Thursday, January 20, 2011

მალხაზ ხარბედია - ორჰან ფამუქის მეოთხე წიგნი ქართულ ენაზე


ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.
შედარებით ახალი თაობის თანამედროვე მწერლებს შორის ფამუქი მემგონი ერთად-ერთია, ვისი 4 წიგნიც ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ფამუქმა მიშელ უელბეკსაც გადაუსწრო. ქართული ფამუქი ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ნათელი წერტილია, თუკი გავითვალისწინებთ სავალალო მდგომარეობას და წარმოუდგენლად ნელ ტემპებს, რა ტემპებითაც ითარგმნება კლასიკა და უახლესი მწერლობა. ფამუქი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. მას ყველაზე მეტად გაუმართლა ჩვენში, თუმცა უფრო მეტად გაუმართლა ქართველ მკითხველსაც, იმის გამო, რომ საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის კარგი სკოლა არსებობს და ჩვენი თურქოლოგები კლასიკაზე უფრო ბარაქიანად უახლესი ლიტერატურის ნიმუშებს თარგმნიან. აღმოსავლეთმცოდნეს, მთარგმნელისა და პოეტის გიორგი ლობჟანიძის აზრით, საქართველოში არავინ დალოდებია, სანამ ფამუქს მსოფლიო აღიარებდა, მას ნობელის პრემიამდეც კარგად იცნობდნენ ჩვენში:
“რაც შეეხება ქართულ თარგმანებს... ქართული აღმოსავლეთმცოდნეობა არ დალოდებია იმას, რომ ფამუქი მსოფლიოში ეღიარებიათ და გამოჩენისთანავე დაიწყო მისი შემოქმედების შესწავლა. ჩვენი თურქოლოგები – თამუნა ალფენიძე, ქეთევან ტომარაძე, ნანა ჯანაშია და ლია ჩლაიძე აქტიურად შეისწავლიდნენ და თარგმნიდნენ მის ნაწარმოებებს”.
თავად ფამუქი, მისი პირადი ცხოვრებით, შეხედულებებით და წერის მანერით, ცალკე თემაა. XX საუკუნის 80-იანი წლების თურქეთში არავინ ელოდა ასეთი მწერლის გამოჩენას, მწერლისა, რომელიც გულახდილიც იყო და თამაშობდა კიდევაც კულტურული მეტაფორებით. ფამუქში, შეიძლება ითქვას აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტრადიციის შერწყმა მოხდა:
“საერთოდ ძალიან უცნაური იყო ფამუქის გამოჩენა თურქულ ლიტერატურაში და კონკრეტულად იმ სახის მწერლის გამოჩენა, როგორიც ფამუქია. საკმაოდ ღარიბია თურქული ლიტერატურა, განსხვავებით სხვა აღმოსავლური ლიტერატურებისგან და მას პრაქტიკულად თანამედროვე ლიტერატურა ისეთი დონის ჰქონდა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო ამ მასშტაბის მწერლის გამოჩენა. თვითონ თურქეთში ფამუქის მიუღებლობა მემგონი სწორედ ამითაც არის განპირობებული, რომ იგი პიროვნული აქტით შემდგარი მწერალი უფროა და დიდად გაუსწრო დროს და თავის თანამედროვე თურქულ ლიტერატურას. თავის მხრივ მისი პოლიტიკური შეხედულებებიც ამძაფრებს პროტესტს და ხშირად გამიზნული ხასიათის არის ხოლმე, რათა დასავლური საზოგადოების ყურადღება მიექცია”.
ჩემი პირველი ფამუქი რუსულად თარგმნილი “შავი წიგნი” იყო, ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 2002-2003 წელს წავიკითხე. შემდეგ ამას “მე წითელი მქვია” მოჰყვა, ასევე ფამუქის შედარებით ადრეული წიგნები, “თეთრი ციხესიმგრე” (1985), “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (1979), ყველაზე ახალი გამოცემებიც, “თოვლი” (2002) და “სტამბოლი – მოგონებების ქალაქი” (2003). ფამუქისთვის გამოყოფილი ჩემი თარო ყოველწლიურად იზრდება, მას სულ ბოლოს ქართულად დაბეჭდილი “მე წითელი მქვია”-ც შეემატა, თუმცა ქართული ფამუქიადა შედარებით ადრე დაიწყო, რამდენიმე წლის წინ და თავდაპირველად მთარგმნელები ფამუქის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებზე სინჯავდნენ ძალებს:
“როდესაც თარგმანზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არჩევანი, ანუ რას ვირჩევთ, და ფამუქის შემთხვევაში ქართველმა მთარგმნელებმა რატომღაც სამწუხაროდ მისი მეორეხარისხოვანი ნაწარმოებები აირჩიეს თავიდან. თუნდაც იგივე “ორმაგი სახე”, ქეთევან ტომარაძის მიერ თარგმნილი “თეთრი ციხესიმაგრე”, ნანა ჯანაშიას “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” არ იყო ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებები და მხოლოდ ბოლოს რაც ითარგმნა, ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული “მე წითელი მქვია”, ითვლება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ფამუქისა. ჩემზე სწორედ ეს თარგმანი ახდენს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. აქ იგრძნობა სწორედ ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძალიან მაღალი დონე და ის კლასი, რომლის ქვემოთაც დონე არ უნდა დაეშვას.
“მე წითელი მქვია”-ში მოთხრობილი ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს. ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა. მთხრობელი კი ბევრია წიგნში: ყარა, ენიშთე ეფენდი, შექურე, ენიშთე ეფენდის მოსწავლეები - ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი - ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატურებიდან) და რაც მთავარია - თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა:
“”მე მქვია წითელი” იმით არის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც საქართველოსათვისაც არის მტკივნეული, ფამუქი შემოქმედებითად სვამს და ამუშავებს. მათ შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის ურთულესი პრობლემა, რომელზეც მთელი ლიტერატურაა შექმნილი და ცალკე ამ ლიტერატურის კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფამუქი ძალზე ორიგინალურად განიხილავს ამ საკითხს თავის წიგნში და იმდენად ფაქიზ შტრიხებს გვთავაზობს აღმოსავლელი კაცის ქცევისას და ამ ქცევის აღქმისას დასავლეთის მიერ, რომ ძალიან იშვიათად მეგულება მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტიპის ნაწარმოები, რომელიც ამ პრობლემას ამ სიღრმით განიხილავს. გარდა ამისა ეს ნაწარმოები ენობრივადაა ძალიან საინტერესო, რაც ქართულ თარგმანშიცაა შენარჩუნებული. როგორც მკითხველმა იცის, თვითონ წიგნი აგებული პერსონაჟთა მონათხრობზე, ნაამბობებზე, რომელიც, თავისთავად, არ არის ახალი ხერხი, ლიტერატურული თვალსაზრისით, თუნდაც ქართულ ლიტერატურაში რომ გავიხსენოთ, დათა თუთაშხია ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, მაგრამ სათარგმნელად ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყველა პერსონაჟს მეტყველების თავისი დამახასიათებელი მანერა აქვს, რაც თურქულ ორიგინალში არის, როგორც მე მითხრეს, და ქართულშიც გადმოტანილია შესაბამისად, ლია ჩლაიძის მიერ. გარდა ამისა, იქ არის უამრავი დეტალი, პროფესიული თვალსაზრისით, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალედ არის შესრულებული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კითხველი ამას ადეკვატურად დააფასებს”.
ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ახლო მომავალში თავად ავტორსაც გავიცნობთ პირადად. საქართველოში უკვე ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ თურქი ნობელიანტი ვისტუმროთ. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორჰან ფამუქს თბილისზეც აქვს დაწერილი რამდენიმე ძალიან თბილი სიტყვა.
© radiotavisupleba.ge

No comments: