Showing posts with label = პოეზია =. Show all posts
Showing posts with label = პოეზია =. Show all posts

Tuesday, October 23, 2012

თემურ ჩხეტიანი – ახალი ლექსები















მთქნარება

მთქნარება ძილის წინ,
მთქნარება ახლადგაღვიძებულზე.
და ყველაფერი, რაც კი არის - მთქნარებებს შორის.

როგორც სიზმარი დღისა და ღამისა
თავისი ცხადი სტრესებით და კატაკლიზმებით;
თავისი ღამის კოშმარებით და სიურეალიზმით...
მთქნარება გვიან საღამოს,
მთქნარება დილაადრიან.

ჰო,  ყველაფერი სიზმარია:
სიზმარი დღისა,
სიზმარი ღამისა -
ყვავილებიან მდელოზე გამავალი ბილიკით,
თუ მოციმციმე და მოფუსფუსე დარბაზებით;
ავტოსტრადებით თუ ტაიფუნებით;
მეტამორფოზებით
 და კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი დღეებით...

ყველაფერი სიზმარია -
დაამთქნარე და დაიძინე;
გაიღვიძე და ისევ დაამთქნარე.
მთქნარებისას კი დახუჭე თვალები
და წაუყრუე.

და მაინც... ერთხელ,
როცა დილით გაგეღვიძება,
დაამთქნარებ და გემრიელად გაიზმორები,
შეიძლება გაგეფიქროს შენდაუნებურად,
გაგეფიქროს და გაგეღიმოს:
ვინ შექმნა ეს სამყარო და ეს ყველაფერი?
და ნუთუ ისიც ამთქნარებდა
 თვალმოხუჭული, წაყრუებული,
როდესაც ქმნიდა ?..

 25 იანვარი, 2012 წელი

ყანა, ვენახი, ძროხა...

ყანა, ვენახი, ძროხა...
და კიდევ - ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.

და უამრავი ხელი - ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.

ჩემთვის - ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
 შეყურებს იანვრის მზეს და  ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..

ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო  სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
…
29 იანვარი, 2012 წელი

კითხვა

როდესაც  ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი  ასაკის ადამიანები;

როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
 როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;

როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;

როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
 ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;

და, როცა სრულიად ბავშვი - გოგონა -  მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,

არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ - როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“

2011 წელი

გაცილება

დამემშვიდობნენ...
ზაფხულმა ხელი გადაჰხვია აგვისტოს და ერთად წავიდნენ.
დავრჩი და თვალი გავაყოლე, მერე შევბრუნდი,
სახლში შევბრუნდი და ღიმილი არ მშორდებოდა.

მერე სუფრა ავალაგე,
ავალაგე და ჭურჭელს ვრეცხავდი;
ვრეცხავდი ჭიქებს, დანა-ჩანგალს, თეფშებს ვრეცხავდი,
ვრეცხავდი და  ისევ ისე მეღიმებოდა...

თეთრ ნიჟარაში
ონკანიდან მომდინარე წყალი ზღვასავით
ხმაურობდა და ლოყაზე ცრემლი
ჩამომიგორდა მარგალიტივით.

ქოთნის ყვავილი

ორი დღის შემდეგ
დედას დაბადების დღეა,
თერთმეტი დღის შემდეგ -
მისი გარდაცვალების...

ეს ქოთნის ყვავილი კი
ისევ ისე ჰყვავის,
როგორც მაშინ,
როგორც ათი წლის წინათ.
...

5 სექტემბერი, 2012 წელი

მამას  დაბადების  დღე

სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას -
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი...

როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ !..

და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას - შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.

18. 10. 2012 წელი


გარდაცვლილთა მოხსენიების დღე

ხალხმრავალია სასაფლაო -
თითქმის ყველა საფლავთან დღეს ვიღაცა მიდის.

რაოდენობა - რიცხვი მომსვლელ ჭირისუფალთა
ლამის კიდეც უტოლდება
მათ რიცხვს, ვინც აქ მიწისქვეშ წვანან.

წონასწორობა დროებითი, თუნდაც ერთი დღით
და თითქოს ამის აღსანიშნავად
სახელდახელოდ გაშლილი სუფრა -

საერთო სუფრა
ნაღვლიანი ტრაპეზისათვის.

17 აპრილი, 2012 წელი


მსხმოიარენი

სახლის წინ მდგარმა ბებერმა მსხალმა ისევ დაისხა.
დაისხა და როგორ დაისხა! - ვეღარ გაუძლო -
ერთი დიდი, ლამის მთელი ხის ტოლი ტოტი,
ჩამოეხლიჩა.
ნაყოფი კი ჯერ მკვახე იყო,
არ იჭმებოდა -
მეზობელმა გამოკრიფა - ღორისთვის წავიღებო.

ცოტა ხნის მერე
თითქმის ასე მოუვიდა
ახალგაზრდა, ჭიშკართან მდგარ აყლარწულ ქლიავს:
მაგრად ესხა, მასაც ტოტი ჩამოელეწა.
ქლიავები შეთვალული კი იყო, მაგრამ
საჭმელად და სასიამოდ ცოტაოდენი გამოირჩა -
 ბევრი არ ვარგოდა...

მე კი როგორც მეწლეური ხე, წელს ისე ვარ -
მსუბუქად ვარ
და ალბათ ბევრიც გაიფიქრებს:
არაფერი არ ამძიმებსო.
ჰო, მსუბუქად ვარ -
იმ ხეების საფრთხე ალბათ არ მემუქრება -
წელს მე ლექსებიც ვეღარ მოვისხი.

17 ივლისი, 2012 წელი.

წყურვილი

რადგან  ღამეა,
სიბნელეა
და ცაზე  მხოლოდ ვარსკვლავები ჩანან,
მზე  გაქრა?

რადგან ვერ გხედავ,
ვერ გეხვევი,
ვერ  გეფერები,
აღარ  მიყვარხარ ?..

გრაფინიდან  ჭიქაში ვისხამ
წყალს  და  ვეწაფები,
ნაკადული კი
სადღაც  სხვაგან  მიედინება.

დაუმთავრებელი  ამბავი

როცა ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს
და ერთმანეთი გვიხაროდა,
შენ მიამბობდი ხოლმე ერთ საინტერესო ამბავს,
მიამბობდი ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად,
მიამბობდი ჩვენსავით ორი ადამიანის შესახებ
და მეც გულისყურით გისმენდი.

ის ამბავი ჩვენი ამბავივით უფრო და უფრო
საინტერესოდ ვითარდებოდა
და მე ყურადღებთ ვიყავი ორივეგან:
იმ ორი უცნობი ადამიანის თავგადასავალშიც
და, რა თქმა უნდა, იმ ამბავშიც,
რაც ჩვენს შორის იყო და ხდებოდა.

მთლად ათასერთი ღამე არა,
მაგრამ ჩვენი და მათი ამბავიც
კარგა ხანს გრძელდებოდა;
გრძელდებოდა და დასასრული
თითქოს არც მას ჰქონდა და არც ჩვენსას უჩანდა.

მაგრამ მოხდა და, ჩვენი ამბავი უეცრად შეწყდა.
შეწყდა, თუმცა არანაირად არ დასრულებულა.
თავისთავად შეწყდა იმ ორის ამბავიც,
რომელსაც ასე ხატოვნად მიამბობდი;
მიამბობდი და მე გისმენდი;
გისმენდი და ერთად ვიყავით.

ერთბაშად შეწყდა ორი ამბავი -
ჩვენიც და მათიც.
ჩემთვის ეს ამბები არ დასრულებულა.
ჩვენი ამბავი ალბათ შენთვისაც არ დამთავრებულა,
თუმცა იმ ორის ამბის ბოლო,
ცხადია იცოდი;
იცოდი, მაგრამ ისე მოხდა,
რომ ვეღარ მიამბე.

მეოთხე  ღამის  ტანკა

როცა გრიგალმა
ლამის ყველაფერი თან გაიყოლა,
აქა-იქ
და უფოთლებოდ დარჩენილმა ხეებმა
ვარსკვლავები გამოისხეს.

სამი  ჰაიკუ

* * *
შენთან რომ მოვიდე,
გზად ჭაობი უნდა გავტოპო,
ალუბლის ყვავილო.

****
ღამით - ხმები რბილად დაცემის,
დილით კი მწიფე გულაბები -
მწვანე ბალახზე.


შემოდგომა

ცის ლურჯ დაფაზე
უკვე  წაშლილია
მერცხლებით  ნაწერი.

სამი მინიმა
***
ბევრი არაფერი,
სულ სამი რამ გამიტყდა
მთელი წლის მანძილზე:
ჭიქა, საფერფლე, გული.

* * *
მეც ვცადე
სინამდვილისთვის თვალის გასწორება,
მაგრამ უმალ
თვალები დამთხარეს.

***
"Nescafe Gold"-
ის მწვანე გემო,
ფანჯრის მიღმა კი
ნირწამხდარი ვარდი...
შემოდგომაა.

© “არილი”

Tuesday, September 18, 2012

ბესიკ ხარანაული – მკვდრების სიმღერა

 როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!.


© “არილი”

Tuesday, July 12, 2011

ჯუანშერ ტიკარაძე - ლექსები


ციფროგრამა

3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –
ალესილ დანას ჰგავდა:
რომ ჩახედავდა,
მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.
მოსწონდა.

7 წლისა იყო,
როცა პირველად მიხვდა,
რომ მართლა ქალად დაიბადა:
იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.
როგორ არ ეხვეწა,
მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

9 წლისას მკერდი დააჩნდა,
თხილისოდენა,
წვეტიანი ჭიკარტებივით.

12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა
და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,
დაბერილი ნესტოებითა
და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.

14 წლის რომ გახდა,
უკვე ნამდვილი ქალი იყო
და მის თითოეულ ნაბიჯს
ღამის ტყის იდუმალი შრიალი
და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.

16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს
ჩაფსკვნილ,
ჯმუხ,
მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:
პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.
მეორე ღამესაც.
მერე და მერე შეეჩვია.

17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:
4 ბიჭი და 2 გოგო.

29 წლის იყო,
როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,
საკალანდოდ,
ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,
ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:
3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.

30 წლისამ გაიგო,
რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.
როგორ უნდა გახარებოდა,
მაგრამ არც სწყენია:
ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.

32 წლის იყო,
სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:
უფრო ინტერესით შევიდა,
ვიდრე რწმენით.
სანთელიც დაანთო,
ოღონდ ვერ უშველა.

35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:
ისევ იმხელა იყო,
მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.
ვითომ ეუბნებოდა, -
აქ სულ მარტო ვარ, დედა,
მოდი და სახლში წამიყვანეო.

თავის 37-ე დაბადების დღეს
(არც კი ახსოვდა,
იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),
ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.
მერე უცებ მიწაზე დაემხო
და ერთად წასკდა,
რაც ცრემლი დაგროვებოდა:
პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
და საკუთარ თავს უწყრებოდა, -
გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.

იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
ტრაქტორი წყალმა წაიღო.
ეს გადაარჩინეს,
მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა
და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:
თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.

38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:
სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა
და თბილისის რეისზე მუშაობდა.

40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, -
აბა, თუ იცნობ,
ვინ არისო.
მერეც ვერ ვიცანი,
როცა მითხრეს,
ვინც იყო:

იქამდე მომკვდარიყო,
ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა
და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა.


***

მე რომ გამმართლებოდა და მოვმკვდარიყავი,
ასე,
19-20 წლისა,
მაშინ ხომ ვეღარც მოვასწრებდი,
საკუთარი თავისთვის ამდენჯერ მეღალატა.

ყველა გზაგასაყარის ეკალ-ბარდებს ხომ ვეღარ შევატოვებდი
საკუთარ შერცხვენას,
როგორც ნამუსახდილი ქალის ლეჩაქს.

***

რაღა დარჩა ჩემი ცხოვრებისგან?
მარტო ფუტლიარი,
რომელსაც თუ გახსნი,
ცარიელი დღეები ამოფრინდებიან –
დილა,
შუადღე,
საღამო...
ძილი.


***

რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე -
სითბოც, სიცილიც, ბოღმაც, სიტყვებიც,
გაუთენებელ ღამის კარისკენ
კი არ მივდივარ, ნაკადს მივყვები.
ქარები ავდრებს კვლავ მოდენიან
ცრუ იმედების საპარაკლისოდ.
ეს ღვთისქვეშეთი იმოდენაა,
არც კი მოიცლის, მომისაკლისოს.
რაც ვიყავ, ყოველ მავთულხლართს შევრჩი,
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.
ცანცარა მარტიც ქალაქის მტვერში
ნიღბებზე ირგებს ფერად პარიკებს.
ფერს უცვლის ღამე მოედნებს, პარკებს,
სიზმრისმიერი შიშით მოვერცხლილს.
როგორ ვიპოვი, სად დავიკარგე
ნაცნობ კორპუსთა სიუცხოვეში.
ეჭვები წყვეტენ დამჭკნარ თარიღებს,
წურბელებივით სულზე მიმსხდარნი.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე,
არ შემარჩინეს ერთი მისხალი.
დროა!.. ზვირთცემის მუსიკად ვიჭერ
დასაბამისკენ ჟამთა მიქცევას.
რაღა მაშორებს მოზომილ მიჯნას,
როცა ცაც მიწად გადაიქცევა
და მიწისგანვე მოზილავს ხორცის
ახალ ყალიბებს არსთაგამრიგე...
ვიცდი, დავყურებ მინავლულ კოცონს.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.


***

ჩემი წლების ქვა-ღორღიდან
სისინით გამოსრიალდა
მომავლის შხამიანი ლანდი:
ს-ს-სიმარტოვე...
ს-ს-სიბერე...
ს-ს-სიკვდილი.



მეტი არაფერი

„tomorrow and tomorrow and tomorrow”

William Shakespeare, “Macbeth”

ხვალ და
ხვალ და
ხვალ და
ხვალ...
სულ ხვალ!

ხვალვე გაქრება დღევანდელი იმედი ხვალის
და შეგუბებული მრისხანებით ფეხმძიმე სასოწარკვეთაში
ზეგინდელი ცრუ იმედებით აღსავსე ახალი ხვალ ჩაისახება.
ადამიანიც ასე ისახება დასიზმრებული უკვდავების დამღლელ მოლოდინში.
ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით ასხმარტალდებიან ორიოდ წუთით
ცხოველური ინსტინქტებით გაჟღენთილ საქორწინო სარეცელზე
თუ სადაც წაუსწრებენ ერთიმეორეს
და ახლა ხორცის ახალ ნაჭერში გაბნეულ თავიანთ გენებს გააყოლებენ
სიცოცხლის ამ მოარულ აჩრდილს
ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ გაფარფატებული ფარვანას განწირულ და ტკივილიან ორბიტაზე...
ჩაქრი, ჩაქრი,
ცივი და ცარიელი სამყაროს უკუნეთში ჩაკარგულო პატარა კანდელო!
ჩაქრი, ჩაქრი,
სულელებისთვის ანთებულო შუქურავ!
მთელი ჩვენი დრო
ერთი რამდენიმეათწლეულიანი ოცდაოთხი საათია
და თუ შემთხვევით გამოსდებ ფრჩხილს
ჟამის დაძენძილი ხალათიდან გამოჩრილი მოგონებების ძაფს,
ვაშლის ნაფცქვენივით გაიშლება გადაგორებული დღეების ფოლიანტი -
10 ათასი უმიზნო გუშინ...
არა,
აღარ ახდება აღარასდროს
ბებიების ზღაპრები ბედნიერებაზე
და ეს გაბრდღვიალებული,
თვალისმომჭრელი,
მაცდური რეკლამების ელექტრონული სისხლით ათასფრად შეღებილი ქუჩებიც
მაინც ისევ ის
დასაბამიდან გაკვალული
არსაითკენ მიმავალი მტვრიანი და უღიმღამო შარაგზაა,
სადაც სულერთია ყველაფერი:
გინდ პირდაპირ იარე,
გინდ მარცხნივ გადაუხვიე,
გინდ - მარჯვნივ,
გინდ უკან მიბრუნდი,
გინდაც ჩამოჯექი ბორდიურზე
და ხმის ჩახლეჩამდე იხმაურე
ქვემოთ მოყოლილი
ძველი ქალაქელი დარდიმანდების ეს იდიოტური სიმღერა:
„დაუკარ, ბიჭო, კლაპიტონა,
სანამდის გულიც არ გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა:
გავიდა ჭრელი მარმაშებით,
გავიდა, გადილაზღანდარა.
ბედი კამათლის თამაშია,
იღბალი - ქალი ბოზანდარა.
არ ვიცი, დროს რას ემდურიან,
თავად შლის, რასაც კი დაჩხაპნის.
შიმშილი ქურდი ხელმრუდია,
სიმაძღრე - შარაგზის ყაჩაღი.
მშვიდობით! სასრულ-დასაბამით,
სულო, კბილებით მიგიტანე.
დღე გაქონილი ყასაბია,
ღამე - გაქნილი მიკიტანი.
ჰოდა, დაუკარ, კლაპიტონა,
სანამდის ეს გულიც გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა.

