Monday, March 30, 2009

ხორხე ლუის ბორხესი - ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან


ხორხე ლუის ბორხესი
"ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე"
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან


ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.
"ჰეკლბერი ფინი" იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას "კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები" მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის "პირველი ადამიანები მთვარეზე", დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, "განძთა კუნძული", "დონ კიხოტი", "ტომ ბრაუნის სკოლის წლები", ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული "მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი", ბერტონის მიერ თარგმნილი "ათას ერთი ღამის" ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი, ჩვენივე სახლის სახურავზე მიყუჩებული... ჩემთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა. ვფიცავ, რაიმე დასაძრახს ვერც კი ვამჩნევდი, ზღაპრებს ვკითხულობდი ფრთაშესხმული, ეს იყო და ეს, სხვა არაფერი მაინტერესებდა. ყველა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე და მერე, როცა "დონ კიხოტს" ორიგინალში გავეცანი, მომეჩვენა, რომ უვარგის თარგმანს ჩავკირკიტებდი. კარგად მახსოვს გარნიეს გამომცემლობის პატარა წითელი ტომები, მოხდენილი და ოქროს ნატვიფრიანი. ერთი ხანობა რაღაც ცვლილება მოხდა მამაჩემის ბიბლიოთეკაში და როცა ამ წიგნის სხვა გამოცემა წავიკითხე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არ იყო ნამდვილი "დონ კიხოტი". მოგვიანებით, ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა გარნიეს მიერ გამოცემული წიგნი, ჩემთვის ნაცნობი გრავიურებით, შენიშვნებითა და მცდარბეჭდილებით. ყველა ეს დეტალი ნაწარმოების განუყოფელი ნაწილი იყო ჩემთვის, მუდამ ასეთად წარმომედგინა ნამდვილი "დონ კიხოტი".
ესპანურ ენაზე მაქვს წაკითხული ედუარდო გუტიერესის თხზულებანი თავზეხელაღებულ ყაჩაღებზე (მათ შორის საუკეთესოდ "ხუან მორეირას" დავასახელებდი), მისივე "სამხედრო სილუეტები", სადაც შთამბეჭდავად იყო აღწერილი პოლკოვნიკ ბორხესის აღსასრული. ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაჩემმა ამიკრძალა "მარტინ ფიეროს" გადაკითხვა, ეს წიგნი მხოლოდ უწლოვან ხულიგნებს თუ გაიტაცებს, თანაც ჭეშმარიტ გაუჩოებზე არ მოგვითხრობსო. მისი ასეთი განწყობა იმით აიხსნებოდა, რომ ერნანდესი როსასის მიმდევარი გახლდათ, ანუ მტერი ჩვენი უნიტარი წინაპრებისა. ცხადია, ამ წიგნსაც მალულად ვკითხულობდი. მოგვიანებით გავეცანი სარმიენტოს "ფაკუნდოს", გარდა ამისა, ნაწარმოებებს ძველბერძნულ და სკანდინავიურ მითოლოგიაზე. აი პოეზია კი, ინგლისურად წავიკითხე: შელი, კიტსი, ფიცჯერალდი, სუინბერნი. ყველა მათგანზე ჭკუას კარგავდა მამაჩემი, ზეპირად ახსოვდა მათი ლექსებისა თუ პოემების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთები და ციტირებაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა.
სხვათა შორის, მამაჩემის თითქმის ყველა წინაპარი და ნათესავი ლიტერატურის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ბაბუის ბიძაშვილი, ხუან კრისოსტომო ლაფინური ერთ-ერთი პირველი არგენტინელი პოეტი იყო, ავტორი ოდისა გენერალ მანუელ ბელგრანოს აღსასრულზე. მამაჩემის ბიძაშვილი, ალვარო მელიან ლაფინური, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი, აგრეთვე პოეტი გახლდათ და მოგვიანებით არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრადაც აირჩიეს. მამაჩემის ბაბუა დედის მხრიდან, ედუარდ იანგ ჰეიზლემი, არგენტინაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური გაზეთის ("სამხრეთის ჯვარი") გამომცემელი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა თუ ლიტერატურის (კარგად არ მახსოვს, რომლის) დოქტორი იყო. ოქსფორდსა და კემბრიჯზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომაც მიაშურა გერმანიას. როგორც ამბობენ, მთელი კურსი ლათინურ ენაზე გაიარა და იქვე მიენიჭა ეს ხარისხი. საბრალო, თუ არ ვცდები, პარანაში გარდაიცვალა. თავად მამაჩემს დაწერილი აქვს რომანი "კაუდილიო", ენტრე-რიოსის პროვინციის ისტორიის ამსახველი, რომელიც 1921 წელს გამოაქვეყნა კუნძულ მაიორკაზე. აგრეთვე დაწერა (და გაანადგურა) ნარკვევების წიგნი, ასეთივე ბედი არგუნა აღმოსავლურ მოთხრობათა კრებულს, "ათას ერთი ღამის" სტილში შექმნილ არცთუ ურიგო ნაწარმოებს. გარდა ამისა, დაწერილი აქვს დრამა "გზა არსაითკენ", შვილზე გულაყრილი კაცის ტრაგედიას რომ ასახავს, არგენტინელი პოეტის ენრიკე ბანჩსის მიბაძვით გალექსილი სონეტები. ბავშვი ვიყავი, მამაჩემი როცა დაბრმავდა; ჩვენი ოჯახი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი გზა მე უნდა გამეგრძელებინა. მსგავსი რწმენა კი, უბრალო სურვილსა თუ ოცნებაზე გაცილებით ძლიერია. სხვა გზა არ მქონდა: მწერლობას ვერსად გავექცეოდი!

* * *

1937 წელს პირველად მოვეწყვე ე.წ. "მუდმივ სამსახურში". იქამდე უმნიშვნელო ლიტერატურულ მოღვაწეობას ვეწეოდი: ვთანამშრომლობდი ჟურნალ "კრიტიკის" რაღაც გასართობ, უგემოვნოდ ილუსტრირებულ დამატებაში; პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, რომელსაც რატომღაც "კერა" ეწოდებოდა, თვეში ორჯერ ვამარაგებდი უცხოურ წიგნებზე დაწერილი რამდენიმეგვერდიანი რეცენზიებით და ამ წიგნების ავტორთა ბიოგრაფიებით; გარდა ამისა, ვწერდი ტექსტებს სხვადასხვა ქრონიკებისთვის და გამოვცემდი ფსევდომეცნიერულ ჟურნალს "ქალაქი", ბუენოს-აირესის კერძო მეტროპოლიტენის სარეკლამო ორგანო რომ იყო ფაქტიურად. ამ ყველაფერში ძალიან ცოტას მიხდიდნენ, მე კი, უკვე იმ ასაკში გახლდით, კარგა ხნის წინ რომ უნდა დამეწყო წვლილის შეტანა საოჯახო ბიუჯეტში. შემდეგ მეგობრები დამეხმარნენ და მიგელ კანეს ბიბლიოთეკის ფილიალში მომაწყვეს პირველი თანაშემწის მოკრძალებულ თანამდებობაზე. ბიბლიოთეკა ძალიან შორს იყო ჩემი სახლიდან, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთობ უღიმღამოსა და მოქუფრულში. იმ სამსახურში ჩემსაზე დაბალი თანამდებობებიც არსებობდა, მაგალითად, მეორე და მესამე თანაშემწისა, პირადად მე კი დირექტორს და მის სამ მოადგილეს ვემორჩილებოდი. ჯერ თვეში ორას ათ პესოს მიხდიდნენ, მერე ორას ორმოცი დამინიშნეს. უნდა გითხრათ, რომ ზემოაღნიშნულ თანხებს სამოცდაათი-ოთხმოცი ამერიკული დოლარი შეესაბამება.
ბიბლიოთეკაში ძალიან ცოტას ვმუშაობდით. ორმოცდაათი თანამშრომელი თხუთმეტიოდე კაცის საქმეს ვინაწილებდით. ოც ადამიანს საბიბლიოთეკო ფონდის კლასიფიკაცია და კატალოგების შედგენა გვევალებოდა. ბიბლიოთეკას იმდენად ცოტა წიგნები ჰქონდა, იოლად ვახერხებდით მათ მიგნებას და არასოდეს მიგვიმართავს იმ გულდასმით შემუშავებული სისტემისათვის, ურომლისოდაც, წესით, ფონს ვერ უნდა გავსულიყავით. პირველ დღეს თავი გამოვიდე და შესაშური გულმოდგინებით ვიმუშავე, მეორე დღეს კი ერთმა კოლეგამ განზე გამიხმო და შემარცხვინა, თქვენი ასეთი სიბეჯითით ორმოს გვითხრითო. თურმე ნუ იტყვით, კატალოგიზაცია მხოლოდ იმიტომ წამოუწყიათ, ხალხისთვის საქმე რომ გაეჩინათ, მე კი ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით ლუკმა-პურს ვაცლიდი ხელიდან ადამიანებს. იმწამსვე პატიოსნად ვაღიარე, რომ სავალდებულო ასი დასახელების კლასიფიკაციის ნაცვლად, ოთხასიოდეს გავართვი თავი. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ჩვენც უფუნქციოდ დავრჩებითო, შემომჩივლეს კოლეგებმა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ დღეს ოთხმოცდასამ წიგნს დავამუშავებდი, იმის მომდევნოს - ოთხმოცდაათს, მესამე დღეს კი ას ოთხი წიგნის დამუშავების უფლება მეძლეოდა.
ცხრა წელი გავლიე ამ ყოფაში, მძიმე და გაუხარელი წლები... იქ მამაკაცებს ძირითადად დოღი, ფეხბურთი და უხამსი ისტორიები აინტერესებდათ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ერთ ქალზე ძალაც კი იხმარეს, როცა ის ტუალეტისკენ მიდიოდა. მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ქალებისა და მამაკაცების ტუალეტები ამ შენობაში ერთმანეთის გვერდითააო განთავსებული, გაიძახოდნენ. ერთხელაც ორმა დარბაისელმა და კეთილმოსურნე ქალბატონმა მომინახულა, აინტერესებდათ რა სახის სამუშაოს ვასრულებდი ბიბლიოთეკაში. ორიოდე დღის შემდეგ დამირეკეს ამ მანდილოსნებმა და ისეთი რამ მითხრეს, რაც არასდროს დამავიწყდება: "თქვენ, შესაძლოა, მოგწონდეთ კიდეც ეგ სამუშაო, მაგრამ გავბედავთ და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ერთ თვეში სხვა სამსახურს მოიძიებთ, სადაც ცხრაას პესოს მაინც გადაგიხდიან". პატიოსანი სიტყვა მივეცი, რომ სურვილს უთუოდ შევუსრულებდი. მთელი ამ სიტუაციის კომიკურობა იმაში გახლდათ, რომ იმ ხანებში საკმაოდ ცნობილ მწერლად ვიყავი მიჩნეული, ჩემს კოლეგებს კი ჯერ არაფერი სმენოდათ ამის შესახებ. მახსენდება, როგორ გაოცდა ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი, როდესაც ენციკლოპედიაში ვინმე ხორხე ლუის ბორხესს გადააწყდა, რა უცნაურად ემთხვევა თქვენი და ამ კაცის სახელები და დაბადების თარიღებიო. დროდადრო, მთელი ამ წლების განმავლობაში მუნიციპალურ მუშაკებს მატეს ორფუნტიანი კოლოფით გვაჯილდოვებდნენ და ნებას გვრთავდნენ, ეს სიმდიდრე სახლში წაგვეღო. ასეთ დღეებში, საღამოობით, როცა ფეხით გავდიოდი ათიოდე კვარტალს ტრამვაის გაჩერებამდე, ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება: ეს სამარცხვინო მოწყალება ხაზს უსვამდა ჩემი არსებობის უბადრუკობასა და ამაოებას.
თითქმის ყოველდღე, ტრამვაიში, გზად სამსახურისკენ თუ შინისაკენ, საათობით ჩავკირკიტებდი "ღვთაებრივ კომედიას". "სალხინებლის" უკეთ გასაგებად ჯონ ეიტკენ კარლეილის პროზაულ თარგმანს მივმართავდი, დანარჩენს თავად ვუმკლავდებოდი, სამსახურში კი "საბიბლიოთეკო სამუშაოს" დილით ერთ საათს ვანდომებდი, შემდეგ სარდაფში, ანუ წიგნსაცავში ვიძურწებოდი და დარჩენილ ხუთ საათს წერა-კითხვაში ვატარებდი. ასე წავიკითხე ედუარდ გიბონის "ნგრევა და დაცემა", ვისენტ ფიდელ ლოპესის მრავალტომეული - "არგენტინის რესპუბლიკის ისტორია", ლეონ ბლუა, კლოდელი, გრუსაკი და ბერნარდ შოუ, შაბათ-კვირას კი ვირჯინია ვულფს და ფოლკნერს ვთარგმნიდი. ერთ მშვენიერ დღეს თავბრუდამხვევ ზეასვლასაც მივაღწიე, მესამე მოადგილედ გადამიყვანეს.
ერთხელ დედამ სამსახურში დამირეკა და შინ მისვლა მთხოვა. მეც სასწრაფოდ დავეთხოვე უფროსობას. მამაჩემს აგონია დასწყებოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამიხვდა სახლში მიჭრილს. მამა 1938 წელს გარდაიცვალა და იმავე წლის შობის წინა დღეს თავად მეც ძლივს გადავურჩი სიკვდილს: კიბეზე სწრაფად ავდიოდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სკალპი ამხადა... ფანჯრის ახლად შეღებილ საგდულს მივჯახებივარ თავით. პირველადი დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ ჭრილობა გამიავდა და მთელი კვირა არ მომიხუჭავს თვალი, მაღალმა სიცხემ და ჰალუცინაციებმა გამაწამა. ერთ საღამოსაც ენა წამერთვა. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს, იქ კი გამოირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი. მალე სისხლის მოწამვლა დამეწყო, მთელი თვე ვებრძოდი სიკვდილს (მოგვიანებით ეს ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე მოთხრობაში "სამხრეთი"). როდესაც გამოჯანსაღება დავიწყე, გულში შიში შემეპარა, სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა გონება არ დამიქვეითდეს-მეთქი. მახსოვს, დედა ხმამაღლა მიკითხავდა ლუისის წიგნს "მდუმარე პლანეტიდან". ერთი ხანობა ვერც კი ვუსმენდი, ბოლოს დამიყოლია, თავს ძალა დავატანე და... ორიოდე გვერდის მოსმენის შემდეგ ავტირდი. მიზეზი მკითხა. "ვტირი იმიტომ, რომ მესმის", ვუპასუხე. მაინც ვღელავდი, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოდესმე წერას, მანამდე კი საკმაოდ ბევრი ლექსი და არცთუ ცოტა რეცენზია მქონდა დაწერილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევეცდებოდი რეცენზიებზე მუშაობას და ხელი მომეცარებოდა, ეს მართლაც მიწასთან გამასწორებდა, მაგრამ თუ ისეთი რამის შექმნას შევეცდებოდი, რაც ადრე არ შემიქმნია და ამასაც ვერ გავწვდებოდი, ეს დარტყმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდებოდა ჩემთვის და ალბათ ახალი აღმავლობისთვისაც მომამზადებდა. ამიტომ მოთხრობის დაწერა განვიზრახე და ასე გაჩნდა "პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა".
"პიერ მენარი", ისევე როგორც მისი წინამორბედი - "მიახლოვება ალმუთასიმთან", დროებითი ნავსაყუდელი აღმოჩნდა ესედან ჭეშმარიტ მოთხრობამდე მიმავალ გზაზე, თუმცა წარმატებამ მაინც გამამხნევა და უფრო ამბიციური რამის შექმნაც გავბედე: "ორბის ტერციუსი" იყო ნაწარმოები ახლად აღმოჩენილ სამყაროზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა განედევნა ამჟამინდელი. ორივე მოთხრობა, "მენარიცა" და "ტერციუსიც" ვიქტორია ოკამპოს ჟურნალში დაიბეჭდა. კვლავ განვაგრძობდი მუშაობას წიგნსაცავში, ზოგჯერ კი, თუ ამინდი ხელს შემიწყობდა, ბიბლიოთეკის ბრტყელ სახურავსაც არ ვიწუნებდი. კოლეგები ალმაცერად მიყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რატომ გავურბოდი ხმაურიან თავყრილობებს.
კაფკას მოტივებზე შექმნილი მოთხრობა "ბაბილონის ბიბლიოთეკა" ჩაფიქრებული იყო როგორც კოშმარული ვარიანტი ჩვენი მუნიციპალური ბიბლიოთეკისა და ამის გამო ტექსტის დეტალებს სულაც არა აქვთ რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მოთხრობაში წიგნებისა და თაროების ჩემ მიერ დასახელებული რაოდენობა ზედმიწევნით თანხვდება იმას, რასაც მთელი ცხრა წელი შევყურებდი. კრიტიკოსები თავს იმტვრევდნენ ამ ციფრებზე და ხელგაშლით აჯილდოვებდნენ მისტიციზმით. "ლატარია ბაბილონში", "სიკვდილი და ბუსოლი", "ნანგრევებში" - ყველა ეს მოთხრობაც მოპარულ სამუშაო საათებში დაიწერა. სხვებთან ერთად ეს ნაწარმოებებიც შევიტანე წიგნში "განტოტვილ ბილიკთა ბაღი", რომელიც ხელახლა გამოიცა 1944 წელს სხვა სათაურით: ახლა მას "გამონაგონი" ერქვა. ეს წიგნი და მოთხრობების კრებული "ალეფი", ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ქმნილებებია.
1946 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა პრეზიდენტი, რომლის სახელის ხსენებაც არ მსურს. მალე მაუწყეს, რომ "დაწინაურებული" გახლდით, ინსპექტორის თანამდებობა ებოძებინათ ჩემთვის - ქალაქის ბაზრებში ჩიტებითა და ბაჭიებით ვაჭრობის კონტროლი მევალებოდა. საქმის გასარკვევად მერიას მივაშურე: "უცნაურია, რომ უამრავ თანამშრომელს შორის გამომარჩიეს და მაინცდამაინც მე მხვდა წილად ასეთი პატივი!" - მაშ რა გეგონათ? - მომიგო ვიღაც მოხელემ, - თქვენ ხომ მოკავშირეთა მომხრე იყავით, სხვას რას ელოდით? მივხვდი, რომ ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, მეორე დღესვე დავტოვე ბიბლიოთეკა. მეგობრები იმწამსვე დაირაზმნენ და გამოსამშვიდობებელი სადილი გამიმართეს. წინასწარ სიტყვაც კი მოვამზადე, მაგრამ ვიცოდი, თავად ვერ შევძლებდი მის წაკითხვას და ჩემს მეგობარს, პედრო ენრიკე ურენიეს ვთხოვე დახმარება.

* * *

ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი. ვიმედოვნებ, ვიხილო მორმონთა ქალაქი იუტა, სადაც ბავშვობაში მარკ ტვენისა და კონან დოილის წყალობით "ვიმოგზაურე"; სიამოვნებით მოვივლიდი ისლანდიას, ტექსასსა და შოტლანდიას კი ხელმეორედ ვეწვეოდი.
სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მუხლჩაუხრელად ვშრომობ და საინტერესო იდეათა ნაკლებობასაც არ ვუჩივი. გასულს წელს მოვამზადე ლექსების კრებული "Elogio de la sombra" ("წყვდიადის ხოტბა"). მასში მხოლოდ ახალი ლექსები შევიტანე, სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაწერილი. ძირითადი იდეა ამ კრებულისა, რომელიც რამდენიმე ლექსშია გაცხადებული, ეთიკის სფეროს მიეკუთვნება, აქ ვერ ნახავთ რელიგიურ თუ ანტირელიგიურ მიკერძოებას. თქვენც კარგად იცით, "წყვდიადი" სიბრმავესაც რომ გამოხატავს და სიკვდილსაც. "Elogio"-ს ლექსებს ყოველ დილას ვკარნახობდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ თანამშრომელს. როცა ეს სამუშაო გავასრულე, გადავწყვიტე არასოდეს მეღალატა ამ წამოწყებისთვის და ახლა მოთხრობების კარნახს შევუდექი. 1953 წლიდან მოყოლებული ახალი მოთხრობები აღარ დამეწერა და გულით გადავერთე საქმეში. კრებული, რომელიც "El informe de Brodie"-ით ("ბროუდის შეტყობინება") დავასათაურე, შეულამაზებელი, მარტივი თხრობის მოკრძალებული ცდაა. მთელი ხუთი წლის მანძილზე შეუსვენებლივ ვეჩიჩინებოდი ამ წიგნზე დიდსა თუ პატარას. ახლახან დავამთავრე მუშაობა კინოსცენარზე "Los otros" ("სხვები"), სიუჟეტი ჩემია, სცენარს კი ადოლფო ბიოიმ კასარესთან და ახალგაზრდა არგენტინელ რეჟისორ უგო სანტიაგოსთან ერთად ვწერდი. ამჟამად, სადილის შემდგომ საათებში, ჩემთვის სასიხარულო საქმითა ვარ დაკავებული: სამი წელია, რაც საკუთარი მთარგმნელი მყავს და ერთად ვთარგმნით ჩემს ნაწარმოებთა ტომეულებს ინგლისურად, ენაზე, რომლის გამოყენების ღირსადაც თავს არა ვთვლი... ისე კი, არაერთხელ მინატრია, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა ყოფილიყო...
განზრახული მაქვს საინტერესო სამუშაოს წამოწყება: ეს, ალბათ, იქნება მთელი რიგი არამეცნიერული, პირად აღქმაზე აგებული ესეებისა დანტეს, არიოსტოსა და შუა საუკუნეების სკანდინავიურ სიუჟეტებზე. გარდა ამისა, მსურს შევადგინო "ლაღი" კრებული, სადაც თავს მოვუყრი საკუთარ აზრებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს, მახვილსიტყვაობის უამრავ ნიმუშს. შემდეგშიც რაიმეს მოვიფიქრებ: ბევრი ამბავი მაქვს თქვენთვის შემონახული - გაგონილი თუ გამოგონილი... სიამოვნებით მოგიყვებოდით. ამჟამად ვამთავრებ ვრცელ ნაწარმოებს კაფკასეული სათაურით ("კონგრესი") და ვიმედოვნებ, რომ ამისდა მიუხედავად, ის უფრო ჩესტერტონის მოტივებზე იქნება აგებული. მოქმედების ადგილად არგენტინა და ურუგვაი შევარჩიე. ოცი წელია თავს ვაბეზრებ ჩემს მეგობრებს, სულ ერთთავად მის სიუჟეტზე ვესაუბრები. ახლა კი მივხვდი, რომ სრულიად ზედმეტია მისი დამატებითი გადამუშავება: რაც არის, არის! კარგა ხანია ვაპირებ მამაჩემის რომანის "კაუდილიოს" რედაქტირებასა და გადაწერას, ეს ხომ მან მრავალი წლის წინ მთხოვა. ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ მაშინ. ვიცი, დიდ სიხარულს მომანიჭებს ეს სამუშაო, ის იქნება ჩვენი თანამშრომლობაც და დაწყებული დიალოგის გაგრძელებაც...
ადამიანები მუდამ კეთილად მეპყრობოდნენ. მტრები არა მყავს და თუკი ვინმე შეეცდებოდა არაკეთილმოსურნის ნიღბის აფარებას, მაინც იჩენდა იმდენ დიდსულოვნებას, რომ ჩემთვის გული არ დაეწყვიტა. იმ წერილების კითხვისას, რომლებითაც მაკრიტიკებენ, უცნაური გრძნობა მეუფლება: არა მარტო ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არამედ, ვფიქრობ, რომ მათ ადგილას მე მეტ სიმკაცრეს გამოვიჩენდი. უნდა ვურჩიო ჩემს მომავალ კრიტიკოსებს, რომ წერილობით გამომიგზავნონ თავიანთი პრეტენზიები, ოღონდ წინასწარ, თავდასხმამდე. ვფიცავ, ყოველნაირად დავეხმარები! ის კი არადა, იმაზეც ვოცნებობ, დაუნდობლად გავაკრიტიკო საკუთარი შემოქმედება, ქვა ქვაზე არ დავტოვო ჩემი ნაწერებიდან. და ამ ოცნებას თუ ავისრულებ, ცხადია, ფსევდონიმის გამოყენებაც მომიხდება. ო, რომ იცოდეთ, მკითხველებო, რამდენი შეულამაზებელი "სიმართლე" დაგიმალეთ!
ჩემი ასაკის ადამიანმა უნდა შეიცნოს და გაითავისოს საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარი, ამის აღქმას ხომ ბედნიერების შეცვლაც შეუძლია. სიყმაწვილეში ლიტერატურა დახვეწილ ვარიაციათა მონაცვლეობად მიმაჩნდა მხოლოდ, ახლა კი, როცა საკუთარ "ხმას" მივაგენი, ვგრძნობ, რომ დაკემსვა და საკერებლებით აჭრელება არც წაადგება და არც ავნებს ჩემ ჩანახატებს. ცხადია, ამის გაფიქრება დიდი მკრეხელობაა ჩვენი საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციის - მრავალსიტყვაობისკენ ამბიციური სწრაფვის თვალსაზრისით. ამ ტენდენციამ აიძულა ისეთი ადამიანი, როგორიც ჯეიმს ჯოისია, გამოექვეყნებინა "დაუმთავრებელი ნაშრომი" - ვრცელი ფრაგმენტები ამ ხმამაღალი და პრეტენზიული სათაურით.
ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ნაწარმოებები უკვე დაწერილია, ეს აზრი ახლა შვებასაც კი მგვრის, მაგრამ მგონია, ჯერ კიდევ ბევრი რამა მაქვს სათქმელი მკითხველისათვის. ახალგაზრდული შემართება და სილაღე ახლა უფრო მახლობელია ჩემთვის, ვიდრე მაშინ, შორეულ სიყმაწვილეში. ბედნიერება მიუწვდომლად აღარ მეჩვენება, ადრე კი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სწორედ ასეთად მესახებოდა. ახლა მე ვიცი, რომ მას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე, არავინ იცის როდის გეწვევა... მაგრამ არც მის გამოდევნებას ვურჩევდი ვინმეს. რაც შეეხება დიდებასა თუ ხელის მოცარვას, მათ მიმართ ყოველთვის გულგრილი გახლდით. ახლა ჩემთვის მთავარი სიმშვიდე და სიხარულია, მეგობრებთან ურთიერთობით და ზოგჯერ საკუთარ ფიქრებთან განმარტოებით რომ მიიღწევა, და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, მსურს მუდამ ვფლობდე უნარს სხვისი სიყვარულისა და სხვაშიც შევძლო ამ გრძნობის აღძვრა.

თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები - 24 საათი”

მიქელ ირემაძე - "ხმით ნატირლები"

მიქელ ირემაძე
ლექსის დაბადება ტრაგიკულიდან


"ხმით ნატირლები". კრებული შეადგინა ნანული აზიკურმა. მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. თბ., "კავკასიური სახლი". 2002.

ადამიანის ცხოვრებისათვის არაფერია უფრო უეჭველი და მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, უფრო მიუღებელი და ძნელადშესაგუებელი, ვიდრე მისი გარდაუვალი სიკვდილის ფაქტი. და შესაძლოა, კაცობრიობის მთელი ისტორია და კულტურა გააზრებულ იქნას, როგორც ბრძოლა სიკვდილის ფუნდამენტური რეალობის დასაძლევად, ადამიანური ცხოვრების შეზღუდული საზღვრების გასარღვევად.
ეს მცდელობა ზოგჯერ ფრიად უცნაურ ფორმებს იძენს. მონტენს ერთ ესეში მოჰყავს ამ თვალსაზრისით საინტერესო ფაქტები: შოტლანდიელებთან მეომარმა ინგლისის მეფე ედუარდ პირველმა იმდენად ირწმუნა, ჩემი დასწრება აუცილებელია ბრძოლის მოგებისთვისო, რომ შვილს უანდერძა სიკვდილის შემდეგ გამოეხარშა მისი სხეული, განეცალკევებინა ძვალი და ხორცი და მხოლოდ ეს უკანასკნელი დაემარხა, ძვლები კი ყველა ბრძოლაში თან ეტარებინა. ჩეხების უძლეველი სარდლის იან ჟიჟკას სურვილი იყო, მისი მკვდარი სხეულისთვის ტყავი გაეძროთ და საბრძოლო დაფდაფზე გადაეკრათ.
თუმცა, ამგვარი უცნაურობანი მაინც იშვიათობაა განუწყვეტლივ პირღია საფლავებისკენ მიმავალ თაობათა ისტორიაში. სიკვდილის დაძლევის ცდა და იმედი, ძირითადად, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ რიტუალსა და კულტურას უკავშირდებოდა. სიკვდილთან ბრძოლის სხვადასხვა უბანზე მოპოვებული გამარჯვებები უეჭველი და უთვალავია. ისიც იკმარებს, გავიხსენოთ რეკვიემის ჟანრში შექმნილი მუსიკალური შედევრები, ან კიდევ, ის ფაქტი, რომ ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ორი (ხეოპსის პირამიდა და მეფე მავსოლეს აკლდამა ჰალიკარნასში) სამარხ ნაგებობებს წარმოადგენდა.
ძველი საქართველოს, ისევე როგორც მთელი საქრისტიანოს ცხოვრება განმსჭვალულია სიკვდილის ტოტალური ხსოვნით. საკმარისია, გადავიკითხოთ საბას "სწავლა ჯოჯოხეთის სატანჯველთათვის", რათა მივხვდეთ, რა ემოციური ძალით განიცდებოდა საიქიოს საშინელებანი და რა მნიშვნელობა ენიჭებოდა სულის მოსახსენიებელ რიტუალს... ცოცხლად შევიგრძნოთ მშრალ სააღაპე ჩანაწერებში ჩაღვრილი სასოება.
თუ ახლა სარეცენზიო წიგნით მონიშნულ რეგიონზე, - თუშ-ფშავ-ხევსურეთზე, - გადავალთ, ვნახავთ, რომ აქაც განუზომლად მნიშვნელოვანი იყო არყოფნის, სრული გაქრობის დაძლევა ხსოვნით და რიტუალით. ერთი ანდრეზის მიხედვით, ისრით სასიკვდილოდ დაჭრილი ხევსური აპარეკა სულის ამოსვლამდე უბარებდა თანამებრძოლებს, თუ ვინმე ცოცხალი გადარჩით, ხევსურეთში ჩვენი ბრძოლის ამბავი ჩაიტანეთ, რათა "სახელი არ დაიკარგოსო". დაღუპული გმირის პატივისცემის უმაღლესი გამოხატულება იყო ხატში მის სახელზე დადგმული საკარგყმო ჩხუტი და დაგზებული ცეცხლი.

* * *
"ხმით ნატირლები" დაკრძალვის რიტუალის ერთ-ერთი ელემენტი - სიმღერით ამოსათქმელი სამგლოვიარო ლექსებია, მრავალმხრივ საინტერესო და ზოგი ასპექტით უნიკალური. ცნობილია, რომ რაც უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწარმოები თავის ყოფით-ეთნოგრაფიულ ფუნქციასთან, მით მეტია საფრთხე, სხვა სააზროვნო-ემოციურ სივრცეში გადატანისას თვისება იცვალოს და მცდარად იქნას გააზრებული.
"ხმით ნატირლებზე" საფუძვლიანი მსჯელობისათვის აუცილებელია ისინი რიტუალის საერთო სტრუქტურაში და საიქიოზე თუშ-ფშავ-ხევსურთა წარმოდგენების კონტექსტში იქნას განხილული. საგაზეთო რეცენზიის ფარგლები მცირე შესაძლებლობასაც კი არ ტოვებს, ზერელედ მაინც აღინიშნოს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი დაკრძალვის რიტუალის თავისებურებები და, ისღა დამრჩენია (გიორგი ჩიტაიასა და სერგი მაკალათიაზე დაყრდნობით), ფრაგმენტულად მოვნიშნო, რა ვითარებაში იქმნებოდა და ხმიანდებოდა ხევსურეთში ეს ტექსტები:
პირაქეთ ხევსურეთში მიცვალებულს მესამე დღეს ასაფლავებდნენ, პირიქითში კი - მეორე დღეს. ამ ხნის განმავლობაში მთელ სოფელს უნდა ეგლოვა, ემარხულა, ეუქმა და ამით პატივი ეცა ჭირისუფლისთვის. მისამძიმრება ყველასთვის სავალდებულო იყო. კაცები ერთად შეჯგუფდებოდნენ, პირზე სამოსის კალთას აიფარებდნენ და მიცვალებულს ასე დაიტირებდნენ. მამროვანის ხმამაღლა ტირილი სირცხვილი იყო და ხევსური მამაკაცი გარდაცვლის ხმით არ დაიტირებდა.
ტირილი სხვადასხვაგვარი იყო - "მოთვლით", "ძახილით" და "ხმით". ჰანგი და რითმა მხოლოდ ამ უკანასკნელს ახლდა. პირველი ორი სახის ტირილი ყველას არ შეეძლო: წესი კრძალავდა ცოლს ქმარი ეტირა, ქმარს - ცოლი, ახალგაზრდა დედ-მამას - შვილი. "ხმით" დატირება კი ყოველ ქალს შეეძლო, მიუხედავად მიცვალებულის ნათესაობისა, მაგრამ რაკიღა გლოვის ეს წესი გარკვეულ პოეტურ ტალანტს მოითხოვდა, "ხმით" მოტირალი ბევრი არ იყო, - უკეთეს შემთხვევაში, ერთი ან ორი ქალი მთელ სოფელში.
სახელიანი მიცვალებულის ჭირისუფალი "ხმით" მოტირალს დაიწვევდა და რამდენი ასეთი ქალიც იყო სოფელში და თემში, იმდენ სახმითმტირალო კვერს გამოაცხობდა. "ხმით" მოტირალი პირველად ახალ მიცვალებულის ტალავარზე (ტანისამოსზე) აიტეხდა ტირილს. იწყებდა ბორგვას და კანკალს. დედაკაცები იჭერდნენ მას და ისევ ტალავართან სვამდნენ. ბოლოს ქალი კანკალით დაიწყებდა:
"სკლატის ცმა არა იცოდიდიო.
ლეგა ჩოხაი ჩაიცვიდიო,
გვერდზედა ქუდი გაიგდიდიო.
ალაღებულსა ღგვანდი წყალსაო,
ვერ გასავალსა ცხენისასაო.
პირ-გამართულსა ღგვანდი თოფსაო,
ხმაძალიანსა სიათასაო.
დაფხაებულსა ღვგანდი ხმალსაო
ფრანგულსა სახლჩი დაჩვეულსაო".

ტირილის დღეს სამარხს ან ცრემლობის დღეს უწოდებდნენ. სატირლად გამართულ ახალი ტალავრით, ქამარ-ხანჯლით და თოფით მორთულ მიცვალებულს ფარდაგზე დაასვენებდნენ, იქვე დაუწყობდნენ თამბაქოს, არაყს და სამ მრგვალ კვერს. მიცვალებულთან დააყენებდნენ მის "სულის ცხენს", რომლის აღვირს მარცხენა ხელზე გამოაბამდნენ (ვაჟკაცს საიქიოში სჭირდება ცხენი, რომლითაც ამსოფლიდან ჩამავალ სულებს ეგებება და სააქაოს ამბებს გამოჰკითხავს). კარგად შეკაზმულ ცხენს უნაგირზე გადაკიდებდნენ ხურჯინს, რომელშიც არაყი და ქადები ეწყო.
მზის გადახრისას ვინმე სოფელს გადასძახებდა, "მოტირალთ უძახეთო". სოფლის დედაკაცები შეგროვდებოდნენ და მიცვალებულს მიუსხდებოდნენ. "ხმით" მოტირალი აიღებდა მიცვალებულის ხანჯალს, დაეყუდებოდა მასზე და დაიწყებდა ხმამაღლა მოთქმით ტირილს:
"შარმანაულო და შავარდენო,
მთიბელნი გიხარიანღაეო;
მთიბელ-მამკლისა სანაყროდაო,
დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.
ბევრაის ჯიხვის გამგორესაო,
თოფსა ხირიმსა ზიდავღაეო..."
ტიროდა "ყინჩად", ცდილობდა ყველა აეტირებინა, ისე, რომ ლამის "მიცვალებულსაც მონდომებოდა" ატირება. ისეც ხდებოდა, რომ ერთი "ხმით" მოტირალი მეორეს შეეჯიბრებოდა ხოლმე...

* * *
"ხმით ნატირლებს" ხევსურეთში მამაკაცებიც ამოთქვამდნენ, ოღონდ ფრიად უცნაურ ვითარებაში - თიბვის დროს. სიტყვები და ჰანგი იგივე იყო, მაგრამ საგლოვო ლექსი ფუნქციას იცვლიდა - შრომის სიმღერად გარდაიქმნებოდა.
საერთოდ, ხევსურეთში თიბვას განუყოფლად დაუკავშირდა მიცვალებულის გახსენება - მისი "ხმით" დატირება დაკრძალვის შემდეგ კიდევ ერთხელ ხდებოდა "თიბვის შამშაბათს" - სათიბად სოფლის პირველად გასვლის დღეს, როცა ჭირისუფალი ტაბლებს ამზადებდა და მთელ სოფელს პატიჟებდა.
რამდენი გონივრული და დამაჯერებელი ახსნაც უნდა დაუძებნონ მეცნიერებმა ამ ფაქტს, ის მაინც უჩვეულო იქნება, შეუცნობელი და იდუმალი. თვით მეზობელ თუშეთშიც კი, რომლის მჭიდრო რიტუალურ-ეთნოგრაფიული კავშირი ხევსურეთთან ეჭვს არ იწვევს, "ხმით ნატირლის" საჯარო გამეორება ავის მომასწავებლად ითვლებოდა და ტაბუ ედო. აქ ნატირლებს მარტოობაში "ზუზუნებდა" ხელსაქმით გართული ქალი და ამას სხვის თანდასწრებით არასოდეს გააკეთებდა.
აკაკი შანიძემ ხევსურული ნატირლები, საერთოდ, მთიბლურ ლექსებადაც კი მიიჩნია (თუმცა დაკრძალვის რიტუალის ამ დათალხულ ნამსხვრევებს სათიბშიც გაჰყვა წარმომავლობის დამღა: სახელი "გვრინი" საბას მიხედვით "საგლოელი ხმა") და აღნიშნა მათი რიტმულ-ფორმალური უნიკალურობა: "ერთია ძალიან საყურადღებო მთიბლურ ლექსებში, - ეს გახლავს მათი ფორმა, რომელიც სრულ კონტრასტს წარმოადგენს დანარჩენ სიმღერა-ლექსებისას, აქ არ არის რითმა, რომელიც აუცილებელი ნიშანია ქართული ხალხური ლექსისა საზოგადოდ. არც მარცვალთა რაოდენობით უდგება ამ ციკლის ლექსები სხვა ლექსებს... საზოგადოდ მთიბლური ლექსის მუხლი (თუ მუხლის ნახევარი) ცხრა-მარცვლოვანია... ლექსს მთაში კიდევ აქვს შერჩენილი ძველი ხასიათი, შესრულებულ იქნეს მუსიკალურად, ე.ი. სიტყვები გალობით იქნეს წარმოთქმული... მთიბლური ლექსების სასიმღერო ჰანგები თვით ტექსტების შესახებაც გვეტყოდა რასმე... ასეთ სიმღერებში უნდა გვქონდეს ერთ-ერთი ნიმუში უძველესი ქართული ლექსისა..."
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰანგიცა და ლექსი ამ შემთხვევაში სიკვდილის ფუნდამენტური რეალობის დაძლევის ცდამ შვა და, შესაძლოა, ამავე სწრაფვამ განუყოფლად დაუკავშირა თიბვას, ჩნდება რაღაც ბუნდოვანი იმედი: იქნებ, ოდესმე ჩვენშიც შეიქმნას ნიცშეს ეპოქალური წიგნის ერთგვარი დამატება თუ ანტიპოდი - "მუსიკის სულის, ლექსისა და შრომის დაბადება ტრაგიკულიდან".

© “წიგნები - 24 საათი”

შოთა იათაშვილი - სიყვარულის ტერიტორია


ფრაგმენტი რომანიდან

* * *
როგორც კი ძალიან ცუდად გახდა მეგი, გასინჯა ანდრომ და თქვა, აღარ უმუშავებს არცერთი თირკმელი და სასწრაფოდ რომელიმე ჩვენთაგანისაგან ერთი უნდა გადავუნერგოთო. დიტომ მაშინათვე - მე ვარ ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელიო, პერანგი გაიხადა და მეგის გვერდით პირჩაღმა დაწვა. თავისი პატარა საექიმო ყუთიდან საჭირო იარაღები ამოალაგა ანდრომ, დააკვირდა და მაკრატელი მოისაკლისა. კატა ტერეზას კაბის თარგის გამოჭრით დაკავებულმა ტასომ თავი მიანება მოდელიორობას და მიაწოდა თავისი განუყრელი ნივთი ანდროს. სანამ იგი საოპერაციოდ ემზადებოდა, თავისთვის გადამალული მორფის ამპულები გამოაჩინა დაჩიმ და საკუთარი ხელით გაუკეთა წამალი ავადმყოფსა და დონორს.
"კარგად იქნება ყველაფერი" - ისედაც იმედიანები კიდევ უფრო დაგვაიმედა ანდრომ და მაგიდიდან დანა აიღო. "კარგად იქნება ყველაფერი" - გავიმეორეთ მისი ნათქვამი ყველამ ერთად და გვერდიგვერდ გაშოტილ ჩვენს მეგობრებს დავაცქერდით. ანდრომ დანის პირი მეგის კრიალა ზურგს დაუსვა. მეგი ოდნავ შეკრთა. დიტომ ხელი მოუჭირა ხელზე და გადაუჩურჩულა: "გეტკინება ცოტათი, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად იქნები მერე". საქსოფონს ჩაჰბერა კარლომ, დუკ ელინგტონის ის მელოდია შეუშვა, უსაშველოდ რომ უყვარდა მეგის. "კარგია, კარლო, მიდი მასე, მიდი!" - ზურგსუკნიდან გასძახა ანდრომ, რომელიც ფუნქციადაკარგულ თირკმელთან მისადგომ გზას ახლა უკვე ტასოს მაკრატლით კვალავდა. ჩუმად რომ კვნესოდა, სახეზე ეტყობოდა მეგის, მაგრამ უფრო ხმამაღლაც რომ ეკვნესა, ალბათ მაინც ვერ გავიგებდით მის ხმას, უკვე ისე მგზნებარედ უკრავდა კარლო თავის ჟანგშეპარულ საქსოფონზე. მერე სისხლმა იმატა და ზაზა გამოგვეყო, მოშორდა საწოლს, ოთახის კუთხეში მივიდა, ჩაცუცქდა, თვალები დახუჭა. ხელად შეამჩნია ლიზამ ეს, უკან გაჰყვა ჩვენს ყველაზე ახალ მეგობარს, გვერდით მიუჯდა და ისეთი დამაჯერებელი სიტყვები უთხრა, როგორის თქმაც ასეთ რთულ სიტუაციებში ყოველთვის იცოდა ხოლმე. ზაზამ თვალები გაახილა ჯერ, მერე ოდნავ გაიღიმა, ბოლოს კი წამოდგა, ხელი ჩაჰკიდა ლიზას და მასთან ერთად ისევ ჩვენთან დაბრუნდა.
ამ დროს ანდრო დიტოზე იყო უკვე გადასული და შესაბამისად, კარლოს ნაცვლად ნორა უკრავდა - ვიოლინოზე. დიტო და ნორა ერთად მოვიდნენ აქ ამ რამდენიმე თვის წინ და სულ ბოლომდე ესმოდათ უკვე ერთმანეთის. ნორა საწოლთან იყო ჩამუხლული, დიტოს სახის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და მის მიხედვით ცვლიდა მუსიკალურ თემებს. კატა ტერეზა ჩემს ფეხებს შორის გაძვრა, თვალები დააკვესა და ბალანაშლილი მიაჩერდა დიტოსა და მეგის სისხლით მოთხვრილ სხეულებს. ლანამ თავისი აბსოლუტლაითსიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. უჩამ ანიშნა, მეც მომეციო და თვითონაც ააფრინა პირიდან მტრედისფერი ბოლი. ამასობაში ანდრომ ბოლომდე გამოაჩინა დიტოს თირკმელიც, რამდენიმე წამით წელში გასწორდა და - "წყალი დამალევინეთ!" - ითხოვა. ელისო გაიქცა, მილიონჯერადი ჩინური ფინჯნით მიუტანა ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთი და თვითონვე დაალევინა, რადგან ჩვენი აუცილებელი და საკმარისი ერთადერთი ექიმი-მეგობარი ხელებს იმშრალებდა ამ დროს ტასოს კაბის კალთით.
"როგორ მიდის საქმე?" - ვერ მოითმინა მაინც და იკითხა ზაზამ, როგორც კი მილიონმეერთედ შეხებული ტუჩი მოაშორა ანდრომ ფინჯნის პირს. აუჩქარებლად გახედა მან შემკითხველს და ჟესტით უპასუხა: ზემოთ ასწია მარჯვენა ხელის ცერა თითი და თან გაიღიმა.
ხოლო როცა კვლავ დაიხარა საწოლისაკენ, ნორას ვიოლინოს კარლოს საქსოფონი აჰყვა, რამდენიმე წამში კი ფორტეპიანოსთან მიმჯდარი ლიზაც შეუერთდა მათ. მზარდ ტკივილსა და სისხლდენას მზარდი მუსიკალური იმპროვიზაცია დაეფინა და როცა ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია, - ანუ როცა ანდრომ დიტოს თირკმელი ამოაჭრა, მეგის ნათირკმელარზე გადაიტანა და იქ მის მიკერებას შეუდგა, - ნორას, კარლოს და ლიზას შლეგი მუსიკით ათრთოლებულებმა წითლად შეღებილი საწოლის ირგვლივ დავიწყეთ როკვა.
კატა ტერეზა ჩხაოდა, დიტო და მეგი ღმუოდნენ, ჩვენ ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვეკიდა, ვძიგძიგებდით და ვგრძნობდით როგორც ჩვენს ერთიანობას, ისე იმის გარდაუვალობას, რაც ამ წამს ხდებოდა. სიცოცხლე უნდა გადარჩენილიყო და ის გადარჩებოდა - ჩვენი საერთო მეგობრის არაერთჯერადი და არამილიონჯერადი სიცოცხლე. თირკმელი ბევრი გვქონდა, გვყავდა ექიმი, გვყავდნენ მუსიკოსები, კატაც კი გვყავდა და ბოლო-ბოლო ხომ ყველანი ასე ძლივს ნაპოვნ სიყვარულის ტერიტორიაზე ვცხოვრობდით ერთად.

* * *
იმ დღიდან დაიწყო ზაზამ მეგის განსაკუთრებით შეყვარება. როგორც კი ოპერაცია დასრულდა, მეგობრების სხეულებისა და ოთახის მოწესრიგებას შევუდექით. ლიზა და ზაზა მეგის აშორებდნენ სისხლს, ნორა და უჩა დიტოს, დანარჩენები კი საწოლს, იატაკს, სხვადასხვა დათხვრილ ნივთებს ვწმენდდით. მეგისა და დიტოს გადარჩენით გახარებულმა ტერეზამ იმდენი იხტუნა და იკოტრიალა, რომ სულმთლად გაწითლდა. მერე დაჩიმ თქვა, მოდით, ამ დღის სამახსოვროდ ტერეზა ასეთივე დავტოვოთო და მხოლოდ ტასო შეყოყმანდა, ვინაიდან მის მიერ მოფიქრებული კაბის დიზაინი წითელ სხეულს აღარ ეხამებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაგვეთანხმა და ხელად დაიწყო ფერთა ახალი ტონალობების ძიება გონებაში. აი, ამიტომაა სწორედ, რომ ასეთი უცნაური, არაკატური ფერისაა ტერეზა ახლაც და ამიტომაა სწორედ, რომ დიტოსა და მეგის მიეკედლა იმ დღის მერე იგი. მეგის კი ტერეზას გარდა ზაზაც მიეკედლა - ზაზა, რომელიც ოპერაციის დროს გამოგვეყო და კუთხეში ჩაცუცქდა, რომელმაც თვალები დახუჭა და ყველა მიახვედრა, რომ მეტისმეტად ღელავდა, მერე კი მეგის გასისხლიანებულ სხეულთან მისვლა ყველას დაასწრო... გრძელი ქერა თმა ტერეზას ბეწვივით გასწითლებოდა მეგის და ტანი როგორც კი ძველებურად ავუკრიალეთ, ზაზამ კალთაში ჩაიდო მისი თავი და ღერა-ღერა შეუდგა მისი თმის გასუფთავებას. ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა ამ პროცედურას. ერთი კვირა ესვენა მეგის მისუსტებული სხეული ზაზას დაუღლელად მომუშავე ხელებს ქვემოთ და ზაზაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ მეთოჯინეს წააგავდა, ერთადერთი ძაფით რთულ მარიონეტს დაუჯერებელი ოსტატობით რომ მართავს და თანაც ამ ერთადერთ ძაფს რატომღაც უსასრულოდ რომ ცვლის. ხანდახან რომელიმე ჩვენთაგანი მათ წინ ჩამოჯდებოდა და მეგის თმის წმენდის პროცესს, როგორც თეატრალურ წარმოდგენას, ისე უმზერდა. საღამოობით მაყურებელთა რაოდენობა იზრდებოდა და ზაზას, მეგის და თვით კატა ტერეზას ჟესტიკულაციებშიც კი უფრო მეტი არტისტულობა ჩნდებოდა. ცხადია, იყო აპლოდისმენტებიც, ხოლო მეშვიდე დღეს, "სპექტაკლის" დასასრულს, ყველამ მოვიყარეთ თავი სცენის წინ და ამ ანშლაგზე "ბრავო"-ც კი გაისმა ბევრჯერ.
ერთადერთი, ვინც მაყურებელივით არ დადიოდა მათთან, ანდრო იყო - ანდრო-ექიმი, ფრთხილად რომ უსვამდა ჭრილობას თითს, მომწვანო თვალების ბაც უპეებს რომ ჩაჰყურებდა დაჟინებით, მუხლებს რომ ურტყამდა პაწაწკინტელა ჩაქუჩს, მერე კი დგებოდა და ხმადაბლა და დამაჯერებლად ამბობდა: "მატულობს, მატულობს, მატულობს..." რა საკითხავი იყო, მაგრამ კირკიტა ელისომ მაინც ჰკითხა ერთხელ - რა მატულობსო - და მოულოდნელად, ჯანმრთელობის ნაცვლად - სინატიფეო - მიუგო ანდრომ.
მართლაც, როცა ერთი კვირის შემდეგ ზაზამ თმის ბოლო წითელ ღერს ბუნებრივი ბზინვარება დაუბრუნა და დაღლილი ხელები ჩამოუშვა, ხოლო მეგიმ თავი წამოსწია მისი კალთიდან, წაიბუტბუტა - კარგად ვარო, ცალი ხელი იატაკს დააყრდნო, ნელა წამოიმართა და ოთახში გაიარა, ყველამ დაინახა, რომ მას სინატიფე, არც მეტი, არც ნაკლები, п-ჯერ მომატებოდა. მეგი ფარფატებდა, თითოეულ ჩვენთაგანთან ჩერდებოდა, ხელზე, მხარზე ან ლოყაზე გვეხებოდა და რაღაცას ძალიან ჩუმად გვეუბნებოდა. მერე თავისი მომატებული ელეგანტურობით აგრძელებდა გზას და გვხიბლავდა, გვაჯადოებდა, კიდევ უფრო გვაყვარებდა ყველაფერს, თვით რიცხვ п-საც კი და აი, მივიდა სწორედ იმ წუთას ლოგინიდან წამომდგარ დიტოსთანაც, ჭრილობაზე შეახო ხელი, გაუღიმა, დიდხანს უყურა, ერთი ასჯერ გააღო პირი რაღაცის სათქმელად და ასიოდჯერვე უთქმელად დახურა. ბოლოს კი მაინც უსიტყვოდ (თუმცა ყველაფრისმთქმელი სინატიფით) დაშორდა, ისევ ზაზასთან დაბრუნდა, - დავიღალეო, - ამოილაპარაკა, ისევ მის კალთაში ჩადო თავი და ჩაიძინა.

* * *
დიტოსა და მეგის სისხლი მხოლოდ კატა ტერეზას ბეწვს არ შერჩენია. მან ზაზას ფრჩხილებიც გადაღება და თანაც ისე, ფრჩხილები რომ ეზრდებოდა და ტასოს მაკრატლით იქნიდა, თითების სიღრმიდან კვლავ და კვლავ ისეთივე წითელი რქოვანი წარმონაქმნები ამოსდიოდა. აბსოლუტლაითის კვამლში გახვეულმა ლანამ ამის გამო ზაზას მანიკურიანი რაინდი უწოდა და ეს მეტსახელი, ზაზას ჩათვლით, ყველას მოეწონა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოვლენას, ანდრომ თქვა, მედიცინას გაუჭირდება მისი ახსნა, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ გაგვიჭირდესო. არ გაგვიჭირდებაო - გამოეპასუხა ხელად დაჩი და აი, ასეთი მოსაზრება განავითარა: "ეტყობა სისხლს ტრანსფორმაციის შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს. ღვინოდან დაწყებული, მანიკურით დამთავრებული, ძალუძს, ნებისმიერ ნივთიერებად იქცეს..."
ამასობაში კი მანიკურიანი რაინდის და п-ჯერ განატიფებული მეგის განსაკუთრებული სიყვარული სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და განუმეორებელ სახეს იღებდა. თუმცა, განუმეორებლობის მიღწევა რომ გარკვეული განმეორებების გარეშე შეუძლებლია, ეს კარგად ესმოდათ ახალმიჯნურებს და ამიტომ ისინი საკონსულტაციოდ ხშირად სხდებოდნენ ვერანდაზე დიტოსთან და ნორასთან ერთად და ესაუბრებოდნენ მათ ბოლომდე მიყვანილი სატრფიალო ურთიერთობის ფენომენზე. დიტო და ნორა დაწვრილებით იხსენებდნენ ერთად განვლილ გზას და ამით შეუცვლელ დახმარებას უწევდნენ მეგობრებს. დიტო და ნორა ხომ აქამდე ერთადერთი ბოლომდე შეყვარებული წყვილი იყო ჩვენს შორის და ამიტომაც იყო, რომ ყველას ასე ძალიან გვიხაროდა, როცა საკუთარი თვალით ვხედავდით, თუ როგორ ყალიბდებოდა ასეთივე ტიპის წყვილი დღითიდღე, წუთიწუთ, წამიწამ ჩვენს საერთო სახლში...
ოთხეულის საუბრები ვერანდაზე განსაკუთრებით მოსწონდა კატა ტერეზას, რომელსაც ამ დროს აღარ სჭირდებოდა დაბნეული სირბილი დიტოსა და მეგის შორის. ლურჯზოლებიან, თეთრ ახალ კაბაში გამოწყობილი, ის მათ ფეხებქვეშ მოკალათდებოდა და ყველაფერი უმშვიდდებოდა: სისხლიც, ბეწვიც, კუდიც, ულვაშებიც, კნავილიც... ხოლო ტერეზას გარდა მეორე არსება, ხშირად რომ ცდილობდა მიჯნურწყვილების დიალოგს დასწრებოდა, ბუნებრივია, კირკიტა ელისო იყო. მას ხომ ყველაფერი აინტერესებდა და როგორ შეიძლებოდა, ისეთ ურთულეს ადამიანურ გრძნობაში ჩაწვდომის სურვილი არ გასჩენოდა, რომელსაც სამყაროში სიყვარულს უწოდებენ, ჩვენ კი ამ ჩვენს სიყვარულის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ სიყვარულად მოვიხსენიებთ ხოლმე.
კირკიტა ელისო დიტო-ნორასა და მეგი-ზაზას ურთიერთობის ფორმამ იმდენად გაიტაცა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში მოუნდა, იგი საკუთარ თავზეც გამოეცადა. და მოუნდა თუ არა, მაშინათვე, შუაღამისას, თავზე დაადგა საქსოფონთან ერთად ჩაძინებულ კარლოს, გააღვიძა და განსაკუთრებული სიყვარული შესთავაზა. დიდხანს იფშვნიტა კარლომ თვალები, მერე ცოტა ხანი იფიქრა და ბოლოს მორიდებით უთხრა: რა თქმა უნდა, შეიძლება ვცადოთ, თუ გამოგვივა, გამოგვივა, თუ არადა, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულისთვის მე მაინც აბსოლუტლაითში გახვეული ლანა მყავდა წარმოდგენილიო. "ეგ არაფერი, მეც შემიძლია დავიწყო მოწევა" - ხელად იპოვა ელისომ გამოსავალი, მაგრამ... მე ხომ არ ვიცი წინასწარ, აბსოლუტლაითის ბურუსში გახვეული როგორი იქნები და თანაც ვერც იმას ვხვდები, ლანასკენ გული უფრო მეტად მხოლოდ ამ რომანტიკული კვამლის გამო მიმიწევს, თუ სხვა მიზეზებიც არსებობსო - დაეჭვდა კარლო ელისოს მიერ შემოთავაზებული ხერხის ყოვლისშემძლეობაში. ამაზე ელისომ უკვე აღარაფერი უპასუხა, შებრუნდა და ლანას საწოლისაკენ გაემართა.

* * *
საწოლი იატაკსა და ჭერს შორის ირწეოდა აბსოლუტლაითის ღრუბლებზე. მის ქვეშ უჩა იჯდა და ტოპოლოგიაში თავისი დისერტაციის მორიგ თავს უკითხავდა მაღლა გაშოტილ და პირში სიგარეტგაჩრილ ლანას ლანდს. "როდის მასწავლი მათემატიკას?" - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა კირკიტა ელისო უჩას. "რად გინდა სწავლა - მიუგო მან - აგერ, ლანას ინჩიბინჩი არ გაეგება მათემატიკის, მაგრამ დიდი სიამოვნებით მისმენს მაინც". "ოჰ, ეს შეუდარებელია, - გაისმა ზემოდან მიბნედილი ხმა, - არაფერი სჯობს ქვეყანაზე მათემატიკის ჟღერადობას. მოვა დრო, როდესაც მიხვდებიან, რომ მათემატიკაში მისი გამოყენებითი მნიშვნელობა კი არაა მთავარი, არამედ მელოდიურობა მისი აქსიომების, თეორემების, ფორმულების... მომავლის ადამიანები დაანებებენ პოეზიას და მუსიკას თავს და მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკის წიგნების აკუსტიკით მიაღწევენ აღმაფრენას, სრულყოფილებას, კათარზისს..."
- სისულელეა, წარმოთქმული ლამაზად, - ჩაილაპარაკა თავისთვის ელისომ, მერე კი მათმელომანს ასძახა - შენი სიგარეტი მინდა, ლან!
- კარგია, რომ გინდა... - კიდევ უფრო მიიბნიდა და დათბა ისედაც თითქოს ბოლომდე მიბნედილი და დამთბარი ხმა - კარგია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ავნებს აღმაფრენის, სრულყოფილების, კათარზისის მისაღწევ გზებს...
- სიყვარულის? განსაკუთრებული სიყვარულის? - ელისოს თავისი პრობლემა აწუხებდა კვლავაც.
- თავისთავად... მაგას ხომ არც უნდა თქმა... ამიტომაც გამოვტოვე, თორემ...
- და შენ გიყვარს ვინმე განსაკუთრებით? - არ აცალა ფრაზის დამთავრება ჰაერში გაწოლილ ლანდს მილიონოთხმოცდაცხრამეტჯერადი ჩინური ფინჯნის მფლობელმა.
- კი... უჩა... ის, ვინც მიკითხავს მათემატიკას...
- და ეს აქამდე არავინ იცოდა?! - აღმოხდა გაოცებისაგან ელისოს.
- საიდან, როცა მეც ახლა მივხვდი... რომ მკითხე, იმ წამს...
- მშვენიერია და სულელური! - თქვა კირკიტამ და თანაც ისე, რომ მეორე სიტყვაზე ხმა აღარ ჩაუწევია, თუმცა ლანა სულ აღარ უსმენდა გარე ხმებს და ამ ახალი აღმოჩენის ხიბლში ჩაძირულიყო თავის აბსოლუტლაითგარსიანად.
ხოლო უჩამ, აქამდე გაფაციცებული რომ უგდებდა ყურს ქალების დიალოგს, თავისი დისერტაცია დახურა, სიგარეტი ჩააქრო, წამოდგა და თოლიის მსგავსი მოძრაობებით დაიწყო ლანას ირგვლივ შემოჯარული აბსოლუტლაითის გაფანტვა. რაც უფრო იფანტებოდა კვამლი, მით უფრო დაბლა ეშვებოდა საწოლი და როგორც კი მისი ფეხები პარკეტს შეეხო, უჩამ შეწყვიტა ხელების ბათქუნი, ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და გაფართოებული თვალებით დააჩერდა ლანას ნაკვთებს, სახეს, სხეულს, სამოსს, ყველაფერს...

* * *
მადლიერი ლანას მიერ აბსოლუტლაითსიგარეტით უხვად დასაჩუქრებულმა ელისომ ხელად დაიდგა თავზე მტრედისფერი დიადემა და დაუბრუნდა ძილგამფრთხალ კარლოს.
- უჩა ლანას უყვარს განსაკუთრებით, ხოლო შენ, მჯერა, მე შემიყვარებ... და საერთოდ, ვხვდები ნელ-ნელა, რომ ყველასათვის აუცილებელია ეს...
კარლომ ფრთხილად გადააწვინა თავისი საქსოფონი ლოგინიდან მაგიდაზე და ელისოს დაუთმო მოცარიელებული ადგილი. ელისომ გაიხადა, შეუწვა კარლოს და მფრთხალი შეხებების ფონზე დილამდე უყვებოდა ნორასა და დიტოს, მეგისა და ზაზას ისტორიებს...
დილით კი ვერანდიდან შემოვარდნილმა ხმაურმა წამოგვაგდო ყველანი ფეხზე. გავცვივდით გარეთ და ბეტონზე გაშხლართული მკვნესარე ტასო ვიხილეთ. ვერაფერს მივხვდით და დავიბენით. მხოლოდ ანდრო არ დაბნეულა. მაშინათვე გასინჯა ტასო და დაუდგინა მოტეხილობა მარცხენა ფეხის. დიაგნოზის გაგონებისთანავე შეწყვიტა კვნესა ტასომ და გაიღიმა.
ყველაფერი გაირკვა თანდათანობით. სახურავზე ასულიყო თერძი ტერეზასი და იქიდან გადმომხტარიყო ძირს. ანდროს გულისათვის გააკეთა მან ეს. თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ დაუჯერებლად ჯანმრთელად ვიყავით ყველანი და მოიწყინა ნელ-ნელა ჩვენმა ექიმმა. მოიწყინა ძალიან ჩუმად, ისე, რომ ვერავინ შეამჩნია ეს ტასოს გარდა. მანაც იმიტომ, რომ სულ აღარ სთხოვდა მაკრატელს ბოლო დროს ანდრო. ტასო დააკვირდა მას, მიუხვდა მოწყენილობის მიზეზს და როგორც კი მიუხვდა, გადაწყვიტა, დახმარებოდა. გადაწყვიტა, ავიდა სახურავზე და ისკუპა იქიდან. "საჭირო იყო ხანგრძლივი ავადმყოფობა - გვიყვებოდა მოგვიანებით იგი - იმ ავადმყოფობათა შორის კი, რომელთა გამოწვევაც ხელოვნურად შეიძლებოდა, ყველაზე ოპტიმალური მოტეხილობა იყო. და თანაც, როგორც კი შევხედე ჩვენი სახლის სახურავს, იმწამსვე მივხვდი, რომ იგი იდეალური სიმაღლის იყო იმ აზრით, რომ არც მოვკვდებოდი იქიდან გადმოხტომისას და უვნებელიც არ დავრჩებოდი..."
ტასოს საქციელის მიზეზი რომ გაიგო, ისე გაბრაზდა ანდრო, უარიც კი განაცხადა პაციენტის მკურნალობაზე, მაგრამ მაშინათვე ჰიპოკრატეს ფიცი და სიყვარულის ტერიტორიის კოდექსი შეახსენა ლიზამ და მანაც წაიღო უკან თავისი სიტყვები.
ფანჯარასთან იწვა ტასო და თაბაშირში ჩასმული ფეხი ტელესკოპივით ჰქონდა მიშვერილი ცისკენ. ეს მსგავსება დაჩიმ შეამჩნია, ხოლო ტასომ მისი გაგონებისთანავე ისე ინტენსიურად დაიწყო ფიქრი თავის ფეხ-ტელესკოპზე, რომ თვალდახუჭულმა ერთ ვარსკვლავიან ღამეს იგრძნო, მის შიშველ ფეხისგულზე დაცემულმა მნათობთა შუქმა როგორ გაიარა თაბაშირის მილში, როგორ გაჰყვა მის სხეულში მოძრავ სისხლს, როგორც შევიდა გულში და იქიდან გამოფრქვეული, მის გონებას როგორ დაეფინა ცის ერთი მონაკვეთის ოდნავ გადიდებულ გამოსახულებად. მომხდარმა პირწმინდად დაავიწყა ტასოს ჭრა-კერვა და თავით-ფეხებამდე ასტრონომია-ასტროლოგიაში ისროლა. მეორე დილითვე მან კატეგორიულად მოითხოვა სახელმძღვანელოები ამ დისციპლინებში გასარკვევად და აგრეთვე ლინზები ფეხისგულზე დასაყენებლად. არც ასეთი წიგნები და არც ლინზები არ აღმოჩნდა სახლში, ამიტომ გადაწყდა, მათ შესაძენად ქალაქში უჩა გაგვეგზავნა - ტექნიკური განათლება ხომ მხოლოდ მას ჰქონდა მიღებული და ამ საკითხებშიც ყველაზე უკეთ გაერკვეოდა...
აბსოლუტლაითში სულმთლად ჩაკარგულმა ლანამ სურვილი გამოთქვა გაჰყოლოდა მიჯნურს, მაგრამ ხმამ ბურუსს მიღმა ვერ გააღწია და ჩვენს შორის დარჩენამ მოუწია ამიტომ მას. უჩა კი შეაჯდა აქამდე ეზოში უსაქმოდ მობალახე კუბოკრულ ზებრა ანტონს (ჰორიზონტალური ხაზები ჩვენთან მოსვლისთანავე გაუსვა მას ტასომ) და გასწია ლინზებიანი და ასტრონომიულ-ასტროლოგიურლიტერატურიანი ტოპოსისაკენ. და რაკიღა მიდიოდა, თითო-ოროლა წვრილმანი თითოეულმა ჩვენთაგანმაც დააბარა: კარლომ ზუმფარა საქსოფონისაგან ჟანგის მოსაცილებლად, ელისომ ერიჰ ფრომის "სიყვარულის ხელოვნება", მეგიმ წითელი მანიკური, ანდრომ საავადმყოფოების სუნი, დაჩიმ რომელიმე ახალი ქალაქური მელოდია, ლიზამ ყოფილ სახლში გადარეკვა და მშობლების, მეუღლისა და შვილების მოკითხვა, ნორამ ჯოხიანი კანფეტი ან კალეიდოსკოპი, დიტომ მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის დაზუსტება, ზაზამ რაიმე მეგისათვის, ტერეზამ ფრანგული სუნამო, მე ჩვენი ტერიტორიის პრივატიზაცია, ლანამ კი გაგება იმისა, ხომ არ გამოვიდა აბსოლუტლაითის გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ მისი ხმა ამჯერადაც ვერ გასცდა ბურუსს და სამი დღის მერე ამობრუნებულმა უჩამ მისი თხოვნის გარდა ასრულებული ამოიტანა სუყველა თხოვნა.

* * *
ლინზები რომ მივამაგრეთ, ფეხ-ტელესკოპმა 70-ჯერ გაზარდა გამოსახულება. მთვარის კრატერების, მზის ლაქების, სატურნის რგოლის, იუპიტერის თანამგზავრების ასე ახლო ხილვით ექსტაზში ჩავარდნილი ტასო მთელი პირველი ღამის განმავლობაში არამიწიერ ფრაზებს გაჰყვიროდა და ყველას ძილი დაგვიფრთხო. ხოლო როცა დილის რიჟრაჟმა საბოლოოდ გააქრო ცის პეიზაჟი, თვალები გაახილა და წაიბუტბუტა: "რა ცუდია, რომ თქვენ ვერ ჩაიხედავთ ჩემს ტელესკოპში..."
რადგან გვარიანად მოიკოჭლებდა ფიზიკა-მათემატიკაში, მან ასტრონომია-ასტროლოგიის სახელმძღვანელოებს ბევრი ვერაფერი გაუგო და კვლავაც უჩას მოუწია დახმარების გაწევა. გათენებიდან დაღამებამდე სასთუმალთან უჯდა იგი ტრავმირებულს და უჩიჩინებდა აზიმუტებსა და ნადირებს. ძალიან არ მოეწონა ლანას ეს და უკმაყოფილებების გამოთქმაც დაიწყო, ხოლო რათა საჭირო ყურებამდე მიეღწია მის პროტესტს, ამ ბოლო დროს რატომღაც ასეთ გაუმტარბოლიან აბსოლუტლაითსიგარეტს თავი დაანება. არავის ეგონა, თუ შეძლებდა ამას იგი, მაგრამ, როგორც ელისომ აღნიშნა, განსაკუთრებული სიყვარული ეტყობა მართლაც ყველაფრის შემძლე იყო.
- განსაკუთრებულო, ლან, რა მესმის, ეჭვიანობ ნუთუ? - განცვიფრდა უჩა, როგორც კი მისი საყვედური გაიგონა.
- არ ვიცი, არა, მაგრამ მე მინდა ვიყო შენს გვერდით და ვისმენდე შენს მიერ წაკითხულ მათემატიკას! - ათრთოლებული ხმით აღმოხდა ლანას.
- კი მაგრამ, რად არ უფიქრდები, ჩემს მეტი ვერავინ რომ დაეხმარება ჩვენს მეგობარს? მოდი, ჩამოჯექი აქვე შენც და გვისმინე. ასტრონომია და ასტროლოგია ხომ არანაკლებ ჟღერადია, ვიდრე მათემატიკა...
შეცბა ლანა. მიხვდა, არ იყო სწორი და თავჩაღუნული მიუჯდა მეორე მხრიდან ტასოს. ჩვენ პირველად ვუყურებდით ლანას მკაფიო, ზუსტ გამოსახულებას და ვფიქრობდით, რომ ის п-ჯერ განატიფებულ მეგიზე არანაკლებ ნატიფი იყო.
უჩას შემწეობით და ლანას მხარდაჭერით ტასო თანდათანობით გაერკვა ასტრონომია-ასტროლოგიის ანა-ბანაში და ფანჯარაში გაყოფილ თავის ფეხ-ტელესკოპს უკვე გააზრებულად უმიზნებდა ცის სხვადასხვა მონაკვეთებს. მაგრამ სწორედ ამ დროს ანდრომ განაცხადა, მოტეხილი ძვლები შეხორცდა და თაბაშირი უნდა მოვხსნაო. კატეგორიული უარი სტკიცა ამაზე ტასომ. ჯიუტობდა ანდროც და ჯანსაღ ფეხზე თაბაშირის დატოვებას სამედიცინო თვალსაზრისით ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევდა. საბოლოოდ ეს კამათი იქამდე მივიდა, რომ ტასომ წივილ-კივილი ატეხა და თავის მკურნალს "ბოროტი ადამიანი" უწოდა. "მე შენს გამო სახურავიდან გადმოვხტი, შენ კი ახლა ყველაზე მგრძნობიარე ორგანო გინდა მომაშორო!" - გაცოფებული უყვიროდა ის შემცბარ ანდროს.
- გეყოფა! - დაუტია ლიზამ საზღვრებსგადასულ მეგობარს და ჩააჩუმა, მერე კი მის მოდავეს მიუბრუნდა და მშვიდად და მტკიცედ უთხრა: "სანამ უნდა, თაბაშირში დაიტოვებს ფეხს ტასო".
ანდრო გაშეშებული იდგა ერთხანს, მერე კი თქვა: "კარგით, იყოს ისე, როგორც გსურთ, მაგრამ დღეის შემდეგ აღარ წამოსცდეს მაგ გოგოს, რომ სახურავიდან ჩემს გამო ისკუპა. საკუთარი თავის გამო გადმოხტა ის. გადმოხტა, რათა ფეხი ტელესკოპად ექცია..."
- რა ვიცოდი მე წინასწარ... - აღშფოთდა ტასო.
- იცოდი... ალბათ იცოდი... არადა, მე, ეჰ, მეგონა, გიყვარდი განსაკუთრებით... - წარმოთქვა უცებ რაღაც უსაშველოზე უსაშველო სევდით ანდრომ და ტასოსმაკრატელიანი ხელი ჩაიქნია.
- აი, რაში ყოფილა თურმე საქმე! - შესძახა ლიზამ, მერე ტასოს მიუბრუნდა და მიახალა - სულელო, განსაკუთრებით ყვარებიხარ, შენ კი ვერ ხვდებოდი!
- მე კი არა, ის ვერ ხვდებოდა... - ასლუკუნდა ტასო - რაკი ცით დავინტერესდი, ჩათვალა, რომ გულგრილი გავხდი მის მიმართ და ამიტომაც შეეცადა ცას ჩამოვეშორებინე, უტელესკოპოდ დავეტოვებინე...
ახსნა-განმარტებები, მღელვარე საუბარი, ცრემლების ღვრა - ანუ პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე კვლავაც დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ტასომ უჩას და ლანას სთხოვა, რამდენიმე დღით დაეტოვებინათ მისი საწოლი და მათ ნაცვლად სასთუმალთან დარცხვენილი და ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებული ანდრო ჩამოისვა.

* * *
ლიზამ, რომელმაც ასეთი დიდი როლი შეასრულა ანდროსა და ტასოს ურთიერთობის მოგვარებაში, უცებ გააცნობიერა, რომ ჩვენს სახლში თითქმის ყველა განსაკუთრებით შეყვარებული იყო. მართლაც: ნორა და დიტო, მეგი და ზაზა, ლანა და უჩა, ელისო და კარლო, ტასო და ანდრო... და თუ თავადაც ვინმეს განსაკუთრებით შეყვარებას დააპირებდა, ან მე უნდა შევეყვარებინე, ან დაჩი. ისე, რომ მაინცდამაინც ბევრი არ უფიქრია, მან დაჩი აირჩია. ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ყველაზე სუსტი ნებისყოფის იყო ჩვენს შორის და ლიზამ, როგორც შინაგანად უსაშველოდ მტკიცე პიროვნებამ, ჩათვალა, რომ მისი განსაკუთრებული სიყვარული დაჩის გაცილებით უფრო დასჭირდებოდა, ვიდრე მე, მითუმეტეს, რომ საწინააღმდეგო არჩევანის შემთხვევაში დაჩი საერთოდ რჩებოდა განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე, რაც მის ისედაც არამდგრად ფსიქიკაზე აშკარად უარყოფითად იმოქმედებდა. რაც შემეხება მე, ალბათ კანონზომიერიც იყო, რომ მხოლოდ მე დავრჩი განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე, ვინაიდან მე ვიყავი ამ ტერიტორიის ყველაზე მკვიდრი მოსახლე და იმაზე, რაც აქ ხდებოდა, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მაწვა. შესაძლოა, სწორედ ეს არ მაძლევდა უფლებას, ამ ტერიტორიის რომელიმე ბინადარი განსაკუთრებით შემეყვარებინა. ჩვენს შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე თანაბარი დამოკიდებულება ექნებოდა ყველასადმი. მე მივხვდი ამას, როგორც კი ლიზა და დაჩი ბოლო სატრფიალო წყვილად ჩამოყალიბდნენ და საოცრად ამიჩქროლდა ის სისხლი, რომელთან ერთადაც ჩემმა წინაპრებმა სიყვარულის ტერიტორიის იდეა, მისი ძიების მეთოდები და მოწყობის კონცეფცია გადმომცეს...
ვერანდაზე ვიჯექი ამ სისხლისაჩქროლების დროს, ვუყურებდი, როგორ ფხანდნენ მეგი და დიტო ნეტარებისაგან მოკრუტუნე ტერეზას მუცელს და გონებაში წამოშლილი სურათებით აფორიაქებულს იმ ოთახში შესვლა მომინდა, სადაც სიყვარულის ტერიტორიის მუზეუმი და არქივი იყო განთავსებული. მომინდა და მაშინათვე გამახსენდა, რომ ლამის ერთი კვირა იყო, რაც ცხვირიც კი არ შემეყო იქ. სისხლი - წინაპრების... წინაპრების!.. - მომაწვა სახეზე და სირცხვილისა და დანაშაულის ნარევი გრძნობა დამეუფლა. "რაშია საქმე? - შეშფოთებული ჩავეკითხე საკუთარ თავს - ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ სადღაც (რა სადღაც! ჩემში, თვით ჩემშიც კი!) ბზარი გაჩნდა? რომ ასე ლოლიავით მოპოვებული და შექმნილი სამყარო რღვევას იწყებს?.."
წამოვდექი, ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის აპოლონური ჰაერი და არაგაზაფხულური მძიმე ნაბიჯებით გავემართე ზღურბლისაკენ. ცივი გონებით ვცდილობდი, მომხდარი იმ შემთხვევითობისათვის მიმეწერა, კანონზომიერების ფარგლებს რომ არ სცილდებოდა, მაგრამ მორახუნე გული და ნაწყენი სისხლი სულ სხვა სიგნალებს გამოსცემდნენ ჯიუტად. კარი შევაღე და პირდაპირ ზაზას შევეფეთე, რომელიც გარეთ აპირებდა გამოსვლას. გავიფიქრე, რომ მეგისთან მიდიოდა და გვერდი ავუქციე, მაგრამ შემაჩერა მან და მითხრა: "შენი ნახვა მინდოდა სწორედ. სალაპარაკო მაქვს..."
- ჰო... - გავჩერდი და შევხედე. ზაზა თავის წითელ ფრჩხილებს იკვნეტდა და დაძაბული ჩანდა. დავუცადე, მაგრამ უშედეგოდ. იგი ფრჩხილების კვნეტას აგრძელებდა და საუბრის დაწყება აშკარად უჭირდა.
- მუზეუმ-არქივში მივდიოდი. გინდა, გამომყევი, დავსხდეთ იქ და ვილაპარაკოთ წყნარად - შევთავაზე მე მაშინ.
- კარგი... - დამეთანხმა სასწრაფოდ იგი.

* * *
ექსპონატების, ძველი ხელნაწერების, წინაპრების ფოტოების გარემოცვაში როგორც კი აღმოვჩნდი, ხელად სიმშვიდე დამეუფლა. ვიგრძენი, რომ მანიკურიან რაინდსაც გადაედო ეს განწყობა. ჩემი დიდი ბაბუის ტახტზე ჩამოვსხედით და ერთმანეთს თვალებში ჩავუძვერით.
- მე და მეგიმ გადავწყვიტეთ, შევერთდეთ - დაიწყო რაინდმა - შევერთდეთ ბოლომდე, ფიზიკურადაც...
- ძალიან კარგი... - მივუგე მე - თუკი ეს მართლა განსაკუთრებული სიყვარულია, სიყვარულის ტერიტორიის კოდექსი არ არის ამის წინააღმდეგი. პირიქით, იწონებს, მხარს უჭერს...
- ვიცი, ეს ვიცი... - შემაწყვეტინა მან - ამ მხრივ ეჭვი არც შემპარვია...
- აბა თქვენი სიყვარულის განსაკუთრებულობაში არა ხარ დარწმუნებული?
- არა... არც ეგაა...
- მაშინ არ მესმის...
პაუზა და ისევ თავის წითელ ფრჩხილებს მისდგა ზაზა.
- მითხარი... არ შეიძლება, ჩვენს შორის მოსარიდებელი იყოს რაიმე... - შევაგულიანე.
მანიკურიანი რაინდი ფეხზე წამოდგა, ექსპონატებს შორის გაიარ-გამოიარა, ბაბუაჩემის გლობუსთან გაჩერდა, წითლად აღნიშნული წერტილებიდან ერთ-ერთს დააკვირდა და ასე თვალჩაშტერებულმა თქვა:
- მეგის სურს, ეს საბოლოო შეერთება ყველას თვალწინ მოხდეს. ფიქრობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აქტი მეგობრებისაგან მალულად არ უნდა ჩატარდეს... ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, თითქოს მართალია ყველაფერში და მეც ბოლომდე ვეთანხმები თითქოს, მაგრამ გულის სიღრმეში რატომღაც არ მინდა მაინც ამის ასე გაკეთება... ვერც იმას ვხვდები თანაც, ჩემი ნაკლია ეს თუ ინტუიცია მკარნახობს, რომ სიყვარულის ტერიტორიის რომელიღაც დაუწერელ კანონს ვარღვევ ამით... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რამდენიმე დღეა საკმაოდ დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა. უკვე სხვა რაღაცეებშიც აღარ გვესმის ერთმანეთის... ასე თუ გაგრძელდა, დაგვენგრევა განსაკუთრებული სიყვარული და... - ზაზა შეყოვნდა, წითელ წერტილს თვალი მოაშორა, მე მომაპყრო მზერა და მერე ტანჯვით ამოთქვა - ბოლო-ბოლო აქ ცხოვრების მორალურ უფლებასაც დავკარგავთ...
გამშრალი ვუსმენდი. რამდენიმეწუთისწინანდელი საკუთარი სულიერი შფოთის შემდეგ ზაზას აღსარების მოსმენა განამტკიცებდა იმ აზრს, რომ სახლში, ტერიტორიაზე ყველაფერი წესრიგში არ იყო. რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს? იქნებ იმას, რომ ყველაფერი დასრულებულად ჩავთვალეთ და ინერციით დავიწყეთ ცხოვრება? ან იქნებ პირიქით, სწორედ იმას, რომ ამ ბოლო დროს ძირფესვიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და აქცენტი განსაკუთრებულ სიყვარულზე გადავიდა? მართალია, ერთი საუკუნის განმავლობაში დამუშავებულ ტერიტორიის კონცეფციაში განსაკუთრებული სიყვარული ერთ-ერთ ბუნებრივ გამოვლინებად და მოსახლეთა კიდევ უფრო შემაკავშირებელ გრძნობად ითვლებოდა, მაგრამ შესაძლოა, აქამდე მაინც ვერ იყო ბოლომდე გააზრებული ის სიტუაცია, როდესაც ნამეტანი სიჭარბე უკვე უკუქმედებას იწყებს, ორკაციან მინიჯგუფებად ყოფს თემს და უმთავრესს - საერთო, ყოვლისმომცველ, გამჭოლ სიყვარულს ასუსტებს. ასე იყო თუ ისე, უცებ ცხადი გახდა, რომ მე, როგორც ამ ტერიტორიის იდეოლოგების, მძებნელებისა და მშენებლების მემკვიდრეს, დამიდგა ის წამი, როცა ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა ტერიტორიის ისტორიაში, ახლებურად და არსებული პირობების შესაფერისად გამეაზრებინა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქამდე იყო დაგროვილი და ჩვენი საერთო ოაზისი დაღუპვისაგან გადამერჩინა. და თან საფიქრელად და ყველაფრის გასაანალიზებლად ბევრი დროც არ იყო. ზაზა იდგა, მიყურებდა და პასუხს ელოდა ჩემგან. ვერანდაზე მეგი ტერეზას ეალერსებოდა და ზაზას გადაწყვეტილებას უცდიდა. მათი საერთო გადაწყვეტილების სისწორეს თუ სიმცდარეს კი შეიძლებოდა ჩვენი თემის ბედზე გადამწყვეტი გავლენა ექონია. და ისედაც, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა კი იყო, მაგრამ ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ ასეთი კონკრეტული შემთხვევების რაოდენობა უფრო და უფრო მოიმატებდა. ამ ბოლო დღეებში ტასოს, ანდროს, ლანასა და უჩას შორის მომხდარი საქმის გარჩევებიც, აქამდე ასე უწყინრად და თითქმის სახალისოდაც კი რომ ჩანდა, უცებ სულ სხვანაირად აღვიქვი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დაწყებული ცუდი პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. და უკვე მხოლოდ ზაზასა და მეგის პრობლემის მოგვარება ვერაფერს მოაგვარებდა. რაღაც პრინციპულად უნდა შეცვლილიყო. თუმცა ეს მაინც ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი სასწრაფოდ მანიკურიანი რაინდისა და п-ჯერ განატიფებულის განსაკუთრებული სიყვარულის გადარჩენაზე უნდა მეფიქრა. და მე წამოვდექი დიდი ბაბუის ტახტიდან, მივედი რაინდთან და ხელი დავადე მხარზე.
- საღამომდე მაცალე... არქივში უნდა ჩავიხედო, დავფიქრდე, ყოველმხრივ ავწონ-დავწონო სიტუაცია... სიჩქარე არ გვარგებს ახლა... მოკლედ, საღამოთი, ვახშმის შემდეგ აქ შევხვდეთ ისევ ერთმანეთს... და გეტყვი ჩემს აზრს...
- კარგი... - დამიქნია თავი ზაზამ, გამიღიმა და წავიდა გასასვლელისკენ. როგორც კი გაქრა მისი ზურგი და კარი მოიხურა, შევცვალე მზერის მიმართულება და იმავე წითელ წერტილს დავაცქერდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რაინდი დასჩერებოდა.

* * *
წერტილი შუა ციმბირში აღმოჩნდა დასმული. მდინარე კოჩეჩუმაზე, ქალაქ ტურასთან ახლოს. ასე იყო. ჩემი წინაპრები მთელ მსოფლიოში ეძებდნენ სიყვარულის ტერიტორიებს. გლობუსი კარგად რომ დაგეთვალიერებინათ, წითელ წერტილებს იპოვიდით ფილიპინებზე, მადაგასკარზე, ფიჯის კუნძულებზე, ეკვადორში, ტანზანიაში და თვით გრენლანდიაზეც კი. ძებნის მეთოდი თეორიული იყო და ბაბუაჩემის - ფიზიკის პროფესორის, ბიოლოგიასა და გეოლოგიაში გამოკვლევების ავტორის, რელიგიათმცოდნისა და ლინგვისტის მიერ გამოყვანილი ფორმულებით ხორციელდებოდა. აი, პრაქტიკულად კი სიყვარულის ტერიტორია ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში იყო მოძიებული, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მსოფლიოში დღემდე ერთადერთი ასეთი ტერიტორია ფუნქციონირებდა. ამის გამო მეთოდის აბსოლუტურ სისწორეზე თავის დადება ძნელი იყო, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ თეორიულად გამოანგარიშებულ ფართობზე საქართველოს შემთხვევაში პრაქტიკულად მართლაც აღმოჩნდა საძებნი ალაგი, უზომოდ ზრდიდა რწმენას ბაბუაჩემის იმ მატრიცებისადმი, რომელთა შესადგენად და ამოსახსნელად მათემატიკის გარდა საჭირო იყო ლინგვისტური გეოგრაფიის, თეოდიცეის, ფიზიოლოგიის, ალქიმიის და სხვა დისციპლინების ცოდნაც. ბაბუაჩემის კომპლექსური მეთოდით დგინდებოდა ორიდან ცხრამეტ კილომეტრამდე რადიუსის (სიზუსტე მერყეობდა მონაცემების სიზუსტის შესაბამისად) წრიული ფართობი, სადაც შემდგომში სხვა სახის პრაქტიკული ხერხებით უნდა მომხდარიყო სიყვარულის ტერიტორიის აღმოჩენა. თავად სიყვარულის ტერიტორია მამაჩემის გამოთვლებით არ შეიძლებოდა ყოფილიყო 1/l ჰექტარზე ნაკლები და ln10 ჰექტარზე მეტი. იმ წერტილს, რომელსაც ახლა დავყურებდი, მაქსიმალური რიცხვი - 19 ესვა და ეს გასაგებიც იყო, რადგან საქართველოში ციმბირის შესახებ დაწვრილებითი მონაცემების მოპოვება ადრეც საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა და არც ახლა იყო იოლი. სამაგიეროდ, ის პუნქტი, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებოდით, გლობუსზე მინიმალური რიცხვით - 2-ით იყო აღნიშნული. ბაბუაჩემის მატრიცები სწორედ მის სამშობლოში ამოიხსნა ყველაზე დიდი სიზუსტით და ეს მამაჩემმა მოახერხა ამ ოციოდე წლის წინ. შემდგომი ოცი წელი ამ ორკილომეტრრადიუსიანი წრის შიგნით სიყვარულის ტერიტორიის საზღვრების დადგენას, სიყვარულის ლაკმუსზე მიწის ყოველი გოჯის შემოწმებას, შესაფერისი პიროვნებების მოძიებას და მათ დასახლებას დასჭირდა. და აი, ამოდენა სამუშაოს შესრულებისა და მიზნის (საქართველოში) თითქოსდა საბოლოოდ აღსრულების შემდეგ ჩემს წინაშე ამ ყველაფრის გადარჩენა-არგადარჩენის დილემა დგებოდა.
ღრმად ამოვისუნთქე, გლობუსს ხელი გავკარი და დავაბზრიალე. უცებ ბავშვობისდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი თამაში გამახსენდა, თვალები დავხუჭე და საჩვენებელი თითი მინიდედამიწის რომელიღაც წერტილს ვატაკე. თვალები რომ გავახილე და შევხედე, აღმოჩნდა, რომ ჩადში, 3415 მეტრი სიმაღლის მთა ემი-კურის სიახლოვეს ვიმყოფებოდი, ყველაზე ახლო წითელი წერტილი კი მის სამხრეთით, მდინარე შარიზე მდებარეობდა, ჩადის ტბისა და დედაქალაქ ნჯამენას ცოტათი ქვემოთ. მაგიდიდან სანტიმეტრი ავიღე, ჩემი პუნქტიდან წითელ წერტილამდე მანძილი გავზომე, გლობუსის მასშტაბზე გადავიყვანე და 1200 კილომეტრი მივიღე. ეს საკმაოზე დიდი ცდომილება იყო. საერთოდ, კარგ შედეგად მიმაჩნდა, თუ თითს რომელიმე წერტილიდან 500 კილომეტრამდე რადიუსში გავარტყამდი, 1000 კილომეტრამდე რადიუსს დამაკმაყოფილებელ შედეგად ვთვლიდი, ხოლო უფრო მეტს უკვე არადამაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ზუსტად რომელიმე წერტილში მოხვედრას, მახსოვს, თერთმეტი წლის ასაკში ერთი პერიოდი იმით ვიყავი დაკავებული, დამედგინა, თუ ასე ბრმად რამდენი მცდელობის შემდეგ აღწევს ადამიანი დასახულ მიზანს. უამრავი ცდის ჩატარების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი წვრილი თითი საშუალოდ 50 შემთხვევიდან ერთხელ ხვდებოდა სიყვარულის ტერიტორიის შემცველ წერტილში. ეს იყო ჩემი პირველი გამოკვლევა ალბათობის თეორიაში, თუმცა მაშინ მაინცდამაინც არ დავკვირვებივარ იმ დეტალს, რომ მოხვედრის ალბათობა შესამჩნევად გაიზრდებოდა, თუ ამ თამაშს ჩემს ნაცვლად კოტიტათითება მამაჩემი ითამაშებდა და შესამჩნევად შემცირდებოდა, თუ თითის ნაცვლად გლობუსს კალმისტრის წვერს ან კიდევ უარესი, ქინძისთავს ატაკებდა ნებისმიერი ჩვენთაგანი - მე, მამაჩემი, დედაჩემი თუ შემთხვევით შემოსწრებული რომელიმე სტუმარი. ასე იყო თუ ისე, ჩემს ბავშვურ ცნობიერებაზე საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ასე ალალბედზე თუნდაც ორმოცდაათი შემთხვევიდან ერთხელ მაინც ვხვდებოდი იმ ადგილას, რომელსაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ასე დაუცხრომლად ეძებდნენ ჩემი წინაპრები. მახსოვს, ეს აზრი მამაჩემსაც კი გავუზიარე, ხოლო მან თბილად გამიღიმა და მითხრა, გლობუსზე თითის ტაკებით ასე ხშირად სიყვარულის ტერიტორიებზე (წესით, მამაჩემს უნდა ეთქვა "სიყვარულის ტერიტორიის შემცველ წრიულ ფართობებზე", მაგრამ ამდენი აღარ დაუკონკრეტებია, რადგან ასაკის გამო ასეთ ნიუანსებში მაშინ ვერ ვერკვეოდი და გლობუსის წითელი ადგილები ჩემთვის მთლიანად სიყვარულის ტერიტორიებს წარმოადგენდა) მოხვედრა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ეს ტერიტორიები აღმოჩენილი და მონიშნულიაო. მე ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და ვკითხე, ეს ადგილები წითლად რომც არ იყოს გაფერადებული, იქ ხომ მაინც ორმოცდაათში ერთხელ მოვხვდები-მეთქი. კი, მაგრამ არ გეცოდინება, იქ რომ მოხვდი და ამიტომ ამას არც არავითარი აზრი არ ექნებაო - მიპასუხა მან. უფრო კარგად რომ გამეგო, რასაც გულისხმობდა, ასეთი მაგალითიც მოაყოლა ნათქვამს: ეს იმას გავს, იცოდე, რომ ყოველი ორმოცდაათი ლატარიიდან ერთი იგებს, მაგრამ თუ არ იცი, რომელი იგებს, განა რა აზრი აქვს ასეთ ცოდნასო... მოკლედ, გლობუსის ამ დაბზრიალებამ ბავშვობის მოგონებები ამიშალა, მაგრამ დროზე გამახსენდა, რომ ცაიტნოტში ვიმყოფებოდი, სასწრაფოდ შევეშვი წარსულს, აწმყოში დავბრუნდი და უნებურად ჩატარებული ტესტის არადამაკმაყოფილებელი პასუხი - 1200 კილომეტრი - კვლავ რომ ამომიტივტივდა გონებაში, ცუდად მენიშნა და გულმა რეჩხი მიყო.
© „არილი“

Friday, March 27, 2009

ჟან-პოლ სარტრი. ბუზები, ცხრაკლიტული, ეშმაკი და უფალი ღმერთი.


ტაო ლეონიძე
"გათავისუფლებული" ადამიანი და იდეოლოგია


ჟან-პოლ სარტრი. ბუზები, ცხრაკლიტული, ეშმაკი და უფალი ღმერთი. მთარგმნელები მზია ბაქრაძე, გიორგი ეკიზაშვილი, მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. თბ. "ჯისიაი", 2002.

ნიცშეს იდეების განვითარებამ და სინამდვილეში განხორციელებამ ორი ურჩხული - ფაშიზმი და კომუნიზმი შვა. აქ შემთხვევით არ გვიხსენებია ნიცშე და კომუნიზმი. სარტრის იდეოლოგიურ პიესებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ნიცშეს იდეების გავლენა. მისი ორესტე, გეცი თუ ჰაინრიხი - ნიცშეს ზეკაცს მოგვაგონებს; ხოლო "ექსისტენციალური ჰუმანიზმი" - რეალობაში განხორციელებული, სხვა არაფერია თუ არა კომუნიზმი.
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ჟან-პოლ სარტრის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი სამი პიესა. ჩემი აზრით, მათგან მესამე - "ეშმაკი და უფალი ღმერთი" საგრძნობლად ჩამორჩება პირველ ორს - "ბუზები" და "ცხრაკლიტული" და ეს მხოლოდ თეატრალური თვალსაზრისით როდი ითქმის. მაგ., პიესა "ეშმაკი და უფალი ღმერთი" თითქმის მთლიანად სცილდება, ზოგადად, პიესის სათავეებს, გმირები უფერულია და მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ფილოსოფიურ ხორცშესხმას ემსახურებიან, რასაც პირველ ორ ნაწარმოებშიც ვხვდებით, მაგრამ ეს მათში ნაკლებად იგრძნობა.
პიესა "ბუზები" ორესტეს და ელექტრას მითის სახეცვლილი ვერსიაა. ესქილეს და სოფოკლეს ტრაგედიებისგან განსხვავებით, მათში, ანტიკურ ქალაქში განვითარებული მოქმედების მიუხედავად, სარტრის თანამედროვე საფრანგეთის პრობლემებია წარმოდგენილი. იგი პირველად ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დაიდგა, როცა ავტორი წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე გახლდათ. ამდენად, პიესა თავიდან ბოლომდე შეესაბამება "ანგაჟირებული ხელოვნების" სარტრისეულ ესთეტიკას და მათი "ღია დასასრული", გარკვეულწილად, მაყურებლის აქტივობასაც გულისხმობს, სადაც მაყურებელი პიესის ავტორთან ერთად "ქმნის", ან აზრს ანიჭებს ნაწარმოებს. ამიტომაა, რომ ანტიკური თეატრისთვის დამახასიათებელ თანაგანცდას სარტრთან ენაცვლება "თანააზროვნება". სოციალურად და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვნების საჭიროება კი მაშინ წარმოიქმნება, როცა საზოგადოება გახრწნილია, მისი წარმომადგენლები, არგოსის მკვიდრთა მსგავსად, შიშსა და სინანულში ცხოვრობენ და საკუთარ ცოდვებს სხვებს აბარებენ, რითაც მათზე პასუხისმგებლობას იხსნიან. ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება ხელსაყრელია ერთი მხრივ დაბალი ფენებისთვის, დემოსისთვის, რომელსაც "ავტორიტეტების გარეშე ცხოვრება" არ შეუძლია და სადაც ეს "ავტორიტეტი" ხან ღმერთი და ხან - ხელისუფალია; ხოლო მეორე მხრივ, მეფე აგამემნონის მკვლელ და მისი ტახტის დამპყრობელ ეგისთეს მსგავს ხელისუფალსაც აწყობს, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.
ასეთ შემთხვევაში დამხმარე არის რელიგია - იდეოლოგია, რომელიც არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სწორედ რელიგიური იდეოლოგიისა და მისი განუყრელი ატრიბუტების - სინანულისა და შიშის მეტაფორაა ბუზები, რომლებიც ასე მრავლადაა სარტრის არგოსში. და, როგორც მოსალოდნელია, არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, სარტრს შემოჰყავს ორესტე, მოკლული მეფე აგამემნონის შვილი, რომელიც შურს იძიებს ჯერ მკვლელ და უზურპატორ ეგისთეზე და მოღალატე დედაზე, ხოლო შემდეგ წინ აღუდგება ღვთაებრივ ბედისწერას, რომელიც, როგორც ირკვევა, არ არსებობს, ვინაიდან "ღმერთი მოკვდა". ღმერთის ავტორიტეტი - მეფის კონსპირაცია აღმოჩნდება, რასაც ეგისთეს და იუპიტერის საუბარი ცხადყოფს: "ორივეს ერთი და იმავე საიდუმლოების გამო გვქენჯნის სინდისი... ღმერთებისა და მეფეების მტკივნეული საიდუმლოება: ის, რომ ადამიანები თავისუფლები არიან". იქ, სადაც სარტრი რელიგიის ხელისუფალთა მიერ დამკვიდრებაზე საუბრობს (მსგავსი ეპიზოდები უხვადაა ასევე პიესაში "ეშმაკი და უფალი ღმერთი"), მაკიაველის მოსაზრებებს მოგვაგონებს: რელიგია მხოლოდ და მხოლოდ სოციალური წესრიგის შენარჩუნებას ემსახურება. ორესტე, როგორც მეამბოხე, ანგრევს არსებულ წესრიგს, როგორც მიწიერი, ასევე ზეციური ხელისუფალისაც, მაგრამ მამისეულ ტახტზე უარს ამბობს და "ახალი ცხოვრების" საძებნელად მიდის, რითაც ერთგვარი ანარქისტული მდგომარეობა იქმნება.
თუმცა, ორესტეს ანარქისტული სულისკვეთება და მხოლოდ საკუთარი ქმედებების წინაშე პასუხისმგებლობა, პიესაში "ეშმაკი და უფალი ღმერთი" გარდაიქმნება გეცის მისწრაფებაში, რომ საკუთარი ქმედებებით პასუხი აგოს კაცობრიობის წინაშე: "თუ ერთ ადამიანს მეორე შესძულდება, ეს საკმარისია, რომ სიძულვილმა მოიცვას მთელი კაცობრიობა". პიესაში მოქმედება ვითარდება მე-16 საუკუნის რეფორმაციის ხანის გერმანიაში. მთელი პიესა, ფაქტობრივად, დოსტოევსკის ნააზრევის განვრცობა-განვითარებას ემსახურება და ფურცელზე განფენილ აბზაცებს შორის ადვილად იკითხება "ძმები კარამაზოვებისა" თუ "ეშმაკეულნის" მთელი რიგი ციტატები (დაწყებული მეორეხარისხოვანი გმირის ჩივილიდან - "რატომ მოკვდა ბავშვი", იმაზე მითითებით დამთავრებული, რომ ადამიანს მშვიდი ცხოვრებისთვის სამი რამე სჭირდება - სასწაული, საიდუმლო და ავტორიტეტი). ამ შემთხვევაში დოსტოევსკის ციტირება უფრო მისი იდეებით გატაცებას ჰგავს, ვინაიდან, ყველაფრის მიუხედავად, მგონი, არცთუ ისე დიდი საერთო უნდა იყოს სარტრისდროინდელ საფრანგეთსა და დოსტოევსკისდროინდელ რუსეთს შორის. პიესაში ერთმანეთთან დაპირისპირებულია რეალისტის და იდეალისტის, ან მოქმედებისა და უმოქმედობის გაგება. რეალისტი არის დიქტატორი და მეამბოხე, იდეალისტი კი ის, ვისაც რაიმე იდეა ამოძრავებს. პიესის მთავარი გმირი გეციც (იგივე გეც ფონ ბერლიჰინგენი) გადის წინააღმდეგობებით აღსავსე გზას - იდეალისტიდან რეალისტამდე, სანამ არ მიხვდება, რომ ბოროტება, სიკეთე და, აქედან გამომდინარე, წინასწარ მოცემული, უნივერსალური ღირებულებები არ არსებობს და ადამიანი თავისუფალია. აქ, უდავოდ, იგულისხმება სარტრისეული წანამძღვარი, რომ "არსებობა წინ უსწრებს არსს", ანუ თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც ადამიანური ბუნების განმსაზღვრელი არსი არსებობს. და ამიტომ ჩვენ, ადამიანები "თავისუფლებისთვის ვართ განწირულნი". თუმცა ეს თავისუფლება - არჩევანის თავისუფლება - სხვების მიმართ პასუხისმგებლობისგან განუყრელია, ან როგორც სარტრი წერდა: "ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ იგი არის არა მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს ირჩევს, არამედ, ამასთანავე, კანონმდებელიცაა, რომელიც კაცობრიობასაც ირჩევს, ვერ გაექცევა სრული პასუხისმგებლობის შეგრძნებას".
ამგვარ პასუხისმგებლობაზეა მინიშნება პიესაში "ცხრაკლიტული", სადაც მთავარი მოქმედი გმირები - მშიშარა და მოღალატე ქმარი, შვილის მკვლელი და მეძავი დედა და ლესბოსელი ერთად ხვდებიან ჯოჯოხეთში. "ცხრაკლიტულის", ან ჯოჯოხეთის შესახებ ტრადიციული წარმოდგენა აქ გაბათილებულია და მოქმედების ადგილი ჩვეულებრივი სასტუმროს მოსაწყენ ყოველდღიურობას მოგვაგონებს. "ცხრაკლიტულში" ერთგვარი ირონიაა იმაზე, რომ საზოგადოება შედგება ჯალათებისა და მსხვერპლებისგან; ხოლო ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და ამიტომ ჯოჯოხეთში მათი ყველაზე დიდი სასჯელი - ერთმანეთთან ურთიერთობაა. ადამიანები აქ ერთმანეთის საშუალებით ახდენენ თვითიდენტიფიკაციას - "მე ვარსებობ იმდენად, რამდენადაც არსებობს სხვა".
სარტრი, რომლის ესთეტიკა სოციო-პოლიტიკურ აქტიურობას გულისხმობდა, ახერხებდა, რომ თავისი მეამბოხე ხასიათი ცხოვრებაშიც გამოევლინა. ეს დადასტურდა 1964 წელსაც, როცა ნობელის პრემიაზე უარი განაცხადა. თუმცა, სარტრის ჰუმანისტური იდეები შეიძლება განსხვავებული პერსპექტივიდანაც დავინახოთ და მათი მარცხი ვაღიაროთ ჩვენ, რომელთაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ კომუნიზმის "თავისუფლება".

© “წიგნები - 24 საათი”

ნაირა გელაშვილი: "გული და სული ერთმანეთს უნდა დაუხვდეს - სხვა გზა არ არსებობს"


ნანა კობაიძე

გამომცემლობა, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, სხვებისგან ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში, დღეს მომრავლებული კერძო გამომცემლობების ფონზე ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგან, რომელიც არაკომერციულ პროექტებს ახორციელებს. გარდა ამისა, აქ ძირითადად ხელოვანი ადამიანები მუშაობენ, რომელთათვისაც ლიტერატურა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერია. ლაპარაკია გამომცემლობა "კავკასიურ სახლზე," რომელიც საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" განუყოფელი ნაწილია. ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნაირა გელაშვილსა და გამომცემლობის რედაქტორს, პოეტ შოთა იათაშვილს შობა დღეს სმირნოვების ყოფილ სახლში ვეწვიეთ.

სმირნოვების სახლი, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან საქართველოში კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო, ძველი რუსული არისტოკრატიული გვარის უკანასკნელმა მემკვიდრემ, მიხეილმა საგვარეულო მუზეუმთან ერთად სიცოცხლეშივე უანდერძა "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიას," რომლის უფლებამონაცვლედაც გვევლინება "კავკასიური სახლი." ამ სახლის ხელმძღვანელის, ნაირა გელაშვილის თქმით, ლიტერატურული ურთიერთობების ოფისი აქ 1974 წლიდან ფუნქციონირებს, მხატვრული თარგმანის "განყოფილება" კი დადიანის 2-ში მდებარეობდა.

წლების მანძილზე ეს კოლეგია ძალზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, თუმცა, ქალბატონ ნაირას თქმით, ყველა მათ ერჩოდა. პირველი, რაც ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ დაშალა ეს ორგანიზაცია. ამის შემდეგ (1989-90 წლებში) ლიტერატურულ ურთიერთობათა სახლი აქტიურად ჩაერთო ეკოლოგიურ და მწვანეთა მოძრაობაში. სწორედ მაშინ წამოიწყეს მოძრაობა "კავკასია ჩვენი საერთო სახლია," რომლის მიზანი კავკასიაში მიმდინარე ნგრევის პროცესების მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო. 1993 წელს ამ დაწესებულებას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი "კავკასიური სახლი". "ჩვენთვის მშვიდობის საფუძველი არის განათლება და ვცდილობთ, კავკასიის ხალხებს მივაწოდოთ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა ერთმანეთისა და ევროპის შესახებ," - გვითხრა ნაირა გელაშვილმა. მისივე თქმით, გამომცემლობის გახსნის იდეას ცენტრის დაარსებასთან ერთად თავიდანვე ითვალისწინებდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობითი კოლეგია. ეს იყო ძალზე სოლიდური ორგანიზაცია ასეთივე სოლიდური ბიუჯეტით. ჰყავდათ 100-ზე მეტი თანამშრომელი და ჰქონდათ ერთი სამინისტროსხელა დაფინანსება. კომუნისტური წყობის მებაირახტრე არ გეგონოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭკვიანი ადამიანები იმ პერიოდშიც იყვნენ. რაც უნდა ბევრი ვლანძღოთ, ფაქტია, რომ მთარგმნელობით საქმიანობას საქართველოში სწორედ ამ კოლეგიის დროს მიეცა ყველაზე დიდი გასაქანი. ნაირა გელაშვილი იხსენებს იმ პირობებს, რასაც მწერლებსა და მთარგმნელებს უქმნიდნენ – სახელმწიფოს ხარჯზე ისინი თვეობით ცხოვრობდნენ ბიჭვინთისა და გაგრის პრესტიჟულ პანსიონატებში და მშვიდად, ყოველგვარ ყოფით პრობლემებზე ფიქრის გარეშე აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც მაშინ ყოფილა "სუფთად," შესაძლოა, საგზური მთლად შესაფერის კანდიდატურას არ ჩავარდნოდა ხელში, თუმცა, საქმეც კეთდებოდა. დღეს არც ეს გვაქვს, არც ის.

ნაირა გელაშვილის აზრით, სახელმწიფოს სურვილი და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ასეთი კოლეგია უნდა ააღორძინოს. "ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ თარგმანი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა ავიდეს. ევროპული ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ნავთობსადენის გაყვანას და ევროპიდან პორნოგრაფიის შემოტანას. ევროპული ორიენტაცია მის ღირებულებებთან ზიარებაა. ყველაზე მეტად ამას თარგმანი უწყობს ხელს, რადგან არაფერი აახლოებს ორ ხალხს ისე, როგორც ერთმანეთის ლიტერატურის ცოდნა."

რამდენიმე უცხოური ფონდის დაფინანსების წყალობით ეს "კავკასიური სახლის" გამომცემლობა დღესდღეობით ძალზე სერიოზულ პროექტებს ახორციელებს. მათგან განსაკუთრებულად აღსანიშნავია კავკასიის ხალხების ფოლკლორი. სხვათა შორის, პირველი წიგნები, რომელიც გამომცემლობა "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა, იყო "გერმანული მხატვრობა საქართველოში" და "ადიღრი ფოლკლორი." ნაირა გელაშვილი იხსენებს, რომ ეს წიგნი ძალიან მალე გათავდა და ხელახლა გამოსცეს. მისი თქმით, ასევე სწრაფად იყიდება ფოლკლორთან დაკავშირებული ყველა გამოცემა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან საქართველოში ნამდვილად არ არის ისეთი ვითარება, რომ გამომცემელი ფოლკლორული გამოცემების განმეორებით ტირაჟებს ბეჭდავდნენ. "ქართველებს არ უყიდიათ" - "დამამშვიდა" ქალბატონმა ნაირამ. მისი თქმით, კავკასიურ ფოლკლორზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა უცხოელებში. ეს წიგნები ორ ენაზე - რუსულად და ქართულად იბეჭდება, ამიტომ უცხოელი კავკასიოლოგები მათ "გაციებას" არ აცდიან. "ქართველებს არაფერი აინტერესებთ, კუდი ყავარზე აქვთ გადებული და სწორება აქვთ უცხოელებისკენ, რომლებიც, ძალზე სამართლიანად, მათხოვრებად გვთვლიან" - გვითხრა ქალბატონმა ნაირამ. გამომცემლობის რედაქტორმა, შოთა იათაშვილმა ერთი სახასიათო დეტალი გაიხსენა, როდესაც წიგნის ბაზრობაზე მისულმა იაპონელმა მეცნიერმა "კავკასიური სახლის" ყველა ფოლკლორული გამოცემა შეიძინა. ნაირა გელაშვილს ეს ფაქტი არ უკვირს, რადგან საზღვარგარეთ ასეთი გამოცემები მაღალი რანგის მეცნიერულ ნაშრომებად განიხილება და ძალიან ძვირი ღირს, იმის გამო, რომ მათზე მუშაობა ძალზე რთულია. ამ გამოცემების მეცნიერული რედაქტორია თურქოლოგი პროფესორი ლია ჩლაიძე. თუმცა სამეცნიერო მასალები გუშინ და დღეს არ შეგროვილა. ისინი სწორედ კოლეგიის მუშაობის პერიოდში შეიკრიბა ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების დახმარებით. ახლა ვინ რას შეაგროვებს, რაც არის, იმასაც ანადგურებენო - წუხდა ქალბატონი ნაირა. მისი თქმით, დაიწვა მნიშვნელოვანი არქივი სოხუმში, გროზნოში. საბედნიეროდ, "კავკასიურ სახლში" დარჩა გარკვეული მასალები, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულყოფილად მათ ვერ მივიჩნევთ.

რა სამომავლო გეგმები აქვს გამომცემლობა "კავკასიურ სახლს"?

ნაირა გელაშვილი: "გვინდა, გამოვცეთ "აფრის" ბიბლიოთეკა, ანუ ცალკე შევკრიბოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჟურნალში დაიბეჭდა. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალგაზრდა პოეტთა ლექსების პატარა წიგნების გამოცემა, შეძლებისდაგვარად ვუვლით გივი მარგველაშვილის შემოქმედებას. სულ ახლახან დავბეჭდეთ მისი პიესების კრებული "მოწმენი სარკეში." გამოვეცით მისი ფილოსოფიურ თხზულებათა ხუთტომეული – აკადემიური გამოცემა, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც არ გამოსულა. ფილოსოფოსმა ბადრი შარვაძემ გასწია გმირული შრომა და მოიძია გივი მარგველაშვილის ის ნაშრომები, რასაც იგი 20 წლის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში წარადგენდა. ეს ყველაფერი დაკარგულ-დაფანტული იყო, რაც ამ ინსტიტუტს არ ეპატიება. დავეხმარეთ ხელნაწერთა ინსტიტუტს და ძალზე მაღალ დონეზე გამოვეცით არაბული ხელნაწერები დაღესტნიდან. თუმცა, ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, უბრალოდ, ყველაფერს, რაც "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა, ვერ ჩამოთვლი. აქვს თუ არა ამ გამომცემლობას პრიორიტეტები? თუ რაიმე პრიორიტეტზე შეიძლება საუბარი, პირველ რიგში, ეს არის კავკასიელ ხალხთა ფოლკლორი და მასთან ერთად სამეცნიერო გამოცემებიც კავკასიის თითოეულ ხალხზე. ჯერჯერობით გამოცემულია "ვაინახები" და "დაღესტანი", გამზადებულია "აფხაზები", გამოდის "საქართველო". გამომცემელი აღნიშნავს, რომ ვაინახებზე გამოცემული წიგნი პირველია და სხვათა შორის, ძალზე ობიექტურად დაწერილი გიორგი ანჩაბაძის მიერ. რა თქმა უნდა, ჩეჩნებისთვის ეს ძალზე დიდი საჩუქარია. გარდა ამისა, ჩეჩენი ბავშვებისთვის სამ ენაზე გამოიცა ჩეჩნური ფოლკლორის ნიმუშები. მასში, გარდა იმისა, რომ ჩეჩნური ფოლკლორია თარგმნილი ქართულად, ქართული და რუსული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩეჩნურად შეგიძლიათ წაიკითხოთ. "ეს სიმბოლურია – სამი ენა ერთ წიგნში იმას ნიშნავს, რომ სამმა ხალხმა, უნდა თუ არა, მომავალში მაინც ერთად უნდა იცხოვროს" - გვითხრა ქალბატონმა ნაირამ.

გამომცემლებთან საუბარში იმდენი საინტერესო წიგნი დასახელდა, მართალი გითხრათ, არ ველოდი. როგორც ჩანს, საზოგადოება არ არის ინფორმირებული "კავკასიური სახლის" გამოცემათა შესახებ. ანუ, მოისუსტებს მათი სარეკლამო სამსახური. ამაზე ორივე დამეთანხმა. ჩვენთან იმდენი საქმე კეთდება და ისე სკრუპულოზურად, რომ წიგნის ყდის გაფორმებისა და რეკლამისთვის ენერგია აღარ გვყოფნისო - თქვა შოთა იათაშვილმა. ნაირა გელაშვილი კი გამოგვიტყდა, რომ ამაში მას უცხოელი კოლეგებიც საყვედურობენ, თუმცა, ისიც დასძინა - ჩვენ არაკომერციული გამომცემლობა ვართ, ამიტომ ნაკლებად გვაინტერესებს მომგებიანი პროექტები და აქცენტი სულიერებაზე გვაქვსო.

კომერციული გამომცემლობებისგან მათ კიდევ ერთი "დეტალი" განასხვავებს. შეკითხვაზე, როგორ იგეგმებოდა მათი სამუშაო გრაფიკი, ქალბატონ ნაირას გაეცინა - აქ პოეტები ვმუშაობთ და ამიტომ ყველაფერს იმპულსურად ვწყვეტთო. ასე იმპულსურად გადაწყვიტეს მან და შოთა იათაშვილმა სერია "ახალი ქართული პოეზია" ზურაბ რთველიაშვილის ლექსებით დაეწყოთ. სამომავლოდ ამ სერიით ზაზა თვარაძის კრებულს გვპირდებიან. შოთას აზრით, დანაშაულიც კი არის, რომ ზაზას პოეზიის კრებული დღემდე არ გამოცემულა.

ერთი სიტყვით, როგორც კი მცირეოდენი თანხა ჩაუვარდებათ, გამომცემლები მაშინვე მაღალ მატერიებზე ფიქრობენ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც საუბარში შევეხეთ, ქართველ გამომცემლებს ეხებოდა. დამაინტერესა, თუ როგორ აფასებენ ისინი ქართველი გამომცემლების ლიტერატურულ გემოვნებას. "ვფიქრობ, რომ მათი გემოვნება საეჭვოა - თქვა ნაირა გელაშვილმა - ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ სასაცილოა, რომ დღეს გამომცემლები, რომელთაც საერთოდ არ მიუღიათ ლიტერატურული განათლება, ამჟღავნებენ გაბედულებას და ლიტერატურის კანონმდებლებად გვევლინებიან. ეს მაშინ, როცა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ლიტერატურის პროფესიონალი მცოდნეები, რომ არაფერი ვთქვათ კრიტიკოსებზე."

"შესაძლოა, ზოგიერთს ჰყავს კიდეც არალეგალური მრჩეველი, მაგრამ ოფიციალურად უნდა ჰყავდეთ ლიტერატურის მცოდნეები, რომელთაც ჭკუას დაეკითხებიან. შესაძლოა, კომერციული თვალსაზრისით საბოლოოდ მაინც თავად გადაწყვიტონ ყველაფერი, მაგრამ რჩევა მაინც მათ უნდა ჰკითხონ" - მიიჩნევს შოთა იათაშვილი და დასძენს, "თავისთავად, რაც გამომცემელთა ასოციაციამ წამოიწყო, ამის დაუფასებლობა არ შეიძლება – წიგნის ბაზრობები, საკუთარი პროდუქციის რეკლამა - ეს სფერო ხომ საერთოდ ჩავარდნილი იყო, უბრალოდ, გვინდა, ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს. ამიტომ გამოვთქვამთ ასეთ შენიშვნებს". რა თქმა უნდა, ამ სფეროში მდგომარეობის კიდევ უფრო დახვეწა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს უნდა, რადგან დღესდღეობით თუ რამე გვიშველის, მხოლოდ წიგნი. ნაირა გელაშვილი კიდევ ერთ რეცეპტს გვთავაზობს, რომელიც უფრო იმათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ჯიბეში რამე უჩხრიალებს: "ამ სფეროში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ფული პრაქტიკოსის ხელშია, ამიტომ პრაქტიკოსი და ჰუმანიტარი ადამიანები, ანუ ფული და სული ერთმანეთს უნდა დაუახლოვდნენ - სხვა გზა არსებობს".

© “წიგნები - 24 საათი”

მალხაზ ხარბედია - გაბადრულები და მოღუშულები



შეჯამება, რომელიც 2002 წლის ბოლოს უნდა დაწერილიყო, მაგრამ მიზეზთა გამო მხოლოდ 2003-ში დავჯე მის საწერად

გასული წლის ნავაჭრი და წლევანდელი შავი ბაზარი


ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ჩვენი დანართის პირველი ნომერი თბილისის წიგნის ფესტივალს დავამთხვიეთ, თუმცა მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, ასეთი მნიშვნელოვანი თუ აღმოჩნდებოდა წიგნის ეს, რიგით მეოთხე დღესასწაული. მისი მნიშვნელობა პირველ რიგში ფესტივალის მასშტაბებში, სტუმრების სიმრავლესა და გაყიდული წიგნების რაოდენობაში გამოიხატა (მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის პირველი დღე კინაღამ ჩააგდო პრეზიდენტის ვიზიტმა), მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, სწორედ ფესტივალი გახდა საწინდარი თუ მეკვლე იმ სიახლეებისა, რამაც წლის ბოლოს საფუძველი მომცა ჩემს თავთან მეღიარებინა (თანაც სიამოვნებით), რომ ქართული საგამომცემლო საქმე უკვე აღარაა მითი ან თითო-ოროლა "ახირებული" კაცის სევდიანი გასართობი, არამედ რეალობა, თანაც სისხლსავსე რეალობა.
ეს სიახლეები კი შემდეგში მდგომარეობს: 1. ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბესთსელერი. 2. გაიხსნა ახალი წიგნის მაღაზია "პარნასი" (მემგონი უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ასეთი ფაქტი ქართველებს არც გვახსოვს - თუ არ ჩავთვლით უცხოური წიგნის რამდენიმე მაღაზიას. ამ დროის მანძილზე ხომ პირიქით იყო, წიგნის მაღაზიებს რესტორნებად და სხვა არაწიგნიერ დაწესებულებად აქცევდა ხოლმე უხილავი "ჯადოქარი", თანაც ერთი ხელის დაკვრით). 3. მწერალთა გარკვეული ჯგუფი უკვე გამომცემელთა დაკვეთებით მუშაობს და რაც მთავარია, 4. საქართველოში პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში, გაჩნდა წიგნის შავი ბაზრის "საშიშროება" (ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, ისე კი ფაქტია, რომ ზოგიერთ წიგნსა თუ პერიოდულ გამოცემას უკვე სანთლით ეძებს მკითხველი).
დღეს, 2003 წლის პირველ კვირებში უკვე თამამად შეიძლება ითქვას, გასული წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა წიგნის მოყვარულთათვის და გამომცემლებისთვის - უპირველეს ყოვლისა კი იმ ზემოხსენებული რამდენიმე ბესთსელერის წყალობით. ასეთი წიგნები წინა წლებშიც იყო, მაგალითისთვის ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული აკა მორჩილაძის "რომნებიც" იკმარებდა, მაგრამ 2002-ში პირველად დაიხატა რეალური სურათი იმისა, რომ ხალხი ნამდვილად ყიდულობს წიგნს. მობეზრებული საუბრები იმის შესახებ, რომ - "ძმაო, საქართველოში წიგნი 300-ზე მეტი ტირაჟით არ უნდა გამოსცე" - წარსულს ჩაბარდა, ასევე გადავეჩვიეთ უფერულ, მრავალკორექტურიან და ურედაქტორო-უპატრონო გამოცემებსაც. ეგ კი არადა, კარგად კომენტირებულ და სახელ-საგან-საძიებლებში "ჩაძირულ" წიგნებსაც ვეღირსეთ. თუმცა ერთიც არის, ის წიგნები, რომლებიც ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვერაფრით გააოცებს კარგი ლიტერატურის მოყვარულთ, იმ ადამიანს, ვინც რა თქმა უნდა ხარობს ასეთი ბუმის შემხედვარე, მაგრამ ვისაც გულის სიღრმეში მაინც ეღიმება უკეთესი დროების მოლოდინში. არა უშავს, მალე იმედია მათთვისაც გადმოაქართულებენ პრუსტებსა და მეთიურინებს, სელინებსა და ბროხებს, დიობლინებსა და პაპინებს.
ზემოთ ვთქვი, გადმოაქართულებენ მეთქი და თქვენც იკითხავთ, ქართულმა წიგნმა რაღა დააშავაო, მაგრამ რა ვუყოთ, რომ გასულ წელს სწორედ გადმოქართულებულმა, ნათარგმნმა წიგნებმა გააცოცხლა ქართული წიგნის ბაზარი. აი ისინიც: "დიოგენეს" მიერ გამოცემული "ალი და ნინო", და ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული "ჰარი პოტერი", წიგნები, რომელთაც ზოგი ერთგვარი ირონიით აფასებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ წიგნებმა ქართული საგამომცემლო საქმე იხსნა და საკითხავად ჩაახრევინა თავი ათასობით უქმად მორბენალ ახალგაზრდასა თუ გაკაპასებულ ასაკოვანს.
ამ წიგნების სისუსტეებზე, ღირსებებსა თუ პოპულარობის მიზეზებზე როგორმე სხვა დროს მოგითხრობთ, ახლა კი სჯობს წიგნის მაღაზია "პარნასშიც" შევიაროთ (ჭავჭავაძის 22-ში), კარგად დავაკვირდეთ მყიდველებს და ერთი პატარა "ქარაქტეროლოგიური ესეც" გამოვაცხოთ.

ინტერმეცო: მიველ ვნახე

მყიდველებს შორის ორი ძირითადი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ: გაბადრულები და მოღუშულები და თითოეულს ცალკე ქვეკატეგორიები შეგვიძლია მივაბათ. გაბადრულების პირველ ქვეკატეგორიაში შევიყვანდი ერთი, წინასწარგანსაზღვრული წიგნის საყიდლად შესულ გოგონებსა თუ ქალბატონებს და ეს ერთი წიგნი შეიძლება სულაც ზემოხსენებული ორი წიგნიდან რომელიმე აღმოჩნდეს. მეორე ქვეკატეგორიაში შევიყვანდი იმ ხალხს, ვინც შესვლისთანავე პარკს მოითხოვს, დაივლის და განურჩევლად ჩაალაგებს ყველა წიგნს, რომელზეც თვალს დაასობს, გული აუჩქროლდება და ხელი წაუცდება. მესამე ქვეკატეგორია იმათია, ვინც მხოლოდ ხანგრძლივი ფურცვლისა და ტექსტის გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ შეიძენს ერთ ან ორ წიგნს. მეოთხენი თითქმის მთელ დღეს მაღაზიაში ატარებენ, ყურადღებით არჩევენ წიგნებს, საუბარსაც ასწრებენ, ბოლოს კი, როცა სალაროსთან მივლენ, აღმოჩნდება, რომ ნაყიდი ათზე მეტი წიგნისთვის ფული არ ჰყოფნით. აძრობენ მობილურებს, რეკავენ მეგობრებთან, ანდა სულაც შინ და მაღაზიაში იბარებენ ამ ღვთისნიერ ხალხს. და ბოლოს, გაბადრულების კატეგორიას აგვირგვინებს მეხუთე ქვეკატეგორია. ესაა გაბადრული ქურდი, ის ვინც გაბრწყინებული თვალებითა და სანახევროდ გახსნილი ქურთუკით დააბიჯებს თაროებს შორის, შემდეგ კი ხელცარიელი და უბეგამოვსებული, კომპლიმენტებით ენადამტკბარი ემშვიდობება გამყიდვლებს.
ახლა მოღუშულებსაც მივხედოთ და აღვნიშნოთ, რომ მათი უმთავრესი და უპირველესი ქვეკატეგორია, რა თქმა უნდა უფულო და ერთი წიგნის შესათვალიერებლად შესულ მყიდველებს მოიცავს, თუმცა ის ერთი წიგნი ალბათ ნამდვილად არ დაემთხვევა იმ ზემოხსენებულ ორ წიგნს, რადგანაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში ესეთი უფულოები სწორედ იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნებიან, ვინც ირონიით უყურებს ამგვარ წიგნებს (ისე, გულის სიღრმეში ეს მოღუშულიც იბადრება, იმიტომ რომ წიგნის მაღაზიაშია). მეორე ქვეკატეგორიაში ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც პირველებს შემოყვნენ, საერთოდ არ აინტერესებთ წიგნი და ერთი სული აქვთ როდის დაასრულებს ფურცვლას მისი მეგობარი, რათა ერთადერთი ორლარიანით (2 ლარით ხომ წიგნს ვერ იყიდი) ლუდი დალიონ. მესამეებს ფულიც აქვთ და იმის საშუალებაც, რომ წიგნები amazon.com-ით გამოიწერონ, მაგრამ უბრალოდ იღუშებიან, ეგეთი ტიპები არიან და იმიტომ. მეოთხე ქვეკატეგორიაში ძირითადად მშობლები თავსდებიან, ისინი, ვინც იძულებულები არიან თავიანთი შვილებისთვის წიგნები იყიდონ და ბოლოს, ისევ ქურდები, ამჯერად მოღუშული ქურდები, გინებით, აყალმაყალით და გამოვსებული ან დაცლილი უბეებით რომ ტოვებენ მაღაზიას.
სულ ესაა, თუმცა არა, კიდევ ერთი, ყველაზე საშინელი კატეგორია დამავიწყდა, რომლის წევრებიც (და მათი სახელი ლეგიონია), ვაჟას თქმისა არ იყოს, "წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს, მეარღნეს აძლევს მანეთსა". ეგეთებს წიგნის მაღაზიაში რა უნდაო, მკითხავთ თქვენ და გიპასუხებთ: ეგენი შემთხვევითი ხალხია, ზოგი გაბადრული და ზოგიც მოღუშული, წიგნის მაღაზიაში უაზროდ შემოხეტებული (ან ყავის სახლიდან, ან მეზობელი ბუტიკიდან, ანდა სულაც "ლევონ თრეველიდან").
მაგრამ მოდით, დიდხანს ნუ შევჩერდებით მათზე და იმ წიგნების შესახებაც ვთქვათ ორი სიტყვა, შარშან რომ გამოიცა და გაგვახარა.

"დილიხორით" ნათარგმანები

გაგვახარა მეთქი, ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, დარჩა რამდენიმე შესანიშნავი წიგნი, რომელმაც ან მცირე ტირაჟის, ანდა გამომცემელთა უყურადღებობის გამო კარგად ვერ მიაღწია მკითხველამდე. მაგალითად, დავით წერედიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებული პასკალ კინიარის "ყოველი დილა ქვეყანაზე", ცუდი მიწოდების გამო თითქმის ვერ შეამჩნია საზოგადოებამ. 2001 წელს გამოსული ვახუშტი კოტეტიშვილის "ჩემი წუთისოფლის" (ალბათ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემის) ეკზემპლარები კი, მემგონი არც ერთი ცალი არ გადმოჰყოლია 2002 წელს.
ასეთი მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება, მაგრამ ისევ ბატონი ვახუშტის სახელი მკარნახობს და მეც მისივე "აღმოსავლურ-დასავლური დივანით" დავიწყებ ბლიც მიმოხილვას (რეცენზია ამ წიგნის შესახებ იხ. ჩვენი დანართის დღევანდელ ნომერში).
შარშანდელი ლიტერატურული წელი ამ წიგნის პრეზენტაციამ დააგვირგვინა, ანუ წლის ბოლო, ეფექტური აკორდი ისევ მთარგმნელისა აღმოჩნდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ საღამოზე დედანს თარგმანი ენაცვლებოდა, მასწავლებლის წაკითხულს - მოსწავლეების ხმა, კლასიკოსებს - თანამედროვეები. პოეზიის მოყვარულები დიდხანს ელოდნენ ამ წიგნს და იგი, ავტორის ე.წ. საპროგრამო წინასიტყვაობით აღჭურვილი, უკვე ჩვენს ხელთაა. ჩვენ უკვე ვკითხულობთ "დიოგენეს" მიერ გამოცემულ ამ წიგნს, ვკითხულობთ ხმამაღლა, ერთმანეთს ვუკითხავთ შესანიშნავ ლექსებს, რომელიც თავის დროზე მხოლოდ "დილიხორით" (როგორც ავტორი ბრძანებს) ითარგმნებოდა. ეს წიგნი ვახუშტი კოტეტიშვილის პოეტურ გატაცებათა ნაყოფია.
ასეთივე გატაცებაა ლევან ბერძენიშვილისთვის არისტოფანეც, ოღონდ ეს გატაცება წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო ფართო მკითხველისთვის. ამ თარგმანების შესახებ ბევრს უბრალოდ სმენოდა, ბევრს წაკითხული ჰქონდა ისინი და ზოგი მათგანი მადლიანი ძველბერძნული უხამსობების ბერძენიშვილისეული, მოქნილი შესატყვისობებითაც იწონებდა ხოლმე თავს. "ლოგოს პრესის" მიერ გამოცემული ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის და იგი მხოლოდ ნაწილია იმ ხუთტომეულისა, რომელმაც არისტოფანეს ყველა კომედია უნდა მოიცვას.
კლასიკური ლიტერატურა ვახსენე და უნდა გითხრათ, რომ გასული წელი საკმაოდ უხვმოსავლიანი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. მაშინ, როცა ქართული კლასიკური ლიტერატურის აკადემიური გამოცემები თითზე ჩამოსათვლელადა გვაქვს, ჩვენ ისევ თარგმანებით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ და პირველ რიგში ეს ერაზმუს როტერდამელის "სისულელის ქებას" ეხება ("ლოგოს პრესი"). ეს შესანიშნავი წიგნი ქალბატონ ლალი კოჭლამაზიშვილის მრავალწლიანი შრომის შედეგია. პირადად მე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ასეთი გამოცემა არ მახსოვს. ბრწყინვალე თარგმანი, მოზრდილი წინასიტყვაობა და ვრცელი, ამომწურავი კომენტარები ის ღირსებებია, რომლებიც ამ წიგნს წლის მოვლენად აქცევს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს სათარგმნად ურთულეს, წასაკითხად კი საგანცხრომო ტექსტთან.

საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ გამომცემლობები "ლოგოსი" და "ლოგოს პრესი" გამონაკლისს წარმოადგენენ თანამედროვე საგამომცემლო სივრცეში, იმ თვალსაზრისით, რომ მათ კარგ სამეცნიერო ლიტერატურაზე და აკადემიურ გამოცემებზე აქვთ ძირითადი აქცენტი. გასულ წელს გამოცემულ წიგნებს შორის უსათუოდ აღნიშვნის ღირსია ზურაბ კიკნაძის "ქართული ხალხური ეპოსი", რისმაგ გორდეზიანის "ბერძნული ლიტერატურა" ტ. 1, დამანა მელიქიშვილის "ქართული ზმნის უღლების სისტება", მარიკა ერქომაიშვილის "კირკეს მითი და მისი ინტერპრეტაცია ანტიკურ ლიტერატურაში", პიტერ ბერკის "ისტორია და სოციალური თეორია", თუმცა წლის ყველაზე საინტერესო და გაბედულ სამეცნიერო პროექტად მაინც კრებული "გალაკტიონოლოგია" მოჩანს, დიდი პოეტის ახდენილი ოცნება, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად გამოვა (დღევანდელ ნომერში მის შესახებაც ნახავთ რეცენზიას).
თარგმნილი კლასიკით თავის მოწონებაზე მოგახსენებდით, ამის საფუძველს კი "ლოლიტას" თამარ ლომიძისეული თარგმანი ("ლოგოს პრესი"), "დიოგენეს" მიერ გამოცემული ასტრიდ ლინდგრენის "ყაჩაღის ასული რონია" და ბორის ვიანის "დღეთა ქაფიც" გვაძლევს. ამავე გამომცემლობამ დაბეჭდა დიდი ხნის წინ, ქალბატონ ცისანა ბიბილეიშვილის მიერ ნათარგმნი და წლების განმავლობაში ქსეროკოპირებისთვის განწირული ფერდინანდ დე სოსიურის კლასიკური ნაშრომი "ზოგადი ენათმეცნიერების კურსი".
კიდევ ერთ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს "მერანის" გამოცემული თომას მანის "დოქტორი ფაუსტუსი", წიგნი, რომელიც, მთარგმნელისა და გერმანისტის, კარლო ჯორჯანელის დიდი ხნის შრომის ნაყოფია და თუკი მას დალი ფანჯიკიძის თარგმანებსა და ალმანახ "საგურამოს" ნომრებში დაბეჭდილ "იოსებსაც" მივუმატებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე წელიწადში თომას მანის თხზულებათა ტომეულებსაც მოვესწრებით.
მთლიანად თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას მიეძღვნა ორი სქელტანიანი ალმანახი: "ქართულად ნათარგმანები" ("არილი") და "ახალი დროების" მეორე ნომერი ("აზრი"). ამ ორი გამოცემის შესახებ ჩვენს გაზეთში ვრცელი რეცენზიები დაიბეჭდა, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ მათზე საუბრით და უბრალოდ დავსძენ, რომ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში თარგმნილი თუ სათარგმნი ტექსტები გარკვეულ სადნობ ქვაბს, ტიგელს ქმნიან, საიდანაც ხშირად ჩვენებური "ფერადი ლითონი", ანუ ქართული პროზისა და პოეზიის უახლესი შენადნობი გადმოდინდება ხოლმე.


მიჯრით მიწყობილი


სწორედ ასეთი შენადნობია აკა მორჩილაძის ბოლო რომანი "სხვა" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). ავტორმა ბევრი რამ გადაადნო და გადახარშა, კლასიკური დეტექტივი, ძველი ამერიკული კინო მთელი თავისი ატრიბუტიკით და ყველაფერი ეს ისევ წერასა და მის ალქიმიურ ბუნებასთან მოაბრუნა, თანაც თავად ტექსტიც ხომ სწორედ ასეთი ალქიმიის ნაყოფია, სადაც აკამ გაცვეთილი დასავლური მეტალებისგან ოქრო, ანუ პირველი ქართული დეტექტივი მიიღო.
გასულ წელს, თითქმის სრულად, ახლიდან გამოიცა კიდევ ერთი ასეთი დეტექტივის (ოღონდ, ალაგ დეტექტივის), "დაეძებდას" ავტორის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები. ორმა გამომცემლობამ, "მარსმა" და "სანიმ" ერთდროულად დაბეჭდეს კლასიკოსის მოთხრობების კრებული, "ვატერპოლოო", "ძნელი", "ძმისავ" და "სამოსელი პირველი". "სანისვე" გრიფით გამოვიდა კიდევ ერთი კლასიკოსის, რეზო გაბრიაძის "ქუთაისი ქალაქია", წიგნი, რომელსაც - თუკი გამომცემელი (იქნებ რეჟისორიც) მოინდომებს - ისეთივე მომავალი ექნება, როგორიც ამავე ავტორის "უცხო ჩიტს".
წლის ბოლოს გამოვიდა გივი მარგველაშვილის პიესების კრებული და საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ დეკემბერში ახალი სუნთქვა გაეხსნა "კავკასიური სახლის გამომცემლობას". მათ ლამის ერთდროულად გამოსცეს რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი: ნანული აზიკურის მიერ შედგენილი "ხმით ნატირლები", რაინერ მარია რილკეს "წერილები ახალგაზრდა პოეტს", მარსიანის "კრიტიკა". გამოიცა ახალი სერიის, "ახალი ქართული პოეზია", პირველი წიგნიც, ზურა რთველიაშვილის ლექსები.
პოეზიას რაც შეეხება, ამ მხრივ გასული წელი ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის (რაოდენობას ვგულისხმობ), თუმცა იმ თითო-ოროლა კრებულის ავტორებიდან ყველა აღნიშვნის ღირსია: ბესიკ ხარანაული, ტარიელ ჭანტურია, ჯუანშერ ტიკარაძე, დათო მაღრაძე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბესიკ ხარანაულმა 2002 წელს სულ სხვა, ახალი წიგნით დაგვამახსოვრა თავი. "ამბა ბესარიონის ამბავი" სამი ნომრის განმავლობაში იბეჭდებოდა ჟურნალ "არილში" და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ წლევანდელი საგამომცემლო წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად სწორედ ამ ნაწარმოების ცალკე წიგნად დაბეჭდვა იქცევა.
წელს ალბათ ოთარ ჭილაძისა და ოთარ ჩხეიძის ახალი რომანებიც წიგნად აიკინძება. 2002-ში "გოდორი" და "2001" "მნათობსა" და "ჩვენ მწერლობაში" იბეჭდებოდა გაგრძელებით.
გურამ რჩეულიშვილის პირველ ორ ტომზე ("საარი"), გურამ გეგეშიძის, ზაირა არსენიშვილის ("მერანი"), ზაზა ბურჭულაძისა და დათო ტურაშვილის ("აზრი") რომანების შესახებ ჩვენი გაზეთი უკვე მოგითხრობდათ, დღევანდელ ნომერში კი გასული წლის კიდევ ერთ სიახლეზე, ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულზე, "ჯადოზე" იხილავთ რეცენზიას.

ეპილოგი ნაბახუსევით

მაშ ასე, დაიწყო ახალი ლიტერატურულ-საგამომცემლო წელი და ამ ორი ტყუპის ქართველ მსახურთა უმრავლესობაც ტრადიციული მძიმე "პახმელიით" შეეგება მას. სუფრების გადამკიდე, ბევრი მხოლოდ საშობაოდ შეუდგა საქმიანობას. ნაახალწლევს, პირველი აღწერის შემდეგ გაიხსნა ახალი წიგნის მაღაზიაც და აი, კიდევ ერთი სიახლე, ოღონდ უკვე ამ ახალი წლისა. დღევანდელ ნომერში ჩვენს გაზეთს პირველად მიეცა შესაძლებლობა ყოველთვიურად ბესთსელერების სიებიც გამოექვეყნებინა. აქამდე ბევრს ვეცადეთ, ვთხოვეთ რამდენიმე მაღაზიას, მაგრამ ზოგი უარზე დადგა, ზოგმაც თავი ვერ მოაბა ამ რთულ საქმეს, თუმცა არა უშავს, დღეს ერთი მაღაზიით დავიწყოთ და ხვალ იქნებ სხვებიც გამოჩნდნენ.
ისე, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, წელს უფრო საინტერესო რამეებს უნდა ველოდოთ ყველასგან, მწერლებისგანაც, მთარგნელებისგანაც და გამომცემლებისგანაც. დანარჩენი კი მკითხველთა გემოვნების საქმეა.


© “წიგნები - 24 საათი”

ახალი წიგნები - 2004


ჯორჯ ჰარისონი, I Me Mine

I Me Mine
By George Harrison
400 pp, Weidenfeld


ამ წიგნში მხოლოდ 60 გვერდია ავტობიოგრაფიული, დანარჩენი 340 გვერდი სიმღერების ტექსტებსა და ფოტოებს ეთმობა; ავტობიოგრაფიული სექციის ნაწილი თავად ჰარისონს ეკუთვნის, ნაწილი კი - დერეკ ტეილორს, რომელიც "დეილი ექსპრესისთვის" წერდა სვეტებს, მერე კი "ბითლზის" პრესმდივანი გახდა. ჰარისონის ავტობიოგრაფია პირველად ლონდონის წიგნის მაღაზიებში 1980 წელს გამოჩნდა, ეს იშვიათი ფაქსიმილური გამოცემა იყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა - 250 გირვანქა სტერლინგი. ახალ გამოცემაში ორიგინალს არაფერი დამატებია ჰარისონის ქვრივის - ოლივიას შესავალისა და რამდენიმე ბოლოდროინდელი ფოტოს გარდა.
გამომცემლებს იმედი აქვთ, რომ წიგნი ბესტსელერად იქცევა და ალბათ არც ცდებიან, ნებისმიერი ფანი მას გატაცებით ჩაუჯდება. ლეგენდად ქცეული "ბითლზის" ფანები კი მთელ მსოფლიოში მრავლად არიან.
ჰარისონს უთქმელ კაცად იცნობდნენ, მაგრამ, როგორც დერეკ ტეილორი ამბობს, იგი სულაც არ იყოფილა ჩუმი და უსიტყვო; პირიქით, ბევრი ლაპარაკი უყვარდა, თავის თავზეც გაუთავებლად ლაპარაკობდა...
ჯორჯ ჰარისონის ავტობიოგრაფია ბავშვობის ხანიდან იწყება. მისი ოჯახი, არაერთი ლივერპულელი ოჯახის მსგავსად, ღარიბულად ცხოვრობდა. "ციოდა, ძალიან ციოდა, მარტო ერთ ადგილზე გვენთო ცეცხლი." ამას მოსდევს სკოლის პერიოდი, პატარა ჯორჯს სკოლა სძულდა: "ნამდვილი საზიზღრობა იყო, ბნელეთი..." მან სკოლა მიატოვა, არც არაფერი უსწავლია, მოსწავლის ნიჭიერება მასწავლებლებისთვისაც შეუმჩნეველი დარჩა. ერთ მშვენიერ დღეს სკოლის ავტობუსში მაკარტნის შეეჩეხა, მაშინ უკვე 17 წლის იყო და იმ დღიდან ჰარისონის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.
სხვათა შორის, "ბითლზის" პერიოდი წიგნში თითქმის მთლიანად გამოტოვებულია. ჯგუფის ისტორია 1969 წლის ამბებით წყდება: კვდება ბრაიან ეპშტეინი, ჯგუფი იშლება, ჯორჯი თავის პირველ ცოლთან ერთად ოქსფორდშირში ცხოვრობს, "ლამაზ, გოთური სტილის სახლში". ჰარისონი, როგორც ჩანს, შეგნებულად არ ამბობს არაფერს "ბითლზის" ტრიუმფზე. "ბითლზში" ყოფნისას ისეთივე უსიამოვნო გრძნობა მქონდა, როგორც მაშინ, სკოლაში რომ დავდიოდი. კოლექტიურად ბევრი ისეთი რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა, რაც პიროვნულად ჩემთვის მიუღებელი იყო, - წერს იგი და იქვე დასძენს: "შენი სივრცე - ეს ისეთი მნიშვნელოვანი რამაა." როგორც ამ ბიოგრაფიული თხზულებიდან ირკვევა, ჯორჯ ჰარისონი გაორებული პიროვნება იყო: ზოგჯერ შეეძლო კლოუნივითაც კი მოქცეულიყო და, მაგალითად, შემხვედრისთვის ხელის ჩამორთმევის მაგიერ ფეხი გაეშვირა, ზოგჯერ კი დიდი სევდა მოეძალებოდა ხოლმე, ამ სევდას ჯორჯ ჰარისონი ხან მედიტაციით, ხან იოგათი ახშობდა... ხან კიდევ კალამს იღებდა ხელში და თავისი ფიქრები ქაღალდზე გადმოჰქონდა...

ჰანიფ კურეიში, "სხეული"
The Body
By Hanif Kureishi
Faber, pp 266


კინომოყვარულებს კარგად ახსოვთ პატრის შეროს ფილმის, "ინტიმის" გამარჯვება ბერლინის კინოფესტივალზე, ეს ფილმი ფრანგმა რეჟისორმა ჰანიფ კურეიშის ნაწარმოებების მიხედვით გადაიღო...
მცირე ფორმის დიდოსტატის - ჰანიფ კურეიშის მოთხრობათა ახალი კრებული მკითხველს ნამდვილად გაახარებს. "სხეული", ასე ჰქვია კრებულის საკვანძო მოთხრობას, რომლის სახელიც კრებულის სათაურადაა გამოტანილი. "სხეულის" მთავარი გმირი ადამი, მოხუცი მწერალია, რომელმაც იცის, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია. იგი მემუარების ავტორიცაა, "უკვე გვიანია", ასე ჰქვია ამ წიგნს. ადამი ლონდონის ქუჩებში დახეტიალობს და სულ სიკვდილზე ფიქრობს. სწორედ ამ ხეტიალის დროს გაიგებს, რომ ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იგეგმება, ადამი მზადაა მისი ტვინი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე სხეულში გადანერგონ...
და აი, ხანდაზმული მწერლის ტვინი უკვე ახალგაზრდა, წარმოსადეგი მამაკაცის სხეულში ბინადრობს. ადამი მოგზაურობს, ქალები მასზე ჭკუას კარგავენ, დადის კლუბებში, ნარკოტიკებსაც კი ეძალება, საბოლოოდ საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულზე დასახლდება. ცხოვრობს ბოჰემურად და თითქოს არაფერი არ უნდა ანაღვლებდეს, მაგრამ უეცრად იგრძნობს, რომ ტყვეა, საკუთარი სხეულის ტყვე და ძალიან უნდა არა მარტო მოხუც ცოლთან დაბრუნება, არამედ თავის ბებერ სხეულში გადასახლებაც...
წიგნი კურეიშისთვის ჩვეული ლაკონური ენითა და სიზუტით არის დაწერილი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკიდურესად საინტერესოა. ამ კრებულში კურეიშის ცნობილ არქეტიპებსა და თემებსაც შეხვდებით: გაუცხოება, სიყვარულის დეფიციტი, უემოციო ურთიერთობები და სხვა.
ლიტერატურის კრიტიკოსები ხშირად სვამენ ხოლმე შეკითხვას, რაში მდგომარეობს კურეიშის მწერლური ხიბლი, მისი სამწერლობო ენა, მისი ლექსიკა ხომ ძალიან ღარიბია? მიუხედავად ამისა, მწერალი მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მის მოთხრობებში თანამედროვე ცხოვრების ჭეშმარიტება უტყუარად აისახება.


მარგარეტ დრებლი, "შვიდი და"
The Seven Sisters
By Margaret Drabble
307 pp, New York: Harcopurt


მარგარეტ დრებლის ნაწარმოებების ძირითადი თემა მისი თაობის პრობლემებია, იმ თაობის წარმომადგენლებისა, რომელთა ბავშვობაც ომის პერიოდს დაემთხვა (დრებლი 1939 წელს დაიბადა ინგლისში). ბრიტანელი მწერლის ადრეული რომანები – "წელიწადი ალყაში" (The Garrick Year) და "ცხოვრების გზა" (The Millstone) ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლების, მსახიობებისა და ინტელექტუალების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მათ ტკივილსა და განცდებზე მუდმივად ცვალებად ლონდონურ ცხოვრებაში. ზოგიერთ პერსონაჟში მკითხველი თავად მწერალსაც კი ამოიცნობს. დრო გადის და დრებლის გმირებსაც ასაკი ემატებათ. შუა პერიოდის რომანებში, როგორიცაა "ყინულის ხანა" (The Ice Age) და "დედამიწის შუაგული" (The Middle Ground) მკითხველი საშუალო ასაკის ადამიანებს ეცნობა, ისინი საგონებელში არიან ჩავარდნილნი, მათი პირადი პრობლემები უკვე სახელმწიფოებრივ კონტექსტშია განხილული. დრებლის გმირები გარკვეულწილად სიმბოლური ხასიათები არიან, მათი პრობლემები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. რომანებში ასახულია ბრიტანეთის მდგომარეობა XX საუკუნის II ნახევარში.
ახლა დრებლი უკვე 60 წელს არის გადაცილებული და მისი ახალი რომანის პროტაგონისტიც ასაკოვანი ქალბატონია. ეს არის კანდიდა უილტონი, რომელმაც თავისი ახალგაზრდობა სოფლის იდილიურ გარემოში გაატარა. ის მორჩილად ასრულებდა თავის როლს - ერთგული ცოლისა და თავგადაკლული დედის მოვალეობას; და ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მისი ოჯახური იდილია დაირღვეოდა, მაგრამ ქმარმა, სოფელში პატივცემულმა პიროვნებამ, სკოლის დირექტორმა, მოულოდნელად მიატოვა ცოლი... კანდიდამ იგრძნო, რომ მარტო მეუღლესთან კი არა, სამივე ქალიშვილთანაც გაუცხოებულია და ახალი ცხოვრების განმარტოებული ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ყველა გაოცდა, როცა მან სოფელი მიატოვა და ლონდონის ერთ ძველ გარეუბანში დამკვიდრდა.
ბევრი ჩვენგანის მსგავსად, კანდიდამ ცხოვრების დიდი ნაწილი ისე განვლო, რომ არაფერი გაუაზრებია. მან მხოლოდ განმარტოების ჟამს დაიწყო სამყაროს შეცნობა, მიხვდა, რომ დიდად არასოდეს ყვარებია თავისი სიმპათიური ქმარი და თითქმის არაფერი ჰქონია საერთო თავის შვილებთან. იგი ნანობს, რომ ასე უმიზნოდ ცხოვრობდა. მას ცოდვა არ ჩაუდენია, რადგან ამ ცოდვის ჩადენის შანსი არასოდეს ჰქონია, და მაინც ისეა დამძიმებული, თითქოს დიდი დანაშაული ჩაედინოს...
კანდიდა იმედს მაინც არ ჰკარგავს: "მე ვფიქრობ, რომ იმედი სადღაც ჩემს გვერდითაა", და დადის კანდიდა მაღაზიებში, საგანმანათლებლო კლუბში, სადაც საჯაროდ კითხულობენ კლასიკოსთა ნაწარმოებებს; ვერგილიუსის "ენეიდათი" აღფრთოვანებული კანდიდა ენეასის ნაკვალევზე წასვლას გადაწყვეტს. ის ენეასივით ეძებს თავის ბედს...
თანამედროვე პილიგრიმებიკანდიდა და მისი .. თანამოაზრეები ტუნისს მიემგზავრებიან... ასე იწყება შვიდი დის თავგადასავალი. კანდიდა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, სადღაც გაქრა მისი ირონიული განწყობა, დამარცხების მწარე განცდა სიცოცხლისადმი ლტოლვას უთმობს ადგილს. მაგრამ მწერალმა თავის გმირს ცოტა განსხვავებული მიზანი დაუსახა. მიზანი კანდიდას გამოფხიზლება ან გათავისუფლება არაა, კანდიდა ვერ გაექცევა თავის ცხოვრებასა და მოვალეობებს მეგობრებისა და ოჯახის წინაშე, უბრალოდ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ცხოვრება შეუძლებელია და კანდიდამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს...

ჯოის კეროლ ოუტსი, "იქ წაგიყვან"
I'll Take You There
By Joice Carol Oates
290 pp, New York: Ecco/HarperCollins Publishers


შემოქმედებითი ნაყოფიერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯოის კეროლ ოუტსს თითქმის ვერავინ შეედრება. 1964 წლიდან მოყოლებული მან 85 წიგნი დაწერა, ფაქტობრივად, ყველა ჟანრში სცადა ბედი და კრიტიკის ძლიერი ქარცეცხლიც გამოიარა.
"
იქ წაგიყვან" ოუტსის 38- რომანია. აქ გაგრძელებას პოულობს ქალის აკვიატებული იდეისა და თვითუარყოფის თემა, რაც საინტერესოდ აისახა მის წინა რომანში "ქერა" (Blonde).
ნაწარმოების სათაური, რაღა თქმა უნდა, 70-იანი წლების მშვენიერი სიმღერის ასოციაციებს იწვევს. მწერალი გვიამბობს ექსცენტრული, დეპრესიული სტუდენტი გოგონას - ანელიას ამბავს. ანელია მთავარი გმირის მეტსახელია, მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის.
რომანი პირველ პირშია დაწერილი, უსახელო ანელია გულახდილია მკითხველის წინაშე. მას აღარ სურს ქალად ყოფნა, აღარ სურს სიცოცხლე, იმიტომ რომ ვერ პოულობს საკუთარ "მეს" და იტანჯება. "ის ადამიანი, რომელიც მე ვიყავი რამდენიმე წლის წინათ, ახლა უცხო გახდა ჩემთვის" – ამბობს სასოწარკვეთილი პერსონაჟი, რომელსაც კრიტიკოსებმა "მის X" უწოდეს, მის სინდრომს კი "მის X-ის ფაქტორი".
"
იქ წაგიყვან" მხატვრული პროზაა ონტოლოგიური სარჩულით. "რატომ არის, რომ არსებობს რაღაც და ამ დროს არაფერი არ არსებობს?" – პარმენიდეს ციტირებას ახდენს მთავარი გმირი და ისწრაფვის, რომ არაფერი რაღაცით შეცვალოსხან ქალთა კლუბის წევრებს მიეკედლება, ხან შეიყვარებს... მაგრამ არაფრის რაღაცით შეცვლა მის ცხოვრებაში მაინც არაფერს ცვლის.
და მთავარ გმირს უკვე ეჭვი ეპარება, იქნებ მას არც კი აქვს ამ ქვეყანაზე ცხოვრების უფლება: დედა არც კი ახსოვს, ძმებს მისი გაჩენა არ უნდოდათ, მამას არასოდეს მიუმართავს სახელით, და ნამდვილი სახელით არც სხვები მოიხსენიებენ...
ანელიას ვერც ფილოსოფია იხსნის რეალობისგან, "მე არავინ მყავს, არც მშობლები, არც და-ძმა, არც ღმერთი. არ მაქვს სახლი, გონების გარდა, ჩემი სახლი ჩემი ფიქრებია," – ეუბნება მას შეყვარებული და გოგონა ფიქრობს, რომ რაღაცას მიაგნო, მაგრამ რომანში განვითარებული სიყვარულის ისტორია ორივეს დაუმტკიცებს, რომ ეს ფიქრი სიგიჟეს ჰგავს; რეალობა სხვაგვარია...
მკითხველი კარგად ვერც კი იგებს, ვინ არის ეს უსახელო არსება და, ამავე დროს, მთელი თავისი არსით ეფლობა მის ცხოვრებასა და განცდებში. ეს მწერლის უდიდესი მიღწევაა.


გარი `კონორი, "ალეკ გინესიუცნობი"
Alec Guinness
The Unknown
A life
By Garry O'Connor
449 pp, Sidgwick and Jackson


"
გინესი ანონიმურობის პოეტი იყო. ის ტერასაზე იჯდა ხოლმე ორ-სამ მეგობართან ერთად, სვამდა და უსმენდა სიჩუმეს. ეს იყო მისი სამოთხე..." (პიტერ უსტინოვი).
"
ერთხელ გინესს საგრიმიოროში ვესტუმრე, შეილოკს თამაშობდა "ვენეციელ ვაჭარში", სცენაზე გასვლის წინ გრიმს იკეთებდამისი გრიმი მხოლოდ რამდენიმე შტრიხისგან შედგებოდა, და პრინციპში მეტი არც სჭირდებოდა, ის ხომ გარდასახვის დიდოსტატი იყო," ასე იგონებს მსოფლიოში ცნობილ, უკვე ლეგენდად ქცეულ ბრიტანელ მსახიობს გარი `კონორი, ავტორი თეატრის მოღვაწეთა საუკეთესო ბიოგრაფიებისა. `კონორის თხზულება "ალეკ გინესი - უცნობი" განსაკუთრებით საინტერესოა მკითხველისათვის, რადგანაც ავტორი პირადად იცნობდა მსახიობს და ბევრი საინტერესო მოგონება აკავშირებდა მასთან. ამ მოგონებების საფუძველზე და მწერლის ნიჭის წყალობით კიდევ ერთი მშვენიერი ბიოგრაფიული რომანი შეიქმნა.
მწერალი რომანის სათაურშივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალეკ გინესი იდუმალებით მოცული პიროვნება იყო, და მაინც ცდილობს მისი პიროვნების საიდუმლოების ამოხსნას.
ყველა, ვისაც დიდი მსახიობი ფილმში ან სცენაზე უნახავს, მოხიბლულა მისი გარდასახვის უნარით, უჩვეულო სიღრმითა და შინაგანი ძალით. ავტორი ერთ სცენას იხსენებს ალან ბენეტის "ძველი სოფლიდან" (The Old Country): "გინესი ერთი წუთით მარტო რჩება სცენაზე, ხსნის კარადას, იქიდან თოფს იღებს, დახედავს, ისევ კარადაში ინახავს და ტოვებს სცენას. გამაოგნებელია მაყურებლის რეაქცია. დარბაზი დაძაბულია, სუნთქვაც კი აღარ ისმის. ისმის მხოლოდ გულისცემა. და როცა გინესი თოფს შეინახავს, ყველა შვებით ამოისუნთქავს..."
"
ერთხელ ერთად ვისადილეთ, საუბრობდა საოცრად გაწონასწორებულად, თავის ცხოვრებაზე. დიდი სიყვარულით იხსენებდა ლორენს ოლივიეს, გარდაცვლილ დედას... გამორჩეულად უყვარდა პოეზია და მხატვრობა. ისე კარგად და ლაღად ყვებოდა მსახიობებზე, მოსმენად ნამდვილად ღირდა. დიდ პატივს სცემდა ჩარლზ ლოუტონს. ჭორაობაც უყვარდა, ისე, მსუბუქად..."
რომანი განსაკუთრებული გულწრფელობით არის დაწერილი და საკმაოდ სცილდება თეატრალური ბიოგრაფიების ჩარჩოებს. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს წიგნი `კონორის ბიოგრაფიულ თხზულებებს შორის საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.


ჯონ შუედი, "მერე რა (მაილს დევისის ცხოვრება)"
So What
The Life of Miles Davis
By John Szwed
Simon and Schuster, 488 pp.

"
რომანტიკული მაილსი" – ასე მოიხსენიებდნენ ლეგენდად ქცეულ ჯაზმენს, მაილს დევისს მისი ფანები. ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მოტრფიალენი ერთხმად აღიარებენ დევისის Kind of Blue- ღირსებებს, ალბომისა, რომელიც აგერ უკვე 40 წელია შოუბიზნესის უშრეტ წყაროს წარმოადგენს.
ახალი რომანი, როგორც მისი ავტორი ამბობს, მოგვითხრობს იმ ადამიანის ცხოვრებაზე, ვინც გაიგო "ჯაზის ჭირვეულობა".
მაილს დევისის პორტრეტის დახატვასთან ერთად წიგნში დიდძალი საინტერესო ინფორმაციაა დაგროვილი მუსიკალური ბიზნესის შესახებ. მწერალი იმ ადამიანების ახირებებსა და ამბიციებზეც მოგვითხრობს, რომლებიც მასთან ერთად უკრავდნენიქნება ეს ჩარლი პარკერი, ჯონ კოლტრეინი, ჯო ზავინული თუ მარკუს მილერი.
მთელი ეს ინფორმაცია ისე გონივრულად არის გაბნეული ნაწარმოებში, რომ მკითხველს ერთი წამითაც არ ეძლევა მოდუნების საშუალება. ახალი რომანიეს არის ჯაზის კომპლექსური დინამიკის სრული სურათი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მწერალი პირველ რიგში გვერდს უვლის კლასიკურ მუსიკალურ სამყაროში გაბატონებულ მცდარ მოსაზრებებს. აი, ერთი მაგალითი: "მიუხედავად იმისა, რომ დევისს "ნოვატორად" მიიჩნევენ და აფასებენ მის ღვაწლს, მას მაინც აფრო-ამერიკული ჯაზის ფიგურებთან ერთად მოიხსენიებნ ხოლმე და არაფერს ამბობენ მის სიახლოვეზე "სერიოზულ", ანუ კლასიკურ ჯაზთან. არადა, ბეცი უნდა იყო, ეს რომ არ დაინახო," - წერს ჯონ შუედი, რომელიც ასევე არ იზიარებს ჯაზური მუსიკის რასობრივ ჭრილში განხილვის ტენდენციას.
"
კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება კომერციას შეეხება, - ვკითხულობთ თხზულებაში, - ბევრისთვის ჯაზშიც და კლასიკურ მუსიკაშიც საზღვარი ხელოვნებასა და კომერციულობას შორის იგივეა, რაც საზღვარი კარგსა და ცუდს შორის, მაგრამ კომერციული ფაქტორის არსებობა-არარსებობა (დევისის შემთხვევაში ის ყოველთვის არსებობდა), მუსიკალურ ხარისხს არ განსაზღვრავს. ამის დასტური დევისის ყველაზე ცნობილი ალბომი Kind of Blue- (1959) - რადიკალური ინოვაცია ჯაზურ ჰარმონიაში და, ამავდროულად, ბესტსელერი ჯაზის ალბომებს შორის."
დევისი მუსიკით სულდგმულობდა, ამიტომაც უყვარდათ იგი ფანებს გამორჩევით. ისინი გრძნობდნენ ამ სიყვარულს, - წერს ავტორი და იმ კითხვასაც სვამს, რომელიც არაერთხელ დასმულა ჯაზის მოყვარულთა მიერ: რაში მდგომარეობდა მაილს დევისის ფენომენი, მას ხომ პარკერის მსგავსად არც ახალი ჰარმონიული ენა გამოუგონია, და არც დიუკ ელინგტონის რანგის კომპოზიტორი ყოფილა? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: "მაილს დევისი უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ახალი ხედვითა და შინაგან სამყაროში წვდომის უნარით. მისი საყვირის ხმა XX საუკუნის მუსიკაში ჯადოსნურ ჰანგად გადმოიღვარა.

მოამზადა თამარ სუხიშვილმა

© “წიგნები – 24 საათი