Showing posts with label = ესე (თარგმანი) =. Show all posts
Showing posts with label = ესე (თარგმანი) =. Show all posts

Saturday, June 25, 2011

იოსიფ ბროდსკი - ა.პლატონოვის "ქვაბულის" ბოლოსიტყვაობა



სამოთხის იდეა ადამიანური აზროვნების ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს იმ გაგებით, რომ უფრო შორს ეს აზროვნება ვერ მიდის; რადგანაც აღარაფერია სამოთხის მიღმა, აღარაფერი ხდება. და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სამოთხე - ჩიხია; ესაა უკანასკნელი თვალის შევლება სივრცეზე, საგნის დასასრული, მთის მწვერვალი, პიკი, საიდანაც ვეღარსად გადააბიჯებ, მხოლოდ ქრონოსში - სწორედ ამიტომაც შემოჰყავთ ხოლმე მარადიული ცხოვრების ცნება. იგივე შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთის შესახებაც.
ჩიხში ყოფიერება არაფრით არაა შეზღუდული და თუკი წარმოვიდგენთ, რომ იგი იქაც განსაზღვრავს ცნობიერებას და თავის საკუთარ ფსიქოლოგიას უდებს სათავეს, აღმოჩნდება, რომ ეს ფსიქოლოგია, უპირველეს ყოვლისა, ენაში გამოიხატება. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სასურველ თუ უკვე მოპოვებულ უტოპიაზე საუბრების პირველ მსხვერპლად გრამატიკა იქცევა ხოლმე, რადგანაც ენა, როცა აზრს ვერ მისდევს, კავშირებით კილოში ინთქმება და ზედროული კატეგორიებისა და კონსტრუქციებისკენ ილტვის; ამის შედეგად, ყველაზე მარტივ არსებით სახელებსაც ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებათ და მათ გარშემო პირობითობის ორეოლი ჩნდება.
ჩემი აზრით, ამგვარია ანდრეი პლატონოვის ენა. წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ მას რუსული ენა აზრობრივ ჩიხში შეჰყავს, ან (უფრო ზუსტად) თავად ენაში ამჟღავნებს ჩიხის ფილოსოფიას. თუკი ეს გამონათქვამი სანახევროდ მაინცაა მართებული, მაშინ პლატონოვი ჩვენი დროის უდიდეს მწერლად უნდა ვაღიაროთ, რადგანაც გრამატიკაში აბსურდის არსებობა პირად ტრაგედიაზე კი არა, მთლიანად ადამიანური რასის ტრაგედიაზე მიანიშნებს.
ჩვენს დროში მიღებული არაა მწერლის განხილვა სოციალური კონტექსტისგან მოწყვეტით და პლატონოვიც ყველაზე შესაფერისი ობიექტი იქნებოდა ამგვარი ანალიზისთვის, რომ არა ენისადმი მისი დამოკიდებულება, რომელიც გასცდა იმ უტოპიის (რუსეთში სოციალიზმის მშენებლობა) საზღვრებს, რისი მოწმეცა და მემატიანეც პლატონოვი იყო "ქვაბულში". "ქვაბული" ძალზე პირქუში ნაწარმოებია და მკითხველი დათრგუნული ხურავს წიგნს. იმ მომენტში ფსიქიკური ენერგიის ფიზიკურად გარდაქმნის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, წიგნის წაკითხვის შემდეგ, პირველ რიგში, არსებული მსოფლიო წყობა უნდა დაგვენგრია და ახალი დროება გამოგვეცხადებინა.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პლატონოვი ამ უტოპიის (რეჟიმის, კოლექტივიზაციისა და ა.შ.) მტერი იყო. ერთადერთი, რაც სერიოზულად შეიძლება ითქვას პლატონოვის სოციალური კონტექსტის შესახებ, ის გახლავთ, რომ იგი ამ უტოპიის ენაზე წერდა, თავისი ეპოქის ენაზე; და ყოფიერების არცერთი ფორმა არ ახდენს ცნობიერების დეტერმინირებას ისე, როგორც ენა. მაგრამ თანამედროვეთაგან განსხვავებით - ბაბელი, პილნიაკი, ოლეშა, ზამიატინი, ბულგაკოვი, ზოშჩენკო, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტილისტური გურმანობით იყვნენ დაკავებული, ანუ ყოველი მათგანი ენას თავისი წესებით ეთამაშებოდა (ეს კი, ბოლოს და ბოლოს, ესკაპიზმის ერთგვარი ფორმაა) - პლატონოვმა თავი დაუმორჩილა ეპოქის ენას, ერთხელ ჩაიხედა მასში და ისეთი სიღრმეები დაინახა, რომ აღარ შეეძლო ლიტერატურის ზედაპირზე ელივლივა, ეხლართა სიუჟეტი ან გატაცებულიყო ტიპოგრაფიული ძიებებითა და სტილისტური მაქმანებით.
რა თქმა უნდა, თუკი პლატონოვის სტილის გენეალოგიის გარკვევას შევეცდებით, აუცილებლად მოგვიწევს გავიხსენოთ წმინდანთა ცხოვრებანი, ლესკოვი თავისი ანდრეზულობით და დოსტოევსკი გაუთავებელი ბიუროკრატიზმებით. მაგრამ პლატონოვის შემთხვევაში საუბარი არაა მემკვიდრეობითობაზე, ან რუსული ლიტერატურის ტრადიციებზე, არამედ იმის შესახებ, თუ როგორაა იგი დამოკიდებული რუსული ენის სინთეტიკურ (უფრო ზუსტად, არაანალიტიკურ) არსზე და იგი - ხშირად წმინდა ფონეტიკური ალუზიების ხარჯზე - ყოველგვარ რეალურ შინაარსს მოკლებული ცნებების გაჩენას განაპირობებს. პლატონოვს ყველაზე ელემენტარული ხერხებითაც რომ ესარგებლა, მისი "მესიჯი" მაინც ქმედითი იქნებოდა და ქვემოთ ვიტყვი, რატომაც. მაგრამ მისი მთავარი იარაღი ინვერსია იყო; იგი სრულიად ინვერსიულ ენაზე წერდა; უფრო ზუსტად - ენისა და ინვერსიის ცნებებს შორის პლატონოვმა ტოლობის ნიშანი დასვა და ვერსიამ კი უფრო მეორეხარისხოვანი, დამხმარე როლი იკისრა. ამ აზრით პლატონოვის ერთადერთ რეალურ მეზობლად, ენობრივი თვალსაზრით, მე "სტოლბცი"-ს პერიოდის ზაბოლოცკის დავასახელებდი.
თუკი კაპიტან ლებიადკინის ტარაკანაზე დაწერილი ლექსის გამო დოსტოევსკი პირველ აბსურდისტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, უროსმცემელი დათვის სცენის გამო პლატონოვი პირველ სერიოზულ სიურეალისტად უნდა ვაღიაროთ. პირველს ვამბობ კაფკას მიუხედავად, რადგანაც სიურეალიზმი სულაც არაა ესთეტიკური კატეგორია, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში, როგორც წესი, ინდივიდუალისტურ მსოფლხედვას უკავშირდება, არამედ ფილოსოფიური ცოფის ფორმაა, ჩიხის ფსიქოლოგიის პროდუქტი. პლატონოვი არ იყო ინდივიდუალისტი, პირიქით: მისი ცნობიერება მასობრიობითა და მომხდარის აბსოლუტურად იმპერსონალური ხასიათით იყო დეტერმინირებული. ამიტომაც მისი სიურეალიზმიც ზეპიროვნულია, ფოლკლორულია და გარკვეული თვალსაზრისით, ახლოსაა ანტიკურ (ანუ ნებისმიერ) მითოლოგიასთან, სიურეალიზმის კლასიკურ ფორმას რომ წარმოადგენს. აბსურდის ფილოსოფიის გამომხატველებად პლატონოვთან ეგოცენტრული ინდივიდუუმები კი არ გვევლინებიან, რომელთაც თავად ღმერთი და ლიტერატურული ტრადიცია ამარაგებს კრიზისული ცნობიერებით, არამედ ტრადიციულად უსულო მასა, და ამის გამო ეს ფილოსოფია უფრო დამაჯერებელი და თავისი მასშტაბითაც აუტანელი ხდება. კაფკასგან, ჯოისისგან, ან ვთქვათ, ბეკეტისგან განსხვავებით, თავიანთი "ალტერ ეგო"-ების სრულიად ბუნებრივ ტრაგედიებზე რომ მოგვითხრობენ, პლატონოვი ერის შესახებ გვიამბობს, რომელიც, გარკვეულწილად, თავის ენას შეეწირა მსხვერპლად, უფრო სწორად, თავად ენის ამბავს გვიყვება. ამ ენამ ფიქტიური სამყარო შექმნა, რის გამოც გრამატიკულ დამოკიდებულებაში გადავარდა.
მე მგონი, ამიტომაა შეუძლებელი პლატონოვის თარგმნა და გარკვეული თვალსაზრისით გაუმართლა კიდეც იმ ენას, რომელზედაც მას ვერ თარგმნიან. და მაინც, უნდა მივესალმოთ ამ ენის აღდგენის, ხელახლა შექმნის ნებისმიერ ცდას, ენისა, რომელიც დროის, სივრცის, თავად ცხოვრებისა და სიკვდილის კომპრომეტირებას ახდენს - უნდა მივესალმოთ არა "კულტურის" მოსაზრებათა გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ ენაზე ვლაპარაკობთ.
თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
© “არილი”

Friday, March 25, 2011

მალხაზ ხარბედია - ესმა ონიანის 100 ლექსი


გამომცემლობა “ინტელექტმა” სერიაში “100 ლექსი” ესმა ონიანის კრებული გამოსცა.
ესმა ონიანზე საუბრისას ვერასდროს ავუვლით გვერდს ერთ კითხვას, რომელიც თავის დროზე ძალზე ზუსტად ჩამოაყალიბა პოეტმა ნაზი კილასონიამ. ეს კითხვა, უფრო სწორად კი ვარაუდი, ასე ჟღერს – “შეიძლება ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია...”. ამ სიტყვების ტრაგიკული სიბრძნე ესმა ონიანის ცხოვრებას ბოლომდე გაჰყვა, განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს ხელახლა გვიწევს ამ გამორჩეული პოეტის წაკითხვა და აღმოჩენა.
გამომცემლობა “ინტელექტის” სერიაში, “100 ლექსი”, პოეტ რენე კალანდიას მიერ შედგენილი ესმა ონიანის კრებული კიდევ ერთი ნაბიჯია ამ პოეტის გაგებისკენ, რომელსაც სიცოცხლეში 4 კრებული ჰქონდა გამოცემული, მაგრაც ცოტა ვინმე თუ ამჩნევდა.
ესმა ონიანი 1938 წელს დაიბადა, დაამთავრა 23-ე ქალთა საშუალო სკოლა, შემდეგ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მას ყველა იცნობდა როგორც ფერმწერს, გარდა ამისა მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე, ტელევიზიაში, დამგმელ მხატვრად, 1968 წლიდან 1999 წლამდე, ანუ სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. ესმა ონიანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მისი დის, ირინა ონიანის ინიციატივით და რამდენიმე კერძო პირის დახმარებითა და მხარდაჭრით გამოვიდა მისი ლექსებისა და ესეების თითქმის სრული კრებული, ასევე ნახატების საკმაოდ მოზრდილი ალბომი, რის შემდეგაც ესმა ონიანის შემოქმედებამ, შეიძლება ითქვას, ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს კრებულიც ამ ახალი ცხოვრების ნაწილია და იგი პოეტის ოდნავ განსხვავებულ პორტრეტს გვიხატავს. ასეა პოეტ გიორგი ლობჟანიძისთვისათ, ვინაც ესმა ონიანის ლექსები პირველად ყმაწვილობისას წაიკითხა:
“ძალიან კარგია, რომ 100 ლექსის სერიით გამოვიდა ესმა ონიანის ლექსები. მე ადრეულ სიყმაწვილეში მქონდა წაკითხული ესმა ონიანის ლექსები და მაშინაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ვიგრძენი, რომ ნამდვილ პოეტთან მქონდა საქმე, მაგრამ ერთად შეკრებილი და ერთ წიგნში გაერთიანებული სულ სხვა სურათს გვაძლევს. ჩემს წინაშე აბსოლუტურად სხვა პოეტი წარდგა და მე ვიტყოდი ძალიან დიდი პოეტი, რომელიც უსამართლოდ დაუფასებელია ან არ არის ისე სათანადოდ დაფასებული როგორც მას ეკადრება”.
ესმა ონიანის, როგორც პოეტის დაფასებაზე თავის დროზე რეზი თვარაძეც წერდა: “ეს იყო სიმძაფრე, რომელიც ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა ანა კალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდეც ვერ აიტანა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონების და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალ ასეულათასიანი მკითხველის პოეტი”.
გარდა იმისა, რომ ესმა ონიანი ასეულათასიანი მკითხველის პოეტი არაა, იგი არც იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ადვილად შეიძლება ადგილი მიუჩინო. მისი პოეტური ყოფიერება კომფორტისთვის არაა, მისი, როგორც პოეტის არსებობა მუდამ კითხვებს სვამს, იგი გაურბის ყოველგვარ განსაზღვრულობას, სიცხადეს. გადახედეთ ესმა ონიანის ადრეულ ლექსებს და ნახავთ, უფრო სწორად, მოისმენთ და მიხვდებით თუ რამხელა ენერგია ჩადო ესმა ონიანმა თავისი ლექსის ჟღერადობაში. კითხულობ და ფიქრობ, რა საჭიროა ამდენი ალიტერაცია, ამდენი ბგერითი სავარჯიშო, მკვეთრი ხორხისმიერებისა თუ ბაგისმიერების ასეთი შეხამება, ერთგვარი თანხმოვნების ტანგო...
კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ესმა ონიანის ლექსებში საგნობრიობაა, ანუ საგნები, რომლებსაც იგი დიდი მონდომებით ალაგებს, თითქოს ნატურმორტის დასახატად:
“ჯერ ერთი არის აბსოლუტურად თვითმყოფადი პოეტი. მე ვერ გეტყვით უფრო პოეტია იგი თუ მხატვარი. იგი მხატვრობიდან არის გაზრდილი როგორც პოეტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მისი ყოველი ლექსი თითქოს ფერწერაშია ამოვლებული როგორც თათარაში ჩურჩხელა და საუკეთესო ნუგბარია მკითხველისათვის. ესმა ონიანი ძალიან თანამიმდევრული პოეტია, რაც აკლია ხოლმე პოეზიას ხშირ შემთხვევაში, იმიტომ, რომ პოეზია მაინც არის რეფლექსიაზე დამყარებული და პოეტი მუდმივად თავის განწყობებს ასახავს. ხოლო ესმა ონიანის ლექსებში ეს ყველაფერიც არის, რეფლექსია, განწყობილებაც, მაგრამ იგი მყარ ღერძზეა ასხმული, იმიტომ, რომ იგი მოაზროვნე პოეტია. ეს არის გულით მოაზროვნე პოეტი, რომელიც გვთავაზობს სამყაროს ისეთს, როგორსაც ის ხედავს და ეს სამყარო არის იმდენად გასხვავებული იმისაგან, რასაც აქამდე ვიცნობდით ქართულ პოეზიაში, რომ სწორედ ამით არის ესმა ონიანი ძალიან დიდი შემოქმედი ჩემთვის.”
ასევე უნდა ვახსენოთ ესმა ონიანის ნეოლოგიზმები და ურთულესი კომპოზიტებიც, რომელიც მის ლექსს განსაკუთრებულ სურნელს მატებს, მაგრამ მასთან მთავარი მაინც ხედვაა, გაელვებები, მეხსიერების ამონათებები, უბრალოდ ვიზიონები. თუმცა რაღა უბრალოდ, ვიზიონები და ხილვები უკვე საკმაოდ ბევრზე მეტყველებს. ესმა ონიანი სწორედ ამ ხილვებსა და გაელვებებს სწირავს ყველაფერს, რიტმსაც, რითმასაც, ოღონდაც ამ ნივთებმა ადგილი იპოვონ, ნივთებმა, რომლებიც ლექსებში იჭრებიან. ეს ნივთები, შეიძლება ითქვას, ანგრევენ ლექსს, ლექსის კანონიკას, მაგრამ სამაგიეროდ სწორედ ამ ე.წ. ნგრევით იშვება პოეზია.
ესმა ონიანთან ეროტიული ნაკადიცაა და მისი ეროტიული მეცნიერება ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობს, აქ შიშველი ნატურის ეროტიკაცაა, ზღმარტლისფერი ძუძუსთავებით, ოფლით და სხვა მიკროსკოპული დეტალებით და ამავდროულად რაღაც განმაღმრთობელი, მაღალი ეროსიც ჩანს. სწორედ ამიტომ, ესმა ონიანი ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ქალი პოეტიცაა XX საუკუნის ქართველ ქალ პოეტებს შორის:
“XX საუკუნეში სწორედ ესეთი ტიპის ქალი შემოქმედები იყვნენ საქართველოში, რომლებიც თავისთვის ჩრდილში იდგნენ და ჩუმად წერდნენ და გარდაცვალების შემდეგ უფრო გამოიკვეთა მათი მნიშვნელობა. შემიძლია გავიხსენო ბორენა ჯაჭვლიანი, რომელიც, მართალია აბსოლუტურად სხვა ტიპის პოეტი იყო, მაგრამ რაღაცით გავდა თავის ბედისწერაში ესმა ონიანს. და ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის ვალია, მე ვფიქრობ, დაინახოს, აღმოაჩინოს ბოლოს და ბოლოს ეს პოეტები და შეაფასოს და დააფასოს სათანადოდ”.
ახლა ვფიქრობ რომელი ფრაგმენტი, ან შედარება მოვიყვანო, რომ ესმა ონიანის ლექსი უცებ აფრიალდეს მკითხველის თვალწინ. ვფიქრობ და პირველად ეს სახე მახსენდება: “მამადავითის თეთრი ლებანი”, უზუსტესი შედარება, რომელსაც ადვილად გაითავისებს ყველა, ვისაც თბილისი ესმის და აკვირდება ამ ქალაქს. გარდა ამისა მახსენდება ესმა ონიანის ერთი დიდი ლექსი, “ისევ გადახვევები ოთხ ნაწილად”, სადაც 9 გვერდის მანძილზე მეორდება თითქოს ანაგრამებში შეფარული პოეტის სახელი, ესმა: “ნუთუ ეს მე ვარ?! ისევ მე ვარ?!... ისევ მოვსულვარ!... დავიფერფლები ისევ ამაში... ეს მე დავსცქერი... ეს მე მიგრძვნია...”.
ეს წიგნიც ხომ მთლიანად ესმა ონიანის ნაგრძნობთა ნაკრებია და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ ესმა ონიანი სწორედ ამ პოეტურ გრძნობებში და ხედვებში დაიფერფლა.
© radiotavisupleba.ge





Thursday, March 10, 2011

ჯაილზ ჰერვი - ბობ დილანი დაცემის შემდეგ


ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
სტატიაში მიმოხილულია ბობ დილანის შესახებ 2010 წელს გამოსული 2 წიგნი, Bob Dylan in America, by Sean Wilentz და Bob Dylan by Greil Marcus: Writings 1968–2010 , by Greil Marcus.
1.
თუ დავუჯერებთ შონ უილენცის ახალ წიგნს, ძალზე შთამბეჭდავსა და საინტერესოს (თუმცა საკმაოდ არაერთგვაროვანს), ბობ დილანი "ყველა სხვა ხელოვანზე უფრო ღრმად ჩასწვდა ამერიკის არსს". ეს მართებულია, რადგანაც დილანის სიმღერებში (დღეისათვის ის უკვე ხუთასამდე სიმღერის ავტორია) ხილულ ზედაპირზე ზმანებასავით ამოდის ჩვენთვის უცნობი, სრულიად სხვაგვარი, სიღრმისეული ამერიკა, მტვრიანი შარაგზებისა და სასაზღვრო ქალაქების, მიტოვებული მაღაროებისა და მონებით სავსე პლანტაციების ძველისძველი ქვეყანა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო მოქალაქეებად ავაზაკები, მაწანწალები, შულერები, თაღლითები, ვიჯილანტები და რელიგიური ფანატიკოსები გვევლინებიან.
უილენცმა, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ისტორიის დარგში, თვითონაც უდაოდ ძალზე ღრმა გამოკვლევები ჩაატარა: მის წიგნში ვხვდებით დილანის მუსიკას (ოცდათოთხმეტი სტუდიური ალბომი, დაწყებული 1962 წლის სადებიუტო ნამუშევრით, დამთავრებული წლევანდელი სახასიათო ალბომით "შობა ჩემს გულშია" - "Christmas in the Heart”) და ამერიკის ისტორიისა და კულტურის მრავალ მოვლენასა და პიროვნებას შორის სიღრმისეული კავშირების - მიწისქვეშა გვირაბების - მთელ სისტემას. უილენცის მიერ არჩეულ კვლევის მეთოდს გარკვეულწილად გამოხატავს წიგნის ეპიგრაფად აღებული სიტყვები, რომელიც უიტმენს ეკუთვნის: "მხოლოდ ორიოდ მინიშნება - ორიოდ განბნეული, ბუნდოვანი განმარტება და თვალის ახვევა..." დილანის შემოქმედებას უილენცი განიხილავს, როგორც მინიშნებებისა და მითითებების წყებას, რომელსაც მგზნებარე დაჟინებით მიჰყვება.
საყოველთაოდ ცნობილია ბობ დილანზე ვუდი გათრის გავლენა. ბევრად უფრო იშვიათად საუბრობენ იმ გავლენაზე, რაც მასზე აარონ ქოუპლენდმა მოახდინა, ვის ცნობილ კომპოზიციასაც, სახელწოდებით “Hoe-Down” (ბალეტიდან "როდეო"), დილანი 2001 წლიდან მოკიდებული თავისი კონცერტების პრელუდიად იყენებს. უილენცი ამ ფაქტთან დაკავშირებით იწყებს გაცხარებულ მსჯელობას 1930-40-იანი წლების ნიუ-იორკის მემარცხებე მუსიკალური გარემოს თაობაზე. სწორედ ამ პერიოდში ქოუპლენდი დაუახლოვდა მუსიკათმცოდნესა და კომპოზიტორს, ჩარლზ სიგერსა და მის მეორე ცოლს, კომპოზიტორ რუთ ქროუფორდ სიგერს. სიგერი თავის კოლეგა ჯონ ლომექსთან ერთად კონგრესის ბიბლიოთეკის ბაზაზე ამერიკული ფოლკ-სიმღერის არქივის შედგენაზე მუშაობდა. სიგერისა და ლომექსის მეშვეობით ქოუპლენდმა აღმოაჩინა დიალექტზე დაწერილი მუსიკის ვრცელი და საინტერესო სფერო და მისი შემოქმედებითად ათვისებაც დაიწყო ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა "ლინკოლნის პორტრეტი" (1942) და "აპალაჩური ზაფხული" (1944) - Lincoln Portrait, Appa lachian Spring.
"როდეოში" შესული კომპოზიციის “Hoe-Down” შექმნისას ქოუპლენდმა გამოიყენა ვიოლინოს პარტია ძველი ქანთრის სტილის სიმღერიდან "ბონაპარტის გადასახლება" (Bonaparte’s Retreat), რომელსაც უსასრულო ვარიაციებით სრულიად ახალი ჟღერადობა მიანიჭა. ამ პროცესში უილენცი ხედავს თავად დილანის შემოქმედებითი სტილის წინაპირობას. მისი აზრით, ორივე მისიკოსი ხარბად ისრუტავდა გასული ეპოქების ამერიკული ხალხური მუსიკის ნიმუშებს... საკუთარ ნამუშევრებში ისინი გარდაქმნიდნენ ამ მუსიკას და ისეთ შემოქმედებით და სიმბოლურ დონემდე აჰყავდათ, რასაც წმინდა ფოლკლორისტები ვერასოდეს აღწევდნენ.
დილანი დაიბადა 1941 წელს დელუთში, მინესოტას შტატში, ის გახლდათ მეორე თაობის საკმაოდ შეძლებული ემიგრანტების რუსულ-ებრაული ოჯახის უფროსი ვაჟი. თავისი თაობის მრავალი მოუსვენარი და იმედგაცრუებული წარმომადგენლის მსგავსად, დილანმაც თავდაპირველად გვიანი ორმოცდაათიანი წლების ტრადიციული ფოლკ-სიმღერების მდიდარი საგანძური გადასინჯა და დაასკვნა, რომ ის რადიოთი მოსმენილი როკ-ნ-როლი, რომელსაც სიყმაწვილეში ერტფოდა და რომლის მწირი თემატიკა მოზარდთა ჰედონიზმითა და გულგატეხილობით შემოიფარგლებოდა, "ვერანაირად ვერ ქმნიდა ცხოვრების რეალისტურ სურათს". სრულიად საპირისპირო როლს ასრულებს ფოლკ-სიმღერებიო, წერს დილანი თავის გულისამაჩუყებლად უწესრიგო და მოურიდებელ მოგონებათა წიგნში, სახელწოდებით "ქრონიკა" (2004). ეს სიმღერები მოგვითხრობს გახრწნილი ბუტლეგერებისა და იმ დედების შესახებ, საკუთარ შვილებს წყალში რომ ახრჩობენ, აქ გვხვდება ძველისძველი კადილაკები, ერთ გალონ საწვავზე მხოლოდ ხუთ მილს რომ გადის, წარღვნები, მთავრობის რეზიდენციის ხანძარი, წყვდიადი და მდინარის ფსკერზე ჩაძირული გვამები... დილანის თქმით, ამ სიმღერებს ტკბილსა და გულკეთილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და სწორედ მათ გაუკვალეს გზა ახალგაზრდა მუსიკოსს სინამდვილის სრულიად ახლებური ხედვისაკენ, თავისი ქვეყნის უფრო უშუალო, თავისუფალი აღქმისაკენ. შესაძლოა, ამ განსხვავებული უშუალო სინამდვილის შეცნობისას საუკეთესო მეგზურად მუსიკათმცოდნე და კრიტიკოსი გრაილ მარკუსი უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ ახლახანს მოყვანილი გამონათქვამის შემდეგ დილანი თავის წიგნში სწორედ მას მოიხსენიებს, თანაც, დიდი აღფრთოვანებით. მარკუსის წიგნი "ძველი, უცნაური ამერიკა: ბობ დილანის სარდაფის ჩანაწერების ხანა" ოსტატურად და ხატოვნად დაწერილი კულტუროლოგიური გამოკვლევა გახლავთ, რომელშიც გავლებულია მრავალი პარალელი დილანის მუსიკასა და ისეთ კლასიკურ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც შესულია ჰარი სმიტის "ფოლკ-მუსიკის ანთოლოგიაში" (1952) თუ ჟარგონული სიმღერების სამი ორმაგი ფირფიტისაგან შემდგარ, ლეგენდად ქცეულ კრებულში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების გასაყარზე ფოლკის აღორძინების მნიშვნელოვან წინაპირობად იქცა. "ანთოლოგიამ" დილანს, ერთი მხრივ, მუსიკის ისტორიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ კი შეასრულა სოციალური და პოლიტიკური მოვლენების მატიანეს როლი, თუმცა ეს მოვლენები სიმღერებში ხშირად სახეცვლილი და დამახინჯებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მარკუსი მოგვითხრობს, მრავალი სიმღერა "უშუალოდაა გადახლართული ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენასთან", - "თეთრი სახლის ბლუზი" პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობას ეძღვნება, ხოლო სიმღერა "ჯონ ჰარდი თავზეხელაღებული კაცი იყო" დასავლეთ ვირჯინიაში მცხოვრები რკინიგზელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბანქოს თამაშისას ჩადენილი მკვლელობის გამო ჩამოახრჩვეს, - მაგრამ ამ სიმღერებს ისტორიულ დრამებს მაინც ვერ ვუწოდებთ. უფრო მართებულია ამგვარი აზრი: "ეს სიმღერები ყველასათვის ცნობილ ისტორიულ მოვლენებს, ომებსა თუ არჩევნებს, ეროვნულ მითოსად აქცევს, სადაც ვნება და სასჯელი, ცოდვა და იღბალი, ხუმრობა და შემზარავობა ერთმანეთშია გაზავებული." დილანმა "ანთოლოგია" პირველად 1959 წელს მოისმინა, როდესაც, კოლეჯიდან ახლად გარიცხული, მინესოტას უნივერსიტეტის კაფეებში ტრიალებდა. მარკუსი გვაცნობებს, რომ "ეს კრებული დილანისათვის მისი სახელმწიფოს პირველ რუკად იქცა, რაც კი რეალურად აღიქვა და რამაც ერთბაშად აუხილა თვალი". მაგრამ ამ სახელმწიფოს ხედვაში დილანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
2.
წელს, ეგრეთ წოდებული "პატივისცემის აღდგენის" მიტინგის, ამ შემაშფოთებელი ალარმიზმისა და ცრემლიანი თვალთმაქცობის ზარზეიმის დღეს, გლენ ბეკი ლინკოლნის მემორიალის საფეხურებზე იდგა და შეერთებული შტატებისათვის ხოტბის შესასხმელად ბრტყელ-ბრტყელ, გაცვეთილ, შემზარავად ატავისტურ სიტყვებს არ იშურებდა. ბეკის გამოსვლა დაგვირგვინდა ფოლკ-მუსიკის კონცერტით "მშვენიერი ამერიკა", რომელშიც ცნობილი ვარსკვლავები, ჯონ რიჩი და ჯო დი მესინა მონაწილეობდნენ. ხოლო ზუსტად ორმოცდაშვიდი წლით ადრე, 1963 წლის 28 აგვისტოს, იმავე მემორიალის სიმაღლიდან მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა წარმოსთქვა თავისი გახმაურებული სიტყვა "ჩემი ოცნება". კინგის გამოსვლის წინ მიკროფონებით დახუნძლული ტრიბუნიდან ახალგაზრდა ბობ დილანმა შეასრულა თავისი ახლადშექმნილი კომპოზიცია "მხოლოდ პაიკი ხარ მათ თამაშში" (“Only a Pawn in Their Game”). მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოცდაორი წლის იყო, დილანმა იმ დროისათვის უკვე დაიმკვიდრა თავი აღორძინებული ფოლკის მოწინავე ფიგურად, როგორც შემოქმედებითი, ისე მორალური თვალსაზრისით, რადგანაც მისი ნამუშევრები "გვიჩვენებს ერის იმ ნაკლოვანებებს, მანამდე მუდამ სათნოებებად რომ მიგვაჩნდა", როგორც ამას მარკუსი გამოთქვამს თავის ახალ წიგნში, თავისუფალი, ჟურნალისტური სიცხადით რომ აჯამებს ჩავლილი ორმოცი წლის გამოცდილებას.
სიმღერა მიეძღვნა მისისიპის შტატში შავკანიანთა გაერთიანების ეროვნული ასოციაციის დამაარსებელს მედგარ ივერსს, რომელიც სამი თვით ადრე, 12 ივნისს, კუკლუსკლანელმა ბაირონ დე ლა ბექვიტმა მოკლა. ამ ფაქტისადმი დილანის მიდგომა, ისევე, როგორც გადაწყვეტილება, სწორედ ამ სიმღერით მიეღო მონაწილეობა ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, დილანის დახვეწილი ზნეობრივი წარმოდგენებისათვის დამახასიათებელია. ის არავის არაფრისაკენ არ მოუწოდებს, არ ქადაგებს, მსგავსად, თუნდაც ფილ ოქსისა, რომლის პათეტიკური და საკმაოდ ბანალური სიმღერა "მედგარ ივერსის ბალადა" იმავე წელს დაიწერა და მალევე დავიწყებას მიეცა. დილანი ურჩევს მსმენელებს, შეიკავონ ბრაზი და იმას დაუფიქრდნენ, თუ როგორ ჯობს ამ მღელვარების პროდუქტიული შედეგისაკენ წარმართვა. თავისი მონოტონური, ოდნავ ხრინწიანი ხმით, სხვათა შეგონებების სმენით დაღლილი დილანი მღეროდა:
"სამხრეთელი პოლიტიკოსი ასე არიგებს ჭკუას ღარიბ თეთრკანიანს:
- ზანგებს სჯობიხარ, თეთრი კანით ხარ გაჩენილი,
მათზე მეტი გაქვს, საწუწუნო არაფერია!"
შავკანიანის სახელი კი გამოიყენეს
პოლიტიკოსებმა, ეს ხომ ცხადია,
საკუთარი გამორჩენისთვის,
დიდებაც მათ ერგებათ,
ღარიბი კი ისევ მატარებლის კუდში დარჩება.
რას იზამ, ძმაო, მათ თამაშში მხოლოდ პაიკი ხარ!"
ღარიბ თეთრკანიანს ფულის გარდა თანაგრძნობისა და სიმპათიის დანაკლისიც სტანჯავს. ამის თქმას გარკვეული ზნეობრივი გამბედაობა სჭირდებოდა, მით უმეტეს - უშუალოდ ივერსის მკვლელობის შემდგომ. მაგრამ დილანის სიმღერა, ამავე დროს, ძალზე ნატიფად, ქვეტექსტურად ეხმიანება კინგის მიერ წარმოთქმულ სიტყვას.
სამოციან წლებში დილანს სასტიკად აღიზიანებდა ფოლკ-მუსიკოსთა წრეში რელიგიურად განწყობილ მემარცხენე პოლიტიკოსთა მოზღვავება (ამგვარ პოლიტიზირებულ ფოლკ-მუსიკასა და მის წარმომადგენლებს დილანმა ერთ-ერთ მაშინდელ - ნაწილობრივ ძალზე ბუნდოვან - ინტერვიუში "გაზულუქებული ადამიანების ჯგუფი" უწოდა). ამის შედეგად ის უფრო რთული და სხვებისაგან გამორჩეული სიმღერების წერას იწყებს, რომლებიც პოლიტიკურ მოვლენებს ადრინდელზე უფრო ნაკლებ თვალშისაცემად უკავშირდება. მათში ვეღარ ნახავთ ქვეყნის ორ ნაწილად ცალსახა დაყოფას მორალური ნიშნით: ერთი მხრივ, იარაღით მოვაჭრეები, კორუმპირებული პოლიტიკოსები, სამხრეთელი რასისტები და მეშჩანური ბურჟუაზული საზოგადოება და, მეორე მხრივ, უქონელი, ჩაგრული ღატაკები და გიტარიან-ტუჩის გარმონიანი მოხეტიალე მუსიკოსები. ამ სიმღერებში აღარ ისმის შეკითხვა, რომლითაც ფლორენს რისმა 30-იან წლებში თავისი საპროტესტო სიმღერა დაასათაურა: "შენ ვის მხარეზე ხარ?" ამის საპირისპიროდ დილანი იწყებს აბსურდული ზმანებებით სავსე კომპოზიციების შექმნას, სადაც ტრადიციული ფოლკის უხეშ, უკანონო ამერიკას ერწყმის ისტორიიდან, ლიტერატურიდან, ლეგენდებიდან, ბიბლიასა და სხვა წყაროებიდან ნასესხები, სიურრეალისტურად დანახული სურათ-ხატები.
დილანის მიღწევები დიდია და ორიოდ სიტყვით მათი განსაზღვრა ძნელდება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უდაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ მან იქამდე გააფართოვა შერჩეული მუსიკალური ფორმის საზღვრები, რომ, ჯოზეფ კორნელის "მუსიკალური ყუთების" მსგავსად, მასაც შეეძლო, ოთხწუთიან სიმღერაში აბსოლუტურად ყველაფერი მოეთავსებინა, რაც მოცემულ მომენტში მოეხასიათებოდა. მანამდე არც ერთ სხვა მუსიკოსს არ მოსვლია აზრად ერთი სიმღერის ფარგლებში მოექცია პოლ როვერის ცხენი, ბელ სტარის აჩრდილი, მფატრავი ჯეკი, კომერციის სამთავრობო პალატა, იოანე ნათლისმცემელი, გალილეის წიგნი მათემატიკის შესახებ, დალილა, სესილ დევილი, მა რეინი, ბეთჰოვენი და ეროვნული ბანკი, არადა, სწორედ ამას სჩადის დილანი თავის სახუმარო ფანტასმაგორიაში "საფლავის ბლუზი" (“Tombstone Blues”, 1965), რომელიც მისი იმდროინდელი შემოქმედების ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს.
"ანთოლოგიაში" ასახული ამერიკის მსგავსად, დილანის სამოციანი წლების სიმღერების ამერიკაც ("მიწისქვეშეთის ნოსტალგიური ბლუზი", "დაგორებული ქვის მსგავსად", "გამხდარი კაცის ბალადა", "უსასოობის ქუჩა", "ჯოანას ხილვები" —”Subterranean Homesick Blues,” “Like a Rolling Stone,” “Ballad of a Thin Man,” “Desolation Row,” “Visions of Johanna”) არა იმდენად სანდო ისტორიულ ქრონიკად წარმოგვიდგება, რამდენადაც მრავალსახოვან კოშმარად, რომლიდან გამოფხიზლებასაც დილანი ყოვლად უშედეგოდ ცდილობს. დროდადრო ღვარძლიანი სოციალური კრიტიკა მაინც აშკარად გამოსჭვივის დილანის სიურრეალისტური ტექსტების ქსოვილის მიღმა. მაგალითისათვის ეს ფრაგმენტიც კმარა:
"ფილისტიმელთა ხელმწიფე თავის ჯარისკაცთა გადასარჩენად
ყბის ძვლებით ამკობს და ალამაზებს მათ სამარეებს,
ჭრელსამოსიან მესტვირეებს ციხეში ამწყვდევს
მონებს ასუქებს და შემდეგ მათ ჯუნგლში აგზავნის..."
("საფლავის ბლუზი")
- ამ სიტყვების გაგონებისთანავე აუცილებლად იფიქრებ ლინდონ ჯონსონზე, დეზერტირების დაპატიმრებასა და იმაზე, რომ ვიეტნამში გაწვეულ ამერიკელ ჯარისკაცთა შორის არაპროპორციულად დიდ პროცენტს აფრო-ამერიკელები შეადგენენ. თუმცა, ამ სიმღერებში ასახული ამერიკა მეტწილად მაინც კალიპსოს კუნძულისა და ლუის ქეროლის სარკისმიღმა ქვეყნის რაღაც ნაზავია; ესაა არამდგრადი ზედაპირებისა და სრულიად შემთხვევითი, ახირებული ცვლილებების ადგილი, სადაც ერთდროულად სუფევს ძრწოლის, შებოჭილობისა და ნიჰილისტური ლხინის განწყობილება. "ოო, მეძველმანე წრეებს უვლის კვარტალს", - ასეთი იდუმალი დასაწყისი აქვს დილანის სიმღერას "ბრბოს შევერიე ისევ მემფისის ბლუზის ჰანგებში" (“Stuck Inside of Mobile with the Memphis Blues Again”), ის ბგერებს წელავს და არც მომდევნო სტროფების შინაარსს შემოაქვს რაიმე სიცხადე ჩვენს აღქმაში:
"მას შევეკითხებოდი, თუ რაშია საქმე,
მაგრამ ვიცი, ის არ ლაპარაკობს,
და ქალბატონებიც კეთილად მექცევიან
და ბაფთებით მამკობენ,
მაგრამ გულის სიღრმეში
ვიცი, რომ თავს ვერ დავაღწევ".
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარ სიმღერას დილანის სიტყვების გარდა თავისებურ განწყობას უქმნის რობი რობერტსონის გიტარის სპაზმები და ელ კუპერის მიერ ორღანზე დაკრული ექსცენტრული მელოდია.
არაერთი კომენტატორი შენიშნავს, რომ დილანი თავისთავად საშუალო დონის ინსტრუმენტალისტია; ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მოვისმინოთ მისი არითმული, არათანაბარი აკორდები სიმღერებში "დაგორებულ ქვასავით" და "საფლავის ბლუზი", ან ზოგიერთ ადრეულ საკონცერტო ჩანაწერში ჰარმონიკის მეტიმეტად მჭახე ხმას. მის ხრინწიან ვოკალთან ერთად ყველა ეს წუნი აშკარა უხეშ ჟღერადობას ანიჭებს სამოციანი წლების მის მძლავრ ტრიპტიქს - "ყველაფერს დავაბრუნებ" (1965), "სამოცდამეერთე შოსეზე დაბრუნება" (1965) და "ქერა და ქერა" (1966) - Bringing It All Back Home, Highway 61 Revisited, Blonde on Blonde; ეს გამომწვევი, ცეცხლოვანი კომპოზიციები მკვეთრად გამოირჩეოდა იმ ეპოქის ლბილი, ხავერდოვანი პოპ-მუსიკის ფონზე.
ამავე დროს, დილანს უზარმაზარი ვალი მიუძღვის იმ მუსიკოსთა წინაშე, ვინც წლების მანძილზე მონაწილეობდა მისი ალბომების ჩაწერაში. "სამოცდამეერთე შოსეზე დაბრუნებას" ბევრი დააკლდებოდა პოლ გრიფინის მაცოცხლებელი ფორტეპიანოს გარეშე, კაფეებისა და დუქნების განწყობილება რომ შემოაქვს აგრეთვე ისეთ სიმღერებში, როგორიცაა "მიახლოვებით დედოფალი ჯეინი" და "ძნელია სიცილი, ტირილი კი უფრო ძნელია" - “Approximately Queen Jane”, “It Takes a Lot to Laugh, It Takes a Train to Cry”. "ჯონ უესლი ჰარდინგის" (1967) შემაშფოთებელი ეფექტი (ერთდროულად უდარდელიც და სამგლოვიაროც, თამამიც და გაუბედავიც) დიდწილად კენი ბატრის დასარტყმელი იმსტრუმენტებისა და ჩარლი მაკკოის ლაღი ბასგიტარის დამსახურება გახლავთ, რომლებიც ენერგიასა და სიცოცხლეს მატებს დილანის ნელ ვოკალსა და აკუსტიკურ გიტარას. დისკი "სარდაფის ჩანაწერები" (1967-ში ჩაწერილი, მაგრამ მხოლოდ 1975 წელს გამოშვებული) აგრეთვე სულ სხვაგვარი იქნებოდა რიკ დენკოს, გართ ჰადსონის, რიჩარდ მანუელის, რობი რობერტსონისა და ლევონ ჰელმის აკომპანიმენტის გარეშე.
სწორედ ეს მუსიკალური ფონი გახდა დილანის თაყვანისმცემელთა შეშფოთებისა და გაუცხოების მიზეზი, როდესაც მან 1965 წელს პირველად დაიწყო ჯგუფთან ერთად გამოსვლა. ფოლკის აღორძინების მომხრეებს როკ-ნ-როლი კომერციულ ავანტიურად მიაჩნდათ, ამიტომაც დილანის ამ ახალ არჩევანს აღშფოთებით შეხვდნენ და მომდევნო წლის ხანგრძლივი ტურის მანძილზე ყველგან სტვენითა და დაცინვით ეგებებოდნენ. არადა, უილენცი ხაზს უსვამს იმას, რომ დილანმა თავისი შემოქმედებით დიდება შეჰმატა ფოლკ-მუსიკას, მის მითოსს, მის ამბივალენტურობასა და ქაოტურობას. მართლაც, ფოლკის აღორძინების მოძრაობა ძველი დროის მუსიკაში, უპირველეს ყოვლისა, უბრალოებასა და შეურყვნელობას აფასებდა და ამ ფონზე დილანის უეცარი შემობრუნება სურრეალიზმისა და ელექტრპნული საშუალებებისაკენ შეიძლება ფოლკის უფრო ძირეული, ველური და შეუპოვარი სულისკვეთების გაცოცხლებადაც კი აღვიქვათ.
არსებობს მარტინ სკორსეზეს 2005 წელს შექმნილი დოკუმენტური ტილო "შინ წასასვლელი გზა აღარ არის", სადაც ახალგაზრდა პირქუში ბრიტანელების ხროვა 1966 წელს დილანის ერთ-ერთი ელექტრული კონცერტის შემდეგ გარეთ გამოლაგდა და უკმაყოფილება გამოთქვა, აქ ბობ დილანის მოსასმენად მოვედით და არა რაღაც პოპ-ჯგუფისაო. ამის პასუხად ხალხიდან ვიღაცამ გასძახა: "ამისთანა პოპ-ჯგუფს, დამიჯერე, ბევრს ვერ ნახავ!"
3.
ორივე ახალი წიგნი ძირითადად ეხება დილანის კარიერის ხანგრძლივ პოსტკრიზისულ ფაზას, რომელიც დაიწყო 1966 წლის 29 ივლისს, როცა დილანი მოტოციკლეტით მგზავრობისას ავარიაში მოჰყვა. ცხადია, მას მერე არაერთი განსაცვიფრებელი ალბომი ჩაწერა, - საკმარისია, დავასახელოთ "სარდაფის ჩანაწერები", "ჯონ უეზლი ჰარდინგი" და "სისხლიანი კვალი" - Blood on the Tracks (1975), მაგრამ მიყოლებით, რამდენიმე წლის მანძილზე, 1971-1975 და 1978-1989 წლებში მისი შემოქმედება ძირითადად სპირალის მოდელით ვითარდებოდა, ანუ ამ პერიოდებში შექმნილი ალბომები საკმარისად უღიმრამო ნამუშევრებს შეიცავს. მარკუსის წიგნის ერთ-ერთი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ამ კრიზისული პერიოდის ჟურნალისტური კვლევისას ის მწარე სინანულით აღწერს დილანის თითოეულ შემოქმედებით მარცხს.
"ეს რა ჯანდაბაა?" - ამ ცნობილი და სრულიად გამართლებული შეძახილით იწყება მისი კრიტიკული რეცენზია დილანის "ავტოპორტრეტზე" (1970); ეს ალბომი წარმოადგენს სტუდიური ამონარიდების, განმეორებული ჰიტებისა და ზედაპირული ქავერების წყალწყალა და არაფრისმთქმელ ნაკრებს, რომელიც მისი გამოქვეყნებისთანავე არტისტულ სერიოზულობაზე უარის თქმად იქნა მიჩნეული. მარკუსი გულისტკივილით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალბომი სრულიად დაცლილია დინამიზმისა და ფანტაზიისგან და შემდეგ შენიშნავს, რომ, თუკი დილანი მომავალში მეტი პროფესიონალიზმის შეგრძნებითა და საკუთარი ნიჭისადმი მოწიწებით არ დაუბრუნდა მუსიკალურ ბაზარს, მის ჩანაწერებში დომინანტური როლი სამუდამოდ დარჩება მის სამოციანი წლების ნამუშევრებს, იმისგან დამოუკიდებლად, გამოუშვებს თუ არა მომავალში რაიმე ახალს. ეს წინასწარმეტყველება გამართლდა კიდეც: წლებმა გაიარა და დილანი საკუთარი ლეგენდის ტყვეობაში აღმოჩნდა.
დილანის ძალზე დაძაბული, მყვირალა საკონცერტო ალბომის, "კოკისპირული წვიმის" - Hard Rain (1976) თაობაზე მარკუსი წერს: "თავისთავად დილანის სცენაზე ხილვა უკვე ზედმეტს ხდიდა მუსიკალური დონის შესახებ ყოველგვარ შეკითხვას" (ამას შეიძლება შევადაროთ ის, რასაც მარკუსი წერს თავის პირველ, სამაგისტრო ნაშრომში "იდუმალი მატარებელი" სამოცდაათიან წლებში უკვე მოსუქებული ელვისის კონცერტების შესახებ: "ელვისი აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე იმდენად წარმატებულად განასახიერებს საკუთარ მითოსს, რომ არანაირი მუსიკალური ინდივიდუალობა აღარ რჩება და აღარც სჭირდება"). თვით მარკუსი სრულიადაც არ უფრთხის მუსიკალური დონის შესახებ საკითხის დასმას: "დილანი აღარ მღერის, - უფრო ზმუის", - ასე ახასიათებს კრიტიკოსი მის ხმას ალბომში "კოკისპირული წვიმა", - "და თავისი კარიერის მანძილზე პირველად სულელურ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე". ოდნავ ქვემოთ ის დილანის ვოკალს არც თუ უსამართლოდ "მომაკვდავი ცხენის ხრიალს" ადარებს.
შემდეგ, დილანის ალბათ ყველაზე სუსტ დისკზე, შელამაზებულ და დავარცხნილ "Empire Burlesque"-ზე (1985) საუბრისას მარკუსმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი თავის სათაყვანებელ გმირზე. მისი თქმით, მომღერალი "გაბზარული კასრის ხმით აფრქვევს სიბრძნეებს" და "იმ ახირებულ კაცს ჰგავს, რომელსაც სურს დაგვარწმუნოს, აქაოდა, ცხოვრებაში ყველაფერი ნანახი მაქვსო, სინამდვილეში კი იმის თქმა სურს, რომ ნანახით ძალზე უკმაყოფილოა". ამგვარი გამონათქვამები მარკუსს ნიჭიერ კრიტიკოსად წარმოგვიჩენს: განსაკუთრებული მჭევრმეტყველებისა და ხატოვანების უნარი საშუალებას აძლევს, სიტყვებით უზუსტესად გამოთქვას მოსმენილი მუსიკისაგან მიღებული შთაბეჭდილება (სხვაგან ის მარჯვედ ახასიათებს სიმღერის "ქერა და ქერა" ჟღერადობას: "გეგონებათ, კაცი მთვრალივით მოტორტმანე ნავში ფეხზე წამოდგომას ცდილობდეს და ეს მას წუთით გამოსდიოდეს კიდეც"). მარკუსის შეუწყნარებლობა აღფრთოვანებას იწვევს: მან კარგად იცის, რომ თუ დილანს უმაღლესი შემოქმედებითი სტანდარტებით არ მიუდგა, ეს მუსიკოსის შეურაცხყოფის ტოლფასი იქნება. "Empire Burlesque"-ს განხილვისას ის სინანულით გაჰყურებს სამოციანი წლების ტრიუმფებს და ამბობს, მაშინ დილანს ისტორიასა და აწმყოში ედგა ფესვები, მისი ამჟამინდელი მუსიკა კი მოწყვეტილიაო ყოვემგვარ ნიადაგს.
ოთხმოცდაათიან წლებში ძველ გავლენებში ჩაძიებამ დილანი ძველი ფოლკისა და ბლუზის ნიმუშებთან დააბრუნა, რომელთა ნაწილიც, - ”Love Henry,” “Stackalee,” “Frankie and Albert” - ჯერ კიდევ სამი ათწლეულის წინათ გაიცნო "ამერიკული ფოლკ-მუსიკის ანთოლოგიის" წყალობით. ამის შედეგად შექმნილ დისკებს "შენთვის კარგი ვიყავი" (1992) და "გაუკუღმართებული სამყარო" (1993) - Good As I Been to You, World Gone Wrong, რომლებაც გამოსვლისთანავე თითქმის არავითარი ყურადღება არ რგებია და სამუდამოდ ჩაიმარხა დილანის დისკოგრაფიაში, მარკუსიც და უილენციც მისი კარიერის კარდინალური შემობრუნების ეტაპად მიიჩნევენ. ოთხმოციანი წლების დიდი ნაწილი დილანმა ისეთი მუსიკის წერას მოანდომა, მხოლოდ იმწუთიერ მოთხოვნას რომ ასრულებდა, ახლა კი კვლავ იმ სტილს დაუბრუნდა, რაც მის დაბადებამდე უკვე რამდენიმე თაობისათვის იყო ცნობილი.
დილანის ვარსკვლავის ხელახალი აღმავლობა დაიწყო მომდევნო წლების ალბომებით "დრო გონებიდან ამომივარდა" (1997) და "სიყვარული და ქურდობა" (2001) - Time Out of Mind, Love and Theft. ორივე დისკი მთლიანად ორიგინალური სიმღერებისაგან შედგება, მაგრამ, ამასთან, აქ თვალშისაცემად ჭარბობს ძველი დროის მუსიკისაგან ნასესხები გიტარის აკორდები, მელოდიები თუ ტექსტები: ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "ცოტა ხანს იტირე" - Cry a While (უილენცი შენიშნავს, რომ მისი მელოდია ჰგავს ჯგუფ "Mississippi Sheiks"-ის 1930 წლის სიმღერას "შეჩერდი და ბლუზს უსმინე") და "მისისიპი" (რომლის მისამღერიც აღებულია ძველი ხალხური სიმღერიდან "როზი") დილანი, სხვადასხვა წყაროებიდან გათავისებული მოტივებით ისე იწონებს თავს, როგორც არასოდეს. მისი ვოკალიც მემკვიდრეობითობით დაიტვირთა: "გაბზარული კასრის" ნაცვლად, ახლა ერთგვარ ტკბილხმოვან ხროტინად იქცა, რომელიც ხან ბლუზმენ ჩარლი პეტონის ხმას მოგვაგონებს, ხანაც - დინ მარტინის თუ ფრენკ სინატრას მსგავსი საესტრადო მომღერლებისას. დილანმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, თუ რაშია მისი ნიჭის საიდუმლო: უილენცის თქმით, ესაა "თანადროულად რამდენიმე ეპოქაში წერისა და სიმღერის უნარი".
უილენცი დილანის შესახებ ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ მისი პროზა ხშირად გაუმართავი და უღიმღამოა, მას არ შეუძლია მუსიკის ისეთი სიზუსტით დახასიათება, როგორც ამას მარკუსი აკეთებს. მის წიგნს "ბობ დილანი ამერიკაში" ზოგან კრიტიკული მიუკერძოებლობაც აკლია. უილენცი 2001 წლიდან მოყოლებული ასრულებდა "კარის ისტორიკოსის" როლს მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.bobdylan.com), სადაც პირველად გამოქვეყნდა წიგნის ზოგიერთი თავი. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ უილენცის კომენტარი, განსაკუთრებით, დილანის ბოლოდროინდელ ნამუშევრებთან დაკავშირებით, არაობიექტური კეთილგანწყობითაა გაჯერებული. ხშირად გვხვდება ასეთი სახის მსჯელობა:
"მას მერე, რაც კრიტიკამ 2001 წელს უმაღლესი შეფასება მისცა მის ალბომს "სიყვარული და ქურდობა", დილანმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ახალ-ახალი ნამუშევრების გამოშვება, თითქოს შთაგონების ძალამ აიტაცაო. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ის ყოველწლიურად ქმნის მნიშვნელოვან ნამუშევრებს და დროის ამავე მონაკვეთს ეკუთვნის ორიგინალური მუსიკის ორი ალბომიც; აგრეთვე მიჰყავს რადიოგადაცემა, რომელსაც ორიგინალურობით ჩვენს ეთერში ბადალი არ მოეძებნება. მთელი ამ ხნის მანძილზე ატარებს წელიწადში საშუალოდ ასზე მეტ, მინიმუმ ოთხმოცდაჩვიდმეტ კონცერტს: არნახულად დამქანცველი განრიგი დილანის დონისა და პოპულარობის მქონე მუსიკოსისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მან უკვე სამოც წელს გადააბიჯა".
ასეთი ყბადაღებული აღფრთოვანება არავის სჭირდება თვით დილანის გარდა, ვინც ამჟამად დაფნაზე განისვენებს და ნიღაბივით იფარებს მისკენ ყოველმხრივ მიმართულ ჰაგიოგრაფიულ პროექციებს, - ისეთს, როგორიცაა თოდ ჰეინზის მლიქვნელური ბიოგრაფიული ფილმი "მე იქ არ ვარ" (2007) ანდა დილანოლოგიის სხვა ახალ-ახალი ნიმუშები, განუწყვეტლივ რომ ჩნდება კინოსა და ლიტერატურის ბაზარზე.
ორივე წიგნი მართებულად შენიშნავს დილანის პარადოქსულ უნარს, იყოს, ერთი მხრივ, უღიმღამო და არაფრით გამორჩეული, მეორე მხრივ კი მოუხელთებლად უნიკალური; ერთი მხრივ, თითქოს ტრადიციის უსასრულობაშია განზავებული, მეორე მხრივ, თავისი განსაკუთრებული ემოციურობით თავის ინდივიდუალობას ანიჭებს და ბრენდად აქცევს ყველაფერს, რასაც კი მიეკარება, - იქნება ეს თორმეტტაქტიანი ბლუზი თუ სხვისი ტექსტი. თავისი წიგნის შესავალში მარკუსი იხსენებს, თუ როგორ დაესწრო პირველად დილანის კონცერტს 1963 წლის ზაფხულში, "ნიუ ჯერსის ერთ მინდორზე". მის მიერ შესრულებულ სიმღერებს შორის იყო "ღმერთი შენს მხარესაა" - With God on Our Side, რომელიც ასე იწყება:
"ო, ჩემი სახელი არაფერს ნიშნავს,
ასაკი კიდევ უფრო ნაკლების მთქმელია..."
მარკუსი წერდა, დილანი "უასაკო, ანონიმურ ფიგურად წარმომიდგა, იგი ისეთივე ჩვეულებრივი კაცი იყო, როგორც ნებისმიერი იქ მყოფი მაყურებელი. და, მიუხედავად ამისა, მის თავდაჭერაში ისეთი რამ იგრძნობოდა, რაც თითქოს გიწვევდა, აბა, გაბედე და მომიხელთე, ამა თუ იმ კატეგორიაში მომათავსე და სახელი შემარქვიო და შენც გრძნობდი, რომ, რაგინდ ეცადო, ამას მაინც ვერ შეძლებ".
The New York Review of Books, 2010, 25 ნოემბერი.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Tuesday, February 1, 2011

ჯეიმს ინგლიში - პრესტიჟის ეკონომიკა


ფრაგმენტი წიგნიდან

ჯეიმს ფ. ინგლიში - ამერიკელი კრიტიკოსი, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის მკვლევარი და კულტურის სოციოლოგი, რომელსაც კულტურული კოდების ერთ-ერთი ,,გამტეხავის" რეპუტაცია აქვს. მისი პირველი დიდტანიანი ნაშრომი ბრიტანულ ლიტერატურაში კომიზმის და ანეგდოტურობის პოლიტიკურ განზომილებებს ეძღვნებოდა. იკვლევს ლიტერატურის სოციოლოგიას, განსაკუთრებით კი მის ინსტიტუციურ და ტრანსნაციონალურ განზომილებებს. ამ ზოგად საკითხებს, ასევე ლიტერატურული პრემიების ისტორიას, საზოგადოების, მკითხველისა და ავტორის ურთიერთმიმართებებს დროის კონიუნქტურის მიხედვით ეხება თავის წიგნში ,,პრესტიჟის ეკონომიკა. პრიზები, ჯილდოები და კულტურულ ღირებულებათა ბრუნვა". 2005 წელს ზოგიერთმა ამერიკულმა გამოცემამ ეს წიგნი წლის საუკეთესო აკადემიურ ნაშრომად დაასახელა. წლების განმავლობაში იყო ჟურნალის Pოსტმოდერნ ჩულტურე რედაქტორი. იკვლევს ბრიტანულ კინოს, ასევე გლობალიზაციის პროცესების ზემოქმედებას კულტურის სფეროზე.


თავის გაყადრების სტრატეგია, ანუ ახალი წესებით თამაში

,,...თუმცა, მინდა მადლიერების გულწრფელი გრძნობა გამოვხატო ბიუროს... უფრო სწორად, კომიტეტის, ანუ ორგანიზაციის მიმართ იმ 10 000 დოლარის გამო, რომელიც მე დამახარჯეს. დღეს მგონი კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს დანიშნული, ამიტომ როგორც არ უნდა მინდოდეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა, დამშვიდობება მომიხდება. დიდად მადლობელი ვარ. სთადს თერქლსაც* (ამერიკელი რადიოწამყვანი და რამდენიმე წიგნის ავტორი) დიდი მადლობა. მადლობა მისტერ კნოფს* (ამერიკელი გამომცემელი), რომელმაც ამწუთას დარბაზში ჩაირბინა, კიდევ მადლობას ვუხდი ბერჟნევს და კისინჯერს, შეერთებული შტატების რეალურ პრეზიდენტს, და ბოლოს მადლობა ტრუმენ კეპოტეს. ყველას მადლობას გიხდით.”
,,პროფესორ" ირვინ ქორის მიერ თომას პინჩონის სახელით 1974 წლის 18 აპრილს, აშშ-ს წიგნის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა.


ბუკერი მაღალი ხელოვნების სფეროში ერთერთი ყველაზე საპატიო პრემიაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მის გადაცემას სკანდალები და ურთიერთბრალდებებიც ხშირად ახლავს. ,,ბუკერიზაციის", ანუ სკანდალურობის ბრალდება ბევრი სხვა პრემიის მიმართაც გამოითქმის, თუმცა, მათ, ვინც პრემიის მიღებისას მის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს არ იშურებს, დღეს კულტურის თავისუფლებისათვის მებრძოლებს უკვე იშვიათად უწოდებენ და არც ხელოვანებსა და ბურჟუებს შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების ნაწილად თვლის ვინმე. ასეთები უფრო ერთგვარი თამაშის მონაწილეებად აღიქვამებიან, რომლის წესები - დაპირისპირებულ მხარეთა შემადგენლობაც კი - ამ სფეროსგან შორს მდგომი ადამიანებისთვის უცნობია. ბუკერის პრემია ამ ახალი წესების ყველაზე ხმაურიან ასპარეზადაა ქცეული.
იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს წესები, ინტერსს მოკლებული არ იქნება გარკვევა, თუ როგორ არღვევენ მათ. მოდით, გავიხსენოთ ამ, და სხვა მსგავსი დაჯილდოებების დროს პრემიაზე უარის თქმის ხშირი და დაუვიწყარი შემთხვევები. დაჯილდოების ცერემონიალი თავისთავად სიმბოლური ურთიერთგაცვლის რიტუალია და მისი ყველა მონაწილე ვალდებულია, ძღვენის, საჩუქრის გაცემის და მიღების წესები დაიცვას. თუ ლაურეატი გამცემების მიმართ უპატივცემულობას ან უმადურობას ამჟღავნებს, მას თითქმის ყოველთვის ზურგს აქცევენ ხოლმე - არათუ მათი კონტრაგენტები, არამედ უფრო ფართო წრეებიც - მაგალითად, მათთან ერთად, ან წინა წლებში წარდგენილი კანდიდატები და ლაურეატები. ამიტომ, როცა პრემიაზე უარს ამბობს, მწერალს, როგორც ჩანს, სიმბოლური კაპიტალის ზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეს. როგორც წესი, პრემიაზე უარს ისინი ამბობენ, ვისი სიმბოლური კაპიტალიც პრემიის ცნებასთან შეუთავსებელია. ამგვარი კაპიტალის პატრონები იმდენად ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ნოვატორები არ არიან, რამდენადაც ამავე სფეროში არსებულ ვითარებასთან შეუგუებელი ხალხი, ,,ერეტიკოსები". მათი როლი ისაა, დამკვიდრებული ზნეობა განაქიქონ, ძღვენზე კი საზოგადებას უარს იმიტომ ეუბნებიან, რომ დამოუკიდებლები დარჩნენ.
თუმცა, პრემიაზე უარის თქმისას უდავო სიმბოლური ავტორიტეტის მქონე ხელოვანიც რისკავს. მაგალითად, სარტრს, როგორც თავადვე ადასტურებდა, არ უნდოდა, 1964 წლის ნობელზე მისი უარი ხმაურიან მოვლენად ქცეულიყო, ამიტომ შეეცადა, შვედეთის აკადემია წინდაწინვე გაეფრთხილებინა და კანდიდატების სიიდან მისი სახელის ამოღება ითხოვა. რაც ამ ამბებს მოყვა, შეიძლებოდა, არც მომხდარიყო, აკადემიის მდივანს მისი წერილი რომ არ დაეკარგა, რომელშიც ფილოსოფოსი ტაქტიანად განმარტავდა, რომ არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ კომუნისტური ქვეყნების მიერ მინიჭებულ პრემიებზეც მთელი ცხოვრება უარს ამბობდა, და თუ ახლა გამონაკლისს ნობელის პრემიის გამო გააკეთებდა, ყველა წინა უარისთქმის იდეას უღალატებდა. ცერემონიაზე სარტრს თავი ძალიან მოკრძალებულად ეჭირა და არაერთხელ მოიბოდიშა იმის გამო, რომ პრემიის მიიღება არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მისი საქციელი სიმბოლური აგრესიის აქტად იქნა აღქმული - და საამისო მიზეზებიც არსებობდა. ფრანგ მწერალს მართლაც შეეძლო ბერნარდ შოუსთვის მიებაძა: პრემია, თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც აეღო, თან მომყოლი თანხა კი მესამე პირებისთვის გადაერიცხა; სანობელე ლექციით შეეძლო მთელი მსოფლიოს ყურადღება შეჭირვებულთა პრობლემებისთვის, ან ვთქვათ, ფრანგულ აფრიკაში კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის მიეპყრო და ფულიც მათთვისვე გადაელოცა. სარტრმა კი ნობელის კომიტეტთან ამგვარ თანამშრომლობაზეც უარი თქვა, რადგან სიმბოლურ ,,აღებ-მიცემობაზე" დათანხმება არ ისურვა და როგორც საკუთარ, ასევე კულტურის კაპიტალს - მისი, როგორც შემოქმედის და ინტელექტუალის ფასეულობასა და მნიშვნელოვნებასა და ნობელის კომიტეტის მიერ შეთავაზებულ ფულად კაპიტალს შორის მკაფიო ზღვარი გაავლო. სარტრს რომ პრემია აეღო, მისი სიმბოლური კაპიტალი უდავოდ იზარალებდა, კომიტეტი კი მხოლოდ იხეირებდა - მისი პრემიის მფლობელი ხომ თვით სარტრი იქნებოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ძღვენი შეიძლებოდა ტროას ცხენი გამომდგარიყო.
1964 წელს კულტურის ველში ჯერაც შეიძლებოდა ისეთ პოზიციაზე დგომა, რომელიც პრემიაზე ნებაყოფლობით უარისთქმას სიმბოლურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. ეს ველი მაღალ კულტურად და ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საფუძველჩაყრილ მასობრივ კულტურად ადვილად იყოფოდა, ანუ, ბურდიეს თქმით, ,,დუალური სტრუქტურისა" იყო. პირველ, მკაფიოდ შემოსაზღვრულ სფეროში, ავანგარდისტები ხელოვნების ნიმუშებს მათსავე მსგავსთათვის და საუნივერსიტეტო წრეების ინტელექტუალებისთვის ქმნიდნენ; მეორე, გაცილებით უფრო ფართო სფეროში სრულიად განსაზღვრული ხარისხის პროდუქტი იქმნებოდა - თავიდან ბურჟუაზიისთვის, შემდგომ კი მასობრივი თავშექცევისა და გართობის მომხმარებლებისთვის. ორად დაყოფილ (ან, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, თითქოს დაყოფილ) ველში ადგილი ემილ ზოლას მსგავსი პიროვნებებისთვისაც მოიძებნებოდა, რომლებიც მაღალი კულტურის სფეროში დაგროვილ სიმბოლურ კაპიტალს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ: დამოუკიდებლობაზე თავიანთ პრეტენზიას რომ დაამტკიცებდნენ, სიმართლის თქმის უფლებაც ეძლეოდათ. 1970-იანი წლების დასწყისშიც კი, ბაზრის დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ბოლო ტალღის დროსაც, ხელოვანს, რომელიც თავის სფეროში აღიარებას მიაღწევდა, შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიებზე უარის თქმის უფლება მიეცა, თან ისე, რომ მისი სიმბოლური კაპიტალი ამით მხოლოდ მოიგებდა; გავიხსენოთ თუნდაც მარლონ ბრანდოს და ლუის ბუნიუელის მიერ ,,ოსკარზე" უარის თქმა. ,,ოსკარის" ეს და სხვა ცნობილი მოწინააღმდეგეები, მაგალითად, დასტინ ჰოფმანი ან ვუდი ალენი თვლიდნენ, რომ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო არათუ უსარგებლოა, არამედ ზიანის მომტანიც. ,,რა შეიძლება იყოს ამაზე (,,ოსკარის" მიღებაზე- ჯ.ი.) უფრო ამაზრზენი, - ამბობდა ბუნიუელი, - ეგ ნივთი სახლში არასდროს მექნება."
მაგრამ როცა 1982 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ რომანში ავსტრიელმა პროზაიკოსმა ტომას ბერნჰარდმა აღწერა, როგორ გადაწყვიტა 70-იან წლებში არცერთი ლიტერატურული პრემია აღარ მიეღო (რადგან, მისი სიტყვებით, სერიოზული ხელოვანისთვის ,,პრემიით დაჯილდოება თავზე დაფსმას ჰგავს"), მისი პოზიცია უკვე გამიზნულად ძველმოდურად გამოიყურებოდა. მართლაც, ბერნჰარდმა შეგნებულად შექმნა ძველი ყაიდის მწერალი ინტელექტუალის სახე, რომელიც ახალ სამყაროში თავს გაუცხოებულად გრძნობს. წიგნის დაწერის მომენტისთვის ბერდჰარდი პრემიებზე უარს აღარ ამბობდა, ხოლო დასტინ ჰოფმანი, ,,ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალებს, მართალია, განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე, მაგრამ მაინც" ესწრებოდა. ჯილდოებზე უარისთქმა რომ გაეგრძელებინათ, მათ უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან ხელოვანებად მაინც აღარ ჩათვლიდნენ - უფრო ალბათ ისეთ რეტროგრადებად მიიჩნევდნენ, რომელთა პოზიციები ნაცარტუტადაა ნაქცევი, მოქმედების პოლიტიკა კი უიმედოდ მოუძველდათ. მეტიც, უარეს შემთხვევაში, შეიძლებოდა, მხოლოდ პოზიორის რეპუტაცია ეშოვნათ, რომლებიც ხმამაღლა გამოცხადებული მორალური სისპეტაკისგან ერთობ შორს იყვნენ.
პრემიის მიღებისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა, ჩვენს დროშიც შეიძლება, მაგრამ ამ ჟესტს კულტურის პრესტიჟის მტკიცებასთან აღარაფერი ექნება საერთო; პირიქით, პრემიების უარმყოფთა და გამცემთა ურთიერთობა ბოლო ხანებში ისე გამწვავდა, რომ უარისმთქმელთა ხმამაღალი განაცხადი და სკანდალი თვით ღონისძიებისადმი ყურადღების მიპყრობის და მაშასადამე, მისი წარმატების გარანტირების საშუალებად აღიქმება. როცა 1996 წელს ჯულია ენდრიუსმა პრემია ,,ტონი" უარყო, არავის მოსვლია აზრად, თითქოს ეს ჟიურის წევრების წინააღმდეგ გალაშქრება ან დამოუკიდებელი კულტურული პოზიციის გაცხადება იყო: აშკარად ჩანდა, რომ ამ საქციელით ენდრიუსი საკუთარი დადგმებისადმი ყურდღების გაღვიძებას შეეცადა. პრესამ მართლაც ატეხა ხმაური და ,,ტონის" კომერციალიზაციის შესახებ მოსალოდნელი კომენტარებიც გაჩნდა, მაგრამ პრემიისთვის ამ ყველაფერს ზიანი არ მიუყენებია, მასმედიის საშუალებებში ხშირი მოხსენიება მასზე მატერიალური თვალსაზრისითაც დადებითად აისახა. კრიტიკოსი პიტერ მარქსი ,,ნიუ-იორკ თაიმსის”'ფურცლებზე აღნიშნავდა, რომ ის, რაც ჯულია ენდრიუსმა მოახერხა, ბროდვეის არც ერთ მორეკლამეს არ გამოსვლია. ,,ტონის" ტაბლიოდების პირველ გვერდებზე ერგო ადგილი და იმათ, ვინც ბაზარზე ამ პრემიის წინ წაწევას ემსახურებოდა, დიდი სიხარული მოუტანა. მართლაც, ცერემონიის ტრანსლაცია ენდრიუსის გეგების ჩანაწერით დაიწყო, ღონისძიების მთელი სცენარი კი ამ მსახიობის უარზე და დაუსწრებლობაზე იყო აგებული.
პრემიებზე უარის თქმა უკვე დიდი ხანია, მხოლოდ პარტიებად თამაშის ერთ-ერთ სვლად იქცა, რომელიც ხანდახან ნაკლებ გასაგებ, ხშირად კი ცრუ წინააღმდეგობას ემყარება. თუ პრემია უარყავით, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ თამაშზე თქვით უარი. ამას გარდა, დღეს კულტურის ველში სფერო აღარ დარჩა, რომელშიც ხელოვნების ხალხს ნამდვილად შეეძლებათ პრემიების და ჯილდოების უგულებელყოფა. სიმბოლური კაპიტალისა და გარშემომყოფთა პატივისცემის მქონე მხატვრების, მწერლებისა და ინტელექტუალების უმეტესობამ პროტესტის უფლება სხვებს გადასცა - კონსერვატიული განწყობილებების ჟურნალისტებსა და ძველი ყაიდის ჰუმანიტარ პროფესორებს - თავად კი შეთავაზებული წესებით ოსტატურად თამაშობენ.
ერთი პოზიციიდან მეორისკენ ერთგვარ გარდამავალ სტადიას წარმოადგენდა თომას პინჩონის ბევრისთვის ავადსახსენებელი ესკაპადა 1974 წელს, აშშ-ში, წიგნის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონიალზე. მწერალს ამ ლიტერატურულ ჯილდოს რომანისთვის ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელა" ანიჭებდნენ. იმ წლებში პინჩონს ჯერ კიდევ შეეძლო თავისათვის ასეთ ჯილდოზე უარი თქმის უფლება მიეცა - 1975 მან დინ ჰოუელის მედალზე თქვა უარი, რომელსაც აშშ-ს ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტი და აკადემია გასცემს. პინჩონმა ჟიურის წინასწარ დაწერილი და განზრახ ,,შეურაცხმყოფელი" სიტყვით მიმართა (სადაც ნათქვამი იყო: ,,არ მსურს თქვენი ჯილდო. რაც არ მინდა, თავს ნუ მახვევთ."), მაგრამ დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ მაკარტურის ფონდის პრემია ,,გენიოსი" ისე მიიღო, მცირე უკმაყოფილებაც არ გამოუთქვამს.
პინჩონმა ასეთი მანევრი გამოიყენა: ცერემონიალზე თავის მაგიერ კომიკოსი ირვინ ქორი გაგზავნა. მსახიობმა, რომელიც ,,პროფესორ ირვინ ქორის" ასახიერებდა, ნორმატიული სიტყვის მაგივრად ბანალური სამადლობელი ფრაზების, აკადემიური ჟარგონის, პოლიტიკური თავდასხმების და აზრს სრულიად მოკლებული პასაჟების გამაოგნებელი ნაზავი ,,წარმოთქვა" და შეკრებილი საზოგადოების გაოცება და გაღიზიანება გამოიწვია. ამ გზით პინჩონმა იმდენად მატერიალურ და სიმბოლურ შენამატზე არ თქვა უარი, რამდენადაც ,,უჩინმაჩინი", განდეგილი მწერლის რეპუტაცია განიმტკიცა: პინჩონი ყურადღების ცენტრში მოექცა, არადა, სწორედ ამას გაურბოდა; მას საკულტო მწერლად თვლიდნენ, თუმცა სწორედ ეს ,,საკულტოობა" სძაგდა (დაახლოებით ასეთი რამ დაემართა ჯერომ დ. სელინჯერსაც). ამ გამოხდომის მერე ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელის" - რიგიანი, მაგრამ იქამდე არცთუ პოპულარული რომანის გაყიდვებმა მკვეთრად იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პინჩონმა კომერციული წარმატება გაუნაღდა რომანს, რომელიც ფართო წრეებისათვის სულაც არ იყო დაწერილი.
მეტიც, ,,პროფესორ ქორის" მონაწილეობით მოწყობილმა დემარშმა ყურადღება პრემიის მიმართაც გააათკეცა და მას სიმბოლური სტატუსი აუმაღლა: თუ ფული (თავის ამგვარი დაფასების მიუხედავად) თავად პინჩონმაც კი აიღო, მაშასადამე, პრემია რაღაცად ღირს. ამან წიგნის ნაციონალურ პრემიას, რომელიც აშშ-ს ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოს სტატუსის მოსაპოვებლად პულიცერს მუდმივ მეტოქეობას უწევდა, პოზიციები განუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ პულიცერი აკადემიურ წრეებში მიღებული კრიტერიუმების იერარქიას ყველაზე ადექვატურად ასახავს. თავის მხრივ, პულიცერის პრემიის ჟიურიმ იმ წელს ხმა ერთსულოვნად მისცა სწორედ ,,დედამიწის მიზიდულობის ცისარტყელას", მაგრამ დამფუძნებელთა საბჭო ,,სკანდალურ'ნაბიჯს არ მოერიდა - ასეთი რამ მაშინ პირველად არ მომხდარა - და ჟიურის საკუთარი გემოვნება და მიკერძოებები მოახვია: რომანი ,,უხამსობისა" და ,,წაუკითხვადობის" მოტივით უარყვეს. იმ წელს გადაწყდა, რომ პრემია არც ერთ რომანს არ მიენიჭებოდა.
კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ თამაშობს მწერალი'ახალი წესებით, ტონი მორისონის შემთხვევაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ მწერალმა ქალმა'აღებული ჯილდოების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა, დიდი ენთუზიაზმით იბრძოდა მათ დასაცავად და მწერლის შრომის პრემიალური აღნიშვნის ინსტიტუტს თავგამოდებით ექომაგებოდა. დღევანდელი საზომითაც კი, მწერალი ნამდვილი ,,პრემიომანიითაა" დაავადებული. გულმოდგინედ იცავს მწერლისთვის დადგენილ ყველა რიტუალს, რომელიც მაშინაა გასავლელი, თუ ის ფულად პრემიას თავს გაუყადრებს. ამის გამო უფრო ადვილია, მორისონი პრესტიჟის მოსაპოვებლად დამოუკიდებლობის დაკარგვაში დაადანაშუალო.
ეს გარემოება 1988-1989 წლების ლიტერატურული სეზონის სკანდალის მიზეზად იქცა. მისი რომანის ,,შეყვარებული" გამოსვლის მომენტისთვის აშშ-ს მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიები აფროამერიკელებს ძალიან იშვიათად ენიჭებოდათ, ხოლო მას მერე, რაც რალფ ელისონმა 1953 წელს რომანისთვის ,,უჩინმაჩინი" წიგნის ეროვნული პრემია მიიღო, შავ ამერიკელ მწერლებს ოცდაათი წლის განმავლობაში აღარ აუღიათ არც ეს, და არც პულიცერის პრემია. ეს ტენდენცია 1980-იანი წლების დასაწყისში, ლიტერატურულ ასპარეზზე აფროამერიკელი ქალი მწერლების გამოჩენასთან ერთად შეიცვალა. წიგნის ეროვნული პრემია სამჯერ და ზედიზედ ერგოთ ჯერ გლორია ნეილორს, შემდეგ პოლა მარშალს და ბოლოს ელის უოქერს. ტონი მორისონი კი, ამ პლეადის ყველაზე გახმაურებული წარმომადგენელი ე.წ. შორთლისთებს აღარ გასცდენია. რომანს ,,შეყვარებული" კრიტიკოსები კვლავაც დიდი ერთსულოვნებით აღიარებდნენ, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წასულა. სეზონი გრძელდებოდა, ,,შეყვარებული" კი ჯერ წიგნის ეროვნული პრემიის ჟიურის დარჩა შეუმჩნეველი (ჯილდო ნაკლებად ცნობილ ავტორს, ვიეტნამის ომის ვეტერანს, ლარი ჰაინემანს ხვდა წილად; მორისონს კი წარმატება ეჭვქვეშ არ დაუყენებია და დაჯილდოების ცერემონიალზე ლამის ყველა ნათესავი და მეგობარი დაპატიჟა, რომლებსაც სამი მაგიდა მთლიანად ეკავათ), შემდეგ ლიტერატურის კრიტიკოსების ეროვნული ასოციაციას; მორისონის იმედად მხოლოდ პულიცერი რჩებოდა, ეს პრემია კი აფროამერიკელებს ყველაზე ნაკლებად წყალობდა. სწორედ იმ წლით თარიღდება ცნობილი ეპიზოდი, რომელიც მხოლოდ ჩვენს დროში შეიძლებოდა მომხდარიყო: მორისონის ათეულობით მომხრემ, თავადაც საკმაოდ ცნობილმა პიროვნებებმა, მწერლისგან დაუმალავად, პულიცერის ჟიურის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება სცადეს.
ამ ჯგუფმა ,,ნიუ-იორქ თაიმს ბუქ რევიუს" რედაქციას ღია წერილი გაუგზავნა. სხვებს შორის, წერილს ხელი პოეტმა ქალმა, ჯუნ ჯორდანმა, კრიტკოსმა ჰიუსტონ-ბეიკერ ჯუნიორმა და კიდევ ორმოცდაექვსმა ავტორმა მოაწერა. ხელისმომწერები ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილ მწერალ ჯეიმს ბოლდუინს იხსენებდნენ, რომელსაც არც წიგნის ეროვნული და არც პულიცერის პრემია არ ღირსებია, და მას მორისონს ადარებდნენ.
ბოლოს მოხდა ისე, რომ ჟიურიმ პრემია მართლაც ტონი მორისონს მიანიჭა, თან მისმა ყველა წევრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იქამდე მიიღეს, სანამ ზემოთხსენებული ღია წერილი გამოქვეყნდებოდა. მას შემდეგ მწერალმა და მისმა წიგნებმა კიდევ უფრო მაღალი სტატუსი შეიძინა: დღეს ტონი მორისონი ამერიკის ლამის ყველაზე აღიარებულ მწერლად ითვლება, ,,შეყვარებული" კი - მთავარ ამერიკულ რომანად. სკანდალის თავიდან აცილება თითქოს მოხერხდა, მაგრამ მორისონთან დაკავშირებული ინციდენტი ისტორიაში სწორედ რომ ,,სკანდალურ" და ,,საკამათო" (ამ ეპითეტებს იყენებდა მაშინ ათობით ჟურნალისტი რეპორტაჟებში და საგაზეთო თუ საჟურნალე მიმოხილვაში) ამბად დარჩა.
ნაწილობრივ ეს იმის გამო მოხდა, რომ 80-იან წლებში აშშ-ს კულტურული და რასობრივი პოლიტიკა საგრძნობლად იყო გამკაცრებული. კონსერვატიულმა ძალებმა, რეიგანის მეთაურობით, ხელოვნებაში გამოხატულ მულტიკულტურულობაზე გაილაშქრეს. ხელისუფლებამ უნივერსიტეტებს, ფონდებს, გალერეებს, და რა თქმა უნდა, პრემიების დამაარსებლებს ბრალდება წაუყენეს, თითქოს სახელოვნებო ჯილდოების მინიჭებისას ისინი ხელოვნების ნამუშევრის ესთეტიკურ ღირებულებას კი არ ითვალისწინებდნენ, ეროვნული და რასობრივი უმცირესობების წარმოჩენას ცდილობდნენ. როცა ქეროლ იენოუნმა ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თვალსაჩინოებისთვის ტონი მორისონის შემთხვევა მოიყვანა. იენოუნი მხოლოდ მორისონის რომანს და ღია წერილის ხელმომწერ აფროამერიკელ მწერლებს კი არა, პულიცერის ჟიურისაც აკრიტიკებდა, რომელმაც, მისი აზრით, ,,ლიტერატურული ოსტატობის კრიტერიუმები უგელებელჰყო და ამით დემოკრატიული საშუალოობის დიქტატურის დამყარებას შეუწყო ხელი."
ამავე დროს ყველაზე მძაფრი კრიტიკის მომხრეებისთვისაც კი გასაგები იყო, რომ ტონი მორისონის შემთხვევაზე კამპანიის აგება არ ღირდა - ყველაზე მნიშვნელოვანი აფროამერიკელი მწერლის (მისი სახით კი მთელი აფროამერიკული ლიტერატურის) ასე დაკნინება და ამით ხარისხის რაღაც აბსტრაქტული და აპოლიტიკური ლიტერატურული სტანდარტების დამკვიდრება შეუძლებელი იყო. პრემიებზე კონსერვატორების თავდასხმები სინამდვილეში სულ სხვა მიმართულებით ხდებოდა - პირველ რიგში, გაკიცხვა ელის უოქერს და ჩარლზ ჯონსონს ერგოთ. საბოლოოდ სკანდალური რეპუტაცია მორისონს იმის გამო კი არ შერჩა, რომ რეიგანის და უფროსი ბუშის მმართველობის წლებში მულტიკულტურალიზმის და პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, არამედ სულ სხვა მიზეზით: კულტურის მოღვაწეთა შორის ძღვენების ურთიერთგაცვლის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშნები გაჩნდა.
მომხდარს რომ ვაანალზებ, იმაზე დაფიქრება მიწევს, თუ რას ვუწოდებ კულტურის სფეროს თამაშებს, ან ამავე სფეროს პროტოკოლს და ეტიკეტს (რა თქმა უნდა, ამგვარი ეტიკეტის ნორმები უხინჯო სულაც არ გახლავთ, მათ შორის, რასობრივი საკითხის მხრივაც). ტონი მორისონის საქციელმა აღშფოთება იმიტომ გამოიწვია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერაც მოქმედებს ერთგვარი კულტურული იმპერატივი, თუმცა, მნიშვნელოვნება კი დღითიდღე აკლდება. ამ იმპერატივის თანახმად, ხელოვანი პრემიაზე მაღლა უნდა იდგეს და მეტ-ნაკლებად ამის დემონსტრირებასაც ახდენდეს - ახდენდეს მისდამი თავის გაყადრებით. როგორც არ უნდა იქცეოდეს ავტორი, ჯილდოს გამცემთა მიმართ მისი სტრატეგია ამ თავის გაყადრებით განისაზღვრება, მისთვის ხომ ნამუშევრის ესთეტიკური ღირებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუბლიკის აღიარება; გენიოსობა ჯილდოების დევნაში მიღწეული წარმატებებით არ იზომება.
მორისონის და მისი მომხრეების სტრატეგია კი, პირიქით, ხაზს უსვამდა, რომ ნიჭიერების იერარქია და წარმატების იერარქია იდენტური თუ არაა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მაინც დგას. მწერლებისთვის, რომლებმაც ,,ნიუ-იორქ ბუქ რევიუში" გაგზავნილ ღია წერილს ხელი მოაწერეს, პრემიები ეკონომიკური შინაარსის საცდური ან ლამაზად შეფუთული უაზრობა კი არა, ლიტერატურული ველის ცენტრი, ,,კანონის ქვაკუთხედი" იყო. თუმცა, ლაურეატების მიერ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვებს მუდმივად გასდევს აზრი, რომ პრემია ვერანაირად ვერ იქნება დაჯილდოებული ავტორის შემოქმედებითი მიღწევების ადექვატური, ხოლო პაექრობაში ღირსეულად გამარჯვებული (მაშ უღირსად გამარჯვებულებიც არსებობენ?) პრემიას წონას იმით სძენს, რომ იგი, ავტორი, ახლა, ან მომავალში ზემოხსენებულ კანონში შეაბიჯებს, - სწორედ ასე, და არა პირიქით.
პრემიების მიმართ მწერლების დამოკიდებულების შეცვლას, რის თვალსაჩინოებადაც ტონი მორისონის ,,შეყვარებულის" ისტორია იქცა, ქრისტოფერ ჰიჩენზი ,,ვენითი ფეირის" ფურცლებზე ასე გამოეხმაურა: ,,ჯილდოების მისაღებად დღევანდელი მწერლები ისეთ ოინებს სჩადიან, ,,ოსკარებზე" ყველაზე გამოცდილი მონადირეც გაწითლდებოდა." ლიტერატორი, რომელიც თუნდაც სხვისი პირით აცხადებს, რომ პრემიის მიღება სურს, თვით ხელოვნების (დღევანდელი ჩვენი გაგებით) იდეას შეურაცხყოფს. იგივე ბოლდუინმა თითქოს ჯუნ ჯორდანის კვალდაკვალ დაწერა: ,,პრემიები ლიტერატურის სამყაროში შეფასების ერთადერთი გააზრებული საშუალებაა." ჰიჩენზი დასძენს: ,,ბოლდუინმა თავისი უხინჯო რეპუტაცია ძველი, ნაცადი ხერხით მოიპოვა: ლიტერატურული შრომით, მარტოობით და იმ მკითხველის დატყვევების უნარით, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსების ნაციონალური საზოგადოების შესახებ არც კი სმენოდა."
,,მარტოობა" - აი ჰიჩენზის სტატიის ნიშანმდებლური სიტყვა. ეს სიტყვა იმის გაგებაში დაგვეხმარება, რით განსხვავდება ხელოვნების შესახებ არსებული თანამედროვე წარმოდგენები ადრინდელი შეხედულებისგან, რომელიც შემოქმედებით საწყისს და კომერციულ გათვლას ერთმანეთს უპირისპირებდა. მორისონის მომხრეებს კარგად ესმოდათ, რომ პრემიები სინამდვილეში მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტებია. მაგრამ ეს ხალხი დარწმუნებული იყო: ლიტერატურული ნაწარმოები ხარისხს და სიცოცხლისუნარიანობას სწორედ ჯილდოების მეშვეობით იძენს - და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ პრემია ამისთვის ესაჭიროებათ. გაცხადებული მიზნის მიღწევის ხერხებში კი თავიანთ სიმბოლურ კაპიტალს დებდნენ. ყველანი ვხედავთ, რომ აქ პარტიის გათამაშება მეტისმეტი ანგარებით, ურცხვად ხდება, ფსონები და კოეფიციენტები ცნობილია, მოთამაშეები კი გარგებას ღიად და დაუფარავად ითხოვენ. და მხოლოდ ჰიჩენზის მსგავსი კრიტიკოსები გვახსენებენ: სადაც მისი ნამუშევრის ღირებულებას რაღაც კომიტეტები ადგენენ, იქ ლიტერატორს არაფერი ესაქმება.
მაშასადამე, საკითხს, თუ როგორი სტრატეგია და ტაქტიკაა გამართლებული პრემიების გარშემო წამოწყებულ თამაშებში, უფრო ზოგად პრობლემამდე მივყავართ: როგორია ურთიერთდამოკიდებულება ხელოვანსა და საზოგადოებას შორის? ისინი, ვინც პრემიების დევნაზე უარს ამბობენ, დარწმუნებულები არიან: პატივსაცემ მწერალს აღიარების ასე დაუზარელად ძიება არ შეშვენის - ხოლო უკეთესი ის იქნება, თუ აღიარებაზე ნაკლებს იფიქრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვანი საზოგადოების გარეთ დგას, ხელოვანი მარტოა. როცა ბუკერის პრემიის მიერ ლიტერატურაზე მოხდენილ მავნე გავლენაზე წერდა, კრიტიკოსმა ჯონ გროსმა ,,თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ჰენრი ჯეიმსი გაიხსენა, რომელიც მომავალ რომანისტებს ურჩევდა, საკუთარ დროშაზე სიტყვა ,,მარტოობა" დაეწერათ. რაღა თქმა უნდა, საზოგადოება ამ დროშებზე გამოტანილი დევიზების კითხვით თავს ნაკლებად იწუხებს და ამიტომ შეიძლება მწერალს ბრჭყვიალა საჩუქრების შეთავაზებით თავი მოაბეზროს; მთავარი ისაა, ამ რიტუალურ როკვაში თავად ხელოვანი არ ჩაებას.

თარგმნა ქეთი ქანთარიამ

© kalmasoba.com

მარიო ვარგას ლიოსა: დაგვიანებული ნობელის პრემია


ვოლფგანგ შტოკი
სტოკლჰომიდან დღეს შესანიშნავი ამბავი მოვიდა: წლევანდელი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ. ისე საკმაოდ დიდხანს კი მოუხდა ცდა.
მარიო ვარგას ლიოსას პირველად ლიმაში 80-იანი წლების დასაწყისში შევხვდი. ცოტა ხნით ადრე ანდებში, უჩურაკეიში, ინდიელებმა რვა ჟურნალისტი ჩაქოლეს. ეს ის დღეები იყო, როცა ქუჩაში პირველად გაისმა სახელი Sendero Luminoso, (ესპ. გაბრწყინებული გზა) და ამ მაოისტი პარტიზნების სისხლიან ტერორს პერუელების ცხოვრება მომდევნო ათი წლის განმავლობაში კალაპოტიდან უნდა ამოეგდო.
უმწიკვლო რეპუატაციის მქონე, თუმცა უკვე სიბერეშეპარულ პრეზიდენტ ფერნანდო ბელაუნდე ტერის აღელვებული საზოგადოების დაწყნარება მართებდა და მოიწვია კიდეც საგამომძიებლო კომისია, რომელსაც უნდა დაეცხრო მღელვარება საზღვარგარეთსა თუ ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში. მერედა ვინ იქნებოდა ამ კომისიის ყველაზე სავარაუდო თავმჯდომარე? ბელაუნდეს არჩევანი შეჩერდა მწერალზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით, თანაც არა მარტო საკუთარ სამშობლოში. ასე გახდა მაშინ ორმოც წელს გადაბიჯებული მარიო ვარგას ლიოსა ამ სამკაციანი კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეს საშინელი შემთხვევა უნდა გამოეძია.
სამყაროს შექმნისას, - მიხსნიდა მოგვიანებით მარიო ვარგას ლიოსა, - ღმერთმა თავს ბოროტი ხუმრობის უფლება მისცა: მილიონ კვადრატულ კმ-ზე ნაკლებ ტერიტორიაზე სამი სრულიად განსხვავებული ნიადაგური ზონა - საჰარა, ტიბეტი და კონგო - ჩააკვეხა. ამ სამ ლანდშაფტურ ზონაში გაბნეულმა, სამ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და რასისტული თუ სოციალური კონფლიქტებით თავგზააბნეულმა 24 მლ პერუელმა დაბალგანვითარებული ქვეყნის ყველა ჭირი და სატკივარი უკლებლივ გამოსცადა.
ისე, ამ შემთხვევაში, გამართლებულია კი საერთოდ „პერუელობასა“ თუ რაიმენაირ ნაციონალურ იდენტობაზე საუბარი, როცა საქმე ეხება სრულიად განსხვავებულ ხალხთა - ინდიელებისა და ჩინელების, თეთრებისა და შავების ჭრელ ნაზავს? სინამდვილეში, პერუ ქვეყნების კონგლომერატია. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კულტურათა ერთობლიობა, რომელსაც სამწუხაროდ სიმტკიცე არ გააჩნია. როცა სანაპიროდან მთებში ადიხარ, იცვლება არა მარტო კლიმატური ზონა, არამედ ენაც და ზოგჯერ გეჩვენება, რომ თვით საუკუნეც. ეს მრავალფეროვნება წარმოადგენს სწორედ პერუს უდიდეს პრობლემას, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეცაა. ჩვენ სხვადასხვა მდიდარი კულტურის მემკვიდრენი ვართ.

მაგრამ როგორ უნდა შეძლონ ამ განსხვავებულმა კულტურებმა ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს თუნდაც სამი განსხვავებული ენა - ორი ინდიელების ენაა: კეჩუა, აიმარა, მესამე - ესპანური - , რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ დისკრიმინაციაზე. ამ წუთში ჰარმონია ძნელად წარმომიდგენია, რადგან კულტურულ განსხვავებულობათა მიღმა ღრმა ეკონომიკური დისპროპორცია იმალება. გლეხების, კეჩუებისა და აიმარებისათვის სამყარო ესპანიზირებული პერუს სახით არსებობს. მეორე მხრივ, არიან ისეთი კულტურები, როგორიცაა ჩინური და აფროამერიკული, რომელთა ინტეგრაცია პერუს საზოგადოებაში უფრო მაღალია. მკვეთრი აფრიკული გავლენა იგრძნობა არა მარტო ჩვენი სანაპირო რეგიონების მუსიკაში, არამედ ლიტერატურაშიც.
მარიო ვარგას ლიოსასასნაირ პიროვნებას ფრანგები დაახასიათებდნენ, როგორც homme d’esprit-ს, ანუ გონიერ ადამიანს. ჰოდა, ამ გონიერმა ადამიანმა ორი თუ სამი არაჩვეულებრივი რომანი გამოაქვეყნა, ყოველკვიურად აცხობს ესეებს, უმრავლეს შემთხვევაში ზღაპრულს, ექსპრომტად წარმოთქვამს ბრწყინვალე სიტყვას. მარიო ვარგას ლიოსა ენობრივი ტექნიკის ისეთი ვირტუოზია, რომლის მსგავსიც ნაკლებად მოიძებნება თანამედროვე ლიტერატურაში, შესანიშნავი იმაჟინისტი და საერთოდ, მაგარი კაცია. იგი ითვლება თავისი სამშობლოსა თუ კონტინენტის თვალმახვილ და სიტყვაუხვ დამკვირვებლად, პიროვნებად, რომელსაც რჩევასაც ეკითხებიან და უჯერებენ კიდეც.
ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წელს არეკიპაში, პერუს სამხრეთით. არეკიპა მნახველზე ლამაზი ქალაქის შთაბეჭდილებას ახდენს. 800 000-იანი მოსახლეობა ფანტასტიკური მთიანი ლანდშაფტითაა გარშემორტყმული. არეკიპას პერუს თეთრ ქალაქსაც ეძახიან, რადგან ბევრი მისი ქუჩა თუ გზა თეთრი ვულკანური ქვითაა მოკირწყლული. ვულკან El Misti-ს დათოვლილი მწვერვალი თეთრ ბრწყინვალებას ჰფენს ქალაქს, რომელმაც ძირითადად შესძლო თავისი თვალწარმტაცი კოლონიალური არქიტექტურის შენარჩუნება. თუმცა ამ იდილიაა აქ მაინც ბუნების ძლევამოსილება, განაგებს, რომელიც არავინ იცის, როდის დაგატყდება ვერაგულად თავს მიწისძვრისა თუ ვულკანური ამოფრქვევის სახით. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ან ლავამ უნდა დაგწვას, ან მიწამ გიყოს პირი, რადგან ამ მომხიბვლელ ქალაქს და საერთოდ მთელ ამ ქვეყანას თითქოს საზღაური ეზღვება რაღაც ბნელი დანაშაულის გამო.
რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში კარგმა მწერალმა, ნეიტრალური დარჩეს თავისი ქვეყნის აუტანელი მდგომარეობის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აღწეროს, თუ პირიქით, შეაფასოს ყველა ეს წინააღმდეგობრიობა და გათიშულობა? რა თქმა უნდა, პატიოსანი და ჭეშმარიტი ( აუთენტური) ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი აფიქსირებს თავის პოზიციასა და თვალსაზრისს. იგი ავლენს რაიმე პერსპექტივას და ეს უკვე შეიცავს შეფასების გარკვეულ სახეობას. ყოველ ნამდვილ ლიტერატურას ხომ ბოლოს და ბოლოს კრიტიკული ფუნქცია აკისრია, მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. იგი აყენებს პრობლემას, აღწერს უკმაყოფილებას, სიცარიელეს ან წუთისოფლის გაუტანლობას.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ლათინოამერიკული ლიტერატურის პირველმა ბუმმა პიკს მიაღწია, ამ ლიტერატურის მოყვარულთა მიერ შედგენილ „ჰიტპარადში“ მაშინ ექვსი გვარი ლიდერობდა: კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი, მექსიკელები ხუან რულფო და კარლოს ფუენტესი, კუბელი ხოსე ლეზამა ლიმა, არგენტინელი ხულიო კორტასარი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. დღეისათვის თუ ამ სიას თავიდან შევადგენთ, ამ დიდი ექვსეულიდან ორი გვარიღა თუ დარჩება. სამი მათგანი უკვე მშვიდად შეექცევა „დაიკირს“ ზეცაში, ავტორთა დიად სულ „მანიტუსთან“ ერთად, მეოთხე უაზროდ ხარჯავს თავის მომხიბვლელობას ფუჭ ლაყბობასა და უაზრო ფელეტონების წერაში. მხოლოდ და მხოლოდ „გაბო“, ანუ გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსაღა აგრძელებენ დრიბლინგს მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ადრე გუსტავ ფლობერი და ფრანც კაფკა თამაშობდნენ.

ვარგას ლიოსა ცხოვრობს პოლ ჰარისის დამბასთან Malecón Paul Harris, უზარმაზარ თეთრ ვილაში, რომლიდანაც წყნარი ოკეანე მოსჩანს. თუმცა ლიმას ამ უბანში, ბარანკო რომ ჰქვია და სადაც გამუდმებით ზღვა ხმაურობს, ძნელად თუ მოიძევ მარიოს და მის სათნო მეუღლე პატრიციას. მარიო, პერუს ეს პირუთვნელი მემატიანე დღეისათვის დაკარგულია სადღაც ლონდონსა და მადრიდს შორის, ნაცვლად იმისა, რომ მალაფროლეს კაფეში იჯდეს, ან ამაზონის ნაპირებზე ისიცხებოდეს და თავისი სამშობლოს ისტორიას იკვლევდეს. ფუხიმორის ავტოკრატულ რეჟიმთან ოპოზიციაში ყოფნამ და Sendero Luminoso-ს ტერორისტების მუქარამ იგი აიძულა ოჯახთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისისათვის ევროპაში ეძია თავშესაფარი. 1993 წელს მწერალმა დამატებით ესპანეთის მოქალაქეობაც მიიღო.
მაინტერესებს, რამდენ ავტორს შეუძლია ისეთ ქვეყანაში, როგორიც პერუა, მარტო მწერლობით გაიტანოს თავი. არცერთს, - მპასუხობს მარიო ვარგას ლიოსა. უმეტესობა სხვა პროფესიასაც ითავსებს, მაგალითად ხულიო რამონ რიბეირო, რომელიც დიპლომატიურ სამსახურშია, სხვები ჟურნალისტობენ ან მასწავლებლობენ. თუმცა მასწავლებელიც და ექიმიც საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს იმ ხელფასზე, რომელიც 200 ან 300 დოლარს არ აჭარბებს, ამ ქვეყანაში ხომ განათლებაზე თავი არასდროს არავის შეუწუხებია, პერუს სკოლებსა და უნივერსიტეტებს აღჭურვაც ცუდი აქვთ და ვერც კარგი სახელით მოიწონებენ თავს. ვისაც საშუალება აქვს, თავის შვილს კერძო სკოლებში ატარებს, მერე კი სტენდორფსა და სორბონაში აგზავნის.
ყველა პრემიისა და ჯილდოს მიუხედავად ამ მაგისტრის (MVLL-როგორც შემოკლებით პერუში ეძახიან) მწერლურ სიკაშკაშეს მცირე ჩრდილი მაინც ადგას. სულ ოცდაათი გაზაფხული ჰქონდა მოყრილი, - კალენდარზე 1966 წელი ეწერა - თავისი Opus magnum (უმთავრესი ნაწარმოები) რომ გამოაქვეყნა. მწვანე სახლი - დროსა და სივრცეში ვირტუოზულად ჩახლართული რომანია და უპირობოდ მიეკუთვნება მე-20 საუკუნის ენობრივად უძლიერეს 20 ნაწარმოებს. მწვანე სახლი - ესაა ისტორიები პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ პიურაში მდებარე საროსკიპოზე და მთელი ქვეყნის მეტაფორული სახე. იგი აღწერს ამ ქალაქის მცხოვრებთა ავხორცულ ვნებებს, ყოველდღიურობაში გამეფებულ პირველყოფილ ძალადობას, მიკროკოსმოსის სახით წარმოგვიდგენს პერუელ ხალხთა ფეთქებადი ერთადყოფნის პერიპეტიებს.
ყველაფერი, რაც კი მწვანე სახლს მოჰყვა უეჭველად კარგი, ან ძალიან კარგია. თუმცა არც დეიდა ხულია და არც დედინაცვლის ქებათქება, ან თუნდაც მისი ბოლო, 2006 წელს გამოსული რომანი საძაგელი გოგონა ახლოსაც ვერ მივა მწვანე სახლის ენობრივ გენიალურობასთან. ერთადერთი თუ დავასახელებთ ორ ნაწარმოებს: საუბარი ტაძარში და უფრო გვიანდელს ვაცის დღესასწაული, თუმცა მწვანე სახლისნაირი მაინც არც ერთი არაა. ალბათ მარიო ვარგას ლიოსა თავს იმ 100 მ დისტანციაზე მორბენალივით გრძნობს, რომელმაც მჩქეფარე კარიერის დასაწყისში ეს დისტანცია 9,7 წამში დაფარა, მერე კი 10,4-სა და 10,6-ს ვერ ჩამოსცდა. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული ასეთი შემოქმედებითი პიკი მარტო დონ მარიოს ხვედრი არ არის და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც შეიმჩნევა. განა „ბიტლზების“ წევრმა, პოლ მაკარტნიმ, 21 წლის ასაკში არ შექმნა თავისი საუკუნო სიმღერა Yesterday? 30 წლის არც კი იყო, უკანასკნელი შედევრი Let it be რომ გამოუშვა.

1990 წელს მარიო ვარგას ლიოსა მამაცურად გადაეშვა ისეთივე მრავალწახნაგოვან და ველურ ავანტიურაში, მის რომანებში რომაა აღწერილი - გადაწყვიტა, ქვეყნის პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, რომელიც სრულიად განადგურებული იყო სოციალისტ-პოპულისტ ალან გარსიას მმართველობის შედეგად. გამარჯვების იმედს ის უზარმაზარი ავტორიტეტი უნერგავდა, რაც მას თავის სამშობლოში ჰქონდა და რითაც მთელი თავით უსწრებდა მეტოქეებს. ვარგას ლიოსამ წააგო არჩევნები, თანაც სენსაციურად, დიდი ანგარიშით დამარცხდა ვიღაც არარაობასთან, იმ დროისათვის სრულიად უცნობ, იაპონური წარმოშობის „სენიორ-სანთან“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკოსთან.
ალბერტო ფუხიმორიმ, რომელსაც ხალხი უფრო სიყვარულით, ვიდრე დაცინვით „ჩინელს“ ეძახდა, თავისი თერთმეტწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე მიაღწია ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, დააპატიმრა Sendero Luminoso-ს შეშლილი მეთაური, ფილოსოფოსი, პროფესორი აბიმაელ გუზმანი. თუმცა ამავდროულად უშიშროების ფაქტობრივი მმართველის, ვლადიმირო მონტესინოს ხელით მთელი ანდების რესპუბლიკა მოაქცია კორუფციისა და თვითნებობის ქსელში. როცა 2000 წელს ეს ქსელი ერთბაშად ჩაწყდა, აზიაში საქმიანი ვიზიტად მყოფმა „ჩინელმა“ თავის ქვეყანას ორსიტყვიანი ფაქსით აცნობა, პრეზიდენტობაზე უარს ვამბობო.
ვარგას ლიოსამ არჩევნებში დამარცხება მაშინ ძალიან რთულად გადაიტანა. ეს როგორ დაემართა, თანაც ვის, ერის უბრწყინვალეს შვილს. თუმცა ინდიელებმა და უპოვრებმა, ანუ ამომრჩეველთა უმეტესობამ მას ორი სიტყვით გამოუტანა განაჩენი: მეტისმეტად თეთრია, მეტისმეტად მდიდარი, მეტისმეტად ევროპელი. მათ უფრო თავისიანად მიიჩნიეს იაპონელი ფუხიმორი, თავისი უცნაური გამოსვლებითა და ცუდი ესპანურით. ინტელექტულურმა სამყარომ კი ნამდვილ ღვთის წყალობად უნდა ჩათვალოს, რომ ვარგას ლიოსამ 1990 წლის არჩევნები პირწმინდად წააგო. პერუელები დაკარგავდნენ შესანიშნავ მწერალს და მიიღებდნენ საცოდავ პრეზიდენტს.
ვარგას ლიოსა ნამდვილი ლიტერატურული ჯადოქარია, ყველაფერი ეხერხება: წერს ყოველკვირეულ სვეტებს ესპანური გაზეთისათვის El País, ქმნის რომანებს, ისეთ ეროტიკას აცხობს, რომ პლეიბოის მკითხველებსაც კი აწითლებს, წერს პიესებს, გამოდის სატელევიზიო შოუებში და სხვა გზა თუ აღარ აქვს, კინოფილმებსაც კი იღებს.
როცა 1967 წელს მარიო ვარგას ლიოსას რომულო გალეგოს სახელობის უაღრესად საპატიო პრემია გადასცეს, ბევრმა მისი სამადლობელი სიტყვა ფიდელ კასტროსა და საერთოდ ამ ნახევარსფეროზე ატეხილი რევოლუციების მგზნებარე ქებად აღიქვა. საინტერესოა, რამდენად შეიცვალა მისი შეხედულებები დროთა განმავლობაში? ახლა როგორ აღიქვამს სამყაროს? რა თქმა უნდა, რაღაც მოსაზრებები შემეცვალა. თუმცა უფრო პოლიტიკურ ნიადაგზე. რაც შეეხება ლიტერატურასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. იყო დრო, როცა პოლიტიკურად მარქსისტულ ანალიზს ვემხრობოდი. მაშინ მჯეროდა რევოლუციისაც, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში სტრუქტურათა ძალადობრივი შეცვლის აუცილებლობისაც და ამით ვფიქრობდი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას. თანდათანობით ჩემში მომწიფდა აზრი მარქსიზმის უსამართლობის შესახებ.
რაში მდგომარეობს მარქსიზმის უსამართლობა, - ვეკითხები მწერალს. რადგან სწორედ უსამართლობის აღმოფხვრა იყო ის დევიზი, რომელიც მის დროშაზე ეწერა. პოლიტიკური, პიროვნული და ასევე შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვით ჰქმნიან ისეთ საზოგადოებებს, სადაც ინდივიდს სუნთქვის საშუალება ესპობა. მე რეფორმატორი ვარ და დიქტატურის ნებისმიერ ფორმას ვეწინააღმდეგები. ჩვენი მიზანი უნდა იყოს იმგვარი მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელიც იფუნქციონირებს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ხალხს რამე მატერიალურსაც შესთავაზებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნები იტანჯებოდნენ დიქტატორი მმართველების, კორუმპირებული მთავრობებისა და არაეფექტური ადმინისტრაციების გამო. მე ყველანაირი «ხსნის» თეორიების წინააღმდეგი ვარ, მარჯვნიდან იქნება წამოსული თუ მარცხნიდან. არ მჯერა, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას აბსოლუტურად, მხოლოდ შედარებით მოწესრიგებას ვაღიარებ.

სულით, გულით და გამომეტყველებით მარიო ვარგას ლიოსა განეკუთვნება სამხრეთ ამერიკის განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალურ მოქალაქეთა ნაწილს. მას მერე, რაც 1977-80 წწ. ავტორთა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტობაც გამოსცადა, ღრმა და გულწრფელი ანტიპათიით განეწყო გერმანელ გიუნტერ გრასისა და კოლუმბიელ გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ. გრასი ორმაგი სტანდარტით ზომავსო, ჩივის ვარგას ლიოსა. ლათინურ ამერიკაში სულ რაღაცეებს იცავს, მაგალითად, კუბაში პრესისა და სამოქალაქო უფლებათა იმგვარ თავისუფლებას მოითხოვს, რასაც თავის მშობლიურ გერმანიაში არასდროს მოიწონებდა. სწორედ გერმანელებს მართებთ გაფრთხილება ყალბი რომანტიზმის მიმართ. ფიდელ კასტრო ნამდვილად არ არის რობინ ჰუდი.
იგი გაბრიელ გარსია მარკესს გულწრფელად სცემს პატივს და მას ნობელის პრემიის ღირსეულ ლაურეტად თვლის. თუმცა სხვა სამხრეთ ამერიკელს, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესს უფრო კარგ მწერლად მიიჩნევს. როცა მარიო ვარგას ლიოსა ამ სიტყვებს ნობელის ლიტერატურული პრემია წარმოთქვამს და იმ მწერლებზე მსჯელობს, რომლებმაც ეს პრემია მიიღეს და იმათზეც, ვისაც მისი აზრით უფრო ეკუთვნოდა, ხმას მაღლა უწევს და მოუთმენლობა ემჩნევა. თვითონ სიამოვნებით მიიღებდა, ეს მისი უდიდესი სურვილია, აშკარად ემჩნევა. თუმცა შვედეთის ხელოვნების აკადემია აწვალებს, ალოდინებს, ასე გრძელდება 2010 წლამდე.
და აი, დადგა ეს ნანატრი დღე, მიიღო პრემია. დაგვიანებულია, სამწუხაროდ მეტისმეტადაც კი. ამასობაში ბრწინვალება მოაკლდა ლათინოამერიკული რომანის მაგიური რეალიზმის სიკაშკაშეს. მის ბოლო მოთხრობებში მარიო ვარგას ლიოსას ცნობილი სტილი კი იცნობა, თუმცა რაღაც მოძველებული თუ პატრიარქარული იერიც დაკრავს უკვე. თხრობის დონეების მონაცვლეობა, შინაგანი მონოლოგის ტექნიკა, სიუჟეტური ძაფების ჩახლართულობა - ეს თხრობის ის ტექნიკური მრავალფეროვნება იყო, რაც 1977 წლისათვის ყველას ნუსხავდა. მას შემდეგ ნახევარი მარადისობა გავიდა და დღეს ეს ყველაფერი ნოვატორულად და გზის გამკვალავად აღარ ითვლება. ამასობაში სხვა გიჟები გამოჩნდნენ. ამიტომაც გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ეს პრემია დაგვიანებული და მართლაც დასანანად გაჯანჯლებულია. თუმცა აქვე სასწრაფოდ ვამატებ: ნამდვილად დამსახურებულია.
გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ


*ავტორის შესახებ:
ვოლფგანგ შტოკი
- მედიამეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ავტორი., გამომცემელი. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მედიასახლს „სპორტლაით ფერლაგი Spotlight Verlag“ მიუნხენში, გამოსცემს ექვს სხვადასხვაენოვან ჟურნალს, ამას გარდა აქვს ორი ინტერნეტბლოგი: www.stockpress.de , რომელშიც ლიტერატურულ წერილებს, ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს ბეჭდავს და www.stocpunkt.com, სადაც მედიებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აქვეყნებს.
© kalmasoba.com

Sunday, January 23, 2011

მარიო ვარგას ლიოსა - სანობელე ლექცია, სტოკჰოლმი, 2010, 7 დეკემბერი


VIDEO

კითხვის ჩვევისა და ლიტერატურისადმი პატივის მისაგებად

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

კითხვა ხუთი წლის ასაკში ვისწავლე, მამა ხუსტინიანოს კლასში, დე ლა სალის აკადემიაში, რომელიც კოჩაბამბაში, ბოლივიაში მდებარეობს. თუკი რამ შემმთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, სწორედ ეს იყო. ლამის სამოცდაათი წლის თავზეც მკაფიოდ მახსენდება, რა ჯადოსნობა იყო მაშინ წიგნში ამოკითხული სიტყვების გადაქცევა სახეებად, რომლებიც ცხოვრებას მიმდიდრებდნენ და დროის და სივრცის წინაღობას ტეხდნენ. მათი წყალობით გამივლია კაპიტან ნემოსთან ერთად ზღვის ქვეშ ოცი ათასი მილი, დარტანიანთან, ათოსსთან, პორთოსთან და არამისსთან ერთად დედოფლის წინააღმდეგ ჩუმჩუმელა რიშელიეს წამოწყებულ ინტრიგებს შევწინააღმდეგებივარ, პარიზის მიწისქვეშეთიც მომივლია, ჟან ვალჟანადაც ვქცეულვარ და მარიუსის უსიცოცხლო სხეული საკუთარი ზურგით მიტარებია.
კითხვა ოცნებებს ცხოვრებად აქცევდა, ცხოვრებას - ოცნებად, და იმ პატარა ბიჭისთვის, ოდესღაც მე რომ ვიყავი, ლიტერატურით ნაშობ სამყაროს მისაწვდომს ხდიდა. დედაჩემი მიამბობდა, თურმე ჩემს პირველ ნაწერებში იმ ამბებს ვაგრძელებდი, წიგნებში რომ ვკითხულობდი, რადგან ამბის დასრულება სევდას მგვრიდა, ან, შესაძლოა, წიგნის დაბოლოების შეცვლა მსურდა. და, ახლა რომ ვფიქრობ, გაუცნობიერებლად, როგორც სჩანს, მთელი ცხოვრება ეს მიკეთებია და ახლაც ამას ვაკეთებ: გავიზარდე, მოვწიფდი, მერე დავბერდი, და მთელი ეს წლები დროში ვაგრძელებ ამბებს, რომლებიც ჩემს ბავშვობას ეგზალტაციით და ფათერაკების მაძიებლობის ჟინით ავსებდნენ.
ახლა ვნატრობ, ნეტავ აქ იყოს დედაჩემი, ქალი, რომელსაც შეეძლო ამადო ნერვოს და პაბლო ნერუდას ლექსზე ეტირა, დიდცხვირა, მელოტი პაპაჩემი პედროც, ყოველ ჩემს ლექსს დღესასწაულივით რომ ხვდებოდა; ძია ლუჩო, რომელიც ერთობ ენერგიულად მარწმუნებდა, სული და სხეული ლიტერატურისთვის მიმეძღვნა, იმ დროს და ადგილას, როდესაც და სადაც სიტყვაკაზმულობისადმი თავდადება არავის უფასდებოდა. მთელი ცხოვრება გვერდში სულ ასეთი ადამიანები მედგნენ, ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდი, რომლებიც, როცა დაეჭვების წლები მედგა, სულის მხნეობას მმატებდნენ. მადლობელი ვარ მათი, რა თქმა უნდა, ჩემი ატანილობისაც, და გარკვეულწილად, იღბლიანობისაც, რაკი შევძელი და სიცოცხლის მეტი ნაწილი წერის ვნებას და ცოდვას, ამ სასწაულს ვუძღვენი და პარალელური სიცოცხლე შევიქმენი, რომელიც განსაცდელებში თავშესაფრად და ნავსაყუდელად მექცა, რომელიც არაჩვეულებრივ რამეებს ბუნებრივად აქცევს და ბუნებრივს კი სასწაულად, ქაოსს ფანტავს, სიმახინჯეს მშვენებას სძენს, წუთს უკვდავჰყოფს და სიკვდილს მომნუსხველ სპექტაკლად აქცევს.
ამბების წერა ადვილი არ იყო. როცა ამბავი სიტყვად იქცევა, ჩანაფიქრი ქაღალდზე დნება და იდეები და სახეები თითებს შუა გეპარება. როგორ ხდება მათი ხელახლა გაცოცხლება? საბედნიეროდ, მყავდნენ ოსტატები, მასწავლებლები, რომელთაგან ვსწავლობდი და რომელთა მაგალითს მივდევდი. ფლობერისგან ვისწავლე, რომ ნიჭი უტეხი დისციპლინა და უსასრულო მოთმინებაა; ფოლკნერისგან - რომ ფორმა - წერა და სტრუქტურა - საგნებს აღამაღლებს ან პირიქით, განძარცვავს და აღარიბებს. მარტორელმა, სერვანტესმა, დიკენსმა, ბალზაკმა, ტოლსტოიმ, კონრადმა, თომას მანმა მასწავლეს, რომ მასშტაბურობა და ამბიცია რომანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სტილური სრულქმნილება და თხრობის სტრატეგია. სარტრმა - რომ სიტყვები ქმედებებია, რომანი, პიესა, ან თუნდაც ესე კი აწმყო დროსა და უკეთეს არჩევანს შეიცავს და ისტორიის მდინარების შეცვლა ხელეწიფება; კამიუმ და ორუელმა - რომ მორალურის განცდისგან განძარცვული ლიტერატურა არაადამიანურია, მალრომ - რომ ჰეროიზმი და ეპიკურობა დღესაც ისევეა შესაძლებელი, როგორც არგონავტების, ,,ოდისეის" და ,,ილიადის" ხანაში.
ამ მომართვაში ყველა მწერალი რომ მომეხსენიებინა, ვისიც სულ ცოტა ან ძალიან ბევრი მმართებს, მათი ჩრდილების სიბნელეში მოვექცეოდით. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მთხრობლის ხელობის საიდუმლოებებს რომ თავი დავანებოთ, მათ ადამიანის ბუნების უძირო სიღრმეებში ჩამახედეს, მისი გმირული გამოვლინებებისადმი მოწიწება მასწავლეს, მისი სისასტიკის მიმართ განცდილი საშინელების გრძნობით დამდაღეს. ესენი იყვნენ ჩემი ყველაზე გულუხვი და დაუნანებელი მეგობრები, ვინც ჩემს მოწოდებას სული შთაბერა და ვისი წიგნების წყალობით აღმოვაჩინე, რომ იმედი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც არ კვდება, რომ სიცოცხლე ძალისხმევად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ უმისოდ ამბების წერა და წარმოსახვა შეუძლებელი იქნებოდა.
ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ იყო წერა გადამატებული ფუფუნება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემია - ქვეყანაში, სადაც მკითხველი კანტი-კუნტად გვყავდა, სადაც უამრავი ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი იყო და დიდი უსამართლობა სუფევდა, კულტურა კი ერთეულების პრივილეგიად რჩებოდა. მაგრამ ამ დაეჭვების გამო წერაზე ხელი არასოდეს ამიღია და იმ პერიოდებშიც ვაგრძელებდი, როცა დროის უმეტესი ნაწილი იმაზე ფიქრს მიჰქონდა, თავი როგორ გამეტანა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან იმისთვის, რომ ლიტერატურა განვითარებულიყო, ჯერ საზოგადოებას უნდა მიეღწია მაღალი კულტურისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობა და კეთილდღეობა დამყარებულიყო. ლიტერატურის წყალობით, იმ შეგნების წყალობით, რომელსაც ის ავითარებს, მაღალი სურვილებისა და სწრაფვების გამოისობით, რომელსაც ის შთაგვბერავს, მშვენიერი ხილვებიდან გამოსვლის და რეალობასთან შეჯახების შედეგად, სამყარო დღეს ისეთი სასტიკი აღარაა, როგორც მაშინ, როცა პირველი მოარაკეები ქმნიდნენ და ცხოვრებას ადამიანურობას ჰმატებდნენ. იმ კარგი წიგნების გარეშე, რომლებსაც ვკითხულობთ, უფრო ცუდები ვიქნებოდით, უფრო კონფორმისტები, ნაკლებ ჟინიანები და უფრო მორჩილები; თვით კრიტიკული სული, პროგრესის მამოძრავებელი ძალა არ იარსებებდა. განა მხოლოდ წერა, კითხვაც ცხოვრების არასრულყოფილების მიმართ პროტესტის გამოხატულებაა. როცა ლიტერატურაში იმას ვეძებთ, რაც ადამიანთა არსებობას აკლია, ამით ჩვენდა უნებურად ვამბობთ, რომ ყოფიერება, ისეთი, როგორიც ჩვენს წინაშეა, აბსოლუტის - ადამიანთა ყოფის ძირისა და ძირის მიმართ ჩვენს სწრაფვასა და წყურვილს ვერ აკმაყოფილებს. როცა ვთხზავთ, შეძლებისდაგვარად მეტი და მეტი ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ, როცა სულ ერთადერთი სიცოცხლე გვაბადია.
მხატვრული ლიტერატურა რომ არა, ნაკლებად გვექნებოდა გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას საიმისოდ, რომ ადამიანმა სიცოცხლე ადამიანურად განვლოს, ჯოჯოხეთად კი მაშინ იქცევა, როცა ტირანის, იდეოლოგიის თუ რელიგიის წნეხქვეშ ექცევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ლიტერატურას მხოლოდ ბედნიერ და მშვენიერ ხილვებში დაძირვა კი არა, იმ საფრთხეების შესახებაც ძალუძს ჩვენი გაფრთხილება, ჩვენს თავისუფლებას რომ ემუქრება, საკუთარ თავს კითხოს, რატომ ცდილობს ყველა რეჟიმი ადამიანის ცხოვრების გაკონტროლებას აკვნიდან საფლავამდე და მისი ისეთი შიში რად აქვს, რომ დასათრგუნად ცენზურის და მეთვალყურეობის სისტემებს უწესებს, დამოუკიდებელ მწერლებს კი ყოვლისმხედველ თვალს არ აშორებს. ამას იმიტომ შვრებიან, რომ იციან, რა ხიფათია მათთვის ლაგამამოუდებელი წარმოსახვა, რომელმაც წიგნის ფურცლებიდან ლაღად იცის ამოხეთქვა, იციან, რა საცდურებს შეიცავს ლიტერატურა, როცა მკითხველი წიგნში გაცხადებულ თავისუფლებას სიბნელის და შიშის იმ ატმოსფეროს ადარებს, რომელიც რეალურ სამყაროში სუფევს. სურთ თუ არა ეს, იციან თუ არა, რას აკეთებენ, მწერლებს ამბების თხზვისას სააშკარაოზე ადამიანთა დაუკმაყოფილებლობა გამოაქვთ, აჩვენებენ, რა უხეიროდაა მოწყობილი ცხოვრება, და რომ წარმოსახულ სამყაროებში სილამაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. და ეს ფაქტი, როცა მას გრძნობებითა და შეგნებით გამოცდაც ემატება, მოქალაქით მანიპულირებას აძნელებს, მეციხოვნეთა და გამომძიებელთა სიცრუე, რომ მათს გისოსებს მიღმა ადამიანს უფრო უხიფათო, უკეთესი ცხოვრება ელის, ჭეშმარიტებად ვეღარ საღდება.
კარგი ლიტერატურა ადამიანებს შორის ხიდებს დებს, და როცა სიხარულს გვანიჭებს, ტანჯვას განგვაცდევინებს ან ჩვენს გაოცებას ახერხებს, ენის, აღმსარებლობის, წეს-ჩვეულებების და მიკრძოებული დამოკიდებულებების - იმ ყველაფრის გადალახვით გვაერთიანებს, რაც ერთმანეთისგან გვყოფს. როცა დიდი თეთრი ვეშაპი კაპიტან აჰაბს ოკეანის ზვირთებში ითრევს, მკითხველი, ტოკიოში, ლიმაში თუ ტიმბუქტუში, ერთნაირად იზაფრება. როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს, ანა კარენინა მატარებელს ბორბლებში უვარდება, ჟულიენ სორელი ეშაფოტზე ადის “El sur,”- ში დუქნიდან გასული ექიმი ხუან დალმანი დანამომარჯვებული ავაზაკის შესახვედრად მიაბიჯებს, ან როცა ვხვდებით, რომ კომალას მკვიდრნი, პედროს თანასოფლელები ცოცხლებში აღარ წერიან, ვისაც არ უნდა აღიარებდეს მკითხველი, ბუდას, კონფუციუსს, ქრისტეს, გინდ აგნოსტიკოსი იყოს, პიჯაკი აცვია, კიმონო თუ ბომბაჩა, გული ერთნაირად ეწურება. ლიტერატურა ადამიანთა მრავალგვაროვნებიდან ძმობას ბადებს და იმ საზღვრებს შლის, უვიცობამ, იდეოლოგიურმა, რელიგიურმა, ენებრივმა სხვაობებმა და სიბრიყვემ რომ წარმოქმნეს.
ისტორიის ყველა პერიოდს საკუთარი საშინელებები და საფრთხობელები აქვს, და ჩვენი დრო ფანატიკოსების, თვითმკვლელი ტერორისტების ხანად იქცა. მკვლელთა უძველესი სახეობის ეს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ სისხლს დაღვრიან, სასუფეველს მოიპოვებენ, რომ უდანაშაულოთა სისხლი კოლექტიურ შეურაცხყოფას ჩამორეცხავს, უსამართლობას გაასწორებს, ურჯულოებს ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცევს. მთელს მსოფლიოში, ყოველდღე, უთვლელი მსხვერპლი ჩნდება მათი ხელით, ვინც ფიქრობს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება სწორედ მას უპყრია. როცა ტოტალიტარული იმპერიები ინგრეოდა, იმედი მოგვეცა, რომ ერთად, მშვიდობიანად ვიცხოვრებდით, პლურალიზმი და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს ჰოლოკოსტებს, გენოციდებს, დაპყრობითი ომების და ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის ხანას დაგვაშორებდა. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. დღეს ბარბაროსობის ახალი ფორმები იჩენს თავს, მათი მიზეზები ფანატიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაა, და ვერც იმ ფაქტს ავარიდებთ თვალს, რომ ერთ დღესაც შეშლილების ერთმა პატარა ჯგუფმა შეიძლება ბირთვული კატაკლიზმი გამოიწვოს. ამათ ძირი უნდა შევურყიოთ, დავუპირისპირდეთ, დავამარცხოთ. ბევრნი არ არიან, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ექო მთელ პლანეტას სწვდება, მათი კოშმარული ნამოქმედარი ზაფრას გვცემს. თავი არ უნდა დავაშინებინოთ, უფლება არ უნდა მივცეთ, საუკუნეების განმავლობაში ნაკოწიწები ცივილიზაციის მონაპოვარი - თავისუფლება წაგვართვან. მოდით, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც, საკმაო შეზღუდულობის მიუხედავად, კვლავაც პოლიტიკურ პლურალიზმს, თანაარსებობას, შემწყნარებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, კრიტიკული ხედვის პატივისცემას, კანონს, თავისუფალ არჩევნებს, ძალაუფლების ხელიდან ხელში გადაცემას ნიშნავს, - იმ ყველაფერს, რამაც ველურ ყოფას დაგვაშორა და - მართალია, ვერასოდეს მივაღწევთ, - იმ მშვენიერ, სრულყოფილ ცხოვრებას მიგვაახლოვა, რომელსაც მხატვრული ლიტერატურიდან თუ ვიცნობთ, რომელსაც მხოლოდ გამონაგონში, წარმოსახვაში, წერისა და კითხვის პროცესში ვიმსახურებთ. კაცისმკვლელ ფანატიკოსებს რომ ვუპირისპირდებით, ამით ოცნების, და ამ ოცნებებისთვის ხორცის შესხმის უფლებას ვიცავთ.
ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერალივით, მარქსისტი ვიყავი და მჯეროდა, რომ სოციალიზმი აღმოფხვრიდა ადამიანთა ექსპლუატაციას და სოციალურ უსამართლობას, რომლებიც ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და მესამე სამყაროს დანარჩენ ქვეყნებში მკვიდრად იყო ფესვგამდგმული. მერე სტეიტიზმით და კოლექტივიზმით იმედგაცრუების ხანგრძლივი და რთული პერიოდი განვვლე, სანამ დემოკრატად და ლიბერალად - იმად, რაც დღეს ვარ, ვცდილობ, რომ ვიყო - ჩამოვყალიბდებოდი, ეს წლები გარკვეულ ეპიზოდთა დროში გაწელილი თანწყობისგან შედგებოდა; იყო კუბის რევოლუციის სახეცვალება, რომლის მიმართ თავიდან დიდი ენთუზიაზმით ვიყავი აღვსილი, მისი მმართველობის გაავტორიტარულება, საბჭოთა კავშირის ვერტიკალურ მოდელად ქცევა; იმ დისიდენტთა ნაამბობი, რომლებმაც გულაგების მავთულხლართებიდან თავის დაღწევა მოახერხეს; ვარშავის პაქტის ქვეყნების ჩეხეთში შეჭრა; დემოკრატიული კულტურის და ღია საზოგადოების ხელახლა აღმოჩენას ისეთ მოაზროვნეებს ვუმადლი, როგორებიც რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, აიზაია (ისაია) ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ. ეს დიდი ადამიანები ჩემთვის აღმაფრთოვანებელი გაბედულების და სინათლის განსახიერებანი იყვნენ, მაშინ, როცა დასავლური ინტელიგენცია, ქარაფშუტობისა თუ ოპორტუნიზმის გამო, საბჭოური სოციალიზმის, ან, კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის სისხლიანი შაბაშის ხიბლით იყვნენ დატვევებულები.
ჩემს პატარა ბიჭობაში გამუდმებით პარიზზე ვოცნებობდი, რადგან ფრანგული ლიტერატურით მოხიბლულს მჯეროდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება, ბალზაკის, სტენდალის, ბოდლერის და პრუსტის ნასუნთქი ჰაერით სუნთქვა ოდესმე ნამდვილ მწერლად მაქცევდა. პერუდან რომ არ წავსულიყავი, ალბათ ერთი უბრალო, შაბათ-კვირას საკითხავი მწერალი ვიქნებოდი. უნდა ვაღიარო, რომ კულტურის დაუვიწყარ გაკვეთილებს საფრანგეთს ვუმადლი; მაგალითად, იქ გავითავისე, რომ მწერლობა, მოწოდების გარდა, კიდევ დისციპლინაა, მძიმე სამუშაო, ატანილობა. ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც სარტრი და კამიუ ჯერაც ცოცხლები იყვნენ და წერდნენ, იონესკოს, ბეკეტის, ბატაის და ჩორანის ზეობის წლებში, მაშინ აღმოვაჩინე ბრეხტის თეატრი და ინგმარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის სახალხო თეატრი Theatre National Populaire of Jean Vilar, ჟან-ლუი ბაროს ოდეონი, ახალი ტალღა, ახალი რომანი, ანდრე მალროს მშვენიერი შემოქმედება, და შესაძლოა, იმდროინდელ ევროპაში ყველაზე თეატრალური სანახაობა - გენერალ დე გოლის ოლიმპიური გრგვინვა და მეხი - მისი პრეს-კონფერენციები. და მაინც, საფრანგეთს ყველაზე მეტად იმის გამო ვემადლიერები, რომ ლათინური ამერიკა აღმომაჩენინა. ამ ქვეყანაში გავაცნობიერე, რომ თურმე პერუ საერთო ისტორიით, გეოგრაფიული მონაცემებით, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით გაერთიანებული საზოგადოება ყოფილა, რომ ცხოვრების მისეული ნირი განუმეორებელია, მისი ხალხი კი გემრიელ ენაზე მეტყველებს და წერს. სწორედ იმ წლებში, ამ ენაზე ახალი, მძლავრი ლიტერატურა იქმნებოდა. მაშინ წავიკითხე ბორხესი, ოქტავიო პასი, კორტასარი, ფუენტესი, კაბრერა ინფანტე, რულფო, ონეტი, კარპენტერი, ედუარდსი, დონოზო და ბევრი სხვა, ვისი ნაწერებიც ესპანურ ენის რევოლუციურ ნარატივს ქმნიდა და რომელთა წყალობით ევროპამ და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ლათინური ამერიკა მხოლოდ გადატრიალებების, ოპერეტებიდან გადმოსული დესპოტების, წვერებიანი პარტიზნების, მამბოს და ჩა-ჩა-ჩას კონტინენტი კი არ არის, არამედ იდეების, შემოქმედებით ფორმათა ძიების, ლიტერატურული ფანტაზიით უხვად მომადლებული მხარე, რომელიც მის შესახებ ხატოვან წარმოდგენებს შორს გასცდა და უნივერსალურ ენაზე ალაპარაკდა.
იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე, არცთუ უშეცდომოდ, შესაძლოა, ბორძიკ-ბორძიკითაც, ლათინური ამერიკა წინსვლის გზას ადგას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სეზარ ვალიეხო ამბობს თავის ლექსში: Hay, hermanos, muchнsimo que hacer - ,,ძმებო, საკეთებელი ბევრი გვაქვს ჯერაც." დიქტატორულ რეჟიმებს თანდათანობით ვიშორებთ, მხოლოდ კუბა და მისი იდეური მემკვიდრე, ვენესუელაღა დარჩა და რამდენიმე, ვითომ სახალხო, მასხრული დემოკრატია, ისეთები, ბოლივიაში და ნიკარაგუაში რომ არსებობს. მაგრამ კონტინენტის დანარჩენ ნაწილში დემოკრატია მუშაობს, ფართო სახალხო კონსენსუსს ეფუძნება, და ჩვენს ისტორიაში პირველად, ბრაზილია იქნება, ურუგვაი, პერუ, კოლუმბია, დომინიკელთა რესპუბლიკა თუ მექსიკა და მთელი ცენტრალური ამერიკა, გვყავს მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომლებიც პატივს სცემენ კანონიერებას, კრიტიკის, არჩევნების თავისუფლებას და ძალაუფლების კანონიერად გადაცემის გზას. ეს სწორი გზაა, და თუ განზე არ გავუხვევთ, ერთი შეხედვით მოუშორებელ კორუფციასაც დავამარცხებთ, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაცია გაგრძელდება და ლათინური ამერიკა ბოლოს და ბოლოს სამომავლო იმედების კონტინენტიდან დღევანდელი დღის კონტინენტად იქცევა.
მე თვითონ არც ევროპაში, და კაცმა რომ თქვას, არც სადმე სხვაგან, თავი უცხოელად არასდროს მიგრძვნია. სადაც არ უნდა მეცხოვრა, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიაში თუ დომინიკის რესპუბლიკაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სამშობლოში. ყოველთვის ვახერხებდი ჩემი პატარა კუთხის შეგულებას, სადაც მშვიდად ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი, სადაც ბევრ ახალს ვსწავლობდი, ვოცნებობდი, მეგობრებს ვიძენდი, კარგ წიგნებს ვკითხულობდი და რაღაც ისეთს ვპოულობდი, რაზეც წერის სურვილი მიჩნდებოდა. არამგონია, იმ ფაქტს, რომ ჩემდაუნებურად მსოფლიო მოქალაქე შევიქენი, ჩემი ,,ფესვები”, საკუთარ ქვეყანასთან კავშირი შესუსტებინოს, რადგან ასე რომ მომხდარიყო, პერუდან გამოყოლილი წარსული და გამოცდილება მწერლად ვერ მაქცევდა, ჩემს ნაწერებში დაუსრულებლად არ ამოტივტივდებოდა, მაშინაც კი, როცა მოქმედება თითქოს პერუდან ძალიან შორს ხდება. პირიქით, ასე მგონია, რომ საკუთარი ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრება ამ კავშირს მეტ სიმძაფრეს და ნათელ პერსპექტივას სძენს, ნოსტალგია კი მიჩქმალული განცდიდან მამოძრავებელ ძალად იქცევა და მოგონებებს უჩვეულო ძალით აცოცხლებს. არ შეიძლება, იმ ქვეყნის სიყვარული, სადაც დაიბადე, სავალდებულო იყოს, მაგრამ ისევე, როგორც სიყვარულის სხვა გამოვლინებები, გულიდან წამოსულ სპონტანურ ქმედებებს შობს, ისეთებს, შეყვარებულებს, მშობლებს და შვილებს, მეგობრებს შორის ურთიერთობას რომ კრავს.
პერუ მე გულით თან დამაქვს, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ბავშვობის და ახალგაზრდობის იმ მოგონებებით აღვივსე, რომლებმაც ჩემი პიროვნება გამოქნეს და საკუთარი მოწოდება მაგრძნობინეს; იქ მიყვარდა, მძულდა, მიხაროდა, ვიტანჯებოდი და ვოცნებობდი. რაც იქ ხდება, ჩემს გრძნობებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოვლენებზე მეტად ეხება, უფრო მეტად განვიცდი ან მაღიზიანებს. ეს საგანგებოდ არ მისურვია და არც პასუხისმგებლობად დამიკისრებია საკუთარი თავისთვის. ასეა და სხვაგვარად არ გამომდის. ზოგ თანამემამულეს ღალატშიც დავუდანაშაულებივარ და ერთხელ, უკანასკნელი დიქტატორის დროს, კინაღამ მოქალაქეობაც დავკარგე, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს ვთხოვე, რეჟიმი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით დაესაჯათ. ასე ვიქცეოდი ნებისმიერი სხვა დიქტატურული მმართველობის მიმართაც, პინოჩეტი იქნებოდა, ფიდელ კასტრო, ავღანური თალიბანი, ირანელი იმამები, სამხრეთაფრიკული აპარტეიდი თუ უნიფორმიანი ბირმელი (დღეს მიანმარია) სატრაპები. და ამას ხვალვე ხელახლა გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა - იმედი მაქვს, პერუს მსგავსი ხვედრი აღარ ელის და არც პერუელები მისცემენ ვინმეს ამის უფლებას - კიდევ ერთხელ არ გახდეს გადატრიალების მსხვერპლი, რომელიც ჩვენს ჯერ კიდევ მოუმაგრებელ დემოკრატიას დაემუქრება. არა, ეს განაწყენებული ადამიანის შურისძიება, ემოციური გადაწყვეტილება არ ყოფილა, როგორც მაშინ ზოგიერთი ისეთი მჩხაპნელი წერდა, სხვათა საქციელს საკუთარი სიმდაბლის პრიზმიდან რომ საზღვრავენ. მიზეზი ჩემი შეხედულება იყო, რომ ნებისმიერი დიქტატურა ქვეყნისთვის აბსოლუტური ბოროტებაა, ყველანაირი სისასტიკე, კორუფცია მისგან მომდინარეობს და საზოგადოებას ისეთ ჭრილობებს აყენებს, რომლებიც მერე დიდხანს რჩება მოუშუშებელი, ერის მომავალს წამლავს, მანკიერ აზროვნებას და ქცევას წარმოშობს, რომლის აღმოფხვრას თაობები ჭირდება და დემოკრატიულ აღმშენებლობას წინაღობებს უქმნის. ამიტომაა, რომ დიქტატურებს დაუფიქრებლად და უჭოჭმანოდ წინ უნდა აღვუდგეთ, მის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ხერხი უნდა იქნას გამოყენებული, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული მთავრობები, სათანადო მაგალითის მიცემის ნაცვლად, იმის მაგიერ რომ ვენესუელის ოპოზიციასთან, ან კუბელ დამას დე ბლანკოს, აუნ სან სუ ჭის და ლიუ სიაობოს მსგავს პიროვნებებთან ითანამშრომლონ, საქმეს მათ მწამებლებთან იჭერენ. ეს უშიშარი ადამიანები, საკუთარი თავისუფლებისთვის რომ იბრძვიან, ჩვენს თავისუფლებასაც იცავენ.
ჩემმა თანამემამულემ, ხოსე მარია არგედასმა, პერუს ,,ყველა სისხლის" ქვეყანა უწოდა. არამგონია, რომელიმე ფორმულირება უკეთ ასახავდეს ჩვენს რეალობას: სწორედ ესაა პერუ, ნებისმიერ პერუელს ძარღვებში აქვს, მოგვწონს თუ არა - მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან მოსული ტრადიციების, რასების, რელიგიების, ჩვეულებების და კულტურების აღრევა. თავად მე თავს ესპანელებამდელი კულტურების შთამომავლად ვთვლი, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების, ცნობილ ქსოვილებსა და ბუმბულის მოსასხამებს რომ ქმნიდნენ, ინკების - ვისი კერამიკაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებშია გამოფენილი, მაჩუ პიკჩუს, გრან ჩიმის, ჩან ჩენის, კუელაპის, სიპენის, ლა ბრუიას, ელ სოლის და ლა ლუნას ყორღანების ამშენებლებისა, და რა თქმა უნდა, ესპანელებისაც, ვინც სამგზავრო აბგებით ევროპიდან საბერძნეთი, რომი, იუდეურ-ქრისტიანული ტრადიცია, რენესანსი, სერვანტესი, კევედო და მჭახე კასტილიური ენა ჩამოიტანეს, რომელიც მერე ანდებმა მოტეხეს და დაარბილეს. ესპანეთთან ერთად მოვიდა აფრიკა, მისი ძალა, მისი მუსიკა, მისი ნაპერწკლიანი წარმოსახვა, და პერუს ჰეტეროგენურობა გაამდიდრა. სულ პატარა კვლევაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბორხესის ალეფის მსგავსად, პერუ თვით მსოფლიოა, მცირე ფორმატში დატეული. რა საოცარი პატივია ქვეყნისთვის, რომელსაც თითქოს იდენტობა არ გააჩნია, რადგან ყველა იდენტობა მასშია თავმოყრილი.
ამერიკის დაპყრობა, რა თქმა უნდა, სასტიკი და სისხლიანი იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაპყრობითი ომი, და ჩვენგან კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი, ვინც ძარცვასა და მკვლელობასაც კი არ ერიდებოდნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ - სწორედ ის ესპანელები, რომლებიც ამერიკაში მოვიდნენ და ამერიკელები გახდნენ, და არა ისინი, ვინც ესპანეთში დარჩა. ასეთი კრიტიკა, ვიყოთ სამართლიანები, უფრო თვითკრიტიკა იქნება. რადგან, ორასი წლის წინ, როცა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმათ, ვინც ხელში ძალაუფლება იგდო, ინდიელების გათავისუფლების და სამართლიანობის დამყარების მაგიერ მათი ჩაგვრა განაგრძეს, ისეთივე სიხარბით და სისასტიკით, როგორც ამას კონკისტადორები ჩადიოდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ინდიელებს ხოცავდნენ და ანადგურებდნენ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ამ ორი საუკუნის განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის ემანსიპაცია ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უგულებელვჰყავით. ეს მთელს ლათინურ ამერიკაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. და ამ სამარცხვინო სურათში ერთი გამონაკლისიც არ შეინიშნება.
ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ, მისგან ისევე დიდად ვარ დავალებული, რამდენადაც დიდია ჩემი მისადმი მადლიერება. ესპანეთი რომ არა, ამ ტირბუნასთან არ ვიდგებოდი და ალბათ არც მწერალი ვიქნებოდი, შესაძლოა, ჩემი ბევრი, ნაკლებ იღბლიანი თანამოკალმის მსგავსად, დაუფასებელი ტალანტის როლს დავჯერებოდი, გამომცემლები, პრემიები, მკითხველი სიცოცხლეში არ მეღირსებოდა, ვისი ნიჭიც - რა სევდანარევი ნუგეშია - შთამომავლობას შესაძლოა როდესმე შემთხვევით აღმოეჩინა. ჩემი ყველა წიგნი ესპანეთში გამოიცა, სადაც გადაჭარბებული აღიარება მხვდა წილად, ჩემი მეგობრები კი, კარლოს ბარალი, კარმენ ბალცელსი (Carmen Balcells), და კიდევ სხვა ბევრიც, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ჩემს ნაწერებს მკითხველამდე მიეღწია. ესპანეთმა მეორე მოქალაქეობა მომცა, მაშინ, როდესაც პირველის დაკარგვას არაფერი მაკლდა. არასდროს მიგრძვნია დაბნეულობა იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი და თან ესპანური პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპანეთი და პერუ ერთი მედლის ორი მხარეა, და ეს მხოლოდ ჩემში, ერთ პატარა ადამიანში კი არა, მათი ისტორიის, ენის და კულტურის ერთობაშია გაცხადებული.
ესპანეთის მიწაზე გატარებული დროიდან ყველაზე ბედნიერად ის ხუთი ბრწყინვალე წელიწადი მახსენდება, ჩემს საყვარელ ბარსელონაში რომ ვცხოვრობდი. 1970-იანი წლების დასაწყისი იყო. ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი ჯერ ზეობაში გახლდათ, მაგრამ ადრინდელი ძალა და გავლენა აღარ გააჩნდა, განსაკუთრებით ეს კულტურის სფეროში იგრძნობოდა, რომლის გაკონტროლებას რეჟიმი ძველებურად ვეღარ ახერხებდა. ბზარები, ღიობები თავს ვეღარ მალავდა, ცენზურა მათს ამოვსებასა და შენიღბვას ვეღარ აუდიოდა. ამ ბზარებიდან იწოვდა ესპანური საზოგადოება ახალ იდეებს, წიგნებს, ახალ იდეურ მიმდინარეობებს, შემოქმედებით ღირებულებებს და ფორმებს, რომლებიც მანამდე, როგორც ძირგამომთხრელი აზროვნების ელემენტები, ქვეყანაში აკრძალული იყო.
ეს ახალი შესაძლებლობები არც ერთ ქალაქს არ გამოუყენებია ისე, როგორც ბარსელონას, რომელიც ესპანეთის კულტურულ ცენტრად იქცა, ადგილად, სადაც თავისუფლების მოახლოების სურნელი იგრძნობოდა. და გარკვეული აზრით, ბარსელონა მაშინ ლათინური ამერიკის კულტურული დედაქალაქიც გახდა, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსული არაერთი მხატვარი, მწერალი, გამომცემელი და მსახიობი სწორედ ბარსელონაში დასახლდა ან ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა. შეუძლებელი იყო, ბარსელონაში ყოფილიყავი და პოეტობა, მწერლობა, მხატვრობა ან მუსიკის წერა არ მოგნდომებოდა; დაუვიწყარი მეგობრობის წლები იყო, - მეგობრობის, რეჟიმის წინააღმდეგ გაჩაღებული თუ ინტელექტუალური მუშაობის ნაყოფიერი წლები. პარიზის მსგავსად, ბარსელონაც ბაბილონის გოდოლად იქცა, კოსმოპოლიტურ, უნივერსალურ ქალაქად, სადაც ცხოვრება მუშაობისა და შემოქმედებისთვის შთაგაგონებდა. სამოქალაქო ომის დროიდან პირველად, ესპანელი და ლათინურამერიკელი მწერლები ერთად შეიყარნენ, ერთმანეთს შეერივნენ და დიდი ხალისით მეგობრდებოდნენ, თავს ერთი და იმავე ტრადიციის შვილებად აღიარებდნენ და ერთსა და იმავე რამეში დაბეჯითებით თანხმდებოდნენ: დიქტატურის დაცემა ესპანეთში უკვე გარდაუვალი იყო, ხოლო დემოკრატიულ ესპანეთში მთავარ მამოძრავებელ ძალად თვით კულტურა იქცეოდა.
მართალია, მერე ყველაფერი მთლად ასე არ მომხდარა, მაგრამ დიქტატურიდან დემოკრატიისკენ ესპანეთის გარდამავალი პერიოდი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო - იმის მაგალითი, როგორ იმარჯვებს საღი აზრი და გონიერება, ხოლო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები საერთო სიკეთის ინტერესებისთვის განზე თავად დგებიან; მოვლენები ისე საოცრად ვითარდებოდა, როგორ მაგიური რეალიზმის რომანში. ავტორიტარიზმიდან თავისუფლებისკენ, ჩამორჩენილობიდან აყვავებისკენ ესპანეთის სვლა, მესამე სამყაროს რანგის ეკონომიკური კონტრაქტებიდან და სოციალური უთანასწორობიდან საშუალო კლასის ქვეყანად ქცევა, მისი ევროპაში ინტეგრაცია, დემოკრატიული კულტურის რამდენიმეწლიან ვადაში გათავისება მთელი მსოფლიოსთვის გამაოგნებელი იყო. მხურვალედ მჯერა, რომ ნაციონალიზმი, თანამედროვე სამყაროს და თვით ესპანეთის ჯერ-ჯერობით მოურჩენელი სენი ამ ბედნიერ ზღაპარს ბოლოს ვერ გაუმწარებს.
ნაციონალიზმის, პროვინციული - უფრო რელიგიური - იდეოლოგიის ყოველნაირი გამოვლინება მძაგს; ეს ახლომხედველობა, შეზღუდულობა, რომელიც ინტელექტუალურ ჰორიზონტს კიდეებს აჭრის და თავის წიაღში ეთნიკურ და რასისტულ დამაცირებელ მიკერძოებებს მალავს, უზენაეს ღირებულებებს, ამ ზნეობრივ და ონტოლოგიურ პრივილეგიას კი ამა თუ იმ ადგილას დაბადების შემთხვევითობამდე ამცრობს. რელიგიასთან ერთად, ნაციონალიზმიც არაერთხელ გამხდარა ისტორიის ყველაზე სისხლიანი მოვლენების, თუნდაც ორი მსოფლიო ომის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაუნდობელი სისხლისღვრის მიზეზი. არაფერს შეუწყვია ხელი ლათინური ამერიკის ბალკანიზებას და უაზრო ბრძოლებსა თუ დისპუტებში ჩაბმას ისე, როგორც ნაციონალიზმს, როცა სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოების მშნებლობის მაგიერ ასტრონომიული თანხები იარაღის შეძენაზე იხარჯებოდა.
თუმცა, ერთმანეთისგან უნა გავმიჯნოთ და არ აგვერიოს ეს შეზღუდული ნაციონალიზმი, ,,სხვის" უარყოფა, ყოველთვის ძალადობის მარცვალს რომ შეიცავს და პატრიოტიზმი, კეთილისმყოფელი, კეთილშობილი გრძნობა იმ მიწისადმი, რომელზეც ვიშვით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც ჩვენი ოცნებები იწრთობოდა, სადაც პეიზაჟებიც კი ნაცნობი და ახლობელია, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეხსიერების ნიშნულებად გვექცევა ხოლმე და მარტოობისგან გვიფარავს. სამშობლო არც დროშაა, არც ჰიმნი, ან სამაგალითო გმირების დაუსრულებელი ხსენება - სამშობლო ის ადგილები და ადამიანებია, ჩვენს მეხსიერებაში რომ არიან დამკვიდრებულნი, მელანქოლიური შეფერილობით და თბილი გრძნობებით ავსებენ, და იმის მიუხედავად, სად ვართ, სწორედ ესაა სახლი, რომელშიც ბოლოს მუდამ ვბრუნდებით.
პერუ ჩემთვის არექიპაა, ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ არ მიცხოვრია, დედაჩემის, მისი მშობლების ქალაქი, და ჩემი დეიდები და ბიძები მასწავლიდნენ, როგორ მეტარებინა ის მეხსიერებით, რადგან ტომი, რომელსაც ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა, არექეპეკები, მუდამ ასე აკეთებდნენ, მთელი თავიანთი მომთაბარული ისტორიის მანძილზე მათი წინაპრების თეთრ ქალაქს მახსოვრობით თან დაატარებდნენ; პერუ ჩემთვის პიურაა, ქალაქი, რომელიც უდაბნოში დგას, მის ქუჩებში აქა-იქ ხეები და მრავალტანჯული ჯორები დგანან, რომლებსაც ჩემს ბავშვობაში პიურელები თავიანთ ფეხებს ეძახდნენ - მოსწრებული და სევდისმომგვრელი სახელია ცხოველისთვის - იქ აღმოვაჩინე, რომ ბავშვები წეროებს კი არ მოყავთ ამ სამყაროში, თურმე ქალის და მამაკაცის წყვილი სჩადის რაღაც საშინელებას, რაღაცას ისეთს, რაც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება; პერუ სან-მიგელის აკადემია და ვარიეტეს თეატრია, რომლის სცენაზე პირველად ვნახე პიესა, რომელიც ჩემი დაწერილი იყო; კიდევ - დიეგო ფერეს და კოლინის კუთხე, უკვე ლიმაში, მირაფლორესში - ამ უბანს ბედნიერ უბანს ვეძახდით - პირველად იქ ჩავიცვი გრძელტოტება შარვალი, იქვე მოვწიე პირველი სიგარეტი, ვისწავლე ცეკვა, პირველად შემიყვარდა და გოგონებს გული გავუხსენი. პერუა ,,ლა კრინიკას" მტვრიანი, ხმაურიანი რედაქცია, სადაც თექვსმეტი წლისამ პირველად დავიწყე ჟურნალისტობა, ხელობა, რომელიც მწერლობასთან ერთად, მთელ ჩემს ცხოვრებას თან გასდევს, რომელმაც თავი წიგნებივით გამატანინა, მათსავით შემასწავლა ცხოვრება, ყველა კლასის და წარმომავლობის ქალთან და მამაკაცთან ურთიერთობა, რომელთაგან ზოგი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ზოგიც კარგი, ცუდი, ან საძაგელი; ასევე - ლეონსიო პრადოს სამხედრო აკადემია, სადაც შევიტყვე, რომ პერუ საშუალო კლასით დასახლებული პატარა, დაცული და მოვლილი ქალაქი კი არაა, რომელშიც იქამდე ცხოვრობდი, არამედ უძველესი, მტრულად განწყობილი, უსამართლობით და უთანაბრობით ავსილი ქვეყანა, რომელსაც ყველა სახის სოციალური ქარიშხლები წელში გადატეხვით ემუქრებოდა; პერუა კაიუდის ის საიდუმლო საკნებიც, სადაც რამდენიმე სან-მარკოელ სტუდენტთან ერთად მსოფლიო რევოლუციას ვამზადებდი; ჩემთვის პერუა ჩემი მეგობრები თავისუფლების მოძრაობიდან, რომლებთან ერთად სამი წელიწადი ბნელ ოთახებში, ყუმბარების გარემოცვაში მაქვს გატარებული, ტერორისტული თავდასხმების და მკვლელობების ფონზე, როცა დემოკრატიის და თავისუფლების კულტურის დასაცავად ვმუშაობდით.
ჩემთვის პერუა პატრისია, ჩემი ბიძაშვილი, ცხვირაპრეხილი, ბობოქარი ხასიათის მქონე ქალბატონი, რომელზეც, ბედის წყალობით, ორმოცდახუთი წლის წინ ვიქორწინე და რომელსაც დღემდე მანიები, ნევროზები და მრისხანების მოულოდნელი შემოტევები აწუხებს, რაც წერაში ძალიან მეხმარება. უმისოდ ჩემს ცხოვრებას დაუცხრომელი ქარიშხლები ბდღვირს გაადენდნენ და არც გონზალო, მორგანა და ექვსი შვილიშვილი შემეძინებოდა, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სიხარული შემოაქვთ. პატრისიამ ყველაფრის კეთება იცის და ყველაფერს კარგად აკეთებს. აგვარებს პრობლემებს, ოჯახს უძღვება, ქაოსში წესრიგი შეაქვს, ჟურნალისტებს და შემაწუხებელ ადამიანებს შიშის ზარს სცემს, ჩემს დროს უფრთხილდება, შეხვედრებს და მოგზაურობებს გეგმავს, ცლის და აწყობს ჩემს ჩემოდნებს და ისეთი სულგრძელია, როცა ჰგონია, რომ მეჩხუბება, პირიდან მაშინაც ყველაზე დიდი ქათინაური ამოსდის: ,,მარიო, ერთადერთი საქმე, რომელშიც ვარგიხარ, წერააო," სულ ამას მეუბნება.
ისევ ლიტერატურას მივუბრუნდეთ. ბავშვობის სამოთხე ჩემთვის მითი არ არის, რეალობაა, რომელშიც კოჩაბამბას პერიოდში ვცხოვრობდი - უზარმაზარ, სამეზოიან სახლში, სადაც ჩემი ბიძაშვილები და სკოლის ამხანაგები ტარზანის და სალგარის ამბებს ვასახიერებდით; პიურას პრეფექტურის სხვენში ღამურები ბუდობდნენ და გახურებული მიწის თავზე ვარსკვლავებიან ღამეს უხმო ჩრდილებს ჰმატებდნენ. ამ წლების განმავლობაში ჩემთვის წერა თამაში იყო, რომელსაც ჩემი ოჯახი აღფრთოვანებით, ლამის აპლოდისმენტებით ხვდებოდა, ტაშს მიკრავდნენ შვილიშვილს, დისშვილს, შვილს, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, რადგან მამაჩემი გარდაიცვალა და ახლა ზეცაში იყო. მამა მაღალი, ლამაზი კაცი უნდა ყოფილიყო, სასთუმლის მაგიდასთან მისი ფოტო მედგა, საზღვაო ქვეითის უნიფორმაში იყო გამოწყობილი. ძილის წინ მასზე ვლოცულობდი და სანამ თვალები დამეხუჭებოდა, სურათს ვაკოცებდი ხოლმე. პიურაში ვიყავით, როცა ერთ მშვენიერ დილას - არამგონია, ეს ამბავი ახლა მაინც მქონდეს მონელებული - დედაჩემმა გამიმხილა, რომ ეს კაცი სინამდვილეში ცოცხალია. მეტიც, თურმე იმავე დღეს ლიმაში მივემგზავრებოდით, რომ ამიერიდან მასთან ერთად გვეცხოვრა. თერთმეტი წლის ვიყავი, იმ წუთებიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. გულუბრყვილობა და სისუფთავე დავკარგე და გავიგე, რა არის მარტოობა, სხვა ადამიანის ძალაუფლება, ზრდასრულთა ცხოვრება, შიში. ხსნა კითხვაში ვპოვე; კარგ წიგნებს ვკითხულობდი და თავს იმ სამყაროებს ვაფარებდი, სადაც ცხოვრება დიდებული ჩანდა და ჩქეფდა; დავიწყებას თავგადასვლებში ვეძებდი, ამ დროს ისევ თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი. და კიდევ იყო წერა, მალულად, ისე, როგორც ზოგი ენით გამოუთქმელ ბიწიერებას ან აკრძალულ ვნებას ეძლევა. ლიტერატურა თამაშად უკვე აღარ მეჩვენებოდა - წინააღმდეგობის საშუალებად, პროტესტად, მეამბოხეობად იქცა, აუტანელი ყოფიდან გაქცევის ხერხად და თან ცხოვრების აზრად. იმ დროიდან დღემდე ასე ვარ, როცა მიჭირს, მხნეობას ვკარგავ, როცა სასოწარკვეთის ზღვარზე ვდგავარ, თავიან-ფეხიანად წერის პროცესში ვერთვები და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, როგორც ხის მორს, დაღუპული ხომალდის გადარჩენილ მგზავრს ნაპირისკენ რომ მოაცურებს.
თუმცა, ეს ძალიან რთული ხელობაა, ხანდახან სისხლის ოფლად ვიღვრები; სხვა მწერლების მსგავსად, დროდადრო ჩემს წარმოსახვასაც უდგება მშრალი სეზონი; ცხოვრების გემოს მაშინ ვგრძნობ, როცა თვეებს და წლებს ამბის აგებას ვუნდები, დასაწყისი გაურკვეველი და ბუნდოვანია, სახეები, რომელთაც მეხსიერება ცხოვრებისეულ გამოცდილებად ინახავს, მოსვენებას არ მაძლევენ, ენთუზიაზმით მავსებენ; ფხიზლობის ეს სიზმრები მერე ჩანაფიქრად, პროექტად იქცევა ხოლმე, გადაწყვეტილებად, მცდელობად, აჩრდილთა მოთამთამე ღრუბელს ხორცი ქაღალდზე შეასხა. ,,წერა ცხოვრების ნირია", თქვა ფლობერმა. დიახ, სრული სიმართლე გახლავთ, ცხოვრების ნირი, რომელსაც ილუზიასთან შეთამაშება, ნეტარება და ცეცხლი ახლავს, რომელიც შენს თავში ნაპერწკლებს ყრის, როცა ჯერ გაუკვალავ სიტყვებს ებრძვი, ებრძვი სანამ არ დაიმორჩილებ, როცა ფართოდ გადაშლილი სამყაროს სურათს იმ მონადირესავით შეისწავლი, ნადირის კვალს რომ ეძებს, რათა შემდეგ ამბის ჩანასახი გამოკვებო და, სანამ თანდათანობით იზრდება, მისი გაუმაძღრობა დააცხრო, რათა ყოველი მომდევნო ამბავი არ შემოეჭამოს. თავბრუ გეხვევა, როცა ჩანაფიქრი ფორმას იღებს და თითქოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას აპირებს, პერსონაჟები მოძრაობენ, მოქმედებენ, გრძნობენ, პატივისცემას და ანგარიშის გაწევას გთხოვენ, ისე, რომ მერე დაუფიქრებლად ქცევას და ბედს ვერ დაუწესებ, ვერც წაართმევ, თუ მათი თავისუფალი ნება არ შეურაცხყავი ან არ მოკალი, თუ ამბავს დამაჯერებლობა არ გამოაცალე - ეს პროცესი ისევ ისე მაჯადოებს, როგორც ოდესღაც, პირველი მცდელობებისას, სრულყოფილებასთან გაახლოებს, თავბრუ გეხვევა, როგორც სიყვარულში ჩაძირვა ქალთან, რომელიც გიყვარს - დღეობით, კვირებით, თვეობით, შეუსვენებლად.
მხატვრულ ლიტერატურაზე ვისაუბრე და უმეტესად რომანის ჟანრს ვგულისხმობდი, თეატრზე კი თითქმის არაფერი მითქვამს, არადა, მწერლობის ერთი გამრჩეული დარგი ხომ მასაც უკავშირდება. დიდი უსამართლობაა, რაღა თქმა უნდა. თეატრი ჩემი პირველი სიყვარული იყო, რომელიც მას შემდეგ ჩამესახა, რაც, მოზარდობის ასაკში, ლიმას სეგურას თეატრში არტურ მილერის ,,კომივოიაჟერის სიკვდილი" ვნახე და ემოციების სიჭარბისგან სული შემეხუთა. მეოცე საუკუნის 50-იან წლების ლიმაში რომ გაცხოველებული თეატრალური ცხოვრება გვქონოდა, ალბათ რომანისტი კი არა, დრამატურგი ვიქნებოდი. მაგრამ არ გვქონდა, და მეც თხრობის ჟანრისკენ ალბათ ამის გამო გადავიხარე, თუმცა, თეატრისადმი ჩემი სიყვარული არ დასრულებულა, რომანების ჩრდილში თვლემდა, როგორც ცდუნება და ნოსტალგია, ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი ხოლმე, როცა სულისშემკვრელ სამსახიობო შესრულებას ვნახავდი. 70-იანი წლების ბოლოს, ასი წლის ბებიდამ, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რეალობას მთლიანად იყო მოწყდარი, მოულოდნელად ერთი ამბავი მიამბო. კარგი წინასაწარმეტყველივით ვიგრძენი, რომ ეს ამბავი თეატრისთვის იყო ზედგამოჭრილი, რომ მისი გაცოცხლება სცენაზე უკეთ არსად მოხერხდებოდა. ამ პიესას დამწყები მწერლის თრთოლვით და კრძალვით ვწერდი, ხოლო სცენაზე მისი ერთ-ერთი პერსონაჟის როლში ნორმა ალეანდროს ხილვამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა და მას შემდეგ, რომანებსა და ესეებს შორის მსგავსი მცდელობა რამდენჯერმე გავიმეორე. და უნდა დავძინო, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ სამოცდაათი წლის ასაკში გავბედავდი და სცენაზე სათამაშოდ ავიდოდი ( უფრო ავფორთხდებოდი). ეს გადარეული ავანტიურა იყო, რომელმაც ხორციელად განმაცდევინა ის სასაწაული, რომ თურმე კაცს, რომელმაც ცხოვრება წერაში გაატარა, შეუძლია რამდენიმე საათით წარმოსახვაში ნაშობ პერსონაჟს ხორცი თავადვე შეასხას, მაყურებლის წინაშე მხატვრული ნაწარმოები გააცოცხლოს. ალბათ ვერასოდეს მოვახერხებ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატო ჩემი მეგობრების, რეჟისორ ხუან ოლეს და მსახიონ აიტანა სანჩესის მიმართ, რომლებიც მამხნევებდნენ და მაქეზებდნენ, რომ ეს ფანტასტიკური გამოცდილება მათთან ერთად გამეზიარებინა ( პანიკის მიუხედავად, რომელიც ამ წამოწყებას თან ახლდა).
ლიტერატურა ცხოვრების ცრუ ასახვაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცხოვრების უკეთ გაგებაში გვეხმარება, იმ ლაბირინთში გვასწავლის ორიენტირებას, რომელშიც დავიბადეთ, უნდა განვვლოთ და მოვკვდეთ. ლიტერატურა ნამდვილი ცხოვრებისგან მოყენებული ჭრილობების და იმედგაცრუებების კომპენსირებას ახდენს, და ნაწილობრივ მისი წყალობითაც შეგვიძლია იმ იეროგლიფის ამოხსნა, რადაც ეჩვენება ცხოვრება ადამიანების დიდ უმეტესობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც უფრო დაეჭვებას გამოთქვამს, ვიდრე წყალგაუვალ ჭეშმარტებებს აღიარებს, ტრანსცენდენტულის, სულის, ადამიანთა ინდივიდუალური და კოლექტიური ხვედრის, ისტორიის აზრის თუ უაზრობის წინაშე დაბნეულობას განიცდის და რაციონალური ცოდნით ცდილობს სიმყარის მოპოვებას.
ყოველთვის მნუსხავდა იმ ბუნდოვანი გარემოებების წარმოდგენა, რომლებშიც ჩვენი წინაპრებმა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცხოველებისგან ძლივს განსხვავდებოდნენ, ენა კი მხოლოდ ახალშობლებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდათ - გამოქვაბულებში, კოცონების გარშემო, ავისმომასწავებელი ჭექა-ქუხილის ხმით თუ ნადირის ღამეული ღრიალით შეშინებულებმა ამბების თხრობა დაიწყეს. ეს კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნებოდა, რადგან ცივილიზაცია სწორედ ამბის მთხრობელის გარშემო შემოკრებილი იმ პრიმიტიული არსებების წრეში დაიწყო და გრძელი გზა განვლო, სანამ ადამიანებად გვაქცევდა, მერე კი დამოუკიდებელი პიროვნებას გამოგვაგონებინებდა, ადამიანს საკუთარი ტომიდან და თემიდან გამოჰყოფდა, მეცნიერებას, ხელოვნებას, კანონებს, თავისუფლებას აზიარებდა, ბუნების, საკუთარი სხეულის, კოსმოსის შესაწვლას, ბოლოს კი ვარსკვლავებისკენ გაფრენას აფიქრებინებდა. ეს ზღაპრები, არაკები, მითები, ლეგენდები, რომლებიც მსმენელის ყურს პირველად წვდებოდა ახალ მუსიკად, შემდეგ სამყაროში დაბუდებულ ხიფათად და იდუმალებად გარდაისახა. იმ დროისათვის, როცა ადამიანებმა კოლექტიურად ოცნება, ამ ოცნებების თხრობით გაზიარება დაიწყეს, თავის გადარჩენაზე და საამისო პრიმიტიულ, უხეშ ამოცანებზე ფიქრი უკან მოიტოვეს და მათი ცხოვრება ოცნებად, სიამოვნებად, ფანტაზიად და რევოლუციურ გეგმად იქცა: ამ ტუსაღობიდან თავის დაღწევა და ბრძოლა, უკეთესობისთვის, ცვილილებებისათვის, იმ სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილება, რომელიც წარმოსახვაში შობილ არსებობას უკავშირდებოდა, და იმ იდუმალების უკუგდება, მათს გარშემო რომ იყო დამკვიდრებული.
ეს უწყვეტი პროცესი მაშინ გამდიდრდა, როცა ადამიანებმა წერა დაიწყეს, ამბების მხოლოდ მოსმენა კი არა, წაკითხვაც შესაძლებელი შეიქნა და ფორმით უცვლელ ლიტერატურად გადაებარათ. ამიტომაა, რომ დაუსრულებლად უნდა ვიმეოროთ, სანამ ახალ თაობებს არ დავარწმუნებთ: ლიტერატურა გართობაზე მეტია, იმ ინტელექტუალურ გავარჯიშებაზე მეტიც კი, ადამიანი გონებას რომ ამახვილებს და კრიტიკულ სულისკვეთებას უღვივებს. ეს სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ცივილიზაციამ არსებობა გააგრძელოს, და ჩვენში მუდმივად განაახლოს და შეინახოს ის საუკეთესო ნაწილი, რასაც ადამიანი ჰქვია; იმისთვის, რომ როდესმე ველურ მდგომარეობას არ დავუბრუნდეთ. ცხოვრება მხოლოდ იმ სპეციალისტების პრაგმატიზმზე არ დაიყვანება, რომლებიც საგნებს ხედავენ, იმას კი, რაც საგანი გარს აკრავს, წინ უსწრებს ან მას აგრძელებს - ვერა; იმისთვის, რომ იმ მანქანების მსახურებად არ ვიქცეთ, რომლებიც ჩვენს მოსამსახურებლად შევქმენით. რადგან სამყარო ლიტერატურის გარეშე სურვილებისგან, იდეალებისგან დაცლილ სამყაროდ იქცევა. ავტომატიკის სამყაროს ის აკლია, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს: საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადამიანში შესვლის უნარი, რადგან სხვაც ჩვენი ოცნებების თიხისგანაა გამოძერწილი.
გამოქვაბულიდან ცათამბჯენებამდე, კლუბური გართობიდან მასობრივი განადგურების იარაღამდე, ჩაკეტილი ტომური ცხოვრებიდან გლობალიზაციის ერამდე, ლიტერატურული წარმოსახვა ადამიანის გამოცდილებას ამდიდრებდა, აფხიზლებდა, საკუთარი არსებობის გარეთ ახედებდა. არაფერს გამოუწვევია ამდენი შფოთვა, არაფერს გამოუცოცხლებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც სიცრუეს, რომელიც, ლიტერატურის წყალობით, ჩვენს ცხოვრებას ერევა, მისი წყალობით დიდი თავგადასავლების მთავარი გმირები ვხდებით, უძლიერეს ვნებებს განვიცდით, ისეთებს, როგორიც ცხოვრებას ჩვენთვის არ გამოუმეტებია. ლიტერატურულ სიცრუეს რეალობად სწორედ ჩვენ ვაქცევთ, გარდაქმნილი მკითხველები, მოლოდინით დაავადებულნი, სინამდვილის ნახევრისნახევრულობას ლიტერატურის მეშვეობით ვგრძნობთ. ჯადოქრობაა, აბა რა არის, როცა ლიტერატურა იმის დაუფლების იმედს გვაძლევს, რაც არ გვაქვს, იმად გახდომას გვპირდება, რანიც არ ვართ, და იმ შეუძლებელ რეალობას ვეზიარებით, სადაც, წარმართული ღმერთების მსგავსად, თავს მოკვდავ და უკვდავ არსებებად ერთდროულად ვგრძნობთ, ეს კი შეუსაბამობის განცდას და ამბოხის სურვილს გვიჩენს, ამბოხი ყველა იმ გმირული საქმის მამოძრავებელი ძალა იყო, რომლებმაც ადამიანურ ურთიერთობაში ძალადობის წილი შეამცირა. შეამცირა, მაგრამ არ აღმოუფხვრია. რადგან ჩვენი ნება და არჩევანი, საბედნიეროდ, ყოველთვის დასურულებელი ამბებისკენ გადაიხრება. აი ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ოცნება, კითხვა და წერა, სწორედ ესენი გვეხმარება, საკუთარ მოკვდავ ბუნებას გადავაბიჯოთ, დროის ცვეთას გადავურჩეთ, შეუძლებელი შესაძლებლად გადავაქციოთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“