Saturday, November 29, 2008

ახალი წიგნები (ნოემბერი, 2008)

”Gabriel Garcia Marquez. A Life ”
Gerald Martin
”გაბრიელ გარსია მარკესი. ცხოვრების გზა.”
ჯერალდ მარტინი
688გვ, Bloomsbury


ცხოვრება უსაზღვო პოპულარობისა და ლიტერატურული ღირებულებების შენარჩუნების ზღვარზე, პოლიტიკასა და შემოქმედებას შორის, მარტოობასა და სიყვარულთან ერთად, უცნაური კონტრასტები და მაგიური რეალიზმი _ ყველაფერ ამისთვის თავის მოყრა და აქედან თანმიმდევრული ბიოგრაფიის გამოდნობა გაბრიელ გარსია მარკესმა ჯერალდ მარტინს მიანდო. ნობელიანტი მწერლის ცხოვრებას მისი ბიოგრაფი 15 წელი იკვლევდა, ამ პერიოდის მანძლზე თავად მარკესის გარდა 300-მდე ადამიანისგან აიღო ინტერვიუ, რომელთა შორის იყვნენ ფიდელ კასტრო, ფილიპ გონსალესი, კარლოს ფუენტესი, მარიო ვარგას ლიოსა, მარკესის და-ძმები, მისი ლიტერატურული აგენტები, მთარგმნელები და საუკეთესო მეგობრები. ასე რომ, წიგნი საკმაოდ საინტერესო მოულოდნელობებს ჰპირდება მკითხველს და საყვარელი მწერლის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.


”John Milton: Life, Work, and Thought ”
Gordon Campbell, Thomas N. Corns
”ჯონ მილტონი: ცხოვრება, მოღვაწეობა და აზრები”
გორდონ ქემფბელი, თომას ნ. კორნსი
476 გვ, OUP Oxford



ბრიტანელი პოეტის, ჯონ მილტონის ბიოგრაფია მისი 400 წლის იუბილეს ეძღვნება. ავტორები, გორდონ ქემფელი და თომას ნ. კორნსი პოეტის შემოქმედებისა თუ ცხოვრების ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილს თომას ელვუდთან მის მეგობრობას უკავშირებენ, რომელსაც ასევე დიდი ადგილი აქვს დათმობილი წიგნში. მილტონი თავის ხელნაწერებს მეგობარს აკითხებდა, და ”დაკარგული სამოთხის” შესახებ ელვუდის კომენტარმა _”იქნებ სამოთხის აღმოჩენაზეც დაგეწერა რამე?” _ შთააგონა მილტონი თავისი მომდევნო პოეტური ნაწარმოები შეექმნა. წიგნი არაერთ ასეთ დეტალს შეიცავს, საინტერესო ამბებითა და ფაქტებითაა დამუხტული.


“Ritournelle de la faim”
Jean-Marie-Gustave Le Clézio
“ქალთა სიმღერა”
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
206გვ, Editions Gallimard


შეიძლება თუ არა, რომ მუსიკამ ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, გააჩნია თუ არა ბგერების ჰარმონიულ წყობას ამის ძალა, თუ, უბრალოდ, ეს სხვადასხვა მოვლენათა თანხვედრის გამო შექმნილი ილუზიაა და ცვლილებების მუსიკაზე გადაბრალებაც ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა... ლე კლეზიო ახალ რომანში გვიამბობს, როგორი გავლენა იქონია ”ბოლერომ” დედაზე, როდესაც მან იგი პირველად მოისმინა _ მუსიკა, რომელიც თან ატარებს შურის, ბოროტების, ღვარძლისა და შიმშილის ისტორიას. მისი დასასრული კი ძალადობისა და სისასტიკის მინელების შემდგომ სიჩუმეს ჰგავს, შემზარავ, სამარისებულ სიჩუმეს. ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატია.



“The Widows of Eastwick “
John Updike
“ისტვიკელი ქვრივები”
ჯონ აპდაიკი
320 გვ, Knopf



ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქმრებისგან მიტოვებულმა ალქაჯებმა ისტვიკში დაიდეს ბინა და თავიანთ მაგიურ შესაძლებლობებს ბოლომდე მისცეს გასაქანი. რაღა არ მოიმოქმედეს, რაში აღარ გამოავლინეს ჯადოქრობის ძალაუფლება, და ახლა კი, როცა აღარც ასაკი, აღარც გარეგნული მომხიბვლელობა და მიმზიდველობა აღარ უწყობთ ხელს, მონადირებულ ქალაქში დარჩენის არანაირი ხალისი აღარ აქვთ. სამი ალქაჯი მოგზაურობას იწყებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის ცნობილი რომანის, ”ისტვიკელი ალქაჯების” მეორე სერია მკითხველს კიდევ ერთ შესანიშნავ ისტორიას უამბობს უკვე კარგად ცნობილი პერსონაჟების შესახებ.


“Poe: A Life Cut Short “
Peter Ackroyd
“პო: შემოკლებული ცხოვრება”
პიტერ ეკროიდი
288გვ, Chatto & Windus

პიტერ ეკროიდი თავის ახალი ბიოგრაფიულ ნაშრომს ამჯერად ედგარ ალან პოს უძღვნის. თუმცა, მწერლის ეკროიდისეული პორტრეტი მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ახალს თითქმის არაფერს გვეუბნება - წიგნი ბალტიმორის ქუჩებში მომაკვდავი პოს გამოჩენით იწყება, მაგრამ ავტორი თავს არიდებს სენტიმენტებს და უბრალოდ აღნიშნავს, რომ დიდ დანაკარგთან გვაქვს საქმე. ეკროიდის მიზანი ამჯერად ედგარ პოს ბიოგრაფიის რამდენმე დეტალზე ყურადღების გამახვილებაა, მის რასისტულ ოჯახზე, სასმელის მიმართ არათუ მიდრეკილებაზე, არამედ დამოკიდებულებაზე, ახალგაზრდა ბიძაშვილთან ქორწინებაზე. სწორედ ეს დეტალები კიდევ უფრო საინტერესო შტრიხებს სძენს ამერიკელი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას.


“Syngué Sabour: La pierre de patience”
Atiq Rahimi
“Syngué Sabour: მოთმნების ქვა”
ათიქ რაჰიმი
154 გვ, POL



არსებობს მაგიური ქვა, რომელსაც ყველანაირი საიდუმლოს მოსმენა და შენახვა შეუძლია, რომელიც ყველანაირ უბედურებას, მწუხარებას, ტკივილსა და ავადმყოფობას იტევს, უძლებს და ითმენს... თუმცა, ითმენს მანამ, სანამ არ დაგდება დღე, როდესაც იგი გასკდება, ნაწილებად დაიშლება და ირგვლივ გაიფანტება ყველა ის ტკივილი და საიდუმლო, რომელსაც აქამდე ქვა ინახავდა. ყველაფერს ითმენს ავღანელი ქალიც, რომელიც თავის პარალიზებულ ქმარს უვლის, უძლებს ბოლომდე და დიდხანს _ სანამ რომანის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ქვა უნდა გასკდეს. ფრანგულენოვანი ავღანელი მწერლის, ათიქ აჰიმის ”მოთმინების ქვა” გონკურის პრემიის წლევანდელი ლაურეატია.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: