Thursday, November 25, 2010

ინტერვიუ გიუნტერ გრასთან


,,ნობელის პრემია წერაში ხელს არ მიშლის’’
თარგმნა ქეთი ქანთარიამ


ეს ინტერვიუ ზუსტად ერთი თვის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ “შპიგელში”, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატი, 83 წლის გერმანელი მწერალი გიუნთერ გრასი ყვება, რატომ არ ეშინია სიკვდილის, რა შესაძლებლობები გაუშვა ხელიდან გერმანიამ ხელახლა გაერთიანებისას და რატომ თვლის, რომ ძმებ გრიმებს ,,ხმოვან ბგერებთან ორალური სექსი ჰქონდათ’’.

შპიგელი: ბატონო გრას, თქვენს ახალ წიგნს ,,გრიმების სიტყვები. სიყვარულის გაცხადება’’ ჰქვია. გვითხარით, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული ამ ძმების, ცნობილი გერმანელი ენათმეცნიერების მიმართ, რომლებმაც მე-19 საუკუნეში ძველ ზღაპრებს მოუყარეს თავი?
გიუნტერ გრასი: განსაკუთრებული დამოკიდებულება ვილჰელმ და იაკობ გრიმების მიმართ ბავშვობიდან მომყვება. გრიმების ზღაპრებზე ვიზრდებოდი. დანციგის (რედაქტორის შენიშვნა: ახლანდელი პოლონური ქალაქი გდანსკი) სახელმწიფო თეატრში ,,ცეროდენა ტომი’’ სულ პატარამ ვნახე, დედაჩემმა წამიყვანა. მერეც, ზრდასრულობაში, გრიმები ჩემს ნაწერებზე ყოველთვის გარკვეულ გავლენას ახდენდნენ.
შპიგელი: როგორი იყო ეს გავლენა?
გრასი: ცეროდენა ტომი ჩემს ,,თუნუქის დოლში’’, ოსკარ მაცერატის პერსონაჟში ცოცხლობს. იაკობი და ვილჰელმი თავად ჩნდებიან ბევრ ჩემს ნაწერში. ,,ვირთხაში’’, მაგალითად, ისინი მინისტრის და მინისტრის მოადგილის პერსონაჟებად არიან გამოსახულნი, რომლებიც მჟავური წვიმებისგან ტყის გადარჩენას ცდილობენ.
შპიგელი: რა გიზიდავთ ამ ძმებში?
გრასი: უპირველეს ყოვლისა, მათი შეურიგებელი ბუნება. 1837 წელს გრიმებმა გიოტინგენში კონსტიტუციის გაუქმების (ჰანოვერის სამეფოში), და მაშასადამე, სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. დანარჩენი მეამბოხე პროფესერების მსგავსად, რომლებიც ,,გიოტინგენის შვიდეულის’’ სახელით არიან ცნობილნი, ადგილები და მდგომარეობა მაშინ მათაც დაკარგეს. მიზანი, რომელიც გრიმებმა ამ ამბების შემდეგ დაისახეს, პრაქტიკულად მიუღწეველი ჩანდა: გერმანული ენის ლექსიკონის შექმნა, რომელშიც თითოეულ სიტყვას სათანადო ციტატები და თვალსაჩინოებისთვის მოტანილი ფრაზები ექნებოდა დართული. მათ ანბანის მხოლოდ მეექვსე ასომდე მიატანეს. როგორც ცნობილია, ლექსიკონი სულ სხვა ადამიანებმა დაასრულეს.
შპიგელი: თანაც 120 წლის შემდეგ.
გრასი: ეს გაწელილი შუალედიც ძალიან მხიბლავს. ქვეყნის ორივე ნაწილში გერმანისტები ერთდროულად დასხდნენ და ლექსიკონზე თხუთმეტი წლის განმავლობაში იმუშავეს. ჯერ კიდევ ცივი ომის წლები იდგა, ეს ადამიანები კი აღმოსავლეთ ბერლინში და გიოტინგენში თავ-თავიანთ საწერ მაგიდებთან მშვიდად ისხდნენ და ყველაზე მთავარი გერმანული ლექსიკონისთვის მასალას აგროვებდნენ. ეს ამბავი გერმანიის ისტორიის გასააზრებლადაც კარგ მასალას იძლევა. ,,გრიმების სიტყვებში’’ ამაზეც ვწერდი.
შპიგელი: ამ წიგნში ქვეყნის ბედის ჭრილში თქვენი ცხოვრების ამბავსაც ყვებით.
გრასი: ჩემი ცხოვრების ადრეულ წლებზე ,,ხახვის გაფცქვნაში’’ დავწერე, მერე, ,,ყუთში’’, ჩემი ოჯახისა და კავშირების შესახებ ვყვებოდი. ეს წიგნი პოლიტიკური და სოციალური შეფერილობისაა, რაც ალბათ იმან განაპირობა, რომ ძმები გრიმების მსგავსად, მეც მძაფრი ცვლილებებით აღბეჭდილ ეპოქაში ვიცხოვრე.
შპიგელი: ძმებ გრიმებს თქვენ ,,სიტყვის მაძიებლებს’’ უწოდებთ, რომლებიც თითოეულ ასოს დაჰკანკალებდნენ. ერთგან თქვენ ამასაც წერთ: ,,ერთი მხრივ, სიტყვები აზრს ქმნის. მეორე მხრივ – ისინი ნონსენსის, უაზრობის შესაქმნელად გამოიყენება. სიტყვა მარგებელიც შეიძლება იყოს და მავნებელიც.” მითხარით, როგორ ზემოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე სიტყვების ეს ნაირგვარი გამოვლინება?
გრასი: მე აღმოვაჩინე, რომ სიტყვები, რომლებსაც პათეტიკური დატვითვა გააჩნიათ და მომნუსხველ ეიფორიას ქმნიან, უფრო მეტადაა მიდრეკილი ნონსენსისადმი. ადოლფ ჰიტლერის ,,გინდათ ტოტალური ომი?’’ ერთ-ერთი საამისო მაგალითია. იგივე შეიძლება ითქვას წინადადებაზე ,,ჰინდუ ქუშში ჩვენს თავისუფლებასაც იცავენ.’’ ასეთი წინადადებები მძლავრი მნიშვნელობების მატარებლებია, და თან ამ მნიშვნელობების გაბუქების უნარიც გააჩნიათ, რადგან მათ, როგორც წესი, კითხვის ნიშანს საკმარისად არ უსვამენ, ეჭვქვეშ არასაკმარისად აყენებენ. მავნე სიტყვებიც უამრავი ვიცი. გამაოგნებელია, როდესაც ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში შეურაცხყოფების ატანა უხდებათ, თან ,,სიკეთის მქმნელებსაც’’ უწოდებენ. ესეც თქვენ მაგალითი, როცა ფრაზა არგუმენტის შესაჩერებლად, ჩასახშობად გამოიყენება და მერე თავს იმკვიდრებს.
შპიგელი: მარგებელი თუ სასარგებლო სიტყვები შეგიძლიათ გაიხსენოთ?
გრასი: ყველაზე მშვენიერი სიტყვები ჩემს ბავშვობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სიტყვა adebar – წეროს სინონიმი, ჩემში მოგონებების მთელ კოსმოსს აღვიძებს. კიდევ ერთი ასეთი სიტყვაა labsal (გაახლება). ეს სიტყვა დღეს თითქმის დავიწყებულია. წაგრძელებული a–ს ჟღერადობა მომწონს. ეს ორმაგი ბგერა ძმებ გრიმებსაც ნუსხავდა. ასეც კი ვიტყვი: გრიმებს ხმოვან ბგერებთან ორალური სექსი ჰქონდათ. Labsal - რა სასიამოვნოდ ჟღერს, ისეთ განცდას გიჩენს, თითქოს თავს გადამხდარი ხიფათის შემდეგ შინ მშვიდობით დაბრუნდი.
შპიგელი: როგორც ჩანს, ენა თქვენთვის უსაფრთხოებას, სახლის გაგებას უკავშირდება.
გრასი: მართალს ბრძანებთ. რომანი ,,თუნუქის დოლი’’ პარიზში დავწერე, იქვე დავიწყე ,,ძაღლის წლებზე’’ მუშაობაც. მაგრამ ოთხი წელი რომ გავიდა, მაშინღა გავაცნობიერე, რა მიუსაფრად ვგრძნობდი თავს უცხოენოვან გარემოში. უკან დაბრუნება გადავწყვიტე, იქ, სადაც ადამიანები გერმანულად მეტყველებენ. დაახლოებით იგივე გამოვცადე, რაც, ბევრმა მწერალმა, რომლებმაც ნაცისტების მმართველობის პერიოდში თავი შეერთებულ შტატებს შეაფარეს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს განსაკუთრებით აუტანელი იყო, მერე რა, რომ საკუთარი ქვეყნის სათავეში სასტიკი დიქტატორი ჰყავდათ. ამ ადამიანებს ის ენა აკლდათ, რომელზეც უკეთ გაუგებდნენ და თავადაც უკეთ ესმოდათ სხვისი.
შპიგელი: თუმცა, იგივე, თუნდაც არა ასეთი სიმძაფრით, ადამიანმა შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც გამოსცადოს. ახალგაზრდულ კულტურას ენის, მეტყველების საკუთარი სტილი აქვს. ნუთუ ყოველთვის გესმით, რას ამბობენ თქვენივე შვილიშვილები?
გრასი: დიახ, რა თქმა უნდა. მართლაც დიდი უპირატესობა მხვდა და ჩემი შვილიშვილების წყალობით თანამედროვე ჟარგონს არ ჩამოვრჩენილვარ. თუმცა, საპირისპირო რამაც ხდება. ზოგი სიტყვა, მაგალითად, კნორკე (საუცხოო), რომელიც ძველ ბერლინში ხშირად ისმოდა, ახლა ხმარებიდან გაქრა.
შპიგელი: გულს გწყვეტთ ასეთი ცვილილებები?

გრასი: საბედნიეროდ ეს სიტყვა ლიტერატურამ შემოინახა. საერთოდ ვეთანხმები იაკობ გრიმს და ვთვლი, რომ ენას ცვლილების და უმართავად განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. მართალია, ასე ახალი სიტყვების გაჩენის საფრთხეც იქმნება, მაგრამ ენას საკუთარი თავის მუდმივად განახლების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ხომ კარგად ჩანს, რომ საფრანგეთში, სადაც ფრანგული აკადემია პრაქტიკულად ენის ჟანდარმის როლს ასრულებს, ენა მეტისმეტად მშრალი და ფორმალური ხდება. გადამეტებული დაცვა ენას მოქნილობას აკარგვინებს.
შპიგელი: ,,გრიმების სიტყვებში’’ ერთგან წერთ, რომ თქვენი გვარის დაწერილობის შეცვლას არ შეეწინააღმდეგებოდით.
გრასი: თავს უფლებას ვაძლევ, საკუთარი გვარი ხან ორი s-ით ვწერო, ხან -ß–ით (რედაქტორის შენიშვნა: ორმაგი s-ს ექვივალენტური გერმანული ასო). გერმანულ ენაში გატარებულ რეფორმამდე სიტყვა hass (სიძულვილი) ასევე, ß–ით იწერებოდა. მე თვითონ ჩემი გვარის დაწერა ამ ასოთი მირჩევნია. ეს თამაშები ისევე მომწონს, როგორც წიგნის გარეკანისთვის სხვადასხვა შრიფტის ან ფაქტურის შერჩევა. საბედნიეროდ, გერჰარდ შთაიდლის სახით ისეთი გამომცემელი ვიპოვე, მე რომ მჭირდებოდა - წიგნის ფანატიკოსი, რომელიც თავისი გამოცემებისთვის ქაღალდს და საბეჭდ მანქანას დიდი სიყვარულით, საგულდაგულოდ არჩევს.
შპიგელი: თქვენ ერთ-ერთი იმ ავტორთაგანი ბრძანდებით, ვინც საკუთარი წიგნის დიზაინს თავად ქმნის. ყველა საკუთარი რომანის გარეკანი ხომ თქვენივე გაფორმებულია. რატომაა ეს თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
გრასი: გარეკანი უკანასკნელი შტრიხია. წიგნის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც მისი პირველი წინადადება. გარეკანის შერჩევისას ისეთივე სიფხიზლე და სიზუსტეა საჭირო, როგორც წერისას.
შპიგელი: თქვენთვის კარგი გარეკანი როგორია?
გრასი: ის, რომელიც წიგნის შინაარსს და სათქმელს აჯამებს, აღსაქმელად ამარტივებს, მისი სიმბოლო ხდება. ,,ძაღლის წლებში” ამას ძაღლის თავის გამოსახვით მივაღწიეთ, ჩრდილების წარმოდგენიდან აღებული ძაღლის გამოსახულებაა, თითებით რომ ქმნიან. ,,ადგილობრივი გამაყუჩებლის’’ გარეკანზე თითდაჭერილი სანთებელა გამოვსახეთ. ამჯერად, ახალი წიგნის გარეკანისთვის ასოები ვარჩიე. ძმები გრიმების ორმაგი პორტრეტის გამოსახვა მაინცდამაინც კარგი აზრი არ მეჩვენა, სათქმელს მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემდა. რამდენიმე დღის წინ უკვე დასრულებული და გამოცემული წიგნი ხელში პირველად მეჭირა. ყოველთვის შეუდარებელი გრძნობაა ხოლმე.
შპიგელი: მაშინ წიგნის ბაზარზე გამოჩენილი სიახლეებით კმაყოფილი არ იქნებით. შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ელექტრონული წიგნების გაყიდვათა მონაცემები ელვის სისწრაფით იზრდება.
გრასი: არა მგონია, ეს წიგნის დასასრულს მოასწავებდეს. მემგონი ეს მოვლენა სხვაგვარად უნდა შეფასდეს. აშკარაა, რომ წიგნების მასობრივი გამოცემა შემცირდება, მაგრამ წიგნი ისეთ რამედ დარჩება, რისი ქონა, შენახვა და ჩვენი შვილებისთვის გადაცემაც ღირს.
შპიგელი: შეგიძლიათ, ,,გრიმების სიტყვები’’ iPad-ზე წარმოიდგინოთ?
გრასი: მიჭირს წარმოდგენა. თუმცა, ჩემს გამომცემელთან უკვე დავდე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩემი არცერთი წიგნი ამგვარად არასოდეს გაიყიდება, იქამდე მაინც, სანამ ავტორის უფლებების დამცველი კანონი იკანონებს. სხვა ავტორებსაც ვურჩევდი, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთივე პრინციპულობა გამოიჩინონ.
შპიგელი: პროტესტისკენ მოუწოდებთ?
გრასი: მინდა, კომპიუტერებზე კითხვის ტენდენციას წერტილი დაესვას, თუმცა, როგორც ჩანს, ამის გაკეთება არავის უნდა. ელექტრონული პროცესის არასრულყოფილებას მაშინ ხვდები, როცა ხელით წერ. ახალგაზრდა მწერლების უმეტესობა თავიდანვე კომპიუტერში წერს და რედაქტირებასთან დაკავშირებულ სამუშაოსაც ფაილში ასრულებს. ჩემს შემთხვევაში სხვაგავარად ხდება. წერისას რამდენიმე საფეხურს გავდივარ: ჯერ ხელით ვწერ, მერე ხელნაწერ ვერსიას მე თვითონვე ვკრეფ ჩემს ,,ოლივეტიზე’’, საბეჭდ მანქანაზე, ბოლოს კი ჩემს მდივანს ტექსტი კომპიუტერში შეჰყავს, ამობეჭდავს და ამ ვერსიაში შესწორებებს ხელით ვაკეთებ. როცა კომპიტერში წერ, ეს ეტაპები დაკარგულია.
შპიგელი: ,,ოლივეტიზე’’ ბეჭდვა ძველმოდურად არ გეჩვენებათ?
გრასი: არა. კომპიუტერის ეკრანზე ტექსტი ყოველთვის დასრულებულად გამოიყურება, მაშინაც კი, როცა დასრულებულობამდე ბევრი აკლია. ეს ავტორს აცდუნებს. მე, როგორც წესი, ჯერ ხელით ვწერ, ხელით ნაწერ ვერსიას სწრაფად ვწერ, და თუ მასში რამე მაფიქრებს, არ მომწონს, იმ ადგილს ვტოვებ. ამ გამოტოვებულ ადგილებს უკვე ,,ოლივეტიზე’’ ბეჭდვისას ვავსებ. რაკი ტექტში საგულდაგულო კირკიტი მომიწევს, მას ყოველთვის განიერ ველებს ვუტოვებ. მომდევნო ვერსიებში ვცდილობ, თავდაპირველი ვერსიის ტექსტი და მომდევნოს აკურატულობა ერთმანეთს შევურწყა. აუჩქარებელი მუშაობის ამ წესის წყალობით დაუმუშავებელი არაფერი მრჩება, შემთხვევითი და გაუზრებელი ტექსტში არაფერი იპარება.
შპიგელი: თქვენი ენა ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა?
გრასი: თავიდან უფრო თავმოზღუდულად ვწერდი. ,,თუნუქის დოლზე’’, ,,კატა და ძაღლზე’’, ,,ძაღლის წლებზე’’ რომ ვმუშაობდი, ის წლები იდგა, როცა ჩვენზე უფროს მწერლებს ეგონათ, რომ გერმანული ენა თავს ზედმეტობების, ექსცესების უფლებას ვეღარასოდეს მისცემდა.
შპიგელი: ეგრედ წოდებულ Kahlschagliteratur -ს (მკაფიო, ენაძუნწი ლიტერატურა) გულისხმობთ, ომის შემდგომი პერიოდის მწერლობას, რომელიც გამარტივებული, მიუკიბ-მოიუკიბავი მანერით გამოირჩეოდა?
გრასი: დიახ, და იმ ავტორებს სიფრთხილის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. გერმანული ენა ნაცისტურ პერიოდში საშინლად დამახინჯდა. თუმცა, ახალგაზრდა მწერლებს, მარტინ ვალზერს და მაგნუს ენცესბერგერსაც ვგულისხმობ, ამ ტენდენციას არ დაყვნენ, უარი თქვეს, ენა, როგორც ასეთი, ასე უმოწყალოდ უგულებელეყოთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემს ენას საბოლოო სახე ჩემმა იმ სურვილმა მისცა, გამომეყენებინა ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც გერმანულ ენას შეეძლო. ახლა, ჩემს ხნოვან ასაკში, ნათქვამთან ერთად გამოცდილებაც თავის როლს თამაშობს. თითქოს უფრო გააზრებულად ვწერ.
შპიგელი: რას გულისხმობთ?
გრასი: უფრო მაინც ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების პოლიტიკურ გამოცდილებას, რომლის შესახებაც ვწერ ,,გრიმების სიტყვებში.’’ 1961 წელს, მაგალითად, ვილი ბრანდტის კამპანიაში ვმონაწილეობდი, მაშინ მთელი ქვეყანა მოვიარე. ბერლინის კედლის დაცემასაც ვგულისხმობ, გერმანიის ხელახლა გაერთიანებასაც 1989/90 წლებში, იქამდე კი არაერთ ჩემს ვიზიტს აღმოსავლეთ გერმანიაში.
შპიგელი: აღმოსავლეთ გერმანიაში რატომ ჩადიოდით?
გრასი: ერის კულტურული გაერთიანების იდეას მხარს მტკიცედ ვუჭერდი. ამასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანელი მწერლები ერთმანეთს კერძო ბინებში ვხვდებოდით და საკუთარ ნაწერებს ვუკითხავდით. არამგონია, ,,შტაზის’’ ინფორმატორებს წარმოდგენა ჰქონოდათ, რას ვემხრობოდი მაშინ. მათ არ ესმოდათ, რომ შეიძლებოდა, ვინმე ორივე მხარის მიმართ ერთნაირად კრიტიკულად ყოფილიყო განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით, როცა ,,შტაზის’’ დოკუმენტების წაკითხვის საშუალება მომეცა, სწორედ ასეთი შთაბჭედილება დამრჩა.
შპიგელი: რა განცდა დაგეუფლათ, როცა ამ დოკუმეტებს კითხულობდით?
გრასი: უფრო გაბეზრება. დიდი ხნის განმავლობაში ,,შტაზის’’ ფაილების კითხვა საერთოდ არ მაინტერესებდა, არც კი გამომითხოვია. ჩემს საქაღალდეში 2 000 –ზე მეტი გვერდი იყო. ბოლოს ისინი ქალბატონმა ბირთლერმა, შტაზის არქივის ფედერალურმა განმკარგავმა და მკვლევარმა გადმომცა, მაგრამ ვთხოვე, რომ ის პასაჟები, სადაც ჩემთვის მოჩენილი ინფორმატორები იყვნენ ნახსენები, წაეშალათ. არ მინდოდა მცოდნოდა, ვინ მითვალთვალებდა. ახლა, გაერთიანების 20 წლის თავზე, ამას სრულებით აღარ აქვს მნიშვნელობა.
შპიგელი: თქვენ გაერთიანების მძაფრ მოწინააღმდეგეთა შორის იყავით? დღეს როგორია თქვენი აზრი?
გრასი: როგორც ადრე, დღესაც მჯერა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ასეთი უმოწყალო ანექსირება არ შეიძლებოდა. აბსურდია, რომ ამხელა შესაძლებობა გავუშვით ხელიდან. იმ მომენტში არ უნდა გვეპასიურა, როდესაც, ორი დიქტატურის პერიოდის შემდეგ, ოთხ მაგიურსიტყვიანი დევიზით Wir sind das Volk! (,,ხალხი ჩვენ ვართ!”– ეს ის სიტყვებია, რომლებსაც პროდემოკრატიული აზროვნების ადამიანები აღმოსავლეთ გერმანიაში ქუჩის მანიფესტაციებზე გერმანიის კედლის დანგრევამდე მღეროდნენ) დემოკრატიული ცნობიერება კოკორივით გაიშალა, იქამდე უნდა გვემოქმედა, სანამ ქვეყანა და მისი მრეწველობა მთლიანად განადგურდებოდა, სანამ Treuhand-ი (სააგენტო, რომელმაც აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება მოახდინა), მათ აქციებს გროშებად დაყიდდა. ომის შემდგომი წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ გერმანიის 17 მილიონი მოქალაქე მარტო ეზიდებოდა ომის ტვირთს, რომელიც ყველა გერმანელმა ერთად წამოიწყო და მერე წააგო.
შპიგელი: თქვენი რა ნაბიჯებს გადადგამდით?
გრასი: გადასახადებს მკვეთრად გავზრდიდი, მაგრამ ქვეყნის გაერთიანებას ნასესხები ფულით არ დაივიწყებდი. სერიოზულ თავის მოტყუებას ვხედავ იმაში, რომ დღეს, რეუნიფიკაციის 20 წლის თავზე, ერთმანეთს ვულოცავთ, რა კარგად და ხეირიანად დასრულდა ყველაფერი. ფაქტები - უზარმაზარი უმუშევრობა და მოსახლეობისგან დაცლილი მიწები კი სულ სხვას გვეუბნება. არც ის ფენომენი გამქრალა, რომელსაც ადამიანები ,,ცნობიერებაში შემორჩენილ კედელს’’ უწოდებენ. ამგვარ განწყობას ხელი იმ დამოკიდებულებამაც შეუწყო, როგორიც დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის მიმართ გამოიჩინეს – მადლობებით აავსეს და მის პოპულარობას შეუწყეს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის (რედაქტორის შენიშვნა: აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პარტია) კანონმემკვიდრენი იყვნენ, აღმოსავლეთ გერმანიაში იქამდე მიმდინარე მოვლენებისთვის პასუხი მათთვის არავის მოუთხოვია, თავისუფალი პრესაც კი მიეცათ. ამ მიდგომამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ავნო.
შპიგელი: სდპ -ს როლის დაკნინება გაფიქრებთ? ამ მემარცხენე გერმანულ პარტიას ხანგრძლივი და ანგარიშგასაწევი ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო ხანებში, გერჰარდ შროდერის პერიოდში, ცენტრისკენ გადანაცვლების გამო პოპულარობა დაკარგა.
გრასი: სოციალ-დემოკრატიულ პარტიას განგრძობითობის, დროში გამოვლენილი სიმყარის ყველა ელემენტი გააჩნია. სწორედ ამიტომ მივემხრე. განგრძობითობის მხრივ გერმანიაში საქმე ცუდად გვაქვს, სპდ-ს კი სადაცაა 150 წელი შეუსრულდება. ბევრი შეცდომაც მოსვლიათ, მაგრამ მათი სოციალური პრინციპები, რომლებიც სათავეს მე-19 საუკუნის ევროპული შრომისდაცვითი მოძრაობიდან იღებს, ჩვენი ქვეყნისათვის დღემდე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ისიც მართალია, რომ ბევრი ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატის აზროვნება მათი პარტიის ისტორიას სრულიად მოწყვეტილია. თუმცა სდპ ამ ხარვეზს გამოასწორებს.
შპიგელი: ,,გრიმების სიტყვებში’’ თქვენს პოლიტიკულ მსოფლმხედველობაში გაპარულ შეცდომებზე არაფერს წერთ. ნუთუ არასდროს ცდებოდით?
გრასი: ქვეყნის გაერთიანების შემდეგ მეშინოდა, რომ რაღაც ასეთს მივიღებდით: უფრო დიდ გერმანიას ბერლინში კონცენტრირებული ძალაუფლებით. მაგრამ, საბედნიეროდ, გერმანული ფედერალიზმი უფრო ძლიერი გამოდგა და ამგვარი ტენდენციების გაძლიერებას მოერია. დარწმუნებული ვარ, გერმანულ მიწებს შორის ბალანსის დაცვა გერმანიისთვის ყველაზე მისაღები მიდგომაა.
შპიგელი: თქვენი ცხოვრების სხვა შეცდომებზე ხომ არ ისაუბრებთ?
გრასი: ჩემს შემთხვევაში, როგორც ყველამ იცის, ასეთი შეცდომა ჰიტლერიუგენდით ცდუნება იყო. ამაზე ხომ ძალიან დაწვრილებით ვწერდი ,,ხახვის გაფცქვნაში’’. ამ შეცდომის შემდეგ ყოველნაირი იდეოლოგიური გაჯიქების მიმართ გარკვეული იმუნიტეტი გამომიმუშავდა.
შპიგელი: ,,გრიმის სიტყვებში’’ Waffen-SS-ში გატარებულ დროს კიდევ ერთხელ უბრუნდებით. ზამთრის სუსხიან საღამოს იხსენებთ, როცა ფიცის დადება მოგიწიათ. მაშინ 17 წლის იყავით. იმ მომენტსაც საკუთარი ცხოვრების შეცდომებს მიათვლით?
გრასი: ეს ჩემი მხრიდან დანაშაული არ ყოფილა. გამიწვიეს, ზუსტად ისე, როგორც სხვა დანარჩენი ათობით ათასი ახალგაზრდა. ჩემი ნებით, მოხალისედ არ წავსულვარ. ომის დასასრულმა ბრმა მორჩილების ფიცისაგან გამათავისუფლა. მას შემდეგ დავთქვი, რომ ფიცს აღარასოდეს დავდებდი.
შპიგელი: გერმანიის ისტორია თქვენს ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაგრამ ნაციონალიზმის კულტს, ნებისმიერი გამოვლინებით, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდით. ახალ პატრიოტულ ენთუზიაზმს როგორი თვალით უყურებთ, მაგალითად ისეთს, როგორსაც ფეხბურთის მსოფლიო თასის გათამაშების დროს შევესწარით?
გრასი: ყოველთვის ვთვლიდი, რომ არ შეიძლება ნაციონალიზმის შესახებ დისკუსიები მთლიანად მარჯვენა ფრთას გადავულოცოთ. პასუხისმგებლობით აღსავსე როლს ევროპაში მარტო მაშინ შევასრულებთ, თუ საკუთარ ეროვნულ იდენტობას სათანადოდ შევაფასებთ – ნაციონალისტური გამოვლინებების გარეშე. თუმცა, გერმანიის იმ პატარა დროშების ქნევაში, რაც ჩემპიონატის დროს ვნახეთ, თამაშის ზოგი ასპექტის ამოცნობაც შეიძლებოდა. მაგალითად, ვნახე ქალები, რომლებსაც თავიანთი პატარა ბავშვებისთვის შავ-წითელ-ოქროსფერებიანი საწოვარები ჰქონდათ შეძენილი. ასეთი რამ პათოსის ნამეტს შესანიშნავად აცხრობს.
შპიგელი: თქვენ უფროსი თაობის ერთადერთი მწერალი არ ხართ, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ახალგაზრდა თანამოკალმეებისგან მსგავსი ინტერესის ნაკლებობას როგორ აღიქვამთ?
გრასი: დასანანი იქნება, თუკი ასე თუ ისე ხანმოკლე ტრადიცია მათ ჭკუის სასაწავლებლად არ გამოადგათ. ამ ხალხმა ვაიმარის რესპულიკის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და თავიანთ სამყაროებში არ უნდა გამოიკეტოს. დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას ხელი სწორედ ინტელექტუალებმა შეუწყვეს. სამწუხაროდ, არის ნიშნები, რომ მათი წვლილი დღეს საგრძნობლად მცირდება. ფინანსური კრიზისი, ღატაკი ბავშვები, არალეგალური იმიგრანტების დეპორტაცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის გაზრდილი ზღვარი ის საკითხებია, რომელთა შესახებ ამ მწერლებმა თავიანთი აზრი უნდა გამოთქვან.
შპიგელი: ახლა თქვენ ადრინდელზე ნაკლებად მონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მწერალმა მარტინ ვალზერმა, თქვენმა თანამედროვემ, კანცლერს წერილი მისწერა და ავღანეთიდან გერმანიის ჯარების გამოყვანა თხოვა. თქვენ გაგაჩნიათ პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით?
გრასი: რა თქმა უნდა. მაგრამ ავღანეთის ომის გაიგივება სხვა ომებთან, და ასე გამარტივება არ შეიძლება. სხვა საქმეა ერაყის ომი, რომელიც გაერო-ს მანდატით მიმდინარეობდა. ჩვენი ჩარევა დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მაგრამ ჯარების გამოყვანით ეს პასუხისმგებლობა არ შემცირდება. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს წამყვანი როლი არ უნდა ჰქონოდა. ამერიკელებს ამგვარი ომის წარმოება არ შეუძლიათ. ახლაც, კიდევ ერთხელ აგებენ, ისე, როგორც მოხდა ვიეტნამში. და ჩვენც მათთან ერთად ვაგებთ.
შპიგელი: თქვენი, როგორც ნობელის ლაურეატის ხმა, ახლა ბევრად უფრო წონიანია, ვიდრე ადრე. რატომ იხევთ უკან? თქვით სათქმელი.
გრასი: მე არ მეჩვენება, რომ უკან ვიხევ. ამის გარდა, მთელ დღეს იმაზე ფიქრში არ ვატარებ, რომ ახლა ნობელის პრემია მაქვს. ხანდახან მახსენებენ ხოლმე, როგორც წესი მაშინ, როცა საზოგადოებრივ ასპარეზზე ვჩნდები. რა თქმა უნდა, ეს პრემია წერაში არ მეხმარება, მაგრამ არც მვნებს.
შპიგელი: ხომ არ გძაბავთ?
გრასი: პრემია წერაში ხელს სულაც არ მიშლის. შეიძლება იმიტომ, რომ ერთ-ერთი პრემია საკმაოდ ახალგაზრდამ მივიღე. მართალი გითხრათ, ის, რომელიც ,,ჯგუფი 47’’-მა 1958 წელს მომანიჭა (რედაქტორის შენიშვნა: გერმანელ მწერალთა ომის შემდგომი პრესიტიჟული გაერთიანება), ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ერთი, მაშინ არაფერი მებადა, და თან პრემია ჩემნაირი მწერლების მიერ იყო მონიჭებული, ამას კი სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ ნობელის პრემიის მნიშვნელოვნება დავამცრო, მაგრამ მას ჩემს ცხოვრებაზე ისეთი დიდი გავლენა არ მოუხდენია.
შპიგელი: ახლა, თუ შეიძლება, გულწრფელად მიპასუხეთ: განა ამ პრემიას წლების განმავლობაში არ ელოდებოდით?
გრასი: ბოლო ხანებში – არა. ოცი წლის განმავლობაში სულ ერთნაირად ხდებოდა: დადგებოდა თუ არა შემოდგომა, ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნომინანტთა შორის მეც ვიყავი დასახელებული, მთხოვდნენ, თუ გავიმარჯვებდი, ინტერვიუ პირველად მათთვის მიმეცა. მერე ლაურეატი ცხადდებოდა და ერთი წლით ყველა მშვიდდებოდა.
შპიგელი: არ გაღიზიანდით, რომ 1972 წელს პრემია სხვა გერმანელ მწერალს, ჰაინრიხ ბიოლს გადასცეს?
გრასი: არა, გნებავთ, ნუ დამიჯერებთ, მაგრამ არ გავღიზიანებულვარ. მაშინ სდპ-ს საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობდი და სადღაც რაინის პირას, პარტიის ავტობუსში ვიჯექი. პატარ-პატარა ქალაქებში სპონტანურ შეხვედრებს ვაწყობდით. ის-ის იყო, მიკროფონი ხელში დავიჭირე და ხანმოკლე სიტყვა უნდა წარმომეთქვა, ვიღაცამ ქაღალდი მომაწოდა. ზედ ეწერა, რომ ნობელი ბოილს მიანიჭეს. ეს ამბავი ჩემს გამოსვლაში ჩავრთე. მაშინ ჩვენც იმავე პოლიტიკურ იდეას ვემხრობოდით, რასაც ბიოლი.
შპიგელი: ახალ წიგნში საინტერესო დასკვნას აკეთებთ. წერთ, რომ სიცოცხლის განმავლობაში მოვლენების და საგნების აღქმა სულ იცვლება, და რომ ,,ყველაზე ტრადიციული ამბებიც კი ახლებულად მოითხოვს გარდათქმას. ყოველი ასეთი ამბის დასრულების მერე ვხვდებოდი, რომ უფრო მეტი სამუშაო მქონია შეასრულებელი.’’ახლა როგორია ის სამუშაო, რომელსაც ახალი წიგნის შემდეგ უნდა მოჰკიდოთ ხელი?
გრასი: წერის მრავალწლიანი პერიოდის შემდეგ მინდა შრომის ინსტრუმენტები გამოვიცვალო და ისევ ბეჭდვის და გამოცემის სფეროს ვუძღვნა თავი. ,,ძაღლის წლების’’ პირველი გამოცემიდან 50 წელი გავიდა და მინდა საიუბილეო წელს წიგნი ჩემი გრავიურებით გამოვცე. ,,გრიმის სიტყვები’’ ჩემი უკანასკნელი ავტობიოგრაფიული ნაწერი იყო. ჩემი ხნოვანების ადამიანს ისიც კი აკვირვებს, თუ კიდევ ერთ გაზაფხულს მოესწრო, მე კი კარგად ვიცი, რამდენი დრო სჭირდება ეპიკური განზრახვის მქონე წიგნის დასრულებას.
შპიგელი: ცხოვრების დასასრულის მოახლოება გაშინებთ?
გრასი: არა. ჯერ ერთი, მივხვდი, თურმე ჩემს ასაკში ადამიანი ამისთვის უკვე მზადაა. თუმცა, მეორე მხრივ, არც ცნობისმოყვარეობა დამიკარგავს. მაინტერესებს, როგორ არიან ჩემი შვილიშვილები, რით დამთავრდება კვირის საფეხბურთო ცხოვრება? რა თქმა უნდა, ისეთი ბანალური რამეებიც არსებობს, რომლებიც ჯერაც მინდა მქონდეს ცხოვრებაში. იაკობ გრიმს არაჩვეულებრივი რამ აქვს დაწერილი სიბერეზე. მის ერთ-ერთ ნაწერში ასეთი ფრაზაც შემხვდა: ,,უკანასკნელი მოსავლის აღების დროა დამდგარი.’’ ამ ფრაზამ ამაღელვა და რა თქმა უნდა, საკუთარი ასაკის გამო დაფიქრების მიზეზიც მომცა. და რომ ვფიქრობდი, ჩემი თავისთვის შიშის რამენაირად გამოკვეთილი ნიშნები არ შემიმჩნევია.
შპიგელი: ბატონო გრას, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

საუბრები ლიტერატურაზე – ბესო ხვედელიძე


თეონა დოლენჯაშვილი
მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში რიგით სამოსნებად ვჩანვართ