***

მე ვიცინი
მაგრამ არ მეცინება

მე ვსვამ კითხვებს
მაგრამ მეზარება პასუხების გაცემა

მე მივდივარ წინ
მაგრამ ერთ ადგილს ვტკეპნი სივრცეში

მე მითრევს დავიწყების ლამი და ლია
მაგრამ არ ვიცი
რას მოვეჭიდო

მე ვწერ ამ ლექსს
მაგრამ მირჩევნია გაშლილ სუფრასთან ვიჯდე
ფიროსმანის რომელიმე მოქეიფესავით

მე ვამბობ
მიხარია ვწუხვარ გმადლობთ თანაგიგრძნობთ
მაგრამ ჩემი ყოველი სიტყვა
ემოციისგან დაცლილი ფუტლიარია

მე ვეფერები შენს ტანფეხს დასწავლილი თანმიმდევრობით
მაგრამ იმაზე ვფიქრობ
დაჯდება თუ არა ტოტალიზატორში გამაზული მაასტრიხის X2
და მეტი ყვითელი გლაზგოურ დერბიში

მე ვაკაკუნებ ვაკაკუნებ ვაკაკუნებ
მაგრამ ვინ გამიღებს აჭედილ კარს
სახლის პატრონი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

მე ვეძებ გზას
მაგრამ ვპოულობ მარტო ჩიხს
უსახურ კედელს ზედ უწმაწური წარწერებით

მე მინდა დავინახო როგორი გავხდი
მაგრამ ნიღაბს სარკის წინაც ვერ ვიშორებ

მე ვარსებობ დე ფაქტო
მაგრამ დე იურე მოვკვდი დიდი ხნის წინ

მე მოვკვდი დიდი ხნის წინ
მაგრამ ეს ცოცხლები დღესაც არ მასვენებენ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Saturday, April 9, 2011

გიორგი კეკელიძე - ორიათასიანელთა ვირტუალური ხიბლი


ტიციან ტაბიძემ ერთხელ დაწერა: ,,გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს’’. არავინ იცის, ეს დასავლურ-აღმოსავლური ესთეტიკის სინთეზის მცდელობა იყო (ამაზე საუბრობს ლევან ბრეგაძე ესეში ,,ევროპა ვართ თუ აზია’’) თუ აზიურობის კომპლექსით დაავადებული ქართველის ბებერი კონტინეტისკენ სწრაფვა. ,,ორივენიცა’’ - იტყვის ალბათ ლუარსაბი, მიუხედავად საკუთარი მკვეთრად განსაზღვრული ორინეტაციისა და მეც დავეთანმხები. თუ XX საუკუნის დასაწყისის სამამულო მანიფესტებსა თუ ანალიტიკურ წერილებს გადახედავთ, ხშირად წააწყდებით წინადადებას, რომელიც ლამის იდიომადაც კი იქცა - ,,ევროპული ხაზით გამართვა’’. დასავლეთისკენ სწრაფვა ქართული ლიტერატურის, ოდესღაც ალბათ ლატენტური, მერე და მერე კი გაცნობიერებული ვნება გახლდათ. თეიმურაზე მეფის ,,მუსიკობას’’ თუ არ ჩავთვლით, ეს ლტოლვა ყველგან იგრძნობა. რამდენად თანმიმდევრულნი ვიყავით - ცალკე და მთავარი საკითხია.

ცხადია - აცდენა მეტი იყო, ვიდრე თანხვედრა. რადგანაც ჩვენი თემაა პოეზია, მოდი მასზე ვთქვათ, სად რა მიმდინარეობებს ვსწვდით კუდში, სად გაგვექცა, სად გავექეცით (ეს უკანასკნელი, ისე, სიტყვის მასალად აღვნიშნე). საერთოდ, პოეტურ ნიმუშებს, ლიტერატურის თეორიტიკოსები სახელს ძნელად არქმევდნენ, თუმცა არსებობდა რაღაც მკვეთრად განსაზღვრული კონტექსტი, რომელიც გარკვეულ მიჯნას თვითონვე ავლებდა და ვთქვათ, შანდორ პეტეფსა და ტრისტან ცარას სხვადასხვა კალათაში ათავსებდა.

საქართველოში, ჰიმნოგრაფიასა და ფოლკლორს რომ თავი დავანებოთ (პირველი რელიგიური ინსტრუმენტი, მეორე კი მეტ-ნაკლებად სპონტანური ნარატივია), შუასაუკენიბიის საერო ლიტერატურა მთლიანად აღმოსავლური ლიტერატურიითაა დავალებული (ამ მინიშნებებს ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მე სპარსული ან არაბული პოეზია არ მიყვარდეს - სრულიად პირიქით - უბრალოდ ,,ევროპული ხაზის’’ ამბავს ვაგრძელებ). დღეს მკველავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ადრერენესანსული ტექსტია, რაინდული რომანისთვის დამახასიათებელი სამკუთხედებითა და ანტიკური აზროვნებისი ნაკადით, მაგრამ ევროპული ლიტერატურისთვის მისი მიკუთვნება, ცოტა თამამი გადაწყვტილებაა, რადგან ,,შაჰ-ნამესი’’ გაცილებით მეტია მასში, ვიდრე, ვთქვათ, უფრო გვიანდელი ,,ღვთაებრივი კომედიის’’. საუკუნეების მერე იყო გურამიშვილი, ახალი ვერსიფიკაციული ვარიაცებით და გენიალური ,,ვესელა ვესნას ხმაზე ნამღერლებით’’, მაგრამ რაიმე სახის თანმიმდევრულობაზე იმდროინდელ კონტინეტურ ჰავაზე აქ საუბარი გაჭირდება ფრაგმეტულობის გამო.

ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ,,ევროპელი კოლეგის’’ პარალელურად წარმოიშვა და თანაარსებობდა, ქართული რომანტიზმია. ეს ის შემთხვევაა, როცა ექსპორტირებული ესთეტიკა (რუსულის გზით) და ადგილობრივი პრობლემატიკა ერთმანეთს ისე შეერწყა, რომ ტიპური ლიტერატურული სკოლა მივიღეთ.

რაღაც მანამდეც და მერეც გამოვტოვეთ და რეალიზმს მივადექით - ფრანგული სიმბოლიზმის ფუძემდებალთაგანმა შარლ ბოლდერმა ,,ბოროტების ყვავილები’’ მაშინ გამოსცა, როცა ქართული რეალიზმის ფუძმედებელთაგანი ილია ჭავჭავაძე სრულიად არაბოროტული სახით პეტერბურგის უნივერსიტეტის კარს აღებდა (1857). ისე, ეს რეალიზმი დიდი მცოცავი კია, დროში ვერ განსზაღვრავ - უბრალოდ თავსართად ხან კრიტიკულს ირქმევს და ხან მაგიურს. მერე იყო ტიციანის ხსენებული სიტყვები და ცისფერი ყანწები, ქართული დადა და გრიგოლ ცეცხლაძე, H2SO4 და ქართული ფუტურიზმი, კომეტა-გალაკტიონი, მაგრამ თემატიკა, ხარისხის მიუხედავად ევროპულ მოვლენებს წლებით ისევ ჩამორჩებოდა. საბჭოთა პერიოდში შედევრებიც იქმნებოდა, მაგრამ ჟანრი ვერ იყო იმდროინდელი მსოფლიოს ასაკის. ეს უკვე შეგნებულად, რკინის ფარდის და სხვა მანქანების მეშვეობდა, თუმცა ემიგრანტი ავტორებიც კი, რომელთაც დიდი ინფორმაცია და სულ სხვა გარემო ჰქონდათ, მაინც საოცრად სეპარატულები დარჩნენ და ნოვატორული ძიებები, გნებავთ ფორმალური, გნებავთ თემატური კუთხით, მათთვის უცხოა. საქართველოში კი, უფრო სწორად საბჭოეთში, ყველაზე თვთმყოფადი ჟანრი პროლეტპოეზიაა, თუმცა მისი ხარისხი და ბრუტალურობა ცალკე საკითხია. წითელი 70-წლეულის მოდერნულობაზე (20-30 წლების ავნგარდულ მცდელობების გამოკლებით, ესეც ხელოვნების სხვა დარგებში უფრო) რა უნდა ვთქვათ, როცა 60-წლებში ვერლიბრის დამკვიდრება მკრეხელობად მიიჩნიეს და ერთი-ორი ავტორი ანათემას გადასცეს, მოგვიანებით კი მუხრან მაჭავარიანს უიტმენის ლექსწყობის დამნერგავად მიიჩევდნენ.

რაღაც დიდის გამოტოვების შეგრძნება, განსაკუთრებით ცხადად, ქართველი 90-ნელების ბიტ-თაობით გატაცებისას გამოჩნდა. თავისუფლების შემოტანამ ინფორმაცია მოიყოლა, ახალგაზრდა ქართველი ავტორების ნაწილისთვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამბოხის, სიტყვის თავისუფლების (რაგინდარა გაგებით) წყურვილის გამო 50 წლით ,,ბებერი’’ გინზბერგისა და კერუაკის ტექსტები აღმოჩნდა ახლოს. 90-იანების მეორე ნახევარში, ეს ვნება ნელ-ნელა დაიწმინდა და თუ პოეზიის მოყვარულები ამ არაპოეტური ტერმინის გამო არ დამძრახავენ - საშუალო სტატისტიკური ლექსი (კარგი ავტორის) სადღაც ბროდსკისა და სტრენდის შორის მერყეობდა.

არავინ იცის, როდის იყო ქართული პოეზია ევროპულთან ასე თანმიმდევრულად ახლოს, როგორიც დღესაა. ეს უნებლიე პროცესია და ინტერნეტმა განაპირობა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა როგორც ინფორმაციის მიღების, არამედ გავრცელების კუთხით. შესაბამისად ჩემს ნათქვამში ირონიას უფრო დაძებნით, რადგან ძველი ინერცია ისევ არსებობს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობენ - წიგნებს გამოსცემენ, პრემიებს იღებენ და სხვა. ინტერენტი კი საკუთარი გზით მიდის - მისი არსებობდა დღითიდღე გვაეჭვებს ,,ხარისხის ნიშნის’’ სამომავლო არსებობაში. ეს მგონი უკვე არც კლასიკური პოსტმოდერნის ნიშანი აღარ არის - მაღალსა და დაბალს შორის ზღვარის წაშლაზე მეტი ხდება, ჯერ კიდევ სახელდაუქმეველი ამბავია. ის, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს განსხვავებული ფილტრი ახარისხებდა - მთავარი ,,მარეგულირებელი’’ კი კრიტიკა იყო.

ჩემი თაობა (მათ შორის მეც) ყველაფერზე ვწერთ, ათასნაირ გაცვეთილ ფორმას ვიყენებთ, ვწერთ განსხვავებულად, სხვადასხვა ნიჭისანი ვართ (თუმცა ერთსა და იმავე ჯილდოებს გვაძლევენ და ა.შ.).

მთავარი მომხარებელთა (წარსულში - მკითხველი) მიერ მათი ტექსტების ნახვების რაოდენობაა, სხვა - ინტელექტურია ის თუ გრაფომანული, ინტერტექსტუალური ძიებებია თუ გაცვეთილი დიმპიტაური-დამპიტაური, მითოლოგიური თემების დამუშავება, ურბანული მოტივების სიჭარბე, სკაბრეზული ლექსი თუ უფლის სადიდებელი, რომანტიკული, დაუმთავრებელი დითირამბებია თუ სტერილური ჰაიკუები, შაირით დაწერილი ლექსები თუ ეულბეკის მდორე ვერლიბრის მსგავსი ნაწარმოებები.

თუმცა თავს აღარ შეგწყენთ, რამდენიმე მისამართს მოგცემთ (lib.ge, literatura.ge, urakparaki.ge, ასევე სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები) და თქვენვე გაერთეთ.

გართობამდე გაითვალისწინეთ - შორს არაა დრო, როცა პოეზიის ხარისხი fb-like-ების რაოდენობით განისაზღვრება. გარდაუვალი საქმეა, ამის ერთადერთი ფარი მრავალგზის ნაძაგები სნობიზმია. მე სნობების მხარეს ვარ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“