Monday, August 31, 2009

მალხაზ ხარბედია - აგორა – ძველი ბერძნული ვიაგრა


The Life and Death of Democracy
by John Keane
დემოკრატიის ცხოვრება და სიკვდილი
ჯონ კინი


ერთი ძველი ხუმრობა არსებობს: ოდესღაც, თურმე ათენა და პოსეიდონი კამათობდნენ, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ატიკის მფარველი. კამათში ცხადია ათენას გაუმარჯვია, ამით განრისხებულ პოსეიდონს კი ათენელები დაუწყევლია: “დაე იმ თავიანთი საკრებულოს სხდომებზე მხოლოდ სულელური გადაწყვეტილებები მიიღონ!”-ო. წყევლა ათენას გამოუსწორებია: “დაე ეს სულელური გადაწყვეტილებები ათენელებს ყოველთვის სასიკეთოდ მობრუნებოდეთ!”-ო.
ვერაფერს იტყვი, ზუსტად მიზანში არტყამდნენ ძველები, თანაც დემოკრატიის სათავეებიდან გამოსროლილი ეს ხუმრობა დღესაც ხვდება მიზანში.
ცნობილია, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში იშვა, თუმცა, თუკი დღეს წარმოდგენილი 992 გვერდიანი წიგნის ავტორს, ჯონ კინს ვენდობით, პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები კლასიკური ხანის ათენზე გაცილებით ადრე, ძვ. წ. III ათასწლეულში შექმნილა შუმერში (არსებობს წყარო, რომლის თანახმადაც შუმერის წმინდა ქალაქ ნიპურში ერთ-ერთი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ნიპურის საკრებულომ მიიღო), ზუსტად იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წლის წინ ბუშის დემოკრატიამ “იზეიმა”.
“დემოკრატიამდელი დემოკრატია” შემდეგაც არაერთხელ გვხვდებოდა სხვადასხვა საზოგადოებებსა თუ ეპოქებში, სანამ ანტიკურ ხანაში მისი კლასიკური გაგება არ ჩამოყალიბდა. საუკუნეების შემდეგ მისი მნიშვნელობა ბორბლის გამონოგონებას გაუტოლეს (ასე ფიქრობს ჩვენი წიგნის ავტორიც). ბორბალივით, არც მას ჰყოლია ერთი კონკრეტული ავტორი, მის მიღმა არ მდგარან არქიმედეები და ნიუტონები, თუმცა იგი დღემდე მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებად. დემოკრატია ადამიანური ოცნებიდან იშვა და ეს ოცნება ახლაც ბატონობს, ახდენილი თუ აუხდენელი.
დემოკრატიის პირველი მეხოტბე ჰეროდოტე იყო. სწორედ მასთან ჩნდება ტერმინი “დემოკრატია”, და იგი მაშინ ჯერ კიდევ “თანასწორობის” (ძვ. ბერძ. ისონომია) სინონიმად გამოიყენებოდა, მაგრამ უკვე აღნიშნავდა მართვის ახალ ფორმას, რომელიც ტირანიას უპირისპირდებოდა.
დემოკრატიის მნიშვნელობა და არსი განუწყვეტლივ იცვლებოდა, სწორედ ამიტომაც, ჯონ კინი მის სამ ქრონოლოგიურ ტიპს გამოყოფს.
1. ყველაზე არქაული, საკრებულოს დემოკრატიაა (Assembly Democracy), რომლის საუკეთესო ნიმუშსაც ათენის დემოკრატია წარმოადგენდა, სადაც ყველას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თუკი თავად მოქალაქე არ გამოესარჩლებოდა სახელმწიფოს (და არა სახელმწიფო მოხელეებს), მის ნაცვლად ამას არავინ იზამდა. სადაც ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, სადაც “აგორა ვიაგრას როლს თამაშობდა” (ჯ. კინი). ათენისა და ატიკის 25 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით 2 000-ს ყოველწლიურად რაღაც თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობების უმრავლესობის ორჯერ დაკავება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ყოველი თავისუფალი ათენელი ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყო მოხვედრილი მაღალ თანამდებობაზე, ზოგიერთ მათგანს კი მრავალჯერ ეკავა სხვადასხვა პოსტი და მეტნაკლებად ყველა ჩახედული იყო სახელმწიფო ამბებში. შემდეგი ნაბიჯი იყო რომი, ადრეშუასაუკუნეების ევროპა (მაგ. ისლანდიის პარლამენტი, ალთინგი), ისლამური სამყარო, ოტომანთა ბატონობამდე და ა.შ.
2. წარმომადგენლობითი დემოკრატია (Representative Democracy). X საუკუნიდან მოყოლებული დემოკრატია ახალ ისტორიულ ფაზაში შედიოდა, რომლის მიზიდულობის ცენტრიც ატლანტიკური რეგიონი იყო, ევროპიდან - ნიუ-იორკ-ბალტიმორამდე და ბუენოს აირესამდე. ეს ეპოქა იბერიის ნახევარკუნძულზე ისლამური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა 20 საუკუნის პირველ ნახევარში დემოკრატიული ინსტუტუტების ნგრევით და დიქტატორული რეჟიმების ჩამოყალიბებით. მისი ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანები თავად ირჩევდნენ მათ, ვისაც მათი ინტერესები უნდა დაეცვა პარლამენტში ან სხვა არჩევით ორგანოში.
3. მონიტორინგის დემოკრატია გახლავთ (Monitory Democracy), რომელიც 1945 წელს, ომის შემდგომ იშვა და სწორედ აქედან მოყოლებული იქცა დემოკრატია “უნივერსალურ ღირებულებად” (ამარტია სენი). ამ პერიოდში დემოკრატიული გახდა სამყაროს ერთი მესამედი, 192-დან 119 ქვეყანა. ამავე პერიოდში დაიწყო ძალაუფლების კონტროლის, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაც, რომელიც მანამდე არ არსებობდა დემოკრატიულ სამყაროში. ავტორის აზრით, ამ მექანიზმებმა ბოლო დროს ძალზე უცნაური ფორმები მიიღეს და მისი შედეგები, ჩემი აზრით, დღეს საქართველოშიც აშკარად გამოჩნდა, რისი ერთ-ერთი მაგალითიცაა 2008 წელს “ეგზიტპოლ-ინტელექტუალების” სრული შემადგენლობით გადაბარგება ხელისუფლებაში, ასევე ზოგიერთი “არასამთავრობოსა” და “ხელისუფლების” ერთობლივი ზღაპრები, სახელად “საყოველთაო გამჭვირვალობა”.
კინის ამ ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი დებულება “დემოკრატიის ისტორიის დემოკრატიზებაა” და წიგნში მართლაც აუარება ახალ ფაქტსა თუ საინტერესო მიგნებას იხილავს ფართო მკითხველი, თუმცა ავტორი იმ ფარული საფრთხეებსაც მონიშნავს, დემოკრატიულ ღირებულებებს რომ ემუქრება თავად “დემოკრატებისგან”. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობა ამ საფრთხეების ნამდვილი საცავია.

© “ლიბერალი”

ქალაქების სახეები 15 პოეტის შემოქმედებაში

ლიტერატურული კონკურსი “წერო”

კოკა ჯიქია


ლიტერატურული კონკურსი “წერო” უკვე მეოთხედ ჩატარდა და ერთგვარ ტრადიციადაც დამკვიდრდა - კონკურსი პროზასა და პოეზიაში ყოველი წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება. მიუხედავად იმისა, რომ “წერო” ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეობის მიღების ყველა მსურველს შეიძლება არ მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტ-სივრცესთან, თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ვაკუუმში ნებისმიერ წამახალისებელ მოვლენას სიხარულით ვხვდებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ვანიჭებთ - ასე თუ ისე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებები ლიტერატურული პროცესების გარკვეული ნაწილის ამსახველია და კრებულის სახით საკმაოდ საინტერესო სურათსაც ვიღებთ ხოლმე შემდგომი დაკვირვებებისა და ჩვენთვის სხვადასხვა სასიკეთო თუ საჭირბოროტო დასკვნების გამოტანისათვის.
ამჯერად საუბარი პოეზიის კონკურსზე გვექნება, რომლის დაჯილდოების ცერემონიაც 31 მაისს, წიგნის მაღაზია “პროსპერო ბუქსის” ეზოში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებთან ერთან სამი ძირითადი პრიზის მფლობელი - საუკეთესო პოეტური ნაწარმობების ავტორებიც გამოვლინდნენ. რა თქმა უნდა, შეფასება “საუკეთესო”, ისევე როგორც ყველა კონკურსის შემთხვევაში, აქაც პირობითია. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ტიტულის მიმნიჭებლის ამპლუაში ინტერნეტ-მკითხველები იყვნენ, ხმის მიცემა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ ორგანიზატორები ლიტერატურული პორტალი www.literatura.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC არიან. პირველი პრემია - ვერცხლის ფრინველი “წერო” და ფულადი ჯილდო - 2000 ლარია (შესაბამისად, მეორე და მესამე პრემიები - 1000 და 500 ლარი). კონკურსის პირობების მიხედვით ამ მსუყე თანხის მოსაპოვებლად მსურველებმა 100 სტრიქონიანი პოეტური ნაწარმოები (ან ნაწარმოებები) უნდა გამოაქვეყნონ ლიტერატურულ პორტალზე, რომელთაგან 15 საუკეთესო ტექსტსაც უკვე კომპენტენტური ჟიური შეარჩევს და მკითხველს წარუდგენს შესაფასებლად. ავტორთა ვინაობა კონკურსის მსვლელობის პეროდში ანონიმური რჩება. რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ მსგავსი ფორმატის ლიტერატურული მარათონი, მით უმეტეს, როცა ფინალში გასულ ნაწარმოებებს შორის ჟანრობრივ-ფორმობრივად განსხვავებული ტექსტები (ლექსების ციკლი, ტექნიკურად ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული ლექსები, უბრალოდ 100 სტრიქონიანი ლექსი ან სულაც საბავშვო პოეზია) ხვდება, ამჯერად ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ავტორ-მკითხველებისგან განსხვავებით არც კონკურსის შედეგებისა და ერთის მეორეზე უკეთესობა-უარესობის გარჩევას დავიწყებთ, სამაგიეროდ საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა “წეროს” საკონკურსო ლექსების ახალი პოეტური კრებული, რომელიც თანამედროვე ქართულ პოეზიის რაობა-როგორობასა და მასში მომძლავრებულ ტენდენციებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.
ნაკლებად საინტერესო და უკვე პროგნოზირებადი გახდა მკითხველთა უმრავლესობის გემოვნება და არჩევანიც. გამარჯვებული ტექსტების მიხედვით ( I ადგილი - დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”; II ადგილი - ნატო ინგოროყვა, “დედები”; III ადგილი - ეკა ქევანიშვილი, “აქ ნუ დადგებით”) მხოლოდ იმაზე შეიძლება მსჯელობა, რომ მკითხველი იმას იღებს, რასაც აჩვევენ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანისას იმ გაუწაფავ გემოვნებას ენდობა, რომელიც მიჩვეულისა და ბევრჯერ გადამღერებულისკენ უბიძგებს და რომელიც შედარებით კარგის და განსხვავებულის დანახვისაკენ გასაქანს არ აძლევს. თუ კრებულს 2007 წლის “წეროს” საკონკურსო ლექსებს შევადარებთ, აშკარად დავინახავთ ძირითად განმასხვავებელ ნიშანს - რატომღაც წლევანდელი კონკურსზე თემატურად ერთფეროვანმა ლექსებმა იმძლავრა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფორმაზე - არსებითად თვითკმარი პოეტებისა და მათი მიმბაძველობით შექმნილი (უფრო გაკეთებული) პოეტური სახეების ტირაჟირებაზე. რამდენიმე საერთო ნიშნის გამოყოფაც შეიძლება - მაგალითად, განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალაქის თემა, როგორც მატერიისა თუ სიმბოლოს, რომელიც ან ცარიელია, ან სავსე, სახლებით, ადამიანებით ან მათ გარეშე: “ქალაქი სავსეა / თვითმკვლელი სახლებით. / ლექსიკონში გადაბარგებულ / სიტყვა-კრამიტით გადახურულებს /არ ემუქრებათ გადარჩენის შესაძლებლობა” (თამთა დოლიძე, “ქალაქი”), “იყო ქალაქი, /სადაც შენ იყავი ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა /და შენზე ზურგით მიყრდნობილი სკამის ნეკნებს ითვლიდი” (დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”), “აი ჰაერში გაქვავებული მონუმენტების ქალაქი, /სადაც ჩვენ ყველას გვერგო ჩვენი წილი უძილობა /და სიცარიელე ჩვენს ოთახებში” (ლევან ცაგარეიშვილი, “urbs”), “ვითარცა ცის ფრინველმა ფრთები გავშალე და ჩემი ქალაქისკენ გამოვფრინდი, /ქალაქში, რომელიც ქარის სიზმრებში ცხოვრობდა” (ხათუნა თავდგირიძე, “ქ ა ლ ღ მ ე რ თ ი ს გ ო დ ე ბ ი დ ა ნ. ძილის წინ ღმერთების საკითხავი”).
ცარიელი თუ სავსე ქალაქებიდან ოთახებში გადმოვიბარგეთ, სადაც მრავლადაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები, რომლებიც ბოლო დროს ხშირად ხდებიან პოეტური სახეების შთამაგონებელი ობიექტები: “ერთხელ ვიყავი დედაშენი, / სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად/ უხვად გიფშვნიდი/”, “ერთხელ ვიყავი მაცივარი/ და მხოლოდ შენთვის საყინულეში / მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი” (დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”), “ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის. / ხიდის აქეთ ხალხს. /აქ ნუ. თქვენ ყუა. / თქვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ.” (ეკა ქევანიშვილი, “აქ ნუ დადგებით”). “...”ნაიკის” დახეული ბოტასი თუ გაქვს /და შავი ჯინსის შარვალი /და ყველა ჩამქრალი ფარანი /სიმდის მოცეკვავე გგონია, /წერ.” (რობერტ მესხი, “ნიჟარები”).
თუმცა, გაცვეთილ ფორმა-შინაარსებს, შეუკვრელ თემატიკასა და ნაძალადევად შექმნილ პოეტურ სახეებს შორის რამდენიმე საინტერესო ლექსიც ამოირჩა. შალვა ბაკურაძის “ანკეოსის არგონავტიკა” საკონკურსოებს შორის არაერთი ნიშნით იყო გამორჩეული. ლექს-პოემა მითოლოგიურ მოტივებზე ავტორმა კონვენციური ლექსის ფორმებში გააცხადა და მიუხედავად რამდენიმე უმნიშვნელო ენობრივ-მხატვრული გაუმართაობისა, საკმაოდ საინტერესო საკითხავი შექმნა. საყურადღებო პოეტური ექსპერიმენტი იყო გიორგი კეკელიძის “ემბიენტიც”. მართალია, ავტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საკუთარი პოეტური ხმის ძიებაშია, მაგრამ ამ ძიების პროცესმაც საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა მისი საკონკურსო ნაწარმოების სახით. “ანკეოსის არგონავტიკაც” და “ემბიენტიც” ლიტერატურული პრემიის გარეშე დარჩნენ და ინტერნეტ-მკითხველების გარდა ვერც სხვა ნომინაციებში დააკმაყოფილეს ე.წ. “გარემკითხველების” გემოვნება. წიგნის მაღაზია “სანტა-ესპერანსას” პრიზი დათო ყანჩაშვილს გადაეცა ლექსისათვის “სიფხიზლის გამო”, ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” კი ჟურნალზე ერთთვიანი ხელმოწერით დიანა ანფიმიადი (“გრამატიკის გაკვეთილები”) დააჯილდოვა. ჟიურის წევრებმაც (ლექსო იმედაძე, გიორგი ლობჟანიძე, მაკა ლდოკონენი, თეონა ბექიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი, ქეთევან ყანჩაშვილი, ლევან ბრეგაძე) გამოაცხადეს თავიანთი სიმპათია - მათი ფავორიტი კონკურსში ეკა ქევანიშვილი (“აქ ნუ დადგებით”) აღმოჩნდა.
ასეა თუ ისე, პოეტური “წერო” უკვე თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდა და ქართულ ლიტერატურულ სივრცეს მხოლოდ შემოდგომაზე დაუბრუნდება, ამჯერად ისევ პროზაული შინაარსით. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავხედოთ საკონკურსო ლექსების კრებულს და დავრწმუნდეთ, რომ დღესდღეობით ლიტერატურული კონკურსები კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა, ახალი სახეები და ახალი ტექსტები გამოვლინდეს, და რაც უფრო ხშირი და მეტი წახალისება ექნებათ ავტორებს, მით უფრო გაიზრდება მათი მუშაობისა, და შესაბამისად, ნაწარმოებების ხარისხიც.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გიგა ზაალიშვილი - დელ მარში - ერთი წელი ჩეჩნეთის ტყვეობაში.

მიქელ ირემაძე
მთელი ცხოვრება, როგორც ტელეშოუ და სიკვდილის მიჯნიდან დანახული ვარსკვლავები
გიგა ზაალიშვილი, დელ მარში - ერთი წელი ჩეჩნეთის ტყვეობაში. რედაქტორი ვანო ამირხანაშვილი. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2001.


ლიტერატურისმცოდნეობაში ხშირად და ერთგვარი გადაჭარბებითაც უყვარდათ საუბარი იმ სასიკეთო გავლენაზე, რომელიც კავკასიის მთიანეთის ზღაპრულმა სილამაზემ, - კავკასიის "ზედაპირმა", - მოახდინა ერთფეროვანი ტრამალების ჭვრეტას თვალმიჩვეულ რუს მწერლებზე.
არ მახსოვს, ვინმეს აღენიშნოს, რომ ქართული ლიტერატურისთვის ასევე მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კავკასიის ქვესკნელ-"ქვედაპირი" - ლეკეთ-ქისტეთის ჯურღმულები: ლეკების მიერ დავით გურამიშვილის დატყვევებამ ჩვენს მწერლობას შესძინა რამდენიმე გენიალური ლექსი და, ფაქტობრივად, განსაზღვრა ამ უნივერსალური პოეტის ბედისწერა. ილია ორბელიანის შამილთან ტყვეობამ შვა მისი მრავალმხრივ საინტერესო ჩანაწერები და ბარათაშვილის გენიაში დაადუღა "მერანი" (გავიხსენოთ: მერანი დატყვევებული "ილიკოს ნაცვლად ფიქრს" წარმოადგენს - ცხოვრების საზრისი თითქოსდა ილია ორბელიანის თვალით არის დანახული). ასეთი იყო საზღაური, რომელიც მიიღო მარადიულმა საქართველომ იმ მრავალრიცხოვან უბედურებათა წილ, რომლებიც ჩრდილოკავკასიელებმა გაუთავებელი ყაჩაღური თავდასხმებით დაატეხეს XVIII-XIX საუკუნეების ქართლ-კახეთს.
ჩვენს დროში "პანკისის პრობლემამ" ლამის გააცოცხლა "ლეკიანობის აჩრდილი". ოღონდ იგი, სწორედ წარმოუდგენელი არქაულობის გამო, ქართველი საზოგადოების მიერ სრულად ვერც კი იქნა გააზრებული საშინელ საფრთხედ, რასაც თავისი არსით წარმოადგენდა. პირიქით, როგორც შეჰფერის კიდეც აჩრდილს, ის დარჩა რაღაც შორეულ, ნახევრად ზღაპრულ საშიშროებად, რომელიც თითქოსდა სულ სხვა სივრცეში არსებობს და, ყოველ შემთხვევაში, პირადად შენს ცხოვრებას, შენს საარსებო გარემოს არაფრით ემუქრება.
ასეა თუ ისე, ნახევრად ზღაპრულ იერს ხელი არ შეუშლია "პანკისის აჩრდილისათვის" სავსებით რეალურად დაესახიჩრებინა მრავალი ადამიანის ბედი და, ამასთან ერთად, მოეცა პირველი ლიტერატურული ნაყოფი: "დელ მარში" - 1998 წელს პანკისიდან ჩეჩნეთში გატაცებული მხატვრის, გიგა ზაალიშვილის წიგნი ერთწლიანი ტყვეობის შესახებ, რომელიც, უნდა ვაღიარო, როცა სარეზენციოდ გადმომცეს, ერთგვარი უნდობლობით ავიღე ხელში. ეს იყო უხვი და მრავალფეროვანი ინფორმაციით გულამსუყებული ადამიანის, იქნებ ბუნებრივი, მაგრამ ეთიკურად არცთუ მთლად უზადო რეაქცია: რით შეიძლება დამაინტერესოს წიგნმა პრობლემაზე, რომლის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი (ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, რისი გაგებაც ასე უხიფათო სიშორიდან არის შესაძლებელი); მე ხომ პრესით და ელექტრონული მედიით ამდენჯერ წამიკითხავს, მომისმენია, მინახავს ამიერკავკასიის გაცილებით უფრო დრამატული და მასშტაბური მოვლენების სანიმუშო ანალიზიცა და უშუალო მონაწილეთა მონათხრობიც, დოკუმენტური ვიდეომასალაცა და ემოციურად საკმაოდ შთამბეჭდავი რამდენიმე მხატვრული გააზრებაც. დაახლოებით ამგვარი განწყობით გადავშალე "დელ მარში" და... თავაუღებლად წავიკითხე, ხოლო ზოგ ადგილს რამდენჯერმე მივუბრუნდი.
ძლიერმა შთაბეჭდილებამ უარი მათქმევინა წინდაწინ შემუშავებულ გეგმაზე (ვიდრე წიგნი რამდენიმე დღე გადაუშლელად მედო მაგიდაზე) - ამავე თემაზე შექმნილი დოკუმენტური და მხატვრული ნაწარმოებების ფონზე განმეხილა "დელ მარში", აგრეთვე ერთმანეთისთვის შემედარებინა ტყვეობის პირობებიცა და ყაჩაღისა და ტუსაღის მენტალიტეტიც წინა საუკუნეებში და ჩვენს დროში (ასეთი გეგმის შედგენისას, ახლაღა ვხვდები, ალბათ, ერთგვარი ეგოისტური ინსტინქტი მამოძრავებდა - როგორმე საინტერესო სარეცენზიო გამეხადა, როგორც ვვარაუდობდი, არცთუ საინტერესო საკითხავი). შთაბეჭდილებათა დაწმენდის შემდეგ, იმ განზრახვაზეც კი უარი ვთქვი, რაზეც კითხვისას განუწყვეტლივ ვფიქრობდი და ბევრი ადგილი მოვნიშნე კიდეც - დამეხასიათებინა თხრობის მანერა და მეჩვენებინა, რაოდენ ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს საშინელი დამცირებისა და გვემა-დასახიჩრების შთამბეჭდავი, არასენტიმენტალური ასახვა და უბოროტო, ვაჟკაცური იუმორი.
არსებითად, მე მთელ წიგნს არც კი მიმოვიხილავ: იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, რომ წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაც, იგი ბოლო წლებში ქართულ ენაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია და სულ რამდენიმე მომენტზე შედარებით ვრცლად შევჩერდები.

სიცოცხლე და სიკვდილი, როგორც კინოსანახაობა ან ტელეშოუ


გიგა ზაალიშვილის წიგნი ერთი ადამიანის (ავტორის) ცხოვრების ტრაგიკულ მონაკვეთს აღწერს, მაგრამ მასში სხვა, ბევრად უფრო მასშტაბური, მე ვიტყოდი ყოვლისმომცველი ტრაგედიის "ფრაგმენტებიც" იკითხება - ვგულისხმობ თანამედროვე ადამიანური ცნობიერების ტრაგედიას, რომელიც რეალობის გაქრობასა და ილუზიური სტერეოტიპებით მის ჩანაცვლებაში მდგომარეობს: ხდება მთელი ფიზიკურ-სულიერი ცხოვრების, სიცოცხლისა და სიკვდილის ტოტალური აღქმა კინოსანახაობად თუ ტელეშოუდ, რაც ტელევიზიის მიერ ცნობიერების სივრცეების სულ უფრო ენერგიული ოკუპაციის შედეგია.
ავტორი წიგნის დასაწყისშივე გულწრფელად მოგვითხრობს, რომ დატყვევებისას, როცა სოფელ დუისში ჩასული, ავტომატიანმა ჩეჩნებმა სახლში შეაგდეს და ოთახი უცებ გაიძეძგა შეიარაღებული ადამიანებით, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა უაღრესად სახიფათო და საგანგაშოც კი იყო, მას შიშის გრძნობა არ გასჩენია, რადგან "რატომღაც თვალწინ სულ ამერიკული ფილმების ის დრამატული ეპიზოდები წარმომიდგებოდა, სადაც სხვადასხვა ჯურის მაფიოზები შუა ოთახში სკამზე მიჯაჭვულ რომელიღაც პროგრესული გაზეთის ჟურნალისტს ემუქრებიან ან აწამებენ, ის კი გმირულად იტანს ტანჯვა-წამებას".
ამას მოსდევს მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა: "საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წელი კინემატოგრაფიული პარალელების გახსენებაში გავატარე, ძალზე ხშირად რეალური ფაქტები გახმაურებული ფილმების კადრებს ემსგავსებოდნენ".
და მართლაც, წიგნი ადასტურებს, რომ თანამედროვე ადამიანის ცნობიერება ვერ ახერხებს თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, ამ ილუზიური შტამპების გარეშე, უშუალოდ დაეუფლოს რეალობას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ეპიზოდი, როცა მორიგი დამამცირებელი ცემის შემდეგ ტუსაღს ნერვები უღალატებს და, ტყვეობის პერიოდში პირველად, არაადამიანურ ღრიალს იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ ოთახში შემობრუნებული მცველები მოკლავენ და იმასღა ნანობს, რომ აქ ყოფნისას თავს უკრძალავდა დიდხანს ეფიქრა თავისიანებზე და საქართველოზე; ახლა ამას უკვე ვეღარ მოასწრებს - ჯალათებმა კარი შემოაღეს და უახლოვდებიან. და აქაც, აღქმის იგივე თავისებურება: "ყველაფერი ფილმებში ნანახ შენელებულ კადრებს ჰგავდა" (შემოსული ყაჩაღები გიგას გონის დაკარგვამდე გუდავენ აბაზანაში, ელექტროდენით აწამებენ, კეტით თავს გაუტეხავენ და კბილებს ჩაუმსხვრევენ).
გაივლის დრო და ტყვე უკვე პირდაპირ ჩახედავს სიკვდილს თვალებში - მას დასახვრეტად გაიყვანენ: "ყველაფერი ძალიან ჰგავდა ფილმებში ათასგზის ნანახს, ოღონდ, ამჯერად, მე თვითონ ვიყავი ტრაგიკული სცენის მთავარი პერსონაჟი... ჩემ წინ ჩამწკრივებულ მცველებს უკვე მოემზადებინათ ავტომატები... ერთ წამში კინოკადრებივით ჩაირბინა სხვადასხვა სურათებმა - სახლი, ახლობლები, საქართველო თუ რაღაც ფრაგმენტები" (მერეღა გაიგებს, რომ ვაზნა მომაკვდინებელი ლითონის ნაცვლად მაწამებელი დენთით დაუტენიათ; ტყვია მუცელში მოხვდება და ირგვლივ ყველაფერს ამოწვავს).
ავტორის თქმით, ვიდეოფილმების როლი ჩეჩნების ცხოვრებაშიც მეტისმეტად აშკარაა: ზოგ შემთხვევაში მათ ადამიანთა გატაცების ტექნიკა ისესხეს და პრაქტიკულ მოთხოვნათა შესაბამისად გააუმჯობესეს, სხვა შემთხვევაში ქცევის მანერა გადმოიღეს და ა.შ.
ცხოვრების სანახაობასთან ტოტალური შერწყმის კულმინაცია კი არის ვითარება, როცა თანამემამულეების, მეტიც - თანამებრძოლების სიკვდილიც კი ერთგვარ გასართობ-გამამხნევებელ ტელეშოუდ იქცევა, რაც გ. ზაალიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, გროზნოში ნახა, სადაც ვაჰაბისტების არხი "კავკასია" მთელი დღის განმავლობაში არ წყვეტდა პირდაპირ რეპორტაჟს იმ დროს დაღესტანში მიმდინარე ბრძოლებიდან: "ნაჩვენები იყო ბრძოლის რეალური ეპიზოდები, ვაჰაბისტების იარაღი. რეპორტაჟის დროს ჩვენს თვალწინ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ყველაფერს შიგადაშიგ კომენტირებას ვიღაც, ჩემთვის უცნობი პიროვნება უკეთებდა, ხსნიდა, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე. იგი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს კომენტატორი ბრძოლის ველიდან მომხდარ ამბებს კი არ განმარტავდა, არამედ საფეხბურთო მატჩს გადმოსცემდა. თითქოს ეს იყო თამაში და არა ნამდვილი ომი, რეალური სიკვდილი... ნანახმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, აუტანელი იყო ადამიანთა სიკვდილის ყურება, რომელიც ისე იყო მოწოდებული, როგორც გასართობი შოუ".
ცნობიერების ამგვარი გატელევიზიურების (იქნებ, უფრო ადეკვატური იყოს გამოთქმა - გატელეუპატიურების) შედეგი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ადამიანი ზნეობრიობისთვის მეტად სახიფათო დოზით ეჩვევა სხვათა ტანჯვის ჭვრეტას და ოდნავადაც აღარ აღელვებს რეალურ-დოკუმენტურია ეს სისასტიკე თუ წარმოსახვითი; უფრო საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ იგი საერთოდ კარგავს ადამიანობას - ე.ი. ყველაფერს, რაც, ეთიკური თვალსაზრისით, წმინდა ბიოლოგიური ეგოიზმის საზღვრებს გარეთ გადის და რის გარეშე homo sapiens-ი ძნელია მიჩნეულ იქნას ადამიანურ არსებად. დროდადრო მსოფლიოს შეაძრწუნებს ხოლმე ტელესანახაობის უშუალო გავლენით, მეტწილად მოზარდების მიერ, ჩადენილი დანაშაულის უკიდურესად არაადამიანური ხასიათი, მაგრამ ტელევიზიის უფრო ფარული და ათასჯერ უფრო სახიფათო ზემოქმედების შესწავლა გლობალური არაადამიანური ფსიქიკის ფორმირებაზე თითქმის შეუძლებელია.
და მაინც, წიგნში დგება "ჭეშმარიტების მომენტი", როცა, ჯოჯოხეთური წამების შემდეგ, ავტორის ცნობიერება ილუზიებისგან განიწმინდება, იბრუნებს რეალობას და ეს დაბრუნებული რეალობა მასში ყველაზე უფრო მოულოდნელი სახით - ვარსკვლავიერ ცად შემოდის...
თუმცა, ამის შესახებ ბოლოს, მანამდე კი ადამიანური ცნობიერების კიდევ ერთ ანომალიას - სენტიმენტალურ ჯალათობას - შევეხები ძალიან მოკლედ.


ჯალათური სენტიმენტალიზმი


სენტიმენტალობა, როგორც სულიერი მდგომარეობა, ალბათ ყოველთვის არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მსოფლმხედველობრივ პოზიციად - სენტიმენტალიზმად - იგი მაშინ გადაიქცა, როცა სტერნმა მოულოდნელი მიმართულებით განავრცო მისი საზღვრები და განსაზღვრება სენტიმენტალურით დაახასიათა... მოგზაურობა, რაც, არსებითად, სხვა არაფერი იყო, თუ არა აღნიშვნა სენტიმენტალიზმის ყოველმხრივ გაფართოების ტენდენციისა.
და მართლაც, მას შემდეგ სენტიმენტალიზმი სულ ახალ-ახალ ტერიტორიებზე იჭრებოდა. XX საუკუნემ ამ ცნებაშიც შეიტანა თავისი არაადამიანური ხასიათი და გვაჩვენა, რომ სენტიმენტალური შეიძლება იყოს ყაჩაღობა და მკვლელობაც.
"დელ მარშში" დაფიქსირებულია ამ პროცესის, ვფიქრობ, უკიდურესი ზღვარი - ჯალათური სენტიმენტალიზმი, რაც ეგოისტური ნევროზის ერთ-ერთ სახეობას უნდა წარმოადგენდეს და ერთობ უცნაური ფორმით ვლინდება: "მეპატრონეები" ტუსაღისგან არა მხოლოდ ქედმოხრილი მორჩილების ყოველწამიერ გამოხატვას მოითხოვენ ("სულ მიჩიჩინებდნენ, რომ ძალიან უდარდელი სახე მქონდა, რომ ჩემი ხმა მეტად ამაყად ჟღერდა... ჩემი სახის კუნთები, ზოგჯერ ჩემდა უნებურად, ვერ იდრიკებოდა საკმარისად მათთვის სასურველი სულიერად განადგურებული ადამიანის გამომეტყველების მისაღებად"), ისინი მოითხოვენ... თანაგრძნობასაც: ერთ-ერთმა მცველმა, სერიოზულმა, თავშეკავებულმა კაცმა, რადიატორზე მიბმული გიგა წიხლით სცემა: "შენს გამო ეს ნაომარი და გადაღლილი ხალხი იძულებულები არიანო, მოწყდნენ საკუთარ ოჯახებსო, მეტად მძიმე და სახიფათო სამუშაო იკისრონო. შენი გულისთვის ეს კავკასიონი გადმოიარეს, ასობით კილომეტრზე აღმა-დაღმა დაეხეტებოდნენ შენისთანა უპასუხისმგებლო მძევლის მოსატაცებლადო".
"სულისშემძვრელ" მონოლოგებს ტუსაღის "უგულობის" გამო წარმოთქვამს თვით გამტაცებელიც, ხოლო როცა, ბოლოს, სიკვდილის შიშით იგი იძულებული ხდება გაათავისუფლოს მძევალი, გიგა მისი დედის მოთქმასაც მოისმენს: "ტიროდა თავისი უბედური, საცოდავი, კეთილი შვილის ბედის გამო, რომ მე საკუთარ სახლში ვბრუნდებოდი, მისი შვილის ბედი კი სრულიად გაურკვეველი იყო... რომ მე ასე მშვენივრად გამოვიყურებოდი (მტერს ვუსურვებდი ჩემს იმდროინდელ გარეგნობას), მისი შვილი კი ძლივს დალასლასებს მუდმივი ნერვიულობისაგან, შეწუხებული ჩემი და ჩემი საზიზღარი ნათესავების უმადურობისაგან, რომ ქვეყანაზე ცოტა არაა ჩემისთანა მტარვალი, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სიბრალულის არავითარი გრძნობა".
ეს ჯალათური, მაგრამ მაინც სენტიმენტალიზმი ზოგჯერ თანაგრძნობას მსხვერპლსაც გადააწვდენს ხოლმე და უკვე სრულ იდიოტიზმად იქცევა: გამტაცებელი, რომელმაც, კაცმა არ იცის რა მიზნის მისაღწევად, დენთით მუცელგამოსაბუგად გაიმეტა ტყვე, ისე, რომ ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ცოტა ხნის შემდეგ, მზის დაბნელების საყურებლად (1999 წლის აგვისტო) გამურულ შუშას მიუტანს ავადმყოფს და მზრუნველად გააფრთხილებს - მზეს პირდაპირ არ შეხედო, თორემ... თვალებს დაიზიანებო.
მართალია, ჯოჯოხეთური წამებით ძალაწართმეულ ადამიანში არანაირი ინტერესი არ გამოუწვევია შავ მზეს, სამაგიეროდ, სწორედ ჯოჯოხეთიდან იხილა მან ვარსკვლავები.

ვარსკვლავები


"სულიერების დაბნელება" და "ბუნებისადმი დაყრუება" - აი, ორი "დანაშაული", რომელსაც ფილოსოფოსები თუ რელიგიური მოღვაწეები ჟამდაჟამ კაცობრიობას უსაყვედურებენ. ზოგჯერ ამ ორი მოვლენის ურთიერთკავშირსაც აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ არ მახსოვს ამ კავშირის უთვალსაჩინოეს ილუსტრაციად ვინმეს ვარსკვლავებისადმი დამოკიდებულება მოეყვანოს.
მწერები, ცხოველები და... პირველყოფილი ადამიანები გარემოში ორიენტირების უზუსტეს მონაცემებს ბუნებისგან იღებენ. ცნებითი აზროვნების განვითარება მგრძნობელობის ამ წახნაგს აჩლუნგებს - ბუნების ზოგიერთ მოვლენას (ვთქვათ, დედამიწის მაგნიტურ ველს) ჩვენ საერთოდ ვერ შევიგრძნობთ; სხვა მოვლენები გრძნობათა ორგანოებით აღიქმება, მაგრამ არაფერს ეუბნება ჩვენს არსებას. და მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრის შემდეგ, როდესაც ბუნების პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი, შიმშილითა და ხეტიალით ქანცგაცლილი ადამიანი ცნებებით აზროვნების უნარს კარგავს, მას უბრუნდება გარემოში ორიენტირების, ერთი შეხედვით, მხოლოდ ცხოველებისთვის დამახასიათებელი უნარი.
თუმცაღა, ვარსკვლავიერი ცა მეტისმეტად მაღალი დიადი და მშვენიერია საიმისოდ, რათა რაღაც ეტაპზე იგი საერთოდ ვეღარ შეამჩნიო და, ცნებით აზროვნებასთან ერთად, ცნობიერების ჰორიზონტიდან მთლიანად გაქრეს. სულიერების ნათელ ეპოქებში იწყება ახალი დონის ურთიერთობა ვარსკვლავებთან და პოლ ვალერი ასე აოქროპირებს პითაგორას: "სამყაროსათვის უცხოა სიჩუმე... თითოეული მოძრავი ვარსკვლავი თავისი სიჩქარის მიხედვით არხევს ეთერს და მისი რიცხვისათვის ნიშნეულ ბგერას გადასცემს სივრცეს... მათ მიერ გამოცემული ბგერები უნაზეს აკორდად, უსათუთეს ვარიაციებად ერწყმიან ერთმანეთს; ეს ცათა აკორდია, ციური ჰარმონია... გონიერება, სამართლიანობა, სიყვარული და სამყაროს უზენაეს ნაწილში დამკვიდრებული ყველა სხვა სრულქმნილება გრძნობადი და საცნაური ხდება". ხოლო იუდეველები ვარსკვლავიერი ციდან თავად ღმერთის სიტყვას ისმენენ და "ბიბლიური ღამეები ზარივით რეკენ უფლის დიდებას".
შემდგომში, ასტრონომიის განვითარების შედეგად, თანდათან ქრება ვარსკვლავების ენის ცოდნა და კოპერნიკის, ტიჰო ბრაჰეს ან კეპლერის მსგავსი ადამიანები მთელ თავიანთ ზეადამიანურ გენიასა და ცხოვრებას ალევენ ციურ მნათობთა ურთიერთგანლაგებაში არსებული გონებისთვის მიუწვდომელი ჰარმონიის უკვე მხოლოდღა ცალკეული ფრაგმენტების მათემატიკურ-გეომეტრიულ კანონზომიერებებამდე დაყვანას ("სამყაროს რაციონალური მოწყობის რაოდენ ძლიერი რწმენა და რაციონალურობის თვით უმცირეს გამონათებათა შეცნობის რაოდენ ძლიერი წყურვილი უნდა ჰქონოდათ კეპლერსა და ნიუტონს, რათა ეპოვათ ძალა მრავალწლიანი შეუპოვარი შრომისა ზეციური მექანიკის ძირითადი პრინციპების ასახსნელად!" - ა. აინშტაინი).
ახალ დროში მეცნიერებით გონების "განათლებასთან" ერთად სულ უფრო ბნელდება სულიერება და XIX საუკუნეში ემერსონი, რომელიც გრძნობდა, რომ ვარსკვლავები რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს ეუბნებოდნენ მის სულს, ვერ კი გაეგო - რას, ასე გამოთქვამდა თავის წუხილს: "ვარსკვლავები რომ ათას წელიწადში მხოლოდ ერთი ღამით ევლინებოდნენ ჩვენს მზერას, როგორი იქნებოდა ადამიანის რწმენა, ანდა მისი სასოება უფლის მიმართ?! თაობიდან თაობებს გადასცემდა იგი მის მიერ ოდესღაც ხილული სასწაულის ხსოვნას! მშვენიერების ეს მოციქულნი კი ყოველ ღამე გვევლინებიან და თავიანთი გრძნეული ღიმილით აცისკროვნებენ სამყაროს".
XX საუკუნეში მასმედიის მიერ მოტანილი ილუზიური შტამპების ადამიანის არსებაზე ტოტალურმა გაბატონებამ თითქმის გააქრო სულიერ სამყაროში ვარსკვლავები და მაინც, ექსტრემალურ ვითარებაში, როგორც ჩანს, ადამიანს ძალა შესწევს ვარსკვლავების ენის ძველთ-უძველესი ცოდნა დაიბრუნოს, ოღონდ ამისთვის ახლა უკვე აუცილებელია პირდაპირ შიშველი ნერვებით შეეხოს ვარსკვლავიერ ცას.
ყველაფერი ეს გამახსენა "დელ მარშის" უბრწყინვალესმა მონაკვეთმა, რომელიც მე მთელი წიგნის კულმინაციად მიმაჩნია და რომელსაც ახლა მოვიყვან.
ერთ პერიოდში მცველები რამდენიმე დღე ზედიზედ საგანგებოდ აღიზიანებდნენ გიგას, "რომ ქართველები საცოდავი და უდღეური ხალხია; რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთიანად გავწყდებოდით; რომ სწორედაც ღირსები ვიყავით, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ".
ერთ საღამოს მძევალს სიფრთხილემ უღალატა და შეეპასუხა. ის გარეთ გაიყვანეს, ხეზე მიაბეს, გონის დაკარგვამდე სცემეს, მერე წყლის დასხმით გამოაფხიზლეს და ხეზე მიბმული დატოვეს.
"ყველაფერი ერთიანად მტკიოდა, სხეული სულ დამტვრეული მქონდა. ისე მიმაბეს, რომ ფეხებით მიწას ძლივს ვეხებოდი და ჩამოკონწიალებულ სათამაშოს ვგავდი. წარბიდან სისხლის დენა შემიწყდა, ტკივილებიც ოდნავ გამიყუჩდა, მაგრამ ისე მოუხერხებლად ვიყავი დაბმული, რომ მოშვებას ვერ ვახერხებდი. გარშემო სრული სიჩუმე სუფევდა. მივიხედ-მოვიხედე, უკუნ სიბნელეში ბევრი ვერაფერი გავარჩიე და არც არაფერი მეჩვენა საინტერესოდ. მერე ცას ავხედე უნებლიეთ, რადგან ჩეჩნეთში ყოფნისას სულ ძირს ცქერას მივეჩვიე და, ძალაუნებურად, უმთავრესად, იატაკს, ხან ფიცრულს, ხან მიწაყრილს, ხან კაფელს ვუცქეროდი. მაგრამ ცას რომ ავხედე, ყველაფერი დამავიწყდა... უკვე მერამდენე თვე იყო, რაც სუფთა ჰაერზე არ ვყოფილიყავი და ცა არ დამენახა. ფარდის თუ ფანჯრის მიღმა დანახული ცის პატარა ნაფლეთი ხომ სათვალავში არ ჩაიგდება... უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. საოცარმა გრძნობამ მომიცვა. ტკივილი თითქმის დამავიწყდა. გაოგნებული შევცქეროდი თავს ზემოთ გადაშლილ გაუგონარ მშვენიერებას, ისეთი აღფრთოვანებით შევცქეროდი, გეგონება, წინათ არასოდეს მენახა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... ნუთუ, ჩეჩნეთში, ტყვეობაში უნდა დამენახა და აღმომეჩინა ეს სილამაზე?! გამოვცოცხლდი... თითქოს პატარა, ჩაკეტილი საკნიდან უკიდეგანო სივრცეში გამოვედი. იმ დღეს სულ სხვა თვალით აღვიქვამდი ყველაფერს, სიამოვნება ტკივილს მანიჭებდა, სულ დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა, ერთადერთი განცდა თავისუფლების შეგრძნება იყო..."
(აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა აინშტაინის სიტყვები, რომ კოსმოსის ხმის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარე სულები მთელ ამქვეყნიურ არსებობას მიიჩნევდნენ ერთგვარ საპყრობილეში ტუსაღობად და მხოლოდ სამყაროში, როგორც განუყოფელ ერთიანობაში, ხედავდნენ რაღაც გააზრებულს.)
"როდესაც გათენდა და მცველები მოვიდნენ, პირი დააღეს. ელოდნენ ტანჯვისაგან გათანგულ, დათრგუნულ ტყვეს, მათ კი სახეზე ღიმშერჩენილი მძევალი დახვდათ".

© “წიგნები – 24 საათი”

ქველმოქმედებო სამი ქვეყნისა, შეერთდით!


კავკასიური წიგნის ბაზრობა რეალური პერსპექტივაა
ნანა კობაიძე

მომავალ წელს გამომცემლობა "აზრს" დაფუძნებიდან 10 წელი უსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი სერიოზული და საინტერესო გამომცემლობა, რომლის მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების მოძიება და გამოცემაა. დღესდღეობით "აზრს" გამომცემელი მერაბ ქათამაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის თავმჯდომარეა. ბატონ მერაბს გამომცემლობაში შევხვდით და ვესაუბრეთ.
თავდაპირველად გამომცემლობის შექმნის ისტორიით დავინტერესდი. თურმე განსაკუთრებული და მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. 1993 წლის შემოდგომაზე მერაბ ქათამაძე და მისი მეგობრები შეიკრიბნენ და დააფუძნეს გამომცემლობა. დაარქვეს "აზრი." მერაბ ქათამაძისა და მისი მეგობრების გადაწყვეტილებას პოლიტიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი. სწორედ იმ პერიოდში მთავრდება საბჭოური მიდგომა საგამომცემლო საქმიანობისადმი. ანუ, გამომცემელს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, ვინ გამოსცეს, რა ტირაჟით და როგორ გაავრცელოს. პირველი წიგნი მამუკა ხანთაძემ მოამზადა. "საერთაშორისო ორგანიზაციები" – ასე ერქვა მას და მოიცავდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ქართულად თარგმნილ წესდებას. დღეს ასეთი დოკუმენტაცია უამრავია, მაშინ კი სიახლე იყო და წიგნი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგ მხატვრული ლიტერატურით დაინტერესდნენ, გამოსცეს დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის, რატი ამაღლობელის, ჯაბა იოსელიანის, დავით ქართველიშვილის ნაწარმოებები. ჯაბა იოსელიანის გარდა, მათ მიერ გამოცემული ყველა წიგნი სადებიუტო იყო. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც დღეს ცნობილი ავტორების ნაწარმოებებიც არ იყიდება.
მერაბ ქათამაძე: "რა თქმა უნდა, ცნობილი სახელები გამომცემლისთვის მომგებიანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გეყოლება მკითხველი, აქედან გამომდინარე – მყიდველიც. დებიუტანტის შემთხვევაში რისკის ფაქტორი იზრდება. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მათზეც. ზოგიერთი ძველი გამომცემლობა კი უთმობდა დებიუტანტებს გარკვეულ ყურადღებას, მაგრამ ამ გამომცემლებს საკუთარი პრობლემები ჰქონდათ, თანაც, უკვე ჰყავდათ ტრადიციული ავტორები. აუცილებელი იყო შექმნილიყო ახალი ტიპის გამომცემლობა, რომელიც ორიენტირს ახალბედა ავტორებზე აიღებდა. ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია." ავტორები დიდხანს არ უძებნიათ. გამოსცეს იმათი წიგნები, ვინც უკვე მოექცა საზოგადოების თვალთახედვის არეალში – აქტიურობდა, იბეჭდებოდა. დღეს "წნეხი" უფრო მძიმეა. ახალ ავტორთა ნაწარმოებებს ჯერ გამომცემლები კითხულობენ, შემდეგ - რედაქტორები. გარდა ამისა, გამომცემლობას აქვს გარკვეული პრიორიტეტები, რომელთაც წარმოდგენილი ნაწარმოები უნდა შეესაბამებოდეს. ისინი ნაკლებად გამოსცემენ პოეზიას, რადგან ახალ ავტორთა პოეტური კრებულები არა მხოლოდ საქართველოში, დასავლეთშიც მცირე ტირაჟით იბეჭდება და ძნელად იყიდება. გამომცემლობა "აზრის" პრიორიტეტია მხატვრული ლიტერატურა და ბელეტრისტიკა. ამ ზაფხულს მერაბ ქათამაძემ სამი ახალი ავტორის ნაწარმოები წაიკითხა. მათ ვინაობას არ ამხელს, მაგრამ გვაიმედებს, რომ მათ "ფონდს" მალე ახალი გამოცემები შეემატება. უახლოეს მომავალში კი ირაკლი კაკაბაძის მეორე წიგნის პრეზენტაციას უნდა ველოდოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მერაბ ქათამაძე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის პრეზიდენტია. რა ორგანიზაციაა ეს და რას საქმიანობს კონკრეტულად? საზოგადოების ისტორია 1996 წლიდან იწყება. იმ პერიოდში იგი დაფუძნდა, როგორც საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანთა გაერთიანება. 1998 წელს მას გამავრცელებლებიც შეუერთდნენ. ასოციაცია მათი საერთო ინტერესების გამომხატველი და დამცველია. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში. რამდენიმე დღის წინათ გამომცემლები მერაბ ქათამაძე, ბაკურ სულაკაური და ლაშა ბერაია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრნენ, რომელიც 9-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მასში მსოფლიოს ყველა ქვეყნის წამყვანი გამომცემლობები მონაწილეობენ. ფრანკფურტში გამომცემლები უმთავრესად, საავტორო უფლებების შესაძენად ჩადიან. მოლაპარაკებები წინასწარ მიმდინარეობს, შეთანხმება მიღწეულია, ჩადიან მხოლოდ ხელშეკრულების გასაფორმებლად. მათი სამუშაო პროგრამა ძალზე გადატვირთულია. ყოველდღე უამრავი პრეზენტაცია, შეხვედრა და სემინარია. რით არის საინტერესო ქართველი გამომცემლებისთვის ფრაკფურტის წიგნის ბაზრობა? "რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი, რომ ვინმე ქართველი გამომცემლების საავტორო უფლებებს შეიძენს" – ამბობს მერაბ ქათამაძე - "იქ ჩასვლა უპირველესად ჩვენთვის არის საინტერესო. ბაზრობა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი უბრალოდ დათვალიერებაც კი უამრავ ახალ იდეას ბადებს. იქვე არიან ადამიანები, ვისგანაც, სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გამოცემის უფლება შეიძინო. რამდენიმე ასეთი შესყიდვა უკვე განხორციელდა: ბაკურ სულაკაურმა საბავშვო ენციკლოპედიები გამოსცა, "დიოგენემ" - "ალი და ნინო", ჩვენ – პატრიკ ზიუსკინდი... შეიძლება ვინმე გამომრჩეს. მთავარია, რომ საქართველოში უკვე ჩნდება საავტორო უფლებების შესყიდვის, აქედან გამომდინარე, მათი დაცვის პრეცედენტები, რაც უკვე მისასალმებელია. საბოლოოდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ურთიერთობები დაიხვეწოს. დღეს მეტნაკლებად სერიოზული გამომცემლისთვისაც კი უხერხულია იმის თქმა, რომ არ იცნობს კანონს საავტორო უფლებების შესახებ."
მერაბ ქათამაძის ფრანკფურტში გამგზავრება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. ევროსაბჭოს ექსპერტმა საგამომცემლო საკითხებში გჟეგორჟ ბოგუტამ იგი მიიწვია სემინარზე, რომელზეც განიხილავენ ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის წიგნის სექტორში მიმდინარე პროცესებს. დღის წესრიგშია სამი საკითხი: 1. წიგნის ბაზრობები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 2.დასავლური პერსპექტივები. 3.რეგიონული ბაზრობების გამართვის პერსპექტივები.
კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ეს ჩამონათვალი. რაში აინტერესებს ქართველ მკითხველს, რა საკითხებს განიხილავენ ფრანკფურტში გამართულ სემინარზე. თუმცა, ახლავე დარწმუნდებით, რომ ისინი არა მარტო საინტერესო, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანიც არის, განსაკუთრებით კი მისი მესამე პუნქტი.
მოგეხსენებათ, წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ 1997 წელს თბილისის წიგნის ბაზრობას ჩაუყარა საფუძველი. წელს იგი მეხუთედ გაიმართა და მასში რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ბაქოელებიც. აზერბაიჯანელ გამომცემელთა ასოციაცია "ნაშირის" პრეზიდენტმა ბოლო ბაზრობაზე გაკვრით აღნიშნა, რომ სომხეთთან და საქართველოსთან ერთად ისინი კავკასიის წიგნის ბაზრობის გამართვას ვარაუდობენ. მერაბ ქათამაძის თქმით, თბილისის მეხუთე ბაზრობის შემდეგ სამი ქვეყნის გამომცემლები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ. დღეს კავკასიური წიგნის ბაზრობის პროექტი უკვე რეალურად არსებობს. პროექტის თანახმად, ბაზრობა ყოველწლიურად, სამივე ქვეყნის დედაქალაქში მონაცვლეობით გაიმართება. თუმცა, მას ჯერჯერობით თბილისი უმასპინძლებს, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო ორივე ქვეყნის წარმომადგენლები თავს იკავებენ ერთმანეთთან ჩასვლაზე. კავკასიის წიგნის ბაზრობის შექმნის იდეა საინტერესოა ერთი თვალსაზრისითაც. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავენ საკითხს რეგიონული წიგნის ბაზრობების დიდ ბაზრობებთან მიერთების შესახებ. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბდება საერთოკავკასიური წიგნის ბაზარი, რეგიონს ეძლევა დიდი შანსი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და მოექცეს ცნობილი წიგნის ბაზრობების ყურადღების ცენტში. "მარტო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დასავლეთისთვის ძალიან პატარა ბაზარია, მათ მთლიანად კავკასია აინტერესებთ. თუ ჩვენ შევძლებთ რეგიონული პროექტის განხორციელებას, ზემოთხსენებული პერსპექტივა რეალობად იქცევა" – იმედოვნებს მერაბ ქათამაძე. მისი თქმით, პროექტის განხორციელება, ახლა დამფინანსებლებზეა დამოკიდებული. ჰოდა, სწორედ მათ მივმართავთ ერთი ცნობილი ლოზუნგის პერიფრაზით: "ქველმოქმედებო სამი ქვეყნისა, შეერთდით1"

© “წიგნები – 24 საათი”

Tuesday, August 25, 2009

გამომცემლობა "რენდომ ჰაუზი"


კლასიკოსების დაბადების ადგილი


თამარ ბაბუაძე


"...ძვირფასო ბენეტ, როგორ ფიქრობ, როდესაც "რენდომ ჰაუზი" მსხვილი ბიზნესი გახდება და დაკარგავს ჩვენი, ძალიან ინტიმური წამოწყების ხასიათს, მისი კეთება ძველებურად საინტერესო იქნება?" – დონალდ კლოპფერი, მარტი, 1944 წელი.
"...ძვირფასო დონალდ, კარგად მესმის შენი. მეც შენსავით მძულს "დიდი ბიზნესი", რადგან ის ზოგადობაში თქვეფს ყველაფერს. მაგრამ ვიცი, "რენდომ ჰაუზი" ასეთი არასდროს გახდება". – ბენეტ სერფი, აპრილი, 1944 წელი.
21-ე საუკუნის პირწავარდნილ ბიზნესმენებად ქცეული გამომცემლები ამ ორი შესანისნავი ადამიანის გულისტკივილს ვერაფრით გაიგებენ. იმ პერიოდში კი, როდესაც ეს მიმოწერა იყო გაჩაღებული, წიგნის ბეჭდვაც ისეთივე ინტიმური პროცესი გახლდათ, როგორიც თვითონ კითხვაა. მაშინ წერილებს ჯეიმს ჯოისისთვის თუ უილიამ ფოლკნერისთვის გამომცემლობა "რენდომ ჰაუზის" რედაქტორები სერფი და კოპფლერი ი-მეილის ნაცვლად ფოსტით აგზავნიდნენ, მეტიც, თავისი ფეხით მიდიოდნენ ფოსტაში, თვითონ უსვამდნენ ენას მარკას და კონვერტზე მათ საკუთარი ხელით აწებებდნენ (აბა ფოლკნერს მდივანს ხომ არ აკადრებდნენ), წიგნების პარტიების გადმოტვირთვის დროს კი მანქანასთან მთელი გამომცემლობა იკრიბებოდა. წიგნებს ეზიდებოდა ყველა – რედაქტორიც და დამლაგებელიც. და, ალბათ, რაც ყველაზე მეტად გაუკვირდებათ თანამედროვე გამომცემლებს – "რენდომ ჰაუზის" შეფებს ეზიზღებოდათ თათბირები. ასე რომ, სერფი და კლოპფერი არც თათბირებს ატარებდნენ; საქმე კი მაინც მიდიოდა წინ, იწერებოდა როგორც ცალკეულ კლასიკოსთა გამოცემა-დასტამბვის, ასევე ზოგადად საგამომცემლო საქმის ისტორია; ისტორია, რომელიც მეოცე საუკუნის ლიტერატურის უდიდეს სახელებს აერთიანებს...
თუმცა, ჯობია, მოვრჩეთ ტირილს. დღევანდელ სიტუაციაში აშკარად არ ღირს გოდება იმის გამო, რომ საგამომცემლო საქმე ტერმინების - მძაფრი კონკურენცია, წიგნის ბაზარი, მონოპოლია, პატარა გამომცემლობების "შეჭმა" - გარეშე ვეღარ არსებობს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ 30-იან წლებში, ყოველი ბიბლიოფილისთვის სანიმუშო გამომცემლობა "რენდომ ჰაუზიც" კი დღეს სწორედ წიგნის ამ მრავალმინიონიან ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატია. კეთილი და წიგნის ფასის მცოდნე ებრაელი ნიუ იორკელების – სერფისა და კლოპფერის ეს ინტიმური წამოწყება უკვე გახლავთ მრავალშტოიანი კომპანია, რომელიც ათამდე დამოუკიდებელ საგამომცემლო ჯგუფს აერთიანებს, გემრიელად "მიირთმევს" ყველა მომცრო ზომის გამომცემლობას, საკუთარ ფილიალებს ფლობს კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში, წარმატებით ბეჭდავს (და ხშირ შემთხვევაში პირველადაც) ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: სალმან რუშდი, უილიამ სტაირონი, ნორმან მეილერი, ელის უოკერი, მარიო პიუზო, ზეიდი სმიტი. დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, "რენდომ ჰაუზში" ხელმძღვანელ პირებს ცუდი ფინანსური მაჩვენებლების გამო თანამდებობიდანაც ათავისუფლებენ, ანუ კომპანია უკვე სკანდალებშიც კი ებმება და, აქედან გამომდინარე, აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის ყველანაირ მოთხოვნილებას.
სერფმა და კლოპფერმა კი წიგნის ბეჭდვა უდიდესი რუდუნებით დაიწყეს. მათ ჰორას ლაივრაიტისგან გამომცემლობა Modern Library 1925 წელს შეისყიდეს. ორიოდე წლის შემდეგ ისინი უფრო გააქტიურდნენ, გამომცემლობას "რენდომ ჰაუზი" უწოდეს, მეგობარ მხატვარს როკველ კენტს კომპანიის ლოგოც დაახატინეს (დღეს უკვე მკითხველისთვის კარგად ცნობილი ძველი სახლი, რომელიც აშკარად ატარებს თავის თავში იმ ინტიმურობას, რაზეც სერფი და კლოპფერი წერილებში საუბრობდნენ) და პირველი წიგნების ბეჭდვაც ალალბედზე დაიწყეს (სინამდვილეში სწორედ ამ სიტყვიდან მოდის გამომცემლობის სახელიც: At Random სწორედ ალალბედზე რამის კეთებას ნიშნავს).
მათი პირველი ილუსტრირებული წიგნები ვოლტერის "კანდიდი" და მელვილის "მობი დიკი" გახლდათ. 1929 წელს საფონდო ბირჟაზე მომხდარი კრიზისის გამო წიგნის ბაზარს შავი დღე დაუდგა და "რენდომ ჰაუზის" გამომცემლებიც საქმის გადასარჩენად საცალო ვაჭრობის წიგნების ბეჭდვას შეუდგნენ. პირველ ავტორებს შორის იყვნენ რობინსონ ჯეფერსი, იუჯინ ო`ნილი.
სერფი და კლოპფლერი 30-იან წლებშივე გამოსცემდნენ საბავშვო და საგანმანათლებლო ლიტერატურასაც. 1947 წელს გამოვიდა სუპერ-წარმატებული American College Dictionary, 1966 წელს – Random House Dictionary of the English Language, შემდეგ კი – Random House Webster’s College Dictionary.
თუმცა, გამომცემლობის ისტორიაში ყველაზე ნათელი წერტილი ჯეიმს ჯოისის სახელს უკავშირდება.
ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი 1934 წელს მოხდა:
"რენდომ ჰაუზმა" აშშ-ს მთავრობასთან ოთხწლიანი ბრძოლა მოიგო და პორნოგრაფიული შინაარსის გამო სასტიკად აკრძალული წიგნი, ჯოისის "ულისე" ოფიციალურად შტატებში პირველმა გამოსცა. ამ გამოცემის მნიშვნელობა სწორედ მის პირველობაშია. თორემ, ისე, ტექსტში მრავალი შეცდომა გაიპარა – ის ხომ "რენდომ ჰაუზს" თავად ჯოისმა Shakespeare and Co.-ის მიერ დაბეჭდილი წიგნის სახით გაუგზავნა. ეს გამოცემა კი სავსე იყო ტიპოგრაფიული შეცდომებით.
1933 წლის 8 დეკემბერს, "თაიმსი" წერდა: "ულისეზე" დაწესებული ამერიკული აკრძალვა მოიხსნა".
1934 წლის 8 აგვისტოს კი "ნიუ იორკ ჰერალდის" პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ცნობა: "აპელაციით საქმე უზენაეს სასამართლოში არ გადასულა. სასამართლოს დასკვნით, წიგნის აკრძალვა ხელოვნებას ვნებს".
იმავე წელს, ჯოისმა "რენდომ ჰაუზის" ლოგოთი გამოცემული "ულისე" პარიზში გადახვეწილ სილვია ბიჩს, Shakespeare and Co.-ს მფლობელსა და ჯოისის შემოქმედებაზე დიდად მოამაგე ადამიანს აჩუქა. ავტორი წიგნის ყდაზე წერდა: "სილვია ბიჩს – "ულისეს" პირველ გამომცემელს, თავის ქვეყანაში დაბეჭდილი წიგნის პირველი ეგზემპლიარი". მოგვიანებით კი "რენდომ ჰაუზმა" გამოსცა "ულისეს" უნიკალური ასლი, რომელსაც თან დართული აქვს ჯეიმს ჯოისის წერილი თავის "კანონიერ გამომცემელ" ბენეტ სერფისადმი და ასევე სასამართლო პროცესზე "რენდომის" დამცველის, მორის ერნსტისა და მოსამართლე ჯონ უილზის ისტორიული სიტყვაც.
ერთი სიტყვით, ჯოისის პირველი ლეგალური გამომცემელი "რენდომ ჰაუზი" საგამომცემლო საქმის გმირად იქცა. მოგვიანებით კი, სერფისა და კლოპფერის ბრძოლა წიგნის დასტამბისთვის ექსპერტებმა ასე შეაფასეს: "რენდომ ჰაუზის" გამოცემა გახლავთ სიტყვის თავისუფლების დაცვის პირველი დიდი ლეგალური პრეცედენტი.
ბენეტ სერფის წიგნად გამოცემული მოგონებებისა და მემუარების გადაკითხვის შანსი რომ გვქონდეს (სხვათა შორის, ამ გამოცემას "ამაზონი" "ბიბლიოფილთა ზეიმს" უწოდებს), ზუსტად გვეცოდინებოდა, რატომ გადაწყვიტეს სერფმა და კოპფლერმა "ულისეს" დასტამბვა; რატომ ჩაერთვნენ მწვავე იურიდიულ პერიპეტიებში დაბეჭდვის უფლების მოსაპოვებლად და ან როგორ მიხვდნენ, რომ ჯოისის რომანის გამოცემა სარფიანი საქმე გამოდგებოდა. თუმცა, მკითხველი ივარაუდებს და მართალიც იქნება: ნიუ იორკელ ბიზნესმენებს მოვლენათა ზუსტად განჭვრეტაში ებრაული გონებახვილობაც დაეხმარა. ახლა თითქოს ადვილია, გადაავლო თვალი ძველ ფაქტებს და ლოგიკურად დაასკვნა, რომ ათასგზის აკრძალული წიგნის დაკანონება და მასზე უფლებების მოპოვება მართლაც აღმოჩნდებოდა არა მარტო სარფიანი, არამედ ისტორიული საქმეც. მაგრამ მაშინ ხომ გაცილებით უფრო რთული იქნებოდა ამ ყველაფრის გააზრება. სერფმა და კოპფლერმა კი მაინც გაიაზრეს.
შემდეგ უკვე "რენდომ ჰაუზის" ავტორებს შორის ფოლკნერიც დამკვიდრდა. მისი პირველი ნაწარმოები Sanctuary 1932 წელს გამოიცა. სხვათა შორის, ეს გახლდათ ფოლკნერის ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნი (ასეთები კი, მოგეხსენებათ, ავტორს ბევრი არ ჰქონია).
1936 წელს "რენდომ ჰაუზმა" კიდევ ერთი ისტორიული საქმე ჩაიდინა: პირველმა დაბეჭდა "აბესალომ, აბესალომ!", რასაც სერფი-ფოლკნერის მრავალწლიანი თანამშრომლობა მოჰყვა.
1954 წელს "რენდომ ჰაუზმა" დაბეჭდა A Fable – წიგნი, რომლის 1000 ეგზემპლიარიდან 739-ს ავტორის ხელმოწერა ახლდა თან. მომდევნო წელს ის წიგნის ნაციონალური ჯილდოთი და პულიცერის პრიზით აღნიშნეს.
1962 წელს "რენდომ ჰაუზმა" გამოსცა ფოლკნერის ბოლო რომანიც The Reivers: A Reminiscence, რომლისთვისაც 1963 წელს ფოლკნერს კიდევ ერთი "პულიცერი" არგუნეს.
ასე თანდათან გაჩნდა ნიუ იორკელი გამომცემლების ყოველდღიურ ლექსიკონში მსგავსი ფრაზები: "ედგარ სნოუს უნდა მივწერო", "გერტრუდა სტაინს ტექსტის მოტანა უნდა შევახსენო", "ჯონ ო`ჰარას რა დაემართა, სად დაიკარგა", "ერთი, ტრუმენ კეპოტს უნდა გადავურეკო. ჰო, კიდევ შოუსაც, იმას, ირვინს, სინკლერ ლუისს, ოდენს"… – ეს იმ ახლო ურთიერთობებზე მიმანიშნებელი ფრაზებია, რომლებიც, ალბათ, ყოველ ბიბლიოფილში აღფრთოვანების, მოწიწებისა და შურის სფეროდან წამოსულ გრძნობებს აღძრავს.
სწორედ ის დიდი სახელები, რომლებიც "რენდომ ჰაუზის" გამომცემლობას უკავშირდება, მეც მანდომებს, როგორმე სერფის მემუარები ჩავიგდო ხელში. "ამაზონის" ვებ-გვერდზე, წიგნის სარჩევს ვათვალიერებ და კიდევ უფრო მიმძაფრდება ცნობისმოყვარეობა. აბა, თავადაც ნახეთ: ჯოისი, ფოლკნერი, ო`ნილი, სინკლერ ლუისი, კეპოტი, უდიდესი გამომცემლები – საიმონი და შუსტერი, ალფრედ კნოპფი, ასევე: ჰარი ტრუმანი, ირვინ შოუ, ჯორჯ ბერნარდ შოუ, უილიამ საროიანი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჯორჯ გერშვინი, ჯინჯერ როჯერსი, ჯეისონ ეპშტეინი, ფრენკ სინატრა, უილიამ სტაირონი... – ეს ის ხალხია, რომელთაც სერფი ბეჭდავდა, ან იცნობდა და ამით სიყვარულით ქმნიდა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის წიგნის ისტორიას.
...თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არ იყო უბრალო ნაცნობობა ან მხოლოდ საქმიანი კავშირი. იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, მხიარული და უშუალო ბენეტ სერფი თითოეულ თავის ავტორთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებდა. შესაბამისად, მათ შესახებ მოგონებებსაც ერთგვარ ანეგდოტურ სტილში წერდა. მახვილი თვალის წყალობით, თითოეულ მათგანს აუცილებლად რაიმე განსაკუთრებული შტრიხით ახასიათებდა.
თავადვე განსაჯეთ, როგორი არაჩვეულებრივი უნდა იყოს ბიზნესმენი, რომელიც არ ატარებს თათბირებს, არ უკირკიტებს თანამშრომლების შვებულებებს, აფასებს რედაქტორთა შრომას, ნერვიულობს, როდესაც მათ დათქმულზე მეტ ხანს მუშაობა უწევთ და, რაც ყველაზე სახალისოა, გამომცემლობის შესახებ საუბრობს არა კაბინეტში, არამედ საკუთარ აუზში, ხუმრობა-ხუმრობით, მეგობარ ბიზნესმენებთან ერთად (ამ ყველაფერს ისევ სერფი-კლოპფერის ომის დროინდელი მიმოწერიდან ვგებულობთ).
მეტიც, სერფი გახლავთ გამომცემელი, რომელზეც ისტორიას ცუდი მოგონება არ შემოუნახავს (ყოველი შემთხვევისთვის ინტერნეტში გაბნეულ მასალებში მის შესახებ უარყოფითს ვერსად წავაწყდით) და ბიზნესმენი, რომელიც თავადაც ქმნის მოთხრობებს, წერს საჟურნალო სვეტებს, კითხულობს ლექციებს, უძღვება რადიო-გადაცემებს, აგროვებს ანეკდოტებს და – არ დაგავიწყდეთ – არის კონკურსის "მის ამერიკას" ჟიურის მუდმივი წევრი. ანუ, თქვენს წინაშეა კაცი – საგამომცემლო საქმის აშკარა კოლორიტი და თავად მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორია...
ის 1971 წელს გარდაიცვალა. ჟურნალ THE SATURDAY REVIEW OF LITERATURE-ის ნეკროლოგში ეწერა: "ბენეტ სერფი თავისი პროფესიისთვის ბოლომდე დაიხარჯა". ასეც იყო.
საყვარელი კომპანიის საქმიანობას "რენდომ ჰაუზის" მეორე დამაარსებელი, დონალდ კლოპფერი 1986 წლამდე ადევნებდა თვალს. უფრო დინჯი და ჭკუადამჯდარი საქმოსანი, რომელიც 1942 წელს, 40 წლის ასაკში ომში წავიდა და გერმანიის დამარცხებამდე ბრიტანელთა ბაზაზე დაზვერვაში მსახურობდა. ის "რენდომ ჰაუზში" წარმოებას აკონტროლებდა. იყო სერფივით გულისხმიერი და განიცდიდა ყველაფერს – შრიფტის ზომიდან დაწყებული, თანამშრომლების დაღლილობით დამთავრებული.
...რა ხდება დღეს, ამ ისტორიულ გამომცემლობაში: "რენდომ ჰაუზი" ძველებურად ან შეიძლება კიდევ მეტად პოპულარულია. მართალია, "ულისეს" მსაგვსი პრეცედენტი აღარ დაფიქსირებულა, მაგრამ საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია ახალი ბრიტანული აღმოჩენის – ზეიდი სმიტის პირველი რომანის "თეთრი კბილების" გამოქვეყნებამაც (სხვათა შორის, ეს რომანი უკვე თბილისშიც გამოჩნდა), ახლა კი სმიტის მეორე ნაწარმოების, Autograph Man-ის გამოსვლამ.
ერთი სიტყვით, სერფი-კლოპფერის ტრადიცია გრძელდება. მართალია, კლოპფერი ეჭვობდა (და სწორადაც), რომ "წიგნის ბიზნესი მასებზე გათვლილი ბაზრისკენ მიექანება", მაგრამ "რენდომ ჰაუზი" მაინც ახერხებს ყველა დონის მკითხველის დაკმაყოფილებას. ჭკვიანურად წარმართული მენეჯმენტის წყალობით, გამომცემლობა ყველას რაღაცას სთავაზობს: "რენდომის" 1983 წელს დაარსებული განყოფილება, "ვილარდი" პოპკულტურაზე გათვლილ წიგნებს ბეჭდავს, მათ შორის გახლავთ, სამოგზაურო დეტექტივები და კულინარული გამოცემები. ფილიალი "სტრაივერს როუ", რომელიც 2001 წლის იანვრიდან მოდის, აფრიკულ-ამერიკულ ლიტერატურას გამოსცემს, "მოდერნ ლაიბრერი" კი – ამერიკულ კლასიკას. 1999 წელს "მოდერნ ლაიბრერიმ" საუკუნის ასი საუკეთესო რომანი გამოსცა. პირველი ადგილი "ულისეს" – "რენდომ ჰაუზისთვის" ყველაზე იღბლიან წიგნს ერგუნა.
კიდევ ერთი სულ ახალი ამბავი: სკანდალი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ახლახან დასრულდა. "რენდომ ჰაუზის" "ბალანტინის" საგამომცემლო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად დენიელ მენაკერი აირჩიეს. ის მანამდე, ოცი წლის განმავლობაში "ნიუ იორკერის" რედაქტორად მუშაობდა. მენეკერმა თანამდებობიდან სკანდალურად წასული ენ გოდოფი შეცვალა – ამ ქალბატონს ფინანსურ წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ.
"რენდომ ჰაუზის" გამოცემათა მკითხველს იმედი აქვს, რომ მენაკერი საგამომცემლო სახლის ტრადიციას გააგრძელებს და არც ყველაზე მხიარული და ყველაზე უცნაური საქმოსნების – სერფისა და კოპფლერის მიერ დადგენილ წესებს უღალატებს. ნურავის გონია, რომ ამ კეთილმა და საყვარელმა მოხუცებმა თავიანთი გამომცემლობა სამუდამოდ დატოვეს: სერფი და კოპფლერის პორტრეტები ხომ "რენდომის" შენობაში მრავალ კაბინეტში ჰკიდია. ანუ, კედლებიდან 21-ე საუკუნეში შესულ გამომცემლობას კეთილად მომღიმარი ბიზნესმენები დაჰყურებენ, თან, გაგანია კონკურენციის პირობებში, 30-იანი წლების ნოსტალგიური აურა გადმოაქვთ და 76 წლის წინ დაწყებული ეპოქალური საქმის გამგრძელებლებს ახსენებენ: გაიღიმეთ, გახსოვდეთ – მთავარია ურთიერთობები... მერედა, რა ხალხთან!..

© “წიგნები – 24 საათი”


მალხაზ ხარბედია – ოცი წლის შემდეგ

ვინც ევროპის ჩემპიონატს უყურებს, დამერწმუნება, რომ ჰოლანდიის ნაკრებზე შემართული, სწრაფი, მრავალფეროვანი და გნებავთ, პოეტური, არც ერთი ნაკრები არაა ამ ტურნირზე. ასეთ ჰოლანდიის ნაკრებს დიდი ხანი ველოდი, 1988 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან, როცა ვან ბასტენისა და გულიტის ხათრით ბრაზილიის ქომაგობას (რომელიც უფრო რაღაც ბავშვურ-რომანტიკულ სტერეოტიპებს ეფუძნებოდა) თავი დავანებე და ჰოლანდიის გულშემატკივართა რიგებში გადმოვბარგდი. ამ 20 წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა ფეხბურთში, ჰოლანდიის ნაკრებშიც, ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაც სხვანაირად აეწყო, ვიდრე ეს 1988 წელს მეგონა 14 წლის ბიჭს.
დღეს რომ ვაკვირდები, ის შორეული 1988 წელი სამანი მგონია, საიდანაც ჩვენი ახალი ცხოვრება დაიწყო, ორივემ ერთდროულად გავაკეთეთ არჩევანი, მეც და ქვეყანამაც და შემდეგ, ხან გააზრებულ ნაბიჯებს ვდგამდით, ხანაც რაღაც გაუგებარს მივერეკებოდით. ერთი ჭკუის ვიყავით, ერთად დავიწყეთ აზროვნება, და პირველი პროტესტის გრძნობაც ერთად გაგვიჩნდა. 1988-შივე ჩამოყალიბდა რელიგიურობის ის ტიპი, რომელიც დღესაა ქვეყანაში, შესაბამისად, მე და თანამედროვე ქართული რელიგიური გრძნობაც თანატოლები ვართ, და ასევე ჩემი კბილაა ახალი ქართული პატრიოტიზმიც (ბანაკების პატრიოტიზმს არ ვგულისხმობ, ეგ რაღაც ზეახალი მოვლენაა). 20 წლის შემდეგ, პოეტურ აზროვნებაშიც გამოჩნდა განსხვავებები, სხვადასხვა თაობის, ერთი თაობისა ან თუნდაც ერთი პოეტის მაგალითზეც შეგვიძლია ამ განსხვავებათა დანახვა. პოეზიაში სიახლე ამ დროის მანძილზე ბევრი იყო, თუმცა ძალიან ცოტა თუ დარჩა მოედანზე, ბოლომდე ვერ გაიარა გზა, ზოგს მკითხველი შემოეფანტა, ზოგს სიტყვები და სათქმელი, ზოგიც წავიდა ამ ქვეყნიდან. და რაც მთავარია, სამწუხაროდ რელიგიური გრძნობები დარჩა ყველანაირი პოეზიის მიღმა.
ალბათ ამასაც გულისხმობს ივ ბონფუა, როცა ამბობს: “მათ, ვისაც რელიგია იზიდავს, პოეზიაზე უნდა იფიქრონ”-ო. ჩვენთან კი პირიქითაა, პოეზია და პოეტები რაღაც მცირე სექტად იქცა, რელიგიური გრძნობა კი იმდენად ტოტალური გახდა, რომ პოეზიას კიარა, რეალობასაც კი ვეღარ ამჩნევს. რეალობაში უპირველეს ყოვლისა, რეალურ ადამიანს ვგულისხმობ, განუმეორებელი ხმით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი სასრულობა და ამ ცოდნის ამარა დარჩენილი ეძიებს თავშესაფარს. რა თქმა უნდა, რელიგია თავშესაფარია, მაგრამ ხშირად იქ ერთი ადამიანის ადგილი არ არის, არამედ მხოლოდ ათასების. ამ დროს, “პოეზია ადამიანს არასოდეს ივიწყებს და გამუდმებით უბრუნდება მას და მისი ყოფიერების განსაკუთრებულობას წარმოაჩენს.” (ივ ბონფუა). სხვა საქმეა რამდენად წარმოაჩენს ამას თანამედროვე ქართული პოეზია, რამდენად სასოწარკვეთილი, ფიქრიანი, ამბოხებული, სარკასტული, თავგანწირულია იგი. ამაზე უკვე იწერება სტატიები, უკვე ვცდილობთ გავიაზროთ უკანასკნელი ოცწლეულის არამხოლოდ ფორმალური ძიებები, არამედ სექტამდე დავიწროვებული “პოეტურობის ბუნება”, რაზე ფიქრიც გაცილებით მეტს მოგვცემს, ვიდრე ვიღაცის ოსტატობაზე დაკვირვება ან კოჭლი რითმების გამომზეულება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოსტატობას, გამართულ ლექსს, ერთგვარ პოეტურ აპოლონიზმს, თუმცა დღეს ის უფრო მაინტერესებს, სად იბადება “პოეზია” და ეს ინტერესი ყოველგვარ დახვეწილობაზე და გამართულ ლექსზე მაღლა დგას.
დღევანდელ ნომერში ძალიან ბევრი პოეზიაა: თანამედროვე ქართველი პოეტები, პოეტური კონკურსი, პოლემიკა ერთი ლექსის გარშემო... ტომას ვენცლოვა საუბრობს მეგობარ პოეტებსა და ზოგადად პოეტობის უფლებაზე (ინტერვიუს სამი ადამიანი უძღვებოდა, აქედან ორი პოეტია, ინა კულიშოვა და ზვიად რატიანი.), ასაკის მიუხედავად (85 წელი), როგორც ყოველთვის, ძალზე თანამედროვეა ივ ბონფუაც, და 2 თვის წინ ჩაწერილ საუბარში ასეთ სიტყვებსაც გადააწყდებით: “ვინ უწყის, იქნებ, სწორედ ეს საუკუნე გახდეს ჭეშმარიტი პოეზიის მკვდრეთით აღდგომის მოწმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი პოეზია საკუთარ თავს შეიცნობს. ეს ის ცოდნაა, რომელიც აქამდე არ გამჟღავნებულა ექსპლიციტური ცნობიერების დონეზე, რომლის საფუძველზეც პოეზია შეძლებდა დიალოგი გაემართა "სამყაროში ყოფნის" სხვა ფორმებთან.”. ჩვენში, ჯერჯერობით არათუ სამყაროში ყოფნის სხვა ფორმებთან, არამედ პოეტებს შორის დიალოგიც კი ძნელი გახდა, ასე რომ, სჯობს ჯერ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, რომლისთვისაც ერთად-ერთი (ანუ ორი) საშუალება არსებობს, წერა-კითხვა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ზაალ ებანოიძე - ლექსები

დეკემბრის ჩალა

მოხუცი მოხუცს რომ ეტყვის სალამს,
რომ დგანან ერთად და უთრთით მხრები,
თავს რად მახსენებს დეკემბრის ჩალა,
ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.

თურმე რა "ახლო" ყოფილა "შორი",
წუთის კი არა, ყოფილა წამის
სოფლის სიმართლე და სოფლის ჭორი
ანუ ნიღაბი დღისა და ღამის.

დავღლილვარ, ნიშანს იძლევა მუხლი,
მაჯის ხმაური და გულის ცემა,
ეს ყველაფერი, ნეტავი თუ ღირს
ლექსის ტკივილად და ლექსის თემად.

აღარ ბრუნდება ნასროლი ტყვია,
წყალს წაყოლილი სილა და ხრეში,
მე ახლა სხივზე გამდგარი მქვია
და ბოლო ნერვი მიჭირავს ხელში.

ეს არის წრიდან ასხლეტის წუთი,
ყოფნა-არყოფნის ეს არის ჟამი;
მოჰყვება ხმელი ფოთოლი თუთის
გიორგობისთვის უფერულ ამინდს.

დავყურებ მთიდან უფერულ ჭალას,
ავსებულს ღამის იდუმალ ხმებით...
და თავს მახსენებს დეკემბრის ჩალა,
ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.


ახალი ახსნა

დევს სასთუმალი - ყინულის ლოდი
და საფეთქელის ხმაური ბზარავს;
დამდგარა ფეხზე და შენსკენ მოდის
კაცი კი არა - დეკემბრის ჩალა.

ცეცხლზე შემდგარი ქვაბივით ისვრის
პეპლების შხეფებს ბალახის ტბორი,
და როგორც კარავს ახურავს ისლი -
შენ, ახლა, ჩრდილი გახურავს ქორის.

და მიდის თვალწინ მდინარე, - ლიბერ
ტალღას მიჰყვება სილა და ხრეში;
რა უნებურად აწუხებ ჯიბეს -
კვლავ სიღარიბე ამოგდის ყელში.

მაინც გიხმობენ? - პასუხი გმართებს
და გულის სითბოს გაყოფა სხვისთვის;
ხანდახან დუმილს აუნთებ სანთელს
და მაჯის ნაცვლად ხმაურობს სისხლი.

არის წუთები, როდესაც შიშველ
განცდას გაცრეცილ ნიღაბით მალავ
და ხელს ხავსისკენ იმიტომ იშვერ,
რომ თავის რწმენა შესძინო ბალახს.


* * *


კითხულობს თვალი ბედ-იღბლის წერილს
და ვარსკვლავების ფარსაგად შემხმარ
ტოტიდან ფეხით ჩამოდის ბნელი -
ბნელი გახურავს და ბნელზე წევხარ.

მოძრაობს გზა თუ მოძრაობს თოკი
და ქარის ტირილს პასუხობს მინა,
და ოპტიმიზმით დამძღარი ჯოგი
დაყრილა აქვე და მშვიდად ხვრინავს.

მამლის ყივილი - ასანთის ღერი -
ეს ერთადერთი იმედი ხსნისთვის,
გაკრული რამე იდუმალ ხელით
აქა-იქ მბჟუტავ ნაპერწკალს ისვრის

და ჩნდება ბზარი და ბნელის ფსკერზე
დაცურავს თვალი შიშით და თრთოლვით,
და მიზეზ-მიზეზ მწვანე ხავსს ეძებს
და ხავსის ნაცვლად - თრთვილი და თოვლი!

"დაიქცეს!" - ყვირი და მერე წუხარ,
რაზე და რატომ, ჩვენ შორის დარჩეს,
გატეხავ შეშას და მშიერ ბუხარს
სულ თითო-თითო მუგუზლით არჩენ.

და დგება წუთით, როდესაც მთენთავ
დუმილზე ზანტად ეყრდნობი მხრებით,
მერე უეცრად უბიძგებ შენს თავს
შენგან და მაინც შენშივე რჩები.

თუ რამე ამდროს ღარღილობს - რუა,
და როცა ისიც ვერაფერს ვერ ცვლის,
ჭიშკარზე მთვარის გალეულ ყუას
აჭედებ ფრთხილად და ავთვალს ებრძვი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

თომას მანის "ჯადოსნური მთა"


ტევტონური მთები

წარმოუდგენელია, რომ "ჯადოსნური მთა" დაეწერა არაევროპელს. ამასთან, მას ვერ შექმნიდა სხვა მწერალი, თომას მანის გარდა. ლოუი-პორტერის ბრწყინვალე თარგმანი, რომელიც ორ მსხვილ ტომს მოიცავს, ძალზე დამაჯერებელია. ამიტომ ზოგიერთი მკითხველი, რომელმაც ვერ შეძლო ბატონი მანის მძიმე და ხშირად უსიამოვნო, პათოლოგიური თხზულების ორიგინალის ბოლომდე წაკითხვა, მიენდო თარგმანს და მისი მეშვეობით გაიაზრა ნაწარმოები.
ისეთი წინდაუხედავი და გაუმართლებელი ნაბიჯი, როგორიცაა ლოუი-პორტერის მიერ "ჯადოსნური მთის" თარგმნა, არ გვაკვირვებს, მაგრამ მსგავსი ნაწარმოებები ჩვენში უცხო ხილია. რა თქმა უნდა, ინგლისელი მწერლები, განსაკუთრებით - ქეთრინ მენსფილდი და ბეატრის ჰარადენი თავს არ არიდებდნენ იმ თემას, რომელსაც ბატონმა მანმა გენიალური ოსტატობით შეასხა ხორცი, მაგრამ მენსფილდიც და "ღამეული გემების" ავტორიც ძირითად ადგილს არ უთმობდნენ მას თავიანთ ქმნილებებში; რაც შეეხება "ჯადოსნურ მთას", აქ ეს თემა ასახულია ყოველგვარი იუმორის გარეშე და შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სცენას, სადაც ვითარდება ბატონი მანის რომანში აღწერილი მოვლენები, წარმოადგენს შვეიცარიის მთებში განლაგებული სანატორიუმი. რომანის თითქმის ყველა გმირი ჭლექიანია და ამ საბაბით ავტორი წარმოგვიდგენს "სხეულში ორგანული სითხეების განზავების" შემაძრწუნებელ სურათს. გმირების დაავადების ნიშან-თვისებები აუტანლად დეტალიზებულია. ეს, განსაკუთრებით, შეეხება რომანის მთავარ გმირს, ჰამბურგის ახალგაზრდა მკვიდრს, ჰანს კასტორპს, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრება ტუბერკულოზით დაავადებულ ბიძაშვილს, შემდეგ კი გებულობს, რომ თვითონაც ამ ავადმყოფობის მსხვერპლად იქცა.
სანატორიუმის მკვიდრთა ცხოვრება - მათი სასიყვარულო ურთიერთობები, ეჭვიანობა, სკანდალები, განურჩევლობა თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი - მართლაც რომ ტევტონური გულმოდგინებითაა აღწერილი. წიგნის წინასიტყვაობაში მთარგმნელი გვატყობინებს, რომ დახმარება სთხოვა "ურთიერთგანსხვავებული სპეციალური დარგების ავტორიტეტებს", რათა ადეკვატურად გადმოეცა ბატონი მანის რომანის ზოგიერთი ეპიზოდი. როგორც ჩანს, სწორედ ამაში მდგომარეობს გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი მწერლის ტრიუმფი - მის ნაწარმოებში ყველაფერი ოსტატურადაა დასაბუთებული.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Saturday, August 22, 2009

ალეკო ცქიტიშვილი – საქართველოს სახელით მსჯავრდებული პოეტი


"ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ?!"

რამდენიმე თვეა, უხმაუროდ მიმდინარეობს სასამართლო დავა პოეტ იოსებ ლონგიშვილსა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონს" შორის საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე. სიმართლე ითქვას, მოპასუხე მხარე რეალურად არა "ერისიონი", არამედ ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი უფროა, რომელიც ამტკიცებს, რომ "შატილის ასულო" ხალხური ლექსია. მოსარჩელე - 80 წელს გადაცილებული იოსებ ლონგიშვილი პროცესის მსვლელობისას გარდაიცვალა და სასამართლოს ორ ინსტანციაში დამარცხებას ვერ მოესწრო. მისი ოჯახი ამჟამად უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

ყველაფერი "ქართული ლეგენდიდან" დაიწყო. ამ სახელწოდებით შექმნილი კლიპი, თოვლიან მთებში შესრულებული ხანჯლურით, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იხილა. "შატილის ასულოს" მუსიკაზე აიგო მთისა და თოვლის ორიგინალური ქორეოგრაფია. ევროპელი პროდიუსერის მიერ კარგად შეფუთულმა და გაპიარებულმა კლიპმა ანსამბლს საერთაშორისო აღიარება და დიდი შემოსავალი მოუტანა. წარმატებით დასრულდა ანსამბლის ევროპული ტურნეც. თუმცა, როგორც ევროპულ, ისე ქართულ მედიაში აქა-იქ მაინც გაჩნდა კრიტიკა. ითქვა, რომ კომერციული ეფექტების ხარჯზე "ერისიონმა" უარი თქვა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ღირსებებზე და მაყურებელს ფაქტობრივად საკუთარი მასკულტურული წარმოდგენა უჩვენა. მსგავს შეფასებებს მეტ-ნაკლებად დაეთანხმა კიდეც სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი. მან ყველაფერი იმით გაამართლა, რომ "ქართული ლეგენდა" მართლაც კომერციული პროექტი გახლდათ - ქართული კულტურის პოპულარიზაციისათის მოწოდებული და მისი გათავისება ფართო საზოგადოებისათვის ასეთი ფორმით უფრო ადვილი იქნებოდა.
"ერისიონის" კრიტიკა წლების შემდეგ ისევ განახლდა, როცა ხალხური შემოქმედების ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მიზეზის გამო მიზანშეწინილი არ არის, "ერისიონი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს: 1) ანსამბლი კომერციულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ხალხურ შემოქმედებას. 2) 15 წლის განმავლობაში არ ცვლის რეპერტუარს და ერთსა და იგივეს ასრულებს; 3) ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში სიმღერას ფონოგრამაზე ასრულებს და ცუდ ტენდენციას ამკვიდრებს, რადგანაც ხალხური სიმღერა პირველ რიგში იმპროვიზაციაა და აუცილებლად სჭირდება ცოცხალი შესრულება.
წმინდა ფოლკლორული საკითხების გარდა, "ერისიონის" სახელს ორი სკანდალი უკავშირდება. ჯერ იყო და ანსამბლის მსახიობებმა დაიჩივლეს, რომ დიდი შემოსავლების მიუხედავად, მათ საოცრად დაბალი ჰონორარები ჰქონდათ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კლიპ "ქართულ ლეგენდაში" გამოყენებული ცნობილი სიმღერის "შატილის ასულოს" ტექსტის ავტორი, იოსებ ლონგიშვილი ცოცხალი იყო და გული წყდებოდა, რომ მის სახელს არავინ ახსენებდა. ერთმა-ორმა გაზეთმა მხცოვან პოეტს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მიაკვლია და ამ თემაზე ვრცელი კომენტარიც ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ ლონგიშვილი არა მარტო შატილის ასულოს, არამედ "რა ლამაზია თუშეთის" ტექსტის ავტორიც ყოფილა, რომელსაც აქამდე სხვადასხვა გაქანების ქართველი პოპ-მომღერლები ასევე ტექსტის ავტორის მიუთითებლად ასრულებდნენ.

სხვათაშორის, ამ თემაზე დავა ჰქონდათ "იურმალას" კონკურსანტ ნინი შერმადინს და თუშური სიმღერების ცნობილ შემსრულებელს ლელა თათარაიძეს, რომელიც აცხადებს, რომ "რა ლამაზია თუშეთი" მისი დაწერილი სიმღერაა. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ლელა თათარაიძის პრეტენზია სამართლიანია - მომღერალმა უნდა მიუთითოს როგორც სიმღერის, ისე ტექსტის ავტორი, მაგრამ საინტერესოა, რომ თავად თათარაიძის ალბომებშიც არსად არის მითითებული ამ სადავო სიმღერის ტექსტის ავტორი. მეტიც - ჩვენი მოკვლევით, სიმღერა "რა ლამაზია თუშეთი" არა ლელა თათარაიძემ, არამედ ზემო ალვანში მცხოვრებმა 90 წელს მიტანებულმა თამარ ქააძემ დაწერა გასული საუკუნის 60-იან წლებში იოსებ ლონგიშვილის ლექსის მიხედვით.
თამარ ქააძე იმ დროს ზემო ალვნის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა. იოსებ ლონგიშვილი ხშირად აწვდიდა თავის ლექსებს და მათ "ამღერებას" სთხოვდა. ასე დაიწერა "შატილის ასულოც", რომელიც ლონგიშვილმა საცოლეს - ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა. საინტერესოა, რომ სახელი ფატიმა უკვდავყოფილია სიმღერაშივე, რომელსაც მართალია, სხვადასხვა ანსამბლები უკვე "გახალხურებული" ინტერპრეტაციით მღერიან ("შატილის ასულო, ლერწამო ტანითა"), მაგრამ თუშეთში უფრო თავდაპირველი, ლონგიშვილისეული ვარიანტია გავრცელებული ("შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა...").
თამარ ქააძე, ზემო ალვნის საშუალო სკოლის მუსიკის ყოფილი მასწავლებელი: "იოსებ ლონგიშვილს თავისი ლექსები პირველად ჩემთან მოჰქონდა. მისი ლექსი "რა ლამაზია თუშეთი" მე ავამღერე. მართალია, ეს მელოდია ჩემი გამოგონილი არ არის, ადრეც არსებობდა, მაგრამ ლექსს მე შევუხამე და მას შემდეგ ზუსტად ისე მღერიან, როგორც მე ვიმღერე პირველად. თუშებს უყვართ ეს სიმღერა, განსაკუთრებით - მეცხვარეებს. როცა ახალგაზრდა ვიყავი და მემღერებოდა, ხშირად მთხოვდნენ - თამარ, "რქებჩაგრეხილი ჭედილა" გვიმღერე და ერთ ჭედილას ჭიშკართან დაგიბამთო. როცა მისმენდნენ, ისე განიცდიდნენ, რომ სულ ქვითინებდნენ. აბა, მწყემსს სხვა რა უნდა?.. ბავშვობიდან ცხვარში არიან გასულები, მხარზე კომბალგადებულები და სხვა რა აატირებს, თუ არა "რქებჩაგრეხილი ჭედილა"... ეჰ, მერე მართლაც მხვდებოდა ხოლმე ჭიშკართან ჭედილები.
რაც შეეხება "ფატიმას", კარგად მახსოვს ის დღე, იოსები რომ მოვიდა ჩემთან, უბეში ხელი ჩაიყო და ფურცელი მომაწოდა. ეს რა არის-მეთქი. მორცხვად გაიღიმა - აი, ეს ლექსი დავწერე და აბა, თუ აამღერებო. ვიცოდი, რომ ფატიმა უყვარდა. "ფატიმას" რომ ვწერდი, თითქოს იოსების გრძნობებიც განვიცადე. ეს მელოდია მანამდე არ არსებობდა, არც მისი მსგავსი რამ. მთლიანად მე შევქმენი და პირველად ვიმღერე გარმონზე. იოსებს რომ ვუმღერე, თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა, ისე მოეწონა. მოგვიანებით ჩემმა მოწაფემ, დიმიტრი (მიტო) ქადაგიძემ ცოტა უფრო სხვანაირად აამღერა ეს ლექსი - აი, ისე, ახლა რომ გუნდები მღერიან. მერე და მერე სიმღერამ იარა, იარა, იარა და როგორც წყალი ნაგუბარში ვერ გაჩერდება, გადმოვა და გაიტოტება, ასე წავიდა და გავრცელდა ხალხში".
საინტერესოა და სასამართლო დავისათვისაც მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - 1960 წელს დაწერილი ლექსი იოსებ ლონგიშვილმა რაიონულ გაზეთში 1973 წელს გამოაქვეყნა სათაურით "ხადიშათ". შესაბამისად შეიცვალა სტრიქონებიც, რომლებმაც ასეთი სახე მიიღო: "ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ..." "ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან..."
ეს უცნაური გადაწყვეტილება ადვილად ასახსნელია მათთვის, ვინც მთიელი კაცის ცხოვრების წესს და პრინციპებს იცნობს. ლონგიშვილს ეხამუშა უკვე მისი მეუღლის - ფატიმა წოტოიძის საჯარო ქება და ტექსტში მცირეოდენი კორექტივი შეიტანა - ერთი მუსლიმანური სახელი მეორით შეცვალა. როგორც ფატიმა წოტოიძემ გვითხრა, ქმრის გადაწყვეტილებამ მას გული დაწყვიტა. ლონგიშვილი კი სიცოცხლის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და შატილის ასულს უცნაური სახელი - "ხადიშათ" გვიან გამოცემულ პოეტურ კრებულებშიც შემორჩა. თუმცა, ბოლოდროინდელ ტექსტებში "ხადიშათი" მაინც აღარაა "ჩეჩენთა ასული" კვლავ "შატილის მთებში" ცხოვრობს.
ფატიმა წოტოიძე-ლონგიშვილისა: "ეს ერთი ლექსია ჩემი სიმდიდრე. ამ ლექსით მომწონდა თავი და ახლა უნდათ, ეს სიმდიდრე წამართვან. რა სასამართლო და გამოძიება ჭირდება ამას? "შატილის ასულს" ფატიმა ჰქვია, ფატიმა კი, აგერ, მე ვარ. 1960 წელს, როცა იოსებმა ეს ლექსი დაწერა, 36 წლის კაცი იყო, მე - 19 წლის გოგო. ისე ვუყვარდი, უამრავი ლექსი მომიძღვნა. ბევრი მთხოვნელი მყავდა, მაგრამ ამ ლექსებით ისე შემაყვარა თავი, იოსებს გავყევი. მერე, როცა თამარ ქააძემ სიმღერა შექმნა, ისე გამოვიდა, რომ მთელი საქართველო ჩემზე მღეროდა და ეს ძალიან მეამაყებოდა. 1973 წელს, იოსებმა ლექსი რაიონულ გაზეთში დაბეჭდა და აიჩემა, სახელი ფატიმა უნდა შევცვალო, ხადიშათი უნდა დავარქვაო. თუშებში სირცხვილად ითვლება ცოლის სახალხოდ მოფერება და ქება. ამიტომ ვერა და ვერ გადავათქმევინე. იმ დღეს, ახმეტიდან რომ დაბრუნდა, ამაზე მაგრადაც ვიჩხუბეთ.
ამ "ერისიონის" ამბავმა ხომ სიცოცხლის ბოლო დღეები ჩაუმწარა! სანამ სასამართლო დაიწყებოდა, ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან ჩამოვიდა. ათი მანქანა მოადგა ეზოს. ეტყობა, სადღაც სხვაგან იყვნენ და გამოიარეს. იოსებს უთხრა - გავიგე, შენი ყოფილა ლექსი და ფული უნდა მოგცეო. იოსებმა - მე ფული კი არ მინდა, უბრალოდ, თქვი, რომ ჩემი ლექსიაო. ამას ჯერ დამტკიცება უნდაო და ისე შეყვნენ საუბარს, რომ ბოლოს იჩხუბეს. იოსებს ამ დროს თვალის ჩინი აღარ ჰქონდა (1998 წლიდან დაბრმავდა) და ყველაზე მეტად იმაზე დაწყდა გული, რომ კამათის დროს ჭკუასელმა უთხრა - შენ ბრმაც არ იქნები, მაგასაც იგონებო".
იოსებ ლონგიშვილის გულისტკივილს გამოხატავს მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ლექსი - "ლექსო "შატილის ასულო":

"ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
მე ხალხი სულაც არ მყავდა,
გაგახალხურეს რატომ?

მამულის გარეთ გაფრინდი
ცეკვა-სიმღერის ფრთებით,
მე კი საწოლში ცრემლსა ვღვრი,
მე კი საწოლში ვკვდები.

ხალხურიაო, ამბობენ,
ტანში მიჩხვლეტენ ეკლებს,
ვახ, თუშ პოეტის გულსა და
ვახ, ლონგიშვილის ნერვებს.

ორმოცზე მეტი გავიდა,
ამ გულს რომ მოსწყდი ლხენით
და უღვთოდ გაგახალხურეს,
ვერ მორჩნენ ჩემი კბენით.

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
ჩვენ ხალხი სულაც არ გვყავდა
გაგახალხურეს რატომ?"

პირველი გადაწყვეტილება "საქართველოს სახელით" თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 28 მაისს გამოიტანა (მოსამართლე დიანა გოგოტიშვილი), მეორე კი ზემდგომმა ინსტანციამ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის ერთი წლის შემდეგ - 2008 წლის 16 აპრილს. ბრმა პოეტი იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა და ვერ მოისმინა ვერდიქტი, რითაც მას წაართვეს უფლება ლექსზე, რომელსაც თითქმის 50 წლის განმავლობაში თავისად მიიჩნევდა.
ჯემალ ჭკუასელამდე არავის უმტკიცებია, რომ ამ ლექსის ავტორი სხვა იყო, უფრო სწორად, სხვა კი არა, ზოგადად - ხალხი. არც იოსებ ლონგიშვილს უჩივლია იმ ანსამბლებისათვის, რომლებიც "შატილის ასულოს" წლების განმავლობაში ასრულებდნენ. ან რატომ უნდა ეჩივლა?! საბჭოთა პერიოდში ხომ საავტორო უფლების გაგება პრაქტიკულად არ არსებობდა. ყველაფერი გამოცხადებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, მათ შორის ინტელექტუალური პროდუქტებიც. მსოფლიო აღმოჩენების მქონე მეცნიერებს 120 მანეთიანი ხელფასი ჰქონდათ და ხელში კარაქისა და შაქრის ტალონები ეჭირათ. ხოლო ისეთი ლექსების ავტორებს, როგორსაც იოსებ ლონგიშვილი ქმნიდა, საერთოდ არ აგდებდნენ სათვალავში და მასაში ათქვეფილ "სახალხო მთქმელებად" წარმოადგენდნენ. ამ ვითარებაში თავიანთ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დამტკიცება "სახალხო მთქმელებს" არანაირ კომერციულ მოგებას არ მოუტანდა. ამიტომ არც დავობდნენ... ვიდრე საბაზრო ეკონომიკის პირობებში არ დაინახეს, რომ მათი სტრიქონების წყალობით სხვებმა მილიონები იშოვეს.
სასამართლო პროცესზე მძაფრი კამათი გაიმართა. შეიძლება ითქვას, ასეთი უთანასწორო ლიტერატურული დისკუსია კარგა ხანია, არ ყოფილა ფოლკლორის თემაზე. ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: ორმა მეცნიერმა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გელათის აკადემიის აკადემიკოსმა, მიხეილ ქურდიანმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ამირან არაბულმა წარმოადგინეს საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, "შატილის ასულოს" ავტორი უეჭველად იოსებ ლონგიშვილია. საპირისპირო დასკვნა წარმოადგინეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის პროფესორმა, თეიმურაზ ქურდოვანიძემ და ამავე კათედრის თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ხვთისო მამისიმედიშვილმა. მათი აზრით, ლექსის კონკრეტული ავტორი უცნობია და ამდენად, იგი ხალხურია.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვიტა, საბოლოო ვერდიქტამდე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ექსპერტისთვის მოესმინა და ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს მიმართა. სწორედ ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ელგუჯა დადუნაშვილის "საექსპერტო დასკვნა" გახდა მთავარი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ძირითადად სწორედ ამ ხუთი ექსპერტის დასკვნებს გაეყრდნო და დავა წმინდა სპორტული ანგარიშის (3:2) მიხედვით გადაწყვიტა.
თუკი საექსპერტო დასკვნებს კარგად შევისწავლით, შესაძლოა, ბევრ ისეთ საკითხზე დავფიქრდეთ, რაზეც მოსამართლეც უნდა დაფიქრებულიყო.
პროფესორების მიხეილ ქურდიანისა და ამირან არაბულის ორგვერდიან და რვაპუნქტიან დასკვნაში ძალიან მოკლედ, მაგრამ მყარი არგუმენტაციით არის გადმოცემული, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს "შატილის ასულო" იოსებ ლონგიშვილის მიერ დაწერილ ლექსად:
"იოსებ ლონგიშვილის ავტორობა ამ ტექსტის მიმართ არავითარ ეჭვს არ იწვევს (სხვათა შორის, მის ავტორობას არ უარყოფენ ის სპეციალისტებიც, ვინც ამ ლექსში გარკვეული პლაგიატის ნიშნებს ხედავს (ალექსი ჭინჭარაული), ან ლექსის ფოლკლორიზაციაზე ლაპარაკობს (ზურაბ კიკნაძე და სხვები). გარდა ამისა, ამ ლექსის ავტორის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე არსებითი ენობრივ-პოეტიკური არგუმენტი: 1) ლექსის საზომი - თორმეტმარცვლიანი სტრიქონი 3/3 3/3 ცეზურებით, საზოგადოდ ძალზე იშვიათია და საერთოდ არ არის ნიშანდობლივი ქართული ხალხური პოეზიისათვის. 2) ეს საზომი გარკვეულ პერიოდში ჩნდება ი. ლონგიშვილის პოეზიაში (1955-60 წწ.) და აშკარად გარკვეულ მოტივს უკავშირდება (იხ. "აშექალ", "შენ ჰაეროვანო", "ჩვენც მთაში წავიდეთ", "ლხინი მწყემსებთან") 3) "ხადიშათ" და "აშექალ" თავისი მოტივით, თემითა და განწყობით თითქოს ერთი ლექსის ორ ნაწილსა თუ ორ ვერსიას წარმოადგენს. 4) ლექსის საზომი იმდენად ზუსტად განსაზღვრავს სიმღერის მელოდიას, რომ შეიძლება ლექსის ავტორი სიმღერის ავტორადაც მივიჩნიოთ, მითუმეტეს, ტრადიციის ტანახმად, ლექსი (ტექსტი) სწორედ გარკვეული მელოდიის ქარგზე იქმნებოდა. რაც მთავარია, ეს მელოდია არ არის ორგანული ქართული ხალხური სიმღერისათვის და ის კავკასიურ სამყაროშია საძიებელი. 5) ჯვარედინი რითმა: ლექსის საზომი უშუალოდ ჩანს დაკავშირებული გარითმვის თავისებურებასთან. ყველა ამ რიგის ლექსი გარითმულია ჯვარედინად, რაც საზოგადოდ უცხოა ხალხური ლექსისთვის. 6) შედგენილი რითმა: ლექსში (და სხვა ამ რიგის ლექსებშიც) ვლინდება საკმაოდ მაღალი დონის შედგენილი რითმები (თმები და - მთებიდან; გატარებ - მაგ თვალებს; დამცვივდა - და მცივა...) რაც ძალზე იშვიათია ხალხურ პოეზიაში. 7) ენობრივი ინვენტარი: იოსებ ლონგიშვილის ამ ლექსში ვლინდება ისეთი ლიტერატურული (საავტორო) ხასიათის სიტყვები თუ შესიტყვებები (გამონათქვამები), რომლებიც არ არის ორგანული ხალხური პოეზიისათვის. Mაგ.: პერწამო ხადისათ/ლერწამო ტანიტა; ფრიალოს ბილიკი; ამ მკერდით გატარებ; შურთხების ქნარი; წამწამტა ფრთები... 8) კალკები: ჯერ კიდევ ალ. ჭინჭარაულმა შენიშნა, რომ ამ ლექსში ვლინდება წოვა-თუშურის (ნახურის) ისეთი კალკები, რაც განსაკუთრებით უტყუარი ნიშანია ამ ლექსის კონკრეტული ავტორისადმი კუთვნილებისა (არახალხურობისა). კერძოდ: შატილის ასულო, არხოტის ხევსური, დაგიბან მაგ თვალებს... დასკვნა: საექსპერტო ტექსტის ლინგვისტურ-პოეტიკური ანალიზი უეჭველად ადასტურებს იოსებ ლონგიშვილის ავტორობას.
მერვე პუნქტში მოცემულ არგუმენტაციას დავუმატებთ, რომ იოსებ ლონგიშვილი კარგად ფლობდა წოვა-თუშურს (ნახურს) და ერთადერთი ქართველი პოეტი იყო, რომელიც ამ ენაზეც წერდა ლექსებს.
მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველების - თეიმურაზ ქურდოვანიძის, ხვთისო მამისიმედიშვილისა და ელგუჯა დადუნაშვილის საექსპერტო დასკვნები მოკლებულია პუნქტობრიობას და ლაკონურობას. ყველანი აცხადებენ, რომ ლექსი ხალხურია, თუმცა, საინტერესოა, რომ არც თსუ-ს ფოლკლორისტიკის კათედრისა და არც ლიტერატურის ინსტიტუტის მდიდარ არქივებში არ მოიძებნა თუნდაც ერთი ხელნაწერი, სადაც ეს ლექსი ჩაწერილი იქნებოდა რომელიმე სხვა "სახალხო მთქმელიდან" და დაფიქსირებული იქნებოდა ხალხურად. ექსპერტი თეიმურაზ ქურდოვანიძე, უბრალოდ, აღნიშნავს - "50-იანი წლების ბოლოს "შატილის ასულოს" შესრულების ფაქტს ადასტურებენ სხვადასხვა თვითმხილველები". "თვითმხილველებად" იგი ასახელებს ვახუშტი კოტეტიშვილს და... არც მეტი, არც ნაკლები - ჯემალ ჭკუასელს.
ძალიან მწირი დოკუმენტური მასალის მიუხედავად, სამივე ექსპერტი ლონგიშვილს პლაგიატობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მან ხალხური ნაწარმოები მიითვისა და შეიტანა საკუთარ კრებულებში. ელგუჯა დადუნაშვილი ამ უმძიმეს ბრალდებას არა კონკრეტულად "შატილის ასულოს" მაგალითით ასაბუთებს (სავარაუდოდ იმიტომ, რომ ხელში არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია), არამედ ლიტერატურის ინსტიტუტის არქივში აღმოჩენილი სხვა "მტკიცებულებით": 1961 წლის ზაფხულში იოსებ ლონგიშვილს, როგორც მოხალისე შემკრებს, "სახალხო მთქმელ" საბა ითიურიძისაგან ჩაუწერია ლექსი "თუშის ქალი", რომელიც დადუნაშვილის დაკვირვებით, ძალიან ჰგავს იოსებ ლონგიშვილის ხელნაწერ კრებულში 1952 წლით დათარიღებულ იგივე სათაურის ლექსს. საინტერსო "ექსპერტული ლოგიკაა". თუკი ლონგიშვილის ხელნაწერი 1952 წლით არის დათარიღებული, ხოლო არქივში მოპოვებული ლექსი საბა ითიურიძისაგან თითქმის 10 წლის შემდეგ არის ჩაწერილი, ადვილი შესაძლებელია, რომ ითიურიძე იყოს ლონგიშვილის პლაგიატი და არა პირიქით. ამავე დროს, ამ ორ ლექსს შორის, ჩვენი დაკვირვებით, ისეთივე მსგავსებაა, როგორიც, მაგალითად - გიორგი ლეონიძის საავტორო ლექს "ყივჩაღის პაემანსა" და ხალხურ - "შემომეყარა ყივჩაღს" შორის.
ხვთისო მამისიმედიშვილის საექსპერტო დასკვნა ძალიან ზოგადია და მიზნად ისახავს სასამართლო კოლეგიის გათვითცნობიერებას, თუ რა არის ხალხური პოეზია. მისი აზრით, ხალხური ნაწარმოების ავტორი არის არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი ხალხი. ამ მცირე სალექციო კურსმა, როგორც ჩანს, დიდი გავლენა მოახდინა მოსამართლეზე, რომელმაც ბოლოს თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
"სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ტექსტის ფოლკლორულობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ იოსებ ლონგიშვილი იყო სახალხო მთქმელი. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღიარებული და მოცემულ საქმეზე დადასტურებულია ექსპერტების დასკვნებით, სახალხო მთქმელი არის ისეთი პიროვნება, რომელიც სწავლობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, ახორციელებს ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერას და საჯაროდ ავრცელებს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამ გარემოების გათვალისწინებით სახალხო მთქმელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ასეთი ნაწარმოების ავტორად, რადგან იგი მოკლებულია ორიგინალობას და თვითმყოფადობას".
დადუნაშვილი, ქურდოვანიძე და მამისიმედიშვილი დიდ ყურადღებას ამახვილებენ ლონგიშვილის მიერ 1973 წელს რაიონულ გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებულ ლექსზე. არც ერთი ექსპერტი არ კითხულობს მიზეზს, თუ რატომ გაჩნდა ამ ლექსში "ჩეჩენთა ასული" და "ხადიშათ". არც ერთი არ უშვებს ვარაუდსაც კი, რომ ავტორმა 1960 წელს დაწერილი თავისივე ლექსის დეტალები შეცვალა.
მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველი ექსპერტები ლექსის გამოქვეყნების თარიღს ლამის მისი დაწერის თარიღად მიიჩნევენ. ამიტომაც არ უწევენ ანგარიშს და ინტერპრეტაციას აძლევენ ყველაზე საინტერესო მტკიცებულებას, რომელიც თან ერთვის საქმეს. ეს არის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივში დაცული აუდიჩანაწერი - 1967 წელს კახი როსებაშვილის მიერ სოფელ ალვანში ჩაწერილი სიმღერა "თუშური სატრფიალო" თამარ ქააძის შესრულებით და "შატილის ასულოს" მსგავსი ტექსტით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1973 წლამდე, როცა ლონგიშვილმა "ხადიშათ" გამოაქვეყნა, "შატილის ასულო" უკვე არსებობდა. ასეთ უცნაურ ლოგიკას იზიარებს მოსამართლეც, რომელმაც თამარ ქააძე არც მოწმედ დაკითხა და არც მისი წერილობითი ახსნა-განმარტება გაიზიარა. თამარ ქააძე აღნიშნავს, რომ 1967 წელს, როცა კახი როსებაშვილმა მისი სიმღერა ჩაწერა, იგი სწორედ ლონგიშვილის ტექსტით მღეროდა.
სწორედ ასეთი უცნაური ლოგიკის ძაფით არის შეკერილი სასამართლოს ვერდიქტი - "საქართველოს სახელით". გვაქვს მცირედი იმედი, რომ სტატიას მოჰყვება პროფესიონალი სპეციალისტების გამოხმაურება, რომლებიც საბოლოოდ მოჰფენენ ნათელს ამ არც თუ ისე რთულ საქმეს. ხოლო უზენაესი სასამართლო ცოტა უფრო კვალიფიციურად შეისწავლის ქვედა ინსტანციებში უკვე დასრულებულ დავას და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ტექსტები გაანალიზებისათვის და შედარებისათვის:

1) "ერისიონის" მიერ ქორეოგრაფიულ კომპოზიცია "სამაიაში" ჩართული სიმღერის ტექსტი:

"შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბორბალოს ფერდობზე ამ მკერდით გატარებ,
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა"

2) ფრაგმენტი ლექსიდან "შატილის ასულო", რომელიც შეტანილია იოსებ ლონგიშვილის მიერ 1995 წელს გამოცემულ ლექსების კრებულში "ჩემი სულის ღაღადი":

"შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

3) ფრაგმენტი 1973 წლის 31 ივლისს გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებული ლექსიდან "ხადიშათ":

"ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკლავით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“





ახალი ამბები – 2008 - ივლისი


შვედური ლიტერატურული პრემია ავსტრალიელ ავტორს


ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. 2008 წლის ლაურეატი ავსტრალიელი მწერალი, სონია ჰართნეტი გახდა. ლიტერატურული პრემია ექვსი წლის წინ დაარსდა ცნობილი საბავშვო მწერლის საპატივცემულოდ, ჯილდოს გადაცემაში კი შვედეთის პრინცესა ვიქტორიამაც მიიღო მონაწილეობა. ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია 540 ათას ევროს მოიცავს, და იგი არა მარტო მწერლებს, არამედ მხატვრებს და სხვა საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწე პირებსაც გადაეცემათ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. წელს პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე 115 ნომინანტი იყო წარდგენილი 61 ქვეყნიდან, თუმცა ჟიურიმ არჩევანი ავსტრალიელ მწერალზე შეაჩერა. სონია ჰართნეტმა პირველი წიგნი 15 წლისამ გამოსცა, დღემდე იგი 18 საბავშვო რომანის ავტორია.


კოლექტიური რომანი - ერთი ტექსტის 1070 ავტორი


რომანის დაწერა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ორმა ინდოელმა ავტორმა გადაწყვიტა, თავიანთი წიგნის თანაავტორად ათასამდე მკითხველი მიიწვიონ. ანუბჰავ ჯეინი და დჰრუვ ბჰუშანი აპირებენ, გამოსცენ რომანი, რომლის ავტორების რიცხვიც განუსაზღვრელი იქნება. ნაწარმოები ონლაინ-რეჟიმში შეიქმნება და ივნისის ბოლოსთვის უკვე გამოსაცემად მომზადდება. დღევანდელი მონაცემებით ავტორთა რიცხვმა უკვე 1070-ს მიაღწია, დაწერილია ნაწარმოების 25 თავი. როგორც წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი, 24 წლის ავტორი ანუბჰავ ჯეინი ამბობს, წიგნის 70% უკვე მზადაა. ბჰუშანისა და ჯეინის როლი ძირითადად მოდერატორის ფუნქციებში გადანაწილდა - მათ თანაავტორებს სიუჟეტური ხაზი შესთავაზეს და თითოეულის ტექსტის მოცულობაც განსაზღვრეს - 300 ასო-ნიშანი. რომანში მოქმედება 2028 წელს ვითარდება, სადაც მძევლად აყვანილი ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე ჰყვებიან.


ყველაზე ძვირადღირებული შერლოკ ჰოლმსი


არტურ კონან დოილის მოთხრობის, “ლედი ფრენსის კარფექსის გაუჩინარების” ხელნაწერი ლონდონის ანტიკვარულ წიგნთა გამოფენაზე გაიტანეს გასაყიდად. რელიკვიის ფასი ნახევარი მილიონი დოლარია. ხელნაწერი 1911 წლით თარიღდება და 28 გვერდს მოიცავს. კალიფორნიელი ბუკინისტი, მარკ ჰაიმი, რომლის მფლობელობაშიც იყო აქამდე ანტიკვარული ნივთი, მის ფასს გამართლებულად მიიჩნევს, და ამბობს, რომ ასეთი ხარისხის ხელნაწერისათვის უფრო დაბალი ფასი, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა. ახლა კი, თუ დოილის მოთხრობა გაიყიდება, მაშინ ხელნაწერი ყველაზე ძვირადღირებულ ტექსტად აღინიშნება, რომელიც შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილა. წინა რეკორდი 1996 წლით თარიღდება, როდესაც ნიუ-იორკის აუქციონზე, “ოთხთა ნიშანი” 470 ათას დოლარად გაიყიდა.


ინდოელი მწერალი შიმშილობას აცხადებს


ინდრა სინჰამ, 2007 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულმა ავტორმა, ნიუ დელიში ბოპალის კატასტროფაში გადარჩენილთა მიმართ უყურადღებობის გასაპროტესტებლად შიმშილობის აქცია გამოაცხადა. მისი რომანიც (“Animal's People”) სწორედ 1984 წლის ბოპალის ქიმიური კატასტროფის შედეგების მხატვრული ვერსიაა. ამჯერად კი მწერალმა უვადო შიმშილობა დაიწყო - მან საკვების მიღება 10 ივნისს შეწყვიტა. ინდრა სინჰა საფრანგეთში ცხოვრობს, ამჟამად კი იგი შეუერთდა ცხრა ბოპალელ აქტივისტს, რომლებიც ნიუ დელიში შიმშილობდენ. ამ აქტივისტთაგან შვიდი მომწამლავი აირებითა და წყლის დაბინძურებითაა დაზარალებული. 1984 წლის დეკემბერში, Union Carbide-ის პესტიციდების ქარხანამ ძლიერ ტოქსიური აირების ღრუბელი გაუშვა ცენტრალური ინდოეთის ქალაქ ბოპალის თავზე, რამაც 8,000 ადამიანი იმსხვერპლა, ნახევარი მილიონი კი დააზიანა. დღეს ეს ტერიტორია დაბინძურებულია და ეპიდემიის შედეგად დღითიდღე არაერთი ადამიანი ზარალდება. სინჰა მანამ აპირებს შიმშილობას, სანამ ინდოეთის მთავრობისაგან სათანადო ყურადღებას არ მიიპყრობს.


მადრიდის წიგნის ბაზრობა 75 წლისაა


მადრიდში მსოფლიოს ყველზე მასშტაბური წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება. ტრადიციის მიხედვით ბაზრობა ქალაქის ცენტრალური პარკის, “რეტიროს” ხეივანში იმართება. ამჯერად მადრიდის წიგნის ბაზრობამ სტუმართა და მონაწილეთა რეკორდული ციფრი მიიზიდა - 364 პავილიონი, 259 გამომცემლობა და წიგნის 119 მაღაზიაა წარმოდგენილი ესპანეთის დედაქალაქში. წლევანდელი ბაზრობის ფოკუსში იბეროამერიკული ლიტერატურაა, რომლის წარმომადგენლებადაც ესპანეთს “ახალი ტალღის” ათობით ლათინოამერიკელი მწერალი ესტუმრა. 2008 წელს მადრიდის წიგნის ბაზრობას 75 წელი უსრულდება, მისი გახსნის ცერემონიალი უკვე 67-ჯერ გაიმართა, მხოლოდ 1930-იანი წლების სამოქალაქო ომმა შეუშალა ხელი წიგნის ზეიმს.


ერნესტ ჰემინგუეის ლექსები 75 ათას ფუნტ სტერლინგად

ალბათ არსებობს სერიოზული მიზეზი, თუ რატომაა ჰემინგუეი უფრო განთქმული თავისი რომანებით, მოთხრობებითა და ჟურნალისტური წერილებით, ვიდრე მისივე პოეზიით. ახლა ამის გარკვევა ჰემინგუეის პირველი ამერიკული წიგნის ყველაზე ძველ გამოცემაში შეიძლება - ცხადია, ჰემინგუეი დიდი პოეტი არ ყოფილა. მან სულ ორი ლექსი მიაჩხაპნა 1925 წლის მოთხრობების კრებულის, “ჩვენი დროების” (“In Our Time”) პირველი გამოცემის ყდაზე თავისი მეგობრისა და თანამეინახის, ჯეკ კოულზისათვის (ეს ლექსები უხეში და მოუქნელი ენის გამო თავის დროზე გამოუქვეყნებელი დარჩა).
წიგნის ახანდელი პატრონი, მარკ ჰაიმი, აცხადებს: “ჩვენ აქ ტომას ელიოტის რანგის პოეტზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ. ეს ხელნაწერიანი წიგნი უბრალოდ ნათელს ფენს, თუ როგორ გრძნობდა თავს იმ დროს ჰემინგუეი, რომელსაც დეპრესია მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ასეთი განძი არსად მოიპოვება, კენედის ბიბლიოთეკაშიც კი. ჰემინგუეი ხომ იშვიათად აკეთებდა წიგნებზე ასეთ მინაწერებს.”
ჰაიმის განძი ახლა ლონდონის ანტიკვარული წიგნების ბაზრობაზე მიემგზავრება, როგორც ყველაზე თვალისმომჭრელი ექსპონატი - ამერიკელი კოლექციონერი ამ გამოცემას 75 ათას ფუნტ სტერლინგად აფასებს.

“ღვთაებრივი კომედიის” ხმა ფლორენციაში


ფლორენციის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში 450-მდე მკითხველი იღებს მონაწილეობას დანტე ალიგიერის “ღვთაებრვი კომედიის” საჯარო კითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული უკვე მესამედ ტარდება, წელს ფლორენციამ ტურისტთა ლამის რეკორდული რაოდენობა მიიზიდა. ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ლიტერატურული მარათონის მონაწილეთა რიცხვი მუდმივად იზრდება. საჯარო კითხვა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იმართება (Palazzo Medici, Piazza Pitti, Palazzo Medici, Palazzo Strozzi), მარათონში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა, ლუჩიო დალამაც. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ მონიტორზე კი დანტეს ნაწარმოების ერთ-ერთი თეატრალური წარმოდგენის ჩანაწერი გადაიცემა.


“ულისეს” პირველი გამოცემა აუქციონზე


ნიუ-იორკის სავაჭრო სახლ “კრისტისში” 20-ე საუკუნის საკულტო წიგნის, ჯეიმს ჯოისის “ულისეს” ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარია გასაყიდად გატანილი. წიგნის ფასი 600 ათასი დოლარია. “ულისეს” პირველი 100 ეგზემპლარი 1922 წელს პარიზში გამოიცა, გამომცემლობა “შექსპირ და კომპანიაში” (“Shakespeare and Company”). გამოცემას თან ახლდა ავტორის ხელმოწერა. 600 ათას დოლარად შეფასებულ წიგნს კი რიგით ნომრად 90-ე აღენიშნება. “ულისე” პირველი გამოცემის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა ცენზორების მიერ, მხოლოდ 1933 წელს გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი დაბეჭდვა ნებადართული, სამი წლის შემდეგ კი - დიდ ბრიტანეთში. ირლანდიაში კი, ჯოისის სამშობლოში, წიგნის გამოცემა ავტორის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, 1960 წელს დაუშვეს.


მწერალთა 18-ე საერთაშორისო ფესტივალი პრაღაში


პრაღაში მწერალთა მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა (18. Prague Writers' Festival). ორგანიზატორებს შორის არის და ფესტივალს მთავარ მედია-პარტნიორობას უწევს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი. გარდა ამისა, ყოველ წელს ჩეხეთს ათობით მწერალი, პოეტი თუ ესსეისტი სტუმრობს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში 1968 წლის ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირის ცენზურაგამოვლილი ლიტერატურა იყო. ფორუმში მონაწილეობდნენ ხორვატი მწერალი სლავენკა დრაკულიჩი, ბრიტანელ-პაკისტანელი ავტორი ტარიკ ალი და გერმანელი პოეტი გიუნტერ კუნერტი. პრაღის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრნენ ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერი და ბუკერის პრემიის ლაურეატი, კანადელი მარგარეტ ეტვუდიც.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2008 – აგვისტო


ინგებორგ ბახმანი, რჩეული. მთარგმნელი ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანი. თბ. “კავკასიური სახლი” 2008.


გერმანულენოვანი ლიტერატურის თაყვანისმცემლებისათვის ინგებორგ ბახმანის სახელი უცხო არ არის, და თუ აქამდე ქართული თარგმანებით განებივრებულები არ ვყოფილვართ, ახლა ავსტრიელი მწერლის ქართულ ენაზე გამოცემული “რჩეული” გვაქვს ხელთ, რომელშიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხრობები, რადიოპიესები, რადიოესეები და ლექსებია თავმოყრილი. ინგებორგ ბახმანს მკითხველი იცნობს რომანებით “მალინა”, რეკვიემი ფანი გოლდმანს”, მოთხრობების კრებულით “ოცდამეათე წელი” და სხვადასხვა პოეტური კრებულებით. ქართულ თარგმანს თან აქვს დართული წინასიტყვაობა და ბიოგრაფიული თარიღები მწერლის შესახებ.


დანიელ პენაკი, “ძაღლი ძაღლი”. მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. თბ. “აგორა” 2008.


დანიელ პენაკი თანამედროვე ფრანგულენოვანი ლიტერატურული სივრცის ერთ-ერთი საინტერესო ავტორია. საფრანგეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს მისი საბავშვო წიგნებიც. ამჯერად ქართველ პატარებსაც ეძლევათ საშუალება, კიდევ ერთ საინტერესო ავტორს გაეცნონ - “ძაღლი ძაღლი” პენაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოებია. წიგნი ბავშვებს უამბობს სიკეთეზე, სათნოებაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, ძაღლი ძაღლისა და მისი მეგობრების სახალისო თავგადასავლები პატარა მკითხველების ახალ არმიას შემატებს დანელ პენაკს.


ერიკ-ემანუელ შმიტი, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”. (რომანი). მთარგმნელი მერაბ ფიფია. რედაქტორი რუსუდან გორგაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.


“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” თანამედროვე ბელგიელი მწერლის მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. შმიტი არც ამჯერად გაუცრუებს მკითხველს იმედს, პატარა ბიჭის თვალით დანახული ცხოვრება, მეგობრობა, სიყვარული, ნდობა, განცდილი ტკივილები და იმედგაცრუებები - ეს ის სამყაროა, რომელშიც მწერალი თავის პერსონაჟებს აცხოვრებს. შმიტი ცამეტი წლის მომოს ამბავს გვიამბობს, რომელიც მარტოდმარტო აღმოჩნდება ცხოვრების სირთულეების წინაშე და ამ ყველაფრის დაძლევაში მას ერთადერთი მეგობარი, არაბი იბრაჰიმი ეხმარება.


გივი ალხაზიშვილი, “ქორონიკონი 2007”. (ლექსები). თბ. “მერიდიანი” 2008.


გივი ალხაზიშვილი დღემდე ათზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია (“ღამეთა ფერფლი”, “აღმოცენება”, “სინათლე წვეთში”, “გაღწევის სურვილი” და ა.შ.), ამჯერად კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, პოეტის ახალ წიგნს გავეცნოთ, რომელშიც ავტორის ბოლო პერიოდში დაწერილი ლექსებია შესული. კრებულს სახელიც თემატური აქვს - “ქორონიკონი 2007”. თემატურადაა გადანაწილებული ლექსებიც - სხვადასხვა ციკლის მიხედვით: “დრონი”, “არითმია”, “ელეგიები”, “ქორონიკონი”. პოეზიის მოყვარულებს გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნის სახით საინტერესო საკითხავი ელით.


ლუიჯი პირანდელო, “განსვენებული მატია პასკალი”. (რომანი). მთარგმნელი მერი ტიტვინიძე. თბ. “ინტელექტი” 2008.


პიროვნების გაორება, ადამიანებისა და ცხოვრებისგან გაუცხოება, გამუდმებული არჩევანი კეთილსა და ბოროტს, ბნელსა და ნათელს შორის - ამჯერად იტალიელი კლასიკოსის, ლუიჯი პირანდელოს რომანში გაცხადებული, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ყველა დროისა და ეპოქის ადამიანურ პრობლემებზე. “განსვენებული მატია პასკალის” გარდა მკითხველი პირანდელოს სხვადასხვა პიესებითა და რომანებით (“მოხუცები და ახალგაზრდები”, “ერთი, არც ერთი და ასი ათასი”, “ტრიალებს”) იცნობს. ლუიჯი პირანდელო 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.


მარკო პოლო, “ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის”. მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “GAMS პრინტი” 2007.


იტალიელი მოგზაურის, მარკო პოლოს თავგადასავალი დღემდე რჩება მკითხველთა ფართო აუდიტორიის ინტერესის ობიექტად. მისი ჩანაწერების რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული, ახალ ქართული თარგმანისათვის კი ამჯერად მეთოთხმეტე საუკუნის ტოსკანური ვერსია შეირჩა, რომელიც ჯერ კიდევ მარკო პოლოს სიცოცხლეში, 1309 წელს შეიქმნა. წიგნს თან ახლავს მთარგმნელის, ნოდარ ლადარიას წინასიტყვაობა, რომელიც სრულ ინფორმაციას გვაწვდის იტალიელი მოგზაურის შესახებ, ასევე ისტორიულ პირთა და გეოგრაფიულ ადგილთა ანბანური საძიებელი.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Thursday, August 20, 2009

გიორგი ლობჟანიძე – ლექსები

წმინდანოფობია

ღმერთო, როგორ მეშინია ცრუწმინდანების,
უფრო სწორად: მეშინია წმინდანებისა,
რადგან აქ, სადაც ხელთ არა მაქვს
უბიწობის ინდიკატორი,
როგორ ვარკვიო,
ვინ ცრუა და ვინ ნამდვილია,
ვინ რას იჩემებს,
და ვის თავზე მოჩუხჩუხებს
ღვთიური მადლი...
ხილაბანდები წაუკრავთ თავზე,
ჰგონიათ, რომ ბანაობენ შარავანდედში...

როგორ ვიცნო შენი წმინდა ხელი, უფალო?
მე ხომ იქ გხედავ,
სადაც სხვები ვერაფრით ვერ წარმოგიდგენენ:
მეძავი ქალის
გადაქანცულ, სნეულ საშოში,
ნარკომანის დასუსტებულ, მიმკრთალ ვენებში,
იმ ტრასვესტიტის მოჭრილ ასოში,
რომელსაც სურდა ღვთისმშობელი ყოფილიყო,
და ისე სურდა,
რომ საკუთარ თავსაც კი გასცდა,
მაგრამ მეტი,
როგორც ხედავ,
არაფერი გამოუვიდა...

რად ჩამინერგე დახურული სივრცის შიში,
თუკი ლიფტში უნდა მეცხოვრა? -
ამ სიმყრალეში,
სადაც
იმასაც კი ვერ ვარკვევ,
საით მივდივარ:
ზემოთ -
შენკენ,
თუ ქვემოთ,
იქ,
ეშმაკებისკენ...
მივექანები
და თავს კედლებს ვუხათქუნებ
და არაფერი არ ინგრევა,
არაფერი, არაფერი,
არაფერი, არაფერი,
აღარაფერი...

რად დახურე ეს სამყარო სიწმინდეებით?
სადაც ყველაფერს მუდამ ერთი მნიშვნელობა აქვს,
ხოლო ენად სინონიმთა ენა მომეცი,
რომელიც მუდამ გაიღება ნიუანსისკენ
სათქმელისა და არსის უკეთ გამოსახატად.
განა ფანჯარა
სრულად იტევს მზეს და სინათლეს,
განა სიტყვა უკვე მტკიცე ჩარჩო არ არის,
რომელიც საზღვრავს, აფასებს და განიკითხავს
სოფელს, შენ რომ უსაზღვროდ შექმენ...

რა არის ცოდვა?
სიყვარული?
მაგრამ შენ ხომ სიყვარული ხარ,
ისე საშიში,
როგორც ძრწოლა დახურული სივრცის წინაშე,
ანდა
როგორც სიმაღლის შიში,
მწვერვალზე მდგომს
ზურგიდან რომ ხელსა გკრავს და
უფსკრულისკენ მიგაფრიალებს...

რა არის ცოდვა?
როგორ მტანჯავს ერთი სიზმარი:
ჩვენს უბანში
მოყუჩებულ ადგილებში
დაყრილ შპიცებზე
ფეხშიშველი დააბიჯებს
ჩემი რვა წლის სულელი ბიჭი...

გული - თურინჯი

გახსოვს აღმოსავლურ ზღაპართა წყევლა? -
"ღმერთსა ვთხოვ,
გულში სამი თურინჯის
ტრფობა ჩაგივარდეს.
ის თურინჯები
ცხრა მთას იქით,
დაბეჭდილ ბაღში ხარობს;
სიცოცხლეს უნდა გასცდე და
იქამდე მიაღწევ!"

მე კი
აქვე,
რატომღაც,
ერთი ხე შემიყვარდა.
მწუხარედ,
მარტოდმარტო შრიალებდა და
მშვენიერ ლექსებად ჩამესმოდა
იმისი შრიალი...

მიყვარხარ-მეთქი, -
როგორც კი გავუმხილე,
კენწეროზე მაშინვე
თურინჯი გამოიბა
და თვითონვე უკვირდა,
რომელი ჯადოსნური ქვეყნიდან
მონაბერმა ქარმა მოუტანა
იმ თურინჯის
უჩვეულოდ ბრდღვიალა ნაყოფი.

ხეო მშვენიერო,
ლექსებად მოშრიალევ,
ის თურინჯი ჩემი გული იყო,
გასკდა და იქიდან
ქალი გადმოვიდა,
აღმოსავლურად მრუში და კადნიერი,
შიშველი
ევასავით.

ედემის გარსში
სიშიშვლეს არ იმჩნევდა,
უბიწო იყო და
საკუთარ უბიწობასვე ეძლეოდა
წელში გადრეკილი...

ხელში აპარატი ეპყრა,
სურათებს იღებდა...
მე კი ხედვის რეალისტურ პრინციპებს ვერ ვიტანდი
და, მაინც და მაინც,
მინიატურათა პირობითობების ტრფიალი ვიყავი...

მინიატურების გულში
ერთი ხე შრიალებდა
და ხეს მხოლოდ იქ,
მოშლილ-მორღვეულ განზომილებებში შეეძლო
თურინჯის სიყვარული...

დედა-აღმოსავლეთი ასე ჩამეხურა:
როგორც კი მივესალმე,
დევის დედასავით
პირში სინამდვილის მწარე ძუძუ მომცა,
გული თურინჯივით გამიხეთქა
და იმ თურინჯის სისხლში ამომივლო
სიცოცხლის ზღაპარი...

ვირი

თუმც კახელი არ გახლავართ,
მაგრამ სიმარტოვის კართან -
რა მაქვს თქვენთან დასამალი! -
ერთი ვირი შემიყვარდა.
ყურპანტურა საოცარი
სიჯიუტით მატერორებს,
თითქოს ვირი კი არა და
ხიმენესის პლატეროა.
ეჰ, რამდენი ქალი დადის:
კეკე, თამრო,
თუნდაც მართა...
მე კი ეს რა დამემართა,
რაღა ვირი შემიყვარდა?!
ზოგს მღვდლის ცოლი, ზოგსაც კიდევ
მღვდელი უყვარს ალთა-ბალთა,
მე კი ეს რა დამემართა,
ერთი ვირი შემიყვარდა.
თქვენ რა გიჭირთ, ქართველებო,
ღვთისმშობლის რომ გფარავთ კალთა,
სულ სხვა არის...
მე კი ცოდვილს,
ხომ იცით,
რაც დამემართა!
იდგა ჩყპყ წელი,
ვარდობისა ანუ ვარდთა
ყვავილობის მიწურვილი,
როცა ვირი შემიყვარდა.
რა უნდა ქნას იმ საბრალომ,
როგორ იყოს, რაც არაა,
ვირად ვირი კარგი არის -
მშვენიერი ნაცარაა.
აღმა-დაღმა დაბაკუნობს,
ცხრაგან უდევს გზა და ბინა,
მე რომ ბანი ბან დავეძებ,
იმას ბაღჩის ბოლოს სძინავს.
სულ ტრამალ და ტრამალ დავდევ,
(მაგას ჩემმა მტერმა სდია!)
მცხეთას საკეტურებს ვუმტვრევ,
ტაძრებს ვლეწავ კელაპტრიანს.
ვეუბნები, უმიჯნუროდ
მზეც არ სუფევს კამარაზე,
შენ კი გულის ყველა კარი
ასე როგორ გამორაზე?!
მართლაც ბრმაა სიყვარული,
ვერვინ იტყვის უფრო მართალს,
ამ დროულ კაცს რაღა ვირი...
ეს რა სნება დამემართა!
თან სულ უფრო მეტად მიყვარს,
რაც კი გადის დრო და ხანი
და ნეტავ დრო მაინც მქონდეს
შმაგი თავის მოსაფხანი.
არც მცალია, არცა ყრმა ვარ,
არც ლამაზი, არცა უხვი,
არც ბრძენი ვარ და მაკლია
ზნეობრივი ფახი-ფუხიც.
"სიყვარული აღგვამაღლებს" -
ეჟვანივითYვჟღერ და ვტირი,
რომ რაც უნდა შეიყვარო,
მაინც ვირად რჩება ვირი!


მესამე ზედმეტს

ორნი მუდმივად კარგად არიან
შეფარებულნი ერთურთის კედლებს,
და არ ფიქრობენ, რა ეშველება
მარტო დარჩენილ მესამე ზედმეტს.

ყოველი მხრიდან უმყუდროვებენ
გულს ამოყოლილ სიმღერის მოტივს,
ხოლო მესამე მარტო შრიალებს,
ვით ფანჯარაში შემძვრალი ტოტი -

ვერშემჩნეული, თუ ორის მიერ
საგულდაგულოდ არდანახული...
ის კი ყვავილობს და ორს უყურებს
იმ ყვავილების თვალის ფახურით.

ვერ მიხვდებიან, ყვავილობამდე
ტოტი რა მკაცრმა ქარებმა ხედნეს,
თუმცაღა შენ ხომ ყველაფერს ხედავ,
ღმერთო, უშველე მესამე ზედმეტს -

სხვის სიყვარულის მბრწყინავ ნათელში
თვალშეუვლებს და მუდამ უჩინარს,
რომელსაც სიმწრით ნაგლეჯ თმასავით
ხელში ყვავილთა ბღუჯა უჭირავს.


ირინეს

ერთხელ მითხარი, ტელეფონით,
შენ თუ არა,
თვითონ ჩამოვალ,
ჩამოგაკითხავ
შენს უცნაურ ზღაპრულ ქალაქში
და მერე ერთად, სამუდამოდ ერთად ვიქნებით...
მე გამეცინა,
მაგრამ არა სამუდამო ერთად ყოფნაზე,
უფრო იმაზე,
რომ შენ - ბავშვი -
ვერასოდეს მოახერხებდი,
ვიზის აღებას
და ჩამოსვლას უცხო ქალაქში,
რომელიც მაშინ ასე ჟღერდა:
თეირანშიც კი გამოგყვები...

შენ გამომყევი,
მაგრამ არა თეირანში,
სადაც ერთხელ,
ერთხელაც კი ვერ წაგიყვანე,
არამედ ცოლად
გამომყევი
და ამით თითქოს
პოეზიას აქციე ზურგი,
რადგან ცოლისთვის მიძღვნილი ლექსი
ვერ იქნება
ისეთი მძაფრი,
თავი ნამდვილ პოეზიად შემოგვასაღოს...

ცოლქმრობაში რაღაც იწყება -
წარმოუდგენლად მომქანცველი,
როგორც ბავშვის ავადმყოფობა -
ერთდროულად სახიფათოც და უმნიშვნელოც,
რაღაც გროვდება წვეთ-წვეთობით
სიძულვილივით,
რომელიც ერთხელ ისეთ ზაფრას დაგცემს,
თითქოსდა,
სნეული ბავშვის სასთუმალთან
წამით ჩათვლემილს გამოგაღვიძებს,
ჯერ ბავშვს დახედავ,
დარწმუნდები,
რომ კარგად არის,
მერე მზერას ჩემკენ ფრთხილად გადმოანაცვლებ და
მზერით მეტყვი:
ხომ წამოგყევი,
ახლა მიდი,
ფანჯარაში გადაიხედე:

გარეთ ქალაქი,

ეს ქალაქი
თეირანია

და ეს ჩვენი ცხრაწლიანი თანაცხოვრებაც
ყველაზე ყოფით რამეებსაც
ყველაზე ღრმა პოეზიად შემოაბრუნებს...

ჩანაცვლება

ერთს მეორეთი ვერასოდეს ჩაანაცვლებ.
არ დაემთხვევა:
ან ღიმილი
ან ვნება და
ან გულგრილობა.
ყოველწამიერ აღმოაჩენ -
ის არ იქნება,
ვისაც ელოდი,
ვინც დაკარგე
და მუდმივად იმეორებდი
გუნებაში იმის ჟესტებს,
რომ არასდროს დაგვიწყებოდა
შენი თავი -
იმ ჟესტებში წარმოსახული.

მაგრამ ახლიდან
დარწმუნდები:
მეორე გიყვარს,
და ერთი გიყვარს,
რადგან არასდროს არაფერი არ დაემთხვევა.

დგახარ იმავე მდინარეში,
ტანს კი სულ სხვა წყალი გისველებს..

ცალმხრივ გათიშული

ცალმხრივადა ვარ გათიშული! -
მიზეზია შესანიშნავი...
რა თქმა უნდა, მობილური იგულისხმება
და არა ის,
შეკითხვაზე ან უბრალო გამოწვევაზე
პირდაპირ პასუხს რომ გაურბი,
თავს რომ არიდებ...

შესანიშნავი მიზეზია -
არცერთ მესიჯს არ უპასუხო,
ან მიმოწერა იქ შეწყვიტო,
როცა მთავარი უნდა ითქვას,
სადაც რაღაც უნდა გაირკვეს.

სწორედ უპასუხო გრძნობათაგან ბურბურებს
ჯოჯოხეთი -
ხეობა,
სადაც ყვავილები გადაიშლებოდა,
შენ რომ ერთხელ მაინც გეპასუხა
გადამწყვეტ მომენტში...

მთელი ცხოვრება ცეცხლს მივარღვევ
ცალმხრივ გათიშული...

და ყველაფერში
არა შენი გულგრილობა,
არამედ
ეს მობილური იგულისხმება...


"ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში..."

წუხელ სიზმარში თამარა ვნახე,
ის კი არა -
ფრესკებიდან გადმოსული
დედა ქართლისა,
სათნო, ზვიადი, მარტოობით გაწამებული,
დიდი,
დიდი
დედა თამარი,
არამედ ეს -
უბნის "დედა",
ჭორის დეიდა
თამარა -
წითლად თმაშეღებილი,
გესლის სიტყვით პირანთებული,
უუდაბნოო მოციქული
თამარა -
რისხვა,
დამცველი ხალხის ზნეობისა,
თვით ქალიშვილი,
მიწის რუხი მკლავებისთვის
საიმედოდ თავშენახული...

უბანია მისი უდაბნო.
აქ შეაყენა უბიწობის დიდმა ძალამ მქადაგებელად,
როცა ფანჯრიდან ჭვრეტდა უბანს ანუ სამყაროს
და ომში წასულ შავლეგოს თავს როს მისტიროდა,
უეცრად იგრძნო მოზღვავება ტემპერამენტის,
რომელსაც მერე ძველებურად "გზნება" დაარქვა.

არ დაუბრუნდა ის შავლეგო დიდი ომიდან,
უცხო მიწაში ჩალპა მისი ქამარ-ხანჯალი,
აქ კი თამარა გაბოროტდა,
დარდით ჩამოხმა,
შემოისაზღვრა მისი ყოფა ერთი ფანჯარით.

უბანი ჩანდა ამ ფანჯრიდან,
როგორც სამყარო...
ადგა და უბანს სამუდამოდ გაუუცხოვდა
თამარა -
ყბედი და ჭრიალა,
ყურისმომჭრელი,
სიტყვა "რამეთუ" დღევანდელი ენის სინტაქსში
მოძველებული, მაგრამ მაინც ხმარებადი
აწ და მარადის...

რა უარეა ახლა ენის არქაულობა,
ან რას მიქვიან ტკბილი სიტყვა,
როცა გაირყვნა
ერი და ბერი,
კალაპოტიდან გადავიდა,
როგორც მდინარე
და გიზგიზებს ხორცის ქვაბში ბრიალა კუპრი...

შესდექ, თამარა!
იქადაგე:
თავი გაგიხმეთ,
ნურც გღირსებიათ სატრფოს ტანქვეშ მოგვრილი შვება,
რა გახმაურებთ,
როცა წახდა,
აღარ არსებობს
ჩვენი მამული,
ენა ჩვენი
და ჩვენი რწმენა...

ხოლო
რა ენა წახდეს,
იცით,
ერიც დაეცეს
(უყვარს თამარას XIX-ეს კლასიკოსები
და სულ კითხულობს,
თუმც არ ესმის,
მაინც კითხულობს,
იქით ისინი
და აქეთ ეს
ი ტ ა ნ ჯ ე ბ ი ა ნ !)
თამარა - ცეცხლი
და ნაცრის ქვეშ
უცხოდ მღუარი
ქალი - ლეგენდა,
ერის დედა,
უბნის ბებია...

მეოცეც უყვარს:
"სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"...
როცა კითხულობს თვალზე მუდამ ცრემლი ადგება,
რადგან იქდაღვრილ სისხლის გამო
აქ მისი სისხლი
თავის ერთადერთ ბრძოლის ველზე
ვერ დაიღვარა,
წლები წავიდა
და ამ სისხლმა ვერჩამოღვრილმა
თეთრი თმიდან გამოსჟონა
ბრიალ-ბრიალით...

და აღახვნა ბაგე თვისი
დედა თამარამ
და პირქუშად დამიძახა:
"ნუვინ გიყვარან!"
სამჯერ მითხრა,
მომაფურთხა,
დამამუნათა
და თავდაცვისთვის
პირჯვარიც კი გადაიწერა...

უფალო, ეს რა კოშმარია:
ჩემს სიზმარში ფრესკა ასე როგორ გაცოცხლდა:
დიდი თამარი
უბნის დედა თამარად იქცა
და წყველა-კრულვით მიდგას კვალში გავეშებული,
ერთმა ასომ ასე ნეტავ როგორ შესცვალა,
როგორ ბრიალებს
წმინდანურად თავაწყვეტილი...

გამომეღვიძა:
კიდევ კარგი სიზმარი იყო,
წყალს მოვუყვები,
აწ თვით ძრწოდე, სიზმრის თამარავ,
ვეღარაფერსაც ვერ დამაკლებ,
ჩაგადუდუნებ და
წყალთან ერთად გაგისტუმრებ ჩხრიალ-ჩხრიალით...

ანდა ამაზე ავად როგორ უნდა ამიხდე:
ჩვენი სამშობლო იმ შენი ყმა შავლეგოსავით
ომში წავიდა,
შიდა ომში,
მტერთან კი არა
და იქიდან ხეიბარი ჩამოგვიბრუნდა,
მოცელილი,
უნიათო,
დაკუტებული,
სულ რომ სძინავს და
ვერაფერი ვერ გაუგია
ვეღარ მიმხვდარა,
რა უჭირდა და რა სტკიოდა...

ონკანს მივვარდი
და სასწრაფოდ
უცებ მოვუშვი,
მაგრამ არც გაზი
და არც წყალი
არ მოდიოდა...

და მაშინ მე,
ვით თამარამ,
ვიწყე ღაღადი:

მართალი უთქვამთ:
ჯობს არ გქონდეს სულაც სამშობლო,
რომელიც მუდამ ნერვებს გაწყვეტს და ძარღვებს გიშლის,
ვიდრემდე ის, რომ ერთადერთი სამშობლო გქონდეს,
ერთხელ იხილო,
ერთხელ მხოლოდ
და ისიც
ძილში...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“