Monday, October 11, 2010

გიო ახვლედიანი - წერეთ წიგნები!


წინა კვირას რომ აზერბაიჯანელი ყმაწვილის არაზ აბდულაევის ევერტონში გადასვლის ამბავს მოგახსენებდით და პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებიც გავიხსენე, ზურაბ ხიზანიშვილი, ჩვენებურად კი - ხიზანა, არ მიხსენებია.
უფრო კი იმიტომ, რომ ვიცოდი, უქმეებზე გადავეყრებოდი და ვიფიქრე, ერთი ტკბილი საუბრის შემდეგ მისი ამბავი უკეთ მეცოდინება-მეთქი.
ეგრეც მოხდა.
ამ სექტემბერში, როგორც იქნა, მოგვარდა მისი საქმე და სეზონის ბოლომდე ლონდონის ახლო, რედინგში ითამაშებს, ბლექბერნმა ის სიხარულით გაანათხოვრა, რახანღა მენეჯერ სემ ალარდაისს საერთოდ გადაფიქრებული ჰქონდა ხიზანას ძირითადში გამოყვანა. ეგრეც უთქვამს - ბოლოს და ბოლოს, მე სხვანაირი ფეხბურთელები მჭირდებაო. ჰოდა, გაზაფხულზე ნიუკასლში სამთვიანი ყოფნის შემდეგ, ხიზანა უკვე კარგად მოეწყო რედინგში, ოჯახობითაც იქ გადავიდა და ფანობამ ავანსად სიმღერაც კი გამოუთქვა, თუმცა კი ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ითამაშა და იქაც, ბედს რას უზამ, მეორე ყვითლით გააძევეს, მაგრამ გაძევება უსამართლო იყო. ეს ყველა ტელეარხმა დაადასტურა, თუმცა კი, რაღა ეშველებოდა.
საერთოდ, ფეხბურთელებთან ლაპარაკი, ერთი დიდად საინტერესო რამ არის. განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ფიქრს, ნიჭს და ზრდილობას დაატყობ და იმასაც მიუხვდები, რომ უფეხბურთოდაც გაიტანდნენ ცხოვრებას. ხიზანაც ასეთია და ამაში მისი უცხოური გამოცდილებაც გვარიანად გამოსადეგია.
ჩვენი ფეხბურთელებისა ყოველთვის ის მენანება, რომ წიგნებს არ წერენ. ეს განსაკუთრებით ინგლისში დაგენანება ხოლმე კაცს, სადაც ფეხბურთელთა წიგნები მთელი ცალკე ჟანრია და თუკი მოთამაშე გემოს გაუგებს ამ საქმეს, მერე იმის გაჩერება ძნელია. ცხადია, ფეხბურთელები თავად არ წერენ თავიანთ წიგნებს, არამედ ცნობილი ჟურნალისტების დახმარებით, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმისთვის ასეთი წიგნები დიდი საჩუქარია.
ძველად ჩვენთანაც იწერებოდა ასეთი წიგნები, ოღონდ, პატარ-პატარა და იშვიათად, დინამოს უცხოური ტურნეების შესახებ, ანდა სხვა ამბებზე და საინტერესო საკითხავიც იყო, ახალ დროში კი მხოლოდ შოთამ დაწერა. შოთას მეტი ვინ მოაბამდა თავს.
ჰოდა, ხიზანას რომ ვუსმენდი, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს ამბავი.
ფეხბურთელების ცხოვრება დიდი თავგადასავალია და ეს თავგადასავალი სრულიად შეუმჩნეველი რჩება მაყურებლისთვის. თუ საგაზეთო ამბებს არ ჩავთვლით, აბა, რა ვიცით ფეხბურთელებისა? ჰოდა, ყოველთვის მაგარია, როცა ისინი მინდორსგარეთა საფეხბურთო ისტორიებს ყვებიან.
აბა ნახეთ, როგორია, როცა თვრამეტი წლისას არსენალში ისინჯები და გაზეთები წერენ, არსენ ვენგერმა ტონი ადამსის მრავალწლიანი შემცვლელი იპოვნაო, თვით ვენგერი კი უკვე ნომრიან მაისურს გაძლევს, ყველაფერი გადაწყვეტილია, თითქოს მოგვარებული, საკლუბო სასადილოში დენის ბერკამპი გეუბნება, გვერდით მომიჯექი, დიდხანს მოგვიწევს ერთად თამაშიო და უცებ, შენი ქართული კლუბი ისეთ თანხას ითხოვს ამ ზღაპრული ისტორიის სანაცვლოდ, როგორიც არსენალს არასდროს გადაუხდია შენი ასაკის ბიჭში. ჰოდა, საქმეც ჩაიშლება და მერე იფიქრებ, რომ აღარასდროს ითამაშებ, იმიტომ, რომ ასე ახლოს იყავი რაღაც დიდებულთან და მხოლოდ მამაშენის, ძველი დინამოელი ვარსკვლავის რჩევა დაგაბრუნებს მინდორზე ცხრა თვის შემდეგ - ფეხბურთში უარესებიც ხდებაო.
სად არსენ ვენგერის ხელში რომ მოხვდები და სად პატარა კლუბ დანდიდან რომ დაიწყებ, ნელ-ნელა და ხელახლა.
ეს ათი წლის წინანდელი ისტორია ნამდვილად ღირს იმად, რომ წიგნში მოხვდეს. და ასეთი კიდევ რამდენია და რა სასარგებლოა, მათი შეტყობა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, გულშემატკივრის ხარბ თვალს რომ თავი დავანებოთ.
ხიზანა კი აგრძელებს, ეგრეც უნდა, მგონი სკამზე ჯდომის წლები საბოლოოდ მოიტოვა უკან. ჰოდა, კარგია.
მე კი შევძახებდი: ფეხბურთელებო, წერეთ წიგნები!

© “ლიბერალი”

No comments: