Thursday, February 26, 2009

ახალი ამბები (იანვარი, 2008)


გაბრიელ გარსია მარკესი ირანული ცენზურის ქვეშ

კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანი “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსნების ჟამს” ირანში მას შემდეგ აკრძალეს, რაც ცენზორებმა წიგნის ირანულ ვარიანტში სათაურის ცვლილება შეამჩნიეს. რომანი, რომლის ავტორიც ირანში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მცდარი სათაურით თარგმნეს - მთარგმნელმა რატომღაც შეარბილა იგი და “მეძავები” “საყვარლებით” შეცვალა. პირველი ტირაჟი, 5000 წიგნი, გამოსვლისთანავე გაიყიდა. ნაწარმოების შინაარსმა რელიგიური კონსერვატორები შეაშფოთა და ამიტომაც მისი ორიგინალური ვარიანტით დაინტერესდნენ. სათაურში უზუსტობის აღმოჩენის შემდეგ კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ “ბიუროკრატიულ შეცდომას” ჰქონდა ადგილი და მარკესის რომანის ახალი ტირაჟით გამოცემაც აკრძალა. ის მომსახურე პერსონალი კი, რომელიც პასუხისმგებელი იყო წიგნის გამოცემაზე, სამსახურიდან დაითხოვეს.


Kindle - 200 წიგნი რბილ ყდაში


ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა გაყიდვაში ახალი პროდუქტი ჩაუშვა - უსადენო მოწყობილობა ელექტრონული წიგნების საკითხავად. Kindle-ის სამარკო ნიშნით გამოშვებული აპარატი ჯერ-ჯერობით ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით იმუშავებს. Kindle საშუალო წიგნის ზომისაა და რბილი ყდა აქვს, თუმცა წიგნისგან განსხვავებით მის მეხსიერებაში 200-მდე ტომი ეტევა. Amazon-ის საიტზე იგი 399 დოლარი ღირს. Kindle-ის ჩასატვირთად მისი მიერთება კომპიუტერთან არ არის საჭირო. მონაცემები მასში EVDO-ს უსადენო ქსელის საშუალებით იტვირთება. როგორც Amazon-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, დღეისათვის უკვე ელექტრონულ ფორმატში 90 ათასი წიგნია ხელმისაწვდომი Kindle-ზე ასატვირთად, თითოეული წიგნის ფასი 9,99 დოლარია. რაც მთავარია, EVDO-ს სერვისის მომსახურება უფასოა - მას თავად Amazon-ი იხდის. 



ბიოლისა და კოპელევის მიმოწერა გამოფენაზე

გრაიფსვალდის ლიტერატურული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფართო აუდიტორიისათვის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოჩნდა. საგამოფენო ექსპონატები ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლისა და რუსი მწერლის, ლევ კოპელევის პირადი წერილებია და გამოფენა ბიოლის 90 წლისთავს ეძღვნება. მწერლებს წლების მანძილზე ჰქონდათ მიმოწერა და მათი საუბრის თემაც ძირითადად ლიტერატურის გამომსახველობითი საშუალებები და მწერლობის საზოგადოებრივი როლის განსაზღვრა იყო. ბიოლმა და კოპელევმა 1962 წელს გაიცნეს ერთმანეთი და მათი მიმოწერაც 1981 წლამდე, კოპელევის გასახლებამდე გაგრძელდა. გამოფენის გახსნის დღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანამშრომლებმა წერილებიდან რამდენმე ნაწყვეტი ხმამაღლა წაიკითხეს. გრაიფსვალდის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერების დათვალიერება 9 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

Costa-ს ლიტერატურული პრემიის ფინალში ქალები აღმოჩნდენ

ბრიტანული ლიტერატურული პრემიის, Costa-ს ნომინაციაში “სადებიუტო რომანი” ოთხივე ფინალისტი ქალი აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევა 36 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. კონკურსანტებს შორის კეტრინ ო’ფლინი ბრიტანელია, ტაჰმიმა ანამი, ნიკიტა ლალვანი და რომა ტიარნე კი პაკისტანში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში არიან დაბადებულები. ლალვანი და ო’ფლინი 2007 წლის ბუკერის პრემიაზეც იყვნენ წარდგენილები, თუმცა ფინალამდე ვერცერთმა ვერ მიაღწია. Costa-ს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მკაცრად გაემიჯნათ ეს პრემია ბუკერისგან და ჯილდოს გადაცემის პრიორიტეტადაც უფრო “სასიამოვნოდ საკითხავი ლიტერატურა” მიიჩნიეს, ვიდრე ელიტარული ავტორები. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით ფინალს მიღმა დარჩნენ იან მაკიუენი და ენ ენრაიტი. პრემია Costa 5 სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რომანი, სადებიუტო რომანი, ბიოგრაფიული ნაშრომი, პოეტური კრებული და საბავშვო ლიტერატურა. გამარჯვებულებს შორის კი “წლის წიგნის” ავტორი სახელდება, რომლის ფულადი ჯილდოც 30 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ლაურეატების ვინაობა 2008 წლის 3 იანვარს გახდება ცნობილი, დაჯილდოების ცერემონიალი კი 22 იანვარს ჩატარდება.  


ჰაროლდ პინტერის არქივი 2. 24 მილიონ დოლარად

ბრიტანულმა ბიბლიოთეკამ ნობელის პრემიის ლაურეატი დრამატურგის, ჰაროლდ პინტერის არქივი შეიძინა, ასევე მისი მიმოწერები ლიტერატურისა და თეატრის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მნიშვნელოვან ფიგურასთან. ბიბლიოთეკამ არქივიში 2.24 მილიონი დოლარი გადაიხადა, ამ თანხით დაიფარა ასევე პინტერის სხვადასხვა პიესების კოლექციის სესხიც, რომელიც 1993 წლიდან ვალად ჰქონდა ბიბლიოთეკას. არქივი ხელნაწერების 150-მდე ყუთს, ალბომებს, წერილებს, ფოტოებსა და ელექტრონულ წერილებს მოიცავს, ასევე პინტერის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ახალგაზრდობისდროინდელ მემუარებს. ჰაროლდ პინტერი 77 წლისაა და ლონდონში ცხოვრობს. 2005 წელს იგი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. 

საბავშვო წიგნები - პატარების სიცოცხლისათვის საფრთხე

დიდ ბრიტანეთში რედაქტორების მთელი რიგი უარს ამბობს საბავშვო წიგნების გამოცემაზე, რომლებიც ისეთ ეპიზოდებს შეიცავენ, სადაც მათი მკითხველის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას პოტენციურად საშიშროება ემუქრება. ცნობილი საბავშვო მწერალი, ლინდსეი გარდენი აცხადებს, რომ მის ბოლო წიგნში ("Who Wants A Dragon?"), სადაც მთავარი გმირი, პატარა გველეშაპი, ცხვირის ნესტოებიდან გამოფრქვეულ ცეცხლზე ზეფირს წვავს, რედაქტორებმა მას ამ საშიში სცენის შეცვლა მოთხოვეს; ასევე ეპიზოდში, სადაც ლეკვი მაქსი კიბეზე მოგორავს, კიბე ბავშვებისათვის „საშიშ ტერიტორიად“ მიიჩნიეს და ტექსტის ამ ნაწილის რედაქტირების საკითხიც დააყენეს. ლინდსეი გარდენერს ნიკოლა მორგანიც (80-მდე საბავშვო წიგნის ავტორი) შეუერთდა და მათ თავიანთი საპროტესტი განცხადება გაზეთ The Telegraph – ში გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, ბრიტანელი რედაქტორების მოთხოვნები მიუღებელია და უსაფრთხოების მსგავსი ზომებიც გადამეტებულია. 


ნორმან მეილერი - Bad Sex Award –ის ახალი მფლობელი


ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი ბრიტანულმა ჟურნალმა The Literary Review – მ ყველაზე ცუდი სექსუალური სცენის ავტორად დაასახელა. პრემია ყველაზე ცუდი სექსუალური სცენისათვის (Bad Sex Award )15 წელია არსებობს, და იგი პირველად მიანიჭეს მწერალს გარდაცვალების შემდეგ. მეილერს ჯილდო ბოლო რომანის (“The Castle in the Forest”) ერთ-ერთი ეპიზოდის გამო მისცეს, სადაც ადოლფ ჰიტლერის მშობლებს შორის სექსუალური სცენაა აღწერილი. რომანის მიხედვით მესამე იმპერიის ფიურერი ღვიძლი ბიძაშვილების სექსუალური კავშირის შედეგად ჩაისახა. დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად ლონდონის კლუბ "In & Out"-ში გაიმართა, სადაც გარდაცვლილი მწერალი გაიხსენეს და სიმბოლური “ჯილდოც” გადასცეს. სხვადასხვა დროს პრემიის ლაურეატები იყვნენ სებასტიან ფოლკსი, ჯაილ კორენი, ტომ ვულფი.
 

ტერი პრეტჩეტმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ განაცხადა


ბრიტანელმა მწერალმა, ტერი პრეტჩეტმა, განაცხადა, რომ მას ალცჰაიმერის საწყისი სტადია აქვს და თავს მოვალედ თვლის, ამის შესახებ მისმა მკითხველებმა და რედაქტორებმა იცოდნენ. პრეტჩეტი დღესდღეობით 40-მდე ბესტსელერის ავტორია. მისი პირველი წიგნი "The Color of Magic" 1983 წელს გამოიცა. დღეისთვის პრეტჩეტის წიგნები მსოფლიოს 33 ენაზეა ნათარგმნი და მათი 55 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მწერალმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად ის მაინც აგრძელებს წერას და აუცილებლად დაამთავრებს დაწყებულ რომანს, რომელსაც "Unseen Academicals" –ს ჰქვია. 59 წლის ტერი პრეტჩეტი ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწეობს.



მემუარები კენედების ოჯახის შესახებ


ედუარდ კენედიმ, ამერიკის სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდანტმა, 8 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი მალე მემუარების ავტორი გახდება. მემუარებში კენედი თავისი ძმების - ამერიკის ექსპრეზიდენტის - ჯონ კენედისა და იუსტიციის მინისტრის, რობერტ კენედის მკვლელობის ისტორიებს მოჰყვება, ასევე აღწერს 1969 წლის ავტოავარიას, რომლის დროსაც მისი მდივანი დაიღუპა, თვითონ კი გადარჩა, და პოლიციას ამ ავარიის შესახებ არ აცნობა. მაშინ სწორედ ამ ეპოზოდმა შეუშალა ხელი კენედის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კონტრაქტის თანახმად, წიგნი 2010 წელს უკვე გაყიდვაში იქნება. 



© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



ახალი წიგნები (იანვარი, 2008)

“ალაბამას სიმღერა”
ჟილ ლერუ
“Alabama Song”
Gilles Leroy 
189გვ. Mercure de France


წლების მანძილზე ზელდა საირი პოპულარული მეუღლის - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ჩრდილქვეშ იყო, ლერუს ახალი რომანი კი სწორედ მის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვნება. წიგნში აღწერილია ზელდას ბოჰემური თავგადასავლები, ალკოჰოლისა და საყვარლების არც თუ მცირე რაოდენობის თანხლებით - მაშინ, როცა მეუღლე საბეჭდ მანქანასთან იჯდა და “დიდ გეტსბის” ან “ნაზია ღამეს” წერდა (სხვა დროს არც ფიცჯერალდი იკლებდა დროსტარებას). რომანის სიუჟეტი ბიოგრაფიული ელემენტების გარდა სხვადასხვა ეპიზოდებს შეიცავს ზელდას ნოველებიდან, რომლებსაც თავის დროზე ქმარი უწუნებდა და ყველანაირად ცდილობდა, ზელდას სამწერლო კარიერისთვის ხელი შეეშალა. ჟილ ლერუს რომანი “ალაბამას სიმღერა” 2007 წლის გონკურის პრემიის ლაურეატია. 


“მესაფლავის ქალიშვილი”
ჯოის კეროლ ოუტსი
“The Gravedigger's Daughter”
Joyce Carol Oates
582 გვ. Ecco/HarperCollins


რებეკა შვართის ებრაელი მშობლები ნაცისტურ გერმანიას ნიუ-იორკში დაემალნენ. მამამ, მათემატიკის ყოფილმა მასწავლებელმა, აქ მხოლოდ მესაფლავის სამუშაო იშოვა, რებეკამ კი ებრაული სახელი და გვარი ჰაზელ ჯონსით შეიცვალა. წიგნის დასაწყისში გოგონა ერთ თითქოს და კეთილ, უვნებელ მამაკაცს გადაეყრება, რომელიც 500 გვერდის შემდეგ სერიული მკვლელი აღმოჩნდება. ამერიკელი მწერლის კიდევ ერთი რომანი ეროვნული იდენტობის, ძალადობის, წარსულის დავიწყება-არდავიწყების თემებს ეხება, იკვეთება ადამიანების ორი ჯგუფი - მონადირისა და ნანადირევის. ოუტსი ოცდაათამდე წიგნის ავტორია, არაერთხელ იყო ნომინირებული პულიცერის პრემიაზე. რომანით “Them” ოტსი National Book Award-ის მფლობლი გახდა.

“იყავი ახლოს”
ენდრიუ ო’ჰაგანი
“Be Near Me”
Andrew O’Hagan
305 გვ. Harcourt


დევიდ ანდერტონი 58 წლის ინგლისელი მღვდელია. იგი შოტლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს, თავშესაქცევად წითელი ღვინო და შოპენის ნოქტიურნები ჰყოფნის, ხანდახან კი თავისი ბინის დიასახლისს ემასლაათება. ერთ დღესაც დევიდი ადგილობრივ კათოლიკურ სკოლაში ორ მცირეწლოვან დამნაშავეს - მარკს და ლიზას ხვდება, და შემდეგ უკვე უბრალო ნაცნობობა უცნაურ მიზიდულობაში გადაიზრდება. “იყავი ახლოს” ენდრიუ ო’ჰაგანის მესამე რომანია და იგი წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის მოხვდა. ო’ჰაგანი შოტლანდიელი მწერალია და აღიარება მან ჯერ კიდევ სადებიუტო რომანით (“Our Fathers”) მოიპოვა.


„შუადღის ჭინკა“
იულია ფრანკი
„Die Mittagsfrau“
Julia Franck
432გვ. Fischer


ლაუზიცში ელენის უზრუნველ ბავშვობას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ წერტილი დაუსვა - მამა აღმოსავლეთ გერმანიაში დაიღუპა, დედა საკუთარ თავში ჩაიკეტა და, სიგიჟის ზღვარზე მყოფმა, შვილთან ურთიერთობა შეწყვიტა. არადა ელენი მშვიდ, ბედნიერ ახალგაზრდობაზე ოცნებობდა, სამომავლო გეგმებს აწყობდა - უნდოდა, ექიმი გამხდარიყო, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ცხოვრება მას სულ სხვა ვალდებულებებს აკისრებდა და დასთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. სწორედ აქედან იწყება ელენის თავგადასავლები - სიყვარული და მარტოობა, იმედგაცრუება და წარმატება, რაც იულია ფრანკმა თავის რომანში აღწერა. წიგნი 2007 წლის Deutschen Buchpreises-ის ლაურეატია.

“ეზრა პაუნდი: ახალგაზრდა გენიოსი (1885-1920). I ტომი”
დევიდ მუდი
“Ezra Pound: Poet. Vol 1: The Young Genius 1885-1920“
David Moody 
544გვ, Oxford


თუ აქამდე ლიტერატურულ სივრცეში მეოცე საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი ეპიზოდი ბურუსით იყო მოცული, ახლა ამ ეპიზოდს არც მეტი, არც ნაკლები - ტომეულები ეძღვნება. ეზრა პაუნდი (1885-1972) ინგლისურენოვანი ლიტერატურის სწორედ ის ფიგურაა, ვის გარშემოც და ვისი შემოქმედებითაც ერთი ეპოქა შეიქმნა. დევიდ მუდის ნაშრომის პირველ ტომში პოეტის ბიოგრაფიის ადრეული წლებია აღწერილი, მისი სასიყვარულო თავგადასავლები, შემოქმედებითი ნაყოფიერებისა და სოციალური აქტიურობის ხანა. წიგნის მეორე ტომი ეზრა პაუნდის ბიოგრაფიას 1921 წლიდან გვიამბობს, იმ პერიოდს, როცა პოეტი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.


“კოლტრეინი: ბგერის ისტორია”
ბენ რეტლიფი
“Coltrane: The Story of a Sound”
Ben Ratliff
250გვ, Faber


ჯაზ-მუსიკის მოყვარულებისთვის ჯონ კოლტრეინის სახელი და ბიოგრაფია უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა ბენ რეტლიფის წიგნი იმ მხრივაა საინტერესო, რომ მასში არა მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიული ფაქტებია აღწერილი, არამედ ავტორი ფეხდაფეხ მიჰყვება საქსოფონისტის შემოქმედებით გზას და აანალიზებს იმ ფაქტორებს, რამაც კოლტრეინი ჯაზის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ფიგურედ აქცია. ლეგენდარული მუსიკის ორმოცწლიანი ისტორია, ალკოჰოლისა და ჰეროინის ნაკადები ბგერებში, მთელი ამ მედიტაციის დასასრული - ღვიძლის კიბო... ბენ რეტლიფის წიგნი მუსიკოსის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გაგახსნებეთ.


(c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ახალი წიგნები (იანვარი, 2008)

“მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია”. შემდგენელი თამაზ ვასაძე. თბ. “გია ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2007.

ისევე, როგორც სხვადასხვა დრო და ეპოქა გავლენას ახდენს ლიტერატურის განვითარებაზე, ლიტერატურაც თავის მხრივ ამა თუ იმ ეპოქის სარკე ხდება. ამჯერად თქვენ წინაშე ქართული ისტორიის მეოცე საუკუნეა - ძველი და ახალი ლიტერატურული ტენდენციების გზაგასაყარი, ან უფრო - მათი სინთეზი. “მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიაში” 30-მდე ავტორის ნაწარმოებია შესული, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად, ქართული ლიტერატურის საინტერესო და მრავალფეროვან სურათს ქმნიან. წიგნს სარჩევის სახით ერთვის მოთხრობების მოკლე მიმოხილვაც. 


