Wednesday, September 29, 2010

ირაკლი კაკაბაძე – პასუხად დათო ბარბაქაძის თავდასხმას ახალგაზრდა პოეტებზე

რუტინა, ჯანყი და პოეზია

ჩემო ძვირფასო დათო,

წავიკითხე შენი წერილი ნეტგაზეთში, სადაც მეტად გააფთრებული უტევ ალექს ჩიღვინაძეს ‘ჭეშმარიტი პოეტის’ პოზიციებიდან და ყველანაირად ცდილობ ამ უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცს შენი ‘დამრიგებლური’ ტონით ‘სწორი ცხოვრების გზა” ასწავლო, რომელიც ‘ნამდვილ პოეტს’ შეფეერება. უკვე დიდი ხანია რაც გიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნამდვილად გამაკვირვა ამ შენმა ტონმა. არ გიცნობდი როგორც ‘პოეზიის მაღალ მღვდელს’ რომელსაც ჭეშმარიტებების დადგენა შეძლებია და ამხელა პედესტალიდან საუბარი ახალგაზრდებთან. ეს დამრიგებლური ტონი მეგონა წარსულს ჩაბარდა, როდესაც ჩვენ თითქოსდა წარსულს გავატანეთ ეს ეიჯისტური დამოკიდებულება და ვაღიარეთ რომ ჭკუის დამრიგებლობა თავისთავად საბჭოთა წარსულისათვის ჩაგვებარებინა და იმ ავტორიტარული აზროვნებისათვის, რომელიც მაგ დროს ახასიათებდა. რა აძლევს 40 წელს გადაცილებულ ავტორს იმის უფლებას რომ ასეთი ‘რჩევა-დარიგებები’ მისცეს 24 წლის, უკვე ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა პოეტებს და მოაზროვნეებს? და თანაც ‘მოღალატეებად’ გამოაცხადოს ისინი. თუნდაც პოეზიის მოღალატეებად. ვინ ადგენს იმ წესს თუ რა არის პოეზიის ღალატი და რა არის მისი ერთგულება?
არ ვიცი, შენი დიდი ხნის კარიერის მანძილზე თუ გიფიქრია ამაზე და რამდენად სერიოზულად გიფიქრია. თუმცა ამ ტონის გარდა ბევრი რამეა კატეგორიულად მიუღებელი შენს წერილში და მეც კონრეტულად ამ პუნქტებზე გავჩერდები.
პირველივე აბზაცებში ისეთი მწარე ეპითეტებით ლანძღავ ახალგაზრდებს და მათთან ერთად მეც, და კულტურულ ‘უმწიფრობაზე’ მიგვითითებ და ამბობ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ამ საკითხის დაყენება როგორ შეიძლებაო? როგორ გეკადრებათ საქართველოში ზოგადსაკაცობრიო სატკივარზე საუბარი, აქ ისევ სჯობია ჩვენს პატარა, პროვინციალ პოლიტიკურ თუ სხვა საკანცელარიო სატკივარზე ვილაპარაკოთო. ეს თავისთავად ისეთი საკითხის დაყენებაა, რომ გამორიცხავს ნებისმიერ ჯანმრთელ პროცესს მსოფლიოს კლტურულ პროცესებში ჩაბმულობისას. მსოფლიო პოეზიის ბევრი გრანდი სწორედ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ფიქრობდა და სცდებოდა პატარა ‘პატრიოტულ’ ჩარჩოებს. სწორედ ამან აქცია ვაჟა ფშაველა დიდ მოაზროვნედ, ალენ გინზბერგი დიდ პოეტად. ჯეიმზ ჯოისმა რომ ‘დუბლინელები’ დაწერა ირლანდიელ ნაციონალისტებში მასაც გამოუჩნდა შენსავით ‘ჭკუის მასწავლებლები’, რომლებიც მის ‘რენეგადულ’ ლიტერატურას ღალატს უწოდებდნენ. თანამდროვე და ძველი ლიტერატურიდანაც ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, კარგად მოგეხსენება. იგივე ჰაინრიჰ ბიოლი, რომელიც თავისი მემარცხენე შეხედულებებით ვერაფრით ჩაჯდა ბიურგერული ისტაბლიშმენტის ‘დალაგებულ წესრიგში’ და ამას საკუთარი გზით სიარული ამჯობინა. გამოჩენილ რუს ბარდს ვლადიმირ ვისოცკის ამ თემაზე სიმღერაც კი აქვს. საკუთარი გზით სიარული პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა.
უოლტ უიტმენის ქუჩის აქცია ნამვდვილად ვერ იქნებოდა პოპულისტური ერთი უბრალო ფაქტის გამო – ქართული პოლიტიკური და ბიზნეს ისტაბლიშმენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სულ არ აინტერესებს უიტმენის პოეზია. ბევრმა მათგანმა არც კი იცის ეს ადამიანი ვინ არის. ამ თემაზე გამოკითხვების ჩატარების სურვილი რომ გაგიჩნდა კარგია და შეგიძლია ჩაატარო და ნახავ რომ ეს მართლაც ასეა. თავისთავად განათლების დაბალი დონე რომ ჩვენი საერთო პრობლემაა ესეც ფაქტია. მაგრამ ის, რომ უიტმენის აქცია თითქოს ალექს ჩიღვინაძის და მისი მეგობრების მიერ ჩაფიქრებულ იქნა როგორც პოპულისტური ჟესტი, რომელიც მათს ‘რუტინისგან გაქცევას’ ემსახურებოდა, აბსოლუტურად გაუგებარია სენტენციაა. პირიქით, ამ აქციით ახალგაზრდებმა ჩვენს პროვინციალ ‘მიშა-გრიშას’ დისკურსში რაღაც ზოგადსაკაცობრიო შემოიტანეს.
ნუთუ გაუთავებლად იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი საქართველოში ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა? ვინ იქნება შემდეგი კულტურის მინისტრი? გაუქმდება ქალიშვილობის ინსტიტუტი თუ არა? როგორ უპირისპირდება ადამიანების გარკვეული ჯგუფი ნაციონალურ მთავრობას თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას?
ნუთუ არ შეიძლება რომ საუბარი ბევრად უფრო ზოგადსაკაცობრიო თემაზე იყოს. მაგალითად რამდენად მისაღებია ადამიანების წამება მთელს მსოფლიოში? რამდენად მისაღებია ბუნების ასეთი მდგომარეობა? რა არის საერთოდ ადამიანის ბუნება?
ჩემო ძვირფასო დათო, ამ საკითხებზე ლაპარაკი რიგ შემთხვევებში უფრო საინტერესოა, და უიტმენის, გინზბერგისა თუ სხვების პასუხებიც უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენს პატარა თუნდაც ‘ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოში’ არსებულ ხელოვნურ დიქოტომიურ დაპირისპირებებზე გაითავებელი წყლის ნაყვა. უიტმენს ადამიანის სწამდა. ასევე ალენ გინზბერგს, რომლის საყვარელი პოეტიც იყო უიტმენი. ასევე საქართველოში დაბადებულ მაიაკოვსკის. რამდენად შეიძლება ადამიანის გწამდეს? აი, ეს არის საუკუნის კითხვა და არა ის ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა. ანუ საქართველოშიაც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიაც უიტმენის თემაზე დისკუსია დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ნასზე ლაპარაკობენ პოსტ-მოდერნისტებიც და სიტუაციონისტებიც და ნებისმიერი სხვა ჯანრის წარმომადგენლებიც. ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება და ვერც ერთი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ მოხსნის მის მნიშვნელობას.
გერტრუდა სტაინი გამოჩენილი ამერიკელი პოეტი და 20-იანი წლების ერთ-ერთი აზროვნების ცენტრი იყო. სწორედ მან დაწერა ერთი შეხედვით აბსურდული სტროფები:

I land.
One.
I land.
Two.
I land.
As a so.
They cannot.
A note.
A float.
They cannot.
They dote.
They cannot.
ამ ლექსში გერტრუდა სტაინი ძალიან კარგად ამბობს რომ ზოგს შეუძლია და ზოგსაც არა. მე ვფიქრობ რომ ის შემოქმედებითი გამბედაობა რომელიც შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ გამოიჩინეს იშვიათია და ყველას ის არ მოეთხოვება. თვით გერტრუდა სტაინი თავის ლესბოელ პარტნიორ ალის ტოკლასთან ერთად ებრაელი იყო და მიუხედავად ამისა ის ნაცისტური ოკუპაციის პირობებში ნაცისტების ოკუპირებულ საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად, მაშინ როდესაც მისი ახლაგაზრდა მეგობრები ჰემინგიუეის და პაბლო პიკასოს თამადობით ყველანაირად ებრძოდნენ ფაშიზმს. Aასევე შეცდომები მოუვიდათ ეზრა პაუნდს და მარტინ ჰაიდეგერს. ასე რომ მართალი იყო გერტრუდა სტაინი – ყველას ვერ მოსთხოვ გამბედაობას – ზოგს ეშინია, ზოგიც ცდება – ყველანი ადამიანები ვართ. Aარც შენ მოგეთხოვება ჩემო დავით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გამბედაობის გამო მათ დავაბრალოთ როგორც პატარა ბავშვებს რომ მათ ‘რუტინას’ უღალატეს თურმე. სიმართლე გითხრა ეჭვი მეპარება რომ შენ ალექსს მუდმივად თავზე ადგახარ და ის გაგირბის ‘სათამაშოდ’. Aასე რომც იყოს, ისიც უნდა ვისწავლოთ რომ ეს ადამიანები ბავშვები არ არიან და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვთ. ვის როგორ შეუძლია რუტინაში ჯდომა, ამას მკითხველი განსჯის, ჩემო დათო.
ალენ გინზბერგს არასდროს უღალატია ‘რუტინისათვის’ და მიუხედავად ამისა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ლექსები. იგი თანამედროვე სემიოლოგიას მუდმივად ეთამაშებოდა და ცვლიდა, გარდა იმისა რომ მეტად პატრიოტულად უპრისპირდებოდა არსებულ მომხმარებლურ რეალობას. სწორედ ამიტომაც უთხრა მან მის სამშობლოს ასეთი ღრმად პატრიოტული სიტყვები:

America I've given you all and now I'm nothing.
America two dollars and twenty-seven cents January 17, 1956.
I can't stand my own mind.
America when will we end the human war?
Go fuck yourself with your atom bomb
I don't feel good don't bother me.

ამას წინათ მომეცა საშუალება წამეკითხა შენი და დათო ჩიხლაძის დიალოგების წიგნი, სადაც ლაპარაკი იყო ხელოვანების მიერ მოწყობილ ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც 2003 წლის მარტში გავმართეთ ბასა ჯანიკაშვილმა, ვახო ბაბუნაშვილმა, ზურა რთველიაშვილმა, შოთა იათაშვილმა და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა. სხვათა შორის, ისევე როგორც ახლა უიტმენის აქციაზე მაშინ პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა ჩირგვებში ჩაძვრა, რადგანაც ეს თემა მათთვის ‘არამომგებიანი’ იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა შენი და დათო ჩიხლაძის აზრები, თუმცა ერთი რამე რაც მე იქ დავინახე, იყო ის პოეტისთვის ცოტა უჩვეულო პრაგმატიზმი. ისევე როგორც ამ შენს მიმართვაში, როდესაც ალექსს სთავაზობ გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი (რასაც სხვათაშორის ბევრი ორგანიზაცია აკეთებს საქართველოში) და ეს გამოკითხვა ჩაატაროს. პირადად ჩემთვის პოეტურ სემიოლგიაში ასეთი ‘პედაგოგიური’ ჩარევა სწორედაც პიროვნული და შემოქმედებითი უმწიფრობის გამოვლინებად მიმაჩნია. პოეტი ზოგადად თავისუფალია აირჩიოს საკუთარი სემიოლოგია და გამოხატვის ფორმები. ალექსისა და შოთას მიერ დაგეგმილი და ჩატარებული ეს 10 წუთიანი პოლოფონიური აქცია (მოგეხსენება მეტი არ გვაცალეს) სწორედაც რომ სემოილოგიური გადატრიალება იყო ჩვენს დისკურსში. აქ იყო ორი ფაქტორი: 1) ჩვეული ჰომოფონიის მაგივრად აქ პოლიფონიური ფორმა იქნა გამოყენებული, სადაც ერთის მაგივრად სამი პოეტი კითხულობს განსხვავებულ ტექსტებს განსხვავებულ ენებზე და დომინანტის პოზიცია არც ერთს არ უჭირავს ანუ ეს არის მრავალხმოვანი დისკურსი და 2) დისკურსის ძირითადი ფოკუსი ‘მიშა-გრიშა” “ქალიშვილობის ინსტიტუტიდან’ გადატანილია თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ჭრილში – ანუ უიტმენი-ბუშის წინააღმდეგ. დიახაც საკითხის ასე დაყენება მეტად უჩვეულოა და სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ აქციამ ასეთი არაორდინარული რეაქცია. უიტმენის აქ წარმოადგენს ადამიანის სიმბოლოს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ზეიმობს, ბუში კი ანტი-ჰუმანიმიზს სიმბოლოს, რომელიც ომს ზეიმობს. დიახაც ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა დღევანდელი სამყაროს ჰუმანიმიზმისათვის, სადაც მომხმარებლური სამყარო აშკარად შლის ჰუმანიზმის ტრადიციებს და მის მაგივრად ცდილობს ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმებისა თუ კონსუმერული ცინიზმის დამკვიდრებას. უიტმენი ამის ანტიპოდია. უიტმენი დღევანდელი პოლიტიკის ანტიპოდია, ისევე როგორც ვოლი სოინკა, ბენ ოქრი, ბილი ქოლინსი, ბობ დილანი, ტომ ვეითსი და ბევრი სხვა.
დღევანდელ დღეს მთავარი გამოწვევა მსოფლიო ლიტერატურაში გახლავთ სწორედაც რომ დამკვიდრებული დოგმატური, აწ უკვე პოსტ-მოდერნული დისკურსის შეცვლა, სადაც ყველაფერი იდენტობის პოლიტიკას ემორჩილება. მაგრამ თუკი არჩევანს გააკეთებ ჰუმანიზმსა და ანტი-ჰუმანიზმს, მაშინვე მარგინალურ ადგილას მიგითითებენ. დღეს, როდესაც უანგარო და არა-მომხმარებლური სოლიდარობა თითქმის ნონსენსად არის მიჩნეული თანამედროვე სემიოტიკის ჩარჩოებში, სწორედაც რომ რევოლუციურია კონტექსტის ასეთი ცვლა. პოლიფონიური დისკურსი დღეს მართლაც უცნაურია, როდესაც ყველა მხოლოდ ანტი-ჰუმანისტურ დომინაციის პრინციპზე ლაპარაკობს, როდესაც ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს წამყვანი ხმა და ყველა სხვას უნდა ემორჩილებოდეს. სწორედ, ამიტომაც არის რომ ჩვენი დისკურსი მსოფლიოში ვერ გადის, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენთ და მხოლოდ ის გვაინტერესებს ვინ არის ან მიშას მომხრე ან გრიშასი და ვინ გამოდის ქალიშვილობის ინსტიტუტის დამცველად ან მოწინააღმდეგედ. დღევანდელ მსოფლიოში კი არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებზეც ადამიანები ფიქრობენ და არსებობს სხვა ესთეტიური ღირებულებებიც. სამყარო ბრეხტის თეატრია, სადაც ჩვენ არ გვაქვს მუდმივად მოსჯილი თეთრ თუ შავ სცენარს დავემორჩილოთ.
ალექს ჩიღვინაძემ, შოთა გაგარინმა ზურა რთველიაშვილთან ერთად გარკვეული სემოიტიკური გადატრიალება მოახდინეს უკვე. ამის მაგალითია ის მწვავე თავდასხმები, რომლებსაც ამ დისკურსის და ‘რუტინის’ დამცველების მხრიდან.
არსებული დოგმატური დისკურსის გახლეჩვა არც ისე მარტივი საქმეა. ეს მშვენივრად მოახერხეს ახალგაზრდა პოეტებმა. ცხადია, რომ მათ ამისათვის ლიტერატურული ქურუმების ‘დევნა’ დაიმსახურეს და ეს მეტად ჯანმრთელი პროცესია ლიტერატურაში. ნამდვილად ახალ ნაბიჯს პოეზიასა და პერფორმანსის ხელოვნებაში ყოველთვის მოჰყვება ასე ‘გმობა’. ღოგორც ცნობილი თანამედროვე ამერიკელი პოეტი მუმია აბუ ჯამალი წერს თავის ლექსში To Those:

nameless ones who came before
and are no more,
to those who leapt
to dark, salty depths,
to those battled
against all odds,
to those who would give birth
to gods,
to those who would not yield –
To those who came before,
To those who are to come,
I dedicate this shield.

ამერიკელი პოეტის ესთეტიური გაბედულება სწორედ ეს არის რომ ფარს აძლევს და უძღვნის მათ, ვინც ამ ბიურგერულ ორომტრიალში არ ჩაებმება და გაბედავს მისი განსხვავებული პოზიციით გამოსვლას. ვინმეს თუ ჰგონია რომ აბუ ჯამალის რუტინა რომელიმე კონფორმისტი მწერლის რუტინაზე ნაკლებ შრომას მოიცავს, ის ღრმა გაუგებრობაშია მოხვედრილი. უბრალოდ ნეო-კოლონიალურ საზოგადოებებში კონფორმიზმი და უსამართლობისადმი შემგუებლობა რატომღაც გაიგივებულია რუტინასთან და შრომასთანაც. ეს ის პრინციპია, რომელსაც პლანტატორები მონებისათვის ამკვიდრებდნენ და მათს შორის პოეტებსაც არჩევდნენ.
დიახაც მწერლის მიზანია გააღიზიანოს საზოგადოების კომფორტულად მოკალათებული ნაწილი. მისი მთავარი დანიშნულებაა რომ ამის გაკეთება შეძლოს, როდესაც ლიტერატურის ‘მაღალი მღვდლები’ ესთეტიკისა და ნიჭიერების შესახებ ლექციების კითხვას იწყებენ.
დიახაც, პოეტს არ სჯერა “მაღალი მღვდლების’ – ის შეგნებულად არღვევს კანონებს, იმისათვის რომ უფრო კეთილშობილი კანონები გამოიგონოს. ზოგ შემთხვევაში მას ეს გამოსდის და ზოგ შემთხვევაში არა. ჩვენი ნეოკოლონიური აზროვნებიდან გამოყვანას ალექს ჩიღვინაძის მაგვარი ახალგაზრდები სჭირდება, რომლებიც უფრო გაბედულად დაარღვევენ ყველანაირ დოგმატურ კანონებს და რაც მთავარია იმ კანონს, რომ ძალა აღმართს ხნავს. არა, ბატონებო, ძალა აღმართს არ ხნავს.
კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის სიტყვებით მინდა დავასრულო:

I shall be telling this with a sigh
Somewhere ages and ages hence:
Two roads diverged in a wood, and I--
I took the one less traveled by,
And that has made all the difference.

ცხადია, პოეტისთვის იმ გზის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რომელიც რისკს მოიცავს. ჩემთვის რობერტ ფროსტის ესთეტიკა ბევრად უფრო ახლობელია, ვიდრე საბჭოთა მასწავლებლების. რისკზე წასვლა ადვილი არ არის და ყველას არ მოეთხოვება, როგორც გერტრუდა სტაინი ამბობდა. მაგრამ, ვისაც ამ რისკზე წასვლა შეუძლია, ნუ ჩავქოლავთ, ჩემო დავით. ეს მხოლოდ საბჭოთა ‘მასწავლებლური’ ტონის რემინისცენციაა და არანაირად არ არის რელევანტური დღევანდელ ესთეტიურ სამყაროში.
ასეთი ‘პედაგოგიკით’ შორს ვერ წავალთ. ჩემი რჩევაა, იქნებ ამ შემთხვევაში შენ დაესწრო ალექს ჩიღვინაძის ერთი-ორ ლექციას. ჭკუის დარიგებად არ მიიღო – მეგობრული რჩევაა. ვფიქრობ ბევრს ისწავლი ნონ-კონფორმიზმის ახლებური გაგების შესახებ. ამისათვის შენი ლექსის ენით რომ ვთქვათ: არც დაგჭირდება ‘ავსტრიის დედაქალაქ კოპენჰაგენში’ წასვლა – ეს ხომ მშვენიერი და პატრიოტული ბანაკებით სავსე “საქართველოს დედაქალაქ სოფიაშია”.

© netgazeti.ge

დათო ბარბაქაძე - ღია წერილი ალექსი ჩიღვინაძეს

ალექს, წავიკითხე ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის შესახებ შენი საინფორმაციო წერილი, რომელიც დღეს მომაწოდე, და დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მკაფიო წარმოდგენა შემექმნა შოთა დიღმელაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და შენს აქციაზე. თუ სწორად გავიგე, თქვენი იდეა მდგომარეობდა ბუშის ქუჩისთვის უიტმენის სახელის დარქმევაში. ამ მოთხოვნით 14 აგვისტოს მიხვედით ბუშის ქუჩაზე, მისი სურათი გრაფიტით შეამკეთ (თუ არ შეამკეთ? წერილიდან ეს არ ჩანს), მერე ”უსაფრთხოების კუნძულზე” დადექით და დაიწყეთ ამერიკელი პოეტების ლექსების კითხვა. ამასობაში მოვიდნენ პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროში წაგიყვანეს და დაგაჯარიმეს.
ამ თქვენს აქციას მხოლოდ იმიტომ ვერ დავტოვებ უკომენტაროდ, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დასახსრულ უმწვავეს საკითხებსაც წამოჭრის, მათ გადაჭრაზე ოცნებებსაც აინტენსიურებს და, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ნებისმიერი ძლიერი იდეის განაყოფიერების სრულ კულტურულ უპერსპექტივობას. და მე ასეთი უპერსპექტივობის ერთადერთი მიზეზს, ათიდან ცხრა შემთხვევაში, თვით იდეის ავტორთა კულტურულ უმწიფრობასა და პოეტურ უსუსურობაში ვხედავ. ხოლო კულტურული უმწიფრობის არსებითი ნიშანი, ჩემი დოგმატური და უდავოდ დასაგმობი შეხედულებით, კონტექსტის გრძნობის არქონაა (რაც, კიდევ უარესი, ესთეტიკური უგემოვნობის საბუთად წარმომიდგენია). თქვენი შემთხვევა სწორედ ცხრიდან ერთ-ერთია, ჩემს გულდაწყვეტას კი მხოლოდ აძლიერებს იდეის გამაოგნებელი პოეტური სიზუსტე და მისი რეალიზაციისთვის თქვენს მიერ დახარჯული ენერგიის სრული უბადრუკობა.
ასეთი უზუსტესი იდეები ხომ, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი კულტურული დინებების წარმოსაქმნელად გამოდგება ხოლმე. მარტო მისი ტევადობა რად ღირს: პრიმიტივი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის ნაცვლად – უდიდესი პოეტის სახელობის ქუჩა; ათასი პირადულ-პრაგმატული მიზნის სუნად აყროლებული ქუჩის ნაცვლად - კულტურებს შორის დიალოგის მიმართ ღიაობის გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკის მიერ კულტურის დამცირების ხაზგამსმელი ქუჩის ნაცვლად – პოეტური საწყისის მიმართ მოკრძალების გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკური ქლესაობის სიმბოლოს ნაცვლად – მადლიერების გადახდისთვის კეთილშობილური მზადყოფნის სიმბოლო... ბოლოსდაბოლოს, თუნდაც, უბრალოდ, შანსი, რომელიც ხელისუფლებას ეძლევა, რათა მის მიერ სულიერების წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს და მისი გამოსწორებით ნაკარნახევი ნაბიჯი გადადგას!
მაგრამ არც ერთ ასეთი უზუსტესი კულტურული იდეა არ მუშაობს საქართველოში, თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად მწერლობაში, ნებისმიერს, ვინც ლექსის წერას და გამოქვეყნებას იწყებს, პოეტი წარმდგენილი ჰყავს, როგორც დენდი და არა – როგორც ადამიანი, რომელიც, როცა ამას კონტექსტი მოითხოვს, საკუთარ თავზე იღებს უამრავი შავი სამუშაოს ჩატარებას და სხვას კი არ მიუთითებს გასაკეთებელ საქმეზე, არამედ რასაც იწყებს, თავადვე განაგრძობს და იმასაც ცდილობს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, მე რომ თქვენი დასჯის შესაძლებლობა მქონოდა ან საერთოდ თუ გადავწყვეტდი თქვენს დასჯას მას მერე, რაც თქვენ ჩაიდინეთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: ჩვენი სამართალდამცავების პროფესიული უვარგისობა და თქვენი კულტურული უსუსურობა ისე ჰარმონიულად თანაარსებობს, რომ ისღა დამრჩენია, კიდევ ერთხელ სევდანარევად დავტკბე ამ ჰარმონიის უზრუნველმყოფელი ხელისუფლების შავი იუმორით. სხვათაშორის, თქვენი მდგომარეობის კომიზმი კარგად ჩანს იმაში, რომ თქვენ ვერც მათ შავ იუმორს ხედავთ და ვერც – იმას, თუ როგორ ერთობიან ისინი თქვენით (იმიტომ ხომ არა, რომ უკვე საგანგაშოდ ხართ გართული თქვენი თავის უმოწყალო ცვეთით? შენს წერილში ისიც კი აღნიშვნის ღირსად მიიჩნიე, რომ იზოლატორში ბიჭები სოციალიზმზე და ფუკოზე საუბრობდით, მაგრამ არც კი გიფიქრია თქვენი ამ რომანტიზმის უზრუნველმყოფლებისთვის მადლობის გადახდა; ისე, ჩემო ალექს, ხანდახან მაინც ხომ გიფიქრია, შენს ასაკში ფუკომ რამდენი ენა იცოდა, რა განათლება უმაგრებდა ზურგს და როგორ პროზაულ და არა რომანტიკულ საყრდენებზე დგას მისი „ციხის დაბადება“ და სხვა „დაბადებები“?). მაინცდამაინც თმაში ჭაღარა უნდა შემოგერიოთ შენ და შენს მეგობრებს, რომ ციხის გარეთაც გაფლანგული დროის ციხეში იგრძნოთ თავი?
გთხოვთ, ნურც შენ და ნურც შოთა ნუ შეურაცხყოფთ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას და თანადგომას და ნუ მიმითითებთ გარდასულ დროთა აქციონიზმებზე და ბევრ სხვა ისეთ რამეზე, რაც ერთი შეხედვით თქვენი ამაღლებული რომანტიზმის და ჩემი მოსაწყენი კლასიციზმის საბუთი იქნება. მე ახლა უფრო კარგად ვხედავ იმასაც, თუ როგორ გამოგიყენათ ყველამ (და ახლაც გიყენებთ თქვენი ინტერესების დავიწროების გამო), ვისაც ენდობოდით და პატივს სცემდით (ვნატრობ, რომ ვცდებოდე!); როგორ დებდნენ და დებენ ისინი ფსონს თქვენისთანა ახალგაზრდებზე და როგორ ხდებით მერე ავანტიურაში ნაწრთობი და გამოცდილი ადამიანების გეგმებში ჩართული (თუ ასე გაგრძელდება, ძალიან, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ დიდი ხნის მერე, როცა ამ ყველაფერს მიხვდებით და დროც თვალსა და ხელს შორის გაგიქრებათ, თქვენ არ მოექცეთ ასე თქვენს მერე მოსულ ახალგაზრდებს და მათ არ ჩაუტაროთ ის ილეთები, რომლებსაც ახლა თქვენ გიტარებენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთ დეკორაციებად წარმოუდგენიხართ).
და ამ მშობლიური მზაკვრობების ფონზე, რომელთა მახეში დღეს სულაც არ გაბმულხართ, მართლაც ანგელოზების საკრებულოდ გამოსჩანს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ თავაზიანი მოპყრობით და თქვენი მატერიალური დაჯარიმებით გაგეთამაშათ.
და მაინც, რა ჩაიდინეთ ასეთი, რასაც პირადად მე ვერ გპატიობთ? რა და, თქვენდაუნებურად, გენიალურ იდეას უღალატეთ. საქართველოში, რომელიც ცნობილია ერთ დღეში გასაკეთებელი საქმის ერთ წელიწადზე გადაჭიმვის უნაკლო ხრიკებით, თქვენ ბევრად უარესი ჩაიდინეთ და ერთი წლის საქმეს ერთი დღეც კი არ დაუთმეთ. თქვენ, არტისტებმა და ხელოვნებაზე შეყვარებულმა ადამიანებმა, ხელისუფლების პერმანენტულ უნიჭობას თქვენი აქციის უნიჭობა შეაგებეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში როგორც სამოხელეო აქტივობები, ისე – პოლიტიკის „მაყურებლებისა“ და მთავრობის „მფარველობის“ ქვეშ მყოფი ბიზნესმენების ერთობლივი პროექტები მოკლებულია არსებითს: ნიჭიერებას. რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით, უნიჭობაა სიღნაღის ნაკრძალიც, ხალხური შემოქმედების ტოტალურ დაცვაზე სახელმწიფოს დედობრივი ზრუნვაც, ტურიზმის დარგში სამყაროს ცენტრად საქართველოს გადაქცევაზე ოცნებით მოტივირებული სარესტავრაციო ვნებებიც და უამრავი ჯერ კიდევ მოსალოდნელი ბიზნესიც. რა თქმა უნდა, უნიჭობაა ამ უნიჭობებზე თვალისდახუჭვის ან მათში მსუბუქი კორექტივების შეტანის „კულტურაც“. მაგრამ იმაზე დიდი უნიჭობა ძნელი წარმოსადგენია, როცა ზუსტი და უძლიერესი მუხტის მატარებელი იდეა ფუჭდება და - კონტექსტის გრძნობის არარსებობის ფონზე - შესაძლო შრომის შედეგად მისაღები შედეგები წყალში იყრება.
უბრალოდ რომ ვთქვათ, თქვენი იდეა მიბაძულმა, მექანიკურად გადმოღებულმა აქციონიზმმა და პოეზიის ნაკლებობამ გაანადგურა. რა თქმა უნდა, ამან კიდევ ერთხელ რაღაც შესძინა თქვენს ბიოგრაფიას (თუნდაც მდარე თბილისური ტუსოვკებისა და თქვენი სოციალური აქტივობების გამომყენებელთა ოპერატიულ მეხსიერებაში), მაგრამ არა – იდეას და არა – თქვენს კულტურულ გამოცდილებას. თქვენ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგით წინ თქვენს განვითარებაში იმიტომ, რომ უარი თქვით ათასჯერ უფრო რთულ გზაზე: პატიოსანი შრომის გზაზე. ამ შემთხვევაში კი (რაკი მაინც და მაინც აქციის ხელოვნება აირჩიეთ და რაკი ამ ფრონტზე საქართველოში ჯერ მხოლოდ ყამირია, შესაბამისად კი, შავი სამუშაოების ნაკლებობა არ იგრძნობა) პატიოსანი შრომის გზად მხოლოდ ხანგრძლივ დროში განაწილებული პერმანენტული შრომა შეიძლებოდა ქცეულიყო. მაგრამ თქვენი შრომა ამ მიმართულებით გადასროლისგან თავიდანვე დაზღვეული იყო: თქვენ ხომ პროზა და რუტინა არ გინდოდათ, თქვენ ხომ დამქანცველი ყოველდღიური შრომა არ გინდოდათ! აღიარეთ!
რაკი ეს ის შემთხვევაა, როცა მკითხველი აუცილებლად იკითხავს, მე როგორ მოვექცეოდი ამ იდეას, ორიოდე სიტყვას იმ ტკბობის შესახებაც ვიტყვი, რომელსაც თქვენმა კულტურულმა და პოეტურმა ნაკლულობამ თქვენც აგაცდინათ და – ქართული კონტექსტიც: ასეთი იდეის პატივსაცემად და ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი ფორმით მის დასაცავად ჩემი პერფორმანსის პირველი ნაწილი შეივსებოდა აღნიშნულ თემაზე (მარტივად: ბუში თუ უიტმენი?) ხელისუფლების მოხელეთა ინტერვიუირებით და მათი პოზიციის დაფიქსირებით (მე, მაგალითად, კულტურის სამინისტროს მოხელეების და მუდმივად მათგან სარგებლის მიმღებ კარის ხელოვანთა უწყინარი გამოკითხვით და მათი მიკიბულ-მოკიბული „აზროვნების“ დაფიქსირებით დავიწყებდი, არც ნიკა მემანიშვილს, გიორგი უშიკაშვილს და ყოველდღიურად გაპიარებული სიმღერების ავტორ-შემსრულებლებს თუ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გამოვტოვებდი), მეორე ნაწილი კი მათი ინტერვიუირების რთულ გზაზე მიღებული გამოცდილების აღწერას დაეთმობოდა. რა თქმა უნდა, სამი კაცისგან დაკომპლექტებული გუნდი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდა და შრომას სხვა მიმართულებებით დასახსრავდა: უიტმენის ანუ პოეზიის სასარგებლოდ ხელმოწერებს შეაგროვებდა, აქციის მომწიფებულ ეტაპზე პროკლამაციების სახით უიტმენის და გინზბერგის ლექსებს გაავრცელებდა (ორივე პოეტს გაუმართლა, მათი ლექსების შესანიშნავი ქართული თარგმანები არსებობს). შეუერთდებოდნენ თუ არა ამ აქციას თქვენი მეგობრები და დაგეხმარებოდნენ თუ არა მის გამრავალფეროვნებაში? შეუერთდებოდნენ თუ არა სტუდენტები? მათი პროფესორები? იშიმშილებდნენ თუ არა ამ იდეისთვის პოეტები სიმბოლურად თუნდაც ერთი დღით? გამართავდნენ თუ არა ისინი იდეის მხარდასაჭერ პოეტურ საღამოებს? რას იტყოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები (თუ, რა თქმა უნდა, სატელევიზიო არხები მათ ინტერვიუირებას გაბედავდნენ)? რას იტყოდნენ უცხოელი მწერლები ან მთელ საქართველოში მიმოფანტული უცხოელი ინგლისურის მასწავლებლები? რა სახე ექნებოდა შესაძლო მანიპულაციებს ხელისუფლების მხრიდან ან იქნებოდა თუ არა ასეთი მანიპულაციები საერთოდ (იქნებ, მათ თქვენზე მეტად უნდათ ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მხოლოდ ძლიერ იმპულსს უცდიან)? როგორ აიცილებდით თავიდან ცრუოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოპულიზმს? მოედებოდა ეს ტალღა საქართველოს სხვა ქალაქებს? გამოჩნდებოდა რეჟისორი, რომელიც ამ უნიკალურ მასალებზე და უნიკალურ პროცესზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა?
აი, ასეთ გამოცდილებაზე თქვით უარი, ალექს, შენ და შენმა მეგობრებმა, ასეთი გამოცდილება დაუკარგეთ თქვენს მშობლიურ კონტექსტს და მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა – პოეზიის ნაკლებობას და, ამის მიზეზით, იდეის უნებლიე ღალატს. თქვენ, ჯერჯერობით, თქვენი თავი უფრო გიყვართ, ვიდრე – პოეზია. არადა, პოეზია ხომ მხოლოდ პროზით, თავაუღებელი შრომით, მიიღწევა. მე კი ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ კარგად ვხედავ: თქვენ ამას სხვა არავინ გეტყვით.
ისე კი, მართლაც რომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი! რატომ არ ინება ღმერთმა, რომ XXI საუკუნის საქართველოში სწორედ შენ, შოთას და თქვენს თაობას, პოეზია გადაგექციათ ისეთი დიდი კულტურული მოძრაობის პლატფორმად, რომელიც თქვენს კონტექსტსაც და ჩვენს მომავალ თაობებსაც დიდხანს გაჰყვებოდა სულიერ საგზლად და ღირსების მანიფესტად? მხოლოდ იმიტომ, რომ იდეა ერთ დღეში ასე უმოწყალოდ გაანიავეთ? არ ვიცი. მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთ მომენტებში კიდევ უფრო მეტად ესმება ხაზი ღმერთის სამართლიანობას.

© netgazeti.ge

ალექსი ჩიღვინაძე - "მე შენთან ზავს ვდებ, უოლტ უიტმენ"



"I dream'd in a dream I saw a city invincible to the attacks of the

whole of the rest of the earth,"

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე. ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს.
გუშინ, 14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით.
ვიდექით ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხოების კუნძულზე" და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. "О Captain! my Captain!" გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. "О Captain! my Captain!" ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა "О Captain! my Captain!" და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. "О Captain! my Captain!" ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. "О Captain! my Captain!" ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი.
რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით.
ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით.
ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.
მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ "კაპეზეში" (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს "ციხის დაბადებას", სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში.
დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია.
წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი?





© netgazeti.ge

Monday, September 27, 2010

მალხაზ ხარბედია – ბუკინისტები ალტერნატიულ ტფილისში


ისევ ვაგრძელებ ალტერნატიულ ტფილისზე წერას. შეგახსენებთ, რომ ამ გასართობს 2 წლის წინ შევყევით რამდენიმე ვირტუალური მეგობარი. შარშან ნოემბერში კი ჩემი წილი ნაოცნებარი თავისუფლების ბლოგებზე განვავრცე. თავიდან „ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორიით“ დავიწყე, მოგვიანებით მას „ალტერნატიული ტფილისის ტექსტი“ მოჰყვა. წელს, თებერვალში კი - „რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში“ . დრომ მოიტანა და ალტერნატიული ტფილისის ციკლს კიდევ ერთი - წიგნების და ბუკინისტების - თემაც უნდა შევმატოთ, მორიგი ოცნება, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს 10-დღიან მძიმე რეალობას და სულ სხვა, შესაძლებელ ქალაქს დაგვანახებს, ნაცვლად დღევანდელი, უწიგნებოდ დარჩენილი ქალაქისა. ერთი სიტყვით, ბრძოლა „წიგნის გეტოს“ წინააღმდეგ გრძელდება, ამჯერად ოცნებითა და პარალელური სამყაროთი.


ნაბეჭდი წიგნების ისტორია ტფილისში XVII საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში შემოაღწია ჩვენს ქალაქში პირველმა წიგნებმა, მათ შორის ქართულმა წიგნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 1629 წელს დაიბეჭდა რომში. XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქში სტამბაც დაარსდა და ნაბეჭდი წიგნის პირველი ბიბლიოთეკებიც გაჩნდა.

ყველაზე მდიდრული კოლექციები, რა თქმა უნდა, მეფეებს ჰქონდათ. კარგი კოლექცია ჰქონია ვახტანგ VI-ს, ხოლო ბიძამისის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკა მთელს აზიაში იყო განთქმული და კათოლიკე მისიონერები მასთან ათენ-აღამებდნენ თურმე. ევროპელების ხათრით მეფეს თანამოქალაქეებისთვისაც მიუცია წიგნებით სარგებლობის ნება და წლების მანძილზე ტფილისის მოქალაქეებიც ხშირად სტუმრობდნენ თურმე მეფის ბიბლიოთეკას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტფილისის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა უკვე XVIII საუკუნის დასაწყიში არსებულა, ბიბლიოთეკა, რომელიც 1723 წელს, ჯერ მაჰმადყულიხანის ჯარის, ბოლოს კი ოსმალების შემოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურებულა.

XVIII საუკუნის ქართული მწიგნობრობის ისტორიის ყველა დეტალის მოსათხრობად აქ არც დრო გვაქვს და არც ადგილი. ამიტომ ათწლეულებს გადავახტები და პირდაპირ იმ დროში გავჩერდები, როცა ქალაქში პირველი წიგნით მოვაჭრენი გაჩნდნენ. ხელნაწერ წიგნებს ყოველთვის ბევრი მუშტარი ჰყავდა ტფილისში, მაგრამ ნაბეჭდი წიგნების მაღაზიები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მათი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში პირველი ქუჩის მოვაჭრეებიც გამოვიდნენ გარეთუბნის ქუჩებში, ერევნის მოედანზე, სოლოლაკში, კალოუბანში და ორბელიანთუბანში. ამგვარი კონკურენცია დიდხანს არ გაგრძელებულა: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში დადეს ძმობისა და ერთობის ხელშეკრულება ქუჩის მოვაჭრეებმა და მდიდრული მაღაზიების მფლობელებმა. ეს უკანასკნელნი ხშირად თავიანთ წიგნებს ატანდნენ ხოლმე ჩამოვლაზე წასულ გამოცდილ, მოლასავით ხმამჭექარე ვაჭრებს და ჩვენი ქალაქი წიგნის ავტორების გვარებითა და დასახელებებით ივსებოდა.
დავუშვათ, გახსნა რეზანჯიანცმა ერივანსკიზე წიგნებისა და ნოტების მაღაზია. გავიხედოთ და 2-3 თვეში მის მაღაზიას მაშინათვე ვინმე ზარიძე მიემაგრებოდა და ხან ჩამოფასებულ წიგნებს ყიდდა (რაც ძალიან იშვიათი იყო, რადგან წიგნი ფუფუნების საგანი გახლდათ), ანდა აღმა-დაღმა დადიოდა და ახალ წიგნებს სთავაზობდა სოლოლაკელ დიდებულებს. მომდევნო წლებშიაც, XIX საუკუნის 60-80-იანებშიც, არაერთი ასეთი კავშირი შედგა. მაგალითად, ტფილისში გრიქუროვის წიგნების მაღაზიაზე მეწიგნე ტახირა მუშაობდა, ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლებში განთავსებულ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიიდან კი გამთენიისას წიგნებით დატვირთული ორი თათარი გამოდიოდა ხოლმე – ერთი სასახლის ქუჩაზე ამოუხვევდა, მეორე კი ქვევით ეშვებოდა, მტკვრისკენ.
ამ ტფილისურ ტრადიციას თავის დროზე უცხოელმა წიგნით მოვაჭრეებმაც აუბეს მხარი. გაზეთ „კავკაზში“ ვკითხულობთ, რომ 1846 წელს ფრანგ პელტიეს პარიზიდან აუარება ფრანგული წიგნი ჩამოუტანია და ქალაქის მთავარ მოედანზე გაუხსნია წიგნის ფარდული, იქ, სადაც მეძეხვე ფერარი macaroni-ს, stoffato-სა და ღორის კატლეტებს ყიდდა, ქალბატონი ლაბიელი კი - ნამცხვრეულსა და შამპანურს. სულ მალე საქმე ისე აუწყვია პელტიეს, რომ ფერარი და ქ-ნი ლაბიელიც წიგნებზე გადასულან. ეგ კი არა, ლაბიელს ტფილისის გარეთაც გაუტანია წიგნები და, როგორც გრიგოლ ორბელიანის ერთი წერილიდან ვიგებთ, ზაფხულში კოჯორშიც ხშირად გაიგონებდით თურმე მისი ბიჭების შეძახილებს.
XIX საუკუნის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე წიგნები საკმარისად დაძველდა იმისთვის, რათა ტფილისში ბუკინისტური მაღაზიები და ქუჩის პირველი ბუკინისტებიც გაჩენილიყვნენ. 60-70-იანი წლების ქალაქში უკვე 10-მდე ასეთი მაღაზია იყო, ქუჩებში კი იდგნენ: ალექსანდრეს ბაღში დათიკო ლაზარევი, სასახლის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძე, ერივანსკიზე სიმონა, ხაფო და ლუკა, გოლოვინზე კი, კადეტთა კორპუსის ჩაყოლებაზე და კაზიონნი თეატრის წინ (ახლანდელ ოპერასთან) - ქალაქელი პოეტები: დოლმაზოვი, სიამაშვილი, ცაფცას ზანგი და გალუსტ შიხიანი.
1876 წელს, ქალაქის თავად მოსვლისთანავე, დიმიტრი ყიფიანი პირველი იყო, ვისაც „წიგნისუბნის“ შექმნის იდეა გაუჩნდა და ორ წელიწადში განახორციელა კიდეც ეს ოცნება. „წიგნის უბანი“ განოვსკაიაზე გაშენდა (ახლანდელი გალაკტიონის ქუჩა) და სულ მალე ქუჩის მწიგნობრები ველიამინოვის ქუჩასაც მოედნენ. იქ ძირითადად ღვინის სარდაფები იყო, სადაც კურდღელოვის მარანში, სხვათა ღვინოებს შორის, თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ჩინებული კახური ღვინოებიც იყიდებოდა, ხოლო ამ სარდაფის გვერდით მეწიგნე ფაფუკა ილიასავე წიგნებს ყიდდა, რაზეც ბევრს ხუმრობდა ხოლმე აკაკი.
XX საუკუნის დასაწყისიდან წიგნის ქუჩები გაჩნდა ვერაზე, მტკვარს გაღმა მიხეილის პროსპექტზე, ასევე დიდუბეში, ვაკეში, სადაც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდა ვარაზის ხევიდან ახლანდელ ვაკის პარკამდე. სწორედ ამ უბანში გაჩნდა 20-იან წლებში ქალაქის ყველაზე დიდი წიგნის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობისა, რომელსაც არაერთხელ ახსენებენ თავიანთ ნაწერებში ბორხესი და უმბერტო ეკო, არტურო პერეს-რევერტეს ერთ-ერთი რომანის, „კრივის მასწავლებლის“, მოქმედება კი მთლიანად ამ ქუჩაზე ვითარდება.

ომის შემდგომ პერიოდში წიგნის მოყვარულების ცხოვრება ახლიდან განვითარდა, გაჩნდა მაღაზიათა ახალი ქსელები, კონკურენციამ კი ძველი წიგნისუბნელები აიძულა, სხვა ხერხებისთვის მიემართათ. 60-იან წლებთან ერთად წიგნი და მუსიკა ძალიან დაუმეგობრდა ერთმანეთს და ტფილისური წიგნის ქუჩები ჯაზისა და როკის მოყვარულმა შფოთიანმა ახალგაზრდებმა გაავსეს.
შედარებით მოწყენილი და გაწონასწორებული 80-იანების შემდეგ დადგა პოეტი-ბუკინისტების ახალი თაობის დროც, მაშინ ყველა ყიდდა წიგნებს, ომარა, გელა, შოთა, ბადრი, უშანგი, ჯონდი და მამუკა. მათ ხშირად სხვა მწერლებიც ამოუდგებოდნენ ხოლმე გვერდით, ზოგს ჭაჭის არაყი მოჰქონდა გასათბობად, სხვას კიდევ – პორტვეინი და ჩირი. პოეტმა ომარამ 90-იანების ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ წიგნისუბანში, ორი ქუჩის კუთხეში გახსნა პატარა ფარდული, სადაც მისი ორივე ცოლი ერთად მუშაობდა, შეხმატკბილებულად. ამაზე პოეტმა იმირ მამედლიმ ლექსიც კი გამოუთქვა ომარას:
აქა გნახე მაშინ შენი
ორი ცოლის თანხლებით,
გვერდებს როგორ გიმშვენებდნენ
გამხდრები და მაღლები.
ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
ჩაგიქროლე ქარივით,
ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
შენი ორი ქალივით:
ეს რა ვქენი მუსლიმანმა,
ჩემ ქრისტიან მეგობარს
ავერიდე, - საძრახისი
სატანჯველად მეყოფა;
თუმცა ის სჯობს, გულს ჩავუქრო
სახიფათო დენთები.
აქ ჩავლისას მუდამ ორი
ცოლით გამახსენდები.
ქუჩის ბუკინისტები დღესაც ბევრნი არიან ქალაქში, წიგნის ქუჩებზე დღესაც დუღს ცხოვრება, სიღარიბესა და გაჭირვებაზე არავინ ფიქრობს, არი ერთი ჟრიამული და წიგნების ჩუქება-თხოვება-გაცვლა-გამოცვლა. აქ ხან ყავაზე დაგპატიჟებენ, ხანაც - ჭიქა ღვინოზე. აქ მხოლოდ იმიტომ დგანან, რომ ქალაქს უნდა ასე, ქალაქმა მოსთხოვა. ქალაქის გამოა, რომ ვაკის ქუჩაში ვაჭრობს ზვიად სარსალია, აღმაშენებლის გამზირზე ბადურ ბულაჩაური, პარლამენტის წინ - ბუკინისტი ბოცო, რომელიც, ძირითადად, სხვადასხვა წიგნის მოკლე შინაარსებს ყიდის, ზარმაცი მუშტარიც არასდროს აკლია და ამით გააქვს თავი. გალაკტიონის ქუჩაზე ზალმან სამადაშვილსაც აქვს გახსნილი პატარა კაფე, რომელსაც თავისი საყვარელი მწერლის საპატივცემულოდ Papa დაარქვა და სადაც ბევრი ტფილისელი მწერალი იყრის თავს, არა მხოლოდ ჰემინგუეის თაყვანისმცემლები.
თავად ზალმანი ჩუმ-ჩუმად თურმე მშვენიერ პატარა მოთხრობებსა და იგავებს წერს და ქალაქის თავობაზეც ოცნებობს, რათა კიდევ უფრო გაუადვილოს ცხოვრება წიგნიერ ხალხს.
დაველოდოთ, იქნებ ოდესმე აუხდეს კიდეც ეს სურვილი.
© radiotavisupleba.ge

ლაშა ბერაია – ბუკინისტების საკითხს მაკროეკონომიკური მნიშვნელობა აქვს


facebook.com

თავიდანვე განვმარტავ, რომ ბუკინისტების თემას მაკროეკონომიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ. წინააღმდეგი ვარ მისი რომანტიზაცია-ჰეროიზაციისა და აი, რატომ:
პირველ ყოვლისა, ეს თემა პირდაპირ უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელოების შავ ბაზარს. ორიოდე დღის წინ თანამშრომელმა ვაგზლის მოედნიდან, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ღია დახლების უმეტესობა ყოველ სექტემბერს სასკოლო წიგნებით ვაჭრობის ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცეოდა, ასეთი ამბავი მოიტანა: გაურკვეველ პირებს (დავარქვათ მათ გარემოვაჭრეები), ქალებს, ჩანთებით მოაქვთ სასკოლო სახელმძღვანელოები, დგებიან და სთავაზობენ გამვლელებს ან იმ ხალხს, რომელიც ინერციით მოდის აქ, ძველი დახლების ადგილას, სასკოლო წიგნებს, თან ყიდიან უფრო ძვირად, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. წელს სავალდებულო გახდა სახელმძღვანელოების უკანა ყდაზე ეწეროს გასაყიდი ფასი (ახლებს, წელს გრიფირებულებს აწერია). მიუხედავად ამისა, ეს გარემოვაჭრეები ატყუებენ მშობლებს, არ ეუბნებიან, რომ ფასები აწერია და 2-4 ლარით უფრო ძვირად ყიდიან. მაგალითად, ჩემი გამოცემული სახელმძღვანელო, რომელასც აწერია 10 ლარი, 12 ლარად იყიდება, 12-ლარიანი 14-ად ან მეტად. მოდის პოლიცია, დაინახავენ ეს ქალები, გაიქცევიან. მერე ისევ დგებიან და ა.შ.
არ ვათანაბრებ ამ ხალხს ბუკინისტებთან (ამათ ქვემოთ შევეხები), მაგრამ გარევაჭრობა რომ ყოველთვის პრობლემას გვიქმნიდა გამომცემლებს, განსაკუთრებით სასკოლო წიგნების გაყიდვის პერიოდში, ფაქტია. უწინ, ვარდების რევოლუციამდე, როცა პირატული სახელმძღვანელოებიც იბეჭდებოდა, გარემოვაჭრეები კონტრაფაქციული წიგნების მწარმოებელთა უშუალო მოკავშირეები იყვნენ – მათ გარეშე ამ წიგნების გასაღება თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ბაზრობებზე გარემოვაჭრეები აქტიურად და აღურიცხავად ყიდიან მეორად წიგნებსაც და პარალელურად, გასაყიდ ფასზე ძვირად – უხმარ სახელმძღვანელოებს. ფაქტიურად ისინი ცდილობენ დროის ამ მოკლე მონაკვეთში ყველაფრიდან მოგება ნახონ: გაჭირვებულებს ეუბნებიან, რად გინდა ახალი წიგნი, ძვირია, აგერ ნახმარი იყიდე იაფადო და ამ ნახმარებიდან (ეს ბუკინისტური სახელმძღვანელოებია! – აგერ, პირველად ვახსენე ბუკინისტებიც) უფრო მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ახლებიდან. მაგრამ ცდილობენ არც აქედან მოიკლონ – იმ მშობლებს, რომელთაც არ სურთ ნახმარი წიგნი უყიდონ შვილებს და ახლის შესაძენად თანხა ემეტებათ, ატყუებენ და არ ეუბნებიან, რომ წიგნებს ფასი აწერია. თუ ეძვირებათ, ეუბნებიან, ფასი თუ არ გაწყობს, სხვაგან იყიდეო. ის კიდევ, თუ არ იცის მაღაზიის ადგილმდებარეობა, სიარულს და ძებნას არჩევს აქვე იყიდოს. მოკლედ, საქმე ისე აქვთ აწყობილი, რომ მყიდველი მათგან უწიგნოდ თითქმის არ მიდის.
ვისთვის როგორ და ჩემთვის უკვე ბარე ათი წელია არ არის სულერთი, რომ ვერ ვინარჩუნებ ჩემ მიერვე დაწესებულ საცალო ფასებს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. წელს ფასები კი დავაწერეთ ახალ წიგნებს, მაგრამ: 1) საკმაოდ ბევრი მშობელი ინერციით აკითხავს ბაზრობებს და ჰგონიათ, რომ იქ წიგნები უფრო იაფად იყიდება – მრავალწლიანი განუკითხაობის შედეგი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, 2) სამწუხაროდ, არც პედაგოგები აფრთხილებენ მშობლებს ამის თაობაზე, არადა სპეციალური საინფორმაციო ფურცლები დავბეჭდეთ და დავურიგეთ, სადაც მაღაზიების ჩამონათვალიც გვაქვს მითითებული, მისამართების ჩვენებით, და საცალო ფასებიც.
სისტემა იმდენად გარყვნილია (გარემოვაჭრეების თავგასულობა თბილისსა და რეგიონული ცენტრების რკინისგზისა და ავტოსადგურები ბაზრობებზე, პედაგოგების უმეტესობის დაბალი კომპეტენცია, მშობელთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა და უყურადღებობა), რომ ბუკინისტებთან დაკავშირებული რომანტიკა აშკარად ვერ მოდის ამ ყველაფერთან შესაბამისობაში. მე ქირურგიული ჩარევისკენ ვიხრები. მიმაჩნია, ძალიან კარგია, რომ აკრძალეს გარევაჭრობა, მათ შორის წიგნებით, თუმცა ეს პროცესი სანახევროდაა მოგვარებული: იმ ადგილებში, სადაც სასკოლო წიგნებით მოვაჭრეები გადავიდნენ (ან დარჩნენ), გასაკონტროლებელია აღრიცხვიანობა და მისახედია გასაყიდი ფასის დაცვის თემა. სასკოლო სახელმძღვანელოები განსაკუთრებული პროდუქტია, გადის განათლების სამინისტროს გრიფირებას და საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც ზოგჯერ რეგულირდება ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს მოვაჭრეებისგან, არ დაარღვიონ საცალო ფასი, ოღონდ ამის პრაქტიკები განსხვავდება. ვიცი შემთხვევა, როცა საფრანგეთის განათლების მინისტრის ბრძანებით დაწესებულა ფასდაკლებების ერთნაირი პროცენტიც კი ქალაქებისა და რეგიონების მოვაჭრეებისთვის; თავისთავად იგულისხმება, რომ დადგენილი საცალო ფასი ურყევი უნდა დარჩენილიყო. სხვა საკითხია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ის, რომ ეს არ არის რიგითი პროდუქტი, ცალსახაა. საერთოდ, რეგულირების დიდი ტრფიალი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ რეგულირება მიზანშეწონილია. სახელმძვანელოები მცირე ხნის განმავლობაში იყიდება და შემთხვევითი ხალხი ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს აქედან.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბუკინისტების თემასთან? პირდაპირი კავშირი აქვს: ზოგადად ბაზრის სწორად და ლოგიკურად ორგანიზების საკითხია. ბუკინისტებსა (აქამდე რა სტატუსითაც იყვენენ!) და იმ ჩანთაგადაკიდებულ ქალებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები ქირაობენ და შავ ბიზნესს ეწევიან, აერთიანებთ ერთი რამ – არალეგალური ბიზნესის წარმოება. ამდენად, თუ ბუკინისტებს, რამდენიმე ათეული ინტელექტუალის რომანტიკის ხათრით, არალეგალურად, „ნახალოვკის პრინციპით“ დავუშვებთ ქალაქის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ვაგზლის მოედანზე, რა ლოგიკით უნდა ავუკრძალოთ სხვა არალეგალურ სუბიექტებს ამავე ტიპის საქმიანობა იმავე ვაგზლის მოედანზე? ვინ გაარჩევს, რა ტიპის წიგნით ვაჭრობენ? სწორედ ეს ხდებოდა დღემდე – უამრავ დახლზე აღურიცხავად იყიდებოდა სახელმძღვანელოები და ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით საცალო ფასს.
ამიტომ, ჩემი აზრით, ბუკინისტებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა გამოეყოთ ადგილი (არ ვამტკიცებ, რომ დედაენის ბაღი იდეალურია) და უნდა აღირიცხონ და ლეგალური საფუძველი დაედოს მათ საქმიანობას. ასეთი საერთო ადგილის გამოყოფა წყვეტს ისეთ საკითხსაც, როგორიცაა შეზღუდულ სივრცეებში ბუკინისტებისთვის სამართლიანობის პრინციპის დაუზიანებლად ადგილის გამოყოფის შეუძლებლობა. მაგალითად, ვის მიეცეს უფლება დადგეს უნივერსიტეტთან ან ყოფილი გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ? რა ტიპის ტენდერით და რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს „გამარჯვებული“ ბუკინისტი?
ასევე, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი არგუმენტები:
1. იმდენიც არაა ეს ბუკინისტი, რომ ქალაქის ქუჩებში დგომის ნებართვა მისცენ და ამის მერე ვინმეს დედაენის ბაღში ან სხვაგან გამოყოფილ ადგილას მოუნდეს დგომა; 2. როგორც აღვნიშნე, ძალიან ძნელი იქნება ტენდერის ჩატარება და იმის განსაზღვრა, ვინ უფრო იმსახურებს ამა თუ იმ ადგილას დგომას. ასევე, მუდმივი სპეციალური ზედამხედველობა დასჭირდება იმას, ვაჭრობს თუ არა ის ხალხი მხოლოდ ბუკინისტური წიგნით. 3. თუ ტენდერის ნაცვლად უბრალოდ ვითხოვთ, რომ დააბრუნონ ისინი, ვინც ადრე იდგა, ამით ფაქტიურად მხარს დავუჭერთ კორუფციის შედეგად პრივატიზებული სივრცის დაკანონებას (დავარქვათ ამას ნახალოვკის სინდრომი). ჩავთვალოთ, რომ უკანონო გადასახადების ამკრეფი კორუფციონერი ჩინოვნიკებისადმი ადრე გადახდილი ქრთამებით მოიპოვეს ეს უფლება იქ მდგომმა ბუკინისტებმა? ვინმეს გაქვთ ის ილუზია, რომ ისინი იქ "უბრალოდ" იდგენენ და წილში არავინ იყო? სხვათა შორის, იმიტომაც არიან ჩუმად, როგორც ჩანს. (ნახალოვკის მცხოვრებთ ვარდების რევოლუციის მერე მისცეს უფლება, გარკვეული საფასურის გადახდის გზით მოეხდინათ უძრავი ქონების პრივატიზება, მარამ ეს უძრავი ქონებაა, ბუკინისტების დახლების შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ დგას.).
არ ვეთანხმები ტერმინს „გეტოიზაცია“. ინტელექტუალები არ უნდა მიმართავდნენ სტიგმატიზაციას საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაგინდ კეთილშობილურად მიაჩნდეთ იგი. ეს არასახარბიელო „კულტურული“ პრაქტიკაა – ცოდნის, კერძოდ, ამ შემთხვევაში რთული და არარელევანტური პოლიტიკური ტერმინოლოგიის – გამოყენება მოვლენის ყალბი ჰეროიზების მიზნით. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, რომლებიც სწორედაც რომ გაბნეულია ქალაქში, თანაც ეს მაღაზიები ბოლო ხანებში გაიხსნა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბუკინისტური წიგნზე მოთხოვნა არის, ხოლო ამ ტიპის ვაჭრობა ლეგალური ხდება. რაც შეეხება გამოყოფილ ადგილს დღისათვის არალეგალური ბუკინისტებისთვის, მას თავისი დიდი უპირატესობები აქვს. თუ ვინმეს, მაგალითად, „ოდისეას“ ძველი გამოცემის ყიდვა უნდა, უფრო დიდი შანსია ის ერთად თავმოყრილ ბუკინისტებთან იპოვოს, ვიდრე გაბნეულებთან. შეიძლება „ოდისეა“ იქ რამდენიმესაც კი აღმოაჩნდეს და ეს ცუდი კი არაა, როგორც ზოგიერთს ჰგონია (აქაოდა, სახლიდან ვინც გამოიტანა გასაყიდად, იმ მოქალაქეს უმცირდება შანსი წარმატებით გაყიდოს წიგნი), პირიქით, „ოდისეას“ ფასსაც დაწევს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც შეძლებს შეძენას. რაც შეეხება „წარუმატებელ“ მოქალაქეს, მისი შანსი რომელიმე ერთ ცალკე მდგომ ბუკინისტთან გაყიდოს სახლიდან გამოტანილი წიგნი სწორედაც რომ მცირეა – შესაძლოა მაინცდამაინც იმ ბუკინისტთან არ გაიაროს მყიდველმა, რომელსაც ეს წიგნი სჭირდება.
გვერდს ვერ ავუვლი რუსული სპეცლიტერატურით (სავარაუდოდ, გადასახადების ნაწილობრივ მაინც თავიდან არიდებით რომ ვაჭრობენ არასამართლიანი კონკურენციის პრინციპით) და ირანიდან შემოტანილი ინგლისურენოვანი საცნობარო-სასწავლო პირატული ლიტერატურით მოვაჭრეების თემას. ამასწინათ ფეისბუქზე ერთ კომენტარს მოვკარი თვალი: პიროვნება გამარჯვებული ტონით აცხადებდა, რომ ბუკინისტებმა დაბრუნება დაიწყეს და სადღაც შეიძინა ინგლისურენოვანი ირანული წარმომავლობის სასწავლო წიგნები. ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ ადამიანის სიხარულს იმ მიზეზით, რომ: 1) აშკარად არასწორად უწოდებს ამ მოვაჭრეს ბუკინისტს, 2) არასათანადო სიხარულს გამოხატავს კონტრაფაქციული პროდუქტის შეძენის გამო.
წინა პერიოდის, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციამდე, პირატობაზე და გარევაჭრობაზე, როგორც მის უპირველეს პარტნიორზე, ბევრი გამომცემლისგან შეიტყობთ საგულისხმო ამბებს. რუსულ-ინგლისური წიგნით სტენდებზე მოვაჭრეები პირდაპირი კოლეგები არიან სახელმძღვანელოების პირატებისა და მათი კოლეგა გარემოვაჭრეებისა.
ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ირანი არ ცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი "მესტამბეები" კოპირაიტის დარღვევით დიდი ტირაჟებით ბეჭდავენ და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში ავრცელებენ ძვირადღირებულ ინგლისურ სასწავლო და საცნობარო გამოცემებს (მაგალითად, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონს), არამედ ამ პირატული პროდუქციის ექსპორტსაც ახდენდნენ სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ამ ტიპის ლიტერატურის გამყიდველთა დაცვა პროტქციონიზმს ნიშნავს ირანელი მესტამბეებისა და მათი ქართველი თანამოსაგრეების მიმართ.
ამასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ერთი კურიოზული ფაქტიც: რამდენიმე წლის წინ, ვარდების რევოლუციამდე, სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ პირატს, რომელსაც უშიშროებაში მფარველი ჰყავდა, ერთ მომენტში აღმოუჩინეს პირატულად ნაბეჭდი წიგნები და ტელევიზიამ გადაიღო. საინფორმაციო გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კაცმა თქვა: "რა გინდათ, მე კარგ საქმეს ვაკეთებ, გამომცემლები თავიანთ სახელმძღვანელოებს ძვირად ყიდიან და მე იაფად ვუბეჭდავ გაჭირვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს". ამ ყველაფრის მერე მისთვის არც ყალბი ტირაჟები წაურთმევიათ და არც დაუჯარიმებიათ, უშიშროების მფარველმა ჩაფარცხა ეს ამბავი. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ გაჭირვებულ მშობლებზე ფიქრი არ ასვენებდა?
შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს: შევარდნაძის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული პროტექციონიზმის სხვადასხვა სახეობა: ერთი ტიპის პროტექციონიზმი კონკრეტული პიროვნებებისა და კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გაკეთებას გულისხმობდა, მეორე – ზოგადად პროტექციონისტულ პოლიტიკას საქართველოს ეკონომიკაში (მაგალითად, უცხოელი მეწარმეებისთვის მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებას ქართველი მეწარმეების პროდუქციის, ანუ ადგილობრივი ბაზრის, დაცვის მიზნით – კარჩაკეტილი ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მკაფიო ნიმუში); ასევე პროტექციონიზმის ნაირსახეობა იყო „რჩეული“ ჩინოვნიკების უფლება, მფარველობა გაეწიათ შავი ბიზნესებისთვის... არა მგონია, ვინმეს გამართლებულად მიაჩნდეს, რომ პროტექციონიზმს დავუბრუნდეთ.
ეკონომიკაში მეტისმეტად გადაჯაჭვულია ერთი საკითხი მეორესთან და, როგორც აქაური პოსტების კითხვისას დარვწმუნდი (სხვადასხვა ადგილას), ბევრ ადამიანს, მათ შორის ინტელექტუალებს, ეკონომიკისა და სამართლის საკითხებში გამოუცდელობისა და გაუთვითვნობიერებლობის გამო, ზოგჯერ კი საკუთარ ინტერესსზე ზედმეტად კონცენტრირების თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ნიადაგზე, არ უნდა ან ვერ ახერხებს საკითხის მაკროეკონომიკური მნიშვნელობის დანახვას. ღარიბი ქვეყნის არგუმენტს მე არ ვეთანხმები. თუ საზოგადოებრივი სივრცე მკაფიო სახელმწიფოებრივი პრინციპებით არ მოწესრიგდა, კიდევ დიდხანს დავრჩებით ღარიბ ქვეყნად. არც კლასიკის ან სხვა ტიპის ლიტერატურის სიმწირეა ამ შემთხვევაში დამაჯერებელი არგუმენტი არალეგალური ვაჭრობის შესანარჩუნებლად: თუ დასავლური, მოწესრიგებული საჯარო სივრცე გვინდა, არ უნდა დავუშვათ ულოგიკო გამონაკლისები, რომლებსაც ჯაჭვურად მოჰყვება ახალ-ახალი პრობლემები. რაც შეეხება წიგნის ბაზრის მეტნაკლებ სიმდიდრესა და კლასიკის ხელმისაწვდომობას, ამის მისაღწევად წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს.
სახელმწიფოსგან ვითხოვ მიხდეოს წიგნიერების ამაღლებას, რადგან 2005 წლის კვლევით, ამ მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში და ეს მძიმე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. ამის მოსაგვარებლად წიგნიერების (წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის) დასავლური ტიპის პროექტი (ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტს კითხულობენ) და გააზრებული საბიბილიოთეკო პოლიტიკა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არავითარ შემთხვევაში – პირდაპირი ფინანსური დახმარება გამომცემლებისთვის: გამოცემების ტირაჟები და გამომცემელთა შემოსავალი, შესაბამისად კი ბაზარზე არსებულ გამოცემათა მრავალფეროვნება, წიგნის მაღზიათა რაოდენობა და, ზოგადად, წიგნისადმი ინტერესი და მისი ხელმისაწვდომობა წიგნიერების ამაღლების პროპორციულად გაიზრდება.

Thursday, September 23, 2010

ზაალ ანდრონიკაშვილი - დავაბრუნოთ ბუკინისტები!


"არილის" ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში გამომცემელ ბაკურ სულაკაურს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს წიგნებით გარევაჭრობის აკრძალვის სასარგებლოდ. http://arili2.blogspot.com/2010/09/blog-post_624.html (ფეისბუქის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამ იდეას მხარს ისეთი ხალხი უჭერს, რომელიც, როგორც, წესი, ხელისუფლების ნებისმიერ, უაზრო თუ აზრიან ინიციატივას უკრიტიკოდ იზიარებს ხოლმე, თუმცა ბაკურს ამ კატეგორიას არ მივაკუთვნებ). ბაკურს იამში ვეთანხმები, რომ საკითხი "ეგზალტაციის" და "ზედმეტი ემოციების" გარეშე უნდა განვიხილოთ.
ბაკური, ისევე როგორც წიგნებით გარე ვაჭრობით აკრძალვის სხვა მომხრეები, თავის-თავად წიგნებით ქუჩაში ვაჭრობას არ ეწინააღმდეგება. ასე რომ პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ქუჩაში საერთოდ, არამედ იმაში, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ცენტრალურ ქუჩებზე. მოდით ვიკითხოთ, თუ წიგნებით ვაჭრობა ერთ კონკრეტულ ადგილას, მაგ. დედა-ენის ბაღში შეიძლება, მაშინ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წიგნების გაყიდვა მაგ. რუსთაველის გამზირზე? ეს შეკითხვა ბაკურისარგუმენტებს იმთავითვე საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდები, ყოველ მათგანს ვუპასუხო. ბაკურის არგუმენტები ოთხგვარია: "სამართლებრივი", "ვინაობითი", "განვითარებითი" და "ესთეტიკური". (ეს დანაწილება ნაწილობრივ ემთხვევა ბაკურის მიერ შემოთავაზებულს).


1.დავიწყოთ სამართლებრივი არგუმენტებიდან. როგორც უკვე ვთქვი, წიგნებით გარე ვაჭრობის საკითხი სამართლებრივ ჭრილში საერთოდ არ დგას, რადგანაც თავისთავად ვაჭრობა კი არ აკრძალულა, არამედ აიკრძალა ვაჭრობა ცენტრალურ ქუჩებზე, უფრო სწორად, ვაჭრობა დაშვებულია ერთ რეზერვაციაში. ბაკური წერს: "შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მათ შორის, ამ მოვაჭრეთა კლიენტებმაც, რომ სინამდვილეში ქუჩებში მოვაჭრეთა მოზრდილი ნაწილი დაქირავებული პერსონალი იყო." - ეს ცოტა უცნაური არგუმენტია, იმიტომ რომ "ბუკინისტი" არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინც და მაინც თვითონ უნდა იდგეს და წიგნებს ყიდდეს, შეიძლება "ზეპირი შეთანხმების" საფუძველზე სხვაც დაასაქმოს. არ ვიცი, გაფორმებულები არიან თუ არა ქუჩის ბუკინისტები ინდივიდუალურ მეწარმეებად და იხდიან თუ არა გადასახადს. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იხდიან, არა მგონია, ქართულ ეკონომიკას სერიოზულად აზარალებდნენ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს "არალეგალური მუშაობის" ტოლერანტობის ზღვარი და ისეთი შემთხვევები, როდესაც "ნულოვანი ტოლერანტობა" უფრო მეტს აფუჭებს ვიდრე აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქუჩაში მოვაჭრეთა სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლება მათი რეზერვაციაში გაშვების გარეშეც.
ბაკურის შეკითხვა სწორედ იმაში მდგომარეობს, როგორ უნდა მოვაქციოთ წიგნებით გარე ვაჭრობა სამართლებრივ ჩარჩოებში. მისი შეკითხვები ასეთია: "ვისთვის უნდა იქნას დაშვებული ეს უფლება, ნებისმიერი მსურველისათვის თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც უფლების გამცემი პირადად იცნობს როგორც ყოფილ მოვაჭრეს? თუ ნებისმიერ მსურველს უნდა მიეცეს ქალაქის ნებისმიერ ადგილას წიგნით გარევაჭრობის უფლება, მერე საკითხი ასე დადგება: მაქვს თუ არა უფლება პირადად მე, ცენტრალურ გამზირებზე, ნებისმიერ ადგილას განვათავსო წიგნების სტენდები და დავაყენო იქ დაქირავებული თანამშრომლები? როგორ უნდა მოგვარდეს ორ გარემოვაჭრეს შორის ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა?"
ამ შეკითხვების უმეტესობა პრობლემის ხელოვნურად გართულებას ემსახურება: მაგალითად "ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან" დაკავშირებით პრობლემები ამ გარე მოვაჭრეებს აქამდე თუ არ შექმნიათ, დღეს რატომ შეექმნებათ? არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ წიგნით მოვაჭრეებს მაინც და მაინც დედა-ენის ბაღში თუ არ გადავასახლებთ, უცებ მთელი თბილისი გამოლაგდება და წიგნების ქუჩაში გაყიდვას დაიწყებს. არა მგონია, გარე მოვაჭრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გადააჭარბოს ამჟამინდელს. მთავარი შეკითხვა, რომელიც ბაკურს უჩნდება, ის არის,აქვს თუ არა მასაც უფლება, თავისი გამოცემული წიგნები ქუჩაში გაყიდოს. (იმათთვის თუ შეიძლება, მე რაღა დავაშავეო). შეკითხვა (ისევე როგორც სურვილი) ლეგიტიმურია, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხიც არ უნდა იყოს რთული: შესაძლებელია დაიშვას ბუკინისტური ლიტერატურის გაყიდვა. მოდით განვმარტოთ, რა არის ბუკინისტური ლიტერატურა? ა) ბუკინისტურია ნებისმიერი ნახმარი ან ძველი წიგნი ბ) არსებობს ცნება "თანამედროვე ბუკინისტური ლიტერატურა", რომელიც გულისხმობს ფასდაკლებულ წიგნებს, ანუ ისეთ წიგნებს, რომელიც მის სამაღაზიო ფასთან შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება. ზედმეტი რეგულირება აქაც არ უნდა იყოს საჭირო. თეორიულად, რა თქმა უდა, დასაშვებია, რომ რომელიმე გარე მოვაჭრე მაღაზიის ფასად ყიდდეს წიგნებს, მაგრამ მისთვის ასეთი რამ არამომგებიანია. ასეთ მოვაჭრეს აკითხავენ ან ისეთი წიგნის საყიდლად, რომელსაც მაღაზიაში ვერ იყიდი, ან ისეთისას, რომლეიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე მაღაზიაში. ეს საკითხი კი ბაკურის მეორე, ვინაობით არგუმენტთან მიგვიყვანს, რომელიც, პირველის არ იყოს, ასევე თიხის ფეხებზეა შემომდგარი.

2.არიან თუ არა ისინი ბუკინისტები? კითხულობს ბაკური და ასეთ პასუხს გვაძლევს: "სტენდების უმრავლესობა ვაჭრობდა არა ბუკინისტური წიგნებით, არამედ, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურით, თუმცა ბევრ მათგანთან შეხვდებოდით ცნობილი ბრიტანული ლექსიკონებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ირანში დაბეჭდილ, მეკობრულად დასტამბულ, იაფ ვერსიებს." -
ჯერ ერთი, უცნაურია ბუკინისტური წიგნებისა და რუსულენოვანი ლიტერატურის დაპირისპირება. თითქოს შეუძლებელია, რუსულენოვანი წიგნი ბუკინისტური იყოს. თუ "რუსულენოვან ლიტერატურაში" ბაკური ახალ გამოცემებს გულისხმობს, "პრობლემის" არსი მაინც გაუგებარი რჩება: რუსულენოვან ლიტერატურაზე მოთხოვნილება, მიუხედავად "ლინგვისტური რევოლუციისა", დღემდე არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ამ მოთხოვნილებას წიგნის მაღაზიები ვერ აკმაყოფილებენ. ბუკინისტები კი მშვენივრად ავსებენ საბაზრო ნიშას. რაც შეეხება მეკობრულად დასტამბულ წიგნებს (მაგ. დევიდ მარშალ ლენგის მეკობრეულ გამოცემებს) თბილისის წიგნის მაღაზიებშიც ისევე შეიძენთ (მათ შორის ბაკურის სანტა-ესპერანსაში), როგორც ქუჩაში.

3. "როგორც ბუკინისტებისათვის, ისე ბუკინისტური წიგნების კლიენტებისთვის მერიის წინადადება, რომ გამოიყოს ერთი დიდი ადგილი (უკვე გამოყოფილია, კარგა ხანია) ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრეთათვის, იდეალურია. თუ ადამიანს სურს კონკრეტულად რომელიმე ბუკინისტური წიგნის შეძენა, მას აღარ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში წანწალი ალიკასთან, ვაგანასთან და როინთან, რადგან ეს უკანასკნელნი ერთ ადგილას იქნებიან თავმოყრილნი. დაიზოგება უამრავი დრო და ენერგია." - წერს ბაკური.
დიდი მადლობა ბაკურს, რომ მკითხველების დროსა და ენერგიაზე ზრუნავს, მაგრამ მკითხველის და არა გამომცემლის და წიგნების მაღაზიის მფლობელის პერსპექტივიდან საკითხი ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება. არის შემთხვევა, როდესაც იცი, რა წიგნი გჭირდება. ამ შემთხვევაში, არა თუ ბუკინისტური, არამედ ახალგამოცემული წიგნების ყიდვის სურვილი თუ გაგიჩნდა, "წანწალისგან" დაზღვეული არ ხარ. ასე, მაგალითად, კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" რომ მეყიდა, ხუთი თუ ექვსი წიგნის მაღაზიაში მომიწია შესვლა (დავიწყე ფალიაშვილის ქუჩაზე და დავამთავრე "პეპელათი" ფილარმონიასთან). ბაკურის ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ "დროის და ენერგიის" დაზოგვის მიზნით წიგნების მაღაზიებიც სადმე ერთ ადგილას უნდა მოვაქციოთ. არგუმენტი, თვითონაც მიხვდებით, აბსურდულია. ბუკინისტური წიგნების მყიდველისთვის წიგნების მაღაზიებში ან ბუკინისტების სტენდებთან "წანწალი" (ვერიდან თავისუფლების მოედნამდე ანდა აღმაშენებლის გამზირზე) "დროის და ენერგიის" უაზრო ხარჯვა კი არ არა, დროის სასიამოვნო გატარებაა.
"მოვაჭრე ხელოვნურად ზღუდავს არჩევანს და მას ფარგლავს მხოლოდ საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნებით, რაც ძალიან ცუდია მომხმარებლისთვის (ზოგმა არც კი იცის, რომ სხვა ქართული წიგნებიც არსებობს ამქვეყნად, გარდა ალიკას, ვაგანას და როინის მიერ "შერჩეული" ქართული გამოცემებისა)." - ვერ გეტყვით, რა გამოკვლევას ეფუძნება ბაკურის არგუმენტი, თითქოს "ზოგი" ქართულ გამოცემებზე არტურას შერჩეული ლიტერატურით მსჯელობდეს. ბაკურის არგუმენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ წიგნებით გარემოვაჭრე წიგნის მაღაზიის კონკურენტი ვერც არის და ვერც იქნება. ის ავსებს ნიშას, რომელსაც ვერ ავსებენ წიგნის მაღაზიები. "მომხმარებელმა" ყველაფერი შესანიშნავად იცის და ქუჩაში მოვაჭრესთან მაშინ მიდის, როდესაც ან ისეთი წიგნი უნდა, რომელიც წიგნის მაღაზიაში ან არ იყიდება, ან უფრო ძვირია, ვიდრე გარე მოვაჭრესთან.
უნდა დავეთანხმო ბაკურს იმაში, რომ "ბუკინისტურ წიგნებზე მოთხოვნა არის" და "ეს მოთხოვნა დღითიდღე იზრდება". ბაკური ფიქრობს, რომ ეს ადამიანები თავიანთ ორ ნიშას იოლად იპოვნიან ორგვარდ: ან გადავლენ დედა-ენის პარკში ან პატარა ბუკინისტურ მაღაზიებს გახსნიან. ეს კი გამოიწვევს ბუკინისტური წიგნების მაღაზიების რაოდენობის გაზრდას. არ ვიცი, რას ეფუძნება ბაკურის ვარაუდი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუკინისტური მაღაზეიების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში შემცირდა. ვისაც უსაუბრია ბუკინისტური მაღაზიების მფლობელებთან (მაგ. ჭავჭავაძის გამზირზე იყო შესანიშნავი მაღაზია), ეცოდინება, რომ მათ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ: ქალაქის ცენტრში ფართი ძვირია. ამიტომაც დაიხურა რამდენიმე ბუკინისტური მაღაზია (ბოლოს, მაგ. გაქრა ბუკინისტური მაღაზია ზემელზე). ბუკინისტისათვის ქალაქის ცენტრიდან წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წიგნის (განსაკუთრებით კი ბუკინისტური წიგნის) მყიდველი ქალაქის ცენტრში ან ცხოვრობს ან მუშაობს. ამიტომ ტენდენცია ბაკურის მიერ აღწერილის საპირისპირო იქნება: ბუკინისტური მაღაზიები დაიხურება და ვაჭრობა გადაინაცვლებს ქუჩაში. ამიტომაც, ვისაც უნდა, რომ თბილისში ბუკინისტური წიგნები არ გაქრეს, არა მგონია, მათი ცენტრიდან მოშორებით უნდა იწყებდეს.

4. ახლა კი ესთეტიკურ პრობლემასაც შევეხოთ: "რა თქმა უნდა, წიგნი ქალაქის იერსახეს ვერ დაააუშნოვებს, მაგრამ ჭუჭყიან ცელოფანში შეფუთული წიგნები, რომლებიც განთავსებულია დაუმუშავებელი ფიცრებისა და ფანერებისაგან კუსტარულად შეკრულ, ჟანგიანი ლურსმნებით შეჭედილ სტენდებზე, არაა მაინცადამაინც ლამაზი სანახავი." - რა არის უფრო ლამაზი სანახავი, ამაზე დავა დიდხანს შეიძლება. მე მაგ. "ფედერაციის" მიერ გამოცემული "შაჰ-ნამეს ქართული თარგმანები", ანდა "აკადემიის" შესანიშნავი გამოცემები, თუნდაც ჭუჭყიან ცელოფანში გახვეული, მირჩევნია ბევრ თანამედროვე გამოცემას. ბაკური გვეუბნება, რომ წიგნებით ცენტრალურ ქუჩებზე ვაჭრობა ჩვენი, ლოკალური ტრადიციაა და არსად სხვაგან ასე არ იქცევიან. "ევროპის ქალაქებში ცენტრალურ გამზირებზე არასოდეს თვალიც არ მომიკრავს წიგნებით გარევაჭრობისთვის." - გვეუბნება ბაკური. "თვალი არ მომიკრავს" და "არ არსებობს" ორი სხვადასხვა რამაა. მაგ. ბაკურმა ბერლინში, ფრიდრიხშტრასეზე რომ გაისეირნოს (ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია), ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ, შუა ქუჩაში აუცილებლად შეამჩნევს ათიოდე წიგნებით სავსე ფანერისაგან სახელდახელოდ შეკოწიწებულ მაგიდას. (ასეა, ბუკინისტები "სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში" კი არ ვაჭრობენ, არამედ იქ, სადაც წიგნის მოყვარულს და მყიდველს, მაგალითად სტუდენტს, ელოდებიან). არ ვიცი სინგაპურში როგორაა, მაგრამ ევროპის ყველა დედაქალაქში ასეა.
"ამ ღონისძიების შედეგად (გარევაჭრობის გადატანა დედაენის პარკში), წიგნი არ გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი, მკითხველები არ დაზარალდებიან და საბოლოოდ წიგნის ბაზარიც გაცილებით სწრაფად განვითარდება." - ასკვნის ბაკური, თუმცა მისი დასკვნა არანაირად არ გამომდინარეობს მისი არგუმენტებიდან, პრიქით, მსჯელობა გამოდინარეობს დასკვნიდან. წიგნის მოყვარული იმით დაზარალდება, რომ სპეციალურ ადგილას მისასვლელად სპეციალური დროის გამონახვა დაჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუკინისტებთან უფრო იშვიათად მივა. არ ვიცი, რამდენად გამოიწვევს ეს ბაზრის სწრაფად განვითარებას, უბრალოდ, შესაძლებელია, ბუკინისტური ბაზრის დაკნინების ხარჯზე ახალი გამოცემების გაყიდვა გაიზარდოს (ისიც არც თუ მნიშვნელოვნად).
ბუკინისტების პრობლემა საერთოდ არ არსებულა, ის ხელოვნურად გამოიგონეს. ბუკინისტები არც ქუჩაში მოძრაობას უშლიდნენ ხელს, არც ეკონომიკას აზარალებდნენ. თუკი ვინმე შემთხვევით ქუჩაში გამოსულ ჩინოვნიკს შეიძლებოდა წარმოდგენა შექმნოდა, რომ ბუკინისტები ტროტუარზე მოძრაობას აფერხებენ, ჯობდა ყურადღება მიექცია ტროტუარზე სრულიად უკანონოდ გაჩერებული მანქანებისათვის. მაგრამ ეს ხომ ნამდვილი პრობლემაა, გამოგონილ პრობლემასთან ბრძოლა კი ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნამდვილთან.

© andronikashvili.blogspot.com

Wednesday, September 22, 2010

გიგა ზედანია – პასუხი ბაკურ სულაკაურის წერილზე ”დავაბრუნოთ ბუკინისტები?”


საკითხის სამართლებრივი მხარე

ბაკურ სულაკაური ბევრს წერს იმაზე, თუ რამხელა სამართლებრივი პრობლემები მოყვება წიგნებით გარე ვაჭრობას. მაშინ მეც დავდგამ სტენდს და ვინ ამიკრძალავსო. მაგრამ ამდენი წელია წიგნები ქუჩაში იყიდება და განსაკუთრებული ლეგალური დილემები არ შემინიშნავს. არ ყოფილა წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა აკრძალული, მაგრამ თავად ბაკურს სტენდები არ დაუდგამს. რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც ახლა მიასკდება სტენდებიანი ხალხი თბილისის ქუჩებს? ვითომ პომიდვრის გამყიდველები ახლა წიგნებით ვაჭრობაზე გადავლენ?

არიან თუ არა ისინი ბუკინსტები?

ვეთანხმები ბაკურს იმაში, რომ ამ საკითხისადმი მიძღვნილ ზოგიერთ წერილში მოხდა წიგნის გამყიდველების ჰეროიზაცია და სენტიმენტალიზაცია. პირადად მე, უნდა გამოვტყდე, მაინტერესებს პროდუქტი, რომლებსაც ისინი მთავაზობდნენ.
ეს პროდუქტი იყო უნიკალური. და აი, რატომ: დღეს წიგნის მაღაზიაში შეუძლებელია ქართულ ენაზე იყიდო მელვილის ”მობი დიკი”, კამიუს ”უცხო”, კაფკას ”პროცესი”, ჯოისის ”ულისე”, პლატონის ”ნადიმი”, ჰომეროსის ”ოდისეა”, ტოლსტოის ”ანა კარენინა” და ა. შ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს გამოცემული წიგნებით რომ დავკმაყოფილდეთ, ”ლექტორული” შიმშლით მოვკვდებით. გამოდის კარგი წიგნებიც, გამოდის მეშვიდეხარისხოვანი წიგნებიც (მაგალითად, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა, რომელსაც მგონი თავად საფრანგეთშიც არ იცნობენ). მაგრამ არ გვაქვს ყველაზე საბაზისო რაღაცეები. ბაკური დავით პაიჭაძის გადაცემაში სვამდა კითხვას - ერთი ნორმალური ქალაქი მითხარით, სადაც წიგნები მთავარ გამზირზე იყოს გამოტანილიო. მაგრამ აბა ბაკურმა ერთი ნორმალური ქვეყანა დამისახელოს, რომელშიც ის წიგნები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, გაყიდვაში არ იყოს და მკითხველს ოცდაათი წლის წინანდელი გამოცემების ძებნა უხდებოდეს. შედით ამაზონის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ საიტებზე, ანაც ოზონ.რუ-ზე და შეადარეთ. მე ხომ რაღაც სპეციფიკური ლიტერატურა არ ჩამომითვლია. მე ჩამოვთავლე წიგნები, რომელთა წაკითხვის გარეშეც ადამიანი გაუნათლებლად ითვლება. დაამატეთ ზემოთჩამოთვლილებს გალაქტიონის მოზრდილი კრებული, ვაჟას მრავალტომეული, ივანე ჯავახიშვილის ”ქართველი ერის ისტორია”, პროკლეს პეტრიწისეული თარგმანი - წიგნები, რომელთა გარეშეც ქართული კულტურა არ არსებობს. დღეს საქართველოში არაა წიგნების მაღაზია, სადაც ამ წიგნებს შევიძენდი.
კი, ბატონო - ამ წიგნებს შეიძლება ახალი წიგნებიც შეერიოს და შეიძლება რუსეთიდაც ჩამოტანილიც. მაგრამ რა ჯობია? რაღაც წიგნები ერთმანეთს შეერიოს თუ ის, რომ თბილისში სულ ორი ადგილი იქნება, სადაც მსოფლიო და ნაციონალურ კლასიკას შეიძლება გადააწყდე?

მაღაზიები და სტენდები

მთავარი პრობლემა აქაც სულ სხვაა - არა ის, რომ სტენდები აფერხებს დისტრიბუციას, არამედ ის, რომ სადისტრიბუციო ბევრი არაფერია. მე ვიცი, რომ ბაკური მეტყვის, დღეს მეტი წიგნი გამოდის, ვიდრე საბჭოთა კავშირშიო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი - დღეს ბევრი ის წიგნი არ გამოდის, რომელთა წაკითხვაც აუცილებელია. ”ჰარი პოტერით” შეიძლება ბავშვს კითხვა შეუყვარდეს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ის როულინგზე გაჩერდება და ჰემინგუეიზე არ გადავა. ჰოდა, მაინტერესებს, სად ვიყიდოთ ”დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა”? დღეს თბილისში ერთადერთი კარგი ბუკინისტური მაღაზიაა (აღმაშენებელზე). ყველაფერი დანარჩენი იმდენად მცირემასშტაბიანია, რომ სათვალავში ჩასაგდები არაა. დედაენის ბაღში გადატანით შეიქმნება მეორე ასეთი წერტილი. ძალიან კარგი, რომ შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ სულ ესაა? თბილისში ორად-ორი ადგილი უნდა იყოს, სადაც შეიძლება ლიტერატურის ყიდვა?

ესთეტიკური საკითხები

დიახ, არაა სასიამოვნო ცელოფანგადაფარებული წიგნების ყურება. მაგრამ სანამ არ იქნება თბილისში კარგი წიგნის მაღაზიები, რაც არის, ეს არის. არც ისაა სასიამოვნო, ჩემს ქუჩაზე მათხოვარი სანაგვე ყუთში რომ იქექება, მაგრამ ვერ ავუკრძალავთ - დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამდა, რომ არ სჭირდებოდეს.
არგუმენტი, რომ თურმე ახლა უკვე სუპერმარკეტებშიც იყიდება წიგნები, ცოტა არ იყოს, არასერიოზული მგონია - ჩემს ქუჩაზე დიდ სუპერმარკეტში სულ 12 დასახელების წიგნია, ძირითადად საბავშვო. ეს ვის რაში ეყოფა?
თბილისში ბევრი წიგნის მაღაზიააო? ბევრი არ ვიცი და რა იყიდება ამ მაღაზიებში? თავად ბაკურის წიგნის მაღაზიიდან ხშირად ისე გამოვსულვარ, რომ ერთი წიგნიც კი ვერ მიყიდია, მაშინ როდესაც თსუ-ს წინ მდებარე მიწისქვეშა გასასვლელიდან წიგნებით სავსე პარკებს ძლივს მოვათრევდი ხოლმე. ლაპარაკი არაა მხოლოდ ფასებზე, რომლებიც სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან (სელინჯერის ახალი თარგმანი, თუ არ ვცდები, 8 ლარი ღირს, სელინჯერის ძველი თარგმანი 1 ლარადაც მინახავს). ლაპარაკია იმაზე, რომ ახალგამოცემულ წიგნებს შორის ხშირად ვერ ვპოულობ ვერაფერ საინტერესოს. ეს არაა ბაკურის, როგორც მაღაზიის მფლობელის, ბრალი. ეს ”ბაკურის”, როგორც გამომცემლის, ”ბრალია”. მაგრამ ბაკურიც ვერაფერს იზამს, თუ ბაზარი არ იქნა. მივანდოთ წიგნები ბაზარს? მაშინ რატომ ვაფინანსებთ ოპერას? ბალეტს? თეატრს? კინოს? სპორტს? მეცნიერებას? მაშინ ესენიც ბაზარს მივანდოთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. და ასე ორასი წლის შემდეგ თანამედროვე კულტურაც გვექნება.
და აქ მივედით ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: პირადად მე ერთადერთ შემთხვევაში მივიჩნევ მისაღებად ქუჩიდან სტენდების აღებას. თუ სახელმწიფო შექმნის პროგრამას, რომლითაც დააფინანსებს მსოფლიო და ნაციონალური კლასიკის გამოცემას და თარგმნას. თუ მე მეცოდინება, რომ ზემოთჩამოთვლილ წიგნებს უპრობლემოდ ვნახავ მაღაზიებში, მაშინ სტენდები აღარ მაინტერესებს.
თუ ”ნორმალურ” ქვეყნებზე გვაქვს სწორება, ყველა ასეთ ქვეყანას აქვს წიგნების მხარდაჭერის პროგრამა. მართალია, მათ კლასიკის თარგმანების მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ, მაგრამ რას არ იზამს ადამიანი ქვეყანაში, სადაც გოეთე (”ფაუსტის” მეორე ნაწილი) და პრუსტი არაა თარგმნილი და სადაც შექსპირი და რაბლე არ გამოიცემა.
ხოლო თუ სახელმწიფო ამ ტვირთს ვერ ზიდავს, მაშინ მოგვეცით საშუალება, ისევ ისე ვიყიდოთ წიგნები, როგორც ღარიბი ქვეყნის ადამიანებს შეეფერება.

წიგნით ვაჭრობა


Toresa Mossy

გარკვეული, თუმცა არასაკმარისი აჟიოტაჟი გამოიწვია თბილისის მერიის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ წიგნით მოვაჭრეთა შესახებ. ამაზე ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა დისკუსია გაიმართა როგორც საერთოდ ხდება ხოლმე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მე თვალ-ყურს ვადევნებდი პროცესებს და მხოლოდ მას შემდეგ რაც გარკვეული სურათი გამოიკვეთა თავს უფლებას ვაძლევ ეს მოვლენა შევაფასო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც საკუთარი სუბიექტური პოზიცია გააჩნია, პოზიცია რომელიც რაიმე წინასწარი განწყობით კი არა, საკითხის მინიმუმ რამდენიმე კუთხიდან დანახვის შემდეგ ჩამოყალიბდა. მოკლედ მიმოვიხილავ გადაწყვეტილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავალ საკუთარი სუბიექტური აზრის აღწერაზე. ერთი მხარე, რომელიც მოითხოვს რომ დაბრუნდნენ ქუჩის ბუკინისტები ძველ ადგილებზე, თავის ძირითად არგუმენტებად ასახელებს შემდეგს: 1. წიგნები რეალურად არათუ არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, არამედ გარკვეულ აურას, თავისებურ კოლორიტს ქმნის ქალაქში. 2. ამ წიგნების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამ საქმიანობით ირჩენენ; 3. იქ ძალიან იაფად შეიძლება იყიდო წიგნი, რომელსაც წიგნის მაღაზიაში ვერ შეხვდები; 4. მოსახერხებელია წიგნი გზად შეამჩნიო თუნდაც არ გქონდეს დაგეგმილი მოცემულ მომენტში ასეთი შენაძენის გაკეთება. 5. წიგნები ქუჩაში ქმნის გარემოს, რომელმაც შეიძლება ისეთ ადამიანსაც დააწყებინოს წიგნის კითხვა, რომელიც მაინც და მაინც არაა გატაცებული ზოგადად კითხვით. ანუ ძირითადად ეს არგუმენტები ემყარება რომანტიულ და იდეალისტურ საფუძვლებს და არა პრაგმატულ მოსაზრებებს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ პრაგმატული თვალსაზრისითაც შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გადავალ. მეორე მხარე, ძირითადად გამომცემლები და წიგნის მაღაზიების მფლობელები თავიანთ არგუმენტებს აყრდნობენ წმინდად პრაგმატული ხასიათის არგუმენტებს. ესენია: 1. გარემოვაჭრეები არ ყიდიდნენ მხოლოდ ბუკინისტურ წიგნებს და რეალურად ბუკინისტური წიგნები გასაყიდად გამოფენილი პროდუქტის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენდა; 2. მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდნენ წიგნის მაღაზიებს, რადგან არსებობს ზოგადი სტერეოტიპი რომ წიგნი უფრო იაფი ღირს გარეთ, ვიდრე მაღაზიაში; 3. ამ სფეროს ანუ წიგნით ვაჭრობის მოუწესრიგებლობის გამო, წიგნის ბაზარი უფრო რთულად ვითარდებოდა ვიდრე მოწესრიგების შემთხვევაში; 4. დიახაც, ეს წიგნები გარკვეულ წილად ამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს. ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც არც ერთი მხარე არ უთმობდა ერთმანეთს და რომელიც პირადად ჩემი აზრით აბსოლუტურად უმნიშვნელოა, ესაა დიდი ცნობილი ქალაქების მსოფლიო პრაქტიკა. ორივე მხარე ასახელებდა სხვადასხვა ევროპულ ქალაქებს, სადაც ზოგან წიგნით გარევაჭრობა ერთ ადგილასაა ლოკალიზებული, ზოგან კი პირიქით მთელს ქალაქშია განფენილი. თუმცა ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ყველგან მთელს მსოფლიოში ამ საკითხის მიმართ ხედვა ერთი და სტანდარტული არაა, იმას მოწმობს, რომ საზოგადოებამ, უფრო მეტიც, კონკრეტულმა ქალაქმა თავად უნდა განსაზღვროს თუ მისი განვითარებისთვის რა ჯობს - იყოს წიგნით ვაჭრობა ერთ ადგილას ლოკალიზებული, თუ განფენილი მთელ ქალაქში. ამიტომ ეს არგუმენტი კი არა საკითხია, რომელიც ქალაქების მექანიკური ჩამოთვლით არაფერს მოგვცემს თუ არ განვიხილეთ, არ შევაფასეთ და არ გადავწყვიტეთ რა არის ჩვენთვის უკეთესი.
პირველ რიგში უნდა ითქვას რომ სახელმწიფოს აქვს უფლება და უფრო მეტიც, ვალდებულება მოაწესრიგოს, ანუ დაადგინოს გარკვეული წესები ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის და ნებისმიერი ტიპის პროდუქტისთვის, მაგრამ მხოლოდ წესები. მისი უფლებაც და ვალდებულებაც აქ მთავრდება. ამდენად მოწესრიგების მცდელობა ლეგიტიმური ინტერესია, მაგრამ ლეგიტიმურია თუ არა ის გზა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს ბაზრის ამ სეგმენტის მოწესრიგებას? პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებამ გვიჩვენა ის, რომ ქალაქის მთავრობა არაა საკმარისად გამჭვირვალე და საკითხებს წყვეტს უფრო მეტად ერთპიროვნულად, ვიდრე განხილვისა და დისკუსიის გზით, თორემ რა შეუშლიდა ხელს გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მიეღოთ ორივე მხარისგან, მით უმეტეს რომ ორივე მხარეს დგანან ცნობილი და წიგნის ბაზრის საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებული ადამიანები? მით უმეტეს, რომ პოზიციების შეჯერება ამ შემთხვევაში რთული ნამდვილად არ იქნებოდა, თუკი ორივე მხარეს ვინმე გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვებით მოუსმენდა. მეორეს მხრივ არც წიგნის მაღაზიების მეპატრონეებს, გამომცემლებს, მწერლებსა და პოეტებს გაუჭირდებოდათ კონსენსუსის მიღწევა და პოზიციების შეჯერება, რადგან ისინი ხომ ისედაც ყოველდღიურად ამას აკეთებენ.

ახლავე შეგიჯერებთ ამ პოზიციას. თუ კი საკითხს გადავწყვეტდით ისე, რომ ბუკინისტებს დავავალდებულებდით, რომ ახალი წიგნები ანუ არაბუკინისტური წიგნები მიეღოთ მაღაზიიდან, ხოლო მაღაზია დათანხმდებოდა, რომ მათთვის გაყიდვის სანაცვლოდ წიგნის ფასში ჩაედო მცირედი მარჟა, ორივე მხარე დარჩებოდა კმაყოფილი. ეს გამოათანაბრებდა ქუჩაში გამოფენილი წიგნებისა და მაღაზიების ფასებს და აღმოფხვრიდა კონკურენციას მაღაზიებსა და გარემოვაჭრეებს შორის. შესაბამისად აღარც მაღაზიების მეპატრონეები და აღარც გამომცემლები უკვე აღარ იკამათებდნენ იმაზე, გარეთ უნდა იდგეს თუ არა წიგნებით მოვაჭრე, რადგან ეს მათ პრობლემას მოაგვარებდა. ამით ჩავთვალოთ, რომ მთელი პრაგმატული და რომანტიული მოსაზრებები ერთ სიბრტყეში მოექცევა და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ საკითხზე, რა ჯობს ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი განვითარებისთვის.

ყველა გამოკვლევით დასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია. ეს ბევრმა სოციალურმა, ტექნიკურმა თუ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია. წიგნიერების დონის სიდაბლე ნიშნავს კულტურული დონის სიდაბლეს აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში. უნდა გავცეთ პასუხი კითხვას ზემოქმედებს თუ არა გარემო ადამიანზე? რა თქმა უნდა ზემოქმედებს. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად წარმოუდგენელია წიგნის გარეშე, მაგრამ მეც კი, როდის და როგორ ვყიდულობ წიგნს? როგორ და შემთხვევათა 90%-ში ეს ხდება შემთხვევით. რომ არ ყოფილიყო წიგნით გარევაჭრობა, ჩემს პირად ბიბლიოთეკაში არასოდეს მოხვდებოდნენ ისეთი ავტორები როგორებიც არიან: ჯოისი, კაფკა, მაქს ფრიში, ფოლკნერი, ჰემინგუეი და ა.შ. ამ სიის სრული შემადგენლობით გადმოცემა დიდ დროს და ადგილს წაიღებს, ვფიქრობ მაგალითისთვის დასახელებულიც კმარა. მე არ მინახავს და არ შემხვედრია ნამდვილად წიგნის მოყვარული ადამიანი, რომელიც თვის დასაწყისში ადგენს წიგნების შესაძენად საჭირო ბიუჯეტს და სიას თუ რომელი ავტორები უნდა შეიძინოს. კიდევ ვამბობ 90% შემთხვევაში ეს ხდება ყოველთვის სპონტანურად და ამ დროს შეიძლება უკანასნელი თეთრები გადაიხადო წიგნში და სახლში ფეხით წახვიდე. და ეს ასე ხდება, ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე არ ვიცი ოდესმე მექნება თუ არა დრო რომ გამიზნულად წავიდე დედაენის ძეგლთან წიგნების საყიდლად, იმიტომ კი არა რომ სურვილი არ მაქვს, კიდევ ვამბობ, ყოფილა შემთხვევა, რომ წიგნში უკანასკნელი თეთრებიც გადამიხდია, ვინაიდან ახალი, წაუკითხავი წიგნის სიხარული ჩემთვის ერთ-ერთია ყველაზე დიდ სიამოვნებათა შორისაა, მაგრამ ძირითადი პრობლემა ესაა დრო. დედაენის ძეგლთან არ ვიცი შემთხვევით და გზად რამდენი ადამიანი მოხვედრილა, მაგრამ არა მგონია ხვალიდან ჩემ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები რაღაც საკრალური ღვთიური განგებულებით გაიზარდოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თუ კი მე, ადამიანი რომელიც წიგნის გარეშე ვერ ვძლებ, ვამბობ ამას, რომ არა მგონია დედაენის ძეგლთან წიგნის შესაძენად გამიზნულად წასასვლელი დრო გამოვნახო, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც წიგნი არ უყვარს. მის ცხოვრებაში წიგნი იქნება გაუქმებული. ის ისედაც იშვიათად ხედავს წიგნს და ქუჩაშიც რომ აღარ დაინახავს, საერთოდ დაავიწყდება, რომ სადღაც სამყაროში არსებობს ასეთი ფენომენი - წიგნი. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წიგნიერების დონე დაბალია, წიგნი უნდა გამოვფინოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია და არაა შესაძლებელი. ყველამ ვიცით რომ იყო 20-მდე ადგილი ქალაქში სადაც ეს წიგნები იყიდებოდა. გეკითხებით, ეს წიგნები უფრო ამახინჯებს ქალაქს თუ შაურმის მანათობელი ბანერები, პოლიტიკოსების ჩამოხეული პლაკატები, უსულო მანქანები, ყვითელი პრესის პრიალა გარეკანები? ნუთუ ეს არგუმენტად მიგაჩნიათ? ჰოდა სახელმწიფოს თუ ამ საკითხის დარეგულირება სურს, თუ უნდა გამოიყენოს თავისი ლეგიტიმური უფლება და შეასრულოს ვალდებულება, მაშინ კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს რეალური საჭიროებები, დაეკითხოს საკითხში გარკვეულ ადამიანებს და ეს 20 ადგილი უბრალოდ წიგნით ვაჭრობის ადგილად ცნოს და თუ პრობლემა ისაა რომ გარემოვაჭრე არაჯანსაღ კონკურენციას უწევს წიგნის მაღაზიას, ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.

რატი ამაღლობელი – ქუჩის წიგნები


რადიო "თავისუფლების" ბლოგზე მალხაზ ხარბედიას ავტორობით გამოქვეყნებული ტექსტით "ისინი იდგნენ" მოხიბლულმა და ამავე დროს გამოსავლის ძიებაში მყოფმა გადავწყვიტე, "ლიბერალის" მკითხველს შევთავაზო რამდენიმე წლის მანძილზე ქუჩაში ნაყიდი წიგნების მცირე ჩამონათვალი.
დარწმუნებული ვარ, ქუჩაში წიგნების დახლთან არაერთხელ გაჩერებულხართ და თქვენთვის საინტერესო წიგნი აღმოგიჩენიათ. თბილისში აგვისტოდან წიგნების გარევაჭრობა აიკრძალა.
იმ ადგილებში, სადაც წიგნები ელაგა, ახლა სრული სიცარიელეა და სხვადასხვა პოლიტიკური არჩევნების დროს გაკრული, სხვადასხვა სიძველის პოლიტპლაკატებიდან, სხვადასხვა პოლიტიკოსის თვალი ან ყური, ან მხოლოდ სლოგანების ნაგლეჯები ჩანს.
ქალაქის ქუჩებში წიგნები გაქრა და ამიტომაც ვცდილობ, ზეპირად აღვიდგინო ისინი, რადგან ამ ტექსტს სამსახურში ვწერ და არა სახლში _ წიგნების ზუსტი ბიბლიოგრაფიული მონაცემების აღწერა გამიჭირდება, ანუ მათი გამოცემის თარიღებისა და გამომცემლობების მითითება, ამიტომ ვეცდები, თქვენთან ერთად აღვიდგინო ქუჩაში შეძენილი წიგნები, ამასობაში თქვენ _ თქვენი გაგახსენდებათ, მე _ ჩემი.
მაშ ასე:
• გალაკტიონ ტაბიძე _ "თხზულებანი" 12 ტომი
• "ძველ ბერძნულ-ქართული ლექსიკონი"
• "ლათინურ-ქართული ლექსიკონი"
• "ბოტანიკური ლექსიკონი"
• "გრეივსის ძველი ბერძნული მითები" (რუსულად)
• "მითოლოგიური ლექსიკონი"
• "იოანე მინჩხი" _ უნივერსტეტის გამოცემა.
• არისტოტელე _ "პოეტიკა" (რუსულად); 1938 წელს გამოცემული, წარწერით - "ქალბატონ რუსუდანს მისი პედაგოგიური მუშაობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კოლექტივი."
• მიქაელ მოდრეკილი _ უნივერსიტეტის გამომცემლობა.
• "შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია" _ გურამ თევზაძე.
• "ათეისტის ლექსიკონი" _ ათეისტის ბიბლიოთეკა (რუსულად)
• "აპოკრიფები" _ ათეისტის ბიბლიოთეკა (რუსულად)
• "ბავშვის აღზრდა და განვითარება" _ გლოკელი (გერმანულად)
• "წერილები და ესსეები" _ ზვიად გამსახურდია
• "მცხეთური ხელნაწერები"
• "ქართლის ცხოვრება" (ორტომეული)
• ჟორჟ ბატაი "დაწყევლილი ნაწილი" "ლიტერატურა და ბოროტება" (რუსულად)
• სლავოე ჟიჟეკი _ "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალურობის უდაბნოში" (რუსულად)
• "კულტურა და ტრეგედია", "სტრუქტურული ანალიზის შესავალი ნარატიულ ტექსტებში" _ როლან ბარტი (რუსულად)
• ჟურნალი "ხომლი" _ რამდენიმე ნომერი
• რაინერ მარია რილკე _ "წერილები" (გერმანულად); ე.წ. "გედეერის" დროინდელი
• რუდოლფ შტაინერი _ "დრამა-მისტერიები" (რუსულად)
• ქართული ენციკლოპედიის შესავალი ტომები (ქართულად და რუსულად)
• მარტინ ჰაიდეგერი _ "თემშარა"
• სავლე წერეთელი _ "ფილოსოფიის ისტორია"
• ოთარ ჭილაძე _ "ლექსები" გამომცემლობა "მერანი"
• შოთა ნიშნიანიძე "რჩეული" გამომცემლობა "მერანი"
• უმბერტო ეკო _ "ვარდის სახელი", "არყოფილი სტრუქტურა", "როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი (რუსულად)"
• გრიგოლ ნოსელი - "შესაქმისათვის"
• ორიგენე - "საწყისნი" (რუსულად)
• დიონისე არეოპაგელი "ღვთაებრივი ღვთისმეტყველება" (რუსულად)
• ვიქტორ ნოზაძე "ვეფხისტყაოსნის მზის მეტყველება" სანტიგო დე ჩილე

და კიდევ უამრავი წიგნი, რომელიც ბუკინისტებთან, წიგნის გარემოვაჭრეებთან შევიძინეთ ან ვერ შევიძინეთ.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც წერის დროს გამახსენდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაგახსენდათ წიგნები, რომლებიც უკვე ჩვენს ნაწილად იქცნენ, ჩვენი შეგრძნების ორგანოებად, ისინი უკვე ჩვენს აღქმებში არიან, მათგან სავსებით განუყოფელნი.
ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია აწმყოში საკუთარი თავის აღქმა ოდესღაც წაკითხული წიგნების გარეშე,
იმ წიგნებისა, რომელთაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში თბილისისთვის ასე ახლობელი და ნაცნობი ადამიანები გვაწვდიდნენ, როგორც საკვებს.
დაახლოებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ ხელისუფლების არგუმენტები: "რა გინდათ, რას გვერჩით?! წიგნები და მოვაჭრეები გავლენ დედაენის ძეგლთან, კარგად მოწყობილ დახლებზე დაალაგებენ ინტელექტუალურ პროდუქციას, ერთად იქნებიან ყველანი, თუ მაინც და მაინც ძველი საბჭოთა და რუსული წიგნები გინდათ, მიხვალთ იქ და რასაც მოისურვებთ _ იყიდით" არგუმენტია, თუმცა რატომ უნდა მოხდეს მათი ლოკალიზაცია გეტოს პრინციპით ერთ ადგილზე, აი, ეს არ მესმის. წიგნი ხომ ცოცხალი, დინამიური ქალაქის ასეთივე სპონტანური და უშუალო ნაწილია, ისინი ხომ შეუდარებლად ნაკლებ ადგილს იკავებენ, ვიდრე "City Park"-ის სამანქანო სადგომები. ჩვენ მათ ყდებს, მათზე დაწერილ ასოებს, ავტორებსა და სათაურებს, ქალაქის ქუჩებში მრავალჯერ სრულიად შემთხვევით გადავყრივართ. სწორედ ეს შემთხვევითობა და სპონტანურობაა ქალაქის ხასიათის, მისი ცოცხალი ბუნების გამოვლინება. ხსენებული წიგნები შეიძლება, ოდესღაც პაემანზე მისულს და შეხვედრის მოლოდინში მყოფთ აღმოგეჩინათ. ან ტრანსპორტიდან მოგეკრათ თვალი, ან ვინმეს მოეკრა თვალი და თქვენ გითხრათ. მნიშვნელოვანი წიგნები ასე მოდიან ჩვენთან, ცოცხლად და არა აუცილებლად დაგეგმილად. ისინი თავზარდამცემად გვესხმიან თავს, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ავტობუსის გაჩერებებზე, ბიბლიოთეკებში და უცხო ადამიანის ხელებიდანაც, რომელიც შეიძლება, გააჩეროთ და ჰკითხოთ, თუ სად შეიძინა ეს ახლად აღმოჩენილი ან აღმოსაჩენი სამყარო. ვისაც განუცდია მსგავსი რამ, მისთვის არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება წიგნების დატყვევება, მომწყვდევა. მათ აქვთ უფლება, ყველგან იყვნენ, ნებისმიერი გზით შემოაღწიონ ჩვენში, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა, ეს ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, თუნდაც რომანტიული, თუნდაც, ერთი შეხედვით, არაპრაგმატული, რადგან სწორედ წიგნებშია ის, რაც ყოველ ადამიანს, რაც ყოველ ქალაქს, რაც ყოველ სახელმწიფოს, რაც მთლიანად დედამიწას აძლევს შესაძლებლობას, სულ მცირე, იცოდეს და ატაროს საკუთარი სახელი.


© liberali.ge

გიგა ზდანია – EX LIBRIS


მაშ, ასე - ქალაქის მერიამ აკრძალა წიგნებით ვაჭრობა ქუჩებში, გარდა სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი ადგილისა.ამ აკრძალვას უკვე ბევრი კარგი მკითხველი გამოეხმაურა კრიტიკულად: მალხაზ ხარბედია, დავით პაიჭაძე, რატი ამაღლობელი. მეც მინდა ჩემი ხმა შევაშველო მათ არგუმენტებს.თავისთავად ადგილის გამოყოფა წიგნების ბაზრობისათვის შესანიშნავი აზრია. დარწმუნებული ვარ, წიგნის ყველა მოყვარული დიდი სიამოვნებით გაისეირნებს ხოლმე დედაენის ბაღში შაბათ-კვირას და ხელცარიელი არ გამობრუნდება. მით უმეტეს, რომ მისი მოწყობის მოდელად სენის სანაპიროზე განლაგებული პარიზის ბუკინისტები იქნა არჩეული.მაგრამ აქ არის ერთი სერიოზული განსხვავება.საქმე ისაა, რომ, პარიზისგან განსხვავებით, თბილისში სამარცხვინოდ ცოტა წიგნის მაღაზიაა. სამარცხვინოდ იმიტომ, რომ არ შეიძლება კულტურულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის დედაქალაქში წიგნს არ კითხულობდნენ და, შესაბამისად, ყიდულობდნენ.ვიღაც აქ მეტყვის, ეს იმის ბრალია, რომ წიგნები ქუჩებში იყიდება და ხალხი მაღაზიებში არ შედისო, მაგრამ ეს არაა მართალი. მაღაზიების წიგნები და ქუჩის წიგნები ერთმანეთისგან განსხვავდება. წიგნის მაღაზიაში შემიძლია ვიყიდო ახალგამოცემული ქართული და რუსული წიგნები (ძირითადად, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა) და ასევე ინგლისურონოვანი წიგნების სტანდარტული კომპლექტი (კლასიკოსები). ესაა და ეს.მაგრამ ეს ძალზე ცოტაა.წიგნების მაღაზიებში - მხოლოდ ქართული ენა რომ ავიღოთ მაგალითად - მე ვერ ვიყიდი ჰომეროსს, პლატონს, ვაჟას მრავალტომეულს, ბექა ოპიზრის ალბომს, თბილისის ისტორიას. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ წიგნებს ქართულად დღეს არც ერთი გამომცემლობა აღარ გამოსცემს (არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდას პლატონის წაკითხვა რომ უნდოდეს, შევა მაღაზიაში და ვერ იყიდის, რადგან პლატონს აღარავინ გამოსცემს. არადა, მადლობა ღმერთსა და ბაჩანა ბრეგვაძეს, თარგმნილია). რუსეთიდან წიგნების ჩამოტანა უაღრესად გაძნელებულია, თანაც ახალი თაობა რუსულს უკვე ვეღარ ფლობს საკმარისად (რაც ტრაგედიად სულაც არ მიმაჩნია). ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ ინგლისურს - სხვა ევროპულ ენებზე არაფერი რომ ვთქვა - ქართველი მკითხველების იმდენად მცირე ნაწილი ფლობს, რომ წიგნების მაღაზიები მათ იმედად ვერ იქნება.ყოველივე ამის გამოა ალბათ, რომ წიგნების მაღაზიების რაოდენობა თბილისში კი არ იმატებს, არამედ მცირდება. ”ლიტერატურული კაფეები” ნელ-ნელა კარგავენ ლიტერატურულობას და უბრალო კაფეებად იქცევიან, რაც აისახება იქ წიგნებისათვის გამოყოფილი სივრცის მუდმივ და შეუნელებელ შეზღუდვაში.ბუკინისტების მაღაზიები? ისინი ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება. მათ ადგილებს იკავებენ ბანკის ფილიალები, ტანსაცმლის ბუტიკები, სათამაშოების მაღაზიები და ა. შ.ასეთ ვითარებაში წიგნების ქუჩაში გაყიდვა გამოსავალია. არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე კითხულობს, არამედ მათთვისაც, ვინც ახლა უნდა დაიწყოს კითხვა. არ შეიძლება, ქვეყნის დედაქალაქში არ იყოს რამდენიმე ადგილი მაინც, სადაც წიგნს შეიძენ.წიგნების შემთხვევას ხშირად ადარებენ სურსათით გარე ვაჭრობას. სასტიკად არ მომწონს ეს ანალოგია, მაგრამ, კარგი, გავყვეთ მას - დღეს თბილისში წიგნების ქუჩაში გაყიდვის აკრძალვა იგივეა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი სუპერმარკეტი რომ არსებობდეს, აქედან არც ერთი არ ყიდდეს ხილს და ბოსტნეულს და მერია გარემოვაჭრეებს მაინც ერთ ბაზარში უყრიდეს თავს. მოგეწონებოდათ? წიგნები ქალაქის კულტურული ლანდშაფტის აუცილებელი კომპონენტია, ისინი უნდა იყოს ბევრგან, ისინი უნდა იყოს ბევრი. მიუხედავად იმისა, ეს მდიდარი ქალაქია თუ ღარიბი.მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედაენის ბაღში წიგნების ბაზრობა არ უნდა მოეწყოს. ისევ ვიტყვი, რომ კარგი გადაწყვეტილებაა წიგნებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა, ოღონდ მათი გაყიდვა არც ქალაქის ქუჩებში უნდა აიკრძალოს. ისეთი ადგილები, როგორებიცაა მეტრო ”თავისუფლება”, ზემელი თუ თსუ-ს მიწისქვეშა გადასასვლელი ჩვენთვის Barnes and Noble-ის ფუნქციას ასრულებდა. ვაცალოთ მათ, ვიდრე თბილისში ნამდვილი Barnes and Noble გაჩნდებოდეს: სამსართულიანი, განყოფილებებად დანაწილებული, კაპუჩინოთი და ნამცხვრებით. გარწმუნებთ, ამის შემდეგ მტვრიანსა და წვიმაში ცელოფანგადაფარებულ წიგნებს ცოტა თუ მიაწყდება. შეიძლება აკრძალვაც აღარ გახდეს საჭირო, იმდენად მცირე იქნება გამყიდველთა და მყიდველთა რიცხვი.ქუჩაში წიგნების გაყიდვა ჩვენს მიერ იმის აღიარებაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. ვაღიაროთ ეს, სანამ გავმდიდრდებით.


© radiotavisupleba.ge

უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნები ქუჩაში? – მომხრე მალხაზ ხარბედია


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდ ნაწილში აღიქმება როგორც წიგნის მოყვარულთა ერთგვარი გადასახლება, რეპრესირება, გნებავთ გეტოში გამოკეტვა, რამაც შესაძლოა წიგნის, როგორც ღირებულების სრული გაუფასურება და ფართო მასებში მათი არსებობის დავიწყებაც კი გამოიწვიოს. ზოგს, ალბათ, გადამეტებად მოეჩვენება ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ სხვაგვარად ვერ ავხსნით ათასობით ადამიანის თხოვნისა და სურვილის გაუთვალისწინებლობას, იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც ქალაქი, სხვა რამეებთან ერთად, წიგნებთანაც ასოცირდება. ცუდია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებას არც საზოგადოებრივი აზრით უხელმძღვანელია და არც წიგნით მოვაჭრეებისთვის უკითხავს რამე. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, სწორედ ეს გულგრილობაა, რომელმაც ხელი შეუშალა ქალაქის თავებს ერთმანეთისგან განერჩიათ ქუჩის ბუკინისტი და ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი. დღესდღეობით თბილისში უმძიმესი სურათი იხატება, ქალაქი სავსეა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი ყოვლადბინძური ყვითელი ავტობუსებით, სამაგიეროდ იგი დაცლილია ბუკინისტებისგან, ადამიანებისგან, ვინც ათასობით მკითხველს გვრიდა შვებას. დღეს ქალაქში წიგნების კვალი გამქრალია და ნურავის ჰგონია, რომ წიგნებით მოვაჭრეთა დედაენის ძეგლს გადაღმა, მტკვრის ჯებირთან გადაყვანით საქმეს ეშველება. კარგ ქალაქურ ტრადიციას, რომელსაც, თავის დროზე, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეც ასხამდა ხოტბას, 2-3 ჩინოვნიკის მიერ მოფიქრებული "გამოსავალი~ ვერასდროს ჩაანაცვლებს. ისინი პარიზში, მდინარე სენის ნაპირებზე განთავსებულ წიგნის რიგებს იმოწმებენ სანიმუშოდ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ეს ადგილები ასწლეულების განმავლობაში პარიზის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები იყო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სეირნობდა. დედაენის გადაღმა, ზედ მტკვრის პირას გამოყოფილ ადგილას კი მხოლოდ ძაღლებს თუ ასეირნებენ, ისიც ათასში ერთხელ. და ნურავინ დაიჯერებს, რომ იმ ადგილებში ოდესმე რომელიმე ბუკინისტი მდგარა. ძველი ბაზრობა სულ სხვა ადგილას იყო, მშრალ ხიდთან ახლოს, გზის პირას. საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი იმის თაობაზე, რომ წიგნის მოვაჭრეები არათუ რეპრესიების მსხვერპლნი უნდა გახდნენ, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეეწყოთ და მაქსიმალურად გაუმარტივდეთ მკითხველთან ურთიერთობა. ხელისუფლება წესით თავად უნდა დგამდეს ბუკინისტებისთვის გემოვნებით გაკეთებულ დახლებს ქალაქის სხვადასხვა უბანში. წიგნების გარდა ეს ადამიანები ხომ ქართული ნიშნით დამზადებულ სუვენირებს, რუკებს, ბუკლეტებს და გზამკვლევებსაც გაყიდიან, თანაც გაყიდიან ეფექტურად, მიზნობრივად... ჩემი აზრით, სერიოზულად უნდა ვიფიქროთ "წიგნის უბნის~ შექმნაზეც. მიმაჩნია, რომ ქალაქის ცენტრში რამდენიმე ძალიან კარგი ადგილია საამისოდ. ასეთი ადგილები, შედარებით მცირე ფართობზე, შეიძლება გამოიყოს სხვა უბნებშიც. ამის გაკეთება დღეს აუცილებლად მიმაჩნია, რათა ქალაქმა თავისი კულტურული იერსახე არ დაკარგოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ წიგნების გარეშე დარჩენილ ქალაქში კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი გაუცხოვდება.


© liberali.ge

უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნები ქუჩაში? - მოწინააღმდეგე ზაალ სამადაშვილი


გარე ვაჭრობის შესახებ დღეს ბევრს ლაპარაკობენ. განსაკუთრებით წიგნით მოვაჭრეებსა და მათ გულშემატკივრებს აფორიაქებთ ადგილის შეცვლა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა _ ადამიანები ბუნებით კონსერვატორები არიან და ყოველგვარ სიახლეს ეჭვიანად უყურებენ, ფრთხილობენ, აშინებთ გაურკვევლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში, წიგნის მოვაჭრეების მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახიფათო. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქალაქში საერთოდ არსებობს პარკებსა და ბაღებში ვაჭრობის ტრადიცია. წლების წინ, ჯერ კიდევ "პერესტროიკის" დროს, ბუკინისტები ვერის პარკში იდგნენ, მერე, 90-იან წლებში, მშრალ ხიდთან გადაინაცვლეს, სწორედ იქ, სადაც დღეს სთავაზობენ წიგნების გაყიდვას. ოღონდ მაშინ არც პარკები იყო კეთილმოწყობილი, არც სტელაჟები ჰქონდათ და არც ძელსკამები, გამყიდველებს მიწაზე გაშლილ ცელოფნებზე ელაგათ წიგნები. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ დღეს წიგნით მოვაჭრეებს აშინებთ, დედაენის ბაღში მყიდველი მოგვაკლდებაო. რასაკვირველია, რუსთაველსა და კოსტავას ქუჩაზე გაცილებით მეტი გამვლელია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ _ მათგან რამდენია წიგნის მყიდველი? ბუკინისტებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რომ წიგნის მოყვარულები განსხვავებული ადამიანები არიან. ისინი დაუზარლად დადიან ყველგან, სადაც წიგნი ეგულებათ. თან არა მგონია, ორბელიანთუბანი _ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძველი უბანი _ წიგნით ვაჭრობისთვის ცუდი იყოს. თუკი ბუკინისტები ქალაქის ცენტრში, დედაენის ძეგლის გარშემო მოიყრიან თავს, ესეც ხომ სიმბოლური იქნება. ზოგი იმასაც ამბობს, სანაპიროზე ქარია და ნესტიო. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბუკინისტები, მოგეხსენებათ, სენის ნაპირას ვაჭრობენ და არა მგონია, კლიმატური პირობები იქ ვინმეს ხელს უშლიდეს მუშაობაში. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული _ ჩაბრძანდნენ დედაენის ბაღში და ნახონ, რას სთავაზობს ქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებს. ნახონ დაჩრდილულ, ქვით მოკირწყლულ, ძალიან ლამაზ სანაპიროზე ჩამწკრივებული სტელაჟები და ძელსკამები, და მე მგონი, დამეთანხმებიან, რომ აქ გაცილებით უკეთესი პირობებია შექმნილი ბუკინისტებისთვისაც და წიგნის მყიდველებისთვისაც. დროთა განმავლობაში აქაურობა იქცევა ერთგვარ ცენტრად ხელოვნების მოყვარულთათვის. როგორც ვიცი, მერიას ადგილის რეკლამირებაც აქვს დაგეგმილი ადამიანების მოსაზიდად. მოდი, კიდევ ერთხელ გავიაროთ დედაენის ბაღში, დავრწმუნდეთ, რომ ბუკინისტებისთვის შეთავაზებული ადგილი კარგია და ნუ შეგვეშინდება სიახლის!


© liberali.ge

დავით პაიჭაძე - პრაგმატული ლირიკა


წიგნით მოვაჭრეთა ამასწინანდელი გასტუმრება თბილისის ქუჩებიდან რამდენიმე განმარტებას მოითხოვს – მერიისა და საკრებულოსგან არა. ჩვენგან, მოქალაქეებისგან.
სწორი ნაბიჯია, როცა ყველის, ვაშლატამას, კარტოფილისა და სხვა ასეთი სიკეთეების ქუჩაში გამყიდველებს გამოუყოფ ტერიტორიას და იქ მოუყრი თავს. ეს მეთოდი ქალაქის მერობისას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, როცა დინამოს სტადიონის მეავეჯენი ნაძალადევში გადაიყვანა სავაჭროდ. ახლა ვისაც მეორადი ან აქ დამზადებული ავეჯი უნდა, ჯერ კიკვიძის ბაღთან წავა. ამავე მიდგომას ავლენს დედაქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებთანაც: გინდა ძველი ან მაღაზიებს მიღმა დარჩენილი ახალი წიგნები? ახლო მომავალში მიაკითხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დედაენის ძეგლის მიდამოებში. ალბათ, ასე უფრო იოლი იქნება მათი დაბეგვრაც.
მაგრამ წიგნს აქვს ერთი თავისებურება – ავეჯისა თუ ჭირნახულისგან განსხვავებით. ის არ ითვლება, რომ წიგნი არ იჭმევა და ხშირად ამ დროს არა სურსათს – არამედ სწორედ წიგნს ფუთავენ ქუჩის ჭუჭყისგან დასაცავად. წიგნთან შეხვედრა ჰგავს შეხვედრას უნახავ ახლობელთან, როცა აღმოაჩენ, რომ ის თურმე მოგნატრებია. არადა, მანამდე არც კი გახსოვდა. ყველაზე სრულყოფილი კარტოფილიც კი ვერ გამოიწვევს სიხარულს, რომლის მონიჭება შეუძლია წიგნს, როცა ის მოულოდნელად გხვდება – იქ, სადაც არ ელოდი. კარტოფილის (რას ჩავაცივდი!) დანახვამ, შესაძლოა, შეგახსენოს, რომ ის გჭირდება. წიგნთან შეხვედრა კი გასურვებს მას. საჭიროება ხშირად მეორადია. წიგნს მოაქვს სპონტანურობის განცდა, რომელიც ფერს ჰმატებს შენს ყოფას. თბილისში ბოლო დრომდის სპორადულად მდგარი წიგნის სტელაჟები ასეთ განცდას ბადებდნენ ბევრგან – გლდანით დაწყებული, ისნით დამთავრებული. ეს იყო პატარა რიფები, რომელზეც ბევრი ჩვენგანი მოაცურებდა ან შეაჩერებდა მზერას – აღმოჩენისა და სიხარულის მოლოდინით. არსებითია, რომ, შეიძლება, სულ არ იცოდე, რისი ყიდვა გსურს – წიგნი თავად მოგიყვანს აზრზე და გაგიჩენს ასეთ სურვილს. დედაენის ძეგლთან სპეციალურად უნდა წახვიდე, რომ წიგნები ნახო. მანამდე კი წიგნებს წააწყდებოდი და იყიდდი წინასწარი განზრახვის გარეშეც.
ერთ ძალიან ტრაგიკულ ქართულ რომანში „Maid in Tiflis” აკა მორჩილაძეს შემოაქვს ძველი, კარგახნის ნაგროვები წიგნების მოტივი. ოჯახს თავი გააქვს ამ წიგნების ნელ–ნელა გაყიდვით. თავის დროზე ოჯახის უფროსი მათ იმისთვისაც აგროვებდა, რომ შთამომავლობას ძნელბედობისას გაეყიდა. სინამდვილეშიც, ძველი წიგნების გაყიდვა უწინარესად ასარგებლებს ჩამბარებელს და მერე უკვე მყიდველს ან უშუალო გამყიდველს. მტკვრის გასწვრივ, ერთ რიგად თავმოყრილი ძველი წიგნები ერთმანეთს უფრო მძაფრ კონკურენციას გაუწევენ, ვიდრე სხვადასხვა უბანში, პატარა ულუფებად გაყიდვისას, რადგან ამ დროს ერთი და იგივე წიგნები ერთად ვერ მოხვდებიან. გაჭირვების წლები ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არ დასრულებულა. გასაყიდი – გასაკეთებლის არ იყოს – ჯერაც ბევრია. სახლიდან გამოტანილ წიგნს ის ყიდის, ვისაც არ ულხინს. და უკეთ გაყიდის, თუ გვერდით ტყუპისცალი წიგნი არ უდევს.
არაფერი მოხდება, თუ წიგნით მოვაჭრეებს ძველ ადგილებზე დავტოვებთ. ამით შეჭირვებულ მოქალაქეებსაც უფრო შევეშველებით და ამ ქალაქშიც შევინარჩუნებთ წერტილებს უცაბედი სიხარულის წამოსანთებლად.


© tabula

ბაკურ სულაკაური - დავაბრუნოთ ბუკინისტები?


აგვისტოში თბილისის მერიამ ქუჩებში ვაჭრობა აკრძალა, რამაც ავტომატურად გამოიწვია წიგნით გარევაჭრობის აკრძალვაც. ბუკინისტებს მერიამ დედაენის პარკში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი შესთავაზა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა, ვინც აქამდე წიგნებით ქუჩებში ვაჭრობდა.
წიგნები
თბილისის ქუჩებიდან ერთბაშად გაქრა წიგნებით მოვაჭრე რამდენიმე ათეული ადამიანი. ამ ამბავს კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე - მედიაში. გამოქვეყნდა უამრავი წერილი თუ კომენტარი, სადაც ჭარბობს ემოციები და ნაკლებადაა ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. იყო პოლიტიკური განცხადებებიც, მაგალითად ერთ-ერთმა ჯგუფმა ინგლისურ ენაზე (!) გაავრცელა მიმართვა, რომელიც ასე იწყებოდა: საქართველოს ხელისუფლებამ წიგნების გაყიდვა აკრძალა!
გარევაჭრობის მომხრეთა მოსაზრებები, არგუმენტები და ემოციები ყველაზე სრულად ჩანს მალხაზ ხარბედიას სტატიაში "ისინი იდგნენ" (გამოქვეყნებულია რადიო "თავისუფლების" ვებ-გვერდზე), ამიტომ უფრო მეტად ამ სტატიას გამოვეხმაურები. შემხვდა კიდევ ორი განსხვავებული მიდგომა: ია ანთაძის შეთქმულების თეორია იმის თაობაზე, რომ წიგნის მაღაზიათა მეპატრონეების ლობირებით მოხდა ეს ამბავი, დაახლოებით იმას ჰგავს, სურსათით გარევაჭრობის აკრძალვა სუპერმარკეტების მფლობელთა ლობირებას რომ დააბრალო; იყო ასევე სასაცილო თეორია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას ამგვარად სურს წიგნიერების წართმევა ერისათვის, რათა ხალხით მანიპულირება უფრო ადვილად მოახდინოს. ამ ორ არასერიოზულ მოსაზრებას აქ არც განვიხილავ. მოდი, შევეცადოთ, ყოველგვარი ეგზალტაციისა და ზედმეტი ემოციების გარეშე გავერკვეთ სიტუაციაში და საკითხს სხვადასხვა კუთხით შევხედოთ:

საკითხის სამართლებრივი მხარე

იყო თუ არა ქუჩაში ვაჭრობა ლეგალური? ვარდების რევოლუციამდე ყველა გარემოვაჭრე (მათ შორის წიგნით მოვაჭრენიც) ყოველდღიურ ხარკს (5-10 ლარის ოდენობით) უხდიდნენ უბნის პოლიციელებს, რადგან გარევაჭრობა ოფიციალურად არ იყო ნებადართული. გარკვეულ ადგილებზე გაიცემოდა ხოლმე დროებითი ნებართვა. ხელახალ დროებით ნებართვას დამატებითი წვალება, ნაცნობობა და ქრთამი სჭირდებოდა. გარევაჭრობა არასოდეს ყოფილა ლეგალიზებული და შესაბამისად, წიგნით მოვაჭრენიც, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან შეიძლება, ქრთამს აღარ აძლევდნენ პოლიციელებს, სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ საქმიანობდნენ. როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი? მართლაც, დავუშვათ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და წიგნებით გარევაჭრობაზე გამონაკლისი ოფიციალურად გასცა. ვისთვის უნდა იქნას დაშვებული ეს უფლება, ნებისმიერი მსურველისათვის თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც უფლების გამცემი პირადად იცნობს როგორც ყოფილ მოვაჭრეს? თუ ნებისმიერ მსურველს უნდა მიეცეს ქალაქის ნებისმიერ ადგილას წიგნით გარევაჭრობის უფლება, მერე საკითხი ასე დადგება: მაქვს თუ არა უფლება პირადად მე, ცენტრალურ გამზირებზე, ნებისმიერ ადგილას განვათავსო წიგნების სტენდები და დავაყენო იქ დაქირავებული თანამშრომლები? როგორ უნდა მოგვარდეს ორ გარემოვაჭრეს შორის ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა? ვთქვათ, მივიდა რომელიმე ალიკა, ვაგანა ან როინი (სახელები აღებულია მალხაზ ხარბედიას წერილიდან) იმ ადგილას, სადაც წინა დღით იდგა და იქ დახვდა სხვისი სტენდი, როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ვის "ეკუთვნის" ეს ადგილი? ერთი სიტყვით, ამ საკითხის სამართლებრივი მოგვარება ისე, რომ წიგნებით გარევაჭრობა არ აიკრძალოს გამზირებზე, შეუძლებელია. მაშინ ყველაფერი უნდა დარჩეს სტიქიურად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, რადგან წიგნებით გარევაჭრობა ფაქტობრივად სტიქიურად დაკანონდება, წახალისდებიან ახალი სუბიექტები, რომლებიც მოისურვებენ ლეგალურად დაშვებულ საქმიანობას. მაგალითად მე პირადად სიამოვნებით დავდგამ ოციოდე სტენდს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, თუ ეს არ იქნება აკრძალული. დარწმუნებული ვარ, ასევე მოიქცევა ბევრი სხვა სუბიექტი, რომელიც აქამდე ასე არ იქცეოდა.

არიან თუ არა "ისინი" ბუკინისტები?

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მათ შორის, ამ მოვაჭრეთა კლიენტებმაც, რომ სინამდვილეში ქუჩებში მოვაჭრეთა მოზრდილი ნაწილი დაქირავებული პერსონალი იყო. არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ერთდროულად არაერთი სტენდი (მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ასეთ მეპატრონეს), აყვანილი ჰყავდათ თანამშრომლები, რომლებიც იღებდნენ როგორც დღიურ გასამრჯელოს, ისე _ გარკვეულ პროცენტს ყოველი გაყიდული წიგნიდან. სტენდების უმრავლესობა ვაჭრობდა არა ბუკინისტური წიგნებით, არამედ, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურით, თუმცა ბევრ მათგანთან შეხვდებოდით ცნობილი ბრიტანული ლექსიკონებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ირანში დაბეჭდილ, მეკობრულად დასტამბულ, იაფ ვერსიებს. ეს უკანასკნელი ნიშა ყველაზე მომგებიანი სეგმენტი იყო სტენდების ქსელების მფლობელთათვის, რადგან მეკობრული გამოცემები თავადვე შემოაქვთ ირანიდან. რატომ აძლევდათ ხელს ამგვარი ვაჭრობა მფლობელებს? ძირითადად იმიტომ, რომ დადგნენ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებზე, სადაც შემთხვევითი გამვლელების ნაკადი დიდია და შესაბამისად, ნებისმიერი რამ იყიდება (მათ შორის, წიგნებიც), დანახარჯები ჰქონდათ მინიმალური და შეეძლოთ, მიეღოთ მეტი მოგება. ბუნებრივია, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადასვლა ამ ტიპის მოვაჭრეებს (ბუკინისტებისაგან განსხვავებით) არ აწყობთ, რადგან მათი საქმიანობა ეფუძნებოდა გამვლელების ნაკადს და არა _ სპეციალურად მისულ მუშტარს. სხვაგან, მით უმეტეს, დედაენის ბაღში გადასვლით, მათი ინტერესები სერიოზულად ილახება. განსაკუთრებულ მოგებას ნახულობდნენ ასეთი მოვაჭრეები გარკვეული დასახელების წიგნებზე (მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებზე) დეფიციტის შექმნით და ფასების ხელოვნური გაბერვით.
რა თქმა უნდა, გარემოვაჭრეთა შორის იყვნენ ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრენიც და მათი უმეტესობა, რასაკვირველია, დამოუკიდებლად მოქმედებდა: იბარებდნენ ძველ წიგნებს და მერე ყიდდნენ. თუ ბუკინისტურ წიგნებზე არის მოთხოვნა (ეს მოთხოვნა ნამდვილად არის და, რაც მთავარია, დღითიდღე იზრდება), მაშინ ეს ადამიანები აუცილებლად იპოვნიან თავიანთ ნიშას ორგვარად: ან გადავლენ დედაენის პარკში, სანაპიროს გასწვრივ და საწყობის ფულსაც დაზოგავენ, რადგან ბუკინისტისთვის საჭირო წიგნის შესანახი სათავსოები იქ გამზადებული დახვდებათ (თანაც, უფასოდ); ანდა - გახსნიან მომცრო ბუკინისტურ მაღაზიებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან წარმატებულიც გახდება, თუ მოთხოვნა გაიზარდა. ანუ საბოლოოდ მივიღებთ როგორც ახალ ბუკინისტურ მაღაზიებს (ცნობისათვის, თბილისში რამდენიმე ბუკინისტური წიგნის მაღაზიაა), ისე _ ბუკინისტების სპეციალურ ადგილს, დაახლოებით იმის მსგავსს, როგორიც პარიზშია.
როგორც ბუკინისტებისათვის, ისე ბუკინისტური წიგნების კლიენტებისთვის მერიის წინადადება, რომ გამოიყოს ერთი დიდი ადგილი (უკვე გამოყოფილია, კარგა ხანია) ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრეთათვის, იდეალურია. თუ ადამიანს სურს კონკრეტულად რომელიმე ბუკინისტური წიგნის შეძენა, მას აღარ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში წანწალი ალიკასთან, ვაგანასთან და როინთან, რადგან ეს უკანასკნელნი ერთ ადგილას იქნებიან თავმოყრილნი. დაიზოგება უამრავი დრო და ენერგია.

მაღაზიები და სტენდები

წიგნებით გარევაჭრობის თაობაზე ისეთი ვნებათაღელვა ატყდა, თითქოს ვინმე წიგნებს ებრძოდეს და აქამდე წიგნი მხოლოდ ქუჩაში არსებობდა; ხოლო გარემოვაჭრენი ლამის წიგნიერებისათვის წამებულ რაინდებად შერაცხეს. რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი კარგი ადამიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წიგნსმოწყურებული მკითხველები სულიერი საზრდოს გარეშე რჩებიან. მით უმეტეს დღეს, როდესაც ნებისმიერი ქვეყნიდან ახალი წიგნების შეკვეთას აღარ სჭირდება მაინცდამაინც ალიკასთან, ვაგანასთან თუ როინთან მისვლა _ ამის გაკეთება ინტერნეტითაც შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად რუსულენოვანი ლიტერატურით ვაჭრობდნენ (ასეთია გარევაჭრობის ტრადიცია თბილისში), ზოგიერთ სტენდთან მაინც შეხვდებოდით თანამედროვე ქართულენოვან გამოცემებს. ბევრს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ წიგნები სტენდებზე უფრო იაფი იყო, ვიდრე მაღაზიებში. საქმე ის გახლავთ, რომ წიგნების (ისევე, როგორც ჟურნალ-გაზეთების) სარეალიზაციო ფასს აწესებენ არა მოვაჭრენი, არამედ გამომცემლები და შესაბამისად, ეს წიგნები პრაქტიკულად ერთსა და იმავე ფასად იყიდება მთელ საქართველოში. ზოგი გამომცემელი გასაყიდ ფასს აწერს კიდევაც გარეკანზე, ზუსტად ისევე, როგორც ჟურნალ "ლიბერალს" აწერია ფასი. ამიტომ ქართული წიგნები სტენდებზე იმდენივე ღირდა, რამდენიც _ მაღაზიაში.
ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ სტენდების სიმრავლე აუმჯობესებს წიგნების დისტრიბუციას და ამიტომ უკეთესია მომხმარებლისთვის. სინამდვილეში, წიგნებით ამგვარად გარევაჭრობა არათუ ხელს უწყობს, არამედ აფერხებს წიგნის ბაზრის განვითარებას და აი, რატომ: ერთ სტენდზე შეიძლება, დაეტიოს, მაქსიმუმ, 50 დასახელების წიგნი. ზოგ მოვაჭრეს ჰქონდა ერთდროულად სამი სტენდიც ერთმანეთის გვერდიგვერდ. მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც კი, მის სტენდებზე დაეტეოდა 150 დასახელების წიგნი (ანუ გაცილებით ნაკლები, ვიდრე თუნდაც ერთ მოზრდილ გამომცემლობას აქვს გაყიდვაში). შესაბამისად, მოვაჭრე ხელოვნურად ზღუდავს არჩევანს და მას ფარგლავს მხოლოდ საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნებით, რაც ძალიან ცუდია მომხმარებლისთვის (ზოგმა არც კი იცის, რომ სხვა ქართული წიგნებიც არსებობს ამქვეყნად, გარდა ალიკას, ვაგანას და როინის მიერ "შერჩეული" ქართული გამოცემებისა).
გამომცემლობა "სამშობლოს" წინ ქალაქში წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იყოო, მალხაზ ხარბედია რომ წერს, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ერთ სტენდზე შეიძლება, დაეტიოს მაქსიმუმ 50 დასახელების წიგნი, ისიც თუ ბელეტრისტიკაა, ხოლო ლექსიკონები და საბავშვო გამოცემები _ კიდევ უფრო ნაკლები. თუ ჩავთვლით, რომ გამომცემლობა "სამშობლოს" წინ თუნდაც 20 მოვაჭრე იდგა, წიგნების საერთო რაოდენობა მაქსიმუმ 1000 გამოვა. ეს მაშინ, როცა თბილისის წიგნის მაღაზიებში (კარგ მაღაზიებს ვგულისხმობ) დასახელებების რაოდენობა 15-დან 25-ათასამდეა, ხოლო ყველაზე პატარა მაღაზიაშიც კი დაახლოებით 5 000 წიგნი აწყვია.
"ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით. ძვირიანი კალენდრები, პლაკატები, კალმები, ფლომასტერები, ჭრელი მარკერები და რაც მთავარია - ნამცხვრები, ნამცხვრები, ნამცხვრები! სხვანაირად ვერ იტყუებენ იქ ადამიანებს," - წერს მალხაზ ხარბედია. მალხაზი ან ლიტერატურული კაფეს გარდა სხვა წიგნის მაღაზიაში არაა ნამყოფი, ან შეგნებულად ცრუობს. თუ ლიტერატურულ კაფეებს "სუფთა" წიგნის მაღაზიებად არ ჩავთვლით (რაშიც არის რაციონალური მარცვალი), თბილისში არსებული 40-ზე მეტი მაღაზიიდან სად ნახა ნამცხვარი, იქნებ დაასახელოს, ანდა რომელი საკანცელარიო საქონლის მაღაზია ჰგონია წიგნის მაღაზია? ის, რომ წელს რამდენიმე საკანცელარიო საქონლის მაღაზიამ წიგნების გაყიდვაც დაიწყო (ისევე, როგორც ეს მოხდა სუპერმარკეტებში და თქვენ წარმოიდგინეთ, აფთიაქებშიც კი), მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ წიგნისადმი ინტერესი იზრდება და წიგნების სარეალიზაციო წერტილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ამიტომ სრულიად გაუგებარი პანიკის ატეხა, რომ ქალაქი წიგნებისაგან დაიცალა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ესთეტიკური საკითხები

რას ერჩიან წიგნებს, განა წიგნი ქალაქის იერსახეს აუშნოებს? _ მკითხა "ფეისბუქზე" ერთ-ერთმა აქტივისტმა. საკითხი არასწორადაა დასმული: რა თქმა უნდა, წიგნი ქალაქის იერსახეს ვერ დაააუშნოვებს, მაგრამ ჭუჭყიან ცელოფანში შეფუთული წიგნები, რომლებიც განთავსებულია დაუმუშავებელი ფიცრებისა და ფანერებისაგან კუსტარულად შეკრულ, ჟანგიანი ლურსმნებით შეჭედილ სტენდებზე, არაა მაინცადამაინც ლამაზი სანახავი.
ზოგიერთებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ასე ხდება ევროპის ქალაქებში. მაგალითად მალხაზ ხარბედია წერს: "ნუთუ არ გინახავთ წიგნების უბნები ლონდონში, პარიზში, რომში..." დიახ, მინახავს და არც ერთ ამ ქალაქში ცენტრალურ გამზირებზე არასოდეს თვალიც არ მომიკრავს წიგნებით გარევაჭრობისთვის. ის უბნები, რაზეც მალხაზი წერს ან წიგნის მაღაზიების უბნებია (ოქსფორდ სტრიტი ლონდონში, ლათინური კვარტალი პარიზში და ა.შ.) ან ბუკინისტებს გამოყოფილი აქვთ სპეციალური ადგილი სანაპიროს გასწვრივ (ზუსტად ისეთი, მერია რომ სთავაზობს ჩვენს "ბუკინისტებს").
წიგნი ბადრიჯანი ხომ არაა, ასე რომ მოექცეო! – შესძახა ვიღაცამ "ფეისბუქზე". მართლაც არაა წიგნი ბადრიჯანი და მას აქვს თავისი ადგილი, ოღონდ ეს ადგილი არამც და არამც არაა მტვრიან გამზირებზე, ჭუჭყიან ცელოფანებქვეშ.
"არ გვინდა სტერილური და უსულო ქალაქი – დავაბრუნოთ ბუკინისტები" – დაწერა "ფეისბუქზე" შორენა შავერდაშვილმა. საოცარი სიტყვაა ეს "სულიერება". რამდენი ხანია ვცდილობ, მაგრამ მისი ზუსტი მნიშვნელობა ვერ დავადგინე, ვისაც როგორ უნდა, ისე ესმის. რაც შეეხება ბუკინისტებს, კი ბატონო, დავაბრუნოთ, ოღონდ ერთ გამოყოფილ ადგილას და არა _ ცენტრალურ გამზირებზე.

რა შედეგებს გამოიღებს მერიის ღონისძიებები

ამ ღონისძიების შედეგად (გარევაჭრობის გადატანა დედაენის პარკში), წიგნი არ გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი, მკითხველები არ დაზარალდებიან და საბოლოოდ წიგნის ბაზარიც გაცილებით სწრაფად განვითარდება. ბუკინისტებისთვის, წესით, ეს საოცნებო შეთავაზებაა, ხოლო არაბუკინისტებისთვის მართლაც არის გარკვეული "უხერხულობა" – მათი საქმიანობა შეიზღუდება, თუმცა ეს ისეთი მარიფათიანი ხალხია, გარწმუნებთ, არ დაიკარგებიან.

© liberali.ge