰქონდა, სიგარეტსაც კაცურად ეწეოდა, ახველებდა, და გამომთვრალი პოეტი რო გადასაფსმელად წავიდა, ისიც თან გაჰყვა. ბანცალ-ბანცალით მიდიოდნენ, "გადასაყენებელ" ადგილს არჩევდნენ, რაღაც სერიოზულზე მასლაათობდნენ კიდეც. ერიჰააო, ბექაურმა თავისთვისა სთქვა, დაგიჟებულა ხალხიო. თვითონაც მთვრალი იყო. მაინც შეეცადა წარმოედგინა პოეტი და ბოხხმიანი ქალი ლაპარაკ-ლაპარაკით როგორ გააკეთებდნენ ამას. ბოლო-ბოლო წარმოიდგინა და ზედ შუა სუფრაზე წასკდა სიცილი. გაკვირვებით შემოხედეს, და შერცხვა ბექაურს - ხმამაღლა რამე ხო არა ვთქვიო. მაგრამ იმათაც გაიცინეს და დამშვიდდა. მაშინ იყო იმერელმა, აი, მამიდის ესტატეს ვიღაცამ, ვითომ ხუმრობით რო წამოტორტლა: მართალია, ცხვარში რო დიდი ხანი ხართ და ქალი რო მოგინდებათ, თეთრ ვირებს დასდევთ ხოლმეო...
გაშრა ბექაური. ჯერ შორიახლო პირზე მუჭმიდებულ თავის ცოლს და გოგოს გახედა, მერე ბიძაშვილს და მერე სადღაც კუკიაზე ორ ქმარშუა გაშოტილ მამიდას ისე შეაგინა, რო ამ დილით სინანულით ფიქრობდა: სამჯერ მაინც გადაბრუნდებოდა საფლავშიო. მეზობლის ბიჭმა, მოსახმარებლად გადმოსულმა ამირანამაც უთხრა ეგრე მაგრა არ უნდა შეგეგინებინა, ძალიან დაფრთხნენ სტუმრებიო. მა რა უნდა მექნა, როდის იყო ვირებ დავდევდი... კაც ლამის არის ცხვარში დავბერდე და თეთრი ვირი ჩემს სიცოცხლეში არცა მყოლია და არც მინახნიაო. მაინც არაო, ამირანამ, გინდა თუ არა, უხერხული იყოო. ბექაურმა თვითონაც იცოდა, რომ სირცხვილი ჭამა. გაბრაზებულმა იქით შეუტია - ის კი არ იყო უხერხული, იმ გოგოს რო ეტორღიალებოდი (უფრო ახალგაზრდაზე უთხრა), მთელი საათი რო მინდორ-მინდორ ატარებდი. ის რა, სტუმარი არ იყო თუ რაო...
რცხვენოდა ამას რომ ეუბნებოდა. ხო უყურებდა - ის გოგო უფრო ეტორღიალებოდა. ამირანა უცოლო ბიჭი იყო, რა უნდა ექნა. არაო, ახლა ამირანა გაწითლდა, სულ ტყუილა ვატარე აქეთ-იქით, კოცნაობით გამხეთქა, მეტი არაფერი გამომივიდა, იმიტომ რომ ციკლი ჰქონიაო. რა ციკლიო, გაუკვირდა ბექაურს, ციკლი მაგას კი არა, პოეტსა აქვს რადიოშიო. არაო, ამოიოხრა ამირანამ, პოეტის ციკლი სხვა ციკლია, ამას კრიტიკული ციკლი აქს, ხო იცი ქალების ამბავიო. ბექაურმა კრიტიკულობის ვერაფერი გაიგო. ეშმაკმა იცის რადიოს თავი, ალბათ რაღაც სასამართლოს ამბები იქნებაო, და მეტიც აღარაფერი უკითხავს.
