Sunday, January 30, 2011

ზაზა შათირიშვილი – ზურაბ ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot”


ზაზა შათირიშვილი

ქართული მოდერნიზმის აპოლოგია:
ზურაბ ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot”


ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანი, ჩემი აზრით, არაა, უბრალოდ, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო მოვლენა! ესაა მოვლენა, რომლის შემდეგაც თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში, პირადად ჩემთვის, რაღაც დალაგდა (გადალაგდა?). ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი ურთიერთამრეკლავი სათაური?!) - ესაა ჩვენი ქართული მოდერნიზმის ჭეშმარიტად ჩვენებურად პოსტმოდერნისტული აპოლოგია, აპოლოგია - ამ სიტყვის ძველი ანტიკური გაგებით - გამართლება: ქართულმა მოდერნიზმმა კიდევ ერთხელ გაამართლა - მან იპოვა თავისი ნამდვილი მემკვიდრე.
მართალი გითხარათ, ჩემთვის მოხდა დაუჯერებელი ფაქტი - ”ცისფერყანწელთა” ღვარჭნილი მანიფესტები, რობაქიძის გადაპრანჭული ესეები თუ არანაკლებ გადაპრანჭული რომანები, გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ჩიქორთული ენით ნაწერი პერიოდიკა, ტფ/თბილისური პროვინციული ჭორები, პერიფერიული კაფეების ბოჰემა, შავი მაგი გურჯიევი, ავანტიურისტი ბერია, ფანტასმაგორიული 1926 წელი - ყველაფერი ეს გაცოცხლდა და თან როგორ!! თქმა იმისა, რომ ქარუმიძის ტექსტი სულმოუთქმელად იკითხება, არაფერს ნიშნავს! - ის სულმოუთქმელადაც იკითხება და თან სპონტანურობისა და რეფლექსიურობის არაჩვეულებრივი ნაზავიცაა!
ამავე დროს, ეს 1926 წელი ძალიან ნატიფად ირეკლება ჩვენს თანემედროვე რეალობაში - ისე ნატიფად, რომ გეგონება - ავტორი საგანგებოდ არც კი ეძებდა არანაირ პარალელს - პარალელები თვითონ დალაგდა. ამიტომაც, გარკვეული აზრით, ქარუმიძის რომანი ჩვენი ამ დაუსრულებელი გარდამავალი (თუ გარდაუვალი? - გრამატიკული გაგებით) და (პოსტ?)რევოლუციური პერიოდის გააზრებაცაა.
მაგრამ დავიწყოთ თავიდან და შევუდგეთ რუტინულ საქმეს - ტექსტის სტრუქტურულ და თემატურ ანალიზს...
რომანის პირველ თავს ”შაქრო კარმელი” ჰქვია.
დიაღ, კარმელი! - კარმელი? - ეს ხომ ფსევდონიმია? - რა თქმა უნდა... - იყო ასეთი პოეტი-სიმვოლისტი - შალვა კარმელი, ”დაწყევლილი პოეტი”, რომელიც 24-25 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა და მხოლოდ ორიოდე კრებულის გამოცემა მოასწრო...
- მაგრამ რატომ - შაქრო?
- იმიტომ, რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ქარუმიძის რომანის სიუჟეტური ქარგა ერთი ამერიკელი ბიზნესმენის დოკუმენტურ მემუარებს ეფუძნება. ამ ბიზნესმენს უილიამ ბებიტ უოსერსტაინი, ანუ - ბილი ერქვა (ცხადია, მემუარების ავტორის ნამდვილი სახელი და გვარი ქარუმიძის რომანში შეცვლილია, ამიტომ, მეც ამ ბიზნესმენს სწორედ რომანისეული სახელით მოვიხსენიებ) და მან თავის მეუღლე მერიონთან ერთად 1926 წელს ნამდვილად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, მათ შორის - საქართველოში და სვანეთშიც კი ავიდა - ამხანაგ შალვა ელიავას ნებართვითა და თვით გიორგი ნიკოლაძის მეგზურობით! ხოდა, სწორედ ამ მემუარების მიხედვით, ბილის მძღოლი ტიფლისში და მხლებელთაგანი სვანეთში ვინმე შაქრო შანშიევი ყოფილა - კაცი ნასწავლი და მოფრანგულე, ყოფილი არისტოკრატი და აფიცერი (პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და ნადეზერტირალიც კი), აწ კი (ანუ - 1926 წელს) ტიფლის-ქალაქის ერთადერთი ”სატაქსომოტორო გარრაჟის” მძღოლი - ფანტაზიორი და ჭკუამხიარული ”გრუზინი”...
რომანი ამგვარად იწყება: შაქრო კარმელი ხედავს სიზმარს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ძველი სვანური რიტუალი - მელია-ტულეფია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით ივანე ჯავახიშვილისეული აღწერებიდან... მე მგონი, ყველას გესმით, თუ რას ხედავს შაქრო და როგორ იღვიძებს... თუ არადა, გავიხსენოთ კიდევ ერთი დიდებული რიტუალი და სიტყვა - ”ადრეკილაა”... აი, ზუსტად ასე იღვიძებს შაქრო კარმელი, რასაც მოსდევს სიმვოლისტურ-ფუტურისტულ-კონსტრუქტივისტულ-ანთროპოსოფიულ-ნიცშნეანურ-ფრეიდისტულ-მარქსისტულ-ლენინისტურ-ორფისტულ-არფისტული პასაჟი შივას ლინგამისა და რუსის ქალის, ტატლინის კოშკისა და კარდუს მონოლიტის, კისლოვოდსკის ქრონოტოპოსისა და მზიანი ღამის, ცისფერყანწელებისა და ტიფლისის ქრონოტოპოსის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აპოლონისა და დიონისოს და ა.შ და ა.შ. ... - შესახებ...
- ალუზიებისა და ციტატების ნაზავი? - კი, ბატონო!
- ერუდიციისა და ენციკლოპედიური ცოდნის დახვავება? - კი, ბატონო!
- კი, მაგრამ ეს ხომ აქამდეც გვინახავს, ეს ხომ უკვე ვიცით - ულისე, ღვინომუქი ზღვა?!...
- არა, ბატონო, აქ კი არ და ვერ დაგეთანხმებით! სწორედ აქ - ამ რომანში - ჩნდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტიფლისური მოდერნიზმის ხელახალი დაბადება თიბლიზურ-პოსტმოდერნისტული დაგვიანებულობისა და პერიფერიულობის, ჩარეცხილობისა და მაინც მემკვიდრეობის ჭეშმარიტად ნაგრძნობი მტანჯველი განცდიდან...
და მე ვიტყოდი - ესაა რეაქცია, ნამდვილი რეაქცია - როცა, ილარიონის უკვდავი სიტყვებით რომ ვთქვათ - ”უგრძვნია კაცს”...
საქმე ისაა, რომ დანტედან მოყოლებული მთელი ახალი ევროპული ლიტერატურა რეაქციით იწერება და იბადება. მაგრამ რას ნიშნავს რეაქცია? რის მიმართ რეაქცია? - ესაა რეაქცია საკუთარ დროზე, რომელიც აღარ გიტოვებს დროს მოცალეობისა და მჭვრეტელობისათვის, ჭეშმარიტი ფილოსფიური ცხოვრებისათვის... თვითონ დანტე - ესაა პოლიტიკური ემიგრანტის მტანჯველი რეაქცია, საიდანაც დაიბადა მისი პოლიტიკური მისტიკა; სერვანტესი - ესაა, ასევე, მტანჯველი რეაქცია (ყველამ ვიცით რაზეც! - მაშინ ”ამას” ერქვა ”სარაინდო რომანები”)... ბალზაკი რეაქციაა ძველი რეჟიმის ნგრევაზე, დოსტოევსკი - ნიჰილისტებზე - ანუ საკუთარ თავზე, პრუსტი - არისტოკრატიის დასასრულზე, მუზილი - ერთი იმპერიის გაქრობაზე...
ასევეა ჩვენს ლიტერატურაშიც - ბარათაშვილი რეაქციაა პერიფერიულობის მტანჯველ განცდაზე. იგივე ითქმის უგამონაკლისოდ მთელი დანარჩენი ქართული ლიტერატურის შესახებ - ილია, აკაკი, კლდიაშვილი, გალაკტიონი (ვაჟას გარდა - მაგრამ ამის შესახებ მერე!) და მთელი ქართული მოდერნიზმი პერიფერიულობის ამ განცდის პასუხია... უფრო აქეთ - გურამ რჩეულიშვილი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე და ახლა - ზურაბ ქარუმიძე თავისი ამ რომანით - ჭეშმარიტად ქართული რეაქციაა, ესაა - სევდა პერიფერიულობისა, პროვინცილიზმისა, ორნამენტულობისა, დაგვიანებულობისა... რომ ვართ ”ყურესა ამ ქვეყნისასა” - უმამოდ და უპაპოდ, უგრაალოდ, უევროპოდ, უკავშიროდ, უნატოოდ და უ(ს)ასოოდ...
ქარუმიძის რომანში ოთხი ემბლემური პერსონაჟია - ამერიკელი ბილი, ფრანგი მერიონი, რუსი ნადია და ქართველი შაქრო... და მეხუთე - ყველაზე მთავარი - ელემენტი - კვინტესენცია (როგორც იტყოდნენ სხოლასტი ფილაფოზები) - ტიფლისი და ტიფლისური მოდერნიზმი თავისი ფანტასტიკური ქრონოტოპოსებით - კაფე ”ქიმერიონითა” და ”ფანტასტიკური დუქნით”...
აქ ღირს შეჩერება! ”ფანტასტიკური დუქანი” რუსთაველის 12 ნომერში მდებარეობდა - ახლა იქ ტელეგრაფის შენობაა აღმართული. იქ, სოფია მელნიკოვას სალიტერატურო სალონში, იკრიბებოდნენ ემიგრანტი (მაგრამ მაინც ოკუპანტი) ფუტურისტები - კრუჩონიხ, ტერენტიევ, ილიაზდ (ჩვენებური კაცი, მაგრამ მაინც...), კოლაუ ჩერნიავსკი... სიმვოლისტებიდან - ტიციანი, პაოლო, გრიგოლ რობაქიძე, მხატვრებიდან - კაკაბაძე, გუდიაშვილი... და, აგრეთვე, - აშუღი-პოეტი ყარა-დავრიში (ტომით ტიფლისელი, ქალაქელი კაცი)... ეს იყო მართლაც ”ფანტასტიკური დუქანი” და ”ფანტასტიკური ქალაქი” - და ასე უწოდა კიდეც თავის სამეცნიერო წიგნს თანამედროვე ოკუპანტმა ფილოლოგმა ტატიანა ნიკოლსკაიამ ოკუპანტურსავე ენაზე - ”ფანტასტიჩესკი გოროდ”: რუსსკაია კულ’ტურნაია ჟიზნ’ ვ ტბილისი (1917 – 1921)” . 2000 წელს გამოცემული ეს წიგნი ზურაბ ქარუმიძის რომანის სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ინტერტექსტთაგანია (როგორც იტყოდა ჟერარ ჟენეტ - ინტერტექსტთა გამჩითავი ბრანჯი სიტყვათმიჯნური-ფილოლოგოსი)....
ოთხი პერესონაჟი - ვითარცა ოთხი სტოიხეიონ-ელემენტი: ფრანგი ლიბერალ-ფემინისტი მერიონი, ამერიკელი ჰურია-სოვდაგარი ბილი, რუსი ნაარისტოკრატალი ვორონცოვ-დაშკოვის (?) შთამომავალი ულამაზესი ნადია და შაქრო-ბოჰემა - მძღოლი-სიმვოლისტი, ”ჩამორჩენილი მისტიკოსი”, არამწერალი... რით არ არის ეს მოდერნიზაციის ნარატივი? ოღონდ რომანში მოდერნიზაციის ორი ვერსია ”ეჯახება” ერთმანეთს - ევროამერიკული და ბოლშევიკური. ხოლო ამათგან მეორე ასეა გააზრებულ-წარმოსახული:

”სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ...”

ხომ არ გეცნობა ამგვარი მოდერნიზაცია, ჩემო მკითხველო, რამეს ხომ არ გაგონებს ეს ყოველივე?
რომანის მეორე თავი საკუთრივ ბილის მოგონებებს ეძღვნება, ხოლო მესამეს - ”პარალელი 41°” ჰქვია, ისევე როგორც რუსული (უკაცრავად - ოკუპანტური!) ფუტურიზმის ყველაზე რადიკალურ განშტოებას, რომელმაც ეს სახელი თბილისის გეოგრაფიული განედის მიხედვით დაირქვა, რადგანაც სწორედ ტფილისში დაფუძნდა ეს ლიტერატურული ქვემიმდინარეობა.
მოცემული თავი 1926 წლის რეტროქრონიკაა - პერიოდიკიდან გამოხმობილი პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო თუ სახელოვნებო ”ნიუზებით”. მაგრამ დროდადრო ამ ნიუზებში ჩვენი პერსონაჟების ფიქციური ამბებიცაა შეზავებული, რაც ამ მონტაჟს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ჰხდის. აქვე მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ამ სტილში - ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ”ნიუზების” (და არა მხოლოდ!) მონტაჟი - დღეს მთელი წიგნებიც კი იწერება - მაგალითისათვის დავასახელებ სტენფორდელი კომპარატივისტის ჰანს-ულრიხ გუმბრეხტის წიგნს - In 1926: Living at the Edge of Time (Harvard University Press, 1997). ეჭვი მაქვს, რომ ზურაბ ქარუმიძე ოდენ ყურმოკვრით არ იცნობს ამ ნაშრომს....
ხოლო ფინალი ამ თავისა ამგვარი ლოზუნგია: ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია, აფხანიკებო!”
რომანის მეოთხე თავი - «შალვა ელიავა, ორნი ’გრანდ-ოტელში’, ’დენიკინთან’ და ’ქიმერიონში’» - ესაა ტფილისური მოდერნიზმის კულმინაცია. ამ თავის დასკვნითი სცენა ’ქიმერიონში’ ჯოისის ულისეს ცირცეას ეპიზოდისა და მილოშ ფორმანის Hაირ-ს LშD-თი შთაგონებული ჰალუცინაციურ-ფსიქოდელიკური პასაჟის სინთეზს წარმოადგენს. დუქან ’დენიკინში’ დაწყებული ტფილისური მოლხენა (აქ რომანის პერსონაჟთა სადღეგრძელოს დუქანში შემოხეტებული იეთიმ-გურჯი ლექსად შესვამს) კაფე ’ქიმერიონში’ ჰალუცინოგენურ-ნარკოტიკული სერობით სრულდება, სადაც რეალობა და ჰალუცინაცია ერთმანეთში საბოლოოდ ირევა: ცოცხლდებიან სუდეიკინისა და კაკაბაძის ფრესკები, ხოლო ტიციანი თუ პაოლო, კრუჩონიხი თუ რობაქიძე გვევლინებიან არა მხოლოდ დისკურსებისა და ციტატების სახით, არამედ - როგორც ფიქციური ნარატივის ცოცხალი პერსონაჟები - ვიღაც (სინამდვილეში ფუტურისტი ჩაჩავა) რობაქიძეს პარიკს ჩამოგლეჯს, ხოლო გურჯიევის მაგიური ზემოქმედებით სიმვოლისტებსა და ფუტურისტებს შორის ჩხუბი ატყდება... რა თქმა უნდა, თვითონ გურჯიევიც აქაა - მერე რა, რომ 1926 წელია და ბერძენი მაგი უკვე პარიზშია: დროთა და სივრცეთა ფანტასტიკური მონტაჟის გამო შაქროს მოდერნისტული ჰალუცინაცია სავსებით დამაჯერებელია... დაბოლოს, ლავრენტი ბერია გრიგოლ რობაქიძის ”საკუთარ ტოსტსაც” წაიკითხავს არტისტული გამოთქმით...
ერთი დეტალიც (რადგან, აბი ვარბურგის თქმით, ღმერთი დეტალებშია!) – ამ 1926 წლის მოდერნისტულ ფანტასმაგორიაში თანამედროვე თიბლიზური ქრონოტოპოსის შეზავებაც ხდება: კაფე ’ქიმერიონში’ ნარკოტიკულ კოკტეილებს ოფიციანტი ხარბედია აზავებს, რაც ფილოლოგისა და ლიტერატორის მალხაზ ხარბედიას მეორე ჰიპოსტატის - ღვინის რეცეპტთა დამფასებლისა და უებარი ღვინო-ბლოგერის - ”გადათამაშებაა”:
”- აბსენტს ხომ არ ინებებდით, მესიე? მადამ? - ტანმორჩილი, ჟღალთმიანი, კოლხურად მკვირცხლი თვალებით, ოფიციანტი ხარბედია განსაკუთრებული ტაქტით მიმართავდა ამერიკელ სტუმრებს: როგორც ლირიკული აფთიაქარი, გამოკვეთილი გარეგნობით, თითქოს თუჯიდან. - შემიძლია შემოგთავაზოთ: აბსენტი ანისულის ლიქიორით, გუმფისის სიროპის დამატებით, ან ორშადით, ნუშის რძით დამტკბარი; ასევე - აბსენტი რამდენიმე წვეთი გრენადინით და წყლით, აბსენტჰე მინუიტ - “შუაღამის აბსენტი” - თეთრ ღვინოსთან შეზავებული: გვაქვს ასევე თრემბლემენტ დე ტერრე - “მიწისძვრა” - აბსენტის და ბრენდის ნაზავი, ტულუზ-ლოტრეკის საყვარელი სახეობა; ასევე, თუ გაბედავთ, შემოგთავაზებდით “ნიანგს” - მესამედი რომი, მესამედი აბსენტი და მესამედიც გაუფილტრავი ღვინის სპირტი - ანარქისტების სასმელი...”

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნისტული რომანი, ყველაფერთან ერთად, ყავა-ხანების, კაფეებისა და რესტორნების რომანია. მოცალეობის ეს ბოჰემური ქრონოტოპოსები სრულიად აუცილებელი ხდება მოდერნისტული ნარატივისათვის, რადგანაც არისტოკრატიული სალონი - არისტოკრატიული მოცალეობის განუყრელი ქრონოტოპოსი - ფაქტობრივად, პრუსტის რომანთან ერთად დასრულდა (პრუსტის ”დაკარგული დრო” დაკარგული არისტოკრატიული მოცალეობაცაა!); ამიტომაც, ჯოისის, თომას ელიოტის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ნაბოკოვის, რობაქიძისა თუ უილიამ ბეროუზის (ქარუმიძის რომანი სავსეა თითქმის ყველა ამ ავტორთა სახელებით, ციტატებითა თუ ალუზიებით!) ”უგვარტომო” პერსონაჟები უკვე კაფეებსა და რესტორნებში იკვეთებიან, სვამენ, ”იჩხირავენ”, ჩხუბობენ, უყვარდებათ, დრო გაჰყავთ, დროს კლავენ, კლავენ, ალკოჰოლურ თუ ნარკოტიკულ ჰალუცინაციებს ეძლევიან... ამ კაფეებსა და რესტორნებში აკოჰოლი და ნარკოტიკები - ეს ფსიქოდელიკური ტექნიკები - ჰომოლოგიურად თითქმის ”იმგვარსავე” როლს ასრულებს, რასაც მოცალეობისა მჭვრეტელობის ტრადიციულ ქრონოტოპოსებში (მონასტრებსა და სამლოცველოებში) - სულიერი ვარჯიშები: მედიტაციური ლოცვები, ასკეტიკური პრაქტიკები, მჭვრეტელობით-ვიზიონერული მედიტაციები....
რობაქიძის ფალესტრა კაფეებისა და რესტორნების ტიპური რომანია. ის ქარუმიძის ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერტექსტია. ფალესტრასთან ”თამაშს” ქარუმიძე თავისი ნაწარმოების პირველსავე თავში იწყებს. ახლად გაღვიძებული შაქროს შინაგან მონოლოგსა თუ ცნობიერების ნაკადში ამგვარ ფრაზა გვხვდება:

” ...”ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა - სიტიტვლეში,” დასძინა შაქრომ, თითქო ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე “ესტეტს” მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ...”

ეს ”მოლაყბე ესტეტი” და ”ყავახანის ინტელექტუალი” გრიგოლ რობაქიძე, უფრო ზუსტად, ფალესტრას ერთ-ერთი პერსონაჟი პეტერეცი გახლავთ.
ფალესტრასთან თამაშის კიდევ ერთი მაგალითი ვინმე ავალონ უნგარის რამდენიმეგზის ხსენება თუ ციტირებაა. ავალონ უნგარი ესაა - ”ადოლფ უნგარ” - ფალესტრას პროტაგონისტი ”რეჟისსორი”, რომელიც ფილმს იღებს ამორძალთა დედოფალ ფალესტრაზე.
და კიდევ - ფალესტრას მეოთხე თავში (”კამარაში”) რობაქიძე თავად გვიყვება ტფილისური მოდერნიზმის მოკლე ისტორიას (რობაქიძისეულ ვერსიას) - მისთვის უჩვეულოდ მშრალი და დოკუმენტური თხრობით, სადაც საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს ხოლმე.
რადგანაც ინტერტექსტებს შევეხეთ, ძალიან მოკლედ უნდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურულ ინტერტექსტთა გარდა ქარუმიძის რომანი სავსეა ფილოლოგიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებზე ალუზიებითაც - დავასახელებ, მაგალითისათვის, ჩემი კოლეგის - ამერიკელი კომპარატივისტის ჰარშა რამის სტატიებს ქართულ ან/და პერიფერიულ მოდერნიზმზე, იჰაბ ჰასანისა თუ ბრაიენ მაკჰეილის გამოკვლევებსა და საკუთარ მოკრძალებულ პერსონასაც. კერძოდ, შემდეგი ციტატა -

და მე, ხეზე ამძვრალი პოეტი, მოგმართავთ თქვენ და ვუმღერ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ხასიათში [ჩემთან - ქრონოტოპოსში - ზ.შ.] - მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული!

- უფრო ზუსტად, ამ ციტატის ხაზგასმული მონაკვეთი ჩემი ტექსტიდანაა ტიციან ტაბიძისა და პასტერნაკის შესახებ (თავად საკუთარ ტექსტში მე ამ ფრაზას ჩემს აწ გარდაცვლილ უფროს მეგობარს ლონდონელ ფილოსოფოს ალეკსანდრ პიატიგორსკის მივაწერ). ქარუმიძის რომანში კი ამ ფრაზას ხეზე ამძვრალი ნიკოლოზ შენგელაია წარმოთქვამს. როგორც ცნობილია, თავისი შექმედების ფუტურისტულ პერიოდში ნიკოლოზ შენგელაია მართლაც მიმართავდა ხოლმე ამ ეპატაჟურ ჟესტს და რუსთაველის პროსპექტზე, ხეზე ამძვრალი მოქალაქეებს საკუთარ ავნგარდისტულ ლექსებს უკითხავდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ქარუმიძის რომანის სიუჟეტურ ქარგას. ნაწარმოების მეხუთე და ჯერ-ჯერობით ბოლო თავი ”ვარდები მერიონისათვის...”, გარკვეული აზრით, ასრულებს ტფილისურ მოდერნიზმს, როგორც ქრონოტოპოსს და ამის შემდეგ თხრობა სვანეთისაკენ - ოღონდ ქუთაისის გავლით - გადაჰყავს. ტფილისური ”მოდერნი” ტფილისური ჟესტით სრულდება - შაქრო მერიონს დაბადების დღეზე ”ერთ მაღაზია” ვარდებს უყიდის - ოღონდ ბილის ფულით. ეს ”თავადური ჟესტი” ფიროსმანის ცნობილი პოტლაჩის პაროდიაა. საგულისხმო ისაა, რომ მოცემული ჟესტი სრულიად დოკუმენტურია - უილიამ უოსერსტაინის მემუარებში ეს ფაქტი თითქმის იგივენაირადაა მოთხრობილი - ოღონდ ფიროსმანზე ალუზიის გარეშე, რაც ამ ეპიზოდს კიდევ უფრო ”ფიროსმანულსა” და ”ბორხესულს” ხდის - ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა ლეგენდასა და რეალობას შორის ზღვარის გავლება შეუძლებელი ხდება...
რა ხდება ამის მერე ქუთაისში? - კარნავალი და დიონისიები, ავანგარდისტი მღვდლის ტიციან ტაბიძისეული ლოცვა-მადრიგალი ბაგრატის ტაძართან (ბილი ამ სცენას კამერით იღებს) და ოფიციანტი თხების დათრობა რესტორანში - სახელად ”დამაფრინდი”, რომლის გადათარგმნასაც ამაოდ ცდილობს შაქრო ფრანგულად მერიონისათვის... ასე რომ, (პოსტ)მოდერნისტული ნარატივი სავსებით ”ბუნებრივად” გადადის ტფილისიდან ქუთაისში, რადგანაც ქართული მოდერნიზმის სათავეებიც ხომ იქ იწყება...
... და აქ, ძვირფასო მკითხველო, წყდება ჩემს ხელთ არსებული ხელნაწერი... სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი (უფრო ზუსტად - დაახლოებით წარმომიდგენია სწორედაც ამბავი როგორ გარძელდება, მაგრამ არა - ნარატიული დისკურსი - ამბის მოყოლა!), მაგრამ ამას, ნუ მიწყენთ და, უკვე აღარა აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგანაც ზურაბ ქარუმიძე შედგა - შედგა, როგორც ნამდვილი მწერალი. ეს უკვე აღარაა ნიჭიერი ინტელექტუალის საინტერესო ექსპერიმენტი, ესაა - ნამდვილი პროზა - პროზა, რომელიც ბრწყინვალედ აცოცხლებს ქართული მოდერნიზმის ”მაღალ ბოჰემას”, რადგანაც ”დაბალი ბოჰემა” აკა მორჩილაძემ უკვე უბადლოდ გაგვიცოცხლა...
ასე რომ, დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება საუბარი ახალ ქართულ პროზაზე, სადაც განუმეორებელი ”სერიული” მთხრობელის ნიშა აკა მორჩილაძეს საიმედოდ აქვს დაკავებული; სადაც ზაზა ბურჭულაძე თავისი შესანიშნავი ენით, სამწუხაროდ (თუ - საბედნიეროდ?), ”გლამურში წავიდა” და სადაც ზურაბ ქარუმიძის მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი სათაური!) ნატიფი რეფლექსიური თხრობის ჩინებულ ნიმუშად მოგვევლინა...
Bravo, ზურა! და აუცილებლად - Bis!

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ზაზა კვერცხიშვილი – თამაზი - რექვიემი


თამაზ ჩხენკელს სხვადასხვა მიზეზის გამო, მეტწილად საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მიეძღვნა ერთ ათეულზე მეტი კარგი სტატია და რამდენიმე უპრეტენზიო ლექსი. ამ უკანასკნელთა შორისაა ასეთი ოთხსტრიქონედი: "არის ნამდვილად ენამზე, / წერს, თარგმნის ცაში აგიყვანს. / ნათელი თამაზ ჩხენკელი - / აი, ვინ არის კარგი ყმა". პირველი ორი სტრიქონი, როგორც ვხედავთ, არაფრითაა საყურადღებო - ჩვეულებრივი, ტრაფარეტული ქებაა, რომლის უმჯობესი ბევრი მიუძღვნია ზაურ ბოლქვაძის უშურველ გულს, მათ შორის, თ. ჩხენკელზე ბევრად უფერულ ხელოვანთათვისაც. სამაგიეროდ, გამონათქვამები "ნათელი [თამაზ ჩხენკელი]" და "[აი ვინ არის] კარგი ყმა", ვფიქრობ, ძალიან ზუსტი და აუცილებელია ამ ადამიანის პიროვნული ბირთვის დასახასიათებლად (თუმცა, სტრიქონთა სახოტბო ინტონაცია ნაკლებად გიბიძგებს ამის გააზრებისკენ).
"ნათელი" ან "მზიური", ვფიქრობ, ეს სიტყვები მოეჩვენება ყველაზე შესაფერისად კაცს, ვინც თ. ჩხენკელის გარეგნობას, ქცევას, საუბარს გაიხსენებს (ანუ ყველაფერ იმას, რაც ქმნიდა მის გაცნობისთანავე თვალშისაცემ პიროვნულ ხიბლს). ძალიანაც არ მინდა, ახლა მე თვითონ აღმოვჩნდე ტრაფარეტების ტყვეობაში, მაგრამ რა ვქნა, ამ ადამიანში, ვისაც უპირატესად დიონისურ ვნებათა ბობოქარი ამოფრქვევების ამბებით იხსენებენ მეგობრები, იმდენად ძლიერი იყო აპოლონური საწყისი, რომ აუცილებელი მგონია, ეს თავიდანვე და სწორედ ასეთი ლიტერატურულ-თეორიული ენით აღინიშნოს. ამ "მზიური" საწყისის ძალმოსილება საკუთარ თავზე გამოუცდია ყველას, ვინც იმ მანძილზე მაინც მიახლოებია თ. ჩხენკელს, რომ მისი პიროვნული მიზიდულობის არეში მოქცეულიყო, ასეთები კი მრავლად არიან - სრულიად სხვადასხვა ჭკუის, ხასიათის, ინტელექტის, მისწრაფებების ადამიანები.
მე თვითონ, ამ "გრავიტაციულ ველში" 19 წლის ასაკში მოვხვდი, მას შემდეგ, რაც ერთი ახლობლის ხელით შესაფასებლად გავუგზავნე პუშკინის რამდენიმე ლექსის, როგორც ახლა ვიცი, უბადრუკი თარგმანი, ხოლო პასუხად მივიღე შეუფასებლად დატოვებული ჩემი რვეული და მისი თარგმანების წიგნი, "ახალი ინდოეთის მოაზროვნეები", წარწერით: "ჩემთვის ჯერ უცნობ ზაზას, - შეხვედრის გულითადი სურვილით, მეგობრულად - თამაზისაგან 1978. V." ეს წარწერა ჩემი პიროვნებისა და ბედისწერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ოღონდ ეს ბევრად უფრო გვიან, ორნახევარი ათწლეულის შემდეგღა გავიცნობიერე.
მაშინ კი... ჩემდა საბედნიეროდ, არც ქცევის ეტიკეტს ვიცნობდი ისე კარგად და არც იმდენი ზრდილობა მქონდა, რომ მივმხვდარიყავი, რამდენად მომაბეზრებული უნდა ყოფილიყო ორმოცდაათს გადაცილებული შემოქმედი და მოფიქრალი კაცისათვის ოცდაათი წლით უმცროსი, უწიგნური და გემოვნებაჩამოუყალიბებელი ჭაბუკის, სულ მცირე, დღეგამოშვებით სტუმრობა... და გადიოდა სოლოლაკში, თამაზის შუშაბანდში საათები, დღეები (ზოგჯერ - შუადღიდან შუაღამემდე), თვეები, წლები... ბრეჟნევის ეპოქის მიწურულს, საყოველთაო ინტელექტუალური ხრწნისა და გადაგვარების მოწამლულ ატმოსფეროში ის დაფხავებული შუშაბანდი წინ მცირე ბაღით, ნამდვილი ოაზისი იყო, სადაც, როგორც ერთგვარ ინტელექტუალურსა და სულიერ საშოში, ნელ-ნელა ყალიბდებოდა და შუშდებოდა, არა, უბრალოდ, ჩემი ინტერესები, თვალსაზრისები, გემოვნება, პრიორიტეტები, არამედ კიდევ რაღაც გაცილებით უფრო ფასეული - პიროვნება, სულიერი რაობა, რის წყალობითაც ადრე თუ გვიან, მზისქვეშეთში უნდა გამოვსულიყავი, როგორც (სულ ერთია, რამდენად კარგი ან რამდენად მნიშვნელოვანი) ადამიანი. ამდენად, მთელს ამ გარემოს გადაუჭარბებლად შემიძლია ვუწოდო ჩემი პიროვნულ-სულიერი სამშობლო... და ახლა, თამაზის სიკვდილთან ერთად, ამ სამშობლოდან საბოლოოდ აღმოვჩნდი გამოძევებული, რადგან სამშობლო, მოგეხსენებათ, ტოპოსი კი არ არის, არამედ ადგილი, სადაც მშობლის, მამის სიცოცხლისმომცემი სული ტრიალებს.
ბედისწერამ რამდენიმე უზომოდ ნიჭიერ და ძლიერ ინდივიდუალობასთან ახლო ურთიერთობის ბედნიერება მარგუნა. და მე, ერთი დიდი რომაელის მიბაძვით, ყოველ მათგანზე შემიძლია ვთქვა, რით გაამდიდრა მან ჩემი ზნეობრივი ან ინტელექტუალური სამყარო, რას უნდა ვუმადლოდე თითოეულს. აი, თამაზზე კი ვერაფერს ვიტყვი - როცა კი ყველაზე უფრო ჩემეულ, გაშინაგანებულ შეხედულებეს, ინტერესებს, თვისებებს ჩავფიქრებივარ, სადღასაც საწყისების ბნელითმოცულ წიაღში ჩაღწევისას აღმომიჩენია, რომ ყველაფერი ეს თამაზისგან მომდინარეობს, მისი შექმნილია. ასე რომ, არც ის იქნება დიდი გადაჭარბება, თუკი ვიტყვი: მის მიერ ჩაბერილი სულით ვცოცხლობ, სამყაროს მის მიერ ახელილი თვალებით ვუმზერ. და როდესაც თამაზს "მშობელს", "მამას" ვუწოდებ, ეს სულაც არ არის მხოლოდ სიყვარულის გამჟღავნება ან მადლიერების დადასტურება, მით უფრო, პრეტენზიის გაცხადება მასთან რაღაც განსაკუთრებულ სიახლოვეზე (ჩემზე ახლობელიც ბევრი ჰყავდა) - ეს ფაქტის კონსტატაციაა.
არ მინდა, ჩვენს ოცდაცამეტწლოვან ურთიერთობას იდეალური ან, მით უფრო, იდილიური ნიშნები მივაწერო. ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა იყო, რომელსაც წყენაც ახლდა თან, გაავებაც და დროდადრო გაბუტვებიც: მე ვავდებოდი და ვიბუტებოდი ხოლმე, უფრო - ბოლო წლებში. არც იმას ვიტყვი, თითქოს საამისო მიზეზი არ მქონოდეს. ყოველ ახლო ურთიერთობაში გროვდება უამრავი საწყენი და გულსატკენი წვრილმან-მსხვილმანი. ერთხელ რამდენიმე თვით დავემდურე, ახლოს არ გავკარებივარ და შერიგებას საერთოდაც არ ვაპირებდი. სამაგიეროდ, ყოველთვის, როცა შევრიგებივარ, ჩემს უძლურ ბრაზს და აზღარბულ გულს ისეთ დიდსულოვან მიმტევებლობას, ისეთ დაუფარვ და უსაზღვრო მეგობრულ, ძმურ, მამაშვილურ სიყვარულს შემოაგებებდა ხოლმე, ისეთ სიხარულს გამოხატავდა შეცდომილი ძის დაბრუნების გამო, რომ თავს გულნამცეცა ქონდრისკაცად ვგრძნობდი:

***
ახლა, როდესაც მის ნაყოფიერი შრომით სავსე და საყოველთაო პატივისცემით მოსილ ცხოვრებას გადაავლებ თვალს, ძნელია წარმოიდგინო (თუკი პირადად და ახლოს არ იცნობდი თამაზს), რომ ამ ბავშვობიდანვე აღიარებული ნიჭითა და გარეგნული სილამაზით გამორჩეულ კაცს, ვისაც ლაღი ხასიათის წყალობით ყოველთვის უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ეხვეოდა გარს, ვინც ნორმალურად მღეროდა (ინოლა გურგულიას ეუბნებოდა ბანს შინაურ სუფრებზე!), კარგად ცეკვავდა და ყოველთვის საზოგადოების სული და გული იყო, სინამდვილეში, ძალიან გაუჭირდა ცხოვრებაში ჩართვა, სოციალიზება, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში, მოწიფულობის დროსაც კი, როცა სახელმოხვეჭილი ლიტერატორი გახდა, რჩებოდა სოციუმისგან გარიყულად და ლამის წყალწაღებულ მარგინალად.
სკოლიდან, ცუდად სწავლის გამო, ქარხანაში გააძევეს და რაიონის ყველაზე უიმედო ოროსნებთან ერთად სატვირთო მანქანის ღია საბარგულში უკრეს თავი. ვიდრე "სასჯელაღსრულების პუნქტამდე" მივიდოდნენ, სხვა "ტუსაღებმა", ქუჩის ბიჭებმა ისარგებლეს შუქნიშნებთან პირველივე ორი შეჩერებით და თავს უშველეს. ასე რომ, ქარხანამდე მხოლოდ თამაზმა, ერთადერთმა ოჯახიშვილმა მიაღწია. იქ კი ისეთ პირობებში აღმოჩნდა, რომ აუცილებელი გახდა თვითმკვლელობის მუქარა და შორეული ნათესავი გენერლის ჩარევა, რათა ისევ სკოლაში დაებრუნებინათ.
უნივერსიტეტი შედარებით უმტკივნეულოდ დაამთავრა. ერთი ეგ იყო, ორჯერ ჩარჩა კურსზე და, ალბათ, მესამედაც ეს დღე ელოდა, ძმაკაცებს მოტყუებით რომ არ შეეგდოთ პარტისტორიის გამოცდაზე, სადაც ზომაგადასულად ლმობიერმა ახალგაზრდა ლექტორებმა, ფაქტობრივად, დაუფარავად უკარნახეს კომპარტიის ერთ-ერთი ყრილობის გამართვის თარიღი და ამ "ცოდნაში" სამიანი დაუწერეს (თუმცა ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე "დაქვეითებას", მგონი, მაინც ვერ გადაურჩა).
აი, უმაღლესის დამთავეების შემდეგ კი ძალიან გაუჭირდა სამსახურის პოვნა და ხელფასის მოპოვება. თავდაპირველად დეიდამ მოაწყო მეტალურგიულ ტექნიკუმში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე ვერ გაარკვია, რა უნდა ეკეთებინა, რა ევალებოდა. მის თანამდებობას, მგონი, "ლაბორანტი" ერქვა, მაგრამ მას, თითქოს, არც ფუნქცია ჰქონდა და არც მოვალეობები ახლდა. დადიოდა თამაზი ტექნიკუმში უსაქმოდ და ნატრობდა, სადმე ისეთი სორო ეპოვნა, სადაც დამალვას შეძლებდა, რათა მისი უსარგებლოობა ასე საჯაროდ მაინც არ ყოფილიყო გამოფენილი.
მისმა თანამდებობრივმა ფუნქციამ მაშინღა შეიძინა ბუნდოვანი კონტურები, როდესაც ერთთვიანი მივლინებით გაგზავნეს განჯაში. ახლა, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იცოდა, რომ ორჯერ თუ სამჯერ უნდა მისულიყო რომელიღაც დაწესებულებაში და იქიდან რაღაც დოკუმენტები წამოეღო. დავალება ადვილი შესასრულებელი ჩანდა და სამსახურებრივად საჭირო საქმის კეთების ილუზიასაც ქმნიდა. მატარებლამდე ძმაკაცებმა მიაცილეს ბარათაშვილის გზაზე დამდგარი პოეტი. თამაზმაც პოეტური ბოჰემა-დარდიმანდობის ადათს ვერ უღალატა და ერთი თვის განმავლობაში მეტისმეტად ხელმომჭირნე ცხოვრებისთვის გათვლილი ფულის სამი მეოთხედი ვაგზლის რესტორანშივე მიახარჯა. ასე რომ, იოლი დავალება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცია: მთელი თვე შიმშილით სიკვდილის არა, მაგრამ სრული გამოფიტვის ზღვარზე უნდა გაეძლო. ემოციურად მიყვებოდა, როგორ მოელაპარაკა მდგმურობისას დიასახლის რუს ქალს და როგორ გამოუყო მან ძალიან იაფად დღეში ერთი ჯამი წყალწყალა წვნიანი და ერთი ნაჭერი პური. გარდა ამისა, ყიდულობდა დიდ-დიდ ბროწეულებს, იქ კაპიკები რომ ღირდა, და წვენს პირში იწურავდა. დადიოდა ბედუკუღმართი ლაბორანტი უცხო, უინტერესო და უსიხარულო ქალაქში, საღამოობით ამორჩეულ მაღლობს მიაკითხავდა ხოლმე და მზის ჩასვლას გასცქეროდა პატარა უფლისწულივით.
შემდეგი სამუშაო ადგილი საქინფორმი იყო. აი, აქ კი მიეცა თამაზს იოლი შრომით დალხენილი ცხოვრების მოწყობის შანსი. მოკლე-მოკლე ინფორმაციები უნდა ეთარგმნა, რაშიც ძალიან კარგი, დაუჯერებლად კარგი გასამრჯელო შესთავაზეს. შრომის სისწრაფე მოუწონეს, ენასა და სტილზე ხომ სულ გადაირივნენ. ისე ჩანდა, რომ ჭაბუკმა მაძღარ ნავსაყუდელს მიაგნო. მაგრამ, იმ პოეტის არ იყოს, თამაზისგან განსხვავებით, განჯიდან უკან დაბრუნება რომ არ ეწერა, "საწუთრო განა ვინმეს დიდხანს ახარებს?" - განყოფილების უფროსმა მესამე დღესვე არაოფიციალურად, მაგრამ დაბეჯითებით "ურჩია" პრესტიჟული კოლექტივის ახალ წევრს, თანამშრომლების საუბრებისთვის ეგდო ყური და თუ ვინმეს რამე იდეოლოგიურად, სახელმწიფოებრივად ან სამსახურებრივად მავნე წამოსცდებოდა, მაშინვე მასთან დაებეზღებინა.Nთამაზი არ დაფიქრებულა - იმავე დღეს დაწერა განცხადება და სარფიანი თანამდებობა ისე დატოვა, ერთი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო.
მერეც, როდესაც ლიტერატურის ინსტიტუტში თითქოს უკვე თავისთვის ნამდვილად შესაფერისი თანამდებობა მონახა, დაუჯერებლად უპასუხისმგებლოდ იქცეოდა: თავიდან კვირაში ორჯერ მაინც დადიოდა ხოლმე ახალ სამსახურში, ოღონდ... სულ სხვა კაბინეტში, პირველ სართულზე, სადაც მისი ორი მეგობარი მუშაობდა. ისე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში აზრად არ მოსვლია, მეორე სართულზე ასულიყო და ერთხელ მაინც (!) შეეღო თავისი განყოფილების კარი. მაშინღა მიხვდა, რა ევალებოდა, როდესაც სისტემატური გაცდენებისთვის საერთო კრებაზე გაგდება დაუპირეს. მხოლოდ იმ "ქვედა" განყოფილების უფროსის დაფიცებამ გადაარჩინა - ჩემს ოთახში ძალიან ხშირად ვხედავ და, ცოტას თუ ადროვებთ, ზემოთაც ამოეჩვევაო.
საერთოდ, თ. ჩხენკელი ყოველთვის გამოირჩეოდა ჭეშმარიტად საარაკო ასოციალურობითა და მოუთვინიერებლობით. მე რომ გავიცანი, იგი უკვე თვეში ერთხელ თუ შეივლიდა ხოლმე ლიტერატურის ინსტიტუტში ხელფასის ასაღებად, მაგრამ იმ დროს ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია შეგუებოდა თავისი უნიჭიერესი თანამშრომლის ხასიათს: კარგად იცოდნენ, ამ კაცს ვერანაირი ფინანსური ან ადმინისტრაციული სასჯელით ვერ დაიურვებდი - ბევრად უფრო ადრე, ამას თვით სახელოვანი და თამაზისთვისაც საყვარელი გიორგი ლეონიძეც კი ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ცოცხალი კლასიკოსი იყო, ხოლო მისი ხელქვეითი - დამწყები ლიტერატორი, რომელსაც თავი ჯერ არაფრით გამოეჩინა. მით უფრო, გაუმართლებელი იქნებოდა ორმოცდაათი წლის ასაკში "ტრაგიკული ნიღბების" ავტორის მოხსნა სამსახურის გაცდენის, ანუ, ფორმალურად მაინც, უსაქმურობის გამო, რადგან, საჯაროდ რომც არავის გაეჟღერებინა, მაშინვე გაჩნდებოდა კითხვა: ბევრი ნაშრომი კი შექმნა ინსტიტუტმა ამის შესადარი მთელი თავისი არსებობის მანძილზე?
და უფრო მეტიც, ზოგჯერ თ. ჩხენკელს თვითონვე უთქვამს უარი გარანტირებულ სამეცნიერო კარიერაზე. ასე მაგალითად, როდესაც თაგორისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი წერილით აღფრთოვანებულმა გიორგი ახვლედიანმა სთხოვა, სტატია განავრცე და დისერტაციად დაიცავიო, თამაზმა გადაჭრით თქვა უარი, რადგან ბენგალური ენის ცოდნის გარეშე ამგვარი რამ პროფანაციად მიაჩნდა. არ გაჭრა ღვაწლმოსილი აკადემიკოსის ხვეწნამ, ოღონდ დამეთანხმე და მე თვითონ ვიქნები შენი დისერტაციის ხელმძღვანელიო (რაც იმას ნიშნავდა, რომ სამეცნიერო ხარისხი და, მაშასადამე, მისი შესატყვისი ხელფასი, პრაქტიკულად, "ჯიბეში ედო"), ნაშრომის მეცნიერული ღირებულება, სიზუსტე და დონეც მთლიანად ჩემს კისერზე იყოსო: უჩინო ლიტერატურისმცოდნემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რადგან მარტოდენ უკიდურესი იდეალისტებისათვის დამახასიათებელი პროფესიული კეთილსინდისიერება და ფანატიზმი ნებას არ აძლევდა, ეთიკოესთეტიკურ (არის ასეთი ტერმინი, მგონი, ჰიმენესის მიერ შემოტანილი) სინდისთან თუნდაც უმნიშვნელო კომპრომისზე წასულიყო.
ახალგაზრდობაში ხშირად სვამდა და ზოგჯერ გიჟურ თავაწყვეტამდეც მიდიოდა ხოლმე. ერთხელ, უგონოდ მთვრალი გადამძვრალიყო აბრეშუმის ქარხნის მაღალ, ფხიზელი ათლეტისთვისაც ძნელად დასაძლევ მესერზე და ხეზე მიყუდებულს ზეზეულა ჩასძინებოდა. "ცხენივით გეძინა, ცხენივით..." ეუბნებოდა განყოფილების უფროსი, როდესაც მეორე დილით მილიციაში გამოეღვიძა და ვერაფრით გაიხსენა, მაინც რა ქვეცნობიერმა სწრაფვამ უბიძგა აკრძალულ ტერიტორიაზე შეღწევისკენ.
არც მოწიფულობაში ეთაკილებოდა უკვე სახელოვან პოეტსა და მეცნიერს "გზებზე სუფრის გადაფენა". თავის ასევე დიდად სახელოვან კოლეგასთან ერთად ქუჩაში ხმელი თევზით (ცხადია, ლუდისა და არყის თანხლებით) პურობის ამბავი თვითონვე აქვს მოთხრობილი ერთ მინიატურა-მოგონებაში ("ნაჩუქარი თევზი"). ოფიციალური და დასაფასებელი პირის უნარ-ჩვევები სიცოცხლის ბოლომდე სათოფეზე არ მიიკარა.
ხოლო ყოველივე ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ცხოვრობენ და "ცხოვრობდნენ მისაბაძი ადამიანები, რომელთა სულიერ არსებობაში საკუთარ სოციალურ მდგომარეობას უმნიშვნელო, სულ ბოლო ადგილი ეჭირა. და ეს იყო მათივე მნიშვნელოვანი ინსტინქტი შემოქმედებით ენერგიის გადასარჩენად თუ დასაზოგად" (ბესიკ ხარანაულის სიტყვებია თამაზისადმი მიძღვნილი წერილიდან). თ. ჩხენკელმა სხვებისგან კი არ შეითვისა, თვითონ "შექმნა საბჭოთა ეპოქისათვის სრულიად მიუღებელი და თავზარდამცემი ფენომენი "საქმიანი უსაქმურობა" (ვახუშტი კოტეტიშვილი).
სამაგიეროდ, "საქმე უსაქმურისა", რომლისთვისაც მან სამსახურებრივი და სოციალური ხელმოცარულობის ხარკი გაიღო, ღირდა ყოველგვარ მსხვერპლშეწირვად: "პოეტური თარგმანის ხელახალი აღორძინება საქართველოში ძირითადად მის სახელს უკავშირდება და მისი დიქტატითაც კი წარიმართა" (დავით წერედიანი).
მისი "შრომა, ჩვენი ეროვნული კულტურის სასიკეთოდ, არა ერთი და ორი ბრწყინვალე შემოქმედებითი მიღწევით დაგვირგვინდა. საკმარისია გავიხსენოთ ბო ძიუ-ის მომხიბლავი ლირიკა, მისი ნატიფი, ჰაეროვანი, თითქოს შუქჩრდილისაგან ნაქსოვი ლექსები; ანდა "გიტანჯალი" - ღვთაებრივი სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, სიკეთისა და სილამაზის სადიდებლად აღვლენილი გულმხურვალე ლოცვა-ვედრება, მშვიდი სიდიადით გასხივოსნებული პოეტური საგალობლები; აი, "ბჰაგავატგიტა", ძველი ინდოეთის საკრალური პოემა, მაღალი, როგორც ცადაზიდული მთები, ბნელი, როგორც მისი ჯუნგლები და, იმავდროულად, ნათელი, როგორც მისი უღრუბლო ზეცა, ინდოელი ხალხის უკვდავი სულის, მისი ზნეობრივი მრწამსისა და რელიგიური მსოფლგანცდის უსრულქმნილესი გამოხატულება. აი, ხაიამი და ქაბირი, მიცკევიჩი და პუშკინი, უიტმენი, ლორკა და მსოფლიო პოეზიის ბევრი სხვა დიდი თუ მცირე ვარსკვლავი, უთვლავ ფერად მოელვარე ხომლი მთელი პოეტური ხომლი, ქართული პოეზიის ცარგვალზე სიყვარულითა და საოებით გადმონერგილი" (ბაჩანა ბრეგვაძე).
ბოლო ციტატის მეტაფორებში თუ დავრჩებით, თ. ჩხენკელის ღვაწლს სავსებით შესაძლებელია ეწოდოს ბრძოლა ქართული ლიტერატურული ცნობიერებისთვის ახალი (მათ შორის ზეციური) სივრცეების შემოსამატებლად.
მის მიერ ამ მიზნით გამართული და ტრიუმფალური გამარჯვებით დაგვირგვინებული ომების შინაარსი თუ არა, სახელები მაინც დღეს, ალბათ, ყველა მკითხველისთვის არის ცნობილი: ბო ძიუ-ის ლირიკა, "გიტანჯალი", "ბჰაგავატგიტა", "ტრაგიკული ნიღბები", "ოდისეა"... თუმცა, საეჭვოა, ყველას ჰქონდეს გააზრებული, რომ ეს თავგანწირულად გაბედული და უზადო მხედრული ოსტატობით განხორციელებული პოეტური იერიშები par excellence ლიტერატურული ტერიტორიების დაპყრობას არ ისახავდა მიზნად, მათი ჭეშმარიტი საზრისი მოიერიშის პიროვნული თვითდადგინება იყო.
ამას თვითონვე განმარტავს იმჟამინდელი თარგმანების წიგნის წინასიტყვაობაში: "თაგორის ლირიკიდან "გიტამდე" განვლილი ათწლეული ჩემთვის კრიზისული თვითდადგინების (ხაზგასმა ჩემია, - ზ. კ.) ხანა იყო. ოცი წლისამ ვთარგმნე "გიტანჯალის" ნახევარი, რითაც დავემშვიდობე ჩემს რომანტიკულ წარსულს, ხოლო 2500 წლის წინ შექმნილი გიტას სანსკრიტული ტექსტის კომენტატორების, ოთხი დიდ ინდოლოგის - დოისენის, მიულერის, ბÁურნეუფის და სმირნოვის შენიშვნების ორწლიანი შტუდირების შემდეგ, ოცდაათი წლისამ ვთარგმნე "გიტა", რამაც განამტკიცა ჩემი თვითცნობიერება და გზა გამიხსნა ვაჟას გენიალური პოეზიის შესაცნობად..."
კიდევ უფრო მეტის მთქმელია ამის შემდგომი აბზაცი: "ინდური ლოტოსი" ჩემი სიჭაბუკის წიგნია, და მე ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ ის ყოფიერების საშინელებით შეძრწუნებულ, სასოწარკვეთილ, ან ქვეყანაზე გულაყრილ რომელიმე მოაზროვნე ახალგაზრდას რწმენას დაუბრუნებს და გულს გაუმაგრებს".
დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ აქ თ. ჩხენკელი ნატვრის ფორმით თავის პიროვნულ გამოცდილებას გვიზიარებს. თვითონ იყო ის ყოფიერების საშინელებით შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, ქვეყანაზე გულაყრილი მოაზროვნე ახალგაზრდა, ვისაც 1948-58 წლებში "გიტანჯალმა" და "ბჰაგავატგიტამ" რწმენა დაუბრუნა და გული გაუმაგრა.
გაიარა კიდევ ორმა ათწლეულმა და 70-იანი წლების მიწურულს მის მიერ ნათარგმნმა ინდურმა საგალობლებმა უიმედობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთას გამოსტაცა უკვე სხვა ჭეშმარიტ აზროვნებას მოწყურებული ჭაბუკი, რომელმაც მერე პუშკინის ლექსები თარგმნა და თამაზს ახლობლის ხელით გაუგზავნა.

***
სიკვდილამდე ორი-სამი წლით ადრე, როცა ჯერ ავადმყოფობის ნასახიც არსად ჩანდა, თამაზს ხილიანზე ვესტუმრე. გაკეცილ ფურცელზე ჩამოწერილი მოკლე სია მაჩვენა: რატომღაც გახსენებოდა ის ხუთი თუ ექვსი ადამიანი, ვის ცხედარსაც ეამბორა. ზოგისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის კი ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირდებაო, ამიხსნა. თუმცა სიიდან ვერაფრით მივხვდი, სახელდობრ მაინც რას უკავშირდებოდა.
უცნაური სია იყო. მასში არ იყვნენ არც თამაზის სიჭაბუკეში გარდაცვლილი მამა. არც მისი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, უკვე ჩემსობისას, გარდაცვლილი დედა. არც ის მეგობრები ვისაც ყველაზე ხშირად გაიხსენებდა ხოლმე და ვინც ყველაზე მეტად ენატრებოდა: რევაზ თვარაძე, არჩილ სულაკაური, ოტია პაჭკორია... სამაგიეროდ იყვნენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, ვისი სახელები მისგან იშვიათად თუ გამიგია. ახლა მახსენდებიან მხოლოდ მისი დედის მეგობარი ოთხმოცდაათს მიტანებული ქალი, რომლის დაკრძალვაზეც წყნეთში ჩასულა და პოეტი ზაურ ბოლქვაძე. ოღონდ ეს ამბორი არანაირად არ იყო დაკავშირებული ლექსთან, სტატიის დასაწყისში რომ მოვიყვანე. ლექსი მე ვუთხარი, სიაში ზაურის სახელის ამოკითხვისთანავე და, კარგად მახსოვს, წაკითხული არ ჰქონდა ან, ყოველ შემთხვევაში, არ ახსოვდა. როცა მოისმინა ძალიან გაიხარა, სახე ბედნიერი ღიმილით გაებადრა. ასეთ სიტყვებს ვინ გაიმეტებს სხვისთვის, სიყვარულის ასეთ გულსავსე გადმოფრქვევას ვინ გაღირსებსო, მითხრა. ზაური კი ყველას მიმართ ასეთი იყო და სწორედ ამ უკიდეგანო გულისთვის მიყვარდაო.
უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის დაუძლეველ ძრწოლას ვგრძნობდი სიკვდილის წინაშე და არათუ მიცვალებულთან შეხებას, მისთვის შეხედვასაც კი გავურბოდი, წარმოიდგინეთ, კუბოს აწევაც კი მიჭირდა. პირველი მიცვალებული, რომელსაც გავბედე და ვაკოცე, ისიც სულ ბოლო წუთს, კუბოს დახურვის წინ, დედაჩემი იყო... და გამაოცა უცნაურმა სიმშვიდემ, რომელიც მაშინ ვიგრძენი: ახლა მაინც, თუნდაც მხოლოდ ამ წამს სიკვდილში არაფერია საშიში. ის რაღაც ისეთივე ჩვეულებრივი, მყუდრო და შინაურია, როგორც თუნდაც... შენს საწოლში ყოველდღიური დაძინება ან გაღვიძება... მეორე მიცვალებული, რომელსაც ვეამბორე, ამჯერად უკვე კუბოს სახლიდან გატანის წინ, თამაზი იყო... და ისევ საოცარი სიმშვიდისა და სიმყუდროვის ის უცნაური განცდა, რომლის შორეულად გადმოცემასაც კი ვერ ვახერხებ. ეს განცდა გამყვა მერეც, როცა კუბოს მივასვენებდით, მერეც - როცა, მესაფლავეებთან ერთად, თამაზის ნეშტს ნიჩბით მიწას ვაყრიდი. ისევე როგორც დედაჩემის დაკრძალვისას, ახლაც რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიმეღო, რომ ეს ჩემი ვალის სრულიად აუცილებელი ნაწილი იყო.
თამაზი ყოველთვის მძაფრად განიცდიდა წლების მატებას, არყოფნასთან მიახლოებას. რაც მახსოვს, ყოველთვის ძრწოდა სიკვდილის შეუღწეველი საიდუმლოს წინაშე. მაგრამ, როდესაც სიკვდილი რეალურად მიუახლოვდა, ძრწოლა გაქრა. ბოლოს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ვნახე. სავარძელში იჯდა, ქიმიათერაპიის შემდეგ გულს აზიდებდა. დაღლილი და გატანჯული ჩანდა, მაგრამ რაღაც ახალიც გაჩნდა მასში: სიკვდილის უშიშარი მოლოდინი. და ამ ადამიანმა, რომელიც ისე მტკივნეულად განიცდიდა ასაკის მატებას, რომ ორმოცი წლისას ცრემლები წამოსცვივდა, როდესაც ორი-სამი წლით უმცროსმა მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს ("რა გესმით თქვენ, რას ნიშნავს ორმოცი წელი..."), უკვე გარდაუვალი აღსასრულის წინაშე პირისპირ მყოფმა, სრულიად მშვიდად მითხრა: "ვერ გამიგია, რატომ ეშინიათ სიკვდილის. რა არის სიკვდილში, საშიში? რა არის სიკვდილზე უკეთესი!". ამასთან, ჩემი შთაბეჭდილებით, ეს არ იყო ტანჯვისგან დაძაბუნებული ადამიანის სასოწარკვეთა. ეს იყო ძლიერი პიროვნების არჩევანი.
მთელი ურთიერთობის მანძილზე, სულ თავიდან დაწყებული, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმქვეყნიურ თემებზე. ამ ღრმადმორწმუნე, მაგრამ სრულიად არაეკლესიურ, ყოველგვარი დოგმებისგან შორს მდგომ კაცს, სჯეროდა სულის უკვდავება, ოღონდ არ სწამდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სული ინდივიდუალობას ინარჩუნებს. "იცი, თაგორს აქვს ასეთი მეტაფორა, - მითხრა ერთხელ, - მარილის ქანდაკება (ქანდაკება, რომ მარილისაა, ეს მნიშვნელოვანია) შედის ოკეანეში და მთლიანდ განზავდბა მასში, უნაშთოდ უერთდება მას. მხოლოდ ასე ან ამის მსგავსად შემიძლია წარმოვიდგინო სულის სიკვდილისშემდგომი მდგომარობა".
და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ კეთილმორწმუნე ქრისტიანი ვიყო და საიქიოზე ფიქრის დროსაც მაინცდამანც არ დავშორდე დოგმატურ თვალსაზრისებს, რომლებსაც მარილის ქანდაკების მეტაფორასა თუ სიმბოლოსთან საერთო არაფერი აქვთ, დროდადრო მაინც ენითაუწერელ სიმშვიდეს მგვრის იმის დაშვება, რომ თამაზის სული ერთიანად შეერწყა აბსოლუტური სინათლისა და სრულყოფილების იმ ოკეანეს, რომლიდანაც ოდესღაც, რამდენიმე ათწლეულის წინ მისი მზიური ინდივიდუალობა გამოცალკევდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია – “მოკვდა თამაზა – თქვენი ძმაკაცი...”



რაც ხანი გადის, მით უფრო ძვირად
ვხვდებით ერთმანეთს, მით უფრო ხშირად
გვერევა სევდა. რაც ხანი გადის
მით უფრო მეტი იშლება სუფრა
და ჩვენ ვეწევით მოსაწყენ ნადიმს:
ჭკვიანურს ვროშავთ, ან ვსხედვართ უბრად...
რაც ხანი გადის, მით უფრო, უფრო!

ეს ანჟამბემანით გაწყობილი სტრიქონები, რომელიც თამაზ ჩხენკელმა 80-იანი წლების ბოლოს დაწერა, მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოხატავს იმ განწყობას, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მძაფრადაც გვეთქვა, თამაზ ჩხენკელისვე რომელიმე სხვა ლექსით, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ეს თავჩახრილი ლირიზმი უფრო ესადაგება პოეტს, ვინაც მთელი ცხოვრება თავაწეული იარა.
თამაზ ჩხენკელი ალბათ ყველაზე მხნე ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. და ეს მხნე კაცი, მუდამ შთაგონებული ყვებოდა ხოლმე რაღაცას, შთაგონებული და განცვიფრებული. ამ არტისტული განცვიფრების გარეშე მისთვის აზრს კარგავდა ყველაფერი, ამბავიც და ცხოვრებაც. მეც, როდესაც თამაზ ჩკენკელის შესახებ ვყვები რამეს, ალბათ ასეთი განცვიფრება მემჩნევა სახეზე. ახლაც, მინდა რაიმე განსაცვიფრებელი მოვყვე, მაგრამ ისევ ზემოთ დამოწმებული ლექსის განწყობაში ვტრიალებ. ამიტომ, ერთ ასეთ ისტორიას გავიხსენებ.
ერთხელ ზურაბ კიკნაძემ, ზაზა კვერცხიშვილმა და მე ბატონ თამაზთან სტუმრობა გადავწყვიტეთ, წინასწარ გავაფრთხილეთ, გავავსეთ გავაზური ღვინით ჭურჭელი და გავედით ხილიანზე. კარზე დიდხანს ვაკაკუნეთ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ შინ დაგვხვდებოდა, ამიტომ ზურაბი შეშინდა კიდეც, რამე ხომ არ დაემართაო. იქნებ გული გაუხდა ცუდად... შევედით მეზობელთან, რომელმაც დაზუსტებით ვერაფერი გვითხრა და სწორედ მეზობლის ბინაში მოწყობილი ხანმოკლე კონსილიუმის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ან კარი უნდა შეგვემტვრია, ან აივანზე უნდა გადავმძვრალიყავით. საბოლოოდ, მაინც გადაძრომა ვარჩიეთ. რა თქმა უნდა, ეს საპატიო მისია მე დამეკისრა. ფრთხილად მივძვრებოდი თამაზ ჩხენკელის აივნისკენ და თავში ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა, ყველა ვარიანტი გავათამაშე, მათ შორის ყველაზე უხერხულიც. გადავძვერი თუ არა, ფანჯარაზე დავაკაკუნე, დავიძახე, მერე აივნის კარიც შევაღე, ისევ დავიძახე. მოკლედ, არავინ არაა სახლში, სახლი ცარიელია. წასულა თამაზ ჩხენკელი.
ამ ბინაში, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებს, ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ როცა პოეტის ცარიელ სახლში პირველად მოვხვდი მარტო, სხვა რამეებიც გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, შედიხარ, უფრო სწორად, მიძვრები პოეტის სახლში, სადაც პატრონი არ გხვდება... თან გული გიცემს, თან იმ პოეტზე ფიქრობ. თან ამ ძველ, გაცრეცილ სიცარიელეს აკვირდები:

ყველაფერი არის ძველი
გაცრეცილი ბარათივით,
იგივ ძველი სავარძელი,
მტვერი წიგნის კარადების.

იგივეა, რაც რომ იყო
ულმობელი დროის ხელი...
სავარძელში მარტო ვზივარ
და ირწევა სავარძელი.

ყველაფერი ზუსტად ასე იყო, მხოლოდ სავარძელში ჩამჯდარი თამაზ ჩხენკელი არ ჩანდა არსად. არც ერთ ოთახში.
გავედი შემოსასვლელში, გავხსენი შიგნიდან კარი, სადაც ზურაბი და ზაზა მელოდნენ, ფორიაქობდნენ.
მოკლედ, თამაზ ჩხენკელი იმ დღეს ვერ ვნახეთ და ახლა აზრიც არა აქვს მოვყვე, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არ დაგვხვდა ბატონი თამაზი შინ. ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რაზეც ახლა ვფიქრობ და ბოლომდე გამოთქმა მიჭირს. ის სახლი, ის ოთახები, ახლა უკვე საბოლოოდ რომ დაცარიელდა. სახლი, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებდა:

...რომელსაც ვახუშტის თქმით,
ძველად სკვირეთი რქმევია.

იმ ადგილებში ახლა აღარც ვერე მოედინება, უფრო სწორად, სამარხში მოედინება.
დღეს იქ აღარც მდინარეა და აღარც პოეტი.
ბოლოს ერთი თვის წინ ვესაუბრე ბატონ თამაზს. არ ვიცოდი ასე მძიმედ თუ იყო. ტელეფონში სულ სხვა კაცის ხმა მესმოდა. არადა იმის სათხოვნელად დავურეკე, რომ მისი ომახიანი ხმით ჩაგვეწერა “გიტანჯალის” რამდენიმე ლექსი, რომელსაც გამოსვლიდან 100 და ქართულად თარგმნიდან 50 წელი უსრულდებოდა.
მივხვდი, რომ თამაზ ჩხენკელი ამას ვეღარ შეძლებდა. მისი ჭაბუკობისა და ახალგაზრდობის დროინდელ ლექსებს (ის ცნობილი თარგმანებიც ხომ პირველ რიგში თამაზ ჩხენკელის ლექსებია!) ეს ხმა ვერ მოერეოდა. ვერც ამ ლექსის მხნეობას აჰყვებოდა, რომელიც 40 წლის წინ თამაზ ჩხენკელმა თავის მეგობარს მიუძღვნა:

ჰაერზე დადგით ჩემი საკაცე!...
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა:
მოკვდა თამაზა – თქვენი ძმაკაცი,
აღარ დასცალდა თქვენთან სუფრობა.

ჩვეულებრივი იყოს სამარე,
მისამძიმრების ჩუმი უბნობა,
თვალზე მომდგარი ცრემლი დამალეთ, -
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა!

არც მითქმა-მოთქმა და არც უბრობა,
არცა ქება და სიტყვა მგმობარი:
შალვა, გასწიე ჭირისუფლობა,
შესვი შენი ძმის შესანდობარი!
© radiotavisupleba.ge

პაატა ნაცვლიშვილის „ნამდვილი ქაღალდის წერო“


მანანა კარტოზია

იაპონია ერთი ხელის გაწვდენაზე

პაატა ნაცვლიშვილის წიგნის: „ნამდვილი ქაღალდის წერო“ წაკითხვის შემდეგ იაპონიაზე უფრო მშობლიური და სამეგობრო ქვეყანა ცოტა მეგულება. რამდენი ისტორიული პარალელით, რამდენი უფაქიზესი მოგონებით ვყოფილვართ დაკავშირებული ქართველები იაპონელებთან. ეს პაატა ნაცვლიშვილიც თითქოს მერვე კლასიდან ამ ერთადერთი წიგნის დასაწერად ემზადებოდა და დაწერა განცდითა და გამოცდილებით ჩაგვირისტებული წიგნი-მეგზური, რომ ხიდად გამოდგეს, გადაივლი და იქა ხარ, მშვენიერ იაპონიაში. მაგრამ ეს მერამდენედ მგონია, რომ პაატა სწორედ იმ საქმეს შეეჭიდა, მის გარდა, რომ ვერავინ გაართმევდა თავს. ეს მერამდენედ მგონია, რომ უნივერსალიზმის მარათონში ჩაბმულმა, სპრინტშიც იპოვნა ის ერთადერთი დისტანცია, სადაც გაიმარჯვებდა. პაატა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით სპორტული ასოციაციების გაჩენა სრულიად ბუნებრივია, რადგან მისი სახასიათო შტრიხია ისიც, რომ შემოქმედებით მომენტშიც, პროფესიულ საქმიანობაშიც სპორტული ჟინითა და აზარტით მოქმედებს და უამრავი არსებული, თუ მის მიერვე მოგონილი, სარეკორდო მიჯნა აქვს გადალახული, პირველობა აქვს მოპოვებული. მისი საქმიანობის გრძელზე გრძელი ჩამონათვალი ამის უტყუარი დასტურია.
წიგნი იაპონიაზე ვირტუოზული ნახელავია. მასში პაატას ბევრი ცოდნა, განცდა, მოგონება და იმედია ჩადებული, მაგრამ როგორი სიმშვიდით, თანმიმდევრულობით, ცალკეული დეტალის დამუშავებით, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით მიგვიძღვის ჩვენთვის მოულოდნელ სამყაროში, რომ არ დაგვაფრთხოს, შეგვაჩვიოს, შეგვაყვაროს ეს უცხო ტრადიციებიცა და უცხო სიტყვებიც.
პაატა ნაცვლიშვილის თხრობის მანერა ზედმიწევნით ნათელი და ამომწურავია. იგი შეიძლება შევადაროთ იაპონური ნაციონალური თეატრის „კაბუკის“ პრინციპს: „ყველაფერი უნდა იყოს არც ის, რაც არის და არც ის, რაც არ არის“. გულწრფელი, თანმიმდევრული ავტორი ქარაგმებსა და ქვეტექსტებზეც ღიად, უშუალოდ გესაუბრებათ, რადგან მას თავმოყრილი ინფორმაციის ერთი მისხალიც არ ემეტება დასაკარგავად. მას არ სჭირდება კეკლუცობა, დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება არ ენდობოდე, არ გჯეროდეს მისი და ძირისძირობამდე არ მიყვებოდე თითოეული ნიუანსის გასარკვევად. თავად პაატა ასეთი განწყობით მოგზაურობს იაპონიაში:
„რომ დამინახეს
ჩრდილნი დამიგეს ფეხქვეშ.
ბებერი მუხა,
ნორჩი ნაძვი და ფიჭვი,
მელოდებოდნენ თურმე.“
იაპონიაზე დაწერილი წიგნის წაკითხვამდე პაატა ნაცვლიშვილი მის მიერვე გადაღებულ ფოტოებს გვაფურცვლინებს და ტრადიციული იაპონური პოეზიის ქარგაზე შექმნილ მის ლექსებს გვთავაზობს, სადაც ახლადგადატანილი დიდი ადამიანური ტკივილი და განცდაც არის აღბეჭდილი:
„მშვენივრად მესმის,
კიორაი-სან, შენი:
ჩემი დაც, როგორც
ციცინათელა ჩაქრა.
ვარ სიბნელეში მარტო.“
ან აი, ეს:
„მშობლებო ჩვენო,
ვით გადაიტანთ ტკივილს,
რომელსაც შვილის
გარდაცვალება ჰქვია?
რა ვქნა, მე გიხდით ბოდიშს.“
და იქვე, ფოტოხელოვანისა და სიტყვის ოსტატის არაერთი მიგნებაა მარადიული განცდისთვის მარადიული ოპტიმიზმის დასაპირისპირებლად. მე პირადად, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა, ამ სტრიქონების წერისას, თოვლის მომლოდინე თბილისში წვიმს, ეს სტრიქონები ყველაზე მეტად მომეწონა:
„შეფარებული
ქოლგის ქათქათა გუმბათს,
ვერ გაიგებდი,
წვიმდა, სეტყვდა თუ თოვდა.
ქოლგაც ნატრობდა ქოლგას.“
ფოტოგმირებიდან კი ყველაზე მეტად ყარიბი დამამახსოვრდა, რომელიც ჩვენს ფუფალას ჩამოჰგავს თავისი ქოლგითა და გამომეტყველებით: „ყარიბი ჩასთვლემს და გამოჩნდება შორით თეთრი ტაძარი.“
გამიტაცეს ფოტოებმა და ლექსებმა და მათზე ლაპარაკმა, იქნებ იმიტომ, რომ ამ ლექსებში პოეტი პაატა ნაცვლიშვილი გალაკტიონს შეებადალა:
„მთებს მოსდებიათ
ქლიავისფერი ბინდი.
გალაკტიონმა
გამომიწოდა შორით
ლექსის ბალახი ესე.“
ჩემთვის მულოდნელი სწორედ ეს სურათია პოეზიის ველზე ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ირემი... თორემ საგამომცემლო საქმეში ბროწეულის გვირგვინით შემოსული პაატა ნაცვლიშვილი რომ სტრუქტურულად არაჩვეულებრივად დაალაგებდა წიგნს, სათაური რომ უაღრესად კონცეპტუალური იქნებოდა, ინფორმაციის ნიაღვარი რომ წვრილ-წვრილ შენაკადებად იქნებოდა მოწოდებული და პოლიგრაფიული პეწი რომ თვალს მოჭრიდა მკითხველს, ეს მოსალოდნელი იყო.
მოკლედ, წვრილ-წვრილ შენაკადებს დავუბრუნდეთ.
ფოტოებისა და მინაწერების შემდეგ უთუოდ ვარდისფერი ტიხრები შეგიტყუებთ: „ძალიან იაპონური“ - ასე ჰქვია ამ ტიხრებს, კუნძულებს, რომლებზეც უნდა შევისვენოთ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის მასტერკლასებისაგან. პაატა ჩვეულებრივი სკრუპულოზურობით გვაცნობს იაპონიის „სავიზიტო ბარათებს“:
საკურა - იაპონური დეკორატიული ალუბალი;
იკებანა - ყვავილების არანჟირების ტრადიციული იაპონური ხელოვნება;
კიმონო - ეროვნული ტანსაცმელი;
უკიო-ე - ხეზე ნაკვეთი გრავიურა;
ორიგამი - ფურცლის დეკორატიული კეცვა;
ჩა-ნო-იუ - ჩაის ცერემონია;
საკე - ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ბრინჯისგან მზადდება;
კარაოკე - არაპროფესიონალთა თავშექცევა მუსიკით;
მანგა და ანიმე - იაპონური პოპკულტურის ორი ნაკადი.
რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ადამიანს, თან რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ამდენად გამოწვლილვით? პაატასთან ამ საკითხის დასმა და, მით უფრო, ამდაგვარად, მომაკვდინებელი ცოდვაა. უფრო მეტიც, მას ვერ წარმოუდგენია, არ ეკამათოს, თუნდაც, ათწლეულების შემდეგ კოლეგას ერთი კონკრეტული საკუთარი სახელის ერთი კონკრეტული ასოს დაწერის პრინციპზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს ნიუანსებიც კითხვადია, უფრო მეტიც, პაატა ნაცვლიშვილი-კოლექციონერი გთავაზობთ „წაიკითხოთ“ მის მიერ იაპონიაში მოგზაურობისას საგანგებოდ შეგროვილი ეფემერები: სავიზიტო ბარათები, სავიზო აპლიკაციები, ავიაბილეთების ყუა და ბარგის ნომერი, სასტუმროს ღია ბარათები, მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების ქვითრები,
ბუკლეტები, სხვა ათასი წვრილმანი, რომელიც, საზოგადოდ, პოლიგრაფიულ ნაგვად ითვლება.
პაატა ასეთი მოგზაურია, მას ყველაფერი ხიბლავს, თუნდაც დაიკარგოს დროსა და სივრცეში. არ გეგონოთ, გადატანითი მნიშვნელობით ვლაპარაკობდე. ავსტრალიიდან კუნძულ ტაიტიზე გაემგზავრა და დაიკარგა. 24 საათის განმავლობაში ვეძებდით, ველოდით მის ყოველდღიურ რეპორტაჟს სიდნეის ოლიმპიადიდან, მან მხოლოდ 8-საათიანი პაუზა ითხოვა, მაგრამ დროის ხაზი გადაკვეთა და დაგვეკარგა ჩვენც და საკუთარ თავსაც. ძალიან დაიღალა, მაგრამ... ბედნიერი დაბრუნდა.
პაატას წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემნაირ ტიპს რაღა ესაქმება იაპონიაში. უკვე მიყვარს ეს ხალხი, პაატას კი სჭირდება სხვისი გამოცდილებით შეამოწმოს თავისი თავი, ის ხომ მკვლევარი მეცნიერია. რატომ შეუყვარდა იაპონია? თავად ბევრ არგუმენტზე გველაპარაკება წიგნში, მე კი ერთი მჯერა, იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძისგან იანდერძა ეს ინტერესი, იმიტომ რომ აკაკი წერეთლის „გურული ნანინას“ ქარაგმის ამხსნელი უნდა გამხდარიყო.
რაკი პაატა ნაცვლიშვილზე მისი ერთი წიგნით ვლაპარაკობთ, ამ წიგნის მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ: „იაპონიაში არ არიან დამსახურებული და სახალხო არტისტები, მხატვრები, თუ მუსიკოსები. იაპონიაში ჭეშმარიტად სახალხო და ჭეშმარიტად დამსახურებულ შემოქმედს „იაპონიის ეროვნული საგანძურის“ უნიკალურ ტიტულს ანიჭებენ.“ არ ვიცი, რას ფიქრობენ მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლები, ლიტერატორები, პუბლიცისტები, მაგრამ გამომცემლები უთუოდ შევთანხმდებით, რომ პაატა ნაცვლიშვილი არის უნიკუმი, საგამომცემლო საქმიანობის ვირტუოზი და ის ნამდვილად იმსახურებს საქართველოს საგამომცემლო საქმიანობის ეროვნული საგანძურის ტიტულს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Sunday, January 23, 2011

მარიო ვარგას ლიოსა - სანობელე ლექცია, სტოკჰოლმი, 2010, 7 დეკემბერი


VIDEO

კითხვის ჩვევისა და ლიტერატურისადმი პატივის მისაგებად

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

კითხვა ხუთი წლის ასაკში ვისწავლე, მამა ხუსტინიანოს კლასში, დე ლა სალის აკადემიაში, რომელიც კოჩაბამბაში, ბოლივიაში მდებარეობს. თუკი რამ შემმთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, სწორედ ეს იყო. ლამის სამოცდაათი წლის თავზეც მკაფიოდ მახსენდება, რა ჯადოსნობა იყო მაშინ წიგნში ამოკითხული სიტყვების გადაქცევა სახეებად, რომლებიც ცხოვრებას მიმდიდრებდნენ და დროის და სივრცის წინაღობას ტეხდნენ. მათი წყალობით გამივლია კაპიტან ნემოსთან ერთად ზღვის ქვეშ ოცი ათასი მილი, დარტანიანთან, ათოსსთან, პორთოსთან და არამისსთან ერთად დედოფლის წინააღმდეგ ჩუმჩუმელა რიშელიეს წამოწყებულ ინტრიგებს შევწინააღმდეგებივარ, პარიზის მიწისქვეშეთიც მომივლია, ჟან ვალჟანადაც ვქცეულვარ და მარიუსის უსიცოცხლო სხეული საკუთარი ზურგით მიტარებია.
კითხვა ოცნებებს ცხოვრებად აქცევდა, ცხოვრებას - ოცნებად, და იმ პატარა ბიჭისთვის, ოდესღაც მე რომ ვიყავი, ლიტერატურით ნაშობ სამყაროს მისაწვდომს ხდიდა. დედაჩემი მიამბობდა, თურმე ჩემს პირველ ნაწერებში იმ ამბებს ვაგრძელებდი, წიგნებში რომ ვკითხულობდი, რადგან ამბის დასრულება სევდას მგვრიდა, ან, შესაძლოა, წიგნის დაბოლოების შეცვლა მსურდა. და, ახლა რომ ვფიქრობ, გაუცნობიერებლად, როგორც სჩანს, მთელი ცხოვრება ეს მიკეთებია და ახლაც ამას ვაკეთებ: გავიზარდე, მოვწიფდი, მერე დავბერდი, და მთელი ეს წლები დროში ვაგრძელებ ამბებს, რომლებიც ჩემს ბავშვობას ეგზალტაციით და ფათერაკების მაძიებლობის ჟინით ავსებდნენ.
ახლა ვნატრობ, ნეტავ აქ იყოს დედაჩემი, ქალი, რომელსაც შეეძლო ამადო ნერვოს და პაბლო ნერუდას ლექსზე ეტირა, დიდცხვირა, მელოტი პაპაჩემი პედროც, ყოველ ჩემს ლექსს დღესასწაულივით რომ ხვდებოდა; ძია ლუჩო, რომელიც ერთობ ენერგიულად მარწმუნებდა, სული და სხეული ლიტერატურისთვის მიმეძღვნა, იმ დროს და ადგილას, როდესაც და სადაც სიტყვაკაზმულობისადმი თავდადება არავის უფასდებოდა. მთელი ცხოვრება გვერდში სულ ასეთი ადამიანები მედგნენ, ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდი, რომლებიც, როცა დაეჭვების წლები მედგა, სულის მხნეობას მმატებდნენ. მადლობელი ვარ მათი, რა თქმა უნდა, ჩემი ატანილობისაც, და გარკვეულწილად, იღბლიანობისაც, რაკი შევძელი და სიცოცხლის მეტი ნაწილი წერის ვნებას და ცოდვას, ამ სასწაულს ვუძღვენი და პარალელური სიცოცხლე შევიქმენი, რომელიც განსაცდელებში თავშესაფრად და ნავსაყუდელად მექცა, რომელიც არაჩვეულებრივ რამეებს ბუნებრივად აქცევს და ბუნებრივს კი სასწაულად, ქაოსს ფანტავს, სიმახინჯეს მშვენებას სძენს, წუთს უკვდავჰყოფს და სიკვდილს მომნუსხველ სპექტაკლად აქცევს.
ამბების წერა ადვილი არ იყო. როცა ამბავი სიტყვად იქცევა, ჩანაფიქრი ქაღალდზე დნება და იდეები და სახეები თითებს შუა გეპარება. როგორ ხდება მათი ხელახლა გაცოცხლება? საბედნიეროდ, მყავდნენ ოსტატები, მასწავლებლები, რომელთაგან ვსწავლობდი და რომელთა მაგალითს მივდევდი. ფლობერისგან ვისწავლე, რომ ნიჭი უტეხი დისციპლინა და უსასრულო მოთმინებაა; ფოლკნერისგან - რომ ფორმა - წერა და სტრუქტურა - საგნებს აღამაღლებს ან პირიქით, განძარცვავს და აღარიბებს. მარტორელმა, სერვანტესმა, დიკენსმა, ბალზაკმა, ტოლსტოიმ, კონრადმა, თომას მანმა მასწავლეს, რომ მასშტაბურობა და ამბიცია რომანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სტილური სრულქმნილება და თხრობის სტრატეგია. სარტრმა - რომ სიტყვები ქმედებებია, რომანი, პიესა, ან თუნდაც ესე კი აწმყო დროსა და უკეთეს არჩევანს შეიცავს და ისტორიის მდინარების შეცვლა ხელეწიფება; კამიუმ და ორუელმა - რომ მორალურის განცდისგან განძარცვული ლიტერატურა არაადამიანურია, მალრომ - რომ ჰეროიზმი და ეპიკურობა დღესაც ისევეა შესაძლებელი, როგორც არგონავტების, ,,ოდისეის" და ,,ილიადის" ხანაში.
ამ მომართვაში ყველა მწერალი რომ მომეხსენიებინა, ვისიც სულ ცოტა ან ძალიან ბევრი მმართებს, მათი ჩრდილების სიბნელეში მოვექცეოდით. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მთხრობლის ხელობის საიდუმლოებებს რომ თავი დავანებოთ, მათ ადამიანის ბუნების უძირო სიღრმეებში ჩამახედეს, მისი გმირული გამოვლინებებისადმი მოწიწება მასწავლეს, მისი სისასტიკის მიმართ განცდილი საშინელების გრძნობით დამდაღეს. ესენი იყვნენ ჩემი ყველაზე გულუხვი და დაუნანებელი მეგობრები, ვინც ჩემს მოწოდებას სული შთაბერა და ვისი წიგნების წყალობით აღმოვაჩინე, რომ იმედი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც არ კვდება, რომ სიცოცხლე ძალისხმევად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ უმისოდ ამბების წერა და წარმოსახვა შეუძლებელი იქნებოდა.
ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ იყო წერა გადამატებული ფუფუნება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემია - ქვეყანაში, სადაც მკითხველი კანტი-კუნტად გვყავდა, სადაც უამრავი ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი იყო და დიდი უსამართლობა სუფევდა, კულტურა კი ერთეულების პრივილეგიად რჩებოდა. მაგრამ ამ დაეჭვების გამო წერაზე ხელი არასოდეს ამიღია და იმ პერიოდებშიც ვაგრძელებდი, როცა დროის უმეტესი ნაწილი იმაზე ფიქრს მიჰქონდა, თავი როგორ გამეტანა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან იმისთვის, რომ ლიტერატურა განვითარებულიყო, ჯერ საზოგადოებას უნდა მიეღწია მაღალი კულტურისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობა და კეთილდღეობა დამყარებულიყო. ლიტერატურის წყალობით, იმ შეგნების წყალობით, რომელსაც ის ავითარებს, მაღალი სურვილებისა და სწრაფვების გამოისობით, რომელსაც ის შთაგვბერავს, მშვენიერი ხილვებიდან გამოსვლის და რეალობასთან შეჯახების შედეგად, სამყარო დღეს ისეთი სასტიკი აღარაა, როგორც მაშინ, როცა პირველი მოარაკეები ქმნიდნენ და ცხოვრებას ადამიანურობას ჰმატებდნენ. იმ კარგი წიგნების გარეშე, რომლებსაც ვკითხულობთ, უფრო ცუდები ვიქნებოდით, უფრო კონფორმისტები, ნაკლებ ჟინიანები და უფრო მორჩილები; თვით კრიტიკული სული, პროგრესის მამოძრავებელი ძალა არ იარსებებდა. განა მხოლოდ წერა, კითხვაც ცხოვრების არასრულყოფილების მიმართ პროტესტის გამოხატულებაა. როცა ლიტერატურაში იმას ვეძებთ, რაც ადამიანთა არსებობას აკლია, ამით ჩვენდა უნებურად ვამბობთ, რომ ყოფიერება, ისეთი, როგორიც ჩვენს წინაშეა, აბსოლუტის - ადამიანთა ყოფის ძირისა და ძირის მიმართ ჩვენს სწრაფვასა და წყურვილს ვერ აკმაყოფილებს. როცა ვთხზავთ, შეძლებისდაგვარად მეტი და მეტი ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ, როცა სულ ერთადერთი სიცოცხლე გვაბადია.
მხატვრული ლიტერატურა რომ არა, ნაკლებად გვექნებოდა გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას საიმისოდ, რომ ადამიანმა სიცოცხლე ადამიანურად განვლოს, ჯოჯოხეთად კი მაშინ იქცევა, როცა ტირანის, იდეოლოგიის თუ რელიგიის წნეხქვეშ ექცევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ლიტერატურას მხოლოდ ბედნიერ და მშვენიერ ხილვებში დაძირვა კი არა, იმ საფრთხეების შესახებაც ძალუძს ჩვენი გაფრთხილება, ჩვენს თავისუფლებას რომ ემუქრება, საკუთარ თავს კითხოს, რატომ ცდილობს ყველა რეჟიმი ადამიანის ცხოვრების გაკონტროლებას აკვნიდან საფლავამდე და მისი ისეთი შიში რად აქვს, რომ დასათრგუნად ცენზურის და მეთვალყურეობის სისტემებს უწესებს, დამოუკიდებელ მწერლებს კი ყოვლისმხედველ თვალს არ აშორებს. ამას იმიტომ შვრებიან, რომ იციან, რა ხიფათია მათთვის ლაგამამოუდებელი წარმოსახვა, რომელმაც წიგნის ფურცლებიდან ლაღად იცის ამოხეთქვა, იციან, რა საცდურებს შეიცავს ლიტერატურა, როცა მკითხველი წიგნში გაცხადებულ თავისუფლებას სიბნელის და შიშის იმ ატმოსფეროს ადარებს, რომელიც რეალურ სამყაროში სუფევს. სურთ თუ არა ეს, იციან თუ არა, რას აკეთებენ, მწერლებს ამბების თხზვისას სააშკარაოზე ადამიანთა დაუკმაყოფილებლობა გამოაქვთ, აჩვენებენ, რა უხეიროდაა მოწყობილი ცხოვრება, და რომ წარმოსახულ სამყაროებში სილამაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. და ეს ფაქტი, როცა მას გრძნობებითა და შეგნებით გამოცდაც ემატება, მოქალაქით მანიპულირებას აძნელებს, მეციხოვნეთა და გამომძიებელთა სიცრუე, რომ მათს გისოსებს მიღმა ადამიანს უფრო უხიფათო, უკეთესი ცხოვრება ელის, ჭეშმარიტებად ვეღარ საღდება.
კარგი ლიტერატურა ადამიანებს შორის ხიდებს დებს, და როცა სიხარულს გვანიჭებს, ტანჯვას განგვაცდევინებს ან ჩვენს გაოცებას ახერხებს, ენის, აღმსარებლობის, წეს-ჩვეულებების და მიკრძოებული დამოკიდებულებების - იმ ყველაფრის გადალახვით გვაერთიანებს, რაც ერთმანეთისგან გვყოფს. როცა დიდი თეთრი ვეშაპი კაპიტან აჰაბს ოკეანის ზვირთებში ითრევს, მკითხველი, ტოკიოში, ლიმაში თუ ტიმბუქტუში, ერთნაირად იზაფრება. როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს, ანა კარენინა მატარებელს ბორბლებში უვარდება, ჟულიენ სორელი ეშაფოტზე ადის “El sur,”- ში დუქნიდან გასული ექიმი ხუან დალმანი დანამომარჯვებული ავაზაკის შესახვედრად მიაბიჯებს, ან როცა ვხვდებით, რომ კომალას მკვიდრნი, პედროს თანასოფლელები ცოცხლებში აღარ წერიან, ვისაც არ უნდა აღიარებდეს მკითხველი, ბუდას, კონფუციუსს, ქრისტეს, გინდ აგნოსტიკოსი იყოს, პიჯაკი აცვია, კიმონო თუ ბომბაჩა, გული ერთნაირად ეწურება. ლიტერატურა ადამიანთა მრავალგვაროვნებიდან ძმობას ბადებს და იმ საზღვრებს შლის, უვიცობამ, იდეოლოგიურმა, რელიგიურმა, ენებრივმა სხვაობებმა და სიბრიყვემ რომ წარმოქმნეს.
ისტორიის ყველა პერიოდს საკუთარი საშინელებები და საფრთხობელები აქვს, და ჩვენი დრო ფანატიკოსების, თვითმკვლელი ტერორისტების ხანად იქცა. მკვლელთა უძველესი სახეობის ეს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ სისხლს დაღვრიან, სასუფეველს მოიპოვებენ, რომ უდანაშაულოთა სისხლი კოლექტიურ შეურაცხყოფას ჩამორეცხავს, უსამართლობას გაასწორებს, ურჯულოებს ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცევს. მთელს მსოფლიოში, ყოველდღე, უთვლელი მსხვერპლი ჩნდება მათი ხელით, ვინც ფიქრობს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება სწორედ მას უპყრია. როცა ტოტალიტარული იმპერიები ინგრეოდა, იმედი მოგვეცა, რომ ერთად, მშვიდობიანად ვიცხოვრებდით, პლურალიზმი და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს ჰოლოკოსტებს, გენოციდებს, დაპყრობითი ომების და ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის ხანას დაგვაშორებდა. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. დღეს ბარბაროსობის ახალი ფორმები იჩენს თავს, მათი მიზეზები ფანატიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაა, და ვერც იმ ფაქტს ავარიდებთ თვალს, რომ ერთ დღესაც შეშლილების ერთმა პატარა ჯგუფმა შეიძლება ბირთვული კატაკლიზმი გამოიწვოს. ამათ ძირი უნდა შევურყიოთ, დავუპირისპირდეთ, დავამარცხოთ. ბევრნი არ არიან, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ექო მთელ პლანეტას სწვდება, მათი კოშმარული ნამოქმედარი ზაფრას გვცემს. თავი არ უნდა დავაშინებინოთ, უფლება არ უნდა მივცეთ, საუკუნეების განმავლობაში ნაკოწიწები ცივილიზაციის მონაპოვარი - თავისუფლება წაგვართვან. მოდით, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც, საკმაო შეზღუდულობის მიუხედავად, კვლავაც პოლიტიკურ პლურალიზმს, თანაარსებობას, შემწყნარებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, კრიტიკული ხედვის პატივისცემას, კანონს, თავისუფალ არჩევნებს, ძალაუფლების ხელიდან ხელში გადაცემას ნიშნავს, - იმ ყველაფერს, რამაც ველურ ყოფას დაგვაშორა და - მართალია, ვერასოდეს მივაღწევთ, - იმ მშვენიერ, სრულყოფილ ცხოვრებას მიგვაახლოვა, რომელსაც მხატვრული ლიტერატურიდან თუ ვიცნობთ, რომელსაც მხოლოდ გამონაგონში, წარმოსახვაში, წერისა და კითხვის პროცესში ვიმსახურებთ. კაცისმკვლელ ფანატიკოსებს რომ ვუპირისპირდებით, ამით ოცნების, და ამ ოცნებებისთვის ხორცის შესხმის უფლებას ვიცავთ.
ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერალივით, მარქსისტი ვიყავი და მჯეროდა, რომ სოციალიზმი აღმოფხვრიდა ადამიანთა ექსპლუატაციას და სოციალურ უსამართლობას, რომლებიც ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და მესამე სამყაროს დანარჩენ ქვეყნებში მკვიდრად იყო ფესვგამდგმული. მერე სტეიტიზმით და კოლექტივიზმით იმედგაცრუების ხანგრძლივი და რთული პერიოდი განვვლე, სანამ დემოკრატად და ლიბერალად - იმად, რაც დღეს ვარ, ვცდილობ, რომ ვიყო - ჩამოვყალიბდებოდი, ეს წლები გარკვეულ ეპიზოდთა დროში გაწელილი თანწყობისგან შედგებოდა; იყო კუბის რევოლუციის სახეცვალება, რომლის მიმართ თავიდან დიდი ენთუზიაზმით ვიყავი აღვსილი, მისი მმართველობის გაავტორიტარულება, საბჭოთა კავშირის ვერტიკალურ მოდელად ქცევა; იმ დისიდენტთა ნაამბობი, რომლებმაც გულაგების მავთულხლართებიდან თავის დაღწევა მოახერხეს; ვარშავის პაქტის ქვეყნების ჩეხეთში შეჭრა; დემოკრატიული კულტურის და ღია საზოგადოების ხელახლა აღმოჩენას ისეთ მოაზროვნეებს ვუმადლი, როგორებიც რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, აიზაია (ისაია) ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ. ეს დიდი ადამიანები ჩემთვის აღმაფრთოვანებელი გაბედულების და სინათლის განსახიერებანი იყვნენ, მაშინ, როცა დასავლური ინტელიგენცია, ქარაფშუტობისა თუ ოპორტუნიზმის გამო, საბჭოური სოციალიზმის, ან, კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის სისხლიანი შაბაშის ხიბლით იყვნენ დატვევებულები.
ჩემს პატარა ბიჭობაში გამუდმებით პარიზზე ვოცნებობდი, რადგან ფრანგული ლიტერატურით მოხიბლულს მჯეროდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება, ბალზაკის, სტენდალის, ბოდლერის და პრუსტის ნასუნთქი ჰაერით სუნთქვა ოდესმე ნამდვილ მწერლად მაქცევდა. პერუდან რომ არ წავსულიყავი, ალბათ ერთი უბრალო, შაბათ-კვირას საკითხავი მწერალი ვიქნებოდი. უნდა ვაღიარო, რომ კულტურის დაუვიწყარ გაკვეთილებს საფრანგეთს ვუმადლი; მაგალითად, იქ გავითავისე, რომ მწერლობა, მოწოდების გარდა, კიდევ დისციპლინაა, მძიმე სამუშაო, ატანილობა. ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც სარტრი და კამიუ ჯერაც ცოცხლები იყვნენ და წერდნენ, იონესკოს, ბეკეტის, ბატაის და ჩორანის ზეობის წლებში, მაშინ აღმოვაჩინე ბრეხტის თეატრი და ინგმარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის სახალხო თეატრი Theatre National Populaire of Jean Vilar, ჟან-ლუი ბაროს ოდეონი, ახალი ტალღა, ახალი რომანი, ანდრე მალროს მშვენიერი შემოქმედება, და შესაძლოა, იმდროინდელ ევროპაში ყველაზე თეატრალური სანახაობა - გენერალ დე გოლის ოლიმპიური გრგვინვა და მეხი - მისი პრეს-კონფერენციები. და მაინც, საფრანგეთს ყველაზე მეტად იმის გამო ვემადლიერები, რომ ლათინური ამერიკა აღმომაჩენინა. ამ ქვეყანაში გავაცნობიერე, რომ თურმე პერუ საერთო ისტორიით, გეოგრაფიული მონაცემებით, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით გაერთიანებული საზოგადოება ყოფილა, რომ ცხოვრების მისეული ნირი განუმეორებელია, მისი ხალხი კი გემრიელ ენაზე მეტყველებს და წერს. სწორედ იმ წლებში, ამ ენაზე ახალი, მძლავრი ლიტერატურა იქმნებოდა. მაშინ წავიკითხე ბორხესი, ოქტავიო პასი, კორტასარი, ფუენტესი, კაბრერა ინფანტე, რულფო, ონეტი, კარპენტერი, ედუარდსი, დონოზო და ბევრი სხვა, ვისი ნაწერებიც ესპანურ ენის რევოლუციურ ნარატივს ქმნიდა და რომელთა წყალობით ევროპამ და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ლათინური ამერიკა მხოლოდ გადატრიალებების, ოპერეტებიდან გადმოსული დესპოტების, წვერებიანი პარტიზნების, მამბოს და ჩა-ჩა-ჩას კონტინენტი კი არ არის, არამედ იდეების, შემოქმედებით ფორმათა ძიების, ლიტერატურული ფანტაზიით უხვად მომადლებული მხარე, რომელიც მის შესახებ ხატოვან წარმოდგენებს შორს გასცდა და უნივერსალურ ენაზე ალაპარაკდა.
იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე, არცთუ უშეცდომოდ, შესაძლოა, ბორძიკ-ბორძიკითაც, ლათინური ამერიკა წინსვლის გზას ადგას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სეზარ ვალიეხო ამბობს თავის ლექსში: Hay, hermanos, muchнsimo que hacer - ,,ძმებო, საკეთებელი ბევრი გვაქვს ჯერაც." დიქტატორულ რეჟიმებს თანდათანობით ვიშორებთ, მხოლოდ კუბა და მისი იდეური მემკვიდრე, ვენესუელაღა დარჩა და რამდენიმე, ვითომ სახალხო, მასხრული დემოკრატია, ისეთები, ბოლივიაში და ნიკარაგუაში რომ არსებობს. მაგრამ კონტინენტის დანარჩენ ნაწილში დემოკრატია მუშაობს, ფართო სახალხო კონსენსუსს ეფუძნება, და ჩვენს ისტორიაში პირველად, ბრაზილია იქნება, ურუგვაი, პერუ, კოლუმბია, დომინიკელთა რესპუბლიკა თუ მექსიკა და მთელი ცენტრალური ამერიკა, გვყავს მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომლებიც პატივს სცემენ კანონიერებას, კრიტიკის, არჩევნების თავისუფლებას და ძალაუფლების კანონიერად გადაცემის გზას. ეს სწორი გზაა, და თუ განზე არ გავუხვევთ, ერთი შეხედვით მოუშორებელ კორუფციასაც დავამარცხებთ, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაცია გაგრძელდება და ლათინური ამერიკა ბოლოს და ბოლოს სამომავლო იმედების კონტინენტიდან დღევანდელი დღის კონტინენტად იქცევა.
მე თვითონ არც ევროპაში, და კაცმა რომ თქვას, არც სადმე სხვაგან, თავი უცხოელად არასდროს მიგრძვნია. სადაც არ უნდა მეცხოვრა, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიაში თუ დომინიკის რესპუბლიკაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სამშობლოში. ყოველთვის ვახერხებდი ჩემი პატარა კუთხის შეგულებას, სადაც მშვიდად ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი, სადაც ბევრ ახალს ვსწავლობდი, ვოცნებობდი, მეგობრებს ვიძენდი, კარგ წიგნებს ვკითხულობდი და რაღაც ისეთს ვპოულობდი, რაზეც წერის სურვილი მიჩნდებოდა. არამგონია, იმ ფაქტს, რომ ჩემდაუნებურად მსოფლიო მოქალაქე შევიქენი, ჩემი ,,ფესვები”, საკუთარ ქვეყანასთან კავშირი შესუსტებინოს, რადგან ასე რომ მომხდარიყო, პერუდან გამოყოლილი წარსული და გამოცდილება მწერლად ვერ მაქცევდა, ჩემს ნაწერებში დაუსრულებლად არ ამოტივტივდებოდა, მაშინაც კი, როცა მოქმედება თითქოს პერუდან ძალიან შორს ხდება. პირიქით, ასე მგონია, რომ საკუთარი ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრება ამ კავშირს მეტ სიმძაფრეს და ნათელ პერსპექტივას სძენს, ნოსტალგია კი მიჩქმალული განცდიდან მამოძრავებელ ძალად იქცევა და მოგონებებს უჩვეულო ძალით აცოცხლებს. არ შეიძლება, იმ ქვეყნის სიყვარული, სადაც დაიბადე, სავალდებულო იყოს, მაგრამ ისევე, როგორც სიყვარულის სხვა გამოვლინებები, გულიდან წამოსულ სპონტანურ ქმედებებს შობს, ისეთებს, შეყვარებულებს, მშობლებს და შვილებს, მეგობრებს შორის ურთიერთობას რომ კრავს.
პერუ მე გულით თან დამაქვს, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ბავშვობის და ახალგაზრდობის იმ მოგონებებით აღვივსე, რომლებმაც ჩემი პიროვნება გამოქნეს და საკუთარი მოწოდება მაგრძნობინეს; იქ მიყვარდა, მძულდა, მიხაროდა, ვიტანჯებოდი და ვოცნებობდი. რაც იქ ხდება, ჩემს გრძნობებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოვლენებზე მეტად ეხება, უფრო მეტად განვიცდი ან მაღიზიანებს. ეს საგანგებოდ არ მისურვია და არც პასუხისმგებლობად დამიკისრებია საკუთარი თავისთვის. ასეა და სხვაგვარად არ გამომდის. ზოგ თანამემამულეს ღალატშიც დავუდანაშაულებივარ და ერთხელ, უკანასკნელი დიქტატორის დროს, კინაღამ მოქალაქეობაც დავკარგე, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს ვთხოვე, რეჟიმი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით დაესაჯათ. ასე ვიქცეოდი ნებისმიერი სხვა დიქტატურული მმართველობის მიმართაც, პინოჩეტი იქნებოდა, ფიდელ კასტრო, ავღანური თალიბანი, ირანელი იმამები, სამხრეთაფრიკული აპარტეიდი თუ უნიფორმიანი ბირმელი (დღეს მიანმარია) სატრაპები. და ამას ხვალვე ხელახლა გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა - იმედი მაქვს, პერუს მსგავსი ხვედრი აღარ ელის და არც პერუელები მისცემენ ვინმეს ამის უფლებას - კიდევ ერთხელ არ გახდეს გადატრიალების მსხვერპლი, რომელიც ჩვენს ჯერ კიდევ მოუმაგრებელ დემოკრატიას დაემუქრება. არა, ეს განაწყენებული ადამიანის შურისძიება, ემოციური გადაწყვეტილება არ ყოფილა, როგორც მაშინ ზოგიერთი ისეთი მჩხაპნელი წერდა, სხვათა საქციელს საკუთარი სიმდაბლის პრიზმიდან რომ საზღვრავენ. მიზეზი ჩემი შეხედულება იყო, რომ ნებისმიერი დიქტატურა ქვეყნისთვის აბსოლუტური ბოროტებაა, ყველანაირი სისასტიკე, კორუფცია მისგან მომდინარეობს და საზოგადოებას ისეთ ჭრილობებს აყენებს, რომლებიც მერე დიდხანს რჩება მოუშუშებელი, ერის მომავალს წამლავს, მანკიერ აზროვნებას და ქცევას წარმოშობს, რომლის აღმოფხვრას თაობები ჭირდება და დემოკრატიულ აღმშენებლობას წინაღობებს უქმნის. ამიტომაა, რომ დიქტატურებს დაუფიქრებლად და უჭოჭმანოდ წინ უნდა აღვუდგეთ, მის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ხერხი უნდა იქნას გამოყენებული, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული მთავრობები, სათანადო მაგალითის მიცემის ნაცვლად, იმის მაგიერ რომ ვენესუელის ოპოზიციასთან, ან კუბელ დამას დე ბლანკოს, აუნ სან სუ ჭის და ლიუ სიაობოს მსგავს პიროვნებებთან ითანამშრომლონ, საქმეს მათ მწამებლებთან იჭერენ. ეს უშიშარი ადამიანები, საკუთარი თავისუფლებისთვის რომ იბრძვიან, ჩვენს თავისუფლებასაც იცავენ.
ჩემმა თანამემამულემ, ხოსე მარია არგედასმა, პერუს ,,ყველა სისხლის" ქვეყანა უწოდა. არამგონია, რომელიმე ფორმულირება უკეთ ასახავდეს ჩვენს რეალობას: სწორედ ესაა პერუ, ნებისმიერ პერუელს ძარღვებში აქვს, მოგვწონს თუ არა - მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან მოსული ტრადიციების, რასების, რელიგიების, ჩვეულებების და კულტურების აღრევა. თავად მე თავს ესპანელებამდელი კულტურების შთამომავლად ვთვლი, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების, ცნობილ ქსოვილებსა და ბუმბულის მოსასხამებს რომ ქმნიდნენ, ინკების - ვისი კერამიკაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებშია გამოფენილი, მაჩუ პიკჩუს, გრან ჩიმის, ჩან ჩენის, კუელაპის, სიპენის, ლა ბრუიას, ელ სოლის და ლა ლუნას ყორღანების ამშენებლებისა, და რა თქმა უნდა, ესპანელებისაც, ვინც სამგზავრო აბგებით ევროპიდან საბერძნეთი, რომი, იუდეურ-ქრისტიანული ტრადიცია, რენესანსი, სერვანტესი, კევედო და მჭახე კასტილიური ენა ჩამოიტანეს, რომელიც მერე ანდებმა მოტეხეს და დაარბილეს. ესპანეთთან ერთად მოვიდა აფრიკა, მისი ძალა, მისი მუსიკა, მისი ნაპერწკლიანი წარმოსახვა, და პერუს ჰეტეროგენურობა გაამდიდრა. სულ პატარა კვლევაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბორხესის ალეფის მსგავსად, პერუ თვით მსოფლიოა, მცირე ფორმატში დატეული. რა საოცარი პატივია ქვეყნისთვის, რომელსაც თითქოს იდენტობა არ გააჩნია, რადგან ყველა იდენტობა მასშია თავმოყრილი.
ამერიკის დაპყრობა, რა თქმა უნდა, სასტიკი და სისხლიანი იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაპყრობითი ომი, და ჩვენგან კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი, ვინც ძარცვასა და მკვლელობასაც კი არ ერიდებოდნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ - სწორედ ის ესპანელები, რომლებიც ამერიკაში მოვიდნენ და ამერიკელები გახდნენ, და არა ისინი, ვინც ესპანეთში დარჩა. ასეთი კრიტიკა, ვიყოთ სამართლიანები, უფრო თვითკრიტიკა იქნება. რადგან, ორასი წლის წინ, როცა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმათ, ვინც ხელში ძალაუფლება იგდო, ინდიელების გათავისუფლების და სამართლიანობის დამყარების მაგიერ მათი ჩაგვრა განაგრძეს, ისეთივე სიხარბით და სისასტიკით, როგორც ამას კონკისტადორები ჩადიოდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ინდიელებს ხოცავდნენ და ანადგურებდნენ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ამ ორი საუკუნის განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის ემანსიპაცია ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უგულებელვჰყავით. ეს მთელს ლათინურ ამერიკაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. და ამ სამარცხვინო სურათში ერთი გამონაკლისიც არ შეინიშნება.
ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ, მისგან ისევე დიდად ვარ დავალებული, რამდენადაც დიდია ჩემი მისადმი მადლიერება. ესპანეთი რომ არა, ამ ტირბუნასთან არ ვიდგებოდი და ალბათ არც მწერალი ვიქნებოდი, შესაძლოა, ჩემი ბევრი, ნაკლებ იღბლიანი თანამოკალმის მსგავსად, დაუფასებელი ტალანტის როლს დავჯერებოდი, გამომცემლები, პრემიები, მკითხველი სიცოცხლეში არ მეღირსებოდა, ვისი ნიჭიც - რა სევდანარევი ნუგეშია - შთამომავლობას შესაძლოა როდესმე შემთხვევით აღმოეჩინა. ჩემი ყველა წიგნი ესპანეთში გამოიცა, სადაც გადაჭარბებული აღიარება მხვდა წილად, ჩემი მეგობრები კი, კარლოს ბარალი, კარმენ ბალცელსი (Carmen Balcells), და კიდევ სხვა ბევრიც, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ჩემს ნაწერებს მკითხველამდე მიეღწია. ესპანეთმა მეორე მოქალაქეობა მომცა, მაშინ, როდესაც პირველის დაკარგვას არაფერი მაკლდა. არასდროს მიგრძვნია დაბნეულობა იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი და თან ესპანური პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპანეთი და პერუ ერთი მედლის ორი მხარეა, და ეს მხოლოდ ჩემში, ერთ პატარა ადამიანში კი არა, მათი ისტორიის, ენის და კულტურის ერთობაშია გაცხადებული.
ესპანეთის მიწაზე გატარებული დროიდან ყველაზე ბედნიერად ის ხუთი ბრწყინვალე წელიწადი მახსენდება, ჩემს საყვარელ ბარსელონაში რომ ვცხოვრობდი. 1970-იანი წლების დასაწყისი იყო. ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი ჯერ ზეობაში გახლდათ, მაგრამ ადრინდელი ძალა და გავლენა აღარ გააჩნდა, განსაკუთრებით ეს კულტურის სფეროში იგრძნობოდა, რომლის გაკონტროლებას რეჟიმი ძველებურად ვეღარ ახერხებდა. ბზარები, ღიობები თავს ვეღარ მალავდა, ცენზურა მათს ამოვსებასა და შენიღბვას ვეღარ აუდიოდა. ამ ბზარებიდან იწოვდა ესპანური საზოგადოება ახალ იდეებს, წიგნებს, ახალ იდეურ მიმდინარეობებს, შემოქმედებით ღირებულებებს და ფორმებს, რომლებიც მანამდე, როგორც ძირგამომთხრელი აზროვნების ელემენტები, ქვეყანაში აკრძალული იყო.
ეს ახალი შესაძლებლობები არც ერთ ქალაქს არ გამოუყენებია ისე, როგორც ბარსელონას, რომელიც ესპანეთის კულტურულ ცენტრად იქცა, ადგილად, სადაც თავისუფლების მოახლოების სურნელი იგრძნობოდა. და გარკვეული აზრით, ბარსელონა მაშინ ლათინური ამერიკის კულტურული დედაქალაქიც გახდა, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსული არაერთი მხატვარი, მწერალი, გამომცემელი და მსახიობი სწორედ ბარსელონაში დასახლდა ან ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა. შეუძლებელი იყო, ბარსელონაში ყოფილიყავი და პოეტობა, მწერლობა, მხატვრობა ან მუსიკის წერა არ მოგნდომებოდა; დაუვიწყარი მეგობრობის წლები იყო, - მეგობრობის, რეჟიმის წინააღმდეგ გაჩაღებული თუ ინტელექტუალური მუშაობის ნაყოფიერი წლები. პარიზის მსგავსად, ბარსელონაც ბაბილონის გოდოლად იქცა, კოსმოპოლიტურ, უნივერსალურ ქალაქად, სადაც ცხოვრება მუშაობისა და შემოქმედებისთვის შთაგაგონებდა. სამოქალაქო ომის დროიდან პირველად, ესპანელი და ლათინურამერიკელი მწერლები ერთად შეიყარნენ, ერთმანეთს შეერივნენ და დიდი ხალისით მეგობრდებოდნენ, თავს ერთი და იმავე ტრადიციის შვილებად აღიარებდნენ და ერთსა და იმავე რამეში დაბეჯითებით თანხმდებოდნენ: დიქტატურის დაცემა ესპანეთში უკვე გარდაუვალი იყო, ხოლო დემოკრატიულ ესპანეთში მთავარ მამოძრავებელ ძალად თვით კულტურა იქცეოდა.
მართალია, მერე ყველაფერი მთლად ასე არ მომხდარა, მაგრამ დიქტატურიდან დემოკრატიისკენ ესპანეთის გარდამავალი პერიოდი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო - იმის მაგალითი, როგორ იმარჯვებს საღი აზრი და გონიერება, ხოლო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები საერთო სიკეთის ინტერესებისთვის განზე თავად დგებიან; მოვლენები ისე საოცრად ვითარდებოდა, როგორ მაგიური რეალიზმის რომანში. ავტორიტარიზმიდან თავისუფლებისკენ, ჩამორჩენილობიდან აყვავებისკენ ესპანეთის სვლა, მესამე სამყაროს რანგის ეკონომიკური კონტრაქტებიდან და სოციალური უთანასწორობიდან საშუალო კლასის ქვეყანად ქცევა, მისი ევროპაში ინტეგრაცია, დემოკრატიული კულტურის რამდენიმეწლიან ვადაში გათავისება მთელი მსოფლიოსთვის გამაოგნებელი იყო. მხურვალედ მჯერა, რომ ნაციონალიზმი, თანამედროვე სამყაროს და თვით ესპანეთის ჯერ-ჯერობით მოურჩენელი სენი ამ ბედნიერ ზღაპარს ბოლოს ვერ გაუმწარებს.
ნაციონალიზმის, პროვინციული - უფრო რელიგიური - იდეოლოგიის ყოველნაირი გამოვლინება მძაგს; ეს ახლომხედველობა, შეზღუდულობა, რომელიც ინტელექტუალურ ჰორიზონტს კიდეებს აჭრის და თავის წიაღში ეთნიკურ და რასისტულ დამაცირებელ მიკერძოებებს მალავს, უზენაეს ღირებულებებს, ამ ზნეობრივ და ონტოლოგიურ პრივილეგიას კი ამა თუ იმ ადგილას დაბადების შემთხვევითობამდე ამცრობს. რელიგიასთან ერთად, ნაციონალიზმიც არაერთხელ გამხდარა ისტორიის ყველაზე სისხლიანი მოვლენების, თუნდაც ორი მსოფლიო ომის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაუნდობელი სისხლისღვრის მიზეზი. არაფერს შეუწყვია ხელი ლათინური ამერიკის ბალკანიზებას და უაზრო ბრძოლებსა თუ დისპუტებში ჩაბმას ისე, როგორც ნაციონალიზმს, როცა სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოების მშნებლობის მაგიერ ასტრონომიული თანხები იარაღის შეძენაზე იხარჯებოდა.
თუმცა, ერთმანეთისგან უნა გავმიჯნოთ და არ აგვერიოს ეს შეზღუდული ნაციონალიზმი, ,,სხვის" უარყოფა, ყოველთვის ძალადობის მარცვალს რომ შეიცავს და პატრიოტიზმი, კეთილისმყოფელი, კეთილშობილი გრძნობა იმ მიწისადმი, რომელზეც ვიშვით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც ჩვენი ოცნებები იწრთობოდა, სადაც პეიზაჟებიც კი ნაცნობი და ახლობელია, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეხსიერების ნიშნულებად გვექცევა ხოლმე და მარტოობისგან გვიფარავს. სამშობლო არც დროშაა, არც ჰიმნი, ან სამაგალითო გმირების დაუსრულებელი ხსენება - სამშობლო ის ადგილები და ადამიანებია, ჩვენს მეხსიერებაში რომ არიან დამკვიდრებულნი, მელანქოლიური შეფერილობით და თბილი გრძნობებით ავსებენ, და იმის მიუხედავად, სად ვართ, სწორედ ესაა სახლი, რომელშიც ბოლოს მუდამ ვბრუნდებით.
პერუ ჩემთვის არექიპაა, ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ არ მიცხოვრია, დედაჩემის, მისი მშობლების ქალაქი, და ჩემი დეიდები და ბიძები მასწავლიდნენ, როგორ მეტარებინა ის მეხსიერებით, რადგან ტომი, რომელსაც ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა, არექეპეკები, მუდამ ასე აკეთებდნენ, მთელი თავიანთი მომთაბარული ისტორიის მანძილზე მათი წინაპრების თეთრ ქალაქს მახსოვრობით თან დაატარებდნენ; პერუ ჩემთვის პიურაა, ქალაქი, რომელიც უდაბნოში დგას, მის ქუჩებში აქა-იქ ხეები და მრავალტანჯული ჯორები დგანან, რომლებსაც ჩემს ბავშვობაში პიურელები თავიანთ ფეხებს ეძახდნენ - მოსწრებული და სევდისმომგვრელი სახელია ცხოველისთვის - იქ აღმოვაჩინე, რომ ბავშვები წეროებს კი არ მოყავთ ამ სამყაროში, თურმე ქალის და მამაკაცის წყვილი სჩადის რაღაც საშინელებას, რაღაცას ისეთს, რაც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება; პერუ სან-მიგელის აკადემია და ვარიეტეს თეატრია, რომლის სცენაზე პირველად ვნახე პიესა, რომელიც ჩემი დაწერილი იყო; კიდევ - დიეგო ფერეს და კოლინის კუთხე, უკვე ლიმაში, მირაფლორესში - ამ უბანს ბედნიერ უბანს ვეძახდით - პირველად იქ ჩავიცვი გრძელტოტება შარვალი, იქვე მოვწიე პირველი სიგარეტი, ვისწავლე ცეკვა, პირველად შემიყვარდა და გოგონებს გული გავუხსენი. პერუა ,,ლა კრინიკას" მტვრიანი, ხმაურიანი რედაქცია, სადაც თექვსმეტი წლისამ პირველად დავიწყე ჟურნალისტობა, ხელობა, რომელიც მწერლობასთან ერთად, მთელ ჩემს ცხოვრებას თან გასდევს, რომელმაც თავი წიგნებივით გამატანინა, მათსავით შემასწავლა ცხოვრება, ყველა კლასის და წარმომავლობის ქალთან და მამაკაცთან ურთიერთობა, რომელთაგან ზოგი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ზოგიც კარგი, ცუდი, ან საძაგელი; ასევე - ლეონსიო პრადოს სამხედრო აკადემია, სადაც შევიტყვე, რომ პერუ საშუალო კლასით დასახლებული პატარა, დაცული და მოვლილი ქალაქი კი არაა, რომელშიც იქამდე ცხოვრობდი, არამედ უძველესი, მტრულად განწყობილი, უსამართლობით და უთანაბრობით ავსილი ქვეყანა, რომელსაც ყველა სახის სოციალური ქარიშხლები წელში გადატეხვით ემუქრებოდა; პერუა კაიუდის ის საიდუმლო საკნებიც, სადაც რამდენიმე სან-მარკოელ სტუდენტთან ერთად მსოფლიო რევოლუციას ვამზადებდი; ჩემთვის პერუა ჩემი მეგობრები თავისუფლების მოძრაობიდან, რომლებთან ერთად სამი წელიწადი ბნელ ოთახებში, ყუმბარების გარემოცვაში მაქვს გატარებული, ტერორისტული თავდასხმების და მკვლელობების ფონზე, როცა დემოკრატიის და თავისუფლების კულტურის დასაცავად ვმუშაობდით.
ჩემთვის პერუა პატრისია, ჩემი ბიძაშვილი, ცხვირაპრეხილი, ბობოქარი ხასიათის მქონე ქალბატონი, რომელზეც, ბედის წყალობით, ორმოცდახუთი წლის წინ ვიქორწინე და რომელსაც დღემდე მანიები, ნევროზები და მრისხანების მოულოდნელი შემოტევები აწუხებს, რაც წერაში ძალიან მეხმარება. უმისოდ ჩემს ცხოვრებას დაუცხრომელი ქარიშხლები ბდღვირს გაადენდნენ და არც გონზალო, მორგანა და ექვსი შვილიშვილი შემეძინებოდა, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სიხარული შემოაქვთ. პატრისიამ ყველაფრის კეთება იცის და ყველაფერს კარგად აკეთებს. აგვარებს პრობლემებს, ოჯახს უძღვება, ქაოსში წესრიგი შეაქვს, ჟურნალისტებს და შემაწუხებელ ადამიანებს შიშის ზარს სცემს, ჩემს დროს უფრთხილდება, შეხვედრებს და მოგზაურობებს გეგმავს, ცლის და აწყობს ჩემს ჩემოდნებს და ისეთი სულგრძელია, როცა ჰგონია, რომ მეჩხუბება, პირიდან მაშინაც ყველაზე დიდი ქათინაური ამოსდის: ,,მარიო, ერთადერთი საქმე, რომელშიც ვარგიხარ, წერააო," სულ ამას მეუბნება.
ისევ ლიტერატურას მივუბრუნდეთ. ბავშვობის სამოთხე ჩემთვის მითი არ არის, რეალობაა, რომელშიც კოჩაბამბას პერიოდში ვცხოვრობდი - უზარმაზარ, სამეზოიან სახლში, სადაც ჩემი ბიძაშვილები და სკოლის ამხანაგები ტარზანის და სალგარის ამბებს ვასახიერებდით; პიურას პრეფექტურის სხვენში ღამურები ბუდობდნენ და გახურებული მიწის თავზე ვარსკვლავებიან ღამეს უხმო ჩრდილებს ჰმატებდნენ. ამ წლების განმავლობაში ჩემთვის წერა თამაში იყო, რომელსაც ჩემი ოჯახი აღფრთოვანებით, ლამის აპლოდისმენტებით ხვდებოდა, ტაშს მიკრავდნენ შვილიშვილს, დისშვილს, შვილს, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, რადგან მამაჩემი გარდაიცვალა და ახლა ზეცაში იყო. მამა მაღალი, ლამაზი კაცი უნდა ყოფილიყო, სასთუმლის მაგიდასთან მისი ფოტო მედგა, საზღვაო ქვეითის უნიფორმაში იყო გამოწყობილი. ძილის წინ მასზე ვლოცულობდი და სანამ თვალები დამეხუჭებოდა, სურათს ვაკოცებდი ხოლმე. პიურაში ვიყავით, როცა ერთ მშვენიერ დილას - არამგონია, ეს ამბავი ახლა მაინც მქონდეს მონელებული - დედაჩემმა გამიმხილა, რომ ეს კაცი სინამდვილეში ცოცხალია. მეტიც, თურმე იმავე დღეს ლიმაში მივემგზავრებოდით, რომ ამიერიდან მასთან ერთად გვეცხოვრა. თერთმეტი წლის ვიყავი, იმ წუთებიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. გულუბრყვილობა და სისუფთავე დავკარგე და გავიგე, რა არის მარტოობა, სხვა ადამიანის ძალაუფლება, ზრდასრულთა ცხოვრება, შიში. ხსნა კითხვაში ვპოვე; კარგ წიგნებს ვკითხულობდი და თავს იმ სამყაროებს ვაფარებდი, სადაც ცხოვრება დიდებული ჩანდა და ჩქეფდა; დავიწყებას თავგადასვლებში ვეძებდი, ამ დროს ისევ თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი. და კიდევ იყო წერა, მალულად, ისე, როგორც ზოგი ენით გამოუთქმელ ბიწიერებას ან აკრძალულ ვნებას ეძლევა. ლიტერატურა თამაშად უკვე აღარ მეჩვენებოდა - წინააღმდეგობის საშუალებად, პროტესტად, მეამბოხეობად იქცა, აუტანელი ყოფიდან გაქცევის ხერხად და თან ცხოვრების აზრად. იმ დროიდან დღემდე ასე ვარ, როცა მიჭირს, მხნეობას ვკარგავ, როცა სასოწარკვეთის ზღვარზე ვდგავარ, თავიან-ფეხიანად წერის პროცესში ვერთვები და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, როგორც ხის მორს, დაღუპული ხომალდის გადარჩენილ მგზავრს ნაპირისკენ რომ მოაცურებს.
თუმცა, ეს ძალიან რთული ხელობაა, ხანდახან სისხლის ოფლად ვიღვრები; სხვა მწერლების მსგავსად, დროდადრო ჩემს წარმოსახვასაც უდგება მშრალი სეზონი; ცხოვრების გემოს მაშინ ვგრძნობ, როცა თვეებს და წლებს ამბის აგებას ვუნდები, დასაწყისი გაურკვეველი და ბუნდოვანია, სახეები, რომელთაც მეხსიერება ცხოვრებისეულ გამოცდილებად ინახავს, მოსვენებას არ მაძლევენ, ენთუზიაზმით მავსებენ; ფხიზლობის ეს სიზმრები მერე ჩანაფიქრად, პროექტად იქცევა ხოლმე, გადაწყვეტილებად, მცდელობად, აჩრდილთა მოთამთამე ღრუბელს ხორცი ქაღალდზე შეასხა. ,,წერა ცხოვრების ნირია", თქვა ფლობერმა. დიახ, სრული სიმართლე გახლავთ, ცხოვრების ნირი, რომელსაც ილუზიასთან შეთამაშება, ნეტარება და ცეცხლი ახლავს, რომელიც შენს თავში ნაპერწკლებს ყრის, როცა ჯერ გაუკვალავ სიტყვებს ებრძვი, ებრძვი სანამ არ დაიმორჩილებ, როცა ფართოდ გადაშლილი სამყაროს სურათს იმ მონადირესავით შეისწავლი, ნადირის კვალს რომ ეძებს, რათა შემდეგ ამბის ჩანასახი გამოკვებო და, სანამ თანდათანობით იზრდება, მისი გაუმაძღრობა დააცხრო, რათა ყოველი მომდევნო ამბავი არ შემოეჭამოს. თავბრუ გეხვევა, როცა ჩანაფიქრი ფორმას იღებს და თითქოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას აპირებს, პერსონაჟები მოძრაობენ, მოქმედებენ, გრძნობენ, პატივისცემას და ანგარიშის გაწევას გთხოვენ, ისე, რომ მერე დაუფიქრებლად ქცევას და ბედს ვერ დაუწესებ, ვერც წაართმევ, თუ მათი თავისუფალი ნება არ შეურაცხყავი ან არ მოკალი, თუ ამბავს დამაჯერებლობა არ გამოაცალე - ეს პროცესი ისევ ისე მაჯადოებს, როგორც ოდესღაც, პირველი მცდელობებისას, სრულყოფილებასთან გაახლოებს, თავბრუ გეხვევა, როგორც სიყვარულში ჩაძირვა ქალთან, რომელიც გიყვარს - დღეობით, კვირებით, თვეობით, შეუსვენებლად.
მხატვრულ ლიტერატურაზე ვისაუბრე და უმეტესად რომანის ჟანრს ვგულისხმობდი, თეატრზე კი თითქმის არაფერი მითქვამს, არადა, მწერლობის ერთი გამრჩეული დარგი ხომ მასაც უკავშირდება. დიდი უსამართლობაა, რაღა თქმა უნდა. თეატრი ჩემი პირველი სიყვარული იყო, რომელიც მას შემდეგ ჩამესახა, რაც, მოზარდობის ასაკში, ლიმას სეგურას თეატრში არტურ მილერის ,,კომივოიაჟერის სიკვდილი" ვნახე და ემოციების სიჭარბისგან სული შემეხუთა. მეოცე საუკუნის 50-იან წლების ლიმაში რომ გაცხოველებული თეატრალური ცხოვრება გვქონოდა, ალბათ რომანისტი კი არა, დრამატურგი ვიქნებოდი. მაგრამ არ გვქონდა, და მეც თხრობის ჟანრისკენ ალბათ ამის გამო გადავიხარე, თუმცა, თეატრისადმი ჩემი სიყვარული არ დასრულებულა, რომანების ჩრდილში თვლემდა, როგორც ცდუნება და ნოსტალგია, ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი ხოლმე, როცა სულისშემკვრელ სამსახიობო შესრულებას ვნახავდი. 70-იანი წლების ბოლოს, ასი წლის ბებიდამ, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რეალობას მთლიანად იყო მოწყდარი, მოულოდნელად ერთი ამბავი მიამბო. კარგი წინასაწარმეტყველივით ვიგრძენი, რომ ეს ამბავი თეატრისთვის იყო ზედგამოჭრილი, რომ მისი გაცოცხლება სცენაზე უკეთ არსად მოხერხდებოდა. ამ პიესას დამწყები მწერლის თრთოლვით და კრძალვით ვწერდი, ხოლო სცენაზე მისი ერთ-ერთი პერსონაჟის როლში ნორმა ალეანდროს ხილვამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა და მას შემდეგ, რომანებსა და ესეებს შორის მსგავსი მცდელობა რამდენჯერმე გავიმეორე. და უნდა დავძინო, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ სამოცდაათი წლის ასაკში გავბედავდი და სცენაზე სათამაშოდ ავიდოდი ( უფრო ავფორთხდებოდი). ეს გადარეული ავანტიურა იყო, რომელმაც ხორციელად განმაცდევინა ის სასაწაული, რომ თურმე კაცს, რომელმაც ცხოვრება წერაში გაატარა, შეუძლია რამდენიმე საათით წარმოსახვაში ნაშობ პერსონაჟს ხორცი თავადვე შეასხას, მაყურებლის წინაშე მხატვრული ნაწარმოები გააცოცხლოს. ალბათ ვერასოდეს მოვახერხებ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატო ჩემი მეგობრების, რეჟისორ ხუან ოლეს და მსახიონ აიტანა სანჩესის მიმართ, რომლებიც მამხნევებდნენ და მაქეზებდნენ, რომ ეს ფანტასტიკური გამოცდილება მათთან ერთად გამეზიარებინა ( პანიკის მიუხედავად, რომელიც ამ წამოწყებას თან ახლდა).
ლიტერატურა ცხოვრების ცრუ ასახვაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცხოვრების უკეთ გაგებაში გვეხმარება, იმ ლაბირინთში გვასწავლის ორიენტირებას, რომელშიც დავიბადეთ, უნდა განვვლოთ და მოვკვდეთ. ლიტერატურა ნამდვილი ცხოვრებისგან მოყენებული ჭრილობების და იმედგაცრუებების კომპენსირებას ახდენს, და ნაწილობრივ მისი წყალობითაც შეგვიძლია იმ იეროგლიფის ამოხსნა, რადაც ეჩვენება ცხოვრება ადამიანების დიდ უმეტესობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც უფრო დაეჭვებას გამოთქვამს, ვიდრე წყალგაუვალ ჭეშმარტებებს აღიარებს, ტრანსცენდენტულის, სულის, ადამიანთა ინდივიდუალური და კოლექტიური ხვედრის, ისტორიის აზრის თუ უაზრობის წინაშე დაბნეულობას განიცდის და რაციონალური ცოდნით ცდილობს სიმყარის მოპოვებას.
ყოველთვის მნუსხავდა იმ ბუნდოვანი გარემოებების წარმოდგენა, რომლებშიც ჩვენი წინაპრებმა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცხოველებისგან ძლივს განსხვავდებოდნენ, ენა კი მხოლოდ ახალშობლებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდათ - გამოქვაბულებში, კოცონების გარშემო, ავისმომასწავებელი ჭექა-ქუხილის ხმით თუ ნადირის ღამეული ღრიალით შეშინებულებმა ამბების თხრობა დაიწყეს. ეს კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნებოდა, რადგან ცივილიზაცია სწორედ ამბის მთხრობელის გარშემო შემოკრებილი იმ პრიმიტიული არსებების წრეში დაიწყო და გრძელი გზა განვლო, სანამ ადამიანებად გვაქცევდა, მერე კი დამოუკიდებელი პიროვნებას გამოგვაგონებინებდა, ადამიანს საკუთარი ტომიდან და თემიდან გამოჰყოფდა, მეცნიერებას, ხელოვნებას, კანონებს, თავისუფლებას აზიარებდა, ბუნების, საკუთარი სხეულის, კოსმოსის შესაწვლას, ბოლოს კი ვარსკვლავებისკენ გაფრენას აფიქრებინებდა. ეს ზღაპრები, არაკები, მითები, ლეგენდები, რომლებიც მსმენელის ყურს პირველად წვდებოდა ახალ მუსიკად, შემდეგ სამყაროში დაბუდებულ ხიფათად და იდუმალებად გარდაისახა. იმ დროისათვის, როცა ადამიანებმა კოლექტიურად ოცნება, ამ ოცნებების თხრობით გაზიარება დაიწყეს, თავის გადარჩენაზე და საამისო პრიმიტიულ, უხეშ ამოცანებზე ფიქრი უკან მოიტოვეს და მათი ცხოვრება ოცნებად, სიამოვნებად, ფანტაზიად და რევოლუციურ გეგმად იქცა: ამ ტუსაღობიდან თავის დაღწევა და ბრძოლა, უკეთესობისთვის, ცვილილებებისათვის, იმ სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილება, რომელიც წარმოსახვაში შობილ არსებობას უკავშირდებოდა, და იმ იდუმალების უკუგდება, მათს გარშემო რომ იყო დამკვიდრებული.
ეს უწყვეტი პროცესი მაშინ გამდიდრდა, როცა ადამიანებმა წერა დაიწყეს, ამბების მხოლოდ მოსმენა კი არა, წაკითხვაც შესაძლებელი შეიქნა და ფორმით უცვლელ ლიტერატურად გადაებარათ. ამიტომაა, რომ დაუსრულებლად უნდა ვიმეოროთ, სანამ ახალ თაობებს არ დავარწმუნებთ: ლიტერატურა გართობაზე მეტია, იმ ინტელექტუალურ გავარჯიშებაზე მეტიც კი, ადამიანი გონებას რომ ამახვილებს და კრიტიკულ სულისკვეთებას უღვივებს. ეს სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ცივილიზაციამ არსებობა გააგრძელოს, და ჩვენში მუდმივად განაახლოს და შეინახოს ის საუკეთესო ნაწილი, რასაც ადამიანი ჰქვია; იმისთვის, რომ როდესმე ველურ მდგომარეობას არ დავუბრუნდეთ. ცხოვრება მხოლოდ იმ სპეციალისტების პრაგმატიზმზე არ დაიყვანება, რომლებიც საგნებს ხედავენ, იმას კი, რაც საგანი გარს აკრავს, წინ უსწრებს ან მას აგრძელებს - ვერა; იმისთვის, რომ იმ მანქანების მსახურებად არ ვიქცეთ, რომლებიც ჩვენს მოსამსახურებლად შევქმენით. რადგან სამყარო ლიტერატურის გარეშე სურვილებისგან, იდეალებისგან დაცლილ სამყაროდ იქცევა. ავტომატიკის სამყაროს ის აკლია, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს: საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადამიანში შესვლის უნარი, რადგან სხვაც ჩვენი ოცნებების თიხისგანაა გამოძერწილი.
გამოქვაბულიდან ცათამბჯენებამდე, კლუბური გართობიდან მასობრივი განადგურების იარაღამდე, ჩაკეტილი ტომური ცხოვრებიდან გლობალიზაციის ერამდე, ლიტერატურული წარმოსახვა ადამიანის გამოცდილებას ამდიდრებდა, აფხიზლებდა, საკუთარი არსებობის გარეთ ახედებდა. არაფერს გამოუწვევია ამდენი შფოთვა, არაფერს გამოუცოცხლებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც სიცრუეს, რომელიც, ლიტერატურის წყალობით, ჩვენს ცხოვრებას ერევა, მისი წყალობით დიდი თავგადასავლების მთავარი გმირები ვხდებით, უძლიერეს ვნებებს განვიცდით, ისეთებს, როგორიც ცხოვრებას ჩვენთვის არ გამოუმეტებია. ლიტერატურულ სიცრუეს რეალობად სწორედ ჩვენ ვაქცევთ, გარდაქმნილი მკითხველები, მოლოდინით დაავადებულნი, სინამდვილის ნახევრისნახევრულობას ლიტერატურის მეშვეობით ვგრძნობთ. ჯადოქრობაა, აბა რა არის, როცა ლიტერატურა იმის დაუფლების იმედს გვაძლევს, რაც არ გვაქვს, იმად გახდომას გვპირდება, რანიც არ ვართ, და იმ შეუძლებელ რეალობას ვეზიარებით, სადაც, წარმართული ღმერთების მსგავსად, თავს მოკვდავ და უკვდავ არსებებად ერთდროულად ვგრძნობთ, ეს კი შეუსაბამობის განცდას და ამბოხის სურვილს გვიჩენს, ამბოხი ყველა იმ გმირული საქმის მამოძრავებელი ძალა იყო, რომლებმაც ადამიანურ ურთიერთობაში ძალადობის წილი შეამცირა. შეამცირა, მაგრამ არ აღმოუფხვრია. რადგან ჩვენი ნება და არჩევანი, საბედნიეროდ, ყოველთვის დასურულებელი ამბებისკენ გადაიხრება. აი ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ოცნება, კითხვა და წერა, სწორედ ესენი გვეხმარება, საკუთარ მოკვდავ ბუნებას გადავაბიჯოთ, დროის ცვეთას გადავურჩეთ, შეუძლებელი შესაძლებლად გადავაქციოთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - ჯონ ბარტი – 80



ცნობილ ამერიკელ მწერალს, ამერიკული პოსტმოდერნული პროზის მაცნესა და უპირველეს წარმომადგენელს, ჯონ ბარტს სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა.

იგი რესტორნის მფლობელის შვილია, სკოლის შემდეგ მან უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა, 1952 წელს დაასრულა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, 1953 წლიდან კი, 23 წლის ახალგაზრდა, იგი უკვე ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას ასწავლიდა. მომდევნო წლებში ეს ფაქტი საბოლოოდ განსაზღვრავს მის ბედს, რადგან ყველა მისი წიგნი შემდგომში მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ლიტერატურასთან და იგი იქცევა იმ ადამიანთა საყვარელ ავტორად, რომელთაც თავადაც ძალიან უყვართ ლიტერატურა, ესმით ლიტერატურა და სიამოვნებას იღებენ ლიტერატურული თამაშებით. ეს ავტორი ჯონ ბარტია, დღეს უკვე იუბილარი, მხცოვანი ამერიკელი მწერალი.
იგი ამერიკული პოსტმოდერნული პროზის ნამდვილი მაცნე იყო, პიონერი, ავტორი რომელმაც დიდად განსაზღვრა ამერიკული ინტელექტუალური ცხოვრების ბედი:
“ვამბობთ ჯონ ბარტს და ვგულისხმობთ მეტაპროზას. მეტაპროზა ეს გახლავთ სახესხვაობა ლიტერატურისა, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, თუმცა ეს არ არის უშუალოდ პოსტმოდერნის მონაპოვარი, მე თავის დროზე ესეთი განმარტება მოვუძებნე მეტაპროზას: ეს არის ისეთი პროზა, როდესაც მწერალი ამბის თხრობისას თხრობის ამბავსაც ყვება. ანუ ეს არის ისეთი პროზა, რომელიც თვითრეფლექსიას ახდენს, ლიტერატურა თავისი თავის თემატიზაციას ახდენს წერის დროს. მეტაპროზას დიდი ხნის ისტორია აქვს, ერთ-ერთი უდიდესი შედევრი კაცობრიობის ისტორიის, “დონ კიხოტი” მეტაპროზაული ნაწარმოებია. ამაზე მიანიშნებდა ჯერ კიდევ ბორხესი... ჯონ ბარტი კი არის კვინტესენციური მოვლენა მეტაპროზასთან დაკავშირებით. ის წერს ფაქტობრივად მეტაპროზას. წერს როგორც თავის მხატვრულ ტექსტებში, ასევე თავის თეორიულ გამოკვლევებში”.
ჯონ ბარტს, ხანდახან მის თანამედროვე რამდენიმე ამერიკელ მწერალთან, პირველ რიგში კი ტომას პინჩონთან, დონალდ ბარტელმთან და სხვებთან ერთად მოიხსენიებდნენ ხოლმე, და მას ერთი ცნებით, “შავი იუმორით” ახასიათებდნენ, თავად ჯონ ბარტი კი თავის მხატვრულ მანერას, ტრადიციული “აღზრდის რომანის” საპირისპიროდ, “დამცირების რომანს” უწოდებდა. მის მასწავლებლებად და წინამორბედებად სემუელ ბეკეტი, ხორხე ლუის ბორხესი და ვლადიმირ ნაბოკოვი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამაზე იგი თავის ერთ საპროგრამო ესეშიც წერს:
“პირველი ტექსტი, რომელიც მე წავიკითხე ჯონ ბარტისა, იყო მისი ცნობილი ესე, რომელსაც ქართულ თარგმანში ასეთი სათაური ექნება ალბათ: “დაშრეტვის ლიტერატურა”, ან “ამოწურვის ლიტერატურა”, 1967 წელს გამოვიდა Atlantic Monthly-ში. შემდეგ კი იყო მისი ესე, “მოყირჭების ლიტერატურა”, რომლის რუსული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალში “ამერიკა”. მახსოვს ერთი 20 წლის წინ დათო ზურაბიშვილმა სადღაც გამოქექა ეგ ჟურნალი და მაშინ წავიკითხე... მაშინ მე ვიწყებდი უკვე პოსტმოდერნით დაინტერესებას და ჩემთვის სრული აღმოჩენა იყო ეს კაცი, იმიტომ, რომ ეს ტექსტი ითვლება პოსტრმოდერნის ერთ-ერთ მანიფესტად.”
ჯონ ბარტის პირველივე რომანი, რომელიც 1956 წელს გამოვიდა, “მოცურავე ოპერა”, მაშინ ძალიან მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნიეს. იმავე წელს ახალგაზრდა მწერალი “წიგნის ეროვნული პრემიის” ნომინანტი გახდა. 2 წლის შემდეგ ამას მოჰყვა “გზის დასასრული”, “თხაბიჭი ჯაილზი” (1966), 70-იანი წლების კლასიკა, “ქიმერა” (1972), “წერილები” (1979)...
“ჩემი უსაყვარლესი წიგნი, რომელიც ბარტს ეკუთვნის, არ არის რომანები, არამედ კრებულები, მოთხრობების კრებულები. პირველი ეს არის “ატრაქციონში დაკარგული” და მეორე - “ქიმერა”, რომელიც სამი ვრცელი მოთხრობისგან შედგება. “ატრაქციონში დაკარგული” რამოდენიმე კლასიკურ ნიმუშს შეიცავს მეტაპროზისას. პირველ რიგში ეს არის თვითონ სატიტულო მოთხრობა, საიდანაც წიგნის სათაურიცაა არებული. ეს მოთხრობა იწყება ასე: “ვინ ატარებს კარგ დროს ატრაქციონზე? შეყვარებულები!” შემდეგ იქ არის კურსივი და მთელი მომდევნო აბზაცი წარმოადგენს კურსივის ლიტერატურათმცოდნეობით განსაზღვრება. ამას ჰქვია მეტაენობრივი თამაში. ანუ მეტაენა, თეორიის ენა და ენა-ობიექტი, უშუალოდ ოპერირების ენა, ერთმანეთში მონაცვლეობენ. და ასეთი უმარტივესი ხერხით ჩანს ბარტის მეტაპროზაული მომენტი.”
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბარტი უნივერსიტეტშიც მოღვაწეობს და წერილებიც საკმაოდ დაუგროვდა. 80-იან და 90-იან წლებში მან ესეების ორი კრებული გამოსცა, თუმცა კი, რა თქმა უნდა, მან ყველაზე მეტად სახელი სწორედ თავისი განუმეორებელი, რთული და მახვილგონივრული პროზით გაითქვა:
“აქვს უფრო რთული ვარიანტები. ე.წ. “ყულფი” ჰქვია ამას, რომელიც შესანიშნავადა აქვს გამოყენებული ქიმერის პირველ ვრცელ მოთხრობაში, რომელსაც ჰქვია “დუნიაზადია”, გნებავთ “დუნიაზადიადა”... დუნიაზადი არის შაჰრაზადის და მისი ამბავი დანახულია ძალიან საინტერესო კუთხით: ჯონ ბარტი, როგორც მწერალი, დაახლოებით შუა ასაკში მიაღწევს მწერლურ კრიზისს, როდესაც ვეღარ აზროვნებს, ვეღარ წერს ვერაფერს და XX საუკუნიდან შეაღწევს “1001 ღამის” ეპოქაში, სადაც დუნიაზადის მეშვეობით უკავშირდება შაჰრაზადს და ის ასწავლის მწერალს როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ გაჭირვებას. დაიწყოს ამბების თხრობა, ოღონდ ისე, რომ არ დაამთავროს ეს ამბები და იგი ფაქტობრიდავ ხელახლა ჰყვება “1001 ღამის” ისტორიას... საოცარი თვითირონიაა, აბსოლუტური და ამავე დროს ონტოლოგიური თამაში რეალურსა და ფიქციას შორის ზღვარის მოშლაზეა ლაპარაკი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ავტორს გამოუყენებია ძალიან ბევრჯერ. იგივე ჯონ ფაულზს “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში”, სადაც ავტორი შედის მატარებლის კუპეში, რომელშიც ზის პერსონაჟი და მას ხვდება. კურტ ვონეგუტს “ჩემპიონთა საუზმეში”, სადაც მთავარი გმირი ფიქრობს, ნეტა ვინ უნდა იყოს ეს შავსათვალეებიანი კაციო და იგი თავად ვონეგუტი აღმოჩნდება. უამრავი ასეთი მაგალითები არსებობს, ეს არის მეტაპროზა და ბარტი არის კლასიკური განსახიერება ამისა”.
2008 წელს ჯონ ბარტის ბოლო წიგნი გამოვიდა, რომელიც რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. მწერალი ამჯერად ბალტიმორში ცხოვრობს, თავის მეუღლესთან, შელისთან ერთად. იმედია იგი ჯანმრთელად გრძნობს თავს და რამე ახალ წიგნს უმზადებს მკითხველს.
© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – კრიტიკა და რეცენზიები


თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
ეს ორი წიგნი იმ დიდი ხარვეზის ამოვსების მცდელობაა, რაც ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და რეცენზირების კულტურაში გაჩნდა. ამ წიგნებში ერთგან კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
თამაზ ვასაძის კრებული “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” 30 წლის მანძილზე დაწერილ სტატიებს უყრის თავს, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მოიცავს, დავით გურამიშვილიდან დაწყებული – ბესიკ ხარანაულითა და ჯემალ ქარჩხაძით დამთავრებული. წიგნის რედაქტორის, ლიტერატურათმცოდნე მაკა ელბაქიძის აზრით შემთხვევითი არ არის, რომ წიგნი დავით გურამიშვილით იწყება, რადგან მისი სიტყვით, არც რუსთველამდე და არც რუსთველის შემდეგ “ისე მკაფიოდ და ზედმიწევნით არსად არ ცხადდება ჭეშმარიტების ძიების თუ მისი ხელახლა აღმოჩენის წყურვილი, როგორც “დავითიანში””:
“სწორედ დავით გურამიშვილის მიერ გავლებულ კვალს, და ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, გაჰყვება შემდეგ მთელი მომდევნო პერიოდის ქართული მწერლობა. და მე შევეცდები თემატურად დავალაგო თამაზ ვასაძის მიერ წარმოდგენილი მასალა და სწორედ ამ ხაზს მივყვე. ვთქვათ, ბარათაშვილი გაჰყვება ამ ხაზს თავისი ფილოსოფიური ლირიკით, ილია ჭავჭავაძე თავისი რაციონალიზმითა და განმანათლებლური სულისკვეთებით, აკაკი წერეთელი თავისი ზნეობრივი გაკვეთილებით, ვაჟა ფშაველა თავისი ჰუმანიზმით, დავით კლდიაშვილი – ტრაგიკომიკურობით, ვასილ ბარნოვი სპეციფიკური ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლხედვით, ნიკო ლორთქიფანიძე თავისი განუმეორებელი პოეტიკით, მიხეილ ჯავახიშვილი ტრაგიკომიკურობით და გროტესკულობით, ლეო ქიაჩელი რომანტიკული ესთეტიკით, გერონტი ქიქოძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი ობიექტურობით, დაკვირვებისა და ანალიზის იშვიათი სიმახვილით, გლიგოლ რობაქიძე ინტელექტუალიზმის წინ წამოწევით, გალაკტიონი პოეტური მეს სრული ინტიმიზაციით, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე – სიცოცხლის ვნებიანი სიყვარულით, გურამ რჩეულიშვილს თავად თამაზ ვასაძე ასე ახასიათებს – ვნებად ქცეული აზრი თუ აზრად ქცეული ვნება, ბესიკ ხარანაული – აზრის სილაღით და ჯემალ ქარჩხაძე რეალობის კრიტიკულ-ანალიტიკური ხედვით”.
მაკა ელბაქიძის ეს ჩამონათვალი სრული არ არის, წიგნში სხვა ავტორებსა და თემებსაც ნახავთ:
“შემთხვევითი არ არის ისიც, რომ თამაზ ვასაძე თავის წიგნს ამთავრებს ორი ძალიან საინტერესო თავით. ერთი ეს არის “ეროვნული და დასავლური”, და მეორე “ილიას ფორმულა ჩვენს დროში”. ეს ორი თავი ერთგვარად სისტემატიზაციას ახდენს იმ ყველაფრისას რაც წიგნის წინა ნაწილებში ითქვა და ეს ალბათ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დასავლური ფასეულობების ძალიან ფართოდ წინ წამოწევა მოხდა ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ნიჰილისტურად უდგება ამ საკითხს და ხშირად გაიგონებთ, რომ დასავლური ფასეულობები სპობს ეროვნულ კულტურებს, რომ შეიძლება ჩვენი კულტურა მასკულტურაში გაითქვიფოს და ა.შ., მაგრამ თამაზ ვასაძის წიგნში არის ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ამ ავტორთან, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, და ეს ეხება ფაქტობრივად მთელს ქართულ ლიტერატურას, არის ერთი უწყვეტი ხაზი. ეს არის ადამიანის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, თავისი პიროვნული თავისუფლებისაკენ, და ეს არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი (რადგან ჩევნ ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ) მისწრაფება, რომ სამყარო უკეთესად აქციონ, გააუმჯობესონ, გარდაქმნან იგი”.
სოსო ტაბუცაძის რეცენზიები უმთავრესად ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. გაზეთ “24 საათის” ლიტერატრულ დამატებაში, გაზეთ “კალმასობაში”. საქართველოში ძალზე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ავტორი თავის რეცენზიებს უყრის თავს. ასეთი მაგალითები ბოლო წლებში სულ რამდენიმე მახსენდება:
“ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ გაგებით და იმ შეგნებით, როგორაც გვესმის ჩვენ დღეს და რასაც ჰქვია ლიტერატურული კრიტიკა, დღეს არ არსებობს, და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა საბჭოურ სივრცეში რაც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, ეს იყო იარაღი, რასაკვირველია, იდეოლოგიური იარაღი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ საბჭოური იდეოლოგიის ინსტრუმენტს, არამედ მეორე მხრივ ეროვნული იდეოლოგიის ინსტრუმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ ერთის კლასიკოსად წარმოვიდგინოთ 20-იანი წლების კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე, და მისი წიგნი, უკვე იშვიათობად ქცეული. ვისაც უნახავს, მან იცის, რომ ეს წიგნი პირდაპირ იარაღია... და მეორე მხრივ, უკვე ჩვენს დროში, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით...”.
სოსო ტაბუცაძის აზრით, კრიტიკა რომ არ არსებობს, ეს არცაა გასაკვირი. მისი სიტყვით, კრიტიკის დაბადება თუ აღორძინება პირველ რიგში რეცენზირების კულტურის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი და იმ კრიტიკის ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, დღეს რეცენზიამ დაიკავა. ტრადიციულ ქართულ კრიტიკას კი იგი რუსული ტრადიციიდან იწყებს, კერძოდ ბელინსკიდან, რომლის გამგრძელებელი ილია იყო ჩვენთან. ეს კრიტიკა კი სოსო ტაბუცაძის აზრით ძალიან განსხვავდება ფრანგული ან ბრიტანული ტრადიციისგან, ტომას ელიოტისგან, როლან ბარტისგან და ა.შ.:
“ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ, როცა კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ღრმად და კარგად დავმარხოთ ის საბჭოური კრიტიკა, ანუ უნდა დავივიწყოთ ეს და უნდა დაიბადოს ახალი”.
ახალი კრიტიკის დაბადება არც ისე ადვილია, მითუმეტეს უახლოესი და უმძიმესი წარსულის ღრმად დამარხვამ არამგონია ამაში ხელი შეგვიწყოს.
© radiotavisupleba.ge