გაბრიელ გარსია მარკესი, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”. რომანი. მთარგმნელი ელზა ახვლედიანი. თბ. “სიესტა” 2007.

სიყვარული ძალაა, ვნება - ძლიერი სიყვარული; ენა ადამიანების საკონტაქტო საშუალებაა, სხეულის ენაზე ლაპარაკი კი ამ კონტაქტს მიჯაჭვულობად აქცევს. იქ კი, სადაც დაუოკებელი ვნება და არამკითხე ინსტინქტები იღვიძებენ, მეორეხარისხოვანი ხდება სოციალური სტატუსები, ასაკი, გარშემომყოფები... კოლუმბიელი კლასიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანი თოთხმეტი წლის გოგონასა და ოთხმოცდაათი წლის მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს, წარსულისა და აწმყოს სევდასა და სიხარულზე, აღტაცებებსა და სინანულზე. წიგნი პირველად 2004 წელს გამოიცა და მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა, დღეს კი ქართველ მკითხველსაც ეძლევა საშუალება, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს საყვარელი მწერლის კიდევ ერთი ნაწარმოები.


ოთარ ჭილაძე, “მარტის მამალი”. რომანი. მესამე გამოცემა. თბ. “არეტე” 2007.

ხანდახან სულაც არ არის საჭირო, დანაშაულის მონაწილე იყო იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო - ხშირად ისიც საკმარისია, რომ უბედური შემთხვევის მოწმე აღმოჩნდე. ხანდახან უბრალო შემთხვევითობამ შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, მისი ფსიქოლოგიური განვითარების გზას მიმართულებები აურიოს. რომანი ადამიანებზე, მათს ტკივილებსა და განცდებზე; წიგნი, რომელიც უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა - ოთარ ჭილაძის “მარტის მამალი” ლიტერატურის გურმანებისთვისაა. ამჯერად თქვენ წინაშე რომანის ახალი გამოცემაა. 


ფიქრია ყუშიტაშვილი, “ქათმის გრიპი”. მოთხრობები. თბ. “დიოგენე” 2007.

ქალაქი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები - ეგრეთ წოდებული NGO-ები წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდებიან, ქათმის გრიპი და შინაური ფრინველების სახალისო თავგადასავლები, ადამიანები, წერილები, თამაშები, ნამდვილი და გამოგონებული პერსონაჟები - ფიქრია ყუშიტაშვილის მოთხრობების კრებული იუმორით, სიკეთით, სევდით, ხალისით, ადამიანური ისტორიებითა და განცდებით სავსე წიგნია. “ქათმის გრიპი” ავტორის მეორე კრებულია, მკითხველი მას უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით - “ერთხელ აქ, ამერიკაში”. 



სუნ-ძი, “ომის ხელოვნება”. მთარგმნელი ირინა აბულაშვილი, რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2007.

ჩინეთის ისტორიაში “ბარბაროსების” -სხვადასხვა მომთაბარე ტომების შემოსევებისგან გამოწვეულმა მუდმივმა საფრთხემ და სამხედრო მზაობამ ხელი შეუწყო პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეების აღზრდასა და დამატებით სტრატეგიულ სწავლებათა მეთოდების ჩამოყალიბებას. სუნ-ძის “ომის ხელოვნებაც” ერთ-ერთი ის კრებულია, რომელმაც საფუძველი დაუდო სამხედრო ტაქტიკური და სტრატეგიული კონცეფციების უკეთ განვითარებას. წიგნში თავმოყრილი ისტორიული ფაქტები და მათი ანალიზი მკითხველს უკეთ გააცნობს ძველი ჩინეთის სამყაროს. 


“გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა”. რედაქტორი და შემდგენელი ლელა გაფრინდაშვილი. თბ. „დობერა“ 2007.

გენდერული კვლევის სფეროთი დაინტერესებულ მკითხველებს კიდევ ერთი ქართულენოვანი კრებული აქვთ, სადაც ქართველი და უცხოელი ავტორების პუბლიკაციებია თავმოყრილი გენდერული კვლევების შემდეგ სფეროებზე: ფილოსოფია, სამართლის თეორია, კულტურა, მასმედია, ვიზუალური ხელოვნება. წარმოდგენილი სტატიები ოთხი ძირითადი თავის მიხედვითაა დაჯგუფებული: ფემინისტური ცოდნა ანუ გენდერის რაციონალიზაცია, თანასწორუფლებიანობა და თანასწორობა, გენდერული კვლევა და კულტურის კვლევები, „ქალი“ და ქალები პოლიტიკურ თეორიაში. წინამდებარე კრებული „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა“ ამავე სახელწოდების წიგნის მეორე ნაწილია.



© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


Wednesday, February 25, 2009

ზაზა შათირიშვილი

არტისტული ყვავილებიდან Artყვავილებამდე


რეზო გეთიაშვილის Artყვავილები 2004 წელს გამოიცა - გალაკტიონის არტისტული ყვავილების (1919 წ.) გამოსვლიდან ზუსტად 85 წლის შემდეგ.
XX საუკუნის ქართული პოეზია, ძირითადად, ორ პოეტიკას შორის მერყეობდა: პირველი - ესაა გალაკტიონის აბსოლუტური, ერთადერთი და უნიკალური პოეტიკა, რომელიც ადგილს არ ტოვებს სხვისთვის ("როგორც ერთია ქვეყანა მთელი..."), ხოლო მეორე - ნიკო სამადაშვილის "წამოცარიელებული" (კენოზისური) პოეტიკაა, რომელიც გველაპარაკება ცოდვილ და დაცემულ ადამიანზე - "უკანასკნელ ქრისტიანზე" - რომლის ტანზე ლექსი ამოყრილია როგორც ავადმყოფობა, როგორც დასაბამიერი ცოდვა. გურამიშვილის შემდეგ ქართულმა პოეზიამ ასეთი რამ ნამდვილად არ იცოდა.
გარკვეული აზრით, გალაკტიონი და ნიკო სამადაშვილი რუსთველისა და გურამიშვილის როლებს "იმეორებენ". ცხადია, აქ მე ვსაუბრობ არა "თავისთავად" რუსთველსა თუ გურამიშვილზე, არამედ - მათ გვიანდელ კულტურულ რეცეპციაზე - XIX-XX საუკუნეების ქართული კულტურისათვის რუსთველი ნაციონალური ეპიკური გენიოსია, რომელიც "სრულად გამოხატავს ქართულ ნაციონალურ ხასიათსა და სულს", ხოლო გურამიშვილი - პოეტი "როგორც ასეთი" - ლირიკული პირადი ხმისა და შინაგანი მედიტაციური ჩაღრმავების გამოხატულება.
აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონის "მრავალფეროვნებისა" და "სიმდიდრის" ფონზე ნიკო სამადაშვილი "ცუდი", "გაურანდავი" პოეტია, ღარიბი მეტრული რეპერტუარითა და ღარიბი რითმებით. აქ, მე მგონი, სავსებით შესაძლებელია XX საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის სერ აიასია ბერლინის ერთი ცნობილი დიქოტომიის - მელასა და ზღარბის - გამოყენება. მელამ უამრავი ეშმაკური ილეთი იცის, ხოლო ზღარბმა - ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ცხადია, ბერლინისეული დიქოტომიის მიხედვით, გალაკტიონი "მელაა", ხოლო ნიკო სამადაშვილი - "ზღარბი".
გალაკტიონისა და ნიკო სამადაშვილის ამ ორ პოეტიკას შორის მერყეობდა ქართული პოეტური ენა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. ამიტომაც 1960-1990 წლების პოეზიას მიჯნათაშორისიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ 30-წლეულის ყველა მნიშვნელოვანი პოეტი უგამონაკლისოდ მოცემულ ორ პოეტიკას შორის მოძრაობს, ოღონდ - მიჯნებამდე მისვლის გარეშე. მიჯნათაშორისის პირობით ცენტრს მურმან ლებანიძე და ბესიკ ხარანაული ქმნიან: პირველი, ძირითადად, "მაღალ ლიტერატურულ კანონსა" და ნაციონალურ იდეას გამოხატავს, ხოლო მეორე - პირადი საუბრის ინტონაციასა და "კერძო პოეტიკას" ამჯობინებს. საგულისხმოა, რომ ხარანაულის შემთხვევაში საქმე გვაქვს, ასე ვთქვათ, "მთის ლირიკულ პოეტთან", მაშინ როცა ქართული კულტურისათვის მთა, უპირატესად, "ეპოსის ადგილია" (ვაჟა და მისი ძმები), ხოლო ბარი - ლირიკისა (ბარათაშვილი, აკაკი, გალაკტიონი).
აქ ორი სიტყვით ისიც უნდა ითქვას, რომ, ალბათ, აკაკისა და გალაკტიონის შემდეგ არავის ისეთი დამსახურება არ მიუძღვის ქართული პროსოდიისა (ლექსთწყობის) და, განსაკუთრებით,Y პოეტური სინტაქსის წინაშე - როგორც მურმან ლებანიძეს, რომელიც, ამავე დროს, როგორც დღეს იტყვიან, პოლიტიკურად სრულიად არაკორექტულად, მაგრამ, ამასთანავე, ღიად და გულწრფელად გამოხატავდა ქართულ პლაკატურ ნაციონალიზმს. ამ აზრით, მურმან ლებანიძე ჩვენი პოეზიის რედიარდ კიპლინგია (რომელიც, ასევე, სრულიად გულწრფელად ბრიტანულ განმანათლებლურ იმპერიალიზმს გამოხატავდა). მაგრამ, როგორც XX საუკუნის გენიალური ინგლისელი პოეტი უისტან ჰიუ ოდენი აღნიშნავს უილიამ ბატლერ იეიტსის გარდაცვალებაზე დაწერილ ლექსში - "დრო შეუნდობს კიპლინგსაც / კარგად წერის გამო". ჩემი აზრით, იგივე ითქმის მურმან ლებანიძეზეც.
მიჯნათაშორისის პოეტთა შორის უნდა დავასახელოთ - უკვე მოხსენიებულნი - მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული და, აგრეთვე, - ანა კალანდაძე, ტარიელ ჭანტურია, მუხრან მაჭავარიანი, ოთარ ჭილაძე, იზა ორჯონიკიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, გივი გეგეჭკორი... მიჯნათაშორისის პოეტიკაში თავსდება უფრო მოგვიანო პერიოდის პოეტი ანდრო ბუაჩიძე.
XX საუკუნის 90-იან წლებში მიჯნები მოიშალა - კონცეპტუალურმა, მინიმალისტურმა, ვიზუალურმა თუ ცენტონურმა ნაკადებმა ქართული პოეზია ახალ - "გლობალური ფრაგმენტაციის" - პერიოდში შეიყვანა. ამ პოეტიკასაც ჰყავდა თავისი წინამორბედი მიჯნათაშორისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტის - ტარიელ ჭანტურიას სახით. თუმცა, ტარიელ ჭანტურია თავის რადიკალურ მინიმალიზმს ქართული ნაციონალური პოეტური კანონის (ვგულისხმობთ "შვიდკაცას": რუსთაველი - გურამიშვილი - ბარათაშვილი - ილია - აკაკი - ვაჟა - გალაკტიონი) ფარგლებში ათავსებდა როგორც ირონიულ-პაროდიულ ჟანრულ მიმართულებას. განსხვავებით ამისაგან, 90-იანი წლების ახალი მინიმალისტები და კონცეპტუალისტები კანონს (მაგალითად, "სოფლელ გალაკტიონს”) რადიკალურად უპირისპირდებიან, თუმცა ვერ ახერხებენ წინამორბედი პოეტების ესთეტიკურ სიმაღლეთა დაპყრობას.
მიუხედავად ამისა, მიჯნათაშორისი მაინც მოიშალა. საგულისხმოა, რომ აქ გარკვეული როლი პროზამაც შეასრულა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში პოეზიაზე ბევრად საინტერესო თუ "აქტუალური" აღმოჩნდა. კერძოდ, აკა მორჩილაძემ დაამკვიდრა მწერლის ახალი ტიპი და წერისადმი ახალი მიდგომა: თუ აქამდე საქართველოში (და - არა მხოლოდ საქართველოში) მწერალი "იყო უფრო მეტი, ვიდრე მწერალი", აკა მორჩილაძე შეგნებულად წარმოგვიდგენს საკუთარ თავს როგორც - "უფრო ნაკლები, ვიდრე მწერა¬ლი". აქედან - მისი (შესანიშნავი "სტილიზატორისა" და მთხ¬რობელის) სრულიად პოსტმოდერნისტული "გატაცება" სიუ¬ჟეტითა და ჟანრებით, რაც, მოდერნისტული პოზიციიდან, "ბელე¬ტრისტიკისა" და "დაბალი ლიტერატურის" ნიშანია. სწორედ ეს "დაბალი" ლიტერატურა გახდა ახალი ლიტერატუ¬რული პროცესის, მრავალთათვის, ერთადერთი ცოცხალი სიმბოლო, რაც თუნდაც იმით გამოიხატა, რომ 2003 წელს დაარსებული ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" აკა მორჩილაძეს სამჯერ მიენიჭა.
სამწუხაროდ, აქ არც დროა და არც ადგილი, რომ არსებითად მოვხაზოთ თანამედროვე ქართული პოეზიის სივრცე. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პოეტური სივრცის მთავარი მახასიათებელი ფრაგმენტაციაა - ესაა ფრაგმენტაციის ხანა.
ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ჩვენს წინაშეა ვერშემდგარი "კონცეპტუალიზმი", რომელიც კალამბურსა და უხვსიტყვაობას შორის ირყევა (დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, მამუკა ლეკიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით რობაქიძე, შოთა იათაშვილი და სხვ.); მეორე მხრივ, ვხედავთ "ინგლისურენოვან სკოლას" - ზვიად რატიანი და ლელა სამნიაშვილი - პოეტური კულტურის თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე უფრო დახვეწილი პოეტები, თუმცა "სტერილური ქართულის" მანკიერ ზეგავლენას ისინიც ვერ ასცდნენ ("სტერილური ქართული" ჩვენი პოეზიის ნამდვილ აქილევსის ქუსლად იქცა. აქ მარტო არქაიზმებსა თუ ძველ ქართულ კონსტრუქციებზე პარაზიტიზმს როდი გვულისხმობთ, არამედ ე.წ. შეზღუდულ მწირ "პოეტურ" ლექსიკას, რის გამოც ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს); ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე, "პოეტურ პოეტებს" (გაგა ნახუცრიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ელა გოჩიაშვილი...), რომელნიც არსებულ პოეტურ სისტემასა და “პოეტურობის ნიშნებს” ავტომატურად იყენებენ.
მიუხედავად ამ ფრაგმენტებს შორის არსებითი განსხვავებისა, სამივე, პირობითად რომ ვთქვათ, "მიმართულების" პოეტებს ერთი და იგივე ნაკლი ახასიათებს - ისინი თითქოს არ იცნობენ იმ პოეზიას (ვგულისხმობთ ქართულ პოეზიასა და ლიტერატურას), რომლის ენაზეც წერენ, ან, თუ იცნობენ, - საკმაოდ მცირე დოზებით - იცნობენ მხოლოდ ფრაგმენტებს. აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.
მიუხედავად ამისა, ქართულმა კონცეპტუალიზმმა მაინც მოახერხა ერთი საგულისხმო ნაწარმოების შექმნა, რომელიც კარგად გამოხატავს ფრაგმენტაციის ხანის სულისკვეთებას - ესაა დათო ბარბაქაძის ტრფობა წამებულთა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პროზაული (და არა - პოეტური) ნაწარმოები ძველი ქართული ლიტერატურის კლიშეთა "დეკონსტრუირებას" ცდილობს.
დაბოლოს, უნდა აღვნიშნო პოეტი, რომელმაც მოახერხა ფრაგმენტაციის ხანისათვის ყველაზე "კანონიკური" (დასამახსოვრებელი) ლექსის დაწერა - ესაა რატი ამაღლობელი და მისი სეკვენცია (“ანი, ბანი და განი და..." ), რომელმაც XVII-XVIII საუკუნეების ანბანთქება და ვახტანგ VI-ის შედევრი (“რანი და მოვაკანი და...”) ადეკვატურად გაუცოცხლა თანამედროვე მკითხველს (მსმენელს).
რატი ამაღლობელს იდეალური პროსოდიული სმენა და სანიმუშო ბგერწერა აქვს. ამ თვისებებს თან რომ დართვოდა საკმარისი ცინიზმი და კლასიკური ტრადიციის დეკოსტრუირების სურვილი, მისგან აწ გარდაცვლილი დმიტრი ალექსანდროვიჩ პრიგოვის მსგავს ჩინებულ კონცეპტუალისტ პოეტს მივიღებდით (სწორედ ცინიზმი და პოეტური ტრადიციის ცოდნა არ ყოფნით ჩვენს კონცეპტუალისტებს და - არა ოდენ მათ); მაგრამ, საქმეც ისაა, რომ ამაღლობელის სახით ჩვენ საქმე ნამდვილ პარადოქსთან გვაქვს - ბრწყინვალე მონაცემების მინიმალისტი-კონცეპტუალისტი, ამავე დროს, სპირიტუალურ-მედიტაციური მგრძნობელობის პოეტია. თუ ის მოახერხებს ამ ორი საწინააღმდეგო ტენდენციის "ბუნებრივად" შედუღაბებას, ის შეიძლება დიდ პოეტად იქცეს.
ფრაგმენტაციის ხანის ეს ორივე საგულისხმო პოეტური (ფართო გაგებით) ნაწარმოები (ბარბაქაძის ტრფობა წამებულთა და ამაღლობელის სეკვენცია) კარგად გვიჩვენებს, რომ მხოლოდ პოეტურ ტრადიციასთან მუშაობით შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა - გნებავთ მისი დეკონსტრუქციისა, თუ - პირიქით - ამ ტრადიციის განახლებისა თუ გაგრძელების გზით. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ფრაგმენტაციის ხანის პოეტთა ნაკლი ტრადიციასთან დაპირისპირება კი არაა, არამედ - ქართული სალიტერატურო ენისა და ამ ენაზე შექმნილი ლიტერატურის არცოდნა (ან - შეზღუდული ცოდნა), ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, - “სტერილური ქართული” და პოეტური რეფლექსიის (თვითცნობიერების) ნაკლებობა. სწორედ ამის გამო ვერ ქმნიან ისინი ესთეტიკურად მნიშვნელოვან ნაწარმოებებს.
აი, ამგვარ კონტექსტში გამოქვეყნდა რეზო გეთიაშვილის Artყვავილები 2004 წელს, რომელიც, ფაქტობრივად, თუ შეუმჩნეველი არა, - "წაუკითხავი" მაინც დარჩა. აქ, ცხადია, მე მხოლოდ იმას როდი ვგულისხმობ, რომ ამ კრებულს პრემია "საბა" არ მიენიჭა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ Artყვავილები 2005 წლის "საბას" კანდიდატთა ე.წ. "შორთ-ლისტშიც" ვერ მოხვდა და ამის შემდეგ არც რაიმე რეცენზია ღირსებია (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ literatura.ge-ს ინტერნეტ-გვერდზე რეზო გეთიაშვილი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობს).
არადა, რეზო გეთიაშვილი არა უბრალოდ კარგი ან საინტერესო, არამედ - ნამდვილად დიდი პოეტია ახალი პოეტიკითა და სრულიად განუმეორებელი პიროვნული ხმით. ესაა პოეტი, რომელსაც, მაგალითისათვის, მე არათუ უბრალოდ ველოდი, არამედ რომლის გამოჩენაზეც ვოცნებობდი - ესაა სწორედ ის დიდი ქართველი პოეტი, რომელმაც დაასრულა "გალაკტიონის ეპოქა" და ახალი მრავალფეროვანი პოეტიკა შემოგვთავაზა.
სანამ ვიტყოდე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის "გალაკტიონის ეპოქის" დასასრული, ერთი-ორი სიტყვით - თუ რატომაა რეზო გეთიაშვილი დიდი პოეტი და, საზოგადოდ, - რას ნიშნავს "დიდი პოეტი" და რით განსხვავდება ის “მცირე პოეტისაგან”? "მცირე პოეტი" არ ნიშნავს "უმნიშვნელოს" ან "ცუდს" - პირიქით - "მცირე პოეტი" შეიძლება ბევრად უფრო დახვეწილი და ვურტუოზული იყოს, ვიდრე - "დიდი". "მცირე პოეტი" ნიშნავს პოეტს, რომელიც არსებული პოეტიკის ფარგლებში მუშაობს და ორგანულად გრძნობს თავს უკვე მის გამოჩენამდე შემუშავებულ პოეტურ სისტემაში. "მცირე პოეტის" მაგალითია თითქმის გენიალური ბესიკი, რომელმაც ქართულ პროსოდიას "14-მარცვლიანი" მეტრი (საზომი) და რუსთველისეულზე არანაკლებად დახვეწილი ბგერწერა აჩუქა.
მაგრამ "დიდ პოეტს", განსხვავებით "მცირე პოეტისაგან", პოეტურ ენაში შეუქცევადი ცვლილებები შეაქვს - მაგალითად, აკაკი დიდი პოეტია, რადგან მან, ფაქტობრივად, შექმნა ახალი პოეტური სინტაქსი. ბარათაშვილმა, რომელსაც არ შეუქმნია ახალი პოეტური სინტაქსი, ე.წ. "10-" და "14-მარცვლიან" ლექსს ახალი თემა შესძინა - ბესიკის სახოტბო ლექსს პოეტური მედიტაციისა და პიროვნული თვითჩაღრმავების "სემანტიკური შარავანდედი" მიანიჭა ("სემანტიკური შარავანდედის" კონცეპტი რუსი ფილოლოგების კირილ ტარანოვსკისა და მიხაილ გასპაროვის მიერაა შემოთავაზებული. მათი აზრით, თითოეულ მეტრს აქვს თემატური მეხსიერება - მაგალითად, რუსულ ხუთტერფიან ქორეს ლერმონტოვიდან მოყოლებული გზის თემა განსაზღვრავს); და, ბოლოსდაბოლოს, შექმნა ქართული კულტურის ახალი სიმბოლური ფიგურა/პერსონაჟი - მერანი (ამგვარი ფიგურები XIX-XX საუკუნის პოეზიაში არცთუ ხშირია. მაგალითად, რუსული კულტურისათვის მსგავსი ფუნქცია სპილენძის მხედარმა იტვირთა, რომელმაც მთელი "მეტაფიზიკა" წარმოშვა. მერანშიც "იდო" მთელი მეტაფიზიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულმა ინტელექტუალურმა აზრმა ბოლომდე ვერ გამოიყენა). რაც შეეხება ვაჟას, მან ევროპული “ამაღლებულის იდეა” (ფსევდო-ლონგინე - ბუალო - ედმუნდ ბერკი - კანტი - ჰეგელი...) იმგვარ “ადგილობრივ” და მოულოდნელ კონტექსტში მოათავსა, რომ სრულიად წარმოუდგენელი შედეგი მიიღო - ქართული მთა ბერძნული ეპოსისა და ტრაგედიის ხელმეორე დაბადების ქრონოტოპოსად იქცა.
გალაკტიონის სიდიდე იმით გამოიხატება, რომ მან ქართული პროსოდია (ლექსთწყობა) სრულიად გადაახალისა - ერთმა შემოიტანა იმდენი ახალი ქართული მეტრი (საზომი), რამდენიც იქმნებოდა მთელი წინა რვა საუკუნის მანძილზე; - აღარაფერს ვამბობ რუსთველისა და ბესიკის შემდეგ ყველაზე უფრო დახვეწილ ბგერწერასა და პოეტური სინტაქსის ვირტუოზულ ფლობაზე - მას თანაბრად შეეძლო როგორც ნორმატიული, ისე პოსტპოზიციური წყობის გამოყენება (იგულისხმება მსაზღვრელ-საზღვრულის ორგვარი წყობა: "წითელი სახლი", "სახლი წითელი". პოსტპოზიციური წყობის მაგალითია - "წელიწადები წავლიან ძველი..."). გალაკტიონზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აქ აღარ გავაგრძელებთ. უბრალოდ შევნიშნავთ, რომ "გალაკტიონის ეპოქა" ნიშნავს გალაკტიონის "მასტერ-კლასს", "გალაკტიონის სკოლას", როცა პოეტური ენის ათვისება გალაკტიონის "ცოდნის" გარეშე შეუძლებელია. ამ აზრით, მიჯნათაშორისის პოეტების ლამის ერთადერთი მასწავლებელი გალაკტიონია.
რატომ არის რეზო გეთიაშვილი დიდი პოეტი? - უპირველეს ყოვლისა, პოეტური ენისადმი სრულიად ახალი და ცოცხალი დამოკიდებულების გამო. მის ლექსებში მნიშვნელოვანია არა იმდენად ხატწერა და სტილი (რიტორიკის სიბრტყე), რამდენადაც - ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომებისადმი დამოკიდებულება - პოეზიის გრამატიკა. რეზო გეთიაშვილმა გაქვავებული ენობრივი შრეები აამოძრავა, ამოაბრუნა და სრულიად ახალი პოეტიკა მიიღო.
საგულისხმოა, რომ გეთიაშვილმა იმ მნიშვნელოვანი ტენდენციის მოხელთება და მოთვინიერება მოახერხა, რაც უკვე მის გამოჩენამდე “ჰაერში დაფრინავდა” - ვგულისხმობ იდიომებისა და ფრაზეოლოგიზმების “ამობრუნებასა” და მათი ავტომატიზმის შეჩერებას. ამ მხრივ, ძალიან საყურადღებო ექსპერიმენტი განხორციელდა ისევ პროზაში: ზურაბ ქარუმიძის რომანი ღვინომუქი ზღვა სწორედ ენის “გაქვავებული შრეების” გაცოცხლებასა და ამობრუნებას შეეცადა ამბის მაქსიმალურად შეზღუდვის ხარჯზე, ხოლო ზაზა ბურჭულაძემ მინერალურ ჯაზში ეს ხერხი იმგვარ უკუდურესობამდე მიიყვანა, რომ ამბავი საერთოდ “გააქრო”. ორივე შემთხვევაში ეს რადიკალური ანტინარატიულობა (ამბის მოყოლის წინააღმდეგ ბრძოლა) იდიომებისა და ფრაზეოლოგიზმების “ბუკვალიზაციითა” და ამოძრავებით მოხდა. ფრაგმენტაციის ხანის პოეზიაშიც დროდადრო სპონტანურად ჩნდებოდა ეს ტენდენცია (ზვიად რატიანი, ზურაბ რთველიაშვილი, დავით რობაქიძე...), მაგრამ რეალური შედეგის მიღწევა მხოლოდ გეთიაშვილმა შეძლო Artყვავილებში.
ამავე დროს, მან თამამად ისესხა სამეტყველო ცოცხალი ენისაგან პროზაიზმები, გამოიყენა სრულიად არაპოეტური კავშირებითი ფორმები თუ სხვა "ტრივიალური" სამეტყველო კლიშეები და, რაც მთავარია, ერთი ჩამონათვალის ("რეესტრის") ფარგლებში განათავსა როგორც იდიომის შემადგენელი, ისე - "ჩვეულებრივი" სიტყვები. ყოველივე ამან მოგვცა სრულიად ახალი და განუმეორებელი პოეტიკა:

...მხოლოდ სითეთრე უშვებს ესოდენ
მსუბუქ სურათებს, მსუბუქ საჩივარს -
მკაცრი ხართ, თქვენო უშორესობავ,
მაშინაც, როცა მე შუაში ვარ ...
"მე შუაში ვარ..."

...სულაც იხდიდე, გუშინდელს და ნებაყოფლობითს,
სახადებს, კაბებს, ნათითურებს, ვალებს, ნარცისებს.
"დაკავებული ადგილები..."

მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად
შენ წვიმამდე ხარ გალუმპული და პირველ დღემდე
და შეგვიძლია დავანებოთ თავი და ბოლო
გასეირნება მოიწყინო და ასე შემდეგ.
"მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად..."

...და სინდისს ქენჯნით, საღამოა და რამდენს გთხოვენ,
როცა უბრალო თოჯინა ხართ და ასე მოგრთეს,
28 ა-ში რეალურად იზრდება ხევი
და შაბათამდე ელოდებით ინგლისელ ლორდებს

და ასე შემდეგ... დროს მიჰყვებით, ატარებთ, მისდევთ
და გრჩებათ, რაღაც, ძირითადი, მცირედი, თითქმის
არარსებული, რის გარეშეც, შემინდეთ, მისტერ,
თქვენ ვერასოდეს შეიყვარებთ საკუთარ სიკვდილს.
მეორე მიძღვნა
სიკვდილი იქნევდა ხელებს,
სიფრთხილეს სტკიოდა თავი...
... ... ...
ცა ჰგავდა დობერმან პინჩერს,
დარჩენილს მშრალზე და გარეთ.
იაფფასიანი გასეირნება

არის მარტი და არანაკლებ არტისტულ ქოხთან
დგას ღამის არასასურველი მღილი სიბერე,
მაგრამ რა მოხდა?
ვთქვათ, რა მოხდა?
ჰო, ვთქვათ: რა მოხდა...
მოხდა?
ვთქვათ, მოხდა...
მოხდა, მაგრამ რა მოხდა მერე?!
სიტყვა და საქმე

მერე სიბერეს მარტოობა საფუძვლად უდევს
და გენატრება შიგადაშიგ ძვირფასი დედა,
რომელიც დღეებს ასხვავებდა - კარგებს და ცუდებს,
მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე იმასთან ერთად.
"მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად..."

რას გვაძლევს ეს ყოველივე? - სრულიად ცოცხალ სამეტყველო ინტონაციებს, უნიკალურ პიროვნულსა და პოეტურ ხმას, პოეტური ენის გათავისუფლებას "პოეტიზმებისაგან", მრავალსიტყვიანი რიტორიკისაგან, არამოტივირებული მეტაფორებისაგან, "სტერილური ქართულისაგან" - ანუ ყოველივე იმისაგან, რითაც, სამწუხაროდ, სავსეა თანამედროვე ქართული პოეზია.
რეზო გეთიაშვილის პოეტური სინტაქსი თითქმის უზადოა. მისი სინტაქსი ფლობს ყველაფერს - ანჟამბმანს (გადატანას - "ისეთი ღია ფანჯრებია, წვიმით ავსებენ / ოთახს, არა ვარ მოწყენილი და მითუმეტეს / რომანტიული... - კრიზისი; "სხუად წარსულ ხარ და ღიმილი არაორგანულ / მონატრებებში უფრო ცდაა... - თეთრი ბერეტი: "იყო გაგება. უცნაური. ხოლო შორიდან / მოგონებებიც რბილდებოდნენ რაღაც განგებით" - არქივიდან; "როგორც არასოდეს, ასეთი გაუ- / თვლელი გაორება მიჰყვებათ კუდში / ყურებჩამოშვებულ ბასენტს და გაუნდს" - ბასენტგაუნდის მთვარე); რთულ ქვეწყობილსა თუ თანწყობილ წინადადებებს ("სამეგობროში შენ იკისრე ერთი საფლავი, / რომ შევიკრიბოთ და ყველანი ერთად მოვიდეთ, / გაზეპირებულ სიჩუმეში ღამე გავფლანგოთ, / ან სტუდენტობა გავიხსენოთ ასე შორიდან // და ალიონზე ორგანიზმში სულის ჩაქცევა... - ხუბჩევს, რომელიც მოკვდა); პოსტპოზიციურ წყობას ("ერთგვარი ფარსი, მუსიკაა უთუოდ სხვისი, /თემაა ჩვენი და გაქცევა - ბოღმად და დინჯად... - გასეირნების მერე) და ა.შ.
ცალკე თემაა ნეოლოგიზმები - "ნალარნაკალი გვირილები და წახნაგები", "გეაცინტები... გეაჯები... რათქმაუნდები...", "მოწამლულია ოთახები ამის მერეთი...", "და უზოგიერთიმათგანოდ, უცხოდ და პონოდ...", "დაკარგულ სულში შოფ-ტურებზე იჩუმკისკისებ...", "გაჭიმულია ექსტრემული დაბერებისთვე..."
ცალკე თემაა ბგერწერა - "გეაცინტები... გეაჯები...", "მოკლე ფრაზებით, მოკლებული ყველა სიფითრეს...", "სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო...", "რა ისეთია შეღამება და შეგამება..."
მაგრამ დავუბრუნდეთ სინტაქსს, რომელსაც, ამავე დროს, შეუძლია გამოხატოს ინტონაციათა მთელი წყება - ყოვლისმომცველი და გადამდები ლირიკული მელანქოლიით დაწყებული და რისხვიანი პოლიტიკური ინვექტივით დამთავრებული:

სახლშია ბელა და ჩემს სახლში იზრდება დარდი
და დარდი უკვე იმხელაა რომ მინებს ამტვრევს
და მოჩანს ღამე. უამური ფიქრის ბასტარდი.
რკინის მესრამდე. ესე იგი - ჰორიზონტამდე.
შინდაბრუნება

რაც შეეხება პოლიტიკურ ინვექტივას, Artყვავილების წინამდებარე გამოცემაში (როგორც უკვე აღვნიშნე, Artყვავილები პირველად 2004 წელს კავკასიური სახლის მეცადინეობით გამოიცა. წინამდებარე გამოცემა, არსებითად, ეყრდნობა პირველს, ოღონდ შევსებულია ბოლო 3 წლის ლექსებით, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, კრებული ციკლებადაა დაყოფილი) არის ლექსი, რომელმაც ააღორძინა ქართული სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკა. აქვე შევნიშნავ, რომ ჩვენი პოლიტიკური პოეზიის სათავეში, რა თქმა უნდა, გურამიშვილია (რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული სრულიად თანამედროვედ ჟღერს). XIX საუკუნეში სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშები მოგვცეს ბარათაშვილმა ("ძრწოდე კავკაზო!..."), აკაკიმ ("დღეს მერცხალი შემოფრინდა...", "ღმერთო წვიმა მოგვივლინე...", ინტერნაციონალი და ა.შ.) და ვაჟამ (ფშაველი ჯარისკაცის წერილი დედას), XX საუკუნეში - გალაკტიონმა (რამდენიმე დღე პეტროგრადში, დროშები ჩქარა! და ა.შ.). მაგრამ სამოქალაქო ლირიკა მაინც პატრიოტული პოეზიის ჩრდილში იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენში ფეხი უფრო მოიკიდა და ლამის დამოუკიდებელ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
რეზო გეთიაშვილის მკვდრების მანიფესტი (ამავე სახელწოდების ციკლიდან) ესაა ნამდვილი სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკა, რომელსაც ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი, გარკვეული აზრით, "ინგლისური" ინტონაცია შემოაქვს. "ინგლისურის" საფუძველი გასაგებია - ესაა მაჩაბლისეული შექსპირი, რომელიც რეზო გეთიაშვილის პოეზიაში შეუფარავად "ისმის" ("ბოლო დროს ოდნავ შეიცვალა ბობი და ხშირად / უყურებს გრძნობებს როგორც რაღაც საშინელებებს. / რაღაც კოშმარებს..." - შინდაბრუნება).
მაგრამ, საქმე ისაა, რომ მაჩაბლისეული შექსპირი მკვდრების მანიფესტში "საკუთრივ შექსპირულად" Yჟღერს - იმ ინტონაციით, რაც შექსპირის ერთი უმთავრესი "თვისებაა" - აფორისტული წყობის მედიტაციური პოლიტიკური რეფლექსია ძალაუფლებაზე. ინგლისურმა პოეზიამ აიტაცა შექსპირის ტრადიცია და პოლიტიკური მედიტაციური ინვექტივა ინგლისური (და ინგლისურენოვანი) პოეზიის განუყოფელ ნაწილად იქცა. მკითხველს შევახსენებ, თუნდაც, უილიამ ბატლერ იეიტსის სამოქალაქო ლირიკას, უისტან ჰიუ ოდენს და განსაკუთრებით მის - 1939 წლის 1 სექტემბერს (ლექსი უშუალოდ მაშინ დაიწერა, როცა ოდენმა II მსოფლიო ომის დაწყების ამბავი გაიგო).
გენიალურ მაჩაბელში იყო ეს შექსპირისეული პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც გეთიაშვილმა აიღო და "ახალ დროს" მოუცილებელი იარლიყი მიაწება:

ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი საკანი,
აკლდამა, სადაც ამოქოლვას შობა ეწოდა,
უკვე ღიაა, უკვე იტევს უკვე საკმარის
სიმართლეს, რომლის გასასინჯად კუჭი გვეწვოდა...
... ... ...
რადგან დაგვსაჯეს სამუდამო თავისუფლებით,
უადვოკატოდ, უცერბეროდ, უსერაფიმოდ,
რადგან სულ ყველა ერთმანეთით დავითხუპნებით,
უკვე დაიწყო, უკვე აქ ვარ, უკვე ვნადირობ

თქვენზე, წამები მთავარ როლებს ითამაშებენ,
სად მოგვართმევენ ცოდვა-მადლის მომთენთავ ჩეფირს,
გადაგვარჩევენ ჩვენს ნარჩენებს და დანარჩენებს
და სანამ მორგში პოლიციის დამპალი შეფი,

ალკოჰოლიკი ყასაბი და "ბრექინგ-ნიუსთა"
რეპორტიორი - საქართველოს ჰიმნს იმღერებენ,
სალხინებელში მამაპაპურ სუფრას მივუსხდეთ,
ძმებით, ცოლებით, გამვლელებით, გამომვლელებით...
... ... ...
ძველი კურსია ოცდაათი ოქრო და ლივრი,
ყველა ერთნი ვართ, მინუს ერთი რაოდენობით
პანაშვიდებზე, რა თქმა უნდა, ვარდებით ვივლით,
ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი,

რომ დაამშვენოს ჭირის სუფრა და ჭირის არტი:
"ჩემი ხატია"... ჰოდა, იყოს, ან ვინ იდავებს,
თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს
თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ.

მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!

მკითხველმა მომიტევოს ლამის მთელი ლექსის ციტი¬რე¬ბისათვის, მაგრამ ეს ლექსი - მკვდრების მანიფესტი - სწორედ იმითაა აღსანიშნავი, რომ მაჩაბლისეულ გამოცდილებასთან ერთად აქ ქართული პატრიოტული ლირიკიდან აღებულია სწორედ ის კლიშეები, რომლებიც აქამდე პატრიოტული ლირიკის ტოპიკას (თემატურ-სახეობრივ სისტემას) შეადგენდა ("ჩემი ხატია...", "შენ, სისხლო ჩემო..." და ა.შ.), რომელთა გამოყენებას ასე დაჟინებით ცდილობს დღეს "ახალი" ძალაუფლება და რომელიც სწორედ პოეტმა კანონიერად მიიღო როგორც მხოლოდ მისი საკუთარი მემკვიდრეობა. საოცარი ისაა, რომ სამოქალაქო ხმა გაისმა არა სამოქალაქო საზოგადოებიდან ან პოლიტიკიდან თუ პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ინტელექტუალური მედიასალონიდან, არამედ სწორედ - პოეზიიდან, პოეტური სიტყვა უფრო სამოქალაქო, თანამედროვე, ზუსტი და ადეკვატური აღმოჩნდა, ვიდრე "თანამედროვე" ქართული "ლიბერალიზმი"!
თუმცა, რატომ უნდა იყოს ეს საოცარი?! - ქართული პოეზია ერთ-ერთი ძველი ევროპული და, იმავდროულად, აღმოსავლური პოეზიაა, რომელიც დიდი სარაინდო-კურტუაზიული ეპოსით იწყება (რუსთველი - ფირდოუსისა და ნიზამის გენიალური სინთეზი და, ამავე დროს, ტრუვერების, ტრუბადურების, კრეტიენისა და დანტეს სულიერი ძმა, სხვა ყველაფერთან ერთად), რომელსაც თავისი მისტიკური ბაროკო აქვს (გურამიშვილის ზუბოვკა, მაგალითად), აქვს ანტიკური პოეზიის გვიანდელი გენიალური შტო (ვაჟა-ფშაველა - მთის ჰომეროსი და ესქილე), აქვს სუფისტური პოეზიის გვიანდელი დახვეწილი რეცეფცია (დაუმსახურებლად დავიწყებული თეიმურაზ I) და რომელსაც შეუძლია სხვაენოვან ლიტერატურათა უმდიდრესი გამოცდილების ადეკვატური ათვი¬სება (ათონელები, შაჰ-ნამეს ბრწყინვალე მთარგმნელი კედელაური, ვახტანგი და საბა, მაჩაბელი, გერონტი ქიქოძე...).
მაგრამ დავუბრუნდეთ გეთიაშვილის პოეტურ საქმეს და აღვნიშნოთ მისი უბადლო პროსოდიული სმენა: ის შესანიშნავად ფლობს 6-ტერფიან დაქტილს ("წვიმამ არ / იცოდა / ძალა სა /კუთარი, / არც მშვიდი / ოთახი..."). ამასთანავე, გეთიაშვილმა სრულიად ახალი ინტონაცია და "სემანტიკური შარავანდედი" მიანიჭა ტრადიციულსა და ძირძველ 14-მარცვლიანს, აღარაფერს ვამბობ მის ჩინებულ ტონურ ლექსებზე; აღვნიშნოთ და მხოლოდ მოვნიშნოთ Artყვავილების ინვარიანტული მოტივები და ხატები (ცარცის ვაგონები, ფანჯრები, ხეები და ფარდები, წერტილები და მძიმეები, მატარებლები, მორიელები და რვაფეხები, ქალაქი ბაისიკლი და მისი კომბინატი...), მხოლოდ მოვნიშნოთ სიბერისა თუ დაბერების თემა და "ბებერ პოეტთა" საუცხოო უცხოური წრე, სადაც "ინგლისური" ელფერი დომინირებს (ჩარლზ ჩენდლერი, სატერზვეიტი, ბობი, უილიამი...), ქალთა სახელები და სახეები (ბელა, მარგარიტა, ჰეთი...), ინტერტექსტები (მაჩაბელი, გალაკტიონი, ყანწელები, მურმან ლებანიძე, აგათა კრისტი, მას მედია, სპორტი...) და შევჩერდეთ, რადგანაც გაცნობა და მეგზურობა შეიძლება ყოვლისმომცველ და დამღლელ ფილოლოგიურ კომენტარში გადაიზარდოს.
დაბოლოს, დავუბრუნდეთ მიტოვებულ კითხვას - რას ნიშნავს "გალაკტიონის ეპოქა" და მისი დასასრული? "გალაკტიონის ეპოქა" ორ რამეს ნიშნავს. პირველი - თავად გალაკტიონმა უზუსტესად განსაზღვრა:

ეპოქა გალაკტიონის

საქართველოში დღეს ყოველ მგოსანს
შარავანდედს ჰფენს შენი გავლენა,
რომ უჩვენებდე მათ გზას სხივოსანს,
ჩვენმა ეპოქამ შენ მოგავლინა!

იყო ბრწყინვალე შოთას ეპოქა
და შემდეგ მსგავსად ტიტანთა ღონის,
არა ამაოდ ჩვენს ხანას ჰქვია -
ეპოქა დიდი გალაკტიონის!

ხალხის გულისთქმა, მღელვარე ასე,
რადგან ყველაზე ადრე გაიგე,
უმაღლეს მთაზე, მშობლიურ მთაზე
შენ ხელთუქმნელი ძეგლი აიგე!

როგორც ვხედავთ, "გალაკტიონის ეპოქა" ნიშნავს, ერთი მხრივ, პოეტის უკვდავ სახელს (ჰორაციუსიდან მომდინარე "ხელთუქმნელი ძეგლის" პოეტური კონცეპტი სწორედ ამის გამოხატულებაა), ნაციონალურ სალიტერატურო კანონში (რომლის "ვიზუალური" ხატი "მშობლიური მთაა" - მთაწმინდა როგორც პარნასი) ისეთსავე ცენტრალურ პოზიციას, როგორიც რუსთველს აქვს და, მეორე მხრივ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმასაც, რომ გალაკტიონი არის სალიტერატურო გილდიის (სკოლის) მეტრი - მასწავლებელი ("გავლენა" და "მეგზურობა”), რომ ნაციონალური სალიტერატურო ენის სწავლა დღეს მხოლოდ გალაკტიონის მეშვეობით შეიძლება.
რეზო გეთიაშვილმა აითვისა გალაკტიონის სკოლა თუ გაკვეთილი და თავისი საკუთარი პოეტიკა შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი პოეტებისათვის მხოლოდ გალაკტიონი საკმარისი ვერ იქნება - უფრო მეტიც, გეთიაშვილის მიერ "გამოცოცხლებული" სხვა "გვერდითი" ტრადიციებიც აუცილებლად თავიდან "შესასწავლი" ხდება (ვგულისხმობ, არაოდენ მაჩაბლის ლექსს, არამედ - ცისფერყანწელებსაც, მაგალითად).
სწორედ ამას ნიშნავს "გალაკტიონის ეპოქის დასასრული". ცხადია, აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ "გალაკტიონის სკოლა" არ სრულდება, უბრალოდ, გალაკტიონი უკვე ჭეშმარიტი კლასიკოსია, როგორც - რუსთველი, გურამიშვილი და შვიდკაცას ყველა დანარჩენი წევრი, ხოლო გეთიაშვილი - თანამედროვე დიდი პოეტი, რომელიც იძლევა ქართული კლასიკური ტრადიციისა და პოეტური ენის თანამედროვე ათვისების საკუთარ ვარიანტს.
დღეს სხვა ქართველი პოეტები ამას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ, ერთი გამონაკლისის გარდა - ვგულისხმობ გივი ალხაზიშვილსა და 2006 წელს გამოსულ მის პოეტურ კრებულს - ქორონიკონს - ამ წიგნით გივი ალხაზიშვილი, მიჯნათაშორისი ხანის (1960 - 1990 წწ.) ერთ-ერთი საგულისხმო პოეტი, დიდ პოეტად იქცა.
დღეს "დიდი პოეტი" სავსებით "ბუნებრივადაა" ჩაკეტილი "მცირე დროში” ("დიდი დრო" და "მცირე დრო" მიხაილ ბახტინის კონცეპტებია. ბახტინის თანახმად, "დიდი დრო" - ესაა ტექსტებს შორის "უსასრულო დიალოგი, სადაც არც ერთი საზრისი არ კვდება", ხოლო "მცირე დრო" ამის საპირისპირო ვითარებას არნიშნავს. ჩემი მხრივ, დავძენ, რომ "მცირე დრო" სწორედ ისაა, რასაც სი ეს ლუისი მოხდენილად "ქრონოლოგიურ პროვინციალიზმს" უწოდებდა). არადა, "დიდი პოეტი" ოდენ მაშინ არის დიდი, თუ ის "სკოლას" ქმნის - ანუ, როცა მას კითხულობენ, ითვისებენ, მის გავლენას განიცდიან, მის გავლენას ებრძვიან და მალავენ (ვერ მალავენ) და, ბოლოს, - კლასიკოსადაც აღიარებენ.
აქვთ თუ არა რეზო გეთიაშვილსა და გივი ალხაზიშვილს - როგორც Artყვავილებისა და ქორონიკონის ავტორებს - შესაძლებლობა იმისა, რომ შექმნან "სკოლა" და შემდგომ თაობებზე გავლენა მოახდინონ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქვს თუ არა ქართულენოვან მკითხველს დღეს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი "დიდ პოეტებად" აქციოს?
სამწუხაროდ, ჩემი პასუხი უარყოფითია. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ AArtყვავილებიცა და ქორონიკონიც სხვა არაფერია, თუ არა "მცირე დროში" ამოქ(რ)ოლილი ორი დიდი პოეტური წიგნი.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


რეზო გეთიაშვილი

სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ 

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.

ნამცეცი

გადაღებილი ფრესკების და საგნების კაწვრა,
ყველა სახელით ერთი ჯამის გათამაშება,
სიხარულებით, ტკივილებით, ბევრჯერ რომ გასცდა,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე,
თან სულ რომ მოდის, ნამცეც-ნამცეც და ღმერთად ვერ ვთვლით
და ვცდილობთ, უფრო გადავდღაბნოთ, გავაფერადოთ
ყველა საგანი, გამოთვლილი ზომით და წონით
და ტკივილებით ამოვკაწროთ, მაგრამ ვერასდროს
ვერ გავიხედავთ ყოფნასა და არყოფნას შორის,
სადაც საგნებმა შეინახეს თავისი სახე,
საითაც მოჭრილ ფრთებს და ხელებს მიწვდი, ვაცეცებ,
ვერ დავიჯერეთ "ყველაფერი ღმერთის შესახებ",
მთლიანად რომ ვერ მოვიხელთეთ, ვკენკავთ ნამცეცებს,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ გამოვედავოთ,
რომ ჩემთვის გინდა, სანამ აქ ვართ, შენთვის მჭირდება
ყველა ის ფერი, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ,
ის მხარე, სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები.

* * *

შენს სახლში რამდენიმე გამოკეტვაც
სამყაროს ნაწილი ვარ,
შენს სითბოს სინათლეზე ვიმატებ და
ხის მადა მაქვს,
შენს გვერდით სამოთხეც კი სიმართლესთან
ახლოა გაცილებით,
როგორმე ვიმყოფინებ სამოთხედაც,
ყისმათადაც.

მიყვარხარ, ვიდრე ღმერთთან გამიყვანენ
შემდეგი რაუნდები,
სოფელში თითქოს წუთიც არ გასულა,
ხის მადა მაქვს,
დამითმე კიდევ ორი, სამი ღამე,
ვიდრე გზას გავუდგები,
როგორმე ვიმყოფინებ დასასრულად,
ყისმათადაც.

საკუთარი სიბერე

სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერი
სულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით,
წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება,
ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი.

მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება,
თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახულებას გავუცვლიდი,
ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებები
ქრობით დაავადდნენ, მშრალი ამოვდივარ აუზიდან

და რასაც განვიცდი, ის არის, რომ სულაც არ განვიცდი
ამ ამბავს და მეტიც, ნელ-ნელა ეს განცდაც მინელდება
და ვრჩები სიგიჟის, გაფრენის, დაცემის მაგალითი
გარდაცვალებების, გარდაცვალებების იმედზეღა.

რასაც წარმოსახვის სუსტი წინაღობით ვეღობები,
ღია თვალებია, ცამაც მეტისმეტად აიწია,
მრჩება წასული და უკვე დარჩენილი მეგობრები,
მარად ძვირფასები, თუმცა მეგობრებმა რა იციან.

* * *

დღეს შენი მწვანე კაბის ფერი
დღეც ისე გაქრა ქარის ფრად
შენც ისე ქრები (ნელა-ნელა 
არი და არა არი რა)
შენ სადღაც ქრები ჟამი-ჟამ
და ქრები ქრები ნელა ნელა
მთელ ღამეს
- კაი მაინც გავა
- და მაინც სხვაა 
- მაინც გავს
- ქარს თავი მოაქვს 
- თავის-თავად
- და ისევ ატანს თავის თავს
და ისე ატანს თავის თავს
რომ ქრები ქრები ნელა ნელა

ინტერვალი

უფსკრული. ისე მივუყვებით ქიმნარს და შიშნარს,
რომ ზოგჯერ ქიმზე ვჩერდებით და ყვავილებს ისვრის
ზეცა ქვევიდან, წარსულისკენ, ეს იმას ნიშნავს,
რომ ისევ მოვრჩით და ახალი დასასრულისთვის

ისევ ვიწყებით, უსაშველო ვარდნა და შვება
და ფორიაქი, სინანული, ტკივილი, ის რაც
სისხლად, მტვრად, ხორცად, ერთმანეთად ქიმებზე რჩება,
მისაღებია, რადგან ფსკერიც დასაწყისს ნიშნავს,

რადგან მიყვარხარ (სიგიჟეა), მწყევლი და ბოლო
ვარსკვლავიც ცაზე მიწურია ჩემი და მიჯნა,
მაგრამ ჩვენი დრო, სიცოცხლის და სიკვდილის დრო რომ
უკვე გავიდა, უკვე აქ ვართ, ეს უკვე ნიშნავს

გარდაცვალებას, ვიმეორებ, გაფრენას, მიწას,
წყევლას, თავიდან, ფორიაქი, ვარდნა და შვება
და ნეტარება, ჟრუანტელი, ტკივილი, ის რაც
იწყება, რჩება. ინტერვალი. იწყება, რჩება.

მეკუბოვე

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და 
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.
თერაპია

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი...
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.


© “ლიტერატურა _ ცხელი შოკოლადი“



Tuesday, February 24, 2009

დავით ჩიხლაძე





















ამერიკული რომანის დასასრულისთვის

(ნორმან მეილერის გარდაცვალების გამო)

შეიძლება, პარადოქსი არც იყოს, მაგრამ ნორმან მეილერი ქართულად თარგმნილი არ არის, ისევე, როგორც ჰენრი მილერი, ტომ ვულფი, სოლ ბელოუ, ტრუმენ კაპოტე, ჯეკ კერუაკი. მას ერთი მხრივ ამერიკული კონტრკულტურის მამას უწოდებენ, მეორე მხრივ კი, და, ალბათ, მისი სახელის სიმყარისათვის ეს უფრო მნიშვნელოვანია - თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის, კერძოდ რომანის, გოლიათს.
ნორმან მეილერის პირველი რომანი “შიშველნი და მკვდარნი” 1948 წელს გამოვიდა. მისი პირველი რუსული თარგმანიც ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს, მცირეოდენი შემოკლებებით დაიბეჭდა; როგორც წიგნის წინასიტყვაობაში იყო მითითებული, შემოკლდა მხოლოდ უცენზურო სიტყვები და პასაჟები. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ინგლისელი გამომცემლები ამ რომანის დაბეჭდვაზე სწორედ უცენზურო მეტყველებისა და ჯარისკაცთა სექსუალური ოცნებების რეალისტური აღწერის გამო ამბობდნენ უარს. აქ საინტერესო ეფექტს თუ მეტაფორას ქმნის ორი სიუჟეტის მუდმივი გადაჯაჭვა – ომს, კონფუზიას, ტოტალურ ქაოსს, უიმედობას, აგრესიას ერწყმის ჯარისკაცების, თითქოს უადგილო მოგონებები და ოცნებები საკუთარ ცოლებსა და საყვარელ ქალებზე, მათთან გატარებულ სექსუალურ გართობებსა და ორგაზმებზე. რომანის ენა და ფრაზეოლოგია ასევე რეალისტურია და ჯარისკაცების ყოფის დოკუმენტურ სინამდვილეს ასახავს, შეიძლება, უფრო ხისტი სიცხადითაც კი, ვიდრე ეს რომელიმე სხვა ამერიკელ მწერალთან გვხვდება. აქ მას მხოლოდ ტომი ტრანტინო თუ შეიძლება გაუტოლდეს, ვისაც ჰენრი მილერი საკუთარ და, საერთოდ, ამერიკული რომანის ერთადერთ გამგრძელებლად მოიაზრებდა, ტრანტინოს ენაც უკიდურესად მხატვრული, ჟარგონული ორთოგრაფიის მქონე და ამავე დროს, რეალისტურია; ტრანტინომ მეილერის რადიკალიზმსაც კი გადააჭარბა - ამ დროისთვის უკვე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ორი პოლიციელის მკვლელობისათვის ნიუ ჯერსის ბარში.

მეილერი 25 წლის იყო, როდესაც “შიშველნი და მკვდარნი” გამოიცა. წიგნმა უზარმაზარი წარმატება მოუტანა. “შიშველნი და მკვდარნი” 200,000 ცალი გაიყიდა. მწერალი ომის დროს ფილიპინებზე მზარეულად მსახურობდა, თუმცა, ეს გამოცდილება ომის რეალობის გადმოსაცემად მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ისევე, როგორც ყველა დიდი ამერიკელი მწერალი ჰემინგუეიმდე და მის შემდეგ, მეილერიც, ამერიკული რეალიზმის წარმომადგენელია; ისეთი რეალიზმისა, რასაც სწორედ ჟურნალისტიკურ რომანამდე მივყავართ. “ახალი ჟურნალიზმი” - ეს ტერმინი სწორედ ამერიკაში გაჩნდა ტომ ვულფის სახელის ქვეშ, სადაც ასევე თავს იყრის კენ კესის, ტრუმენ კაპოტეს, სოლ ბელოუს ობიექტივისტური ძიებანი. 1960 წლიდან ნორმან მეილერსაც მიაკუთვნებენ “ახალ ჟურნალიზმს”, სადაც მხატვრული პროზის ტექნიკა ჟურნალისტიკური ფაქტების აღსაწერად გამოიყენება. ნორმან მეილერი იმ რეალისტური რომანის სკოლის გამგრძელებელია, სადაც სათავეში თეოდორ დრაიზერი დგას. დრაიზერი აღწერს ამერიკის ქალაქების ყოველდღიურ ბიზნესს, ყოფას და თავის გადარჩენისთვის გზის ძიებას, როგორც ომს. ასევე აღწერს მეილერი ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიურობას. ნორმან მეილერის ერთ-ერთ სტრატეგიაც და სამკაულიც მეტაფორული შინაარსით დატვირთული ლაკონური ფრაზებია, რაც საერთოდ დამახასიათებელია ამერიკული პროზის რეალობისთვის, - მარკ ტვენიდან - ერნესტ ჰემინგუეიმდე. მეილერის შემდგომ რომანებს ასეთი წარმატება აღარ ჰქონია. 1951 წელს მეილერი გრინვიჩ ვილიჯში გადასახლდა. აკრიტიკებდა ჰოლივუდს, არ უბეჭდავდნენ წიგნებს. განკვეთილობის, გარიყულობის შეგრძნება მას არცთუ უსაფუძვლოდ, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პირველი მწერალი იყო, კვლავ ანდერგრაუნდში რჩებოდა, ფაქტიურად, არც კი უბეჭდავდნენ სტატიებს მწვავე შეხედულებების გამო ამერიკის უახლეს ომებთან დაკავშირებით. 2003 წელს მეილერის ბოლო non fiction წიგნი გამოვიდა - “რატომ ვართ ჩაბმული ომში?”. ამითაც ჰგავს ის კურტ ვონეგუტს (“ბოლო დროს ძალზე უცნაური ამინდებია”).
ნორმან კინგსლი მეილერი დაიბადა 1923 წლის 31 იანვარს, ნიუ ჯერსიში. მისი თანამედროვე, ასევე უდიდესი მწერლის, ჰენრი მილერის მსგავსად ბავშვობა და სიყმაწვილე ნიუ იორკში, ბრუკლინში გაატარა, კერძოდ კი, ამ რაიონის ყველაზე კრიმინალურ დასახლებაში, რომელსაც კროუნ ჰაიტსს უწოდებენ. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კემბრიჯში, აერონავტიკის სპეციალობით. თუმცა, მისი მოწოდება ცოტა ხანში შეიცვალა, როდესაც ჯონ დოს პასოსის ნაწარმოებებს გაეცნო და სერიოზულად დაინტერესდა მწერლობით.
ომში ყოფნისას მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა მოთხრობა, ხოლო ფრონტულ ჩანაწერებს თავის პირველ ცოლს, ბეა სილვერმანს უგზავნიდა, მსგავსად ედვარდ ესტლინ კამინგსისა, საკუთარ ლექსებს სახლში დედასთან რომ გზავნიდა ფრონტიდან და მათი უკიდურესად ავანგარდული ხასიათის გამო, კინაღამ დაშიფრული ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააპატიმრეს. თუმცა, როგორც ჩანს, მეილერს, უბრალოდ, არ სურდა ეს ნაწერები მის თანამებრძოლებს ენახათ. შემდეგ მას მოულოდნელად ათავისუფლებენ სამსახურიდან და სახლში დაბრუნებიდან უკვე 15 თვეში “შიშველნი და მკვდარნი” მზის სინათლეზე გამოდის.
იმ დროს, როდესაც საფრანგეთში იქმნებოდა “ახალი რომანი”, რომელიც ძირითადად მაინც ფორმალურ და სემიოტიკურ ძიებებზე იყო აგებული, ამერიკული რომანის რეალობა თანდათანობით პოპ-არტის ადრეული სიმპტომების, რეალისტური მყვირალა და ზედაპირის, ტელეეკრანის და სხვა მედია სიცარიელეების ჟურნალისტიკას ქმნიდა, რაც დღეს, ლოგიკურად ტელეეკრანებზე ომების პირდაპირი ტრანსლიაციით გრძელდება. ფრანგული რომანი ასკეტურად იკვლევდა ენის განთავისუფლების ლინგვისტურ ფუფუნებებს, ხოლო ამერიკული რომანი მეორე მხარეს, მეორე უკიდურესობაში აგრძელებდა ძიებას – ობიექტივიზმში, რეპორტაჟების დაუსრულებელ სერიებში, პოლიტიკურ კომენტარებში. ეს ტენდენციები მეილერთან უფრო მკვეთრად მოგვიანებით გამოჩნდა. მიიჩნევა კიდეც, რომ იგი უფრო ჟურნალისტი იყო, ვიდრე მწერალი და მისი non fiction ნაწერების რაოდენობა რომანს აჭარბებს კიდეც. ასეთია ამერიკული რომანის თითქოს პარადოქსული ისტორიული რეალობა.
1954 წელს მეილერი ესპანელ ქალზე ადელ მორალესზე დაქორწინდა. საზოგადოებრივი წესიერების თვალსაზრისით, მისი ცხოვრება სულ უფრო მოუწესრიგებელი ხდებოდა. 1960 წელს, ცოლი ქუჩაში ნაპოვნი დანით დაჭრა და მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს პირობითი სასჯელი, რომ სიკვდილს ძლივს გადარჩენილმა ადელმა არ ისურვა ბრალდებების წაყენება. ნორმან მეილერს ექვსი ცოლი ჰყავდა, ეწეოდა არეულ ცხოვრებას და ამბობდა, რომ აგრესია მას ცხოვრებამ ასწავლა და არც სურს ამის დამალვა. 50-იანი წლებიდან მეილერი ცნობილი ხდება, როგორც ანტი-ესტაბლიშმენტის ესეისტი, კითხულობს მარქსის “კაპიტალს” და აცხადებს, რომ მარქსი დიდად დაეხმარა გამხდარიყო უკეთესი მწერალი.
ამერიკულ კონტრ-კულტურაში ნორმან მეილერის როლი მნიშვნელოვანია, სწორედ როგორც სექსუალური რევოლუციის ყოველდღიური ესეისტისა. ტურისტულ ცნობარებშიც ნახავთ, რომ 1955 წელს მეილერმა დააარსა და სახელი შეურჩია უდიდეს ამერიკულ ანდერგრაუნდის ჟურნალს “ვილიჯ ვოის”-ს თავის მეგობრებთან, დანიელ ვოლფთან და ედვინ ფანჩერთან ერთად. 10,000 დოლარი ჩადო გაზეთის გამოცემაში, სადაც უნდა ასახულიყო სექსუალური რევოლუციის და სხვა აკრძალული იდეები. დღეს ამ გაზეთში, რომელიც, ყოველ კვირას უფასოდ ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების ორივე სანაპიროზე, კონტრკულტურის რუბრიკით სხვადასხვა რესტორნებისა და ბარების, ტაილანდური, ვიეტნამური, ჩინური, ფრანგული, იაპონური, მექსიკური სამზარეულოების ჩამონათვალი და რეიტინგები იბეჭდება. ასეთია ამერიკული და, მით უმეტეს, ნიუ- იორკის და ისტ-ვილიჯის უკიდურესად სოფისტური კონტრკულტურის ცხოვრება, რომელსაც დღეიდან აუცილებლად დააკლდება ნორმან მეილერი.
ამერიკული საზოგადოების კრიტიკა მეილერმა “თეთრი ზანგით”, გახმაურებული პუბლიცისტური რომანით დაიწყო. აქ მწერალი ამერიკელ ურბანულ ჰიპსტერს აღწერს, როგორც ფილოსოფიურ ფსიქოპათს, რომელიც თავისი აჯანყებით ზანგს წააგავს, თუმცა, ზანგის ბუნებრიობა და ურბანისტული ექსტრემალური სიტუაციის ალტერნატიული ცხოვრებისეული მყარი მორალი აკლია.
უფესვებო ადამიანები, სწორედ ასე განიხილავდა მეილერი საკუთარ თავს ჰენრი მილერის, მერლინ მონროს, მუჰამედ ალის, პიკასოს გვერდით, იგივე გააკეთა ედუარდ ლიმონოვმა პროზაულ პორტრეტებში “წმინდა მონსტრი”, რომელიც მის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. სიმონა ვაილის წიგნს კი, “უფესვებო კულტურას”, წინასიტყვაობა თვით ტომას სტერნზ ელიოტმა დაუწერა, თუმცა, ვაილი მაინც გიჟად შეარცხეს. სწორედ ვაილი წერდა, დღევანდელი მასობრივი ემიგრაციის, გადაადგილების და მულტიკულტურული ურბანიზმის პირობებში, ადამიანი კულტურულ ფესვებს კარგავსო, კარგავს იმას, რაც მას უბრალო ადამიანური ბედნიერებისთვის პირველ რიგში სჭირდებაო. ცხადია - ნორმან მეილერი სწორედ იმ იდეალისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ შეეშინდათ რეალობასთან შეხვედრის და არც იმედი დაუკარგავთ. ასეთი ტერმინიც კი იყო ამერიკულ კრიტიკაში, “იმედის მყიფე სხივი”, რომელიც პირველად კენ კიზის “გუგულის ბუდესთან” დაკავშირებით გაჩნდა, ამერიკულ ფსიქიურად დაავადებულთა კლინიკას რომ აღწერს, როგორც მთელი ამერიკული საზოგადოების სიმბოლოს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი non-fiction რომანი “ღამის არმიები”, რომელიც პულიცერის პრიზით და ნაციონალური წიგნის ჯილდოთი აღინიშნა. წიგნში ასახულია 1967 წლის პენტაგონის მარში და მასთან დაკავშირებული ისტორიები. მწერლის დისციპლინირებული ობიექტივიზმისა და არასენტიმენტალობისთვის ნიშანდობლივია, რომ აქაც, ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, ის მესამე პირში წერს. ამ ხმაურიან გრანდიოზულ მოვლენებში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ალენ გინზბერგი, კენ კიზი, ჯერი რუბინსი და ამერიკული მემარცხენე მოძრაობის სხვა ცნობილი წარმომადგენლები. უკვე 1969 წელს კი, მწერალი ნიუ-იორკის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი.
ნორმან მეილერის ბოლო რომანი “ციხე-სიმაგრე” წელს, 2007-ში გამოვიდა. იგი ჰიტლერის ბავშვობას შეეხება, სადაც მწერალი სრული გამონაგონის საფუძველზე აღწერს, რომ ბავშობიდან დემონი დაეუფლა და ის ასწავლიდა ყოველ შემდგომ ცხოვრებისეულ ნაბიჯს. ასეთივე სიუჟეტური ქარგა აქვს ბოლოსწინა, 10 წლით ადრე გამოცემულ წიგნს, “ვაჟიშვილის სახარებას”, რომელიც იესოს ბავშვობას შეეხება და რომელიც ასევე მთლიანად გამონაგონს ეფუძნება.
ნორმან მეილერს ფილმებიც აქვს გადაღებული -“ძველი ბიჭები არ ცეკვავენ”, “მეიდსტონი”, “კანონს მიღმა” და “ველური 90”. და იქაც, ფილმებშიც ბოლომდე პოსტ-მოდერნისტი არაა. მეილერი მაინც რეალისტია, ოღონდ, ცოტა მეტი ზედაპირით ანუ სიცარიელის რაღაც დოზით, მოკლე კომენტარებით და ირონიით. ის სცენარებსაც თვითონ წერდა და რეჟისორიც გახლდათ.
ნორმან მეილერმა 1962 წელს გამოსცა ლექსების კრებული “სიკვდილი ქალბატონებისთვის და სხვა უბედურებანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და უკიდურესად ორიგინალურ პოეტურ ხედვებს გვთავაზობს, ისევე როგორც ჯეკ კერუაკის შესანიშნავი ქოროების პოეტური კრებული “მექსიკო სიტის ბლუზი”. მკითხველს ამ კრებულებით არ დაუმახსოვრებია არც მეილერი და არც კერუაკი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, სწორედ ის დეტალი იკვეთება ცხადად, რომ ლექსები მათი კრედოს მოულოდნელი სარკეებია და შინაგან ლირიკულ ფონს გვაჩვენებენ. მით უმეტეს, რომ ნორმან მეილერის ლექსები საერთოდ არ არის პოეტურად სტილიზებული, უბრალოდ, პროზაულადაა დაწერილი.
ნორმან მეილერი 2007 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა მანჰეტენში, 84 წლის ასაკში.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

შოთა იათაშვილი

პირველი გაჩერება


ვარდისფერი ავტობუსი. თბ. “სიესტა”, 2007.


ბოლო პერიოდში ქართულ ლიტ.სცენაზე ორი პოეტური ორდენი გამოჩნდა: "სამკაული" და "ვარდისფერი ავტობუსი". სახელწოდება ორივესი მეტად ტკბილხმოვანია, განსხვავებით 90-იანელების ორდენებისა ("რეაქტიული კლუბი", "ქრონოფაგები", "ბებერი პოეტების ორდენი", "დემონები"), თუმც ესთეტიკა რადიკალურად განსხვავებული. ცდუნებაც დიდია, ორ კურდღელს გავეკიდოთ და ეს ორდენები პარალელურ რეჟიმში განვიხილოთ, მაგრამ აჯობებს ვენდოთ ანდაზის სიბრძნეს, შევეშვათ ერთ-ერთს და ამჯერად პოეტური ტრანსპორტის პირველ გაჩერებაზე, ანუ პირველ საერთო კრებულზე ვისაუბროთ.
ისინი ხუთნი არიან. ძველბერძნული სოფიზმები მახსენდება: ადამიანს თმის რამდენიმე ღერის დაცვენა არ გაამელოტებს, არც უფრო მეტის, მაგრამ ერთხელაც შეხედავენ და აღმოაჩენენ, რომ ის მელოტია. და პირუკუ: ერთი კენჭი გროვა არ არის, არც ორი კენჭია გროვა, კაცი რომ დაფიქრდეს, ალბათ არც სამი, მაგრამ რაღაც მომენტში გროვა მაინც ჩნდება...
მოდით, ახლა ეს სოფიზმი სხვა რეჟიმში გადავიყვანოთ: ბიტ-თაობას კესიდი რომ მოაკლდება, ეს თაობას არ გადააშენებს, არც კერუაკის თუ კორსოს დაღუპვა, მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ისინი გადაშენდნენ. და პირუკუ: ერთი-ორი ახალი პოსტბიტნიკელი გროვა არ არის, კაცი რომ დაფიქრდეს, ალბათ არც სამი, მაგრამ თუნდაც მიყრუებულ საქართველოში ხუთი პოსბიტნიკელი თუ კიდევ გაჩნდა, ესე იგი ბიტ-პოეზია არ გადაშენებულა...
ასეა?
მოდით ჩვენს ახალ ნონკონფორმისტ პოეტებს მივაყურადოთ, პოლიტიკურად აქტუალურ ვარდისფერს რომ ემაიმუნებიან და არცთუ პირველად ძველი ქვიდან ახალი წყლის გამოწურვას ცდილობენ (ქვამ წყალი დალიაო - ამბობს ერთ-ერთი მათგანი - და თუკი დალია, ესე იგი, არც გამოწურვა ყოფილა წარმოუდგენელი, მით უმეტეს, ჭყინტი ემოციები და ნიჭი თუ გიდევს გუდაში).
ისე, თუკი ემოციებზე ავეწყობით, ფრიად იოლი იქნება მათი დახატვა: ისინი ხომ არაჩვეულებრივები არიან, სამეგობრო მათთან ბევრია და ასეც მოხდა: უკვე ერთად ვსხედვართ ლუდხანებში, ერთად ვხეტიალობთ, რაც მთავარია, ერთად ვკითხულობთ აქა-იქ ლექსებს... აქამდე მათ პოეზიას ძირითადად ვუსმენდი, ახლა კი კრებული დავიდე წინ და პაწია რეცენზიის დაწერაც გადავწყვიტე.
რითი დავიწყო?
ომარ თურმანაულის სიტყვები მახსენდება: "როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები..." ეს ბიჭები კი მგონი პირიქით, თავიანთ წიგნს ჯობნიან, თუმც ჯერჯერობით ამას რამდენად ხვდებიან, არ ვიცი... რომც ვერ ხვდებოდნენ, არა უჭირს, მოვა ამის დროც, იმიტომ რომ საზრიანები არიან...
საერთო კრებულში თითქოს ძნელია განსხვავებების დაჭერა, მაგრამ პატარა ჩაკვირვება და ეს სხვაობებიც იკვეთება:
ალექსა ჩიღვინაძე ჯგუფის იდეოლოგად მოჩანს. თუმც ეს იდეოლოგობა რაღაცნაირად ზედაპირულია: უბრალოდ ლექსებია თითქმის სულ ვარდისფერზე: ვარდისფერი პარაშუტი, მანქანა, პლანეტა და ა. შ. თუმცა სათაურები სათაურად და მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ: "დავიძრებით და გავქანდებით საშინელი საჩქარით. / მე შიშველი ვზივარ შენში. / შენ ხარ ჩემი ვარდისფერი მანქანა. / მე მიმყავხარ შენ. მე მიყვარხარ შენ." ანდა "ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია, / რომელიც დიდი ხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში." ანდა უფრო ლაკონურად: "მოტყანით ტყვიები". ციტატები ყოველთვის არ ქმნის ადეკვატურ შთაბეჭდილებას ავტორზე, ამიტომაც ციტატების მიღმა ვიტყვი: იგი ამ ხუთეულში ყველაზე სენტიმენტალურია, და ეს სენტიმენტალურობა წინასწარმოცემულ გაბრაზებაშია აზელილი. ბეწვის ხიდის გადავლა არცთუ იშვიათად ვერ ხერხდება და ფორმაში მოუხელთებელ სინთეზს ვიღებთ.
შოთა გაგარინი (გაპოეტებამდე დიღმელაშვილი), "რეაქტიული კლუბიდან" სახელსა და გვარზე კოპირაიტი რომ აქვს აღებული: მასთან ხან მანიფესტის ფორმის ტექტები გვხვდება, ხან მინიმალისტური პოეზიის მცდელობები (წარმატებულიც. მაგ.: "ღრმად ჩაისუნთქე გაქვავებული მზერა / სუიციდი უზრდელობაა, როგორც / უხეირო საჩუქრის დაბრუნება”), ხან კლასიკის პაროდირება, ხანაც სხვა ტიპის ექსპერიმენტები. ის ალბათ ყველაზე ეკლექტური და მაძიებელია ამ ხუთეულში.
ხვიარა (ალექსანდრე ლორთქიფანიძე) მინდობილია საკუთარ შინაგან რიტმს, სათქმელის დინამიკას და მიუყვება, მიუყვება, სანამ არ ამოიწურება თემა, სიტყვები, სანამ არ დაიცლება ენერგიისაგან... მაგრამ მასთანაც, ისევე როგორც სხვა ავტორებთან, ხშირად ჩნდება მომაბეზრებელი, "ხალტურული" რეფრენი, რომელიც პოეტურ ენერგეტიკას დაბლა სცემს...
იორიკი (დათო ყანჩაშვილი): მისი ვერლიბრი ყველაზე დახვეწილია, ყველაზე გარანდული. არის ლექსებიც, თავიდან ბოლომდე შეკრული. - მაგ. "მატრიოშკები" ან "ბავშვი". მასში ყველაზე მეტად ჩანს პოტენცია, ვერლიბრის სტრუქტურათა ათვისების გზაზე საკუთარ ხელწერას მიაგნოს და მერე ხელიდან არ გაუშვას. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...
კოშკა (ლევან ცერცვაძე): ის ყველაზე მგზნებარეა, და ყველაზე აგრესიული ამ მგზნებარებაში. მაგ. "მოდი მაკოცე…... / სანამ წაგვადგა ახალწლის ღამე / მწუხარე სახით, / რომ დაგვახალოს სამასსამოცი ახალი ტყვია". ან "ჩემი კოცნით ანგელოზი მოკვდა, / ამ სხეულში ბუდობს შავი ჭირი. / ღმერთო როდის ჩავძაღლდები ნეტავ, / ღმერთო, როდის გათავდება ფირი..." (ტერენტის ინტონაციაა, მაგრამ კარგად გაკეთებული). თუმც მისი სიმძაფრე ზოგჯერ ვულგარული და გადამლაშებულია.
აი, დაახლოებით ასე გამოიყურება "ვარდისფერი ავტობუსი", რომელსაც გვერდებზე ბიტნიკების სარეკლამო აბრები აქვს აკრული. ცოტა არ იყოს, მკაცრი ვიყავი ჩემს ახალ მეგობრებთან, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ რაკი ავტობუსი რეისზე გაუშვეს, ესე იგი რიგრიგობით საჭესთან ჯდომაც მოუწევთ და მგზავრ-მკითხველების უსაფრთხოებაზე ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს?
კეთილი მგზავრობა, ბიჭებო, და გისურვებთ, მგზავრებს ავტობუსიდან ჩასვლისას თქვენს კოლექტიურ პეშვში ორმოც-ორმოცი თეთრი კი არა, საკუთარი მფეთქავი გულები ჩაედოთ...

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

კარლოს ფუენტესი
















დენთის გამომგონებელი


მექსიკელი მწერალი კარლოს ფუენტესი 1928 წელს დაიბადა პანამაში. მამის დიპლომატიური კარიერის გამო ბავშვობა ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. სწავლობდა შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მექსიკაში 1944 წელს დასახლდა. დიპლომატიურ-ადმინისტრაციული სამსახური საშუალებას აძლევდა ემოგზაურა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. 1955 წელს ოქტავიო პასთან და ემანუელ კარბალიოსთან ერთად დააარსა ლიტერატურული ჟურნალი. არის არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: Biblioteca Breve (1967), Rómulo Gallegos (1977), Alfonso Reyes (1979), Nacional de Literatura (1984), Cervantes (1987,. Internacional Menéndez Pelayo (1992), Príncipe de Asturias de las Letras (1994), ბელისარიო დომინგესის ღირსების მედალი (1999) და სხვ.


ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა



ერთი ინტელექტუალი, რომელიც იმ საშინელ კატასტროფას გადაურჩა, ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე ოლდოს ჰაქსლი იყო. ეს მეცნიერი, სოციოლოგიის კათედრის აკადემიური ხარისხის მფლობელი, - ვისაც იმ ავადმოსაგონარ წელს, როცა მას ყველა უნივერსტეტმა ცხვირწინ მიუხურა კარი, დანარჩენმა კაცობრიობამ Honoris Causa დოქტორის ტიტული მიანიჭა, - ერთ ესეში, სახელწოდებით ,,Music at Night”, წერდა, რომ ჩვენს დროში სნობიზმს ორი წყარო აქვს: უმეცრება და მოდის გამოდევნება. სწორედ ამ ორ მიზეზს უნდა ვუმადლოდეთ მრეწველობისა და ცივილიზაციის განვითარებას. როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ჰაქსლი იზიარებდა ამერიკელი ინჟინრის დებულებას, რომ ,,ის, ვინც აშენებს ცათამბჯენს, რომელიც 40 წელზე მეტ ხანს გასტანს, მშენებლობის ინდუსტრიის მოღალატეა”. არაერთხელ მიფიქრია ჩემი მეგობრის ამ მოსაზრების შესახებ. მახსოვს, როგორ მიხსნიდა იგი მიზეზებისა და შედეგების რთულ თეორიას, მე კი სიცილისგან ცრემლები მდიოდა, როცა ვისმენდი მის ამაო საუბარს იდეაზე, რომელიც Dშობს ქმედებას, შემდეგ კი ქმედება კვებავს იდეას და ასე დაუსრულებლად. ეს იყო დრო, როცა ყველაფერს - დროსაც, ქმედებასაც და იდეებსაც გაქრობა ემუქრებოდათ.
განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ბიძგს ჩვენ ვაძლევდით, ადამიანები. სწორედ ჩვენ ვეხმარებოდით, ვკვებავდით და სულს ვუდგამდით ამ ყველაფერს. ეს ჩვენ ვიყავით, ვინც შარშანდელ ავტომობილს წლევანდელში ცვლიდა და მობეზრებულ ნივთებს ნაგავში ისროდა. ჩვენ ვაკეთებდით არჩევანს სხვადასხვა ფირმის პროდუქციას შორის. ხანდახან ეს ყველაფერი კომიკურიც კი ხდებოდა. მახსოვს, ერთმა ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ახალი დეზოდორანტი მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ რეკლამებში ამბობდნენ, ერთი ნახვით შეყვარების ეფექტი აქვსო. ზოგს ახალი სადარდებელი გაუჩნდა: ეს-ესა ვიღაც ჩიბუხს, მოსახერხებელ ფეხსაცმელს ან რომანტიული მუსიკის დისკს შეეჩვია - ახლა კი იძულებულია გადააგდოს, მეძველმანეს ან ნაგავს გადაულოცოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხარო იყო.
იმის დრო არ გვქონია, რომ გამოგვეცნო, ჩვენს თავს დატეხილი უბედურება მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო თუ გარდაუვალი ბუნებრივი მოვლენა. არავის ახსოვს, როდის დაგვატყდა თავს ან რა სახელი ერქვა ამ წყევლას, ამ ამბოხს თუ სასჯელს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს კოვზი, რომელითაც საუზმეს შევექცეოდი, და რომელიც, სხვათაშორის, კრისტოფის ფირმის ორიგინალი გახლდათ, ხელში ჩამადნა. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მსგავსი დიზაინის კოვზი მოვძებნე და იმით შევცვალე, რათა 12 კაციანი კომპლექტი არ დაშლილიყო და კვლავინდებურად ელეგანტურად შემძლებოდა სტუმრების გამასპინძლება. ახალმა კოვზმა ერთ კვირას გაძლო, ერთი კვირის შემდეგ კი მასთან ერთად დანაც დადნა. მომდევნო შემცვლელებმა 62 საათზე მეტ ხანს ვერ გასტანეს და ბლანტ მასად იქცნენ. თავის სანუგეშებლად სასწრაფოდ უჯრები გადმოვაბრუნეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ფსკერზე ჯერ კიდევ განისვენებდნენ საღი დანა-ჩანგლები, მაგრამ აქ მხოლოდ შესქელებული ნაცრისფერი ნივთიერება დაგვხვდა. თავიდან მეგონა, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო. ძვირფასი ნივთების ბედნიერი მფლობელები კარგა ხანს მალავდნენ ამ ამბავს, მაგრამ როცა კოვზებმა, დანებმა და ჩანგლებმა უკვე სკოლებში, საავადმყოფოებში, ღარიბთა სახლებში და მაღაზიებშიც იწყეს დნობა, ამ საყოველთაო უბედურების დამალვა შეუძლებელი გახდა. ატყდა განგაში. მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თავს არ დაზოგავდნენ და ყოველ ოცდაოთხ საათში ერთხელ შეცვლიდნენ მაგიდის სერვიზს ას მილიონ ოჯახში.
გათვლა ზუსტი აღმოჩნდა: ჩემი ჩაის კოვზი, რომელსაც ყოველდღე ვცვლიდი, როგორც ყველაზე იაფ და საჭირო ნივთს სამზარეულოში, საუზმის შემდეგ, როგორც წესი, მტვრად იქცეოდა ხოლმე. სასწრაფოდ ყველა გარეთ გამოვრბოდით და რიგში ვდგებოდით ახლის შესაძენად. შევნიშნე, რომ ბითუმად არავინ ყიდულობდა. ალბათ, იმის გვეშინოდა, რომ დღეს ნაყიდი ასივე კოვზი ხვალ უკვე ბლანტ მასად გადაიქცეოდა, ანდა, ხომ შეიძლებოდა ჩვენი მონდომების მიუხედავად, ხვალინდელ დღემდე ვერც კი მიგვეღწია.
საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრებოდა. მეგობრები ერთმანეთს ვეღარ ნახულობდნენ. რომანტიულ-ნოსტალგიური მოძრაობა კი, რომელიც ვიკინგების ტრადიციების აღდგენას ცდილობდა, სიცოხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და მალევე დასრულდა.
ასეთი მდგომარეობა, რომელიც რაღაცით სასიამოვნოც კი იყო, დაახლოებით ექვსი თვე გრძელდებოდა. ერთ დღეს, როცა კბილის ხეხვა დავასრულე, ვიგრძენი, რომ კბილის ჯაგრისი, რომელიც ჯერ კიდევ პირში მედო, პლასტმასის მორევად გადაიქცა. პატარა ნაწილები პირიდან სასწრაფოდ გადმოვაფურთხე. ასეთი უბედურებები ყოველ წამს მეორდებოდა. მახსოვს, იმავე დღეს, როცა ჩემი უფროსის კაბინეტის კარი შევაღე, მისი მაგიდა ფოლადის ნაწილებად დაშლილი დამხვდა, იქვე ფინანსისტის სიგარები ახველებდნენ და ხრჩოლავდნენ და ქაღალდის ქვითრებსაც მღელვარება ეტყობოდათ. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი ფეხსაცმელები ტყავის ყვავილებივით გაიფურჩქნენენ და ფეხშიშველს მომიხდა გზის გაგრძელება. სახლში ლამის შიშველი მივედი, ტანსაცმელი ნაკერებზე გაირღვა და შემომეცალა, ფერებად დაშლილი ჰალსტუხი კი პეპლებივით მიმოიფანტა ჩემს ირგვლივ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მანქანები მკვეთრად ამუხრუჭებდნენ და სანამ მძღოლები მანქანიდან გადმოდიოდნენ, პალტოები მათ ზურგზე ჩემს თვალწინ ნაცრად იქცეოდნენ და თან ქიმწმენდისა და ოფლის სუნს უშვებდნენ. თვალებს არ ვუჯერებდი. წითელ გაზში გახვეული მანქანები ცახცახებდენ, ირგვლივ ყველაფერი დუღდა. როცა შთაბეჭდილებებისაგან გამოვფხიზლდი და მიმოვიხედე, ქუჩა სავსე იყო მახინჯი T მოდელის ფორდებით, 1909 გამოშვებული ჯაბახანებით, ოთხკუთხა მუხლუხოს ფორმის ტინ ლიზებით - მოდიდან გადასული ავტომობილებით.
იმ დღეს ტანსაცმლის, ავეჯის და ავტომობილების მაღაზიებს ათასობით ადამიანი დაესხა თავს. მანქანებით მოვაჭრეებს უკვე მზად ჰქონდათ ახალი მოდელები - რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენა - და სულ რამოდენიმე საათში თითქმის ყველაფერი გაიყიდა. მეორე დღეს ყველა კომპანიამ უახლესი მოდელის გამოსვლის შესახებ გვამცნო. ქალაქი გაივსო რეკლამებით, სადაც წინა მოდელები მოძველებულად ცხადდებოდა, და სანამ ისინი ჯერ ისევ საშინელი კვამლით ხრჩოლავდნენ ქუჩებში, ხალხი ძლიერ ნაკადად აწყდებოდა მაღაზიებს ახლის შესაძენად.
აქ მინდა ერთი რამ დავამატო. მოსახლეობას არ აღელვებდა ის დაბინძურება, რომელზეც მე ვსაუბრობდი და რომლის საბოლოო შედეგიც დღემდე არავის გაუაზრებია სათანადოდ. პირიქით, ყველა ამ მოვლენას აღტკინება და მხიარული ციებ-ცხელება ახლდა თან. ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ და დასაქმების პრობლემაც თითქოს საბოლოოდ გადაწყდა. ყველა კუთხეში დამაგრებული ხმის გამაძლიერებლები ახალი ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელობას გვიხსნიდნენ: თავისუფალი მრეწველობა სულ უფრო და უფრო ფართო ბაზარს იპყრობს. პროგრესის ამ გამოწვევას არც კერძო სექტორი ჩამორჩა და პარალელურ რეჟიმში პასუხობდა ინდივიდის ყოველდღიურ საჭიროებებს. მრავალფეროვანი ბაზარი, რომელიც მოხმარების საგნების გამუდმებულ განახლებაზე იყო ორიენტირებული, მდიდრული, ჰიგიენური და Gთავისუფალი ცხოვრების გარანტიას იძლეოდა. ,,კარლოს დიდი თავის ძველ წინდებში გარდაიცვალა, თქვენ კი ახალი ელასტო პლასტექსის წინდებში მოკვდებით, რომელიც უკანასნელი ინოვაციაა ბაზარზე”–გვამცნობდა სარეკლამო აბრა. ასეთი კეთილდღეობა დაუჯერებელი იყო. მთელი მოსახლეობა წარმოებაში მუშაობდა, კარგ ხელფასს იღებდნენ და ხარჯავდნენ იმაში, რომ უსარგებლო ძველი პროდუქციის სანაცვლოდ ყოველდღიურად ახალი ნივთები შეეძინათ. ყოველ ოცდაოთხ საათში ორასი ათას მილიონ დოლარზე მეტი ბრუნავდა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეწყდა და მას მოძრავი ქონების წარმოება, ქიმიური და ელექტრო მრეწველობა ჩაენაცვლა. ახლა ვიტამინის აბებს შევექცევით, კაფსულებსა და გრანულებში. ექიმების მკაცრი გაფრთხილებით, ისინი უნდა მოვამზადოთ ღუმელში და მივირთვათ დანა-ჩანგლით, რადგან ელექტრობით დაფარული აბი ჭამის დროს ხელიდან სხლტება.
უნდა ვაღიარო, პირადად მე სიტუაციას უმტკივნეულოდ შევეგუე. პირველი შემზარავი შიში იმ ღამეს დამეუფლა, როცა ჩემს ბიბლიოთეკაში შევედი და არც ერთ წიგნში ასოები აღარ დამხვდა. მელნის ლაქები მოჩვენებებივით მიმოფანტულიყვნენ მთელ სახლში. აღელვებულმა გადავფურცლე რამდენიმე ტომი - ფურცლები მთლიანად თეთრი იყო... და უცებ მომეჩვენა, რომ განშორების ნაღვლიანი მელოდია გაისმა. ყური მივუგდე, შევეცადე ასოების ამოძახილი გამერჩია. მაგრამ ყვლაფერი ჩამკვდარიყო... ფერფლად ქცეულიყო.. ქუჩაში გამოვედი, რომ გამეგო, რას მოასწავებდა ეს ყველაფერი. ცაზე ასოების მოქუფრული ღრუბელები დაცურავდნენ. ზოგან ასოები ერთიანდებოდნენ და ელვასავით ნათდებოდნენ სიტყვები - სიყვარული, ვარდი, სიტყვა. წამიერად გაიბრწყინებდნენ წვიმაში და მერე ქრებოდნენ. ერთერთი ასეთი გაელვებისას დავინახე, როგორ დაიწყეს რყევა დიდმა ნაგებობებმა. დავინახე, შენობის გაშიშვლებული ძარღვი როგორ იხსნებოდა ცემენტის სხეულში. იგივე ემართებოდათ ტროტუარებს, ხეებს, ჰაერსაც კი. დილის შუქზე ჭრილობების მბრწყინავი კანი გამოჩნდა. მუშები იძულებული გახდნენ ფაბრიკები დაეტოვებინათ და ქალაქის შეკეთებაში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანდა... ყოველი ახალი შეკეთების შემდეგ ყველაფერი ისევ ნაწილებად იშლებოდა.
აქ დასრულდა დროის 24 საათიანი ციკლი. ამ წუთის შემდეგ საგნებმა ჩვენს ირგვლივ უფრო სწრაფად დაიწყეს დაშლა. ეს ხან ათ, ხან სამ საათში ერთხელ ხდებოდა. ქუჩები სავსე იყო ფეხსაცმლისა და ქაღალდის გროვებით, დამსხვრეული თეფშების ტყეებით, კბილის პროტეზებით, დაძონძილი პალტოებით, დაფლეთილი წიგნებით, შენობების ნანგრევებით თუ ტყავეულით, ავეჯითა და ხელოვნური ყვავილებით, საღეჭი რეზინებით, ტელევიზორებითა და დამტენებით.
ზოგიერთებმა ნივთების დამორჩილება სცადეს: უხეშად ექცეოდნენ და აიძულებდნენ, ბოლომდე შეესრულებინათ თავიანთი დანიშნულება. ცოტა ხანში გავრცელდა ხმა ქალებისა და კაცების უცნაური სიკვდილის შესახებ. ისინი მოკლულნი იყვნენ საკუთარი კოვზისა ან ცოცხის მიერ, ბალიშით მოგუდულნი ან ჰალსტუხით ჩამომხრჩვალნი. ნივთი, რომელიც დადგენილ ვადაში ნაგავში არ აღმოჩნდებოდა, ამ გზით იძიებდა შურს მომხმარებელზე.
დაგროვილმა ნაგავმა ქუჩები გაუვალი გახადა. ასოების გაქცევის შემდეგ განკარგულებების დაწერა ვეღარ ხერხდებოდა. ხმის გამაძლიერებლები ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ფუჭდებოდნენ და მთელი დღე მათ გამოცვლაში გადიოდა. გასაკვირი არ არის, რომ მენაგვეები სოციალურად ყველაზე დაწინაურებულ ფენად იქცნენ - ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების უკან მათი დე ფაქტო ძალაუფლება იდგა. მთელ ხმაზე ვრცელდებოდა ლოზუნგი, რომ სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სისწრაფით მოვიხმაროთ ნივთები. მუშები უკვე აღარ გამოდიოდნენ ფაბრიკებიდან. ქალაქის ცხოვრება სწორედ იქ იყო თავმოყრილი. ხალხი ტოვებდა შენობებს, საკუთარ ოთახებს, მოედნებს. როგორც კი მუშა ფაბრიკაში ველოსიპედს გააკეთებდა, მაშინვე ზედ ჯდებოდა და ეზოში გადიოდა. ამასობაში ველოსიპედი რბილდებოდა და იქვე გადაისვრიდნენ ნაგვის გროვაში, რომელიც ყოველდღე უფრო მაღლდებოდა და დამანგრეველ ტალღად მოედინებოდა ქუჩებში. იგივე მუშა მყისვე ფაბრიკაში ბრუნდებოდა და ახალი ველოსიპედის აწყობას იწყებდა. ეს პროცესი დაუსრულებლად მეორდებოდა. ასე მუშაობდა ნებისმიერი ფაბრიკა. პერანგი, რომელსაც მუშა აწარმოებდა, ჯერ მის ტანზე აღმოჩნდებოდა, რამდენიმე წუთში კი უკვე ნაგავში ეგდო. ალკოჰოლურ სასმელებს მხოლოდ ისინი მოიხმარდნენ, ვინც მათ ბოთლებში ასხამდა. წამლებიც კი მხოლოდ მათი მწარმოებლისთვის იყო განკუთვნილი. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ყველა წარმოება.
ბანკში ჩემს მუშაობას უკვე აზრი არ ჰქონდა. ფული აღარ ბრუნავდა, რადგან მომხმარებელიც და მწარმოებელიც თავ-თავიანთ კანტორებში ისხდნენ და ორად-ორ მოქმედებას ასრულებდნენ. იარაღის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ვიცოდი, რომ იარაღი უდაბურ ადგილებში მიჰქონდათ და იქ იყენებდნენ. საჰაერო გადაზიდვა თავის თავზე იღებდა მის სწრაფ ტრანსპორტირებას. შავ კვერცხებს სასწრაფოდ ფლავდნენ ქვიშაში, სანამ მათი აფეთქების ხმა შეძრავდა ამ უკაცრიელ მისტიურ ადგილებს.
ახლა, როცა ერთი წელი გავიდა ჩემი პირველი კოვზის დადნობიდან, ავდივარ ხის ტოტზე და ვცდილობ კვამლსა და სიგნალებს შორის დავინახო ის, რაც დედამიწის ქერქისგან გადარჩა. საშინელი ხმაური, რომელიც უკვე ცალკე ნივთიერებად იქცა, გამაყრუებლად ღმუის ნაგვის მინდვრების თავზე. ჩემს ბოლო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, რაც სულ რამდენიმე საგნის გამოყენებით შემოიფარგლება - მოხმარების სფერო ორჯერ შემცირდა. ბომბებით დატვირთული თვითმფრინავები ჰაერში ფეთქდებიან, ვერტმფრენი ციდან კი ისევ დაჟინებით გვიმეორებს ძველ მოწოდებას: ,,გამოიყენეთ, გამოიყენეთ, მოიხმარეთ, მოიხმარეთ, ყველაფერი, ყველაფერი”. კი მაგრამ, რაღა დარჩა მოსახმარი? აღარაფერი...
უკვე ერთი თვეა რაც აქ ვცხოვრობ, ვიმალები ჩემი ძველი სახლის ნანგრევებში. როცა დავინახე, რომ ყველამ, მუშებმაც და მეწარმეებმაც მეხსიერება დაკარგეს და აღარც მომავლის განჭვრეტის უნარი შერჩათ, როცა მივხვდი, რომ მათი დღე წუთების ტყვეობაში გადის, უცებ ვიგრძენი, რომ აქ უნდა დავბრუნებულიყავი, ამ სახლში. ვცდილობ მეხსიერება არ დავკარგო, ეს ნაჩქარევი ჩანაწერები მაინც შევინარჩუნო, ვცდილობ დავსახო რაიმე გეგმა.

ღმერთო, რა ბედნიერებაა! სარდაფში წიგნი ვიპოვე დაბეჭდილი ასოებით - ,,განძის კუნძული”! რამდენი რამ გამახსენდა საკუთარ თავზე, რამდენი რამის ფეთქვა გააცოცხლა ჩემში... ვასრულებ წიგნის კითხვას, აქეთ-იქით ვიხედები და ნივთების მიღმა დაფარულ ბოროტებას ვხედავ... სად არიან შეყვარებულები, სად არიან ბავშვები, სიმღერებს რომ მღეროდნენ. რატომ დამავიწყდა, რატომ დაგვავიწყდა, რატომ არავის გაგვხსენებია მათ შესახებ ამ ხნის განმავლობაში? სად იყვნენ ისინი, სანამ ჩვენ ვფიქრობდით (მე კი ვწერდი) მოთხოვნილების შექმნასა და მათ დაკმაყოფილებაზე? და იმ წუთას თვალწინ დამიდგა მთელი ის მანკიერება, ის წებოვანი სიბინძურე, რომელიც სხვადასხვა სახით გვევლინებოდა: ბორბლები და ჩვრები, აყროლებული ცხიმები, ნანგრევების აალებული ხორცი, დაფლული ასფალტის თხრილებში, დავინახე ჭრილობები, ჩახუტებული სხეულები, თოკის ხელები და შევიცანი მათი არსი.
შეუძლებელია სახელი შეურჩიო ამ ალეგორიულ მონუმენტებს, რომლებიც ნაგვის გროვაზე წამომართულან წარსულის ეკონომისტთა საპატივცემულოდ. განსაკუთრებული გროტესკულობით ბასტიატის* ჰარმონიისადმი მიძღვნილი მონუმენტი გამოირჩევა.
სტივენსონის წიგნის ფურცლებს შორის მწვანილის თესლი ვიპოვე. როგორი რუდუნებით ჩავრგე მიწაში... აი, ისევ გაისმის მოწოდება: ,,მოიხმარეთ ყველაფერი, ყველაფერი.”
ახლა კი...…ახლა ლურჯი ქუდის ჩრდილქვეშ ნელ-ნელა ვიძირები დამსხვრეული შუშების ხმაურში.
ვზივარ სანაპიროზე, რომელიც, თუ კიდევ რაიმე მახსოვს გეოგრაფიიდან - არ ესაზღვრებოდა არც ერთ ზღვას. იმ სამყაროში, სადაც ახლა მე ვარ, არცერთი ნივთი არ არსებობს, მხოლოდ ორი ვარსკვლავი, ტალღები და ქვიშა... ხელში გამომშრალი ტოტები მიჭირავს, უკვე კარგა ხანია, მათ ერთმანეთზე ვახახუნებ... და აი ისიც! პირველი ნაპერწკალი!...

*კლოდ ბასტიატი (1801-1850) - ფრანგი ეკონომისტი და მწერალი, რომელმაც საფუძველი დაუდო კერძო საკუთრების, თავისუფალი ბაზრისა და შეზღუდული ხელისუფლების იდეებს. მას მიაჩნდა, რომ თავისუფალი ბაზარი აუცილებლად შექმნიდა ,,ეკონომიკურ ჰარმონიას.” სწორედ ასე ეწოდება მის ნაშრომს (Armonías Económicas), რომელშიც ავტორი საკუთარ თეორიებსა და შეხედულებებს ავითარებს.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Monday, February 23, 2009

დათო ქარდავა

ჯალაღონიას მტერი

„კაცის ტანიდან ჩამოჭრილი გირვანქა ხორცი არცა დიდებით და არც ფასით არ შეედრება საქონლის ხორცსა, ანუ ცხვრისას, თუნდა თხის ხორცსაც.”
უილიამ შექსპირი, „ვენეციელი ვაჭარი“


მაიორმა ჯალაღონიამ – მწითურმა გოლიათმა, რომელსაც ცეცხლისფერი თავის სამი მეოთხედი სამართებლით პირწმინდად ჰქონდა აპარსული, საქაღალდე დახურა, დიდი მაუდგადაკრული მაგიდიდან ჩამოხტა, კიტელის კალთები ორივე ხელით ძირს დაქაჩა და სმენაზე მდგომ ჯარისკაცს ჰკითხა: „ესე იგი, მგელი ხარ, არა?”
ჯარისკაცმა არ უპასუხა, თითქოს მას არ მიმართავდნენ. ჯალაღონიამ გაიღიმა. სწრაფსა და მოკლე პასუხებს იყო ნაჩვევი. კაპიტან მარტინენკოს მოკიდებული სიგარეტი გამოართვა, სახესთან ახლოს მიიტანა და ჰაერში გაფანტული კვამლი ხარბად შეისუნთქა. მოწევით არ ეწეოდა, ცოლს გაუწია ანგარიში და თავი დაანება, როცა
ქალიშვილი შეეძინათ. ბავშვი გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა.
სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდნენ, სამხედრო ჰოსპიტალის მთავრმა ექიმმა ჯალაღონიას აუხსნა, გოგონას პარკუჭი აქვს გადაგვარებულიო. „კედელს მცირე ზომის ნახვრეტი აქვს, საიდანაც გადასროლილი სისხლის ნაწილი უკან ბრუნდება. შედეგად პარკუჭი ბოლომდე ვერ იკუმშება. ამას მეცნიერულად დეკომპრესია ჰქვიაო”.
მაშინ ჯალაღონია ძალიან ახალგაზრდა იყო. შინაგანი ჯარის უმცროსმა ლეიტენანტმა – თავი და სამხრეები ერთი ფერის რომ ჰქონდა, ექიმის ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. არადა, მოხუცი ქირურგი განაგრძობდა: „...იმდენ სისხლს ვერ აწვდის წინაგულს, რამდენსაც იღებს, კუნთი კი ნელნელა ეშვება, თითქოსდა იფლაშება, ზარმაცდება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ დღეს საერთოდ უარი თქვას შეკუმშვაზე”.
„ეს რას ნიშნავს?” – გულუბრყვილოდ იკითხა ჯალაღონიამ.
ექიმმა შუბლი მოისრისა. ჯალაღონიას გულმა ცუდი უგრძნო.
„ოპერაცია არ უშველის?” – უნდოდა ეკითხა, მაგრამ თეთრხალათიანმა დაასწრო.
„საბედისწერო წუთი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის მოხდება ეს. შეიძლება, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლოს, შეიძლება, დღესვე, აქედან გასვლამდე დამთავრდეს ყველაფერი”.
ჯალაღონია ყურადღებით უსმენდა...
„სრულწლოვნობამდე ოპერაციას აზრი არ აქვს”, – განაგრძო მთავარმა ექიმმა, – „ერთადერთი, ხელს თუ შეუწყობთ. სიმშვიდე, დიეტა და სუფთა ჰაერი სჭირდება! მერე, თუ გაგიმართლათ, მოსკოვში, კარდიოლოგიურ კლინიკაში წაიყვანეთ!”
ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც ექიმმა ურჩიათ, მაგრამ სამსახურიდან შინ მისულ ჯალაღონიას ყაზარმიდან სიგარეტის, ოფლის, არყისა და კირზის ჩექმების სუნი მიჰყვებოდა. ცოლი ბავშვის ცუდად ყოფნას ისედაც ქმარს აბრალებდა და პირველივე ავადმყოფობისთანავე ისეთი აყალმაყალი მოაწყო, რომ ჯალაღონია იძულებული გახდა ღამე ყაზარმაში გაეთია. მერე კაპტიორკაში, შინელებსა და აშმორებულ ვალინკებს შორის ძილი მობეზრდა და სულ სხვა კაცად იქცა. მართალია, ყაზარმის, ჩექმებისა და გუტალინს სუნს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ოჯახში დამთმობი გახდა – აღარც ეწეოდა და შინ მთვრალიც აღარ მიდიოდა. არ უნდოდა შვილის ავადმყოფობით გამწარებული ცოლისთვის გაღიზიანების საბაბი მიეცა. ყველანაირად ცდილობდა ესიამოვნებინა, ღამღამობით ბავშვის ტირილზეც ის დგებოდა... მაგრამ სახლისგან
განსხვავებით, სამსახურში ჭირვეული გახდა – უმნიშვნელო დარღვევაზეც კი სჯიდა ჯარისკაცებს. როცა ჯარი ზონაში შედიოდა, წითელთავა არც პატიმრებს ინდობდა. მერე წლები გავიდა. მხრებზე კენტად დაბნეული ვარსკვლავის მსგავსად, თვითონაც ერთი ორად გამსხვილდა, ხოლო მის ცხოველურ სისასტიკეზე ყაზახეთის ზონებში ლეგენდების მოყოლა დაიწყეს. მწითური მაიორის დანახვაზე 1800 ჯარისკაცი ხერხემლის გადატეხვამდე იზნიქებოდა, მისი ბრძანებით ჩაცუცქული პატიმარი კი მანამ ვერ გაიმართებოდა წელში, ვიდრე მტკაველზე გადმოვარდნილი სწორი ნაწლავი გაუტეხავ ყამირში ფესვებს არ გაიდგამდა...

* * *
– კაპიტანო, კარგად დააკავირდი, – ჯალაღონია მარტინენკოს მიმართავდა, თან სმენაზე მდგომი ჯარისკაცის წინ ბოლთას სცემდა, – ერთი შეხედვით ადამიანს ჰგავს: ხელები, ფეხები, თავის მოყვანილობა, ვერტიკალური ხერხემალი... თითქოს ადამიანია, მაგრამ, აბა, თვალებში შეხედე, როგორი მგლური გამოხედვა აქვს!
– რაო, ჯარისკაცო, მგელი ხარ? – კაპიტანი მარტინენკო ჯარისკაცს წინ დაუდგა.
– ...
– უპასუხე, ძუკნა, როცა წოდებით უფროსი მოგმართავს! – იღრიალა მარტინენკომ.
– რა მგელი, – ჯარისკაცმა ოფიცერს მზერა გაუსწორა, – მგელი რომ ვიყო, განა, ძაღლებს ამდენს ვაყეფებდი?
მარტინენკომ მთელი ძალით მოქნეული მუშტი ბალთის ზემოთ, ხებეს მეორე და მესამე ღილებს შორის ჩაარტყა.
ჯარისკაცი დარტყმას მომზადებული დახვდა. ჰაერის შესუნთქვაც მოასწრო, მუცლის დაჭიმვაც და უკან გახტომაც. დაეცა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.
ჯალაღონიამ ფარაჯის საყელო კაუჭით შეიკრა.
– კაპიტანო, ადამიანები ადამიანებს ზრდიან, – თქვა მან, – მგლები – მგლებს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ მგლები ადამიანებს შორისაც გამოერევიან ხოლმე!
კაპიტანმა მარტინენკომ კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა მწითური გოლიათის ამ სიტყვებს. კაბინეტიდან გასული ხუთ წუთში უკან სერჟანტებისა და მორიგე ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა.
– ვ კაპტიორკუ ეგო ნა ხუი! – გასცა ბრძანება.
სერჟანტებმა, კიბეები რომ არ დასვრილიყო, რიგითი გიორგაძე ძველ შინელში ჩადეს და ისე წაიღეს, მორიგე ჯარისკაცმა კი საპნიანი წყალი და ტილო მოიმარჯვა...

* * *
რიგითი გიორგაძე წითელ არმიაში გაწვევამდე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. არ დამალულა, მიუტანეს თუ არა შეტყობინება, მაშინვე გამოცხადდა კომისარიატში. სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა, მხოლოდ თვალის ექიმთან, სივცოვის ცხრილთან დააყოვნეს.
“გოდენ კ სტრაევოი სლუჟბე”, - თქვა ულვაშებიანმა კომისარმა და
გადაშლილ მიწერილობას ბეჭედი ხეთქა.
ქართველი ახალწვეულების ლაშქარს გიორგაძე ერთ კვირაში შეუერთდა და მოჰყვა იმ ნაკადში, რომელსაც ულვაშებდაწკეპილი ლეიტენანტები ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ჯერ ნავთლუღის შემკრები პუნქტისკენ, ნავთლუღიდან კი სამხედრო ეშელონებით ძდევამოსილი წითელი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესავსებად ერეკებოდნენ, მაგრამ როგორც კი სამხედრო ფორმა მოირგო, როგორც კი გაუტეხავი, სადღაც ცელიონოგრადსა თუ კრასნოიარსკის ზონებში შეკერილი კირზის ჩექმები ჩაიცვა, როგორც კი ნაცრისფერ, ნახევრადსველსა და კაუსტიკური სოდით აყროლებულ ბალიშისპირზე დადო თავი, როგორც კი მწყობრში მიმავალს ვიშე ნოგუ, შირე შაგო, დაუძახეს, მიხვდა: საბჭოთა არმია რომანტიული თავაგადასავლებისთვის არ გამოდგებოდა! არადა, როგორი იმედი ჰქონდა ივანოვოში მოვხვდები და იქაურ ფეიქარ ქალებში გავერთობიო. ნავთლუღის გასაწვევ პუნქტში შეკრებილი ათასობით წვევამდელის მსგავსად, მასაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალაქი ივანოვო, საბჭოთა კავშირის საფეიქრო მრეწველობის ცენტრი, ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ჟრუანტელის მომგვრელ ხიფათს შეიცავდა: ლეგენდის თანახმად, ივანოვო სავსე იყო ახალგაზრდა ქალებით. საეჭვო სტატისტიკის მიხედვით, ერთ მამაკაცზე საშუალოდ ასი სისხლსავსე და, რაც მთავარია, დაუკმაყოფილებელი დედაკაცი მოდიოდა. ლეგენდა მეტი დამაჯერებლობისთვის ამგვარი შეგონებით სრულდებოდა: „ღამით ქალაქში არ გახვიდე. მითუმეტეს, არ გახვიდე მარტო, თორემ დაგიჭერენ, ყვერებზე მავრთულს შემოგახვევენ და მორჩა, არ მოგეშვებიან, იმდენ ხანს გიხმარენ, ვიდრე სულს არ ამოგხდიან!” ბევრი, ძალიან ბევრი წვევამდელი თანახმა იყო ამგვარი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. განა უდაბნოში გზააბნეულ, წყურვილით გათანგულ ადამიანს წყალში დახრჩობით შეაშინებ? მაგრამ რიგით გიორგაძეს არ გაუმართლა: შინაგან ჯარში, მწითურ გოლიათთან, მაიორ ჯალაღონიასთან მოხვდა!
ჯალაღონია ჯარისკაცებისთვის ნამდვილი დედინაცვალი იყო, რიგითი გიორგაძე კი ყველაზე მეტად სძულდა. „იბი სვაიხ, ჩტობ ჩუჟიე ბაიალის!“ - იტყოდა ხოლმე და რაიმე უაზრო ან დამამცირებელ საქმეს დაავალებდა. ყოველ ჯერზე უკვდავების წყალზე აგზავნიდა და განა იმიტომ, რომ წყურვილი მოეკლა?
როგორც ყველა დედინაცვალი, მაიორიც ოცნებობდა გერის დაღუპვაზე, თუმცა ჯალაღონიას გულის გასახეთქად, რიგითი გიორგაძე ყოველთვის უვნებლად ბრუნდებოდა. უტიფარი ღიმილით შეხედავდა მწითურ გოლიათს და ჯარისკაცებს თვალს ჩაუკრავდა, მაგრამ ერთხელ ისეთი დავალება მიიღო, რომლის შესრულება არ შეეძლო. რიგითმა გიორგაძემ კარგად იცოდა: ფეხსალაგი რომ გაეწმინდა, მძღნერის სუნს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე ვერ მოიშორებდა...
ჯალაღონიამ დედა შეაგინა და მუშტი მკერდში ჩაარტყა. რიგითმა გიორგაძემ კი ხელში შეჩეჩებული, მოშლილი კანალიზაციის ხშირი წმენდისგან გაშავებული გვარლი გადაუჭირა. გადარეულმა ჯალაღონიამ ხელი კისერში წაავლო და ლენკომნატაში შეათრია, მოგვიანებით კი ბრძანება გასცა, ვ კაპტიორკუ ეგო ნა ხუიო. სერჟანტებმა კიბეები რომ არ დასვრილიყო, რიგითი გიორგაძე ძველ შინელში ჩადეს და ისე წაიღეს, მორიგე ჯარისკაცმა კი საპნიანი წყალი და ტილო მოიმარჯვა...
ამ დღიდან მოყოლებული მაიორი და რიგითი ერთმანეთს კრიჭაშეკრულნი ებრძოდნენ. ჩივილი, სისხლის სამართლის ან დისციპლინარული სასჯელის დაკისრება არცერთს უცდია...

* * *
მაიორი ჯალაღონია ყარაულის შესამოწმებას დილის ექვს საათზე შეუდგა, თან ცოლის საყვარელი ფინია, ბურთივით მრგვალი ჩაპა გაიყოლა. საყარაულოში შესულმა მწითურმა გოლიათმა მთელ ხმაზე იყვირა, ხანძარი მეათე საგუშაგოზეო. ნამძინარევი სერჟანტები და რიგითები, მათ შორის გიორგაძეც, მეათე პოსტისკენ გაიქცნენ, თან ნიჩბები, ცეცხლსაქრობები და კონუსის ფორმის სათლები გაიყოლეს.
საყარაულოში სამი ჯარისკაცი დარჩა. იმის გამო, რომ საკეტი რიგითმა გიორგაძემ მოშალა, კარი ავტომატურად აღარ დაიკეტა. ჩაპამაც, ჯალაღონიას ცოლის საყვარელი ძაღლმა, ამით ისარგებლა და გარეთ გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ფინიამ ჯერ საყარაულოს მახლობლად, ასფალტის ნაპრალიდან ამოსულ ლეღვის ხეს მიაფსა, შემდეგ კი მავთულხლართებით დაწნული ღობისკენ გასწია.
- სად არის ძაღლი, ძუკნავ? - პოსტიდან დაბრუნებულმა მაიორმა ჩაპა მოიკითხა.
- ძუკნა?
- ძაღლი, ჩემი ძაღლი!
- ჩაპა? - შეცბა ყარაულის უფროსი და ჩაპა-ჩაპას ძახილს მოჰყვა, - აქ უნდა იყოს!
- სად აქ, შენი დედა, სად აქ?
სერჟანტმა მხრები აიჩეჩა. ჯალაღონიას გულმა ცუდი უგრძნო. მწითურმა გოლიათმა ზონის ბარაკებისკენ გაიხედა. ფერი დაკარგა. „კარაულ ვ რუჟიო“, იღრიალა მთელ ხმაზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო: ჩაპას სისხლიანი ტყავი პატიმრებმა მავრთულხლართზე გადმოკიდეს...

მთელი თვე ყაზარმაში ეძინა ჯალაღონიას...
მწითურ გოლიათს რიგითი გიორგაძისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ხვდებოდა ვისი წყალობით იქცა ჩაპა ჭლექიანი პატიმრების კერძად. რიგითი გიორგაძეც ხვდებოდა, რომ ეს დუმილი, ჯალაღონიას სასტიკი შურისძიების მაუწყებელი იყო. იცოდა, რომ მწითური გოლიათი ვალში არავისთან დარჩებოდა, რომ მტერს, ნამდვილ მტერს არ აცოცხლებდა.
ჯალაღონია მართლაც ემზადებოდა...
კურსანტობის დროს ნასწავლი გაიხსენა, რომ მტრის განადგურება ადვილია როცა იცი სად იმყოფება და როგორია მისი ბრძოლისუნარიანობა, როგორაა შეიარაღებული, რას აკეთებს და როგორ შეიძლება მოიქცეს. ბრძოლის წარმოება უფრო ადვილია მაშინ, როდესაც იცნობ იმ ადგილს, სადაც ბრძოლა მოგიწევს...
მწითური გოლიათი მტერს კარგად იცნობდა, იცოდა თუ როგორ იყო შეიარაღებული და სად უნდა დასხმოდა თავს, როგორ უნდა ემოქმედა... მაგრამ ჯალაღონიამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: ყურადღება არ მიაქცია მეცხრე საგუშაგოს, სადაც დილის ოთხიდან ექვს საათამდე სერჟანტი ბაგიშევი მორიგეობდა და, საიდანაც კარგად მოჩანდა მტრის, რიგითი გიორგაძის მიერ გატკეპნილი მეათე საგუშაგოს პერიმეტრი...
გიორგაძეს, ისევე როგორც ყარაულში სიარულით გატანჯულ სხვა ჯარისკაცებს, ყველანაირ პოზაში, მათ შორის ფეხზე მდგომსაც შეეძლო დაძინება, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოახერხა. მეათე საგუშაგოზე ტელეფონმა დარეკა.
- გიორგაძე, - ყურმილში ბაგიშევის ხმა გაისმა, - მგონი, შენ ტერიტორიაზე ვიღაცაა შემოსული.
- რა იცი, ბაგიშევ, დაინახე რამე? .
- ისეთი არაფერი, მაგრამ, მგონი არ ვცდები, შენი რა მიდის, დარეკე საყარაულოში და პოსტის გაძლიერება მოითხოვე.
ბაგიშევი რიგითი გიორგაძის მოვალე იყო. არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლე ემართა. რომ არა გიორგაძე, სუმგაითელ სერჟანტს ჩეჩნები მოკლავდნენ.
ნედლი ჯარისკაცებიდან სერჟანტი ბაგიშევი ყველაზე მეტად ჯიბრაილოვმა, ჩეჩენმა ახალწვეულმა გააწვალა. მწყობრში სიარულისას ფეხს შეგნებულად ურევდა, სიმღერის დროსაც შეგნებულად ბღაოდა. ყაზარმიდან, აბანოდან და სასადილოდანაც ყველაზე გვიან ჯიბრაილოვი გამოდიოდა. კვირის თავზე ბაგიშევმა თავის დარტყმით ცხვირი ჩაუმტვრია, მუშტით კი - ლავიწის ძვალი. წელიწადნახევრიანმა ჩეჩნებმა საქმის გასარჩევად, საღამოს შემოწმების შემდეგ, კეჩის საწყობის უკანა ეზოში დაიბარეს. ბაგიშევს მარტო უნდოდა წასვლა, მაგრამ გიორგაძემ არ დაანება.
- ვიცი, მოგკლავენ, - უთხრა, - გამოგყვები, თვალებს მაინც დაგიხუჭავ!
არ მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩნებში გიორგაძის ნაცნობი ერია. გებიშ მარგოშვილი იყალთოში, ბიძის ოჯახში გაიცნო. მერე კარანტინშიც ერთად იყვნენ და ერთად იხდიდნენ ათ დღეღამიან სასჯელს გარნიზონის ჰაუპტვახტში, სადაც ქისტი ძმადნაფიცის გულისთვის გიორგაძეს ყარაულის უფროსმა, სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ლეიტენატმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მოტეხა.
ბაგიშევი გადარჩა, თუმცა ჩეჩნებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს. უთხრეს, ჯიბრაოილოვს მხარი რომ მოურჩება, ერთი ერთზე უნდა ეჩხუბოო...
- მოჩვენებები დაგეწყო? - გიორგაძემ შიშის დამალვა სცადა, - ბაგიშევ, იქნებ, სიზმარი ნახე?
- შენი საქმისა შენ იცი! - სერჟანტის ხმა შორიდან ისმოდა, - მაგრამ არ დაიძინო, ბიჯო, გესმის, არ დაიძინო!
რიგით გიორგაძეს დაძინება აღარ უცდია. ერთი ხანობა დამფრთხალი კოშკურაზე აძვრა და იქიდან ათვალიერებდა პერიმეტრს. საეჭვო ვერაფერი შენიშნა, დაწყნარდა და ისევ ძირს ჩამოვიდა. გადატენილი ავტომატით წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ასე ერჩივნა, სიარულში დრო უფრო ჩქარა გადიოდა. დათვლილი ჰქონდა: ერთ შემოვლას ათ წუთს ანდომებდა...
...ჯალაღონია კი ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ისე ახლოს მიეპარა, რომ შეეძლო დანა ესროლა, მაგრამ მავთულხლართებმა შეუშალა ხელი. რიგითმა გიორგაძემ ათოდე მეტრში ისე ჩაიარა, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, არადა მახვილმა მთვარის შუქი აირეკლა.
- იდექი! – კბილებში გამოცრა ჯალაღონიამ და ბასრი ლითონის პირი ყელზე მიადო. - არ გაინძრე, ძუკნავ, თორემ უთავოდ დარჩები!
- არ მომკლათ, ამხანაგო მაიორო! - ამოიხროტინა რიგითმა.
- როდის აქეთ გავხდი „ამხანაგი მაიორი“? მე ხომ მწითური ნაგაზი ვარ, ბოზო!
ჯალაღონიამ რიგით გიორგაძეს ავტომატი აართვა და იქვე, შორიახლო დააგდო.
- არ მომკლათ...
- გეშინია? - გაიხარა ჯალაღონიამ, - ვერ შეგპირდები! განა არ იცი, რომ მგლის მოკვლისთვის პრემიაა დაწესებული... შენნაირი ცხოველის ტყავში ორმაგ პრემიას უნდა იძლეოდნენ. შენ საუკუნე რომ იცოცხლო, სახეიროს არაფერს გააკეთებ...
- მაპატიეთ... - ძლივს გამოსცრა კბილებში რიგითმა გიორგაძემ.
- იმ ქვეყნად მთავარანგელოზმა გაპატიოს, მე კი აქაურობას უნდა მოგაშორო, ტყუილად ამძიმებ ქვეყანას...
- ამხანაგო მაიორო, შინ დედა მელოდება... გამოვსწორდები...
- გამოსწორდები სამარეში, შენი დედა! - ჩასძახა ყურში, - დედა გაახსენდა? რაც შენ ხარ ის დედაშენი იქნება, განა ქაქი მქნელს არა ჰგავს? რომ გაცოცხლო, რა ხეირი შენგან? მოგკლავ, სურსათს მაინც დავზოგავთ! შენნაირი ვირთხების ადგილი მიწაშია! - თქვა ჯალაღონიამ და დანა თავს ზემოთ შემართა.
რიგითმა გიორგაძემ თვალები დახუჭა და ლითონთან შეხებას დაელოდა.
მწითურ გოლიათს გეგმა დაწყობილი ჰქონდა: რისთვის შეიძლება მოკლან გუშაგი, თუკი პატიმრები არ გარბიან?
ცხადია, იარაღისთვის!
მაგრამ ჯალაღონიამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: მთვარიანი ღამე, რომლის სხივებსაც ვერაგულად ირეკლავდა ლამის ნახევარმეტრიანი მახვილი. წლების წინ, კურსანტობისას ნასწავლი, მზვერავის მთავარი შეგონება დავიწყებოდა: „გამურე დანა თავდასხმის წინ, რათა ლითონის ბრჭყვიალმა არ გაგცეს!“
სერჟანტმა ბაგიშევმა სწორედ ეს ბრჭყვიალი დაინახა. დაინახა და, საყარაულო სამსახურის წესდების დარღვევით, გაფრთხილების გარეშე ატეხა სროლა. დამიზნება არც უცდია. რომ მოენდომებინა, მწითურ გოლიათს მაინც ვერ ააცდენდა...

* * *
იმ ღამეს სამხედრო ნაწილს არ დაუძინია: ჯალაღონია ყურს ქვემოთ, ექიმების თქმით, შიდა საუღლე ვენაში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა; მხარში, უფრო ზუსტად კი, ლავიწ-დვრილისებულ კუნთში დაჭრილი რიგითი გიორგაძე კი იოლად, ოპერაციის გარეშე გადარჩა, თუმცა ყველაზე მეტად სერჟანტ ბაგიშევს გაუმართლა: გიორგაძის ვალიც გაისტუმრა და ფხიზელი სამსახურისთვის, ორკვირიანი შვებულებაც დაიმსახურა...
მოგვიანებით, სამხედრო ნაწილის სასადილოში შეკრებილი ოფიცრები ყოფილი მეთაურის შესანდობარს წყალში გაზავებული სპირტით რომ სვამდნენ, ლეინტენანტმა დოლიამ თქვა: ჯალაგონია ძველი წრთობის ნამდვილი ოფიცერი იყოო; ძლიერი, გონიერი და დაუნდობელი! სისტემაც მის სასარგებლოდ მუშაობდა, დიდი ძალისხმევის გარეშე გასრესდა ნებისმიერს, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა, მისი არავის ემართაო...
ყველა დაეთანხმა, ერთის გარდა. ეგ რა შუაშიაო, თქვა კაპიტანმა მარტინენკომ და, ვიდრე მღვრიე სითხით სავსე თუნუქის ფინჯანს პირთან მიიტანდა, ჯალაღონიას შემცვლელს, ვიცე-პოლკოვნილ შაპოვალოვს, ახალწვეულისთვის წართმეული სანთებელა აჩუქა...


© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“