Wednesday, February 25, 2009

რეზო გეთიაშვილი

სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ 

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.

ნამცეცი

გადაღებილი ფრესკების და საგნების კაწვრა,
ყველა სახელით ერთი ჯამის გათამაშება,
სიხარულებით, ტკივილებით, ბევრჯერ რომ გასცდა,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეა
და ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლე
რომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,
ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე,
თან სულ რომ მოდის, ნამცეც-ნამცეც და ღმერთად ვერ ვთვლით
და ვცდილობთ, უფრო გადავდღაბნოთ, გავაფერადოთ
ყველა საგანი, გამოთვლილი ზომით და წონით
და ტკივილებით ამოვკაწროთ, მაგრამ ვერასდროს
ვერ გავიხედავთ ყოფნასა და არყოფნას შორის,
სადაც საგნებმა შეინახეს თავისი სახე,
საითაც მოჭრილ ფრთებს და ხელებს მიწვდი, ვაცეცებ,
ვერ დავიჯერეთ "ყველაფერი ღმერთის შესახებ",
მთლიანად რომ ვერ მოვიხელთეთ, ვკენკავთ ნამცეცებს,
ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ გამოვედავოთ,
რომ ჩემთვის გინდა, სანამ აქ ვართ, შენთვის მჭირდება
ყველა ის ფერი, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ,
ის მხარე, სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები.

* * *

შენს სახლში რამდენიმე გამოკეტვაც
სამყაროს ნაწილი ვარ,
შენს სითბოს სინათლეზე ვიმატებ და
ხის მადა მაქვს,
შენს გვერდით სამოთხეც კი სიმართლესთან
ახლოა გაცილებით,
როგორმე ვიმყოფინებ სამოთხედაც,
ყისმათადაც.

მიყვარხარ, ვიდრე ღმერთთან გამიყვანენ
შემდეგი რაუნდები,
სოფელში თითქოს წუთიც არ გასულა,
ხის მადა მაქვს,
დამითმე კიდევ ორი, სამი ღამე,
ვიდრე გზას გავუდგები,
როგორმე ვიმყოფინებ დასასრულად,
ყისმათადაც.

საკუთარი სიბერე

სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერი
სულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით,
წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება,
ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი.

მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება,
თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახულებას გავუცვლიდი,
ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებები
ქრობით დაავადდნენ, მშრალი ამოვდივარ აუზიდან

და რასაც განვიცდი, ის არის, რომ სულაც არ განვიცდი
ამ ამბავს და მეტიც, ნელ-ნელა ეს განცდაც მინელდება
და ვრჩები სიგიჟის, გაფრენის, დაცემის მაგალითი
გარდაცვალებების, გარდაცვალებების იმედზეღა.

რასაც წარმოსახვის სუსტი წინაღობით ვეღობები,
ღია თვალებია, ცამაც მეტისმეტად აიწია,
მრჩება წასული და უკვე დარჩენილი მეგობრები,
მარად ძვირფასები, თუმცა მეგობრებმა რა იციან.

* * *

დღეს შენი მწვანე კაბის ფერი
დღეც ისე გაქრა ქარის ფრად
შენც ისე ქრები (ნელა-ნელა 
არი და არა არი რა)
შენ სადღაც ქრები ჟამი-ჟამ
და ქრები ქრები ნელა ნელა
მთელ ღამეს
- კაი მაინც გავა
- და მაინც სხვაა 
- მაინც გავს
- ქარს თავი მოაქვს 
- თავის-თავად
- და ისევ ატანს თავის თავს
და ისე ატანს თავის თავს
რომ ქრები ქრები ნელა ნელა

ინტერვალი

უფსკრული. ისე მივუყვებით ქიმნარს და შიშნარს,
რომ ზოგჯერ ქიმზე ვჩერდებით და ყვავილებს ისვრის
ზეცა ქვევიდან, წარსულისკენ, ეს იმას ნიშნავს,
რომ ისევ მოვრჩით და ახალი დასასრულისთვის

ისევ ვიწყებით, უსაშველო ვარდნა და შვება
და ფორიაქი, სინანული, ტკივილი, ის რაც
სისხლად, მტვრად, ხორცად, ერთმანეთად ქიმებზე რჩება,
მისაღებია, რადგან ფსკერიც დასაწყისს ნიშნავს,

რადგან მიყვარხარ (სიგიჟეა), მწყევლი და ბოლო
ვარსკვლავიც ცაზე მიწურია ჩემი და მიჯნა,
მაგრამ ჩვენი დრო, სიცოცხლის და სიკვდილის დრო რომ
უკვე გავიდა, უკვე აქ ვართ, ეს უკვე ნიშნავს

გარდაცვალებას, ვიმეორებ, გაფრენას, მიწას,
წყევლას, თავიდან, ფორიაქი, ვარდნა და შვება
და ნეტარება, ჟრუანტელი, ტკივილი, ის რაც
იწყება, რჩება. ინტერვალი. იწყება, რჩება.

მეკუბოვე

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და 
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.
თერაპია

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი...
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.


© “ლიტერატურა _ ცხელი შოკოლადი“



No comments: