Saturday, October 30, 2010

მალხაზ ხარბედია - დროებითი გამარჯვება


რედაქტორის სვეტი, ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი, 2010, ნოემბერი.

ყოველთვის მინდოდა, ჩვენი ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად ბუკინისტებისთვის მიმეძღვნა. გვესაუბრა ამ ტრადიციაზე დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, ძველ ტფილისელ თუ საბჭოთა პერიოდის ბუკინისტებზე. წიგნებთან დაკავშირებულ ტექსტებს წლების მანძილზე ვაგროვებდი და დღესაც მეგულებიან ჩემს გარშემო ისინი, ვინც ბევრს გაიხსენებდნენ ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე ტექსტი “არილშიც” დავბეჭდე თავის დროზე, მაგალითად, ზურაბ კიკნაძის “ბუკინისტები”, ასევე თარგმანები – უნამუნოს, ჰესეს, ბორხესის, ორუელის და სხვა ავტორთა სტატიები ბუკინისტების შესახებ. სპეც-ნომერისთვის რამდენიმე ახალი ტექსტი მქონდა მომზადებული, რასაც ძველი და ახალი თაობის ქართველი ავტორების სტატიები და მოგონებებიც დაემატებოდა და ერთი საინტერესო კულტურული ექსკურსიც შედგებოდა.
როგორც ვხედავთ, ჯერ-ჯერობით ამგვარი ექსკურსი უნდა გადავდოთ, რადგან, აშკარაა, რომ წარსულის, მოგონებებისა და ჭკუამხიარული კლასიფიკაციების დრო ახლა არაა. ახლა უფრო ბრძოლის დროა, რომელიც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს და რომელიც, იმედი მაქვს, თავის დროზე შედეგსაც გამოიღებს. მერე რა, რომ ამ შედეგს ისევ ის ადამიანები მიიწერენ, ვინც თავისი ხელით აყარა ქალაქში ბუკინისტები, ვინც რეზერვაციები გაუმზადა წიგნის მოყვარულებს.
უწიგნურობის, სიბრიყვისა და კერძო ინტერესების ეს დროებითი გამარჯვება დიდხანს არ გაგრძელდება. ეს “გამარჯვებულები" სულ მალე თავად დაიწყებენ ქუჩის ბუკინისტებზე “ზრუნვას”, ჩვენს მოთხოვნებსა თუ თხოვნებს თავად გაატარებენ ცხოვრებაში, აღივსებიან სიამაყით. ხომ გახსოვთ საკრებულოს მიერ გავრცელებული სრულიად კომიკური და აბსურდული განცხადება? ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ, ბუკინისტების აყრის გამო ბევრმა გამოვთქვით პროტესტი, საპასუხოდ კი საკრებულომ განცხადება დადო თავის საიტზე შემდეგი სათაურით, “დედაენის ბაღში გაიმართება წიგნის პოპულარიზაციისა და წიგნით მოვაჭრეებისათვის მხარდასაჭერი აქცია”. ჰოდა არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთხელაც გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ: “კმარა უწიგნურობა, დავუბრუნოთ ქუჩებს წიგნები, ვინ ოხერმა აკრძალა...”
მოკლედ, ბუკინისტების დაბრუნება აუცილებლად მოხდება, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც და უფრო მეტი ძალისხმევის შედეგად, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლო პერიოდის ნამუშევარს და ნაკამათარს.
ეს ტექსტები, რომელსაც დღეს გთავაზობთ ჩვენს მცირე ანთოლოგიაში, სულ რაღაც 1 თვის მანძილზე დაგროვდა. სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედია, რედაქციები თუ კონკრეტული ავტორები, ბლოგერები, თითქმის ყველანი გამოეხმაურნენ ამ თემას, რომელიც, როგორც გაირკვა, ძალზე აქტუალური აღმოჩნდა მკითხველისთვის. ფეისბუკზე გახსნილ გვერდს, “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები” 2 დღეში 2000 მომხრე შეუერთდა, დღეს კი ამ გვერდის მომხმარებელთა და ქუჩის ბუკინისტების დაბრუნების მომხრეთა რაოდენობამ ფეისბუკში 5000-ს მიაღწია, ეს კი ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა წიგნის დასაბრუნებლად. მერე რა, რომ ამ ბრძოლის შედეგს ისევ ის ადამიანები მიიწერენ, ვინც თავისი ხელით აყარა ქალაქში ბუკინისტები, ვინც რეზერვაციები გაუმზადა წიგნის მოყვარულებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, October 20, 2010

თომას ერნესტ ჰიუმი – რომანტიზმი და კლასიციზმი



თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

თავს უფლებას მივცემ ვამტკიცო, რომ რომანტიზმის ასწლეულის შემდეგ კლასიკური რენესანსის სამანთან ვდგავართ და ამ ნეოკლასიკური სულის განსაკუთრებულ იარაღს - როცა იგი პოეზიაში იჩენს თავს - ფანტაზია წარმოადგენს. მასში მე ფანტაზიის ბატონობას ვგულისხმობ - არა საყოველთაოსა და აბსოლუტურს, რაც თავისთავად სისულელეა, არამედ ბატონობას იმ აზრით, რა აზრითაც სიტყვა "სიქველეა" აღჭურვილი ემპირიულ ეთიკაში: სიქველე რაღაცისათვის, ბატონობა რაღაცაზე. მაშ ასე, მე ორი მომენტი უნდა დავამტკიცო: პირველი - ის, რომ კლასიკური აღორძინების დრო მოვიდა და მეორე - ფანტაზიამ, თავისი სპეციფიური მიზნების გამო, გამარჯვება უნდა მოიპოვოს წარმოსახვაზე.
ცნებები "წარმოსახვა" და "ფანტაზია" იმდენი ხანია ფუნქციონირებენ, რომ გგონია, თითქოს ისინი ყოველთვის არსებობდნენ ენაში. მათ, როგორც ორ განსხვავებულ ტერმინს, შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. პირველად, ცხადია ისინი ერთდაიმავეს აღნიშნავდნენ; დიფერენცირება XVIII საუკუნის გერმანელმა ესთეტიკოსებმა დაიწყეს.
ვიცი, რომ სიტყვების, "კლასიკური" და "რომანტიკული" გამოყენებისას რისკზე მივდივარ. ისინი ანტითეზათა ხუთ-ექვს სხვადასხვა ტიპს წარმოადგენენ და იქ, სადაც მე მათ ერთი გარკვეული მნიშვნელობით გამოვიყენებ, თქვენ შესაძლოა მეორე დაინახოთ. ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ცნებებს სრულიად განსაზღვრული და ვიწრო გაგებით ვხმარობ. ალბათ ღირდა ორიოდე ახალი სიტყვის გამოგონება, მაგრამ მე მაინც იმ სიტყვებს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც ზემოთ ვახსენე... შემდეგში კი ზოგიერთი პოლემისტის პრაქტიკასაც დავიმოწმებ, იმათსას, ვისთანაც ეს ცნებები დღემდე ფართოდ გამოიყენება და რომელთაც ისინი ლამის მოდურ პოლიტიკურ იარლიყებად აქციეს. რამდენიმეს დავასახელებ: მორას, ლასერს და მთელ ჯგუფს "L'Action Francaise"-ს გარშემო(1).
დღეს სწორედ ამ ჯგუფისთვისაა ძალზე არსებითი ცნებათა შორის განსხვავება. რადგან სახეზე გვაქვს უკვე პარტიული სიმბოლო. ჰკითხეთ გარკვეული წრის ადამიანს, რომანტიკოსია თუ კლასიკოსი და პასუხის გაცემისაკე მიხვდებით, რომელ პოლიტიკურ იდეებს უჭერს იგი მხარს.
მოცემულ ტერმინთა ჭეშმარიტ მნიშვნელობაში ჩაღრმავება იმ ადამიანებით უნდა დავიწყოთ, ვინც მათთვის იბრძვის, ისინი მართლაც დარწმუნებულნი არიან თავიანთ მოსაზრებებში (დანარჩენები კი უაზროდ თამაშობენ მრავალმხრივობანას და ორივეს მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი).
დაახლოებით ერთი წლის წინ, ვინმე (თუ არ ვცდები), გვარად ფორუა ლექციას კითხულობდა "ოდეონში" რასინის შესახებ. მან რამდენიმეჯერ გამოლანძღა ეს კლასიკოსი და გულისგამაწვრილებელი ერთფეროვნების გამო ლამის ჯვარს აცვა იგი. ამას მყისვე რეაქცია მოჰყვა: დამსწრეებმა ერთმანეთი სცემეს, მოგვიანებით ზოგიერთი დააკავეს კიდევაც და პოლიციის განყოფილებაში წააბრძანეს. ლექციების ციკლი ხალხში გაბნეული ასეულობით ჟანდარმებისა და ფილერების ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდა. ხალხმა ვერ მოითმინა, რადგანაც კლასიკური იდეალი მათთვის ცოცხალი მოვლენაა, რასინი კი ტიტანი-კლასიკოსი. მე ამას ლიტერატურისადმი პირუთვნელ, მძაფრ ინტერესს ვუწოდებდი. მათი აზრით, რომანტიზმი საშინელი სენია, რომლისგანაც საფრანგეთი ეს-ესაა განიკურნა.
მათ შემთხვევაში სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ რევოლუციაც რომანტიზმის პირმშოა. რევოლუციას ისინი ვერ იტანენ, ე.ი. რომანტიზმიც ეზიზღებათ.
მე სრული უფლებით ვიჭრები პოლიტიკაში; რომანტიზმი ინგლისშიც და საფრანგეთშიც ყველასთვის კარგად ცნობილ პოლიტიკურ იდეებთან იგივდება, გარკვეული მოქმედი პრინციპის გამოხატვის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს და ეს ყველაფერი მაქსიმალურად ზუსტად ახასიათებს რომანტიზმის ფენომენს.
"კლასიკური", თავისი სიცხადით, შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც რომანტიზმის სრული ანტიპოდი. ადამიანი ძალზე ჩამორჩენილი და შეზღუდული არსებაა, ვისი ბუნებაც უკიდურესად კონსტანტურია. მხოლოდ ტრადიცია და ორგანიზაცია თუ გააკეთილშობილებს მას.
ამ თვალსაზრისებს საფუძველი დარვინის ეპოქაში შეერყა. მაგალითისთვის, თუნდაც მისი ჰიპოთეზა ავიღოთ: მცირე მუტაციებიდან კუმულაციური ეფექტის შედეგად ახალ სახეობათა წარმოშობის შესახებ - რა არის იგი, თუ არა იმის აღიარება, რომ მომავალში კიდევაა შესაძლებელი განვითარება. თუმცა, დღეს საპირისპირო ჰიპოთეზა იკრებს ძალას, ანუ დე ფრიზის მუტაციური თეორია(2): ყოველი ახალი სახეობა თანდათანობით (მცირე ძვრათა დაგროვებით) კი არ ჩნდება, არამედ უეცარი ნახტომის შედეგად, როგორც სპორტში და ერთხელ წარმოქმნილი აბსოლუტურად უცვლელი რჩება.
კლასიკური დოქტრინის მოკავშირედ ეკლესია იქცა და ეს ყველაფერი პელაგიანელთა(3) დარბევისა და პირველქმნილი ცოდვის ჯანსაღი კლასიკური დოგმის გაბატონების შემდეგ მოხდა.
შეცდომაა კლასიკური შეხედულებების მატერიალიზმის პრინციპებთან გაიგივება. პირიქით, იგი მთლიანად ემთხვევა ტრადიციულ რელიგიურ მიდგომას, ანუ ადამიანის შეზღუდულობის ეს მოცემული ელემენტი ღმერთის რწმენაა, ყველასთვის ისევე ურყევი და ჭეშმარიტი, როგორც მატერიისა და ობიექტური სამყაროს არსებობის რწმენა; როგორც წყურვილი, სექსუალური ლტოლვა და სხვა მარადიული თვისებები. დროდადრო ეს ინსტინქტები იხშობოდა (ძალით ან რიტორიკით): ფლორენციაში სავონაროლას, ჟენევაში კალვინის(4), ჩვენთან კი მრგვალთავიანების(5) დროს. და ყოველთვის, ეს ჩახშული ინსტინქტი გარკვეული ანომალიის სახით ამოხეთქავდა ხოლმე. იგივე იყო რელიგიის შემთხვევაშიც. რაციონალიზმის მანკიერი რიტორიკა ფეხქვეშ თელავს თქვენს ბუნებრივ ინსტინქტებს და აგნოსტიკოსად გაქცევთ. სხვა ინსტინქტების ჩახშობისას ბუნება შურს იძიებს. ინსტინქტებს, რომლებიც თანაზომიერ და სრულფასოვან გამოსავალს ჰპოვებენ რელიგიაში, აუცილებლად სხვაგვარად, სხვა სახით უნდა გამოხატოს თავისი არსი. თქვენ არ გწამთ ღმერთის და ადამიანის ღვთაებრიობას ირწმუნებთ ხოლმე. არ გწამთ ზეციური საუფლოსი და მიწიერი სამოთხის გჯერათ. სხვა სიტყვებით, თქვენ რომანტიზმამდე მიდიხართ. ის კონცეფციები, რომლებიც თავდაპირველი შემუშავების სფეროში ამართლებენ და ჰარმონიულად არსებობენ, სხვა შემთხვევებში ლაქას ცხებს, ამახინჯებს და აბუნდოვანებს ადამიანური გამოცდილების მკაფიო კონტურებს. ეს იმას ჰგავს, სადილის მაგიდაზე რომ ბადაგიანი ჭიქა დაიღვრება. ამ შემთხვევაში რომანტიზმი - უკეთეს განსაზღვრებას ვერც ვპოულობ - დაღვრილი რელიგიაა.
რომანტიკოსი, რომელიც ადამიანის "უკიდეგანობას" აღიარებს, უსასრულობის შესახებ უნდა გველაპარაკოს, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ილუზიებისა და ზოგადად ადამიანის რეალურ შესაძლებლობებს შორის არსებული სამწუხარო კონტრასტის გამო ეს იდეა (ყველაზე გვიან სტადიაზე მაინც) პირქუში ხდება. მოვიყვან განსხვავებულ ტიპთა მაგალითებს. ერთი მხრივ კლასიკური: ჰორაციუსი, ელიზაბეტინელთა უმრავლესობა, ავგუსტუსის ეპოქის მწერლები, მეორე მხრივ კი რომანტიკული - ლამარტინი, ჰიუგო, ნაწილობრივ ქითსი, კოლრიჯი, ბაირონი, შელი და სუინბერნი.
ვიცი, რომ კლასიკური და რომანტიკული ლექსის დაპირისპირებისას ადამიანებს ძალზე სიამოვნებთ, ვთქვათ, რასინისა და შექსპირის დაპირისპირება. მე სხვაგვარად ვფიქრობ. გამყოფი ხაზი, ჩემი აზრით, ცოტათი გადაადგილებულია ნამდვილი შუალედიდან. უეჭველია, რომ რასინის ადგილი ულტრაკლასიკურ ფლანგზეა, მაგრამ შექსპირის რომანტიკოსობა ცოტათი ძნელი წარმოსადგენია. კლასიკურსა და რომანტიკულს შორის განსხვავებას სისადავესა და სიჭარბეს შორის არსებულ სხვაობასთან აიგივებთ. ნიცშეს კვალად ვიტყვი, რომ არსებობს კლასიციზმის ორი ტიპი: სტატიკური და დინამიკური. შექსპირი - მოძრაობის კლასიკოსია.
ასე მესმის მე კლასიკური ლექსი. ყველაზე თავბრუდამხვევი აღმაფრენისასაც კი იგრძნობა თავშეკავება. კლასიკურ პოეტს კარგად ახსოვს: ადამიანი მოკვდავი არსებაა და მის ცხოვრებას ზღვარი უდევს. ადამიანი და მიწა - ერთი მთელია. მას შეუძლია ახტეს, მაგრამ შემდეგ მაინც დაცემისთვის იქნება განწირული; იგი ვერასდიდებით ვერ გაფრინდება ღრუბლებისკენ.
თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ პოეზიაში რომანტიკული შეხედულებები პრინციპში ფრენის მეტაფორათა გარშემო კრისტალიზდება. ჰიუგო ყოველთვის დაფრინავს, უფსკრულებიდან მარადიული სფეროებისკენ. სიტყვა "უკიდეგანო" ლამის ყოველ მეორე სტრიქონში გვხვდება.
ახლა კი შევეცდები ავხსნა, ჩემი აზრით, რატომ ვუახლოვდებით რომანტიული მოძრაობის აღსასრულს.
პირველი მიზეზი ხელოვნებაში არსებული ნებისმიერი წყობისა და ტრადიციის ხასიათშია ჩადებული. ხელოვნებაში განსაკუთრებულ მიდგომას ან წყობას ზუსტი ანალოგია შეგვიძლია მოვუძებნოთ ორგანულ ცხოვრებასთან. იგი ბერდება და იშრიტება. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, იგი უნდა მოკვდეს. გათამაშდება ყველა შესაძლებელი მოტივი და აი, იგი იფიტება; აქედან გამომდინარე, მისი საუკეთესო პერიოდი - ყმაწვილობაა.
ეს კანონი ხელოვნების სხვა დარგებზეც ვრცელდება. ფერწერაში, ყველა დიდი ოსტატი მაშინ ევლინება სამყაროს, როცა კონკრეტულ ტრადიციას (რომელსაც ისინი აიტაცებენ) ჯერ კიდევ აკლია სრულყოფილება. ფლორენციული ტრადიცია დამაგვირგვინებელ მწვერვალსღა ელოდა, როცა რაფაელი გამოჩნდა; ბელინისეული მანერა(6) ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, როცა ვენეციამ სამყაროს ტიციანი აჩუქა. პეიზაჟით მხოლოდ ერთობოდნენ, ამ დროს კი ტერნერმა და კონსტებლმა(7) მისი თვითმყოფადი ძალა გამოავლინეს. დაეუფლნენ რა პეიზაჟის ხელოვნებას, მემკვიდრეებს მათ მინიმუმი, ან სულაც არაფერი დაუტოვეს ამ სფეროში შესაქმნელად. შემოქმედების ნებისმიერი სივრცე პირველი დიდი მხატვრის ხელში იშრიტება, იგი ამ სივრციდან უნაკლო მოსავალს იღებს, დანაკარგების გარეშე.
დაშრეტის ამგვარი პერიოდი დაუდგა, ჩემი აზრით, რომანტიზმსაც. პოეტური ხელოვნების ახლად აყვავებას ტყუილად ველით მანამ, სანამ არ იარსებებს ახალი ტექნიკა, ახალი მიდგომა, რომლის "აღმსარებლებიც" ჩვენ გავხდებით.
აქ შესაძლოა შემოგვედავონ იმის გამო, რომ ასწლეული როგორც ორგანული მთელი წარმოუდგენელია, რომ შეცდომაში შემიყვანა ყალბმა მეტაფორამ, და რომ მწერალთა ერთიანობა ორგანიზმი ან სამთავრობო უწყება როდია. როგორებიც არ უნდა ვიყოთ სხვა ვითარებაში (გვეტყვიან ოპონენტები), ლიტერატურაში ინდივიდუუმები, პიროვნებები ვართ და შეუძლებელია ჩვენი ერთი საწყაულით შეფასება. პოეტი-ინდივიდი ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება გახდეს კლასიკოსი ან რომანტიკოსი (თავისი ახირებების შესაბამისად), ანუ თქვენ შეგეძლებათ გამოეყოთ კიდეც ამ მიმდინარეობებს, დაახასიათოდ კლასიკური და რომანტიკული სული როგორც ინდივიდმა და წმინდა განყენებული პოზიციებიდან გადაწყვიტოთ, რომელია მათ შორის უკეთესი და რომელი დგას უფრო მაღლა.
ამაზე ვუპასუხებ, რომ სილამაზის შესახებ განსჯისას არავინ უნდა იდგეს განყენებულ პოზიციებზე. თქვენ ხომ აბსტრაქტულ არსებად არ იბადებით, არამედ კონკრეტული მშობლების შვილი ხართ... იგივე შეიძლება ითქვას ლიტერატურის შეფასების შესახებაც. თქვენი თვალსაზრისი - თითქმის მთლიანად ლიტერატურის ისტორიის ნაყოფია, ისტორიისა, რომელიც თქვენამდე იყო და ამიტომაც, როგორი თავისუფალი მოაზროვნეც არ უნდა იყოთ, მაინც მასზე ხართ დამოკიდებული. სპინოზას მაგალითი ავიღოთ: ქვის დაცემა დედამიწაზე. ქვას რომ ცნობიერება ჰქონდეს, ამბობს მოაზროვნე, იგი იფიქრებდა, რომ მიწისკენ თავისი ნებით მიიწევს. თქვენც ასევე ხართ: ვითომ თავისუფალი განსჯებით იმის შესახებ, თუ რა არის, ან რა არ არის მშვენიერება. თავისუფლების ხვედრითი წონა ადამიანში ძალზე გადამეტებულია. განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევებში რომ ვართ თავისუფლები, ამას ჩემი რელიგიაც მიდასტურებს და ის თვალსაზრისებიც, რომლებითაც მეტაფიზიკა მამარაგებს. მაგრამ ე.წ. თავისუფალი ქმედებანი რეალურად მაშინალურია. ადამიანს პრინციპში შეუძლია მაშინალურად დაწეროს წიგნი. მე წამიკითხავს ასეთი თხზულებები. ოცზე მეტი წლის წინ რობერტსონმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა რეფლექტორული მეტყველების შესახებ და დაამტკიცა, რომ ჭკუასუსტობის რიგ შემთხვევებში, როცა ადამიანები სრულიად უსუსურნი არიან ლოგიკური აზროვნების თვალსაზრისით, ძალზე ჭკვიანურად პასუხობდნენ კითხვებზე პოლიტიკის შესახებ და ა.შ. დავუშვათ, ამ კითხვების არსი მათთვის გაუგებარი დარჩა, სამაგიეროდ, ენა მოქმედებდა რეფლექსივით. სწორედ ასევე, ზოგიერთ უკიდურესად რთულ მექანიზმს (საკმაოდ დახვეწილს იმისთვის, რათა მშვენიერების იმიტირება მოახდინოს) შეუძლია თავისთავად იმუშაოს; დარწმუნებული ვარ, იგივე ვითარებაა მშვენიერებაზე განსჯის შემთხვევაშიც.
რომანტიკოსებთან დაპირისპირებისას ორ ასპექტს გამოვყოფ: თვისებებს, რომლებიც მათ ყველა დიად პოეტს აახლოვებს ერთმანეთთან და რომლებიც მათ რომანტიკულ ნატურას განსაზღვრავენ. სწორედ ეს მეორეხარისხოვანი თვისება წარმოადგენს ასწლეულის განმსაზღვრელ ელემენტს და შესაძლოა იგი თანამედროვეებს აღელვებდეს, მაგრამ მომავალ თაობას კი ზიზღის გრძნობას აღუძრავს. ასეთია პოუპის თვისება, რომელიც ძალიან მოსწონდათ მის მეგობრებს, მაგრამ ჩვენ კი ვერ ვიტანთ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომანტიკოსების მოსვლის წინა პერიოდში ყველას, ვისაც ცოტათი უჭრიდა გონება, შეეძლო ეწინასწარმეტყველებინა მომავალი ცვლილებები. ახლა, მე მგონი, ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ. დარწმუნებული ვარ, დღითიდღე მრავლდებიან ისინი, ვისაც უბრალოდ, ეზიზღება სუინბერნი.
მანამ, სანამ ჩემს აზრს გავაგრძელებდე, ერთ რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება: თუმცა დე-ფაქტო რომანტიზმი მოკვდა, მისთვის დამახასიათებელი კრიტიკული მიდგომა დღემდეა გაბატონებული. უფრო ზუსტად: ნებისმიერ ლექსს აღქმის გარკვეული სტანდარტი ახლავს თან. ლექსები რომანტიზმის პერიოდში ერთ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, კლასიციზმის პერიოდში - მეორეს. ახლა, მე ვიტყოდი, ამ აღქმის სტანდარტმა თავის თავში ამოწურა ის, რის საფუძველზეც იგი გაჩნდა და თუკი რომანტიკულმა ტრადიციამ ამოწურა თავი, ცნობიერების კრიტიკული წანამძღვარი - რომელიც ლექსისგან რომანტიკულ თვისებებს ითხოვს - შენარჩუნდა. ხვალ რომ კლასიკური ლექსის ღირსეული ნიმუში შეიქმნას, ერთეულები თუ შეძლებენ მის გადახარშვასა და გაგებას.
უარს ვამბობ იმაზეც, რაც საუკეთესოა რომანტიკოსებთან. მით უმეტეს, უარვყოფ აღქმის სტანდარტს. მე დაუდევრობის წინააღმდეგი ვარ, რომელიც ართმევს ლექსს უფლებას, ლექსად იწოდებოდეს, თუკი მასში კვნესა და ჩივილი არ იქნება. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მახსენდება "ზრდილობიანი" თხოვნა ჯონ უებსტერის(9) ლექსიდან, რომელზედაც დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს:
"მორჩი კვნესას?
გზას ეწიე!"
დღევანდელ სიტუაციაში თავშეკავებული და მკვეთრად კლასიკური ლექსი შესაძლოა საერთოდაც არ მიიჩნიონ პოეზიად. აბა, ნახეთ რამდენი ადამიანი გამოგიტყდებათ, რომ ჰორაციუსი ან პოუპი უყვარს? მათი კითხვისას ამ ადამიანებს, უბრალოდ, აკანკალებთ.
უმრავლესობისთვის პოეზიის კვინტესენცია იმაში მდგომარეობს, რომ მას გარკვეულად სხვა სამყაროში უნდა გადაჰყავდეს მკითხველი. მიწიერზე ან კონკრეტულზე მიჯაჭვული ლექსები (ქითსთან ასეთები ხშირად გვხვდება) მათთვის ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, მაგრამ არა პოეზიას. რამდენად გაგვრყვნა რომანტიზმმა, რომ გამოხატვის ერთგვარი ბუნდოვანების გარეშე უზენაესს უარვყოფთ.
ხშირად ფიქრობენ ხოლმე, რომ ლექსები, უპირველეს ყოვლისა, დაუკმაყოფილებელ გრძნობებს გამოხატავს. სვამენ კითხვას: "როგორ შეიძლება ლექსები გრძნობების გარეშე?" ამგვარი პერსპექტივა კარგს არაფერს გვიქადის. კლასიკის აღორძინებასთან ერთად რომანტიკოსთათვის უნაყოფო უდაბნო და პოეზიის სიკვდილი იწყება (ცხადია, იგულისხმება პოეზია ისეთი, როგორადაც იგი მათ ესმით) და სწორედ ეს აღორძინება შეავსებს ამ სიკვდილით გაჩენილ სიცარიელეს. მათ არ ესმით, რატომ შეიძლება ჰქონდეს მკაცრ კლასიკურ სულს საკუთარი თავის პოეზიაში გამოხატვის პოზიტიური და კანონიერი მოთხოვნილება? მათთვის სრულიად გაუგებარი რჩება ის, თუ რაში მდგომარეობს ეს პოზიტიური მოთხოვნილება (ამას შემდგომ განვმარტავ).
ეს გაუგებრობა, მე მგონი, საბოლოოდ ხელოვნების რაღაც უხამსი მეტაფიზიკიდან მოდის. მის თანახმად, თქვენ, უბრალო მოკვდავი, ვერაფრით მიხვდებით მშვენიერების არსს, თუკი საქმეში ზეკაცის ხელი არ ურევია.
ამგვარი თეორიის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს თავები რესკინის "თანამედროვე ფერმწერების" მეორე ტომიდან, რომელიც წარმოსახვას ეძღვნება და საიდანაც სადისკუსიოდ ფრაგმენტს გთავაზობთ. შევნიშნავ, რომ "წარმოსახვის" ამგვარ კონტექსტში გამოყენება არაფერს ავნებს სტატიის დასასრულს წარმოდგენილ დისკუსიას. ეს სიტყვა მხოლოდ იმიტომაა აქ ჩასმული, რომ იგი რესკინთანაცაა გამოყენებული. ერთადერთი, რაც მადარდებს, ქვეტექსტია, რომელსაც რომანტიკულად მივიჩნევ.
"წარმოსახვა განწირულია სერიოზული იყოს; იგი ძალზე შორს იხედება, ძალზე პირქუშია, ქედმაღალი და დამაჯერებელი იმისთვის, რათა გაიღიმოს. ყოველივეს გულისგულში - თუკი საერთოდ გვიწერია იქ შეღწევა - არის რაღაც, რაზეც ვერ გავიცინებთ... მათ, ვინც სხვებზე შორს წავიდა და შეიმეცნა საგანთა სიღრმისეული მელანქოლია, დაუოკებელი ვნება და თანალმობის თვინიერება იპყრობს" (ნაწილი III, თავი III, პარ.9).
აქ რომანტიკული მიდგომის უკიდურესი ნავსაყუდელია. იგი უკვე არა იმდენად მიდგომას წარმოადგენს, რამდენადაც კოსმოსის ურყევ კანონს.
ფილოსოფია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ კი არ არსებობს, რომ ჭეშმარიტებას გვაზიაროს (მას ეს არ ძალუძს), არამედ იმისთვის, რათა მცირე სივრცე დატოვოს განმარტებისთვის. მიიჩნევენ, რომ ფილოსოფია მყარ საფუძველს უზრუნველყოფს სასურველი დასკვნებისთვის ესთეტიკის სფეროში. არადა, პირიქით ხდება. ყველაფერი ფრონტის ხაზზე არეულობით იწყება და სულის მოსათქმელად ზურგში გადაინაცვლებთ ხოლმე, რათა უკეთ დაეუფლოთ იარაღს. ანუ, მეტაფორების გარეშე: ფილოსოფია აწონ-დაწონილ და ზუსტ ენას გთავაზობთ, რათა გასაგებად თქვათ, რას გულისხმობთ, მაგრამ ის, რისი თქმაც გსურთ და რასაც გულისხმობთ, სხვა რამითაა წინასწარ განსაზღვრული. პირველადი რეალობა - აურზაური, არეულობა და ომია; მეტაფიზიკას მასში საღი აზრი შეაქვს.
დავუბრუნდეთ რესკინს და ყვველაფერ არასერიოზულისადმი ზიზღს. მე მგონი, აქ უხამს მეტაფიზიკურ ესთეტიკასთან გვაქვს საქმე. მშვენიერების ან ხელოვნების არსის გააზრებისას მეტაფიზიკა ყოველთვის უსასრულოსკენ მიიწევს. განსაკუთრებით გერმანიაში; პირველი ესთეტიკური თეორიების ქვეყანაში, ესთეტ-რომანტიკოსებს მშვენიერება "უკიდეგანომდე!" აჰყავდათ, ვისი ძალითაც ჩვენი ყოფიერება სულიერ აბსოლუტს აღწევს. მცირეოდენი მშვენიერება სამყაროს მთელ სიბრძნეს მოიცავს. ყოველი შემოქმედი კი ერთგვარი პანთეისტია.
ცხადია, ამგვარი თეორიის ადეპტებისთვის ცნობიერი საზღვრით ხელფეხშეკრული პოეზია არასდროს იქნება მაღალი ხარისხის ქმნილება. აქ ისინი წინააღმდეგობას ხედავენ ცნებათა შორის. და რადგანაც მეტაფიზიკა ცრურწმენის უკანასკნელი ნავსაყუდელია, ჩემი ვალია უკუვაგდო მისი გავლენა.
გთავაზობთ მოსაწყენ განსჯას დიალექტიკის შესახებ, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვერ გადავდგამდით. მშვენიერების იდეის ანალიზისას ორი ხაფანგი მელის... პირველი - ძველი, კლასიკური თვალსაზრისი მშვენიერების შესახებ, გარკვეულ ერთიან, ურყევ ფორმებს რომ მორჩილებს; მეორე ესაა რომანტიკული, უსასრულობისკენ მიდრეკილი თვალსაზრისი. სადღაც მათ შორისაა მოთავსებული ის მეტაფიზიკა, რომელიც საშუალებას მომცემს საბოლოოდ დავრწმუნდე: ჩემს მიერ განსაზღვრული ნეოკლასიკური ლექსი არანაირ ცნებით წინააღმდეგობას არ იწვევს. ეს მთავარი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ მცირე და მკაცრად განსაზღვრული ფორმის ლექსშია მშვენიერება.
მაღალი მიზანი - ტევადი, ზუსტი დ გასაგები აღწერაა. უპირველეს ყოვლისა, ხაზს გავუსვამთ ამ მიზნის გამოუქმელ სირთულეს. საქმე უბრალოდ გულმოდგინებაში როდია; თქვენი ინსტრუმენტი ენაა, ენა კი თავისი არსით საზოგადოებრივი ფენომენია; ანუ იგი ყოველთვის გამოხატავს არა ზუსტ მნიშვნელობას, არამედ კომპრომისს, რაღაც ზოგადს, რაც ყველასთვის საერთო და მისაღები იქნება. ყოველი ადამიანი განსხვავებულად ხედავს და თავისი თვალსაზრისის უდანაკარგოდ გადმოსაცემად, ენასთან სასტიკ ბრძოლაში ებმება. ენას თავისი განსაკუთრებული ბუნება აქვს, თავისი პირობითობებითა და საზოგადო ცნებებით ხასიათდება. მხოლოდ დაკვირვებულობითა და ცნობიერების დიდი ძალისხმევის ფასად შეიძლება იგი ჩვენს ჩანაფიქრს დავუმორჩილოთ.
მოდით, ორი ცნება გავმიჯნოთ. პირველი - ცნობიერებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისება, რომელიც აბსტრაჰირდება ტრადიციული ხედვისგან და საგნებს ისე უყურებს, როგორადაც ისინი წარმოგვიდგებიან. ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. მეორე - ცნობიერების დაძაბვა, სრული კონტროლი საკუთარ თავზე, აუცილებელი იმისათვის, რათა დანახული მართლაც გამოიხატოს, რათა გაცდეთ უკვე ფესვგადმული მეთოდის ნაცნობ დეტალებს და აუარება მცირე პრობლემისა და ხარვეზის მიუხედავად, სკრუპულოზურად შეასრულოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ვირაჟი. გულახდილობა - რაც არ უნდა ასაზრდოებდეს მას - საშუალებას გვაძლევს, ჭეშმარიტი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ღირსება ისე შევიმეცნოთ, რომ არც "უკიდეგანოზე" მოვცდეთ და არც "სერიოზულზე".
ახლა უკვე დროა განვსაზღვროთ კონსტრუქციული ლექსის ის უპირველესი ღირსება, რომელიც თავისი არსით სრულყოფილებას წარმოადგენს და არანაირადაა დაკავშირებული არც უსასრულობასთან, არც იდუმალებასთან ან ემოციებთან.
ჩემი განსჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მე თავშეკავებულ, მოქნილ, კლასიკურ ლექსს ვწინასწარმეტყველებ, თუმცა მყისვე გამოჩნდება დამყაყებულ რომანტიკულ ესთეტიკაზე დაფუძნებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ უკიდეგანობის გვერდის ავლით, ასეთი ლექსი ვერანაირად ვერ დაიტევს პოეზიის არსს.
შევეცდები გაკვრით დავახასიათო ეს პოზიტიური ღირსება და წარმოდგენილი თვალსაზრისით სტატიის დასრულებას შევუდგე: ანუ, როცა ეს ზემოხსენებული ღირსება ემოციების სფეროში იჩენს თავს, თქვენს წინაშეა წარმოსახვა; ხოლო როცა იგი კონკრეტულ სასრულ საგანთა ჭვრეტისას გვეცხადება, მას ფანტაზია უნდა შევარქვათ.
პროზა, ისევე როგორც ალგებრა, კონკრეტიკას ნიშნებისა და იარლიყების სამოსელში ახვევს, რომლებიც წესის მიხედვით გადაადგილდებიან და ამავე დროს არც თავის უხილავობას კარგავენ. პროზაში არსებობს ტიპიური სიტუაციები და სიტყვათშეთანხმებანი, რომლებიც სხვა, შესაძლოა უფრო მოზრდილ ერთეულებად იქცევიან ისევე ავტომატურად, როგორც ფუნქციები ალგებრაში. იქსები და იგრეკები მხოლოდ ახლიდან მატერიალიზდებიან ამ პროცესის დასრულების შემდეგ. პოეზია - ყოველ შემთხვევაში ერთი ასპექტით - შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ცდა, რათა თავი დააღწიოს პროზის ამგვარ თავისებურებას. მისი ენა არა შექცევადი, არამედ ვიზუალურ-კონკრეტულია. პოეზია კომპრომისია ინტუიციის ენის სასარგებლოდ, ინტუიციისა, რომელიც შეგრძნებებს დაუნაწევრებლად გადმოგვცემს. იგი ცდილობს დაიპყროს თქვენი ყურადღება, გაიძულოთ მატერიალურს მიაპყროთ მზერა და არ გაძლევთ განყენებულის ჭვრეტაში დროის დაკარგვის საშუალებას. იგი ახალ-ახალ ეპითეტებს ირჩევს არა იმიტომ, რომ ისინი ახალი არიან და ძველები მობეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ძველები უკვე ვეღარ გამოხატავენ მატერიალურს და აბსტრაქტულ იარლიყებად იქცევიან. პოეტის ნებით გემი "ტალღებს აპობს", რაც საგნობრივ ხატს იძლევა გაცვეთილი "მიცურავს" ნაცვლად. ვიზუალური მნიშვნელობა მხოლოდ მეტაფორის ახალი ფიალით უნდა მივართვათ მკითხველს; პროზა კი ძველი დოქია, საიდანაც ეს ვიზუალური მნიშვნელობები ჟონავენ. სახეები და ხატები ლექსებში უბრალოდ სამკაული კი არაა, არამედ თავად არსი ინტუიტური ენისა. პოეზია ადამიანივითაა, სასეირნოდ რომ გვიხმობს, პროზა კი მატარებელია, რომელსაც დანიშნულების ადგილას ჩავყავართ.
აქ საჭიროა ორ სიტყვაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე ზემოთქმულთან დაკავშირებით: "ახალი" და "მოულოდნელი". "ახალს" განადიდებენ. გასაგებია, რაც იგულისხმება ამ სიტყვაში, თუმცა იგი ჭეშმარიტებასთან ერთად რაღაც თანამდევი, შეიძლება ითქვას, ცრუ აზრის მატარებელიც არის. როცა ლექსს ან ნახატს "ახალს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იგი კარგადაა ნაკეთები, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიახლე - ხარისხიანობის ძირითადი ელემენტია, რომ "სიახლე" "კარგს" ნიშნავს. ეს აზრი საფუძველშივე არასწორია, სიახლეში per se(10) არაფერია განსაკუთრებული. ხელოვნების ნაწარმოები კვერცხი ან ლუდი როდია. უფრო პირიქით. ენისა და მეთოდის ბუნებიდან გამომდინარე გარდაუვალია ის, რომ "კარგის", "ხარისხიანის" საფუძველში მდებარე ელემენტებზე მხოლოდ "სიახლის" კატეგორია მიუთითებს. იგი მყისვე დამაჯერებლად შეგვაგრძნობინებს იმ ჭეშმარიტად საგნობრივს, რითაც შემოქმედი იყო გატაცებული. ეს წუთიერი შეგრძნებაა. რეალური შეტყობინება ძალზე იშვიათია, რადგანაც პირდაპირი მეტყველება არადამაჯერებელია. სწორედ ამგვარი შეტყობინების იშვიათ წამებში შიშვლდება ესთეტიკური სიამოვნების საფუძველი.
მე მგონი, რაღაცის მიმართ ინტერესით, მისი ჭვრეტით შობილი საგნის ზუსტი აღწერა ("ზუსტი" იმ გაგებით, რომელიც ეს-ესაა შემოგთავაზეთ) სრულად ამართლებს პოეზიის არსს. იმისთვის, რათა ეს რაღაც პოეზიის ფარგლებს გასცდეს, დაუცხრომელი, დაუმორჩილებელი გემოვნებაა საჭირო. ჭვრეტა აქ იმ მნიშვნელობით იხმარება, რა მნიშვნელობითაც პლატონს ესმოდა იგი - თუმცა კი სხვა თემასთან მიმართებაში იყენებდა მას - ანუ როგორც მიუკერძოებელ ინტერესს.
მოდით, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ, გარკვეულწილად უკიდურესი: ქუჩაში მიდიხართ, ქალს მისდევთ და ამჩნევთ, რომ კაბის კალთები რაღაც საოცარი სინაზით ეხება კოჭებზე. თუკი ეს დეტალი იმდენად დაგიპყრობთ, რომ მისი აღმნიშვნელი ზუსტი ეპითეტის პოვნამდე მოსვენებას დაკარგავთ, მაშინ სწორედ ესთეტიკურ გრძნობასთან გვექნება საქმე. სწორედ ჭვრეტისკენ ლტოლვა, გემოვნება გვიბიძგებს ასეთი ძალისხმევით ვეძებოთ აღმნიშვნელი. ამგვარი სიტუაციაში გრძნობა, რომელიც ჰერიკს დაეუფლა(11), როცა "შმაგი კაბის" შესახებ წერდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმას, რისი წყალობითაც უფრო მასშტაბურ და ბუნდოვან კონტექსტში სანიმუშო რომანტიკული ლექსები იშვება. მერე რა, რომ გამოწვეული ემოცია არაა ბუნდოვან-მედიდური, არამედ პირიქით, კურიოზულია; მთავარი ისაა, რომ აქ იგივე მექანიზმი მოქმედებს, რაც მაღალ პოეზიაში. კერძოდ ესაა - ყოფითი ენისგან გაქცევა, რათა საგნის "კონტურს" შეეხო.
მე უნდა ვაჩვენო, რომ მომავლის ლექსებში ფანტაზია კლასიკური სკოლის უცილობელი იარაღი გახდება. ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული პოზიტიური თვისება ბალადაში იჩენს თავს უკიდურესი პირდაპირობითა და უბრალოებით (მაგალითად: "კირკონელის ველზე"(12)). თანაც ის ლექსი, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით, მხიარული, თავშეკავებული, დახვეწილი იქნება და პოზიტიური თვისებების იარაღად აქ ფანტაზია იქცევა.
საგანი არანაირ როლს არ თამაშობს, მასში იგივე თვისებაა ჩადებული, როგორც ქრესტომატიულ რომანტიკოსებთან.
ყველაფერს განსაზღვრავს არა გამოწვეული გრძნობის ხარისხი ან ტიპი, არამედ თავისთავად ფაქტი: არის თუ არა მასში ჭეშმარიტი ლტოლვა; მართლაც ედგა თუ არა პოეტს თვალწინ გაცნობიერებული ხილული ობიექტი, რამ აღაფრთოვანა იგი? მნიშვნელობა არა აქვს, ქალის ფეხსაცმელი იქნება ეს თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.
ფანტაზია არაა უბრალო სამკაული, მტკნარ მეტყველებას რომ ამშვენებს - ეს არასწორი მიდგომაა. მხოლოდ ახალი მეტაფორებია (ანუ ფანტაზია) მისი სიზუსტის წინაპირობა.
როცა ანალოგიას აღარ ყოფნის კავშირის უნარი და იმის გადაფარვას იწყებს, რასაც თავად განსაზღვრავს, ჩნდება გარკეული ტიპის ზედმეტობა, ანუ სახეზეა ფანტაზიის თამაში - ამას მე წარმოსახვაზე დაბლა ვაყენებ.
ხოლო როცა ანალოგია თავისი ყოველი ნაწილაკით ზუსტი აღწერისათვის გამოიყენება (ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ "სიზუსტეს" ვგულისხმობ), ფანტაზიის ამ ტიპის წინააღმდეგ გალაშქრება (თითქოს მის მიერ წარმოქმნილი ეფექტი არც ისე ღრმა იყოს), მე მგონი, სრული სისულელე იქნებოდა. იქ, სადაც გულახდილობა იმარჯვებს, ანალოგია მთელი თავისი არსებით გრძნობისა თუ საგნის ზუსტ "კონტურსაც" მონიშნავს, რომელსაც ეს ლექსი გამოხატავს და სწორედ ამ დროს იშვება უზენაესი პოეზია (შესაძლოა ლექსის საგანი უმნიშვნელოც იყოს, უკიდეგანობის შეგრძნება კი ზღვარს მიღმა არსებობდეს)!
აქ ძნელია რაღაც ტერმინოლოგიის შემოტანა. რა სიტყვაც არ უნდა აიღო, იგი იმწამსვე სენტიმენტალობაში გადაიზრდება ხოლმე. კოლრიჯი ხშირად იმეორებდა სიტყვა "ცოცხალს" და მის კვალად ყველა, ვინც კი ხელოვნების შესახებ საუბრობდა, ამ სიტყვას გაიძახოდა, თანაც რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს, ცოტათი ბუნდოვანსა და ამოუცნობს გულისხმობდა მასში. მართლაც "ცოცხალი" და "მექანიკური" მათთვის ისეთივე ანტონიმებია, როგორც "კარგი" და "ცუდი".
მაგრამ არა. კოლრიჯი ამ ტერმინს სრულიად განსაზღვრული და მკაცრი მნიშვნელობით იყენებს. აი, მაგალითად: მექანიკური სიტემა თავისი ნაწილების ჯამია. შეაერთეთ ისინი და მთელსაც მიიღებთ. თანაც "ცოცხალი", ანუ "ორგანული", უბრალოდ, მოხერხებული მეტაფორაა სხვა ტიპის სისტემისა, სადაც ნაწილებს ვეღარ უწოდებ "შემადგენელს", რადგან მასში ყოველი იცვლება მეორეს ზეგავლენით და ყოველი ნაწილი მეტ-ნაკლებად მთელს წარმოადგენს. ცალკე აღებული სკამის ფეხი მუდამ სკამის ფეხი იქნება, ჩემი ფეხი კი, ჩემს გარეშე - არაფერს წარმოადგენს.
ინტელექტი იმით ხასიათდება, რომ მხოლოდ მექანიკური ხასიათის სისტემების შექმნა ძალუძს. იგი მხოლოდ სქემებს ქმნის, ხოლო სქემა, თავისი არსით, საგანია, რომლის ნაწილებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან. ინტელექტი ყოველთვის ანალიზს აკეთებს - სინთეზის დროს იგი იბნევა. აი, რატომ რჩება მხატვრის ნამუშევარი გამოცანად. ინტელექტი ვერ აღბეჭდავს მას. ასეთია ინტელექტისა და მისი ფორმირების მიზანთა განსაკუთრებული ბუნების გარდაუვალი შედეგი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სინთეზი გამოუთქმელია, უბრალოდ, მისი ჯეროვნად გამოხატვა შეუძლებელია.
თუმცა, ყველაფერი ეს უკვე ბერგსონს აქვს გააზრებული და იგი მთელი მისი ფილოსოფიის ბირთვს წარმოადგენს. საფუძველთა საფუძვედი აქ სწორედ ცოცხალი სისტემების ის ცხადი კონცეფციაა, რომლებსაც "ინტენსიურს" უწოდებენ სხვა, "ექსტენსიური" ტიპის საპირისპიროდ. ასევე საფუძველს წარმოადგენს დებულება იმის შესახებ, რომ ინტელექტს მხოლოდ ექსტენსიურ ჯერადობას ძალუძს გაუმკრავდეს. "ინტენსიური" ინტუიციის ჩართვას მოითხოვს.
ძლიერი შემოქმედებითი ცნობიერება აიტაცებს ხოლმე და ერთიან, წამიერ მთლიანობაში უყრის თავს ლექსის ან ნახატის ყველა მნიშვნელოვან იდეას და ერთზე მუშაობისას, იმავდროულად ყველა იდეასთან მუშაობს, ცვლის მათ საკუთარ თავთან მიმართებაში და არც მათ შორის კავშირი ავიწყდება - სწორედ ასევე, გველს მოძრაობაში ჰყავს სხეულის ყველა ნაწილი და ერთი, წამიერი ძალისხმევით, მოქნილი რკალები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.
რომანტიკული მოძრაობა სასრულია თავისი ბუნებით. მას შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველით - განცვიფრება განწირულია დაკარგოს თავისი განსაცვიფრებელი თვისებები.
ვცდილობ თავი დავიცვა ამგვარი ანალოგიიდან გამომდინარე ნებისმიერი შედეგისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი მაინც გულისხმობს პროცესის გარდუვალობას. განცვიფრების ლიტერატურა ისევე უკანმოუხედავად მიექანება უფსკრულისკენ, როგორც უხილავი მიწა კარგავს ხოლმე თავის უხილავობას, როცა მასზე იწყებ ცხოვრებას. ჩაუფიქრდით აღფრთოვანებულ ელიზაბეტინელთა შეძახილს: "ჩემი ამერიკა, ახლადაღმოჩენილი მიწა!"(13) რას ნიშნავდა ეს მათთვის და რას ნიშნავს იგი ჩვენთვის? განცვიფრება ყოველთვის შორს მიმავალი ადამიანის რეაქცია იყო და იგი არასდროს ყოფილა სამანი.

შენიშვნები:

(1) "ფრანგულის მოძრაობის" ლიგა კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება იყო XX საუკუნის დასაწყისში. შარლ მორა (1868-1952) - ფრანგი კათოლიკე პოეტი და მემარჯვენე კრიტიკოსი, "ფრანგული მოძრაობის" იდეოლოგი.
(2) ჰუგო დე ფრიზი (1848-1935) - ჰოლანდიელი ბოტანიკოსი და გენეტიკოსი.
(3) რომაელი ბერის, პელაგიოსის (წარმოშობით ინგლისელი, ძვ.წ.V ს.) კონცეფცია, რომელიც უარყოფდა პირველქმნილ ცოდვას და ნების თავისუფლებას მიიჩნევდა სიწმინდის მიღწევის ინსტრუმენტად.
(4) ჟან კალვინი (1509-1564) - ფრანგი ღვთისმეტყველი და რეფორმატორი, პროტესტანტული რეფორმაციის ბელადი.
(5) პარლამენტისა და პურიტანელთა პარტიის მომხრეები ინგლისში XVII საუკუნის სამოქალაქო ომების დროს.
(6) მიმდინარეობა იტალიურ ფერწერაში, რომელიც ვენეციელმა მხატვრებმა, ძმებმა ჯენტილე (1427-1507) და ჯოვანი (1430-1516) ბელინებმა შექმნეს.
(7) ჯოზეფ ტერნერი (1775-1851), ჯონ კონსტებლი (1776-1837) - ინგლისელი ფერმწერები.
(8) ალექსანდრ პოუპი (1688-1744) - ინგლისელი პოეტი.
(9) ჯონ უებსტერი (1580-1625) - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.
(10) როგორც ასეთი (ლათ.).
(11) რობერტ ჰერიკი (1591-1674) - ინგლისელი პოეტი.
(12) შუასაუკუნეების უცნობი შოტლანდიელი ავტორის ბალადა, უფრო მეტად ცნობილია სახელით "ელენი კირკონელიდან" (იხ.The Golden Treasury of Scottish Poetry. - L., 1941, p.251-252).
(13) სტრიქონი ჯონ დონის XIX ელეგიიდან ("შეყვარებულის გახდისთვის").

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - დიუმას “კავკასია” სრულად



DOWNLOAD

ალექსანდრ დიუმას “კავკასიას” ქართველი მკითხველი ამჯერად სრულად წაიკითხავს. პირველი, 1964 წლის ე.წ. კუპიურებიანი ვარიანტისგან განსხვავებით, გამომცემლობა “აგორას” მიერ დაბეჭდილი “კავკასია” მთლიანადაა თარგმნილი. პირველ, თინათინ ქიქოძისეულ თარგმანში გამოტოვებული ადგილები ია ბერსენაძემ და გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნეს. წიგნი ევროსაბჭოსა და საფრანგეთის საელჩოს, ასევე ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.არ მეგულება ადამიანი, ვისაც დიუმა არ ჰქონდეს წაკითხული ან მისი რომანების მიხედვით გადაღებული ფილმები არ ენახოს. დიუმას გავლენა მუდამ იგრძნობა დასავლურ სამყაროში და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც “ათას ერთი ღამის” ზღაპრებს ყვებოდნენ საუკუნეების განმავლობაში. ერთი ჩემი მეგობარი ადამიანობის საზომადაც კი იყენებს დიუმას ნაწერებს და რომელიმე გულქვა ან შეუგნებელ კაცზე იტყვის ხოლმე: “მაგას დიუმა არ ექნება წაკითხული”.საქართველოში დიუმა განსაკუთრებით უყვართ. აქ თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ მის წიგნებს. დიუმა, როგორც წესი, ბავშვობიდან მოგვყვება, ისე, რომ არც გვახსოვს ხოლმე პირველად როდის წავიკითხეთ. ასეა გიორგი ეკიზაშვილისთვისაც, “კავკასიის” ერთ-ერთი მთარგმნელისთვის:“მე დიდი ხანია დიუმასთან ვმეგობრობ, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ქართველი მკითხველი, მაგრამ მასთან პროფესიული მეგობრობაც მაკავშირებს, საქმიანიც. ამის მიუხედავად, საქმეზე მაღლა ვაყენებ პირად ურთიერთობას ალექსანდრ დიუმასთან ბავშვობიდან მოყოლებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელებიც ასე გაიზარდნენ: “სამი მუშკეტერი”, “მონტეკრისტო” და ა.შ. სულ 700 სათაურის ჩამოთვლა შეიძლება. გარდა ამისა, დიუმამ 35 ათასი პერსონაჟი შექმნა, თეატრზე აღარაფერს ვამბობ”.დიუმას “კავკასია” პირველად 1964 წელს გამოიცა ქართულად. თინათინ ქიქოძის თარგმანს აკაკი გაწერელიას წინასიტყვაობა და კომენტარები ერთვოდა თან. თარგმანი კუპიურებიანი იყო, მასში გარკვეული ეპიზოდები მთლიანად იყო ამოღებული, ახალ გამოცემაში კი ყველა ეს ხარვეზი შევსებულია. საუბარია ყველაზე “გემრიელ” ხარვეზებზე, დიუმას კულინარიულ წიაღსვლებზე და მის მიერ გამოგონილ ისტორიებზე:“ჯერ ერთი, არა აქვს უფლება მთარგმნელს, რომ ავტორის ნების გარეშე ამოიღოს რაღაც ეპიზოდები ან პირიქით, დაამატოს. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირში ჩვენ არავის არაფერს არ ვეკითხებოდით, არ იყო ჟენევის კონვენცია, წიგნები ჩვენთვის გამოდიოდა და ეტყობა “კეთილი” მრჩევლებიც ბევრნი იყვნენ. თავის დროზე, როდესაც რუსულად ითარგმნა დიუმა და ითარგმნა საკმაოდ გვიან, მეფის “ოხრანკა” იყო, შემდეგ “ოხრანკა” შეცვალა ცენზურამ... თვითონ ქალბატონი თინათინი წერს წინასიტყვაობაში, რომ შეგნებულად ამოვიღე (ამას ხაზს უსვამს) კულინარული რეცეპტები და გამოგონილი ამბებიო. თუკი დიუმას ამოუღე კულინარული რეცეპტები და გამოგონილი ამბები, ეს დიუმა აღარაა, რადგან ლიტერატურა გამონაგონია და არც თავად დიუმაა ისტორიკოსი. დიუმა მწერალია და დიუმას არ შეუძლია არ იყოს მწერალი, თანაც ისეთი მწერალი, როგორიც იყო დიუმა”.ქართველი მკითხველისთვის ძალიან ბევრი შთამბეჭდავი სცენაა “კავკასიაში”, რომელიც ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი კავკასიისა და ტფილისის შესახებ. უკვე კლასიკურ კავკასიურ ისტორიად იქცა თუში შეთესა და მოჭრილი ხელების ამბავი, ასევე ტფილისში, ქალაქის ცენტრში, მაღაზიის გაქურდვისა და მესაათე ჟორჟაევის ნოქრების დახოცვის ამბავი, რომელსაც დამნაშავეთა პოვნა და მათი დასჯის დეტალური აღწერა მოსდევს (ეს ეპიზოდი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართული დეტექტიური სიუჟეტია). ცალკე თავები აქვს მიძღვნილი წინანდლელი ჭავჭავაძეების ისტორიას, ტფილისის ოპერას - გაგარინის მიერ მოხატული ინტერიერისა და ფარდის აღწერას, ასევე საგანცხრომოდ წასაკითხია ტფილისის სპარსული აბანოების თავი, სადაც ტრადიციულ რიტუალებსა და “ჯალათი” მექისეების გარჯას სურნელოვანი თამბაქოს ბოლება და ტკბილი მუსიკა აგვირგვინებს.დიუმა საოცარი პოეტურობით აღწერს ჩვენი ქალაქის ნახვით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებებს. თავიდან იგი “მოლურჯო ორთქლში” დაინახავს ტფილისს, შემდეგ კი, როდესაც ქალაქში შემოვა, იგი ასე ხედავს აქაურობას: “მაგრამ, აი, უეცრად, სიხარულისგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი. მთის ფერდებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, დაწიოკებული ჩიტების გუნდის მსგავსი სახლებით, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ”.ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახალი დროების ტფილისური მითი დიუმას ამ წიგნიდანაც იღებს დასაბამს და ეს მითი მომდევნო საუკუნენახევრის განმავლობაში ივსებოდა და იხვეწებოდა ახალი შინაარსებით. ალბათ ამიტომაც არის, რომ საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ მწერლის მიმართ:“ბედნიერება მერგო წილად, რომ ვყოფილიყავი 2002 წელს საფრანგეთში, დიუმას გადასვენების ცერემონიალზე. მე ვიყავი იქ ალბათ ყველა ქართველის წარმომადგენელი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, შენს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერი ქართველი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ერთნაირად გვიყვარს დიუმა. გაოცებული ვიყავი, როდესაც ყაზბეგში ჩავედით მე და კლოდ შოპი, მსოფლიოს პირველი დიუმალოგი და აღმოჩნდა, რომ პირველივე გამვლელმა ზეპირად იცოდა დიუმა. ეს კაცი იყო იქაური მილიციის ლეიტენანტი, რომელმაც შემდეგ თავისთან, სახლში მიგვიწვია და იქ ვიქეიფეთ მე, შოპმა, ჩვენმა მაისპინძელმა და დიუმამ”.გიორგი ეკიზაშვილის აზრით, დიუმას “კავკასია”, განსაკუთრებით კი ეს, შევსებული გამოცემა, სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს ქართველებისთვის: “ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა, Livre de chevet, ანუ სასთუმლის წიგნი, ჩვენ გვაქვს სამაგიდო წიგნი. მე ვფიქრობ, და არა იმიტომ, რომ რაღაც წვლილი მიმიძღვის ამ წიგნში. დიუმას “კავკასია” ჩვენს სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს და იგი თაობიდან თაობაში უნდა გადადიოდეს. იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, და ჩვენ ვამაყობთ ამით, ამ წიგნის წაკითხვით კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქართველები ვართ. აი ესაა დიუმას დამსახურება, ამ წიგნიდან მოდის რაღაც ნათელი სითბო, ნათელი სიკეთე”.როგორც უკვე ვთქვით, ეს სიკეთე და ნათელი ბავშვობიდან მოყოლებული გვასაზრდოებს. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ სრული “კავკასიაც” მივიღეთ. მემგონი დადგა დრო, კიდევ ერთი დიუმა გავიცნოთ, დიუმა – კულინარი. იმედი მაქვს, მალე მის გენიალურ ნაშრომს, “დიდ კულინარიულ ლექსიკონსაც” ვიხილავთ ქართულ ენაზე.

© radiotavisupleba.ge

ანდრეი ვოზნესენსკი – ივერიის ნათელი



DOWNLOAD

მალხაზ ხარბედია

1 ივნისს ანდრეი ვოზნესენსკი გარდაიცვალა, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი პოეტი, ვის შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ანდრეი ვოზნესენსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, იგი გუშინ დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. 77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, რომელიც 60-იანელთა თაობის სახე იყო რუსულ და საბჭოთა პოეზიაში.
ანდრეი ვოზნესენსკის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა საქართველო, სწორედ ამიტომაა, რომ მისი გარდაცვალება ჩვენთანაც არანაკლებ განიცადეს. მწერალ და ესეისტ ზაზა აბზიანიძის აზრით, იგი ქართული კულტურის ნამდვილი პროპაგანდისტი იყო:
“თითოეული ჩვენთაგანისათვის ანდრეი ვოზნესენსკის გარდაცვალება მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყო. გულწრფელად ვიტყვი. რუსულმა პოეზიამ დაკარგა ერთი გამორჩეული პოეტი, საქართველომ კი ერთგული მეგობარი, ჩვენი კულტურის მცოდნე, ქომაგი და პროპაგანდისტი. მართლაც, ის ცდილობდა, რომ ყველასათვის, რუსეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, შეეყვარებინა მის მიერ აღმოჩენილი ქვეყანა, საქართველო”.
ანდრეი ვოზნესენსკი 1933 წელს დაიბადა მოსკოვში. 1957 წელს მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი დაასრულა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა, ჯერ კიდევ 14 წლისამ გაუგზავნა თავისი ნაწერები ბორის პასტერნაკს და შემდეგაც, მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ამ დიდ პოეტთან.
ასპარეზზე ანდრეი ვოზნესენსკი 1958 წელს გამოვიდა, პირველი კრებული კი 1960 წელს გამოიცა. იგი ნამდვილი სამოციალელი იყო, “ოტტეპელის” პირმშო და შემდგომ ოტტეპელისვე მსხვერპლი:
“ორიოდე სიტყვით ვიტყვი მისი პოეზიის ჩემეულ აღქმაზე: მაგალითად, ბროდსკისათვის დომინანტური თემა, გამჭოლი ხაზი მისი პოზიისა, არის ტრაგიზმი, ვოზნესენსკის კი ეს ტრაგიკული მსოფლაღქმა არ ჰქონდა, მაგრამ ის იყო პირველი, 60-ანი წლების გარიჟრაჟზე, ვინც, ეს მოყირჭებული, საბჭოთა ოპტიმიზმი ერთბაშად და ხაზგასმით შეცვალა რაღაც სხვა ტონალობით, სხვა მსოფლშეგრძნებით. ახლა ძალიან მიჭირს ერთი სიტყვით დავახასიათო ეს, მაგრამ ეს იყო შიშის, რაღაც მოსალოდნელი უბედურების შეგრძნება. როგორც შექსპირთანაა: ამ სამეფოში რაღაცა კარგი არ ხდება...”
1963 წელს ამგვარი ეჭვების გამო ანდრეი ვოზნესენსკი თავად ხრუშჩოვმა გაკიცხა და ისევე როგორც პასტერნაკის შემთხვევაში, პოეტი საქართველომ შეიფარა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა მან ივერია, ქვეყანა, სადაც მან თავშესაფარი ნახა და უძველეს კულტურასაც ეზიარა:
“ის გახლდათ განათლებით არქიტექტორი, ძალიან დიდი კულტურული პლასტის მქონდე ადამიანი და ამ მისმა ცნობისწადილმა, მისმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კულტურულმა შემზადებულობამ განაპირობა მისი საქართველოსადმი, როგორც ისტორიულ-კულტურული ფენომენისადმი ინტერესი. და აქ არ იყო პრაგმატიზმი – საქართველოში ყველა სტუმართმოყვარეა, უყვართ განსაკუთრებით პოეტები, ბევრი ქვენა აზრითაც გიყურებს, რომ კარგი პოეტია და კარგი მთარგმნელიც იქნება და ა.შ. მაგრამ ანდრეი ვოზნესენსკის, სხვათაგან განსხვავებით, ეს პრაგმატულ-ტურისტული ინტერესი ნამდვილად არ ამოძრავებდა და ჩემთვის, პიროვნულად, და ბევრისათვის, მისი ხიბლის მტავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს გახლდათ”.
კულტურული პლასტების გარდა მას პირადი ურთიერთობიც აკავშირებდა საქართველოსთან, ჯერ ერთი, ანდრეი ვოზნესენსკის დიდი ბაბუა, ანუ პაპის პაპა, ქართველი იყო. ამით იგი ამაყობდა ხოლმე, და ამაყობდა არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში და კიდევ, საქართველოში მან სიყვარული დატოვა. ერთ-ერთ თავის ესეში, რომელიც პასტერნაკს ეძღვნება, იგი შეყვარებულ მოხუც პოეტზე გვესაუბრება, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაუმართლა და თბილისში სრულიად ახალგაზრდა გოგონას მხურვალე სიყვარული დაიმსახურა:
“ასე მგონია, რომ იგი წერდა პასტერნაკზე, მაგრამ სადღაც თავის თავსაც გულისხმობდა. და ჩვენ ვიცით მისი ცხოვრების ქართული პერიოდი, საქართველოს როლი მის შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში. თუკი პასტერნაკისთვის ჩუკა (ჩუქურთმა გუდიაშვილი) პოეტური გატაცება იყო, პატარა გოგონა, მოწაფე (თუმცა პასტერნაკი წერდა, რომ ის ნამდვილი სიყვარულია, და შესაძლოა იყო კიდეც)... ვოზნესენსკის ნამდვილი და დიდი გრძნობა ჰქონდა აქ და შესაძლებელი იყო, რომ მთელი თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა თავისი ტრფიალის საგანისთვის, მედიკოსთვის. მაგრამ მან უარი მიიღო. არ ვიცი შემდგომ მისი მუზა ნანობდა ამას თუ არა, მაგრამ მისი ქართველი მეგობრებისაგან გამიგონია, რომ ამ უარს და ამ ლიტერატურული რომანის ესოდენ დრამატულ ფინალს გი მართლაც ძალიან განიცდიდა დიდი ხნის განმავლობაში”.
სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად ალბათ პასტერნაკის დამსახურებაცაა, რომ ვოზნესენსკიმ საქართველოს მოაგნო, იპოვა ქვეყანა, რომელზეც შემდეგ პოეტურ რკალებს შექმნიდა. მას არაერთი ქართველი პოეტი ჰყავდა თარგმნილი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეები, იოსებ ნონეშვილი, ოთარ ჭილაძე, შოთა ნიშნიანიძე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო და იმავდროულად სრული კრებულის სახელწოდებაში და შინაარსშიც საქართველო ფიგურირებს, წიგნს “ივერიის ნათელი” (1984) ჰქვია და მახსოვს, ამ წიგნის უზარმაზარი ტირაჟის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოში გაიყიდა, ქვეყანაში, სადაც დიდ პატივს ცემდნენ მის პოეზიას:
“მემგონი, ივერიის, საქართველოს ნათელმა თავისი შუქი და თავისი სითბო შეიტანა მის ბიოგრაფიაში და თავის მხრივ, ანდრეი ვოზნესენსკიმ ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხა ამ ზეგარდმო საჩუქარს”.

© radiotavisupleba.ge

მიშა ბახსოლიანი - დიდი ღამე


ოთახს მაღალი ჭერი ქონდა, იმდენად მაღალი, რომ წვერებიანს ზემოთ ყურება მობეზრდა და მუხლებზე ჩაძინებულ გოგოს დახედა. გოგოს შავი თმა ჰქონდა, თეთრი ყურები და მწვანე, შრიალა კაბა ეცვა. მსუბუქად შეანჯღრია. კაბა ჰაერივით ამოძრავდა. გოგომ გაიღვიძა, ფანჯარასთან მივიდა, ტელესკოპის მილს მარცხენა თვალი მიადო და ღამის ქალაქს გახედა.
-მოყვები რამეს? - იკითხა კაცმა და დაამთქნარა.
-ტელევიზორს ხომ არ ჩართავდი? - თავის დაძვრენა სცადა გოგომ.
-შუქი ჩამიჭრეს გუშინ. მიდი, დაიწყე. ისეთი, ძილი რომ გამიფრთხო...
გოგო ტელესკოპს მოშორდა. კაცს ისევ კალთაში ჩაუჯდა, ტუჩები მარჯვენა ყურთან მიუტანა და თქვა:
-ეს ამბავი დღეს საღამოს დაიწყო. ქუჩის გადაღმა, დიდი მარკეტის ახლოს...


კადრები

დახურეს თუ არა უნივერმაღი, ჩამობნელდა. დარაჯები ჟალუზებს შეესივნენ და ჭრიალ-ჭრიალით ჩამოუშვეს ტალახიანი ასფალტისკენ. შემდეგ ერთმანეთს თბილად დააკვირდენ. ხელების მსუბუქი მოძრაობებით ბეჭებზე დაყრილი მტვერი მოიცილეს და მანქანისკენ წავიდნენ. მანქანა ძველი იყო. უფროსმა სპალნიკივით დაუტოვათ. შეძვრებოდენ, ქოქავდენ, თბებოდნენ. ბენზინი ცოტა ჰქონდათ. ამიტომ, ღამის იმ მომენტს ელოდებოდენ, როდესაც ყინვა გაძლიერდებოდა და ნიკოტინიან ფურთხს მარგალიტად აქცევდა. მანამდე შიგნით ისხდნენ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდენ და წარსულს იხსენებდენ. წარსული გრძელი ჰქონდათ - დროსა და ტრასებზე გაწელილი. თან თითქმის ერთნაირი. ტყუპები იყვნენ. გამხმარი, მოხუცი ტყუპები და სკამებზე მიწოლილებს დაჩუტულ მუცლებზე ლურჯი ბუშლატები ეფარათ.
-ლექსო!
-ოუ!
-არ დაიძინო რა.
-არ მძინავს, არა, ო.
-აბა რას შვები?
-სიგარეტს ვეძებ, ერთი უკვე გათავდა, მეორეც სადღაც აქ უნდა მქონდეს და ვერ ვპოულობ.
-სულ ეგრე იცი რა. მიაგდებ უადგილო ადგილას და მერე მთელი დღე ეძებ.
-მოიცა რა, კაცო. მაგას ის სჯობს, რამე ამბავი მოყვე.
-ვისზე?
-ვისზე იცი რო?
-ყველამ ჩვენ ჩვენი ამბავი ვიცით.
-ეგრეა, ეგრე. ხოდა, დაიწყე. სანამ შენ აქამდე მოხვალ, სიგარეტს ვიპონვი.
-კარგი... იყო და არა იყო რა. ცხოვრობდენ ტყუპი ძმები, ალექსი და თედო. კახეთში დაიბადნენ. ერთად შრომობდნენ, ერთად შიმშილობდნენ, ერთად იზრდებოდნენ. 1945 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი სულს ღაფავდა, ჯარში გაწვევას ასაკის გამო გადაურჩნენ, მაგრამ მათდა საუბედუროდ სოსო ძიამ ბოსტან-ქალაქში მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა დაიწყო და მათაც იქ უკრეს თავი. ჯერ ბარაკებში ცხოვრობდნენ, შემდეგ საკუთარ აშენებულ ქარხანაში მუშებად მოეწყვნენ და ისევე, როგორც ბევრმა მათმა დაუზარელმა თანატოლებმა, ოროთახიანი ბინაც მიიღეს სადღაც. ჯერ იმ ქუჩას სახელიც არ ჰქონდა. მერე კიდევ ბევრი იშრომეს, მერე კიდევ უფრო ბევრი, გულ-მკერდი მედლებით აივსეს, ბანკში ანაბარი გაიხსნეს. ერთი ეგ იყო, ოჯახის შექმნა ვერც ერთმა მოახერხა და ვერც მეორემ. ბოლოს დაბერდნენ და ის იყო ფეხი ფეხზე უნდა გადაედოთ და დარჩენილი ცხოვრება მშრომელთა კროსვორდების შევსებით გაელიათ, რომ კომუნისტურ პარტიას ელემენტი დაუჯდა: სახელმწიფო ჯერ გაჩერდა, შემდეგ დაიშალა და ჯართში ჩაბარდა. ბანკიდან ანაბარი გაქრა, მაღაზიის ვიტრინებიდან მათი საყვარელი ,,სმეტანა”. აღარც “პრავდა” იყიდებოდა სადმე და სიგარეტიც საშინლად გაძვირდა. რამდენიმე წელი ქარხნიდან წამოღებული რკინებით გაძლეს, მერე ბინა გაყიდეს და უფრო პატარაში შესახლდნენ, მაგრამ 2009 წლისათვის ყველა რესურსი ამოწურეს და ქუჩაში სამუშაოს საძებნელად გასწიეს. ბევრი იარეს, თუ ძალიან ბევრი, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ერთ სამსართულიან უნივერმაღს მიადგნენ და დარაჯებად მოეწყვნენ. ყოველ მეორე ღამეს ბებრული ნაბიჯებით სეირნობდნენ განათებული ვიტრინების წინ (სადაც უკვე ყველაფერი იყო, ოღონდ არა ამათთვის) და ერთ ამბავს ყვებოდნენ. ისე, მათი დაცვა დიდად არავის სჭირდებოდა - შენობა სიგნალიზაციით იყო ალყაშემორტყმული და საპატრულოც იქვე, ორ ნაბიჯში პატარა ქუჩის გადაღმა ზეობდა. დეკემბრის ბოლოს ძალიან აცივდა. უფროსს უმცროსები შეეცოდა და გასათბობად პატარა, ძირგამომპალ ფორდს უტოვებდა ხოლმე ბაკში ხუთი ლიტრი ბენზინითა და ორი პავიდლოიანი კამფეტით. ესენიც დროგამოშვებით ქოქავდნენ და ბუშლატებშემოხვეულები გაჰყურებდნენ ქუჩას, სადაც აღარავინ სეირნობდა.
-ე, აბა შენ ხარ, რა. ის გამოგრჩა, ქარხნის დახურვის შემდეგ კადრები რომ შეგვკრიბეს და ფირმა საათები დაგვირიგეს.
-საათი თორემ, ეხლა ისიც იყო რა. არ გახსოვს, ორ თუმნად ვერ გავყიდეთ. ყველა ამბობდა, ეს სეიკოები ქუთაისურებიაო.
-აი, სიგარეტიც ვიპოვე. ძირს დამვარდნია და ფეხი მედგა ზემოდან.
-მომიკიდე ერთი მეც.
ისხდნენ. ლურჯი ბუშლატები ეფარათ. ახველებდნენ.
კაცმა მაცივრისკენ გაიხედა, მაგრამ სიბნელეში ვერსად დაინახა და ხელი ჩაიქნია. სკამიდან წამოდგა, გაიხადა და ხელებგაშლილი ლოგინზე გულდაღმა დაეხეთქა.. გოგო ზურგზე დააჯდა, ფეხები იღლიებს ქვეშ გაუცურა, სიგარეტს მოუკიდა და თხრობა განაგრძო:

ფართო გზა ქიმიას


წარწერა ერთ ერთი კორპუსის სახურავზე

ახალგაზრდა ქიმიკოსი ზაალ ბერძენი ჩვენს ქალაქში ორი თვის წინ ჩამოვიდა. რაღაც მომწამვლელი ნივთიერების შექმნაზე მუშაობდა სახლის პირობებში, მაგრამ იმდენად მყრალი ხასიათი, აირები და სამუშაო ჰქონდა, რომ ამ ორ თვეში სამჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი. ბოლოს მიაგნო სანუკვარ ადგილს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ უბანში და ორდღიანი გადამბული სმის შემდეგ ოთახი კოლბებით, ტაშტებითა და კატებით გამოტენა. დილით მუშაობას ვერ იტანდა, ამიტომ დღეს დაღამებამდე კარგად იძინა და როგორც კი საათმა თორმეტს ჩამოკრა, გადაწყვიტა რომელიღაც ფორმულის შედგენას შედგომოდა და შეუდგა კიდეც, მაგრამ კაცი ბჭობდა და მოხუცი იცინოდაო, ზუსტად ამ დროს თედომ ფორდს გასაღები თხარა და ამოქოქა. მანქანამ თახთახი დაიწყო, “გლუშიწელმა” ცქმუტვა და ამ კაკაფონიამ ისეთი ძალით დაიწყო ზაალის ოთახში შემოჭრა, რომ ფიქრები თავისთავად წავიდნენ თეორიული ქიმიიდან პრაქტიკულ ცდებამდე. ღამის სამ საათამდე ამაოდ ელოდა ნორჩი ქიმიკოსი ურჩი მანქანის დადუმებას. მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი რომ ჩაეწუწა, თავზე აირწინაღი ჩამოიცვა და თავისი ჯერ კიდევ შეუმოწმებელი აირით, რომელიც რატომღაც ხანძარსაწინააღმდეგო წითელ ბალონში იყო მოთავსებული, კიბეებს ენერგიულად ჩაუყვა. მანქანასთან მისულმა საქარე მინა ერთი დარტყმით ჩაამტვრია და აირი გაუშვა. აირებს ასეთი ამნისტია იმდენად გაუხარდათ, რომ მოხუცებისგან, მხოლოდ ცირკის კლოუნებივით დამანჭული ნიღბები დატოვეს.
- მანჭია, პრანჭიაო, შენი პროჭიც მოვსტყან მე და მთელმა ლოკომოტივმაო! - წაიღიღინა ზაალმა და სახლისკენ ფეხაკრეფით წამოვიდა. უკვე კარებთან მისული, ბალონმა შეაწუხა, უკან გამობრუნდა და შესაფერისი, სახლისგან მოშორებით მყოფი და ცარიელი სანაგვის საპოვნელად წავიდა.
ბევრი იარა თუ ძალიან ბევრი, ნაღდად არ ვიცი, მაგრამ ბოლოს იმ ადგილს მიაღწია, სადაც ჯერ კინო “მერცხალი” იდგა და ინდური ფილმებით მთელ უბანს ახარებდა, შემდეგ სემინარია, რომელიც გახსნამდე დაწვეს, შემდეგ დამწვარი ნანგრევები, სადაც ბავშვები ომობანას თამაშობდნენ და ოდნავ მოგვიანებით, ჟიმაობას სწავლობდნენ, და სადაც ერთხელ ტრაქტორები მივიდნენ, ამდენი მოგონება ერთბაშად დაანგრიეს, შემდეგ დატკეპნეს და ზედ სანაგვე გახსნეს.
ჰო. ზუსტად ამ ადგილამდე მივიდა ზაალი, და რადგან ნაგავი ბუნკერების საზღვრებს საგრძნობლად ცდებოდა, ნაპირებთან თავთხელში ბალონის დაგდება არცთუ კარგ იდეად მოეჩვენა, შუაგულისკენ შესტოპა.
გაყინულ ზურგზე შიგდაშიგ თბილი სიგარეტის ფერფლი ეყრებოდა და ძალიან სიამოვნებდა. ბოლოს, მოზრდილი ნამწვი პირდაპირ ხერხემლზე დაეცა და ცალ მხარეს ცეცხლმოკიდებული მორივით დაგორდა. სადღაც გაჩერდა. შიშინი დაიწყო. ცოტა ხანს იბოლა და ჩაქრა. გოგომ თითი დაინერწყვა და დამწვარზე დაადო. შემდეგ ფეხებით ჩაცურდა, ტუჩები ისევ ყურებზე დააწყო და გააგრძელა:

გიო და უფალი


გიომ იცოდა, რომ ფული თორმეტამდე უნდა ეშოვა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და სცადა ისეთ ადგილზე დამალულიყო, სადაც ვერავინ იპოვნიდა. სანაგვეზე ნაღდად არ დამიწყებენ ძებნასო, გაიფიქრა და წავიდა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში ამ ადგილმაც დააეჭვა და უკეთ დასამალად ნაგავში ჩაწვა -
და ციოდა და დაიყარა ნაცარი თავსა ზედა და იმავ თავსა დაღმართ სცემდა და მოთქვამდა, უკეთუ დღეს გადავრჩი მე, არღა ვიხილო კუშების ფურცელი არასოდეს და არცა კარიბჭენი ტოტალიზატორისა და გინა პოკერ-კლუბისა შევაღო, უკეთუ კარტსა სადმე მოვკიდო ხელი, დაე მომძვრეს და მომძვრეს მეორეც, რადგანაც ცალხელამ რა ყლე ვაკეთო და ვაფშემც რა ვქნა ტო, ვინმე ღვთისნიერმა ოციოდ ლარი მაინც ჩამომიგდოს ზეციდან, ან რომელიმე სახლის მეოთხე სართულიდან, ანდაც მოვიდნენ ძმანი ჩემნი და დანნი ჩემნი და მითხრან მე - ნუ სტირ, არამედ გიხაროდენ, არ ხარ ფუფლო შენ, მოყვასმან შენმა ბიჭებს მიუგდო თავანი შენი და ჰოი მუხთალო ბედისწერავ,
- უცაბედად ნაგვის ტალღების ტყლაშუნი ფეხის ნაბიჯების ხმამ გადაფარა. და გაიხედა გიომ ჯერ იქით, საითაც გაქცევა სურდა და შემდეგ აქეთ, საიდანაც საფრთხე მოჩანდა, და მოჩანდა მოშორებით მდგარი ლამპიონების მკრთალ შუქზე, და მოჩანდა კაცი მავალი ტალღებზე სუფთად და უშიშრად, და ეჭირა მას ხელში რაღაც, რაც არ ჰგავდა ავტომატს, მაგრამ არც მარწყვის ტორტსა და არც მოსეს კვერთხს, და მიყუჩდა გიო, იქნებ ამცდესო იგი და ჯიბეში დანას ხელი მაინც წაავლო, გახსნა და სუნთქვაც დროებით შეწყვიტა.
და როდესაც ზაალმა გიოს ფეხი წაკრა, გიო წამოხტა, დანა ყელში თხარა, ჩაშავებული ცისკენ აიხედა და ხმადაბლა იყვირა (აფექტშიც კი ჟიმჟიმი ჰქონდა):
- უფალო, ჩემს ოც ლარს სხვანაირად ვერ მომიტანდი?
და როდესაც პასუხმა დაიგვიანა, გააძრო ჯიბიდან “ნოკია” იგი თეთრი, კაუჩუკის საფარით დამშვენებული და ფანრიანი, და იხილა ჯიბეთა შიგან სიცარიელე დიდი და შეეცოდა თავი და თქვა:
- რაღა ღირსი ვარ სიცოხლის. წავიდე უბანსა შიგან და დაე მომეზღოს და მიხმარონ და მგვემონ.
და რომც ყოფილიყო რა... ტოვებდა ვინმე?
და გაიქცა უბნისკენ.

უცბად იგრძნო, რომ ლაპარაკი მობეზრდა. ყურის ბიბილოს კბილები წაავლო და ისე დააჭირა ერთმანეთს, თითქოს სტაფი იყო, პატრონზე გაბრაზებული სტაფი და მანამდე არ გაჩერდა, სანამ კბილებშუა სისხლის გემო არ გრძნო. კაცი გადმობრუნდა, ქვემოდან მოიქცია, ცოტა ხანს უყურა. შემდეგ წამოდგა და მაცივრისკენ წავიდა.
-წვენს მოვიტან და მოვალ. - დაიბარა და თან ისე, თითქოს აქვე კი არა, ვიეტნამში მიდიოდა მანგო-კოლას ჩამოსატანად.
-შოკოლადი წამომიღე. - დააბარა ამანაც და რამდენჯერმე გვერდულად გადაგორდა.
-წამოგიღებ ხო. შენ მიდი გააგრძელე.
და გააგრძელა...

კოდლა

- კარგი რა დამშვიდდი. მოვა, სად წავა. ეგ ისეთი კურდღელია, ღამე გარეთ ვერ დარჩება. - უთხრა ერთმა ბიჭმა მეორე ბიჭს. ბნელოდა, მაგრამ ეტყობოდა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მზრუნველი სახე ქონდა.
- იქნებ სახლშია და დედამისი მალავს? - უთხრა მეორე ბიჭმა პირველ ბიჭს და იქვე მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, მეექვსეს, მეშვიდეს გასძახა. - ხომ არ დაგეძინათ, ბრატცი? ის ფული ამაღებინეთ და ყველას სახინკლეში წაგიყვანთ.
- აუ, ნუ შემეცი ამ ხინკლით! - გაბრაზდა მეოთხე. - ვეგეტარიანელი ვარ და ეგეთ ყლეობებს არ ვჭამ.
- შენ კარტოფილის ხინკალს გიყიდი, - დამშვიდა მეორემ.
ამ დროს ფლოქვების ხმა გაისმა. გიო სწრაფად უახლოვდებოდათ და როდესაც გვერდზეც ჩაუშხუილათ, მიხვდნენ, რომ მსხვერპლმა შეამჩნია მათი პოსტი და ქუჩისკენ გაიქცა. მაგრამ ერთ ადგილზე ასფალტმა უმტყუნა და ისეთი ღრმა ორმო დაახვედრა, რომ ფეხი წვივთან გადაუმტვრია, ან გადაუგლიჯა მაინც, და ჩააჩოქა. ამ დროს ლომებიც მოვიდნენ. დადგნენ წრეზე და იმღერეს. შემდეგ სარიტუალო კითხვა დაუსვეს:
- სად გარბოდი, პატარავ?
არა, სარიტუალო მეორე იყო.
- ფული გაქვს, ძმაო?
- არა. - თქვა ამან.
და ვირმა გაუყარა.
და მეორე ვირმა და მერე მესამემ.
და მერე ვეგეტარიანელმა ვირმა.
და ბოლო ორს დანები არ ჰქონდათ და წიხლები მიარტყეს აქეთ-იქიდან, შემდეგ ფეხები ბალახზე გაიმშრალეს და იკითხეს.
- ბლიად, დავრჩით უხინკლოდ?
- რა ვქნა, ხომ იცით სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. - თავი იმართლა მეორემ. - წამოდით გიზოს ზავედენიაში შევიდეთ. სამ პოლიტრას ავიღებ ნისიად და 40 ხინკალს. მეტზე დავერია არ მაქვს.

კაცი წვენს ღეჭავდა, გოგო შოკოლადს. როდესაც მორჩნენ, ფანჯარასთან მივიდნენ. გოგომ ისევ ტელესკოპში შეიხედა. კაცმაც დააპირა, მაგრამ შესაყოფი ადგილი ვერ ნახა და თვალი ტრაკზე მიადო. ტრაკი ამეტყველდა და თქვა:

კარაბას-ბარაბას


გიზო კეთილი იყო, მაგრამ წელიწადში ერთხელ აფრენდა და იმდენ მტერს იგროვებდა, წელიწადის დანარჩენ დროს მათ ხოცვას ვერ აუდიოდა. წელს უკვე გაეფრინა, ამიტომ დამშვიდებულს საკუთარ დუქანში ფეხი ფეხზე გადაედო და ზედ მსუქანი მზარეულიც დაესვა. - უკვე გვიანაა, აღარავინ შემოვაო, - ეჩურჩულებოდა და რადგანაც გახდილი ქალების მოტყვნა ბავშვობიდან არ უყვარდა, ცალი ხელით კაბის ქვეშ ყვინთავდა და საცვლის გახევას ცდილობდა, მაგრამ მზარეულს ფეხები მჭიდროდ მიეტმასნა ერთმანეთზე და საქმეს ურთულებდა.
ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ.
- გიზოს გაუმარჯოს! - დაიძახეს და მაგიდას მიუსხდნენ. მერე ყელები სამ-სამი თითით დიდზე გამოიწელეს და ნისიად გვაჭამეო, შეემუდარენ.
გიზოს ხინკლის მოხვევა დაეზარა, უფრო სწორად მზარეულის ,,კუხნაში” გაშვება და მუხლების გაციება, ამიტომ უარის ნიშნად თავი გააქნ-გამოაქნია. როდესაც ბიჭების სახეზე უკმაყოფილება და კიდევ რაღაც ძალიან არაკეთილმოსურნე შენიშნა, ჯიბეში იარაღი მოისინჯა, მაგრამ ხელი მოკიდა თუ არა, ისევ თავისამ მოუარა - ამოიღო და ისროლა შვიდჯერ და დაყარა ხალხი ნასკებივით.
- ახლა რა ვქნათ? - იკითხა მზარეულმა, ბევრი ასეთი ამბის მომსწრემ და ცხედრების მარხვაში გაწაფულმა, - უკანა ეზოში დავმარხოთ, თუ ტყეში წავიყვანოთ?
- ეზოში არ დაეტევიან, ტყეში მოგვიწევს წასვლა. წავალ ჩემ რაფშუტკას გამოვაგორებ და დავტვირთოთ ნელ-ნელა.
ასეც მოიქცნენ. მერე ,,კუკუშკებისკენ” წავიდნენ და ტყეს შეხედეს. ტყე ისევ იქ იყო, ოღონდ ცოტა და ისეთი, როგორც თმაა ზიდანის თავზე. გიზომ საჭირო ადგილი დიდხანს ეძება თვალით, რომელიც კატასავით ,,ნაჩნოი” ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო. ბოლოს შვიდივეს ქვები შეაბა და ჭაობში დაუწყო ჩაწყობა. იქაც ძლივს ჩაატია. უკანა გზაზე ქუჩისთვის გვიანი მგზავრები დაინახა. მანქანა ხაზის ეგონათ და ხელი დაუქნიეს, და თან იმხელა სიხარული და სიცილი და სიყვარული და სახლებში მალე მისვლის სურვილი და კიდევ იმდენი ათასი ლამაზი რამ დაეხატათ სახეებზე, რომ უეცრად ისევ გაკეთილებულმა გიზომ მანქანა გააჩერა.
ტრაკმეტყველება ოქრო არს რჩეული, ხოლო სიჩუმე ღამით ასწორებს, როდესაც ლოგინს საბანს ახდი და შიგნით შეძვრები. "რა დროს ძილიაო" - გაიფიქრა კაცმა და ათივე თითით ტრაკი კალათბურთის ბურთივით აწია, შემდეგ ლოგინისკენ ისროლა და ისე გაჰყვა როგორც ფარიდან ასხლეტილ ბურთს ტიმ დანკანი. ჰაერშივე დაიჭირა და ლოგინში ჩატენა.
-ფრთხილად შეჩემა! - გაბრაზდა გოგო და რადგანაც უხერხულად იდო, წრიალი დაიწყო.
-კარგი რა, - აბუზღუნდა კაცი. - ჩემი არაფერი აღარ მოგწონს.
გოგომ პირი გააღო, მაგრამ პასუხის მაგივრად თქვა:

სამი ძმანი გურულები


იმ დღეს საქმეზე იყვნენ. მამლის ყივილამდე “პაჯერო” აწიეს, ძმაკაცთან ავტო-სახელოსნოში დააყენეს და ნაწილ-ნაწილ დაშალეს. რაც აწყობდათ, შეინახეს. დანარჩენი ტრაილერში შეტენეს და მეორე ძმაკაცთან ჯართში ჩააბარეს. ამასობაში მოსაღამოვდა და მოშივდათ. ჯერ თითო ხაჭაპური ჭამეს, მერე თითო ჩისბურგერი, მერე ღომი ყველით, მერე მოხარშული ყველი, მერე შემწვარი ქამა ,,შაპკეპში” ჩატენილი სულგუნით, მერე თითო კილო შებოლილი სულგუნი აიღეს და ჭამა-ჭამით სახლებისკენ წავიდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, არ ვიცი, მაგრამ გვიან ღამით სამივენი ხიდზე შეხვდნენ ერთმანეთს. ცოტა ყველი დარჩენოდათ. იდგნენ, ილუკმებოდნენ და ქვემოთ, მდინარისკენ იფურთხებოდნენ.
- სახლში დაწნული სულგუნი მაქვს. - წამოსცდა ბესოს.
- ე, ბიჯო პონტი. - გაუხარდა ავთოს.
- აბა? - იკითხა გელამ.
- ეგე! - უპასუხა ავთომ და თითით “მარშუტკაზე” მიანიშნა, რომელიც ის-ის იყო ხიდზე შემოდიოდა.
- წავსულვართ და ეგაა. - გაუხარდა გელასაც და მძღოლს ხელი დაუქნია.
ჩასხდნენ. იატაკზე რაღაც ესხა და გულისამრევად ყარდა. თან ფეხები უცურავდათ და მალევე მობეზრდათ. სამივეს წინ გადაჯდომა მოუნდა. სამივეს საჭესთან. მერე გელამ გადაიფიქრა და, მე იმ მსუქან ქალბატონთან დავჯდებიო გადაწყვიტა. მერე ესეც გადაიფიქრა და, კი არ დავჯდები, დავაჯდებიო. ბოლო ფიქრი ცოტა ხმამაღალი გამოუვიდა, ფეხზე წამოხტა, მაგრამ აცურდა და ძირს დაეხეთქა. წამოდგა, სახეზე ხელი მოისვა, დახედა და ოდეს იხილა სისხლი, გახელდა, ძირს დაგდებულ ნიჩაბს ხელი წამოავლო და ხია მძღოლს კისერში, მერე მეორედ კისერში და დააგდო თავით ,,პედლებთან.” და გაიჭედა პედალი სახელად ,,გაზ” და გაფრინდა მანქანა და შეაჯდა ხეს და მოკვდა ქალი და გამოვიდნენ ესენი გარეთ და ჰკითხეს გელას:
- ასე რამ დაგასირა, ბრატ?
და ამან ვერა მიუგო რა, დახარა თავი და წავიდა წინ... მიყვნენ ესენიც.
და შეხვდათ კაცი.
გოგომ ფეხები ლოგინიდან გადმოაწყო და იატაკზე დაალაგა. კაცი მთლიანად ჩამოლაგდა, მუხლებს შორის მოხერხებულად შეძვრა და კლიტორს გაესაუბრა... ჯერ უთხრა, შემდეგ უთხრეს:

ლეგიონერი


ოთო იმ ღამით დაბრუნდა ერაყიდან. დედა იკითხა და მოკვდაო, ასე უთხრეს. ცოლი გაახსენდა და გაბოზდაო, ასე ახარეს. ბავშვის საწოლისკენ გააპარა თვალი და მათხოვრობსო, ასე მიუგეს, თან დაამატეს:
- იქნებ ეგეც მკვდარია, უკვე დიდი ხანია მისგან არაფერი გვსმენიაო.
- და თქვენ ვინ ხართ, ჩემს ბინაში რას აკეთებთ? სახეზე არ მეცნობით რაღაც.
-რას ამბობ, ბიჭო, შენი ბიძაშვილები ვართ და მამიდაშვილები და დეიდიდაშვილები და ბიცოლაშვილებიც დაჟე. ეს ბინა ჩვენია. დედაშენი რომ წავიდა და შენი ცოლი და შვილიც რომ წავიდა და კარები ღია დარჩათ და მოვედით ჩვენ. ვიხადეთ გადასახადები და სესხი დავფარეთ. აი ფურცლები. ყველაფერი წერია აქ და აი კიდევ სხვა ფურცლები. აქაც ყველაფერი წერია. და იკითხე დილამდე, მერე კი წადი, ისედაც ვიწროდ ვართ აქ და რიგრიგობით გვძინავს.
ჩაიქნია ოთომ ხელი, მოიჯახუნა კარები და გამოვიდა ეზოში. შეხედა ხეს. იცნო. მეორე ხეც იცნო. გარაჟთან მივიდა, სადაც ოთო+პლიუს+ნიკა+გრიშა+ზაზა=ძმაკაცებს ეწერა და იქაურობაც იცნო. მერე ანერვიულდა და იყიდა სიგარეტი ბლომად და არ დარჩა ასანთი და ვერც ნახა ვინმე მომკიდებელი და გაუყვა გზას.
და შეხვდა სამი კაცი.
- ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი? - ასე იკითხა
იმათმა კიდევ სიცილი დაიწყეს და ჩაბჟირდნენ და დადგნენ მუხლებზე და წამოუვიდათ ცრემლები თვალებიდან და გაგორდნენ ასფალტზე და გორავდნენ დიდხანს და გაბრაზდა ოთო, გაიხადა ჩექმა და ურტყა ერთს თავში და როცა მოკლა, ის ორი ისევ იცინოდა და გორავდა, და მოკლა მეორეც და მესამეც, და ჩაიცვა ჩექმა და დაბრუნდა უბანში.
იქ ვიღაც მასტები კამათობდნენ და მივიდა ესეც და ჰკითხა მათ:
- ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი?
კაცმა ფეხები გაშალა და ლოგინის ქვეშ ჩუსტებივით შეყარა, შემდეგ გოგოს ფეხებს მიადგა, ფრთხილად ჩამოათრია და წელზე ქამარივით შემოიხვია. ცოტა ხანს ეძება, მერე საჭირო ადგილი იპოვნა და შევიდა. გოგომ ყურზე ტუჩები ჩამოაწყო და განაგრძო:

მეორე კოდლა

- უეჭველი ჩაგვიშვა ვასკამ. ისე მაგას ციხიდან არავინ გამოუშვებდა.
- რვა წელი ქონდა ხო?
- ხო, და ეგ კიდევ სამ თვეში გამოვიდა.
- აუ, არადა რაც მაგას ზონაზე მაყუთი ვუგზავნეთ.
- ის გასაგზავნი იყო. კაცმა ამხელა საქმე თავის თავზე აიღო და ჩვენ სვაბოდაზე დაგვტოვა, მაგრამ ახლა თუ არ დავბრიდეთ, მაგარ შარში ვართ. ხო ხედავ გვემალება, ორი დღეა გარეთაა და ერთხელაც არ დაურეკავს.
- აბა ჩემი. ზონიდან კარგად რეკავდა ყოველ საღამოს.
- ხოდა ეგაა რა. ჯერ დაგვიჭერენ, მერე სასამართლოზე ჩვენებას მისცემს და ყველას გაგვსროკავენ. მაგას გაუშვებენ, სადმე თბილ ადგილზე დასვამენ და ფულსაც მისცემენ.
- რა ვქნათ, ტო?
- უნდა დავბრიდოთ, სხვა გზა არაა. მაგან თუ ჩვენება არ მისცა, ისე მოსამართლე არ დაიკერება.
- სად ვნახოთ ახლა ეგ? თან შეიძლება ძაღლები ხვოსტზე გვაზიან უკვე.
- ნახე ტო, ვიღაც მოდის.
- აუ, ფორმიანია ჩემი.
- მოიცა, არ გაიქცეთ. მარტოა ხო ხედავთ. რას გვიზამს?
- იარაღი ექნება მაგას.
- წავედით, წავედით.
- ტრაკი დააყენეთ! დასტოინად ცოტა.
ამ დროს ფორმიანი მოვიდა კიდეც, სათითაოდ დააკვირდა ყველას და იკითხა:
- ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი?
და როგორც კი სიგარეტის ამოსაღებად ჯიბისკენ ხელი წაიღო, თხარეს წიხლი რამდენიმე ათასი და მოკლეს.
- აუ ძაღლი არ ყოფილა, სამხედროა ეს ჩემისა.
- ბიჭო შემეშინდა, მეგონა იარაღს იღებდა. თქვენ რაღას ურტყამდით, ბლიად?
- რავი რომ დაარტყი, გვეგონა რაღაც დაინახე, აქედან ამ ყლე შუქზე არაფერი ჩანს.
- რა ვქნათ ახლა, ტრუპს უბანში ხომ არ დავტოვებთ, ესღა გვაკლია. სამუდამოს მოგვისჯიან, ტო.
- მოდი, გვერდით უბანში გადავათრიოთ და იქ დავდოთ.
- საღოლ ბრატ! კარგი აზრია, პროსტა გვერდით არა. ცოტა ზემოთ წავიწიოთ. ბარემ ზუბნიაკებს ავკიდოთ ტრუპი. ერთი აბრეზით ორ კურდღელს მოვტყნავთ.
ძალიან გაეწელათ ამბავიც და სექსიც და ცხოვრებაც, და ,,იწვნენ ისე როგორც ციფრი 69” და ბეზრდებოდათ ერთმანეთი და კაცმა იფიქრა, იფიქრა, იფიქრა და ვერ მოიფიქრა და გოგომაც ვერაფერი მოიფიქრა და ცა დილისკენ წავიდა და გოგომ თქვა - მე ამბავს მოვრჩები და შენც მორჩი უკვე, გამოიღე. და წავიდა გოგო ბოლოსკენ:

მესამე კოდლა


- ხო ბრატ. გისმენ.
- დროზე ჩაიცვი, ჩამოდი. და გზადაგზა ვისი ნომერიც გაგახსენდება, ყველას დაურეკე.
- რა იყო, ვომობთ?
- ხო, ნახალკას გვტენიან ნაბოზვრები.
- რაო, რა გვინდაო?
- წეღან ფანჯარაში სიგარეტს ვეწეოდი და ქვედა უბნელები დავინახე. ვაფშე ყველანი ტო. უბანში შემოვიდნენ, თან ვიღაც ტიპს მოათრევდნენ, მერე ბესედკაში სკამზე დასვეს და გავიდნენ. ბრახ, დავიხედე და ტიპი სკამიდან ჩამოვარდა. ჯერ ვიფიქრე ბუხოია ის ჩემისა. მერე მეთქი, ვინმე ჩვენი ძმა ხომ არ ცემეს და სანახავად ჩავედი და რას ვხედავ ტო. - ტრუპი, თან ჯარისკაცი. ეგ რომ ძაღლებმა აქ ნახონ, ყველას აგვწევენ. ხოდა, ჩამო დროზე, ბიჭებიც მოვლენ მალე და დავავაზვრატოთAეგ მასტი. თან იარაღიც წამოიღე, იმ ბოზებს მუხლები უნდა დავუცხრილო.
და შეგროვდა ქუდზე კაცი,
და კაცზე თოფი
და თოფში ტყვია
და წავიდნენ ქვემოთ
და დაცხეს
და ატყდა ომი ფიცხელი
და შემოუერთდათ ორივე მხრიდან ხალხი ურიცხვი
და ხალხზე თოფი და მოვიდა პატრული და პატრულზეც თოფი
და ეკიპაჟის ერთმა წევრმა, ეკიპაჟის მეორე წევრს ესროლა
და მოკვდა ქვედა
და მოვიდნენ ცოლები ამათი და ბავშვები ამათი
და ბავშვეზე თოფი
და დაცხეს ერთმანეთს და მოკვდა ქვედაც და ზედაც
და მოვკდა ბევრი
და მოკვდა ყველა
და მოკვდა ყველა
სუყველა
და ეყარნენ ძირს ნასკებივით და ყარდნენ და ტიროდნენ ჩვილები აკვნებში, თუ იმაში, რასაც აკვნების მაგივრად ახლა ხმარობდნენ.
და ითხოვდნენ თოფებს
და მოშივდათ და მოკვდნენ და მოკვდნენ
და მოკვდნენ
და გაათავა შეჰერიზადამ და ადგა ლოგინიდან.
და გაათავა მეფე შახრიარმა და ადგა ლოგინიდან და აიღო ზეწარი და შეჰერიზადას ყელზე შემოახვია და გაგუდა.
და მოიბა ყელზე და მიაბა აივნის რიკულზე და გადახტა...


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Sunday, October 17, 2010

ლაშა ბუღაძე - ფიქრები მტკვრის პირას


დამეთანხმეთ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, საქართველოში რომ ბევრი ადამიანი კითხულობდეს წიგნს...

ყოველ შემთხვევაში, ამდენს არავინ იყვირებდა "ბუკინისტების" მტკვრის პირას გასახლების გამო!

დავსვათ შეკითხვა: რატომ ყვირის ეს ხალხი (მკითხველები, წიგნების გამყიდვლები, გამომცემლები)?

პირადად მე, მაგალითად, ის არ მესიამოვნა, იმავე ადგილას რომ ვერ მივიდოდი წიგნების შეთვალიერება-შეძენისთვის, სადაც 10 წელიწადზე მეტია დავდივარ, და არც ის მომეწონა, კონკრეტული ადგილის შეჩვევა-შეყვარებისთვის რომ გაკიცხეს ზოგ-ზოგიერთებმა ჩემნაირები.

ნუ, ჰა, გადავეჩვევი, ბატონო, რახან ასეთი ამბავია - რახან ქვეყნის განვითარება-გაბრწყინებისათვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მელიქიშვილის ქუჩიდან წიგნების დახლების გაქრობა! კრინტსაც აღარ დავძრავ, რაკი ასე აყენებენ საკითხს: გინდათ წიგნები მელიქიშვილზე? მაშინ დაემშვიდობეთ თბილისის გაპარიზების იდეას! იკმარეთ თქვენი გუამი, ზედ არ შემოგვხედავს ევროკავშირი...

მოკლედ, რა გაეწყობა, შევეჩვევი ახალ ადგილს (მეც მინდა პარიზში!), თან აგერ მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ამხ. . გონაშვილმაც მოიწონა იქაურობა - გაზაფხულზეც კაი იქნება და შემოდგომაზეცო...

სანაპირო მე არ შემაშინებს! ზოგჯერ ისეთ ადგილებში დავდივარ წიგნების სანახავად, დედა-ენის ძეგლის დამოები მართლაც პარიზის გულად მოგეჩვენებათ, -ნო მაყვალა...

დავაკონკრეტოთ შეკითხვა. რატომ ბრაზობს მკითხველი?

პასუხი: ბრაზობს იმიტომ, რომ ისინი, ვინც იქ, მელიქიშვილზე იდგნენ და "ბუკინისტებად" მოიხსენიებოდნენ, რეალურად, ჩვეულებრივი, ახალი წიგნებით მოვაჭრეები გახლდნენ (ცხადია, ზოგს ძველი წიგნებიც ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც რუსეთიდან ჩამოტანილ ახალ გამოცემებს ყიდდა ეს ხალხი), ახლა კი გაქრნენ და ჯერაც არ გამოჩენილან მტკვრის პირას... მკითხველი კი ღელავს, რადგან მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა - ჯერაც იმიტომ რჩება აქტიურ მკითხველად, რომ მრავალგვარ რუსულ გამოცემას ყველაზე ხშირად (და სისტემატურად) სწორედ ამათთან იძენდა... მხოლოდ არსებული წიგნის მაღაზიების ამარა რომ დარჩე (მგონი, სულ ექვსი ცალია თბილისში, აქედან ორიც - კაფე), საუკეთესო ვარიანტში, წელიწადში ორჯერ მოგიწევს ახალმიღებული "პარტიის" შეთვალიერება, ხოლო რუსულ-ქართული ომის მერე, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთხელ ჩამოიტანეს შედარებით საინტერესო წიგნები.

ნუ, რა ვქნათ, ჩვენი რა ბრალია, თუკი ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც რუსულ თარგებს ჰყავს თბილისში? მართალია, პუტინი სისხლისმსმელია და არც მედვედევი გამოდგა დიდი ლიბერალი, მაგრამ წიგნებს კი მაინც მაგრა და ბევრს ბეჭდავენ რუსეთში. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ეს მაღაზიები რომ შეგრჩეს და მათთან ერთად კი მხოლოდ ქართული წიგნები, უკანასკნელ უწიგნურად აღესრულები.

რაც შეეხება წიგნებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენაზე: ბევრს კი ვლაპარაკობთ რუსული ენა დაგვავიწყდა და ყველა ინგლისურად ავმეტყველდითო, მაგრამ დასავლურ ენებზე გამოცემული წიგნები, სამწუხაროდ, კვლავაც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ მააზიებში - წიგნის მაღაზია "პარნასში", მაგალითად, წლებია სამუზეუმო ექსპონატებივით წარმოადგენენ რამდენიმე მშვენიერ ინგლისურ და გერმანულენოვან წიგნს (ამ ექსპონატთაგან ერთ-ერთი - ჰაინერ მიულერის პიესები - დიდი ხვეწნა-მუდარის მერე წავგლიჯე მაღაზიის დირექორ, - . დარსალიას. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ქართულ განძს, ესეც მასსავით ბეჯითად და სათუთად უფრთხილდება თავის "უცხოურ" წიგნებს).

სასიამოვნო გარემოა, მაგრამ მწირი არჩევანია ინგლისური წიგნის მაღაზია prospero's books-შიც. აქ, ძირითადად, კავკასიურ ომებზე დაწერილი ლიტერატურა, ტურგენევის "მუმუს" ინგლისური თარგმანები, ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა", ვადაგასული "ალი და ნინო" და მსგავსი წიგნები გვხვდება. შედარებით თანამედროვე ლიტერატურული ტექსტი (1989 წელსაა დაწერილი!), რომელიც ამ კოხტად მოწყობილ მაღაზიაში მოვიძიე, ფამუის "მე წითელი მქვია" იყო. და, ჰა, კიდევ ეს საშინელი ვამპირული საგა...

ამას დავუმატოთ დიუმას ცენტრიც, თავისი თარგმანებით და მორჩა, წიგნის საძიებელ რუკაზე ბოლო წერტილი გვექნება მონიშნული.

თუმცა განა იმას ვამბობ, ლიტერატურულ კაფე-მაღაზიათა მფლობელების არ მესმის-მეთქი, მესმის, როგორ არა! იმიტომაც არ ჩამოაქვთ ხშირად ბევრ-ბევრი ახალი წიგნი, რომ მათი მყიდველ-მკითხველი არ მოიძიება საქართველოში. აბსოლუტურად ვეთანხმები მწერ-კავშ-თავმჯდომარეს, - . გონაშვილს - დიახ, ყველა ვერ იქნება დიდი ექვთიმე! მართლაც განძად ხომ არ დადებ ყველაფერს!

მაგრამ შეკითხვა მაქვს: მაშ, წიგნის გარემოვაჭრეები როგორღა ყიდიან (უფრო სწორად, ყიდნენ) ახალშემოსულ ინტელექტ-საქონელს? თუ ამათ ცოტაც ჰყოფნიდათ? შეიძლება. არ ვიცი. სად მაღაზიის ფლობის ხარჯები და სად ქუჩის ერთ-ორ კვადრატულზე დგომა! ამაზე პასუხი არა მაქვს. ჩემზე ჭკვიანებმა უნდა ახსნან.

მოკლედ, მაინც იქ მივედით, სადაც დასაწყისში ვიყავით: არც მკითხველი გვყავს და არც წიგნის მყიდველი.

ესენი რომ ბლომად გვყავდეს, წიგნის მაღაზიებიც უხვად გვექნებოდა და მტკვრის პირასაც, არა მხოლოდ გუამ-სუამის, არამედ როგორც ევროკავშირის წევრები, ისე ჩავიდოდით. რა, ტყუილად კი არ ითქვა რუსთავი 2-ის "კურიერში" - აქ გაზაფხულზეც კაია და შემოდგომაზეცო...

მკითხველი კი იმიტომ არ გვყავს ბევრი, რომ საქართველოში კითხვა არ უყვართ (ან არ იციან), კითხვა კი იმიტომ არ იციან (და არ უყვართ), რომ სკოლაა ცუდი (და მშობლების დროსაც ასეთი იყო - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მაინც ეყვარებოდათ კითხვა), სკოლა კი ცუდი იმის გამოა, რომ რაღაც მოურჩენელი სჭირს ჩვენს განათლებას და კულტურას (როგორც სისტემას), მოურჩენელი კი იმიტომაა, რომ საფუძვლიანად არ ვმკურნალობთ, საფუძვლიანად კი იმიტომ არ ვმკურნალობთ, რომ რეალურად თავად ვართ სამკურნალოები, ჩვენ თვითონ კი იმიტომ ვართ სამკურნალოები, რომ პლანეტა სსრკ- მაცხოვრებლები ვიყავით, პლანეტა სსრკ-ში კი იმიტომ ვცხოვრობდით, რომ ნოე ჟორდანია ბოლო წუთამდე ფიქრობდა - ლენინი არ მომატყუებდაო და მერე კაი ჩიტიც დაიჭირა, ასე კი იმიტომ ფიქრობდა, რომ, ლენინის არ იყოს, თვითონაც მარქსისტი გახლდათ, მარქსიზმა კი ტვინი აურია ევროპელს, უპირველეს ყოვლისა - გერმანელ ინტელექტუალს, გერმანელ ინტელექუალებს კი იმიტომ აერია ტვინი, რომ სრულ ანაქრონიზმად მიიჩნია ევროპული მონარქია, ევროპულ მონარქიას კი ზოგ-ზოგიერთები უკვე 1789 წლიდან თვლიდნენ ანაქრონიზმად, ანაქრონიზმი კი მაშინ იქცევა ნამდვილ ანაქრონიზმად, როცა ცნობისმოყვარე მკითხველს "ბუკინისტს" არ შეატოვებ...

ყველაფერი კი იმიტომაა ასე, რომ ჩემს კრიტიკულ წერილს ბევრი ადრესატი ჰყავს, კონკრეტული კი - არც ერთი. საჩივლელი, როგორც ხედავთ, ბლომად მაქვს (თუნაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა გამო), მაგრამ, აბა, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია...

დაიბეჭდა ჟურნალ “ლიბერალში”