Saturday, April 9, 2011

გიორგი კეკელიძე - ორიათასიანელთა ვირტუალური ხიბლი


ტიციან ტაბიძემ ერთხელ დაწერა: ,,გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს’’. არავინ იცის, ეს დასავლურ-აღმოსავლური ესთეტიკის სინთეზის მცდელობა იყო (ამაზე საუბრობს ლევან ბრეგაძე ესეში ,,ევროპა ვართ თუ აზია’’) თუ აზიურობის კომლექსით დაავადებული ქართველის ბებერი კონტინეტისკენ სწრაფვა. ,,ორივენიცა’’ - იტყვის ალბათ ლუარსაბი, მიუხედავად საკუთარი მკვეთრად განსაზღვრული ორინეტაციისა და მეც დავეთანმხები. თუ XX საუკუნის დასაწყისის სამამულო მანიფესტებსა თუ ანალიტიკურ წერილებს გადახედავთ, ხშირად წააწყდებით წინადადებას, რომელიც ლამის იდიომადაც კი იქცა - ,,ევროპული ხაზით გამართვა’’. დასავლეთისკენ სწრაფვა ქართული ლიტერატურის, ოდესღაც ალბათ ლატენტური, მერე და მერე კი გაცნობიერებული ვნება გახლდათ. თეიმურაზე მეფის ,,მუსიკობას’’ თუ არ ჩავთვლით, ეს ლტოლვა ყველგან იგრძნობა. რამდენად თანმიმდევრულნი ვიყავით - ცალკე და მთავარი საკითხია.

ცხადია - აცდენა მეტი იყო, ვიდრე თანხვედრა. რადგანაც ჩვენი თემაა პოეზია, მოდი მასზე ვთქვათ, სად რა მიმდინარეობებს ვსწვდით კუდში, სად გაგვექცა, სად გავექეცით (ეს უკანასკნელი, ისე, სიტყვის მასალად აღვნიშნე). საერთოდ, პოეტურ ნიმუშებს, ლიტერატურის თეორიტიკოსები სახელს ძნელად არქმევდნენ, თუმცა არსებობდა რაღაც მკვეთრად განსაზღვრული კონტექსტი, რომელიც გარკვეულ მიჯნას თვითონვე ავლებდა და ვთქვათ, შანდორ პეტეფსა და ტრისტან ცარას სხვადასხვა კალათაში ათავსებდა.

საქართველოში, ჰიმნოგრაფიასა და ფოლკლორს რომ თავი დავანებოთ (პირველი რელიგიური ინსტრუმენტი, მეორე კი მეტ-ნაკლებად სპონტანური ნარატივია), შუასაუკენიბიის საერო ლიტერატურა მთლიანად აღმოსავლური ლიტერატურიითაა დავალებული (ამ მინიშნებებს ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მე სპარსული ან არაბული პოეზია არ მიყვარდეს - სრულიად პირიქით - უბრალოდ ,,ევროპული ხაზის’’ ამბავს ვაგრძელებ). დღეს მკველავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ადრერენესანსული ტექსტია, რაინდული რომანისთვის დამახასიათებელი სამკუთხედებითა და ანტიკური აზროვნებისი ნაკადით, მაგრამ ევროპული ლიტერატურისთვის მისი მიკუთვნება, ცოტა თამამი გადაწყვტილებაა, რადგან ,,შაჰ-ნამესი’’ გაცილებით მეტია მასში, ვიდრე, ვთქვათ, უფრო გვიანდელი ,,ღვთაებრივი კომედიის’’. საუკუნეების მერე იყო გურამიშვილი, ახალი ვერსიფიკაციული ვარიაცებით და გენიალური ,,ვესელა ვესნას ხმაზე ნამღერლებით’’, მაგრამ რაიმე სახის თანმიმდევრულობაზე იმდროინდელ კონტინეტურ ჰავაზე აქ საუბარი გაჭირდება ფრაგმეტულობის გამო.

ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ,,ევროპელი კოლეგის’’ პარალელურად წარმოიშვა და თანაარსებობდა, ქართული რომანტიზმია. ეს ის შემთხვევაა, როცა ექსპორტირებული ესთეტიკა (რუსულის გზით) და ადგილობრივი პრობლემატიკა ერთმანეთს ისე შეერწყა, რომ ტიპური ლიტერატურული სკოლა მივიღეთ.

რაღაც მანამდეც და მერეც გამოვტოვეთ და რეალიზმს მივადექით - ფრანგული სიმბოლიზმის ფუძემდებალთაგანმა შარლ ბოლდერმა ,,ბოროტების ყვავილები’’ მაშინ გამოსცა, როცა ქართული რეალიზმის ფუძმედებელთაგანი ილია ჭავჭავაძე სრულიად არაბოროტული სახით პეტერბურგის უნივერსიტეტის კარს აღებდა (1857). ისე, ეს რეალიზმი დიდი მცოცავი კია, დროში ვერ განსზაღვრავ - უბრალოდ თავსართად ხან კრიტიკულს ირქმევს და ხან მაგიურს. მერე იყო ტიციანის ხსენებული სიტყვები და ცისფერი ყანწები, ქართული დადა და გრიგოლ ცეცხლაძე, H2SO4 და ქართული ფუტურიზმი, კომეტა-გალაკტიონი, მაგრამ თემატიკა, ხარისხის მიუხედავად ევროპულ მოვლენებს წლებით ისევ ჩამორჩებოდა. საბჭოთა პერიოდში შედევრებიც იქმნებოდა, მაგრამ ჟანრი ვერ იყო იმდროინდელი მსოფლიოს ასაკის. ეს უკვე შეგნებულად, რკინის ფარდის და სხვა მანქანების მეშვეობდა, თუმცა ემიგრანტი ავტორებიც კი, რომელთაც დიდი ინფორმაცია და სულ სხვა გარემო ჰქონდათ, მაინც საოცრად სეპარატულები დარჩნენ და ნოვატორული ძიებები, გნებავთ ფორმალური, გნებავთ თემატური კუთხით, მათთვის უცხოა. საქართველოში კი, უფრო სწორად საბჭოეთში, ყველაზე თვთმყოფადი ჟანრი პროლეტპოეზიაა, თუმცა მისი ხარისხი და ბრუტალურობა ცალკე საკითხია. წითელი 70-წლეულის მოდერნულობაზე (20-30 წლების ავნგარდულ მცდელობების გამოკლებით, ესეც ხელოვნების სხვა დარგებში უფრო) რა უნდა ვთქვათ, როცა 60-წლებში ვერლიბრის დამკვიდრება მკრეხელობად მიიჩნიეს და ერთი-ორი ავტორი ანათემას გადასცეს, მოგვიანებით კი მუხრან მაჭავარიანს უიტმენის ლექსწყობის დამნერგავად მიიჩევდნენ.

რაღაც დიდის გამოტოვების შეგრძნება, განსაკუთრებით ცხადად, ქართველი 90-ნელების ბიტ-თაობით გატაცებისას გამოჩნდა. თავისუფლების შემოტანამ ინფორმაცია მოიყოლა, ახალგაზრდა ქართველი ავტორების ნაწილისთვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამბოხის, სიტყვის თავისუფლების (რაგინდარა გაგებით) წყურვილის გამო 50 წლით ,,ბებერი’’ გინზბერგისა და კერუაკის ტექსტები აღმოჩნდა ახლოს. 90-იანების მეორე ნახევარში, ეს ვნება ნელ-ნელა დაიწმინდა და თუ პოეზიის მოყვარულები ამ არაპოეტური ტერმინის გამო არ დამძრახავენ - საშუალო სტატისტიკური ლექსი (კარგი ავტორის) სადღაც ბროდსკისა და სტრენდის შორის მერყეობდა.

არავინ იცის, როდის იყო ქართული პოეზია ევროპულთან ასე თანმიმდევრულად ახლოს, როგორიც დღესაა. ეს უნებლიე პროცესია და ინტერნეტმა განაპირობა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა როგორც ინფორმაციის მიღების, არამედ გავრცელების კუთხით. შესაბამისად ჩემს ნათქვამში ირონია უფრო დაძებნთ, რადგან ძველი ინერცია ისევ არსებობს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობენ - წიგნებს გამოსცემენ, პრემიებს იღებენ და სხვა. ინტერენტი კი საკუთარი გზით მიდის - მისი არსებობდა დღითიდღე გვაეჭვებს ,,ხარისხის ნიშნის’’ სამომავლო არსებობაში. ეს მგონი უკვე არც კლასიკური პოსტმოდერნის ნიშანი აღარ არის - მაღალსა და დაბალს შორის ზღვარის წაშლაზე მეტი ხდება, ჯერ კიდევ სახელდაუქმეველი ამბავია. ის, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს განსხვავებული ფილტრი ახარისხებდა - მთავარი ,,მარეგულირებელი’’ კი კრიტიკა იყო.

ჩემი თაობა (მათ შორის მეც) ყველაფერზე ვწერთ, ათასნაირ გაცვეთილ ფორმას ვიყენებთ, ვწერთ განსხვავებულად, სხვადასხვა ნიჭისანი ვართ (თუმცა ერთსა და იმავე ჯილდოებს გვაძლევენ და ა.შ.).

მთავარი მომხარებელთა (წარსულში - მკითხველი) მიერ მათი ტექსტების ნახვების რაოდენობაა, სხვა - ინტელექტურია ის თუ გრაფომანული, ინტერტექსტუალური ძიებებია თუ გაცვეთილი დიმპიტაური-დამპიტაური, მითოლოგიური თემების დამუშავება, ურბანული მოტივების სიჭარბე, სკაბრეზული ლექსი თუ უფლის სადიდებელი, რომანტიკული, დაუმთავრებელი დითირამბებია თუ სტერილური ჰაიკუები, შაირით დაწერილი ლექსები თუ ეულბეკის მდორე ვერლიბრის მსგავსი ნაწარმოებები.

თუმცა თავს აღარ შეგწყენთ, რამდენიმე მისამართს მოგცემთ (lib.ge, literatura.ge, urakparaki.ge, ასევე სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები) და თქვენვე გაერთეთ.

გართობამდე გაითვალისწნეთ - შორს არაა დრო, როცა პოეზიის ხარისხი fb-like-ების რაოდენობით განისაზღვრება. გარდაუვალი საქმეა, ამის ერთადერთი ფარი მრავალგზის ნაძაგები სნობიზმია. მე სნობების მხარეს ვარ.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

კევინ ბროკმაიერი - მკვდრების ქალაქის მოკლე ისტორია


ქალაქში მოხვედრისთანავე, უსინათლო კაცმა იმის მტკიცება დაიწყო, ცოცხალი ქვიშით სავსე უდაბნო გამოვიარეო. ჯერ მოვკვდიო, ასე ამბობდა, მერე კი ერთბაშად უდაბნო დამატყდა თავსო. ამ ამბავს ყველას უყვებოდა, ვინც კი ყურს უგდებდა, მათ ფეხის ხმას აყურადებდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ჟღალი ქვიშა ნიაღვრად სცვიოდა წვერიდან. მისი თქმით, უდაბნო უკაცური და ხრიოკი იყო და გველივით სისინებდა. რამდენ დღეს იარა, თვითონაც არ იცოდა, ვიდრე მის ფეხქვეშ დიუნები გადაიხსნა, ქვიშა მთელ სხეულზე შემოეხვია და ნიკაპამდე ამოუვიდა. მერე კი სამყაროში მხოლოდ გულისცემაღა ისმოდა. ეს ყველაზე მკაფიო ხმა იყო, რაც კი ოდესმე გაუგია. შემდგომში ყვებოდა, როდესაც მილიონობით ქვიშის მარცვალმა გამიფხაჭნაო სხეული, მხოლოდ იმწამს ვიგრძენი, რომ ნამდვილად მკვდარი ვარო.

ჯიმ სინგერი, ძეგლის შორიახლოს მდებარე სენდვიჩის მაღაზიის მფლობელი, ამბობდა, თითის წვერებში ჩხვლეტა ვიგრძენი და იმწამსვე სუნთქვა შევწყვიტეო. გულით მოვკვდიო, ამტკიცებდა და ხელს მკერდზე ისვამდა, გულის შეტევამ საკუთარ საწოლში მოუღო ბოლო. თვალები რომ დაუხუჭავს და ისევ გაუხელია, უკვე მატარებელში მჯდარა, ისეთში, გასართობ პარკებში ბავშვებს წრეზე რომ ასეირნებს. ლიანდაგი მოყავისფრო ხეების ხშირ ტყეში მიიკლაკნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ხეები კი არა, ჟირაფები ყოფილან, მათი წაგრძელებული კისრები ხის კორომებივით უჩინარდებოდა მაღლა ცაში. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ზურგებიდან ლაქები მოსწყვიტა. ლაქების კორიანტელი თავს დასტრიალებდა, ლოკომოტივიდან ამოსული ორთქლის ჭავლს მიჰყვებოდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ის გუგუნი, მთელი ამ ხნის მანძილზე რომ ჩაესმოდა, მატარებლის ბრობლების ხმა არ უნდა ყოფილიყო.

გოგონამ, რომელსაც პარკში ალვის ხის ქვეშ უყვარდა დგომა, გაიხსენა, სიკვდილისთანავე ალუბლისფერ ოკეანეში ჩავეშვიო; თავიდან წყალმა ამომატივტივა, გულაღმა ვიწექი და წრეზე ვტრიალებდი უმიზნოდ, თან, რაც კი მახსოვდა, ყველა პოპულარული სიმღერის მისამღერს ვღიღინებდი. მაგრამ უცებ ცამ დოლივით დაიგრგვინა, ღრუბლები შუაზე გაიპო და მის გარშემო ათიათასობით ბურთულისებრი ნაყოფი ჩამოცვივდა. იმდენი გადავყლაპე, რამდენიც შევძელიაო, ამბობდა და თან ალვის დამსკდარ ქერქს უსვამდა ხელს. თვითონაც არ იცოდა, რატომ ყლაპავდა. მუცელი სავსე ტომარასავით დაუმძიმდა და ოკეანის სიღრმეში დაიწყო ჩაფლობა. თევზებმა გუნდ-გუნდად ჩაუქროლეს, მათი ლურჯი და ყვითელი ფარფლები წყალში ერთადერთ ნათელ ფერებად მოჩანდა. და თავის გარშემო, ყოველი მხრიდან ისევ ის გუგუნი ჩაესმოდა, რაც ყველა სხვამაც გაიგონა: თითქოს ვეება გული ძგერდა.

ის, რასაც ეს ადამიანები ზღვრის გადალახვის შესახებ ჰყვებოდნენ, მათი ათიათასი სიცოცხლის მსგავსად, მრავალფეროვანი და უნიკალური ისტორიები გახლდათ, ბევრად უფრო დეტალური და საინტერესო, ვიდრე თვით გარდაცვალების მომენტი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანისთვის სიკვდილის სულ თითზე ჩამოსათვლელი ვარიანტი არსებობს: ან გულის ბრალი იყო, ან თავის, ან არადა - რომელიმე ახლადშემოსული დაავადების. მაგრამ არავის გაუვლია ერთხელ გაკვალული გზა ზღვარის გადალახვისას. ლევ პეილი ამბობდა, ჩემი სხეული ატომებად დაიშალა და ჩემს თვალწინ ეს ატომები შუშის ბურთილებივით სკდებოდა, შემდეგ ჩემი ატომები სიცარიელიდან ისევ აღმოცენდა და ერთმანეთს მიეკრო. ჰანბინგ ლი ამბობდა, მუხუდოს სხეულში გამეღვიძა და ერთი მთლიანი სიცოცხლე ატმის ნაყოფის რბილ ხორცში გავატარეო. გრასიელა კაბაზოსი მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდა, - თოვლად დავიფერფლეო, - და, თუკი ვინმე უფრო დაწვრილებით ჩაეკითხებოდა, მორცხვი ღიმილით დუმდა.

ერთმანეთის მსგავს ორ მონათხრობს ვერ მოძებნოდით, მაგრამ უკლებლივ ყველასთან ეს დოლის ხმასავით რიტმული გუგუნი ფიგურირებდა.

ზოგიერთი ამტკიცებდა, ეს ხმა არასოდეს მტოვებსო, საკმარისია სმენა და ყურადღება მისკენ მიმართო, რომ ეს ხმა ყრუდ ჩაგესმება ქალაქის ყველა სხვა ხმაურის მიღმა: მუხრუჭებისა და საყვირების, რესტორნების კარებზე მოწკარუნე ზარების, ქვაფენილზე ყველა სახის ფეხსაცმლის ბაკუნის თუ თქარა-თქურის მიღმაც კი. ადამიანები საგანგებოდ ჯგუფდებოდნენ პარკებში თუ სახლის სახურავებზე, რათა ამ ხმისთვის მიეყურადებინათ; ჩუმად ისხდნენ ერთურთზე ზურგებით მიყრდნობილნი და უსმენდნენ: ბაა-დუმმ. ბაა-დუმმ. ბაა-დუმმ. ეს ჰგავდა მცდელობას, ცაში აფრენილი ფრინველისათვის თვალი არ მოგეშორებინა მაშინაც კი, როცა ის უკვე წერტილისოდენადღა მოჩანს.

ლუკა სიმზმა ქალაქში მოხვედრის შემდეგ პირველივე კვირას ძველისძველი მიმეოგრაფი აღმოაჩინა და გაზეთის გამოშვება მოუვიდა აზრად. ყოველ დილით მთავარ ქუჩაზე ყავახანის კართან იდგა და თავის დაბეჭდილ გაზეთს არიგებდა. "ლუკა სიმზის ახალი ამბებისა და განსჯათა ფურცელი", ან, როგორც მას ხალხი უწოდებდა, "სიმზის ფურცელი" ერთ-ერთ უმთავრეს თემად სწორედ ამ ხმას განიხილავდა. ლუკას მიერ გამოკითხულთა მხოლოდ ოცი პროცენტი ამტკიცებდა, ეს ხმა ზღვარის გადალახვის შემდეგაც ჩაგვესმისო, სამაგიეროდ ყველა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ის სხვას არაფერს ჰგავდა, მეტიც: სხვა ვერაფერი იქნებოდა, თუ არა გულისცემა. თუკი ასეა, თავისთავად ჩნდებოდა კითხვა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს გულისცემა. მათი საკუთარი ვერ იქნებოდა, რადგან მათი გულები აღარ ძგერდა. მოხუც მაჰმუდ კასიმს სჯეროდა, რომ თავისი ადრინდელი გულისცემა ასე დაჟინებით იმიტომ ედგა ყურებში, რომ სიცოცხლეში მას ყურადღებას არ აქცევდა. ქალი, რომელიც მდინარის პირას სამაჯურებს ყიდდა, ამბობდა, ეს გულისძგერა სამყაროს შუაგულიდან მოისმისო, - იმ კაშკაშა და მოთუხთუხე ადგილიდან, რომელიც ზღვარზე გადასვლისას გამოიარა. "ამ აზრს რაც შეეხება," - ასკვნიდა საგაზეთო წერილი, - "ჩვენ უმრავლესობას ვეთანხმებით იმაში, რომ ხსენებული ხმა ცოცხალთა გულისცემა უნდა იყოს. ცოცხლები თავის შიგნით მარგალიტებივით დაგვატარებენ. მხოლოდ მანამ ვარსებობთ, ვიდრე მათ ვახსოვართ." ლუკამ თვითონაც იცოდა, რომ მცდარი მეტაფორა მოიყვანა: მარგალიტი ხომ მოლუსკზე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს. მაგრამ საგაზეთო საქმეში უპირველესი კანონია ის, რომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ვადებში უნდა ჩაეტიო. ლუკა უკვე კარგა ხანია, შეეშვა სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.

ქალაქში დღითიდღე მატულობდა ხალხი და, მიუხედავად ამისა, მათი დაბინავება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. შეიძლებოდა წლების მანძილზე ნაცნობ ქუჩაზე გევლო და ერთხელაც მის ბოლოში ახალთახალ შენობას ან სულაც ახალ კვარტალს გადაჰყროდი. კერსონ მაკკორინს, ერთ-ერთი შავი პრიალა ტაქსის მძღოლს, კვირაში ერთხელ მაინც უწევდა თავისი რუკების ხელახლა დახაზვა. ყოველდღიურად ოცჯერ, ოცდაათჯერ, ორმოცდაათჯერ უსხდებოდნენ ქალაქში ახლადჩამოსული მგზავრები და ისეთ ადგილას სთხოვდნენ წაყვანას, რომლის შესახებაც კერსონს მანამდე არ სმენია. წარმოშობით აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ორივე ამერიკიდან იყვნენ. ზოგი გადატვირთული მეტროპოლისიდან მოსულიყო, ზოგიც - ოკეანეში ჩაკარგული პატარა კუნძულიდან. ერთმა ბებერმა ქუჩის მუსიკოსმა, შემოდგა თუ არა ქალაქში ფეხი, მაშინვე წითელი აგურით ნაგებ უბანში დაიწყო დაკვრა, მისი ტუჩის გარმონი ნელ, სევდიან ოხვრებს გამოსცემდა. ერთმა იუველირმა, სრულიად ახალგაზრდა კაცმა, მეიფლისა და ქრისტოფერის ქუჩების კუთხეში მაღაზია გახსნა, სადაც ვერცხლის კულონებში ჩასმულ ბრილიანტებს ყიდდა. ჯესიკა ოფერტს, აგერ უკვე ოცდაათი წელი იყო, რაც საკუთარი საიუველირო მაღაზია ჰქონდა იმავე კუთხეში, მაგრამ კონკურენტის გამოჩენა აშკარად არ აღელვებდა, პირიქით, ყოველ დილით ახალგაზრდა კაცს შავი ყავით უმასპინძლდებოდა, თავადაც ჩამოუჯდებოდა ხოლმე მაღაზიის წინა ოთახში ყავის დასალევად და საჭორაოდ. ყველაზე მეტად აკვირვებდა ის, რომ კაცი ასე ახალგაზრდა იყო, რომ საერთოდ ბოლო დროს ძალზე ბევრი ახალგაზრდა მკვდარი გამოჩნდა ქალაქში. კარგად რომ დაჰკვირებოდი, მათ დიდ ნაწილს ბავშვები შეადგენდნენ, ფანჯრების წინ სქეითბორდით რომ დაქროდნენ ანდა სათამაშო მოედნისაკენ მიიჩქაროდნენ. ერთი ბიჭი, ლოყაზე მარწყვის ფერისა და ფრომის ლაქა რომ ჰქონდა, საქანაო ცხენებს ეთამაშებოდა, უყვარდა იმის წარმოდგენა, თითქოს ცოცხალი ცხენები იყვნენ, რომლებსაც თავის ფერმაზე უვლიდა, ვარცხნიდა და აპურებდა, ვიდრე დაბომბვისას ყველანი არ დაიხოცნენ. მეორეს დაღმართზე უყვარდა ჩარბენა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ტერფებს მიწას ურტყავდა, როდესაც თავის ჯერ კიდევ ცოცხალ მშობლებსა და უფროს ძმებზე ფიქრობდა. მის თვალწინ გამოჯანმრთელდნენ იმავე დაავადების შემდეგ, თავად მას ნელ-ნელა რომ გამოსწოვა სიცოცხლე. ამის შესახებ ლაპარაკს ერიდებოდა.

ეს მოხდა ომის დროს, მაგრამ ვერც ერთი დანამდვილებით ვერ გეტყოდათ, რომელ ომზეა საუბარი.

დროდადრო რომელიმე მკვდარი, ვისაც ეს-ეს იყო გადმოელახა ზღვარი, ქალაქს შეცდომით სამოთხედ მიიჩნევდა, თუმცა ეს მცდარი შთაბეჭდილება მუდამ მალევე განქარდებოდა ხოლმე. განა შეიძლება სამოთხეში დილაობით ნაგვის მძიმე მანქანების გრიალი ისმოდეს, ქვაფენილზე საღეჭი რეზინი ეგდოს, მდინარის პირას კი დამპალი თევზის სუნი იდგას? მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში სად ნახავთ საკონდიტროებს, შინდის ხეებსა და ისეთ ლაჟვარდოვან, კრიალა დღეებს, როცა სიხარულისაგან მთელ კისერსა და ზურგზე გბურძგლავს? არა, ეს ქალაქი არც სამოთხე იყო, არც ჯოჯოხეთი და, ცხადია, მას ვერც ამქვეყნიურ სამყაროს მიაკუთვნებდით. მაშასადამე, რაღაც სულმთლად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქი უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელებაა, - რაღაც წინკარის მსგავსი, - და რომ მასში მხოლოდ იმდენ ხანს ვყოვნდებით, ვიდრე ცოცხალთა ხსოვნაში ვრჩებით. როგორც კი ჩვენი უკანასკნელი ნაცნობ-ახლობელი გარდაიცვლება, მაშინვე რაღაც მომდევნო სამყოფელში გადავინაცვლებთ. ქალაქის მკვიდრთა უმრავლესობა მართლაც სამოცი-სამოცდაათი წლის შემდეგ სადღაც ქრებოდა. ეს, მართალია, ამ თეორიის მტკიცებად არ კმაროდა, მაგრამ მის გავრცელებას მაინც უწყობდა ხელს. ხალხში დადიოდა ამბები ისეთ მამაკაცებსა და ქალებზე, ქალაქში საუკუნეების მანძილზე რომ სახლობდნენ, მაგრამ ამგვარ ამბებს ყველა დროსა და სივრცეში ჰყვებიან და ვინ იცის, რამდენად დამაჯერებელია ისინი?

თითოეულ სამეზობლოს საკუთარი თავშეყრის ადგილი ჰქონდა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სხვა სამყაროდან მოღწეულ ახალ ამბებს უზიარებდნენ. ძეგლის მიდამოებში ასეთი ადგილი სვეტებიანი თაღი გახლდათ, სუპერმარკეტის უბანში - "ერთადერთი და განუმეორებელი ტავერნა", ხოლო კონსერვატორიის უბანში, ორანჟერეის გვერდით ანდრეი კალატოზოვის რუსული საჩაიე მდებარეობდა. კალატოზოვი თითბრისფერ სამოვარში ადუღებული წყლით ჩაის აზავებდა და გლუვი ხის ლამბაქებზე შემოდგმულ ფაიფურის მომცრო ფინჯნებში ასხავდა. ცოლმა და ქალიშვილმა ორიოდ კვირით დაასწრეს სიკვდილი, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპნენ, როდესაც თავიანთი ბაღის მიწაში ჩაფლულ ჭურვს გადააწყდნენ. ანდრეიმ ყველაფერი სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა. ცოლის ნიჩაბმა საუკუნოვანი ჟანგით დაფარულ რკინის ზედაპირზე რომ დაიღრჭიალა, ვერავინ მიხვდა, რა იყო ეს, ვიდრე მიწაში ჩაფლული საგანი არ აფეთქდა. ორი კვირის შემდეგ ყელზე სამართებელი იმ იმედით გადაისვა, რომ ზეცაში ისევ შეხვდებოდა თავისიანებს, და მართლაც აგერ იყვნენ - ცოლიც და ქალიშვილიც - საჩაიეს სტუმრებს უღიმოდნენ და პალტოებს ართმევდნენ. კალატოზოვი მათ გაჰყურებდა და თან ლამბაქზე ლამაზად აწყობდა ლიმონის ნაჭრებს. ის უბედნიერესი კაცი იყო ამ ოთახშიც და ნებისმიერ სხვა ოთახში, სადაც კი შევიდოდა. ეს ქალაქი სამოთხე თუ არ იყო, პირადად მისთვის სამოთხესაც კი ჯობდა. დილიდან საღამომდე ყურს უგდებდა კლიენტების საუბრებს ომის შესახებ. როგორც ამბობდნენ, ამერიკამ და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, ასევე ჩინეთმა, ესპანეთმა, ავსტრალიამ და ნიდერლანდებმაც. ბრაზილია მორიგი მუტოგენური ვირუსის შემუშავებას განაგრძობდა, რომელიც უახლეს ანტიტოქსინებს დაამარცხებდა. თუ იქნებ ამას ბრაზილია კი არა, იტალია აკეთებდა. ანდა ინდონეზია. ამდენ მიეთ-მოეთში სიმართლის გარკვევა ძალზე ძნელი იყო.

დროდადრო თავშეყრის რომელიმე ადგილას - ტავერნაში, საჩაიეში, ბაზრის მოედანზე თუ სვეტებიანი თაღის ქვეშ - ერთი-ორი დღის წინ გარდაცვლილი პიროვნება გამოცხადდებოდა და იმწამსვე მკვდრების მთელი ჯარი შემოეხვეოდა ხოლმე, ერთმანეთს ამბების გამოკითხვას არ აცლიდნენ. მუდამ ამდაგვარი შეკითხვები ისმოდა: "სად ცხოვრობდი?", "ცენტრალური ამერიკის შესახებ თუ იცი რამე?", "მართალია, რასაც მყინვარების შესახებ ამბობენ?", "ბიძაშვილის ამბების გაგებას ვცდილობ. არიზონაში ცხოვრობდა. ლუის ზაიგლერი ერქვა, ლუ-ის..." "აფრიკის სანაპირო ზოლზე თუ შეიცვალა სიტუაცია? იცი რაიმე?" "გვიამბე, რაც იცი, გთხოვ, ყველაფერი, რაც კი იცი!"

კაირან პეტელი თითქმის მთელი საუკუნე ბომბეის სასტუმროს უბანში ყიდდა მძივებს. მისი თქმით, მის ქვეყანას სულ უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან თვით მისი ქვეყანა სულ უფრო კლებულობდა და სანახავიც თითქმის აღარაფერი შერჩა. სპილოსძვლის მძივები, ახალგაზრდობაში რომ დაჰქონდა ქუჩა-ქუჩა, თანდათან იშვიათი, ბოლოს კი სულმთლად მიუწვდომელი გახდა. უკანასკნელი ცოცხალი სპილოები სხვა ქვეყნების ზოოპარკებში დაემწყვდიათ. ის "ნატურალური სპილოსძვალი", სიცოცხლის ბოლო წლებში რომ ყიდდა, სინამდვილეში კორეის ქარხანაში ათასობით დაშტამპული პლასტმასის ბურთულები იყო. თუმცა აღარც ამას ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა. მის დახლთან გაჩერებული ტურისტები ყალბს ნამდვილისაგან ვერ ასხვავებდნენ.

თექვსმეტი წლის ჯეფრი ფელონმა პარკ ფოლიდან, ვისკონსინის შტატში, თქვა, ბრძოლები ჯერ მხოლოდ სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს, მაგრამ ინფექციამ უკვე კონტინენტის სიღრმეში შემოაღწია, ამის ცოცხალი საბუთი აგერ ვარო. "ცოცხალი თუ არა, საბუთი ხომ მაინც ვარ", - თავისი სიტყვები თვითონვე შეასწორა. თავიდან პაკისტანი იყო მტერი, შემდეგ - არგენტინა და თურქეთი, ამის შემდეგ კი უკვე ვეღარაფერი გაეგო. "მაინც რა გინდათ, რომ გიამბოთ?" - ეკითხებოდა გარს შეკრებილთ და მხრებს იჩეჩდა, - "ყველაზე მეტად ჩემი მეგობარი გოგონა მენატრება". გოგონას ტრეისი ტიპტონი რქმევია და ყურის ბიბილოზე მეჩხერი კბილებით ისეთნაირად იცოდა კბენა, რომ ბიჭს მთელი სხეული გიტარის სიმივით უთრთოდა. ახლა სულ იმას იმეორებდა, ადრე ჩემი ყურის ბიბილოებისთვის არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, ახლა კი სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობო. ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?

კაცს, რომელიც მთელ დღეებს გინზას ქუჩაზე სუპერმარკეტის ესკალატორებზე ასვლა-ჩამოსვლას ანდომებდა, საკუთარი სახელის გამხელა არ სურდა. თუკი ვინმე ჰკითხავდა, სიკვდილამდელი არსებობიდან რა გახსოვსო, მხოლოდ ტაშს შემოჰკრავდა, ბრახო, დაიძახებდა და ხელებს ისე იქნევდა, თითქოს საახალწლო ტკაცუნა გასკდა.

ქალაქის ცენტრში აღმართული, ფოლადსა და პოლიმერში ჩასმული მდიდრული შენობები, რომელთა ბრდღვიალა ფანჯრები თითოეული ღრუბლის უმცირეს ნაპრალსაც კი ირეკლავდა, ორასი-სამასი კვარტლის შემდეგ სადა ქვის, აგურის და, ბოლოს, ხის სახლებსაც უთმობდნენ გზას; თუმცა, ეს გადასვლა იმდენად შეუმჩნეველი იყო, ქუჩები კი - იმდენად გადატვირთული, რომ მხოლოდ რამდენიმე საათის აუჩქარებლად სიარულის შემდეგ თუ გაიაზრებდი, რომ შენს გარშემო არქიტექტურამ სახე იცვალა. ტროტუარებს ამრავალფეროვნებდა კინოთეატრები, გიმნაზიები, რკინაკავეულის მაღაზიები, კარაოკე-ბარები, კალათბურთის დარბაზები და ფალაფელის ჯიხურები. იყო ბიბლიოთეკები და თამბაქოს მაღაზიები. საცვლების ბუტიკები და ქიმწმენდის საამქროები. ქალაქის ნებისმიერ უბანში ასობით ტაძარს ნახავდით - პაგოდები, მეჩეთები, საყდრები და სინაგოგები. ბოსტნეულის ბაზრებსა და ვიდეო-გაქირავების სტუდიებს შორის გამომწყვდეულებს, ცისკენ აღემართათ თავიანთი ჯვრები, სამრეკლოები თუ მინარეთები. მართალია, ზოგიერთი მკვდარი სიცოცხლისდროინდელ რელიგიას ზურგს აქცევდა, რადგან თვლიდა, რომ რასაც ამდენ ხანს თაყვანს სცემდა და რაც მას დიდებულ საიქიო ყოფნას ჰპირდებოდა, იმედგაცრუებით დასრულდა. მაგრამ ყოველი ასეთი იმედგაცრუებულის სანაცვლოდ ისეთი ადამიანი მოიძებნებოდა, ვინც თავისი რწმენის ერთგული დარჩა, ანდა ვინც სწორედ ახლა, სიკვდილის შემდეგ პირველად მიუბრუნდა რელიგიას. უმარტივეს ჭეშმარიტებად მაინც ის რჩებოდა, რომ არავინ იცოდა, საით წავიდოდა ამ ქალაქიდან, და ის, რომ სიკვდილისთანავე არ წარსდექი ღვთის წინაშე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს აღარასოდეს მოხდება.

სწორედ ასეთი გახლდათ ხოსე ტამაიოს ფილოსოფია, ვინც ნებაყოფლობით დათანხმდა, კვირაში თითო დღეს იესოს წმინდა გულის ეკლესია დაესუფთავებინა. ყოველ კვირადღეს დასავლეთის კართან იცდიდა, ვიდრე ხალხი წირვის შემდეგ ქუჩას დატბორავდა და ისევ ქალაქს დაუბრუნდებოდა, შემდეგ კი ქვის ფილებით მოპირკეთებულ იატაკს ხვეტდა, მერხებსა და საკურთხეველს აპრიალებდა და ზიარების კუთხეში ჩამწკრივებულ ბალიშებს მტვერსასრუტით წმენდდა. ყველაფერს რომ მოამთავრებდა, ფრთხილად ჩაუყვებოდა ეკლესიის ჩვიდმეტ საფეხურს, გვერდზე ჩაუვლიდა უსინათლო კაცს, ყველას უდაბნოში მოგზაურობის შესახებ რომ უამბობდა, და გაჭირვებით გაუყვებოდა გზას თავისი ბინისკენ. დიდი ხნის წინათ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა მუხლი და მას შემდეგ, რამდენჯერაც ფეხს გაჭიმავდა, ციცქნა აფეთქებასავით ტკივილის ჩხვლეტას გრძნობდა ხოლმე. ტრავმამ ზღვარის გადალახვის შემდეგაც კი არ გაუარა, ამიტომ შორ მანძილზე სიარულს თავს არიდებდა. იესოს წმინდა გულის ეკლესიაც იმიტომ ამოირჩია, რომ მის ბინასთან ყველაზე ახლოს იყო. არადა, ბავშვობიდან მეთოდისტურ სარწმუნოებას ეკუთვნოდა, ხუან ტულას ერთადერთ არაკათოლიკურ სამრევლოში იზრდებოდა. გამუდმებით ახსენდებოდა ის დრო, როდესაც საკვირაო სკოლის ბიჭებთან ერთად ეკლესიის საკუჭნაოდან მინერალური წყლის ექვსბოთლიანი შეფუთვა მოიპარა. მასწავლებლის ნაბიჯების ხმა გაიგონა და კარი შიგნიდან ჩაკეტა, ყველანი სიბნელეში ისხდნენ, მხოლოდ კარის ვიწრო ღრიჭოდან ეცემოდა სინათლის ზოლი საკუჭნაოში მდგარი ურიკის სახელურს, რომელშიც ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი დასაკეცი სკამები ეწყო, გადახლართული თითების სახსრებს რომ წააგავდა. ხოსეს მახსოვრობაში სამუდამოდ ჩაებეჭდა ეს ურიკა, მასწავლებლის ფეხის ხმა და ენაზე მოთამაშე გაზის ბურთულები, პირში რომ უსკდებოდა და სასაზე უღიტინებდა.

ამგვარი მოგონებები ხშირად აოცებდათ მკვდრებს. ზოგჯერ კვირები და თვეები გადიოდა ისე, რომ არც თავიანთი ოჯახები აგონდებოდათ, არც მშობლიური გარემო, არც ცხოვრების უდიდესი დაცემა თუ გამარჯვება; უკვალოდ გამქრალიყო ის სამუშაო, გატაცება თუ ყოველდღიური რუტინა, რასაც ცხოვრების წლები შეალიეს, და, აი, ამგვარი წვრილმანი, მეტწილად უმნიშვნელო ეპიზოდი დღის მანძილზე ასჯერ მაინც ამოუტივტივდებოდათ გონებაში, იმ თევზის მსგავსად, ტბის ზედაპირთან ამოსული, თავს თუ კუდს უეცრად რომ ამოჰყოფს წყლიდან. იმ მოხუც ქალს, მეტროში რომ მათხოვრობდა, ყველაზე ხშირად აგონდებოდა, ერთხელ ჩიზპიკის პორტში კიბორჩხალას ღვეზელითა და ბოლოკით რომ ისადილა. კაცი, რომელიც თეატრის უბანში ქუჩის ფარნებს ანთებდა, იხსენებდა, სუპერმარკეტში სარეკლამო პირამიდის შუაგულიდან როგორ გამოიღო მწვანე ბარდას ერთი ქილა და რა სიამოვნებამ და სიამაყემ დაუარა გულში იმის გამო, რომ პირამიდა არ დაშლილა. ანდრეას ანდრეოპულოსს, რომელმაც ზრდასრული ცხოვრების ორმოცივე წელიწადი კომპიუტერული თამაშების კოდების შექმნას მოანდომა, ახსენდებოდა, თითისწვერებზე დამდგარმა ხიდან ფოთოლი როგორ მოწყვიტა, მოდების ჟურნალი როგორ გადაშალა და სუნამოს სარეკლამო ნიმუში დაყნოსა და ცივი ლუდისაგან შეორთქლილ ჭიქაზე საკუთარი სახელი როგორ დაწერა. ეს აზრსმოკლებული, თითქმის უადგილო მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა. მათ ბევრად მეტი წონა ჰქონდათ, ვიდრე წესით უნდა ჰქონოდათ, თითქოს მისი ცხოვრების მთავარი ტვირთი და საზრისი სინამდვილეში სწორედ ამ წვრილმანებში ჩაკარგულიყო. ისიც კი უფიქრია, ავტობიოგრაფიის სახით ხომ არ აღვწერო ეს ყოველივე, ანდა ჯიბის ფორმატის ნაკვესებად გამოვცე, სამსახურის, ოჯახისა და სხვა ფაქტების მაგიერ. ამ ეპიზოდებს უბის წიგნაკის პატარა უხაზებო ფურცლებზე იწერდა. კომპიუტერს აღარასოდეს გაჰკარებია.

ქალაქში იყო რამდენიმე იმდენად ხალხმრავალი ადგილი, რომ გავლისას გზა იდაყვებით უნდა გაგეკაფა და ყოველ წუთს გარდუვალად ეტაკებოდი ვინმეს მკლავს, გვერდსა თუ მუცელს. გარდაცვლილთა რაოდენობის მატებასთან ერთად ეს ადგილებიც სულ უფრო იტვირთებოდა. ამის მიზეზი არ გახლდათ ის, რომ ქალაქი თავის მაცხოვრებლებს ვეღარ იტევდა, უბრალოდ, როცა ერთად უნდოდათ შეკრება, ამისათვის სულ ერთსა და იმავე განსაზღვრულ ადგილებს ირჩევდნენ და, რაც უფრო მატულობდა მოსახლეობა, ამ ადგილებსაც ემატებოდა დაძაბულობა. ვისაც სიმარტოვე და სიმშვიდე ერჩივნა, იქაურობას შეგნებულად არიდებდა თავს. როდესაც ძეგლის მახლობლად სკვერში ჩამოჯდომა სურდათ, ანდა ნეონით განათებულ უბანში შადრევნებთან მისვლა, საამისოდ ხალხის კლებას ელოდებოდნენ. ეს კი, როგორც ჩანს, მუდამ ომების, ეპიდემიების ან შიმშილის პერიოდებში ხდებოდა.

მდინარისპირა პარკი თეთრი პავილიონებითა და მწვანე მოლის ზოლით ამ ხალხმრავალ ადგილთა შორის ყველაზე ხალხმრავალი იყო. ბილიკების გასწვრივ ფრანებით მოვაჭრეები და წვენების ჯიხურები ჩამწკვრივებულიყვნენ, ქვის გლუვი ბორდიურები წყალთან მომრგვალებულ ყურეებს ქმნიდა. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი პავილიონიდან ხშირი რუხი წვერითა და აბურძგნული თმით სახედაბურული მამაკაცი გამოტორტმანდა, ხან ერთ მოსეირნეს გაჰკრა მხარი, ხან მეორეს. გზააბნეულს ჰგავდა და ყველასათვის ნათელი იყო, რომ ეს-ესაა გადალახა ზღვარი. პროფესიით ვირუსოლოგი ვარო, ასე თქვა. ისიც აღიარა, უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე გიგანტური ნეკერჩხლის ტოტებზე მივბობღავდიო. მართლაც, ტანისამოსი ხის წვენისაგან მთლიანად გაპოხილი ჰქონდა. ასე ეგონა, ყველა, ვინც კი პარკში იმყოფებოდა, მასთან ერთად ამოძვრა ხეზე. როდესაც ვიღაცამ ჰკითხა, თუ როგორ მოკვდა, კაცმა მძიმედ ამოიქშინა და უპასუხა: "მართალი ხართ, მოვკვდი. ეს ხშირ-ხშირად უნდა შევახსენო საკუთარ თავს. ამ ნაძირლებმა ბოლოს და ბოლოს მაინც თავისას მიაღწიეს, იმდენი ქნეს, ყველაფერი წყალში ჩამიყარეს," - წვერიდან ხის წვენის წვეთები ჩამოიწურა, - "ჰო, მართლა! ვინმემ თუ შენიშნეთ, ხიდან რაღაც გუგუნი რომ მოისმოდა?"

ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ ქალაქმა დაცარიელება დაიწყო.

"ლ. სიმზის ახალი ამბებისა და განსჯათა ფურცლის" ერთადერთი ოთახისაგან შემდგარი რედაქცია ქალაქის ერთ-ერთ უძველეს შენობაში განთავსებულიყო, შოკოლადისფერი აგურითა და ვერცხლისფერი გრანიტით რომ იყო ნაგები. მკრთალი ყვითელი ფერის ხავსის არშია დაჰყვებოდა სახლის ზედა სართულს, შემოსასვლელი კარის თავზე ფოჩებად ეკიდა და დილაობით, როდესაც ლუკა სიმზი თავის მიმეოგრაფს აზუზუნებდა, ფანჯრის თავზე ხავსში გაფილტრული მზის სხივები ყვითლად ეფინებოდა ოთახს. ამ წუთებში მას არ ტოვებდა შეგრძნება, თითქოს ქალაქს მომაკვდავი ტყის ტევრებიდან გაჰყურებდა. შვიდი საათისათვის გაზეთის რამდენიმე ათასი ახლად დაბეჭდილი ეგზემპლარი უკვე მთავარი ქუჩის კაფეში მიჰქონდა, რათა გამვლელებისათვის დაერიგებინა. სიამოვნებას ჰგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ თითოეული, ვისაც ის თავის ნქმუშევარს აწვდიდა, წაკითხვის შემდეგ სხვას გადასცემდა, ისიც წაიკითხავდა და მომდევნო მკითხველს გადასცემდა, ის კი - მომდევნოს და ასე შემდეგ, თუმცა კარგად იცოდა, რომ ასე არ ხდებოდა. შინ მიმავალი, ნაგვის ურნაში მუდამ ერთ-ორ გაზეთს მაინც ხედავდა, იმასაც ამჩნევდა, ქაღალდი მზეზე თანდათან რომ იბრიცებოდა. და მაინც, ძალიან ხშირად შეუხედავს კაფეში და ასე, ოცი-ოცდაათი ადამიანი უნახავს ბოლო ნომრის კითხვაში ჩაღრმავებული. ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებ რეპორტაჟებს უთმობდა ქალაქის მოვლენებს და სულ უფრო მეტს წერდა ცოცხალთა სამყაროზე, ახლადგარდაცვლილ ადამიანებთან ინტერვიუებს აქვეყნებდა და უმეტეს მათგანში საუბარი ეგრეთ წოდებული "ეპიდემიის" გარშემო ტრიალებდა. შენიშნა, რომ ეს ადამიანები თვალებს სხვებზე უფრო ხშირად ახამხამებდნენ და გამუდმებით ისრესდნენ ქუთუთოებს. არაერთხელ უფიქრია, ნეტავ ეს იმ ვირუსს თუ უკავშირდება, მათი სიკვდილის მიზეზი რომ აღმოჩნდაო.

ლუკას ყოველ დღე ერთსა და იმავე სახეები ხვდებოდა თვალში კაფეს ფანჯარაში. "ასობით ინფიცირებული ტოკიოში. ახალი ეპიცენტრები გაჩნდა იოჰანესბურგში, კოპენჰაგენში, პერთში." ნამცხვრების მცხობელი ელსონ ბრაუნი, ვიდრე სათაურებს გადახედავდა, მუდამ ელოდა, ლუკა როდის დატოვებდა კაფეს. ცოლი პოეტი ჰყოლია და, სანამ ქმარი მის მორიგ ლექსს კითხულობდა, ჩვეულებისამებრ შეშფოთებული სახით დასტრიალებდა თავს, ამიტომაც კაცს არაფერი ისე არ აღიზიანებდა, როგორც კითხვისას ვინმეს დაჟინებული მზერა. "საინკუბაციო პერიოდი ხუთ საათზე უფრო ხანმოკლეა. შუადღისას გამოვლენილ სენს შუაღამისას ლეთალური შედეგი მოსდევს". შარლოტა სილვენი ციცქნა ყლუპებით წრუპავდა ყავას და თან გაზეთში პარიზთან დაკავშირებულ რაიმე სიახლეს ეძებდა. პარიზი მშობლიურ ქალაქად მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათი წლის წინათ დატოვა. ერთხელ საგაზეთო სათაურში თვალი მოჰკრა სიტყვას "სენა" და უნებლიეთ ნერვიულად ჩაბღუჯა ფურცელი, მაგრამ, როგორც აღმოაჩინა, სიტყვა "სიენა" ყოფილა არასწორედ დაბეჭდილი; კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ სამშობლოს ვეღარასდროს ნახავდა. "ვირუსი ახლა უკვე ჰაერითა და წყლითაც გადადის. ორი მილიარდი დაღუპული აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში". მაი მაცუდა რაის სიტყვებით თამაში იტაცებდა. გაზეთის ყოველ ნომერს ორ-ორჯერ კითხულობდა: ერთხელ შინაარსის გასაგებად, მეორედ - რათა ყველანაირი შეფარული ქარაგმისათვის მიეგნო: იქნებოდა ეს გადანაცვლებული მარცვლები, ანაგრამები თუ ტექსტში მიმოფანტული მისივე სახელის ასოები. ამგვარი რამეები მხედველობიდან არასოდეს გამორჩებოდა. "ოცდაოთხსაათიანმა ვირუსმა უკვე ატლანტიის ოკეანე გადალახა. სასიკვდილო აღსასრულის პროცენტმა ასს მიაღწია".

იმ ხალხმა, ვისაც საქმიანობა კარდაკარ სიარულს აიძულებს, ბოლო დღეებში უცნაური რამ შენიშნა. ევანგელისტები და კომერსანტები, ხელმოწერების შემგროვებლები და მოსახლეობის აღრიცხვის ორგანიზატორები ერთხმად აღნიშნავდნენ: მკვდრების რაოდენობამ კლება დაიწყო. სრულებით დაცარიელდა მთელი შენობები, სადაც ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ოთახებში ტევა არ იყო. აღარც ქუჩები ჩანდა უწინდებურად გადატვირთული. ამის მიზეზად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა ის, რომ ადამიანები აღარ იხოცებოდნენ. პირიქით, ახლა ყოველდღიურად უწინდელზე ბევრად მეტი იხოცებოდა. ყოველ წუთსა და ყოველ საათს ათასობით, ათიათასობით ახლადმოსული ჩნდებოდა, ახალი სახლები, სკოლები და უბნები წამში ივსებოდა. მაგრამ ყოველი ახალგადმოსულის სანაცვლოდ, როგორც ჩანდა, ორი ან სამი ადამიანი მაინც ტოვებდა ქალაქს. რასელ ჰენლიმ, კედარის ტოტებისაგან პლასტიკის ბაწრით შეკრულ ცოცხებს რომ ყიდდა, ქალაქი გახვრეტილ ქვაბს შეადარა: რამდენი წყალიც უნდა ჩაასხა, მაინც უფრო მეტი გადმოიღვრება. ძეგლის უბანში პატარა ჯიხური ჰქონდა გახსნილი, იქ ელაგა ცოცხები და გამვლელებს სთავაზობდა, უწინ ქუჩას წალეკვით რომ ემუქრებოდნენ, ახლა კი დღეში რამდენიმე ასეულსღა ითვლიდა. თუკი, როგორც რასელს მიაჩნდა, ერთადერთი, რაც კიდევ ასულდგმულებდათ, ცოცხალთა მახსოვრობა იყო, მაშ, რაღა მოხდებოდა, თუკი ცოცხლები ყველანი ამ ქალაქში გადმობარგდებოდნენ? თუკი ის მეორე, უფრო დიდი ოთახი, რასაც ცოცხალთა სამყაროს უწოდებენ, ერთბაშად სრულებით დაცარიელდა?

ცხადია, ქალაქში ყველაფერი შეიცვალა. ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები უსწრაფესად მოდიოდნენ და კვლავ ქრებოდნენ, ზოგჯერ ორიოდ საათსაც ვერ ჩერდებოდნენ ქალაქში. გვიან გაზაფხულზე მოსულ თოვლს ჰგავდნენ, ღამით რომ ფარავს მიდამოს, მზის ამოსვლისთანავე კი დნება. ერთ დილით ფიჭვების უბანში ახლადმოსულმა კაცმა ცარიელი მაღაზია იპოვა და ვიტრინის მინას ფერადი საპნით დააწერა: "შერმენის საათების სახელოსნო. სწრაფი შეკეთება. მალე გაიღება". ამის შემდეგ კარი გამოიკეტა, სადღაც წაფრატუნდა და აღარასოდეს დაბრუნებულა. კიდევ ერთმა კაცმა უთხრა ქალს, რომელთანაც ღამე გაატარა, სამზარეულოში წყლის დასალევად გავდივარო, მაგრამ ერთი-ორი წუთის შემდეგ, როდესაც ქალმა გასძახა, პასუხი აღარ გაუცია. მთელ ბინაში ეძება, თავის ტუალეტის მაგიდის გვერდით ფანჯარა ღია დახვდა, გეგონებოდათ, კაცი აივანზე გადაძვრაო, მაგრამ თვით მის კვალს ვერსად მიაგნო. ერთ მოწმენდილ, ქარიან დღეს ქალაქში წყნარი ოკეანის ერთ-ერთი პატარა კუნძულის მთელი მოსახლეობა გაჩნდა, რამდენიმე საათით საზოგადოებრივი გარაჟის თავზე შეიკრიბა, დღის ბოლოს კი უკვალოდ გაქრა.

მაგრამ ცვლილებებს ყველაზე მეტად მაინც ის ადამიანები შეიგრძნობდნენ, ვისაც აქ ყველაზე მეტი ხანი გაუტარებია. მართალია, მათგან არც ერთმა არ იცოდა და არც ოდესმე სცოდნია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფდა ქალაქში, მაგრამ ამ დროებით არსებობას ჩვეულებრივ გარკვეული რიტმი ჰქონდა და მისგან გარკვეულ რამეს მოელოდნენ: ზღვარის გადალახვის შემდეგ, როგორც წესი, ბინასა და სამუშაოს პოულობდი, მეგობრებსაც იძენდი, ასე გაირბენდა ექვსი თუ შვიდი ათწლეული და, მართალია, ოჯახს ვერ ქმნიდი, რადგანაც აქ ასაკი არავის ემატებოდა, მაინც შეგეძლო შენს გარშემო ახლობელ ადამიანთა წრე შემოგეკრიფა.

აი, თუნდაც მარიამა ეკუენზი, ოცდაათი წელია პატარა შეთეთრებული სახლის პირველ სართულზე რომ ბინადრობდა. მაღალი, გრძელკიდურება ქალი იყო, ვერასოდეს მოიცილა ერთბაშად ტანაყრილი მოზარდი გოგონას გამომეტყველება, გაოგნებასა და თავგზააბნეულობას რომ გამოხატავდა. ბავშვის ნახატზე გამოსახული მზის ფერის ბამბაზიის კაბებს ატარებდა და შინ როდესაც ბრუნდებოდა, მეზობლები მუდამ უბნის ბოლოშივე დალანდავდნენ ხოლმე. მარიამა ქალაქის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ბავშვთა სახლში მუშაობდა აღმზრდელად. საკუთარ თავს კარგ მასწავლებლად თვლიდა, მაგრამ ამასთანავე იცოდა, რომ დისციპლინას ვერასოდეს დაამყარებდა. ხშირად უწევდა, ბავშვები სხვა აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ დაეტოვებინა და რომელიმე გაქცეულ ბავშვს დადევნებოდა. უმცროს ბავშვებს წიგნებს უკითხავდა შორი მოგზაურობებისა და ისეთი ცხოველების შესახებ, გარდასახვა რომ შეუძლიათ, უფრო მოზრდილები კი პარკებსა და მუზეუმებში დაჰყავდა და საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. ბევრ მათგანს ყოფაქცევა არაფრად უვარგოდა, ლექსიკონი კი ისეთი ჰქონდა, რომ მარიამა სირცხვილით წითლდებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, ამ პრობლემებთან გამკლავება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. მაშინაც კი, როდესაც უბრაზდებოდათ, ბავშვები მშვენივრად ამჩნევდნენ, რომ ამას სიყვარულით სჩადის. სწორედ ეს უქმნიდა მთავარ სირთულეს. ერთ-ერთი ბიჭი, ფილიპ უოკერი, განსაკუთრებით ურჩი იყო: როცა კი შესაძლებლობა მიეცემოდა, იმწამსვე მაღაზიების უბნისკენ გაჰქუსლავდა. როგორც ჩანს, სახალისოდ მიაჩნდა ის, რომ მრისხანე მარიამა მძიმე ნაბიჯებით მისდევდა უკან და ვერასოდეს ეწეოდა, ვიდრე ქანცგამოლეული ბიჭი სიცილით არ ჩაიკეცებოდა ქუჩის რომელიმე სკამზე. ერთხელაც, ასეთი რბოლის დროს, კუთხეს შემოურბინეს, ბიჭმა ხეივანი გაირბინა და დიდხანს ელოდა, მაგრამ ქალი არ გამოჩენილა. ფილიპი ნახევარი საათის შემდეგ დაბდუნდა ბავშვთა სახლში. აღმზრდელი უკვალოდ გამქრალიყო.

ვილ ტოლვანენი ყოველ საღამოს თამაშობდა ბილიარდს მერვე ქუჩისა და ვაზის შესახვევის გადაკვეთაზე მდებარე ბარში. აქ იმავე მეგობრებს ხვდებოდა, ვისთანაც სიცოცხლეში მეგობრობდა. ოდესღაც, ულუში, დასალევად რომ იკრიბებოდნენ, თავიანთი სიმღერა ჰქონდათ, ასე მღეროდნენ ხოლმე: "სიკვდილის შემდეგ ბარში შეგხვდები, მერვეს და ვაზის ქუჩის კუთხეზე". ჰოდა, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწია ზღვრის გადალახვა; სათითაოდ მიაგნეს მერვე ქუჩისა და ვაზის შესახვევის კუთხის ბარს, გაუბედავად, ეჭვით შეაღეს ბარის კარები და ბილიარდის მაგიდასთან ერთმანეთი აღმოაჩინეს; ასე, თანდათან უკლებლივ შეიკრიბა ძველი სამეგობრო. სხვა ყველაზე ბოლოს ამქვეყნიდან ვილი წავიდა და მეგობრებთან შეხვედრამ ისევე გაუხარა გული, როგორც ახალგაზრდობაში. ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი, მათაც მსუბუქად შემოჰკრეს ზურგზე. დაიჟინა, ყველას სასმელზე გპატიჟებთო. "მეტი აღარასოდეს..." - იმეორებდა და, თუმცა წინადადებას ვერ ასრულებდა, ყველანი მიხვდნენ, რასაც გულისხმობდა. თვალებიდან ცრემლი რომ არ წასკდომოდა, ყურებამდე იღიმებოდა; ვიღაცამ მიწის ტხილის ნაჭუჭი ესროლა, არც ვილი დარჩენილა ვალში და მალე მთელი იატაკი ისე იყო მოფენილი ნაჭუჭით, რომ ფეხის გადადგმისას ხრაშუნი გაუდიოდა. უკვე რამდენიმე თვე გასულიყო, რაც გარდაიცვალა და ბარში ერთი საღამოც კი არ გამოუტოვებია, ამიტომ, ერთხელაც, როდესაც ვილი არ გამოჩნდა, მეგობრები მის საძებნელად გაეშურნენ. პირდაპირ მისი ბინის კარს მიადგნენ რკინაკავეულის მაღაზიის თავზე, მუშტები ურტყეს და, რომ არავინ გაუღო, ბანქოს ქაღალდის კუთხით გააღეს კლიტე. ვილის ფეხსაცმელი, მაჯის საათი და ქურთუკი ბინაში დახვდათ, თვით ის კი ვერსად იპოვეს.

ვირუსოლოგი ითენ ჰესი ბარებში არაფერს სვამდა, სასმელი ბოი-სკაუტივით ქამარზე ჩამობმული მათარით დაქჰონდა. ვიდრე მოკვდებოდა, ოცდაათი წელი ადევნებდა თვალყურს თავის პროფესიულ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, კითხულობდა ჟურნალებს, ისმენდა კონფერენციებზე შეკრებილი კოლეგების მითქმა-მოთქმას და ზოგჯერ ეჩვენებოდა, თითქოს ყველა მთავრობა, ყველა დაინტერესებული ჯგუფი თუ ფრაქცია ერთსა და იმავეს ძებნაში იყო: ისეთი სრულყოფილი ვირუსის შექმნა სურდათ, ყველა შესაძლო მიმართულებით რომ გავრცელდებოდა და მოსახლეობას გუბეში ჩავარდნილი წვეთის გარშემო აგორებულ წრესავით მოედებოდა. ბოლო დროს მისთვის ნათელი შეიქნა, რომ ვიღაცამ, როგორც იქნა, მიაღწია ამ მიზანს. კი მაგრამ, როგორ განხორციელდა ეს? ვერაფრით მიმხვდარიყო. ახლადგარდაცვლილთა ნაამბობი ძალზე მწირი და არაზუსტი იყო. ერთ დღეს ხელოვნების მუზეუმის საპირფარეშოში ჩაიკეტა და იქიდან სლუკუნით აყვირდა, გაიძახოდა რაღაცას ჰაერის, წყლისა და საკვების მარაგზე. გამოძახებული დაცვის თანამშრომელი, რაც შეიძლება ნელი, დამამშვიდებელი კილოთი შთააგონებდა: "დაწყნარდი, მეგობარო. გარეთ არც წყალი მოგაკლდება, არც ჰაერი. იქნებ გაგვიღო კარი?" მაგრამ ითენი მხოლოდ ყვირილს განაგრძობდა: "ყველანი! ყველაფერი!" და ერთმანეთის მიყოლებით აღებდა წყლის ონკანებს. მერე ერთბაშად დადუმდა და, როდესაც დაცვამ კარი შეანგრია, შიგნით აღარავინ დახვდა.

გეგონებოდათ, ერთბაშად ჭიშკარი გაიღო, ანდა კედელი ჩამოიქცაო: ქალაქი მკვდრებისაგან იცლებოდა. გუნდ-გუნდად ტოვებდნენ მის საზღვრებს და მალე პარკები, ბარები, სავაჭრო ცენტრები სრულებით დაცარიელდა.

ერთ დღეს, უკანასკნელი რესტორნის დაკეტვის შემდეგ, უსინათლო კაცი ეკლესიის კართან იდგა და გამვლელს ელოდა, რათა თავისი ამბავი ეამბნა. მთელი დღის მანძილზე არავის ჩამოუვლია და კაცი ფიქრობდა, ნეტავ ერთხელ და სამუდამოდ თუ დასრულდა ყველაფერიო. იქნებ ეს ძილში დაემართა, ან იქნებ დილით, იმ ნახევარი წუთის განმავლობაში, როცა დამწვარი თაფლის სუნი იყნოსა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან კანტი-კუნტად მოესმა მანქანის საყვირის ხმა, მერე მეტროს მატარებლის გუგუნი გაიგონა და - მორჩა, მხოლოდ ქარიღა ოხრავდა შენობებს შორის და, საბოლოოდ, ისიც ჩაწყნარდა. დაჟინებით აყურადებდა, მაგრამ აღარც საუბრის, აღარც ნაბიჯის ხმა გაუგია.

ხელები რუპორად დაიჭირა და დაიყვირა: "ეჰეი! ეჰეი!", მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

უცნაური წუხილი დაეუფლა. ხელი მკერდზე იტაცა. შიშით გაიფიქრა, ეს გულისცემა, ახლა რომ ჩამესმის, ჩემი არ არისო.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

The New Yorker, 2003

ბესიკ ხარანაული: "რასაც ვწერ, იმაზე ვგიჟდები. იმით ავსებული დავდივარ"


ბესიკ ხარანაულს ესაუბრება მაია ჯალიაშვილი, 29 ნოემბერი, 2010 წელი


მ.ჯ. რამდენად ჰგავს ხორციელი ბესიკი პოეტ ბესიკ ხარანაულს?


ბესიკ ხარანაული: ალბათ, ვგავართ. საქონელი პატრონს უნდა ჰგავდეს, მაგრამ რომელი რომლის პატრონი ვართ, არ ვიცი.


მ.ჯ.: თავისუფლებაზე მითხარით. გალაკტიონი რომ წერს, მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდაო, ე.ი. შემოქმედება ათავისუფლებდა მას, თუმცა იყო მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როცა ეზღუდებოდა თავისუფლება და წერდა იმაზე, რასაც მისგან მოითხოვდნენ, თქვენ თუ გქონიათ როდისმე ისეთი განცდა, რომ არა ხართ თავისუფალი...


ბესიკ ხარანაული: თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა ან მიანიჭო. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან. თავისუფლება არაფერს არ კეტავს, არაფერს არ იწყებს, არაფერს არ ამთავრებს. თავისუფლებაა ისიც, ადამიანი რომ იბადება, თავისუფლებაა, რომ კვდება. "სამყაროში ადამიანი მით უფრო მარტოა, რაც უფრო ჭკვიანია, სისულელე კი ძალას აძლევს, რომ სამყაროს გაურკვევლობაში და სინამდვილის მოთხოვნილებებში დრეკადი და მოქნილი იყოს, აჰყვეს გაურკვეველ სამყაროს, მკაცრი სინამდვილის რიტმს და მოხრილი კი არ იყოს კითხვის ნიშანივით - რა ვქნა? - არამედ ძახილის ნიშანივით გამართული - უნდა ვიმოქმედო!" გალაკტიონი ცოტა ხანს იყო შემოქმედებითად თავისუფალი, კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამდე, მერე წაერთვა თავისუფლება. ეს ცხოვრებისეული თემაა, მე ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ამ პოლიტიკურ მარწუხებს და მქონდა ჯანყი... რატომ მქონდა, არ ვიცი. ჩვენს სკოლაში ერთიორი იყო, ვინც შეიძლება ამ ჯანყში აგყოლოდა. არ იყო ამგვარი განცდა. ახლა რომ გავხედავ წარსულს, რა საქმე მქონდა, რატომ ვიყავი ასე დაპირისპირებული, არ ვიცი...


მ.ჯ.: პიონერი და კომკავშირელი არ ყოფილხართ?


ბესიკ ხარანაული: პიონერი და კომკავშირელი ავტომატურად იყავი და არა ნება-სურვილით.


მ.ჯ.: დედათქვენი ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა?


ბესიკ ხარანაული: კი, დედაჩემმა და რუსუდან გელოვანმა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ისინი ლიტერატურით სუნთქავდნენ, თან დედაჩემიც წერდა, რუსუდანიც... მირზაც ხომ მაგათი მეგობარი იყო. მირზა გელოვანი რუსუდანის ძმა იყო. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი, მაგრამ არ შემიძლია ავხსნა, როგორ. ვთქვათ, როცა ეკითხებიან ვინმეს, როგორ გამოცურე ადიდებული მდინარე, ან მოყინულ მდინარეზე გადასვლისას ჩატეხილ ყინულს როგორ გადაურჩი: შეიძლება ვერც ახსნა, როგორ გადარჩი, გამოხვედი. ეს ყველაფერი შინაგანად მქონდა.


მ.ჯ.: სულ არ უწევდით ანგარიშს გარემოებებს?


ბესიკ ხარანაული: იმას, რასაც ყრუ კედლად მივიჩნევდი, არასოდეს ვეხლებოდი. არ ვცდილობდი დახშული კარი გამერღვია. ბოლო დროს მქონდა პუბლიკაცია "ლიტერატურულ გაზეთში": "ატეხილობაა დიდი ქვეყანაზე". იქ ვწერ, ნუ გაედები წარსულის ზარს. როგორც კი ხმას აიმაღლებ, პროტესტს როგორც კი გამოხატავ, შეიძლება იმას გადაგაყოლონ, ძაღლის გვერდზე უნდა გაიარო ისე, როგორც იმ ძაღლს შეჰფერის. "ერთი ადამიანიც რომ გიყვარდეს, საკმარისია, რომ სამყაროს აგრესია იგრძნო".


მ.ჯ.: რას ნიშნავს თქვენთვის ეთნოსი?


ბესიკ ხარანაული: ბოლო დროს უამრავი ეთნოგრაფიული ჩანაწერი წავიკითხე. წყურვილი მოვიკალი. ეს რომ უფრო ადრე წამეკითხა, წიგნს ვეღარ დავწერდი, შემეშინდებოდა, მომერიდებოდა, ვეცდებოდი, გავმეცნიერებულიყავი. დამთრგუნა ამ ყველაფერმა.


მ.ჯ.: ბავშვობიდან წერ ლექსებს. თავის დროზე გალაკტიონმა არ დაგთრგუნათ?


ბესიკ ხარანაული: ლექსს ყველა დაწერს. როგორც გითხარით, დედაჩემმა და რუსუდან გელოვანმა ისეთი ატმოსფერო შემიქმნეს, ჩემთვის ლიტერატურა წინ უსწრებდა ცხოვრებას. ის იყო ყველაზე მაღლა. მერე თავი დავაღწიე ამ განცდას. ბავშვობიდან სულ ბეჭედი მქონდა, რომ მე თითქოს პოეტი ვიყავი ან უნდა ვყოფილიყავი. მერე, როცა აღარ ვწერდი, ვიტანჯებოდი. გალაკტიონი მაძლევდა იმპულსს, მაგრამ როცა დაილია ეს იმპულსი, მაშინ ვთქვი, დამთავრდა ეს ამბავი, ასე წერა აღარ შეიძლება-მეთქი. მერე რაღაც პერიოდში აღარ ვწერდი. მერე სიმართლე ვუთხარი ჩემს თავს. იმ დროს რედაქტორად ვმუშაობდი გამომცემლობაში. მახსოვს, ჯერ სხვას ვურჩიე: შენი თვალით, შენი გულით რასაც გრძნობ, ის დაწერე-მეთქი. ეს რჩევა ჯერ სხვაზე გამოვცადე პარაქტიკულად. მე ხომ ვწერ წიგნში: "ყოველი სიტყვა, ნათქვამი, არის მოკლება წყვდიადისა". მე ხომ ყოველი სიტყვა დაწერილი მაქვს. მე ჯერ არა ვარ ამ წყვდიადიდან გამოსული. ეტყობა, ერთი სიტყვით გამოხვალ...


მ.ჯ. რამდენად გულისხმობთ ახლა ამ "სიტყვაში" ღმერთს?


ბესიკ ხარანაული არა, არ ვგულისხმობ. მე მხოლოდ ვამბობ ან ვწერ.


მ.ჯ.: გალაკტიონი წერდა: "მე სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო"? რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა: თქვენთვის რა არის სამშობლო?


ბესიკ ხარანაული: შეიძლება ადამიანმა პოეტურად, მეტაფორულად თქვა, რა არის და როგორია, სამშობლო ენაა. აქ ვგრძნობ ყველაზე მეტად სამშობლოს.


მ.ჯ.: გჯერათ თუ არა ბედისწერისა?


ბესიკ ხარანაული: ჩემ გარშემო ბედისწერისა ყველას სჯეროდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფილოსოფიური საკითხავი. მჯერა ბედისა. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ადამიანებზე, რომელთაც ცხოვრება ცუდად წაუვიდათ და ვეკითხები ჩემს თავს; რატომ? მაგალითად, იყვნენ ადამიანები ჩემ თვალწინ, რომლებიც სულ არ იმსახურებდნენ, ცუდად რომ მოექცა ბედი. თუნდაც ელინურ კულტურაში, თუნდაც აღმოსავლურში, რაც უფრო იქით წახვალ, უფრო სჯერათ... ცოდვაა ძალიან საშიში. ჩვენს ხალხურ ცნობიერებაში ცოდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.


მ.ჯ.: ცოდვა არა მხოლოდ თქვენი, არამედ, მშობლებისა, წინაპრებისა... რომელთაც თქვენი ბედი განაპირობეს, თქვენ კი, როგორც ერთი რგოლი, განაპირობებთ თქვენს შთამომავალთა ბედისწერას...


ბესიკ ხარანაული: მე ერთგან მიწერია: მე ცოდვა სახლში არ შემიტანია... ძალიან მაშინებს ცოდვა, რომელიც მიწაზე ხომ ბალახივითაა და ცისკენ რომ გაიქცევი მიწით ამფრთხვალი, იქაც კოსმიური კლავიატურასავით დაგებული დაგხვდება...


მ.ჯ.: თქვენს წიგნებში, ლექსებში... ყველა კითხვაზეა პასუხი, განსაკუთრებით თქვენს ბოლო წიგნში: სიკვდილიდან სიცოცხლემდე, წარსულიდან მომავლამდე... სიმართლე რომ ვთქვა, არც არაფერი მაქვს საკითხავი. და მაინც: ბავშვობის ოცნებები თუ აგისრულდათ?


ბესიკი: ოცნებას ვერ გავურევ ისეთ მყარ ცნებებში, როგორებიცაა ბედისწერა და ცოდვა. ყოველი არსება შეუცნობლად რაღაცისკენ ისწრაფვის. მეც ასე ვიყავი. ოცნებას ვერ ხედავ, მე კი არ მიყვარს არაფერი, რაც მხოლოდ წარმოსახვაში რჩება.. ამიტომ არასოდეს არ მიოცნებია რაიმეზე. თმის ღერიც არ მინდა მეტი მქონდეს. ბეწვისოდენაც არ ვებრძვი იმას, რაც იყო და რაც არის.


მ.ჯ.: ასე რომ, ჰარმონიულად ხართ შერწყმული სამყაროს.


ბესიკ ხარანაული: ცოდვას გავურბივარ და ბედს ვემორჩილები.


მ.ჯ.: თქვენი ახალი წიგნის წიგნის სათაურსა და სარჩევზე მინდა გკითხოთ: წიგნის სახელწოდება ერთგვარი საიდუმლოა, რომელიც მკითხველს ამოცნობისკენ უბიძგებს: "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა". ეს "ანუ" ერთგვარ საზღვარს ავლებს ამ ორ ნაწილიან სათაურში. იგი თავიდანვე მიანიშნებს, რომ სათაურის პირველი ნაწილი პაროდიულია, რაინდი და ჯორი ცასა და დედამიწასავით შეუფერებელია, რიცხვი სამოცი კი წიგნის კითხვისას "ამოიხსნება". სათაურის მეორე ნაწილი კი მკითხველის გზამკვლევია - აქ ყველაფერი ჰიპერბოლებისა და მეტაფორების საშუალებით იქნება წარმოჩენილი, უფრო ზუსტად, თვითონ ჰიპერბოლები და მეტაფორები იქნებიან მთავარი "გმირები", ხან მთხრობელნი, ხან მონაწილენი. რა თქმა უნდა, თქვენთვის ყველაზე მთავარი ჰიპერბოლა, ან მეტაფორა თვითონ სამყაროა, ცხოვრება და ადამიანია. თითოეული კი უამრავი ჰიპერბოლისა თუ მეტაფორის მრავალფეროვანი "ნაზავია".


წიგნის გადაშლისას მკითხველი ჯერ სარჩევს ხვდება, რომელიც ულამაზესი, საიდუმლოებით მოცული ჭიშკარივითაა, ზედ ამოტვიფრული ორნამენტებითა და ნიშნებით. "სიმღერა სათაურებისა" - ამგვარადაა შემოთავაზებული სათაურთა ჩამონათვალი, რომელიც პოეზიაა და მკითხველს წინასწარ განაწყობს წასაკითხად, ცნობისმოყვარეობას უღვიძებს და მოლოდინს უმძაფრებს. აქ არის მეტაფორული, სიმბოლური სათაურები, აგრეთვე, სათაურები-სენტენციები: მაგალითად: "ჰიპერბოლების წინაშე ცივილიზაცია პაროდირდება", "რაც კი არსებობს, ანალოგის ძალით არსებობს", "საზღვარი ნამცეცებისთვისაც საზღვარია", "ყველა დრო სისხლიანი იყო", "ზნეობა ქარიშხალივით მრისხანეა", "წინ წარსულია", "ადამიანებმა სიტყვა დაამძიმეს", "გენიას უკვირს, რომ ცხოვრება სხვებს ეკუთვნის", "ყოველი სიტყვა –ნათქვამი - არის მოკლება წყვდიადისა", "პოეტი მოხუცია" და სხვა.


წიგნი ექვსი სიმღერისგან შედგება და თითოეულში ბევრი პატარა ამბავია. ყოველ სიმღერას თავისი სახელწოდება აქვს, ლამაზი და ორიგინალური. ესენია: 1. "სიმღერა პირველი - დაწერილი უჟმურის მელნით და ხანაც მუშკ-ამბრ-სურნელოვანითა", 2. "სიმღერა მეორე - ლექსიკონისა, 3. "სიმღერა მესამე - ალმასის მთებისა, ანუ კავკასიური საგა ბესარიონ გაბუურისა", 4. "სიმღერა მეოთხე - ორი ხანდაჯმულისა", 5. "სიმღერა მეხუთე - უძებნი შვილისა", 6. "სიმღერა მეექვსე - ავტორისა, ანუ ცხოვრებაში შესატყუებელი წიგნი".


ამგვარი კომპოზიცია ნოსტალგიაა Uუძველესი წიგნებისა - გილგამეშიანი, ილიადა და ოდისეა, სიმღერა ნიბელუნგებზე. შეიძლება ამ "სიმღერებით" მწერალი მიანიშნებს იმ დროზეც, როდესაც სიტყვა არ იწერებოდა და მხოლოდ წარმოითქმოდა, ან იმღერებოდა და ასე გადაეცემოდა თაობებს. როგორ დაიბადა ეს სათაური, საიდან გაგიჩნდათ სარჩევის "ამღერების" იდეა?


ბესიკ ხარანაული: წიგნში აღწერილი ამბავი სინამდვილეა. ერთი თვის წინ შემხვდა თიანელი კაცი, რომელსაც ეს წიგნი წაეკითხა და მითხრა, ეგ ჯორიანი მხედარი ჩვენც გამოგვიდგაო, ძალიან გამიხარდა, მე ვფიქრობდი ჩემთვის, ნეტა მართლა გამომიდგა თუ არ გამომიდგა-მეთქი. რა თქმა უნდა, "პირველად იყო სიტყვა..." იქიდან უნდა დახედო, იმის შიშით, რომ ეს არ გამოგივა, არ უნდა დაიხიო, ყველა, უნდა აძვრეს სადღაც და უცებ დახედოს კაცობრიობის ისტორიას, სულყველა, პატარა ბავშვი რომ აიყვანო სადღაც, საიდანაც ჩანს კაცობრიობა თავისი ცოდვა-მადლით, ისე უნდა დაინახო. გონება რაღაცნაირად უნდა გაგინათდეს... მთავარია, რომ უცბად უნდა დაინახო... მე მაქვს "ორივ ფურცელი ცისა და მიწისა". ის პირველი ტექსტი, სადაც საქართველოს სული ლაპარაკობს, ის დავჯექი და დავწერე, იმიტომ, რომ ერთ დილას მართლა გამოვედი, რაღაც ჟინჟღლიანი ამინდი იყო, თითქოს არ გიშვებდა ბუნება თავისთან, დილაა, გამოდიხარ ეზოში... მით უმეტეს, მე იმ წუთში მიყვარს ლოგინის მიტოვება... ჰოდა, ერთ წამში ეს სუყველაფერი... იქ მიწერია "მეკარნახა-მეთქი", ნამდვილად ასეა, თუმცა, არ შეიძლება, რომ ტექსტები გიკარნახონ, ტექსტებს არ გკარნახობენ, რაღაცნაირად რომ დაარტყამენ რაღაცას...


მ.ჯ.: წიგნში რომ გიწერიათ, კიბიდან ვარდნისას პერსონაჟს გონება უნათდება, თითქოს მოკლე ჩართვა ხდება...


ბესიკ ხარანაული: ამ მომენტის ირონია არის მაგ ეპიზოდში. თვითონ მეტაფიზიკურის პაროდიაც არის. მეტაფიზიკური ამას ძალიან ირონიულად უყურებს. სათაურებისგან დავიტანჯე.


მ.ჯ. რატომ?


ბესიკ ხარანაული: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ერთმანეთის მჯობნი... პირველი სათაური იყო "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი", რომელიც სამუშაო ვარიანტი იყო, მაგრამ მერე დამჭირდა მომატება, ჰიპერბოლამ და მეტაფორამ კი მოუმატა სიჩქარე, სივრცე... რეალურად ეს ორი კუთხე, ფშავი და ხევსურეთი შეესაბამებიან... ორივე შეუძლებლის ზღვარზე ცხოვრობს... ვერავინ ვერ გაძლო იქ... სარჩევი ხომ წესით ბოლოში უნდა ყოფილიყო... არ მომეწონა მათი ადგილი... არა, ისინი უფრო ღირსეულ მეომრებად მომეჩვენა. ავდექი და ეს სათაურები გადმოვსვი წინ...


მ.ჯ.: როგორც მთავარსარდლები, თავებს რომ მიუძღვებიან...


ბესიკ ხარანაული: ჰო, ესენი რაღაც მაწანწალა ჯარისკაცებს ჰგავდნენ, ბოლოში რომ მიჰყვებიან, არადა, ესენია მთავარი და ყველაფერი. რაღაც სინდისმა არ მომასვენა... ამ გზით წავედი, არა იმიტომ, წიგნი როგორ გამელამაზებინა, არა, ამას არ უკარნახია... არაფერს არ უკარნახია, არც სადმე მინახავს... კი, ზოგჯერ სარჩევი წინ გააქვთ ხოლმე, მაგრამ ის მხოლოდ სარჩევია... მე კი ვიფიქრე, ეს უბრალო სარჩევში არ აერიოთ-მეთქი... ეს ერთი სიმღერაა, ამიტომ უსამართლობად მომეჩვენა, ეს "მომღერლები" ბოლოში მომექცია.


მ.ჯ.: მომავალ წიგნშიც ასეთი პატივისცემით იქნებით გამსჭვალული სათაურთა მიმართ?


ბესიკ ხარანაული: არა, ეს უკვე დამთავრდა...


მ.ჯ.: წიგნში თანამედროვე ცივილიზაციის სიმბოლოა ნაგავსაყრელი. მთავარი გმირი არის "ცივილიზაციისაგან განდევნილი კულტურის შვილი", თქვენი ალტერ-ეგო. ერთი პერსონაჟია შიო, რომელიც ფიქრობდა, რომ "წიგნები უნდა დაფრინავდნენ" და იხატება ფანტასმაგორიული სურათი: ფანჯრიდან წიგნები თავდახსნილი ფრინველებივით მიფრინავენ, მაგრამ "ნაგავსაყარზე იყო ფინიში". ამგვარად გამოხატავთ კულტურის განწირულებას. ცივილიზაცია და კულტურა ერთმანეთს უპირისპირდება. კულტურას ქმნის სული, ცივილიზაცია სხეულებრივია...


ბესიკ ხარანაული: მე თვითონ გამიკვირდა, რომ ის მისამართი აირჩიეს... რატომღაც.


მ.ჯ.: თქვენ ასეთ ბედს უწინასწარმეტყველებთ კულტურას?


ბესიკ ხარანაული: არა, მე ასეთი რამ აზრად არ მომსვლია, რომ განმესაჯა. გეუბნებით, მე თვითონ გამიკვირდა, რომ მათ გეზი ნაგავსაყარისკენ აიღეს.


მ.ჯ. თქვენ, ცივილიზაციისგან განდევნილი, მიდიხართ ბავშვობის ოქროს ხანაში, როგორც ნოვალისი უწოდებდა. თქვენ ერთგან წერთ: "ყველა ამბობს, ბავშვი ბრძენიაო, მაგრამ არავინ სწავლობს მისგან" ("ორივ ფურცელი ცისა და მიწისა"). მთავარი ბავშვობის ერთი ძვირფასი მოგონებაა: როგორ შეაშინა მთხრობელი სამოცმა, ჯორზე ამხედრებულმა, გასაყიდი ცოცხებით დატვირთულმა, რაინდმა. რა იყო მწერლისთვის ბავშვობა: "ო, რა ლაღი და თამამი ვიყავი. ვგრძნობდი სივრცეს, რომელშიც უნდა გავზრდილიყავი. ყოველი ბავშვი ხომ მრავალია, ერთი არ არის, მერე შედენის ხოლმე ცხოვრება, ერთს მიაკუთვნებს და ერთი ხდება". სიმრავლიდან ერთისკენ-სიმდიდრიდან გაღარიბებისკენ, თუმცა, თქვენზე ვერ ვიტყვით, რომ ერთი ხართ. თქვენ, მგონი, ბავშვად დარჩით. ნიცშე როდესაც განიხილავს ადამიანის სულიერი განვითარების საფეხურებს, გამოყოფს შემდეგ ეტაპებს: აქლემი: შენ მოვალე ხარ, ლომი - მე მსურს და ბავშვი -Uუშუალო ჭვრეტა სამყაროსი. და თქვენ სწორედ ასეთ ბავშვად წარმოჩნდებით ამ რომანში.


ბესიკ ხარანაული: ადამიანი მარადიული ბავშვია და რაღაცებს იგერიებს. ბავშვს მარტივად რომ მოვატყუებ, ისინიც ტყუილს მეუბნებიან რამეს. მაგალითად, ჩემმა შვილიშვილმა, გვერდით რო მეწვა, ძლივს ითქვამდა სულს, ისე მიყვებიდა, როგორ მოკლა მგელი...


მ.ჯ.: თქვენ გმგვანებიათ. ნაგავსაყრელი არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, "დიდობის" სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ, ბავშვობის სამოთხეს უპირისპირდება დიდობა, როგორც ნაგავსაყრელი, ამიტომაც ოცნებობს მწერალი საკუთარ თავთან, როგორც ბავშვთან, შეხვედრაზე. სხვათა შორის, ამის შესახებ საუბრობთ ერთ ინტერვიუში: "ერთი სურათი გადამიღო დედაჩემმა, ყელზე აბრეშუმის ბანტით, მის მერე ვეხვეწები ყველას ეს ბანტი მომიტანონ, ტრაქტორს მოგიტანენ, მაგრამ იმ ბანტს ვერავინ მოგიტანს. მინდა რომ ის ვიყო, იმას ვერ დავშორდები, დედაჩემს, ჩემს ბავშვობას, იმის იქით ნაბიჯი არ მინდა".


ბესიკ ხარანაული: ყველაზე თავისუფლად ვარ ბავშვთან, არც ჭკუას არ გთხოვს, არაფერს არ გთხოვს. არ გთხოვს, რომ უფროსი იყო. შენ ყველაფერი იცი. შენ აწესრიგებ და ამ მოწესრიგებისას იკარგება მთავარი: გულწრფელობა და უშუალობა. ბავშვობა პერიოდი კი არ არის. ბავშვობა ჩემი იდეალია, ბავშვობას არ ეღალატება. ერთი სურათი მაქვს, 10 წლის ვარ და მუხლებზე გადაშლილი წიგნი მიდევს, იმ სურათს დავეძებ, არ მინდა დავკარგო. გავა დრო, ცხოვრება თავს ამოიჭამს, მაგრამ ბავშვობა ცალკე რჩება.


მ.ჯ. რას გულისხმობთ გამოთქმაში პოეტი - მოხუცია?


ბესიკ ხარანაული: “მოხუცი პოეტი” ნიშნავს, რომ ვიღაცა ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვისაც შეუგრძვნია ცხოვრების ამაოება და დროის წარმავლი ბუნება, მაგრამ ამის გამო ხელს არ იღებს არც სილამაზეზე, არც სიკეთეზე და გვარწმუნებს, რომ ამაოების და დროის იქითაც კიდევ გრძელი გზაა აზრისთვის, გრძნობისთვის... რომ, რასაც ცხოვრებას ეძახიან, სინამდვილეში ის მხოლოდ მდგმურობის კარია, გასავლელი ძველი მოსახლის კარამდის; ამიტომაა, რომ პოეზია რაიმე გამორჩეულ გრძნობებს კი არ ჰქვია, სილამაზის სახე კი არ არის მხოლოდ - ასე რომ იყოს, იგი სადღაც შეჩერდებოდა - ამაოების ზღურბლთან, დროის უფსკრულთან... მაგრამ პოეზია გზას აგრძელებს და პოეტიც ცდილობს დაეწიოს მის ლანდს, რომელიც უთუოდ მეორე კარში გაუჩინარდება. ამიტომაა, რომ პოეტისთვის სიკვდილიც დიდად საინტერესოა: როგორი იქნება მუდმივი სახლობის ქვეყანა? კითხულობს ის ძველი ჩვევით კვლავ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე, - კარგია, ტყუილი რომ კიდევ შეუძლია; სინამდვილეში ხომ მას მხოლოდ ის აინტერესებს, იქნება თუ არა იქ პოეზია... იქნება გამოხატვა?


მე მინდა ვიყო “მოხუცი პოეტი”. წარსულში ყველა “მოხუცია”, რა ასაკშიც არ უნდა მოკვდეს პოეტი, ის ასწრებს “მდგმურის” კარიდან გასვლას. ის “მოხუცია”, მას “ბრძენს” ეძახიან, რადგან ყველას უგრძნობს გული: პოეტი ყოველთვის ახალი კარის წინ კვდება. ამქვეყნიური გამოცდილება ყველაზე უფრო პოეტში აღიბეჭდება. “სიბრძნე” - “მოხუცის” სინონიმია, “მოხუცი” - “პოეტისა”.


მ.ჯ: ჩადენილი საქციელი თუ გინანიათ?


ბესიკ ხარანაული: რა თქმა უნდა. მე არ მშველის საკუთარი სიმართლე. ვთქვათ, მართალი ვარ რაღაცის ჩადენისას, ეს არ მაკმაყოფილებს. მე სხვის თავისუფლებას შევეხე, რაღაც ავურიე. თავაღერილი არ ვარ ჩემს გზაზე. ყველაზე პირმართალი ჩემს ნაწერთან ვარ. სხვის თავისუფლებას რომ შეეხები, შენ გამოდიხარ ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც მას ისედაც აწუხებს. ყველას თავისუფლებას ჰყავს შენ გარეშე მილიონი მტერი.


მ.ჯ: ამიტომ მარტოობას ირჩევთ, რომ სხვის თავისუფლებას ნაკლებად შეეხოთ.


რომანში ერთგან წერთ:L "ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი.


მერე მინდოდა, რომ ყველას ვყვარებოდი.


ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ".


ამან მომაგონა, ერთი მხრივ, ჰერმან ჰესეს მოთხრობა "აუგუსტუსი" - ჯერ ყველას უყვარს, მდიდარია და გავლენიანი, მაგრამ უბედურია, რადგან თვითონ არავინ უყვარს. მერე ყველას სძულს და თვითონ უყვარს - და ბედნიერია, თუმცა გაღატაკებული და დასნეულებულია.


მეორე მხრივ: რილკეს "მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები", რომელშიც გმირი ყველას სიყვარულს გაურბის, რადგან სურს, ერთადერთს, მას- ე,ი. უფალს უყვარდეს.


ხომ არ გულისხმობთ ამასვე "თავის დანებებაში", რათა უფრო იოლად დაგინახოთ "მამამ"?




ბესიკ ხარანაული: ჯერ სხვაზე მოძალადეობ, მერე შენს თავზე. ამ ნაძალადევ "სიყვარულებს" გინდა შეეშვა. სხვა სივრცე გინდა. ეგ წუხილი გაქვს და ეს გათქმევინებს მსგავს რაღაცებს. ეგ როდის, რატომ ვთქვი, აღარ მახსოვს. ეგ ჩემი ორეულის ნათქვამია.


მ.ჯ. ახლაც ასე ფიქრობთ, გინდათ, თავი დაგანებონ?


ბესიკ ხარანაული არა, ეგ არ მიგულისხმია. მაგის დაწერის შემდეგ დავიწყე მაგ სიტყვების მორალური გამართლება. საერთოდ, პირველად რაც მინათებს გონებას, იმას ვწერ. ამას, საგანგებოდ რომ დავმჯდარიყავი, ვერ მოვიფიქრებდი, რადგან: ჯერ წარსულში უნდა გავქცეულიყავი, მერე მომავალში, მერე აწმყოში, მერე შემეჯერებინა, შემშინებოდა, მომრიდებოდა, ათასი რამეა.... მაგრამ ამას ასე ვერ დავწერდი... წარმოიდგინე, მწყემსი ბაკში ცხვარს რომ მირეკავს, უცებ ისე მიაწყდება ყველა, ვეღარ დაითვლის.... ფიქრიც ასე, ნახირობასავითაა. ხანდახან ფიქრი ისე შემომიტევს, ჩაწერის თავი აღარ მაქვს. ყველაზე კარგს ვკარგავ. რამდენჯერ მემართება, უცებ რაღაცას ვიგრძნობ ისეთს, რაც მე აღმემატება, ჩემს მონაცემებს არ შეეფერება. ამას წინათაც, უცებ რაღაც მოვიხელთე, დავიჭირე, არ ვიცი, როგორ, ადგილზე გავიყინე, მაგრამ ხომ უნდა ჩავიწერო, ფანქარი მჭირდება, სულ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ვიღებ ფანქარს, მაგრამ ის რაღაც აღარ იყო, გამისხლტა, დაიკარგა.


მ.ჯ. მაინც რა იყო?


ბესიკ ხარანაული: არ ვიცი, ის იყო რაღაც, რაც მე არ შემეხებოდა, ის არ იყო დიდებული და მშვენიერი სახე, სიმბოლო ან მეტაფორა, არამედ, ის იყო რაღაც საოცრება... რომელიც... უნდა ხმამაღლა მეთქვა, იქნებ დამემახსოვრებინა... დიქტაფონზე ჩამეწერა, მაგრამ დავკარგე.


მ.ჯ. იქნებ ის რაღაც გამოთქმულ სიტყვაშიც ვერ დატეულიყო?


ბესიკ ხარანაული: ჰო, არ ვიცი, იმასთან შედარებით უკვე ყველაფერი აღარაფრად მიმაჩნია. საოცარი განცდა მქონდა, უნდა ჩამეწერა...


მ.ჯ.: საკუთარი თავის პოვნისა და შემეცნების გზაზე მნიშვნელოვანია მთის "ლექსიკონთან" ზიარება. თქვენი აზრით: "მეცნიერება იმიტომ გაჩნდა ქვეყნად, რომ მწერლობამ გაქურდოს". ეს შეიძლება "ჩიტის ცოდვად" ჩანდეს, ამიტომაც მეორე თავი რომანისა "სიმღერა მეორე-ლექსიკონისა" წარმოაჩენს ქართული ენის სიმდიდრეს. აქ ცალკეულ სიტყვის ხატოვან განმარტებასთან ერთად (სიტყვები ფოლკლორისაა), ჩართულია სხვადასხვა ამბავიც, რომლებიც ამ სიტყვების სამყაროში შეჰყავს მკითხველი. ეს არის თავბრუდამხვევი მოგზაურობა "წინ-წარსულისკენ" "უნცრუათ ლეკოს ძის შედგენილ ლექსიკონში". როგორ იქმნებოდა ეს ლექსიკონი? როგორ დაგებადათ ეს იდეა?


ბესიკ ხარანაული: ათას კაცს საქართველოში ერთნაირად იზიდავს ლექსიკონი, რომელიც შეიძლება მხატვრული ლიტერატურასავით იკითხო. ლექსიკონის ფენომენი ყველას ხიბლავს. ლექსიკონმა თვითონ მოიტანა ამბები, ათასანაირი ლექსიკონია: ხატოვან თქმათა, კუთხური. მე მეტი ცოდნა მქონდა (საიდან მაქვს, არ ვიცი, ბავშვობიდან, იმ გარემოდნ, რომელშიც ვიზრდებოდი), არ იცი, სად წაიღო ეს ცოდნა. ლექსიკონი ალექსი ჭინჭარაულისა ისეთი შთამბეჭდავია, რომ ხელს ვეღარ უშვებ. მაგრამ ლექსიკონს ხომ არ გადაწერ? არავინ არ იცის ეს ლექსიკონი. ამ კუთხის პატრიოტი ვარ და ამ ლექსიკონის საშუალებით მინდოდა სიყვარული ამეხსნა.


მ.ჯ.: თქვენს წიგნში მოყვანილ ამბებზე ხშირად ამბობთ, რომ ეს არის საეპოსო მასალა.


ბესიკ ხარანაული: ჰომეროსი დაბრმავდა ისე, რომ დაენახა... ეს ფოლკლორი, ანდრეზები ჰომეროსის დარია. რატომ თქვა ორბელიანმა ყაზბეგზე, ჩვენი უმიროსიაო. ეპოსი დიდია და ყოვლისმომცველი.


მ.ჯ.: იმასაც ხომ არ გულისხმობთ, რომ ამ მასალზე ვიღაცამ შეიძლება ეპოსი დაწეროს. ვიღაცისთვის თქვენი წიგნი შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს, შეიძლება თქვენთვისაც...


ბესიკ ხარანაული: საერთოდ, ამ კუთხეების მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან ფსევდო. თვითონაც ხშირად წარმოადგენენ თავიანთ თავს ფსევდოდ. მაგალითად, საშინლად კითხულობენ ფშაურ ლექსებს. რატომ ბაძავენ ვიღაცას, რომელმაც რაღაც უცნაური, არაბუნებრივი ინტონაცია შემოიტანა... ჩემი მასწავლებელი კითხულობდა ღრმა ფშავში, მე როგორ უნდა გაჯობოთ? თიანეთი იყო ბაბილონის გოდოლი მთის კუთხეებში. მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი და სოფელში წავედი ლექსების ჩასაწერად, იქ ვნახე მღვდელი, წაიკითხა ლექსები, ჰოდა, როგორ წაიკითხა. იცი? გაგიჟდებოდი!


მ.ჯ.: თქვენ როგორ კითხულობთ?


ბესიკ ხარანაული: მე ისე ვკითხულობ, როგორც შეეფერება ხალხურ ლექსს.


ჩემი წიგნი მთავრდება შემღერებით.


მ.ჯ. თქვენ ამომავალი ხართ კავკასიონის მთებში მოსახლე ტომებისა, რომელთაც მეტაფორებსა და ჰიპერბოლებს არქმევთ. თქვენ თავად, ჰიპერბოლა ხართ თუ მეტაფორა?



ბესიკ ხარანაული: მე ყოველთვის მეკითხებოდნენ, ჰიპერბოლელი ვიყავი თუ მეტაფორელი. პასუხად მე ჩემი სოფლის სახელს ვეუბნებოდი, რომ თვითონ გაერკვიათ ჩემი სადაურობა. ყველას როდი ერიდებოდა არცოდნის გამჟღავნება.


ასე ვერთობოდი ჩემი “სადაურობით” და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე, სწორად ვიქცეოდი. დღეს მე ვგრძნობ, რომ ორივე ვარ: - ჰიპერბოლაც და მეტაფორაც. რა უჭირს მერე, ჩემი საკუთარი გვარ-სახელი თუ ვერ მიპოვნია! ესეც ღმერთის ნება არის, რომ საკუთარი თავის ძიებაში ბევრი დრო მოვიგო.


აბა, გაიხედეთ, ყოველი არსი ქვეყანაზე განა თავისი ნამდვილი გვარ-სახელის საძებრად არ არის გარეთ გამოსული? და მეც, ყველა სულელური მიზეზითაც კი ჩემს თავს არ ვეძებ?


- დედითა ვარ?


- მამით?


- ქარით ვარ მოღებული?


- თუ ჰიპერბოლათი და მეტაფორათი?


სინამდვილეში ჩემი სოფელი არც ერთ ამ მხარეს არ ეკუთვნის, არც გეოგრაფიულად და არც ისტორიულად. ის, უბრალოდ, აუცილებელი ადგილია, - როგორც კიბის ბოლო საფეხური - მთის ტომების ბარში ჩამოსახტომად.


მ.ჯ.: თქვენს გვარზე რა გვეტყვით.


ბესიკ ხარანაული: რამდენჯერ დავფიქრებულვარ. მაგალითად, მისრიაული მოდის მისრეთიდან-ეგვიპტიდან, ხარანაული – ხარანიდან-უძველესი ბიბლიური ქვეყნიდან. საიდანღაც ვართ მოსულები.


მ.ჯ. წერისას თქვენ რამდენად ფიქრობთ მკითხველზე, გაგიგებთ თუ არა.


ბესიკ ხარანაული: არა, ასე არ ვფიქრობ.


მ.ჯ. თუმცა წერთ, მხალივით დავუკეპე მკითხველს ნაწერი, რომ იოლად გაადეყლაპაო. მკითხველს შენდობასაც სთხოვთ:


"ამის შემდეგ იყო, რომ მქონდა ხილვა:


შეცვივნულიყო კაცობრიობა სამყაროს მაგიდისქვეშ და ჰკრეფდა ნამცეცებს.


აღლუმს ხურავდნენ მესაყვირეები, მთიბველები მთაში გვრინავდნენ…


შემინდე, ღმერთო!


უმეცარი ორ,


ხორციელი ორ…


მკითხველო, ნუ დასწყევ ა ემ თიანელსაო,


ჩვენიაო, ა ეს თიანელიო-ო".


ბესიკ ხარანაული: ამით მკითხველს ვეთამაშები... ვემასხრები... სახეების წყებამ უნდა მიიღოს ლიტერატურული შტამპის სახე, რომ რაღაცნაირად დავინახო. ვთქვათ, სერვანტესის "დონ კიხოტი" ხომ იყო ახალი ნაწარმოები? პოლემიკით დაიწყო, სხვა განზრახვით და სხვა რამ მიიღო. ილია, მაგალითად, ვერ გაჰყვა ბოლომდე... მოკლა, მაგის დრო არ ჰქონდა.


მ.ჯ.: - "კაცია-ადამიანს" გულისხმობთ?


ბესიკ ხარანაული: კი.


მ.ჯ: როგორი მკითხველი ხართ? რამდენად გამოთქვამთ შეფასებებს წერილობით. თქვენი არაჩვეულებრივი წერილი წავიკითხე ოთარ ჭილაძეზე. იქ ზოგადი შეფასებებია.


ბესიკ ხარანაული: კითხვასაც ცოდნა უნდა. ლიტერატურისმცოდნესავით არ ვკითხულობ, არამედ, ისე, სიამოვნებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. ხშირად ვკითხულობ მათ ნაწერებს. კარგია, როცა არავინ გზღუდავს. ძალიან ძნელი იყო საბჭოეთში, ყოველ სიტყვას რომ დაჰკანკალებ. გიორგი ლეონიძემ დააღწია თავი მის ბრჭყალებს, ოთარ ჩხეიძეს ძვირი დაუჯდა ეს თავისუფლება.


მ.ჯ.: ადამიანი არასოდეს ივიწყებს გზის დამლოცველს. აკაკის უთქვამს გრიგოლ რობაქიძის ლექციის მოსმენის შემდეგ, მისი ქართული აღტაცებულს: "აწ განუტევე მონაი შენი, უფალო". ცნობილია გიორგი ლეონიძე როგორ დალოცა ვაჟამ, სრულიად ახალგაზრდას ლექსი უძღვნა. ჯავახიშვილს ტკბილად აგონდებოდა, ილიას ბორძიკით როგორ წაუკითხა ბარათაშვილის ლექსი... თქვენ თუ დაგილოცათ ვინმემ გზა და საერთოდ როგორ შეგხვდნენ? როგორ გაიკაფეთ გზა?


ბესიკ ხარანაული: არასოდეს დამავიწყდება ორი წარწერა წიგნზე, ორივე გრიგოლ აბაშიძისა. თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება ამ ორ წარწერას შორის მოექცა. მახსოვს, თხუთმეტიოდე წლის ვიქნებოდი, პირველად რომ შევხვდი და ჩემი ლექსები ვაჩვენე. თავისი წიგნი მაჩუქა, სქელტანიანი, ორმოც წლამდე დაწერილი ლექსებისა და პოემებისა. ის წარწერა ზეპირად ვიცი: "ბესიკ ხარანაულს, შესანიშნავსა და ნიჭიერ ახალგაზრდას იმის სურვილით, რომ კიდევ ერთხელ გაემართლებინოს ბესიკი ქართულ მწერლობაში".


მ.ჯ.: წინასწარმეტყველური წარწერაა. ესე იგი, გრიგოლ აბაშიძემ დაგილოცათ გზა. მასთან რატომ მიხვედით?


ბესიკი: გრიგოლ აბაშიძე დედაჩემის თანაკურსელი იყო, სხვათა შორის, სერგი ჭილაიაც და სიმონიკა სხირტლაძეც. მათთან შინაურულად ვგრძნობდი თავს. ამ ადამიანების ამაგს რა დამავიწყებს, წინასწარმეტყველებაზე რა გითხრათ. გრიგოლ აბაშიძემ ლექსები დამიბეჭდა ჟურნალ "დროშაში". მეორედ თავის ბოლო წიგნზე წამიწერა: "ბესიკ ხარანაულს - ჩვენი ვარას გამართლებულ იმედს". ეს წარწერები მთელი ცხოვრება მომყვება. გრიგოლი საოცრად კეთილი ადამიანი იყო, ბევრს მფარველობდა და პატრონობდა.


მ.ჯ. თქვენ როგორ წაუწერთ ხოლმე?


ბესიკ ხარანაული: ხან როგორ, ხან როგორ. უფრო ხშირად მარტო ჩემს გვარს წავაწერ ხოლმე იმის სახელთან ერთად, ვისაც ვჩუქნი.


მ.ჯ. თქვენს მეგობრებზე რას გვეტყვით?


ბესიკ ხარანაული: ჩემი მეგობარი იყო დავით წერედიანი. ერთად ვათენ-ვაღამებდით. კურსელები არ ვყოფილვართ, პოეზიამ შეგვყარა. მხოლოდ პოეზიაზე ვლაპარაკობდით გაუთავებლად, სხვა რამ თემა თუ შემოიჭრებოდა, წამიერად ვიშორებდით. დათომ სვანური პოეზია თარგმნა - საოცარი სამყაროა, უცხო და უცნაური. წარმოუდგენელი ენერგია და სისავსეა ამ პოეზიაში.


მ.ჯ. თქვენს შემოქმედებას ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი, ზოგადად, ქართული კულტურა ასაზრდოებს. უცხო ქვეყნის ლიტერატურას თუ ჰქონდა რაიმე გავლენა?


ბესიკ ხარანაული: ჩემთვის შექსპირი არის იდეალური მწერალი. ჰომეროსი ძალიან მიყვარს, მაგრამ გაუგებარია, ბუნდოვანია. ვერ ხვდები, სად გატყუებს... სკოლაში "ჰამლეტი" დავდგი. რეჟისორიც მე ვიყავი და მთავარი როლის შემსრულებელიც.


მ.ჯ. ერთ ინტერვიუში ამბობთ: პოეზია. ნიჭია. მე რომ დაგასწრო იმის თქმა, რასაც შენ მერე გაიგებ. პოეტი არის არსება, რომელიც იგებს და ამბობს "რაღაცას", თქვენთვის თუ დაუსწრია ვინმეს რამის თქმა და ვინ იყო იგი და რა იყო ის, რომელიც მხოლოდ მისი შემწეობით დაინახეთ.


ბესიკ ხარანაული: პოეზია დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. პოეზია მიუღწეველია. თაობები იცვლება და მრევლი არ აკლდება. მე მხოლოდ დასტურს ვიღებ. სიტყვაში მაგიური ძალაა, რომელსაც ცდით ვერ მიაგნებ. მე არც არაფერს ვცდილობ. ეს გალაკტიონსაც აწვალებდა. გალაკტიონს მოყნოსილი ჰქონდა ეს ძალა.


მ.ჯ. როგორ ფიქრობთ, გაქვთ სუსტი ლექსები? ან თუ მოგწონებიათ თქვენი დავიწყებული სტრიქონები, მახსენდება, აკაკის "გამზრდელი" რომ წაუკითხეს, ცრემლები წამოსვლია, რა კარგად დამიწერიაო.


ბესიკ ხარანაული: ვახტანგ ჯავახაძის წიგნში წავიკითხე: დავით გაჩეჩილაძეს უთქვამს, ჩემს ლექსებს ნუ გამახსენებ, გული მერევაო. ამას თავმდაბლობად უთვლის. არა მგონია ეს თავმდაბლობა. მე ჩემს ლექსებზე არაფერს ვამბობ, არც ვიხსენებ. თუ ერთად წავიკითხავთ და რაიმე მომეწონება, ეს იქნება იმწამიერი მოწონება და მეტი არაფერი. მე არაფერს ვაფასებ. დიდებს უყვართ შეფასება, ბავშვები კი იღებენ ისეთს, როგორიც არის. მეც ასე ვარ. ისე, ორი კატეგორიაა ადამიანისა, ზოგი საერთოდ ვერ ამჩნევს მტვერს, ზოგიც ყველაფერში მხოლოდ მტვერს ხედავს... და ორივე გაცუცურაკებულია. ეს ეხება მკითხველსაც, რომელსაც ჰგონია, რომ ნაკლი მხოლოდ ნაწერს გააჩნია. ამ დროს კი ოდნავადაც რომ შეიბერტყოს, მხოლოდ ნაკლი დასცვივა, რადგან თანაბრად ყველასია ნაკლიც და მტვერიც, უნაკლო და უმტვერო მარტო სანების წმინდა გიორგის ჯვარია, - ყინვარის ლოგინიანი, ნისლის კოტორში გახვეული, ზღვის დონიდან ხუთიათას მეტრზე დავანებული.


.ჯ: ამას წინათ ვან გოგის ნახატებს ვათვალიერებდი და "კარტოფილის მჭამელებმა" და "კარტოფილით სავსე კალათამ" თქვენი ლექსი გამასხენა: "კარტოფილის ამოღება". თქვენი ლექსის დაწერამდე თუ გქონდათ ეს ნახატები ნანახით, რაიმე იმპულსი ხომ არ მოგცათ? საინტერესოა, რომ ორი სხვადასხვა შემოქმედი დაინტერესდა ასეთი პროზაული კარტოფილით. თუმცა ვან გოგს შეუძლია პროზა პოეზიად აქციოს, ამის მაგალითად ბევრი ნახატი შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად წაღები. თქვენთანაც ხშირად ისეთი ცხოვრებისეული დეტალებია, სხვა რომ დანახვის ღირსად არ ჩათვლიდა, მაგრამ თქვენ პოეზიის მაღალ ტახტზე გყავთ დაბრძანებული.


ბესიკ ხარანაული: ნახატები კი მქონდა ნანახი, მაგრამ ჩემთვის ეს კარტოფილის ამოღება ისეთი რეალურია, როგორც ძროხის მოწველა. მთელი ბავშვობა ამის მეტი კი არაფერი მიკეთებია...


მ.ჯ. ახლა რას წერთ?


ბესიკ ხარანაული: ახლა რასაც ვწერ, იმაზე ვგიჟდები. იმით ავსებული დავდივარ.


მ.ჯ. სადმე, დაუსახლებელ კუნძულზე რომ წახვიდეთ, ერთი წიგნის წაღების უფლებით, რას წაიღებდით?


ბესიკ ხარანაული: ღმერთი ყველაზე დიდი ჰიპერბოლაა ადამიანისთვის. იოანეს სახარებას წავიღებდი. მერცხალა, ფოლკლორი, შექსპირი.... შენი მსგავსი ადამიანების დაწერილია, რაღაც მთავარი გამოგრჩება. იოანეს სახარება სიცოცხლეა და მიცოცხლებს ყველაფერს; წარსულს, ბავშვობას. ყველა სახარება მიყვარს, მაგრამ იოანეს სახარებას ამოვარჩევ, იმიტომ, რომ არაფერი არ დამრჩეს გარეთ - ეს არის უმაღლესი პოეზია!



© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი