Showing posts with label = ხსოვნა =. Show all posts
Showing posts with label = ხსოვნა =. Show all posts

Friday, February 18, 2011

ნუგზარ ზაზანაშვილი -“მე მომავალში ვიცხოვრე უკვე”


“ყოველი ახლობელი ადამიანის დაკარგვისას გიმძიმდება ვალის ეგზისტენციური შეგრძნება, სადღაც არაცნობიერში რომ გაუდგამს ფესვი...”
ამ წერილის სათაურად გატანილი ტაეპი თამაზ ბაძაღუას ეკუთვნის - პოეტს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, ოცდარვა წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან... ორი ოჯახი ბრმა, უსამართლო, ულმობელი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა... მახსოვს, ვერავინ იკავებდა ცრემლს... მხოლოდ ერთი იმდროინდელი ჩვენი ამხანაგი ნეტარი გამომეტყველებით იდგა სოფლის სასაფლაოზე გათხრილ შემაძრწუნებლად ფართო საფლავთან... როგორც აგვისხნა: ოჯახთან ერთად იმ ქვეყნად წასვლა ლამის ღვთის მადლის მოფენის ტოლფასიაო... ამაზრზენია ფსევდოქრისტიანობა: ამ “წყალობით”, ღმერთმა უწყის, რამდენი ადამიანი დამწუხრდა, ხოლო ქართულმა ლიტერატურამ ბევრი დაკარგა - ის, რასაც თამაზ ბაძაღუა კიდევ შექმნიდა...
მიუხედავად ბედის სიმუხთლისა, შემოქმედმა მაინც დატოვა მისი ასაკისთვის განსაცვიფრებლად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: ლექსები, პიესები, მოთხრობა, ნათარგმნი... დღეს თამაზ ბაძაღუა 50-ს ცოტათი გადაცილებული იქნებოდა...

ამ წერილში მე მხოლოდ მის ორიგინალურ პოეზიას შევეხები, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ გადავიკითხავ მას და ზოგიერთ სუბიექტურ მოსაზრებას შემოგთავაზებთ: ჭეშმარიტი პოეზიის აღქმა ხომ ყოველთვის სუბიექტურია და უამრავ სივრცეს ტოვებს მისი სხვა კუთხით, სხვა რაკურსით, სხვა დეტალურობით აღსაქმელად და ეს პროცესი ამოუწურავია. ამასთან, ამ წერილში მოყვანილი მოსაზრებები თუ ინტერპრეტაციები, ამა თუ იმ “განფენილობით”, ხშირად დაემთხვევა თუ შეეხმიანება თამაზ ვასაძის, ანდრო ბუაჩიძის, ივანე ამირხანაშვილის თამაზ ბაძაღუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილებში გამოთქმულ შეხედულებებს და ეს არც არის გასაკვირი: ჩვენ ვმეგობრობდით თამაზთან...

* * *

რატომღაც ორი ეპიზოდი გამორჩეულად ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ვდგავართ ფანჯარასთან უნივერისტეტის პირველი კორპუსის მეორე სართულზე და ეზოს გავცქერით, ახალგაზრდა მწერალთა წრის სხდომის დაწყებას ვუცდით. ეზო ახლად მოასფალტებულია: ასფალტის ფენა გამსხვილდა, გაძლიერდა და ეზოს შუაგულში გახარებულ, მარტოხელა ხეს ყოველი მხრიდან მიეჯარა; მიწა, ნიადაგი აღარსად ჩანს - გეგონება, ხე თვით ასფალტიდანაა ამოზრდილი და ამიტომ უცნაურად გამოიყურება. ვეუბნები თამაზს: “შეხედე, რა უცნაური ხეა”; იმ წამსვე მპასუხობს: “ასფალტში ჩაჭედებული ხე”... ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტაფორებით “აზროვნებდა”... სამყაროს პირველყოფილი, პირველქმნილი თუ ბავშვური აღქმის მაგვარი რამ აშკარად თან სდევს მთელ მის პოეზიას და ამის სათავე შესაძლოა, კოლხური, ბზიან-სუროიანი, ხავსმოდებული, საუკუნოვანი ტყეების იდუმალებასთან შეხებისას მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებში ვეძებოთ: “ჩვენ წვიმა მოგვაქვს დავიწყებისთვის, / წვიმა, რომელმაც შეგვიყვარა, როგორც მცენარე, / წვიმა, რომელშიც გახსნილია მოთმინების უკვდავი შხამი, / რათა წაშალოს ჩვენი მწვანე ბედნიერება”; ან – “მწვანე სისხლივით მოჟონავს სურო ქვითკირის გასწვრივ / და ძველი საუკუნეების სიზმრებიდან / დაღონებულნი მოვაბიჯებთ, მოვიჩქარით”; ანდა - “დღეიდან ზღაპრებს ვერ მოგიყვები, / ჩემი ტყაშმაფა გაეხვია მწუხრის სველ თმებში, / თუთარჩელას თეთრ სიწყნარეში / და ოჩოკოჩსაც გზა აერია / და ქაჯ-ეშმაკნიც მეჩხერ ტყეებს დაუყვნენ დაღმა, / ჩვენი კეთილი მეზღაპრეც მოკვდა, / იმისი ხმა კი / ვარსკვლავების წკრიალს შეერთო”...
და პოეტი უმძაფრესად განიცდის “მწვანე ბედნიერების” დაკარგვას, ბუნების იდუმალი ერთიანობისაგან, თუ ჰარმონიისაგან, თავის და ზოგადად ადამიანის გამოყოფას, გაუცხოებას, განცალკევებას: “...რომ ამოსწიოს ჩვენს ძველ სისხლში ჩამარხული მძიმე ვარსვლავი, / ვინ დაგვიბრუნებს იმ უძველეს აღფრთოვანებას / და ბალახის უკვდავ სიხარულს”... და ეს განცდა - რომელსაც, უნებლიეთ, პირველყოფილი ცოდვის დისკურსშიც გადავყავართ - შესაძლოა, საფუძვლად უდევს პოეტის ღრმა რელიგიურ წიაღსვლებს (რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით)...
და პოეტი თითქოს ამ დანაკარგს აკომპენსირებს იმით, რომ ვერ ელევა “ვარსკვლავებს”, “მზეს”, “მთვარეს”, “ხეებს”, “ბალახს”, “მინდვრებს”, “ქარებს”, “წვიმებს”, “მდინარეებს” - თავისი პოეტური სამყაროს მუდმივ “მობინადრეებად” აქცევს მათ და ეს ყოველივე იმთავითვე განსაზღვრავს თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის ერთგვარ ჰიპერბოლურობას, რაც პოეტიკაზეც აისახება.

* * *

მაშინვე აშკარა იყო, რომ შემოქმედის ეს სასაფუძვლო, თანდაყოლილი სომბოლურ-მეტაფორული აზროვნების უნარი სხვა არაფერია, თუ არა გამოსახულება, ნიშანი მისი თვითმყოფადობისა, თვითმყოფადი ნიჭისა, მოულოდნელად რომ ებოძა სამეგრელოს ერთ, ძველ, პატარა სოფელში დაბადებულსა და გაზრდილ ახალგაზრდა კაცს... ჩანს, ეს გაცნობიერებულიცაა: თამაზ ბაძაღუას ლექსში, მიმანიშნებელი სათაურით “პოეტი ანუ დაბადება”, ვკითხულობთ: “... ჯერ მზე არ არის გაკეთებული, / ჯერ ბალახებსაც არ უცვნიათ თავისი თავი, (...) ჯერ მეტაფორა არ არსებობს / და არარსებულ ვარსკვლავების ქვეშ დაეძებს საყრდენს, / ჯერ თბილი სუნთქვით დღე და ღამე არ გაუყვია / და არაფრისგან ყველაფერს ელის”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ: “ჩემი ბალიში ასე მწარედ მაძინებს და მეჩურჩულება: / შენ იმ ბავშვს ჰგავხარ, / სიზმარში რომ იზრდება ვითომ, / ვითომ ცაში რომ დალივლივებს / და გაღვიძებულს / უკვირს თავისი უმწეო და სუსტი სხეული.”
ყველა ნიჭი თვითმყოფადი არ არის... თამაზი კი სწორედ თვითმყოფადი ნიჭით იყო გასხივოსნებული და იმავდროულად - დამძიმებული; დამძიმებული, რადგან ასეთი ნიჭი - ნიჭი საგნების, მიმართებების, კავშირების, მოვლენების თავიდან აღმოჩენისა, თავიდან ქმნისა - თუკი იგი გაცნობიერებულია, თანდათან “მწვავე დაავადების” გამოკვეთილ სიმპტომად იქცევა, მძიმე ტვირთად აწვება შემოქმედს და აიძულებს მის “მეს” უკიდურესად დაძაბულ, ლამის ნევროტულ რეჟიმში “იმუშაოს”, მუდმივად “უფსრულის პირას მოცეკვავედ” გრძნობდეს თავს: “თუმცა ხიფათი ჩემი ნაკვალევის სურნელია, / ასე ტკბილად რომ მასულელებს, / თავის მაცდურ ტალღებზე მხვეწავს / და მაცეკვებს უფსკრულის პირას.”
არა იმდენად ყბადაღებული კომპლექსების, არამედ უმთავრესად ამის გამოა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი ტვირთის შემსუბუქებას ხანდახან გარეშე, გამარინდებელი საშუალებების გამოყენებით ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ აწყდება უკუეფექტს: დაავადება მეტად მწვავდება...
ძველი ფორმულა ასეც შეიძლება, იყოს ინტერპრეტირებული: შემოქმედი, რახან ის შემოქმედია - “ავადმყოფია”: “ჯანმრთელს” ხომ “ცოცხალი მეტაფორებით” აზროვნების, რიტმულად და/ან რითმიანად საუბრის, ან ასეთ საუბარზე საუბრის მოთხოვნილება არ გააჩნია; “ჯანმრთელი” კომუნიკაციისას მხოლოდ კლიშეებად ქცეულ, “მკვდარ” მეტაფორებს იყენებს ხოლმე, რასაც ვერც კი ამჩნევს; მაგრამ რახან შემოქმედი “ავადმყოფია” - მაინც ადამიანია და რახან ადამიანია - გრძნობს, რომ სულს ხანდახან დამშვიდებაც ესაჭიროება... ოღონდ, ჩვეულებრივი დასვენება თუ შესვენება პოეტს არ ეხერხება, უცხოა მისთვის და... თამაზ ბაძაღუას ლექსი ეკლესიასტესთან ალუზიებით მდიდრდება: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / (...) / მათი ლოცვები - / არაფერს და არაფერს შორის გაჩენილი მყარი სითეთრე, / მათი სიტყვები - სივრცის გარეთ, / ალუბლის, ხიფათის და სიკვდილის გარეთ, / (...) / მე მახსენდება მათი თვალები - / ამაოების უფსკრულები, / რომლის კიდეზე / ნევროზით მთრთოლავ ჩემს გულს ვდებდი და ვამშვიდებდი.” (“მარტვილის მონასტერთან”)... მაგრამ მომდევნო ლექსის დასაწყისშივე: “ცვალებადი განწყობილება / ანადგურებს ჩემს ნათელ დილას”...

* * *

კიდევ ერთი რამ, რასაც თამაზ ბაძაღუას ამ სიმბოლურ-მეტაფორულ აზროვნებასთან დაკავშირებით დღეს ვაცნობიერებ არის ის, რომ მისი პოეზია ერთგვარად XX საუკუნის ჰერმეტული პოეზიის სხივებსაც ირეკლავს: ჰერმეტიზმი არა როგორც დროით განსაზღვრული პოეტური სტილი თუ მიმდინარეობა, არამედ როგორც მსოფლაღქმის “ელემენტი” იგრძნობა თამაზის ლექსებში... თუმცა ასეთ “ელემენტს”, უნებლიეთ, მაინც თან სდევს შესაბამისი გამომსახველობითი საშუალებები, როგორიცაა სიტყვის მრავალმნიშვნელოვნება, ტექსტის ერთგვარი შეკუმშული ექსპრესიულობა, ალუზიურობა, რთული ასოციაციურობა თუ “პერსონალური სიმბოლიზმი”, რაც ლექსის მყისიერ აღქმას გამორიცხავს: თამაზ ბაძაღუას ლექსი რთულია და მკითხველისაგან “ემოციურ-ინტელექტუალურ მომზადებასა” და დაკვირვებას მოითხოვს.
ლექსების უმრავლესობა მეტაფორითვე იწყება, რაც თავიდანვე “იდუმალების ეფექტს” ახდენს და თითქოს მიანიშნებს მკითხველს, რომ ის სხვა, რთული სამყაროს კარს აღებს: “მეც მომიძებნეს მკერდი ქორებმა, / ბასრი ჭანგებით გულზე მასხედან”; “ცრემლი კი როგორც მესამე თვალი / ბნელით ავსებულ ოთახს მინათებს”; “ვით აბრაამის ანგელოზი, ჩამძახის მჭახედ / შიში, რომელმაც მიმაბრუნა შენს ნათელ გულში”; “რატომ დაეძებს სექტემბერი / ჩემი ოთახის ჩარაზულ კარებს?” და სხვა მრავალი.
შესაბამისად, თამაზ ბაძაღუას პოეზიაში ვერ იპოვით მარტივ სახეებს - ტროპი, თითქმის ყოველთვის, რამდენიმე შრეს შეიცავს: შრეები ეხლართებიან ერთმანეთს და რთულად წარმოსასახავ ერთიან, შეკუმშულ სახეს ქმნიან. ამასთან, მრავალშრიანი თუ მრავალწევრიანი ტროპები იშვიათად მოიცავს ახლომდებარე ასოციაციური რიგების ერთეულებს: უმეტესად ერთეულები მოულოდნელად ებმიან ერთმანეთს, რაც ჩვეულ საგნებს, მოვლენებს, გრძნობებს თუ განცდებს უჩვეულო ჭრილში წარმოაჩენს, რისთვისაც ხშირად ჰიპერბოლური ბმულები და ახლებური, უჩვეულო სინტაგმები იქმნება: “ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსვლავით / გისმენ, ხეებით გესაუბრები / და ნისლით ვცდილობ გაღიმებას” და აქ არაფერია ხელოვნური, წინასწარგანზრახული - პოეტი ასე ხედავს სამყაროს, ანუ ასეთია პოეტის სამყარო, ის ამ სამყაროში ცხოვრობს, პოეტი ამ ენაზე მეტყველებს, პოეტმა სხვა ენა არ იცის... თამაზ ბაძაღუა აღმოთქვამს: “... ან ვინ შეჰყურებს / რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს / ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან” (ეს სტრიქონები ნაწილობრივ ალუზიურიცაა: პასტერნაკის სტრიქონები შეიძლება, გაგვახსენდეს პოეტური დებიუტის შესახებ). ამ ტროპის ჩონჩხია: სისხლი - სიტყვები; ანუ სიტყვები დაჭრილია, ნაჭრილობევია, სიტყვებს სისხლი სდის, რაც განცდის უკიდურეს, ზღვრამდე მისულ სიმძაფრეს გადმოსცემს; მაგრამ პოეტი კიდევ უფრო ამძაფრებს გამომსახველობას, დამატებით, მოულოდნელ განსაზღვრებით შრეებს მატებს მას: “მდუღარე სისხლი”, “სიტყვების გამსკდარი გული”; ან - “დრო ისე ნელა გადის სიბნელიდან - / მაგიდაზე საათიც იტანჯება, / ისე ნელა - / ავადმყოფს სისხლს რომ გამოუშვებენ, / და დაწყნარებულ ხელებს გულზე გადაისვენებს, / ამოისუნთქავს, / ჭირისუფლებს წყნარად შეჰღიმებს”; ანდა – “ახალი მთვარე გიქნევდა ხელებს, / როგორც ძმაკაცი, / როცა ლუდზე გეპატიჟება”; ესეც წავიკითხოთ: “სველ წვიმას კაცი მიყრდნობია, / მთვრალი, საყელოამოწეული”; ან ამ მეტაფორებს დავუკვირდეთ, სადაც საგნები სრულიად მოულოდნელი “რაკურსითაა” დანახული და ეს პოეტური ნიჭის ბრწინვალე გამოსახულებებია: “წამახული ლურსმნებივით გესობოდა ტანზე სიცილი”; “წინასწარ მღერის თავის ნაყოფს აპრილის ბაღი”; “ტოტმა წყალი ჩრდილს გადაასხა”; “მე ვიწყებ სიტყვებს და ფრინველებს / შენი მშვიდი ხელისგულიდან”; “ქვა აჩუხჩუხდა / შენს ძარღვებში ქვამ დაიწყო დნობა”; “შემომყეფა სევდამ ქუჩიდან, / გამომაგდო ძაღლივით გარეთ” და მრავალი სხვა...
და, ალბათ, შემთხვევითი არ არის ის, რომ თამაზ ბაძაღუამ სათარგმნელად, პეტრარკასა და მიქელანჯელოს შემდგომ (სხვათაშორის, მიქელანჯელოს პოეზიის ჰერმეტულობაზეც საუბრობენ ლიტერატურის მკვლევარები), უპირველესად, ჯაკომო ლეოპარდი და ეუჯენიო მონტალე აირჩია - ორი იმ სამთაგანი, რომელთაც ოქსფორდული ლიტერატურათმცოდნეობა გასული ორი საუკუნის ყველაზე გამორჩეულ იტალიელ პოეტებად აღიარებს (მესამე - ჯუზეპე უნგარეტია; მისი რამდენიმე ლექსიც თარგმნა თამაზმა), და რომლებიც, ჰერმეტული თუ ნეოჰერმეტული პოეზიის ბრწყინვალე დამამკვიდრებლებად მოგვევლინენ გასული საუკუნის ოცდაათიან-ორმოციან წლებში. იგივე ითქმის სალვატორე ქუაზიმოდოზეც, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დასახელებულ სამ პოეტს და ნობელის პრემიის ლაურეატიც მონტალეზე თექვსმეტი წლით ადრე გახდა: თამაზს მისი ლექსებიც აქვს ნათარგმნი...Dამავე რიგში უნდა მოვიხსენიოთ უმბერტო საბა, ალფონსო გატო და სხვა შესანიშნავი პოეტები... ქართველი პოეტი უთუოდ სულიერ ნათესაობას გრძნობდა მათთან...
საინტერესოა ისიც, რომ იტალიური ჰერმეტული პოეზიის მკვლევართა უმრავლესობა (მათ შორის - ბროდსკი) ხაზს უსვამს იმას, რომ ჰერმეტიზმი ერთგვარი დაპირისპირებაც იყო ფაშიზმის პეირიოდში გაბატონებულ მაჟორულ თუ იდეოლოგიზებულ პოეტურ პროდუქციასთან, ერთგვარი გამოსავალი იყო: რეჟიმს მიაჩნდა, რომ “რთული პოეზია” მასებზე არ არის ორიენტირებული, ამდენად იტალიური ფაშიზმი მას მაინცდამაინც არ დევნიდა. თამაზ ბაძაღუა საბჭოთა იმპერიის არსებობის ბოლო ათწლეულში გამოდის ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე: ცენზურა ოდნავ შესუსტებულია, “რთული პოეზიის” გზა უკვე გაკვალულია, უპირველესად, ოთარ ჭილაძის და მისი პლეადის (ვგულისხმობ მის მომდევნო თაობასაც) სხვა ნოვატორების მიერ - საბჭოთა რეჟიმი მეტ-ნაკლებად შეგუებულია ამასთან; მაგრამ იმპერია ჯერ ისევ არსებობს და ფიქრობს, რომ ჯეროვნად აკონტროლებს ლიტერატურულ სივრცესაც... როგორც აღმოჩნდება - სულ ტყუილად: სწორედ XX საუკუნის ქართული ლექსის მეორე რეფორმამ, ლექსის “დემოკრატიზაციამ”, რასაც ოთარ ჭილაძის წინა თაობის ცნობილმა, ბრწყინვალე პოეტებმა ჩაუყარეს საფუძველი, პრესისა და ტელე-რადიო სივრცის ტოტალური იდეოლოგიურობის პირობებში, დიდი - შესაძლოა, გადამწყვეტიF- “განმათავისუფლებელი ზემოქმედება” იქონია მკითხველის ცნობიერებაზე; არადა, პოეზიას მაშინ ათასობით მკითხველი ჰყავდა (სხვა წერილში უფრო დაწვრილებით ვწერდით ამ რეფორმის მნიშვნელობაზე და ზოგიერთ თავისებურებაზე).
და თამაზ ბაძაღუაც ბუნებრივად, ორგანულად და იმავდროულად თავისებურად, ორიგინალურად აგრძელებს ამ გზას... თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ: რიგი ნიშნებით (მაგალითად, ტროპის რთული აგებულებით, განცდის სიმწვავით, სიღრმისეული რელიგიურობით) თამაზ ბაძაღუას ლექსი ლია სტურუას ლექსს ენათესავება (თამაზი ლია სტურუას საგანგებოდ ლექსსაც უძღვნის თავის ერთ-ერთ პირველსავე პუბლიკაციაში); თუმცა პოეტური სამყაროები სხვადასხვაა, აშკარაა პოეტიკური განსხვავებებიც. ეს “თვითმყოფადი გაგრძელებაა”: ბაძაღუას სამყაროში სახე მეტად განყენებულია, მოუხელთებელია, მეტაფიზიკურია; რიტმი უფრო გამოზომილია, “მძიმეა”; ბაძაღუა უფრო გრაფიკოსია - ერთადერთი ინვარიანტული ფერი მის პოეზიაში წითელია, სისხლისფერია; “სისხლი” ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი “ფიგურაა”, რომელიც იმ მარადიულ გზნებასთან თუ “ემოციურ-ინტელექტუალურ გენთან” ასოცირებს, რაც ნაბოძები აქვს ადამიანს, ინდივიდს; “სისხლი” იმავდროულად ემოციის უკიდურესად გამამძაფრებლის “ფუნქსიასაც ასრულებს”: “უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას / და სისხლს ფიქრები აუკრძალო”.
კიდევ ერთი პარალელი: მაგალითად, ეუჯენიო მონტალე ნამდვილი პესიმისტი იყო, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ მისი პოეზიის მკვლევარებს, და რასაც თავადაც არ უარყოფდა (მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ამასვე მიანიშნებს ნობელის პრემიის მინიჭებისას მისი სამადლობელი სიტყვის სათაურიც კი - “შესაძლოა კი - პოეზია ისევ არსებობდეს?”); თუმცა ამ ცერემონიაზევე აღინიშნა, რომ მონტალე მაინც პატარა სივრცეს უტოვებს იმედს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად იგივე შეიძლება ითქვას თამაზ ბაძაღუას პოეზიაზე.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაძაღუას ლექსი თვითმყოფადია, არ არის რომელსამე არსებულ, მათ შორის ჰერმეტიზმის, ყალიბზე ზუსტად ჩამოსხმული. მაგალითად, მისთვის უცხოა მონტალეს პოეზიისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ენისა და ყოველდღიური სალაპარაკო ენის შერწყმა, ყოველდღიურობიდან “ამოზრდილი” დეტალურობა, ჰერმეტიზმისათვის ზოგადად დამახასიათებელი ბგერწერისა და რიტმის მიმართ გამახვილებული ყურადღება და სხვ.
XX საუკუნის ჰერმეტიზმს “აქ არ ყოფნის პოეზიასაც” ეძახიან, მაგრამ შინაარსი, რაც ამ ტერმინში ძევს განსხვავებულია თამაზ ბაძაღუასეული “აქ არ ყოფნისაგან”: ზემოთ მინიშნებული “დაავადების” კიდევ ერთი სიმპტომი გაორებაა – “სარკეში ვცდილობ საკუთარი თავის დამალვას”; ან – “რაღაც უძრავი გაყინულა / ჩემსა და ჩემს შორის”; ანდა - “ისიც ჩასწერე, (...) რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე (...) რომ შუადღისას კარტოფილს ვიწვავ / და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას”; ან კიდევ – “გვიან საღამოს, როცა კარზე მომიკაკუნებს / ჩემი თავი - როგორც სტუმარი, / დაღლილი და შეციებული”... თამაზ ბაძაღუას ალტერ ეგო (როგორც ადრე ვიტყოდით - მისი პოეზიის ლირიკული გმირი) გადის ყოველდღიურობიდან, დღევანდელობიდან. პოეტის სამყაროს სივრცე-დროის “აგებულებაში” აწმყო ილუზიაა, თითქოს არც არსებობს, პოეტი აქ არ არის, მუდამ სადღაც წინაა: “მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი”; ან - “...და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს"; ანდა – “ჩემს დღეებზე და ღამეებზე / ერთი ცხოვრებით მეტი ვარ უკვე”; და კიდევ: “ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს, / ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს”...

* * *

მეორე ეპიზოდი: სტუდენტობის ერთ-ერთ პერიოდში თამაზ ბაძაღუა სადღაც ზემო ვაკეში, თუ სწორად მახსოვს, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე (სახის ოვალით და თმის ვარცხნილობით კიდეც ჰგავდა ტიციანს), მიწის სართულზე ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. სამაგიეროდ, ჰქონდა ძველი, მაგრამ “მოქმედი” საბეჭდი მანქანა (არ ვიცი - ათხოვა თუ აჩუქა ვინმემ, თორემ თავისი იმდროინდელი “შემოსავლებით” ამ “ძველმანსაც” კი ვერ შეიძენდა), რაც ჩვენ, “დამწყები პოეტების” უმრავლესობას, არ გაგვაჩნდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც გვჭირდებოდა - რა უნდა გვებეჭდა იმდენი...
სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამაზ ბაძაღუა პოეტად, მწერლად ადრე ჩამოყალიბდა (და ესეც მისი გამორჩეული ნიჭის ნიშანია), რაც იმ დროისთვისაც უჩვეულო იყო - ინფორმაციული ნაკადის სიჭარბე უკვე შეინიშნებოდა; ხოლო პოეტად ჩამოყალიბება ამ ჭარბი ინფორმაციის - უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ინფორმაციის – “ათვისებას” მოითხოვს, რაც ჩვეულებრივ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჰოდა, პირველად ვაპირებდი ლექსების გამოქვეყნებას და თამაზს ვთხოვე რამდენიმე ლექსი იმ საბეჭდ მანქანაზე გადაებეჭდა. ავედით, მივეცი ხელნაწერი, დაიწყო ბეჭდვა, შეხვდა სიტყვა “სიყვარული” და მეუბნება: იცი, ეს სიტყვა თვალდახუჭულმაც კი შემიძლია, დავბეჭდოო... თამაზ ბაძაღუა სიყვარულის პოეტი იყო... მისთვის სიყვარული, გრძნობა კი არა, შეგრძნებაა, ყოვლისმომცველი შეგრძნება... მას სიკვდილიც კი უყვარდა... სიკვდილი და სიყვარული: აი, მისი პოეზიის ორი უმთავრესი და უცნაურად ურთიერთგადახლართული თემა, საგანი, სამიზნე, საშუალება, ფიგურა, სიმბოლო - ყველაფერი ერთად.
ზემოთ აღინიშნა, რომ თამაზ ბაძაღუა პესიმისტია და ეს არ არის რამ გამოგონილი, რამ სიყალბენარევი თუ ახალგაზრდული პოზა, ეს პოეტის მსოფლაღქმიდან გამომდინარე ბუნებრივი ელემენტია, ისევე როგორც - სიღრმისეული რელიგიურობა; და - ჩემი განცდით - ამ “ტონალობაში” თამაზ ბაძაღუას სამყარო სიორენ კიერკეგორის და XX საუკუნის რელიგიური ეგზისტენციალიზმის სამყაროს ენათესავება. ვენეციაში, პოეტებისათვის კარგად ცნობილ სან მარკოს მოედანზე თამაზ ბაძაღუას ეჩვენება – “... ჰაერივით ვიფანტებით ოთხივე მხარეს / და ჰაერივით არსად ვმთავრდებით.” მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, მოჩვენებაა. სინამდვილე კი ის არის, რომ “მე მაქვს ხელები და შიში, / რომლებიც ვერასოდეს გაექცევიან / უხილავის გამყინავ მზერას” - ამ შემთხვევაში “უხილავი” არყოფნაა, სიკვდილია...
ჩემი აზრით, თამაზ ბაძაღუასავით მძაფრად, ღრმად, დრამატულად ქართულ პოეზიაში არავის “უკვლევია” “სიკვდილი” (ტერენტი გრანელსაც კი)... როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიკვდილი მისი პოეზიის მუდმივი “პერსონაჟია”, ის ხილულად თუ უხილავად, უშუალოდ თუ მისი სხვადასხვა გამოვლინების სახითა თუ ნიღბით ილანდება პოეტის თითქმის ყოველ ნაწარმოებში: პოეტმა ხომ “მომავალში უკვე იცხოვრა” და ეს გამოცდილება კარნახობს, რომ სიკვდილი, სასრულობის, ქმნადობისა და სწრაფწარმავლობის განცდა - როგორც ერთი ფილოსოფოსი იტყოდა - სათავეა ხელოვნებისა; სიკვდილი არსადაა, არაფერშია, უცხოა და იმავდროულად ყველგანაა, ყველაფერშია, შინაურია...
პოეტის შემოქმედებაში “სიკვდილი” ასოციაციურად თუ კონოტაციურად უკავშირდება “ცივს”, “მშვიდს”, “მთვარეს”, “სამყაროსაც” კი. “სამყაროს გული”, ადამიანის გულისაგან განსხვავებით, თითქოს მკვდარია, ამდენად “მეტაფიზიკური გარესამყარო” უცხოა ადამიანისთვის; რა შეიძლება, სამყაროს ასეთმა “გულმა” შვას - ცივი მთვარის და ცივი სიმშვიდის გარდა? “...და სამყაროს მკვდარი გულიდან / ამოვა მთვარე და სიმშვიდე...” საით შეიძლება, ასეთმა “გულმა” (რომელიც “ჩაშავებულ ღრუბლებადაც” ვლინდება) გაგიყოლიოს? - “ჩაშავებული ღრუბლების ნეში / სიკვდილის ცივი მინდვრებისკენ მიათრევს სხეულს...”
სიკვდილი, აღსასრულის განცდა თითქოს ა პრიორი გამორიცხავს ამ ქვეყნად დიდი ნუგეშის, დიდი სითბოს, დიდი სინათლის არსებობას: “რას დაგვპირდება განთიადი: აღსასრულის მოახლოებას / თუ მცირე ნუგეშს, მცირე სითბოს, მცირე სინათლეს.”
სწორედ სიკვდილი გაფიქრებს სიცოცხლის ამაოებაზე, ამწვავებს ეჭვს - საერთოდ საჭიროა კი “სიმღერა”, პოეზია? და თუ მაინც თავს ვერ ანებებ “სიმღერას”, მწარედ დაგაფიქრებს - როგორ უნდა გაუძლო “მომღერალმა” ამ გაუსაძლის მოლოდინს: “...როგორ გაუძლებ სიკვდილის სუნს მთელი სიცოცხლე, / რომ თან იმღერო, თან ნიჩაბი გეჭიროს ხელში...”
როგორ?... და პოეტი ცდილობს, წარმოსახვისა და განცდის უკიდურესი დაძაბვით, მიაკვლიოს ნუგეშს და ეს თამაზ ბაძაღუას პოეზიის სიღრმისეული რელიგიურობის მეორე წყაროდ იქცევა... ამ მტანჯველ ძიებას ცალკე ლექსებიც ეძღვნება (მათ შორისაა ბრწყინვალე “აღმოსავლეთის ვარსკვლავი”, სადაც, ჩემი აზრით, ცხადდება თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის უმთავრესი საყრდენი, რასაც ქვემოთ მივანიშნებთ). “მე მეშინია ჩემი სიფხიზლის - არაფრად ქცევის” - ამბობს პოეტი ლექსში “აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან”, ბავშვივით გულწრფელად ამბობს: მხოლოდ სიფხიზლე, მხოლოდ აქ ყოფნა წარმოშობს “არაფრად ქცევის” შიშს; წარმოშობს კი არა, ეს შიში (თუ ძრძოლა - ეგზისტენციალიზმის ტერმინოლოგიით) მისი შემადგენელი, ორგანული ნაწილია, საბოლოო ჯამში – “ეს არის ის”... ეს ის ამოსავალი განცდაა, მტანჯველი განცდაა, რომელიც აიძულებს პოეტს, ეძებოს უალტერნატივო ნუგეში: “ჩვენ ჯერ არ გვითქვამს არცერთი ლოცვა ბოლომდე, / რადგან ჩვენი სიღრმიდან / ჯერ ჯვარი ვერ ამოვიტანეთ”.
პოეტის ერთ-ერთ უსათაურო ლექსში (“სადაც არასდროს არ ვიქნები, სწორედ იქ არის ბედნიერება”) იმ ეზოთერიკოსების თუ თეოსოფების სახელებიც კი ნახსენებია, რომლებიც თავისებურად ცდილობენ “სიცოცხლის შემდგომ სიცოცხლის” ინტერპრეტაციას, და რომელთა წიგნებსაც კითხულობს პოეტი - მარადიულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად; მაგრამ, აი, ამ ლექსის ბოლო სტრიქონები: “ჩემი ხელები არ არის ჯვარი, / ჩემი ხელები ნიჩბებია გაუქმებული. / ფრთხილად ვარსკვლავო, ჩემს სიბნელეს ნუ შეეხები, / მარტოობასაც აქვს თავისი კანონი და მოვალეობა. / მე ის მამშვიდებს, ვისაც ვერასდროს ვერ დავინახავ.” და მიუხედავად ტრაგიკული ინტონაციისა, ბოლო სტრიქონი ფარულ იმედსაც შეიცავს: ის შესაძლოა, ვერასოდეს დაინახო, მაგრამ ის მაინც შეიძლება, იყოს... და ამის დამადასტურებელია ზემოთ ციტირებული ერთ-ერთი ლექსის ბოლო ტაეპები: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს.” მართლა, შესაძლოა, გახსოვდეს ის, რაც არასოდეს გინახავს. ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეუფლება ასეთი განცდა: განცდა იმისა, რომ რასაც ახლა, ამ წამს განიცდი, უკვე განგიცდია ოდესღაც; ესაა უხსოვარი განცდის განმეორების განცდა და თუკი ასეთ განცდებს უფრო ღრმად ჩავუკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ რაღაც გაუგებარს, მიღმიერს, არსებულ არარსებულს... და აშკარაა, რომ თამაზ ბაძაღუას ადრე მოაკითხეს ასეთმა განცდებმა, მთელი თავისი სიმწვავით მოაკითხეს...
და მაინც რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტოტალურ უნუგეშობას?
"ჯერ უნდა გაოცდე, დაფიქრდე: ... ანდა რატომ ვარ მონაწილე ამ მოძრაობის, / სიკვდილის, მთვარის, შემოდგომის”? ან - “რა ვუპასუხო იმ მიხრწნილ და უხიაკ ბებერს, / მთელი სიცოცხლე რომ იცინის ჩემში მაცდურად / და (....) არავინ უყვარს, საკუთარი სიკვდილის გარდა”; ან რატომ ხდება ასე - “არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე”...
უნდა დაწყნარდე, მოუსმინო, მიუყურადო, თუნდაც ეს ასეთ ფასად დაგიჯდეს: “...და როცა სიკვდილს უსმენს, / მისი სიტყვები ვერ პოულობენ საკუთარ ტუჩებს.”
და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად უნდა “დააგროვო” – “გროვდება ცრემლი - იმედის და სასოწარკვეთის / ასე, წვეთ-წვეთად, შენც ცრემლივით ჩემში გროვდები.”; უნდა “აღზარდო” – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი (...) / რომელსაც ვზრდიდი დაბადებიდან”; უნდა შეეჩვიო, მიეჩვიო, დააფასო - “...და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით”; ან - “...და ღვინოსავით ვეჩვევი სიკვდილს”...
და გაუდგე “ქარების გზას - დიდი სიმშვიდის / და დიდი, დიდი სიყვარულის საძებნელად”, რომელიც მიგიყვანს იმის გაცნობიერებამდე, რომ სიცოცხლე ტანჯვის, სიკვდილის გარეშე კარგავს ღირებულებას: “...ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო, / ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო – / ესეც ვუთხარი”... რომ სიცოცხლეში, არსებობაში არაფერია უტყუარი არარსებობის, სიკვდილის გარდა: “...მე ვიცი მხოლოდ ჩემი სიკვდილი”... მიგიყვანს იმის განცდამდე, რომ სიკვდილი რამ ჭეშმარიტია და მისი აბსოლუტური სიმშვიდე მიმზიდველია: “გარდაცვლილი მეგობარი მესიზმრა წუხელ: / მეფერებოდა, ხელს მიქნევდა, წამომყევიო / და მახარბებდა რაღაც მშვიდს და რაღაც ნამდვილს”; ანდა - “გაუთენარი დღეები გზაფრავს, / ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან, / ჩაგძახი როგორც ჭერახდილ საფლავს, / სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.” როგორც წერდა XX საუკუნის კიდევ ერთი ცნობილი ფილოსოფოსი - სიკვდილი, სასრულობა კი არ აუფასურებს ადამიანის არსებობას, პირიქით - აზრს ანიჭებს მას; პოეტი საბოლოოდ უფრო შორს მიდის - არა მხოლოდ აზრს, არამედ - მშვენიერებასაც, სრულქმნილებასაც, სიკვდილი აბრწყინებს სიცოცხლეს: “...და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს, / საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს, / საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას...”; ანდა - “... მშვენიერი ყვავი გაფრინდა / სიცივეების წმინდა მხარეში, / ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან, / ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ, რომლებიც, ჩემი აზრით, არასოდეს ამოიშლება ქართული პოეზიის საგანძურიდან:

ჩვენ სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ,
ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის,
ჩვენ არ ვტირივართ, თუკი გვეტკინა,
ჩვენს ყოფას შუქი ადგას არყოფნის.

* * *

“არყოფნის შუქი”... არყოფნაც ანათებს, არყოფნაც ნათელია... უნებლიეთ გაგახსენდება: “რაღაა იგი სინათლე”... და ასევე უნებლიეთ კიდევ ერთი სტუდენტობისდროინდელი (ანუ გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრის) ამბავი მაგონდება: რუსთაველის გამზირზე, სამხატვრო გალერეაში იმართება ირაკლი თოიძის გამოფენა (მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი სააგიტაციო პლაკატი იყოს - "Родина-мать зовет!" - სადაც ჭაღარაშერეული, ჭარმაგი, მუქ-წითელ კაბიანი ქალია გულწრფელი ექსპრესიულობით გამოსახული, რომელიც თითქოს მოუძღვება ხიშტების - ანუ საბჭოთა პატრიოტების - “ტყეს” და რომელსაც, წინა პლანზე, ხელში ფურცელი უჭირავს - სამხედრო ფიცი). კოტე ჯანდიერი, მე და, თუ სწორად მახსოვს, ჩვენი მეგობარი ნიკო შუშტაკაშვილი ვსხედვართ სამხატვრო გალერეის სიახლოვეს, ალექსანდრეს ბაღში და ველოდებით გამოფენის გახსნას. ჩვენს სკამზე უცნობი, ტანდაბალი, ხანშიშესული, სიმპათიური კაცი ჩამოჯდება და გაგვიბამს საუბარს. როგორც ირკვევა, ეს თავად ირაკლი თოიძეა. მას არ მოკლებია საბჭოთა რეგალიები, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილ მხატვარს, მაინც არ დაკარგვია კარგისა და ცუდის, ჭეშმარიტის და იდეოლოგიზირებულის გარჩევის უნარი: იგი გვირჩევს, გამოფენის ის ნაწილი დავათვალიეროთ, სადაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი, მოდერნისტული ნამუშევრებია განთავსებული. მერე სიტყვამ “ვეფხისტყაოსანი” მოიტანა (ირაკლი თოიძე ერთ-ერთი იმ ცნობილ მხატვართაგანია, ვინც “ვეფხისტყაოსნის” დასურათხატების საკუთარი ვერსია შექმნა) და აი, რა გვითხრა ოსტატმა: რუსთაველი არ იტყოდაო “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია”, ეს რუსთაველის აზროვნების მასშტაბებს არ შეეფერება, გადამწერებმა დაამახინჯეს, უნდა იყოსო “რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია”... ბატონ ირაკლის მაინც ეტყობოდა - საბჭოთა ფილოსოფიის მთავარი “იარაღის” - დიალექტიკური მატერიალიზმის გავლენა...
რუსთაველმა, რა თქნა უნდა, იცოდა, მათ შორის “დიალექტიკურადაც”, რომ შუქი ჩრდილის, ნათელი ბნელის გარეშე არ არსებობს, მაგრამ რუსთაველმა თქვა ის, რაც თქვა: უჩრდილო შუქის, უბნელო ნათელის, აბსოლუტური ნათელის, ყოვლისმომცველი ნათელის, ყოვლად დამამშვიდებელი ნათელის შეგრძნება - ეს არის ყოფნის ღირსეული, ჭეშმარიტი მეგა- თუ მეტამიზანი. უბნელო ნათელი, თუ მზიანი ღამე, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მაინც ყოვლისმომცველ სიყვარულთან, ქრისტესთან ასოცირებს; ამასთან, რუსთაველის ასეთი ხედვა უთუოდ ნეოპლატონისტურიცაა (და ეს ყოველივე არაერთხელ აღუნიშნავთ რუსთველოლოგებს): ფილონ ალექსანდრიელი წერს - “ჭეშმარიტ გზაზე დგას ის, ვინც ღმერთს ღვთაებრივის მეშვეობით შეიმეცნებს, ხოლო ნათელს - ნათელის მეშვეობით”; იგრძნობა ძველი ინდუისტური, ბუდისტური და სუფისტური მსოფლაღქმის კვალიც (და ესეც აღნიშნულა რუსთაველოლოგიაში) და სხვ.
და, ალბათ, ამავე მეგაკონტექსტში ექცევა თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქიც”... ის კიდევ უფრო ახლოა დიონისე არეოპაგელის მიერ ღვთაებრივის აღქმასთან: “ღვთაებრივი ჭეშმარიტების მარტივი, აბსოლუტური და უცვლელი საიდუმლოებანი გადამალულია მდუმარების დამაბრმავებელ სიბნელეში, რომელთან შეხვედრისასაც გამოცანას აწყდები. ეს უღრმესი, ყოვლად შეუღწევადი სიბნელე ხომ გასხივოსნებულად ნათელია. და მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც დაინახავ და ვერც შეეხები, იგი ჩვენს გონებას ტრანსცენდენტური მშვენიერებით პირთამდე ავსებს”... ახლოა, მაგრამ იგივე არ არის: თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქი” არ არის მხოლოდ რამ ტრანსცენდენტური თუ მეტაფიზიკური, იგი “ყოფას ადგას”, იგი ეგზისტენციურიცაა, პოეტს სურს - დაინახოს ის, ხელით შეეხოს მას...
და სწორედ ეს არის პოეტისათვის იმედის საყრდენი: აღნიშნულა, რომ თამაზ ბაძაღუა თითქოს გრძნობდა, უხმობდა თუ წინასწარმეტყველებდა თავის აღსასრულს, მძაფრად გრძნობდა ბედისწერას... მაგრამ იმის მიუხედავად, რომ პოეტი წერს – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი - ოქროვანი და დიდებული” (“ავტოკატასტროფაში დაღუპული დეიდაშვილის ხსოვნას”); “... არ ვიცი, რამ მაიძულა / საკუთარ თავს რომ ვემუქრები განადგურებით”; ან – “მე გამოვედი ეკლესიიდან, / რომელშიც არ შევსულვარ / და უძრავი ზარების რეკვაში / ვუსმენდი ჩემს გარდაცვალებას / (...) / და მარმარილოს უტყვმა თვალებმა / მჭრელი სხივივით აირეკლეს ბავშვი, რომელიც / სიბერისგან გარდაიცვალა” (“ნიკოლოზ ბარათაშვილი”); ან კიდევ – “მე მეშინია მისი წკრიალის, / მისი ტკბილი მიმზიდველობის” - მე მაინც არა მგონია, რომ ეს სტრიქონები მოახლოებული სიკვდილის წინასწარმეტყველებაა, არა მგონია, რომ პოეტის “ნება სიკვდილისაკენ”, მართლა, სიკვდილს უხმობდა. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს შექმნიდა, ვერ შექმნიდა ახალშობილი ქალიშვილისადმი მიძღვილ უმძაფრეს, შესანიშნავ ლექსს – “მე ვარ მგელი...” პირიქით - მე მგონია, რომ პოეტი აბსოლუტურად გულწრფელია (ან რატომ უნდა დამაეჭვოს ამან), როდესაც ამბობს: “ზამთარი ჩემი გულია, / გული, რომელიც თეთრად სკდება, / რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას. / და თუ მოგვისწრო თოვლმა, / მე ვიტყვი, / რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან, / რადგანაც როცა ვამბობ “თოვლი” - / მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.” ანუ - “თოვლი, რომელიც “ცივის”, “ზამთრის”, “სიკვდილის” ასოციაციურ ველზე უნდა მდებარეობდეს, მაინც “სიყვარულიცაა”, მაგრამ სხვა სიყვარული... ამქვეყნიური სიყვარული თუ ბედნიერება ხომ პოეტს “არ ჰყოფნის” (“ბედნიერებაც ცოტაა ჩვენთვის, / რომ ბედნიერი ვიყოთ ბოლომდის.”) - მას სურს, სიცოცხლეში თუ სიცოცხლეშივე შეიგრძნოს სიკვდილის, “არყოფნის შუქიც”, ანუ სიკვდილის სიყვარულიც, რაც, ვფიქრობ, სიკვდილისაკენ სწრაფვას თუ მისი მოახლოების წინასწარმეტყველებას კი არ წარმოადგენს, არამედ ყოვლისმომცველ განცდას, რომელიც სულ სხვა “სიბრტყეზეა განლაგებული” - სიბრტყეზე, თუ ფსკერზე, რომელიც ეგზისტენციურიცაა, მაგრამ სიტყვით ვერ გამოითქმება, რადგან ის სიტყვის “არასიტყვიერი” საფუძველია.
“სიყვარულის საგანი არის რაღაც არარსებული: ის, რის წინაშეც ჩვენი სურვილი ინაბება არის ფარდა, რომლის მიღმა არარსებული რეალურად გვეჩვენება” - წერდა პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსი... განსხვავება ისაა, რომ პოეტს არარსებული რეალურად კი არ “ეჩვენება”, არამედ ის ამ არარსებულს მთელი თავისი არსებით განიცდის, შეიგრძნობს:

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ - განუწყვეტლივ მიბიძგებ - საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ - უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

* * *

ერთსაც დავამატებ: დღეს სულ უფრო მწვავედ გაისმის საყვედური პოეზიის მიმართ, რომელიც ზედმეტად ჰერმეტულია (ამ სიტყვის ფართო გაგებით), პოეტის შინაგან სამყაროზეა ფოკუსირებული და ავიწყდება საკაცობრიო თუ ეროვნული პრობლემები; მაგრამ ასეთი საყვედური, ვფიქრობ, მუდამ უნდა დაკონკრეტდეს, რადგან, ცნობილია, რომ რაც პოეზიაში უპირველესად ღირებული და საინტერესოა - ეს სწორედ პოეტის ორიგინალური შინაგანი სამყაროა; ასე რომ არ იყოს, პოეზია დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას, რადგან იგი მუდამ უტრიალებდა და უტრიალებს მარადიული “თემების” მცირე რაოდენობას. ცნობილია ფორმულა: ხელოვნებაში მთავარია არა “რა”, არამედ – “როგორ”... სხვანაირად რომ ვთქვათ: მიუხედავდ იმისა, რომ ხელოვნებაში “რა” და “"როგორ” ერთიანია, მაინც ამ ერთიანობაში ახალი, ორიგინალური, თვითმყოფადი “როგორ” თავის თავში შეიცავს ახალი ნიუნასებით გამდიდრებულ, ახალი თვალით დანახულ, ახლად დაბადებულ “რას”, რომელიც თავისი წარსული “ორეულისგან” ყოველთვის განსხვავებულია...
მეორე მხრივ, ჰერმეტულობა თუ ინტრავერტულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეტისთვის უცხოა “აქტუალური თემები”. თამაზ ბაძაღუა შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინტრავერტული ქართველი პოეტი იყოს, მაგრამ მისთვის უაღრესად მტკივნეულია, მტანჯველია საბჭოთა პოლიტიკურ რეჟიმთან შეხება, სამშობლოს “ვირტუალურობის” განცდა... და იგი, უპირველესად, შეგუების თუ განურჩევლობის დაძლევისკენ მოუხმობს საკუთარ თავს, თაობას, უხმობს თავის ენაზე, მწვავედ, მძაფრად: “და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ / გამახსენოს ჩემი სიმხდალე - / უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ... / (...) / საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში / აღარავინ აღარ ლოცულობს!”; ან - “ვინ გამოგვიყვანს ეგვიპტიდან, / ვინ გვაშიმშილებს ორმოც დღე-ღამეს. / ჩვენ მოწუწუნე თაობა გვქვია, / ჩვენი კანონი არის შიში და გულგრილობა”; კიდევ უფრო მძაფრად – “მოწვეთავს ცრემლი - ვეღარ ტირიხარ, / დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის, / გადაგაწნავენ მათრახს ირიბად / და შენც მადლობას იხდი მარადის.” ანდა, ამაზე მეტად “პოლიტიკური” რა უნდა შეექმნა პოეტს (თუმცა, როგორც თამაზ ბაძაღუას სხვა ლექსები, ეს ლექსიც ერთმნიშვნელოვანი არ არის, სხვა დისკურსის შინაარსებსაც იტევს და სხვაგვარადაც შეიძლება, იქნეს ინტერპრეტირებული):
მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი ხელები - ბნელი ნესტით ამწვანებული,
ჩვენი თვალები - ღია და მუნჯი,
მკვდრები ყვიროდნენ, -
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ
მაშინ
როცა ცოცხლები სდუმდნენ.

* * *
აი, ასეთ სივრცეებს იტევდა ოცდარვა წლის ბიჭის სული, ბიჭის, რომლის ბედისწერად, სიკვდილი კი არა, პოეზია იქცა... როგორ განვითარდებოდა მისი ლექსი? იქნებ - გოეთეს ცნობილი ფორმულის მიხედვით, პოეტური სიტყვის თუ სტილის დროში ცვლილებას რომ გამოხატავს... თუმცა, ასეთი კითხვის დასმაც და სავარუდო პასუხების ძებნაც ფუჭი საქმეა: თამაზ ბაძაღუამ დაგვიტოვა ის, რაც დაგვიტოვა - დაგვიტოვა ჩვენ და დაუტოვა ქართული ლექსის მომავალ მკითხველს...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Sunday, January 30, 2011

ზაზა კვერცხიშვილი – თამაზი - რექვიემი


თამაზ ჩხენკელს სხვადასხვა მიზეზის გამო, მეტწილად საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მიეძღვნა ერთ ათეულზე მეტი კარგი სტატია და რამდენიმე უპრეტენზიო ლექსი. ამ უკანასკნელთა შორისაა ასეთი ოთხსტრიქონედი: "არის ნამდვილად ენამზე, / წერს, თარგმნის ცაში აგიყვანს. / ნათელი თამაზ ჩხენკელი - / აი, ვინ არის კარგი ყმა". პირველი ორი სტრიქონი, როგორც ვხედავთ, არაფრითაა საყურადღებო - ჩვეულებრივი, ტრაფარეტული ქებაა, რომლის უმჯობესი ბევრი მიუძღვნია ზაურ ბოლქვაძის უშურველ გულს, მათ შორის, თ. ჩხენკელზე ბევრად უფერულ ხელოვანთათვისაც. სამაგიეროდ, გამონათქვამები "ნათელი [თამაზ ჩხენკელი]" და "[აი ვინ არის] კარგი ყმა", ვფიქრობ, ძალიან ზუსტი და აუცილებელია ამ ადამიანის პიროვნული ბირთვის დასახასიათებლად (თუმცა, სტრიქონთა სახოტბო ინტონაცია ნაკლებად გიბიძგებს ამის გააზრებისკენ).
"ნათელი" ან "მზიური", ვფიქრობ, ეს სიტყვები მოეჩვენება ყველაზე შესაფერისად კაცს, ვინც თ. ჩხენკელის გარეგნობას, ქცევას, საუბარს გაიხსენებს (ანუ ყველაფერ იმას, რაც ქმნიდა მის გაცნობისთანავე თვალშისაცემ პიროვნულ ხიბლს). ძალიანაც არ მინდა, ახლა მე თვითონ აღმოვჩნდე ტრაფარეტების ტყვეობაში, მაგრამ რა ვქნა, ამ ადამიანში, ვისაც უპირატესად დიონისურ ვნებათა ბობოქარი ამოფრქვევების ამბებით იხსენებენ მეგობრები, იმდენად ძლიერი იყო აპოლონური საწყისი, რომ აუცილებელი მგონია, ეს თავიდანვე და სწორედ ასეთი ლიტერატურულ-თეორიული ენით აღინიშნოს. ამ "მზიური" საწყისის ძალმოსილება საკუთარ თავზე გამოუცდია ყველას, ვინც იმ მანძილზე მაინც მიახლოებია თ. ჩხენკელს, რომ მისი პიროვნული მიზიდულობის არეში მოქცეულიყო, ასეთები კი მრავლად არიან - სრულიად სხვადასხვა ჭკუის, ხასიათის, ინტელექტის, მისწრაფებების ადამიანები.
მე თვითონ, ამ "გრავიტაციულ ველში" 19 წლის ასაკში მოვხვდი, მას შემდეგ, რაც ერთი ახლობლის ხელით შესაფასებლად გავუგზავნე პუშკინის რამდენიმე ლექსის, როგორც ახლა ვიცი, უბადრუკი თარგმანი, ხოლო პასუხად მივიღე შეუფასებლად დატოვებული ჩემი რვეული და მისი თარგმანების წიგნი, "ახალი ინდოეთის მოაზროვნეები", წარწერით: "ჩემთვის ჯერ უცნობ ზაზას, - შეხვედრის გულითადი სურვილით, მეგობრულად - თამაზისაგან 1978. V." ეს წარწერა ჩემი პიროვნებისა და ბედისწერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ოღონდ ეს ბევრად უფრო გვიან, ორნახევარი ათწლეულის შემდეგღა გავიცნობიერე.
მაშინ კი... ჩემდა საბედნიეროდ, არც ქცევის ეტიკეტს ვიცნობდი ისე კარგად და არც იმდენი ზრდილობა მქონდა, რომ მივმხვდარიყავი, რამდენად მომაბეზრებული უნდა ყოფილიყო ორმოცდაათს გადაცილებული შემოქმედი და მოფიქრალი კაცისათვის ოცდაათი წლით უმცროსი, უწიგნური და გემოვნებაჩამოუყალიბებელი ჭაბუკის, სულ მცირე, დღეგამოშვებით სტუმრობა... და გადიოდა სოლოლაკში, თამაზის შუშაბანდში საათები, დღეები (ზოგჯერ - შუადღიდან შუაღამემდე), თვეები, წლები... ბრეჟნევის ეპოქის მიწურულს, საყოველთაო ინტელექტუალური ხრწნისა და გადაგვარების მოწამლულ ატმოსფეროში ის დაფხავებული შუშაბანდი წინ მცირე ბაღით, ნამდვილი ოაზისი იყო, სადაც, როგორც ერთგვარ ინტელექტუალურსა და სულიერ საშოში, ნელ-ნელა ყალიბდებოდა და შუშდებოდა, არა, უბრალოდ, ჩემი ინტერესები, თვალსაზრისები, გემოვნება, პრიორიტეტები, არამედ კიდევ რაღაც გაცილებით უფრო ფასეული - პიროვნება, სულიერი რაობა, რის წყალობითაც ადრე თუ გვიან, მზისქვეშეთში უნდა გამოვსულიყავი, როგორც (სულ ერთია, რამდენად კარგი ან რამდენად მნიშვნელოვანი) ადამიანი. ამდენად, მთელს ამ გარემოს გადაუჭარბებლად შემიძლია ვუწოდო ჩემი პიროვნულ-სულიერი სამშობლო... და ახლა, თამაზის სიკვდილთან ერთად, ამ სამშობლოდან საბოლოოდ აღმოვჩნდი გამოძევებული, რადგან სამშობლო, მოგეხსენებათ, ტოპოსი კი არ არის, არამედ ადგილი, სადაც მშობლის, მამის სიცოცხლისმომცემი სული ტრიალებს.
ბედისწერამ რამდენიმე უზომოდ ნიჭიერ და ძლიერ ინდივიდუალობასთან ახლო ურთიერთობის ბედნიერება მარგუნა. და მე, ერთი დიდი რომაელის მიბაძვით, ყოველ მათგანზე შემიძლია ვთქვა, რით გაამდიდრა მან ჩემი ზნეობრივი ან ინტელექტუალური სამყარო, რას უნდა ვუმადლოდე თითოეულს. აი, თამაზზე კი ვერაფერს ვიტყვი - როცა კი ყველაზე უფრო ჩემეულ, გაშინაგანებულ შეხედულებეს, ინტერესებს, თვისებებს ჩავფიქრებივარ, სადღასაც საწყისების ბნელითმოცულ წიაღში ჩაღწევისას აღმომიჩენია, რომ ყველაფერი ეს თამაზისგან მომდინარეობს, მისი შექმნილია. ასე რომ, არც ის იქნება დიდი გადაჭარბება, თუკი ვიტყვი: მის მიერ ჩაბერილი სულით ვცოცხლობ, სამყაროს მის მიერ ახელილი თვალებით ვუმზერ. და როდესაც თამაზს "მშობელს", "მამას" ვუწოდებ, ეს სულაც არ არის მხოლოდ სიყვარულის გამჟღავნება ან მადლიერების დადასტურება, მით უფრო, პრეტენზიის გაცხადება მასთან რაღაც განსაკუთრებულ სიახლოვეზე (ჩემზე ახლობელიც ბევრი ჰყავდა) - ეს ფაქტის კონსტატაციაა.
არ მინდა, ჩვენს ოცდაცამეტწლოვან ურთიერთობას იდეალური ან, მით უფრო, იდილიური ნიშნები მივაწერო. ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა იყო, რომელსაც წყენაც ახლდა თან, გაავებაც და დროდადრო გაბუტვებიც: მე ვავდებოდი და ვიბუტებოდი ხოლმე, უფრო - ბოლო წლებში. არც იმას ვიტყვი, თითქოს საამისო მიზეზი არ მქონოდეს. ყოველ ახლო ურთიერთობაში გროვდება უამრავი საწყენი და გულსატკენი წვრილმან-მსხვილმანი. ერთხელ რამდენიმე თვით დავემდურე, ახლოს არ გავკარებივარ და შერიგებას საერთოდაც არ ვაპირებდი. სამაგიეროდ, ყოველთვის, როცა შევრიგებივარ, ჩემს უძლურ ბრაზს და აზღარბულ გულს ისეთ დიდსულოვან მიმტევებლობას, ისეთ დაუფარვ და უსაზღვრო მეგობრულ, ძმურ, მამაშვილურ სიყვარულს შემოაგებებდა ხოლმე, ისეთ სიხარულს გამოხატავდა შეცდომილი ძის დაბრუნების გამო, რომ თავს გულნამცეცა ქონდრისკაცად ვგრძნობდი:

***
ახლა, როდესაც მის ნაყოფიერი შრომით სავსე და საყოველთაო პატივისცემით მოსილ ცხოვრებას გადაავლებ თვალს, ძნელია წარმოიდგინო (თუკი პირადად და ახლოს არ იცნობდი თამაზს), რომ ამ ბავშვობიდანვე აღიარებული ნიჭითა და გარეგნული სილამაზით გამორჩეულ კაცს, ვისაც ლაღი ხასიათის წყალობით ყოველთვის უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ეხვეოდა გარს, ვინც ნორმალურად მღეროდა (ინოლა გურგულიას ეუბნებოდა ბანს შინაურ სუფრებზე!), კარგად ცეკვავდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული იყო, სინამდვილეში, ძალიან გაუჭირდა ცხოვრებაში ჩართვა, სოციალიზება, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში, მოწიფულობის დროსაც კი, როცა სახელმოხვეჭილი ლიტერატორი გახდა, რჩებოდა სოციუმისგან გარიყულად და ლამის წყალწაღებულ მარგინალად.
სკოლიდან, ცუდად სწავლის გამო, ქარხანაში გააძევეს და რაიონის ყველაზე უიმედო ოროსნებთან ერთად სატვირთო მანქანის ღია საბარგულში უკრეს თავი. ვიდრე "სასჯელაღსრულების პუნქტამდე" მივიდოდნენ, სხვა "ტუსაღებმა", ქუჩის ბიჭებმა ისარგებლეს შუქნიშნებთან პირველივე ორი შეჩერებით და თავს უშველეს. ასე რომ, ქარხანამდე მხოლოდ თამაზმა, ერთადერთმა ოჯახიშვილმა მიაღწია. იქ კი ისეთ პირობებში აღმოჩნდა, რომ აუცილებელი გახდა თვითმკვლელობის მუქარა და შორეული ნათესავი გენერლის ჩარევა, რათა ისევ სკოლაში დაებრუნებინათ.
უნივერსიტეტი შედარებით უმტკივნეულოდ დაამთავრა. ერთი ეგ იყო, ორჯერ ჩარჩა კურსზე და, ალბათ, მესამედაც ეს დღე ელოდა, ძმაკაცებს მოტყუებით რომ არ შეეგდოთ პარტისტორიის გამოცდაზე, სადაც ზომაგადასულად ლმობიერმა ახალგაზრდა ლექტორებმა, ფაქტობრივად, დაუფარავად უკარნახეს კომპარტიის ერთ-ერთი ყრილობის გამართვის თარიღი და ამ "ცოდნაში" სამიანი დაუწერეს (თუმცა ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე "დაქვეითებას", მგონი, მაინც ვერ გადაურჩა).
აი, უმაღლესის დამთავეების შემდეგ კი ძალიან გაუჭირდა სამსახურის პოვნა და ხელფასის მოპოვება. თავდაპირველად დეიდამ მოაწყო მეტალურგიულ ტექნიკუმში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე ვერ გაარკვია, რა უნდა ეკეთებინა, რა ევალებოდა. მის თანამდებობას, მგონი, "ლაბორანტი" ერქვა, მაგრამ მას, თითქოს, არც ფუნქცია ჰქონდა და არც მოვალეობები ახლდა. დადიოდა თამაზი ტექნიკუმში უსაქმოდ და ნატრობდა, სადმე ისეთი სორო ეპოვნა, სადაც დამალვას შეძლებდა, რათა მისი უსარგებლოობა ასე საჯაროდ მაინც არ ყოფილიყო გამოფენილი.
მისმა თანამდებობრივმა ფუნქციამ მაშინღა შეიძინა ბუნდოვანი კონტურები, როდესაც ერთთვიანი მივლინებით გაგზავნეს განჯაში. ახლა, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იცოდა, რომ ორჯერ თუ სამჯერ უნდა მისულიყო რომელიღაც დაწესებულებაში და იქიდან რაღაც დოკუმენტები წამოეღო. დავალება ადვილი შესასრულებელი ჩანდა და სამსახურებრივად საჭირო საქმის კეთების ილუზიასაც ქმნიდა. მატარებლამდე ძმაკაცებმა მიაცილეს ბარათაშვილის გზაზე დამდგარი პოეტი. თამაზმაც პოეტური ბოჰემა-დარდიმანდობის ადათს ვერ უღალატა და ერთი თვის განმავლობაში მეტისმეტად ხელმომჭირნე ცხოვრებისთვის გათვლილი ფულის სამი მეოთხედი ვაგზლის რესტორანშივე მიახარჯა. ასე რომ, იოლი დავალება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცია: მთელი თვე შიმშილით სიკვდილის არა, მაგრამ სრული გამოფიტვის ზღვარზე უნდა გაეძლო. ემოციურად მიყვებოდა, როგორ მოელაპარაკა მდგმურობისას დიასახლის რუს ქალს და როგორ გამოუყო მან ძალიან იაფად დღეში ერთი ჯამი წყალწყალა წვნიანი და ერთი ნაჭერი პური. გარდა ამისა, ყიდულობდა დიდ-დიდ ბროწეულებს, იქ კაპიკები რომ ღირდა, და წვენს პირში იწურავდა. დადიოდა ბედუკუღმართი ლაბორანტი უცხო, უინტერესო და უსიხარულო ქალაქში, საღამოობით ამორჩეულ მაღლობს მიაკითხავდა ხოლმე და მზის ჩასვლას გასცქეროდა პატარა უფლისწულივით.
შემდეგი სამუშაო ადგილი საქინფორმი იყო. აი, აქ კი მიეცა თამაზს იოლი შრომით დალხენილი ცხოვრების მოწყობის შანსი. მოკლე-მოკლე ინფორმაციები უნდა ეთარგმნა, რაშიც ძალიან კარგი, დაუჯერებლად კარგი გასამრჯელო შესთავაზეს. შრომის სისწრაფე მოუწონეს, ენასა და სტილზე ხომ სულ გადაირივნენ. ისე ჩანდა, რომ ჭაბუკმა მაძღარ ნავსაყუდელს მიაგნო. მაგრამ, იმ პოეტის არ იყოს, თამაზისგან განსხვავებით, განჯიდან უკან დაბრუნება რომ არ ეწერა, "საწუთრო განა ვინმეს დიდხანს ახარებს?" - განყოფილების უფროსმა მესამე დღესვე არაოფიციალურად, მაგრამ დაბეჯითებით "ურჩია" პრესტიჟული კოლექტივის ახალ წევრს, თანამშრომლების საუბრებისთვის ეგდო ყური და თუ ვინმეს რამე იდეოლოგიურად, სახელმწიფოებრივად ან სამსახურებრივად მავნე წამოსცდებოდა, მაშინვე მასთან დაებეზღებინა.Nთამაზი არ დაფიქრებულა - იმავე დღეს დაწერა განცხადება და სარფიანი თანამდებობა ისე დატოვა, ერთი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო.
მერეც, როდესაც ლიტერატურის ინსტიტუტში თითქოს უკვე თავისთვის ნამდვილად შესაფერისი თანამდებობა მონახა, დაუჯერებლად უპასუხისმგებლოდ იქცეოდა: თავიდან კვირაში ორჯერ მაინც დადიოდა ხოლმე ახალ სამსახურში, ოღონდ... სულ სხვა კაბინეტში, პირველ სართულზე, სადაც მისი ორი მეგობარი მუშაობდა. ისე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში აზრად არ მოსვლია, მეორე სართულზე ასულიყო და ერთხელ მაინც (!) შეეღო თავისი განყოფილების კარი. მაშინღა მიხვდა, რა ევალებოდა, როდესაც სისტემატური გაცდენებისთვის საერთო კრებაზე გაგდება დაუპირეს. მხოლოდ იმ "ქვედა" განყოფილების უფროსის დაფიცებამ გადაარჩინა - ჩემს ოთახში ძალიან ხშირად ვხედავ და, ცოტას თუ ადროვებთ, ზემოთაც ამოეჩვევაო.
საერთოდ, თ. ჩხენკელი ყოველთვის გამოირჩეოდა ჭეშმარიტად საარაკო ასოციალურობითა და მოუთვინიერებლობით. მე რომ გავიცანი, იგი უკვე თვეში ერთხელ თუ შეივლიდა ხოლმე ლიტერატურის ინსტიტუტში ხელფასის ასაღებად, მაგრამ იმ დროს ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია შეგუებოდა თავისი უნიჭიერესი თანამშრომლის ხასიათს: კარგად იცოდნენ, ამ კაცს ვერანაირი ფინანსური ან ადმინისტრაციული სასჯელით ვერ დაიურვებდი - ბევრად უფრო ადრე, ამას თვით სახელოვანი და თამაზისთვისაც საყვარელი გიორგი ლეონიძეც კი ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ცოცხალი კლასიკოსი იყო, ხოლო მისი ხელქვეითი - დამწყები ლიტერატორი, რომელსაც თავი ჯერ არაფრით გამოეჩინა. მით უფრო, გაუმართლებელი იქნებოდა ორმოცდაათი წლის ასაკში "ტრაგიკული ნიღბების" ავტორის მოხსნა სამსახურის გაცდენის, ანუ, ფორმალურად მაინც, უსაქმურობის გამო, რადგან, საჯაროდ რომც არავის გაეჟღერებინა, მაშინვე გაჩნდებოდა კითხვა: ბევრი ნაშრომი კი შექმნა ინსტიტუტმა ამის შესადარი მთელი თავისი არსებობის მანძილზე?
და უფრო მეტიც, ზოგჯერ თ. ჩხენკელს თვითონვე უთქვამს უარი გარანტირებულ სამეცნიერო კარიერაზე. ასე მაგალითად, როდესაც თაგორისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი წერილით აღფრთოვანებულმა გიორგი ახვლედიანმა სთხოვა, სტატია განავრცე და დისერტაციად დაიცავიო, თამაზმა გადაჭრით თქვა უარი, რადგან ბენგალური ენის ცოდნის გარეშე ამგვარი რამ პროფანაციად მიაჩნდა. არ გაჭრა ღვაწლმოსილი აკადემიკოსის ხვეწნამ, ოღონდ დამეთანხმე და მე თვითონ ვიქნები შენი დისერტაციის ხელმძღვანელიო (რაც იმას ნიშნავდა, რომ სამეცნიერო ხარისხი და, მაშასადამე, მისი შესატყვისი ხელფასი, პრაქტიკულად, "ჯიბეში ედო"), ნაშრომის მეცნიერული ღირებულება, სიზუსტე და დონეც მთლიანად ჩემს კისერზე იყოსო: უჩინო ლიტერატურისმცოდნემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რადგან მარტოდენ უკიდურესი იდეალისტებისათვის დამახასიათებელი პროფესიული კეთილსინდისიერება და ფანატიზმი ნებას არ აძლევდა, ეთიკოესთეტიკურ (არის ასეთი ტერმინი, მგონი, ჰიმენესის მიერ შემოტანილი) სინდისთან თუნდაც უმნიშვნელო კომპრომისზე წასულიყო.
ახალგაზრდობაში ხშირად სვამდა და ზოგჯერ გიჟურ თავაწყვეტამდეც მიდიოდა ხოლმე. ერთხელ, უგონოდ მთვრალი გადამძვრალიყო აბრეშუმის ქარხნის მაღალ, ფხიზელი ათლეტისთვისაც ძნელად დასაძლევ მესერზე და ხეზე მიყუდებულს ზეზეულა ჩასძინებოდა. "ცხენივით გეძინა, ცხენივით..." ეუბნებოდა განყოფილების უფროსი, როდესაც მეორე დილით მილიციაში გამოეღვიძა და ვერაფრით გაიხსენა, მაინც რა ქვეცნობიერმა სწრაფვამ უბიძგა აკრძალულ ტერიტორიაზე შეღწევისკენ.
არც მოწიფულობაში ეთაკილებოდა უკვე სახელოვან პოეტსა და მეცნიერს "გზებზე სუფრის გადაფენა". თავის ასევე დიდად სახელოვან კოლეგასთან ერთად ქუჩაში ხმელი თევზით (ცხადია, ლუდისა და არყის თანხლებით) პურობის ამბავი თვითონვე აქვს მოთხრობილი ერთ მინიატურა-მოგონებაში ("ნაჩუქარი თევზი"). ოფიციალური და დასაფასებელი პირის უნარ-ჩვევები სიცოცხლის ბოლომდე სათოფეზე არ მიიკარა.
ხოლო ყოველივე ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ცხოვრობენ და "ცხოვრობდნენ მისაბაძი ადამიანები, რომელთა სულიერ არსებობაში საკუთარ სოციალურ მდგომარეობას უმნიშვნელო, სულ ბოლო ადგილი ეჭირა. და ეს იყო მათივე მნიშვნელოვანი ინსტინქტი შემოქმედებით ენერგიის გადასარჩენად თუ დასაზოგად" (ბესიკ ხარანაულის სიტყვებია თამაზისადმი მიძღვნილი წერილიდან). თ. ჩხენკელმა სხვებისგან კი არ შეითვისა, თვითონ "შექმნა საბჭოთა ეპოქისათვის სრულიად მიუღებელი და თავზარდამცემი ფენომენი "საქმიანი უსაქმურობა" (ვახუშტი კოტეტიშვილი).
სამაგიეროდ, "საქმე უსაქმურისა", რომლისთვისაც მან სამსახურებრივი და სოციალური ხელმოცარულობის ხარკი გაიღო, ღირდა ყოველგვარ მსხვერპლშეწირვად: "პოეტური თარგმანის ხელახალი აღორძინება საქართველოში ძირითადად მის სახელს უკავშირდება და მისი დიქტატითაც კი წარიმართა" (დავით წერედიანი).
მისი "შრომა, ჩვენი ეროვნული კულტურის სასიკეთოდ, არა ერთი და ორი ბრწყინვალე შემოქმედებითი მიღწევით დაგვირგვინდა. საკმარისია გავიხსენოთ ბო ძიუ-ის მომხიბლავი ლირიკა, მისი ნატიფი, ჰაეროვანი, თითქოს შუქჩრდილისაგან ნაქსოვი ლექსები; ანდა "გიტანჯალი" - ღვთაებრივი სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, სიკეთისა და სილამაზის სადიდებლად აღვლენილი გულმხურვალე ლოცვა-ვედრება, მშვიდი სიდიადით გასხივოსნებული პოეტური საგალობლები; აი, "ბჰაგავატგიტა", ძველი ინდოეთის საკრალური პოემა, მაღალი, როგორც ცადაზიდული მთები, ბნელი, როგორც მისი ჯუნგლები და, იმავდროულად, ნათელი, როგორც მისი უღრუბლო ზეცა, ინდოელი ხალხის უკვდავი სულის, მისი ზნეობრივი მრწამსისა და რელიგიური მსოფლგანცდის უსრულქმნილესი გამოხატულება. აი, ხაიამი და ქაბირი, მიცკევიჩი და პუშკინი, უიტმენი, ლორკა და მსოფლიო პოეზიის ბევრი სხვა დიდი თუ მცირე ვარსკვლავი, უთვლავ ფერად მოელვარე ხომლი მთელი პოეტური ხომლი, ქართული პოეზიის ცარგვალზე სიყვარულითა და საოებით გადმონერგილი" (ბაჩანა ბრეგვაძე).
ბოლო ციტატის მეტაფორებში თუ დავრჩებით, თ. ჩხენკელის ღვაწლს სავსებით შესაძლებელია ეწოდოს ბრძოლა ქართული ლიტერატურული ცნობიერებისთვის ახალი (მათ შორის ზეციური) სივრცეების შემოსამატებლად.
მის მიერ ამ მიზნით გამართული და ტრიუმფალური გამარჯვებით დაგვირგვინებული ომების შინაარსი თუ არა, სახელები მაინც დღეს, ალბათ, ყველა მკითხველისთვის არის ცნობილი: ბო ძიუ-ის ლირიკა, "გიტანჯალი", "ბჰაგავატგიტა", "ტრაგიკული ნიღბები", "ოდისეა"... თუმცა, საეჭვოა, ყველას ჰქონდეს გააზრებული, რომ ეს თავგანწირულად გაბედული და უზადო მხედრული ოსტატობით განხორციელებული პოეტური იერიშები par excellence ლიტერატურული ტერიტორიების დაპყრობას არ ისახავდა მიზნად, მათი ჭეშმარიტი საზრისი მოიერიშის პიროვნული თვითდადგინება იყო.
ამას თვითონვე განმარტავს იმჟამინდელი თარგმანების წიგნის წინასიტყვაობაში: "თაგორის ლირიკიდან "გიტამდე" განვლილი ათწლეული ჩემთვის კრიზისული თვითდადგინების (ხაზგასმა ჩემია, - ზ. კ.) ხანა იყო. ოცი წლისამ ვთარგმნე "გიტანჯალის" ნახევარი, რითაც დავემშვიდობე ჩემს რომანტიკულ წარსულს, ხოლო 2500 წლის წინ შექმნილი გიტას სანსკრიტული ტექსტის კომენტატორების, ოთხი დიდ ინდოლოგის - დოისენის, მიულერის, ბÁურნეუფის და სმირნოვის შენიშვნების ორწლიანი შტუდირების შემდეგ, ოცდაათი წლისამ ვთარგმნე "გიტა", რამაც განამტკიცა ჩემი თვითცნობიერება და გზა გამიხსნა ვაჟას გენიალური პოეზიის შესაცნობად..."
კიდევ უფრო მეტის მთქმელია ამის შემდგომი აბზაცი: "ინდური ლოტოსი" ჩემი სიჭაბუკის წიგნია, და მე ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ ის ყოფიერების საშინელებით შეძრწუნებულ, სასოწარკვეთილ, ან ქვეყანაზე გულაყრილ რომელიმე მოაზროვნე ახალგაზრდას რწმენას დაუბრუნებს და გულს გაუმაგრებს".
დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ აქ თ. ჩხენკელი ნატვრის ფორმით თავის პიროვნულ გამოცდილებას გვიზიარებს. თვითონ იყო ის ყოფიერების საშინელებით შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, ქვეყანაზე გულაყრილი მოაზროვნე ახალგაზრდა, ვისაც 1948-58 წლებში "გიტანჯალმა" და "ბჰაგავატგიტამ" რწმენა დაუბრუნა და გული გაუმაგრა.
გაიარა კიდევ ორმა ათწლეულმა და 70-იანი წლების მიწურულს მის მიერ ნათარგმნმა ინდურმა საგალობლებმა უიმედობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთას გამოსტაცა უკვე სხვა ჭეშმარიტ აზროვნებას მოწყურებული ჭაბუკი, რომელმაც მერე პუშკინის ლექსები თარგმნა და თამაზს ახლობლის ხელით გაუგზავნა.

***
სიკვდილამდე ორი-სამი წლით ადრე, როცა ჯერ ავადმყოფობის ნასახიც არსად ჩანდა, თამაზს ხილიანზე ვესტუმრე. გაკეცილ ფურცელზე ჩამოწერილი მოკლე სია მაჩვენა: რატომღაც გახსენებოდა ის ხუთი თუ ექვსი ადამიანი, ვის ცხედარსაც ეამბორა. ზოგისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის კი ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირდებაო, ამიხსნა. თუმცა სიიდან ვერაფრით მივხვდი, სახელდობრ მაინც რას უკავშირდებოდა.
უცნაური სია იყო. მასში არ იყვნენ არც თამაზის სიჭაბუკეში გარდაცვლილი მამა. არც მისი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, უკვე ჩემსობისას, გარდაცვლილი დედა. არც ის მეგობრები ვისაც ყველაზე ხშირად გაიხსენებდა ხოლმე და ვინც ყველაზე მეტად ენატრებოდა: რევაზ თვარაძე, არჩილ სულაკაური, ოტია პაჭკორია... სამაგიეროდ იყვნენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, ვისი სახელები მისგან იშვიათად თუ გამიგია. ახლა მახსენდებიან მხოლოდ მისი დედის მეგობარი ოთხმოცდაათს მიტანებული ქალი, რომლის დაკრძალვაზეც წყნეთში ჩასულა და პოეტი ზაურ ბოლქვაძე. ოღონდ ეს ამბორი არანაირად არ იყო დაკავშირებული ლექსთან, სტატიის დასაწყისში რომ მოვიყვანე. ლექსი მე ვუთხარი, სიაში ზაურის სახელის ამოკითხვისთანავე და, კარგად მახსოვს, წაკითხული არ ჰქონდა ან, ყოველ შემთხვევაში, არ ახსოვდა. როცა მოისმინა ძალიან გაიხარა, სახე ბედნიერი ღიმილით გაებადრა. ასეთ სიტყვებს ვინ გაიმეტებს სხვისთვის, სიყვარულის ასეთ გულსავსე გადმოფრქვევას ვინ გაღირსებსო, მითხრა. ზაური კი ყველას მიმართ ასეთი იყო და სწორედ ამ უკიდეგანო გულისთვის მიყვარდაო.
უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის დაუძლეველ ძრწოლას ვგრძნობდი სიკვდილის წინაშე და არათუ მიცვალებულთან შეხებას, მისთვის შეხედვასაც კი გავურბოდი, წარმოიდგინეთ, კუბოს აწევაც კი მიჭირდა. პირველი მიცვალებული, რომელსაც გავბედე და ვაკოცე, ისიც სულ ბოლო წუთს, კუბოს დახურვის წინ, დედაჩემი იყო... და გამაოცა უცნაურმა სიმშვიდემ, რომელიც მაშინ ვიგრძენი: ახლა მაინც, თუნდაც მხოლოდ ამ წამს სიკვდილში არაფერია საშიში. ის რაღაც ისეთივე ჩვეულებრივი, მყუდრო და შინაურია, როგორც თუნდაც... შენს საწოლში ყოველდღიური დაძინება ან გაღვიძება... მეორე მიცვალებული, რომელსაც ვეამბორე, ამჯერად უკვე კუბოს სახლიდან გატანის წინ, თამაზი იყო... და ისევ საოცარი სიმშვიდისა და სიმყუდროვის ის უცნაური განცდა, რომლის შორეულად გადმოცემასაც კი ვერ ვახერხებ. ეს განცდა გამყვა მერეც, როცა კუბოს მივასვენებდით, მერეც - როცა, მესაფლავეებთან ერთად, თამაზის ნეშტს ნიჩბით მიწას ვაყრიდი. ისევე როგორც დედაჩემის დაკრძალვისას, ახლაც რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიმეღო, რომ ეს ჩემი ვალის სრულიად აუცილებელი ნაწილი იყო.
თამაზი ყოველთვის მძაფრად განიცდიდა წლების მატებას, არყოფნასთან მიახლოებას. რაც მახსოვს, ყოველთვის ძრწოდა სიკვდილის შეუღწეველი საიდუმლოს წინაშე. მაგრამ, როდესაც სიკვდილი რეალურად მიუახლოვდა, ძრწოლა გაქრა. ბოლოს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ვნახე. სავარძელში იჯდა, ქიმიათერაპიის შემდეგ გულს აზიდებდა. დაღლილი და გატანჯული ჩანდა, მაგრამ რაღაც ახალიც გაჩნდა მასში: სიკვდილის უშიშარი მოლოდინი. და ამ ადამიანმა, რომელიც ისე მტკივნეულად განიცდიდა ასაკის მატებას, რომ ორმოცი წლისას ცრემლები წამოსცვივდა, როდესაც ორი-სამი წლით უმცროსმა მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს ("რა გესმით თქვენ, რას ნიშნავს ორმოცი წელი..."), უკვე გარდაუვალი აღსასრულის წინაშე პირისპირ მყოფმა, სრულიად მშვიდად მითხრა: "ვერ გამიგია, რატომ ეშინიათ სიკვდილის. რა არის სიკვდილში, საშიში? რა არის სიკვდილზე უკეთესი!". ამასთან, ჩემი შთაბეჭდილებით, ეს არ იყო ტანჯვისგან დაძაბუნებული ადამიანის სასოწარკვეთა. ეს იყო ძლიერი პიროვნების არჩევანი.
მთელი ურთიერთობის მანძილზე, სულ თავიდან დაწყებული, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმქვეყნიურ თემებზე. ამ ღრმადმორწმუნე, მაგრამ სრულიად არაეკლესიურ, ყოველგვარი დოგმებისგან შორს მდგომ კაცს, სჯეროდა სულის უკვდავება, ოღონდ არ სწამდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სული ინდივიდუალობას ინარჩუნებს. "იცი, თაგორს აქვს ასეთი მეტაფორა, - მითხრა ერთხელ, - მარილის ქანდაკება (ქანდაკება, რომ მარილისაა, ეს მნიშვნელოვანია) შედის ოკეანეში და მთლიანდ განზავდბა მასში, უნაშთოდ უერთდება მას. მხოლოდ ასე ან ამის მსგავსად შემიძლია წარმოვიდგინო სულის სიკვდილისშემდგომი მდგომარობა".
და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ კეთილმორწმუნე ქრისტიანი ვიყო და საიქიოზე ფიქრის დროსაც მაინცდამანც არ დავშორდე დოგმატურ თვალსაზრისებს, რომლებსაც მარილის ქანდაკების მეტაფორასა თუ სიმბოლოსთან საერთო არაფერი აქვთ, დროდადრო მაინც ენითაუწერელ სიმშვიდეს მგვრის იმის დაშვება, რომ თამაზის სული ერთიანად შეერწყა აბსოლუტური სინათლისა და სრულყოფილების იმ ოკეანეს, რომლიდანაც ოდესღაც, რამდენიმე ათწლეულის წინ მისი მზიური ინდივიდუალობა გამოცალკევდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია – “მოკვდა თამაზა – თქვენი ძმაკაცი...”



რაც ხანი გადის, მით უფრო ძვირად
ვხვდებით ერთმანეთს, მით უფრო ხშირად
გვერევა სევდა. რაც ხანი გადის
მით უფრო მეტი იშლება სუფრა
და ჩვენ ვეწევით მოსაწყენ ნადიმს:
ჭკვიანურს ვროშავთ, ან ვსხედვართ უბრად...
რაც ხანი გადის, მით უფრო, უფრო!

ეს ანჟამბემანით გაწყობილი სტრიქონები, რომელიც თამაზ ჩხენკელმა 80-იანი წლების ბოლოს დაწერა, მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოხატავს იმ განწყობას, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მძაფრადაც გვეთქვა, თამაზ ჩხენკელისვე რომელიმე სხვა ლექსით, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ეს თავჩახრილი ლირიზმი უფრო ესადაგება პოეტს, ვინაც მთელი ცხოვრება თავაწეული იარა.
თამაზ ჩხენკელი ალბათ ყველაზე მხნე ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. და ეს მხნე კაცი, მუდამ შთაგონებული ყვებოდა ხოლმე რაღაცას, შთაგონებული და განცვიფრებული. ამ არტისტული განცვიფრების გარეშე მისთვის აზრს კარგავდა ყველაფერი, ამბავიც და ცხოვრებაც. მეც, როდესაც თამაზ ჩკენკელის შესახებ ვყვები რამეს, ალბათ ასეთი განცვიფრება მემჩნევა სახეზე. ახლაც, მინდა რაიმე განსაცვიფრებელი მოვყვე, მაგრამ ისევ ზემოთ დამოწმებული ლექსის განწყობაში ვტრიალებ. ამიტომ, ერთ ასეთ ისტორიას გავიხსენებ.
ერთხელ ზურაბ კიკნაძემ, ზაზა კვერცხიშვილმა და მე ბატონ თამაზთან სტუმრობა გადავწყვიტეთ, წინასწარ გავაფრთხილეთ, გავავსეთ გავაზური ღვინით ჭურჭელი და გავედით ხილიანზე. კარზე დიდხანს ვაკაკუნეთ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ შინ დაგვხვდებოდა, ამიტომ ზურაბი შეშინდა კიდეც, რამე ხომ არ დაემართაო. იქნებ გული გაუხდა ცუდად... შევედით მეზობელთან, რომელმაც დაზუსტებით ვერაფერი გვითხრა და სწორედ მეზობლის ბინაში მოწყობილი ხანმოკლე კონსილიუმის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ან კარი უნდა შეგვემტვრია, ან აივანზე უნდა გადავმძვრალიყავით. საბოლოოდ, მაინც გადაძრომა ვარჩიეთ. რა თქმა უნდა, ეს საპატიო მისია მე დამეკისრა. ფრთხილად მივძვრებოდი თამაზ ჩხენკელის აივნისკენ და თავში ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა, ყველა ვარიანტი გავათამაშე, მათ შორის ყველაზე უხერხულიც. გადავძვერი თუ არა, ფანჯარაზე დავაკაკუნე, დავიძახე, მერე აივნის კარიც შევაღე, ისევ დავიძახე. მოკლედ, არავინ არაა სახლში, სახლი ცარიელია. წასულა თამაზ ჩხენკელი.
ამ ბინაში, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებს, ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ როცა პოეტის ცარიელ სახლში პირველად მოვხვდი მარტო, სხვა რამეებიც გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, შედიხარ, უფრო სწორად, მიძვრები პოეტის სახლში, სადაც პატრონი არ გხვდება... თან გული გიცემს, თან იმ პოეტზე ფიქრობ. თან ამ ძველ, გაცრეცილ სიცარიელეს აკვირდები:

ყველაფერი არის ძველი
გაცრეცილი ბარათივით,
იგივ ძველი სავარძელი,
მტვერი წიგნის კარადების.

იგივეა, რაც რომ იყო
ულმობელი დროის ხელი...
სავარძელში მარტო ვზივარ
და ირწევა სავარძელი.

ყველაფერი ზუსტად ასე იყო, მხოლოდ სავარძელში ჩამჯდარი თამაზ ჩხენკელი არ ჩანდა არსად. არც ერთ ოთახში.
გავედი შემოსასვლელში, გავხსენი შიგნიდან კარი, სადაც ზურაბი და ზაზა მელოდნენ, ფორიაქობდნენ.
მოკლედ, თამაზ ჩხენკელი იმ დღეს ვერ ვნახეთ და ახლა აზრიც არა აქვს მოვყვე, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არ დაგვხვდა ბატონი თამაზი შინ. ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რაზეც ახლა ვფიქრობ და ბოლომდე გამოთქმა მიჭირს. ის სახლი, ის ოთახები, ახლა უკვე საბოლოოდ რომ დაცარიელდა. სახლი, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებდა:

...რომელსაც ვახუშტის თქმით,
ძველად სკვირეთი რქმევია.

იმ ადგილებში ახლა აღარც ვერე მოედინება, უფრო სწორად, სამარხში მოედინება.
დღეს იქ აღარც მდინარეა და აღარც პოეტი.
ბოლოს ერთი თვის წინ ვესაუბრე ბატონ თამაზს. არ ვიცოდი ასე მძიმედ თუ იყო. ტელეფონში სულ სხვა კაცის ხმა მესმოდა. არადა იმის სათხოვნელად დავურეკე, რომ მისი ომახიანი ხმით ჩაგვეწერა “გიტანჯალის” რამდენიმე ლექსი, რომელსაც გამოსვლიდან 100 და ქართულად თარგმნიდან 50 წელი უსრულდებოდა.
მივხვდი, რომ თამაზ ჩხენკელი ამას ვეღარ შეძლებდა. მისი ჭაბუკობისა და ახალგაზრდობის დროინდელ ლექსებს (ის ცნობილი თარგმანებიც ხომ პირველ რიგში თამაზ ჩხენკელის ლექსებია!) ეს ხმა ვერ მოერეოდა. ვერც ამ ლექსის მხნეობას აჰყვებოდა, რომელიც 40 წლის წინ თამაზ ჩხენკელმა თავის მეგობარს მიუძღვნა:

ჰაერზე დადგით ჩემი საკაცე!...
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა:
მოკვდა თამაზა – თქვენი ძმაკაცი,
აღარ დასცალდა თქვენთან სუფრობა.

ჩვეულებრივი იყოს სამარე,
მისამძიმრების ჩუმი უბნობა,
თვალზე მომდგარი ცრემლი დამალეთ, -
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა!

არც მითქმა-მოთქმა და არც უბრობა,
არცა ქება და სიტყვა მგმობარი:
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა,
შესვი შენი ძმის შესანდობარი!
© radiotavisupleba.ge

Wednesday, October 20, 2010

ანდრეი ვოზნესენსკი – ივერიის ნათელი



DOWNLOAD

მალხაზ ხარბედია

1 ივნისს ანდრეი ვოზნესენსკი გარდაიცვალა, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი პოეტი, ვის შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ანდრეი ვოზნესენსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, იგი გუშინ დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. 77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, რომელიც 60-იანელთა თაობის სახე იყო რუსულ და საბჭოთა პოეზიაში.
ანდრეი ვოზნესენსკის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა საქართველო, სწორედ ამიტომაა, რომ მისი გარდაცვალება ჩვენთანაც არანაკლებ განიცადეს. მწერალ და ესეისტ ზაზა აბზიანიძის აზრით, იგი ქართული კულტურის ნამდვილი პროპაგანდისტი იყო:
“თითოეული ჩვენთაგანისათვის ანდრეი ვოზნესენსკის გარდაცვალება მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყო. გულწრფელად ვიტყვი. რუსულმა პოეზიამ დაკარგა ერთი გამორჩეული პოეტი, საქართველომ კი ერთგული მეგობარი, ჩვენი კულტურის მცოდნე, ქომაგი და პროპაგანდისტი. მართლაც, ის ცდილობდა, რომ ყველასათვის, რუსეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, შეეყვარებინა მის მიერ აღმოჩენილი ქვეყანა, საქართველო”.
ანდრეი ვოზნესენსკი 1933 წელს დაიბადა მოსკოვში. 1957 წელს მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი დაასრულა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა, ჯერ კიდევ 14 წლისამ გაუგზავნა თავისი ნაწერები ბორის პასტერნაკს და შემდეგაც, მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ამ დიდ პოეტთან.
ასპარეზზე ანდრეი ვოზნესენსკი 1958 წელს გამოვიდა, პირველი კრებული კი 1960 წელს გამოიცა. იგი ნამდვილი სამოციალელი იყო, “ოტტეპელის” პირმშო და შემდგომ ოტტეპელისვე მსხვერპლი:
“ორიოდე სიტყვით ვიტყვი მისი პოეზიის ჩემეულ აღქმაზე: მაგალითად, ბროდსკისათვის დომინანტური თემა, გამჭოლი ხაზი მისი პოზიისა, არის ტრაგიზმი, ვოზნესენსკის კი ეს ტრაგიკული მსოფლაღქმა არ ჰქონდა, მაგრამ ის იყო პირველი, 60-ანი წლების გარიჟრაჟზე, ვინც, ეს მოყირჭებული, საბჭოთა ოპტიმიზმი ერთბაშად და ხაზგასმით შეცვალა რაღაც სხვა ტონალობით, სხვა მსოფლშეგრძნებით. ახლა ძალიან მიჭირს ერთი სიტყვით დავახასიათო ეს, მაგრამ ეს იყო შიშის, რაღაც მოსალოდნელი უბედურების შეგრძნება. როგორც შექსპირთანაა: ამ სამეფოში რაღაცა კარგი არ ხდება...”
1963 წელს ამგვარი ეჭვების გამო ანდრეი ვოზნესენსკი თავად ხრუშჩოვმა გაკიცხა და ისევე როგორც პასტერნაკის შემთხვევაში, პოეტი საქართველომ შეიფარა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა მან ივერია, ქვეყანა, სადაც მან თავშესაფარი ნახა და უძველეს კულტურასაც ეზიარა:
“ის გახლდათ განათლებით არქიტექტორი, ძალიან დიდი კულტურული პლასტის მქონდე ადამიანი და ამ მისმა ცნობისწადილმა, მისმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კულტურულმა შემზადებულობამ განაპირობა მისი საქართველოსადმი, როგორც ისტორიულ-კულტურული ფენომენისადმი ინტერესი. და აქ არ იყო პრაგმატიზმი – საქართველოში ყველა სტუმართმოყვარეა, უყვართ განსაკუთრებით პოეტები, ბევრი ქვენა აზრითაც გიყურებს, რომ კარგი პოეტია და კარგი მთარგმნელიც იქნება და ა.შ. მაგრამ ანდრეი ვოზნესენსკის, სხვათაგან განსხვავებით, ეს პრაგმატულ-ტურისტული ინტერესი ნამდვილად არ ამოძრავებდა და ჩემთვის, პიროვნულად, და ბევრისათვის, მისი ხიბლის მტავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს გახლდათ”.
კულტურული პლასტების გარდა მას პირადი ურთიერთობიც აკავშირებდა საქართველოსთან, ჯერ ერთი, ანდრეი ვოზნესენსკის დიდი ბაბუა, ანუ პაპის პაპა, ქართველი იყო. ამით იგი ამაყობდა ხოლმე, და ამაყობდა არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში და კიდევ, საქართველოში მან სიყვარული დატოვა. ერთ-ერთ თავის ესეში, რომელიც პასტერნაკს ეძღვნება, იგი შეყვარებულ მოხუც პოეტზე გვესაუბრება, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაუმართლა და თბილისში სრულიად ახალგაზრდა გოგონას მხურვალე სიყვარული დაიმსახურა:
“ასე მგონია, რომ იგი წერდა პასტერნაკზე, მაგრამ სადღაც თავის თავსაც გულისხმობდა. და ჩვენ ვიცით მისი ცხოვრების ქართული პერიოდი, საქართველოს როლი მის შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში. თუკი პასტერნაკისთვის ჩუკა (ჩუქურთმა გუდიაშვილი) პოეტური გატაცება იყო, პატარა გოგონა, მოწაფე (თუმცა პასტერნაკი წერდა, რომ ის ნამდვილი სიყვარულია, და შესაძლოა იყო კიდეც)... ვოზნესენსკის ნამდვილი და დიდი გრძნობა ჰქონდა აქ და შესაძლებელი იყო, რომ მთელი თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა თავისი ტრფიალის საგანისთვის, მედიკოსთვის. მაგრამ მან უარი მიიღო. არ ვიცი შემდგომ მისი მუზა ნანობდა ამას თუ არა, მაგრამ მისი ქართველი მეგობრებისაგან გამიგონია, რომ ამ უარს და ამ ლიტერატურული რომანის ესოდენ დრამატულ ფინალს გი მართლაც ძალიან განიცდიდა დიდი ხნის განმავლობაში”.
სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად ალბათ პასტერნაკის დამსახურებაცაა, რომ ვოზნესენსკიმ საქართველოს მოაგნო, იპოვა ქვეყანა, რომელზეც შემდეგ პოეტურ რკალებს შექმნიდა. მას არაერთი ქართველი პოეტი ჰყავდა თარგმნილი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეები, იოსებ ნონეშვილი, ოთარ ჭილაძე, შოთა ნიშნიანიძე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო და იმავდროულად სრული კრებულის სახელწოდებაში და შინაარსშიც საქართველო ფიგურირებს, წიგნს “ივერიის ნათელი” (1984) ჰქვია და მახსოვს, ამ წიგნის უზარმაზარი ტირაჟის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოში გაიყიდა, ქვეყანაში, სადაც დიდ პატივს ცემდნენ მის პოეზიას:
“მემგონი, ივერიის, საქართველოს ნათელმა თავისი შუქი და თავისი სითბო შეიტანა მის ბიოგრაფიაში და თავის მხრივ, ანდრეი ვოზნესენსკიმ ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხა ამ ზეგარდმო საჩუქარს”.

© radiotavisupleba.ge

Friday, September 10, 2010

ჯერომ სელინჯერი – In Memoriam


ჯოის ქეროლ ოუთსი
მწერალი

სელინჯერის ხვედრი – სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ლეგენდად ქცევა, არც ერთ სხვა მწერალს არ ღირსებია. მისი უკანასკნელი გამოქევყნებული პროზაული ნაწერი, ,,ჰეფუერთი 16, 1924’’ მკითხველმა ,,ნიუიორკერში’’ 1965 წლის 19 ივნისს იხილა.
სელინჯერს განუზომელი პოლულარობა მისმა ერთადერთმა, მრავალგზის გაკრიტიკებულმა, და მაინც ყველასთვის საყვარელმა რომანმა ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ (1951), ბრწინვალე სარკაზმნარევი მოთხრობების კრებულმა ,,ცხრა მოთხრობა’’ (1965) და გლასების ოჯახის ერთგვარმა საგამ: ,,ფრენი და ზუი” (1961), ,,მაღლა ასწიეთ ჭერი, დურგლებო’’, და ,,სეიმური: გაცნობა’’ (1963), ერთმანეთისგან ასე განსხვავებულმა ნაწერებმა მოუტანა.
თემა, რომელსაც მწერალი ჯიუტად უტრიალებდა, თანამედროვე ამერიკული მატერიალიზმით მოტანილი ზნეობრივი გამოფიტულობა იყო, გავლენა, რომელსაც ეს გამოფიტულობა მის პერსონაჟების მსგავს - განსაკუთრებულად ფაქიზ, მგრძნობიარე ბავშვებზე და მოზარდებზე ახდენდა და რელიგიურ-ეზოთერული (აღმოსავლური, მისტიკური) თუ გრძნობისმიერ-სენტიმენტალური (ნარცისული, მეამიტური ჩხიბვა საკუთარ თავში) ძიებებისკენ უბიძგებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მის ყველა გამოქვეყნებულ ნაწერს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად და აღფრთოვანებული მკითხველი სელინჯერისგან ახალ და ახალ ნამუშევრებს ელოდებოდა, 1960-იანების შუა წლებიდან, ორმოცდაექვსი წლის ასაკში, მწერალმა თავისი ნაწერების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და ნიუ ჰემფშირის პატარა, პროვინციულ სოფელ კორნიშში განდეგილის ცხოვრება არჩია.
მაშინ ამბობდნენ, რომ სელინჯერმა კრიტიკოსების მხრიდან უსამართლო, მწარე განქიქება ვერ აიტანა, და შესაძლოა, წერა რომც გაეგრძელებინა, მისი ნაწარმოებები მწერლის უჯრაში სადებად იქნებოდა განწირული.
სინამდვილეში სელინჯერის თვითიზოლაცია უფრო ადრე დაიწყო, როცა ლიტერატურულ ანთოლოგიებში თავისი ერთ-ერთი მოთხრობის შეტანაზე უარი თქვა. მის ნაწერებში ისეთმა პირქუშმა განწყობილებებმა დაისადგურა, რომ ამერიკის ლიტერატურულ ცხოვრებაში, მის სალონურ გამოხატულებებში სელინჯერს, რომელმაც სიცოცხლეშივე შემოქმედებითი სიკვდილი არჩია, არაფერი ესაქმებოდა. ახლა მკითხველი სულმოუთქმელად ელოდება მის იმ ნაწერებს, რომლებიც ლიტერატურული სამყაროსგან გამიჯვნის პერიოდში დაწერა – რომლებიც უთუოდ უნდა არსებობდეს, და უთუოდ იშვიათი ღირებულების მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ენი პრუ
მწერალი


მისი მოთხრობების უმეტესობა არჩვეულებრივი იყო, მაგრამ რომანმა ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ ყველა მათგანი დაჩრდილა. გარკვეული თვალსაზრისით, მწერალი სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ თავში ჩაბრუნებულ, სულიერად დაუკმაყოფილებელ ჭაბუკად დარჩა. 1960-იანი წლების ბოლოს ნიუ ჰემფშირის შტატში განმარტოებული ცხოვრება არჩია და მასზე უარი აღარ უთქვამს – რელიგიურ მიმართულებებსა და ძიებებში ჩაფლული მარტოკაცი, რომელიც გამუდმებით თავს იცავდა ინტერვიუზე მონადირე ჟურნალისტებისგან, კინოს ხალხისგან, თაყვანისმცემლებისა და მისი განმარტოების დამრღვევი ცნობისმოყვარე თვალისგან.
ახალგაზრდა ქალების მიმართ გულგრილი არასოდეს ყოფილა, და ერთ-ერთმა მათგანმა (ერთმა ნამდვილად) მასთან სასიყვარულო კავშირის წყალობით სახელი (და საკმაო ქონებაც) მოიხვეჭა. მაშინ თავისი საკუთრების დასაცავად სელინჯერს სასამართლოებში ბრძოლა მოუწია.
პირადი ცხოვრება წარუმატებელი ჰქონდა, მაგრამ მის ნაწერებს დიდი აღიარება ხვდა, ამერიკული ლიტერატურისთვის ისინი ერთგვარ ქვაკუთხედად იქცა. ამბობენ, რომ ცხოვრების უკანასკნელი ორმოცდაათი წელი ატანილივით წერდა, და შესაძლოა, ეს ნაწერები აისბერგის წყალში დამალული, უფრო საფუძვლიანი ნაწილიც კი აღმოჩნდეს.

დეივ იგერსი
მწერალი, გამომცემელი


მისი ნამუშევრები ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, როცა ახალგაზრდა ვიყავი. მისი ნაწერების ხმოვანება ჯერაც ყურში ჩამესმის, მოძველებულად ოდნავაც არ აღიქმება, ხოლო ისეთი დიალოგებით, სელინჯერს რომ აქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის.
ჩემს სტუდენტებს მის მოთხრობებზე ვამუშავებდი, რომ მეჩვენებინა, რამდენი რამის გაგება შეიძლება პერსონაჟზე იმის მეშვეობით, რასაც ამბობს, მეტიც, უშუალოდ იმით, რასაც ამბობს. სელინჯერი შეუდარებელი იყო დიალოგებში აქცენტების ზუსტი განთავსების თვალსაზრისით. ბედნიერი ვიქნებოდი, შემეტყო, რა გზით განვითარდა მისი ლიტერატურული ძალმოსილება – რა თქმა უნდა, თუკი აღმოჩნდება, რომ წერას განმარტოების წლებშიც აგრძელებდა.
ნეტავ ამ ადამიანთან შეხვედრა შემძლებოდა. იმედი მაქვს, ბედნიერი იყო. ხანდახან მწუხარებით ვფიქრობ, რომ შესაძლოა თავის განდეგილობაში ბედნიერება ვერ ჰპოვა, მაგრამ მინდა, რომ ვცდებოდე. დიდი ნუგეში იქნებოდა, მცოდნოდა, რომ მოახერხა თავისი სათქმელის ამოთქმა, და მერე ოთხი თუ ხუთი ათეული წელიწადი სულიერ სიმშვიდეში გაატარა.
ასეა თუ ისე, მისი შეხედულებების ძალა და სიმტკიცე ყოველ ჩვენგანს მაგალითად გამოადგება.

ე.ლ. დოქტოროუ
მწერალი


მახსოვს, როცა გლასების ოჯახის ციკლის მოთხრობები ,,ნიუ იორკერში’’ იბეჭდებოდა, მე და ჩემი თანამოკალმე მეგობრები მათ წყალივით ვეწაფებოდით. გლასების ოჯახი, მათი შვილები – ფრენი, ზუი, სეიმური, ბადი, სხვა პერსონაჟებიც უესტსაიდელები იყვნენ, მათ ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში მთელი ზედა უესტსაიდი, მანჰეტენის მთელი ეს ნაწილი ირეკლებოდა. ბავშვების მშობლები პროფესიონალი პერფორმერები იყვნენ, თავად შვილები - რადიოშოუს მონაწილე, განსაკუთრებული მონაცემების მქონე ბავშვები, მათი სრულყოფილება, მათი სიფაქიზე, ბუდიზმი, ფილოსოფიური წყობის აზროვნება, სასოწარკვეთილება, მათი ოჯახური შეკრულობა – ყველაფერი მიმზიდველი გვეჩვენებოდა. ეს ცივი ომის წლები იყო. საკუთარ არსში ჩაბრუნებული და-ძმა რომანტიკულობისა და გაუცხოების მოდელად წარმოგვიდგებოდა.

საიმონ პროსერი
გამომცემლობა “ჰეიმიშ ჰამილტონი’’-ს დირექტორი


ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორის და გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის გარდაცვალებამ ყველანი ღრმად დაგვამწუხრა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არც ერთი ჩვენთაგანი არ შეხვედრია, მისი ნაწერები კი 1965 წლის შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა, ,,ჰეიმიშ ჰამილტონის’’ გამომცემლობაში მისი თანაყოფნა ყოველთვის იგრძნობოდა. უკანასკნელი რამდენიმე თვე სელინჯერის ჩვენს მიერ გამოცემული ნაწარმოებების ხელახლა გამოცემაზე ვმუშაობდით, ახალი გარეკანები თავად ავტორის თანხმობის შემდეგ დამტკიცდა. განსაკუთრებული სიხარული მოგვგვარა მწერლის სახელით გამოგზავნილმა წერილმა. მისი ბრიტანელი და ამერიკელი აგენტები გვწერდნენ, და სიტყვებმა ,,ჯერომ დ. სელინჯერი თვლის’’ ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილშიც კი განსაკუთრებული მაგიური ძალით იმოქმედა. სევდას მგვრის იმაზე ფიქრი, რომ დღეიდან ამგვარი კავშირის შეგრძნების საშუალებაც აღარ გვექნება.
დარწმუნებული ვარ, სელინჯერის ამქვეყნიდან წასვლა ძალიან ბევრმა ადამიანმა ასევე მძაფრად განიცადა. ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი წიგნების სიის თავში იყო მოქცეული, ისევე, როგორც მისი სხვა ნაწერები, რომლებიც მუდამ ,ჰეიმიშ ჰამილტონის’’ ბესტსელერებს შორის ირიცხებოდა. ჩვენ მისი დიდად გვმართებს.

სტივენ კინგი
მწერალი

მე სელინჯერის დიდი თაყვანისმცემელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისი გარდაცვალების ამბავმა ისე დამამწუხრა, როგორც ექსცენტრული, ფიცხი, მაგრამ საყვარელი ბიძის სიკვდილმა შეიძლება გული გატკინოს. შესაძლოა არა ისე, როგორც ბევერლი იენსენის წასვლამ ამ ქვეყნიდან (მისი შესანიშნავი რომანი ,,დები ჰარდსქრაბლ ბეიდან’’ ამ ზაფხულს გამოიცემა), რომელმაც თავისი ერთადერთი რომანი კიბოს დაავადებით გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, ან რეიმონდ ქარვერის სიკვდილმა, რომელიც 50 წელს ძლივს იყო გადაშორებული. სელინჯერი ხომ, ბოლოსდაბოლოს, 90 წელზე მეტისა იყო.
მაგრამ ეს კაცი ჩვენი ქვაკუთხედი გახლდათ, რადგან სელინჯერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომდროინდელებს შორის უკანასკნელი დიდი მწერალი იყო, მისი ჰოლდენ ქოლფილდი კი – ჰეკ ფინის შემდეგ ალბათ უდიდესი ამერიკელი ნარატორი საყმაწვილო ასაკის პერსონაჟებს შორის – თავისი საუკუნის პირუთვნელი ხმა და სათქმელი: სასაცილო, მშფოთვარე, საკუთარ თავთან მოკამათე, გაუცხოებული და დაკარგული.
სელინჯერის გარდაცვალებამ შეიძლება პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც მის მკითხველს, მწერლებს და კრიტიკოსებს დაახლოებით ნახევარი საუკუნეა აწვალებს – როგორი ლიტერატურული ,,ტვირთი’’ დაგვიტოვა მან მემკვიდრეობად? სელინჯერი აღარ არის, მაგრამ თუ იღბალი აღმოგვაჩნდა, შესაძლოა სიკვდილის შემდეგ - დიახ, სწორედ ასე - უფრო მეტიც კი გვითხრას, ვიდრე სიცოცხლეში.

ლილიან როსი
ჟურნალისტი


ჩვენი ნახევარსაუკუნიანი მეგობრობის განმავლობაში ერთადერთხელ, სელინჯერმა მითხრა, რომ ასეთი იდეა ჰქონდა: როცა მხატვრული ლიტერატურა ,,თავს ამოწურავს’’, რაღაც ძალიან უშუალო და მარტივს დაწერს, ,,რეალურ ამბებზე დამყარებულ რამეს, რისი მეშვეობითაც გლასების ოჯახის ბიჭებისგან და ჰოლდენ ქოლფილდისგან საკუთარ ხმას მკვეთრად გამოყოფს. ,,საამისოდ პირველ პირში მთხრობელ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს შევქმნიო.’’ შეიძლება კარგი წასაკითხი, ან სასაცილოც კი გამოვიდესო, თუმცა ჩვეული გაგებით, ავტობიოგრაფიულობისგან შორს იდგებაო’’. მთავარი ის იყო, რომ რაღაც ისეთი ფაქტების მოყოლა სურდა, რომლებიც მძორზე მონადირეებს, ცხედარს გაციებას რომ არ აცლიან და ჭირისუფალს მოსვენებას არ აძლევენ, ცნობისმოყვარეობის გამოჩენის ხალისს დააკარგინებდა.
ფაქტი კი ისაა, რომ სელინჯერი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. მისი ნაწერები მისია და მხოლოდ მისი, სხვა არავისაში აგერევა. საკუთარი ცხოვრებაც იმ გზით წაიყვანა, რომელიც თავად აირჩია. რაც მისი არ იყო, რასაც დროის ,,სუნი’’ (ასე იცოდა თქმა) დაკრავდა, ჩალის ფასად არ უღირდა. ასაკის, და მასთან უცნაურობის მატებასთან ერთად უღრმავდებოდა იმის რწმენა, რომ მწერალი ცხოვრების ბოლოს მხოლოდ პიროვნების დამანგრეველი დიდების, მლიქვნელების, მომაკვდინებელი ყურადღების და აღიარების ამარა რჩება. ხშირად აღნიშნავდა, რა ადვილად ხდებიან მწერალები ამაოების მსხვერპლნი...’’.
როცა შვილები ჯერ პატარები ყავდა, ნიუ ჰემფშირში, კორნიშში ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ ყოველთვის რაღაც სიფხიზლეს ინარჩუნებდა. ერთხელ კორნიშის ბაზრობის პროგრამა მაჩვენა. ერთი შეხედვით ხომ უწინარი რამეაო, მითხრა, მაგრამ ბაზრობაც კი მეძავობის თავისებურ ფორმად აქციესო. ერთხელ ბავშვები წაუყვანია კარუსელებზე საქანაოდ. ,,სანამ კარუსელი ტრიალებდა, ვიდექი და ამ საძაგელ მშობლებს ვესაუბრეობდიო’’, მწერდა წერილში, ,,სამუშაოში ჩაფლობაა ის ერთადერთი რამე, რასაც ამ საშინლად ბანალურ სამყაროში აზრი აქვს, და მგონი ყველა სკოლა და კოლეჯი მძაგს ამ ქვეყანაზე, განსაკუთრებით და პირველ რიგში – ისეთები, საუკეთესო რეპუტაციის ქონას რომ იჩემებენ’’.
ბავშვები მთელი არსებით უყვარდა, ოღონდ ამ სიყვარულს მათი ,,უმანკოობის’’ მიმართ სენტიმენტალური აღფრთოვანება არ ედო საფუძვლად. ერთხელ საკუთარ ვაჟს, მეთიუს, თამაშის დროს თვალს ადევნებდა და მერე თქვა, თუ გრძნობ, რომ შვილს უყვარხარ, ამ სიყვარულმა შეიძლება გული დაგიფლითოსო. მერე დასძინა, წერაც იმიტომ დავიწყე, რომ საწერი მანქანის გარდა ჩემს გულს ძალიან ცოტა რამ წვდებაო.
როცა ჩემი ბიჭი, ერიკი ვიშვილე, ჯერი ლამის ჩემსავით იყო აღტყინებული. ერთხელ ბავშვის სურათი გავუგზავნე. პასუხად მომწერა: ,, მთელი არსებით იცინის. ნეტავი ასე სიცილის ნიჭი მთელი ცხოვრება გაყვეს.’’
როცა ჩემი მოთხრობა წაიკითხა, რომელშიც სენტრალ პარკში ბავშვები მეიფოლს გარს ხტუნვა-ხტუნვით უვლიან, მომწერა: ,,მარტო ის კი არ გააკეთე, რომ აუტანელი ასატანი გახადე – შენ ყველა და ყველაფერი გამოისყიდე’’.
იმ მწერლების მიმართ, რომლებიც უყვარდა, სელინჯერი ძალზე სულგრძელი იყო, მაგრამ ვისაც ,,შენიღბულებს’’ ეძახდა, მათი დანდობა არ ჩვეოდა. მაგალითად, კენეტ ტაინანის მიმართ ძალზე მკაცრი იყო, ,,რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ენით აბრუებს მკითხველს, თუ სიმართლეს გულში ვერ წვდება’’. ამბობდა, რომ თანამედროვე მკითხველის გემოვნებას მეტისმეტად არის დაყოლილიო, ამნიარების საზოგადოება შიშს და დეპრესიას მგვრისო. მეუბნებოდა, ,,მე თვითონ, სამუშაოდ რომ ვჯდები, ჩემი საკუთარი ნიღბის ჩამოსაშორებლად ერთი-ორსაათიანი მოთელვა მაინც მიჭრდება’’. ტრუმან კეპოტესთან შეხვედრა ნამდვილად არ გამაღიზიანებდაო, ყველა ის გადარეული, რომელიც ყველა წერილს სიტყვებით ,,ტრუმენმა მთხოვა, გულთბილად მოგიკითხოთ’’ ასრულებდა, ამ კაცმა ერთი ხელის დაკვრით მოიშორაო.
ემერსონი მისთვის საფუძველთა საფუძველი იყო, და წერილებში მისი გამონათქვამები ხშირად მოყავდა, მაგალითად, ,,კაცს ბევრი დეიდა და ბიძა უნდა ჰყავდეს, ყოველ დღე სტაფილს და ბოლოკს უნდა ყიდულობდეს, ბაზრად და მჭდელთანაც დადიოდეს, ფეხითაც უნდა ისეირნოს, ეძინოს, მდარედაც უნდა გამოიყურებოდეს და სულელურადაც.’’ მწერლები, რატომღაც, ამ აზრს ვერ ეგეუბიანო, ამბობდა, და სტაფილოს და ბოლოკის ვერმყიდველების მაგალითად ფლობერი და კაფკა მოყავდა.
ჩვენი ურთიერთობის ამდენი წლის განმავლობაში სელინჯერს არაერთხელ მოუყოლია მუშაობის ,,გრძელი და შეშლილი საათების’’ შესახებ, ვიცი, რამდენად შორს ეჭირა თავი იმ ყველაფრისგან, რაც მასზე იწერებოდა და იბეჭდებოდა. თვითონ კრიტკული წერილების არ მეშინიაო, მეუბნებოდა, მათ ,,გვერდით ეფექტებს’’ ვუფრთხიო. ,,არა, მწერლები აღარ არსებობენ,’’ მითხრა ერთხელ, ,,მარტო საკუთარი წიგნების გაყიდვაზე გამწარებულ მდარე ადამიანებს და მოლაყბეებს ვხედავ.’’
ნიუ ჰემფშირში ცხოვრება მოსწონდა, მაგრამ ხანდახან მიუ-იორკში ჩამოსვლა და ჩემთან და ბილ შოუნთან, ამ ჟურნალის (“ნიუ იორკერი” იგულისხმება) რედაქტორთან ერთად სადილობაც ახალისებდა. უკანასკნელი ასეთი სადილის შემდეგ მომწერა: ,,იმდღევანდელი მოგონებები რამდენიმე თვე გამყვება და გამამხნევებს. თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი’’. ერთხელ შვილებთან ერთად ლონდონში გამგზავრების ამბებზე ბევრი მაცინა. ბავშვები ,,რობინზონ კრუზოს’’ სასცენო ვერსიაში ენგელბერტ ჰამპერდინგის სანახავად წაიყვანა: ,,საშინელება იყო, მაგრამ ჩვენ კი რატომღაც კარგად გავერთეთ. მთავარი ის იყო, რომ ,,პალადიუმი’’ ვნახეთ: ,,39 ნაბიჯის’’ უკანასკნელი სცენა ხომ იქ არის გადაღებული’’.
სელინჯერს კინო უყვარდა, ფილმებთან დაკავშირებით მასზე უკეთესი მოკამათე სხვა არავინ მეგულებოდა. იმის გაცნობიერებაც მოსწონდა, რომ უამრავი ფილმი ჰქონდა ნანახი (ენ ბენკროფტი უყვარდა, ოდრი ჰეფბერნი კი - არა; მახსოვს, ამბობდა, ,,დიდი ილუზიები’’ ათჯერ მაქვს ნანახიო). თურმე ბრიჟიტ ბარდოს მის ,,ბანანა თევზის ამინდზე’’ უფლებების შეძენა მოუსურვებია, და მითხრა, ეს ამბავი ძალიან მესიამოვნაო. ,,ძალიან ეშხიანი და ნიჭიერია, დაკარგული ბავშვის განსახირება, მინდა ამ საქმეში ხელი შევუწყოო’’.
იმაშიც ორიგინალური იყო, რაც ახარებდა და სიამოვნებას ანიჭებდა. ერთხელ მომიყვა, როგორ გავიდა სახლიდან ახალი უთოს საყიდლად და მერე მოახლეს პერანგები დააუთოვებინა. ,,ვერ წარმოიდგენ, როგორ გავმხიარულდი’’. მერე სარეცხი მანქანა და საშროები შეიძინა და ასე გაიცნო ელექტრომოწყობილობების გამყიდველი, რომელსაც რასკინის ციტირება უყვარდა. ციტატები რა თქმა უნდა იმ აზრს უკავშირდებოდა, რომ მთავარი ხარისხია, ფასს მნიშვნელობა არ აქვს. არ მოსწონდა, როცა ადამიანები წაკითხულზე ბევრს ლაყბობდნენ. ,,ღმერთო, როგორ მიყვარს ჩუმი და ღრმა მკითხველი, ჩვენც ხომ ასეთები ვიყავით’’.

ჯულიან ბარნსი
მწერალი


თუ ის მშვენიერი წიგნი არ წაგიკითხავთ, ,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’ რომ ჰქვია, ჩათვალეთ, რომ არ მიცნობთ. მარკ ტვენის ,,ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის’’ პირველივე სტრიქონებიდან მწერლის ხმის, ამბის, ავტორის უზომო თავდაჯერების ტყვეობაში ექცევი. წერის მსუბუქი მანერით, მკითხველთან გულგახსნილობის ნიჭით, ამერიკელი რომანისტები ბრიტანელებს ყოველთვის ჯაბნიდნენ. ,,თამაში ჭვავის ყანაშიც’’ ასე იწყება; მისი ცნობილი, პირველივე სტრიქონები (“მართლა თუ გაინტერესებთ ჩემი თავგადასავალი, პირველად, ალბათ, იმას მკითხავთ, სად დავიბადე, რა საძაგელი ბავშვობა მქონდა, მშობლები რას აკეთებდნენ, და ათასგვარ დავით კოფერფილდისებურ აბლაბუდას. მაგრამ მართალი გითხრათ, სულაც არ მეპიტნავება ამეების გახსენება.”), რომელთა ციტირება დაუსრულებლად ხდება, ისეთივე მომნუსხველია, როგორც ტვენი. მკითხველს ისინი თავიდანვე რაღაცას პირდება, და რომანი ამ შეპირებას ნამდვილად ასრულებს.
სელინჯერის სიკვდილმა ყველა სხვა ამბავი გადაფარა: მაკრობიოტური დიეტების გამოცდილების გაზიარება, შეყვარებულთა ჩურჩულით ნათქვამი საყვედურები; კარიერული წინსვლის ვითომ სერიოზული ხიბლი, დამწყები მსახიობების შემოქმედებითი წინსვლის (ან ასეთის არარსებობის) გარჩევა, გამოუქვეყნებელი ხელნაწერების საიდუმლო. ახლა, ამ გარდაცვალების ფონზე, მთავარი ის ჩანს, რომ სელინჯერმა ერთი ნამდვილი შედევრი დაგვიტოვა. სანამ ჩვენს ცივილიზაციას ის შლეგი მდგომარეობა ეხსომება, სიყმაწვილე რომ ქვია, ამ წიგნს დავიწყება არ ემუქრება.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გამოთხოვება იზა ორჯონიკიძესთან


თორნიკე მოდებაძე


იზა ორჯონიკიძე ლირიკული მუზის მსახური, ლირიკული ლექსის ოსტატი იყო. ის სმენით ამოწმებდა ყოველ ფრაზას, ესწრაფვოდა სათქმელის ზუსტად გამოხატვას და ლექსს, უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი ზედმეტობისგან ათავისუფლებდა. მის შემოქმედებას მეწყერივით მოვარდნილი შთაგონების კვალი ატყვია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავტორი ცხელ გულზე დაწერილს ბოლომდე არ ენდობოდა და პირველ ვარიანტს ზოგჯერ საფუძვლიანადაც უცვლიდა სახეს.
ქალბატონ იზას ლექსიკური პალიტრა მრავალფეროვანია. მან ბავშვობა ქართლის ერთ ულამაზეს სოფელში გაატარა და პატარაობიდანვე შეითვისა ის ენა, რომელმაც მის პოეზიას განუმეორებელი შეფერილობა და მადლი მიანიჭა. მოგვიანებით დაწერილ მოგონებათა წიგნში "თავწყარო" ავტორი იხსენებდა პირველქმნილი ბუნების წიაღში მიღებულ შთაბეჭდილებებს, რომელთა სიხალისეც აღიბეჭდა მის პოეზიაში. მაგრამ მხოლოდ ბავშვობის თუნდაც უაღრესად ცინცხალი შთაბეჭდილებები არ ქმნის იზა ორჯონიკიძის სამყაროს. სიცოცხლის მძაფრ სიყვარულს შერწყმული უკიდურესი დრამატიზმი შინაარსობრივად ავსებს და დასრულებულ სახეს სძენს პოეტის შემოქმედებას. ეს ბუნებრივად ხდება. პოეტი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ყოველთვის ძალდაუტანებლად ამბობდა იმას, რაც ჰქონდა სათქმელი. სათქმელი კი თავისთავად ცხადყოფდა ინტენსიური შინაგანი ცხოვრების ზღვრულ დაძაბულობას.
იზა ორჯონიკიძეს არც მოგვიანო წლებში გამოლევია "სიტყვის მადანი". თითქოს ოდნავ დაცხრა მისი ბობოქარი სამყარო, სიმშვიდე და სინანულნარევი ტონალობა შეიძინა, ლექსს კი ადრინდელი ნიშნები შერჩა: კონკრეტული აქცენტები, გამჭვირვალე ფრაზები, ზუსტი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თავის ირგვლივ ძლიერ ემოციურ ველს ქმნიან.
ლექსის სტრუქტურულ საიდუმლოებებთან ზიარებამ იზა ორჯონიკიძეს მთარგმნელობითი მუშაობისკენ უბიძგა. მის მიერ თარგმნილი ბერძენი პოეტების რიცოსის, სეფერისის, ილიადისის... და სხვათა თარგმანებმა გააფართოვა ქართული პოეტური თვალსაწიერი. ცალკე წიგნად გამოცემული იანის რიცოსის შემოქმედება სამოცდაათიან წლებში მიიღო ქართველმა მკითხველმა. აქ უჩვეულო ლირიკულ ლექსებთან ერთად არის პოემა "მთვარის სონატა". ამ პოემის ლირიკული ჟღერადობა ისე ფაქიზად განაფინა ქართულ ენაზე მთარგმნელმა, რომ შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს. არ შეიძლება არ გავიხსენოთ სეფერისის უდახვეწილესი ლირიკაც, რომელიც ასეთივე მაღალი ოსტატობით შესრულდა. ანტიკური სამყაროს ალუზიებით გაჯერებული ახალბერძნული პოეზიის ვრცელი კორპუსი სრულიად ახალი ნაკადია ქართულ მთარგმნელობით პოეტურ კულტურაში, რაც ახალ შინაარსობრივ და ვერსიფიკაციულ შტრიხებს სძენს ორიგინალურ ქართულ პოეზიას.
არ შეიძლება აგრეთვე მცირე რამ არ ვთქვათ ანა ახმატოვას იზა ორჯონიკისეულ თარგმანებზე. ქალბატონი იზა დიდი რუსი პოეტი ქალის შემოქმედებას ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ის წლების მანძილზე არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ ითავისებდა ამ პოეტის ლირიკას. საბოლოოდ, როცა მის თარგმნას მოჰკიდა ხელი, უკვე კარგად იცოდა, რომელი ნაწარმოებები მიესადაგებოდა მის ხელწერას თუ განწყობას და შთაგონებით აღძრული შეუდგა საქმეს. მან თარგმნა ახმატოვას ორმოცდაათი ლექსი და პარალელური ტექსტებით აღჭურვილი ცალკე წიგნად გამოსცა კიდეც. ამ თარგმანში ნათლად გამოსჭვივის ახმატოვას თავშეკავებული ვნებათღელვა, მისი კდემამოსილება და სიამაყე. შეიძლება ითქვას, რომ ანა ახმატოვა ქართულად ამეტყველდა.
ზემოთ გაკვრით ვახსენეთ იზა ორჯონიკიძის მოგონებების წიგნი "თავწყარო". ამ წიგნში უკვე პროზაიკოსად გარდასახულმა პოეტმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ქართული ენის შესანიშნავი ფლობა. აქ ქალბატონი იზა იხსენებს თავისი ცხოვრების სათავეებს, მშობლებს, დიდედას, ტეზერს და ჯარიაშენს, ძვირფასი ადამიანების დაუვიწყარ აჩრდილებს, გაგრძელებაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ აღარ დასცალდა.
ლიტერატურული წყაროებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ესსე შოთა ჩანტლაძეზე. აქ მართლაც ოსტატურად არის დახატული პოეტის პორტრეტი, მისი მარტოსულობა და ტრაგიკული ხვედრი. აქვეა განხილული შემოქმედება და აშკარად ჩანს, რომ შოთა ჩანტლაძის პიროვნება არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისსავე პოეზიაში.
იზა ორჯონიკიძე როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი გახლდათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ოცდახუთტომეული. რაც შეეხება სხვა გამოცემებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: გიორგი ლეონიძის ერთტომეული, პაოლო იაშვილის ორტომეული, ნიკო სამადაშვილის საარქივო გამოცემა, შალვა ამირეჯიბის ორტომეული და სხვა მრავალი.
ქალბატონი იზა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ის მუდმივად ეხმაურებოდა ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს, განურჩევლად ყველგან - პოლიტიკის თუ კულტურის სფეროში. მისი პუბლიცისტური წერილების კრებული თვალნათლივ ავლენს ინტერესთა იმ ფართო წრეს, რომელიც არამარტო ხელოვნების და ლიტერატურის პრობლემებს მოიცავდა, არამედ საქართველოს ბედ-იღბალსაც.

წერილი დაიწერა 2010 წლის თებერვალში

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, July 21, 2010

თეა თოფურია - ორი ჭილაძე


ოთარ ჭილაძეს პირადად არ ვიცნობდი, სხვა თაობა იყო. ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა, ბოლო დროს - თითქმის აღარ, შესაბამისად, მისი ხასიათი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მის წიგნებს ვკითხულობდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი პესიმისტია ან პირიქით, ძალიან მამაცი, რადგან შეუძლია რეალობას პირდაპირ შეხედოს, დეტალურად აღწეროს, შეულამაზებლად წინ დაგიდოს და ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ცხოვრება ასეთია, ცუდიც და გაგრძელებადიც. მე ყველაფერს ვერც ვკითხულობდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.
ყველა მწერალს გარკვეული ხასიათის პერსონაჟები ჰყავს, ჭილაძის თემა ბედისგან დაჩაგრული და რაღაცნირად საცოდავი ადამიანები იყვნენ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ოთარ ჭილაძე ძალიან გავს რეზო ინანიშვილს, არა თავისი წერის მანერით, არამედ, განწყობით, ორივეს უყვარდა და ეცოდებოდა ადამიანები და მუდმივად ამაზე წერდნენ, ადამიანური ცხოვრების უსაშველო სევდაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭილაძის ყველა წიგნი ამ უსაშველობიდან გამოსავალის ძიება იყო – რომელსაც ვერ პოულობდა და მის ძებნაში წიგნს წიგნზე წერდა. ოთარ ჭილაძე ბოლომდე ასეთი დარჩა, მოუშორებელი სევდით.
თუმცა არსებობდა კიდევ ერთი ჭილაძე, პოეტი და არა პროზაიკოსი. მის პოეზიაში არასოდეს არ იყო სიმძიმე. სწორედ პოეზიაში დარჩა ის მუხტი, რომელიც მის პროზას არა აქვს, თითქოსდა სხვა ადამიანმა დაწერაო. ჭილაძის ლექსები იმდენად მართალი და მარტივად გადმოცემულია, რომ ყველა თაობისთვის მისაღები ხდება. იმ სიტყვებს, იმ ფრაზებს, რომელიც ამ ლექსებში ყველა თაობის ადამიანები ამბობენ.
და ის რეალობაც, რომელიც ჭილაძის პროზაშია, ისევ ყველა დროის რეალობაა, რადგან ჭილაძე წერდა ადამიანის ისეთ მთავარ თვისებებზე, რომელიც ყველა თაობას ახასიათებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Friday, July 16, 2010

შოთა იათაშვილი – პათოსისა და არტისტიზმის გარეშე


"სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს…... ყველაფერს სძინავს.
მე აღარ მიყვარს, აღარ მაკვირვებს
რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ.

რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ,
ის უკვე ცაში ვარსკვლავად ბრწყინავს.
სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს... ყველაფერს სძინავს."

დაწერს 27 წლის ოთარ ჭილაძე 1960 წელს. დაწერს თითქოსდა ორსტროფიან პატარა უვერტიურას იოსიფ ბროდსკის სახელგანთქმული ლექსისათვის "დიდი ელეგია ჯონ დონს", რომელიც სამი წლის შემდეგ უნდა დაიწეროს, და ეს მძინარე "ყველაფერი", ეს მძინარე სამყარო დაკონკრეტდეს: კედლებში, იატაკში, ლოგინში, ნახატებში, ბოთლებში, ჭიქებში, პურში, პურის დანაში, მთელ სახლში გაჯდეს ეს ძილ-ბურანი, გაჯდეს სახლგარეთაც: თაღებში, ქვაფენილებში, სატუსაღოებში, ციხესიმაგრეებში... გაჯდეს ცოცხალ არსებებში: კატებში, ძაღლებში, ადამიანებში, მათ შორის პოეტ ჯონ დონში... მეტიც: ჯოჯოხეთსაც ეძინოს და სამოთხესაც, ღმერთსაც ეძინოს... 24 წლის ბროდსკი ამ ლექსში პირობითად ლონდონს კი აღწერს, იმ ლონდონს, რომელიც ჯერ არც კი უნახავს, ჭილაძე კი ალბათ თავის თბილისს, მაგრამ გლობალური ძილის ეს განცდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ორი განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პოეტისა, ნამდვილად არაა შემთხვევითი. და ეს ხდება მაშინ, როცა დასავლეთში სულ სხვა პოეტური აღქმებია. როცა მთავარ პოეტურ ინტონაციად ისტერიკა მკვიდრდება, როცა ალენ გინსბერგი "ყმუილს" წერს და ამტკიცებს, რომ სამყარო საბოლოოდ გაგიჟდა, შეიშალა, და რომ სიმშვიდეზე, ავ თუ კარგ ძილზე ოცნებაც კი ზედმეტია...
მსგავს პოეტურ განწყობილებათა იდეოლოგიზირება და პოლიტიზირება ხშირად საკმაოდ ზედაპირული და გამაღიზიანებელიც კია ხოლმე და არც მე ვაპირებ თავი შეგაწყინოთ იმ ბანალური ახსნა-განმარტებით, თუ რატომ უნდა დაენახა საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ ორ ახალგაზრდა პოეტს (სხვათაშორის, ჭილაძე ერთადერთი ქართველი პოეტია, ვისი ლექსებიც ნათარგმნი აქვს ბროდსკის და მისი ერთდღიანი თბილისური ვიზიტიც მისი გაცნობის სურვილით იყო განპირობებული) მთელი სამყარო მძინარე. ეს გასაგებია. საინტერესო უფრო ის სათუთი სულიერი, ესთეტიკური კავშირებია, რაც ნაკლებად ჩანს და თუ ჩანს, შესაძლოა, საეჭვოც იყოს ობიექტურობის თვალსაზრისით. ანუ ეს კავშირები, არაა გამორიცხული, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მკითხველის სუბიექტური ასოციაციები იყოს. მაგრამ როგორც არის, არის. მე მაინც ასე მირჩევნია ფიქრი და წერა...
აი, თუნდაც: ბროდსკის "ელეგიაში" ყველაფერს სძინავს და ბუნებრივია, რომ სრული სიჩუმეც უნდა იყოს. მაგრამ არა. რაღაც ხმა მაინც ისმის. და ეს ხმა თოვლისაა:

`Лишь снег скрипит.~

ანუ თოვლს ბოლომდე მაინც არ სძინავს. იმ თოვლს, რომელიც ოთარ ჭილაძის მთელ პოეზიაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ფხიზელი რამაა. ადამიანები ცხოვრობენ, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე, სამყაროზე, მარადიულ თუ ყოველდღიურ თემებზე ფიქრობენ, ფანჯრიდან იყურებიან და ხშირად ბუნების ქალაქურ მწირ ვარიაციებსაც ამჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ეს თოვლია, თვალს რომ არ აცილებს ადამიანებს, მათ სულში იხედება, მათ სხეულს მსჭვალავს, ასუფთავებს, ამცივნებს, ათბობს... მიდის ადამიანებთან და ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ კითხვებს უსვამს, და თოვლის გამომცდელ კითხვებს თავს ვერავინ აარიდებს:

"მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს...
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი."

("მარინას თოვლი", 1963 წ.)

ამიტომაა, რომ მის ლექსებში ყველა გრძნობს თოვლის ყოვლისმომცველ მზერას, მის ძალას. გრძნობენ, შესაძლოა, თვით საგნებიც კი (ისინი ხომ არა, 1960 წელს რომ ეძინათ?):

"ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.

შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.

ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო...
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

("ოთახი", 1966 წ.)

აი ასე: რაღაც საერთო ქალთან... და კაცთანაც, ნივთებთანაც...
ისე კი, სწორედ ეს თოვლია, ოთარ ჭილაძის პოეტურ პალიტრას რომ განსაზღვრავს. მისი ლექსები 60-იანი წლების (რატომაც არა! ძირითადად 60-იან წლებში არ იწერებოდა?!) შავ-თეთრი ევროპული ფილმებივითაა... აი, დაახლოებით ანტონიონის "ღამის" თუ "დაბნელების" ჩუმ, ზანტ და დაძაბულ კადრებს გავს... ან კამერულ ფრანგულ ფილმებს... ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა, მის ლექსებში არც ადამიანები დაქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები...
იმავე 1960 წელს ოთარ ჭილაძემ ასეთი სტრიქონებიც დაწერა:

"ოთახში ისევ ვიღაცა დადის,
თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს
და მისი ხელი, ხელი თუ თათი,
ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.

მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,
შევხედო კარგად და ვკითხო რამე
და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი,
აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს...

მე ალბათ დიდხანს მემახსოვრება,
მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,
რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება
აინტერესებს ვიღაცას ასე."

ვის აინტერესებს მისი წილი გზა და ცხოვრება ასე? ტერენტი გრანელს. ლექსის პირველი სტრიქონი მისგანაა ციტირებული. და რატომ ტერენტის? ეს რომ გავიაზროთ, ამისათვის საჭიროა იმ პერიოდის ლიტერატურული კონტექსტი კარგად წარმოვიდგინოთ. ჟანგო ღოღობერიძის, გრიგოლ ცეცხლაძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლოზ შენგელაიას თუ ბესო ჟღენტის რადიკალური ექსპერიმენტების ჟამი კაი ხანია წარსულს ჩაბარდა – ზოგი ფიზიკურად მოსპეს თუ მოისპო, ზოგმა კი საკუთარი ნებით დაანება თავი ავანგარდისტობას, რათა თავი გადაერჩინა. გალაკტიონ ტაბიძემ უკვე ისკუპა "ლეჩკომბინატის" მესამე სართულიდან და განუმეორებელი არტისტიზმით შებურული ტრაგიზმი მომავლის ქართველ პოეტებს ურთულეს ანდერძად დაუტოვა. ერთმანეთთან უცნაურად დაძმობილებული პატრიოტიზმი და პარტიული ლირიკა დიდი პატივისცემის ქვეშაა... მირზას, ლადოს და ძმათა მისთა ხმა ფრონტის ხაზზე გაწყდა, თუმც მურმანი ცოცხალი მობრუნდა ომიდან და ახალი ყაიდის, შთამბეჭდავად მუდამ ინტონაციებცვალებადი მისი ლექსები მკითხველი ცნობიერებაში ჯერ ფეხს იკიდებს. სამადაშვილი და ჩანტლაძე თავისთვის წერენ, ახალგაზრდა გოგონამ, ანა კალანდაძემ თავისი ახალი ესთეტიკა უკვე დაამკვიდრა, მაგრამ ეს ის გზაა, რომელზეც მხოლოდ მან უნდა იაროს და სხვებს იგი არ გამოადგებათ. ბესიკი და ლია ჯერ თითქმის არც კი ჩანან... ერთი სიტყვით, ძალიან რთული მომენტია. ბევრ ძველს ყავლი გაუვიდა ან ძალით მოსპეს, ან უკვე ინერციით აგრძელებს არსებობას. ახლის ნიშნები არის, მაგრამ ეს მხოლოდ ნიშნებია. გაბატონებულია პათოსი (ხშირად ყალბი და ძალიან უგემოვნო) და არტისტიზმი (ანუ პროვინციული ქართული არტისტიზმით გავულგარულებული წმინდა ესთეტიკა სიმბოლისტებისა და გალაკტიონისა). აი, სწორედ ამ გზაგასაყარზე ოთარ ჭილაძე გუმანით მიხვდა, რომ სხვა, მესამე გზა უნდა აერჩია – პოეზია პათოსისა და არტისტიზმის გარეშე, მეოცე საუკუნის პოეზიაში კი ჭილაძემდე ყველაზე მეტად ასეთი ტერენტი გრანელი იყო.
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჭილაძე გრანელის მემკვიდრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული, ფორმალური მსგავსებები ბევრი აქვთ: ასე ხშირი 10-მარცვლიანი ლექსი, სრული გულგრილობა ორიგინალური რითმისადმი (მეტიც, ორივეს შეუძლია დამწყები პოეტივიYრითმოს ნება და ვნება, წმინდა და მინდა, წელი და ხელი, თავი და შავი და ა. შ.), სტანდარტული ლექსიკა ყოველგვარი ნეოლოგიზმების, დიალექტების, არქაიზმების თუ ბარბარიზმების გარეშე...

"გზააბნეული წივწივებს ჩიტი,
თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი."

("საღამო", 1976 წ.)

ამბობს ერთგან ჭილაძე. და თითქოს საკუთარ თავსაც გულისხმობს ამ ჩიტში და გრანელსაც. მართლაც, ესეც მათი მსგავსი თვისებაა: ორივენი თავიანთ პოეზიაში ერთ კლავიშს აწვალებენ, ამ ერთი კლავიშით ცდილობენ ამოთქვან თავიანთი ღრმა სათქმელი და არა მთელი კლავიატურის მაქსიმალური გამოყენებით, გამებითა და ფუგებით. მაგრამ სწორედ ამ მსგავსებიდან იწყება თვისობრივი განსხვავება მათ პოეზიებს შორის. ტერენტის კლავიში სხვაა, ოთარის კი სხვა.
ტერენტის არის:

"დიდი ხანია რაც დავიბადე,
დიდი ხანია რაც ვიტანჯები..."

ხოლო ოთარის:

"ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,
მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი."

ანუ ტერენტი იტანჯება ამ სამყაროთი, ადამიანის წარმავალობით, სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემით, ოთარი კი ცდილობს და ახერხებს, ეს მარადიული საკითხები "დე ფაქტოდ" მიიღოს და დააკვირდეს მას, ვერაფერიც რომ ვერ შეცვალოს, მაინც იფიქროს მასზე, იფიქროს თუმც სევდიანად და გულის სიღრმეში ტერენტისეული ტრაგიკული განწირულებით, მაგრამ მშვიდად. და იგი ხშირად ახერხებს, ასე თუ ისე გაუუცხოვდეს საკუთარ "მე"-ს, იყოს არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი, არამედ თოვლი (ან ქარი, ან წვიმა), რომელიც ადამიანს და მის ყოფას თვალს ადევნებს და ნელ-ნელა სწავლობს, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ყოფას და, რაც მთავარია, როგორ უნდა მოკვდეს.

"და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.

მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი –
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა – წუთისოფლის სტუმარი."

(1963)

ფიქრისა და სამყაროს ჭვრეტის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად პოეზიის კვლავაც ქცევა ოთარ ჭილაძის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აქტი იყო. იმ პერიოდის ქართველი მკითხველისათვის, ვფიქრობ, ეს პოეზიის სტერეოტიპული გაგების აუცილებელი პირველი რევიზია იყო. არა რევოლუციური, დამანგრეველი და შოკისმომგვრელი, არამედ პოზიტიური, იოლად მისაღები და ძლიერი ზემოქმედების მქონე. მან უცებ ქართული ლექსის ტანს გახადა პათეტიკა და არტისტიზმი, ფაქტობრივად გააშიშვლა იგი და ამით ცრუპათეტიკოსებისა და ყალბი არტისტების რეალური სიმახინჯე გამოაჩინა. ხოლო თუ ვინმეს ესთეტური პათოსი ან ჭეშმარიტი არტისტიზმი ჰქონდა, საკუთარ გახდილ ტანისამოსს, უბრალოდ, როგორც ოთარ ჭილაძის ნანადირევს, ისე შეხედავდა. ხომ გახსოვთ:

"და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა"

(1957)

მერე თანდათან სხვა მოფიქრალი პოეტებიც მოვიდნენ, უფრო რადიკალები, ბესიკი და ლია, კონვენციურ ფორმებზეც რომ ძირითადად უარი თქვეს, და ოთარ ჭილაძემაც ალბათ უკვე ჩათვალა, რომ საკუთარი პოეტური მისია შეასრულა, თან ერთი კლავიშის წვალებაც მის გაზრდილ სათქმელს აღარ აკმაყოფილებდა და ნელ-ნელა ძირითადად სიმფონიების წერაზე გადავიდა. ეს სიმფონიები სულ სხვა თემაა და ამიტომ ამ პატარა წერილში ჯობს პოეზიით შემოვიფარგლო. უფრო ზუსტად, ოთარ ჭილაძის წასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკითხული მისი ლექსებიდან მოგვრილი რამდენიმე ემოციური შთაბეჭდილებით. ეს შთაბეჭდილებები კი იმ სტრიქონებით მინდა დავასრულო, ფიზიკურად სულ ცოტა ხნის წინ წარსულში გადასულ მის ავტორს ასე რომ ესადაგება:

"როგორც ჩაიში დნება შაქარი,
აწმყოში ისე დნება წარსული..."

(1986)

ჰო, ასეა, მისი შემოქმედება შაქარივით უნდა გადნეს ნელ-ნელა ჩვენს აწმყოში და ჩვენი მწარე ცხოვრება თანდათან დაატკბოს...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის მოცემული პირობა


ბოლო დღეებია სულ ამ სიტყვებს ვიმეორებ:

“და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.”

არც კი მინდა ფიქრი იმაზე, თუ რატომ მიზიდავს და მაბრუებს ასე ეს სტრიქონები. კომენტარსა და ტექსტის ანალიზსაც გავურბივარ, მისი საიდუმლოს ამოცნობა მაშინებს, ვუსმენ მხოლოდ საკუთარ ხმას, გულში ან ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს:

“და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.”

ოთარ ჭილაძესთან ბევრი გზაა (ოღონდ გასავლელი მხოლოდ ერთია, ერთად-ერთი), გზაზე მარტონი მიდიან, გზად იღლებიან, გზაში ტვირთს იხსნიან, ან შუა გზიდან ბრუნდებიან, გზაში ყოველთვის არჩევანს აკეთებენ, გზა ხან გაიხსნება, ხან შეიკვრება, მომსვლელები მოდიან, წამსველელები მიდიან:

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი”.

ბოლო ფურცელიც შეივსო, სიმარტოვეც, უსასრულო რომ გვეგონა, ამოიწურა, დასრულდა გზა, სავსე ფორიაქით და დუმილით, თავგადასავლებით და კარჩაკეტილობით.
ბოლო დღეების მანძილზე ამ ლექსსაც ვიზეპირებდი (რომელიც პოეტმა გალაკტიონს მიუძღვნა), მაგრამ მაინც ვერ დავიზეპირე. შეუძლებელია დაიზეპირო ყველაზე მთავარი, მან მხოლოდ უნდა გაიელვოს:

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,

მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.

მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.

მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით.

ეს ბოლო სტროფიც ისეთივე მიმზიდველი და გამაბრუებელია, როგორც თავში დამოწმებული სტრიქონები, მაგრამ აქაც, მირჩევნია ნისლოვანება დავტოვო, ვიდრე მკვეთრად დავინახო მისი აზრი.
ოთარ ჭილაძის მაგალითი ყველას გვამხნევებდა. მისი საყვედური მართალი იყო, მისი ჟინი სანიმუშო (სხვებსაც ასეთ ჟინიანებად გვაჩვენებდა): “ჩვენ, მწერლები, ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, ხელს კი არ ვიღებთ უაზრო და უმადურ შრომაზე, ყოველი მორიგი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჟინითა და მონდომებით ვერთვებით ამ აზარტულ თამაშში, და თქვენც, ჩვენი მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულნი, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს, რომელი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, არარსებული ლოდის ათრევას არარსებულ მწვერვალზე”.
იგი არარსებულს, ანდა ღრუბელს ეძახდა იმას, რასაც ქმნიდა, მისთვის მთავარი თავად ღრუბელი იყო, და არა ის, ნელა იცვლებოდა იგი თუ სწრაფად, საავდრო იყო თუ კარგი ამინდის მაუწყებელი. ერთ-ერთ საუბარში სისულელეც კი უწოდა მწერლობას და დასძინა: “როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა”. ასეთი არასერიოზულობა დღეს ჩვენს ქვეყანას შავი ღრუბელივით ადგას თავზე.
ზემოთ დამარცხება და ტვირთისგან გათავისუფლება ვახსენე. ოთარ ჭილაძეც სწორედ ასეთი დამარცხებიდან იწყებდა ყველაფერს, ეს იყო მისი ე.წ. “ნეგატიური თეოლოგია”, არსებობის სათავე, გონების დემარში სიცხადის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე მთავარის გამოუთქმელობით აღწევდა მთავარს. ალბათ აქაა მისი მრავალშრიანი, მეტაფორებით სავსე პროზაული ენის საიდუმლოც. სანიმუშოდ, თუნდაც მისი ინტერვიუები წაიკითხეთ. არც ერთი მათგანი არაა საუბრის ჩანაწერი. ასე, ალბათ პლატონი წერდა თავის დიალოგებს.
ერთ-ერთ ასეთ, 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაწერილ დიალოგში ამბობდა ოთარ ჭილაძე: “ყველაზე მძაფრად ახლა ვგრძნობ იმ ადამიანების სიდიადეს, რომლებმაც თავიანთი წილი სიცოცხლე იმყოფინეს მიზნის მისაღწევად”. რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს სხვების სიცოცხლის ხარჯზე გაძლიერებული პარაზიტების რიცხვი, რომლებიც ყოველ სეზონზე თითო პატარა მიზანს აღწევენ, და ამიტომაც, “ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ დაღმა, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძება”.
და ამ სიზმარ-ცხადში წავიდა კაცი, რომელიც ერთი ტელეარხისთვის “რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატია”, მეორესთვის “დიდი ქართველი კლასიკოსი”, მესამესთვის “ნობელის ლაურეატობის ნომინანტი”.
ოთარ ჭილაძის გზა დასრულდა. და რა უნდა დაიწყოს, რა უნდა დავიწყოთ ჩვენ ამ დიდი გზის დასრულების შემდეგ?
ალბათ უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩვენს შეცდომებზე, უმწიფარობაზე, უვიცობაზე, უწვრთნელობაზე და უგემოვნებაზე, ლეგენდებზე და ცრურწმენებზე, ცრუკერპებსა და ცრუ იმედებზე, სიმართლეზე, სიმწარეზე, შხამზე, შფოთვაზე, მტრობაზე, დაპირისპირებებზე, ანგარიშსწორებაზე, ღირსეულთა დაკნინებასა და უღირსთა განდიდებაზე, მონობაზე, მხედრის ულუფაზე და მონის სალაფავზე, ოცნებებსა და იმედგაცრუებებზე, მიზანზე და მიზნის მიუღწევლობაზე, სიძულვილზე, ცილისწამებებზე, ცოდვებზე, სიამაყეზე და სასჯელზე. ჩვენ უნდა შევიძრათ და შევწუხდეთ, და რაც მთავარია, უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ იქცა ჩვენი ეროვნული უბედურება ეროვნულ დანაშაულად, ბოლო-ბოლო დაჩაგრულები ვართ თუ მჩაგვრელები? აბუჩად აგდებულნი თუ აბუჩად ამგდებნი?
ყველა ეს კითხვა ოთარ ჭილაძისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, და კიდევ: “პირობას გაძლევთ, პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება…”

პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე
tavisupleba.org