- ლიტერატურულ ჟურნალს რედაქტორობ და ყოველთვიურად ალბათ, უამრავ ახალ ტექსტს ეცნობი. როგორ შეაფასებ იმას, რაც დღეს იქმნება. როგორები არიან მომავალი თაობის ავტორები? და საერთოდ, როგორია თანამედროვე ლიტერატული ტენდენციები?
- ჟურნალის რედაქტორობა არაა იოლი საქმე. მით უმეტეს ისეთისა, როგორიც “ლიტერატურული პალიტრაა”. აქ მრავლადაა სხვადასხვა რუბრიკა, რომლებიც ეხმიანება ბოლოდროინდელ საზღვარგარეთულ ლიტერატურულ თუ ტექნიკურ პროგრესს – ამ უკანასკნელში ვგულისხმობ ბოლო ხანებში ჩვენში ფეხმოკიდებულ ლიტერატურულ ინტერნეტ-საიტებსა და ნაირ-ნაირ პორტალებს. ჯერჯერობით მათი უმრავლესობის სახე ჩემგან უფრო მეტ სერიოზულობას საჭიროებს. როგორც ვამჩნევ ბევრ მათგანს ძლიერი, კრეატიული და პროფესიონალური რედაქტორული ფილტრი აკლია. ალბათ, ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან და ღირსეულად ჩაეწერებიან ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. საერთოდ კი, ძნელია ავტორებთან მუშაობა. განსაკუთრებით ისეთ დამწყებებთან, რომლებსაც, როგორც წესი, თავი თინეიჯერობის ასაკიდან გენიოსები ჰგონიათ (როგორც წესი სწორედ ასეთები ტოვებენ ამ ასპარეზს ნაადრევად). ჩემი მხრივ, დეტალებში მახსოვს, ნამდვილ, გამოწვლილივით რედაქტორულ მუშაობას კაი ათი-თორმეტი წლის წინ ვეზიარე, როდესაც ჯერ კიდევ დებიუტანტს მჭიდროდ მიწევდა თანამშრომლობა დიდებულ ლიტ-გამოცემებთან: “არილი”, “ალტერნატივა”, “ქომაგი”, “სუფთა წერა” და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს აღარცერთი გამოდის, თუმცა კი დარჩა ის ძველი, ნამდვილი გამოცდილება, მუშაობის ის ყველაზე უტყუარი მეთოდები. ისინი ერთგვარი სტიმული და სასარგებლო გამაღიზიანებელიც კი იყო რედაქციის მხრიდან ავტორებთან ურთიერთობაში. მეც ვცდილობ არ დამავიწყდეს ეს ცოდნა – ვაწუხებ ავტორებს, ვწერ, ვურეკავ, მოვიკითხავ, ვაგულიანებ... ამის გარეშე ძნელია ბევრ მათგანში ლიტერატურული ჟინის აღძვრა, ვინაიდან ბევრი სხვა რამითაა დაკავებული. მომავალს რასაც ვუყურებ, საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის – საინტერესო პროზაიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ “ლიტერატურულ პალიტრაში” პირველად დაბეჭდილები მიშა ბახსოლიანი, ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, ირაკლი ფაღავა... უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა ლადო კილასონიას სახით... ზემოთ ჩამოთვლილთა ძალიან დიდი იმედი მაქვს – უბრალოდ, აუცილებლად დაჭირდებათ ცხოვრებაში რძესა და ბულკზე მეტით გაზრდა, რომ ბევრზე მოუწიოთ ფიქრი, ჩარღმავება... სხვანაირად კარგი ლიტერატურა არც იქმნება. იმასაც დავამატებ, რომ არც ძველებს (უფროს თაობას) მობლაგვებიათ საბედნიეროდ კალამი, და ზოგი მათგანი იმ ასაკშიც შევიდა, საიდანაც როგორც ამბობენ იწყება კიდეც ნამდვილი პროზის წერა. საერთოდ კი კარგი, საინტერესო, მზარდი ლიტერატურა გვაქვს. ვინც არ მეთანხმება – გადაიკითხოს ამ ბოლო ოცწლეულში დაწერილი ქართული პროზა და პოეზია. ერთი უცხოეთისკენაა ფანჯარა შესაღები და დანარჩენს ისევ თავის ადგილზე დააყენებს უცხო თვალი და მომავალი. სკეპტიკოსებმა ცივი წყალი დალიონ – ბოლოს და ბოლოს ხომ წყალშია ჭეშმარიტება, რადგან ის არც ტკბილია და არც მწარე.
- რაც შეეხება უცხოეთში კარის შეღებას, რა არის ქართული ლიტერატურის ლოკალურობის მიზეზი? თავად ავტორების, ენის, თუ ეს უფრო თარგმნისა და საგამომცემლო პრობლემების ბრალია?
- ისევ და უფრო ენა, ენა და ენა. მისი მოქნილობა, გრამატიკული სირთულე, პლიუს მავან ძველთა ფეხებზემკიდიობა თუ უმეცრება ამ სფეროში ამ მომენტს ძალიან ავად დაეტყო. ქართული ენა დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთგვარი ჯავშანია. ამავდროულად ხომ დიდი ბარიერიცაა. მაგრამ არა მგონია, ამ ბარიერის არარსებობის შემთხვევაში, ის, რასაც ვწერთ და ვწერდით, რიგითი სამოსნის, პლებეის ადგილით დაკმაყოფილებულიყო მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში – ალბათ უფრო პირიქით. ეს უმკაცრესი “ენობრივი სავიზო რეჟიმი” უბრალოდ სასწრაფოდ გადასალახია. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდებიც ან დადასტურდება ან პირიქით. დასანანია, რომ სადაც ერს აქვს დიდი ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში – არ გიცნობდეს თითქმის არავინ მსოფლიოში. და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდეს, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან ქართულიდან ნებისმიერ უცხო ენაზე თარგმნის საქმე.
- ამობენ, რომ თითქმის აღარ იქმნება მცირე პროზა. შენი აზრით, რატომ აღარ წერენ ქართველი მწერლები მოთხრობებს?
- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას ვერანაირად. მე მგონი, თანამედროვე ქართველი მწერლები კარგ მოთხრობებს ზუსტადაც რომ წერენ, და უფრო რომანებშია არც მთლად ისე კარგად საქმე. პირად საზომად ჩემივე ხედვა მაქვს – ლამის არცერთი ქართული რომანის წაკითხვა არ მომინდებოდა, წინასწარ მათი მოკლე ანოტაცია რომ მცოდნოდა. ეს რა თქმა უნდა ყველა ტექტს არ ეხება. ისე – სიმართლე ითქვას, დღესდღეობით თანამედროვე ქართული ლიტერატურა მთელი ეპოქით და ათწლეულებით უსწრებს სათქმელით, გემოვნებით და სიღრმით სიტყვაზე ესოდენ ფსკერზე დაყვინთულ ქართულ კინემატოგრაფს. ამაში დასარწმუნებლად და ექსპერიმენტად უბრალოდ ამ ორივეს გულდასმით გადაკითხვა-გადათვალიერება გამოდგება – ბოლოს და ბოლოს უცხოეთში გატანა - ანუ უცხოს თვალით შეიძლება ამის გადამოწმება. და აღარ წერენო – ასე კატეგორიულად ვინ თქვა ნეტავ? ჩეხოვი და ბორხესი საფლავში უნდათ დააბზრიალონ? მე ვწერ, ზურა ლეჟავა წერს, ზაალ სამადაშვილი წერს, ბექა ქურხული წერს, ირაკლი ლომოური წერს, გურამ მეგრელიშვილი წერს, მარიანა ნანობაშვილი წერს, თეა თოფურია წერს, გელა ჩქვანავა წერს, ბაჩო კვირტია წერს, მაკა მიქელაძე წერს, თამრი ფხაკაძე წერს, რეზო თაბუკაშვილი წერს, დავით ქართველიშვილი წერს, მაკა ლდოკონენი წერს, მიშა ბახსოლიანი წერს, ნიკუშა ანთაძე წერს, თამთა მელაშვილი წერს, ნინო თარხნიშვილი წერს, ლადო კილასონია წერს, რატი რატიანი წერს. ხანდახან ლაშა ბუღაძეს და ზაზა ბურჭულაძესაც გაუვარდებათ ხოლმე ყარაულის თოფივით... ეს ამხელა რომანების წერაც რა გითხრათ – მე გრძელი სიტყვა მოკლედ მირჩევნია ვთქვა და მეორე კიდევ, სად მაქვს იმის დრო, რომ სამსაგვერდიანი ეპიკა ვაცხო. ახლა თუ დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი აღარ წერენ – მიზეზებზე სხვაგანაა გადასარეკი.
- მაგრამ წლის 15 საუკეთესო მოთხრობების კრებელების მიხედვით ამას ვერ ვიტყვით. თუნდაც, წლევანდელ კრებულს როგორ შეაფასებდი? რამდენად ასახავს ასეთი გამოცემები ჩვენს ლიტერატურულ სივრცეს და იმას რაც ამ სივრცეში ერთი წლის მანძილზე იქმნება? მე პირადად, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უფრო კომერციული პროექტია, ვიდრე ლიტერატურული.
- მეც უფრო ამ კრებულების აშკარა კომერციულობას გავუსვამდი ხაზს, ვიდრე მათ წმინდა ლიტერატურულ ღირებულებას. ამაში ბოლო კრებულის მაგალითზე შეიძლება დარწმუნდეს ლიტერატურაში ნორმალურად ჩახედული და გემოვნებიანი ადამიანი – ეს ხომ მხოლოდ ერთი გამომცემლობის სუბიექტური და კომერციული გემოვნებით შედგენილი წიგნია. ეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავთ ამ გამომცემლობის უფროსებს. დარწმუნებული ვარ – იგივე ტიპის წლევანდელ პროექტში მეტწილად სხვა მოთხრობები მოხვდებოდნენ – რომ შეედგინა ეს კრებული გამომცემლობა “დიოგენეს”, “საარს”, “სიესტას”... იგივე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს - ანუ მათ რომ სულ სხვა რედაქტორ-შემრჩევები ჰყოლოდათ მივიღებდით სულ სხვა შედეგს. უბრალოდ, სხვა ალტერნატიული წლიური კრებულის კრებული განსაზღვრავს “15 საუკეთესოს” პოპულარობას. დარწმუნებული ვარ, ამ კრებულის რეიტინგი განახევრდებოდა, მსგავსი ლიტერატურული წამოწყება სხვებსაც რომ შემოეთავაზებინათ. თან ისეთივე ან უფრო დიდი პიარით. ისე კი, მსგავს პროექტებს მუდამ აშკარა სუბიექტურობის დაღი აზის, და სიმართლე ითქვას, ვინაა რომ მთლად ობიექტური და შეუმცდარი ამ პლანეტაზე...
- კომერციასა და ლიტერატურაზე საუბარი რომ განვაგრძოთ. უნდა ვაქციოთ თუ არა წიგნი კომერციის ნაწილად? და უნდა იფიქროს თუ არა მწერალმა ამ მიმართულებითაც. შენ თავად ფიქრობ?
- მე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავებდი ლიტერატურაში, ელემენტარულად უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს და არ მიწევდეს პარალელურად ორ ტელევიზიაში მუშაობა საკუთარი თავის შესანახად. მოგეხსენებათ, ენერგიათა აქეთ-იქით, პარალელურ რეჟიმში ფლანგვა მაინცდამაინც ბევრ არაფერს იძლევა, როგორც ორი კურდღლის გაშმაგებული დევნა მხოლოდ წყვილი ფეხით, მაგრამ იქ მკითხველი გაიაფდაო, აქ წიგნებს აღარ კითხულობენო, 25 წლის ქვემოთ “წ”-ს და “შ”-ს გარჩევა უჭირს თაობასო. ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი და სასარგებლო გამოსავალი იქნება დიდი პიარ-კამპანიის ჩატარება – რომლის შედეგადაც ქვეყანაში უბრალოდ ისეთივე სირცხვილად და უზნეობად იქნება უწიგნურობა მიღებული, როგორც პირდაუბანლად ან საჯდომგამოფხრეწილად ქუჩაში სიარული.
- თემას გავაგრძელებ და ბესტსელერების სპეციფიკაზე მინდა გკითხო. რა ტიპის წიგნები ხდებიან დღეს თანამედროვე მსოფლიოში ბესტსელერები? რა ნიშანი გამოარჩევს მათ?
- ხშირად მიწევს ლიტერატურულ ფესტივალებზე ყოფნა და უკვე აგერ 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. იქ უპირველესად ამ სფეროთი ვინტერესდები, მყავს უამრავი კოლეგა და მეგობარი, გამომცემელი და რედაქტორი. რასაც ვატყობ – მათი რეკომენდაციები ძალიან ახლოსაა ჰოლივუდის კინო-მრეწველობის ბოლო ნამუშევრების შინაარსთან: – გლობალური კატაკლიზმები, პლანეტარული პრობლემები, ადამიანთა ფიზიკური გაჩანაგების შიში, უცხოპლანეტელთა შემოსევა, მასობრივი ვირუსები, შავზე ბნელ იუმორში გადასული პორნოგრაფია თუ ინცესტი... მოკლედ თუ კინემატოგრაფს დავუკვირდებით – ამ მიმართულებით შექმნილ უცხოურ პროდუქციას გაცილებით მეტი მაყურებელი ეტანება ვიდრე პროზად დაწერილ რომანტიკულ სასიყვარულო ვოდევილებს თუ ჩაგრული ადამიანების ჩივილს საკუთარ ბედუკუღმართობასა და სამყაროს უკმაყოფილებაზე. ამ ტიპის მოთხოვნებმა საზღვარგარეთ ძალიან წინ წაიწია, თუმცა ამ მიმართულებით მე ქართულ ლიტერატურაში დიდ მუშაობას მაინც ვერ ვხედავ – მახსენდება ჩემი მხოლოდ ორი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა დედამიწიდან მასობრივ ემიგრაციაზე (ერთ-ერთი 2002 წლის პენ-მარათონზე” დაიწერა და ლაურეატადაც აღიარეს)... მეტწილად კი, რაზეც ჩვენში იწერება – რაღაც ყავლგაცლილი რეალიზმი, პოეტური კიჩი ან ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერილი “მართლა მომხდარი ამბებია”.…კიდევ კაი მანდ არა ვარ, თორემ ნამდვილი ამბების მოყოლა რომ ასე ძალიან მნდომებოდა “კურიერში” ან “მოამბეში” უფრო სიამოვნებით და წარმატებით დავიხარჯებოდი ჟურნალისტად. იქ ხომ, როგორც წესი, იმას ჰყვებიან – აგერ გუშინ რომ სადღაც რაღაც მოხდა და დედა რა გვეშველება... ნუ ეს მდაბიო და ქვითკიროვანი შეხედულებაც ვისი მოტანილია თავის დროზე?.. მე რასაც დავაკვირდი, ძირითადად ისევ ამ სფეროში დროებით მობანავე ვიღაც უნიჭო და შემთხვევითი ადამიანების. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთებს უბრალოდ არ აქვთ წაკითხული არც გარსია მარკესი, არც ფიოდორ დოსტოევსკი, არც ბორხესი, არც კამიუ და სარტრი, არც ჰამსუნი, არც რუსთაველი, არც ოთარ ჭილაძე და არც მილან კუნდერა, არც სოროკინი, პელევინი, მამლეევი თუ მილორად პავიჩი... რაღაც ძალიან იმატა ამ ბოლო დროს უწიგნური მწიგნობრების რიცხვმა საქართველოში. მე სხვა ნავში ვზივარ, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს და გვაცალეთ ბატონო...
- ცოტა ხნის წინ ატეხილ აჟიოტაჟსა და ახლაგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნზე რომ ვისაუბროთ. ამგვარი სტარტი საზიანოა იმისთვის, ვინც მწერლობას აპირებს, თუ პირიქით?
- ერეკლეს კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ნაკითხი, ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნამდვილი და ძარღვიანი ლიტერატურული ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩვეულებრივ რეალობაში თუ კიდევ უფრო მეტს ნახავს და გადაიტანს, გაცილებით მეტი სიღრმე ექნება ყოველ მის დაწერილ ნაწარმოებს. ეს არა მხოლოდ მას, ყველა იმ დებიუტანტს ეხება, ვინც გარისკა თავში და ისეთ საპასუხისმგებლო და სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი, როგორიც მხატვრული ტექსტის წერაა. მე ერეკლეს გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი, საკმაო შინაგანი ენერგია აქვს საიმისოდ, გაუძლოს ბევრს – დაუმსახურებელ წიხლს თუ კუპრნარევ თაფლს, კიდევ უფრო იმუშავოს საკუთარ თავზე, გახსნას ის სიღრმეები რაც ბევრისთვის მთვარეზე ექსკურსიის ტოლფასია ხოლმე.
- შენი ბოლო პროზაული კრებული “თაგვის გემო” ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტთა შორისაა. ამ პრემიის არსებობის მანძილზე შენ იყავი პირველი, ვინც საუკეთესო პროზაული კრებულების ნომინაციაში ეს პრემია აიღო. როგორ განვითარდა ამ წლების მანძილზე მწერალი ბესო ხვედელიძე? რა დაკარგა და რა შეიძინა მან. როგორია შენი ლიტერატურული სახელოსნო. როგორ წერ?
- “საბა” საჭირო ლიტერატურული წამოწყება იყო. ის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ქომაგი აღმოჩნდა, არამედ 90-იან წლებში ნავთის სუნზე და უშუქობაში დროგატარებული ერისთვის ახალ საუკუნეში მთავარ ლიტერატურულ გზამკვლელვად იქცა. მან ბევრ ავტორს, ბევრ კონკრეტულ წიგნს (და არა მხოლოდ გამარჯვებულს) გაუკეთა კარგი რეკლამა. ბევრი ხელჩაქნეული ადამიანი მიიყვანა კარგ წიგნთან და გადაატანინა რაღაც ძალიან პირადი ტკივილი. ზოგიერთთა ქილიკს ამ პრემიის მიმართ ალბათ მხოლოდ სუბიექტური ახსნა აქვს. უმრავლესობა მათგანი ხომ შინაარსობრივი არადამაჯერებლობის, ზერელეობის თუ კულუარულ ამბებში ჩაუხედაობის გამო ვერაფრით იქცა სიტყვაზე პრემიის ჟიურის მუშაობის პროფესიონალურ კრიტიკად და სერიოზულობამდე ოდნავადაც ვერ ამაღლდა. მე რაც შემეხება, შევიძინე ცხოვრების 7 წელი, უამრავი საინტერესო ადამიანი, წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი. მოვიარე რიგი ქვეყნები. ვწერ ყველგან სადაც მომიხერხდება – ტრანსპორტში, საწოლში, იატაკზე, წამოწოლილი, ზეპირად. ასევე ერთი აპრობირებული მეთოდი მაქვს მოთხრობებთან დაკავშირებით, რომლებიც თავში მწიფდებიან ისტორიებად – რაღაც ხნის შემდეგ მათ აუცილებლად ვუყვები ზეპირად ახლო მეგობრებს და ამით ვამოწმებ მათ დრამატურგიულ, კომპოზიციურ მდგრადობას. დაწერა უკვე სპორტი და უბრალო ხელობა ხდება, როდესაც იცი, თუ რა უნდა დაწერო. ჩემთვის ეგრეა და სხვა არ ვიცი როგორ წვალობს... ბოლო კრებულში, რომელიც აგერ “საბას” შორტ-ლისტში მოხვდა, 17 მოთხრობაა, რომელთაგან არცერთი არცერთ წიგნშია არაა შესული. ძირითადი ნაწილი დაიწერა ბოლო 2-3 წლის მანძილზე და ქვეყნდებოდა პერიოდიკაში. ჭრელი კრებული გამოვიდა, წინა კრებულთან შედარებით, სადა რაღაც გარკვეულ კონცეფციას ემორჩილებოდნენ იქ შესული ტექსტები. აქ ბევრი ნახავს თავის მოთხრობებს – სისხლი გინდა – ვედროებით, ბატონო... დიდი ღალატი, ნამდვილი სიყვარული, პარალელური სამყაროები, სიზმრების სამყარო, სექსი, მკვლელობები, გაუკუღმართებული ზნეობა და პატარკაცობა, მოსაფხიზლებლად გაწნული ალიყურები, ცრუ-პატრიოტიზმი და ძალიან ბევრი ფსევდო-თვისება – პერსონაჟები მეტწილად უარყოფითები, ანუ საუკეთესო მაგალითები – თუ როგორი არ მინდოდა არასდროს ვყოფილიყავი... ესაა და ეს.
© Weekend

საუბრები ლიტერატურაზე – გივი ალხაზიშვილი


თეონა დოლენჯაშვილი
ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის არდანახვაც


- ახლახანს ორი ახალი წიგნი გამოეცით. პოეტური კრებული და “მომავალი წარსული”, რომელიც ჩვენს რეალობას და უახლოეს წარსულს ასახავს...

- თითქმის ნებისმიერი ინტერვიუ სახელდახელო საქმეა და ამავე დროს საჩოთირო, მეტადრე თუ საინტერვიო განწყობილება არ აქვს რესპონდენტს, მაგრამ განსაკუთრებულ ვითარებაში გამოავლენს თავს პოეტი. ცხადია, გოეთეს ეს სენტენცია არ გულისხმობს ინტერვიუს და მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა წერის პროცესში შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, კონვენციის სრულყოფილად ფლობის აუცილებლობა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თითქმის გამოუვალ ვითარებაში, როცა ერთი ზუსტი სიტყვა ან სხვა რამ ხერხია მოსაძებნი და ვერსად პოულობ.
გოეთეს ამ სენტენციაზე, ალბათ, კიდევ მოგვიწევს საუბარი, მაგრამ თუ გადამავიწყდა, შეკუმშულად აქვე მოგახსენებთ. დაწუნებულია ყოველგვარი კონვენცია ავტორთა დიდი ნაწილისგან, რადგან უკონვენციო სივრცე უკონტროლო თავისუფლებას ანიჭებს პოეტს, თუმცა თავისუფლებით მონიჭებულ უნაპირობას თუ უპასუხისმგებლობა და ნაკლული ნიჭი დაემატება, საქმე ეგრევე უკუღმა მიდის. კონვენციის ათვისება ძნელია, თან პროსოდიის ფლობას მუსიკალური სმენაც ესაჭიროება, ამიტომ იოლია ეგრევე უარი თქვა კონვენციურ “ჩხირკიდელაობაზე” და წერო თავისუფალი ლექსები. საკუთარი სისუსტის გასამართლებლად აუცილებელია კონვენცია გოიმობად გამოცხადდეს, ხოლო ვერლიბრი ნოვაციად მოინათლოს.
სამოცდაათიან წლებში მეც ინტენსიურად ვწერდი არაკონვენციურ ლექსებს, ე.წ. რითმიანებსაც და ჩემთვის ამ ფორმების ფლობას არასოდეს ხელი არ შეუშლია, პირიქით საშემსრულებლო შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანდება.
როგორც იქნა მივაღწიე შეკითხვამდე. “100 ლექსი” “ინტელექტმა” გამოსცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლობის მესვეურებს. ამ წიგნის შედგენისას მივხვდი, როგორი უნდა იყოს მომავალი რჩეული, რადგან “100 ლექსი” მხოლოდ რჩეულის პრინციპით არ შემიდგენია. გავითვალისწინე ორმოცწლიანი დინამიკა; ე.წ. ჰერმეტული პერიოდი, ვერლიბრის აღზევების ხანა, კონვენციური ლექსის ნაირსახეობები, რამდენიმე ლექსი “ქაცვიას დღიურიდან” და ვერბლანის ციკლი, რომელიც გასულ საუკუნეში წამოვიწყე და ამჟამად უფრო ბუნებრივი და სტილისტურად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ჰერმეტულ პერიოდში ვგულისხმობ იგავურ პოეზიას, ნახევრღიაობას და შეფარულ ანტისაბჭოთა რიტორიკას. წიგნში - “მომავალი წარსული”, რომელიც გამომცემლობა “სიესტამ” გამოსცა და აგრეთვე მადლობელი ვარ ამ გამომცემლობის, ამ თემებზეც ვწერ და აღვნიშნავ, რომ არსებობდა ორგვარი კონიუნქტურა - საბჭოური და ანტისაბჭოური. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ანტისაბჭოური კონიუნქტურაც შემზღუდავი და ხელისშემშლელი გახლდათ, თუმცა “100 ლექსში” რამდენიმე ლექსი მაინც შევიტანე, როგორც იმ ეპოქის ნიშანი.
“100 ლექსი” მოიცავს ჩემი პოეტური სიცოცხლის ორმოცწლიან პერიოდს. “მომავალი წარსული” ამავე დროს ასახავს, ოღონდ მხატვრულ-დოკუმენტური პროზაა და ეს ორი წიგნი ერთმანეთს ავსებს.
“მომავალი წარსული” თვალში არ მოუვიდა საბჭოთა ინტელიგენციას და მოწითალო ტიპებს, საბჭოთა დროს რომ მისტირიან, მაგრამ მე ამაზე ვერ ვიდარდებ და არც მენაღვლება ჩადუღაბებული ტვინები რას განიცდიან.

- როგორია ჩვენი რეალობა და პოეზიის ადგილი ამ რეალობაში?
- ჩვენი რეალობა ისეთია, როგორიც არის. ჩვენს სინამდვილეშიც უცვლელია : კეისარს კეისრისა, უფალს უფლისა.
კეისარს კეისრისა და ზოგი გეისრისა. ასეთი ხუმრობაც არსებობს.
პოეზიის ადგილი ამ რეალობაშიც არის, რადგან პოეზია, როგორც ნესტეროვი აღნიშნავდა რამდენიმე წლის წინათ, ყოველთვის პოულობს თავის ადგილს და გამოხატვის ფორმებს. თუ იმ ტირაჟებით აღარ გამოდის წიგნები, როგორც საბჭოეთში გამოდიოდა, სრულებით არ არის გასაკვირი. მაშინდელი ტირაჟები სინამდვილეს არ გამოხატავდა, ისევე ტყუოდა, როგორც მაშინდელი რეჟიმი.
აბა, სად გაგიგიათ ოთხმოციათასიანი ტირაჟით გაყიდული და მეტადრე წაკითხული “ულისე”?! ეს მხოლოდ ჩვენში მოხდა საბჭოურ ხანაში.
პოეზია და მისი მკითხველი ძალიან რთული თემაა და ამაზე სხვა დროს შეიძლება საუბარი. ერთს კი ვიტყვი - ვითომპოეზია, რომელიც სადღეგრძელოებსა და დღესასწაულებზე გამოდგებოდა “ტუშის” თანხლებით ან თუშის სანაცვლოდ, დღეს ნაკლებად ან სულ აღარ იწერება. ამ ტიპის “ვირშებზე” ჩვენში ახლაც არის მოთხოვნა და კიდევ “უწმაწურ ლექსებზე” ანუ კნინ შაირზე. სერიოზული და მაღალი დონის პოეზია ისედაც ცოტაა და თავის მკითხველი ყოველძთვის ჰყავს.

- თქვენ მშვენივრად აფასებთ წარსულს, იმას რაც იყო და ამავე დროს ერთ-ერთი ის შემოქმედი ხართ, რომელიც განსაკუთრებით ახლოს დგას ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან. ამიტომ თქვენ ყველაზე უკეთ მოახერხებთ შეაფასოთ ლიტერატურის პოეზიის გუშინდელი და ხვალინდელი დღე. რა იყო, რა არის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
- ამ სხვაობაზე უნებურად პირველ შეკითხვაში ვისაუბრე. სტილისტიკა მთლიანად შეიცვალა უახლეს პოეზიაში და მიიდრიკა თვითნასწავლობისა და ნაივურობისკენ, უარი ითქვა კონვენციაზე და პოეზია თავშესაფრად და მხოლოდ საკუთარი მეს გამოხატვის საშუალებად იქცა. ამან განაპირობა მკითხველისა და პოეტის დაშორება, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არ ვიცი, რამდენად აინტერესებს მკითხველს მთხზველის გაუთავებელი წუწუნი მის სულიერ თუ სექსუალურ პრობლემებზე... ამიტომ პოეზიის ერთი, უარესი ნაწილისთვის ლექსების წერა თვითმომსახურების ანუ ავტო-ფსიქო-თერაპიის საშუალებაა. მაგრამ ასე არ არის საქმე მთელ უახლეს პოეზიაში.
არიან უაღრესად საინტერესო პოეტები ახალ თაობებში. მე მათ ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ სიის ჩამოწერისგან თავს შევიკავებ, თუნდაც იმიტომ რომ ვინმე გამომრჩება და უნებლიეთ გულს ვატკენ, როგორც ეს უკვე მოხდა არაერთხელ.
ახალ თაობებთან შესაძლებლობის ფარგლებში ვახლობლობ, ვეცნობი მათ შემოქმედებას და ეს ორმხრივად სასარგებლოა. არ უნდა არსებობდეს სრული გაუცხოება თაობებს შორის, მეტადრე ძველებსა და ახლებს შორის, რადგან ტრადიციის უწყვეტობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, რამდენად შევძლებთ კლასის შენარჩუნებასა და განვითარებას. ლიტერატურული სკოლები კარგახანია მოიშალა ჩვენში და მის სანაცვლოდ შეიქმნა “ინერციის მორჩილთა დასები”. ასე პირობითად ვამბობ იმათზე, ვინც არაფერს სწავლობს და არც აპირებს რაიმეს წაკითხვას და უკვე გენიოსის პრეტენზიები აქვს და მისი წარმოდგენით, იგი მკითხველი კი არა, მხოლოდ მწერალია.
ახალგაზრდებთან ურთიერთობა “ცისკრიდან” დაიწყო. თამაზ ბაძაღუა, რუსუდან კაიშაური ანდრო ბუაჩიძე, ომარ თურმანაული, ელა გოჩიაშვილი, ბათუ დანელია, გიგი სულაკაური და სხვანი, ჩემზე უმცროსები იყვნენ და დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. სამოცდაათიანის მიწურულის და ოთხმოციანი წლების ამბებს ვიხსენებ. ხოლო 90-იან წლებში დამიახლოვდნენ ზვიად რატიანი, მალხაზ ხარბედია, გიორგი ლობჟანიძე, ლელა სამნიაშვილი, ხოლო მოგვიანებით ბესო ხვედელიძე, შალვა ბაკურაძე, სოფო კვანტალიანი, მადი სერებრიაკოვა, მაია სარიშვილი, დათო ქართველიშვილი. სიებს ვერ მოვეშვი და ვინმე დამავიწყდა, ალბათ, მექანიკურად, რისთვისაც მოვუბოდიშებ ყველას.. ახლა გიორგი კეკელიძის და დიანა ამფიმიადის, ნათია ნაცვლიშვილის, ეკა ქევანიშვილის, კატო ჯავახიშვილის, პაატა შამუგიას, სანდრო ლორთქიფანიძის, ვარადას და ქეთი თუთბერიძის თაობა გამოიკვეთა და თავის სიტყვას ამბობს.
არიან შედარებით უფროსები ნატო ინგოროყვა, დარეჯან სუმბაძე, ნუციკო დეკანოზიშვილი, ზაზა ბიბილაშილი და გიორგი საჯაია.
დროდადრო პატარა რეცენზიებს ვწერ ახალი თაობის მწერალთა წიგნებზე. თუ შედარებით ძველ პუბლიკაციებსაც გავიხსენებ ჩამონათვალი გაიზრდება და ბიბლიოგრაფიულ ცნობარს დაემსგავსება ეს ინტერვიუ. ვფიქრობ, ჩემი რეცენზიები და ესეები ერთ წიგნად შევკრა მომავალში და იქ გამოჩნდება მკაფიოდ რა დამიწერია რეზო ინანიშვილზე თუ თეონა დოლენჯაშვილზე და ა. შ.
როცა სხვაობაზე ვსაუბრობთ ძველ და ახალ პოეზიას შორის, ძველში ვგულისხმობ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, ყურადღებას იპყრობს ერთი უცნაური რამ - თუ ადრე პოეზია, პოეტი ორიენტირებული იყო ფართო მკითხველზე ან შედარებით ფართო მკითხველზე, ახლა პოეტი ნაკლებად უწევს ანგარიშს ფართო მკითხველს და ორიენტირებულია მოდის განმსაზღვრელ თემებზე, სტილისტიკაზე, ინტონაციებსა და მახვილებზე. Eეს დაკვეთები სუბკულტურული წრეებიდან მოდის და შერეულია ფსევდო-სნობურ გემოვნებასთან. ახლა კარგად “იყიდება” სიურელისტური ალუზიები და სუიციდის თემაზე შექმნილი რემინისცენციები. საერთოდ, ხშირად წავწყდომივარ ლიტერატურულ საიტებზე სუიციდის განდიდებას და ხოტბას. ეს თემა, საერთო ტენდენციები ცალკე უნდა გამოკვლიონ რიგ შემთხვევაში ლიტმცოდნეებმა, ზოგჯერ კი ფსიქოლოგებმა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ფსიქიატრებმა.
კიდევ ვიმეორებ, მე ვსაუბრობ ავტორთა ფართო წრეზე და არა იმ საუკეთესო ნაწილზე, ვინც აქტიურად მონაწილეობს არა მხოლოდ ერთი თაობის, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში.

- ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში იყო რამდენიმე ცდა გალაკტიონის შემდგომი პოეტური სივრცის განსაზღვისა. თუნდაც, ზაზა შათირიშვილის ცნობილი წერილი რომ გავიხსენოთ. თქვენი აზრით, რა ორიენტირები მოინიშნა ქართულ პოეზიაში და რა გზა უნდა აირჩიოს თანამედროვე ქართულმა პოეზიამ
- რამდენიმე ცდაში თქვენ, ალბათ, გულისხმობთ გურამ ასათიანის ცნობილ სტატიას და როგორც აღნიშნავთ ზაზა შათირიშვილის გახმაურებულ წერილს. ზაზა შათირიშვილის წერილი აბსოლიტურად განსხვავდებოდა გაბატონებული “სტერეოტიპული სპისოკებისგან”, რამაც კულუარებში გამოიწვია მრისხანება და სასტიკი შეძახილები, რისი სუსტი ექოც გახლდათ მასთან თითქოს მოპაექრე თუ მოსაუბრე ავტორების გამოხმაურება”ლიტერატურა”-ში. სამწუხაროდ, დისკუსია არ გაიმართა, ვერ შედგა, რადგან ერთი ავტორის წერილი საკუთარი სიბრაზის დემონსტრირება იყო, ხოლო მეორესთან მსუბუქი საუბარი უფრო ფლირტს წააგავდა, ვიდრე ლიტერატურულ დისკუსიას, ხოლო ანდრო ბუაჩიძის ესეიც განაწყენებულ ინტონაციას ამჟღავნებდა, არაფერს ვიტყვი ქალბატონ ლალი ავალიანის წერილზე, მაშველი რგოლივით რომ ჩააწოდეს რომელიღაც განაწყენებულ ავტორს.
სტერეოტიპის ხელისხლება ურთულესი საქმეა ჩვენში. არ დავიწყებ იმის გარკვევას სწორია თუ არა ზაზა შათირიშვილი?! ვიტყვი მხოლოდ ერთს: ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას სრული უფლება აქვს იარსებოს, ისევე, როგორც მოსალოდნელ, ახალ, განსხვავებულ და მკვეთრ შეხედულებას ქართულ პოეზიაზე.
ასე რამ გაამწარა ეს ხალხი?! შათირიშვილმა რა, დეკრეტი გამოსცა თუ საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა პარლამენტში?! Gეს მისი აზრია . არა აქვს უფლება თავის აზრი ჰქონდეს.
კარგახანია ქართული პოეზია გავიდა გალაკტიონის ჩრდილიდან და ეს ძალიან კარგია, რადგან ინერციისა და ეპიგონობის პერიოდი უნდა დასრულებულიყო. ამით, ცხადია, გალაკტიონს არაფერი დაკლებია, უბრალოდ, ქართული პოეზია სხვა გზით მიდის და მისი მკითხველიც ახალ პოეზიასთან ერთად ყალიბდება, თითქმის ჩამოყალიბდა.

- იცვლება დრო და იცვლება ფორმები. ერთგან თანამედროვე ფანკლუბებსა და სუბკულტურულ თავშესაფრებზე წერდით. ერთგვარ პოეტურ სექტებზე და მათ მიმდევრებზე... საჭიროა თუ არა მათი არსებობა პროცესისთვის?
- თანამედროვე მსოფლიოში სუბკულტურული ურთიერთობები დამკვიდრდა და
ჩვენშიც ჩამოყალიბდა სპონტანურად რამდენიმე სუბკულტურული ჯგუფი. ეს გარდაუვალია, სუბკულტურა თან სდევს ლიტერატურის ფრაგმენტაციის პერიოდს, რომელიც კარგახანია ჩვენშიც დაიწყო. Fფან-კლუბები არსებობენ ასევე სპონტანურად, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, როგორც უნდა იყოს, მხოლოდ ასწორებს, მაგარია და მევასებას დონეზე. ვისაც ვინ უნდა ის უყვარდეს, აიკვიატოს, დაიზეპიროს, საწოლთან სურათი დაიკიდოს და წარმოსახვაში რაც უნდა ის უყოს, ეგ ჩემი საქმე არ არის, რადგან იქ არ ჭაჭანებს სერიოზული ლიტერატურა და ცოდნა და ამიტომ არც მაინტერესებს.
ლიტერატურული სექტა ვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არაა აუცილებელი ლიტერატურული სკოლების მიღწევებს ფლობდე ან აითვისო და ნულიდან არის შესაძლებელი ახალი პოეზიის შექმნა, ისე რომ ძველი მიღწევების ათვისება, ცოდნა არ არის აუცილებელი. Aამიტომაც, ისინი მხოლოდ თვითნასწავლობას ანიჭებენ უპირატესობას და კონვენციას რუტინად ნათლავენ, რადგან თვითონ ვერაფერს გახდნენ კონვენციასთან და უნაგირი დაამტვრიეს, ხოლო დაუძლეველი კონვენციის ალტერნატივად და ნოვაციად ესახებათ მხოლოდ არაკონვენციურობა ანუ სრული თავისუფლება. ეს მარტივი სქემა ზარმაც მოსწავლეებს თავის გასამართლებლად სჭირდებათ. ასე იქცა ვერფლობა ნოვაციად და ფლობა გოიმობად.
ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებული ლიტერატურული ჯგუფები კარგახანია დაინტერესდნენ იმ ლიტერატურული სკოლებით გასული საუკუნის დასაწყისში რომ არსებობდა და ახლა სწავლობენ მათ მიღწევებს და განვლილ გზებს. აქ, ჩვენში, ამის სწავლა არ არის საჭირო, რადგან თვითნასწავლობა და ნაივურობაა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი და საკმარისია.
სამოც წელს რომ გადავცდი, მივხდი, რომ კამათი უაზრობაა და აღარ ვკამათობ. არ ვაციტირებ, უბრალოდ, მეხსიერებაზე დაყრდნობით ვიხსენებ კონფუცის ნააზრევს. ვიმეორებ ამ სიტყვებს და ვაღიარებ, რომ აღარ მინდა არავითარი კამათი და ვისაც რა უნდა ის წეროს. დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ნიჭი არ იკარგება. თუ ცოტას მიეშველები გზის გაკაფვაში, ამას რა ჯობს. მგზავრმა თუ ვიწრო გზა მიატოვა და ფართო გზებზე მოისურვა ბოდიალი, თვითონვე დაზარალდება. რაც მწერლობაში დაუშვებელია და საშინლად ამაზრზენია გამუდმებული კომპრომისების შეჩვევა, გაიოლებული გზების ძიება და გაძრომა-გამოძრომა. ჩალიჩში მწერალი კვდება, ნადგურდება საბოლოოდ.
როგორც ჩანს, ბაზარსაც უნდა გაუწიოს ანგარიში მწერალმა, უნდა შეძლოს არსებულ რეალობაში მკითხველის მოპოვება და საინტერესო წიგნის შექმნა.
- ტელევიზიის მიერ შექმნილ მწერლებსა და პოეტებზე რას იტყვით?
- ჩვენში, სხვაგანაც, ტელე-რეკლამები ქმნიან სახელებს და აპიარებენ წიგნებს. ტელევიზია განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებსაც და რა გასაკვირია, რომ ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის დანახვაც ან არდანახვა?! აქ კი ჩვენი ჟურნალისტები მხოლოდ ცნობად სახეებს დასდევენ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე მწერლობაზე.
მახსოვს იყო საუბარი საზოგადოებრივ არხზე ცალკეულ წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას შესწეოდნენ უფასო რეკლამებით. ეს პრეზიდენტის იდეა გახლდათ და რამდენიმე მწერალთან ერთად ბატონმა კულტირის მინისტრმაც მოისმინა. ვიმედოვნებ ამ წინადადების შესრულება შეუძლებელი არ არის და ვისავ ეხება გაიხსენებს.
- მხოლოდ ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და როგორც ჩანს, ძალიან ადრე დავკარგე პოეტური ბუნება და პროზაული ადამიანი გავხდი. ამიტომ შეიძლება ბანალურად, ან უჩვეულოდ მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა. მაგრამ მაინც... როგორ ხდება ეს - დაწერო ლექსი? შექმნა მაღალი პოეზია. და არა თუ დაკარგო, არამედ გაამრავლო და გააღრმავო ის სიყვარული, რაც უმთავრესი მასალაა პოეზიისთვის.
- რატომღაც დავუკვირდი, რომ შენ უფრო ხშირად კამერულ პოეზიას იწონებ, ლირიკულ ინტონაციებს მიაგებ პატივს. ამას მივხვდი იმ ლექსების მიხედვით, რომელიც შენ მოგწონდა საიტზე. მრავალი ავტორის ლექსს ვგულისხმობ და არა რომელიმე ერთი პოეტის შემოქმედებას. ეს სავსებით გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მარტივად გიპასუხებ: რადგან სიყვარულსა და პოეზიას შორის ტოლობის ნიშანი დასვი, იქით შეგეკითხები: სიყვარული ხომ განახლებადი და მრავალჯერადია?! ასეა პოეზიაც.
- ასეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ პოეტური ცხოვრება მუდმივად რაღაც განსაკუთრებულ ემოციურ ტალღაზე არსებობაა. პოეტი მღელვარე, მუდმივად შეყვარებული, ახალი ემოციით, ხმით, ფერით, ამბით სავსე უნდა იყოს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ყოველივე ეს?
-შეიძლება გამოირჩეოდეს ენამახვილობით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით, გადამდები სიყვარულისკენ სწრაფვით და ა. შ. მაგრამ ამ თავგადასავლებში ლეგენდებიდან უფრო მეტია მოხმობილი, ვიდრე რელობიდან. საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სტრეოტიპი, მითოსური ნარევი, პანთეონური ლეგენდები და ა. შ. ოცდამეერთე საუკუნეში
მხოლოდ ღიმილს იწვევს.
- “ჩემი დრო მიდის, შენი დროც წავა
მოვა სხვისი და ისიც გაქრება
ამაოების უძველეს წამალს
ვსვამ დღეში სამჯერ,
ვერ ინამქრება...”
შემოქმედებაა ამაოების წამალი?

- დიახ, შემოქმედება ამაოების ნაყოფი თუ ნაწილია და ამავდრულად წამალი. Mმგონი გაუგებრად ვსაუბრობ... ამის ახსნას ერთი წმიდა მამის კომენტარით შევეცდები: ამაოება უკეთესი მომავლის იმედია. როგორ არის ამაოება უკეთესი მომავლის იმედი, ამაზეც არსებობს პასუხი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს და სხვა დროს ვისაუბროთ.
- შეგვეძლო ლექსის ციტირების გაგრძელებაც, სადაც ანკლავების “ამპუტინებაზეა” საუბარი..
- შეგვეძლო, მაგრამ თქვენ არ ჩათვალეთ საჭიროდ. რაც შეეხება ანკლავების “ამპუტინებას,” ჩემი ღრმა რწმენით, დროებითი მოვლენაა და ამ ლექსმაც აირეკლა, როგორც ავი სიზმარი.

© Weekend

ორლანდო ფაიჯესი – ნატაშას ცეკვა – რუსეთის კულტუროლოგიური ისტორია


,,ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტუროლოგიური ისტორია” (2002) დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რუსისტის, ბრიტანელი ორლანდო ფაიჯესის დაახლოებით შვიდასგვერდიანი წიგნია, რომელიც წვდომის მასშტაბურობით და სიღრმით მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. რუსი ხელოვანების ბედი მას რუსეთის უნიკალური ისტორიის – პეტრეს ნებით შექმნილ, არაბუნებრივ, თუმცა, ზოგი თვალსაზრისით, აღმაფრთოვანებელ, და როგორც ჩანს, დასაღუპად განწირული ცივილიზაციის ჭრილში, რომელსაც ავტორი დროდადრო ფანტასმაგორიადაც კი წარმოაჩენს. აქ, პირობითი სათაურებით, შემოკლებით, რამდენიმე რუსი მწერლის მის მიერ დანახულ დრამას გთავაზობთ.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

კულტურის ისტორიკოსებს რუსეთი მისი მხატვრული ზედაპირული სიბრტყის უკან შეჭვრეტის სურვილს უღვიძებს. უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში, პარლამენტისა და თავისუფალი პრესის არარსებობის პირობებში, ხელოვნება რუსეთში პოლიტიკური, ფილოსოფიური და რელიგიური დებატების ასპარეზად იქცა. ტოლსტოი თავის ნარკვევში ,,ორიოდე სიტყვა ,,ომის და მშვიდობის" შესახებ" წერდა, რომ რუსული მხატვრული პროზის უდიდესი ნიმუშები, ევროპული გაგებით, რომანები არც იყო. ისინი უფრო სიმბოლური ვარაუდების უზარმაზარ პოეტურ სტრუქტურებს ჰგავდა, ლაბორატორიებს, სადაც იდეები იცდებოდა და ისინჯებოდა; ისევე, როგორც მეცნიერება და რელიგია, რუსული პროზაც ჭეშმარიტებას ეძიებდა. მისი გამაერთიანებელი სუბიექტი თვით რუსეთი იყო, მისი რაობა, მისი ისტორია, მისი ზნე-ჩვეულებები, სულიერი არსი და ხვედრი. ქვეყნის შემოქმედებითი ენერგია თითქმის მთლიანად მისი ეროვნული არსის ძიებისკენ იყო მიმართული, რაც თავისთავად, უცნაური, უნიკალური ფენომენია. რას გულისხმობს რუსობა? როგორია რუსეთის ადგილი და დანიშნულება სამყაროში? ან ნამდვილი რუსეთი სად არის? ევროპაში თუ აზიაში? სანქტ-პეტერბურგში თუ მოსკოვში? ცარისტულ იმპერიაში თუ ტალახიან, ერთქუჩიან რუსულ სოფელში ? ასეთი იყო ,,დაწყევლილი კითხვები", რომლებიც ყველა სერიოზულ რუს მწერალს, ლიტერატურის კრიტიკოსს, ისტორიკოსს, მხატვარს და კომპოზიტორს, თეოლოგს თუ ფილოსოფოსს აწვალებდა რუსეთის ,,ოქროს ხანის" ხანგრძლივ პერიოდში, პუშკინიდან პასტერნაკამდე.
რუსული ეროვნული თვითშეგნების არსებობას ვერ უარვყოფ, ჩემი წიგნი უფრო იმ შეხედულების განვრცობას წარმოადგენს, რომ ეს ეროვნული თვითშეგნება მეტისმეტად მითოლოგიზებული იყო. იძულებით გაევროპელებული განათლებული კლასი ძველ რუსეთს ისე გაუუცხოვდა, საკუთარი ენა და ჩვეულებები ისე დაივიწყა, რომ უკვე ტოლსტოის ეპოქაში, ბეჯითი მცდელობის მიუხედავად, ,,რუსობის" დაბრუნება იოლი არ აღმოჩნდა და საამისოდ, ისტორიული თუ მხატვრული მითების მეშვეობით, საკუთარი ერის ხელახლა გამოგონება მოუხდათ. ამ კლასმა თავისი ,,რუსულობა" ლიტერატურისა და ხელოვნების წყალობით დაიბრუნა და ხელახლა აღმოაჩინა, ეს მითები სხვა არა იყო რა, თუ არა ეროვნული იდენტობის ,,კონსტრუქციები". ყოველმა მათგანმა თავისებური კვალი დაამჩნია როგორც რუსულ პოლიტიკას, ისე საკუთარი ეროვნული რაობის გაცნობიერების პროცესს, პიროვნული თუ ეროვნული იდენტობის ჩათვლით. რუსეთის მითური სახე დასავლეთში ჯერ რუსულმა ბალეტმა (Ballets Russes) დაამკვიდრა, შემდგომი შტრიხები კი უცხოელმა მწერლებმა: რილკემ, თომას მანმა და ვირჯინია ვულფმა დაუმატეს, რომელთათვის დოსტოევსკი ყველაზე დიდი რომანისტი იყო და რომლებმაც რუსეთისადმი ასეთი ცხოველი ინტერესის გამოისობით ,,რუსული სულის" თავ-თავიანთი ვერსიები დაგვიტოვეს. თუკი რომელიმე მითს უნდა ჩამოეხსნას საბურველი, ეს, პირველ რიგში, ეგზოტიკური რუსეთის მითია. რუსები დიდხანს ჩიოდნენ, რომ დასავლეთს მისი კულტურა არ ესმის, რომ დასავლელები რუსეთს მეტისმეტად შორიდან ხედავენ, მისი შინაგანი სირთულე და სიფაქიზე კი არ ესმით და არც უნდათ, რომ გაიგონ. თუმცა ეროვნული შეურაცხყოფის გამძაფრებული შეგრძნების მიუხედავად, ეს საყვედური მთლად უსაფუძვლოც არაა. რუსი მხატვრების, მწერლებისა და კომპოზიტორებისათვის ადგილი ,,ეროვნული სკოლის" კულტურულ გეტოში გვაქვს მიჩენილი, მათ ინდივიდუალობას კი არ ვაფასებთ, არამედ იმას, თუ რამდენად მოახერხებენ ჩვენს სტერეოტიპებთან მისადაგებას. მათგან ყბადაღებულ ,,რუსულობას" მოველით, მათ ხელოვნებას იოლად ვცნობთ - ფოლკლორული მოტივების, ხახვისებური გუმბათების, ზარების რეკვის წყალობით. ბევრისთვის რუსული სული აქ იწყება და მთავრდება. არასწორადაა გააზრებული რუსეთის წამყვანი როლი 1812-დან 1917 წლამდე პერიოდის ევროპულ კულტურაში. საქმე ისაა, რომ რუსული ტრადიციის და კულტურის უდიდესი ფიგურები (კარამზინი, პუშკინი, გლინკა, გოგოლი, ტოლსტოი, ტურგენევი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, რეპინი, ჩაიკოვსკი, რიმსკი-კორსაკოვი, დიაგილევი, სტრავინსკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, შაგალი, კანდინსკი, მანდელშტამი, ახმატოვა, ნაბოკოვი, პასტერნაკი, მეიერჰოლდი და ეიზენშტეინი) მხოლოდ ,,რუსები" კი არა, იმავდროულად ევროპელებიც იყვნენ, ხოლო ეს ორი იდენტობა ერთმანეთს მრავალგვარად ერწყმოდა და ურთიერთგანმსაზღვრელ როლს იძენდა.

ევროპული რუსეთის დაბადება – სანქტ-პეტერბურგი.

ხალხის წარმოსახვაში ზღვიდან ქალაქის სასწაულებრივმა აღმოცენებამ პეტერბურგი იმთავითვე ლეგენდად აქცია. რუსები ამბობდნენ, რომ პეტრემ ქალაქი ჯერ ზეცაში შექმნა, როგორც გიგანტური მაკეტი, და მიწაზე შემდეგ გაშალა. იმის ახსნა, თუ როგორ გაშენდა სილაზე პეტერბურგი, სხვაგვარად შეუძლებელი ჩანდა. ხმელეთში საძირკველგაუდგმელი ქალაქის წამოჭიმვამ პეტერბურგის შესახებ მითის დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რომელიც რუსული ლიტერატურის და ხელოვნების შთაგონების მძლავრ წყაროდ იქცა. ამ მითოლოგიაში პეტერბურგი არარეალური ქალაქი იყო, ფანტაზიების და აჩრდილების ზებუნებრივი საუფლო, აპოკალიფსური უცხო ქალაქი, მარტოსული, სასოწარკვეთილი ადამიანების სამყოფელი, როგორებიც არიან გოგოლის ,,პეტერბურგული თქმულებების" (1835) გმირები; წარმოსახვას აყოლილი პერსონაჟები და მკვლელები, როგორიცაა რასკოლნიკოვი დოსტოევსკის რომანში ,,დანაშაული და სასჯელი", პუშკინის ,,ბრინჯაოს მხედრიდან" მოყოლებული ანდრეი ბელის ,,პეტერბურგამდე". ყოვლისშთანმთქმელი წარღვნის ხილვები ქალაქის ბედისწერისადმი მიძღვნილი ნაწარმოებების მუდმივ თემად იქცა.

მოსკოვის ,,რუსული ქალაქად" აღქმა იმ გავრცელებული შეხედულებიდან წარმოდგა, რომ სანქტ-პეტერბურგი უცხოური ცივილიზაცია იყო. რუსულ ლიტერატურაში დამკვიდრებული წარმოდგენა სანქტ-პეტერბურგის, როგორც უცხო და ხელოვნური ქალაქის შესახებ 1812 წლის შემდეგ გავრცელდა, როცა აუთენტურობისა და რუსულობისადმი რომანტიკულმა სწრაფვამ რუსი მწერლების წარმოსახვა მოიცვა. რუსული ტრადიციების მიმდევრები პეტერბურგს მისი აშენების დროიდან ერჩოდნენ. სტაროვერებში, კაზაკებში და გლეხობაში ხმები დადიოდა, რომ პეტრე რუსი კი არა, გერმანელი იყო; ეს, ალბათ, იმან განაპირობა, რომ პეტრეს რეფორმებს პეტერბურგში ევროპიდან უამრავი უცხოელი შემოყვა, ეშმაკის მოციქულები, რომლებმაც რუსეთში ევროპული ტანისამოსი, თამბაქო და წვერის პარსვის ჩვევა შემოიტანეს. მეთვრამეტე საუკუნეში პეტერბურგის შესახებ უცნაური თქმულებებისა და შემზარავი ჭორების მთელი მითოლოგია შეიქმნა. ხალხში ხმები დადიოდა, თითქოს პეტრეს აჩრდილი ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა, უცნაური, მითური ქმნილებები პეტერბურგის ეკლესიებს თავს დასტრიალებდნენ, დამაქცეველი წყალდიდობები კი საფლავებიდან იმ უბედურებთა ჩონჩხებს რეცხავდა, ქალაქის მშენებლობას რომ შეეწირნენ. ეს ზეპირსიტყვიერება მოგვიანებით გზას სანქტ-პეტერბურგის და მოსკოვის სალონებისკენ იკვლევს, სადაც ისეთი მწერლების წარმოსახვას იპყრობს, როგორებიც პუშკინი და ოდოევსკი იყვნენ; ისინი საკუთარ აჩრდილებს, შემზარავი პეტერბურგული ამბების საკუთარ ვერსიას ქმნიან და პეტერბურგის მითიც - მითი რუსეთისათვის უცხო, არარეალური ქალაქის, აჩრდილთა ფანტასტიკური საუფლოს, ადამიანთა მშთანთქმელი აპოლკალიფსური სამეფოს შესახებ ხორცს ისხამს და ადამიანთა ცნობიერებაში მკვიდრდება. პუშკინის ,,ბრინჯაოს მხედარს" ქვესათაურად ,,პეტერბურგული მოთხრობა" აქვს მიწერილი, ტექსტი კი ლიტერატურულ მითზეა დაფუძნებული. პუშკინის პოემის შთაგონებად ფალკონესეული ცხენზე ამხედრებული პეტრე დიდის ქანდაკება იქცა, რომელიც, როგორც ქალაქის genius loci, სენატის მოედანზე დგას. ისევე, როგორც მისი განმადიდებელი პოემა, თითქოს ქანდაკებაც დედაქალაქის იმპერიული დიდებულების სახიფათო მხარეზე მიანიშნებდა: ერთი მხრივ, პეტრეს მიერ ბუნების დამორჩილებას, მის გასაოცარი მიღწევებს ქვეყანას ამცნობდა, მეორე მხრივ, ქანდაკების შემხედვარე ადამიანს ისეთი განცდა უჩნდებოდა, თითქოს მხედარი ცხენს ვეღარ მართავდა - ყალყზე ასე შეყენებული ცხენიდან წესით უნდა გადმოვარდნილიყო, ან წინ, სივრცეში გაჭრილიყო.

სლავოფილებისთვის პეტრეს ქალაქი ,,წმინდა რუსეთის" განხეთქილების სიმბოლო იყო, ზაპადნიკებისთვის - რუსეთის ევროპულ გზაზე შედგომის პროგრესული გამოხატულება. ზოგისთვის იგი ცივილიზაციის ტრიუმფს, გონებისა და წესრიგის მიერ ბუნების მორჯულების ნიმუშს წარმოადგენდა, სხვებისთვის მახინჯი, ხელოვნური ქალაქი იყო, ადამიანების ტანჯვაზე აგებული, ტრაგიკული დასასრულისთვის, დაღუპვისათვის განწირული იმპერია.
უცხო, ხელოვნური ქალაქის სახე თავის შემოქმედებაში ყველაზე მეტად გოგოლმა დაამკვიდრა. ახალგაზრდა ,,უკრაინელი მწერალი", რომელიც სატახტო ქალაქში თავის გასატანად ყველა ღონეს ხმარობდა, ღარიბ ჩინოვნიკებს შორის ცხოვრობდა, რომელთა ლიტერატურული alter ego-ებითაც დაასახლა თავისი ,,პეტერბურგული მოთხრობები" (1842). ისინი დიადი ქალაქის მასშტაბებით და დამთრგუნველი ატმოსფეროთი ,,გაჭყლეტილი" სევდიანი და მარტოსული ქმნილებები არიან, უფრო ხშირად უდროო სიკვდილისთვის განწირული ადამიანები და ბევრი რამით ჰგვანან ევგენის - პუშკინის "ბრინჯაოს მხედრის" პერსონაჟს. გოგოლის პეტერბურგი ილუზიების და იმედგაცრუების ქალაქია. ,,ო, ნუ ენდობით ამ ნევის პროსპექტს..... იქ მხოლოდ თვალთმაქცობაა, ოცნება, ხელში არაფერი შეგრჩება!" აფრთხილებს იგი მკითხველს ,,პეტერბურგული მოთხრობების" პირველ მოთხრობაში ,,ნევის პროსპექტი". ,,ნევის პროსპექტი დღის ნებისმიერ დროს გატყუებს, მაგრამ ყველაზე მეტად - ღამით, როცა ქალაქი ხმაურით და თვალისმომჭრელი სინათლით ივსება... როცა სახლში თვით ეშმაკიც აღარ ზის, და ქუჩის ფარნებს მხოლოდ ერთი მიზნით ანთებს: რომ ყველაფერი ყალბ შუქზე დაგანახოს." შუქთა ამ თამაშისგან წარმოქმნილ ჩრდილებში დამალული გოგოლის ,,პატარა ადამიანი" დღეებს უზარმაზარი, უსულგულო სამინისტროების შენობებში ატარებს, მერე ცარიელ, უსახურ ბინაში ბრუნდება და, რა თქმა უნდა, მარტოობის მოზიარე იქაც არავინ ჰყავს, რადგან, როგორც წესი, გოგოლის გმირები მარტოხელები არიან. გოგოლის პეტერბურგი რეალური ქალაქის აჩრდილია, შემზარავ სიზმარში ნანახი საუფლო, ღვთის მადლს მოკლებული, ამაოებით აღვსილი სამყარო. აკაკი აკაკიევიჩი, ,,შინელის", ,,პეტერბურგული მოთხრობების" უკანასკნელი მოთხრობის გმირი იძულებულია, თითოეული კაპიკი დაითვალოს, რომ თავისი ძველი, გაცრეცილი შინელი, რომლის გამოც მისი მოდის მიმდევარი უფროსები გამუდმებით მასხრად იგდებენ, გამოიცვალოს და ახალი შეიკეროს. ახალი შინელი თავდაჯერებას და სიამაყის გრძნობას უბრუნებს. ამხანაგების აღიარება მიღწეულია, შინელის გამოცვლას დეპარტამენტში შამპანურით ,,ასველებენ", მაგრამ შინისაკენ მიმავალ მოხელეს გზად ძარცვავენ და მისი სიამაყის საგანს ხდიან. აკაკი აკაკიევიჩი დახმარებისათვის მნიშვნელოვან პირს მიმართავს. მნიშვნელოვან პირს ისეთ უმნიშვნელო საკითხზე, როგორც ვიღაც მოხელის შინელის პოვნაა, თავის მოცდენის პერსპექტივა შეურაცხმყოფელი ეჩვენება და საბრალო მოხელეს კაბინეტიდან ფეხის დაბაკუნებით დაითხოვს. აკაკი აკაკიევიჩი ავად ხდება და კვდება. ცივი, არაადამიანური საზოგადოება პატარა ადამიანს სრესს, არსებობის უფლებას ართმევს. თუმცა მისი აჩრდილი პეტრბურგის ქუჩებში დაეხეტება, მნიშვნელოვან პირს, რომელმაც დაჩაგრა და კაბინეტიდან გამოაგდო, პოულობს და სამაგიეროს უხდის: შინელს ხდის. დოსტოევსკი ამბობდა, რომ მთელი რუსული ლიტერატურა გოგოლის ,,შინელი"- დან იშვა.
მისი ადრეული ნაწერები, განსაკუთრებით, ,,ორეული" (1846) გოგოლისთვის დამახასიათებელი სულისკვეთებითაა დაწერილი, თუმცა გვიანდელ რომანებში, მაგალითად, ,,დანაშაული და სასჯელში" სატახატო ქალაქის ტოპოგრაფიას ფსიქოლოგიური განზომილებაც ემატება. დოსტოევსკი ქალაქის არარეალურობას მისი გმირების არაჯანსაღი სულიერი სამყაროს მეშვეობით ამძაფრებს, მისი პეტერბურგი ,,ფანტასტიკურად რეალური" ხდება. რასკოლნიკოვისმაგვარი მეოცნებეების გონებაში ფანტაზია სინამდვილედ იქცევა, ცხოვრება - თამაშად, სადაც ნებისმიერი ქმედება, მკვლელობაც კი, გამართლებულია. აქ ადამიანთა გრძნობების გაუკუღმართებას ან დაკარგვას მათი სიმარტოვე და გონების თვითნებობა იწვევს. დოსტოევსკის პეტერბურგი მეოცნებეებითაა დასახლებული, რასაც მწერალი ქალაქის აუტანელი კლიმატით - ზღვიდან მოდენილი ხშირი ნისლებით, უმზეობით და ცივი წვიმებით ხსნის. ასეთი პირობები ადამიანს აავადებს. დოსტოევსკის პეტერბურგი ციებ-ცხელებიანი ოცნებების და უცნაური ჰალუცინაციების ქალაქიცაა, რომლის მკვიდრთ ჩრდილოური ზაფხულის უძილო თეთრი ღამეებისას ოცნებების და რეალური სამყაროს გამყოფი ზღვარი დაჰკარგვიათ. უამისობა არც თავად დოსტოევსკის სჭირდა. 1861 წელს ის ,,ნევაზე ნანახ ზმანებას" იხსენებს, რომელიც 1840-იანი წლების დასაწყისში თავად იხილა, შემდეგ კი მოთხრობაში ,,სუსტი გული" (1841) აღწერა. დოსტოევსკი წერს, რომ პირველად ხელოვანად თავი სწორედ იმ წუთებში შეიგრძნო:
,,მახსოვს, იანვრის ერთ ცივ საღამოს ვიბორგის მხრიდან შინისკენ მივიჩქაროდი... ნევას რომ მივუახლოვდი, წუთით შევდექი და ნისლებში გახვეულ გაყინულ მდინარეს თვალი ავაყოლე შორს გადაშლილი სივრცისკენ, რომელიც უცებ დაისის მეწამული ფერით განათდა... დაღლილ ცხენებს, ჩემკენ გამოქცეულ ხალხს ყინვიანი ორთქლი ასდიოდათ. დაძაბული ჰაერი მცირედი ჩქამისგანაც კი თრთოდა. ორივე სანაპიროზე სახურავებს კვამლის სვეტები გოლიათებივით წამოადგნენ თავს და მერე გაყინულ ზეცას აასკდნენ, გზადაგზა იგრიხებოდნენ, იშლებოდნენ, სახეს იცვლიდნენ, თითქოს ძველი შენობების თავზე ახლები იმართებოდა და ჰაერში ახალი ქალაქი ისახებოდა ...თითქოს მთელი სამყარო, მისი მკვიდრნი, ძლიერები, სუსტები, თავიანთ სამკვიდრებელთან ერთად, უპოვართა თავშესაფრები თუ მოოქროვილი სასახლეები ძლიერთა ამა ქვეყნისათა, იმ ბინდიანი საათის ფანტასტიკური ზმანება ყოფილიყო, სიზმარი, რომელიც უცბად დამთავრდა და ნისლივით განქარდა ცის მოშავო სილურჯეში."

გოგოლი

,,ოპტინის სავანეში გავჩერდი", სწერდა გოგოლი გრაფ ა. პ. ტოლსტოის, ,,და ისეთი მოგონებებით ვბრუნდები, არასდროს რომ გამიფერმკრთალდება. ეჭვი არ არის, დიდი მადლია ამ ადგილას. ამას ლოცვის გარეგნული მხარითაც შეიგრძნობ. ასეთი ბერები აქამდე არსად მინახავს. თითოეული ამათგანის მეშვეობით თითქოს ზეცას ესაუბრები." სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გოგოლი ოპტინაში რამდენჯერმე, სხვადასხვა მიზეზით ჩავიდა. მონასტრის მშვიდი ატმოსფერო მის ნატანჯ სულს ნუგეშს გვრიდა და აძლიერებდა. გოგოლი თვლიდა, რომ ის ღვთაებრივი რუსული საუფლო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეძებდა, იქ, მონასტერში იპოვნა.
ნიკოლაი გოგოლი მორწმუნე უკრაინულ ოჯახში დაიბადა. მისი დედ-მამა ეკლესიის აქტიურ მრევლად ითვლებოდა, შინ ყველა მარხვას და რელიგიურ რიტუალს იცავდნენ. გოგოლის ოჯახს საფუძვლად მისტიკური ელფერიც ედო და ეს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ბევრ რამეს ხსნის. ახალგაზრდობაში მამამისს ხილვა ჰქონდა: ეკლესიაში მარიამ ღვთისმშობელი გამოეცხადა, ხელი მის გვერდით მდგომი ქალიშვილისკენ გაიწვდინა და უთხრა, რომ მისი ცოლი იქნებოდა. მალე მწერლის მამამ ხილვაში ნანახი გოგონა გაიცნო და ცოლად შეირთო. გოგოლს, მისი მშობლების მსგავსად, მხოლოდ საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა არ ჰყოფნიდა და ადრეული ბავშვობიდან მოელოდა, რომ ღვთის რწმენა მისი სულში მძლავრ დრამად უნდა გახმიანებულიყო. 1833 წელს იგი დედამისს სწერდა:

,,[ბავშვობაში] ყველაფერს გარეშე თვალით ვუყურებდი; ეკლესიაში იმიტომ დავდიოდი, რომ უნდა მევლო ან მატარებდნენ. მაგრამ იქ მღვდლების და მოჟამული დიაკვნების გარდა არაფერი მინახავს; პირჯვარსაც ვისახავდი, რადგან ვხედავდი, რომ გარშემო სხვები პირჯვარს იწერდნენ; მაგრამ ერთხელ - ის დღე გუშინდელივით მახსოვს - გთხოვე, განკითხვის დღეზე გეამბნა და შენც ისე კარგად, ისეთი სიფაქიზით და ჩაღრმავებით მომიყევი, რამდენი საუცხოო რამ ელოდებათ იმქვეყნად ღირსეულ ადამიანებს; ცოდვიანი ადამიანების სამარადისო ტანჯვა-წამება ხატოვნად და შიშისმომგვრელად აღმიწერე და სულის მგრძნობიარობა მაშინ გამიღვიძე. უფრო გვიან იმ შენმა ნაამბობმა მაღალი აზრები ჩამისახა."
გოგოლს, ტოლსტოისა და დოსტოევსკისგან განსხვავებით, რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული ეჭვები არასოდეს ჰქონია. სულიერი დაუკმაყოფილებლობა და შფოთვა, რომლებსაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში განიცდიდა, ღმერთის წინაშე ცოდვებით წარდგენის შიშით უფრო აიხსნება. მაგრამ მწერლის უსაზღვრო რწმენას ვერც ერთი ეკლესია ვერ იტევდა. ზოგიერთი თვალსაზრისით, და ამას თავადაც აღიარებდა, მისი რელიგიურობა პროტესტანტობასთან უფრო ახლოს იდგა, თუნდაც იმით, რომ რწმენა გოგოლსაც ისე ესმოდა, როგორც ქრისტესთან უშუალო ურთიერთობა... ,,მკვდარი სულების" საბოლოო, გამოუქვეყნებელი ვერსიის მიხედვით, გოგოლი რომანში ახალი პერსონაჟის - მღვდლის - შემოყვანას აპირებდა, რომელიც მართლმადიდებლური და კათოლიკური ღირებულებების განსახიერება იქნებოდა. როგორც ჩანს, მწერალი იმ ქრისტიანული ძმობის ძიებაში იყო, რომელიც ყველა ხალხებს ერთ სულიერ ეკლესიად გააერთიანებდა. გოგოლი თვლიდა, რომ რუსული სულის ძიებისას ოპტინაში სწორედ ეს იპოვნა.
გოგოლის ნაწერები მისი სულიერი ძიების ასპარეზი იყო. რასაც არ უნდა ფიქრობდეს ზოგიერთი მკვლევარი, გოგოლის ადრეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ბოლო წლების ,,რელიგიურ ნამუშევრებს" შორის რაიმე შესამჩნევი ზღვარი არ არსებობდა, განსხვავება მხოლოდ იმან წარმოშვა, რომ უკანასკნელ წლებში მწერალს რელიგიური საკითხებისადმი ინტერესი გაუძლიერდა. მის ყველა ნაწარმოებს თეოლოგიური მნიშვნელობა აქვს - მათ სათავე დაუდეს ეროვნულ ტრადიციას, რომელმაც კაზმულ სიტყვას რელიგიური წინასწარმეტყველის სტატუსი მიანიჭა. ბევრი მისი მოთხრობა რელიგიურ ალეგორიად უნდა იქნას წაკითხული. მათი გროტესკულობა, მათი ფანტასტიკური ფიგურები რეალისტური წაკითხვისათვის არც ყოფილა ჩაფიქრებული. რეალურ სამყაროსთან მათ იმდენი არაფერი აქვთ საერთო. ეს ნაწერები იმ სამყაროს ჭვრეტაში გვეხმარება, სადაც კეთილი და ბოროტი ძალები ადამიანის სულისთვის იბრძვიან. გოგოლის ადრეულ მოთხრობებში ეს რელიგიური სიმბოლიზმი ბიბლიურ მოტივებში და, ხანდახან, ძალიან ბუნდოვან რელიგიურ მეტაფორებშია შეფარული. ,,შინელში", მაგალითად, წმინდა აკაკიუსის ცხოვრებისეული ფაქტები იკითხება. წმინდა აკაკიუსი ბერი (და თერძი) იყო, რომელიც მონასტრის წინამძღვრის მიერ წლების განმავლობაში მიყენებული ტანჯვის შედეგად გარდაიცვალა; წინამძღვარმა შემდეგ ეს სისასტიკე მოინანია. აქედან მოდის პერსონაჟის, ღატაკი პეტერბურგელი მოხელის სახელიც, რომელიც ადამიანების სიყვარულს მოკლებული და შემდეგ გაძარცვული კვდება, მაგრამ თავის ქალაქს თავზარდამცემ აჩრდილად უბრუნდება. ,,რევიზორის" (1837) მიერ განცდილი ,,კრახის’’ შემდეგ - პიესა იგავად დაიწერა, საზოგადოებამ კი ბრწყინვალე სატირად აღიქვა - გოგოლმა შეუსმენლად დარჩენილი რელიგიური ,,გზავნილი" უკან დაიბრუნა. შემდეგი ნამუშევარი, რომლისკენაც მწერალმა მთელი თავისი სულიერი ძალები მიმართა, სამნაწილიან რომანად ჩაფიქრებული ,,მკვდარი სულები" უნდა ყოფილიყო, დანტეს ,,ღვთაებრივი კომედიის" მაგვარი ეპიკური ,,პოემა", რომელშიც ავტორს რუსეთისთვის განგებით განსაზღვრული გეგმა უნდა გაემჟღავნებინა. რომანის პირველ, და ერთადერთ, გამოქვეყნებულ ტომში (1842) პროვინციული რუსეთის გროტესკული არასრულფასოვნება გამომზეურდა. მეორე და მესამე წიგნებში ზნეობრივი თვალსაზრისით სულისმღაფავ იმ რუს მემამულეთა უარყოფა, რომელთაც ჩიჩიკოვი თავისი მოგზაურობისა და ,,მკვდარი სულების" ანუ ყმების შესყიდვის დროს გადააწყდა და ,,ცოცხალი რუსული სულის" გამოჩენა უნდა მომხდარიყო. რომანის ბოლოს გოგოლი მოაფერისტო ჩიჩიკოვის შენდობასა და მის კეთილ და მზრუნველ, პატერნალურ მემამულედ ქცევას აპირებდა. გოგოლს ნაწარმოების დასრულება ქრისტიანული სიყვარულის და ძმობის სლავური იდილიით სურდა. ,,პოემის" მთლიანი კონცეფცია რუსეთის მკვდრეთით აღდგინებაში, ,,ადამიანის სრულყოფის დაუსრულებელ კიბეზე" მის აღმასვლაში მდგომარეობდა. ეს მეტაფორა მწერალმა დაბადებათა წიგნიდან, იაკობის კიბის იგავიდან ისესხა.
გოგოლის ხედვა სლავოფილების იდეოლოგიით იყო შთაგონებული, რომელთაც მწერალი აღიარებდა და თანამოაზრედ თვლიდა; მწერალს, რომელსაც მისი თანამედროვე საზოგადოების სულიერებისგან დაცლილი ინდივიდუალიზმის პრობლემა აწუხებდა, რუსეთის, როგორც ქრისტიან სულთა წმინდა ერთობის სლავოფილური კონცეფცია ძალიან იზიდავდა. სლავოფილებს იმისაც სჯეროდათ, რომ რუსები მსოფლიოს ერთადერთი ქრისტიანი ხალხი იყო. ამის არგუმენტად ისინი ხელს გლეხური თემებისაკენ იშვერდნენ (სიყვარულის და ძმობის ქრისტიანული კავშირი), მათ მშვიდობისმოყვარე, ფაქიზ ბუნებაზე, თავმდაბლობაზე, უსაზღვრო მოთმინებაზე, ტანჯვის დათმენის უნარზე მიუთითებდნენ, პირადის, ინდივიდუალურის საყოველთაო და კოლექტიური ინტერესებისადმი მსხვერპლად მიტანის მზაობაზე. თვისებათა ამ ერთობლიობის წყალობით რუსები ერზე მეტიც იყვნენ - სამყაროში მათ ღვთაებრივი მისია იტვირთეს. აქსაკოვის სიტყვებით, "რუსი ხალხი მხოლოდ ერი კი არა, კაცობრიობაა."
ასეთი იყო ,,რუსული სულის’’ ხედვა - იმ უნივერსალური სულის ხედვა, რომელიც სამყაროს იხსნიდა; დაუმთავრებელი ,,მკვდარი სულების" მეორე და მესამე წიგნებში გოგოლი სწორედ ამ ხედვის წარმოჩენას ცდილობდა. ეროვნული სულისა თუ არსის კონცეფციების შემუშავება რომანტიზმის ხანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა გოგოლი პირველი გახლდათ, ვინც "ეროვნულ სულს" ასეთი მესიანური როლი მიანიჭა და ის დასავლურისაგან განსხვავებული, ეროვნული კულტურის განვითარების საწინდრად მიიჩნია. იდეა გერმანიიდან მოდიოდა, სადაც რომანტიკოსთა წარმომადგენელი ფრიდრიხ შელინგი ეროვნულ სულს განიხილავდა, როგორც ეროვნული კულტურის წარმოჩენის საშუალებას. 1829-იან წლებში შელინგი საღვთო მისიით იმყოფებოდა რუსეთში და მისი "სულიერების კონცეფცია" იმ ინტელექტუალებმა აიტაცეს, რომლებიც რუსეთისა და ევროპის განსხვავებაზე მიუთითებდნენ. თავადი ოდოევსკი, შელინგის კულტის მამამთავარი რუსეთში, ამტკიცებდა, რომ ევროპამ მატერიალური პროგრესის დევნაში სული ეშმაკს მიჰყიდა. ,,თქვენი სული ორთქლის ძრავად იქცა", წერდა იგი თავის ,,რუსულ ღამეებში" (1844); ,,ბორბლებს და ხრახნებს გამჩნევთ, სიცოცხლის ნიშანწყალს - ვერა." ახლა ევროპის ხსნა მხოლოდ ახალგაზრდული სულის მქონე რუსეთს შეეძლო. ერთი საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა: ისეთი ახალგაზრდა ერები, როგორიც რუსეთი და გერმანია იყო, რომლებიც ინდუსტრიული ევროპის კუდში ,,მიჩანჩალებდნენ," ეროვნულ სულთან დაკავშირებულ იდეებს თუ შეაფარებდნენ თავს. ის, რაც ამ ქვეყნებს ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად აკლდათ, შეურყვნელი სოფლის სულიერი უპირატესობების ხატოვნად აღწერისათვის გამოადგათ. ნაციონალისტები გლეხობას შემოქმედებით სპონტანურობას და კოლექტიურ სულისკვეთებას მიაწერდნენ, მაშინ, როცა ევროპის ბურჟუაზიულ კულტურებში ეს ცნებები (გლეხობა და კოლექტიური სული) უკვე კარგა ხანი იყო, ნაკლებ აქტუალური გახლდათ. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან რუსული სულის იდეა რომანტიზმისათვის დამახასიათებელი ამ ბუნდოვანებით და უზუსტობებით ვითარდება. ესსეში ,,რუსული სულის თანდაყოლილი თვისებები" (1792) პიოტრ პლავილშიკოვი ამტკიცებდა, რომ რუსი გლეხობის შემოქმედებით ბუნებაში მეტი პოტენციალია, ვიდრე დასავლურ მეცნიერებებში. ეროვნული სიამაყის ტალღებს ავტორი ისე შორს შეჰყვა, რომ მკითხველს, ცოტა არ იყოს, ძნელად დასაჯერებელ ფაქტებსაც ამცნობდა:

,,ერთმა ჩვენებურმა გლეხმა ისეთ ნაყენს მიაგნო, ჰიპოკრატეს და გალენის ყველა მიმდევარი ერთად რომ ეძებდა და კოვზი ნაცარში უვარდებოდათ. სოფელ ალექსეევოს მკვიდრი გლეხი ქირურგიის პიონერებს შორის უნდა მოვიხსენიოთ. ტვერელი კულიბინი და მექანიკოსი სობაკინი მექანიკის სფეროში საოცრებებს ატრიალებენ.....რაც რუს ადამიანს არ გამოუგონია, მსოფლიოსთვის სამუდამოდ დაფარული დარჩენილა."

რაც მეტად უახლოვდებოდა გოგოლი სლავოფილებს, მით უფრო დამაჯერებელი ეჩვენებოდა, რომ ქრისტიანული სიყვარული ის უნიკალური გზავნილი იყო, რომელიც რუსეთს დანარჩენი მსოფლიოსთვის ჰქონდა გამზადებული. ,,მკვდარი სულების’’ პირველი ტომის ბოლოს, ტროიკის დაუვიწყარ პასაჟში გოგოლი გაკვრით მიანიშნებდა რუსული სულის ზემოქმედების ამ წინასწარმეტყველურ გეგმაზე:

,,განა შენც არა ჩქარობ, რუსეთო, დაუცხრომელ ტროიკასავით? შენს ფეხქვეშ მიწა კვამლის ღრუბელსა ჰგავს, ხიდები ზანზარებს, შენს ზურგს უკან ყველაფერი ყირავდება და წასულს ბარდება. ამის მხილველი ადგილზე გაქვავებულა, ზეცით მოვლენილ სასწაულს გაოგნებული და პირდაღებული შეჰყურებს: არა, ზეციდან ქუხილი და ელვა არ ჩამოვარდნილა. ეს საშინელი სწრაფვა რაღას უნდა ნიშნავდეს? ან რა ჯადოსნური ძალა უდგათ ფლოქვებში მაგ ცხენებს, რომელთა მსგავსი ჯერ ამქვეყნად არავის უნახავს? ცხენებს, ჰო, ცხენებს - მაგრამ რა ცხენებს! რა ქარიშხლები დაგგროვებიათ? ან ძარღვებში რა მგრძნობიარობა გაქვთ, პატარა ჩქამზე რომ ყალყზე დგებით? ზემოდან ნაცნობი სიმღერის ჰანგი ესმათ, იმწამს ყბები წინ გაიწვდინეს, ლამის მიწას გაერთხან, ქედი სწორ ხაზად ქცევიათ, ჰაერსა ჰკვეთენ და ტროიკა ზეციური შთაგონების ფრთებზე მიფრინავს. რუსეთო, საით გიჭირავს გეზი, სად მიფრენ? მომეც პასუხი! ხმას არა მცემს. ზარები ჰაერს ჯადოსნური ხმებით ავსებენ; ჰაერი იფლითება, ცახცახებს და ქარად იქცევა; ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, წარსულისკენ მიფრინავს; სხვა ერები ცერად გიყურებენ, ქვეყნები განზე იწევიან და გზას გითმობენ."

ქრისტიანული სიყვარულის ,,რუსული პრინციპები", რომლებიც გოგოლს თავისი რომანის მეორე და მესამე ტომში უნდა გაემჟღავნებინა, სამყაროს დასავლური ეგოცენტრული ინდივიდუალიზმისგან იხსნიდა. როცა ,,მკვდარი სულები" გერცენმა წაიკითხა, თქვა: ,,მართლაც, რუსულ სულს უზარმაზარი პოტენციალი აქვს."
რაც უფრო დიდხანს მუშაობდა გოგოლი რომანზე, მით უფრო ემატებოდა რწმენა, რომ სამყაროსთვის ,,რუსული სულის" შესახებ წმინდა სიმართლის გაცხადების ღვთაებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. ,,ღმერთი მომცემს ძალას, რომ მეორე ტომი დავასრულო და გამოვცე," წერდა იგი 1846 წელს პოეტ ნიკოლაი იაზიკოვს. ,,მერე გაიგებენ, რამდენი რამ არ სცოდნიათ ჩვენს შესახებ ისეთი, რისი აღიარებაც თავად არ გვინდოდა." გოგოლი შთაგონებას მონასტრებში ეძებდა, იქ, სადაც, მისი რწმენით, რუსული სულის ნამდვილი ნავსაყუდელი იყო, ოპტინას ბერებს შენატროდა; მათ ხომ თავიანთი ვნებების ალაგმვა და თავიანთი სულების ცოდვებისგან განწმენდა შეეძლოთ. გოგოლს რუსეთის სულიერი სნეულებების წამლადაც ეს მიაჩნდა. ოპტინაში წასვლაც სლავოფილებმა ურჩიეს. 1840-იან წლებში კირეევსკი არაერთხელ სწვევია მამა მაკარის. მაშინ ორივემ, ერთობლივი ძალისხმევით, დღის სინათლეზე გამოიტანეს მამა პაისის ცხოვრების ამბავი და ეკლესიის წმინდა მამების ნაწერები ბერძნულიდან რუსულად თარგმნეს. სხვა სლავოფილების მსგავსად, კირეევსკისაც სწამდა, რომ მართლმადიდებლობის ძველი სულიერი ტრადიციები ოპტინას ბერებში იყო შემორჩენილი, იქ, სადაც ,,რუსული სული" ცოცხალზე ცოცხალი იყო და, როცა გოგოლი უცხოეთიდან დაბრუნდა, მოსკოვის სალონები ოპტინას მიმდევრებით სავსე დახვდა.
,,მკვდარი სულები" რელიგიური შეგონებად იქნა ჩაფიქრებული. მისი სტილი ესაია წინასწარმეტყველის წიგნისას ეხმიანებოდა, რომელმაც ბაბილონის დაცემა იწინასწარმეტყველა (მხატვრული სახე, რომელსაც გოგოლი რომანის მეორე ტომზე მუშაობის დროს დაწერილ წერილებში დაუსრულებლად უბრუნდებოდა). რომანის წერის პროცესში გოგოლს თავისი მესიანური როლის გაცნობიერება რელიგიურ ექსტაზში აგდებდა. მწერალი მეჩვიდმეტე საუკუნის სინელი ბერის, იოანეს ნაწერებს არ იშორებდა, რადგან იქ სულის განწმენდის და სულიერი სრულყოფის კიბეზე შედგომის აუცილებლობის შესახებ ამოიკითხა (იმდროინდელ წერილებში გოგოლი ამ მხატვრულ სახესაც ხშირად მიმართავს; იგი მეგობრებს სწერს, რომ თავად კიბის ყველაზე ქვედა საფეხურზეა შემდგარი). ამ პერიოდში მწერალი ერთადერთ ნუგეშს ლოცვაში პოულობს - ,,მკვდარი სულების" მეორე ტომის დასამთავრებლად სულიერი ძალა სჭირდება და ღვთაებრივი დახმარების იმედი აქვს. ,,ღვთის გულისათვის, ილოცეთ ჩემთვის", სწერს გოგოლი 1850 წელს მამა ფილარეტს ოპტინა პუსტინში,

,,სთხოვეთ თქვენს ღირს წინამძღვარს, თქვენი ძმობის თითოეულ ბერს, ყველას, ვინც გულმხურვალედ ლოცულობს და ვისაც ლოცვა უყვარს, სთხოვეთ, რომ ჩემთვის ილოცონ. მძიმე გზას შევუდექი და ყოველდღე, ყოველ საათს და წუთს ღვთის შეწევნა თუ არ მექნა, კალამი გამიქვავდება... მას, მოწყალეს, ყველაფერი ძალუძს, ისიც კი, რომ ჩემნაირი ნახშირივით შავი სულის პატრონს თოვლივით ქათქათა და შეურყვნელი სული მიანიჭოს, რათა სიწმინდეზე და მშვენიერებაზე ლაპარაკი შევძლო."

მწერალს გასაჭირი ადგა: იმ წმინდა რუსეთის, ქრისტიანული ძმობის საუფლოს დახატვას ვერ ახერხებდა, რომლის სამყაროსთვის გამომზეურებაც თავის ღვთაებრივ მისიად მიაჩნდა. რუს მწერალთაგან ყველაზე ცოცხალი წარმოსახვის მწერალს მაინც და მაინც ეს სახე არ ემორჩილებოდა, ყოველ შემთხვევაში, ის რაც იწერებოდა, მისი, როგორც მწერლის კრიტიკულ შეფასებას ვერ უძლებდა. როგორი გულმოდგინებით ცდილობდა რუსული ხასიათების იდეალური პორტრეტების, თუ გნებავთ, რუსული სულის დახატვას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა - რეალობიდან შეყოლილი შთაბეჭდილებები ისეთი იყო, რომ იდეალური სახეები მათი ბუნებრივი გარემოდან შეპარული გროტესკული შტრიხებით იფარებოდა. როცა რელიგიურმა ხილვებმა უღალატეს, სასოწარკვეთილმა მწერალმა დაწერა: ,,ეს ყველაფერი ოცნებაა და, როგორც კი განზე გაიხედავ, და დაინახავ, როგორია სინამდვილე რუსეთში, მაშინვე გაუჩინარდება."
გოგოლი გრძნობდა, რომ შემოქმედებითი ამოცანა ხორცშეუსხმელი რჩებოდა, და ამ წიგნის სათქმელი თავის ,,მეგობრებთან მიწერ-მოწერის რჩეულ ნაწყვეტებში" (1846) გადააქვს, პედანტურ მორალისტურ ნაწერში რუსეთში დაუნჯებული ღვთაებრივი პრინციპების შესახებ, რომელიც ,,მკვდარი სულების" დაუმთავრებელი ნაწილების იდეოლოგიურ წინათქმას ჰგავს. აქ გოგოლი წერს, რომ რუსეთის ხსნა თითოეულ მოქალაქეში ,,გატარებულ’’ სულიერ რეფორმაში ძევს; საზოგადოებრივი ინსტიტუტები გაკვრითაც არ აქვს ნახსენები; ყმობისა და თვითმმართველობის საკითხებს გვერდს უვლის, ერთგან კი ამათთან დაკავშირებით სასაცილო ინტერპრეტაციას გვთავაზობს: ორივე სრულიად მისაღებია, რადგან ერთიცა და მეორეც ქრისტიანულ პრინციპებთან შეთავსებადია. პროგრესული ადამიანები მისმა გამონათქვამმა აღაშფოთა - ეს ხალხის საქმისადმი პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და პროგრესის წმინდა იდეალებისგან მწერლის განდგომას ნიშნავდა. 1847 წელს გამოქვეყნებული ღია წერილით ბელინსკიმ გამანადგურებელი იერიში მიიტანა იმ მწერალზე, რომელიც (როგორც ჩანს, ცდებოდა) სოციალურ რეალისტად და პოლიტიკური რეფორმების დამცველად ეგულებოდა:

,,დიახ, მიყვარდით, მიყვარდით საკუთარ ქვეყანასთან სისხლისმიერი კავშირით მიბმული კაცის გზნებით იმ ადამიანისადმი, რომელიც იმავ ქვეყნის იმედად, მის დიდებად და სიამაყედ, სინდისის, პროგრესისა და განვითარების გზაზე მის წინამძღოლად ეგულება... რუსეთი ხსნას მისტიციზმში, ასკეტიზმსა თუ გარდარეულ რწმენაში კი ვერ ჰპოვებს, როგორც თქვენ ბრძანებთ, არამედ განათლებაში, ცივილიზაციასა და კულტურაში. რუსეთს ვერც შეგონებები უშველის (უკვე რამდენი მოუსმენია) და ვერც ლოცვა (აქამდეც ბევრი ლოცვა უდუდუნია); რუსეთს ხალხში ღირსების გრძნობის გამოღვიძება სჭირდება, რომელიც ტალახისა და სიბილწის საუკუნეებში ჩაეკარგა."

სლავოფილები რეფორმებს ნაკლებად როდი ემხრობოდნენ და ახლა სასოწარკვეთისგან ხელებს ასავსავებდნენ. ,,ჩემო მეგობარო," სწერდა გოგოლს სერგეი აქსაკოვი, ,,თუ სკანდალის გამოწვევა გინდოდათ, თქვენი მეგობრებისა და მოწინააღმდეგეების გაერთიანება და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამხედრება, ეს შესანიშნავად მოახერხეთ, და თუ ეს პუბლიკაცია თქვენთვის ჩვეული ერთ-ერთი ხუმრობა იყო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ: ყველა გაოგნებულია." ,,რჩეულ ნაწყვეტებს" გვერდი გოგოლის მოძღვარმა, ოპტინელმა მამა მაკარიმაც ვერ აუარა. ბერმა ჩათვალა, რომ მწერალმა თავმდაბლობის არსი კარგად ვერ გაიგო, თავი წინასწარმეტყველად წარმოიდგინა და ფანატიკოსის გზნებით ლოცულობდა, მაგრამ ლოცვას წმინდა სულისაგან გარდმოვლენილი სიმართლე ან შთაგონება თუ არ ახლავს, რელიგიურობისთვის საკმარისი არ არის. ,,თუ სანათურის ანთება გვინდა", სწერდა იგი გოგოლს 1851 წელს, ,,მხოლოდ მინის გაწმენდა არაფერს მოიტანს: შიგნით სანთელი უნდა აინთოს." მამა მაკარი არც სოციალური პრობლემებისაგან მის განდგომას იწონებდა. მისი მონასტრის მთავარი საზრუნავი ხომ ღატაკთა და დამაშვრალთა ხვედრის შემსუბუქება იყო. მაკარის კრიტიკამ გოგოლს უკანასკნელი და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, როგორც ჩანს, უფრო იმით, რომ გოგოლმა ამ კრიტიკის სამართლიანობა და საკუთარი შეცდომის სიმძიმე გააცნობიერა. მამა მაკარის წერილის მიღების შემდეგ გოგოლმა ოპტინასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მწერალი-წინასწარმეტყველის მისიამ საშინელი კრახი განიცადა; გოგოლმა თავი ღვთის წინაშე უღირსად იგრძნო და თავს შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტა; მსახურს დაუმთავრებელი რომანის ხელნაწერის დაწვა უბრძანა, თავად კი სასიკვდილო სარეცელს მიაშურა და საწადელსაც მიაღწია. 1852 წლის 24 თებერვალს, ორმოცდასამი წლის სულთმობრძავმა მწერალმა უკანასკნელი სიტყვები ამოიძახა: ,,კიბე მომიტანეთ. სწრაფად, კიბე!"

მაიაკოვსკი

მეიერჰოლდი და მაიაკოვსკი ომის წლებიდან მოყოლებული უახლოესი მეგობრები იყვნენ, პოლიტიკისა და თეატრისადმი ერთნაირი - რადიკალურად მემარცხენე დამოკიდებულება ჰქონდათ; ამ პარტნიორობის შედეგად იშვა სპექტაკლი "მისტერია ბუფი". მაიაკოვსკის პერსონაჟი "მომავლის ადამიანი" იყო - ერთგვარი პროლეტარული deux ex machina, რომელიც სპექტაკლის თავდაპირველ ვერსიაში (1918) სცენაზე ზეციდან ანუ ჭერიდან ეშვებოდა. როგორც მაიაკოვსკი წერდა, ამ თანამშრომლობაში გამოიხატა მისი და მეიერჰოლდის ურთიერთობა, "ჩვენი რევოლუცია პოეზიაში და თეატრში.ა მისტერია თავად მოქმედების მასშტაბურობაა, ბუფი - სიცილ-ხარხარი ამ მისტერიაში." მაიაკოვსკი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული: ეს მჟღავნდებოდა პოეზიაში, თეატრში, კინოში, ჟურნალისტურ საქმიანობაში, რადიოსათვის დაწერილ სიმღერებსა და სატირულ ნაკვესებში, კარიკატურებსა თუ ლუბოკის ტიპის პროპაგანდისტულ პლაკატებში, რომლებსაც რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოს (როსტა) დაკვეთით ხატავდა; მაიაკოვსკის სარეკლამო პლაკატების და სლოგანების ნახვა პრაქტიკულად ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლებოდა. მისი პოეზია, ლილია ბრიკისადმი მიძღვნილი სასიყვარულო ლექსებიც კი, პოლიტიკითაა გაჯერებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ცნობილ ლექსებზე, მაგალითად, ალეგორიაზე "150 000 000" (1921). ეს ბილინების საბჭოთა პაროდიაა, რომელშიც 150 მილიონი საბჭოელი მუშის ბელადის, ივანის და დასავლელი კაპიტალისტი გოლიათის, ვუდრო უილსონის შერკინების ამბავია მოთხრობილი. მაიაკოვსკის ლაკონური, მარტივი და თვალსაჩინო სტილი ზედგამოჭრილი იყო პოლიტიკური აგიტაციისათვის, მით უფრო რუსეთში, სადაც ლუბოკი და ჩასტუშკა (მოკლე, ხშირად უხამსი სიმღერა) ხალხის ცნობიერებაში ღრმად იყო ფესვგადგმული. მაიაკოვსკი ორივე ამ ფორმის იმიტაციას მიმართავდა.

მაიაკოვსკისთვის რევოლუცია დროის მსვლელობის აჩქარებას ნიშნავდა. წარსულის ჯართის, "წვრილ-ბურჟუაზიული", "მეშჩანური" ცხოვრების წესის (ბიტ) ისტორიისთვის ჩაბარებას ითხოვდა და მის ნაცვლად უფრო სულიერი არსებობის დადგომას (ბიტიე) ელოდა. (სიტყვა "ბიტ" (ყოფა), ზმნიდან "ბივატ" (მოხდენა-მოხდა ზმნის საწყისი ფორმა) იყო ნაწარმოები. მეცხრამეტე საუკუნიდან რუსულმა ინტელექტუალურმა ტრადიციამ სიტყვას "ბიტიე" (ესეც ყოფას, ყოფიერებას ნიშნავს) დადებითი შინაარსი შესძინა, ხოლო "ბიტ" ნელ-ნელა მოძველებული ცხოვრების წესთან იქნა ასოცირებული.) კომუნისტური ცხოვრების წესის დამკვიდრებისას რუსულმა რევოლუციამ "ბიტ"-ს შეუბრალებელი ბრძოლა გამოუცხადა. "ბიტ" სძულდა მაიაკოვსკისაც. მას ზოგადად ყველა სახის რუტინა სძულდა. სძულდა "თბილ კერიასთან" დაკავშირებული ნებისმიერი ბანალური საგანი: მაგალითად, სამოვარი, ქოთნის მცენარეები, ერთნაირ ჩარჩოებში ჩასმული მარქსის პორტრეტები, "იზვესტია"-ს ძველ ნომრებზე მონებივრე კატები, ღუმლების ფაიფური, მოჭიკჭიკე იადონები.

თავის ნაწერებში მაიაკოვსკი მატერიალური, ბანალური სამყაროდან თავის დაღწევის ("ეს სამყარო ყველას ფილისტერებად გვაქცევს") და, შაგალის ნახატებზე გამოსახული ადამიანების მსგავსად, სულიერ სამყაროში გაფრენის სურვილზე წერდა. ეს იყო ლილია ბრიკისადმი მიძღვნილი სასიყვარულო სიმღერის ფორმით დაწერილი "პრო ეტო"-ს ("ამის შესახებ") (1923) მთავარი თემა; მოსკოვში და ლენინგრადში მაიაკოვსკის ლილი ბრიკთან და მის ქმართან, მემარცხენე პოეტთან და კრიტიკოსთან ოსიპ ბრიკთან, ménage a trois ჰქონდა, ასე ვთქვათ, სამთა სასიყვარულო კავშირი. თავის ავტობიოგრაფიაში მაიაკოვსკი წერდა, რომ ლექსში "ზოგადად თანამედროვეთა ცხოვრების წესზე წერდა, მაგრამ პირად მასალას ეყრდნობოდა"; "ლექსი ყოფაზე (ბიტ) იყო, იმ ცხოვრების წესზე, რომელიც ოდნავადაც არ შეცვლილა და რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მტერია." "პრო ეტო" მათი ორთვიანი დაშორების პასუხად დაიწერა, რაც 1922 წლის დეკემბერში ლილია ბრიკის სურვილით მოხდა. პოეტი, ლექსის პროტაგონისტი, თავის პატარა ოთახში მუდამ მარტოდმარტოა, მისი საყვარელი ლილია კი საზოგადოებრივი და ოჯახური ცხოვრებითაა დაკავებული; პოეტი გულში 1917 წლამდე დაწერილი ლექსის ხსოვნას ატარებს, რომელშიც ქრისტეს მსგავსი ფიგურა, მისი გვიანდელი "მე"-ს "ვერსია", კარს მომდგარი რევოლუციისთვის ემზადება. ახლა კი სასოწარკვეთილი გმირი ხიდიდან მდინარე ნევაში გადახტომაზე და თვითმკვლელობაზე ფიქრობს: პოეტის საყვარელი ქალი, ლილია, მისი დაბნეულობით და გაურკვევლობით გამოწვეულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს, რადგან იგი, პოეტის ხედვით, ნეპ–ის დროინდელი წვრილბურჟუაზიული ",ბიტ"-ის ფასეულობებით ცხოვრობს და ამან ასკეტურ, ჭეშმარიტად რევოლუციურ გზას თავად პოეტიც გადააცდინა. ეს ღალატი პოეტს ჯვარს აცვამს, მაგრამ მერე მომავლის კომუნისტური უტოპიის ხილვა მოდის, სადაც სიყვარულს სხეულებრივი ფორმა აღარ აქვს - ადამიანთა ძმობის უმაღლეს გამოვლინებადაა ქცეული. ლექსის კულმინაციურ ნაწილში პოეტი მომავალში, ათასი წლით წინ გადაადგილდება, კომუნალური სიყვარულის ხანაში, და ქიმიკოსს გაცოცხლებას სთხოვს:

1930 წელს, ოცდაცამეტი წლის ასაკში, მოსკოვში, ლუბიანკის შენობის მახლობლად მდებარე სახლის კომუნალურ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა; ბრიკები მის გვერდით არ ყოფილან. თვითმკვლელობა მაიაკოვსკის პოეზიის მუდმივი თემა იყო; საკუთარი თვითმკვლელობისადმი მიძღვნილი ლექსი 1929 წლის ზაფხულში დაწერილი დაუმთავრებელი, უსათაურო ლექსის მცირე სახეცვლილებას წარმოადგენდა და მის ციტირებას უფრო ჰგავდა.

ბრიკებმა მისი სიკვდილი "ცხოვრებისადმი მაიაკოვსკის მაქსიმალისტური დამოკიდებულების გარდაუვალ შედეგად" გამოაცხადეს. პოეტის ტრანსცენდენტული მოლოდინები და იმედები რეალობას შეეჯახა. უკანასკნელი მონაცემები იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ პოეტმა თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს. ლილია ბრიკი სტალინის პოლიტიკური პოლიციის, ნკვდ-ს აგენტი გამოდგა და პოეტის მიერ კერძო საუბრებში გამოთქმულ შეხედულებებს ხელისუფლებას აცნობებდა. მაიაკოვსკის კომუნალურ ბინას საიდუმლო შესასვლელი აღმოაჩნდა და მკვლელს ისე შეეძლო მასთან შეპარვა, სროლა და მიმალვა, რომ მეზობლებს ვერაფერი შეემჩნიათ. მაიაკოვსკის უახლოესი მეგობრის, ეიზენშტეინის ჩანაწერები ცხადყოფს, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პოეტი დაპატიმრების მუდმივი შიშით ცხოვრობდა. "მოსაშორებელი გაუხდათ, და მოიშორეს", ასკვნიდა ეიზენშტეინი.
მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, პოეტის სიკვდილს ცხადზე ცხადი მნიშვნელობა ჰქონდა: საბჭოთა ლიტერატურაში ინდივიდუალისტებისთვის ადგილი აღარ დარჩა. მაიაკოვსკის რევოლუციამდელ ხანაში მეტისმეტად ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული; მისი ტრაგიკული ხვედრი მთელმა რუსულმა ავანგარდმა გაიზიარა, ყველამ, ვინც საკუთარი შემოქმედება ახალი საზოგადოების მშენებლობას დაუკავშირა.

როგორ კვდებოდნენ რუსი მწერლები

სიკვდილის შორიახლო ყოფნა მის ყველა ნაწარმოებში იგრძნობა, გვიანდელ მოთხრობებში კი სიკვდილს მოახლოება უმთავრესი თემა ხდება. ჩეხოვი სიკვდილს მთელი თავისი ცხოვრება თვალებში უყურებდა - თავიდან იმიტომ, რომ ექიმი იყო, მერე იმის გამო, რომ თავად კვდებოდა. ალბათ, სიკვდილთან ასეთი სიახლოვის გამო წერდა მასზე ასეთი უშიშარი პატიოსნებით. ჩეხოვმა იცოდა, რომ ადამიანი ძალიან ჩვეულებრივად კვდება - და როცა კვდება, მაინც სიცოცხლეზე ფიქრობს. ნანახმა და განცდილმა სიკვდილის ცხოვრების ბუნებრივ შემადგენელ ნაწილად აღქმა ასწავლა, და, როცა სიკვდილმა მასაც მოაკითხა, ღირსეულად, წელში გამართული შეხვდა, ცხოვრების ისეთივე სიყვარულით, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა. 1904 წლის ივნისში ცოლთან, ოლგასთან ერთად ბადენვაინერში, გერმანიაში სასტუმროს ნომერი იქირავა. ,,მივდივარ, რომ იქ მოვკვდე", უთქვამს გამგზავრების წინ მეგობრისთვის, ,,ყველაფერი დამთავრდა." 2 ივლისის ღამეს სიცხიანმა გაიღვიძა, ექიმი გამოიძახა და მოსულს ხმამაღლა უთხრა, ,,Ich sterbe" (,,ვკვდები’’); ექიმმა მისი დამშვიდება სცადა და მალე წავიდა. ჩეხოვმა შამპანური შეუკვეთა, ცოტა შესვა, მერე საწოლზე მიწვა და გარდაიცვალა.

ტოლსტოი სიკვდილს ასე მარტივად არ უყურებდა, საკუთარი მოკვდავობის შეგრძნება თავზარს სცემდა და თავის რწმენას სიკვდილის მისტიკურ გაგებას ამატებდა: რომ სული პიროვნულობისგან თავისუფლდება და სამყაროს სულს ერწყმის; თუმცა შიშის მთლიანად მოხსნა მაინც ვერა და ვერ შეძლო. ადამიანის კვდომის ასეთ ხშირ და ხატოვან აღწერას, როგორც ტოლსტოის ნაწერებშია, სხვა ვერც ერთ მწერალთან ვერ შეხვდებით, გაიხსენეთ ივან ილიჩის ან თავადი ანდრეის სიკვდილის სცენები. ეს სიკვდილის აღწერის საუკეთესო ეპიზოდებია მსოფლიო ლიტერატურაში, თუმცა მხოლოდ სიკვდილის კი არა, ცხოვრებასთან უკანასკნელი ანგარიშგების სცენებიცაა - მომენტი, როცა მომაკვდავი საკუთარი ცხოვრების აზრს და წონას ახალი თვალით აფასებს, საკუთარ ჭეშმარიტებას და, შესაბამისად, სულიერ ხსნას პოულობს.

როცა ტოლსტოი ასტაპოვოში, რკინიგზის სადგურის უფროსის ოთახში კვდებოდა, მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა იყო: ,,ნეტავ გლეხები როგორ მიდიან? გლეხები როგორ კვდებიან?" ამ საკითხზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და თვლიდა, რომ რუსი გლეხები რაღაც სულ სხვანაირად მიდიოდნენ იმ ქვეყანას, არა ისე, როგორც განათლებული კლასის ადამიანები, ისეთნაირად, რომ ცხადი ხდებოდა: მათ სიცოცხლის მნიშვნელობა სწორად ესმოდათ. გლეხები სიკვდილთან შერიგებულები მიდიოდნენ და ეს მათი ღრმა რელიგიურობის ნიშანი იყო. ტოლსტოისაც ასე უნდოდა სიკვდილი. მრავალი წლის წინ მან დღიურში ჩაწერა: სიკვდილის პირას რომ ვიქნები, მინდა გვერდით ვინმე მყავდეს, ვინც მკითხავს, ჯერაც ვხედავ ცხოვრებას თუ აღარ, ღმერთს თუ ვუახლოვდები, სიყვარული თუ მემატება; თუ ლაპარაკის თავი არ მექნა, თანხმობის ნიშნად თვალებს დავხუჭავ, თუ რაც ვთქვი, არ მოხდება, მაღლა ავიხედავ." როცა ტოლსტოი კვდებოდა, მისთვის ამ კითხვის დასმა აზრად არავის მოსვლია და ამის გამო ვეღარასოდეს გავიგებთ, როგორ გადალახა მწერალმა ზღვარი, რომელზე ფიქრმაც მას ამდენი ტანჯვა და მძიმე ეჭვი მოუტანა. ოპტინაში ტოლსტოის გაქცევის მიუხედავად, ეკლესიასთან შერიგება არ მომხდარა. წმინდა სინოდს ეკლესიის წიაღში მისი დაბრუნების მცდელობა ჰქონდა და ამ მისიით ასტაპოვოში, სადაც მონასტრიდან მობრუნებული დაუძლურებული მწერალი უკანასკნელ საათებს ითვლიდა, ერთ-ერთი ოპტინელი ბერი გაგზავნა, მაგრამ მან მისიის აღსრულება ვერ მოახერხა - ტოლსტოის ოჯახის არც ერთმა წევრმა ბერი მომაკვდავს არ მიაკარა - ამგვარად, მწერალს წესის აგება და ქრისტიანულად დაკრძალვა არ ეღირსა.
მაგრამ თუ მიცვალებულს, ეკლესიამ სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე უარი უთხრა, ხალხმა სათაყვანებელი მწერლის სულს მისაგებელი თავისებურად მიაგო. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, იასნაია პოლიანას სახლს ათასობით ადამიანი მიაწყდა. ერმა ტოლსტოი ისე გამოიგლოვა, ჯერ არც ერთ მეფეს რომ არ ღირსებოდა. მწერალი იმ ადგილას დაკრძალეს, რომელიც მისთვის ბავშვობიდან განსაკუთრებით ძვირფასი იყო. იქ, ტყეში, მრავალი წლის წინ, მისმა ძმამ, ნიკოლაიმ მიწაში ჯადოსნური ჯოხი დაფლა; ჯოხზე საიდუმლო სიტყვები ამოჩორკნა; იმ სიტყვების ძალით დედამიწაზე სამარადისო მშვიდობა უნდა დამყარებულიყო, სატანა კი სამყაროდან უნდა განდევნილიყო. როცა ტოლსტოის კუბო მიწაში ჩაასვენეს, მგლოვიარე ხალხმა ძველი რუსული საგალობელი წამოიწყო. პოლიცია ეკლესიის ბრძანებას უკანასკნელ წუთებამდე ასრულებდა და ეკლესიიდან განკვეთილის ქრისტიანულად დაკრძალვას წინააღმდეგობას უქმნიდა; ,,დაიჩოქეთ და ქუდები მოიხადეთ!" დაიყვირა ვიღაცამ. ქრისტიანულ რიტუალს ყველა დაემორჩილა; მცირედი ყოყმანის შემდეგ, პოლიციელებმა თავები მოიშიშვლეს და მწერლის საფლავთან მუხლი მოიყარეს.

ნაბოკოვი

,,მსხლის საპონი, სიმშრალეში კუპრივით შავი, ტოპაზისფერი, თუ სველ თითებსშუა სინათლეზე გახედავდი, დილის ბანაობისთვის იყო განკუთვნილი. რა საამური იყო ინგლისური დრეკადი ტუბის შემსუბუქების შეგრძნება, როცა რეზინის ხორთუმს გადასწევდი და მის აქაფებულ შიგთავსს გამოწურავდი. "კრემის გაუმჯობესება ვერ შევძელით, ამიტომაც ტუბი გავაუმჯობესეთ", ეწერა ინგლისურ კბილის პასტაზე. საუზმეზე ინგლისიდან ჩამოტანილი ოქროს ვაჟინისთვის მოტრიალე კოვზი უნდა დაგეხვედრებინა, საიდანაც რუსულ კარაქიან პურზე გამჭვირვალე ნაკადები ეშვებოდა. ახლა რამდენნაირი ნუგბარი და თავშესაქცევი აღარ მოგვდიოდა ნევის პროსპექტის ინგლისური მაღაზიიდან: ხილის ტორტები, სურნელოვანი მარილი, კარტი, ასაწყობი თავსატეხები, ზოლიანი კლუბური ჟაკეტები, ცარცივით თეთრი ჩოგბურთის ბურთები."

ნაბოკოვმა კითხვა ჯერ ინგლისურად ისწავლა და მერე - რუსულად. ნაბოკოვების ოჯახი ოდითგან ანგლოფილობით იყო ცნობილი. სანქტ-პეტერბურგში მათი სახლი ,,ანგლო-საქსური ცივილიზაციის კომფორტული საგნებით იყო სავსე", წერს ნაბოკოვი წიგნში ,,ილაპარაკე, მეხსიერებავ" ("სხვა ნაპირები"): ბავშვობაში და-ძმასთან ერთად ,,ინგლისელი ძიძების და გუვერნანტების უსასრულო რიგის ხელში" გამოიარა, ,,რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით იცვლებოდნენ" და ბავშვებს ,,პატარა ბატონ ფონტლეროის" უკითხავდნენ, შემდეგ კი ,,სოფის უბედობას", ჟიულ ვერნის რომანს ,,ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო" და ,,გრაფ დე მონტე კრისტოს" ,,მადმუაზელი" უკითხავდათ. ასე რომ, ნაბოკოვი ემიგრანტივით აღიზარდა. გიმნაზიაში თავი ყველასგან შორს ეჭირა: ,,თავი დევნილ პოეტად წარმომედგინა, რომელსაც შორეული, სევდიანი და ამოუწურავი რუსეთის მონატრება გულს უღრღნიდა." პუშკინი ნაბოკოვის შთაგონების წყარო იყო. მისი რომანების ბევრ პერსონაჟში სწორედ პუშკინის პერსონა იკითხება. ისედაც, მწერალი თავს პუშკინის მემკვიდრედ თვლიდა. თვრამეტი წლის ასაკში, როცა მისი ოჯახი ბოლშევიკებს გაექცა და თავი ყირიმს შეაფარა, ნაბოკოვს უჩვეულო გრძნობა დაეუფლა: საკუთარი დევნილობა შთაგონების წყაროდ ექცა და თან უცებ გააცნობიერა, რომ პოეტის ნაკვალევზე შემდგარიყო - სანქტ-პეტერბურგიდან გაქცევა პუშკინის გადასახლების წლებს აგონებდა. მისი ლექსების პირველ გამოქვეყნებულ კრებულს ,,ზეციური გზა" (1923) ეპიგრაფად პუშკინის ლექსის ,,მალე" ნაწყვეტი ჰქონდა წამძღვარებული.
ყირიმიდან ოჯახი ზღვით ინგლისში გაემგზავრა; 1919-იდან 1922 წლამდე ნაბოკოვი კემბრიჯში, ტრინიტი კოლეჯში სწავლობდა. ომის შემდგომი პერიოდის ინგლისი ძალზე შორს იდგა ოცნების იმ ანგლო-საქსური სამყაროსგან, რომელშიც პატარა ნაბოკოვი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლის საბავშვო ოთახში წარმოსახვით მოგზაურობდა. ტრინიტის საცხოვრებელი შენობა ცივი და ნესტიანი აღმოჩნდა, საკვები - ენითაუწერლად ცუდი, ხოლო სტუდენტური კლუბები სავსე იყო მიამიტი სოციალისტებით, რომლებიც ნესბიტის, "სხვა ნაპირების" პერსონაჟის მსგავსად, რუსეთის წარსულში ყოველივე უგვანს ხედავდნენ, ხოლო ბოლშევიკებში - მხოლოდ საუკეთესო თვისებებს. დრო გადიოდა და ნაბოკოვს რუსეთი სულ უფრო და უფრო ენატრებოდა. ,,ინგლისში, კოლეჯში გატარებული წლები სინამდვილეში ჩემი რუს მწერლად ქცევის მცდელობის ხანა გახლდათ," იხსენებდა ნაბოკოვი, ,,ისეთი განცდა მქონდა, თითქოს კემბრიჯი და მისი ყველა ცნობილი ნიშანი - ძველთაძველი რცხილის ხეები, ღერბებიანი ფანჯრები და კოშკის საათი - მხოლოდ იმისთვის არსებობდნენ, რომ ჩემი მოჭარბებული ნოსტალგია კიდევ უფრო გაემძაფრებინათ."
რუსეთის მონატრება ნაბოკოვისთვის ერთი ადგილის, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე წინაპრების მამულის, ვირას მონატრებას ნიშნავდა; მწერლის ბავშვობის მოგონებები სწორედ იქაურობას უკავშირდებოდა. რომანში ,,სხვა ნაპირები" ნაბოკოვი აცხადებდა, რომ ნოსტალგიის გრძნობა ხუთი წლის ასაკიდან ჰქონდა გამოცდილი, როცა მშობლებთან ერთად ევროპაში ყოფნისას ,,ბალიშზე თითით ჩვენი ვირას სახლისკენ მიმავალ გზას" ხატავდა. მწერალმა ვირას დაკარგვა მწვავედ განიცადა - იმაზე მწვავედ, ვიდრე ოჯახის ქონების უმეტესი ნაწილის ან სამშობლოს დაკარგვა, რომელსაც, თუკი სანქტ-პეტერბურგს და ვირას არ ჩავთვლით, ნაბოკოვი თითქმის არ იცნობდა. ამაზე მწერალი ,,სხვა ნაპირებში" წერს:

,,შემდეგი პასაჟი ფართო მკითხველისთვის კი არა, ალბათ, უფრო რომელიმე კონკრეტული იდიოტისთვის იქნება განკუთვნილი, რომელმაც რაიმე სახის უბედობა იწვნია და ფიქრობს, რომ ჩემი კარგად ესმის.
ჩემი ოდინდელი (1917 წლიდან მოყოლებული) უსიამოვნებები საბჭოთა დიქტატურასთან დაკარგული საკუთრების საკითხებს სრულებით არ უკავშირდება. მძაგს ის ემიგრანტები, რომლებსაც ,,წითლები სძულთ", იმიტომ რომ იმათ ფული და მიწები ,,მოჰპარეს". ნოსტალგია, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ველოლიავები, დაკარგული ბავშვობის გამძაფრებული განცდა გახლავთ და დაკარგული ბანკნოტების გამო წყენასთან საერთო არაფერი აქვს.
და ბოლოს: უფლებას ვიტოვებ, ამ ეკოლოგიური ნიშისკენ ვისწრაფვოდე:

"...ჩემი ამერიკის ცისქვეშ
სევდა-კაეშანს ვეძლევი
რუსული მიწის ერთი პატარა ნაკუწის გამო."

ახლა კი მკითხველს შეუძლია, საკუთარი დასკვნები გააკეთოს."

პირქუში კემბრიჯიდან - სადაც ფაფა ,,ისეთივე ნაცრისფერი და უამური იყო, როგორც გრეით კორტის თავზე გადაშლილი ცა" - სწერდა ნაბოკოვი 1920 წელს ბერლინში მყოფ დედას:

,,ძვირფასო დედა, გუშინ შუაღამით გამომეღვიძა და ვიღაცას - არ ვიცი, ვის - ღამეს, ვარსკვლავებს, ღმერთს - შევეკითხე: ნუთუ მართლა ვეღარასოდეს დავბრუნდებით, ნუთუ მართლა ყველაფერი დამთავრდა, დაინგრა, წაიშალა? უნდა დავბრუნდეთ, დედა, ხომ მეთანხმები, შეუძლებელია, რომ ის ყველაფერი მომკვდარიყო, მტვრად ქცეულიყო - მარტო ამაზე ფიქრისგანაც ხომ შეიძლება გაგიჟდეს კაცი. მინდა, ჩვენი ვირას პარკში მდგარი თითოეული ბუჩქი, თითოეული ხე აღვწერო, მაგრამ ამას ვერავინ გაიგებს. როგორ არ ვაფასებდით ჩვენს სამოთხეს! - მეტი სიმძაფრით, მეტი გააზრებით უნდა გვყვარებოდა."

,,სხვა ნაპირების" შთაგონების წყაროდ ვირას მონატრება იქცა. ნაბოკოვმა იპოვა საშუალება, რომ ,,მისი ყველა ბუჩქი" აღეწერა და ბავშვობის მოგონებები და სურვილები გაეცოცხლებინა. ეს ნაწარმოები თავისებურად პრუსტისეული მსჯელობა იყო დროისა და ცნობიერების ტალღისებური ხასიათის შესახებ. ნაბოკოვის ,,მოგონება" შემოქმედებითი აქტი იყო, წარსულის გაცოცხლების მცდელობა, რომელიც აწმყოს ზედაპირზე ასოციაციებადაა გამოჟონილი, შემდეგ კი მწერლის პიროვნულ რაობად და ხელოვნებად გარდასახული. ერთხელ მან დაწერა, რომ დევნილობაში დროის უფრო მკაფიო შეგრძნება გაუჩნდა; სიტყვების მეშვეობით წარსულის შეგრძნებების განუმეორებლად გადმოცემის უნარი მისი დევნილობის დამსახურება იყო.
ნაბოკოვის ნაწერებს დევნილობა ლაიტმოტივად გასდევს. ,,მერი" (რუსულად - მაშენკა), მისი პირველი რომანი, რომელიც 1926 წელს ბერლინში გამოქვეყნდა, ემიგრანტთა სულიერი მდგომარეობის პორტრეტი იყო. თუმცა 1970 წლის ინგლისურენოვანი ვერსიის შესავალში ავტორი მის ავტობიოგრაფიულობაზე მიუთითებდა. განინი, რომანის მთავარი გმირი, მერისადმი მისი დაუოკებელი სწრაფვა დევნილის ოცნების: რუსეთში სიჭაბუკეში განცდილი და დაკარგული ბედნიერების დაბრუნების სიმბოლოდ იქცა. რომანში ,,დიდება" (რუსულად - Подвиг) (1931) მარტინ ედელვეისი, ყირიმიდან ინგლისში გადახვეწილი რუსი ემიგრანტი, კემბრიჯში სწავლობს და რუსეთში დაბრუნებაზე ოცნებობს. მისი ფანტაზიები ხორცს ისხამს, როცა ბერლინში ჩადის და ტყე-ტყე რუსეთის საზღვრისკენ მიიწევს, რათა უკან აღარასოდეს დაბრუნდეს. ,,საჩუქარის" (1938) თემაც ,,დევნილობის უსიხარულობა და დიდებაა", ისევე როგორც ნაბოკოვის ყველა რუსულენოვანი რომანისა (სულ ასეთი ცხრაა). ამ რომანების ტრაგიკული პერსონაჟები ემიგრანტები არიან, უცხო სამყაროში დაკარგულები და გაუცხოებულები ან წარსულის აჩრდილის ტყვეობაში მყოფნი, რომლის დაბრუნებაც ფანტაზიის, კრეატიული მოგონებების და შემოქმედების მეშვეობით შეიძლება - მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად. ,,საჩუქარის" ერთ-ერთი პერსონაჟი, მწერალი ფიოდორ გოდუნოვ-ჩერდინცევი რუსეთის ლიტერატურულ ცხოვრებას პოეზიის მეშვეობით აღიდგენს. ,,დიდებასა" და ,,მკრთალ ცეცხლში" (1962 წელს დაწერილი ინგლისურენოვანი რომანი) მთავარი გმირი, დევნილობით მოტანილ უბედურებებს რომ გაექცეს, გამოგონებულ რუსულ სამყაროში ცხოვრობს. ნაბოკოვის ფიქრები "ჩრდილოეთის შორეული ქვეყნის" შესახებ, რომელსაც მწერალი ,,მკრთალ ცეცხლში" ზემბლას არქმევს, იმის გამჟღავნებაა, თუ რას ფიქრობდა მწერალი დევნილის მდგომარეობაზე:

ზემბლას ხატება მკითხველს შეუმჩნევლად, თანადათანობით უნდა შეაპარო...
4. არავინ იცის, ვერავინ უნდა გაიგოს - თვით კინბოტმაც ძლივს იცის - მართლა არსებობს თუ არა ზემბლა.
5. ზემბლა და მასთან დაკავშირებული პერსონაჟები ბურუსით მოცულნი უნდა დარჩნენ...
6. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, გამონაგონია ზემბლა, თუ რუსეთის ლირიკული მიმსგავსება (ზემბლა: ზემლია [რუსულად ,,მიწა"]).59

ნაბოკოვის პირველ ინგლისურენოვან რომანში ,,სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება" (1941) დევნილობის თემა განსხვავებულ ფორმას იძენს და იდენტობის გახლეჩას უკავშირდება. მთავარი გმირის, სებასტიანის ბიოგრაფიას თითქოს მისი ძმა წერს, მაგრამ მოქმედების მსვლელობისას თანდათანობით ირკვევა, რომ ნამდვილი სებასტიანი სწორედ ძმა გახლავთ. დაბნეულობის ეს გრძნობა და შინაგანი გაორება ბევრი ემიგრანტისთვის იყო დამახასიათებელი. ამაზე ძალზე გულშიჩამწვდომად წერს ხოდასევიჩი ,,სორენტოს ფოტოსურათებში" (მისი ლექსების კრებულიდან ,,ევროპის ღამეები" (1922-27)), სადაც დევნილის გაორებულ ცნობიერებას, სამშობლოში და უცხოეთში ცხოვრების, ორი არსებობის ხატებათა აღრევას პოეტი ფირის ორმაგ გამჟღავნებას ადარებს.
რუსული ენიდან ინგლისურზე გადანაცვლება ნაბოკოვის შემთხვევაში რთული ისტორიაა და მის მიერ ამერიკული იდენტობის მიღებას უკავშირდება. ეს საკმაოდ მტკივნეული ცვლილება იყო, როგორც თავად ნაბოკოვს (რომელიც ცნობილი იყო ეფექტური გამოხდომებით) უყვარდა ხაზგასმა. ის ამბობდა, რომ ენის გამოცვლა ისევე გაუჭირდა, როგორც "აფეთქების შედეგად შვიდ-ან რვათითდაკარგულ ადამიანს საგნების ხელში აღების სწავლა." მწერალი მთელი ცხოვრება ჩიოდა, რომ ინგლისურად წერა უჭირდა - ალბათ, მეტისმეტად ხშირად საიმისოდ, რომ მისი თავდაუჯერებლობისა მართლა ვირწმუნოთ (ახლო მეგობრისადმი მიწერილ წერილში კი აღიარებდა, რომ თავისი საუკეთესო ნაწარმოები ინგლისურ ენაზე დაწერა). შემოქმედებითი წარმატების მწვერვალზე ყოფნის დროსაც კი, რომან ,,ლოლიტას" 1956 წლით დათარიღებულ ბოლოსიტყვაობაში, მწერალი ,,პირად ტრაგედიაზე" საუბრობს:

,,ჩემი პირადი ტრაგედია... იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი ლაღი, მდიდარი და უსაზღვროდ დამყოლი რუსული ენის დათმობა მომიხდა საშუალო დონის ინგლისურის სასარგებლოდ, რომელსაც არც ჯადოსნური სარკე გააჩნია, არც შავი ხავერდის სასცენო ფონი და არც მკვიდრი ასოციაციები და ტრადიციები - ფრაკის ბოლოების მოფრიალე ილუზიონისტი თავის წინამორბედთა მემკვიდრეობაზე გადასაბიჯებლად რომ იყენებს."

ამგვარი განცხადებებს უფრო მანერული ფორმა ჰქონდა: ნაბოკოვის მიღწევა უდავოა. საოცარია, აბა რა არის, რომ მწერალი, რომელიც თანამედროვე ინგლისური ენის ყველაზე დიდ სტილისტადაა აღიარებული, უცხოელი იყო.
როგორც მისი ცოლი, ვერა ამბობდა, ნაბოკოვი ინგლისურად წერაზე "განსაკუთრებული, სტილურად რთული რუსულიდან გადაერთო, რომელიც წლების განმავლობაში უნიკალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სრულქმნილებამდე დახვეწა," მაგრამ თან ,,ის ინგლისურიც გაითავისა, რომელიც მის ნებას ცვილივით დაყვებოდა, ვიდრე მისი კალმის ქვეშ იქამდე ისეთი მუსიკალური და მოქნილი არ გახდა, როგორიც არასოდეს ყოფილა." მწერლის ცოლის თქმით, ის, რაც ნაბოკოვმა შეძლო, რუსული ენისადმი ვნებიანმა ტრფიალმა შეაძლებინა და, თუ ადრე ეს ურთიერთობა ანგარიშიან ქორწინებას ჰგავდა, შემდეგ, ,,როგორც მსგავს შემთხვევებში ბევრჯერ მომხდარა, ნაზ სასიყვარულო კავშირად იქცა.“
რევოლუციამ ყველა გეგმა შეაცვლევინა, თორემ ნაბოკოვს ახალი დროის პუშკინობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოგვიანებით, ასაკში შესულ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი გენიოსის როლი, რომლის თამაში ოდესღაც მოუწია, თავადაც კარგად ართობდა, თორემ მისი ინგლისური ბავშვობიდანვე გამორჩეულად გამართული ყოფილა, რუსულზე უკეთაც კი მოსდევდა. მაგრამ იყო დრო, როცა დევნილი ნაბოკოვი ,,ცარიელ სივრცეში" წერდა. საბჭოთა რეჟიმისგან თავდაღწეულმა მალე იგრძნო, რომ თურმე საკუთარ თავისუფლებას in vacuo წერის აუცილებლობას უნდა უმადლოდეს - რადგან მკითხველისა თუ საზოგადოებრივი კონტექსტის უქონლობამ მის საქმიანობას ,,ფაქიზი ირეალობის ნიშნები" შესძინა. (ცვეტაევას მდგომარეობაც ამის მსგავსი იყო, თუმცა მისი სასოწარკვეთა მეორე დასაყრდენი ენის უქონლობამ განაპირობა და პირად ტრაგედიად იქცა: ,,სამყაროდან, რომელშიც ჩემი ლექსები პურივით აუცილებელი იყო, სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ლექსები არავის სჭირდება, არც ჩემი და არც სხვისი, სადაც ლექსები მხოლოდ ჩაროზი ჰგონიათ: ისიც - თუკი ვინმეს სჭირდება - ეს ჩაროზი......").
ნაბოკოვის შემთხვევაში ენის გამოცვლა მკითხველის მოპოვების ფუნდამენტური მოტივი იყო. როგორც თავად ამბობდა, მწერალს ,,გარკვეული აზრით, გამოძახილი სჭირდება, შესაძლოა, პასუხიც." მისი რუსულენოვანი აუდიტორია ყოველწლიურად საგრძნობლად მცირდებოდა, რადგან ემიგრანტთა შვილები ახალ კულტურასთან ასიმილირებას განიცდიდნენ. ისეთი ახალგაზრდა რუსი მწერლისთვის, როგორიც მაშინ ნაბოკოვი იყო, მხოლოდ მწერლობით თავის რჩენა, თანაც ძლიერი კონკურენციის პირობებში, შეუძლებელი ჩანდა. ,,ლიტერატურაში მოსვლა ხომ ხალხით გაჭედილ ტრამვაიში ასვლას ჰგავს. რაკი შიგნით აღმოჩნდი, ყოველ ახალამომსვლელს იდაყვსა ჰკრავ და განზე სწევ," ჩიოდა ნაბოკოვის თაობის მწერალი გიორგი ივანოვი.
როცა 1933 წელს ხელისუფლებაში ჰიტლერის მოვიდა და ათასობით რუსს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, ბერლინში ცხოვრება განსაკუთრებით რთული გახდა. ნაბოკოვები გერმანიის დედაქალაქში დარჩნენ. ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა - ვერა მდივნად მუშაობდა, ნაბოკოვი კერძო მოსწავლეებს ამეცადინებდა ინგლისურ და ფრანგულ ენებში. აშკარა გახდა, რომ გამგზავრება მათაც მოუწევდათ. ვერა ებრაელი იყო, ხოლო ადამიანი, რომელმაც ნაბოკოვის მამა სიცოცხლეს გამოასალმა, სერგეი ტაბორიცკი, 1936 წელს ჰიტლერის მთავრობამ ემიგრანტთა საქმეების დეპარტამენტის მეორე პირად დანიშნა. სასოწარკვეთილი ნაბოკოვი ლონდონში ან ნიუ-იორკში პედაგოგის თანამდებობის მოპოვებას ცდილობს, ოღონდ კი ჰიტლერულ გერმანიას თავი დააღწიოს, ბოლოს, 1938 წელს, პარიზში გადადის. იქიდან, 1940 წელს, ნაბოკოვები ამერიკაში, ნიუ-იორკში ემიგრაციას ახერხებენ, არადა, მათი გამგზავრებიდან ორ კვირაში გერმანელები პარიზამდე აღწევენ. ბულონის ტყის მახლობელ სტუდიოს ტიპის (ერთოთახიან) ბინაში ნაბოკოვი აბაზანაში იკეტებოდა, ბიდეზე შემოდებულ ჩემოდანზე საბეჭდ მანქანას დგამდა და წერდა. ამგვარ მაგიდაზე ,,ამოუბეჭდა" საკუთარ თავს ინგლისურენოვანი ლიტერატურის სამყაროში შესასვლელი ბილეთი: ,,სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება", რომელიც 1941 წელს ნიუ-იორკში გამოიცა.
ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლა ნაბოკოვებს ალექსანდრა ტოლსტაიამ, მწერლის ქალიშვილმა და ტოლსტოის ფონდის თავმჯდომარემ, გაუხერხა, რომელიც სწორედ იმხანად ამერიკაში რუსი ემიგრანტების ინტერესებს იცავდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ამერიკას ჰიტლერული ევროპიდან გამოქცეულმა საქვეყნოდ ცნობილმა ხელოვნებმა შეაფარეს თავი: აინშტაინმა, თომას მანმა, ჰაქსლიმ, ოდენმა, სტრავინსკიმ, ბარტოკმა და შაგალმა - შეერთებული შტატები თითოეული მათგანის მეორე სამშობლოდ იქცა. ნიუ-იორკი რუსმა ემიგრანტებმა იერიშით აიღეს. იგი მაშინვე ,,ამერიკული რუსეთის" ლიტერატურულ დედაქალაქად იქცა; ნიუ-იორკში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთს ,,ნოვოე რუსსკოე სლოვო" (ახალი რუსული სიტყვა) ნახევარი მილიონი რუსი კითხულობდა. ნაბოკოვები სენტრალ პარკის მახლობლად, დასავლეთ 87-ე ქუჩაზე, სრულიად მოუწყობელ პატარა ბინაში დასახლდნენ. აშშ-ს რუსულ ემიგრანტულ საზოგადოებას ნაბოკოვის, როგორც მწერლის, სახელი არაფერს ეუბნებოდა. ,,ლოლიტას" გამოქვეყნებით გამოწვეულ სკანდალამდე (რომლის წერა 1952 წელს დასრულდა, მაგრამ გამოქვეყნება მხოლოდ 1955-ში გახდა შესაძლებელი), ნაბოკოვი ლიტერატურული შრომით თავს ძლივს ირჩენდა. როგორც რომან ,,პნინ"-ის მთავარ გმირს, თავი მასაც სხვადასხვა უნივერსიტეტში პერიოდული პედაგოგიური მოღვაწეობით გაჰქონდა, მათ შორის, სტენფორდში, უელსლიში და კორნელში. უნდა ითქვას, რომ სიამაყე და ქედმაღლობა გაჭირვებამ ოდნავადაც ვერ დაათმობინა. როცა რახმანინოვმა თავისი ნახმარი ტანისამოსით სავსე ჩემოდანი გაუგზავნა, ნაბოკოვმა, რომელიც დენდი და, შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგის ისტორიაში ყველაზე კარგად ჩამცმელი კაცის შვილი იყო ( ნაბოკოვის მამა ჩინებული ინგლისური კოსტიუმებით იყო ცნობილი, რომელთაც უყოყმანოდ იცვამდა სახელმწიფო დუმაში, სადაც ზოგიერთი დეპუტატი გლეხური ტანისამოსით დადიოდა. А. Тыpкова. На путях к свободе (ნიუ-იორკი, 1952, გვ. 270). რევოლუციამდელ პეტერბურგში ჩაცმულობასთან დაკავშირებულ მის ახირებებზე ანეკდოტები დადიოდა; ხუმრობდნენ, ნაბოკოვი ნიფხვებსაც ინგლისში გზავნის გასარეცხადო.), ჩემოდანი უკან დაუბრუნა კომპოზიტორს და ზედ სარკასტული შენიშვნაც მიაყოლა, ეს ტანისამოსი ,,ქვის ხანაშია შეკერილი"-ო.
,,ამერიკა ახლა ჩემი სამშობლოა", ეს ფრაზა ნაბოკოვის 1964 წლის ინტერვიუებში ჩნდება, ,,მე ამერიკელი მწერალი ვარ". მიუხედავად იმისა, რომ იგი ამერიკელების ყოფას ხშირად ამასხარავებს (ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ,,ლოლიტა" გამოირჩევა), მისი სიყვარული ამერიკის მიმართ დამაჯერებლად გამოიყურება. ნაბოკოვს მოსწონდა ნამდვილი ამერიკელის როლის თამაში. ძველ სამყაროში წინაპრების მემკვიდრეობა და სახელი დატოვა, მაგრამ ახალ სამყაროში სახელი და იღბალი თავად მოიპოვა - უმძიმესი შრომის და ბრწყინვალე გონების წყალობით. ,,ლოლიტას" წარმატებიდან დაიწყო მისი, როგორც ამერიკელი მწერლის აღმასვლა და ამ ტიტულით ბოლომდე ამაყობდა. ,,ეს ისტორიისთვის ცნობილი ერთადერთი შემთხვევაა, როცა ევროპელი მათხოვარი საკუთარ თავს მდიდარ ამერიკელ ბიძად თავადვე მოევლინა," წერდა მისი ნაწარმოების ,,დახეთ ამ არლეკინებს!" (1974) პერსონაჟი, რუსი ემიგრანტი მწერლის, ვადიმის (წაიკითხე: ნაბოკოვი) შურიანი კრიტიკოსი და ამავე დროს მისი ნიჭის დიდი დამფასებელი. ნაბოკოვი ამერიკის მსუბუქ კრიტიკასაც ვერ იტანდა. იგი პატრიოტი იყო; ფიცს, რომელიც 1945 წელს ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს წარმოთქვა, მთელი ცხოვრება უერთგულა. როცა ფრანგულმა გამომცემლობა ,,გალიმარმა" ,,პნინის" ფრანგული თარგმანის გარეკანზე რომანის მთავარი გმირი ამერიკულ დროშაზე მდგომი გამოსახა, ნაბოკოვმა პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ვარსკვლავების და ზოლების გამოყენება "ფარდაგად თუ გზის მოსაპირკეთებლად" დაუშვებელი იყო.
მის ამერიკანიზმს საფუძვლად ანტისაბჭოური განწყობა ედო. ნაბოკოვი ამართლებდა მაკარტის და ფიქრობდა, რომ კომუნისტი ჯაშუშების აშშ-ს მთავრობაში არსებობის ეჭვი საფუძველს მოკლებული სულაც არ იყო. ლიბერალები, რომლებიც საბჭოეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, ნაბოკოვის თვალში არარაობები იყვნენ. მწერალმა უარი თქვა საბჭოთა რუსეთის დახმარებაზე - მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, როცა საბღოთა კავშირი დასავლეთის ქვეყნების მოკავშირე იყო. 1945 წელს, როცა მან შეიტყო, რომ რუსული ემიგრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საფრანგეთში, ვასილი მაკლაკოვმა, საბჭოთა კავშირის საელჩოს მიწვევა მიიღო ლანჩზე და ,,სამშობლოს, წითელი არმიის და სტალინის" სადღეგრძელოც კი დალია, ერთ-ერთ მეგობარს გაღიზიანებულმა მისწერა:

,,საკუთარი პრინციპების უარყოფას ერთადერთ შემთხვევაში ჩავთვლიდი გასაგებად: თუ მეტყოდნენ, რომ ჩემი რეაქციის მიხედვით ჩემს ახლობლებს აწამებენ ან შეიწყალებენ. მაშინ ყველაფერზე დავთანხმდებოდი, იდელოგიურ ღალატზეც კი, ბევრ სხვა სისულელესაც ჩავიდენდი, სტალინის მომხრეებშიც დიდი სიყვარულით ჩავეწერებოდი. ვითომ მაკლაკოვი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა? აშკარაა, რომ არა.
ყველა დანარჩენი მიზეზი ემიგრაციის დასახარისხებელ ნიშნად გამოდგება. მე ხუთ მთავარ კატეგორიას გამოვყოფ:

ფილისტერული უმრავლესობა, რომელსაც ბოლშევიკები იმის გამო არ უყვარს, რომ მას რაღაც საცოდავი მიწები და ფული, ან სულაც ილფის და პეტროვისეული თორმეტი სკამი ჩამოართვა.

2. ისინი, ვისაც პოგრომები და რუმინეთის მეფე სიზმრებში ელანდებათ და ახლა საბჭოებს იმის გამო დაუძმაკაცდნენ, რომ საბჭოთა კავშირში რუსი ხალხის საბჭოთა კავშირს ხედავენ.

3. ყეყეჩები.

4. ისინი, ვინც საზღვარს აქეთ ინერციის ძალით გადმოვიდნენ, ვულგარული და კარიერისტი ადამიანები, რომლებიც ყველგან გამორჩენას ეძებენ და ყველანაირ ლიდერს ემსახურებიან ისე, რომ სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ.

5. ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რუსული ინტელიგენციის ძველი გვარდია, რომელსაც სძაგს ენაზე, აზროვნებაზე, სიმართლეზე ძალადობა."

საკუთარ თავს ნაბოკოვი უკანასკნელ კატეგორიას მიაკუთვნებდა. როცა უნივერსიტეტებში რუსული ლიტერატურის კურსის კითხვა დაიწყო, 1917 წლის შემდეგდროინდელი მწერლების შემოქმედების სწავლებაზე უარი თქვა, თუმცა კორნელში გამონაკლისი მარტო ახმატოვასთვის და პასტერნაკის პოეზიისათვის გააკეთა. ( ჩვეულებრივ, ნაბოკოვი ახმატოვასაც უგულებელყოფდა და მისი ადრეული სტილის მრავალრიცხოვან მიმდევრებსაც ქალ პოეტებს შორის. ,,პნინ"-ში სიმღერა, რომელსაც პროფესორის უცნაური ცოლი ლიზა ,,რიტმული, გაწელილი, გულშიჩამწვდომი ხმით" მღერის, ახმატოვას ლექსის ულმობელი პაროდიაა:

"მოშავო კაბა ჩავიცვი,
მონაზონზე სათნო იერი მაქვს,
გაცივებული საწოლის თავზე
სპილოსძვლის ჯვარცმა მიკიდია.

მაგრამ მითური ორგიების შუქი
ჩემს დავიწყებას სხივად ედება,
და სახელს ,,გიორგი" ვჩურჩულებ კვლავაც,
შენს ოქროსფერ სახელს!"

(ვ. ნაბოკოვი, ,,პნინი". (Harmondsworth, 2000), გვ.47). ახმატოვა ამ პაროდიამ საშინლად შეურაცხყო, მით უფრო, რომ ამ ლექსის სიტყვები 1948 წელს ჟდანოვის მიერ გამოყენებული ფრთიანი ფრაზის ,,სანახევროდ მონაზონი, სანახევროდ - კახპა" გამოხმაურებას წარმოადგენდა. (Л. Чуковская. Записки об Анне Ахматовой. в двух томах (Париж, 1980, том 2.ст.383).) ნაბოკოვი აცხადებდა, რომ საბჭოთა რეჟიმი ,,თვითმყოფადი ლიტერატურის’’ განვითარების საშუალებას არ იძლეოდა;74 სწორედ ასევე ემტერებოდა იგი მეცხრამეტე საუკუნის რეალისტურ ტრადიციასაც, - სოციალური შინაარსისა და იდეების გამო - ტრადიციას, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევდა ლიტერატურისადმი საბჭოური მიდგომის საფუძვლად. ამ მოსაზრების გამო იწუნებდა ,,ექიმ ჟივაგოს" (,,ძალიან საშუალო, უღიმღამო ნამუშევარი"), რომელიც 1958 წელს ,,ლოლიტასთან" ერთად ლიტერატურული ბესტსელერების სათავეში მოექცა და სოლჟენიცინის ,,უფორმო, სიტყვამრავალ, გამეორებებით სავსე" ,,გულაგის არქიპელაგს" (1973-75)75 - თუმცა საფიქრებელია, რომ საქმე უფრო თანამოკალმის მიმართ შურის გრძნობათან გვქონდეს - პასტერნაკისგან და სოლჟენიცინისგან განსხვავებით, ნაბოკოვს ნობელის პრემია არ მიუღია. და მაინც, პოლიტიკური მიუღებლობისა და ჯიუტი უგულებელყოფის მიუხედავად, მწერალი რუსულ ტრადიციასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული; ოცნებობდა, რომ ოდესმე მშობლიურ ენაზე კიდევ ერთ რომანს დაწერდა. გრძნობდა, რომ რაღაც საერთო ჰქონდა ,,პნინ"-ის ტრაგიკულ პერსონაჟთან - დაბნეულ, კეთილშობილ ემიგრანტ პროფესორთან, რომელმაც ამერიკულ ყოფასთან შეგუება ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა - მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ბევრ სხვა რუს ემიგრანტსაც აგონებდა, საუკეთესოთაგან საუკეთესოებს.
1965 წელს ნაბოკოვი ,,ლოლიტას" რუსულ თარგმანზე მუშაობდა. ოდესღაც ინგლისურენოვანი გამოცემის ბოლოსიტყვაობაში რუსულიდან ინგლისურზე გადასვლას ,,პირად ტრაგედიას" მოიხსენიებდა. ახლა კი რუსული გამოცემის ბოლოსიტყვაობა აღიარებით დაიწყო; ნაბოკოვი ამბობდა, რომ საკუთარი პროზის რუსულ ენაზე თარგმნის პროცესმა გულგატეხილობის განცდა გაუჩინა:

,,ამ თარგმანის ისტორია იმედგაცრუებათა ისტორიაა. ვაგლახ, თურმე ის "საოცარი რუსული ენა", რომელიც, როგორც მეგონა, მუდამ სადღაც მიცდიდა, აყვავებული, როგორც მჭიდროდ გადარაზული ჭიშკრის უკან მომლოდინე ერთგული გაზაფხული, კარიბჭის გასაღები კი ამდენი წლის განმავლობაში ხელთ მეპყრა, თურმე აღარ არსებობს; ჭიშკრის უკან მხოლოდ ჩანახშირებული კუნძებია და იმედგადაწურული შემოდგომის უჟმური მონარჩენი, სხვა არაფერი, ხელში შერჩენილი გასაღები კი ტლანქად ნაჩორკნი რკინა."

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“