ის მეგრელი მაინც გაეცნო წესიერად, გამოლაპარაკებოდა... ქვისლი იყო მაინც... მაგრამ ხინკლის ჭამა ძლივს მოასწრო, რო დასაძინებლად გააგდო ბიძაშვილმა - ხვალ ადრე ვართ ასადგომი, წადი, გამოიძინეო. ადრე, როგორ არა... გუშინ ხო არ გაუცვნია - სანამ კარგად არ გამოთვრებოდა, არსადაც არ იყო წამსვლელი. შვიდი-რვა წლით იქნებოდა ის ქვისლი ბიძაშვილზე უმცროსი და ეტყობა ეჩაგვრინებოდა. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა და დაწვა. მაგრამ დილამდე არც დაუძინია. გადმოიღო ბექაურის მწყემსური "სპიდოლა" და სანამ ელემენტები არ დასვა, მანამდე დახტოდა სხვადასხვა ტალღებზე. "მეგრულებს" თუ ეძებსო, ფიქრობდა სიმწრისაგან მიყურადებული ბექაური - კი არ ენანებოდა, მაგრამ სოფლის მაღაზიაში ელემენტები არა ჰქონდათ, ესენიც, როგორც იქნა, ბიჭმა ჩამოუტანა ქალაქიდან. ტელევიზორს ჩაურთავდა, მაგრამ შუქი არ იყო. გაეხუმრა კიდეც - ცოცხალს აქაც დავაჭერინებდი, იმ დენს წყალს რო ატანდით, აქეთ გამოგეშვათ, ტელევიზორ "აპკატკას" მაინც გავატარებდიო. არ მიყვარს მე მაგ ცოცხალიო, მეგრელმა, დამხრჩვალი მგონია სულო. არა, ძაან ნაწყენი ჩანდა, მაგრამ ბექაურს იმისთვის აღარ სცხელოდა - მწერალსა და პოეტზე იყო მიშტერებული, იქნება რამე ისეთი სთქვანო. მაგრამ მწერალი მთავრობის გინების მეტს არაფერს აკეთებდა. ქურდებით და მპარავებით გაავსეს ქვეყანაო. მერე თქვა, იმათ სულ ტყუილად ვაგინებთ (მა ამდენ ხანს რა ძალა გედგა? - გულში შეეკამათა ბექაური), ის არის მოსაკლავი, ვინც ეგენი თავზე დაგვასვაო, და ამერიკის გინებაზე გადავიდა. "გაეროს" ამბების გამოკითხვა რო დაიწყო ბექაურმა (მართლა ძალიან აინტერესებდა), მწერალი უკვე პოეტს აგინებდა - ქვეშაფსია ხარ, რო გვეშაირები, რას გვეშაირები, რამე ისეთი თქვი, ავფოფინდეთო (შენ რაღა აფოფინება გინდაო, თვალებაფოთებულ მწერალს აკვირდებოდა ბექაური)... მოკლედ, დაიკარგე შენი ციკლიანაო. პოეტთან სალაპარაკოდ რო გადაჯდა ბექაური (ლექსები ძალიან უყვარდა), მწერალი უკვე ბიძაშვილს დასტაკებოდა - თქვენი ენერგოსისტემების დედაცაო, ჩაჰყვიროდა, თქვენ ხო ხალხი არა ხართ, დაიცათ, მალე გეტირებათ ყოფაო. მართლადა, ბოლო-ბოლო შუქი როდისღა გვექნებაო - ენერგოსისტემებზე თავის "აპკატკაგაუვლელი" ტელევიზორი გაახსენდა ბექაურს. მაგრამ ვერც ამაზე მიიღო პასუხი - ახლა ძმაკაც-გინეკოლოგისთვის დაედგა მწერალს თვალი - ორმოცდაათი წლისა ხარ, შვილი არა გყავს და ძირი, ვის აჩენინებ, რას აჩენინებ, სუ ნარკომანები, კუტიურები, რაღაც ლიდერები და მამაძაღლები გამოდიან, არა გრცხვენია ამხელა კაცს, სად დაძვრები რო დაძვრებიო? იქ რო დავძვრები მაგიტომაც არა მყავს შვილი და ძირიო, ბოხხმიან ქალს თვალი ჩაუკრა გინეკოლოგმა და, წადი ერთი შენიო, მწერალმაც. მერე თევზი შუაზე გადაკვნიტა და ბექაურს ძალიან ირიბად გამოხედა. ჯაჭვზე დაბმული არხეინასავით უყურებდა. მასპინძელს უცბად აზრში მოუვიდა, რომ იმ სუფრაზეც და მთელ დუნიაზეც აემ მწერალს მის გარდა საგინებელი აღარავინ დარჩენოდა. ჩემი ჯერიც მოვიდაო, გაიფიქრა, მერე დედაკაცს ჩუმად უთხრა, მიდი, ცივი წყალი მომიტანეო, და ის იყო დაძაბულ-დოინჯშემორტყმული წამოდგა კიდეც, რომ ყველასდა სასიხარულოდ ფხა გაეჩხირა მწერალს ყელში. ქალაქიდან გამოყოლილი ლუდის ბოთლი მოიყუდა. რა იცოდა - უარესი იყო. ლუდმა სასულისკენ წაიღო ფხა. ატყდა ერთი ამბავი - აბა, ხმელი პურიო, და აიდა, ინდაურის ბუმბულიო (ორად ორი ინდაური თავჯდომარეს ჰყავდა, მერამდენე წელიწადია ერთი ფარშევანგივით დაუდის, მეორე სიბერისგან მოუკვდა და ბრიგადირი დაჰპატიჟა, გაახსენდა ბექაურს. არადა, ბრიგადირმაც იცოდა თავისით რო მოკვდა ის ინდაური, მთელი სოფელი ადგა თავზე, მაგრამ სიბერე სიბერეა - წამალი არა აქვს), მეგრელმა ქვისლმა კი საიდანღაც გამხმარი წკირი გააჩინა, ბამბა დამიხვიეთ, ბამბაო, ყვიროდა. დაუხვიეს... მწერალი უკვე სულს ღაფავდა... მივიდა მეგრელი, ხელებასავსავებულს წკირი შიგ ხახაში ჩასჩარა. მაშინვე გალურჯდა კაცი მაგინებელი, ყელში თითები წაიჭირა, ხროტინით უკან-უკან წავიდა და თვალმილულულ, მთვლემარედ თავმოკატუნებულ ნაგაზს გადააწყდა. აი, აქ კი არხეინამ თავის სიცოცხლეში პირველი და ალბათ უკანასკნელი სიკეთე ჩაიდინა - მწერალს წამოუხტა, შარვლის ტოტზე მიასწრო კბილი და შეაფლითა, სანამ ჯაჭვი გაჰყვა, ხო მისდევდა, ჯაჭვი რო გათავდა ყალხზე შედგა და... მაშინ იყო სეირი - დაფეთებული თამადა ირემივით გადაახტა დაწნულ ღობეს, კივილით დაეშვა მდინარისკენ...
არაგვისპირიდან რო მოაბრუნეს, ფხაც გადაყლაპული ჰქონდა, ის წკირიც თავის ბამბიანად და ენაც. მოსულიერდა და, თქვენ შემოგევლეთო, გაიღიმა, თქვენი ჭირიმე, ძალიან მიყვარხათ... ეს რა ძაღლი ყოფილა, ქართული ჯიშის ყველაფერი კარგიაო. ბექაურს გაეცინა - მისწრება ყოფილა ამისთვის ძაღლიო. ბიძაშვილს ჩასჩურჩულა, ლეკვი გოდერძასთვის კი არა, ამისთვის უნდა გამეტანებინაო. ეეხო, ჩურჩულითვე გაეპასუხა ბიძაშვილი, ამას პირდაპი ქოფაკს თუ მიაბამ ფეხზე, თორე ლეკვს ორ კვირაში დააწყებინებს გინებასაო. იფიქრა, იფიქრა ბექაურმა და ესღა თქვა: მგონი ყაზბეგი არ იგინებოდა, ვაჟა ფშაველა ხო საერთოდაცო... ბიძაშვილმაც მხრები აიჩეჩა - ენერგეტიკოსი ვარ, გინება მარტო ჩემი მინისტრისა გამიგია, ყაზბეგი და ვაჟა თუ ილანძღებოდნენ, არაფერი ვიციო, და მორჩა ყველაფერი - სმა გააგრძელეს. მაგრამ ახლა თამადად პოეტი დანიშნეს. ის ცოტა ხათრიანი კაცი ჩანდა, ამიტომ უკვე ყველამ დაიწყო გინება მწერლის გარდა. ის ბოხხმიანი ქალიც იგინებოდა. იგინებოდა კი არა, ერთხელ გადააწიტა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ბექაურს ასე მოეჩვენა, გაბრაზდა და სუფრაზე ჯდომის ხალისი წაერთვა. განმარტოვებულ მწერალს ვითომც ყურადღების მისაქცევად გადაუჯდა. ელდაგავლილი მწერალი თავისთვის გაყუჩებულიყო, გაცინებული მიშტერებოდა თვალებმინაბულ არხეინას. გაოცებულმა ბექაურმა აღმოაჩინა - კი იცინოდა ნათამადარი, მაგრამ პოეტს მიყურადებული ჩუმად მაინც რაღაცას ილანძღებოდა. ეგრე არ დარჩეო, ახალმა თამადამ გამოსძახა, ალბათ გული თუ უგრძნობდა რამეს. წადი შენი ემფატიკური დედაცო - ჩაესმა ბექაურს...
"რაო, რა ბრძანეთ?" ­- ბექაურმა. რაო და, რითმაში სულ ემფატიკური ან-ით გადის იოლას, პოეტი კი არა, ჩემი ფეხებია, მაგის უნიჭო შუბაც დავხიეო... - სლოკინით ამცნო თამადობიდან გადაყენებულმა.
მართალია, ამ სიცხეში რა დროს შუბააო, გაიფიქრა ბექაურმა, ახალ თამადას გახედა - რაღაც პრიალა, გაღეღილი და ლურჯყვავილებიანი პერანგი ეცვა - ეგ ემფატიკურიანი ალბათ უფრო გრილიაო. მარტო ის ვერ გაიგო "შუბა" და "ემფატიკურიანი "საროჩკა" პოეტის ნიჭთან რა კავშირში იყო, მაგრამ კითხვა მოერიდა.
ამასობაში სტუმრები ეზოში შემოლაგდნენ. უკან ამირანა მოჰყვებოდა, მოასეირნებდა იმ გოგოს, რომელსაც რომ პოეტისგან განსხვავებული, თავისი საკუთარი ციკლი ჰქონდა, სიცილით უყვებოდა რაღაცას. დილა მშვიდობისაო, ალაქლაქებულმა მწერალმა წამით მოაბრუნა თავი, მოესალმა და ისევ იმერელთან, მამიდის ესტატეს ვიღაცასთან განაგრძო ქაქანი. კეცებს და კაკლის ფოთლებს აგინებდა, შხამებს გამოჰყოფენო. აბა, ამათა ჰყოლიათო, ბექაურმა, რა აუტყდათ ეს კეცებიო. მწერალი სახიფათოდ მოცოცხლებულიყო. პოეტი და ბოხხმიანი ქალი შემოღობილს იქით, ანწლებთან დაბორიალობდნენ. კიდე ხო არ ეფსიათო, შეღონდა ბექაური, უკვე დღეა, ხალხი დადის... თავის "უბორნიას" გახედა - დიდი არაფერი, მაგრამ ბუჩქებში ძრომიალს ისევ იქა სჯობიაო. მერე მწერალს დააკვირდა და დაინახა - სპილენძის ფიალა ამოეჩარა იღლიაში. ეცნობოდა. ეგ რა არიო, ამირანას დაეკითხა. ვაჩუქეო, ამირანამ. რათაო. რათაო და ჩანთაში იტენიდა, თავზე რო წავადექი, რელიქვიიაო, მითხრა... ხელს ხო არ მოვტეხამდი, ავდექი და ვაჩუქეო. ბექაურმა გადააფურთხა, და აბა, დავსხდეთ, დავსხდეთო...
ქალებს მაგიდა ეზოში გამოეტანათ, დილის მზეზე საამოდ ქათქათებდა სუფრა, თეფშებს და ჭიქებს წკრიალი გაუდიოდათ, ამირანა ღვინის ჩამოსხმას შეუდგა, და ის იყო გუნება გამოუკეთდა ბექაურს, რომ დაინახა - მწერალი მაგიდის თავში, ისევ სათამადო სკამისკენ მიიპარებოდა. არა, არაო, თავისდაუნებურად შესძახა, მაშინვე შეცბა, და ახსნა-განმარტებას მოჰყვა - შენაო, ისაო, მწერალი კი ხარ, მაგრამ თამადა ხო უკვე იყავიო... თანაც ეე... რა ჰქვიან... ფხებსა ყლაპავო, აემ პატიოსანმა კაცმაც, ემფატიკურიანი ხალათი რო აცვია, ამანაც უკვე ითამადაო... ეხლა სხვა ვინმე ავირჩიოთ... მაგალითად, ვინა... ვინა და, აი, ეს კაცური კაცი, ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაკაცებს ნარკომან ბალღებ და ლიდერებ რო აჩენინებს, ამის ხმა გუშინ მარტო ერთხელ გავიგე... ამანაც თავისი გვითხრას, როგორც ვატყობ, ამერიკაც ფეხზე ჰკიდია და ენერგეტიკაც, არა მგონია გინება დაიწყოსო - ყველაფერი ძალიან ალალადა სთქვა.
გინეკოლოგმა ჩაიცინა და გასწია სათამადო ადგილისკენ. დანარჩენებმაც ჩაიცინეს, დასხდნენ და ეშმაკურად გაღიმებულები მიაჩერდნენ დილის თამადას.
ჭკვიანი კაცი იყო ბექაური, ამ ჩაცინებებმა შეაფიქრიანა და გულმაც რეჩხი უყო. ხვდებოდა - იჩქარა. შეცდომის გამოსწორებაზე გამალებული ფიქრობდა, რომ თავის ბიძაშვილს მოჰკრა თვალი, ნიფხავზე შარვალი ამოესხა, პირი დაებანა და "უბორნიის" მხრიდან აქელებული მოემართებოდა სუფრისკენ, პირდაპირ ყაურმის სუნზე მოდიოდა. უკან კუნტრუშით მოსდევდა ქვისლი, შარვალს ფაცხა-ფუცხით იკრავდა.
"ფუიჰ... ესენიც ერთადა ფსამენ, რა ოხრობაა, ცოტა ხნის წინ მაინც გამოთრეულიყო მამაცხონებული, ე გინეკოლოგი რაღაც ძალიან ცუდად იცინის."
"ჩამოასხით! - ბრძანა გინეკოლოგმა და წარბები ძალიან შეიკრა, - ამით ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ!"
რა დროს ქალებია? ჯერ დილის მადლი თქვი, ღმერთს შეხედეო, თავისდაუნებურად გაწყრა ბექაური. თამადა მე ვარო! - ხელის გული აჩვენა გინეკოლოგმა, ეგ მე ვიციო.
"ცოცხალი გადაიღე, ბიჯო!" - ბიძაშვილმა ყაურმიანი ჩანგალი ლამის პირიდან გასტაცა ქვისლს.
"არ მიყვარს ცოცხალი მე, - აწუწუნდა ქვისლი, - დამხრჩვალი მგონია სულ..."
მწერალს ახლა ორი სპილენძის ფიალა ამოედგა აქეთ-იქიდან. მეორე ფიალაც ეცნო, რა ცნობა უნდოდა - თავისი იყო. აივნისკენ ცოლს გახედა. მავედრებელი თვალებით შემოსცქეროდა ქალი. მიხვედრილიყო და, მიაშავე, მიაშავეო, თვალებით ეხვეწებოდა.
ეხლა, საერთოდ, ქალებს გაუმარჯოთო, უკვე მეორე სადღეგრძელოს ჟღურტულებდა თამადა, მე ვიცი ეგენი ვინც არიან, სიცოცხლის სახლის დედაბოძები არიან... სხეულიც კი ჩვენზე უნიკალური აქვთო. ჩვენზე უნიკალური ექნებათ, აბა, რა იქნებაო, იცხადებდა ბიძაშვილის მეგრელი, პირი "ცოცხალით" გამოეტენა, იმხელა მკერდები აქვთ, გაგიჟდები, ჩვენ სადა გვაქვს მაგხელა მკერდები, პატარები გვაქო (პატარა მკერდებზე ბიძაშვილს ცოლისდა გაახსენდა, დამთვრალიყო უკვე).
შემდეგი ჭიქით ქალების გაჭინთვის სადღეგრძელო შესვა თამადამ. თქვენს გაჭინთვას გაუმარჯოსო, ისე ღრიალებდა, მეზობლის დედაკაცები ბალღებიანად მოაწყდნენ ღობეს. გაგიჟდა ბექაური. სპილენძის ფიალებში ჩამჯდარი მწერალი ნიშნის მოგებით უყურებდა. ემფატიკურიანი პოეტი სიცილით კვდებოდა, თამადა კი ქალებს აჯინდებოდა - გაიჭინთეთ, თქვენი ერთი გაჭინთვა, რაიხსტაგის აღებას უდრის, რა იცით, ვიზე იჭინთებითო.
ბექაურს კი უკვე ხუთი ჭიქა ჰქონდა დალეული, წუხანდელი სიმთვრალე შებრუნებოდა. ამ გაჭინთვებზე ვინმემ რამე არ გამომტყუოსო, მოიბოდიშა და თვალებამღვრეული წამოდგა:
"წავალ, პირზე წყალს შევისხამ!" - არ უყვარდა დილაობით სმა. რო დგებოდა, თვალი შეასწრო - ბოხხმიანი ქალი სხვადასხვა თეფშებიდან ძვლებს აგროვებდა. რათ უნდაო, ბუნდოვნად გაიფიქრა და წყლისკენ ბარბაცით გასწია.
"ძველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ! - სახლის უკან გასულს ჩაესმა, - თერთმეტ-თორმეტს ისე გააჩენდნენ, ზემოთხსენებული გაჭინთვა არც კი დასჭირდებოდათ!"
წყალთან ბექაურის გოგო იჯდა, თეფშებს რეცხავდა, შემოხედა მამას, გაუცინა და ჭურჭლიანი ჯამი გვერდზე გასწია. ბექაურს შერცხვა, დავთვერიო, დამნაშავესავით უთხრა. მერე საკინძი მოიღეღა, დაიხარა და წყლის ჭავლს გახურებული კისერი შეუშვირა. წყალი ნიკაპსა და ცხვირზე წამოუვიდა წურწურით, ეამა. პეშვებში დაიგუბა და ახლა პირზე შეისხა. თვალებში თეთრი და ოქროსფერი რგოლები აუთამაშდნენ... კიდევ შეისხა, კიდევ და თითქოს შეგრილდა კიდეც. გოგომ პირსახოცი მიაწოდა. კუნძზე ჩამოჯდა ბექაური, სახეს იმშრალებდა და ძალიან სწუხდა - უღმერთოდ დამთვრალიყო უკვე, წყალი ვეღარაფერს უშველიდა. ცოტა ხანს მზეს გაუსწორა თვალი. იმდენი უყურა, სანამ მზერა არ გაუბაცდა, მერე თვალები დახუჭა და წათვლიმა... არხეინა დაესიზმრა მაშინვე, გასხვისებული ლეკვები აქეთ-იქიდან ამოდგომოდნენ დედას, დაზრდილიყვნენ, ეშვები გადმოეყარათ... იღრინებოდნენ და სამივენი ცალთვალმოჭუტულნი შემოსცქეროდნენ ბექაურს. უნდა დამეხოცაო, ძილში გაიფიქრა გაბოროტებულმა ბექაურმა, ამათგან ხეირი მაინც არ იქნებაო.
არც ახსოვს ასე გაავებულს რამდენ ხანს ეძინა, საშინელმა წიოკობამ გამოაფხიზლა. დაფეთებული წამოხტა, მოურბინა სახლს და რას ხედავს - ყველა ერთმანეთს დარეოდა - პოეტი მწერალს წასწვდომოდა ყელში, მუსიკოსი კომბალივით ატრიალებდა გიტარას, ბიძაშვილს მეგრელი ქვისლი გადაეწვინა მაგიდაზე და პირში რაღაცას თხრიდა, ყალხზე შევარდნილ არხეინას ღობესთან მიემწყვდია ფერდაკარგული ბოხხმიანი ქალი, იმის "ჯინსების" მოზრდილი ნაგლეჯი უფრიალებდა პირში, ქალს სუფრაზე აგროვებული ძვლები შერჩენოდა ხელში, ერთიანად კანკალებდა. გინეკოლოგი კი ბექაურის ცოლს დაბღაუჭებოდა მაჯაში - მესამეს რათ არ აჩენო, უყვიროდა. რას ამბობ, ქააო, თავსაფრის კიდეს სახეზე იფარებდა ქალი, რაღა დროს ჩემი ეგ არის, სადაც არის ორმოცდაათის მოვიყრებიო. მერე რაო! - გინეკოლოგი ღრიალებდა, - მე აქ არა ვარ? მე გაგაჩენინებ, გაიჭინთეო! აქ სად გავიჭინთოო, ემუდარებოდა ჭკუიდან გადამდგარი ქალი.
მე გაგაჩენინებო?! - პირგმშრალმა ბექაურმა ღობიდან მარგილი ამოაძრო. თამადისკენ რომ მიიპარებოდა, ამირანამ მიუსწრო და გააგდებინა: დამშვიდდი, ის არა ჰქონია მხედველობაში, შენ რო იფიქრე, ხო იცი გინეკოლოგების ამბავიო... ბექაურმა მოიქნია და ბურთივით გაისროლა ამირანა. ახლა მაგიდაზე დალაგებულ, მწერლის მოპარულ სპილენძის მძიმე ფიალებს წამოავლო ხელი, გინეკოლოგი მოატრიალა და ჯერ "თავური" დააჭედა შუბლში, მერე უკან გადაქანებულს ის სპილენძის ფიალები ყურებში შემოჰკრა - თავისი მარცხენაში, ამირანასი კიდევ მარჯვნივ გაუსწორა. ეს რა ჰქენიო?! - მაგიდაზე გადაგორებულ ქვისლს თავი დაანება ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა - კი არა სცემდა, ფხას უღებდა თურმე.
"წადი თქვენი პატრონი დედაც და თქვენი "ცოცხალისაც!" - გაცოფებული ბექაური დაუფიქრებლად გატრიალდა და მაშინვე პირსა და ტორებში ჩაუვარდა ყალხზე შემდგარ, გააფთრებულ არხეინას. ჯერ ყბასა და კისერზე იგრძნო მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი, მერე ბარძაყი აეწვა და ცოლის კივილიც ჩაესმა... ამირანა ღობიდან ამოძრობილი მარგილით გამორბოდა, ვიღაცამ თოფიც გაისროლა და... ჩამობნელდა კიდეც.



* * *


მანქანის ხმაური, ცხვრის ბღავილი და მწერლის ლაპარაკი ერთდროულად გაიგონა ბექაურმა. კინაღამ მეორედ წაუვიდა გული: ისევ ქაქანებენ! მაგრამ, დაღამდა თუ რა არი... ან ეს ცხვარი ვინ მორეკა... მერე იოდის და რაღაც წამლების სუნი იგრძნო, მიხვდა - სახე და კისერი ჰქონდა გადაბინტული, და ჯერ არხეინა გაახსენდა, მერე ცოლის მაჯაზე ჩაფრენილი გინეკოლოგი, და უცებ ისე აეწვა ფეხი, კინაღამ ღრიალი მორთო. დამშვიდდი, დამშვიდდიო, ბიძაშვილის ხმა იცნო. ხელი გაითავისუფლა, სახიდან წვალებით გადაიწია სახვევი და შეღონდა - აქედან მწერალი ეჯდა, იქიდან გიტარიანი მუსიკოსი, მანქანის წინა სკამზე გამომთვრალი ქვისლი იჯდა, ტუჩებზე მიჰკრობოდა "ცოცხალის" ფხებიც და ქერცლებიც, ბიძაშვილი თვითონ მისჯდომოდა საჭეს და ქვისლს აგინებდა - როდის მოასწარი დათრობა, ერთი სახლში ჩაგიყვანო, იქ მოგივლიო.
დაღამებით კი მართლა დაღამებულიყო. სად მივდივართ, რა მომივიდაო, ბექაურმა. რაო და, ეშმაკმა იცის მაგ არხეინას თავი, მთელი ადგილი აღარ დაგიტოვა, ვერ გაგაგდებინეთ, ბოლოს ამირანამ თოფი გამოიტანა და მოჰკლაო. წყლისპირზე ნანახი არხეინას ლეკვების სიზმარი გაახსენდა. ისევ ასტკივდა და ახლაღა დაინახა ფეხი - გასისხლიანებული მარლებით შეხვეული წინა სკამებს შუა ედო. ეხლა დუშეთში ჩავირბენთ, გაგკერავენ, გადაგიხვევენ და შრატსაც გაგიკეთებენ, ნუ გეშინიაო.
"ცოფია მოდებული ქალაქში!" - მუსიკოსმა სლოკინით თქვა.
"ეს ფარა სადღა გამოეჩხირა!" - სიტყვა ბანზე შეაგდო ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა ცხვრის ფარაში გახირულიყვნენ. გაუკვირდა: ამ შუაღამისას სად მიჰყავთ ცხვარი?
გოდერძა და ზელიმხანა არიანო, ბიძაშვილმა, ბოგირზე ვერ გადასულან, სხვებს ბოლოში მოქცევიან და ძალიან ჯავრობენ, გოდერძა სულ დედას იგინებოდაო. გინებაზე მწერალს ახედა ბექაურმა. იმანაც ჩამოხედა, დაიმორცხვა და, ეგეთი ყაურმა ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო, შეაქო. მადლობას მიხდისო, უფრო გაბრაზდა. ყაურმის ხსენებაზე, მოულოდნელად ქვისლი გაწიწმატდა:
"რა წესია... რულზე ხო დამსვით და დამსვით... მერე დამხრჩვალი თევზით მომკალით კინაღამ და... ორი ჭიქა არ დამელია? ყაურმა, ყაურმაო, რომ იძახით, სულ არ მიჭამია მე ყაურმა... დილიდანვე მინდოდა ჭამა, მაგრამ ვინ გაჭამა..."
ჰო, კარგი, ჩავალთ და გაჭმევო, ბიძაშვილმა.
"რის ყაურმას მაჭმევ?" - ისე გაბრაზდა მეგრელი, ფანჯარა ჩასწია, რომელიღაც ჭედილას დააფურთხა. ჩამოწეული ფანჯრიდან უფრო ისმოდა ცხვრის ბღავილი.
"რის ყაურმას გაჭმევ და... რის ყაურმას და..."
"მოდი ერთი ცხვარი შემოვაგდოთ!" - მწერალი რის მწერალი იყო - ფანტაზია ოხრადა ჰქონდა. უი, მართლაო, ბიძაშვილმაც, ვინ რა ფეხებს გაიგებს, ამოდენა ცხვარიაო.
"რას ჰქვია შემოაგდოთ?! - უილაჯოდ გაბრაზდა ბექაური, თქვენ მე თვალში ხო არ გეპატარავებით? რა ცხვარი აგიტყდათ, ორი დღეა ცხვარსა ხეთქავთ? ანდა არა გრცხვენია, გოდერძას ცხვარი როგორ უნდა მოჰპარო? რა ჩემი სახლიკაცივით, არხეინასავით იქცევიო..."
მაგრამ ვინ დაგიგდო ყური. ერთი ცხვარი ხო მაინც შეპირებული იყავი... ის გოდერძას მიეცი, ჩვენ კიდევ ეხლავე ავიყვანთ, გოდერძა წინ არის წასული, მაგის ნებართვის აღებას დილამდე ვერ მოვახერხებთ, არადა შრატი გიგვიანდებაო.
ჯანდაბას, რაც გინდათ, ისა ჰქენითო, შეპირებული ცხვარი გაახსენდა ბექაურს. მიდი, ბიჯოო! - იდაყვი გაჰკრა ქვისლს ბიძაშვილმა, მაინც და მაინც დიდი ნუ იქნება, საშუალო თოხლი შემოაგდეო. მწერალი და მუსიკოსი განაბულიყვნენ. ვაი, ამათ პატრონს! - ტკივილმოძალებულმა ბექაურმა გაიფიქრა და თვალი მილულა. დაუმთავრებელი სახლი დაუდგა თვალწინ. ზამთარი მოახლოვებულიყო უკვე.
"რა ვიცი მე თოხლი რომელია!"
"რომელია და, აგე იმას ხო ხედავ, რქებიანს... აგე, იმასაც... რა სუ ჭედილები მოხვდნენ მანდეთ... შუქი ჩააქრეთ, კაცო! ჰოდა, ეგეთი არ უნდა იყოს, გაიგე? უფრო პატარა უნდა იყოს... ურქო... დასტაცე ხელი და ფეხებთან ჩაისვი! მე მუსიკებს ჩავრთავ..." - ბიძაშვილმა გადაატრიალა და რადიო ახრიალდა.
"შენთან სიზმრებში მოვალო..." - მღეროდა ვიღაც. მუსიკა რაღაში უნდა, ამ დედაშეღონებულს, ძილ-ღვიძლში გაუელვა ბექაურს, სიზმარზე კი ისევ კბილებდაღრენილი არხეინა გაახსენდა.
"კისერში ჩაავლე, კისერში! - აფუსფუსებულ და მანქანიდან გადახრილ ქვისლს არიგებდა ბიძაშვილი, - აი, ეგრე... ეგრე და მოკეტე ეხლა კარი!"
"ვოლგის" ჩაბნელებულ სალონში ჯერ ჩუმი ღრენა გაისმა, მერე ქვისლის კივილი... ბიძაშვილმა კარი გააღო და ცხვრებში გადავარდა...
"სულ არ ქონდა რქები!" - ამას ვინ იძახდა, ბექაურმა ვეღარ გაარჩია, - რა ვიცი თოხლი რომელია მე... - სახვევი ისევ გადასწია...
ჯერ მწერლის გასისხლიანებული თავ-ყბა და შიშისგან მოღრეცილი სახე დაინახა, მერე ალმასივით აკრიალებული ეშვები. იცნო - არხეინას ლეკვი იყო, გოდერძას რო აჩუქა და სიზმარში რო ნახა, სწორედ ის. წლინახევრის ნაგაზმა დედამისივით ცერად გამოხედა, ერთი დაიყეფა და ყელში არა, თავი ჩახარა და რატომღაც ფერდში წასწვდა...


* * *

ცარიელ პალატაში მარტო იწვა ბექაური. სხვა ადგილები ცარიელი იყო. გუშინ, გონზე რო მოვიდა და გვერდითა ლოგინზე თავ-ყბაშეხვეული მწერალი დაინახა, წვალებით გადაიხარა, კედელზე აყუდებული სახაზინო ყავარჯენი მოიჩოჩა და შიგ თავში ხეთქა. ძლივს გაარიდეს - კიდე რო დავინახო, მოვჰკლამო, ირწმუნებოდა. ბიძაშვილის ქვისლი უფრო ადრე წაეყვანათ. იმას თვითონ აუტეხია - გონზე რომ მოვა, მომკლავსო. მართალიც იყო.
საწოლის თავთან, თეთრხალათწამოსხმული გოდერძა ეჯდა ბექაურს. გაუპარსავ ლოყაზე ფიქრიანად ისვამდა ხელს:
"ბიჭებმა რო მითხრეს, არ დავიჯერე... აბა, რა დასაჯერებელია... თვითონ მაჩუქა-მეთქი..."
"არა-მეთქი! არა! რით ვერ გაიგე?! - ეს მერამდენედ უმტკიცებდა ბექაური, - ძაღლი რა ოხრობად მინდოდა? დაგლეჯილი სავადმყოფოში მოვყავდით."
"ჰოდა, მეც ეგა ვთქვი - სავადმყოფოში მიდიოდნენ-მეთქი... ლეკვი კიდენა თითონ მაჩუქა-თქო... ძაღლების მეტი რა ოხრობა გვყავს, მაგრამ ეგ ისეთი ავია, ისეთი ავია... მაგრამ რა, შენ ოღონდ მითხარ და თუ გინდ ემსაათში აქ მოგიყვან." - გოდერძა ძალიან ნელა, დუხჭირად აზროვნებდა.
ბექაურმა სიმწრით მომუშტა საბნის ქვეშ ხელები. ექთანი შემოვიდა. შპრიცი მაღლა აეწია, მზის შუქზე არყის ჭიქასავით გასცქეროდა.
"კუნთი მიჩვენეთ, ბიძია!"
"რაო, შვილო?"
"ნემსი უნდა გაიკეთოთ-მეთქი!"
"გავიკეთებ, მა სად გავიქცევი," - ბექაური წვალებით გადაბრუნდა მუცელზე. ნემსს რო უკეთებდნენ, გონება გაუნათდა, ისეთი კარგი რამე მოიფიქრა, რო რაღაცნაირად ბალღურად ჩაიკისკისა კიდეც. ეგეთი რა ნემსიაო, ჩაკისკისებაზე გაუკვირდა გოდერძას, ეგრე რამ გაამხიარულაო.
"გინდა სიმართლე გითხრა?" - ექთანი რო გავიდა, დაეკითხა ბექაური. გოდერძამ თვალები დაახამხამა.
"მე ძაღლი რაში მჭირდებოდა? მე კი არა აი, იმ მწერალმა... აი, სუ ტელევიზორში როა..."
"რომელი ტელევიზორი... რაზე შევაერთო ეგ ტელევიზორი? ზელიმხანას ხო არ შევუერთებ... სად არი დენი?"
"სად არი და, სადაც არი... ჰოდა, აი, მაგან აიჩემა ქართულ ნაგაზზე უკეთესი ჯიში არ მეგულება, ისე მიყვარს, ისე მიყვარს, ვგიჟდებიო... მე კიდევ, შეღონებული ვიყავ, ჭიდაობას ხო ვერ დავუწყებდი, დასტაცა ხელი და შემოაგდო მანქანაში!"
"მწერალმაო?! - გოდერძა ჭერის თვალიერებას მოჰყვა, - მერედა, ეთქვა იმ დალოცვილს, რა თავს აჭმეინებდა... სულაც სახლში ჩავუყვანდი."
"მაგრად კი დაუგლეჯია, ხო იცი... კინაღამ თან გადაჰყვა. თუ იმ ძაღლს ამოუყვან, სუ შენს ხსენებაში იქნება, ტელევიზორშიც იტყვის... გეფიცები. ის კი არადა, იმოდენა არხეინას ჩემს ეზოში დაეტაკა საფერებლად."
"საფერებლად?... ხვალვე ამოვუყვან!"
"დილით უნდა გამწერონ. დღეს საღამოსვე ამოუყვანე, მეც მინდა ვნახოო, ბექაურმა, ეგეთ რამეს მეორედ სადა ნახავ... თან ძაღლის საქმეც კარგად იცის. მოუყვან თუ არა, აგე, გვერდით პალატაში წევს... სუ მარტოა, შეუღე კარი და ძაღლი შეუშვი, შენ საერთოდ ნუ გამოჩნდები, ის იქნება... რა ჰქვიან... სურპრიზი იქნებაო."
ეგრე ვიზამო, წამოდგა გოდერძა, დაღამებისას აქ გავჩნდებიო. თეთრი ხალათი გაიხადა, გასვლისას ექთანი გააფრთხილა - ავადმყოფ კაცს თავის გაზრდილი ძაღლი უნდა ვაჩვენო, დიდხანს არ შეგაწუხებთ, მარტო თვალის შევლება უნდაო, და წავიდა.
შუაღამემდე ფხიზლობდა ბექაური. თორმეტი საათი იქნებოდა "ვილისის" ხმა რო გაიგო.
"გოდერძაა!" - ერთიანად დაძაბა. ცოტა ხანში ძმაკაცმა კარი შემოუღო, შუქები ჩაექროთ, მარტო დერეფანში ბჟუტავდა ლამფა, მაგრამ მაინც შეატყო, გოდერძას რაღაცა თუ ვიღაცა ექაჩებოდა უკან, დაგუდული ღრენაც ისმოდა.
"თანა ჰყავს!" - გაუწკრიალდა გულში.
"რომელ პალატაშია? - ჩურჩულით გამოსძახა გოდერძამ, - მარცხენა მხარეს თუ..."
"მარცხენა! მარცხენა!" - გაუქნია ხელი. გოდერძამაც გავიგეო და კარი გაიხურა. მალე მეზობელი პალატის კარის ჭრიალი მოესმა, მერე ჩაყეფებასავით რაღაც ხმა და გაგიჟებულმა ღრიალმა, რა ვიცი, მერამდენე კილომეტრის იქით, ფასანაურის "ინტურისტის" დარაჯი, ნაარყალი ალმაცერაც კი გამოაღვიძა. დაგვეცნენო, ძილ-ღვიძილში ნაღვლიანად გაიფიქრა ალმაცერამ, მერე ბალიშზე ამოყუდებულ თავის "უზატვორო" კარაბინს მოუთათუნა ხელი და კედლისაკენ გადაბრუნდა. თუ არაყს თავს დაანებებ, "ზატვორსაც" მოგცემო, დირექტორის ნათქვამი გაახსენდა, გაღიმებულმა მილულა თვალები და მალე ხვრინვაც ამოუშვა კიდეც.

იმ ღამის მერე აგე, უკვე მეათე წელი გადის, მანამდეც კარგი ორმოცდაათი ჰქონდა უკან მოტოვებული ბექაურს, მაგრამ რაც იმ კარის დაჭრიალებას და ღრიალს მოჰყვა, იმაზე სასიამოვნო, არც ამ ათ წელიწადში, არც მანამდელ ორმოცდაათში, თავს არასოდეს გადახდენია.
არადა ბოროტი კაცი არ იყო ბექაური - ცხვარიც უყვარდა, ცოლ-შვილიც, მწერლებიც და არც ძაღლები ეჯავრებოდა მაინც და მაინც...




© “წიგნები - 24 საათი”